среда, 30 сентября 2015 г.

             ტენდენციურობა რას არ გათქმევინებს!

 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია 11-ს ნინია კაკაბაძე და მისი თანამოაზრე "პროდვინუტები" რუსულ ორიენტაციაში სდებენ ბრალს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ან ტენდენციურად გააზრებული ფრაზების საფუძველზე.
რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ბრალდება?
მოვისმინოთ თვით პატრიარქის შეხედულებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე:

აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის ცნობა უნებლიედ ხდება კომუნისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად და უკანონოდ შექმნილ ავტონომიებზე გაცილებით უარესი მოვლენა, რადგან, ვიმეორებ, ასეთი სუბიექტები ისტორიულად არასოდეს არსებობდა, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში რუსეთის იმპერია 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკას ახორციელებდა.
        12 ივნისი 2009 წ. გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2009 წ.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და მათ ბევრჯერ ვუთხარი, რომ არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობას.
          9 ოქტომბერი, 2008 წ. გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2008 წ.

ჩვენს ნინააღმდეგ დიდი აგრესია განხორციელდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა (რომელთაც უეროვნებო, ურელიგიო ინტერნაციონალური ბირთვი მართავდა) დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო; მათ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები. ამით ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად...
ყოვლად აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ და პირველ რიგში ოსებმა და აფხაზებმა, ასევე ქართველებმაც იცოდნენ თავისი რეალური ისტორია და არა ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი 70 წლის მანძილზე და მანამდე რუსეთის იმპერია ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვახვევდა თავს.“
        ფრანგულ ჟურნალ „ლაკრუასათვის“ მიცემული ინტერვიუდან.
        გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2008 წ.14 სექტემბერი, 2008 წ.

კიდევ უამრავი გამონათქვამების მოყვანა შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ, მგონი, საკმარისია! ტენდენციურად განწყობილ "პროდვინუტებს" მაინც ვერ გადავარწმუნებ!!!

ახლა პატრიარქის სიტყვები გავიხსენოთ სტალინზე, რომელიც ტენდენციურად განწყობილებს სტალინის ქებად მიაჩნიათ: 

"სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა... ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ." (ინტერვიუდან გამოცემასთან „კავკაზსკაია პოლიტიკა“, 31.07.2013).

პატრიარქის ამ სიტყვებს ასე გამოეხმაურა „უკიდურესად შეშფოთებული“ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“:

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ სტალინის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო...   პატრიარქის განცხადება არის ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია...“

საკმაოდ უხეში და მრისხანე განცხადებაა! სწორედ ავადხსენებული  ს ა ბ ჭ ო თ ა   წარსულის შესაფერი!
მაგრამ, მოდით, დავუკვირდეთ პატრიარქის ამ განცხადების თითოეულ ფრაზას:
"სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა“ - სადაა აქ სტალინის ქება და ფაქტების ფალსიფიკაცია? „გამოჩენილი“ არ ნიშნავს ქებას. მსოფლიო მასშტაბის ყველა ბოროტმოქმედი „გამოჩენილი“ იყო.
"ასეთები იშვიათად იბადებიან“ - ან აქ სადაა სტალინის ქება და ფაქტების ფალსიფიკაცია? რა, ასე არ იყო? ჰიტლერისთანებიც იშვიათად იბადებიან.
მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა...“ - აქაც სადაა სტალინის ქება? რა, რუსეთი მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყანა არ არის?
ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ" - ყურადღება მიაქციეთ პატრიარქის უაღრესად თავმდაბლურ სიტყვებს - „მე ასე ვფიქრობ“, და შეადარეთ ჩვენი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების უსაზღვროდ კატეგორიულ „მტკიცებებს“!
მართლაც უკიდურესად ჩასაფრებული და ტენდენციური ადამიანი უნდა იყო, რომ პატრიარქის ამ ფრაზებში სტალინის ქება დაინახო!

არადა, ეკლესიაში, სამწუხაროდ, ბევრი ისეთი რაღაცეებიც ხდება, რაც ყოველგვარი ჩასაფრების გარეშე შეიძლება გააკრიტიკო (თუნდაც დაგმო). რაღა საჭიროა ჩასაფრება? მაგრამ ტენდენციურობა რას არ გათქმევინებს და ჩაგადენინებს!