понедельник, 26 сентября 2011 г.

აჰა, ინებეთ

ანზორ აბჟანდაძე



გამომცემლობა “მთაწმინდა”
2011


რედაქტორ-შემდგენელი ზურაბ კალანდაძე


შემდგენლისაგან

ანზორ აბჟანდაძე (1941) შემოქმედთა იმ უკომპრომისო ნაწილს ეკუთვნის, რომელსაც არასოდეს უცდია იაფფასიანი კონფორმისტული ნაწარმოებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 1980-იანი წლებიდან იგი პროფესიონალურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა, როგორც პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი. მასვე ეკუთვნის თანამედროვე საზოგადოების სატკივარით განპირობებული პუბლიცისტური წერილები.
წინამდებარე კრებული ანზორ აბჟანდაძის პოეტური ნაწარმოებების მესამე კრებულია. იგი დაყოფილია თემატურ რკალებად; თითოეული რკალი კი შედგენილია ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით. კრებულის ასეთი შედგენილობა საშუალებას მისცემს მკითხველს, ადვილად აღიქვას ნაწარმოებთა თემატიკის განვითარება, დროსთან თანაფარდობაში მიმდინარე ცვლილებანი.
ანზორ აბჟანდაძის ლირიკა რაინდულ გაგებაზე და ქრისტიანულ მორალზეა დაფუძნებული. მისი პოეტური ნაწარმოებების კითხვისას, რომელთა თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია (პატრიოტიზმი, ეპოქალური წუხილები, ცხოვრებისეული ტკივილების განზოგადება და ა. შ.), ნელ-ნელა იკვეთება მისი, როგორც პოეტისა და მოქალაქის პორტრეტი:
დაფიქრებული, ალალი, მეგობრის გარდაცვალების გამო გაშვებული წვერით, ოცნებებში სამშობლოს ბედნიერების მხილველი, გაუტეხელი ქართველი კაცი.


ჩემი
ოცდამეერთე




არ ვემდურები ბედს

ამქვეყნად მოსვლა მომეზღო, -
რას ვისურვებდი მეტს?..
ხომ იყო რაღაც!.. ხომ იყო!.. -
არ ვემდურები ბედს.

რაც იქნება და რაც იყო,
ყოვლის მხილველი წყვეტს...
ჰო, ზოგჯერ ზეცაც გამეღო! -
არ ვემდურები ბედს.

გმადლობთ!.. სხვა, აბა, ვთქვა რაღა? -
მაღლით უფალი გვჭვრეტს...
ცოოოტა ხო-მაინც მალაღა, -
არ ვემდურები ბედს.

2002





მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს

ეჰ, სამოცს გადავაბიჯეთ, უფრო მეტისაც ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.
მუხლები მოგვიფამფალდა, გვზაფრავს სიბერის ჭირი,
ხან ფიქრებში ვართ ჩანთქმული, ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.
ზოგს გული გვტკივა, ზოგს - სული, ზოგს გვიკანკალებს ხელი,
ღვინოს ვეღარ ვსვამთ, ჭიქაში ჩაი გვისხია ცხელი.
გავთეთრდით, დაგვინაოჭდა ლოყები, ერთ დროს თლილი,
ზოგს თმა გაგვცვივდა მთლიანად, ზოგს - თითქმის ყველა კბილი,
თვალს მხედველობა დაგვაკლდა, გულს - სიყვარულის ალი,
მშვიდად ვუცქერით, რაზედაც გვებრიცებოდა თვალი,
სურვილიც უკვე ხშირად გვაქვს ლოგინში მარტო წოლის,
ზოგს არ გვყავს, ზოგს - რამდენიმე, ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.

დღეს ასე ვცხოვრობთ... არ ვიცით, ხვალ რას გვიმზადებს ბედი...
მეც თქვენი ჭირი მაწუხებს და ბარეორჯერ მეტი.
ჩამოვრჩი ყველა ქარავანს ყველა გზასა და შარას,
დღეს რა მაქვს, მაგრამ იმასაც ხვალე მტაცებს და მპარავს.
ხვალ - დავიძინებ მარადის, დღეს - ძლივძლივობით მძინავს,
დღეს უფანჯრო მაქვს, ხვალ მელის უკარ-უფანჯრო ბინა.
დღეს რომ ღია მაქვს ყოველთვის, ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,
ჰოდა, ხვალ ნუღარ გადასდებთ, დღესვე მესტუმრეთ ბარემ.
თუ პურმარილსაც მოიტანთ, მაგრა დაგიწყებთ ქებას,
ღვინოს, მწვადს, გოჭს და წიწილას... პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…
...მაშ, მოდით, თორემ დრო გარბის, სამოცზე მეტის ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.

2003



მიყვარს მერცხლები

მიყვარს მერცხლები, შავფრთიანები და თეთრგულები,
კუდმაკრატელები და ჭკვიანები,
დედალ-მამლები, სულ ერთმანეთის ერთგულები,
არა მოღალატეები და ეჭვიანები.

არა მსიძავნი, მემრუშენი და გზაარეულნი,
მხოლოდ საკუთარ მეწყვილეთა მოყვარენი,
ნამდვილ თავისუფლებას, ნამდვილ ბედნიერებას ზიარებულნი,
ნამდვილი გაზაფხულების აუცილებლად მომყვანები.

2003



*

“რატომ არ თენდება, რა ვიცი.”
ტანჯული ადამიანის, ი. ჯ.-ს
ამოძახილი ძილის დროს.

სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - ხანგრძლივი წამია,
სიცოცხლე - უძალო შხამია,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - სულეთის ჩქამია,
სიცოცხლე - იმედთა ხრამია,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

2003



შოთა რუსთველი

იგი ერთ დროს მინისტრი იყო,
მეჭურჭლეთუხუცესი,
წარმატებული ფრიად,
მორჩილებდნენ განძთა მცველნი,
ხარკთა ამკრებნი.

სპასპეტი იყო სადროშოსი,
მორჩილებდნენ სპანი მამაცნი.

პატრონი იყო რუსთავისა,
სხვათა და სხვათა,
მორჩილებდნენ ყმანი ურიცხვნი.

ეჰა იხილეთ:
მიწა და ნაცარ ქმნილ არს ყოველი.

ამაოდ დაშვრა, საწუხ არს ესე.

2008



დაგმანული კარიბჭე

არა,
პოეტს არა აქვს ფრთები, -

ვერ გადაუფრენს სიტყვების შამბნარს
მშვენიერების იდუმალი საუფლოსაკენ...

და გზას იკაფავს...
და ეკაწრება სული და ხორცი.

მაგრამ მაინც ბედნიერია...

თუმცა გზის ბოლოს
დაგმანული ხვდება კარიბჭე.

2009


ხუთი ლექსის ბალადა

ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი
ჩემს გულშემატკივრებს

მისაყვედურეს: “ბოლო ხანს ლექსებს არ სწერო რატომ?..
იქნებ გაგიცვდა კალამი, ან დაგიჟანგდა მთლად?..”
“რა გითხრათ-მეთქი? - ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,
თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, - არად ვარგივარ სხვად...”

დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! - ყურს ცუდად ხვდება “ხუთი”...
ოთხია წმინდა, ღვთიური... ოთხი გამიხსნის ცას!..
აჯობებს, ოთხჯერ დამედოს რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,
ოთხჯერ გავაღო გული და ოთხჯერ შემოვკრა ზარს...

მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - რა ვი, - ბევრია, მგონი...
ვინ უწყის ნება განგების?.. უწყალოდ მიჰქრის დროც!..
სწრაფია ბედის მდინარე... ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...
გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, ბევრიც გამქირდონ რომც.

სამს?.. არა, ორი სჯობია!.. კი, - ორი მინდა სწორედ!
ორი - სიცოცხლის წყაროა, ერთი ბუდე აქვს ორს...
სინათლეც ორთავ თვალისა გაედევნება შორეთს
და მაინც სადღაც იპოვის თავის მეორეს - სწორს...

ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... სახე ყოვლისა ტანის...
უცნაური და უთქმელი... სასოება და ხსნა...
ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა დათრგუნვად მე სატანის,
თუკი, უბრალოდ, კარგია, და... არაფერი სხვა...

მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, რა გასაქანი მივცე?..
ირგვლივ სუსხია... ზამთარი უკვე მომადგა კარს...
ხომ არ სჯობს, დავწვა, რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,
თუ - ამ გაძარცულ ტოტებში გავასაუბრო ქარს?

