გამომცემლობა "საქართველოს მაცნე", 2016, პირველი გამოცემა.
გამომცემლობა "პერგამენტი", 2019, მეორე გამოცემა.
წინამდებარე წიგნი განკუთვნილია მოზარდთათვის და იმ მკითხველთათვის, რომელთაც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სრულფასოვანი აღქმა გარკვეულწილად უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ პოემის ენა ძალიან ახლოა დღევანდელ ქართულ ლიტერატურულ ენასთან.
პოემის შეცნობის გაიოლების მიზნით რამდენჯერმე გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი, ანუ ტექსტი პროზაული სახით, მაგრამ ამას, ბუნებრივია, სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
„ვეფხისტყაოსნის“ შესახებ უამრავი მეცნიერული ნაშრომი არსებობს, მაგრამ მასობრივი მკითხველი მათ, ფაქტობრივად, არ იცნობს.
წინამდებარე წიგნი ამ სამი კომპონენტის (პოემის ტექსტი, პროზაულად გადმოცემული შინაარსი, მეცნიერული კვლევა) მასობრივი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე შერწყმულად მიწოდების მცდელობას წარმოადგენს.
ამ მიზნით პოემის შინაარსის თხრობას თან ახლავს ადვილად აღსაქმელი და, სავარაუდოდ, მკითხველის დამაინტერესებელი,ძირითადად, სამეცნიერო გამოკვლევებზე დაფუძნებული კომენტარები, ხოლო შიგადაშიგ ჩართულია პოემის ყველაზე შთამბეჭდავი და, ამავე დროს, ადვილად აღსაქმელი სტროფები.
წიგნის მიზანია, მკითხველში პოემის უფრო ღრმად შეცნობის სურვილი აღძრას.
ავტორს რუსთველოლოგიურ პრობლემებზე გამოცემული აქვს ნაშრომი „ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი“ (1994 წ.).
სასარგებლო და საინტერესო წიგნი "ვეფხისტყაოსანზე"
„ვეფხისტყაოსანი“ საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ქართველი ხალხის ერთადერთ უპირველეს და უსაყვარლეს საკითხავ წიგნს.
დიდმა რუსთველმა ბრწყინვალედ მოიხადა ვალი მშობელი ერის წინაშე, მან გვიანდერძა მარადიული დიდება - პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართველ მკითხველს კლასიკური მხატვრული ლიტერატურის – თარგმნილის თუ ორიგინალურის – დიდძალ რაოდენობაზე მიუწვდება ხელი, „ვეფხისტყაოსნის“ ადგილი ქართველი ადამიანისათვის ხელშეუხებელი რჩება და ასეთად დარჩება მარადჟამს.
ამ სხივოსანი იმედითაა გამსჭვალული ეს ნაშრომიც.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ წიგნი მიმზიდველი, ადვილად აღსაქმელი ენითაა დაწერილი, და, ამასთან, მრავალფეროვანი, ინტერესის აღმძვრელი განმარტებები ახლავს. ავტორს იუმორიც საკმაოდ ხშირად აქვს გამოყენებული, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს წიგნს.
წიგნში სხვადასხვა რუსთველოლოგის კვლევის შედეგებიც არის ზომიერად ასახული (ვიკტორ ნოზაძე, ზვიად გამსახურდია, ნოდარ ნათაძე, გიორგი თევზაძე და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ავტორს საკუთარი რუსთველოლოგიური ნაშრომიდანაც აქვს შეტანილი გარკვეული ადგილები (მხედველობაში მაქვს ნაშრომი „ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი“).
ავტორი ცდილობს, „აიყოლიოს“ მოზარდი მკითხველი პოემის სხვადასხვა ეპიზოდის ახლებურ გააზრებაში. ავტორი თითქოს მკითხველთან ერთად მსჯელობს ასეთ საკითხებზე.
ამ თვალსაზრისით მოზარდი მკითხველის ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე ახლობელი და აქტუალური თემა - ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა თუ იძულებითი მიერთება, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ერთ-ერთი საკვანძო მომენტია.
„ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის მიხედვით, ტარიელის მამამ სარიდანმა თავისი დამოუკიდებელი სამეფო ნებაყოფლობით შეუერთა ინდოეთის სახელმწიფოს.
ინდოეთში შექმნილი დრამატული სიტუაციის ორიგინალური და დამაჯერებელი გაანალიზებით ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სარიდანის სამეფოს შეერთება ინდოეთის გაერთიანებულ სამეფოსთან მოხდა არა ნებაყოფლობით, ანუ სარიდანის კეთილი ნებით, არამედ ინდოეთის მეფის ფარსადანის მხრიდან რაღაც იძულების გზით, როგორც ეს ისტორიულად არაერთხელ მომხდარა. ავტორის მსჯელობით - რაშიც, როგორც ვთქვით, თითქოს მკითხველიც მონაწილეობს - სწორედ ეს იძულებითი შეერთება გახდა ინდოეთის დრამატული მოვლენების შეფარული, მაგრამ ნადვილი მიზეზი, პოემის გმირთა ქმედებების წარმმართველი უჩინარი მამოძრავებელი ზამბარა.
ავტორი საინტერესო ანალოგიას ხედავს სარიდანის სამეფოს ინდოეთთან ვითომცდა „ნებაყოფლობით“ შეერთებასა და 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას შორის, რასაც ასევე „ნებაყოფლობით“ შეერთებას უწოდებდნენ კრემლის მარადიული იდეოლოგები.
ნაშრომში ასეთი არაორდინალური დაკვირვებები სხვაც არაერთია. განსაკუთრებით ეს ითქმის პროლოგის ანალიზზე (სხვათა შორის, აქ ყურადღება გამახვილებულია ცნობილი რუსთველოლოგის და კულტურტრეგერის ზვიად გამსახურდიას შეხედულებაზე პოემაში სამება-ერთარსების მოხსენიების შესახებ).
თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი შემეცნებითი ღირებულების მქონე, მოზარდთათვის განკუთვნილ საინტერესო და სასარგებლო წიგნთან, რომელიც, ამასთან, სასიამოვნოდ საკითხავიცაა.
ნაშრომი, ვფიქრობ, გაამართლებს იმ კეთილშობილურ მიზანს, რომელიც ავტორმა დაისახა. კერძოდ, ხელს შეუწყობს მოზარდებში ჩვენი ეროვნული კულტურის უპირველესი და უძვირფასესი საუნჯის - „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ჯეროვანი ყურადღების გაცხოველებას, რაც ასერიგად გვესაჭიროება, და შოთა რუსთველის გენიალური პოეტური ხელოვნების რეალური აღქმა-შემეცნების ფრიად სასურველ საქმეს.
დასასრულ, მინდა გავიხსენო წიგნის ბოლო ფრაზა, ავტორის მიერ გულწრფელი თვითირონიით ნათქვამი: „ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!“
არა, ანზორ ბატონო, ნუ სწუხარ, ნამდვილად არ დამაშვრალხარ ამაოდ!
ვახტანგ ბახტაძე
ჟურნალისტი, პუბლიცისტი
მოდი, შევთანხმდეთ
ბედნიერია ბავშვობის ხანა. არა მხოლოდ იმ უზრუნველობისა და სიხალისის გამო, რაც ცხოვრების მძიმე ჭაპანში შებმამდე გაქვს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალს იგებ, იმეცნებ, ითვისებ.
ამ შემეცნების გზაზე ბევრი გატაცება გაქვს ხოლმე, ბევრი რამ გგვრის სიხარულს, ბევრი რამ გაფიქრებს.
მოდი, დავუკვირდეთ ერთ კანონზომიერებას.
ავიღოთ, ვთქვათ, მათემატიკა. თუ შენ ადვილად ხსნი მაგალითებსა და ამოცანებს, აუცილებლად გიყვარს კიდეც ეს საგანი. თუ ვერ ხსნი, ვერ გებულობ, მაშინ არ გიყვარს. არ გიყვარს კი არა, შეიძლება გძულს კიდეც.
ასევეა ნებისმიერ სხვა საგანშიც.
ალბათ, ერთი რამეც გაქვს შენიშნული: შენ თუ კარგად იცი, ვთქვათ, მათემატიკა, ქიმია და ა.შ., ძალიან გიკვირს, თუ რატომ არ უყვარს, არ ესმის ზოგიერთ შენს ამხანაგს ეს საგნები, შენთვის რომ ასე ძალიან ადვილი და გასაგებია.
ხომ გახსოვს, სანამ ჭადრაკის თამაში არ იცოდი, საშინლად გაუგებრად და უაზროდ გეჩვენებოდა ის. ხოლო როცა მისი თამაში ისწავლე, მაშინღა იგრძენი, რა ადვილი ყოფილა მისი სწავლა, რა მიმზიდველი, თანაც რა სასიამოვნოდ რთული ყოფილა მისი თამაში.
მოდი, შევთანხმდეთ: აი, ისე, როგორც ჭადრაკის შემთხვევაში, რაიმეს ხიბლი და მიმზიდველობა რომ იგრძნო, იგი უნდა ისწავლო.
ეს კი იმას ნიშნავს, მოიპოვო ის გასაღები, რომელიც „ჯადოსნური“ სამყაროს კარს გაგიღებს და ისეთ რამეს დაგანახებს, რაც მანამადე შენთვის სრულიად უცხო და უინტე- რესო იყო.
აი, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენი ერის უდიდესი განძის - „ვეფხისტყაოსანის“ შემთხვევაშიც.
„ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ალბათ ბევრჯერ გსმენია. ისიც გაგიგია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უჭკნობი გვირგვინი და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მშვენებაა. მაგრამ თუ რატომაა ასე, ამის შესახებ ნაკლებად იცი.
„ვეფხისტყაოსანს“ ხშირად ისე ვუცქერით, როგორც უზარმაზარ მწვერვალს უცქერიან ადამიანები - აღტაცებით, მოკრძალებით და ერთგვარი შიშითაც.
მაგრამ „ვეფხისტყაოსანი“ სულაც არ არის „უკარება“ და მიუწვდომელი. პირიქით, თუ მას გულს უჩვენებ (ანუ თუ გულისყურით წაიკითხავ), ის სამაგიეროდ ათასმაგ სიხარულს მოგანიჭებთ, იმ სიხარულს, რასაც მაღალი ხელოვნებით ტკბობის სიხარული ჰქვია.
„ვეფხისტყაოსანის“ კითხვისას ბევრი გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილი შეგხვდება. ამან, შეიძლება, გარკვეულად დაგაბრკოლოს. ქვემოთ შევეცდები, განგიმარტო ასეთი ადგილები. ზოგიერთი, პირიქით, შესაძლოა, ადვილად გასაგები გეგონოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა აზრის, ან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ხოლმე.
ერთი სიტყვით, ჩვენ ერთად განვიხილავთ მთელ „ვეფხისტყაოსანს“.
შევეცადოთ, ერთად მოვიპოვოთ ის ჯადოსნური „გასაღები“, რომელიც ამ დიდებული ტაძრის - „ვეფხისტყაოსანის“ კარს გაგიღებს.
„გასაღებია“ პოემის შინაარსის, მისი ცალკეული ეპიზოდების, პოემაში აღწერილი მოლენების სწორად გაგება და, ამასთან ერთად, რუსთველის უზენაეს პოეტურ ხელოვნე- ბასთან ზიარება.
ამ გასაღებით შენთვის გაადვილდება გზა „ვეფხისტყაოსანის“ ყველა „კუთხე-კუნჭულისაკენ“, საიდანაც ყველთვის აუწერელი მშვენიერება შემოგანათებს.
შენ, ალბათ, ბევრი კინოფილმი, ბევრი წიგნი გიყვარს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაარსები კარგად იცი, მაინც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ნახულობ და კითხულობ მათ.
ანალოგიურად, იმ ჯადოსნური გასაღების მოპოვების შემდეგ, შენ „ვეფხისტყაოსანსაც“ ალბათ მრავალჯერ, მრავალჯერ წაიკითხავ სიამოვნებით, თუნდაც ადგილ-ადგილ. და იგი შენთვის გახდება ყველაზე საოცარი და მშვენიერი, ყველაზე მიმზიდველი და ძვირფასი წიგნი.
მაშ, მოდი, შევუდგეთ ამ ჯადოსნური გასაღების ძიებას, ან, უფრო სწორად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ამ ჯადოსნური გასაღების მოპოვება.
ვინ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“?
შენ, ალბათ, ბევრი ახალი ამხანაგი გაგიცვნია. გაცნობისას, ცხადია, ისინი თავიანთ სახელსა და გვარს გეუბნებოდნენ. შენც შენსას ეტყოდი. მაშ, მოდი, ჩვენც ასე დავიწყოთ -„ვეფხისტყაოსანის“ ავტორის ვინაობას გავეცნოთ და მერე ვნახოთ, რა დაწერა მან 800 წლის წინ.
„ვეფხისტყაოსანი“ ვინც დაწერა, ეს, ალბათ, შენც იცი, - ვინ და შოთა რუსთაველმა.
მაგრამ არც ასე მარტივადაა ეს საქმე. ავიღოთ, მაგალითად, გვარი „რუსთაველი“.
თითქოს ჩვეულებრივი გვარია, ისეთივე, როგორც შენ და შენს მეგობრებს გაქვთ.
მაგრამ დღეს იმაზეც კი დავობენ, სწორად წარმოვთქვამთ თუ არა ამ გვარს.
საქმე ისაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი რამდენჯერმე თავად ასე გვეცნობა - მე რუსთველი ვარო. რუსთველი და არა რუსთაველი. განსხვავება მხოლოდ ერთი პატარა „ა“ არის, რომელიც „თ“-ს და „ვ“-ს შორის არის მოთავსებული.
შენ სამართლიანად იკითხავ, - თუ პოემის ავტორი თავის თავს „რუსთველს“ უწოდებს, ჩვენ რატომ ვუწოდებთ „რუსთაველსო“?
საქმე ისაა, რომ ეს ფორმა „რუსთაველი“ პოემის ავტორის მიმართ სამი საუკუნის წინათ გამოიყენეს და მას შემდეგ დამკვიდრდა. ისე მტკიცედ დამკვიდრდა, რომ სადაო გახდა, თუ რომელი ფორმა უნდა ვიხმაროთ დღეს - „რუსთველი“ თუ „რუსთაველი“.
მაგრამ მეცნიერების დავას ჩვენ სად შევწვდებით! ჩვენ მარტივად განვსაჯოთ: რასაც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი თავის თავზე გვეუბნება, ის დავიჯეროთ. ის კი გვეუბნება, რუსთველი ვარო.
ახლა შენ რომ მითხრა, მე ესა და ეს გვარი ვარო, არ უნდა დაგიჯერო?
ვთქვათ, მჭედლიშვილი ვარო, მითხარი. ხომ არ ვიქნები მართალი, რომ გითხრა, „მჭედლიშვილი“ კი არა, „მჭედელიშვილი“ ხარ-მეთქი.
ჰოდა, ჩვენც ისე მოვიხსენოთ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, როგორც თვითონ გვეუბნება - „რუსთველი“. რატომ არ უნდა დავუჯეროთ, რატომ უნდა შევუცვალოთ გვარი ჩვენს უდიდეს პოეტს?
ისე, თუ გინდა, შენც „რუსთაველი“ უწოდე, არც ესაა დიდი დანაშაული, მაგრამ მაინც გირჩევ - სჯობია, თვითონ პოემის ავტორს დაუჯერო.
„რუსთველი“, როგორც შენც კარგად ხვდები, უკავშირდება ქალაქის სახელწოდებას - „რუსთავს“.
საერთოდ, ისეთი გვარები, რომლებიც რომელიმე ქალაქს ან დასახლებულ პუნქტს უკავშირდება, ძველად საქართველოში ენიჭებოდათ დიდი თანამდებობის პირებს, რომლებიც ამ ქალაქს, ან დასახლებულ ადგილს ფლობდნენ. მაგალითად „თმოგველი“ თმოგვის მფლობელს ნიშნავდა, „ახალციხელი“ - ახალციხის მფლობელს და ა. შ.
ასეთივე წესით ენიჭებოდათ ზედწოდება მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირებს - ეპისკოპოსებსაც. მაგალითად, „ალავერდელი“ ალავერდის ეპისკოპოსს ეწოდა, „წილკნელი“ - წილკნის ეპისკოპოსს და ა.შ.. ეს ზედწოდებები ჩვენს ეკლესიაში დღესაც შენარჩუნებულია.
საინტერესო ისაა, რომ ისტორიულ წყაროებში ხშირად არიან მოხსენებულნი ადამიანები, რომელთა ზედწოდება „რუსთველი“, მაგრამ ყველა ისინი რუსთავის ეპისკოპოსები არიან. „ვეფხისტყაოსანი“ რომ სასულიერო შინაარსის თხზულება ყოფილიყო, მის ავტორად, რა თქმა უნდა, რუსთავის ერთ-ერთ ეპისკოპოსს მიიჩნევდნენ. მაგრამ რახან „ვეფხისტყაოსანი“ საერო ხასიათის ნაწარმოებს წარმოადგენს, მიჩნეულია, რომ ეპისკოპოს რუსთველების გარდა ალბათ იყვნენ რუსთავის მფლობელი ერისკაცი „რუსთველებიც“. მათ შორის გულისხმობენ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორსაც.
არც ისაა გამორიცხული, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი მართლაც ეპისკოპოსი ყოფილიყო გარკვეულ პერიოდში და ლიტერატურული მოღვაწეობის გამო შენარჩუნებოდა ეს ზედწოდება.
აი, ასე არც მთლად მარტივადაა საქმე „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის გვარის შემთხვევაში.
ახლა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სახელის შესახებ.
„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი თავის პოემაში მარტო თავის გვარს გვიმხელს, სახელს კი - არა.
მას რომ „შოთა“ ერქვა, ეს სხვა გზებითა და წყაროებით არის შემორჩენილი. ეს დაადასტურა ერთმა აღმოჩენამაც გასული საუკუნის 60-იან წლებში. წმინდა ქალაქ იერუსა- ლიმში ქართული ჯვარის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე სქელი საღებავის გადაცლის შემდეგ ქართველმა მეცნიერებმა გამოაჩინეს რუსთველის ფრესკა, რომელსაც წარწერაც ახლავს. ამ წარწერაში „რუსთველთან“ ერთად მოხსენებულია სახელი „შოთა“. ეს წარწერა და ფრესკა, როგორც ჩანს, შოთა რუსთველის მოღვაწეობის ახლო პერიოდშია შესრულებული.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჰქონდა რუსთველის ფრესკას საღებავის სქელი ფენა გადასმული, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. ამის შესახებ ოდესმე შენ თვითონ დაფი- ქრდები და, იმედია, მიხვდები.
სანამ დავიწყებდეთ
სანამ დავიწყებდეთ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის გაცნობას, მინდა წინასწარ გითხრა შემდეგი:
მე თანმიმდევრობით გაგაცნობ პოემის ყველა თავის შინაარსს. ყოველი თავის შინაარსის გაცნობისას განგიმარტავ ყველაფერს, რაც შენთვის შეიძლება ძნელად გასაგები იყოს. ამის შემდეგ შენ უნდა წაიკითხო ეს თავი ამ განმარტებების გათვალისწინებით.
აჯობებს, გამოიყენო „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა, რადგან მასში ყოველი თავის ბოლოს სტროფების მიხედვით ახსნილია ძნელად გასაგები სიტყვები და ფრაზები. თუ შენ სხვა რომელიმე გამოცემას გამოიყენებ, შეამჩნევ, რომ სხვადასხვა გამოცემაში სტროფების ნუმერაცია შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს გამოწვეულია შემდეგი მიზეზით:
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს ჩვენამდე თვით რუსთველის ხელნაწერით არ მოუღწევია. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ გვიანი საუკუნეების ხელნაწერები. ამ ხელნაწერებში გადამწერებს პოემის ტექსტში შეტანილი აქვთ თავისი ან სხვისი შეთხზული სტროფები (ვითომდაც პოემის გაუმჯობესების მიზნით), ამიტომ ხელნაწერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სტროფების მიმდევრობითაც და რაოდენობითაც.
ჩანართი სტროფების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ადვილია დაბალი მხატვრული დონის გამო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძნელია, იმდენად ჰგავს რუსთველის მიერ დაწერილს. ამიტომ მათ ზოგი გამომცემელი რუსთველის დაწერილად მიიჩნევს და პოემის ტექსტში შეაქვს. ეს, ცხადია, იწვევს ნუმერაციის სხვადასხვაობას.
გარდა სტროფების ნუმერაციის სხვადასხვაობისა, „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემაში შეამჩნევ, რომ ერთი და იგივე სტროფში ესა თუ ის სიტყვა სხვადასხვანაირად არის დაბეჭდილი.
საქმე ისაა, რომ ძველად „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი გადამწერი გადაწერისას ზოგიერთ სიტყვას არასწორად კითხულობდა, ან თვითნებურად ცვლიდა (ალბათ ტექსტის გაუმჯობესების მიზნით). ამიტომ სხვადასხვა ხელნაწერში ზოგიერთი სიტყვა სხვადასხვანაირად იკითხება. სპეციალისტები ცდილობენ იმის ამოცნობას, თუ რომელი სიტყვა თუ ფრაზაა ნამდვილად რუსთველის. ამისდამიხედვით, პოემის სხვადასხვა გამოცემაშიც სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება შეგხვდეთ. ამიტომ ასეთ განსხვავებებს როცა შეამჩნევ, ნუ იფიქრებ, რომ ეს აუცილებლად ბეჭდვის დროს გაპარული შეცდომაა.
საერთოდ, „ვეფხისტყაოსნის“ საკითხებს სწავლობს მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, რომელსაც ჰქვია რუსთველოლოგია. მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღდგენა იმ სახით, როგორითაც რუსთველს შეიძლებოდა ჰქონოდა დაწერილი.
ერთი სიტყვით, თუ სასკოლო გამოცემა არა გაქვს, რა თქმა უნდა, შეგიძლია ისარგებლო სხვა ნებისმიერი გამოცემით, მაგრამ უნდა გაითვალისწინო სტროფთა რაოდენობისა და ნუმერაციის, აგრეთვე ცალკეული სიტყვებისა და ფრაზების სხვადასხვაობა.
რას ვგებულობთ „ვეფხისტყაოსნის“ შესავალში
„ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისი, როგორც ჩანს, პოემის დასრულების შემდეგაა დაწერილი. ე.ი. შოთა რუსთველს ჯერ პოემა დაუწერია, შემდეგ კი მისთვის შესავალი დაურთავს. ეს იქიდან ჩანს, რომ შესავალში რუსთველი თავის პოემას უკვე დაწერილად იხსენიებს.
მართლა ასეა თუ არა, ეს ჩვენი განსასჯელი არაა. ფაქტი ისაა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შესავლით იწყება და ჩვენც მის კითხვას შევუდგეთ.
ჯერ პირველ სტროფს გავეცნოთ:
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
დავუკვირდეთ დასაწყის ფრაზას: „რომელმან შექმნა სამყარო“.
შენ კარგად იცი, ვინც შექმნა სამყარო. იგი შექმნა ღმერთმა. ეს, ალბათ, ბევრჯერ მოგისმენია.
ე.ი. ფრაზაში „რომელმან შექმნა სამყარო“ იგულისხმება ღმერთი.
შენ შეიძლება წარმოგეშვას კითხვა, - თუ ამ ფრაზაში ღმერთი იგულისხმება, რატომ არ არის ის პირდაპირ ნახსენებიო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გავიხსენოთ თუნდაც მთავარი ლოცვა იგივე ღმერთის მიმართ, რომელიც, ალბათ, შენც კარგად იცი: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“. ამ ფრაზაშიც, ცხადია, ღმერთი იგულისხმება, თუმცა სიტყვა „ღმერთი“ არც აქაა ნახსენები. პირდაპირ მოუხსენებლობის შემთხვევებს სხვა ობიექტის მიმართაც ხშირად შევხვდებით პოემაში.
შენ, ალბათ, ისიც გაგიგია, რომ ქრისტიანული ღმერთი იწოდება, როგორც „სამება-ერთარსება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ღმერთი ერთ არსებაში შერწყმულ სამ პირს წარმოადგენს. ეს პირებია: მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ანუ იესო ქრისტე) და სულიწმინდა. აი, სწორედ ამ სამი პირის შესახებაა ლაპარაკი პირველი სტროფის პირველ და მეორე სტრიქონებში:
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა.
როგორც ზემოთ ვთქვით, ფრაზაში „რომელმან შექმნა სამყარო“ იგულისხმება ღმერთი, ანუ ქრისტიანული „სამება-ერთარსების“ პირველი პირი - მამა ღმერთი.
მომდევნო ფრაზაში - „ძალითა მით ძლიერითა“ იგულისხმება „სამება-ერთარსების“ მეორე პირი - ძე ღმერთი, ანუ იესო ქრისტე.
აქაც იგი პირდაპირ არაა ნახსენები (ისევე, როგორც მამა ღმერთის შემთხვევაში), მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის, რომ მამა ღმერთმა სამყარო თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით შექმნა. ქრისტიანულ ლიტერატურაში იესო ქრისტე მოიხსენიება, როგორც „ღმრთისა ძალი“.
მაშ, სტრიქონი „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“, ნიშნავს: მამა ღმერთმა შექმნა სამყარო თავისი ძლიერი ძალის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
მომდევნო სტრიქონში - „ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა“ - ნაგულისხმევია სამება-ერთარსების მესამე პირი - სულიწმინდა, რომელიც ზეცით მონაბერი სულია და რომლის მეშვეობითაც მამა ღმერთმა სამყაროსთან ერთად „ზეგარდმო არსნი“ შექმნა.
როგორც ხედავ, დასაწყის სტრიქონებში პირდაპირ არც მამა ღმერთია ნახსენები, არც ძე ღმერთი და არც სულიწმინდა, მაგრამ აქ რომ მართლაც სამება-ერთარსების სამივე პირი იგულისხმება, ეს ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაზე დაყრდნობით დაადგინა ცნობილმა მეცნიერმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.
ახლა განვიხილოთ მომდევნო სტრიქონი, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“.
ეს სტრიქონი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. პოემის პირველივე სტროფში ღმერთის ხსენების შემდეგ რომ სწორედ ეს სტრიქონია, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მასში გამოხატული აზრი რუსთველისათვის ღმერთის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
როდესაც „უთვალავი ფერის“ მქონე ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ მაინც და მაინც ნაირფერი ვარდ-ყვავილებით მოფენილი მინდორ-ველი.
ქვეყანა რომ „უთვალავი ფერისაა“, ეს ნიშნავს, რომ ამქვეყნად ყოველივე არსებული - ადამიანი, ნივთი თუ მოვლენა, - არ არის და არც შეიძლება იყოს ერთი „ფერის“ მქონე - მხოლოდ „შავი“, ან მხოლოდ „თეთრი“, მხოლოდ ბოროტი, ან მხოლოდ კეთილი, მხოლოდ ცუდი, ან მხოლოდ კარგი, და ყველაფერი, რაც კი ამქვეყნად არსებობს, ამ „ფერთა“ ნაზავს, ერთობლიობას წარმოადგენს. და ეს ღმერთის მიერაა შექმნილი და დადგენილი.
თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობას, რომელიც, ვიმეორებ, ღმერთის მიერაა შექმნილი და დადგენილი, უფრო ბრძნულად, უფრო შემწყნარებლურად, უფრო გამგებიანად, უფრო მოთმინებით აღვიქვამთ; საკუთარ თავსაც უფრო რეალისტურად შევაფასებთ; დავრწმუნდებით, რომ ჩვენ, ყველანი, მეტნაკლებ ღირსებათა და მეტნაკლებ ნაკლოვანებათა მფლობელნი ვართ; ერთმანეთს აღარ მივიჩნევთ ან ძალიან კარგ, ან ძალიან ცუდ ადამიანებად; უფრო მიმტევებელნი გავხდებით ერთმანეთის მიმართ; უფრო კარგად გავითავისებთ ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ მცნებას - „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“; უფრო ყურადღებით გავითვალისწინებთ ღვთიურ შეგონებას სხვის თვალში ბეწვის შემჩნევისა და საკუთარში დვირის ვერდანახვის შესახებ. ერთი სიტყვით, ამ ქვეყანას აღვიქვამთ და მივიღებთ ისეთს, როგორც ის ღმერთმა შექმნა და მოგვცა. და ეს იქნება ჩვენი ღვთითბოძებული ადამიანური ბედნიერების მთავარი საფუძველი, აღარ გავიმწარებთ რა სიცოცხლეს ამაო შფოთვით, და ჩვენს გარემომცველ სამყაროსთან (ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჩათვლით) სრულიად ასატან და ნორმალურ ურთიერთობას დავამყარებთ.
თუ ეს არ გავაცნობიერეთ, გამოდის, რომ ჩვენ ღმერთი არა გვწამს, ან - რადგან ეს ქვეყანა ღმერთმა სწორედ ასეთად შექმნა - ჩვენ ღმერთს უსამართლოდ, ბოროტად მივიჩნევთ. ყოველივე ამისგან კი, როგორც იტყვიან, ღმერთმა დაგვიფაროს!
აი, რატომ გვაწვდის ამ უდიდეს, მართლაც ღვთიურ ჭეშმარიტებას რუსთველი პირველ რიგში, ღმერთზე საუბრის შემდეგ. სწორედ ღმერთზე საუბრის შემდეგ!
მეოთხე სტრიქონში - „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“, - რუსთველი გვეუბნება, რომ ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანები თვით ღმერთის სახისანი არიან. ეს კი, როგორც იცი, ბიბლიაშიც ასე სწერია.
როგორც ვხედავთ, პოემის პირველ სტროფში რუსთველმა სამყაროს შექმნის ზოგადი, ყოვლისმომცველი სურათი დაგვიხატა. სწორედ ამიტომ განვიხილეთ ეს სტროფი საკმაოდ დაწვრილებით.
ახლა მეორე სტროფზე გადავიდეთ.
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
პოემის ავტორი ყოვლისშემქმნელ ღმერთს სთხოვს მფარველობასა და ძალას სატანის დასაძლევად, მიჯნურობის სურვილის გაყოლას თვით სიკვდილამდე.
აქ რუსთველი პირველად ახსენებს სიტყვას „მიჯნურობა“. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მიჯნურობა ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი სახეა.
პოეტი ღმერთს აგრეთვე ცოდვათა შემსუბუქებას, მიტევებას თხოვს.
როგორც ვხედავთ, ამ სტროფში რუსთველი ლაპარაკობს ყოველივე იმაზე, რაც ღმერთისაგან შეუძლია მიიღოს ადამიანმა ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად: ღვთის მფარველობა, სატანის ანუ ბოროტების დაძლევის ძალა, უმაღლესი ქალ-ვაჟური სიყვარული და ცოდვათა მიტევება. თუ პირველ სტროფში პოეტმა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ყოვლისმომცველი სურათი დაგვიხატა, მეორე სტროფში დაგვანახა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერების მიღწევაც მხოლოდ ღმერთის დახმარებით, მისი ნებითაა შესაძლებელი. სწორედ ესაა მიზეზი პოეტის გულმხურვალე ვედრებისა ღმერთის მიმართ.
ახლა მომდევნო სტროფზე გადავიდეთ.
ვის შვენის - ლომსა- ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა,
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა.
შენ ალბათ იცი, რომ რუსთველის დროს საქართველოში მეფობდა თამარი - სილამაზით, სიბრძნით, სათნოებითა და ღვთისმოსაობით სახელგანთქმული. მისი მეუღლე იყო დავით სოსლანი, რომელიც, მართალია, მეფედ ითვლებოდა, მაგრამ უფრო ფორმალურად, რადგან ნამდვილი მეფე გახლდათ თამარი. სწორედ დავით სოსლანი იგულისხმება ზემოთმოყვანილ სტროფში. „მეფისა მზის თამარის“ ლომი არის დავით სოსლანი.
თუ რატომ არის მოხსენებული პირველად დავით სოსლანი, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად რანგით მასზე მაღლა მდგომი თამარი, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. ამჯერად ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს.
დავით სოსლანს რომ თამარის ლომი ეწოდება, ამან არ გაგაკვირვოს. პოემის ძირითად ტექსტშიც ასეა - პოემის მთავარ გმირებს ხან „მზე“ ეწოდებათ, ხან „მთვარე“, ხან „ლომი“. გავიხსენოთ, ლომი ცხოველთა მეფედ ითვლება. აქედან მოდის მეფის და მისი მემკვიდრეების შედარება ლომთან, ცხოველთა მეფესთან.
ახლა განვიხილოთ სტროფები, რომლებიც მეფე თამარს ეძღვნება.
თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
. . .
ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი
ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი,
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ: ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
. . .
ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
ამ სტროფებში ნათლად ჩანს, რომ რუსთველი ლაპარაკობს თავისი მიჯნურობის შესახებ მეფე თამარისადმი.
თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს მიჯნურობა, ამის შესახებ ქვემოთ ვიმსჯელებთ.
ჯერ კი განვმარტოთ, რას ნიშნავს ამ სტროფებში რამდენჯერმე ნახსენები სიტყვები - „ხელი“ და „ხელობა“, რადგან ამ სიტყვების სწორად გაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ვეფხისტყაოსანზე“ თანდართულ ლექსიკონებში ეს სიტყვები ასეა განმარტებული: „ხელი“ - გიჟი, შმაგი; „ხელობა“ - გიჟობა, შმაგობა.
ამ განმარტებით გამოდის, რომ სტრიქონში - „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“, რუსთველი თავის თავზე ამბობს - ჩემს პოემას გიჟობით, შმაგობით ვწერო. ეს კი, ცხადია, ძნელი დასაჯერებელია. „ვეფხისტყაოსანი“ გიჟობით დაწერილი ნამდვილად არ არის, თუნდაც ეს სიტყვა სიმბოლური მნიშვნელობით გავიგოთ.
ამიტომ ამ სიტყვებს სხვანაირადაც განმარტავენ. საქმე ისაა, რომ სიტყვა „ხელი“ იმდროინდელ წყაროებში თანამდებობასაც ნიშნავს. თუ ეს სიტყვა განსახილველ სტროფშიც თანამდებობას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ რუსთველი თავისი პოემის დაწერას რაღაც თანამდებობას უკავშირებს.
მაგრამ ესეც არაბუნებრივი განმარტებაა. სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარადაა.
საქმე ისაა, რომ „ხელის“ განმარტება, როგორც გიჟისა, შმაგისა, ძალიან ზოგადია და საჭიროა მისი დაზუსტება.
ეს სიტყვა „ვეფხისტყაოსანში“ სამგვარი კერძო მნიშვნელობითაა გამოყენებული:
1. შეშლილი, სულელი, ჭკუანაკლული;
2. განრისხებული, გამწყრალი, გაგულისებული;
3. ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი -
ა) მიჯნურობის გამო;
ბ) მეგობრობისა და თანაგრძნობის გამო;
გ) მშვენიერებით, სილამაზით, სიმამაცით აღტაცების გამო.
სხვათა შორის, „ხელის“ მე-2 მნიშვნელობა - განრისხებული, გამწყრალი, გაგულისებული - დღესაც არის შემორჩენილი. მაგალითად, „გაახელა“ ნიშნავს: გააბრაზა, გააღიზიანა. ახლა ისევ გავიხსენოთ ეს სტროფი:
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი
ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი,
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
ამ სტროფში რუსთველი რადგან თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს, ცხადია, სიტყვები „ხელი“ და „ხელობა“ აქ მე-3ა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი მიჯნურობის გამო.
ასე რომ, ეს სტროფი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს: მე, რუსთველი, მიჯნურობის გამო ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი ვწერ ამ პოემას; ვისაც ჯარი მორჩილებს (ე.ი. მეფე თამარს), მისადმი მიჯნურობის გამო ვარ ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი და მისთვის ვკვდები; დავუძლურდი მიჯნურობისაგან განცდილი ტანჯვის გამო, მაგრამ განსაკურნებელი წამალი არსადაა, რათა ან განვიკურნო, ან მოვკვდე.
როგორც ვხედავთ, ამ სტროფში გამიჯნურებული ადამიანის (ამ შემთხვევაში რუსთველის) სრულიად ბუნებრივი და მართალი განწყობაა გადმოცემული. (შეადარე სხვა განმარტებები: მე, რუსთველი, სიგიჟით ვწერ ამ პოემას; ან - თანამდებობის გამო ვწერ ამ პოემას).
ამგვარად, სრულიად ცხადია, რომ ზემოთმოყვანილ ექვსივე სტროფში რუსთველი თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს თამარისადმი: თამარია მისი ხელ-მქნელი; თამარს „სისხლისა ცრემლდათხეული“ უნდა ვაქებდეთ; დაუძლურებულია თამარისადმი მიჯნურობით; თამარისადმი მიჯნურობის გამო ველად არის გაჭრილი; თამარია მისი სიცოცხლე; თამარი მისადმი, როგორც მიჯნურისადმი, ჯიქივით შეუბრალებელია.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, რუსთველი აქ თავის მიჯნურობაზე ისეთივე სიტყვებით, ისეთივე განცდებით ლაპარაკობს, როგორც პოემის გმირების მიჯნურობაზე და მათ სამიჯნურო განცდებზე პოემის ძირითად ტექსტში.
შენ შეიძლება გაგაკვირვოს შემდეგმა გარემოებამ (ეს, სხვათა შორის, ბევრს აკვირვებს): როდესაც რუსთველი ამ სტრიქონებს წერდა, იმ დროს თამარი უკვე დაქორწინებული იყო. აკი მისი ქმრის შესახებ რუსთველი მე-3 სტროფში ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, პოეტი საქვეყნოდ აცხადებს, თამარზე გამიჯნურებული ვარო. როგორ უნდა აიხსნას ეს?
საქმე ისაა, რომ რუსთველის დროს საქართველოში მეფე თამარისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გამოცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეს მიჯნურობა ნამდვილი იყო. ასე მხოლოდ მეფე-ქალის განსადიდებლად, მისადმი უზენაესი თაყვანისცემის გამოსახატავად იქცეოდნენ.
მეფე თამარისადმი მიჯნურობის განცხადების შემთხვევები ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებშიც არის დადასტურებული. მემატიანეები აღნიშნავენ, რომ მეფე თამარს ისეთი ადამიანებიც კი უმიჯნურდებოდნენ, რომლებსაც საერთოდ არც ენახათ თამარი. ამას, რა თქმა უნდა, თამარის ხოტბის, მისი განდიდების მიზნით აღნიშნავდნენ მემატიანეები.
შენ, შეიძლება, გაგონილი გაქვს ხალხური გადმოცემები შოთა რუსთველისა და თამარ მეფის სიყვარულის შესახებ. ამ თქმულების წყარო, ალბათ, პოემის შესავლის ზემოთმოყვანილი სტროფებია. მაგრამ არც ისაა შეუძლებელი, რომ თავის დროზე, ვთქვათ, დაქორწინებამდე, შოთა მართლაც გამიჯნურებული ყოფილიყო თამარზე და ეს ხალხის მეხსიერებას შემოენახა.
ამის დაშვება, რა თქმა უნდა, შეიძლება, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, როგორც მისი გვარიდანაც ჩანს, დიდგვაროვანი პიროვნება ყოფილა და მეფის კარზეც ალბათ ხშირად უხდებოდა ყოფნა. ამასთან, პოემის მიხედვით შოთა უაღრესად განსწავლული პიროვნება ყოფილა და არაა გამორიცხული, თუნდაც ამის გამო თამარს მისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. ამის გათვალისწინებით არც ისაა გამორიცხული, რომ შოთა მართლაც გამიჯნურებოდა თამარს.
მაგრამ ეს რომ ასეც ყოფილიყო, შოთა რუსთველი ამ მიჯნურობას ნამდვილად არ გააცხადებდა საქვეყნოდ, პოემის ფურცლებზე (მით უფრო, რომ თამარი უკვე დაქორწინებული იყო დავით სოსლანზე), რომ არა ის წესი, რომელიც მიღებული ყოფილა იმ დროს. ეს წესი იყო მეფე თამარის განსადიდებლად, მის მიმართ უსაზღვრო თაყვანისცემის გამოსახატავად მისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გამოცხადება.
ზემოთმოყვანილ სტროფებში, სადაც რუსთველი თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს თამარისადმი, ძალიან საყურადღებოა ერთი სტრიქონი: „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“.
ამ სტრიქონის მიხედვით, პოემის ავტორს თამარი პოემის რომელიღაც პერსონაჟ ქალში ჰყავს შეფარვით ნაგულისხმევი. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს მართლაც ასეა. ამასთან, „შეფარვის“ ხერხის გამოყენების შემთხვევები მსოფლიო ლიტერატურაშიც მრავლად არსებობს.
თუ რა საჭიროებამ გამოიწვია თამარის სახელის „შეფარვა“ პოემაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო საკითხია. ამ საკითხს ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ, ახლა კი ამ სტრიქონის გათვალისწინებით ისევ რუსთველის მიჯნურობას დავუბრუნდეთ თამარისადმი.
ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს: რუსთველი მიჯნურობაზე ისე ღრმად, ისე ბუნებრივად, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობს, რომ სრულიად აშკარაა, მას თავად განუცდია ეს უზენაესი გრძნობა, სიყვარულის სახმილი და სიხარული. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რუსთველი გამიჯნურებული ყოფილა ან პოემის წერის დროს, ან მანამდე. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო მისი ნამდვილი მიჯნურობის ობიექტი, მხოლოდ ის ვიცით, რომ თავად პოეტი ლაპარაკობს კონკრეტულად თამარისადმი თავის მიჯნურობაზე.
ლოგიკურად ისმება კითხვა: იქნებ რუსთველის მიერ თამარისადმი გაცხადებული მიჯნურობა მართლაც ნამდვილია, ოღონდ ამოფარებული იმ დროისათვის ოფიციალურად მიღებულ წესს მეფე-ქალის განდიდების, თაყვანისცემის მიზნით მისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გაცხადების შესახებ? იქნებ რუსთველმა აქაც „შეფარვით თქმის“ მეთოდი გამოიყენა?..
მოდით, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ და გავაგრძელოთ „ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის გაცნობა.
მაშ ასე: რუსთველი ჯერ ღმერთზე ლაპარაკობს, შემდეგ თამარ მეფის „ლომზე“, ანუ დავით სოსლანზე, შემდეგ კი თვით თამარ მეფეზე.
ამის შემდეგ პოეტი ახსენებს თავისი პოემის მთავარ გმირებს - ტარიელს და მის მეგობრებს - სამ „მნათობს“. თავის პოემას იგი „წყობილ მარგალიტს“ უწოდებს.
„ვეფხისტყაოსანი“ მართლაც წყობილი მარგალიტია, მისი შემქმნელი კი - ლექსის უდიდესი, განუმეორებელი ოსტატი.
სწორედ ლექსის წერის ოსტატობაზე მსჯელობს პოეტი პოემის შესავლის რამდენიმე სტროფში (12-17). ამ სტროფების შინაარსი საკმაოდ ადვილი გასაგებია, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები.
შემდეგ პოეტი მსჯელობს მიჯნურობის შესახებ. რამდენადაც თვით პოემა მიჯნურობას ეხება, შესავლის ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა.
განვიხილოთ შესავლის ამ ნაწილის პირველი ორი სტროფი:
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა!
მას ერთსა მიყნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან,
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
ტრადიციული გაგებით, პოეტი ამ სტროფებში ახსენებს ზეციური გვარტომობის მქონე მიჯნურობას, მაგრამ მას ემიჯნება და ამბობს, რომ მან პოემაში ასახა ამქვეყნიური ხორციელი მიჯნურობა - „ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან, რომელიც თუკი სიძვაში არ გადადის, ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავს.
სხვადასხვაგვარად განმარტავენ პირველ სტრიქონს -
„ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“:
ა) ზოგის აზრით, აქ ლაპარაკია ქრისტიანულ საღმრთო სიყვარულზე. ეკლესიაში თუ დადიხარ, იქ, ალბათ, ხშირად გაიგონებდი, რომ ღმერთი იგივე სიყვარულია. აი, სწორედ ამ სიყვარულზეა თითქოს ლაპარაკი ზემოთმოყვანილ სტრიქონში.
ბ) ზოგი აქ მიჯნურობის ზეციურ იდეას ხედავს, დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის მოძღვრების საფუძველზე. ამ მოძღვრების თანახმად, დედამიწაზე ყოველივე არსებულს შეესაბამება ზეციური იდეები. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზეციური იდეების ანარეკლებს, ბაძვას წარმოადგენს ყოველივე, რაც კი დედამიწაზე არსებობს. განსახილველ სტრიქონშიც თითქოს ამაზეა ლაპარაკი, - რომ ამქვეყნიური მიჯნურობა არის მიჯნურობის ზეციური იდეის ანარეკლი, მიბაძვა.
მე კი მგონია, რომ არც ერთი ეს შეხედულება არაა მართებული.
მე სხვანაირ ახსნას შემოგთავაზებ, იქნებ შენც დამეთანხმო.
სანამ ვიმსჯელებდეთ იმაზე, თუ როგორი მიჯნურობა იგულისხმება პირველ სტრიქონში, ჯერ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა პოემის გმირთა მიჯნურობა დავინახოთ სტრიქონებში: „ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან, მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“.
ტრადიციული გაგებით, „ხელობანი ქვენანი“ ნიშნავს პოემის გმირთა მიჯნურობას, რომელიც ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავს მაშინ, როდესაც სიძვაში არ გადადის.
„სიძვა“, ალბათ, იცი, რაც არის - სქესობრივი გარყვნილება, მრუშობა.
გამოდის, რომ პოემის გმირი მიჯნურები ზოგჯერ ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავენ, ზოგჯერ კი სიძვას ეწევიან, მრუშობენ.
მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რუსთველს თავის საყვარელ გმირებზე ასეთი რამ ეთქვა. ამდენად, ყოვლად შეუძლებელია, „ქვენა ხელობა“ პოემის გმირთა მიჯნურობას ნიშნავდეს.
რჩება ერთადერთი ვარიანტი (სხვათა შორის, სრულიად ბუნებრივი) - პოემის გმირთა მიჯნურობის შესახებ რუსთველი ლაპარაკობს თავიდანვე, მიჯნურობაზე მსჯელობის დაწყებისთანავე.
ამ სტრიქონში, „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“. სიტყვებს შორის - „მიჯნურობა“ და „პირველი“ ცნობილმა რუსთველოლოგმა ნოდარ ნათაძემ ჩაამატა ტირე, რადგან, მისი უდაოდ სწორი თვალსაზრისით, აქ მოცემულია მიჯნურობის განმარტება - „პირველი და ტომი გვართა ზენათა“, ანუ სტრიქონი ასეთი სახის უნდა იყოს: „ვთქვა მიჯნურობა - პირველი და ტომი გვართა ზენათა“.
ამ მიჯნურობას რუსთველი უსაზღვრო ხოტბას ასხამს და მას ზეციურს უწოდებს. ანალოგიურ უსაზღვრო ხოტბას რუსთველი პოემის გმირებსაც ასხამს, რომელთაც ხან „მზეს“ უწოდებს, ხან „მთვარეს“, ხან „მნათობს“.
ამგვარად, რუსთველი ქალ-ვაჟური სიყვარულის სამგვარ სახეობაზე ლაპარაკობს. ეს სახეობებია:
1. მიჯნურობა;
2. „ქვენა ხელობა“;
3. სიძვა.
„ქვენა ხელობა“ მიჯნურობასა და სიძვას შორის დგას, იგი ქალ-ვაჟური სიყვარულის შუალედური სახეა.
გავიხსენოთ „ხელის“, „ხელობის“ მნიშვნელობა: ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი მიჯნურობის გამო.
რუსთველმა ამ სიტყვას „ქვენა“ დაუმატა, რითაც აღნიშნა დაბალი სიყვარულის სახეობა, ერთის მხრივ, - მიჯნურობისაგან, მეორეს მხრივ, - სიძვისაგან განსხვავებული.
მიჯნურობისადმი მიძღვნილი დანარჩენი, მომდევნო სტროფები შედარებით ადვილი გასაგებია და, ვფიქრობ, მათი განმარტება აუცილებელი არაა. მათში რუსთველი მიჯნუ- რობის დამახასიათებელ თვისებებს აღგვიწერს და შენ კარგად დაინახავ, თუ რატომ არის მიჯნურობა ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი, „ზეციური“ სახე.
მაშ ასე, ჩვენ ერთად განვიხილეთ „ვეფხისტყაოსანის“ შესავალი.
ახლა კი გადავიდეთ პოემის ძირითად ტექსტზე, რომელიც ჩვენ გვაზიარებს უმაღლესი ქალ-ვაჟური სიყვარულის, უერთგულესი მეგობრობისა და უკეთილშობილესი რაინდობის ლამაზ ამბავს.
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
„ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემული ამბავის თხრობა მართლაც რომ დიდებულად, ლაღად და ლამაზად იწყება. პოემის ავტორი თავის ხელთუქმნელ „ტაძარში“ ასეთი სტროფით შეგვიძღვება:
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
როსტევანი ამ სტროფში უამრავი სიკეთით შემკულ ადამიანად არის წარმოდგენილი. როგორც ქვემოთ ვნახავთ, როსტევანი მართლაც ასეთი მეფე იყო.
როსტევან მეფეს ერთადერთი შვილი ჰყავდა, ასული, სახელად თინათინი, „სოფლისა მნათი მნათობი“. როცა იგი გაიზარდა, მეფემ ვაზირები თავისთან იხმო, გვერდით დაისვა ისინი და საამო საუბრით გაანდო მათ, რომ თავისი ასულის გამეფება სურდა, რადგან ვაჟი არ ჰყავდა, ხოლო თვითონ სიბერეში იყო შესული და არ იცოდა, როდის მოკვდებოდა.
ნახე, რა დიდებულად ჟღერს ეს სტროფები, რომელთა შინაარსი მე ასე მოკლედ და მშრალად გადმოვეცი:
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული.
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული.
ბრძენი ხამს მისად საქებრად და ენა ბევრად ასული.
მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია.
გვერდთა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა,
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა!
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უთენაროსა.
მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
ჩემი მზე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“
ამ სტროფებში როსტევანი წარმოგვიდგება, როგორც ბრძენი, ამოდ მოუბარი და თავმდაბალი მეფე.
აღსანიშნავია, რომ როსტევანი თინათინს თავის „ძეს“ უწოდებს. „ძე“, მართალია, ვაჟს ნიშნავს, მაგრამ რადგანაც საერთოდ ტახტის მემკვიდრეები ვაჟები იყვნენ, ამიტომ „ძე“-ში მემკვიდრე იგულისხმება. როსტევანს რადგან ვაჟი არ ჰყავდა, თინათინი მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო, ამიტომ მას თავის „ძეს“, ანუ მემკვიდრეს უწოდებს.
ძალიან საინტერესოა, თუ როგორ პასუხობენ ვაზირები როსტევანს. რუსთველი სამეფო კარისათვის დამახასიათებელ, მლიქვნელი, პირფერი ვაზირების ტიპიურ, რეალისტურ სურათს გვიხატავს.
ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა.
მისივე მეტობს ყვავილთა სული და ტურფა ფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?
მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია.
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია.
სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.“
ხედავთ, რას ეუბნებიან ვაზირები? რა დროს შენი სიბერეა, შენი ვარდი ჯერ არ დამჭკნარა, მაგრამ სულაც რომ გახმეს, მაინც სხვა ყვავილებს აჯობებს ფერით და სურნელებითო; შენი მსჯელობა, თუნდაც არასწორი იყოს, მაინც სხვების სწორ მსჯელობას სჯობიაო. ე.ი. თინათინის გამეფება არასწორი რომც იყოს, შენი გადაწყვეტილება მაინც სწორი იქნებოდაო!
ნამდვილად ნამეტანი მოუვიდათ ვაზირებს! ამისთანა საშინელი და გაუგონარი მლიქვნელობით მათ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენეს როსტევანს.
არადა, არაბეთის მეფეს არაფერი სჭირდა მათი სამლიქვნელო. იგი ისედაც სწორად და ბრძნულად მსჯელობდა.
შემდეგ, ეტყობა, ვაზირები ცოტა გონს მოვიდნენ და უკვე საქმიანად ალაპარაკდნენ:
„თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია,
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია,
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“
ამჯერად ვაზირები სრულიად გულწრფელად და დასაბუთებულად დაეთანხმნენ მეფეს: თუმცა თინათინი ქალია, მაგრამ ხელმწიფედ ღმერთისგან არის დაბადებულიო. მეფობა რომ იცის, ეს ჩვენც ბევრჯერ გვითქვამსო. ლომის ლეკვები, გინდ ძუ იყოს, გინდ ხვადი, ორივე ლომიაო.
ერთი სიტყვით, გამოასწორეს ნათქვამი. ტყუილად კი არ იყვნენ ვაზირები!
მეფე როსტევანის კარზე ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა დიდებული იყო ავთანდილი, ამირსპასალარის, ანუ ჯარების მთავარსარდლის შვილი, მშვენიერი აღნაგობის, მზისა და მთვარის მსგავსი უებრო რაინდი. იგი თინათინის მიჯნურობას გულში დაფარულად ატარებდა.
მეფის გადაწყვეტილებამ თინათინის გამეფების შესახებ ავთანდილი ძალიან გაახარა, რადგან უფრო ხშირად შეძლებდა მის ნახვას.
როსტევან მეფემ თავისი გადაწყვეტილების განხორციელება დაიწყო:
არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
„თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან.“
თინათინის მეფედ კურთხევაზე უამრავი ხალხი მოვიდა. როსტევანმა იგი სამეფო რეგალიებით შეამკო:
თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა.
ხალხმა თაყვანი სცა თინათინს, როგორც მეფეს, თინათინი კი შემკრთალი და აღელვებული იყო ამხელა ნდობის გამოცხადების გამო. იგი მეფის ტახტზე ჯდომის ღირსად ჯერ კიდევ არ თვლიდა თავს.
მაგრამ მამამ დაამშვიდა შვილი და როგორც ბრძენმა მეფემ, ბრძნულად დაარიგა თავისი მემკვიდრე.
ძალიან საყურადღებოა ეს დარიგება. მასში უპირველესად ქართველი ადამიანის ხასიათი, მისი ეროვნული ბუნება, თავისებურება ჩანს.
როსტევანი, პირველ რიგში, თინათინს ადამიანებთან ურთიერთობას ასწავლის, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - დიდგვაროვნები თუ უბრალო ყმები:
„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების,
უხვად გასცემდე, ზღვათაცა შესდის და გაედინების.“
ნეტავ, ასეთი დამრიგებელი ჩვენს დღევანდელ „მეფეებსაც“ ჰყავდეთ!
როსტევანს მიაჩნია, რომ უხვად გაცემა მეფეთა მოვალეობაა, რადგან ეს ქვეყნის სიმშვიდისა და კეთილდღეობის საფუძველია; ვინც ძუნწობს, ის ამით უფრო მეტს ჰკარგავს:
„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია!
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“
აქ კარგად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, ქართველი მეფის კრედო. არაბეთში ხომ „შეფარვით“ საქართველო იგულისხმება.
როსტევანის დარიგებაში ლაპარაკია, რა თქმა უნდა, გონივრულ სიუხვეზე. (სიუხვის მახინჯი ფორმა უყაირათო მფანტველობაა. ესეც, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ქართველი ადამიანის ბუნებისათვის).
თინათინმა ყურადღებით მოუსმინა მამას:
ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
თინათინმა დაუყოვნებლივ აღასრულა მამის დარიგება და „უზომო, უანგარიშო, ულევი“ საბოძვარი გასცა.
