пятница, 13 декабря 2013 г.

ანზორ აბჟანდაძე "თქვენ სულ აქა ხართ"


ანზორ აბჟანდაძე

თქვენ სულ აქა ხართ

"მთაწმინდა"
თბილისი 2014

ანზორ აბჟანდაძე (1941) ქართველი საზოგადოებისათვის ცნობილია პოეტური კრებულებით, თარგმანებითა და პუბლიცისტური წერილებით
ეს მომცრო გამოცემა, რომელიც ქრონოლოგიური პრინციპითაა შედგენილი, მისი ლექსების მეოთხე კრებულია. იგი მოიცავს 2011-2013 წლებშიშექმნილი  ლირიკული ნაწარმოებების ნაწილს, რომელთა ლაიტმოტივი სამშობლოს, მოყვასის სიყვარულია.

შინაარსი

ნეტავ იმას  4
მახსოვს  5
ინოლა  6
ფიროსმანის ძეგლთან  7
თუ გახსოვს შენ  8
შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი  9
გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას  10
ჯერ ოცი წლისაც არ იყო  11
ჩიტები ცაში კვდებიან  12
ჩიტმა ამბავი მოიტანა  13
ჭამე, სანჩო!  14
აპოლოგია "ვეფხისტყაოსნისა"  15
ზინა კვერენჩხილაძე  16
წუთისოფელო, დავზავდეთ  18
პატრიარქის ჩაბრძანება დმანისში  19
დედა  20
ისევ ჩემს ოთახში  22
რა ვიცი!  24
ისევ  25
წუთისოფელი  26
თქვენ სულ აქა ხართ  27

    ნეტავ იმას

რა ნაზი და ლამაზია
ჩიტის ფრთების პაწაწინა სითბო!
ცაში ფრენით განბანილი
და ბუდეში ჩაფენილი თითქო.

ჰო, ბარტყები, აქ გაზრდილნი,
სწორედ ცაში დაიწყებენ ნავარდს...
ნეტავ იმას, ნეტავ იმას,
ვისაც ცა და ცაში ფრენა განბანს!

2011

მახსოვს

მახსოვს გართობანი ბავშვური,
მახსოვს შეცნობანიც ახლის,
მახსოვს სურვილებიც გიჟური,
მახსოვს ფოთოლცვენაც ბაღის,

მახსოვს ზეცის გახსნა, რომელიც
საზღვარს ამქვეყნიურს გასცდა,
მახსოვს თბილი გულიც მოყვასის,
მახსოვს იდუმალის განცდაც...

ჰო, თბილ მოგონებებს ვინახავ,
რითაც ეს ცხოვრება ფასობს...

ცუდი - მეტი უფრო მინახავს,
მაგრამ კარგი უფრო მახსოვს.

2012


ინოლა

        ”იქნებ ღრუბლებად იქეც,
         იქნებ ნამი ხარ ველის?..”
                        ინოლა გურგულია

შექმნა... იმღერა...  გვიძღვნა
ჰანგთა ძვირფასთა წნული...
ქარი კვლავ არხევს სიმებს
მისი ლამაზი სულის.

და რაც უთქმელი დარჩა,
წმინდა გალობა ცრემლის, -
ალბათ ღრუბლებად იქცა,
ალბათ ნამია ველის...

2011

           ფიროსმანის ძეგლთან

დიდი მხატვარი მუხლმოყრილი დასცქერის ბატკანს,
მკერდზე მიუკრავს სააღდგომო თეთრი ბატკანი...
ეს არის კაცი
               ერთადერთი
                            მილიონთაგან,
მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -
                                                         ერთი მათგანი.

იდუმალია განგებანი უფლისა რადგან,
შესაწირია ისიც, როგორც  თეთრი ბატკანი,
გამორჩეული
                     ერთი კაცი
                                         მილიონთაგან,
მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -
                                                           ერთი მათგანი.                