2009





*
“რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ”, -
გვასწავლის ბრძენი შოთა.
მაგრამ არ ვუსმენთ მე და შენ,
ვეურჩებით და ვშფოთავთ.

რაცა გვწადია, მას ვშვრებით,
წადილთ მიყოლა გვიყვარს.
მიტომაც არ გვაქვს საშველი,
და ვგმობთ ბედსა და იღბალს...

ჰო, არასოდეს დადიან
რუსთველის ამა თქმულზე...

იქ წასვლა არა მწადიან,
მაგრამ ამ ერთხელ... ვუსმენ...

2010


*
გიფიქრიათ, -
ნეტავ, შოთა, რას დასწერდა დღეს?
გრძლად იტყოდა,
თუ სულ მოკლედ მოსჭრიდა სათქმელს?!

მაგრამ უწყის მან - განგებამ,
წინასწარ უწყის, -
ოქროს კალამს, ღვთიურ გზნებას
ვის როდის უძღვნის,

ვისი პირით იტყვის სათქმელს...
ჰო, ასეა ეს...
მაგრამ მაინც...
ნეტავ, შოთა რას დასწერდა დღეს?

2010




წვეთი

მგონია ასე:
ერთი წვეთი დავაკელ იმ თასს,
რომელსაც მხოლოდ მაშინ აქვს აზრი,
როცაა სავსე.

მაგრამ ეს ფიქრი მამშვიდებს თითქო:
ის წვეთი იქნებ შხამისა იყო?

2010


ჩემი ოთახი

ვახტანგ ბახტაძემ ჩემს ოთახში
ყოფნისას აქეთ-იქით მიმოიხედა და თქვა:
“ასე მგონია, ვაგონში ვარ!”
გარეთ მატარებლის რახრახიც ისმოდა.

ასე მგონია, ვაგონში ვარ,
რომელიც დიდ მატარებელს გამოექცა,
იარა, უგზო-უკვლოდ იარა,
და ჩემს პატარა ბინად გადაიქცა.

ასე მგონია, ვაგონში ვარ,
რომელსაც უნდა -
კვლავ ახალი სივრცე მოსძებნოს,
მაგრამ ბორბლები დაუჟანგდა
და ახლა ფრთებზე ოცნებობს.

2010




რაღაც სხვა

გული გამძლეა, ის არაა სუსტი, სნეული, -
არც “ამღვრეული”, არც “დამწვარი”, არც “დამსხვრეული”.

სულ ცარიელი სიტყვებია - მერე რამდენი -
“გულგატეხილი”, “გულმოკლული” თუ “გულნატკენი”.

ჰო, უცნაური ეს ცხოვრება ტანჯვის ზღვა არი.
გული გამძლეა. რაც ვერ უძლებს, რაღაც სხვა არი.

2010








ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს

რა ქვა ვიხალოთ? რა ვიღონოთ
წავიდეთ სადა? -
სამშობლოსათვის
კათოლიკედ თავი სცნო საბამ...

რა ხელი ჰქონდა ინგილო ქალს
ერეკლეს ქუდთან? -
არც მეფე იყო ბედნიერი,
არც მეფეს სურდა...

ყაენის კარზე
რას უქადდა, იცოდა, მისვლა, -
მეფე დიმიტრიმ თავი დადო,
ქვეყანა იხსნა...

და ასე შემდეგ..
და სხვა... და სხვა...
და ასე მუდამ...
მეტს აღარაფერს გაგახსენებთ. -
დავდუმდე უნდა...

2010



ქება ოპოზიციას

ეს ქვეყანა დალაგდება? –
ეჭვი შემომეჩვია.
არც როდის რომ მართლდებოდა,
ის იმედი მერჩია.

2010



*
მწუხარებაც ლამაზია
და უთქმელი ურვაც,
იმ იარას რა ფასი აქვს,
დრო რომელსაც ჰკურნავს?..

ეს რა ფიქრი დამესია!..
შემძრა ელდამ შიშის...
შევჩერდე - უკეთესია,
შორს ნუ წავალ... ფიქრში...

2010



რა უზალთუნი გაახსენებს?

უკანასკნელი გროში აკრიფა.
ქუდი დაფერთხა.
ადგა.
ლამაზი წყვილი შენიშნა.
მათკენ წავიდა მოწყალებისთვის.

ერთხელ... ოდესღაც...
ისიც... ასევე...

მაგრამ იმ წუთებს
რა უზალთუნი გაახსენებს?

2010



*
როგორ ვარ და - აბა, რა ვი...
გავსცქერ ჩემს გზას... წყნარად ვღელავ:
ვერც-სად ვპოვე მყუდრო ვანი,
ვერც გავიჭერ ველად, ხელად.

როგორ ვარ და - ბოლავს ნისლი,
სულში ქარაშოტი გმინავს,
დუღს საწუთროს ცივი სისხლი
და ცას უგულობა ჰყინავს.

როგორ ვარ და - ავმა ჟამმა
სული კაწრა, გული ბზარა!
ჭირმა - თავი, ლხინმა - ბოლო,
ჰფარა, მაგრამ ვერ დაჰფარა.

ვერა, ვერ ვატარე ნავი,
ვერც გიჟურად, ვერცა ფრთხილად...

მაშ, როგორ ვარ? - აბა, რა ვი...
აჰა, ფარდაც...
მორჩა.
მივალ.

2010



აღმოსავლური ელეგია

ეს არაკიც ჩინს ქვაზედა, ალბათ, სწერია:
რაც რაიმე საამოა,
წუთიერია.

თუცა გული სიკეთეთა ყოვლთა მნდომია,
რაც რაიმე ძვირფასია,
მიუწვდომია.

გაცამტვერდეს, დასამარდეს, დაჭკნეს - ბრალია,
რაც რაიმე ლამაზია,
წარმავალია.

ჰო, საწუთრო სულ ბოროტთა, ავთა მქმნელია,
განშორება, და-ცა-თმობა
მაინც ძნელია.

2010



*
რაც რაიმე გვიშრომია,
მიწად, ნაცრად ქმნილ არს...
სულ მწარეა, სულ შხამია
საღამოც და დილაც.

რაც რაიმე გვინატრია,
დარჩა ნატვრად მხოლოდ...
გვირაბის წინ სინათლეა,
სიბნელეა ბოლოს.

სულ ფუჭია, სულ ფარსია,
სულ ჭირი და ქატო...
მაგრამ მაინც... ლამაზია...
მაგრამ მაინც... გმადლობთ...

2010



*
შეუცნობელი, იდუმალი საწუთრო ბრუნავს,
ღმერთი აშენებს, დაანგრია სატანამ რაიც...
ჰო, ბოროტებას სიკეთე სძლევს, სიკეთე თრგუნავს,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც.

ღვინო ღვინოა, რამდენი რამ უმისოდ გვათრობს,
რა შეედრება იმ განწყობებს, იმ ღვთიურ ხალისს...
ჰო, სიხარული ჩვენთანაა, ჩვენს გულებს ათბობს,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც.

ღამდება, ვატყობ, და თანდათან ჩამოდის ბინდი,
და სინანულით ვეგებები გარდუვალ დაისს...
ჰო, სიცოცხლეო, კარგი იყავ, და ვამბობ - ღირდი,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც...

2010


ჩემი ოცდამეერთე

ჩემი ოცდამეერთე: წინ - უცნობი შორეთი,
ჩემი წილი, ახალი გრძელი ათასწლეულის,
ბოლო, უკანასკნელი ამოსუნთქვა პოეტის, -
სასტიკ მეოცისაგან ძლივ-ძლივ თავდაღწეულის.

ჩემი ოცდამეერთე: შემოდგომის ფერებით
მოჩითული ცხოვრების ბოლო აღმართ-დაღმართი...…
დაგმანული კარიბჭე იდუმალი მშვენების,
და ბოლო გაჩერება დაქანცული საათის.

ჰო, ეს ჩემი ხვედრია, - ჩემი ოცდამეერთე,
ათი წელი - ახალი გრძელი ათასწლეულის,
ჰო, ეს ჩემი ბედია ერთი ჩუმი პოეტის,
უდაბნოში ამაო მღაღადებლად ქცეულის.