აქ შევჩერდეთ და დავუკვირდეთ, რა ხდება როსტევანის სამეფოში.
როსტევანს ვაჟი მემკვიდრე არ ჰყავს, მას ჰყავს ერთადერთი ასული. იგი მის გამეფებას გადაწყვეტს, რაზეც ვაზირების სრულ თანხმობას იღებს.
ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიიდანაც ცნობილია. იმ დროს, როდესაც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, საქართველოშიც სწორედ ისეთივე პრობლემა იდგა, როგორც პოემის მიხედვით არაბეთის სამეფოში.
საქართველოს მეფეს გიორგი 111-ს როსტევანის მსგავსად ვაჟი-მემკვიდრე არ ჰყავდა. მას ჰყავდა ერთადერთი ასული, თამარი, რომელიც თავისივე სიცოცხლეში თავის თანამეფედ დასვა, ვაზირთა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა თანხმობითა და თანადგომით.
ქალის გამეფება როგორც საქართველოში, ისე პოემის არაბეთში არაკანონიერი იყო და არსებულ წესსა და სამართალს არ შეესაბამებოდა. ამიტომ ამას მართლაც ვაზირთა მხარდაჭერა და თანხმობა სჭირდებოდა, რათა ქვეყანაში შფოთი და არეულობა არ დაწყებულიყო.
ახლა გავიხსენოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შესავალში რუსთველი მეფე თამარზე ამბობს - „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქიაო“. მაშინ აღვნიშნეთ, რომ თამარის სახელი პოემის რომელიმე პერსონაჟი ქალის სახელის ქვეშ უნდა ყოფილიყო შეფარული.
ეს პერსონაჟი ქალი, რა თქმა უნდა, თინათინია. იგიც ხომ თამარივით მეფის ერთადერთი ასული იყო, რომელიც მამამ თავის თანამეფედ დასვა.
შეიძლება უბრალო დამთხვევა და შემთხვევითობა იყოს, მაგრამ ორივე სახელი „თამარი“ და „თინათინი“ „თ“ ასოთი იწყება. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ანალოგიური წესით სახელის შეცვლის შემთხვევები ისტორიაში მრავლადაა ცნობილი და დღესაცაა დამკვიდრებული. მაგალითად, როდესაც საერო პირი საეკლესიო მოღვაწეობას იწყებს, მას სახელს უცვლიან უმეტესად ისეთი სახელით, რომლის პირველი ასო იგივეა, რაც ძველი სახელისა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში და ძველ სათავგადასავლო ნაწარმოებებში გავრცელებულ სიუჟეტს წარმოადგენს მეფის ერთადერთ ასულთან დაკავშირებული ამბები. იქნებ რუსთველმაც ეს გავრცელებული სიუჟეტი გამოიყენა თავის პოემაში? ამაზე უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ რუსთველის დროს იყო საქართველოში რეალურად ასე - საქართველოს მეფეს ერთადერთი ასული ჰყავდა. თავად რუსთველი აცხადებს, თამარის სახელი პოემაში „შეფარვით“ მყავს ნაგულისხმევიო. ცხადია, მეფის ერთადერთ ასულთან დაკავშირებული სიუჟეტი საქართველოს ისტორიული სინამდვილიდანაა აღებული და არა ლიტერატურული ტრადიციებიდან.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოემაში ასახული ამბავი ემთხვევა იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოში მოხდა თამარის გამეფებასა და დაქორწინებასთან დაკავშირებით. მხატვრულ ნაწარმოებში სრული დამთხვევა მხატვრულად ასახულსა და რეალურ ასტორიულ სინამდვილეს შორის არც არის მოსალოდნელი. (გავიხსენოთ ისტორიული რომანები). ამ თვალსაზრისით, რუსთველს, როგორც ჩანს, სხვა მიზანდასახულება ჰქონდა, რაზეც გზადაგზა, შინაარსის განხილვის პროცესში ვისაუბრებთ.
გავაგრძელოთ პოემის შინაარსის გადმოცემა.
ამ საყოველთაო ლხინისა და ზეიმის დროს როსტევან მეფემ მოულოდნელად მწუხარედ ჩაჰკიდა თავი. ავთანდილი და ვაზირი სოგრატი შეშფოდნენ და მეფეს მორიდებით ეახლნენ. ვაზირმა მას გასახალისებლად ხუმრობაც კი ჰკადრა: შენმა ქალიშვილმა ამდენი საბოძვარი რომ გასცა და ქონება გაგინიავა, ალბათ ესა გწყინსო. აბა, ეს რა ჭირი აუტეხე თავს, რომ გაამეფეო.
მეფე, რა თქმა უნდა, ხუმრობას მიუხვდა, ესიამოვნა კიდეც, ვაზირმა მისი გახალისება რომ სცადა:
რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა,
გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
„კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, -
ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუვის, ვინცა დაიყბედნა!“
ეგ არ მადარდებსო, - უთხრა ვაზირს, - ჩემი ჭმუნვის მიზეზი ისაა, რომ დავბერდი, ჩემს სამეფოში კი ერთი კაციც არ მეგულება, მე რომ მგავდეს სიმამაცითო. ღმერთმა ვაჟი არ მომცა, ის რომ დამგვანებოდაო. მხოლოდ ავთანდილია, ცოტა რომ მგავს, რადგან მე თავად გავზარდეო.
ავთანდილიც მიუხვდა, რომ მეფემ ხუმრობით გააქილიკა იგი, ამიტომ ისიც აჰყვა ხუმრობაში და მეფეს ურჩია, კვეხნისაგან თავი შეეკავებანა: „ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა“, - უთხრა როსტევანს, მერე კი დაუმატა:
„მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია,
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“
მეფე არათუ გაბრაზდა, არამედ, პირიქით, გამხიარულდა. გადაწყვიტეს, ერთმანეთს ნადირობაში შეჯიბრებოდნენ. სანაძლეოც დადეს - ვინც წააგებდა, სამი დღე თავშიშველი უნდა ევლო.
ისე, ავთანდილს რა ენაღვლებოდა, ალბათ ჩვეულებრივი ქუდი ეხურა, როსტევანი კი თუ დამარცხდებოდა, სამი დღით თავის სამეფო გვირგვინს უნდა შელეოდა!
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
მეორე დღეს მეფე როსტევანი და ავთანდილი მხლებლებითურთ გავიდნენ სანადიროდ და იმდენი ნადირი დახოცეს, რომ „ცათა ღმერთი შეარისხეს“ (ალბათ ზედმეტის დახოცვა მოუვიდათ!).
როდესაც ნადირობა დაამთავრეს, მეფე დაინტერესდა შეჯიბრის შედეგებით.
ნადირობა მხიარულად და ლაღად მიმდინარეობდა, ამიტომ მეფისა და ავთანდილის თანმხლებმა მსახურებმა ისიც გაჰბედეს, რომ მეფეს პირდაპირ კი არ უთხრეს, ვის რამდენი ნადირი მოეკლა, არამედ ისეთი ამოცანა მისცეს ამოსახსნელად, როგორებიც თანამედროვე ალგებრის ამოცანათა კრებულებშია ხოლმე:
„ორივე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია.“
მეფეს ძალიან აინტერესებდა, ვინ რამდენი მოკლა, მაგრამ რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა, - გონებაში უნდა შეედგინა განტოლება და ამოეხსნა მოწაფესავით. (ეს იქ არ წერია, მაგრამ დამერწმუნე, ასე იქნებოდა!).
როსტევანს არათუ ეწყინა თავისი მარცხი, არამედ გაუხარდა კიდეც ავთანდილის გამარჯვება:
მეფესა ესე ამბავი უჩნს ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა.
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
რა თქმა უნდა, ძლიერთან დამარცხება არ ეწყინებოდა, ვინაიდან ბრძენი და სამართლიანი მეფე იყო. განა ჩვენ გვგავდა, ჩვენი ნაკრების წაგება რომ გვწყინს ხოლმე ძლიერ გუნდებთან და სტადიონზე ბოთლებს ვისვრით.
გახალისებული როსტევანი და ავთანდილი მხლებლებთან ერთად დასხდნენ წყლის პირას ხეების ჩრდილში. ისხდნენ, ერთობოდნენ და ბუნების ჭვრეტით ტკბებოდნენ.
მოულოდნელად მათ დაინახეს უცხო მოყმე.
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
„ვეფხისტყაოსანი“ ზოგმა მთლიანად იცის ზეპირად. უმეტესობამ მხოლოდ ცალკეული თავები და სტროფები. მაგრამ ალბათ არ მოიძებნება ქართველი ადამიანი, რომელმაც თუნდაც სამი სტროფი არ იცოდეს ზეპირად. ესენია: „რომელმან შექმნა სამყარო...“, „იყო არაბეთს როსტევან...“ და კიდევ, აი, ეს სტროფი:
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
ამ სამივე სტროფს განსაკუთრებული როლი აკისრია. პირველი საერთოდ „ვეფხისტყაოსანს“ იწყებს, მეორე - პოემაში გადმოცემულ ამბავს, მესამე კი - პოემის მთავარი გმირის თავგადასავალს.
სამივე სტროფი იმ ბრწყინვალე კარიბჭეებს მოგვაგონებს, რომელთაც დიდებულ ტაძრებში შევყავართ.
მაგრამ დავუბრუნდეთ განსახილველ სტროფს.
მკითხველი, რომელიც მიჩვეულია წაკითხულის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას, შეიძლება გააოცოს იმან, რომ უცხო მოყმე, ეს ლომივით ვაჟკაცი, წყლის პირას მტირალი ზის. არადა, ჩვეულებრივ, რეალურ ცხოვრებაში ლომივით ვაჟკაცები არ ტირიან ხოლმე. ქვემოთ ვნახავთ, რომ მთელ პოემაში ასეა - პოემის მთავარი გმირები, მამაკაცებიც და ქალებიც, წამდაუწუმ ტირიან, მათი ცრემლები ნაკადულებად მიედინება, ზღვას ერთვის, კლდეებს ღარავს და ა.შ.
მოდით, თავიდანვე გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ტირილი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტირილი და ცრემლთა ფრქვევა პოემაში ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არაა ნახმარი. იგი გადატანითი მნიშვნელობით გამოხატავს ძლიერ მწუხარებას, ძლიერ განცდებს. რა თქმა უნდა, ძლიერი მწუხარება და განცდები ხშირად მართლაც ცრემლებს იწვევს, განსაკუთრებით ქალებში, და სწორედ ეს ბუნებრივი მოვლენა აქვს მხედველობაში პოეტს, როდესაც მწუხარება, თუნდაც უცრემლო, შედარებული აქვს ტირილთან და ცრემლთა ფრქვევასთან.
მთავარი კი ისაა, რომ ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ძლიერ წუხილს, ან გადატანითი მნიშვნელობით, ცრემლთა ღვრას იწვევს, პოემაში ყოველთვის ბუნებრივი, რეალისტური და დამაჯერებელია. როგორც ქვემოთ ვნახავთ, წყლის პირას მჯდარ უცხო მოყმეს მართლაც დიდი საწუხარი და სადარდებელი ჰქონდა.
სხვათა შორის, სიტყვა „ტირილს“ დღესაც ხშირად ვიყენებთ გადატანითი მნიშვნელობით. მაგალითად, ფრაზას „რა გატირებს?“ ხშირად ვხმარობთ მნიშვნელობით: „რას წუწუნებ?“. ან - „დაიწყო ტირილი, ფული არ მაქვსო“ (ეს ფრაზა განსაკუთრებით ხშირად გვესმის ხოლმე!). ეს ნიშნავს: „დაიწყო წუწუნი, ფული არ მაქვსო“.
ასე რომ, სტრიქონი - „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“ - უნდა გავიგოთ ასე: დაინახეს წყლის პირას მჯდარი უცნობი მწუხარე ვაჟკაცი.
მომდევნო სტროფიდან ვიგებთ, რომ უცხო მოყმეს ვეფხის ტყავის სამოსელი აცვია. ამით იმასაც ვხვდებით, რომ უცხო მოყმე პოემის მთავარი გმირი უნდა იყოს, რადგან პოემას „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.
თუ რატომ აცვია ვეფხის ტყავი, ამას ქვემოთ თვით უცხო მოყმე აგვიხსნის. მაგრამ იმას კი ვხვდებით, რომ ვეფხის ტყავი რაღაც განსაკუთრებული მიზეზით უნდა ეცვას და არა იმის გამო, რომ სხვა ტანსაცმელი არა აქვს ველური ადამიანივით. ბოლოს და ბოლოს, ლაგამ-აბჯარ-უნაგირი მარგალიტებით აქვს მოჭედილი და ერთი მარგალიტიც ეყოფოდა ჩვეულებრივი ტანსაცმლის შესაძენად.
ერთი სიტყვით, უხვი მარგალიტებითა და ვეფხის ტყავის სამოსელით უჩვეულოდ შემკულმა ჭაბუკმა, რომელიც მწუხარებით იყო მოცული, ძალიან დააინტერესა ჩვენი მონადირეები. მეფემ ერთი მსახური გაგზავნა მის მოსაყვანად, მაგრამ უცხო მოყმემ ყურიც არ ათხოვა მას.
მეფეს გაუკვირდა, გაწყრა კიდეც და ახლა თორმეტი მსახური გაგზავნა მასთან.
უცხო მოყმე ახლა კი მოეგო გონს, ირგვლივ მიმოიხედა, ლაშქარი დაინახა, ცხენზე ამხედრდა და იქედან გაცლა დააპირა. მსახურებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მაგრამ ჭაბუკმა თორმეტივე მათგანი დაჰხოცა - ზოგი ერთმანეთს შეანარცხა, ზოგს კი მათრახით მოუსწრაფა სიცოცხლე.
მეფე როსტევანი მთლად განრისხდა და ახლა ლაშქარი დაადევნა მას. მაგრამ უცხო მოყმემ არც მათ დააყენა კარგი დღე. „კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა“.
ახლა კი თვით მეფე და ავთანდილი გამოუდგნენ მას. უცხო ჭაბუკმა მეფე რომ დაინახა, მისადმი რიდი გამოიჩინა, ცხენს მათრახი გადაჰკრა და თვალის უსწრაფესად გაუჩინარდა.
როსტევანის მხლებლებმა იგი ბევრი ეძებეს, მაგრამ კვალიც ვეღარ იპოვეს მისი. მერე მკვდრებსა და დაჭრილებს მიჰხედეს. მეტად დამწუხრებული მეფე მხლებლებითურთ დაბრუნდა სასახლეში, სადაც სიხარული მწუხარებამ შეცვალა.
ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება,
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“.
მეფის ამ სიტყვებში ჭეშმარიტი ქრისტიანული მორჩილებაა გამოხატული.
თინათინმა მამის ასეთი მწუხარება რომ დაინახა, მორიდებით ჰკითხა მიზეზი. როსტევანმა მოუთხრო საკვირველ უცხო მოყმესთან უსიამოვნო შეხვედრის ამბავი. ადამიანი იყო, თუ მოჩვენება გამომეცხადა, არ ვიცი, მაგრამ მის შესაპყრობად გაგზავნილი ლაშქარი დამიხოცა, ხოლო როცა მე დავედევნე, მომერიდა და უკვალოდ გაუჩინარდაო. ამ ამბავმა ისე დამადარდიანა, ალბათ ამიერიდან ვერაფერი გამახარებსო.
თინათინმა ანუგეშა მამა.
ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე მეფეო, რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“
როგორც ვხედავთ, თინათინი მამას ლამის საღვთისმეტყველო კამათს უმართავს ღმერთის შესახებ.
თინათინმა ურჩია მამას, უცხო მოყმის მოსაძებნად ყველგან დაეგზავნა ხალხი. თუ ვერ იპოვიდნენ და ვერც მის ამბავს გაიგებდნენ, მაშინ მართლაც ეშმა მოგჩვენებია და ნუღარ იდარდებო.
მეფეს მოეწონა თავისი ასულის რჩევა და ყოველ მხარეს გაგზავნა ხალხი უცხო მოყმის მოსაძებნად. მათ იგი მთელი წელი ეძებეს, მაგრამ მისი მნახველიც ვერავინ იპოვეს.
მართალი ყოფილა ჩემი ასულიო, - თქვა მეფემ, - მართლაც ეშმა მინახავს, ამერიდან ძველებურად დალხინებული ვიცხოვრებო.
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა
მის ყმის საძებრად
თინათინმა მოხუცი მამა კი დააწყნარა, მაგრამ თავად სხვაგვარად ფიქრობდა. მან გადაწყვიტა, თვითონ, მამის უჩუმრად გაერკვია იმ უცხო ჭაბუკის ამბავი, რომელმაც მის მამას ამდენი ხალხი დაუხოცა, მწუხარება მოუტანა და მოსვენება დააკარგვინა. ამის გაკეთება მან თავის შვილურ მოვალეობად მიიჩნია.
მან გადაწყვიტა, ეს საქმე დაევალებინა ავთანდილისათვის, როგორც არა მხოლოდ ქვეშევრდომისათვის, არამედ როგორც მისი მიჯნურისათვის, რომელიც, სამიჯნურო წესების თანახმად, ვალდებული იყო, შეესრულებინა მიჯნური ქალის დავალება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე მათ ერთმანეთისათვის გამხელილი არ ჰქონდათ მიჯნურობა).
მან ავთანდილი თავისთან დაიბარა და უთხრა:
„ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად.
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე;
რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე;
მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.“
თინათინი დავალების შესრულების სამაგიეროდ ერთგულების ფიცს აძლევს ავთანდილს:
„სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი,
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი,
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი,
კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
შენი მკვლიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი!“
როგორც ვხედავთ, თინათინი ავთანდილს დავალებას აძლევს, როგორც მიჯნურსაც და როგორც ქვეშევრდომსაც.
ახლა ცოტა რამ ვთქვათ მიჯნურობის შესახებ, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა მთავარი მამოძრავებელი გრძნობა და ძალაა.
როგორც შესავლის განხილვისას აღვნიშნეთ, რუსთველი ქალ-ვაჟური სიყვარულის სამგვარ სახეობაზე ლაპარაკობს. პირველია უმაღლესი სახეობა - მიჯნურობა, მეორე - შუალედური სახეობა - „ქვენა ხელობა“, ხოლო მესამე - უდაბლესი სახეობა - სიძვა.
იმდროინდელი მხატვრული და ისტორიული მონაცემების მიხედვით, ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი სახეობა - მიჯნურობა დამკვიდრებული იყო მხოლოდ უმაღლეს წრეებში, დიდგვაროვან ადამიანებში. ქალ-ვაჟური სიყვარული, რა თქმა უნდა, საშუალო და დაბალ ფენებშიც არსებობდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას მიჯნურობა არ ერქვა. რუსთველი მას „ქვენა ხელობას“ უწოდებს, რომელიც მიჯნურობას მხოლოდ ჰბაძავს.
მიჯნურობა (უმაღლესი სახეობა) რომ მხოლოდ უმაღლეს წრეებში არსებობდა, ეს ჩანს იქიდან, რომ პოემის მიჯნურები მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლები არიან. ასეა პოემის შესავლის მიხედვითაც, სადაც რუსთველი თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს თამარისადმი. რუსთველი კი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო, როგორც ეს მისი გვარიდან ჩანს. (ასეთი გვარები, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლებს ენიჭებოდათ).
„ვეფხისტყაოსნის“ წინა პერიოდის ლიტერატურული ნაწარმოების „ვისრამიანის“ მიჯნურებიც მაღალ წრეს ეკუთვნიან.
საქართველოს ისტორიის მთავარი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვითაც თამარზე გამიჯნურებულები მხოლოდ ხელმწიფეთა შვილები იყვნენ
მოგვიანო ხანაში და დღესაც „მიჯნურობა“ ზოგადად ქალ-ვაჟური სიყვარულის აღმნიშვნელად იქცა, და ზოგჯერ, საერთოდ სიყვარულის აღსანიშნავადაც. მაგალითად „საღმრთო მიჯნურობა“ გვიანდელ ხანაში იგივეა, რაც ქრისტიანული საღმრთო სიყვარული, რაც, ცხადია, ქალ-ვაჟურ სიყვარულს არ ნიშნავს (თუ ალეგორიასთან არა გვაქვს საქმე).
მაგრამ ჩვენ რახან „ვეფხისტყაოსანზე“ ვსაუბრობთ, „მიჯნურობაც“ ისე უნდა გავიგოთ, როგორც იმ დროს ესმოდათ, როცა ეს პოემა იწერებოდა: იგი არის ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი სახე, დამკვიდრებული დიდგვაროვანთა წრეებში.
მაღალი წრისათვის, საერთოდ, დამახასიათებელია ქცევის გარკვეული სავალდებულო წესებისა და ნორმების განსაკუთრებული სიმკაცრით დაცვა.
რამდენადაც „მიჯნურობა“ მაღალ წრეებში დამკვიდრებულ ქალ-ვაჟურ სიყვარულს ნიშნავს, ბუნებრივია, მიჯნურობასაც ახასიათებდა სავალდებულო წესები და ნორმები, სამიჯნურო „კოდექსი“, რაც ასევე განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაეცვათ.
მიჯნურობის ერთ-ერთი მთავარი წესი იყო მამაკაცის მიერ სატრფოს მსახურება, მისი დავალებების შესრულება, მის წინაშე თავის გამოჩენა რაიმე საგმირო, სასახელო საქმის ჩადენით. (გავიხსენოთ თინათინის მიერ ავთანდილისათვის დავალების მიცემა).
სამიჯნურო წესებში შედიოდა მიჯნური მამაკაცის „გახელება“, „ველად გაჭრა“.
ამგვარი წესები სხვაც ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ ამ ორზე შევჩერდეთ.
რა თქმა უნდა, საყვარელი ქალისადმი მსახურება და მის წინაშე თავის გამოჩენა სრულიად ბუნებრივი საქციელია გამიჯნურებული მამაკაცისათვის, ამიტომ ამის სამიჯნურო წესად დამკვიდრებაც ბუნებრივი და გასაგებია.
ასევე ითქმის „გახელების“, „ველად გაჭრის“ შესახებაც. ამ სამიჯნურო წესებსაც რეალური, ცხოვრებისეული გამოცდილება უძევს საფუძვლად. მართლაც, შეყვარებული, გამიჯნურებული ადამიანი, რომელიც სატრფოს რაღაც მიზეზით თუნდაც დროებით დაშორდა, ან სატრფოსაგან რაღაც წყენა შეხვდა, ხშირად მარტოდ ყოფნას, ადამიანებისაგან განმარტოებას არჩევს სევდა-ნაღველის განსაქარვებლად და არცთუ იშვიათად გრძნობებსაც საკმაოდ მძაფრი ფორმებით გამოხატავს.
საქართველოს დიდგვაროვან წრეებში დამკვიდრებული მიჯნურობა ქცევის სავალდებულო წესებისა და ნორმების მიხედვით ძალიან ჰგავს დასავლეთ ევროპაში შუასაუკენეებში დამკვიდრებულ რაინდულ სიყვარულს. (რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში დადგენილია ამ მსგავსების მიზეზები, მაგრამ ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს).
შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული რაინდული სიყვარული მრავალ მხატვრულ ნაწარმოებშია ასახული, მაგრამ ჩვენ ერთ მათგანს გავიხსენებთ, რომელიც ალბათ ბევრსა აქვს წაკითხული. ესაა დიდი ესპანელი მწერლის სერვანტესის „დონ კიხოტი“, რომელშიც მრავლად იპოვით რაინდული სამიჯნურო წესებისა და ნორმების დაცვის გამოვლინებებს, რაც უმეტესად კომიკურ სახეს ატარებს, რადგან სერვანტესს რაინდული ყოფა გაშარჟებულად აქვს ასახული. გავიხსენოთ, მაგალითად, დონ კიხოტის ველად გაჭრა მისი გამოგონილი სატრფოს, დულსინეას გულისათვის, აგრეთვე საგმირო საქმეების, ფათერაკების ძიება, დულსინეასადმი რაინდული მსახურების მიზნით.
მოვიყვან ნაწყვეტს ამ რომანიდან.
აი, როგორ ესაუბრება დონ კიხოტი თავის ერთგულ საჭურველმტვირთველს სანჩოს:
„როდი უნდა ვიფიქროთ, რომ პოეტებისაგან ყველა ნაქები ქალი იმათი საყვარლები ყოფილიყვნენ. იქნებ გგონია, ყველა ის ამარილისები, ფილისები, სილვები, დიანები, გალათეები, ფილიდები და სხვანი ამგვარნი, რითაც სავსეა ჩვენი წიგნები, შაირები, რომანსები, სადალაქოთა თაროები და თეატრები, - ცოცხალი ძვალ-ხორციანი არსებანი მათ მაქებარ პოეტთა სატრფონი ყოფილიყვნენ. სულაც არა. ისინი მხოლოდ პოეტთა წარმოდგენაში ცოცხლობდნენ, მათი შაირების საგანს შეადგენდნენ, რომ თავი მიჯნურად გამოეჩინათ ან მიჯნურობის ნიჭის მქონედ მაინც...“
სწორედ ამდაგვარი წარმოსახვის საგანია დონ კიხოტისთვის მისი „სატრფო“ დულსინეა ტობოსელიც. მისი სამსახურისთვის, მის მიმართ სამიჯნურო წესების შესრულების მიზნით, დონ კიხოტი გადაწყვეტს „ველად გაჭრას“, „გახელებას“, ხოლო სანჩოს დულსინეასთან გზავნის, რათა მას აცნობოს ეს ამბავი.
სანჩო ეუბნება თავის ბატონს:
„ - მოწყალეო ბატონო, წეღან თქვენ სწორად თქვით, რომ ჩემი დამთხვეულობის ერთი ნიმუში მაინც ნახეო, რომ შემეძლოს წმინდა გულით დავიფიცო, თქვენი გაგიჟება საკუთარი თვალით ვნახე-მეთქი. როგორც ბრძანებდით, ერთი რამ გიჟური საქმე მართლაც უნდა მიჩვენოთ, თუმცა ღვთის მადლით ერთი თქვენი დიდი სიგიჟე კიდეც ვნახე: თქვენი აქ დარჩენის სურვილი დიდი სიგიჟე არ არის, მაშ რაა?
- განა ტყუილად გეუბნებოდი, - დაიძახა დონ კიხოტმა, - მაშ დაიცა, სანჩო, ვიდრე „მამაო ჩვენოს“ წარმოთქმას მოასწრებდე, თვალის დახამხამებაში ერთ სიგიჟეს კიდეც გაჩვენებ.
წამსვე საჩქაროდ შარვალი გაიხადა, პერანგის ამარა დარჩა, კისერში ორჯერ ხელი წაიკრა, მაღლა შეხტა, ქუსლები უკანალზე ამოიკრა, ფეხებაშვერილი ხელებზე დადგა, ორჯერ მალაყს გადავიდა და ისეთი რამ გამოაჩინა, რომ სანჩომ აღარ ისურვა მისი ხელმეორედ დანახვა, როსინანტი მოაბრუნა და გზას გაუდგა. ამ სანახავმა სავსებით დააკმაყოფილა სანჩო და დაარწმუნა, რომ მის ბატონს სრულებით ჭკუა აერია.“
აი, ასე მძაფრად აქვს გაშარჟებული სერვანტესს მიჯნურობის წესების თვითმიზნური, არაბუნებრივი, ფორმალური შესრულება.
მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, რა განსაკუთრებული გულმოდგინებით ეკიდებოდნენ სამიჯნურო წესების დაცვას შუასაუკუნეების ევროპაში და ეს ზოგჯერ ფორმალობაში, არაბუნებრიობაშიც გადადიოდა, რამაც სერვანტესს მისი მძაფრი გაშარჟების საბაბი მისცა.
„ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურებიც იცავენ მიჯნურობის წესებსა და ნორმებს, მაგრამ ეს ხდება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებლობის გამო. ამიტომ მათი ქცევები სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ. ესეც, ცხადია, რუსთველის უდიდეს მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებს.