2011

          თუ გახსოვს შენ
           
                                     ჩვენი მეგობრის,
                                    რუსლან ღონღაძის ხსოვნას

”თუ გახსოვს შენ - თეთრი ვარდების ბაღი”? -
რუსლანის სიმღერა - სევდიანი და ლაღი?

თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, - ამაყი, ახოვანი?
მომლხენი, მოყვარული, უზადო იერ-სახოვანი?

თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, მუდამ იმედით მაცქერალი?
ერთგული ერისშვილი, რეჟისორი და მწერალი?

თუ გახსოვს შენ, - მისი გიორგი, უსაყვარლესი პირმშო ვაჟი?
სიმართლისათვის  თავგანწირული, გმირად შერაცხული უკრაინაში?

მისი სიკვდილის არ მომსწრები, რუსლანიც უდროოდ წასული?
მისი ლამაზი ცხოვრების მოულოდნელი დასასრული?

თუ გახსოვს შენ, - მის საფლავთან მდგარი მწუხარე ხალხი?
თუ გახსოვს შენ,  რუსლანის სიმღერა - ”თეთრი ვარდების ბაღი”?

”თეთრი ვარდების ბაღი, სად სიყვარულის დიოდა დღენი”?
თუ გახსოვს შენ, რუსლანი - კაი ყმა,  რუსლანი - ჩვენი?

2011

  შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი

         მგონი 1982 წელი იყო. ლიტერატურის მუზეუმში
           გურამ რჩეულიშვილის, ფილიპე ბერიძის, ყარამან კიკვიძის და 
           შოთა ჩანტლაძის ხსოვნის საღამო ჩატარდა... ამ დროისათვის 
           შოთა ჩანტლაძის ერთადერთი მომცრო პოეტური კრებული იყო            
           გამოქვეყნებული და ორიოდე საჟურნალო პუბლიკაცია, ისიც        
           სიკვდილის შემდეგ...

შოთას ხსოვნის საღამოზე მორიდებით გამოვედი,
წრფელად დავახასიათე, როგორც კაცი და პოეტი.

მომიწონეს, ტაში დაჰკრეს, მადლობა და ქება მითხრეს;
წიგნიც რამე მისახსოვრეს; ”იცნობდიო შოთას?” - მკითხეს.

არ ვიცნობდი; - მეგობართა გადმოცემით გავიცანი,
რომელთათვის პოეტი და კაცი იყო საფიცარი.

საბჭოური იდგა ჟამი, - ჟამი სუკ-ის და ცეკასი,
იმ ყიამეთს აბრწყინებდა თურმე შოთას მასტერ-კლასი.

ბაღში უნივერსიტეტის ჯგროდ ახლდნენო მოწაფენი, -
მისი ლექსის მწარე რითმის, წრფელი სიტყვის მოწადენი.

ჰო, დრო იყო საბჭოური, უძრაობა გაგანია...
პოეზიის გენერლებიც მიიმალნენ რა ხანია...

რაც ხდებოდა, ისევ მოხდა: მოკვდა კაცი და დაფასდა...
ახლა მისი წიგნთა-წიგნი იბეჭდება დასტა-დასტა.

მაგრამ დარჩა  სინანულად დიდი პოეტი და კაცი,
მისი წიგნი - მისი განძი, მისი ბაღის მასტერ-კლასი.

2011


 

  გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას

სიცოცხლე, სივრცე, სიმხნევე,           
სუფრა, სიმღერა უყვარდა...
შეიყრებოდნენ მოყმენი, -
„სად წავიდეთო?” –
„გურამთან“!..

...როდესაც მამულს უჭირდა
და ცოდვის კალო ბრუნავდა,
იქაც მას გაჰყვნენ, - ომშიდაც
ადვილი იყო გურამთან...

...ხვამლს - მის ზენაარ ოცნებას, -
იდუმალება ჰბურავდა...
ხვამლიც მიენდო მის ნებას:
გული გააღო გურამთან...

წავიდნენ ყმანი ნარჩევნი...
ჰო, ღმერთს ყველანი უყვარდა...
ჩვენც წავალთ - აქ არ დავრჩებით,
იქ შევიყრებით... გურამთან...