2010

მოგონებანი

სულ გვდევენ მოგონებანი, -
ხან შფოთვენ, ხან წყნარდებიან,
ხან გვეჯარვიან ღრუბლებად,
ხან მზეებრ გაბრწყინდებიან,

ხან გვქენჯნენ, ხან გვამშვიდებენ,
ხან ყელში ბურთად ხვდებიან,
ხან ასოვლებენ წამწამებს,
ხან დოქის ტუჩზე სხდებიან.

2011


ანა კალანდაძე

მახსოვს, როდესაც პირველად
მე წავიკითხე ანა,
რა შუქმა შემომანათა,
რა უნაზესმა ცამა!

რა კდემა იყო, რა კრძალვა,
რა სინატიფე ზენა!
რა სათნოების ზღვა იყო,
რა ვარსკვლავების ცვენა!

რა ბროლი იყო, რა ლალი,
რა ბადახში და მინა!..
დღესაც თვალებს მჭრის,
იმ წიგნმა
ისეთი შუქი მფინა.

2011


რასაც გული კარნახობდათ

”ჩვენი თაობის” მწერლების
ფოტოზე მინაწერი

ვუცქერთ ფოტოს; რა ძვირფასი სახეები გვიცქერიან!
ჭაბუკებად დარჩენილებს დღემდის სევდით ვიგონებთ, -
ცის მკვიდრთ - ლადო ასათიანს, მირზასა თუ საჯაიას...
მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს.

ტრიალებდა დრო სატანის, ლამის ძმა ძმას ღალატობდა...
ისინი კი პოეზიის წმინდა ალით იწვოდნენ.
წერდნენ, რასაც ჭაბუკური ცხელი გული კარნახობდათ,
მამულისთვის ჭეშმარიტი პოეზიით იღვწოდნენ.

მოკვდნენ... თითქოს არც წასულან, თითქოს ისევ აქ ლაღობენ,
თითქოს ალალ პურმარილზე ძველებურად ლხინობენ...
რა წუხილი დააბერებს, რა სიბერე გაახუნებს
მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს?

2011


ცხოვრება დები იშხნელებისა

სცენაზე ანგელოსები,
თუ გოგონები იდგნენ? -
ცრემლი სდიოდა აკაკის,
ისე კარგები იყვნენ!
მის ლამაზ ლექსებს მღეროდნენ,
ბულბულებივით ხმობდნენ,
მღეროდნენ, მაგრამ მორცხვობდნენ, -
მგოსნის წინაშე კრთოდნენ...

მერე, როდესაც სასტიკი
ქარტეხილები ჰქუხდნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ,
თუმც ჰგლოვობდნენ და სწუხდნენ.
მერე, როდესაც ავსულნი
ქვეყანას სისხლში ჰბანდნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ, -
სევდიან ფრესკებს ჰგვანდნენ.

წყვდიადში ნათელ-სხიობდნენ
და სანთლებივით ენთნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ, -
წყლულებს მალამოდ ედვნენ.
მოდიოდნენ და მღეროდნენ,
და... ამაყები იყვნენ!…
მერე გარდავლეს სოფელი
და - სანთლებივით მიქრნენ.

2011



ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება

ზურაბზე წვერი მოვუშვი... მერე - დავტოვე ასე.
მითხრეს: არ შეიძლებაო, - შეწუხდებაო იქ!
ვთქვი: ჩემი წვერის მოშვება იქ იმოქმედებს რაზე? -
დაეჭვებული მივყევი სინანულსა და ფიქრს.

ეჰ, ნეტავ წვერის მოშვება მართლა შველოდეს რამეს!
რა შეუძლია სინანულს? რა შეუძლია წვერს? -
იგი წავიდა. აქ დარჩა აღუსრულები საქმე...
იგი წავიდა... კაცის ბედს ბედის მწერალი წერს...

2011



მამიდა

არა, მძიმე ბავშვობის გახსენებაც არ მინდა,
მაგრამ... რადგან თვით უკუნს სულ პატარა სხივიც შლის,
მე ვიგონებ ჩემს გამზრდელს, ჩემს საყვარელ მამიდას.
(რობაქიძის - გრიგოლის მკვიდრ მამიდაშვილისშვილს).

წლები იყო სასტიკი, ცხოვრება - უმძიმესი,
მაგრამ მაინც - მამიდას მზრუნველობით გამთბარი:
ჭადი გაფიცხებული, დაწობილი მარილზე,
და ძილის წინ - ლამაზი “ტოტ-იაშოს” ზღაპარი...

არ უვლია სკოლაში, - პირობები არ ჰქონდა, -
წერა-კითხვას ძლივს ფლობდა, კეთილი და ალალი,
ბავშვებს გვეფერებოდა... ნაღვლიანად ამბობდა:
“ჩემისთანა საწყალი ხეში მატლი არ არი...”

ჩუმი სევდით სტანჯავდა უიღბლობაც თავისი, -
ავ ხალხს გამოჰქცეოდა - ქმარს და აშარ დედამთილს...
და ცხოვრობდა ისევ აქ, მამისეულ კერაზე,
და გვივლიდა ძმისშვილებს დილით-დაღამებამდის.

მერე ხელი სხვამ თხოვა, (უკვე - კარგმა ბიძიამ!), -
ქვრივი იყო, სამოცის, შვილიშვილთა პატრონი...
წაიყვანა მამიდა და მიჰგვარა მისიანთ,
მერე ცალკე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ მარტონი.

ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, სტუმრები უხაროდათ,
მეც ვსტუმრობდი, ვლხინობდით მე და მისი ქმარიკო...
ჩემი კარგი მამიდა იქ სუყველას უყვარდა, -
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.

ჰკრეფდნენ ყურძენს, უვლიდნენ ძროხებს, წიწილ-ვარიებს...
კარგი იყო მამიდა - დედის, ბებოს ნაცვალიც...
რაც კი ჰქონდათ, გასცემდნენ, მოჰმადლოდათ ორივეს
სიკეთის ქმნა - ამქვეყნად ულეველი საგძალი.

ასე განვლეს ცხოვრების ოცდაათი მათ წელი...
მერე ქმარმა დასტოვა, - სული ზეცამ წარიღო...
მერე წაჰყვა მამიდაც, სიყვარულით მოცული...
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.

2011


ხუმრობისებური

დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო, -
სამოცდაათს მივადექი,
ეხლა რაღა ვქნაო?

შენ რას მეტყვი, მეგობარო,
ძმობილო თუ ძმაო?
შენ, მიხვეულ-მოხვეულო,
სად მიგყავარ, გზაო?

შენ სად მიხმობ, სად მეძახი,
იდუმალო ხმაო?
შენ რას დაჰფლავ, რას დაჰფარავ,
მძიმე, ცივო ქვაო?..

დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო,
სამოცდაათს მივადექი, -
ახლო არის ხ ს ნ ა ო...

2011





ქართველ ემიგრანტებს

ჰო, თქვენ მანდ ხართ,
მანდ ცხოვრობთ, -
აწყობილ სამყაროში,
მანდ ქალაქიც კარგია და სოფლის იდილიაც...
აქ - ყველაფერს ჰყიდიან! იყიდება ნამუსიც...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

მანდ წყნარია ხმაურიც, მანდ ხიბლი აქვს ქაოსსაც...
აქ - ჩონგურის სიმებიც უღმერთოდ აშლილია...
აქ - აღარ კითხულობენ ღვთიურ “ვეფხისტყაოსანს”...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

ალბათ ხშირად დამტკბარხართ წარმატებით, დიდებით...
ალბათ ასეც მომხდარა, - უგზო-უკვლოდ გივლიათ...
ალბათ ზოგჯერ ფანჯრის წინ უნებურად რინდდებით...
ჰო... მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია.

2011



ს ი მ ბ ა

სიმბა - ჩვენი საყვარელი, დახატული სერბერნარი,
მშვენიერი დრუნჩ-პირით და ღონიერი თათებით,
ძაღლი კია, მაგრამ მაინც არის რაღაც-სხვანაირი,
სხვანაირად საზრიანი, სხვანაირად გამგები.

სიმბა ადრე თავის პირველ პატრონს მიუტოვებია...
რა ძნელია ეს ღალატი ძაღლისთვის (გინდ კაცისთვის)!
სიმბას ისე ნაღვლიანი, მრავლისმთქმელი თვალები აქვს,
რომ მიცქერის, თითქოს რაღაც დანაშაულს განვიცდი.