ახლა დავუბრუნდეთ შინაარსის გაცნობას.
ავთანდილმა სიხარულით მიიღო მეფე-ქალისა და მიჯნურის ეს დავალება. მხოლოდ ის აწუხებდა, რომ თინათინთან დიდი ხნით განშორება მოუწევდა.
ზემოთ ვნახეთ, რომ მეფე როსტევანი შეურიგდა იმ აზრს, რომ უცხო მოყმე ეშმაკეული მოჩვენება იყო და დაიბრუნა ძველებური მოლხენილი ცხოვრება. მეფე ისევ რომ არ აეშფოთებინათ, თინათინმა და ავთანდილმა მას დაუმალეს თავიანთი ნამდვილი განზრახვა.
ავთანდილმა როსტევანს აუწყა, რომ სამი წლით მიდიოდა ვითომდაც თავის მამულში სამეფო საქმეების მოსაწესრიგებლად:
„მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო,
მორჩილქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,
ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო.“
როსტევანს ეძნელა ავთანდილთან განშორება, მაგრამ მაინც შეუქო განზრახვა. ძალიან ადვილად კი მოტყუვდა! რას იფიქრებდა, რომ ავთანდილი მოატყუებდა! მაგრამ ავთანდილსაც სხვა გზა არ ჰქონდა. ასეა, ზოგჯერ ტყუილის თქმაც შეიძლება, თუ კეთილი მიზნით არის ნათქვამი. ისე, დამეთანხმებით, ტყუილს უმეტესად ცუდი მიზნით ამბობენ.
სანამ უცხო მოყმის საძებნელად წავიდოდა, ავთანდილი ჯერ საკუთარ მამულში გამოემართა, რომელიც სატახტო ქალაქიდან ოცი დღე-ღამის სავალით იყო დაშორებული. საინტერესოა, რომ მის მამულს „სამეფო“ ეწოდება: „რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა“.
ავთანდილის მამული არაბეთის ერთ-ერთი სამეფოა. როგორც ჩანს, არაბეთში სხვა „სამეფოებიც“ იყო. როსტევანი იწოდება, როგორც „მეფეთა ზედა მფლობელი“.
იმდროინდელი საქართველოც „შვიდ სამეფოდ“ იწოდება ისტორიულ წყაროებში.
ავთანდილს დიდი სიხარულით შეხვდნენ თავის სამეფოში. სამი დღის ლხინისა და გართობა-ნადირობის შემდეგ ავთანდილმა თავისი გაზრდილი შერმადინი დაიბარა სათათბიროდ, უთხრა, რომ იგი გამიჯნურებული იყო თინათინზე, რომელმაც მას უცხო მოყმის მოძებნა დაავალა, როგორც მეფე-პატრონმა და როგორც მიჯნურმა. შერმადინს თხოვა, მისი აქ არყოფნის პერიოდში თვითონ გაეწია ავთანდილის მაგივრობა და სამეფოსთვის ეპატრონა, მაგრამ არავისთვის გაემხილა მისი წასვლის ნამდვილი მიზანი. სამ წელიწადში თუ არ დავბრუნდე, ცოცხალი აღარ ვიქნები და როსტევან მეფეს შეატყობინეო.
შერმადინი ძალიან შეაწუხა ავთანდილის გადაწყვეტილებამ და მთელი გულით თხოვა, ისიც თან გაეყოლებინა. მაგრამ ავთანდილმა უარი უთხრა იმის გამო, რომ მიჯნური ვალდებული იყო, მარტო შეესრულებინა დავალება, მარტო „გაჭრილიყო ველად“. „რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად“, - უთხრა მან შერმადინს.
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
ავთანდილმა თავის ქვეშევრდომებს წერილი დაუტოვა, სადაც მათ თხოვდა, მტერთაგან შეუმუსვრელი დაეხვედრებინათ სამეფო და შერმადინს დამორჩილებოდნენ. შემდეგ მარტოდ დარჩენა ითხოვა და უჩუმრად გაეცალა თავის ქალაქს.
ქვეშევრდომებმა როცა ავთანდილი ვეღარსად ნახეს, ძალიან შეწუხდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც შერმადინმა მათ ავთანდილის წერილი წაუკითხა. შერმადინს ყველამ მორჩილება აღუთქვა.
ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილებდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!“
იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანისცა.
„ვეფხისტყაოსანში“ ხშირად გვხვდება ტერმინები: „პატრონი“, „მონა“, „ყმა“. ეს ტერმინები მოწმობენ, რომ პოემაში ქართული სინამდვილეა ასახული და არა იქ მოხსენიებული ისტორიული ქვეყნებისა.
საქმე ისაა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში, როდესაც ეს პოემა დაიწერა, ქვეყნის, მხარეების მმართველებს ეწოდებოდათ „პატრონები“, ხოლო მათ ქვეშევრდომებს - „ყმები“ (ევროპაში შესაბამისი ტერმინები იყო „სენიორი“ და „ვასალი“). ასევეა პოემაშიც: როსტევანი პატრონია ავთანდილისათვის, ავთანდილი პატრონია შერმადინისათვის, შერმადინი თავის მხრივ პატრონია თავისი ქვეშევრდომებისათვის და ა.შ. ასევეა „ყმაც“: ავთანდილი ყმაა როსტევანის, შერმადინი ყმაა ავთანდილის და ა.შ.
„პატრონი“ ნიშნავდა როგორც მფლობელს, ისე მფარველს და მზრუნველს. „პატრონის“ ამ მნიშვნელობებიდან კარგად ჩანს, რომ ქართული პატრონყმური დამოკიდებულება გამოირჩეოდა ჰუმანურობით და დიდად განსხვავდებოდა რუსეთის გზით შემოსული და დამკვიდრებული ანტიჰუმანური ბატონყმობისაგან.
ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
ავთანდილმა დატოვა არაბეთის საზღვარი და უცხო მოყმის ძებნას შეუდგა, თუმცა თინათინთან განშორებას ძალიან მძიმედ განიცდიდა. თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა, მაგრამ მისი მნახველიც კი ვერავინ იპოვა.
უკვე დათქმული სამი წელი გადიოდა, სამი თვეღა იყო დარჩენილი. ავთანდილი საგონებელში ჩავარდა: თინათინთან ხელცარიელი დაბრუნება, ცხადია, ეთაკილებოდა, ხოლო ძებნა რომ გაეგრძელებინა სამ წელზე მეტ ხანს, შერმადინი მას ცოცხლად აღარ ჩათვლიდა და მეფესა და თინათინს შეატყობინებდა მის სიკვდილს, ამის შემდეგ კი მისი ცოცხალი დაბრუნება კიდევ უფრო უხერხული იქნებოდა.
საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,
თქვა: „თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად,
მისი ვერა ვცნო ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,
რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,
დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი.
უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,
მათ შეჰქმან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,
მერმე მივიდე ცოცხალი მე, სხვაგან სადმე რებული!“
ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.
ამ მწარე ფიქრებში იყო ავთანდილი, როდესაც დასანაყრებლად შესვენებულმა დაინახა მისკენ მომავალი ექვსი ცხენოსანი. ორ მათგანს დაჭრილი კაცი მოჰყავდა. ავთანდილი მათ შეეგება და ამგვარ დღეში ჩავარდნის მიზეზი ჰკითხა. მათ უთხრეს, - ჩვენ სამნი ძმანი ვართ, ვნადირობდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ნადირობაში. ამ დროს დავინახეთ უცნობი მშვენიერი ჭაბუკი, შავ ცხენზე მჯდარი და ვეფხის ტყავით შემოსილი. (წარმოიდგინე, ამის გაგონებაზე სიხარულით როგორ გადაუქანდებოდა გული ავთანდილს!). უფროს ძმას მისი ტყვედ აყვანა განუზრახავს, შუათანას მისი ცხენი მონდომებია, ხოლო უმცროსს - მისი ბრძოლაში დამარცხება.
ნახე, რეები მოუნდომებიათ! ძმებს არც კი შერცხვათ ამის თქმა! რას ერჩოდნენ უცხო ადამიანს, რომელიც თავისთვის მიდიოდა? თანაც, ეს უმცროსი ძმებიც ხომ ყოველთვის მეტიჩრობენ ხოლმე! უმცროს ძმას, თავისი ჭკუით, ბრძოლაში უნდა დაემარცხებინა უცხო მოყმე, ხოლო უფროსი ძმები ნადავლს არხეინად გაიყოფდნენ.
უმცროს ძმას ეს მეტიჩრობა ძვირად დაუჯდა. როგორც კი უცხო მოყმემ მისკენ საბრძოლველად მომავალი უმცროსი ძმა დაინახა, ძმების ტკბილი ოცნებები სულ ნაცარტუტად აქცია, _ უმცროს ძმას მათრახი ისე გადაუჭირა, რომ თავი გაუხეთქა და ძირს მკვდარივით დაანარცხა, თვითონ კი აუჩქარებლად გაუდგა გზას. აგე, ახლა იქ მიდისო, _ დაანახეს უცხო მოყმე ავთანდილს თავლაფდასხმულმა ძმებმა.
ავთანდილს, რა თქმა უნდა, აუწერელი სიხარული დაეუფლა, უცხო მოყმეს რომ მიაკვლია. ბედოვლათი ძმები თავის სადგომში დატოვა და სასწრაფოდ დაედევნა უცხო მოყმეს, თუმცა გადაწყვიტა, მასთან შეხვედრისათვის თავი აერიდებანა, რადგან იცოდა, ახლოს არავის იკარებდა, და შორიდან ედევნებინა თვალი, რათა გაეგო, სად მივიდოდა.
კარგა ხნის სიარულის შემდეგ უცხო მოყმე ერთ გამოქვაბულს მიადგა, საიდანაც ქალი გამოვიდა. უცხო მოყმე და ქალი ერთმანეთს ტირილით გადაეხვივნენ და გამოქვაბულში შევიდნენ. ქალს უცხო მოყმემ ასმათი უწოდა.
დილით უცხო მოყმე გამოქვაბულიდან გამოვიდა, ასმათს გამოეთხოვა და იმავე გზით უკან წავიდა.
ავთანდილმა გადაწყვიტა, ქალისათვის უცხო მოყმის ამბავი გამოეკითხა.
ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
ავთანდილი ცხენზე ამხედრდა და გამოქვაბულს მიადგა. კარი გაღებული დახვდა. ასმათი უცხო ადამიანის დანახვისას კივილით გაიქცა. ავთანდილი ცხენიდან ჩამოხტა და ქალი შეიპყრო. ქალი ყვირილით უხმობდა საშველად ვინმე ტარიელს. ავთანდილი ამშვიდებდა და ეხვეწებოდა, - არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ იმ მოყმის ამბავი მითხარიო. ქალი უარს ეუბნებოდა. რაკი ავთანდილი ვერაფერს გახდა, განრისხდა და ასმათს ყელზე დანა დააბჯინა.
„გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,
თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო.“
მოდით, ავთანდილის ეს ქცევა განვსაჯოთ.
დამეთანხმებით, ავთანდილის ეს საქციელი არაა მაინც და მაინც ლამაზი. მაგრამ ამ ეპიზოდშიც ნათლად ჩანს რუსთველის ჯანსაღი, რეალისტური დამოკიდებულება თავისი საყვარელი გმირების მიმართ. ავთანდილს რომ ამდენი ძებნის შემდეგ ახლაც ვერაფერი გაეგო, იგი, რა თქმა უნდა, ძალიან აღელდებოდა და წონასწორობას დაკარგავდა. ეს კი, ცხადია, სრულიად ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა. რუსთველის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟები რეალური ცხოვრებისეული თვისებების მქონე ადამიანები არიან და არა რაღაც იდეალური თვისებების მქონე გმირები, როგორც ეს, ჩვეულებრივ, იმ ეპოქის ლიტერატურულ თხზულებებშია.
ახლა ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ.
ავთანდილმა ქალი მაინც ვერ გატეხა. თუ მომკლავ, არ ვინაღვლებ, ამდენ ჭირ-ვარამს მაინც გადამარჩენო, - უთხრა მან ავთანდილს.
რაკი მუქარითაც ვერაფერს გახდა, ავთანდილმა ქალს ხელი გაუშვა და საგონებელში ჩავარდნილმა ტირილი დაიწყო. ქალს, შეეტყო, ოდნავ გული მოულბა. ავთანდილმა ეს რომ დაინახა, კვლავ დაუწყო ხვეწნა, თან სინანულით უთხრა, ცუდად მოგექეცი და გაგარისხე, მაგრამ მიჯნურის შებრალებაა საჭიროო.
„თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე“.
ასმათმა სიტყვა „მიჯნური“ რომ გაიგონა, გული ამოუჯდა და მწარედ ატირდა. ავთანდილს ამით კიდევ უფრო მოეცა გული.
კვლა უთხრა: „დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების,
ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების“.
მერე კი ისიც უთხრა, რომ იმ მოყმის ამბავის გასაგებად იყო გამოგზავნილი თავისი მიჯნურის მიერ.
„ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად,
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად“.
ამ სიტყვებმა ასმათს საბოლოოდ მოულბო გული. მაგრამ ავთანდილს მოსთხოვა, თუ მისი ამბავის გაგება გინდა, ისე მოიქეცი, როგორც მე გეტყვი, ხოლო თუ ჩემს მოთხოვნას არ შეასრულებ, ვერაფერს მიაღწევო.
ავთანდილმა მიუგო, სხვა რა გზა მაქვს, თუ არა ის, რომ შენ დაგემორჩილოო, და ამის დასადასტურებლად ერთი არაკიც კი უამბო:
ყმამან უთხრა: „ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
ორნი კაცნი მოვიდოდეს სადაურნი სადმე გზასა,
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა.
ზედა მიდგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა,
ეგრე უთხრა: „ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე.“
მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე,
შემოჰყივლა: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“
ამ არაკის თქმით ავთანდილმა კიდევ უფრო კეთილად განაწყო ასმათი. მან ავთანდილს გაუმხილა იმ უცხო მოყმის სახელი - ტარიელი, მაგრამ მისი ამბავის მოყოლაზე მაინც უარი უთხრა. შევეცდები, ისე მოვახერხო, რომ მან თვითონ გიამბოს თავისი ამბავი; აქ დაგმალავ, შევეხვეწები, რომ შეგხვდეს და არაფერი დაგიშავოს, მაგრამ არ ვიცი, მალე მოვა თუ დიდი ხნის მერეო.
სწორედ ამ დროს დაინახეს, რომ ტარიელი ბრუნდებოდა. ქალმა სასწრაფოდ დამალა ავთანდილი და ტარიელს შეეგება. ავთანდილი მალულად ადევნებდა თვალს მათ. ტარიელმა და ასმათმა ერთხანს ისევ იტირეს, შემდეგ გამოქვაბულში შევიდნენ. ტარიელს ასმათმა ვეფხის ტყავი დაუგო, შემდეგ შემწვარი ხორცი შესთავაზა, მაგრამ ტარიელმა ჭამა ვერ შეძლო. მერე ცოტა ხნით წაიძინა, მაგრამ უეცრად წამოიჭრა და ხმამაღლა ბორგვა დაიწყო. ქალიც ტირილით აჰყვა. რად დაბრუნდი ასე მალეო, - ჰკითხა ტარიელს. ტარიელმა უპასუხა, - ერთი მეფე ნადირობდა, ბევრი მხლებელი ჰყავდა, თავი ავარიდე და ტყეში დავიმალე, რადგან ადამიანების ნახვა მაშმაგებსო. თუ ისინი წავლენ, მეც ხვალ დილით წავალო.
ასმათმა მოხერხებულად გამოიყენა ტარიელის ნაამბობი:
ქალსა ცრემლი გარდმოცვივდა ასნაკეცი, ბევრის-ბევრად,
მოახსენა: „მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად,
მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?
ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?
გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია,
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?“
ტარიელმა უპასუხა, - ჩემი ჭირის განკურნება არავის შეუძლია, ასეთი ადამიანი არ არსებობს; მე შენს გარდა არავინ მყავსო.
ასმათმა მიუგო, - არა გყავს, მაგრამ უნდა მოძებნო, შენ კი მხოლოდ ნადირთა შორის გინდა ყოფნაო.
ტარიელს გაუკვირდა, ასე რატომ ეხვეწებოდა ასმათი:
ყმამან უთხრა: „რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!
განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე.“
მაშინ ასმათმა ფიცი დაადებინა, რომ თუ იგი ასეთ ადამიანს მოგვრიდა, მისთვის არაფერი დაეშავებინა. ტარიელი დათანხმდა.
აი, ასე ოსტატურად მოახერხა ასმათმა, ტარიელისაგან ავთანდილთან შეხვედრის თანხმობა მიეღო.
შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
ტარიელმა მართლაც გულთბილად მიიღო ავთანდილი, იგი დანახვისთანავე მოეწონა. უცხოობის მიუხედავად, მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. ტარიელმა თხოვა ავთანდილს, ეამბნა მისთვის, თუ ვინ იყო, სადაური, რა მიზნით მოსული.
ავთანდილმა უამბო, რომ იყო არაბეთიდან, არაბეთის მეფის ასული უყვარდა, მისი მიჯნურობით იყო დამწვარი და მისი დავალებით იყო ტარიელის საძებრად წამოსული. მე არ მიცნობ, თუმცა შეხვედრილები ვართო. ავთანდილმა გაახსენა ტარიელს მათი შეხვედრის ამბავი.
ტარიელსაც გაახსენდა ეს შემთხვევა. უთხრა, ჩემთვის ვიყავი განმარტოებული, ჩემი სატრფო მაგონდებოდა და მისთვის ვტიროდი, როდესაც მნახეთო.
„რას მაქნევდით, რად გინდოდით, ერთმანეთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.“
ერთმანეთის შექებისა და ტარიელის მიერ თავისი მწუხარების გამოხატვის შემდეგ, ასმათმა თხოვა ტარიელს, ავთანდილისათვის ეამბნა თავისი თავგადასავალი. ტარიელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ამ ამბის მოყოლის დროს მწუხარება მოკლავდა. ასმათს თხოვა, დაბნედის დროს მისთვის წყალი ეპკურებინა.
ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
ახლა ძალიან ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი, რასაც ტარიელი უყვება ავთანდილს. ტარიელი ხომ პოემის მთავარი გმირია და მისი ამბავიც, ცხადია, პოემის მთავარი ამბავია.
- ინდოეთი შვიდი სამეფოსაგან შედგება, - ჰყვება ტარიელი, - ადრე ექვსი სამეფო ფარსადანს ემორჩილებოდა, ხოლო მეშვიდე - მამაჩემს, სარიდანს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სარიდანს ყველა მტერი დამარცხებული ჰყავდა, თავის სამეფოს ძლევამოსილად მართავდა, მორჭმით იჯდა მეფედ და სულ „ზეიმი და ზარები“ ჰქონდა, მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი სამეფო ინდოეთის გაერთიანებული ექვსი სამეფოსათვის შეეერთებინა და მეფე ფარსადანს დამორჩილებოდა.
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: „წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები.“
ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.“
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: „შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა,
აწე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა.“
ფარსადანი ძალიან გაახარა ან ამბავმა, სარიდანს უმაღლესი თანამდებობები უბოძა, ერთი სამეფოც დაუმატა და თავისი სწორივით ეპყრობოდა:
ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან,
შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან,
აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან.“
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა,
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა,
მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა,
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
ახლა ცოტა ხნით შევწყვიტოთ შინაარსის თხრობა და ტარიელის მონაყოლი განვიხილოთ.
ტარიელის მონათხრობში ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს ის, რომ მისმა მამამ სარიდანმა თავისი დამოუკიდებელი სამეფო ნებაყოფლობით შეუერთა ინდოეთის გაერთიანებულ სახელმწიფოს.
ეს, როგორც ქვემოთ ვნახავთ, პოემის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, რასაც შემდგომში ძალზე მძიმე და ტრაგიკული შედეგები მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ სარიდანის ნაბიჯი ფრიად გონივრული და პატრიოტული ჩანს, ნებაყოფლობითი შეერთების ამბავი მაინც ძალიან საეჭვოდ ხვდება ყურს და უსიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს ჩვენი, ქართველი ხალხის ორი საუკუნის წინანდელი ისტორიიდან.
მართლაც, თუ ამ ვითარებას ისტორიულ სინამდვილეში წარმოვიდგენთ, ცოტა არ იყოს უცნაურად მოგვეჩვენება, რომ სარიდანმა მორჭმული მეფობა თავისი ნებით დათმო და მეფე სარიდანს დაემორჩილა. ისტორიულ სინამდვილეში, ცხადია, სრულიად საპირისპიროდ ხდებოდა ხოლმე: ან დამოუკიდებელი სამეფო ყოველნაირად ცდილობდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ან კიდევ სახელმწიფოს ერთი ნაწილი ცდილობდა გამოყოფას და დამოუკიდებლობის მიღწევას.
„ვეფხისტყაოსანში“ არაფერია ისეთი, რაც ისტორიულ რეალობებს ეწინააღმდეგებოდეს. რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში უნდა დავინახოთ რაიმე უჩვეულო და არაისტორიული სარიდანისა და ფარსადანის ერთიერთობაში. არადა, თუ ტარიელის მონაყოლს ვერწმუნებით, სწორედ ისტორიული რეალობებისათვის სრულიად არადამახასიათებელ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი სამეფოს ნებაყოფლობითი შეერთება სხვა სახელმწიფოსთან, თუნდაც ერთი ერის სრული გაერთიანების მიზნით.
დამოუკიდებელი სამეფოს მიერთება სხვა სახელმწიფოსთან (ან ერთი ერის სრული გაერთიანება) ხდებოდა ან სისხლისმღვრელი ბრძოლების, ან რაღაც ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად.
რუსთველის ეპოქაში, მაგალითად, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსაც შემოუერთდა კახეთისა და ჰერეთის სამეფოები, მაგრამ ორივე დამორჩილების, დაპყრობის გზით, და არა ნებაყოფლობით.
ჩვენი სამშობლოც, საქართველო, ხშირად იდგა დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე. მის დაპყრობას, მიერთებას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ მეზობელი სახელმწიფოები. ზოგჯერ აღწევდნენ მიზანს, თუნდაც დროებით, ზოგჯერ ვერა.
ყველაზე ვერაგული გზით ეს მოახერხა რუსეთის იმპერიამ, რომელმაც 1801 წელს საქართველო ძალით მიიტაცა და ეს გამოაცხადა, როგორც საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთება 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე.
ამას ისე დაჟინებით გვიჭედავდნენ გონებაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, რომ ქართველების დიდ ნაწილს მართლა ასე ეგონა. დღეს, რა თქმა უნდა, სიმართლე ყველამ გაიგო.
სიმართლე კი ისაა, რომ 1783 წლის ტრაქტატი საქართველოს რუსეთთან შეერთებას კი არ გულისხმობდა, არამედ ეს იყო შეთანხმება ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის, რომელთაგან ერთი, საქართველო, გარეშე მტერთაგან უნდა დაეცვა ერთმორწმუნე რუსეთს. სამაგიეროდ საქართველო უარს ამბობდა რუსეთთან შეუთანხმებლად საგარეო პოლიტიკის გატარებაზე, საჭიროების შემთხვევაში კი რუსეთს თავისი ჯარით დაეხმარებოდა; საქართველოს მეფე რუსეთის სამეფო კარს უნდა დაემტკიცებინა და ა.შ. ამ ტრაქტატით საქართველო პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არ ჰკარგავდა. იგი რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში შედიოდა მხოლოდ.
მაგრამ რუსეთმა, თავის მხრივ, ამ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა. კერძოდ, მან საქართველოს არავითარი დახმარება არ გაუწია სპარსეთის განმგებლის აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის დროს. ხოლო ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, ისარგებლა რა ტახტის მემკვიდრეთა შორის უთანხმოებით და საქართველოს დასუსტებით, საქართველო თავის შემადგენლობაში ძალადობრივად შეიერთა, ამის მოწინააღმდეგეებს სასტიკად გაუსწორდა, მეფობა გააუქმა, საქართველოში დაამყარა უცხო, უსასტიკესი რეჟიმი, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, სისხლში ჩაახშო სახალხო უკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლინება და უამრავი უბედურება დაატეხა თავს საქართველოს.
და ყოველივე ამას ეწოდა საქართველოს ნებაყოფლობითი შეერთება რუსეთთან!
და ამას გვაჯერებდნენ 200 წლის მანძილზე!
მაგრამ იმას კი აღარ გვეუბნებოდნენ, რომ თუკი 1783 წელს დადებული ტრაქტატი საქართველოს რუსეთთან შეერთების ხელშეკრულება იყო, მაშინ როგორ მოხდა ის, რომ საქართველო რუსეთს იმავე 1783 წელს კი არ შეუერთდა, არამედ მთელი 18 წლის შემდეგ, 1801 წელს.
ერთი სიტყვით, დამოუკიდებელი ქვეყნის მეორესთან ნებაყოფლობითი შეერთება სრულიად დაუჯერებელია და ეწინააღმდეგება ისტორიულ სინამდვილეს.
არადა, ასეთ რამეს - მამაჩემმა თავისი სამეფო ინდოეთს ნებაყოფლობით შეუერთაო - გვეუბნება ტარიელი, რუსთველის პოემის იდეალური გმირი, მართალი, პატიოსანი, კეთილშობილი, უებრო ვაჟკაცი, სამშობლოს გულმხურვალე პატრიოტი!
მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“ არაფერია ისეთი, რაც ისტორიულ რეალობებს ეწინააღმდეგება.როგორც ჩანს, რუსთველს ნაგულისხმევი ჰქონდა, რომ სარიდანის სამეფოს ინდოეთთან შეერთებაც ისე მოხდა, როგორც ეს ისტორიულ სინამდვილეში ხდებოდა ხოლმე. კერძოდ, ეს არ ყოფილა ნებაყოფლობითი შეერთება.
საქმე ისაა, რომ ტარიელი ავთანდილს უყვება ოფიციალურ ვერსიას სარიდანის სამეფოს ინდოეთთან შეერთების შესახებ, ანუ იმას, რაც მისთვის უთქვამთ, ისევე, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ.
ისტორიული რეალობების გათვალისწინებით, სარიდანის სამეფოს ინდოეთთან შეერთების ამბავი ასე უნდა წარმოვიდგინოთ:
ინდოეთის, ანუ ექვსი გაერთიანებული სამეფოს მეფემ ფარსადანმა რაღაც საშუალებებით აიძულა სარიდანი, თავისი დამოუკიდებელი სამეფო შეეერთებინა ინდოეთის გაერთიანებული სახელმწიფოსათვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ სარიდანი საშვილიშვილოდ მიიღებდა ინდოეთში უმაღლეს თანამდებობებს და დამატებით ერთ სამეფოსაც. ეს იყო პოლიტიკური გარიგება, რათა სარიდანის სამეფო კვლავ გამოყოფის საშიშროების წინაშე არ დამდგარიყო.
ეს ყოველივე ოფიციალურად უნდა გამხდარიყო ცნობილი, როგორც ნებაყოფლობითი შეერთება.
ეს ოფიციალური ვერსია თავის დროზე ტარიელისათვის უნდა გაეცნოთ მამამისსა და ფარსადანს.
სწორედ ეს ვერსია მოუთხრო ტარიელმა ავთანდილს.
მიუხედავად ოფიციალური ურთიერთ კეთილგანწყობილებისა ფარსადანსა და სარიდანს შორის, თუ ისტორიულ რეალობებს გავითვალისწინებთ, მათ შორის აუცილებლად უნდა არსებულიყო გარკვეული ფარული დაძაბულობა და ეჭვი, რასაც გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში უნდა ეჩინა თავი.
მართლაც ასე მოხდა, რასაც შინაარსის თანდათანობითი გაცნობისას შევიტყობთ.
ერთი სიტყვით, სარიდანის ინდოეთთან შეერთების ამბავი რუსთველს სრული ისტორიული რეალობების გათვალისწინებით აქვს გადმოცემული.