2011 


                      ჯერ ოცი წლისაც არ იყო

            აფხაზეთის ომში დაღუპულ
           თემურ სამხარაძის ხსოვნას

ვოი, შენ, წუთისოფელო,
რად  გვეკიდები მტრადა?
მისებრი კაი ვაჟები
რად გემეტება ცადა?

როგორ უყვარდა სიცოცხლე!
რა ნეტარებას გვრიდა!..
ჯერ ოცი წლისაც არ იყო,
ფრთებს ეს-ესაა შლიდა...

ტაძრის აგებას ფიქრობდა;
ქვეყნის ტკივილი სწვავდა;
მკლავი და გული ერჩოდა,
გამარჯვებისა სწამდა.

წინ მწვერვალები ელოდა...
ბედი კი... სხვარიგ სჯიდა...
ჯერ ოცი წლისაც არ იყო,
ფრთებს ეს-ესაა შლიდა...

იმ ძველ თოროსან მეომარს, -
იმ ძველ ვაჟაის ჰგავდა;
ნეტა იმ ქალას, მშვენიერს,
ვინც გულის სწორად ჰყავდა!..

ახლა - ანგელოსთ დასშია!
ახლა - დაგვცქერის ციდან!..

ჯერ ოცი წლისაც არ იყო,
ფრთებს ეს-ესაა შლიდა...

2011

 ჩიტები ცაში კვდებიან

ჩიტები ცის შვილებია
და ფრთებად ცის ნაჭრები აქვთ,
ჩიტები ცაში კვდებიან
და მკვდარნიც ცაში რჩებიან,
ცის მოყვარული გული აქვთ,
ცით მობერილი გონი აქვთ,
ჩიტები ცაში კვდებიან...
ასე მსურს... ასე მგონია...

2011

               ჩიტმა ამბავი მოიტანა

                              (იგავისებური)

ჩიტმა ამბავი მოიტანა, - მალამო გულის დადაგულის, -
მალე არწივი მოფრინდებაო, აქამდის ჩუმი და განაბული.

სვავები, ყორნები აწრიალდნენ, სულმთლად აერიათ თავგზა,
დაიწყეს ყრანტალი და ყიამყრალობა, - არა სურთ დათმობაზე წასვლა.
      
არწივმა მიიხედ-მოიხედა, ბულბულებს, ნიბლიებს უხმო,
ისურვა, სიმართლე მოესმინა, - არავინ განეკითხა უღვთოდ,

ყველას მიკუთვნოდა თავ-თავისი, - პური თუ სული თუ ფრთები...
განემშვენებინა წყალი და ხმელეთი, ველი და ბარი და მთები...

სვავები, ყორნები აყრანტალდნენ, - აქედან გავაგდებთო არწივს,
აქ ჩვენი არისო ყველაფერი, არ დავთმობთ ფრჩხილისოდენ ნაწილს;

ჩვენი კერძიაო ეს ქვეყანა,  გვინდაო ბოლომდე ვყვლიფოთ...
ჩიტმა ამბავი მოიტანა...
- ოქროს ნისკარტი, ჩიტო!

  2011

                   ჭამე, სანჩო!

„- ჭამე, ჩემო მეგობარო სანჩო, ჭამე, შენს სიცოცხლეს ხელი შეუწყვე.
შენი სიცოცხლე შენთვის უფრო საჭიროა, ვიდრე ჩემთვის ჩემი
სიცოცხლე... მე იმისათვის გავჩნდი ამქვეყნად, რომ სიკვდილით
ვიცოცხლო, შენ კი იმისთვის დაბადებულხარ, პირში ლუკმაგაჩრილი
მოკვდე.”
                                                                           სერვანტესი, “დონ კიხოტი”

მე და ჩემი როსინანტი მზაკვარ ბედზე ვსტირით,
შენ კი ტკბები ამ ცხოვრებით, მარჩენალი ვირით.
გმადლობთ, სანჩო, რომ არსებობ!.. ან რა გითხრა სხვა მე?
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!