სიმბა დინჯი, ფიქრიანი, გულწრფელი და ერთგულია,
(კაცს ვინა ჰყავს ძაღლისთანა მეგობარი მარადი?)
თან საბრალოდ ჭკვიანია, თან უჭკუოდ კეთილია, -
თითქოს ადამიანია, უიმედოდ ნანატრი.

2011


*
ძუნწად - სიკეთის მთოველი,
უხვად - ჭირის და სახადის, -
განვლიე წუთისოფელი,
გარდამხდა გარდასახადი.

მესიზმრებიან წასულნი, -
იწყება დიდი აღმართი:
მიდის - ლამაზი და ცრუი,
მოდის - ნაღდი და მარადი.

2002







ტკივილების
ყვავილები



ჯერ შორია

შემოდგომის ფოთოლს
ვემგვანები ოდეს
და ბებერი მთვარე
შეეხება თმას,
იმ კაცივით, ეზოს
რომ უკეთებს ღობეს,
შევიჭმუხნი შუბლს და
გავიმკაცრებ ხმას.

იმ კაცივით, აგერ
დაცინვით რომ უმზერს
მეოცნებე ყმაწვილს,
მეოცნებე თვალს,
მეც გავხდები ალბათ
ეჭვიანი კაცი,
მეც დავცინებ ალბათ
ოცნებებით მთვრალს...

ჯერ კი ასე თბილი
მზე დაჰნათის მთა-ველს!
ჯერ შორია ის დრო...
ჯერ შევხარი მას -
ჩემს გაზაფხულს -
ალალ ოცნებათა მთოველს,
ჩემს გაზაფხულს -
ზღაპრის კარიბჭესთან მდგარს.

1962




*
ქრის გარეთ ქარი...
მე შენზე ფიქრი მეწვია უცებ, -

ხან ტირის ქარი,
ხან მღერის ქარი,

შენ - რომელს უსმენ?

1963



*
ექიმო, მოდი, სხვა რამ ახსენი,
ჭეშმარიტების განაღე ბჭენი, -
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი!

მიმქრალ იმედთა გასინჯე პულსი,
ფიქრების წნევით უწყალოდ ჩქარი, -
რას ეძებ სისხლში, რას ნახავ კუნთში,
რას მიგახვედრებს ძარღვების ჩქამი!

სხვა უჩინარი სიმი შესძარი,
სხვა იდუმალი განაღე ბჭენი,
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი.

1968





*
დიდო ნაღველო -
სპარსო, მონღოლო,

სევდავ მზარავო -
თურქო, არაბო,

რას გიშავებდათ მიწა მტკაველა,
ეჩუქურთმა და ერუსთაველა,

ეგალობა და ეჭირნახულა,
ვაზი ეფურჩქნა ოქრომტევნება...

მაინც არ სძულხართ...
მაინც არ სძულხართ...
ღვთაებრივია მტრის მიტევება.

1968


*
სხვა არის ჩემი ნა და ჩაღანი,
სხვა - ამ ცხოვრების ავან-ჩავანი.

მწუხარე ფიქრი თითქოს ქვევრია
და მაჭარივით მასში ვღვინდები.
არა, სხვა ყოფა არ მიწერია,
ვერა, სხვა განძით ვერ გავმდიდრდები.

1969


*
სდუმან ხენი, უძრავნი და მოწყენილნი,
დღე დამწიფდა, ცა შედედდა, ათაკარდა.
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი.
რამოდენი სურვილები გარდაქარდა.
რამოდენმა იმედებმა გამაწბილა.
რამოდენმა ოცნებებმა გაიარეს...
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი
და ვიშუშებ გაზაფხულის ნაიარევს.

1970


თევდორე

1

ბერის ბაგეს გმინვა მოსწყდა,
მკერდზე შეტორტმანდა ჯვარი;
ხილვას - გუნდსა ანგელოსთა,
შეენაცვლა თათრის ჯარი.

“მეფეზედა წარგვიძეღო”, -
ხორცი დასწვა ლახტის ცემამ.
წამს იაზრა -
თათრებს ქედი
მოუდრიკა თევდორემან.

ბებერ მკერდქვეშ,
ქრისტეს ჯვართან,
ქრისტეს ტკბილი გული ძგერდა!
- წარვუძღვები, ხამს ვითარცა
მტერს წარვუძღვე მეფეზედა...

დე, ამკუწონ მტარვალებმა,
მტრებია და
არა ვრისხავ...
ო, სხეულის მწუხარებავ,
თვალში ბინდად არა ღირს ხარ!..

2

წმინდა ბერო, მტარვალთ გზები აუბნიე,
და გგონია, შენი მეფე დახსნილია!
არა, ბერო, გზა ვერც მეფეს გაუგნია
და შველამდე უსასრულო მანძილია.

შეცდომები განუსჯელად მეორდება -
მეფეს განსჯა ჭრილობებში გაბრჯენია!
ქართველია მეფე, თანაც მოკვდავია,
ეს კი დიდი, იდუმალი სასჯელია...

შეცდომები სწავლა არის, წურთნა არის,
აქ კი, ბერო, ტანჯვაა და სამარეა.
აქ სხვა არის სულ უბრალო ცოდო-ბრალიც, -
მეფეს, ბერო, საქართველო აბარია…

წმინდა ბერო, მტარვალთ გზები აუბნიე,
და გგონია, შენი მეფე დახსნილია!
არა, ბერო, გზა ვერც მეფეს გაუგნია
და შველამდე უსასრულო მანძილია...

1972

უხმოდ ნატირალი

ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო, -
თვალს არ მაცილებს მტერი ხშირიო,
ცრემლიც არ მამხელს, -
გაშრა ცრემლიო,
მინდა გიშველო, - ვერას გშველიო,
მინდა მძლავრობდე, - არ მაქვს ძალაო...
ვამე, ბევრი გყავს ჩემისთანაო...
ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო.

1973




შემოდგომის დღე

ფოთოლი ტოტზე დატორტმანებს,
თავს ვერ იკავებს,
მოსწყდება,
მიწა მიიზიდავს, მკერდში ჩაიკრავს...

შემოვალ შინ და
დავეყრდნობი მუშტებს ნიკაპით
შენზე საფიქრად.

1973


*
შენი ჯიუტი იმედი კვებავს
ჩემს კარგ რწმენას,
გულმოცახცახეს.
ხანდახან ხდება -
დამიფრთხება რწმენა შველივით...
შენი იმედი მომაშველე,
შენი იმედი გადამადე
მხარზე ხელივით.

1973



*
ცივს, ნაღვლიან ნიავს,
ნიავს შემოდგომის,
ცად ფოთოლი მიაქვს.
ცით ფანტელი მოდის.…
ის სიმშვიდეს მოჰფენს
ჩვენს წუხილს და წრიალს...
ცით ფანტელი მოდის,
ცას ფოთოლი მიაქვს.

1973




*
არა სიმართლე,
არა სიცრუე,
არა სიბრძნე და
არა სიშლეგე, -
უსაგნოდ თქმული მგონია ფრაზა:
“არარაობა არის ყოველი.”

ო, რა სწორია,
როდესაც იგი
შეყვარებულის ბაგეებს წყდება!

1973


*
მე მიმატოვა ჩემმა სატრფომ,
სხვაგან წევს ახლა.
მე მუხის მძიმე კუბოში ვწევარ.

არ სურდა მიწას ჩემი მიღება,
როგორც ჯიუტ ბავშვს მსუყე ფაფის,
მაგრამ კაცებმა რკინის ნიჩბებით
გაუხსნეს ყბები და მოუკუმეს.

სიბრძნით და სიმხნით სავსე სხეული
თანდათან მიწად გადამექცა,
ჯერ კი არცერთი ბალახის თესლი
არ დამცემია.

1973




*
თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებით მორწყულა ყანა, -
დამწიფებულა პური არსობის.

თვალთ რომ შემაშრა,
ის ცრემლები ქცეულა წლებად,
დამცხრალა და გაცივებულა.

თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებმა
მზის ფერადები გაიყოლია.

1974


*
რა შეუმჩნევლად ღამდები, ღამევ!
რა შეუმჩნევლად გეღება ბჭენი!
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.

ღელეებივით მიერთდებიან
ფიქრები, ჩემი მდიდარი ხვედრი.
გამორიყული იმედებია,
განა თმებია, - ღერები თეთრი.