ახლა, სანამ შინაარსს გავაგრძელებდეთ, კიდევ რამდენიმე კომენტარი გავაკეთოთ.
როგორც ვთქვით, მეფემ სარიდანს უბოძა „საკარგვად“ ერთი სამეფო და ორი თანამდებობა - ამირბარობა და ამირსპასალარობა.
ჯერ „საკარგავის“ შესახებ.
საქართველოში სახელმწიფო მოღვაწეებს რაიმე დამსახურებისათვის გარკვეული ტერიტორიებით აჯილდოებდნენ, რომელსაც „საკარგავი“ ეწოდებოდა. ეს „საკარგავი“ შეიძლებოდა ჩამორთმეოდა იმავე პირს, თუ რაიმეს დააშავებდა. ასეთივე წესია ასახული „ვეფხისტყაოსანშიც“: სარიდანს თავისი სამეფოც დარჩა და ერთი „საკარგავი“ სამეფოც ერგო მისი დიდი დამსახურების (სინამდვილეში პოლიტიკური გარიგების) გამო.
ახლა ორი თანამდებობის - ამირბარობისა და ამირსპასალარობის შესახებ.
ინდოეთში წესად ყოფილა ამ ორი თანამდებობის დაკავება ერთი პირის მიერ: „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა’.
საქართველოშიც ასეთივე წესი იყო (ყოველ შემთხვევაში, რუსთველის ეპოქაში): ერთ პირს ორი თანამდებობა ეკავა ხოლმე - ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესისა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორი თანამდებობიდან მეორე საქართველოში იყო მანდატურთუხუცესი, ხოლო ინდოეთში - ამირბარი. ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსთველი „ამირბარში“ „მანდატურთუხუცესს“ გულისხმობს, თუმცა ტრადიციული თვალსაზრისით „ამირბარი“ ზღვათა ვაზირს, ადმირალს ნიშნავს.
მოდით, იმის განსჯაში ნუ შევალთ, რომელი თვალსაზრისია სწორი, და გავაგრძელოთ იმის გაცნობა, თუ რას უყვება ტარიელი ავთანდილს:
- ფარსადან მეფეს შვილი არ ჰყავდა, ამიტომ მე მიშვილა და სამეფოდ გაზრდა დამიწყო. (როგორც ჩანს, სარიდანის სამეფოს საბოლოო შემომტკიცების მიზნით).
როდესაც 5 წლისა გავხდი, ინდოეთის დედოფალსაც შეეძინა შვილი, რომელსაც ნესტან-დარეჯანი დაარქვეს. ამის აღსანიშნავად ინდოეთში დიდი ზეიმი გაიმართა. მეფე-დედოფალს მეც და ნესტანიც ერთნაირად ვუყვარდათ და ერთად გვზრდიდნენ.
როდესაც ნესტანი წამოიზარდა, მეფე-დედოფალმა გადაწყვიტა, თავისი ასული გაეზარდათ სამეფო ტახტზე დასასმელად, ამიტომ მე მამასთან დამაბრუნეს.
ახლა ისევ შევწყვიტოთ თხრობა და ინდოეთში შექმნილი ვითარება შევუდაროთ ისტორიული საქართველოსა და პოემის არაბეთის ვითარებებს.
სამივე ქვეყნის წინაშე ერთნაირი პრობლემა დგას. ესაა ტახტის მემკვიდრის პრობლემა. სამივე ქვეყანაში ერთადერთი მემკვიდრე არის ქალი: არაბეთში - თინათინი, ინდოეთში - ნესტან-დარეჯანი, ხოლო ისტორიულ საქართველოში - თამარი.
გავიხსენოთ, რომ პოემის შესავალში რუსთველი თამარზე ამბობს - „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქიაო“. ისიცა ვთქვით, რომ თამარი „შეფარულია“ არაბეთის მეფის ასულ თინათინში.
რახან ინდოეთის მეფესაც ერთადერთი ასული ნესტანი ჰყავს, გამოდის, რომ თამარი „შეფარულია“ ნესტანშიც.
თუ რატომ დასჭირდა რუსთველს თამარის „შეფარვა“ ორ პერსონაჟში - თინათინსა და ნესტანში, ამის შესახებ ქვემოთ ვიმსჯელებთ.
კიდევ ერთი რამ გავიხსენოთ.
ტარიელის მონათხრობის მიხედვით, ინდოეთთან სარიდანის სამეფოს შეერთების შემდეგ ფარსადანი უკვე შვიდი სამეფოს მფლობელი გახდა.
ისტორიულ წყაროებში საქართველოც „შვიდ სამეფოდ“ იწოდება. სხვათა შორის, ტერმინი „შვიდი სამეფო“ დამკვიდრებული ჩანს თამარის მამის, გიორგი 111-ის დროს.
ასეთი დამთხვევა არაა შემთხვევითი, რადგან რუსთველი, თავისივე სიტყვით, „შეფარვით“ გადმოსცემს თამართან დაკავშირებულ მოვლენებს.
რაც შეეხება მესამე ქვეყანას - არაბეთს, იგი არაა წოდებული „შვიდ სამეფოდ“, მაგრამ ისიც სამეფოთა გაერთიანებას წარმოადგენს. როსტევანი არის „მეფეთა ზედა მფლობელი“. აქედან ერთი სამეფო ეკუთვნის ავთანდილს.
ბუნებრივად ისმება კითხვა: მოხდა თუ არა საქართველოში იგივე, რაც ინდოეთში, სადაც სარიდანის სამეფოს შეერთების შემდეგ ინდოეთი შვიდი სამეფოს გაერთიანებად იქცა? რომელი იყო საქართველოში ასეთი „მეშვიდე“ სამეფო?
ამის შესახებ ცნობილ ქართველ მეცნიერს პავლე ინგოროყვას აქვს ასეთი ვერსია: მისი მტკიცებით, ასეთი სამეფო იყო ჰერეთი, რომელიც დავით აღმაშენებელმა შემოუერთა გაერთიანებულ საქართველოს 1117 წელს და ჰერეთის ერისთავებად ჰერეთის ყოფილი სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები დატოვა. ინგოროყვას მტკიცებით, ჰერეთის სამეფო საგვარეულო ბაგრატიონთა ერთ შტოს წარმოადგენდა, ხოლო ცნობილი ისტორიული პირი, ჰერეთის ერისთავი შოთა იგივე შოთა რუსთველია და სწორედ ისაა „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი. მაგრამ ეს მეცნიერული ჰიპოთეზა პავლე ინგოროყვამ დამაჯერებლად ვერ განავითარა.
პავლე ინგოროყვას ტრაგიკული შეცდომის საფუძველი იყო რუსთველოლოგთა უმრავლესობის მიერ აღიარებული შეხედულება, რომ „რუსთველი“ საერო პირის, ერისთავის გვარწოდება შეიძლებოდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ წყაროებში ცნობილი ყველა „რუსთველი“ ეპისკოპოსია. ინგოროყვამ უზარმაზარი მუშაობა მოახმარა იმის მტკიცებას, რომ ქალაქი რუსთავი თამარის დროს ჰერეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა და ამის გამო ჰერეთის ერისთავ შოთას ამ დროს შეიძლებოდა ჰქონოდა გვარწოდება „რუსთველი“.
რუსთველოლოგებმა ეს მოსაზრება არ გაიზიარეს, რადგან ქალაქი რუსთავი არასოდეს ყოფილა ჰერეთის საერისთავოს შემადგენლობაში და არც ჰერეთის რომელიმე ერისთავს ჰქონია ოდესმე გვარწოდება „რუსთველი“.
პავლე ინგოროყვას ამ ტრაგიკულმა შეცდომამ სრულიად დაანგრია მისი საინტერესო ვერსია შოთა რუსთველისა და ჰერეთის ერისთავ შოთას იგივეობის შესახებ.
თუ პოემის ავტორად ეპისკოპოს რუსთველს ვიგულისხმებთ (რუსთველოლოგიაში ამის დასაბუთების საინტერესო ცდებიც არსებობს), მაშინ ინგოროყვას ვერსია შესაძლოა სწორი აღმოჩნდეს, რადგან მაშინ საჭირო აღარ იქნება იმის მტკიცება, რომ ქალაქი რუსთავი იმხანად ჰერეთის საერისთავოში იყო და სწორედ ამ პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა ჰერეთის ერისთავ შოთას გვარწოდება „რუსთველი“. ხოლო რაც შეეხება რუსთავის ეპარქიის ეპისკოპოს რუსთველს, იგი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი, მათ შორის ჰერეთისაც, და ჰერეთის ერისთავი შოთა, შესაძლოა, ერთ პერიოდში მართლაც ყოფილიყო ეპისკოპოსი რუსთველი - ე.ი. შოთა რუსთველი. - მეფე ფარსადანმა თავისი ასულისათვის კოშკი ააგო, - განაგრძობს ტარიელი, - და აღმზრდელად საკუთარი და მიუჩინა, ქაჯეთში გათხოვილი, მაგრამ დაქვრივებული დავარი.
(ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახუმარო განმარტებით, დავარი თავადვე ამბობს თავის თავზე „და ვარო“, ე.ი. მეფის და ვარო).
ნესტან-დარეჯანს ვერავინ ხედავდა. მას ასმათი და ორი მონა ემსახურებოდა.
მე კი, მიუხედავად იმისა, რომ მამასთან დამაბრუნეს, მაინც მეფის სასახლეში ვიზრდებოდი და მეფე-დედოფალი შვილივით მზრდიდნენ.
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა,
დღისით ვიყვი მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა.
ამ დროს მამა მომიკვდა. ფარსადანი ძალიან დამწუხრდა. მე მთელი წელიწადი ბნელში ვიჯექი და ვგლოვობდი.
ერთ დღეს მეფისაგან გამოგზავნილი დიდებულები მესტუმრნენ და მეფის დანაბარები გადმომცეს. მეფე მთხოვდა, შემეწყვიტა გლოვა და მამის თანამდებობანი დამეკავებინა. მე მწუხარებამ კიდევ ერთხელ დამრია ხელი, მაგრამ მეფის თხოვნას დავემორჩილე და სამეფო კარს ვეახელი. მეფე-დედოფალმა გვერდით დამისვეს, მამის თანამდებობების დაკავების შესახებ ახლა თავადვე მითხრეს. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ მომეშვნენ და თაყვანი მცეს, როგორც ამირბარს.
თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა,
ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელად ჩემთა სპათა.
გავიხსენოთ, რომ ავთანდილიც „მენაპირე“ იყო, ანუ საზღვრისპირა სამეფოს მფლობელი.
ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა
ტარიელი განაგრძობს თავისი თავგადასავლის მოყოლას.
- ერთ დღეს ფარსადან მეფე და მე ნადირობიდან ვბრუნდებოდით. მეფემ მითხრა, მისი ასული გვენახა და ნანადირევი დურაჯები მიმეტანა მისთვის. მივედით ნესტანის მშვენიერ სამყოფელთან. რადგან მეფეს არ სურდა, ვინმეს დაენახა მისი ასული, მე გარეთ დავრჩი, მეფე კი შიგ შევიდა. მე გავიგონე, რომ მეფემ ასმათს უბრძანა, ჩემთვის დურაჯები გამოერთმია და შემოეტანა. ასმათმა კარებზე ფარდაგი ასწია და მე დავინახე ნესტანი. მისმა სილამაზემ თვალები მომჭრა. „ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა“.
ამის გახსენებაზე ტარიელმა გრძნობა დაკარგა, „დაბნდა“. ასმათმა წყალი აპკურა. ტარიელი გრძნობაზე მოვიდა და ცრემლმორეულმა განაგრძო თავისი ამბავი:
- ასმათს დურაჯები მივეცი. იგი უკან შევიდა, მე კი გონება დავკარგე. როცა გრძნობაზე მოვედი, ტირილისა და ვაების ხმა შემომესმა - მე შემომჯარვოდნენ და დამტიროდნენ. სამეფო დარბაზში ვიწექი. გრძნობაზე მოსული რომ დამინახა, მეფე ყელზე მომეხვია: „შვილო, შვილო, ცოცხალი ხარო?“ მე ვერაფერი ვუპასუხე და კვლავ გრძნობა დავკარგე.
მოიყვანეს სასულიერო პირები - „მუყრნი და მულიმნი“. მათ ხელში ყურანი დაიჭირეს და ჩემს ავადმყოფობაზე დაიწყეს მსჯელობა. ვერ გავიგე, რას ჩმახავდნენ. ექიმებიც გაკვირვებული იყვნენ, - სამკურნალო არაფერი სჭირს, ეტყობა, რამე სევდამ დარია ხელიო. სამ დღეს ვიყავი მეფის სასახლეში, არც ცოცხალი, არც მკვდარი. როცა გონზე მოვეგე, გავიაზრე, რომ აქ დარჩენა გამამჟღავნებდა, მიხვდებოდნენ, რაც მჭირდა. ამიტომ ჩემს სახლში წასვლა გადავწყვიტე.
წამომდგარი რომ დამინახეს, მეფემ და დედოფალმა ღმერთს მადლობა შესწირეს. მათ ვუთხარი, ალბათ ცხენზე ჯდომა მომაჯობინებს-მეთქი. ცხენზე შევჯექი. მეფეც გამომყვა. ერთხანს ვიარეთ. მერე მეფემ ჩემს სახლამდე მომაცილა. შინ დავრჩი, მაგრამ აქ უარესად გავხდი.
ახლა მცირე კომენტარი გავაკეთოთ.
ტარიელის ნაამბობში ნახსენებია სასულიერი პირები - „მუყრნი და მულიმნი“. ისინი არიან მაჰმადის სჯულის მოძღვარნი. მათ ხელში ეჭირათ „მუსაფი“, ანუ ყურანი.
ჩვენ ზემოთ ვამბობდით, რომ ინდოეთში „შეფარვით“ საქართველო იგულისხმება. მაგრამ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და არა მაჰმადიანური.
აქაც, რა თქმა უნდა, „შეფარვის“ მეთოდია გამოყენებული.
ისიც საგულისხმოა, რომ „მუყრნი და მელიმნი“ პოეტს უარყოფითად ჰყავს მოხსენებული. ტარიელი მათზე ამბობს - „არ ვიცი, რას ჩმახვიდიანო“.
პოემის ინდოეთი რომ ისტორიულ ინდოეთს არ ნიშნავს, ამას ისიც მოწმობს, რომ ინდოეთი პოემაში მაჰმადიანურ ქვეყნადაა გამოყვანილი, ხოლო ისტორიული ინდოეთის მთავარი რელიგია ბუდიზმია და არა მაჰმადიანობა.
პოემის მაჰმადიანი ინდოელების აზროვნება და ქცევები მთლიანად ქრისტიანულია. ისინი „შეფარვით“ ქრისტიანი ქართველები არიან.
ახლა კი ისევ ტარიელს მოვუსმინოთ.
- მწუხარე და სევდიანი ვიჯექი შინ, - ჰყვება ტარიელი, - მსახურმა ასმათის სააშიკო წერილი მომიტანა. მე გამიკვირდა, მაგრამ უარის თქმა არ ივარგებდა და საპასუხო სააშიკო წერილი გავუგზავნე.
მე გამიკვირდა: „სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა.“
დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.“
მე ვერა და ვერ მოვჯობინდი. მკურნალები მესეოდნენ, მაგრამ ვერაფერი მიშველეს. მეფეს ეგონა, სისხლის წნევა მქონდა, ამიტომ ბრძანა, ჩემთვის სისხლი გამოეშვათ. მე სისხლი გამოვაშვებინე, რათა არ დაეჭვებულიყვნენ, არ მიმხვდარიყვნენ, რის გამოც ვიყავი ამ მდგომარეობაში.
სისხლგამოშვებული, სევდიანი ვიჯექი საწოლ ოთახში. ისევ მომიტანეს ასმათის წერილი. ასმათი შეხვედრის დაჩქარებას მთხოვდა. მივწერე, - მართალი ხარ, რომ გიკვირს შეხვედრის დაგვიანება; თუ გინდა, მე თვითონ მოვალ-მეთქი. გულში კი ვთქვი, უარი რომ ვუთხრა, რაღაც ეჭვს აიღებენ და ჩემი საქმე ცუდად წავა-მეთქი.
(ამ ეპიზოდიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ინდოეთში - „შეფარვით“ საქართველოში, - მსუბუქი აშიკობა გაკიცხვასა და დაგმობას მაინც და მაინც არ იწვევდა).
ამ დროს მეფისაგან კაცი მოვიდა იმის შესატყობად, გამოვუშვი თუ არა სისხლი, - განაგრძობს ტარიელი, - მე შევუთვალე, სისხლი გამოვუშვი, მომჯობინება დამეტყო და თქვენს წინაშე მოვალ-მეთქი. მივედი. მეფემ დიდად გაიხარა და ნადიმი მოაწყო. მე ჩემს თანატოლებთან ერთად დავჯექი და სმა და მოლხენა დავიწყე, რათა ჩემი დარდი დამეფარა. ამ დროს მსახურმა ყურში მითხრა, ვიღაც პირმობურული ქალი გკითხულობსო. მე ვუბრძანე, ჩემს საწოლ ოთახში შეეყვანათ. სუფრიდან ავდექი, სხვებიც წამოიშალნენ, მაგრამ მათ დარჩენა ვთხოვე, ისევ მოვალ-მეთქი. საწოლ ოთახში შევედი. იქ ასმათი დამხვდა. ქალი ძალიან უცნაურად იქცეოდა:
კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა,
მითხრა: „მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!“
გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: „არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა?“
შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა,
ვარქვი: „მანდა რად ზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?“
მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.
სირცხვილით ვიწვი, - მითხრა ასმათმა, - რადგან სააშიკოდ არ მოვსულვარ, მე ჩემმა პატრონმა გამომგზავნა და მის წერილში ყველაფერს გაიგებო.
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა.
მოეწერა მზისა შუქსა: „ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა.
მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“
როგორც ვხედავთ, ნესტანი ტარიელს კონკრეტული საქმის შესრულებას თხოვს მისი მიჯნურობის დასამტკიცებლად. ზემოთ ვთქვით, რომ მიჯნურობის სავალდებულო წესებში შედიოდა მიჯნური ქალისადმი სამსახური, თავის გამოჩენა მის წინაშე, აგრეთვე სიყვარულით „გახელება“, „ველად გაჭრა“.
ნესტანი თავის წერილში თითქოს ეჭვობს, ტარიელი გახელებული და დაბნედილი მიჯნურობის წესების აღსრულების გამო ხომ არ არისო მხოლოდ. ეს ეჭვი კარგადაა გამოხატული მის სიტყვებში: „ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია?“ თუ მართლა მიჯნური ხარო, სწერს იგი ტარიელს, ეს საქმით დაამტკიცეო: „სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“. მიჯნურობის დამამტკიცებელ კონკრეტულ საქმედ ნესტანი ტარიელს უსახავს განდგომილი სამეფოს - ხატაეთის დამორჩილებას.
„შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია,
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მინდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“
აქ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ნესტანი ტარიელს ავალებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის შესრულებას. ცხადია, იგულისხმება, რომ ამის თანხმობა მეფე ფარსადანისაგან აქვს მიღებული. მართალია, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსთველი სათქმელს არ აკონკრეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მკითხველი თავისთავად უნდა მიხვდეს.
ნესტანს რომ ფარსადანთან შეთანხმების გარეშე, მალულად დაევალებინა ეს ტარიელისათვის, ამას რუსთველი აუცილებლად გვეტყოდა, ისევე, როგორც არაბეთის შემთხვევაში, როდესაც თინათინმა როსტევანს დაუმალა ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის მოსაძებნად.
ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ფარსადანი თავის ასულს სამეფოდ ამზადებდა და წვრთნიდა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და იგი პოემის მომდევნო თავების სწორ გაგებაში დაგვეხმარება.
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- ნესტანს საპასუხო წერილი მივწერე, - აგრძელებს ტარიელი.
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია.“
როგორც ვხედავთ, ტარიელის წერილი ძალიან მოკლეა, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრულიად გასაგებია. მან ასმათს თხოვა, დანარჩენი მას ეთქვა ნესტანისათვის.
ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხდები,
ესე ჰკადრე: „რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები.“
საინტერესოა, რომ ნესტან-დარეჯანი გამოცდილი კონსპირატორივით იქცევა, რათა არავინ შეიტყოს მისი და ტარიელის მიჯნურობა. მას სურს, მასთან მისული ტარიელი ასმათთან სააშიკოდ მისული ეგონოთ სხვებს:
ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;“
და-ცა-მვედრა: „ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს!“
(გამოდის, რომ ნესტანი საერთოდ უარყოფითად არ უყურებდა ტარიელის მსუბუქ ფლირტს, გააშიკებას მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, ამ შემთხვევაში ვითომდაც ასმათთან).
- მე ასეთი რჩევა მომეწონა, - განაგრძობს ტარიელი, - ასმათს საჩუქრები მივართვი, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ბეჭედი აიღო ნიშნად.
როდესაც ასმათი წავიდა, მე ჩემს თანატოლებთან დავბრუნდი და ლხინი გავაგრძელეთ.
წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ხატაეთის მეფეს ასეთი წერილი მივწერე, - ჰყვება ტარიელი: - ინდოეთის მეფე ღმერთივით ძლიერია, მისი ერთგული ყოველთვის ჯილდოვდება, ორგული კი ისჯება. ამ წერილს რომ მიიღებთ, ჩვენთან გამოცხადდით. თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ. გიჯობთ მოხვიდეთ, თორემ თავს წააგებთ.
„ჩვენო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით,
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით,
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით,
სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლსა ნუ ეზიარებით!“
ეს წერილიც, რა თქმა უნდა, მეფე ფარსადანთან იქნებოდა შეთანხმებული.
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
- ნესტანმა შემომითვალა, მასთან მივსულიყავი. წავედი. ასმათი მომეგება და ნესტანთან შემიძღვა. ნესტანმა არაფერი მითხრა, მხოლოდ ალერსიანად მიყურებდა, როგორც ახლობელს. მერე ასმათს უხმო. მათ რაღაც ისაუბრეს. ასმათი ჩემთან მოვიდა და ჩუმად მითხრა, - ახლა წადი, ვერ დაგელაპარაკებაო. მე დამწუხრებული წამოვედი, მაგრამ ასმათმა დამამშვიდა, - მხოლოდ დაიმორცხვაო.
ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: „ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.“
მე ვთხოვე, თუ რაიმე შეიცვლებოდა, მაშინვე შეეტყობინებინა ჩემთვის.
მცირე კომენტარი:
ნესტანის დამორცხვება სრულიად ბუნებრივი და ფსიქოლოგიურად დამაჯარებელია. იგი ხომ ტარიელს პირველად შეხვდა სასაუბროდ.
ეს ეპიზოდი, შეიძლება, ზედმეტადაც მოგვეჩვენეს, მაგრამ ასეთ ფსიქოლოგიურად ზუსტ და დამაჯერებელ დეტალებს რუსთველი დიდ ყურადღებას აქცევს.
წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მიწერილი
- ხატაეთის მეფემ რამაზმა საპასუხო წერილი გამომიგზავნა, - განაგრძობს ტარიელი.
მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!“
მე ლაშქრის შეკრების ბრძანება გავეცი. აღლუმი ვნახე და მომეწონა ლაშქრის მზადყოფნა. ინდოეთის დროშა აღვმართე და სალაშქროდ გავემზადე, მაგრამ წასვლამდე ნესტანის ნახვა მინდოდა.
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
„მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!“
ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა
- ასმათის წერილი მომიტანეს, შენი მზე გიხმობსო. მივედი. ასმათი შემეგება და მასთან შემიძღვა. ნესტანი იჯდა, ჩემგან პირს იფარავდა და ზოგჯერ წამიერად შემომხედავდა. მერე ასმათს უბრძანა, - მოახსენე ამირბარს, დაჯდესო. შემდეგ მითხრა, - ამას წინათ უბრად გაგიშვი, ხმა არ გაგეცი, ალბათ ძალიან განიცადე, მაგრამ, საჭიროა, ამირბარის რიდი მქონდესო.
მიბრძანა: „ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა,
დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,
მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.“
შემდეგ დავალება გამიმეორა:
„წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე,
ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე.“
ერთმანეთს კვლავ შევფიცეთ სიყვარული, ერთხანს კიდევ ვისაუბრეთ და წამოვედი.
მცირე კომენტარი:
მიჯნურების - ტარიელისა და ნესტანის ეს შეხვედრა და დიალოგი სრულიად ბუნებრივი და ფსიქოლოგიურად ზუსტი შტრიხებითაა გადმოცემული. ნესტანმა ტარიელს მისვლისთანავე კი არ დაუწყო საუბარი, არამედ ჯერ პირს იფარავდა მისგან და ხანდახან ამოჰხედავდა, შემდეგ კი ასმათს მიმართა, უთხარი ამირბარს, დაჯდესო. ამბავის გადმოცემისათვის შეხვედრის ზუსტ აღწერას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს (რადგან აქ მთავარია, რა უთხრა ნესტანმა ტარიელს), მაგრამ იგი რუსთველს სჭირდება რეალისტური, ბუნებრივი სურათის დახატვისათვის. ამით რუსთველის პოემა დიდად განსხვავდება იმდროინდელი ლიტერატურული ნაწარმოებებისაგან და ლამის დღევანდელობას უახლოვდება.
ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი
- ხატაეთისაკენ დიდი ლაშქარი დავძარი. ინდოეთის საზღვარზე რომ გადავედი, რამაზ მეფის კაცი შემომხვდა და მისი დანაბარები გადმომცა. რამაზ მეფე პატიებას ითხოვდა დაუმორჩილებლობისათვის, გვევედრებოდა, არ ამოგვეწყვიტა ისინი, ლაშქარი ადგილზე დაგვეტოვებინა და მხოლოდ მცირეოდენი მხლებლები წამოგვეყვანა. გვპირდებოდა, რომ ციხე-ქალაქს ჩაგვაბარებდა.
ვაზირებმა მირჩიეს, - შენ ყმაწვილი ხარ, ჩვენ კი გამოცდილები ვართ და მათი ბევრი სიმუხთლე გვინახავსო. ნუ ენდობი მათ, მცირე რაზმი წაიყოლე, მაგრამ ლაშქარი შორიახლოს წამოგყვეს, რომელთანაც კავშირი ხშირად იქონიეო. თუ დაინახო, რომ არ მუხთლობენ, მიენდე, ხოლო თუ არ დაგმორჩილდნენ, შენი რისხვა მაშინ დაატეხეო.
გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;
მითხრეს თუ: „ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:
არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!
ჩვენ ამას გირჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
ლაშქარნი ახლოს გეკიდენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულ-მართღლად იყვენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა,
არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა.“
რამაზ მეფეს შევუთვალე, რომ მის თხოვნას ვასრულებდი, ლაშქარს აქ ვტოვებდი და მცირეოდენი მხლებლები მომყავდა. ლაშქარს კი ვუბრძანე, ჩემი გზით ევლოთ და თუ შველა დამჭირდებოდა, სასწრაფოდ მომშველებოდნენ.
სამი დღე ვიარეთ. კიდევ ერთი კაცი მოგვეახლა რამაზისაგან და ძღვენი მოგვართვა. რამაზ მეფე გვაცნობებდა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, რათა კიდევ უფრო მეტი ძღვენი მოერთმია. შევუთვალე, რომ მეც მინდოდა, ერთმანეთს ტკბილად შევხვედროდით.