მე ამქვეყნად სამართალი დავამყარო, მინდა...
თუ მშვიდად ვარ, მხოლოდ შენი აქ ყოფნით ვარ მშვიდად.
თუ რამე მაქვს, მხოლოდ შენი გარჯითა მაქვს რამე...
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!

მე ზეციურ დულსინეას ვეძებ სულთქმით, გაჭრით,
შენ - მიწაზე გიდგას ფეხი, უძილობაც არ გჭირს.
მე - დღე ვარდებს შევციცინებ, ვარსკვლავებს ვჭვრეტ ღამე...
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!

მე ვაღამებ და ვათენებ საწუთროზე ოხვრით,
შენ - ქვას ქვაზე ალაგებ და აშენებ და თოხნი...
ალალ იყოს ლუკმა შენი!.. მარად იყავნ!.. ამენ!
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!

2012 

აპოლოგია ვეფხისტყაოსნისა“

ჩვენი წიგნის თაროები
სულ პირთამდე ავსილია...
ვგმობთ უწიგნურ „რუსთავ-2“-ს თუ „იმედს“, -
მათ შოუებს,
რეალითებს,
სერიალებს ბრაზილიურს,
ფეშენ-ფართებს, ეროტიულ ფილმებს...

ჰო, წიგნები უხვადა გვაქვს
არიგებ-ჩარიგებული,
არჩევანიც გვაქვს-მცა უამრავი:
ქართული და,  რუსული და,
ევროპულ-ამერიკული,
დედანი თუ, თარგმანი თუ, რა ვი...

რომანი და, ნოველა და,
ლექსები თუ, ნაშრომები...
რამდენი რამ დაგვიგროვდა, ღმერთო...
ნეტავ იმ დროს, როცა ქართველს
სხვა არ ჰქონდა არჩევანი,
და წინ მხოლოდ შოთას წიგნი ედო!

2012


ზინა კვერენჩხილაძე

მარჯანიშვილის ხიდზე
       გადავდიოდი ერთხელ,
ქალი შევნიშნე ერთი
       ხიდის იქითა თავში,
მოჰქონდა კარგა დიდი
       ორკაპიანი ჯოხი,
და თეთრი, გრძელი  შარფი
       უფრიალებდა ქარში.

დამინახა და უცებ
       მაღლა შემართა ჯოხი,
მემუქრებოდა, ხელით
       ყელზე იხვევდა შარფსაც.
გავიფიქრე: „აი, შარი!
       ვაითუ კიდეც მომცხოს!“ -
და დავაპირე ხიდის
       იქეთ-მხარეზე გაცლა.

მაგრამ ვიცანი უცებ:
       ღმერთო!  - ეს იყო ზინა!
კვერენჩხილაძე! - დიდი
       მსახიობი და ბავშვი!
ჯოხს მიღერებდა, თანაც
       იღიმებოდა თბილად,
და მხიარული სხივი
       უთამაშებდა თვალში.

მე მივესალმე კრძალვით...
       მიმიხვდა - კითხვა მსურდა, -
რისთვის მიჰქონდა ჯოხი
       ასე ამაყად, ლაღად?
„ეს ჯოხი, ჩემო კარგო,
       დარისპანისთვის მინდა,
აქამდე - შეშა იყო,
       ახლა - სცენაზე ნახავთ...“

...ასეთი იყო ზინა, -
       უბრალოცა და დიდიც...
(დმანისელთათვის იგი
       მაშინ „დარისპანს“ დგამდა);
თვალს აყოლებდა ხალხი
       სიყვარულით და რიდით, -
მარჯანიშვილის ხიდი
       ერთწამს დიდ სცენას ჰგავდა.

2012



 წუთისოფელო, დავზავდეთ

ხან ტკბილი იყავ, ხან მწარე,
ხან ჯილდო, ხანაც სასჯელი...
წუთისოფელო, დავზავდეთ, -
არც შენი იყოს, არც ჩემი!