დღეები კვდება და სულის გლოვას
ხავსივით ღრღნიან ფიქრები მშვიდი.
და ვეგუები იმედთა ქრობას
და მავიწყდება რაღაცა დიდი...

და მეუფლება რაღაც ახალი,
ყოვლისმომცველი, გრილი და ჩუმი...
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.

1974




თამარი

ჩრდილოეთიდან
მეფე თამარს მოჰგვარეს ქმარი.
ბრძანა მეფემან:
- ვით ეგების, კაცნო, ეგ საქმე?
არა ვიცით რა მისნი ზნენი,
უცხოა გვარით...

არა უსმინეს...
ზღაპარს ჰგავდა სამეფო კარი.
იყო ქორწილი.
“შენ ხარ ვენახს” გალობდა ჯარი...

მერე სასტიკმან დრომან დროსა
ჩამოჰკრა კვესად,
და ნაპერწკლებმა გაანათა
სურვილნი ქმრისა...

და იყო კვალად
მეფე თამარ
ქველი და წყნარი:
ვითარცა მტვერი,
ჩრდილოელი განაგდო ქმარი.

1974


*
ყოველ ნეტარებას დრო ჰკლავს,
ყოველ მწუხარებას დრო შველის...
მიკვირს.
ვაკვირდები.
ვბორგავ.
და მერე - ყველაფერს ვეჩვევი.

ნუთუ ვერ გავხდები ვერას!
ნუთუ სხვა საშველი არ არის!..

ფაფარი უბიბინებს მერანს,
მისჩხავის შეჩვევა საზარი.

1975


*
ვიხილე, ვიცანი:
ვარდი არ, - ეკლები ჩანდა...
და სულში სიცივე,
და გულში ნაღველი ჩადგა.

რამდენი ლამაზი ოცნება ოცნებად რჩება...
რამდენი ყვავილი
მოთიბულ თივაში ჭკნება...

1975


*
ატირდა ბავშვი, -
პატარა წყენამ აატირა...
მე წავედი და
ამ პატარა ლექსში ავტირდი.
არც-ვინ ჩანდა, ნუგეში ეცა.

1975


*
გულის დაწყვეტა რა ბედენაა,
როს საშველი არ არის არსით!..

შენს თავში თუღა ჩაღრმავდები,
რომ იქ იობის მოთმინებით
საკუთარი სხივი ეძიო.

1976

*
ის ნებიერი ბედნიერება!..

არავინ უწყის -
რა გზით დადის,
რა ზრახვა აქვს, რა ადათ-წესი,
რომელ აკვანთან დაყოვნდება,
ვის სხეულში ჩაიძირება...

უწყალოა მისი კომპასი.
დადის,
გულებში ტკივილების ყვავილებს თესავს.

1976


*
კარგი დღე იყო!
მეგობრებთან გავისეირნე.
მერე - დავლიეთ...

როგორც ჯამბაზი
ბაგირზე მოარული,
ისე დაოსტატდა ჩემი სიხარული.

1977


*
ეს დღეც, უკვალო დღეც, წარსულს მიანებე,
ზიხარ ფანჯარასთან სევდამოწოლილი.
შენი სიმარტოვის უკან იმალება
ტანი ელვასავით, თვალი კოცონივით.

მერე ოცნებები ძილში შეგატოკებს,
როცა ღამე მოვა სიზმრით დანაღმული.
ო, რა მძიმე არის შენი სიმარტოვე,
ჩემი სევდიანი თვალით დანახული.

1977


*
იყო დრო - ჩემი რწმენის ზეცაზე
ერთი პატარა,
ერთი საჩემო ვარსკვლავი ენთო.

მერე ნელ-ნელა და შეუმჩნევლად
ის გადაიქცა იჭვად და განსჯად
და იმედები შემაშრა თვალზე.

შემშრალ თვალებში მისი მიმცხრალი
და საბოლოო სხივებიც ჩაქრა
და მე სიცოცხლის გარდუვალობამ
შემაკრთო უცებ.

ზამთრის ქარივით ავობს ნაღველი
და მოპრიალე ბნელი ფანჯრიდან
ბალანაშლილი მგლის თვალებით
მიცქერის ღამე.

1977




*
გულს მიწყლავს სევდა...… და რომ გაგანდო,
თბილი და წრფელი მადლით ამავსებ.
არც დაიძინებ,
მე რომ სიზმრები გამილამაზდეს.

მაგრამ შენს სულში ატირებული
ჩემზე ნაღველი არ მომასვენებს...…
და არ გაგანდობ;
რა გაეწყობა - დამრჩეს ასევე.

მაგრამ თუ ვცდები... და გულგრილობით
და უგულობით თუ გამაოცებ,
შენზე კი არა,
გული დამწყდება მთელ სამყაროზე.

და ვიგრძნობ
მეც იმ ამაოებას,
დასაბამითგან რითაც იწვოდნენ...

მაშ, არა ჩემს დარდს, -
ხელი ჩემს ლხენას გამოუწოდე.

1978…



ქეიფი,
მოწყენილი ქალი

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ბოლომდე იჯდა.

1978




*
ვზივარ მინდორში, ჩრდილში ვისვენებ.
გრილ ბალახში მომცრო მწერები მიდი-მოდიან.
სადღაც ჩიტი სტვენს ხანგამოშვებით.
ლურჯი ზეცა დასცქერის მიწას.

ხედავ,
სამყარო რა უძიროა?
რას უნდა გასწვდეს საცოდავი ადამიანი?
ჩვენ ყველაფერი ცოტ-ცოტა ვიცით.

ჰაერის ნაცვლად
იქნებ ცოდნის ნაფლეთებს ვსუნთქავთ?
იქნებ ძარღვებშიც
იმ ნაფლეთების თრომბი გვაწამებს?
მუდამ რომ ვდაობთ,
იქნებ ერთმანეთს
იმ ნაფლეთებს ვაყრით თვალებში?
ჭეშმარიტებას,
ვინ უწყის, იქნებ
იმ ნაფლეთების გორები ჰფარავს?

ვზივარ მინდორში. ჩრდილში ვისვენებ.
გრილ ბალახში მომცრო მწერები მიდი-მოდიან.
სადღაც ჩიტი სტვენს ხანგამოშვებით.

1978



*
როგორც ნაძვის ხე
საახალწლო ფერად ბურთებით, -
დახუნძლული ხარ
ულამაზესი მოგონებებით.

ზოგჯერ კი,
ზოგჯერ
უცნაური ნატვრაც გეწვევა,
როგორც ცოცხალი ჩიტის ჭიკჭიკი.

1978




*
ვერ მოვიხელთე,
ვერ ავხსენი -
რას ნიშნავს სევდა,
ხანდისხან გულში
აღდგომის ბატკნის ტკივილივით
წამიერად აყვავებული.

1978




უკანასკნელი სიტყვა ურმულს

განწირული ხარ,
როგორც ყვავილი,
შორი მინდვრიდან გადმორგული
რკინის ქოთანში.

იქ, -
ლურჯი მინდვრის სიმარტოვეში,
მიინავლა შენი ზეიმი.

აქ -
გელოდება ურჩხულის ხახა..

1978




იავნანა რა იქნა?

იავნანა რა იქნა?
აღარ ჰყვავის იგი აკვანთან.

იავნანა რა იქნა?
გაუტაცნიათ უცნობ ქვეყანაში.

იავნანა რა იქნა?
დარდით თვალები ამოღამებია.

1978-98


*
ახალი წყობა - მარტოობა -
დამყარდა ქვეყნად,
ფოთოლს ფოთლის ზარავს შეხება,
კენტ-კენტად ჰფრენენ ფრინველები,
ყველა თავისთვის ჩაკეტილა,
ყვე;ლა ჩაფლულა
გულგრილობის და უსახურობის
სავარძლებში...

მეც მარტო ვარ.
ვიყურები მღვრიე ფანჯრიდან.

1978



ფრაგმენტი

თვალი მოვკარი:
ულამაზესი ჭაბუკის წინ
შეუხედავი იდგა ასული
და ჭაბუკს - ერთხელ მაკოცეო, -
ევედრებოდა.

მე ჩავიარე,
და არ ვიცი,
რა მოხდა შემდეგ.

1979


წვიმა

წვიმამ დასცხო მოულოდნელად,
ქუჩა სწრაფად დაიცალა,
სიმშრალეში უცხო ხალხი
ერთურთს მჭიდროდ ავეკარით.
წვიმამ თითქოს რაღაც ცუდი
და უგვანი ჩამოგვრეცხა,
და ყურები სათითაოდ
აგვიწია.