გამოჩნდა ჩემი საძვალე,
სივრცე ორიოდ საჟენი...
ჰო, მე ვერაფრით დაგძალე,
შენც უკვალოდ ვერ წამშალე, -
არც შენი არის, არც ჩემი!

2012

     პატრიარქის ჩაბრძანება დმანისში
                              
                                1982 წელს არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანის
                                ინიციატივით საქართველოს პატრიარქი დმანისს ეწვია.
                               1987 წელს დმანისის სიონი ამოქმედდა.

გადადო საქმე,
                        არც არაფრად ჩააგდო დაღლა,
წინაპართ კვალის გარდავლება ისურვა თვალის;
მიმოიხილა, მოილოცა, აკურთხა, ნახა...
ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.

ნაშთნი, ნაშალნი სასახლეთა, ციხეთა, ბაღთა,
ნახა დიდების ნამუსრევი, გამქრალი ლამის;
წმინდა ტაძარი ცხვარ-ძროხათა სადგომად დახვდა...
ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.

და იყო ბრძოლა სატანასთან, წყვდიადთან, ჯანღთან...
ხუთი წლის ბრძოლა... 
                           აღსრულება ღვთიურის ვალის...
ტაძარი ღვთისა შეიმოსა, გაბრწყინდა, აღდგა...

ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.

2012

           დ ე დ ა

უზრუნველი ბავშვობა... სიხალისე ულევი... 
ქვრივი დედის ალერსი წამოჩიტულ და-ძმის...
გიმნაზია... ცეკვები... გართობები... ბალები...
მამის დანატოვარი - ოქრო-ვერცხლი... განძი...

მაგრამ - უცებ დაბნელდა: ჯოჯოხეთმა წითელმა
უზრუნველი ბავშვობა უმოწყალოდ მოჰკლა, -
მამის განძი წარსტაცეს, გადაჯიჯგნეს ოჯახი...
და - დასრულდა ლამაზი ფოქსტროტი და პოლკაც...

მერე - ფეხზე დადგომა... სტუდენტობა... თბილისი... 
(მეგობარი ძვირფასი - ლაზარიდი ანი)...
ესეც წარსულს მიჰბარდა... დარჩა ქმარი... წვრილშვილი...
ჭაპანწყვეტა სოფლური... სიღატაკე ლამის...

სახლში - დედის, სკოლაში - მასწავლებლის ჭაპანი,
დღიურები... წიგნები... გზა სკოლისკენ დილით...
მერე - ცეცხლთან, ბუხრის წინ, - რვეულები... აკვანი...
კეცზე - ჭადი დამწვარი... ნასესხები ფქვილი...

ჰო, დიოდნენ მტანჯველი, ნაცრისფერი დღეები...
არ გახუნდა წარსული, არც ოცნება მოკვდა...
გვასწავლიდა ჩვენც ზოგჯერ, დაკოჟრილი ხელებით,
ბავშვობაში  შეწყვეტილ ფოქსტროტსა და პოლკას...

დრო დიოდა... როგორღაც დავფრთიანდით შვილები,
დავიფანტეთ, ჩვენ-ჩვენი მიმოვძებნეთ გზები...
მის გულში კი ბავშვობა მაინც ფეთქდა იდუმლად, -
გიმნაზია... ცეკვები... უზრუნველი წლები...

მერე - დადგა სიბერე, - საბოლოოდ მსახვრალი...
მერე - სული მოიცვა უცნაურმა ლტოლვამ...
და დასრულდა ხილვებში, გულის ბოლო ფართქალით,   
შორს, წარსულში შემწყდარი ფოქსტროტი და პოლკა.

2012


ისევ ჩემს ოთახში

(მორიგი დაბადების დღის
აღსანიშნავად)

ისევ აქ ვარ, აქ ვხვდები
                 სამოცდამეთორმეტეს,
ამ კედლებს კი გაწევა
                არ ეღირსათ განზე.
თუმც-კი შეჩვეული ვარ
                 ამ სენაკს, მით უმეტეს,
 სამახსოვრო დღეების            
                 ნამცვრევებით სავსეს.