1980



დამთმე, სევდავ

ზოგჯერ სევდით მოვიწყვლები:
თუმც საამო იყო როდი -
მაინც მიყვარს ყრმობის წლები,
როს ოცნების მეპყრა ტოტი,
როს ოცნების მეპყრა ტოტი
და იმ ტოტზე ჩიტი სტვენდა!..
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

გაჰქრა ის დრო...
არსობისა პურის ძებნამ შუბლი დახნა,
იმედები გაიცრიცა
და ოცნების ტოტი გახმა.
უმოწყალოდ დაითოფა,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

აწ სხვას მივსდევ გზას და შარას,
აწ ცოცხალ ვარ სულ სხვა ძალით.
აწ ეჭვების ჟანგი ჰფარავს,
ჭეშმარიტი თუ რამ ვსცანი.
აწ ხსოვნაშიც ინისლება,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

1981




*
ეს სოფელი სამსალაა,
ფუჭი გაგორება ნარდის...
სული, სული დაიღალა
ზიდვით უბოლოო ნატვრის.

ზოგს წინ ბედი წაემძღვარა,
ზოგი დაისეტყვა ავდრით...
გული, გული გაიბზარა
მუდამ კამათელის ნატვრით.

ზოგმა ყოვლი მოათავა, -
შესვა სასუმელი ნაღვლის...
ჟამმა, ჟამმა მოატანა
ხილვის შეუწველი მაყვლის.

ვინ იხილავს? ვინ დაიხსნის
სოფელს? გზაარეულ ნახირს?..
სული, სული დაიღალა,
ძილი მეუფლება დაღლილს.

1982



ვაჟა-ფშაველას ნიღბები

შეუწუხებიათ მისი ნეშტი -
სახიდან ნიღაბი აუღიათ.

მისი სიცოცხლეც შეუწუხებიათ
მის ლექსებს, -
ნიღბები აუღიათ.

1982



*
აჰა, დაღამდა, ისევ დაღამდა.
ერთი ბნელი დღეც ისევ გავიდა.
ისევ დილა და
ისევ დაღლა და
ისევ ძილი და
ისევ თავიდან...

ისევ მოსაწყენ გზებზე ხეტება...
ისევ სიზმრებში გასეირნება...
ასე ღამდება, ასე თენდება,
წუთისოფელი ასე ილევა.

1983




*
შევეგუები შენს დაკარგვას.
შეგუება
ჩემი ძველი მეგობარია.
ჩემს ბილიკზე
ისევ იგი მოჩხრიკავს ეკლებს,
ჩემს სარკმელზე
ისევ იგი დააკაკუნებს.

1983

*
ვ-ს

რა გვემართება?.. რა მოსდის გრძნობას,
რომელიც გულში ჩქროლავდა დიდხანს?..
რა ეშველება იმ ლამაზ ნდობას?..
ვინ უპასუხებს მირიად კითხვას?..

რა გაამართლებს უცნაურ ტანჯვას,
უნებურ ბორგვას - გონების მბინდავს?..
შენ ასამარებ შებღალულ განსჯას,
რამეთუ - ოდენ ლოცვაა წმინდა.

1983



სიზმარი (დასაწყისი)

ერთხელ, როდესაც სამსალანასვამს
ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა,
სიზმრის უძირო ქაოსიდან
ამოიზარდა მახინჯი და ავხორცი ქალი,
შემდეგ მოირთო ულამაზესი სამკაულებით
და მშვენიერი ჭაბუკის გვერდით
საქორწინო სარეცელზე
განცხრომით დაწვა.

1983




ფიროსმანი

როცა მოძღვრავდნენ,
არიგებდნენ,
საყვედურობდნენ:
საქმეს სწეოდა,
ეხეირა,
ეთხოვა ცოლი...
მამაპაპური მოეხადა იმასაც ვალი, -

იგი, ალბათ, უმწეოდ დუმდა.

1984


*
წვრილმანთა ღობე-ყორეში
ვხეტიალობდით ნიადაგ.
მოყვრებად შევიყარენით,
მტრებად დავშორდით ბოლოს...
და ამარიდა თვალები
და უბრად წინ ჩამიარა...
კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?

ვაი, რა ბევრნი ვშორდებით
და რა ცოტანი ვერთდებით...
იმგვარად განვიკითხებით,
თვით განვიკითხავთ როგორც...
წვრილმანთა ღობე-ყორეში
რა უგზოდ დავეხეტებით...
...კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?

1984



*
დავალ, დავბზუი, როგორც ფუტკარი...
ჭეშმარიტების ფიჭა სად არი?..
ვაი, რამდენჯერ დავრჩი გულმკვდარი...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

სამი-ოთხია - ყველა განძია,
ყველა ნაღდია, ყველა გამტანი.
ერთს - სხვა ფიქრი აქვს...
ერთს - სხვა აზრი აქვს...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

ნუთუ წყვდიადი ასე მწარეა,
ნუთუ არია ყველას გზა-კვალი!..
მერე როგორი კარგნი არიან!..
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

1984


*
ქვეყნის დათმობა არ მენანება, -
ქვეყანა ცოდვის ზღვაა...
მაგრამ - როს კვდება აღფრთოვანება,
ის მწუხარება სხვაა...

ის მწუხარებაც მალე გაქრება,
ჟამიც ბევრ რამეს ჩანთქავს,
მაგრამ - რა წაშლის იმ გაოგნებას,
უცებ თვალებში ჩამდგარს...

მაგრამ მაინც ხომ მადლით ავსილი
თავზე დაგვნათის ზეცა...

მაშ, მოდი შევსვათ! -
დამრჩენ-წამსვლელის
ერთად ყოფნისა შევსვათ!

1985



ხუმრობა ჯონის
საყვარელ თემაზე

(მეგობრული შეხუმრება
ასტროლოგ ჯონის)

საქართველოში 400 ათასი შინაბერაა.
ცხადია, საქმე კარგად ვერაა.
რატომ არ თხოვდებიან, ვის ელიან?
(უმეტესობა მათ შორის თბილისელია).
ასე თუ გაგრძელდა,
გაუთხოვარი კიდევ ბევრი დარჩება.
ყველა ელოდება წარმოსადეგ,
სიმპატიურ მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!
ეჰ, ქალის ჭკუა!
ტვინის ნაცვლად თავში აქვთ თოვლის გუნდა!
განა ფიქრობენ, რომ ერს გამრავლება უნდა!
მალე თბილისი სომხებს დარჩება,
ესენი კი ელიან მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!

400 ათასი შინაბერა!
ვერ არის საქმე კარგად, ვერა!
ვინ შეამცირებს ამ ასტრონომიულ ციფრს?
ვის ელოდებიან, ვის?
ვინ არის წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება?..

ვარსკვლავებსო?..

უი! უი! დამიდგეს თვალები!
მივხვდი, მგონი!
რა თქმა უნდა - ჯონი!

1986



*
აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით,
თუ ღმერთს სურდა, ჩემი წილი
დამყვებოდა ფრთები ალბათ.

აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით, -
ბევრსა ჰფრენენ, მაგრამ მაინც
ვერ სწყდებიან ცოდვილ მიწას.

იმათ ვუცქერ ახლა შურით,
ვინც შლეგია, ვინც ბრძენია,
ვინც უცქერის ჩიტებს შურით.

1986




*
(სიზმარში ნანახი ლექსი)

ის რაში, რაზეც იჯდა,
მის წინ გაქროლდა,
მისი ქორი გამწყერდა,
წიწილა - გაქორდა.

ცხოვრება გაუსიზმრდა,
სიზმარი განუსხლტა,
მისი ლომი გაცხვარდა,
ცხვარი - განურისხდა.

და ზარმან იგუგუნა
და გზამან იგანა,
ორმოცდაათი წელი ზიდა
და ვეღარ ზიდა მან...

1986




უფლის საქმეა დანარჩენი

კაცისმკვლელებო!
სულერთია - სულით თუ ხორცით! -
უწყოდეთ:
ახლოვდება სამსჯავრო საშინელი!
ვერ შეინანებთ
ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით, -
საქმით შეინანეთ! საქმით შეინანეთ! -
გეზრახვით დაჟინებით.