ჰო, აქ ახლა მძლავრობენ
                 შემოდგომის ფერები...
აქ დამჭკნარან ფიქრები
                  და ღაწვები თლილი...
აქ ყოფილან ზურაბი,
                ზვიადი თუ მერაბი,
აქ ყოფილან რუსლანი,
                 ვიტალი თუ ლილი...

აწ ისინი იმქვეყნის,
                ზეცის მკვიდრნი არიან,
მე ჯერ ისევ ამქვეყნის
                ოთხ კედელში ვრჩები...
ჰო, საწუთრო ტკბილია
                 და იმავ დროს მწარეა,
და ძირს ჰყრია უწყალოდ
                  წარკვეთილი ფრთები.

და კვლავ აქ ვარ, აქ ვხდები
                 სამოცდამეთორმეტეს,
და არ ვიცი, ვლხინობ თუ
                 სინანული მავსებს:

მინდა ამ ოთხ კედელში
                 „ზღვა ხალხი“ ეტეოდეს,
მაგრამ, რა ვქნა,  - კედლები
                არ იწევა განზე...

2013

               რა ვიცი!
                              
ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება ხოლმე,
„რა ვიცი“ აღარ გამაგონო, ყოველთვის „ვიცი“ თქვიო.

სულ პირზე მადგას „რა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -
ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!

რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;
რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;

რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;
რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;

რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;
რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;

რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..
ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...

2013

 ისევ

ისევ თენდება;
                   ზეცას თბილი ფერები ჰფარავს;                          
ისევ ცრემლივით ლამაზია ცვარ-ნამი დილის,
ისევ ისეა სიხარული -
                   ახლოც და შორიც;
ისევ გულშია მოგონება -
                    მწარეც და ტკბილიც.

ისევ მირაჟი:
                     სულის ნაცვლად ანათებს ხორცი;
ისევ იწროა გზა სიმართლის,
                     შენთვის თუ ჩემთვის... 
ისევ უმწეო მოლოდინი  
                     ხვალის დღეს ვუცქერთ,
ისევ გვირაბის ბოლოსაა
                     სინათლის წვეთი.

2013


 წუთისოფელი

ესაა წუთისოფელი -
                 კეთილიცა და ბოროტიც,
ხან სიხარული პატარა,
                ხან სინანული დიდი...
რა მძიმე არის  ლამაზი
                 მოგონებების ტარება!
რა სუბუქია დუხჭირი
                მოგონებების ტვირთი!

მაგრამ რაც არის, ეს არის, -
                 წუთია წუთისოფელი,
ასპარეზია ყოველი
                 სიმართლისა თუ ჭორის,
მარტვილობაა აქყოფნის,
                 სიხარულია ცადყოფნის,                
ანარეკლია სამოთხის, -
                 ახლოც არის და შორიც.

2013

თქვენ სულ აქა ხართ

იყო იმედი, იყო სწრაფვა, იყო ზეიმი,
იყო ნაღველი, იყო ფიქრი, იყო ცხოვრება,
იყო დღეები - უფერულიც,  მწარეც, საამოც,
რაც არასოდეს, არასოდეს განმეორდება.

მაგრამ თუ უკვე საყუდარი ჰპოვეს ვნებებმა,
მოგონებების ბიბინებენ კვლავაც კორდები!
ჰო, თქვენ აქა ხართ, სულ აქა ხართ, მოგონებებო,
და უამრავჯერ, უამრავჯერ განმეორდებით...

2013



რედაქტორ-შემდგენელი
ზურაბ კალანდაძე

გარეკანის მხატვარი
ლევან კვარაცხელია

ა.აბჟანდაძის პორტრეტი
ფრიდონ გოცირიძე

გამოცემა უზრუნველყო
გიორგი კალანდაძემ

გამომცემლობა მთაწმინდა

ISBN 978-9941-9231-3-5