დასთმეთ ჩინ-მედლები,
კაცისმკვლელობისთვის უხვად ბოძებული,
კაცისმკვლელობისთვის,
სულერთია - სულით თუ ხორცით!
დასთმეთ კაბინეტები,
გაკრიალებულები, მაგრამ თქვენით ბინძურები, -
საქმით შეინანეთ,
არა ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით.

საქმით შეინანეთ:
სწმინდეთ ტუალეტები საზოგადოებრივი,
საწყალ ქოხმახებში გასცვალეთ
თქვენი “დვარეცები”...
იქნებ განიწმინდოთ,
იქნებ გაგეხსნათ თქვენც რამ ღვთაებრივი!
იქნებ მოგეტევოთ
საქმენი თქვენი გარეწრული.

საქმით შეინანეთ:
თქვენგან გათელილთა დაეცით ფერხთა წინ
და მათი ფერხთამტვერი
ალოკეთ, ვითარცა წამალი გადამრჩენი...
იქნებ მოგეტევოთ -
საქმით შენანების იარეთ მწარე გზით!
თქვენ თქვენი ეცადეთ და -
უფლის საქმეა დანარჩენი.

1986





სინანული

ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას

ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

ისიც არ გვწყალობს -
ღვთივ-სასურველი სინანული...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

უმწეო არის ისიც - კურცხალი,
ვერც ცას სწვდება,
ვერც მალამოდ ედება ფესვებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

1991



*
არა, ხსნის გზა არ არის სხვა,
არც აგვცდება ზეცის რისხვა,
თუ ისევ არ დავაქციეთ
სინანულის ცრემლების ზღვა.

თუ ყურთ არ შევუშვით ძის ხმა,
თუ არ დავთმეთ შურის მიზღვა,
და თუ ისევ გადაგვძალა
სიყვარულის ნაცვლად ზიზღმა.

1992



ქება უიმედობას

უიმედობის ყვავილებო,
ფიქრში ღივდება თქვენი თესლი,
დიდხანსაც ჰყვავით დაუჭკნობლად.

მე ვთვრები თქვენი სურნელებით,
როცა უღმერთოდ ვიხლართები
სადმე, იმედთა ეკალ-ბარდში.

1992


საქართველოვ*

საქართველოვ, კერა შენი
ჩაუმქრალი კანდელია,
ხიბლით ბრწყინავ იდუმალით დღესაც;
სვე შენი და ბედი შენი
მძიმეა და ნათელია, -
საქართველოვ, ბედს მიჰყევი შენსას!

ქედუხრელი მოდგმა შენი
უკვდავ განძთა მფლობელია,
ერსა შენსა მაცხოვარი მწყემსავს;
მზე შენი და ზეცა შენი
ოქროს შუქთა მთოველია, -
საქართველოვ, მზეს მიჰყევი შენსას!

კურთხეულ არს მიწა შენი,
კურთხეულ არს ენა შენი,
ცა სწყალობდეს ყანის შენის მთესვარს;
ღმერთსა შენსა მიენდე და
უგალობე წმინდა რწმენით, -
საქართველოვ, ღმერთს მიჰყევი შენსას!

1996

----
* (დაწერილია საქართველოს ჰიმნის კონკურსისათვის)





მიჯნური შენი -
ჭეშმარიტება


*
გული თქვი, თორემ
ტირილი ნერვებს აწყნარებს მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
ტკივილი ვნებას აცხარებს მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
დარდების შუბლზე კვალია მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
რა არის ცრემლი? - წყალია მხოლოდ.

1962


*
ხელჯოხით, ნელა მიმოდის ბაღში
მოხუცი კაცი, თეთრი თმაწვერით,
დაჯდება, ახალ გაზეთებს გაშლის,
წაიკითხავს და ქუჩას გასცქერის.

გასცქერის ხალხით გავსებულ ქუჩას,
თვალები უკრთის დამჭკნარ სახეზე,
და თითქოს მასში სათქმელიც უჩანს:
ვაი, სიბერევ, შე მგლის საკერძევ!

1962


*
როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.
სიტკბო იყო, სიტკბო იყო დიდი,
ეჭვი იყო, ეჭვი იყო ცოტა...

თუ რამ გვინდა, სამუდამოდ გვინდა.
სამუდამოდ... სამუდამოდ... ჰოდა -
როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.

1966



*
მე გაოცებით შევყურებ ამ ხეს,
დედამიწის გულზე ამოზრდილს.

შენი ნაჯახი მე არ მაოცებს.

1972



*
ხეო, შენი სიმწვანე შემაშურე,
მზის და მიწის მადლით შენი დანაყრება,
შენი გაფრენილი ფოთლები შემაშურე,
შენი მარადიული განახლება,
შენი ბუდეები შემაშურე,
შენი ფესვების გაღვიძება,
შენი სიკვდილი შემაშურე,
შენი საამური დანაკვერცხლება.

1973


*
დაჰკლეს ქათამი,
ახალწლის სუფრას
მისი ძვლებიც რომ არ ჰკლებოდა.

მზრუნველობა და სიყვარული
არ მოჰკლებია მოაქჟამამდე,
და თავწაწყვეტილს
თვისი სისხლი რომც დაენახა,
არ ირწმუნებდა არასდიდებით...

და მშვიდად იდო იგი ტაფაზე...

ხოლო გარეთ კი
მისი სისხლი ისე მოსჩანდა,
გამოსდენოდა თითქოსდა მიწას.

თოვლის მახინჯმა ფანტელებმა დაჰფარეს ისიც.

1974



*
ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება,
მუდამ უბრალოდ შემოსილი,
თან სასაცილოდ აგდებული
ნაირ-ნაირი სამოსელით მოკაზმულთაგან,
დადის მარტოკა
და დაეძებს თვის მსგავს მარტოსულს,
ხან სასახლეში,
ხან ბნელ სენაკში შეეხეტება...

მაგრამ ვერსად პოულობს სადგურს.

1974


ხენეში ეჭვი

“ყოველმან ხემან, რომელმან
არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოე-
კუეთოს და ცეცხლსა დაედვას”.

გიზგიზებს ცეცხლი -
იმ ხისათვის,
ხენეშ ნაყოფს ისხამს რომელიც.

მაგრამ ხენეშ თვალს
კეთილი ხე უჩანს ხენეშად...

უფალი განსჯის!..

მაგრამ მის ხილვას
ხენეში ეჭვის გვიშლის ღრუბელი...

1974



*
“ფართო არს გზაი,
რომელს მიჰყავს წარსაწყმედელად”.

სხვაა - ბილიკი ეკლიანი!..

შემინდე, ღმერთო:
ზოგჯერ მგონია,
რომ ეკლები სულსაც კაწრავენ.

1974


*
ბევრი რამ იყო გაუგებარი...

დიოდა ჩემი ფიქრების ნისლი
იმედების და სურვილების ღობე-ყორეში...

ბევრი რამ იყო გაუგებარი!

ახლა კი, როცა დამეძენძა ხორცი და სული,
ახლა კი, როცა საფლავიღა დავტოვე ქვეყნად,
ახლა კი, როცა ბალახებმა წარხოცეს ისიც,

ყველაფერი გასაგებია.

1974



*
მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
ჩვენთვის სხვაგვარად ბრუნავს სამყარო.

მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
ჩვენთვის,
ვით ძველად,
მზე ჯერ “ამოდის”, მერე კი “ჩადის”.

მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
სხვა თეორია სულ ამაოა.

1975



*
ოდეს იხილავ ალისფერ სახეს,
დროსტარებით გაცისკროვნებულს,
ნუ ეტყვი იმას, ნუ მოასმენ
გურამიშვილის მწარე მოთქმას:
“სულ ბნელია, რასაც ელავსო”.
ნუ ეტყვი, თორემ -
მაგ ერთადერთ შენს სიმდიდრესაც
წაგართმევას ალბათ,
და ცხოვრებას თვისას ალისფერს
შეამკობს იმით,
როგორც სატრფოს
ბრილიანტის საყურეებით.

1975




ინტელექტუალური კომედია

რასაც ერთ დროს უსიტყვოდ ვგრძნობდით,
იმდენი სიტყვით განმარტეს და ჩააწიკწიკეს,
ვეღარა ვგრძნობთ უკვე უსიტყვოდ,
და,
მგონი,
უკვე ვეღარცა სიტყვით.

1976



*
მას სურს
ძვირფასი განიძარცვო სამოსელი,
დახიო და ფეხით გათელო,
თვალ-მარგალიტი დააპნიო,
დაათხიო მსუყე ჭამადი...

სასტიკი არის მიჯნური შენი -
ჭეშმარიტება.

1977


*
(ხალხურისებური)

სოფელი იდუმალია,
ვერ შეგვიცვნია ცქერითა,
ვერცა გავმძღარვართ სიცოცხლით,
ტიალის გულის ძგერითა,
არც-რო გვარგია, ერთმანეთს
მაშინაც ვკოდავთ ენითა...
ვაითუ სოფელს ვამშვენებთ
ერთმანეთისა წყენითა...

1978



*
აი, ამ ფართო, ლამაზ ქუჩაზე,
სად თავისუფლად ეტევა ყველა,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები
და ერთმანეთს უმზერენ იჭვით.

1978




*
ეს ბალახები,
ეს ჩიტები,
ეს ვარსკვლავები,
გაკვირვებულნი
ალბათ რაღაცას გვანიშნებენ...

დაგვიჟანგდა შეგრძნების ნიჭი,
უმოქმედოდ ვითარცა ხრმალი.

1978


*
რამდენ დანაკარგს,
რამდენ ტკივილს და მწუხარებას
იტევ შენ,
გამოცდილებავ!

არც ერთ მემკვიდრეს არ არგიხარ,
არც ერთ ანდერძში არა ზიხარ,
დაჰყვები ყველას
საკუთარი თეთრი ძვლებივით.

1980




*
რაა ამქვეყნად საკვირველი?
მზისქვეშეთი
უთვალავი ფერით მოცულა...

დაილოცოს განგების ძალა!

მაგრამ მაინც, -

უძლურია როცა სიკეთე,
ვის სცდის უფალი?

1980


*
რახან პრობლემაა კაი ოდა-ფაცხა...
კაი დიბა-ფარჩა... კაი სასუსნავი...
როგორ დაგვამონა ხორცისათვის გარჯამ!
როგორ დავივიწყეთ სულის საზრუნავი!

ნუთუ მონად-მყოფნი წავალთ იმქვეყანას,
გულგვამს გვიტრიალებს ბოღმა დასანთხევი...
გვრჩება ნარ-ეკალით დაცოფილი ყანა,
მწიფე მოსავალი გვრჩება ასაღები.

1981




სხვა საწყაულით

ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ქვეყნის სიკეთის სჯეროდა რადგან.

ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ფეხი ვერავინ აუწყო რადგან.

ნუ განიკითხავთ.
რაითა არა განიკითხნეთ და
არცა მოგეწყოთ სხვა საწყაულით.

1980



*
ვცოცხლობთ რისთვისაც,
რა არის იგი?

იგი არა ჩანს,
მაგრამ იგრძნობა,
ვითარცა ლექსში გამორჩენილი
ერთი სტრიქონი.

1981





ქება ბავშვის თვალებს

არ დაეჯერება მხცოვანს:
გამოცდილებით შემცდარია,
იმ წყეული გამოცდილებით.

ის ურევს გზა-კვალს.
ფარდასავით წინ ეფარება.
მზერას უხშობს თანდათანობით.

არ დაეჯერება მხცოვანს:
აღარა აქვს ბავშვის თვალები.

1981



მუსიკა...… მუსიკა...

როკავს მუსიკა, -
გაშიშვლებული საყვარელი...
ის
პირველივე ნაოჭის შემდეგ
ადგილს უთმობს ახალ საყვარელს...

ხოლო ამქვეყნად ისევ არიან
ერთგული ცოლები და ერთგული ქმრები,
ერთგული შეყვარებულებიც,
რომლებიც ყაყაჩოსავით ჰყვავიან და
თოვლივით თეთრდებიან.

1981



*
ბრწყინავს ალმასი, ბროლი...
ნამი ციმციმებს დილის...
მაგრამ -
გონჯდება ყოვლი,
ოდეს სიკეთე სტირის.

ვსასოობთ ნათელს ულევს...
გვრწამსცა ნათლისაც მცირის...
მაგრამ -
ურჩდება გული,
ოდეს სიკეთე სტირის.

გვჯერა, გვეგულვის, ვხედავთ...
გვმოსავს, გვიფარავს, გვივლის...
მაგრამ -
რადა გვცდის ნეტავ,
ოდეს სიკეთე სტირის?

1982


ძველებური დარდიანი

ეს ცხოვრება სიზმარია,
გინდ გვეძინოს, გინდ არა.
გულში მუდამ სიმწარეა,
გინდ ვილხინოთ, გინდ არა.

ბედმა ზურგი შეგვაქცია,
დრომ ფუჭად ჩაიარა,
ხელში არაფერი დაგვრჩა,
სულში - დაგვრჩა იარა.

გაუსაძლისს რომ გავუძლოთ,
ღვინო ვსვათ, ჩაი - არა,
გვათრობს, მაგრამ დარდებს ვერ ჰკლავს,
რის ღვინო, - ჩაია რა!

მაშ, დავლიოთ, - სულ ერთია,
გინდ დავლიოთ, გინდ არა.
წინ რომ გველის - სულეთია,
გინდ ვერიდოთ, გინდ არა.

1982




*
კი!
წინ წავიდა პოეზია! -

ბედის სამზღვარის გარდასალახად
დღეს შეგვიძლია
მფრინავი თეფში გამოვიყენოთ.

1984



ქება კაცის გულს

ისე რთულია
კაცის გული,
არ გაემტყუნება ძაღლს
იმ სასაცილო ერთგულებისთვის.

1984



*
სულ ასე გვჯერა:
ბოლოს და ბოლოს
მოეკითხება ბოროტი ბოროტს.

ვცდებით,
თუ მწარედ დაგვცინის ბედი? -
ყოვლი სიავე ატყდება კეთილს.

არის კი სხვარიგ შესაძლებელი?
ამაოდ წვალობს ამის მჩხრეკელი.

1984



აუნაზღაურებელი დანაკლისი

დირექტორები,
მღარავები,
კონსტრუქტორები,
იურისტები,
მკერავები...
სხვანი და სხვანი...
ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ გარდაიცვალა
დ რ ო
დილის 9 საათიდან
საღამოს 18 საათამდე.

1984



*
აჰა, ინებეთ!

ჭეშმარიტების შედგენილობა
ასეთი გახლავთ:

ათი პროცენტი - სიტკბო,
ოთხმოცდაათი - სიმწარე.

ესეც ასე.
ხელის მოწერა...
მრგვალი ბეჭედი...

მაგრამ გაფრთხილებთ:
არაფერში გამოგადგებათ.

1984


ჭაობი

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაგენანოს:
თუ კლდე ვერ ჰპოვა,
ზოგჯერ არწივსაც ეღლება ფრთები.

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაიტირო:
თუ ჭაობია,
ცრემლით მაინც იყოს დამბალი.

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაიცადო:
თუ ცრემლი შრება,
ცრემლით დაშრეს ეგებ ჭაობიც.

1985


ისევ ჭეშმარიტების შესახებ

სასჯელად ჩვენდა
დაფარულია ისევ თვალთაგან, -
შემოსილია ხან ფლასით,
ხან პორფირ-ბისონით.

ისევ უსხლტება იგი სმენასაც, -
ხან ღრიალებს გამძვინვებული,
ხან ჩურჩულებს ძლივსგასაგონად.

მე და შენ კი
გულმშვიდად ვზივართ
და თავს ვიწონებთ.

1986



ხსნა

ჯერ ჭაობიდან ამოფორთხება,
მუხლზე დაცემა მერე გვმართებს.

ჯერ ლაფის ჩამორეცხვა,
ლოცვა-ვედრება მერე გვმართებს.

ჯერ ჰარმონიის დაუფლება,
გალობა მერე გვმართებს.

ხსნა მერე მოვა.

1987



ქება ჩიტს

თუკი რწმენა ღვივის უფლის,
რამ შეაკრთოს? -
მამაცია ჩიტის გულიც.

თუ სასურველ შორეთს ელტვის,
რამ დაღალოს? -
ძლიერია ჩიტის ფრთებიც.

ერთურთს თუ შევიყვარებდით,
ჩიტის საკენკს,
ჩიტის ბუდეს ვიკმარებდით.

ვმადლობ უფალს, - დიდის ლხენის
მიზეზია ზოგჯერ სმენა
ჩიტის სტვენის...
...
ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო,
ხორცო,
ერთო ფიორაო...

1991