გზა გავაგრძელეთ და ერთი ტევრის პირას შევისვენეთ. ისევ მოვიდნენ რამაზის მოციქულები და მითხრეს, რამაზ მეფე უკვე მოდის და ხვალ დილით შეგხვდებათო. მოციქულები მოსასვენებლად გავგზავნე. ერთი მათგანი უკან შემობრუნდა და მითხრა, მამათქვენისაგან დიდად ვარ დავალებული, მისი გაზრდილი ვარ და ვერ გაგწირავო. რამაზ მეფეს ღალატი აქვს ჩაფიქრებული, იგი მცირეოდენი მხლებლებით შემოგეგებება, მაგრამ უკან ლაშქარი მოჰყავს, მას ნიშანს მისცემენ და ამოგწყვეტენო. მე მადლობა ვუთხარი მას, სამაგიერო პატივისცემას დავპირდი, თან გავაფრთხილე, ამხანაგებმა არაფერი იგრძნონ, მათთან დაბრუნდი-მეთქი. ეს ამბავი არავის გავანდე, მაგრამ ლაშქარში კაცი გავგზავნე, სასწრაფოდ წამოსულიყვნენ.
არვის გავანდე სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია,
რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
მაგრა სპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,
შევსთვალე: „ფიცხლა წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!“
ახლა მცირე ხნით შევწყვიტოთ შინაარსის თხრობა და დავუკვირდეთ რუსთველის პოეტურ მეტყველებას.
რუსთველი ძალიან ხშირად იყენებს მის მიერვე შექმნილ გასაოცარ სიტყვებს პოეტური, მხატვრული ეფექტის მისაღწევად. სწორედ ერთი ასეთი სიტყვაა „მოგრაგნეთ“ (შევსთვალე: „ფიცხლა წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!“) იგი, შეიძლება ითქვას, ხელოვნური სიტყვაა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია სხვა სიტყვა, რომელიც ასე ზუსტად და შთამბეჭდავად გადმოსცემდა ტარიელის ბრძანებას, სასწრაფოდ მოშველებოდნენ მას.
- როდესაც ქედს გადავადექით, - აგრძელებს ტარიელი, - ჩვენსკენ მომავალი რამაზ მეფის ხალხი დავინახეთ. მაშინ კი ყველას ვუთხარი რამაზ მეფის სიმუხთლის შესახებ და ბრძანება გავეცი, სასწრაფოდ აღჭურვილიყვნენ საომრად. როდესაც რამაზ მეფემ საომრად გამზადებულნი დაგვინახა, შემოგვითვალა, - ჩვენ არ გვიორგულია, თქვენ რატომ ხართ საომრად აღჭურვილნიო. მაშინ მეც გავამჟღავნე, რომ მათი ღალატის შესახებ ყველაფერი ვიცოდი:
შევსთვალე, თუ: „მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია,
თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,
მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია.“
ახლა კი რამაზ მეფემაც გაამჟღავნა დაფარული ღალატი და ლაშქარს ნიშანი მისცეს. ყოველი მხრიდან დაგვესხნენ თავს, მაგრამ ვერაფერი გვავნეს.
შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად,
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად,
ერთსა წავსყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად,
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
ახლოს მივე, შემომხედნეს, „შმაგიაო“, ესე თქვესა,
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა,
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი,
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.
საღამოხანს მათმა დარაჯმა დაინახა ჩვენი ლაშქარი, რომელიც სასწრაფოდ წამოსულიყო მოსაშველებლად. ხატაელებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ ყველა შევიპყარით, მათ შორის რამაზ მეფეც. ყველა მე მაქებდა. დაჭრილი მხოლოდ მკლავში ვიყავი. ლაშქარი ყველგან გავგზავნე საალაფოდ. ქალაქის ყველა კარი უომრად გავაღებინე. რამაზს ვუთხარი, თავისი მუხთლობა მოენანიებია და ციხე-სიმაგრეები ჩემთვის ჩაებარებინა. რამაზმაც ყველაფერი ჩამაბარა. უამრავი სიმდიდრე ჩავიგდეთ ხელში. ერთი რამ კი განსაკუთრებით მომეწონა, ეს იყო ყაბაჩა და რიდე, ძალიან უცხო და საკვირველი ნაქსოვი. გადავწყვიტე, იგი ნესტანისათვის მიმეძღვნა. მეფესაც ძვირფასი ძღვენი გავუგზავნე და ჩემი გამარჯვებაც შევატყობინე.
როგორც ვხედავთ, ამ თავში აღწერილია ინდოელთა და ხატაელთა ბრძოლის ფრიად შთამბეჭდავი სცენები. აქ, შეიძლება, ზოგი რამ გადაჭარბებული მოგვეჩვენოს, მაგალითად, ტარიელის მიერ კაცის კაცზე შემოტყორცნა, ცხენ-კაცის გორების დადგმა, წინა ორი რაზმის სრულად ამოწყვეტა და სხვა. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს მხატვრული ნაწარმოებია, სადაც დასაშვები და ბუნებრივია გარკვეული გადაჭარბებანი; მეორეც, რაღამ უნდა გააკვირვოს დღევანდელი ფილმების შემყურე, სადაც ერთი მარჯვე ტიპი მუშტებისა და ფეხების გამოყენებით ერთბაშად ორმოცდაათ თუ ას კაცს ამარცხებს.
მიუხედავად ამ გადაჭარბებებისა, რუსთველს ბრძოლის სრულიად ბუნებრივი და რეალისტური სურათი აქვს დახატული. მართლაც, ძველად, როდესაც ბრძოლა ხმლებითა და შუბებით ხდებოდა (და არა ცეცხლსასროლი იარაღებით და ყუმბარებით), იყვნენ რჩეული ვაჟკაცები, რომლებიც მტერს მრავლად ხოცავდნენ, მაგრამ ბრძოლიდან თითქმის უვნებელნი გამოდიოდნენ. სწორედ ასეთი ვაჟკაცები აღწევდნენ ღრმა სიბერემდე და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთი გახლდათ ტარიელიც. ის ხატაელებთან ბრძოლის დროს მხოლოდ მკლავში დაიჭრა, ე.ი. მთლად უვნებელიც არ გამოსულა. იმ ეპოქის სხვა ნაწარმოებებში კი მთავარი გმირები გოლიათებსა და ბაყბაყ დევებს ებრძვიან და სრულიად უვნებელნი რჩებიან. ასე რომ, ხატაელებთან ბრძოლის სურათებში თითქმის ყველაფერი ბუნებრივი და რეალისტურია. ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ თავად პოემის ავტორი პირადი გამოცდილების საფუძველზე აღწერს ამ ბრძოლას; რომ მასაც ხშირად მიუღია მონაწილეობა ასეთ ბრძოლებში და რომელიმე ბრძოლის დროს, შესაძლოა, მკლავშიც დაჭრილა, ან რაიმე მსუბუქი ჭრილობა მიუღია.
საერთოდ, ვინც „ვეფხისტყაოსანს“ კარგად არ იცნობს, მას ხშირად ჰგონია, რომ იგი სადევგმირო ნაწარმოებია, სადაც პოემის გმირები ლომებს და ვეფხვებს ხელით ახრჩობენ, უამრავ მებრძოლს ერთი ხელის გაქნევით ხოცავენ და ა.შ., მაგრამ ეს ასე არაა. ტარიელისა და ავთანდილის საბრძოლო ქმედებანი რეალისტურ საზღვრებს არ სცილდება.
ტარიელის ნათქვამიც კი - 15 წლის ასაკში, „ვით კატასა, ვხოცდი ლომსაო“, არაა დამაჯერებლობას მოკლებული. ჯერ ერთი, 15 წლის ადამიანს, რომელსაც საბრძოლო წვრთნა აქვს მიღებული, ბევრი რამ შეუძლია, მათ შორის ლომებზე ნადირობაც. ლომებს, ცხადია, მშვილდისრით ან შუბით ხოცავდნენ, რაც თავისუფლად შეეძლებოდა 15 წლის ტარიელსაც, თუმცა, კატასავით ადვილად ვხოცავდი ლომებსაო, რომ ამბობს, რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია. (ისე, არც კატის მოკვლაა მაინც და მაინც ადვილი!).
რაც შეეხება ვეფხის „ხელით დახრჩობას“, ამის შესახებ მაშინ ვისაუბროთ, როდესაც ამ ეპიზოდს განვიხილავთ.
წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და
გამარჯვებით შემოქცევა
ტარიელი აგრძელებს თავის ამბავს:
წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად.
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად.“
- ხატაეთში ყველაფერი მოვაგვარე, ალაფი წამოვიღეთ და რამაზ მეფე შეპყრობილი წამოვიყვანე. ინდოეთში შესვლისას ჩემი გამზრდელი მეფე მომეგება, „რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!“
იმ დღეს კარვები დავდგით და დიდი ნადიმი გადავიხადეთ, დილით კი სატახტო ქალაქში შევედით. მეფემ ბრძანა, ტყვეები მიმეგვარა.
რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე,
ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე,
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე.
ფარსადანმა რამაზ მეფე გულმოწყალედ მიიღო და მკითხა, შევუნდობდი თუ არა მას.
მე ვჰკადრე: „ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა.“
მეფემ რამაზсმეფეს ხარკი დააკისრა და „შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.“
მეფე ფარსადანმა, რომელსაც სამი თვის უნახავი ვყავდი, სანადიროდ მიმიწვია, თავის ცოლს კი საიდუმლოდ უთხრა, რომ რადგან ასული გასამეფებლად უნდოდათ, იგი დღეს წარედგინათ საზოგადოებისათვის და ამიტომ ნადირობის შემდეგ ორივე სასახლეში დახვედროდათ..
იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
„ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურვალია,
მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.
აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული.“
აქ მცირე კომენტარი გავაკეთოთ.
ფარსადანი საიდუმლოდ ავალებს თავის ცოლს „საჭვრეტლად სასურვალი“ ტარიელისა და ხალხის წინაშე „სამეფოდ სახელდებული“ ნესტან-დარეჯანის გამოყვანას. (თუ ცხოვრებისეულ ვითარებას გავითვალისწინებთ, რაც რუსთველისთვის დამახასიათებელია, ამ საიდუმლო დავალების შესახებ ტარიელს შეეძლო ნესტან-დარეჯანისაგან შეეტყო, რომელსაც, ცხადია, ამის შესახებ ეცოდინებოდა, მას ხომ სამეფოდ ზრდიდნენ).
თუ რაა ამ საიდუმლო დავალების მიზეზი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.
- ვინადირეთ და დროზე ადრე დავბრუნდით, - განაგრძობს ტარიელი, - მთელი ქალაქი აღტაცებით მეგებებოდა. კიდევ უფრო მამშვენებდა ხატაეთიდან ჩამოტანილი ის უცნაური რიდე. შევედით დარბაზში. იმ ადგილას დამსვეს, სადაც ყველაზე მეტად მესიამოვნებოდა - ნესტან-დარეჯანის პირდაპირ. ერთმანეთს მალვით ვუჭვრეტდით, „რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა.“
ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ, სადა მეამებოდა.
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა,
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა,
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
მეფემ მომმართა, - რაც გმოსავს, ძალიან გშვენის, მაგრამ მაინც გიბოძებ ას საჭურჭლეს, იმით შეიმოსე, რაც მოგესურვებაო.
დედოფალი და ნესტანი წავიდნენ, ჩვენ კი გავაგრძელეთ ლხინი. მერე კი, როცა სმა ვეღარ შევიძელით, ავიყარეთ. ნესტანის წასვლით დანაღვლიანებული ჩემს საწოლ ოთახში შევედი და მხოლოდ იმის მოგონება მგვრიდა ლხენას, თუ როგორ ვუცქეროდით ერთმანეთს ცოტა ხნის წინ.
მცირე კომენტარი:
ტარიელი ხაზგასმით ამბობს, რომ მეფემ დედოფალს საიდუმლო დავალება მისცა, რომ ტარიელთან საზეიმო შეხვედრაზე ხალხის წინაშე ნესტანი წარედგინათ.
ისმება კითხვა, რატომ გაასაიდუმლოვა ეს დავალება მეფემ?
როგორც შემდგომში ირკვევა, მეფე-დედოფალს უნდოდათ, ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულებას ფარულად დაკვირვებოდნენ (ამიტომ დასვეს ერთმანეთის პირდაპირ ტარიელი და ნესტანი) და რასაც შეამჩნევდნენ, მომავალში გაეთვალისწინებიათ.
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
ტარიელის ტირილი და დაბნედა
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
- ასმათმა ნესტანის წერილი მომიტანა. იგი მწერდა, - ძალიან მომეწონე ომგადახდილი, მე შენ გეკუთვნი და ამიერიდან ნუღარ სტირი; ის რიდე მომიძღვენი, რომელიც ნადიმზე გამშვენებდა, შენ კი ჩემი სამხრე ატარეო.
ტარიელმა ეს რომ თქვა, ნესტანის ნაჩუქარ სამხრეს ეამბორა და დაბნედილი დაეცა. ასმათმა ტირილი დაიწყო და დაბნედილ ტარიელს წყალი აპკურა.
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.
მცირე კომენტარი:
რუსთველის პოემაში ყველაფერი გენიალურია, მათ შორის რითმებიც. რითმა, საერთოდ, პოეტს გარკვეულად ზღუდავს, გარკვეულ კალაპოტში სვამს. რითმის გამო, შეიძლება, ლექსში ისეთი სიტყვაც გამოიყენოს პოეტმა, რომელიც ლექსის აზრს არც უკავშირდებოდეს. რუსთველთან აქაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ზემოთ მოყვანილ სტროფშიც, რომელშიც ტარიელის მძიმე განცდებია გადმოცემული, ბოლო სტრიქონის სარითმო ფრაზა - „ხმა ისმის მუნ წკანწკარისა“ - თითქოს არ შეესაბამება ტარიელის მძიმე განცდებს და მხოლოდ რითმის გულისთვისაა გამოყენებული. მაგრამ რუსთველის გენიალური, ჯადოქრული ნიჭის წყალობით, სწორედ ეს, რითმის გულისათვის გამოყენებული იუმორნარევი ფრაზა თითქოს იმ მძიმე განცდებს გვიმსუბუქებს, თითქოს რაღაც შვება გვეუფლება, თითქოს სულშეხუთულებს და დაბნედილებს მართლაც „წკანწკარით“ გვეპკურება მაცოცხლებელი წყალი. რა თქმა უნდა, ეს „მოწკანწკარე წყალი“ უმაღლესი, ლაღი პოეზიაა.
ახლა შინაარსს მივყვეთ.
ასმათმა წყლის პკურებით გონს მოიყვანა ტარიელი, რომელმაც კიდევ დიდხანს ვერ შეძლო ხმის ამოღება, შემდეგ კი ავთანდილს უთხრა: გავაგრძელებ ჩემი ამბის მოყოლას, რადგან მხოლოდ ის მგვრის შვებას, რომ შენ გეხმარები შენს საყვარელთან შეყრაშიო.
- ასმათმა ნესტანის სამხრე გადმომცა, რომელიც მაშინვე გავიკეთე, ხოლო ჩემი რიდე მოვიხსენი ნესტანისათვის გასაგზავნად.
ნესტანს წერილი მივწერე და ასმათის ხელით რიდე და ყაბაჩა გავუგზავნე.
ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა.
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა.
რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
ამ თავს ძალიან ყურადღებით უნდა გავეცნოთ.
- დილით ადრე სასახლეში მიხმეს, - განაგრძობს ტარიელი, - მეფე-დედოფალი სამ ვაზირთან ერთად დამხვდა. აღმოჩნდა, რომ სათათბიროდ ვიყავით მიწვეულნი.
გვიბრძანეს თუ: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია,
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ-სმა არად გვგავა, ამად ზედა წაგვითვლია.
აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ.“
ახლა კარგად დავაკვირდეთ ამ ეპიზოდს.
მეფე-დედოფალი ამბობს, რომ რადგან ნესტანი ქალია, ამიტომ მას საქმრო უნდა მოვუნახოთ, რათა ინდოეთის ტახტზე დავსვათ და სამეფო ჩავაბაროთო.
რა შეიძლება ითქვას მეფე-დედოფლის ამ გადაწყვეტილების შესახებ?
ტარიელის მონათხრობიდან გვახსოვს, რომ მეფე-დედოფალს სწორედ თავისი ასულის გამეფება სურდათ („რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული“). აქ კი სრულიად საპირისპირო რამ თქვეს. ცხადია, რაღაც არაგულწრფელობა გამოიჩინეს. გავიხსენოთ, ომიდან დაბრუნებული ტარიელისადმი მიძღვნილ ნადიმზეც მეფე-დედოფალი რაღაც საიდუმლოდ მოქმედებდნენ, - ნესტანსა და ტარიელს ფარულად აკვირდებოდნენ და ცხადია, შეამჩნიეს, რომ ისინი ერთმანეთს სიყვარულით უჭვრეტდნენ. სწორედ ამ საიდუმლო დაკვირვებას მოაყოლეს უცებ ეს თათბირი ნესტანის გათხოვების შესახებ.
- ჩვენ მათ ვუთხარით, - აგრძელებს ტარიელი, - რომ, მართალია, ყველას გვწყინს ვაჟის არყოლა, მაგრამ იმედად თქვენი ასულიც კმარა. ვისაც თხოვთ სიძობას, მას დიდად გაუხარდება; სხვა რა გითხრათ, თქვენვე იცით, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს საქმე.
დავიწყეთ საქმის გარჩევა, თუმცა გული მღელვარებით ამევსო. გადავწყვიტე, თავი შემეკავებინა და მათ წინააღმდეგ არაფერი მეთქვა. ხელმწიფემ ბრძანა, - სასიძოდ ხვარაზმშას შვილი ავირჩიოთ, ის ყველას სჯობსო.
მეფე-დედოფალს აშკარად ეტყობოდათ, რომ მათ ეს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რადგან ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე და ეს ლაპარაკშიც ემჩნეოდათ. ამიტომ ჩემგან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა,
ერთმანეთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა,
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
დედოფალიც დაემოწმა მეფეს, რომ სასიძოდ ვერავინ სჯობდა ხვარაზმშას შვილს. რაკი ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი, ვინ გაუწევდათ წინააღმდეგობას? ამიტომ მეც დავეთანხმე ამ ჩემთვის დამღუპველ გადაწყვეტილებას.
ახლა ტარიელის თხრობა ისევ შევწყვიტოთ და ამ ეპიზოდის განხილვა განვაგრძოთ.
მეფე-დედოფალს ნადიმზე შემჩნეული ჰქონდათ, რომ ტარიელს და ნესტანს ერთმანეთი უყვარდათ. მიუხედავად ამისა, მათ ანგარიში არ გაუწიეს მათ სიყვარულს, არ მოისურვეს ტარიელის სიძობა რაღაც მოტივით და სასიძოდ ხვარაზმშას შვილის მოწვევა განიზრახეს.
ამ განზრახვის შესრულება რომ გაადვილებოდათ, მათ ტარიელი ფაქტის წინაშე დააყენეს, იცოდნენ რა, რომ ტარიელი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა მათ, და ამით აიძულეს, სასიძოს მოწვევაზე თანხმობა განეცხადებინა.
მათ ნესტანის გამეფება სურდათ, მაგრამ თათბირზე სრულიად საწინააღმდეგო თქვეს.
ყოველივე აქედან აშკარაა, რომ მეფე-დედოფალი არაგულწრფელად იქცეოდნენ, _ რატომღაც ტარიელის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ამიტომ იგი სასიძოდ არ სურდათ, თუმცა თვალთმაქცურად მას ძალიან კარგად ექცეოდნენ.
თუ რატომ არ უნდოდათ სასიძოდ, ამას ქვემოთ დავინახავთ.
როგორც ვხედავთ, ინდოეთში სამეფო კართათვის დამახასიათებელი რაღაც ინტრიგის სუნი ტრიალებს.
- მეფე-დედოფალმა დაიწყეს თავიანთი განზრახვის განხორციელება, - განაგრძობს ტარიელი, -
გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი,
შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი,
არს ერთი ქალი საძეო, არ-კიდე გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სასიძოდ, სხვასა ნუღარას მოელი.“
წარგზავნილმა კაცმა გვაცნობა, რომ ხვარაზმშას ძალიან გახარებოდა ეს წინადადება. რასაც ვნატრობდით, ის აგვისრულდაო. ახლა სხვები გაგზავნეს სასიძოს სასწრაფოდ ჩამოსაყვანად.
კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
დაჰვედრეს თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად.“
მცირე კომენტარი:
საინტერესოა, რომ ფარსადანი ხვარაზმშას შვილის ჩამოყვანას ძალიან ჩქარობს, ეხვეწება კიდეც ხვარაზმშას, არ დაიგვიანოთო.
ეს აჩქარება იმას მოწმობს, რომ ფარსადანს ეშინია, ჩანაფიქრის შესრულებაში ვინმემ ან რამემ ხელი არ შეუშალოს.
სრულიად ბუნებრივი ცხოვრებისეული სიტუაციაა სამეფო კარისათვის ჩვეული ინტრიგების თვალსაზრისით.
საგულისხმოა, რომ ასევე იჩქარეს თამარის საქმროს, გიორგი რუსის ჩამოყვანაც საქართველოში. ზანქან ზორაბაბელმა იგი დათქმულ დროზე ადრე ჩამოიყვანა.
გავიხსენოთ, რომ ინდოეთში „შეფარვით“ საქართველო იგულისხმება, ხოლო ნესტანში - თამარი.
თამარის გამეფებასა და დაქორწინებასაც საქართველოს სამეფო კარზე ინტრიგების გარეშე არ ჩაუვლია.
ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
- მეტისმეტი სევდისაგან გულში დანის დაცემა მინდოდა. ამ დროს ასმათის წერილი მომიტანეს - ნესტან-დარეჯანი დაუყოვნებლივ მისვლას გიბრძანებსო.
კოშკთან ნატირები ასმათი დამხვდა. ძველებურად აღარ გამიცინა, არც რამე მითხრა, მხოლოდ ცრემლები გადმოღვარა. კოშკში შემიყვანა. დავინახე ნესტანი. ჩემი ნაჩუქარი რიდე ჩამოშლილი ჰქონდა. სახე ცრემლებით დასველებოდა. იწვა, როგორც პირგამეხებული ვეფხვი. ასმათმა მოშორებით დამსვა. ნესტანი წამოდგა. იგი გამწყრალი, წარბშეკრული, განრისხებული იყო.
მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა?
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?“
- მე ვკითხე, რატომ მადანაშაულებ-მეთქი. მიპასუხა:
„შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!
...
ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთახარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“
ნესტანისაგან ეს რომ მოვისმინე, იმედი მომეცა. დავიფიცე, რომ მისთვის არ მიღალატია და თუ მომისმენდა, ყველაფერს ავუხსნიდი. იგი დამთანხმდა.
ვუთხარი, - თანხმობა იმიტომ მივეცი, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა-მეთქი.
„მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა,
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.“
მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?“
ნესტანს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა, ეს საქმე სხვარიგად მომეგვარებინა.
ახლა ტარიელის სიტყვები განვიხილოთ.
ტარიელის თქმით, ინდოეთის ტახტი მას ეკუთვნის და ეს კარგად იცის ფარსადანმაც, რომელიც ამაზე სიტყვასაც არ ძრავს, ვითომც არ იცის.
ტარიელი ფარსადან მეფეს აშკარად ადანაშაულებს იმაში, რომ იგი ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს ხელყოფს, იგნორირებას უწევს.
ამის გათვალისწინებით უკვე გასაგები ხდება ფარსადან მეფის მიზანი და მისი უცნაური, არაგულწრფელი დამოკიდებულების მიზეზი ტარიელის მიმართ.
რა თქმა უნდა, აქ საქმე გვაქვს ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სასახლის ინტრიგებთან, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ფეოდალურ სინამდვილეში.
ინდოეთში ამ ინტრიგის არსი ასეთია:
რადგან ფარსადანი თვალს არიდებს ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს და ამის შესახებ ვითომდაც არაფერი იცის, ამიტომ მისთვის ტარიელი არ არის სასურველი სასიძო. მას თავის ასულს ცოლად არ მისცემს, რადგან თუ ტარიელი ნესტანის ქმარი გახდება, ინდოეთის სამეფო დინასტია ტარიელის ხაზით გაგრძელდება და არა ფარსადანის ხაზით. ამის საფუძველს ტარიელს არა მხოლოდ ნესტანის ქმრობა, არამედ მისი მემკვიდრეობითი უფლებაც მისცემს. ფარსადანს კი უნდა სამეფო დინასტია ნესტანის ხაზით (ანუ ფარსადანის ხაზით) გაგრძელდეს. იგი ნესტანის საქმროს იმ პირობით ირჩევს, რომ ნამდვილი მეფე ნესტანი იქნება და არა მისი ქმარი. გავიხსენოთ, ფარსადანს ნესტანის გამეფება აქვს გადაწყვეტილი. მას სურს, ტარიელი „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვოს.
ამ ინტრიგის განსახორციელებლად მეფე-დედოფალს დასჭირდათ გარკვეული ტაქტიკური სვლების გაკეთება. ჯერ იყო და, მეფე-დედოფალმა საიდუმლოდ მოითათბირეს, ნესტანი და ტარიელი გამარჯვების აღსანიშნავ ნადიმზე ერთმანეთის პირისპირ დაესვათ და მათ ურთიერთობას ფარულად დაკვირვებოდნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ ისინი ერთმანეთზე გამიჯნურებულები იყვნენ, მათ გადაწყვიტეს ნესტანის სხვაზე გათხოვება, რათა ტარიელი სასწრაფოდ ჩამოეცილებინათ გზიდან.
მიზნის განსახორციელებლად მათ ასეთი რამ მოიფიქრეს:
ვაზირებთან თათბირზე მათ ისე დახატეს ვითარება, რომ ნესტანის გამეფება სახელმწიფო სამართლით არ შეიძლებოდა და ყველაზე შესაფერი საქმრო იქნებოდა ძლიერი ხვარაზმის სამეფოს უფლისწული. სინამდვილეში მეფე-დედოფალს სწორედ ნესტანის გამეფება ჰქონდათ ადრევე გადაწყვეტილი. ე.ი. მათ ტყუილი თქვეს, რათა ამ ტყუილით გაემართლებინათ ხვარაზმელი უფლისწულის სასიძოდ მოწვევა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ისე გამართლებული ჩანდა, რომ ვაზირები აუცილებლად უნდა დათანხმებულიყვნენ. უნდა დათანხმებულიყო ტარიელიც, როგორც ვაზირი და არა როგორც ნესტანის მიჯნური. ასეთ სიტუაციაში ტარიელი ვერც გაბედავდა წინააღმდეგობის გაწევას და ნესტანის საქმროდ თავისი თავის დასახელებას. მეფე-დედოფალს სწორედ ამისი იმედი ჰქონდათ.
მეფე-დედოფლის ეს ვარაუდი გამართლდა, - ტარიელმა მართლაც ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ იყო, რომ ასე იჩქარეს ხვარაზმშას შვილის ჩამოყვანა, სანამ ტარიელი გონს მოეგებოდა და სათანადო გზას მონახავდა თავისი მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად და ნესტანის შესართავად.
აი, ასეთ ფარულ ბრძოლას აწარმოებდა ფარსადან მეფე ტარიელის, როგორც ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ, თუმცა ტარიელს ფარისევლურად ძალიან კარგად ეპყრობოდა. ეს სულაც არაა საკვირველი, რადგან ტახტისათვის ბრძოლის გაცილებით უარესი შემთხვევებიც ახსოვს ისტორიას. ინდოეთის ტახტის ირგვლივ არსებული სიტუაცია რუსთველის მიერ სრულიად რეალისტურად არის ასახული.
ახლა განვაგრძოთ შინაარსის გადმოცემა.
- ნესტანი ჩემს განმარტებას დაეთანხმა და მითხრა, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა დავმჯდარიყავით ხელმწიფედ, როგორც ცოლ-ქმარი.
„არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისას, ამისთვის არ მართლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა.“
მერე დაიწყო იმაზე მსჯელობა, როგორ გვეპოვა გონივრული გამოსავალი. მთავარია, არ ავჩქარებულიყავით და შეცდომა არ დაგვეშვა. სასიძოს თუ არ შემოვუშვებდით, მეფე განრისხდებოდა, ერთმანეთს წავეკიდებოდით და ინდოეთი „გარდაქარდებოდა“. თუ შემოვეშვებდით, იგი ნესტანს შეირთავდა, ჩვენ ერთმანეთთან განშორება და ტანჯვა მოგვიწევდა, ხოლო „სპარსნი“ (ხვარაზმელები) ინდოეთში იბატონებდნენ.
მიბრძანა თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!
კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“
- მე ვუთხარი, რომ ამას არ დავუშვებდი:
მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხადნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!“
ნესტანმა მირჩია, საქმე დიდი სისხლისღვრის გარეშე გადაგვეწყვიტა და მხოლოდ სასიძო მომეკლა:
მიბრძანა თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“
ნესტანის რჩევით, სასიძოს მოკვლის შემდეგ ფარსადანისათვის უნდა მომეხსენებინა, რომ მე უფლებას ვერ მივცემდი „სპარსელებს“, ინდოეთში გაბატონებულიყვნენ, რადგან ინდოეთი მე მეკუთვნოდა და არავის დავუთმობდი, ხოლო თუ არ დამეხსნებოდა, ქალაქს ტრამალად გადავუქცევდი.
„იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“
ნესტანის აზრით, ჩვენი სიყვარული საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა, რადგან ამით უფრო მივაღწევდი სამართლიანად ტახტის დაუფლებას, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ ფარსადანი აქეთ შემომეხვეწებოდა ნესტანის ცოლად შერთვას:
„ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა;
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერვოდეს ერთგან სხდომა.“
ნესტანის რჩევა ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მტრებისთვის დამეცლია ხრმლის შემოქნევა.
წასასვლელად ავდექი, მაგრამ ნესტანმა მთხოვა, კიდევ დავრჩენილიყავი. მინდოდა ნესტანს მოვხვეოდი, მაგრამ ვერ გავბედე. ერთხანს დავრჩი, მერე წამოვედი, მაგრამ მღელვარებისაგან ვკვდებოდი.
გავაანალიზოთ ნესტანის რჩევა.
ნესტანი აქ წარმოგვიდგება, როგორც გაბედული, ჭკვიანი, სიტუაციის ღრმად გამაანალიზებელი, სტრატეგიულად და ტაქტიკურად უნაკლოდ მოაზროვნე ადამიანი.
ნესტანმა იცის, რომ ინდოეთის ტახტი ტარიელს ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვნის თვითონაც, ამიტომ გამოსავალს მათ ცოლქმრობაში ხედავს, მით უფრო, რომ გამიჯნურებულებიც არიან. ნესტანი ხვდება, რომ ფარსადანი თვალს არიდებს ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს და ამიტომაც არ სურს იგი სასიძოდ. ამიტომ ტარიელს ურჩევს, მათი სიყვარული არ ახსენოს და მხოლოდ თავისი მემკვიდრეობითი უფლებების დაცვა მოითხოვოს.
ნესტანის რჩევის აზრი ასეთია: თუ ტარიელი ნესტანის ცოლად შერთვას მოითხოვს, ფარსადანი მას უარს ეტყვის, რადგან ტარიელის სიძობა არ უნდა. ფარსადანის დადანაშაულება, როგორც მშობლისა, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. ამიტომ ტარიელმა თავისი მემკვიდრეობითი უფლებანი უნდა წამოაყენოს, - ტახტი მოითხოვოს, ე.ი. ნესტანის გამეფება არ დაუშვას, მისი წესისამებრ გათხოვება, მშობლების სახლიდან წასვლა უნდა მოითხოვოს, რის შემდეგაც ფარსადანი აქეთ შემოეხვეწება ტარიელს ნესტანის შერთვას.
თუ ტარიელი ერთდროულად მოითხოვს ინდოეთის ტახტსაც და ნესტანის ხელსაც, არც ეს იქნება სწორი, რადგან მაშინ გამოდის, რომ ტარიელი ურიგდება ნესტანის დარჩენას მშობლების სახლში, ე.ი. იმას, რომ ნესტანი არის „საძეო“, ძის მოვალეობის შემსრულებელი, ტახტის მემკვიდრე. ერთი სიტყვით, ტარიელის ასეთი მოთხოვნა გამოვა წინააღმდეგობის შემცველი, რაც საქმეს გაართულებს. უმჯობესია მხოლოდ ინდოეთის ტახტის მოთხოვნა.
ამგვარად, ინდოეთში ასეთი ვითარებაა შექმნილი: ფარსადანს უნდა ნესტანის გამეფება და ტახტის მემკვიდრის - ტარიელის გზიდან ჩამოცილება. ფარსადანის ამ მიზანს ნესტანმა და ტარიელმა დაუპირისპირეს სრულიად საწინააღმდეგო მიზანი - ტარიელის გამეფების მოთხოვნა და ნესტანის ტახტისაგან ჩამოშორება, ანუ გათხოვება მშობლების სახლიდან წასვლით. მათ ფარსადანი უნდა აიძულონ, ამაზე დათანხმდეს.
ნესტანის აზრით, ყველაზე უკეთესი და სამართლიანი გამოსავალია მისი დაქორწინება ტარიელზე, რაც მათ სიყვარულსაც გადაარჩენს და ტახტის მემკვიდრეობასაც ორივეს შეუნარჩუნებს: „მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.
ერთი სიტყვით, აქ ასახულია ტახტის მემკვიდრეობის პრობლემასთან დაკავშირებული სრულიად რეალური ცხოვრებისეული და ამავე დროს საკმაოდ რთული სიტუაცია.
ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ
და ტარიელისაგან მისი მოკვლა
ხვარაზმიდან კაცი მოვიდა, - განაგრძობს ტარიელი, - სასიძო მოდისო, გვახარა. მეფეს ძალიან გაუხარდა, თავისთან დამისვა და მითხრა, რომ მისთვის ეს დღე დიდი ლხინისა და სიხარულის დღე იყო. დიდი ქორწილი გადავიხადოთ და უხვი საბოძვარი გავცეთო. მეფის ბრძანებით სასიძოსთვის კარავი დავდგი მოედანზე. სასიძოს სანახავად უამრავი ხალხი მოვიდა.
მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა.
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა,
შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა.
ახლა მცირე კომენტარი:
როგორც ტარიელის მონათხრობიდან ვიცით, ტარიელს შეუნარჩუნეს მამის თანამდებობები - ამირბარობა და ამირსპასალარობა. ასეთი წესი იყო ინდოეთში „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა“. ასეთივე წესი იყო საქართველოში - ორი უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ეს თანამდებობები იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. განსხვავება ისაა, რომ მეორე თანამდებობა ინდოეთში არის ამირბარი, საქართველოში კი - მანდატურთუხუცესი. ამიტომ ზოგიერთი რუსთველოლოგი მიიჩნევს, რომ „ამირბარში“ რუსთველს ნაგულისხმევი აქვს „მანდატურთუხუცესი“, თუმცა უფრო მიღებული თვალსაზრისით, „ამირბარი“ ზღვათა ვაზირს, ადმირალს ნიშნავს. მაგრამ უფრო სწორი პირველი თვალსაზრისი ჩანს. ამას მოწმობს ზემოთგანხილული ეპიზოდი. საქმე ისაა, რომ საქართველოში მანდატურთუხუცესის ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა სტუმრების მიღებისა და გამასპინძლების ცერემონიის მოწყობა-მოგვარება. ტარიელმაც სწორედ ასეთი მოვალეობა შეასრულა: „მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა“; „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა“. („საურავი“ ნიშნავს სამსახურებრივ საქმიანობა-საზრუნავს). როგორც ჩანს, სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის გამო შეასრულა ტარიელმა ხვარაზმშას შვილის მიღების მომზადება, თორემ საკუთარი სურვილით ამის გაკეთების ხალისი მაინც და მაინც არ ექნებოდა.
- ამ დროს ასმათის წერილი მომიტანეს, - განაგრძობს ტარიელი, - ნესტანი მიბარებდა. მაშინვე წავედი. ასმათი ისევ ნატირები დამხვდა, მითხრა, - შენს გამო ტირილი არ მაკლდება, ყოველთვის როგორ გაგამართლოო. შევედით ნესტანთან, რომელიც წარბშეკრული იჯდა.
წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?“
მე მეწყინა, - ქალი როგორ მაქეზებდა? აღარაფერი ვუთხარი, სწრაფად გამოვბრუნდი, შინ შევედი და იმ მოყმის მოსაკლავად გავემზადე. ას კაცს ვუბრძანე, საომრად მომზადებულიყვნენ. ქალაქი ისე გავიარეთ, არავის დავუნახივართ. კარავში უჩუმრად შევედი და ხვარაზმშას ძე უსისხლოდ, ბოძზე თავის მიხეთქებით მოვკალი.
კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
მისი მხლებლები გამომიდგნენ, მაგრამ ისინი დავხოცე და ჩემს ქალაქში გავმაგრდი. ლაშქარს ვაცნობე, მომშველებოდნენ.
დილით ჩემთან მეფისაგან გამოგზავნილი სამი დიდებული მოვიდა. მეფეს შემოეთვალა, - ღმერთმა ხომ იცის, რომ შვილივით გაგზარდე, ასე რატომ შემიცვალე სიხარული მწუხარებადო?
„ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩენი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“
ახლა მცირე კომენტარი.
ფარსადანი აგრძელებს თვალთმაქცობას ტარიელთან დამოკიდებულებისას. ეს ჩანს მისი სიტყვებიდან: „თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინეო“. არადა, მან კარგად იცოდა მათი მიჯნურობის შესახებ.
ტარიელი აგრძელებს:
მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მარიდოს ნდომა თქვენისა ქალისა!
იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -
ერთი-ღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია;
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
სამართლად ტახტი უჩემოდ არვისგან მისახვდომია!
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია,
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!“
როგორც ვხედავთ, ტარიელი ზუსტად ასრულებს ნესტანის რჩევას.
ტარიელი ოფიციალურად პირველად აცხადებს თავისი მემკვიდრეობითი უფლების შესახებ ინდოეთის ტახტზე. ეს უფლება, ტარიელის თქმით, ეფუძნება იმას, რომ ინდოეთის შვიდივე სამეფო საგვარეულოდან მხოლოდ ის ერთადერთი მამაკაცია დარჩენილი და სამართლის მიხედვით, მხოლოდ მას ეკუთვნის ინდოეთის ტახტი.
ტარიელი სამართალს რამდენჯერმე იმოწმებს და ფარსადანს დებს ბრალს მის დარღვევაში.
მაგრამ ფაქტია, რომ ფარსადანმა ოფიციალურად „არ იცოდა“ ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ და ამიტომაც ახერხებდა ამისათვის თვალის არიდებას.
„არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა“, - ამბობს ტარიელი მწარე ირონიით ფარსადანზე ნესტანთან საუბრის დროს.
გამოდის, რომ ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებები ისე მყარი არ იყო, რომ ფარსადანს ვერ შეძლებოდა მისი უგულებელყოფა.
მაგრამ ფარსადანი თავად არღვევდა სამართალს, რადგან ასულის გამეფება სურდა, ამიტომ ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს, თუნდაც არამყარს, მეტი წონა ეძლეოდა.
ფარსადანი, შესაძლოა, ტარიელის არგუმენტებს დათანხმებოდა და უკან დაეხია, მაგრამ სანამ იგი ტარიელის პასუხს მიიღებდა, ინდოეთში უკვე დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამდენად ტარიელისა და ნესტანის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ამის შესახებ მომდევნო თავში გვიამბობს ტარიელი.
ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- ფარსადანის მოციქულები ჩემი პასუხით უკან გავგზავნე, - აგრძელებს ტარიელი, - მაგრამ ნესტანის შესახებ არაფერი ვიცოდი და ეს უფრო მტანჯავდა. ამ დროს ასმათი დავინახე მსახურთან ერთად. იგი ღიმილით აღარ შემეგება. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მან შემომტირა და დიდხანს ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი ყველაფერი მომიყვა.
მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
შენ დაგიზახნა: „მიხმეთო“, ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.
ჰკადრეს: „აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან“.
მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან:
მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
აწ, თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა!“
მეფე თუკი დაიფიცებდა, მას აუცილებლად ასრულებდა კიდეც. მეფის ეს დაფიცება დავარს შეატყობინეს.
მან ეგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.“
დავარი ნესტანს მიეჭრა, როსკიპი, ბოზი უწოდა, თმები დააგლიჯა, ცემით დაალურჯა - საქმრო რად მოაკვლევინეო.
„როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?
ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე?
აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!“
ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა,
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
დავარმა ნესტანის ცემით გული რომ იჯერა, ქაჯეთიდან მოყვანილ ორ მონას უხმო, მათ კიდობანი მოიტანეს და შიგ ნესტანი ჩასვეს. დავარმა მონებს უბრძანა, ნესტანი გადაეკარგათ. მათ ზღვისაკენ წაიყვანეს ნესტანი და გაუჩინარდნენ. დავარი ახლა კი მოეგო გონს, მიხვდა, რაც ჩაიდინა; თქვა, ვიდრე მეფე მომკლავს, მე თავად მოვიკლავ თავსო, დანა დაიცა და სიცოცხლეს გამოესალმა. ამ ამბის მომტანს ცოცხალს ნუ დამტოვებო, - უთხრა სასოწარკვეთილმა ასმათმა ტარიელს.
მე ვუთხარ: „დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! -
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია.“
სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
მეტისმეტმა მწუხარებამ მთლად გამაშმაგა. ასსამოცი კარგი მოყმე გავიყოლე და ნესტანის ძებნას შევუდექი. მთელი წელიწადი ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვინც მახლდა, ყველა დამეხოცა, მხოლოდ ასმათი და ორი მონაღა დამრჩა. ტირილი ჩემს ლხინად იქცა.
ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელს შეეყარა
- ერთხელ ქალაქის სიახლოვეს მოვხვდით, - აგრძელებს ტარიელი თავის თავგადასავალს, - რადგან ადამიანების ნახვის სურვილი არ მქონდა, უკაცრიელ ადგილას ხეთა ძირში მოვისვენეთ. დაძინება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი და ავდექი. მომესმა ვიღაც მოყმის ყვირილი, იგი დაჭრილი იყო და მრისხანედ იმუქრებოდა. შავ ტაიჭზე იჯდა, აი, ამ ცხენზე, ახლა მე რომ მყავს. მონა გამოვადევნე და შევუთვალე, რომ შემხვედროდა და თავისი გასაჭირი ეთქვა. მან მონას ყურადღება არ მიაქცია. მაშინ მე თავად წამოვეწიე და ვკითხე, რა სჭირდა. მან შემომხედა, მოვეწონე და შეჩერდა.
გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ?“
მერმე მითხრა: „მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ.“
მე ჩემთან წამოვიყვანე, ჩემმა მონა-დოსტაქარმა ჭრილობები შეუხვია. გამოვკითხე, ვინ იყო. იგი აღმოჩნდა მულღაზანზარის მეფე ნურადინ-ფრიდონი. მან თავისი ამბავი მიამბო: როდესაც მის პაპას მისი მამა და მამის ძმა გაუყვია, ერთი კუნძული მამის ძმისათვის მიუკუთვნებია, რომელიც, წესით, ფრიდონის მამას უნდა კუთვნებოდა. ეს კუნძული სადავო გამხდარა. დღეს, როდესაც ამ კუნძულზე ნადირობდა, ბიძაშვილებს დაუნახავთ და ლაშქრით თავს დასხმიან, ბევრნი ყოფილან და მორევიან. ფრიდონს ცხენით გამოუცურავს, მისი მხლებლები კი დაუხოცავთ. ფრიდონი იმუქრებოდა, რომ ამ სისხლს მათ არ შეარჩენდა.
ფრიდონი ძალიან მომეწონა და დახმარება შევთავაზე. მივედით მის პატარა, მაგრამ ლამაზ ქალაქში. ყველა მძიმედ განიცდიდა მის მარცხს.
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა.
(დამეთანხმები, ეს ბოლო სტრიქონი ძნელია ღიმილის გარეშე წაიკითხო).
შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
- როდესაც ფრიდონი მომჯობინდა, ჩვენ სასტიკად დავამარცხეთ მისი მტრები.
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
. . .
ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევებენით, შეიქმნეს ომისა სიფიცხენია,
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია,
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
. . .
მათნი ლაშქარნი გაგვექცეს, ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით,
ფიცხლა წავუღეთ ქალაქი, არ თავი გავაზანტენით.
. . .
ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა.
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს, თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“
ფრიდონმა და მისი ქალაქის მცხოვრებლებმა დიდი ზეიმი გადაიხადეს გამარჯვების აღსანიშნავად.
მე სევდა მკლავდა, ჩემი ამბავი კი არავინ იცოდა.
ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ერთ დღეს მე და ფრიდონი ვნადირობდით, - განაგრძობს ტარიელი, - გადავადექით ერთ ქედს, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. ამ ადგილმა ფრიდონს ერთი შემთხვევა გაახსენა: ერთხელ ამ ადგილას საკვირველი რამ ვნახეო. ვნადირობდი. უცებ ზღვაში სწრაფად მომავალი ნავი დავინახე, რომელსაც მრავალკეცი ფარდა ებურა. ნავში ულამაზესი ქალი იჯდა. ორმა ზანგმა ქალი ნაპირზე გადმოსვეს. იგი მზეს სჯობდა სილამაზით. დავაპირე მათთან მისვლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ცხენი მყავს, გამასწრეს და ზღვაში გაუჩინარდნენო.
ეს რომ ფრიდონისაგან გავიგონე, ცხენიდან გადმოვიჭერი და სისხლის ცრემლებით ავტირდი. ფრიდონს გაუკვირდა ჩემი საქციელი, მომეფერა, დამამშვიდა, ნეტავ არაფერი მეამბოო, ინანა. მე ვუთხარი, ის ქალი ჩემი მზე იყო, ვის გამოც ასეთ სატანჯველში ვარ-მეთქი, და ყველაფერი ვუამბე.
ფრიდონმა ჩემი მზის საძებრად თავისი მეზღვაურები გაგზავნა. მე მცირე იმედი გამიჩნდა, მაგრამ მეზღვაურებმა ვერაფერი შეიტყვეს. ისევ წარმეკვეთა სასო. ფრიდონს ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი. ყველა დარჩენას მეხვეწებოდა, მაგრამ მე სხვანაირად არ შემეძლო.
ფრიდონმა ეს საოცარი ცხენი მაჩუქა და გამომაცილა. ბევრი ვიტირეთ გამოთხოვებისას.
მე ნესტანის ძებნა განვაგრძე. კვლავ შემოვიარე მთელი ქვეყანა, მაგრამ ამაოდ, მის მნახველსაც ვერავის შევხვდი.
ასმათს და ჩემს მხლებლებს ვუთხარი, წასულიყვნენ და თავიანთი თავისთვის მიეხედათ. მაგრამ ისინი არ დამეთანხმნენ და ჩემთან დარჩნენ. მე ადამიანთა სამყოფელი არემარე მივატოვე და უკაცრიელ ადგილებში მხეცთა შორის გადავწყვიტე ყოფნა. ეს გამოქვაბული დევებს წავართვი. მათ წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ ყველანი დავხოცე, თუმცა ჩემი მხლებლები კი დამიხოცეს. იმ დღიდან ამ გამოქვაბულში ვარ ასმათთან ერთად.
ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
შემომებნეს, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს,
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.
აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
ესე ქალი არ დამაგდებს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.
ტარიელმა თავისი ამბის თხრობა დაასრულა და კიდევ ერთხელ დარია ხელი დიდმა მწუხარებამ და სიშმაგემ.
ასმათმა ძლივს დააწყნარა ტარიელი. ავთანდილმა გულმხურვალედ თანაუგრძნო.
ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:
„შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან,
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,
აწ წადი, ნახე ჩენი მზე ნახვისა მოჟამებულმან.“
ავთანდილ უთხრა: „მე შენი გაყრა არ მომეთმინების,
თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების,
მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,
შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყობარი,
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი;
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი ეგრე გულფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკვი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.“
შემომფიცე, - უთხრა ავთანდილმა, - აქედან არსად წახვიდე და აქ დამელოდო, მე დავბრუნდები და სატრფოს მოძებნაში დაგეხმარები.
მან მიუგო: „უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე! რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.“
ის ღამე ერთად გაატარეს, დილით კი ავთანდილი თავის ქვეყანაში წასასვლელად გაემზადა. ერთმანეთს გამოეთხოვნენ. ავთანდილი ასმათმა გააცილა და შეეხვეწა, არ დაევიწყებინა ტარიელი და ადრე დაბრუნებულიყო. ავთანდილი დაპირდა, რომ ორ თვეში დაბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც სატრფოს ინახულებდა და მას დავალების შესრულებას მოახსენებდა.
„ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,
ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა,
აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა.“
ახლა პატარა კომენტარი გავაკეთოთ ერთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ თავში გვხვდება.
ტარიელი ამბობს, რომ მან გამოქვაბული დევებს წაართვა. დევები, რა თქმა უნდა, ადამიანებისაგან განსხვავებული ზღაპრული არსებებია, მაგრამ ტარიელის მონათხრობის მიხედვით, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები ჩანან, თუმცა მათგან მაინც რაღაცით განსხვავებულნი. ყოველ შემთხვევაში, ამ დევებს ჩვეულებრივი ადამიანის საბრძოლო საჭურველი აქვთ, რომლებიც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, პოემის მთავარმა გმირებმა გამოიყენეს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამ „დევებს“ უამრავი სიმდიდრეც აქვთ დაგროვილი გამოქვაბულში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ყაჩაღები იყვნენ, რომელთაც მოულოდნელი და დაუნდობელი თავდასხმების გამო შეშინებულმა ხალხმა „დევები“, ანუ ბოროტი სულები შეარქვა. სხვათა შორის, ქართულ ენაში დამკვიდრებული ტერმინი „დევგმირი“ იმას მიგვანიშნებს, რომ გამორჩეულ ვაჟკაცებს ხალხი ადარებდა დევებს, რასაკვირველია, როგორც ძალიან ძლიერ არსებებს და არა როგორც ბოროტ სულებს.
თუ ამ დევებს მაინც და მაინც ზღაპრულ არსებებად მივიჩნევთ, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ პერსონაჟების შემოტანით რუსთველი ერთგვარ ხარკს უხდის იმდროინდელი საზოგადოების ლიტერატურულ მოთხოვნილებებს საზღაპრო-სადევგმირო ნაწარმოებებზე. მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო ეპიზოდია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ რეალისტურ, ცხოვრებისეულ გარემოს ოდნავადაც ვერ ცვლის და ვერანაირად ვერ ამსგავსებს მას საზღაპრო-სადევგმირო სტილის ნაწარმოებებს.
ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა
ავთანდილი არაბეთში ბრუნდება. საინტერესოა, როგორ მიიღებენ მას ჯერ საკუთარ სამეფო მამულში, ხოლო შემდეგ არაბეთის სატახტო ქალაქში. ცხადია, მას ყველა სიყვარულით და აღტაცებით მიიღებს, საეჭვო მხოლოდ როსტევან მეფეა, რომელიც ავთანდილმა სავსებით გამიზნულად მოატყუა - ჩემს მამულში სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად მივდივარო, არადა უცხო მოყმის საძებრად გაიპარა. აპატიებს როსტევანი ამ ტყუილს?
მაგრამ, მოდით, ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ.
ავთანდილი ისე გახარებული ბრუნდებოდა არაბეთში, რომ გრძელი გზა მოკლედ მოეჩვენა. პირველად იქ მივიდა, სადაც თავისი სამეფოს სპა დატოვა. დიდმა სიხარულმა მოიცვა ყველა. მისი დაბრუნება სასწრაფოდ შეატყობინეს შერმადინს. შერმადინიც დაუყოვნებლივ მოვიდა, ავთანდილს გადაეხვია და ღმერთს მადლობა შესწირა მისი დაბრუნებისათვის. დიდებულებიც მოვიდნენ და ავთანდილს თაყვანი სცეს. ავთანდილმა შერმადინს ყველაფერი უამბო. შერმადინმაც აქაური ამბები მოახსენა. შენი წასვლა, როგორც მთხოვე, არავის გაუგიაო. ავთანდილმა შერმადინი მეფე როსტევანთან გაგზავნა, რათა მისთვის ავთანდილის დაბრუნება და მისგან უცხო მოყმის ამბავის გაგება ეცნობებინა:
შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით,
აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით.“
შერმადინმა ათი დღის სავალი სამ დღეში გაიარა და როსტევანს ავთანდილის დაბრუნება ახარა. თინათინსაც შეატყობინა, რომ ავთანდილი საამო ამბავს უამბობდა მას.
ავთანდილს „შიში, კრძალვა და რიდობა“ აღარ დასჭირდა მეფის წინაშე, მას სიხარულით მიეგება ყველა - მეფეც, თინათინიც, დიდებულებიც. დასხდნენ სანადიმოდ. მეფემ და დიდებულებმა ავთანდილს ყველაფერი აამბობინეს. როსტევანი ისე გახარებული იყო, რომ საყვედურის თქმაც კი დაავიწყდა ავთანდილისათვის, რატომ გამეპარეო. შეიძლება, არც დაავიწყდა, მაგრამ არაფერი უთხრა, რადგან გონიერი და ლმობიერი მეფე იყო - „მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი“.
როდესაც ავთანდილი დასაძინებლად მოემზადა, თინათინის მონა მოვიდა. თინათინი თავისთან უხმობდა. ახლა ავთანდილმა მხოლოდ თინათინს უამბო ყველაფერი და ისიც უთხრა, რომ ტარიელს დასახმარებლად ისევ წასვლას აპირებდა, რადგან მას ფიცი მისცა.
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად.“
ახლა მცირე კომენტარი.
ამ სტროფში (და სხვაგანაც ბევრგან) გვხვდება სიტყვა „მოყვარე“. ამ სიტყვას რუსთველი იყენებს „მეგობარის“ მნიშვნელობით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „მეგობარი“ იმ დროსაც არსებობდა, იგი პოემაში ერთხელაც არაა ნახმარი, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ მეგობრობის ქებათაქებაცაა მიჯნურობასთან ერთად. როგორც ჩანს, სიტყვა „მოყვარეს“ რუსთველი სრულიად გამიზნულად იყენებს „მეგობარის“ ნაცვლად. ეს გასაგებიცაა, რადგან სიტყვა „მოყვარე“ სიტყვა „სიყვარულიდან“ მოდის.
რუსთველისათვის, როგორც ჩანს, მეგობრობის მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიყვარულია. ცხადია, ეს სიყვარული არ ნიშნავს ქალ-ვაჟურ სიყვარულს, არამედ სიყვარულს ზოგადად, სიყვარულს მოყვასისადმი, რაც ქრისტიანული რწმენის მთავარი არსია.
ამ ტერმინს თავის დროზე ყურადღება მიაქცია კომუნისტების დროს საზღვარგარეთ ემიგრირებულმა დიდმა რუსთველოლოგმა ვიკტორ ნოზაძემ, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი შესძინა რუსთველოლოგიურ მეცნიერებას.
ახლა ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ.
მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა;
პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა,
მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა,
ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!“
თინათინმა მოუწონა ავთანდილს ტარიელის დასახმარებლად წასვლის განზრახვა. „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა“, მაგრამ მე რა ვქნა, როგორ გავუძლო შენს ამდენი ხნის განშორებასო.
ავთანდილი ეჭვობს, რომ კიდევ ბევრი განსაცდელი გადახდება, ამიტომ თინათინს თხოვს, ნუგეშად რაიმე სახსოვარი გაატანოს. თინათინმა მარგალიტი მიუძღვნა.
თინათინთან შეხვედრამ კიდევ უფრო გაუმძაფრა გრძნობები ავთანდილს. მისგან წამოსვლის შემდეგ სიყვარულის სახმილი კვლავ მწველად მოედო და სიხარულის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ცრემლი ღვარა.
სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად,
იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად,
მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!
ვირე გნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!“
ცხადია, ავთანდილს საწუხარი და ცრემლის საღვრელი არაფერი ჰქონდა, მას, უბრალოდ, თინათინთან განშორება ერთი წამითაც არ უნდოდა. ამიტომ თავის გულს სიხარბე და გაუმაძღრობა უსაყვედურა:
„გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“
რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი,
მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,
მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,
პირსა დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
ახლა, მოდი, პატარა სტილისტური წიაღსვლა გავაკეთოთ.
მოყვანილ სტროფებში რამდენჯერმე ზედიზედ არის განმეორებული სიტყვა „გული“.
ხშირად გაიგონებთ ხოლმე, - ერთი და იგივე სიტყვის ზედიზედ, ხშირად განმეორება ცუდი სტილის ნიშანიაო. მაგრამ მოყვანილი სტროფები გვარწმუნებს, რომ ერთი და იგივე სიტყვის ბევრჯერ განმეორება კი არაა მთავარი, არამედ ის, თუ როგორაა ის განმეორებული - კარგად თუ ცუდად. ამიტომ იმ გავრცელებულ შეხედულებას მაინც და მაინც ნუ დაუჯერებ. რუსთველი დაიმოწმე ხოლმე.
ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ.
დილით ავთანდილს სასახლეში უხმეს. მეფემ იგი სანადიროდ წაიყვანა. ნადირობის შემდეგ ისევ ინადიმეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ტარიელის შესახებ. „უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა“. ნადიმის შემდეგ შინ წასულ ავთანდილს ისევ სევდამ დარია ხელი, ისევ სიყვარულის სახმილი მოედო. მაგრამ გულს მოთმენა ურჩია:
„არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!“
ფრიად სასარგებლო და საგულისხმო რჩევაა ყველა ჩვენთაგანისათვის!..
დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და
ვაზირის საუბარი
მეორე დღეს ავთანდილი ვაზირს სახლში ეწვია. ვაზირი ძალიან გაახარა სასურველი სტუმრის წვევამ. ავთანდილს ნოხები დაუფინეს. მან ვაზირის სახლი ისე აავსო სინათლით, როგორც სამყარო მზის შუქმა.
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან,
ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან.
როცა მარტო დარჩნენ, ავთანდილმა ვაზირს გაანდო თავისი განზრახვა ტარიელის დასახმარებლად წასვლის შესახებ და თხოვა, როსტევანთან ეშუამდგომლა, წასვლის ნება მიეცა მისთვის. თუ ძალით არ დამაკავებს, წავალ, ხოლო თუ ძალით დამაკავებს, რაში გამოვადგები? - ეუბნება ის ვაზირს, - ტარიელს ფიცი მივეცი და მას არ ვუღალატებ.
ავთანდილმა ვაზირს ამ დახმარებისათვის „ასი ათასი წითელი“ შესთავაზა ქრთამად.
ვაზირმა ქრთამის გაგონებაზე მწარედ გაიცინა: შენი ქრთამი რად მინდა, ამ ამბავს რომ ვეტყვი, მეფე საბოძვრით ამავსებსო! ამავსებს კი არა, იქვე სულს გამაფრთხობინებს, შენი ოქრო რაღას მიშველისო! მეფემ კიდეც რომ გაგიშვას, ლაშქარი არ გაგიშვებს, უშენოდ მტრები გაგვითამამდებიანო.
ვაზირმა თხოვნაზე კატეგორიული უარი უთხრა ავთანდილს, მაგრამ ავთანდილმა მაინც განაგრძო ვაზირის დაყოლიება:
ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: „ხამს, თუ დანა გულსა ვიცი,
ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი,
ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი,
თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?“
ავთანდილმა დაარწმუნა ვაზირი, რომ მისი წასვლა აუცილებელი იყო და წავიდოდა კიდეც, მეფეს ძალითაც რომ დაეკავებინა.
ვაზირს შეებრალა ავთანდილი და დაჰპირდა, როსტევანისათვის გადაეცა ავთანდილის თხოვნა.
ვაზირმან თქვა: „შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,
ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზემცა თქვენ მოგხვდების!“
ვაზირი სასახლეში წავიდა. მეფე ისე კარგ ხასიათზე დახვდა, რომ ვაზირს შეეშინდა მისთვის საწყინრის თქმა და საგონებელში ჩავარდნილი იდგა. მეფემ მისი საეჭვო დუმილი შენიშნა და ჰკითხა, რა გჭირს, რად ხარ ასე შეჭირვებულიო. საწყალ ვაზირს სხვა რა გზა ჰქონდა და მეფეს ყველაფერი უთხრა, თან თავი შეაცოდა, მართალი იქნებით, თუ რისხვას დამატეხთო.
მართლაც, მეფე ისე განრისხდა, რომ საწყალ ვაზირს შიშით კინაღამ გული გაუსკდა.
რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა,
შეუზახნა: „რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად,
მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად!
შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისა ჩემად კადრად!
აგრე შმაგი არ ვაზირად, არა ვარგხარ არცა სხვად რად!
ხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰხედნეს,
ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!“
კვლა უბრძანა: „თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,
თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!
წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!“
განრისხებულმა მეფემ გულისჯავრი სკამებზე იყარა და ისინი კედელს შეალეწა. შიშისაგან ცოცხალ-მკვდარმა ვაზირმა ძლივს გამოასწრო, მელასავით გამოიძურწა და ოხვრა-კვნესით გამოემართა ავთანდილთან.
პოემის მკითხველს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს: კი, მაგრამ, რამ განარისხა ასე როსტევანი? კაი, ბატონო, ავთანდილი წასვლას რომ აპირებდა, ეს ეწყინა, მაგრამ იმ უბედურ ვაზირს რაღას ერჩოდა? თავის მოკვეთითაც კი დაემუქრა მას. აკი „მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი“ არისო? ესაა მისი სამართლიანობა და მოწყალება?
საქმე ისაა, რომ რუსთველს არასოდეს ღალატობს რეალობის გრძნობა: როსტევანი მეფე იყო, და რაგინდ სამართლიანიც ყოფილიყო, მაინც მეფურად იქცეოდა - თავის ნებაზე ხან განრისხდებოდა და ხან მოლბებოდა, ვინ გაუბედავდა წინააღმდეგობის გაწევას? როსტევანიც, ისევე როგორც პოემის სხვა გმირები, ცხოვრებისეული სინამდვილის ამსახველი პერსონაჟებია.
ვაზირი რომ დააწიოკა და დაიფრინა როსტევანმა, ეს ადვილი გასაგებია ნებიერი მეფისაგან. მაგრამ კითხვა ჩნდება - რატომ არ უნდა მას ავთანდილის გაშვება ტარიელის დასახმარებლად? მან ხომ ძალიან განიცადა ტარიელის ამბავი, რომელიც ავთანდილისაგან გაიგო! ნუთუ ასეთი უგულო ადამიანია იგი?
საქმე ისაა, რომ აქ გვაქვს ორი სიმართლე - გონებისმიერი და გულისმიერი. გონებისმიერ სიმართლეს ამ შემთხვევაში როსტევანი წარმოადგენს. იგი ქვეყნის მეფე და პატრონია. მას პირველ რიგში სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებს, სახელმწიფოსთვის კი დიდი დანაკლისი იქნება ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის, უბადლო რაინდის, ლაშქრის სარდლის - ავთანდილის წასვლა.
ავთანდილი პირიქით - ამ შემთხვევაში გულისმიერ სიმართლეს ანსახიერებს. იგი მიჯნურია და ტანჯული მიჯნური - ტარიელი ებრალება, მისი შველა უნდა, თუმცა იცის, რომ ქვეყანას მის გარეშე გაუჭირდება.
მართალია, აქ ორი სიმართლე უპირისპირდება ერთმანეთს - როსტევანის გონებისმიერი და ავთანდილის გულისმიერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერც როსტევანს დავწამებთ უგულობას და ვერც ავთანდილს სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფას. მომდევნო თავში ჩვენ დავრწმუნდებით, თუ როგორი დიდი მჭერმეტყველება და სიბრძნე დასჭირდა ავთანდილს თავისი ნაბიჯის გასამართლებლად, თავისი გულისმიერი სიმართლის დასამტკიცებლად.
დავუბრუნდეთ პოემის შინაარსს.
დაჭმუნვებული და „დაღრეჯილი“ ვაზირი ავთანდილთან დაბრუნდა და ირონიულად მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომელიც მისი თხოვნის შესრულების გამო შეემთხვა. მაგრამ მიუხედავად ასეთი ჭმუნვისა, ვაზირმა მაინც ხალისიანად დაუწყო საუბარი ავთანდილს და ხუმრობით დაპირებული ქრთამი მოთხოვა. რა დღე დამაყარა მეფემ, რაები მიძახა, ვერ აგიწერო, ისიც კი მიკვირს, რატომ არ მომკლა, ალბათ ღმერთმა მოთმინება მთლად არ დააკარგვინაო.
„ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:
რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.“
ვიცოდი, ასე რომ გამირისხდებოდა; მით უფრო განვიცდი ამას, მაგრამ არა უშავს, შენთვის სიკვდილიც ლხინად მიმაჩნიაო.
ავთანდილმაც გაიცინა ქრთამის მოთხოვნაზე - აბა, ქრთამი რისთვის გეკუთვნის, საქმე ვერ გამიკეთეო.
ვაზირმა ახლა უკვე სერიოზულად დაუწყო ლაპარაკი, - მე არა მიჭირს რა, მეფე იბობოქრებს, შემდეგ დამშვიდდება და შემინდობს, მაგრამ შენ რას აპირებ? - ჰკითხა ავთანდილს.
ავთანდილმა ისევ დაუდასტურა თავისი განზრახვა. მეფე თუ არ გამიშვებს, გავიპარები, სჯობია, მეფემ გაითვალისწინოს, რა ცეცხლი მწვავსო.
„უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,
მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;
ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,
ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,
მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!“
ვაზირი გულუხვად გაუმასპინძლდა ავთანდილს, მისი თანმხლებნი საჩუქრებით აავსო და გაისტუმრა.
სახლში მისულმა ავთანდილმა ვაზირს მართლაც გაუგზავნა დიდი ძღვენი - „ასი ათასი წითელი“, „სამასი თავი სტავრა-ატლასი“, „სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი“. მართალია, საქმე ვერ მომიგვარე, მაგრამ მაინც დიდი მადლობელი ვარ და თუ ცოცხალი დავრჩი, მეც შენთვის გავწირავ თავსო. „ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“.
ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
ავთანდილმა შერმადინს აუხსნა, რომ რადგან მეფე არ უშვებდა, იძულებული ხდებოდა, გაპარულიყო. შერმადინს თხოვა, რომ, როგორც გასულ სამ წელს გასწია უმისობა, ახლაც ასე გაეგრძელებინა - მისი ლაშქრისათვის ეპატრონა, მტრებს საკადრისად დახვედროდა.
შერმადინი ძალიან დააღონა ამ ამბავმა.
ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: „მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი!
მაგრა რა ვქნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.“
ავთანდილმა შერმადინს უარი უთხრა შეთავაზებაზე, - მჯერა, რომ ჩემი სიყვარული გაქვს, მაგრამ შენს გარდა ვის მივანდო ჩემი სახლი და სამეფო, თანაც მიჯნური ვარ, მარტოდ გაჭრა კი მიჯნურის მოვალეობააო.
„თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა დაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!“
მაგრამ, გარდა იმისა, რომ ავთანდილი ჭეშმარიტი მიჯნურის თვისებების მქონეა, იგი ამავე დროს მართლაც რომ სწორუპოვარი და დიდბუნებოვანი რაინდია და თვითონაც კარგად იცის თავის ფასი:
„მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად?
მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?“
ავთანდილმა შერმადინს როსტევანისათვის მისართმევად ანდერძი გადასცა.
„აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,
ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა!“
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
არის ადამიანის ცხოვრებაში ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც მის წინაშე დგება საკითხი, თუ რა უთხრას უკანასკნელად, როგორ გამოემშვიდობოს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება სამუდამოდ დაშორდეს. ამ მომენტში ადამიანი თითქოს მთელი თავისი სულიერი თუ ფიზიკური ძალების მობილიზებას ახდენს. ეს მომენტია ანდერძის დაწერა, რომელიც განკუთვნილია იმ ახლობელი ადამიანებისათვის, რომლებიც მის შემდეგ დარჩებიან ამ ქვეყანაზე.
სწორედ ასეთი სულიერი განწყობის უბრწყინვალესი ნიმუშია ავთანდილის ანდერძი, რომელიც მან როსტევან მეფეს დაუტოვა.
ავთანდილის ანდერძი - ეს არის სიბრძნის თვალწარმტაცი ფეიერვერკი, მოყვასის სიყვარულის, ადამიანური სიქველისა და სათნოების მადიდებელი ჭეშმარიტი ჰიმნი.
ჩვენი პირობის თანახმად, ჯერ ცალკეული სტროფები უნდა განვიხილოთ, შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, ეს თავი მთლიანად უნდა წავიკითხოთ კომენტარებისა და განმარტებების გათვალისწინებით.
მაშ ასე, დავიწყოთ ავთანდილის ანდერძის გაცნობა.
დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
„ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად,
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად,
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.“
როგორც ვხედავთ, პირველივე სტროფში ავთანდილი შეუვალი ტონით ლაპარაკობს წასვლის აუცილებლობაზე, მაგრამ მეფეს ამასთან დიდი მოკრძალებით თხოვს ღმერთისნაირად შენდობასა და წყალობის გაყოლებას თავის ძნელ გზაზე.
ავთანდილი ღრმადაა დარწმუნებული თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და სჯერა, მეფე ამაში თავადაც დარწმუნდება, თუ გაიხსენებს პლატონის სიბრძნეს ზნეობის შესახებ:
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა,
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“
ავთანდილი როსტევანს უმტკიცებს, რომ თუ ფილოსოფოსთა სიბრძნეს ფლობ, უნდა გამოიყენო კიდეც. მისი თქმით, სწავლა, ცოდნა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, სწორად ვიცხოვროთ და ამით ვეზიაროთ „ზესთ მწყობრთა წყობას“. (თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. ამჯერად საკმარისად მივიჩნიოთ იმის ცოდნა, რომ იგი ნიშნავს რაღაც უაღრესად კარგს, რაღაც ღვთაებრივს).
„რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“
მომდევნო სტროფში ავთანდილი ძალიან დელიკატურად საყვედურობს როსტევანს ამ პრინციპების დაუცველობას:
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ!
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!“
ამ სტროფში ნახსენები მოციქულები, რა თქმა უნდა, ქრისტეს მოციქულებია, რომლებიც მართლაც სიყვარულს მიიჩნევენ ქრისტიანობის მთავარ არსად, ყოველგვარი სიკეთის საფუძველთა საფუძვლად. ცხადია, ამ სიყვარულში იგულისხმება სიყვარული ზოგადად და არა მხოლოდ მისი რომელიმე კერძო გამოვლინება, მაგალითად, ქალ-ვაჟური სიყვარული.
ახლა მომდევნო სტროფი განვიხილოთ. მასში რუსთველის მსოფლმხედველობის დამადასტურებელი ინფორმაციაა მოცემული.
როგორც შესავლის განხილვისას აღვნიშნეთ, პოემაში პირდაპირ არაა ნახსენები ქრისტიანული ღმერთი - სამება, მაგრამ იგი შინაარსობრივად პირველივე სტროფშია დადასტურებული. იგივე ითქმის ამ სტროფზეც:
„ვინ დამბადა, შეძლებამცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გახდის წამისყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.“
ქრისტიანულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ცნობილი რუსთველოლოგი ზვიად გამსახურდია ასაბუთებს, რომ ამ სტროფშიც სწორედ სამებაზეა ლაპარაკი. კერძოდ, „ვინ დამბადა“ ნიშნავს სამების პირველ წევრს - მამა ღმერთს; „ვინ არს ძალი უხილავი“ - სამების მეორე წევრს - იესო ქრისტეს; ხოლო „ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს“ - სამების მესამე წევრს - სულიწმინდას.
ასე რომ, გარდა პოემის საერთო ქრისტიანული სულისკვეთებისა, რუსთველის ქრისტიანული მსოფლმხედველობა კარგად ჩანს ზემოთგანხილულ სტროფშიც.
მომდევნო ხუთ სტროფში ავთანდილი განსაკუთრებული ემოციურობით უსაბუთებს როსტევანს თავისი განზრახვის სისწორეს - ხან ღმერთს იმოწმებს, რომ მის გარეშე არაფერი ხდება:
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“;
ხან იმას უსაბუთებს, რომ დანაპირების შეუსრულებლობა მის ძალას აღემატება:
„ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა,
აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა“;
ხან ურჩევს, რომ შეეგუოს მის წასვლას:
„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა,
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“
ავთანდილი დარწმუნებულია, რომ მეფე არ უსაყვედურებს მას მეგობრის დასახმარებლად წასვლისათვის:
„მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.“
ამის შემდეგ მოდის სტროფები, რომლებიც არა მარტო უდიდესი ემოციურობით და მაღალმხატვრულობითაა გამორჩეული, არამედ პოემის აფორიზმთა ჭეშმარიტ გვირგვინს წარმოადგენს:
„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს მოგვცემს ზიანსა;
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა!
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“
მომდევნო სტროფებში ავთანდილი ეჭვს გამოთქვამს, დაბრუნდება თუ არა იგი ცოცხალი სამშობლოში:
„მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად;
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად!
თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამახობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,
მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან.“
როგორც ვხედავთ, ანდერძის ყოველი სტროფი უდიდესი ემოციურობითაა დატვირთული, მაგრამ ავთანდილს თითქოს ეს ემოციურობაც არ აკმაყოფილებს და ზოგჯერ მას განსაკუთრებულად ამძაფრებს სიტყვების განმეორებით: „სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“.
როგორც საერთოდ ანდერძს შეეფერება, ავთანდილი მისი დაღუპვის შემთხვევისთვის თავის ქონებას ეხება:
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები.
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.“
სხვათა შორის, ავთანდილი მთელ თავის ქონებას სხვებს უტოვებს, თავისი ოჯახის წევრებს კი საერთოდ არ ახსენებს. როგორც ჩანს, რუსთველი გულისხმობს, რომ მას ოჯახის წევრები უკვე აღარ ჰყავდა. „შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად“, _ სწერს ავთანდილი როსტევანს. აღსანიშნავია, რომ ასევე ოჯახის წევრთა გარეშე ჩანს ინდოეთში ტარიელიც. პოემაში ნახსენებია მისი ოჯახის მხოლოდ ერთადერთი წევრი - მამა, სარიდანი, და ისიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ტარიელი 15 წლისა იყო. ეს დეტალიც ამსგავსებს ტარიელისა და ავთანდილის მდგომარეობას, გარდა სხვა ბევრი მსგავსებისა.
ანდერძის დასასრულს ავთანდილს არ ავიწყდება თავისი ერთგული ქვეშევრდომი - შერმადინიც:
„გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,
ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.“
დაამთავრა ანდერძის წერა ავთანდილმა და იგი შერმადინს გადასცა მეფისათვის მისართმევად.
უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა.“
როგორც ვნახეთ, ავთანდილი ისე ემოციურად უსაბუთებს როსტევანს თავისი განზრახვის სისწორეს, ისე გულმდუღარე სიტყვებს ეუბნება, იმდენ სიყვარულს, სითბოსა და სიკეთეს ღვრის თავის ანდერძში, რომ შეუძლებელია როსტევანს გული არ მოლბობოდა მისი წაკითხვისას და არ დაენახა, რომ ავთანდილი მართალი იყო. უნებურად გვახსენდება ერთი სტრიქონი შესავლიდან:
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
ახლა ვნახოთ, მართლა „გასტეხა“ თუ არა „მაგარი ქვა“ - როსტევანი „ლბილი ტყვიის გვრდემლმა“ - ავთანდილის ანდერძმა.
მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ ლოცულობს ავთანდილი წასვლის წინ.
ლოცვა ავთანდილისა
ილოცავს, იტყვის: „მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!“
ავთანდილის ლოცვა ნამდვილი ქრისტიანის ლოცვაა, თუმცა პოემის მიხედვით, იგი არაბია, მუსულმანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი „შეფარვით“ ქართველია, ქრისტიანი. იგი ქრისტიანულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ცნებებით მიმართავს ღმერთს.
ავთანდილი, როგორც ბრძენი ადამიანი, ღმერთს პირველ რიგში „სურვილთა დათმობას“, სურვილებისაგან თავშეკავებას, მოთმენას ევედრება, რადგან იცის, რომ გულისთქმათა აყოლა ადამიანს კარგს არას უქადის ხოლმე.
ლოცვის დროს ავთანდილს, რა თქმა უნდა, არ ავიწყდება მიჯნურობის ხსენებაც:
„ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
ნუ ამოფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!“
ლოცვის დამთავრების შემდეგ იგი შერმადინს გამოეთხოვა და წავიდა, ხოლო საბრალო შერმადინმა ცრემლები ღვარა, რადგან
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
ამ სტრიქონში კარგად ჩანს საქართველოში იმ დროს არსებული პატრონყმობის მაღალზნეობრიობა.
ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
როსტევანის რეაქცია ჯერ ავთანდილის თხოვნაზე, ხოლო შემდეგ გაპარვაზე რუსთველს ისე აქვს აღწერილი, რომ მიუხედავად როსტევანის ბობოქრობისა, მკითხველს უნებურად ეღიმება რაღაც ფაქიზი კომიკურობის, უფრო სწორად, ტრაგიკომიკური სიტუაციის გამო.
ვაზირზე განრისხებული როსტევანი ვერა და ვერ დამშვიდდა. გულგამწყრალმა არც დარბაზობა ჩაატარა. სიბრაზე მეორე დღესაც გაჰყვა. დილით ისე პირმოქუშული ადგა, გეგონებოდათ, პირიდან ცეცხლსა ჰყრისო. მაშინვე ვაზირი დაიბარა, რომელიც შიშით გულგახეთქილი შევიდა მასთან.
როსტევანმა უბრძანა, გუშინ რაც მითხარი, არ მახსოვს, კიდევ თქვი, რა გინდოდა, ასე რომ განმარისხეო. ვაზირმა ისევ გადასცა ავთანდილის თხოვნა. როსტევანი ამჯერად უფრო მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და ავთანდილს შეუთვალა, მეტი აღარ გამაგონო ეგ თხოვნა, თორემ მეც ხელს ავიღებ შენზეო.
ვაზირი გამოვიდა, მაგრამ ავთანდილი ვეღარსად ნახა - იგი უკვე გაპარულიყო. როსტევანთან ამ ამბის საცნობებლად შესვლა ვაზირს ცოცხალი თავით აღარ სურდა:
მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს, რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.“
ვაზირი რომ აღარ შებრუნდა, მეფემ კაცი გაგზავნა მის მოსაყვანად, რომელმაც რომ გაიგო, ავთანდილი გაპარულაო, მანაც ვეღარ გაბედა მეფესთან შესვლა. როსტევანი ახლა უკვე მთლად დაეჭვდა, ეტყობა, მართლა გაიპარაო, და სასოწარკვეთილმა ისევ ვაზირი დაიბარა:
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“
„ფლიდი“ ვაზირი კი შევიდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. თუმცა ტყუილად ეშინოდა - მეფე უკვე ბედს შერიგებოდა.
კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?“
მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად:
„მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“
მეფე აქამდეც კი ეჭვობდა, მაგრამ თავისი ეჭვის დადასტურება ახლა ნამდვილად რომ მოისმინა, მწუხარებისაგან კინაღამ გაგიჟდა:
რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;
მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“-
პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, -
„სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?“
პირის მხოჭავი და წვერის მგლეჯელი როსტევანი, ცოტა არ აყოს, კომიკური წარმოსადგენია, თუმცა მეფემ მართლაც ძალიან განიცადა ავთანდილის გაპარვა, რომელიც ქვეყნის უპირველესი რაინდი და ჯარის ხელმძღანელი იყო. როსტევანი ასე მოთქვამს:
„ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები,
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები!
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“
ქვეყანაში ყველა დამწუხრდა ავთანდილის წასვლის გამო. თუმცა სურათი ახლაც საკმაოდ კომიკურია:
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა.
მეფემ იკითხა, მარტო წავიდა, თუ ყმები გაყვნენო. მაშინ შერმადინმა მისი ანდერძი მიართვა და ჰკადრა, - თუ მომკლავთ, მართალი იქნებითო.
რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი,
მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“
ჩვენც ახლა ავთანდილს გავყვეთ.
წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
სანამ ავთანდილს გავყვებოდეთ, ცოტა „გზიდან“ გადავუხვიოთ.
პოემის მთავარი გმირები ხშირად არიან შედარებულნი ციურ მნათობებთან, განსაკუთრებით მზესა და მთვარესთან. ამ შედარების საფუძველი, ცხადია, არის ამ მნათობთა თვისებები. მთავარი თვისება - ეს არის მათი ბრწყინვა, ნათება, ანუ სილამაზე. მაგრამ როდესაც რუსთველი ეხება მათ დანარჩენ თვისებებს - მოძრაობას, ურთიერთდამოკიდებულებას - აქ კარგად ჩანს რუსთველის დიდი განსწავლულობა მეცნიერებაში ციურ მნათობთა შესახებ, ანუ ასტრონომიაში. ეს კარგად არის დასაბუთებული რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში, რაზეც გზადაგზა ვისაუბრებთ. ამჯერად კი მხოლოდ იმ ორ სტრიქონს შევეხოთ, რითაც ეს თავი იწყება:
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს.
აქ გადმოცემულია ერთ-ერთი ციური მოვლენა, კერძოდ, თუ როდის ხდება მთვარის ავსება და როდის კლება, და ბოლოს მისი გაუჩინარება ახალმთვარეობის წინ.
თითქოს უცნაურია, რომ მთვარის ავსება, ანუ ხილული დისკოს სრული განათება ხდება მზისაგან მისი მაქსიმალური დაშორების დროს, ხოლო მისი კლება და გაუჩინარება - მზესთან მაქსიმალური მიახლოვების დროს.
საქმე ისაა, რომ რადგან მთვარე დედამიწის ირგვლივ ბრუნავს, ხოლო დედამიწა მთვარესთან ერთად მზის გარშემო, არის მომენტი, როცა დედამიწის ერთ მხარეს მზეა, საწინააღმდეგო მხარეს - მთვარე. სწორედ ამ დროს, როდესაც მთვარე ყველაზე მეტად „მოშორვებულია“ მზეს, იგი არის სავსე, ანუ მისი ხილული დისკო მთლიანადაა განათებული დედამიწისკენ მიქცეულ მხარეს. როდესაც მთვარე ამ უკიდურეს შორ წერტილს გაივლის და მზესთან „მიახლოვებას“ იწყებს, იგი თანდათან კლებულობს, ხოლო როდესაც მაქსიმალურად „მიუახლოვდება“, ანუ როცა ზუსტად დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება, იგი სრულიად აღარ ჩანს, „დამწვარია“. („რა ეახლოს, შუქი დასწვავს“...). როდესაც მთვარე ამ წერტილს გაივლის და მზისაგან დაშორებას იწყებს, იგი გამოჩნდება თხელი რკალის სახით (ახალი მთვარე) და დღითიდღე მატულობს. სწორედ ამას გვამცნობს სტრიქონი: „მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს“.
მთვარისა და მზის ამგვარი დამოკიდებულება პოემაში სხვაგანაც არის ნახსენები, მაგალითად: „მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების“; „ავთანდილ-ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად“. ეს რუსთველს, რა თქმა უნდა, გამოყენებული აქვს მეტაფორული აზრით: ავთანდილს მისი მზის - თინათინის სიახლოვისას მისი „შუქი სწვავს“, „დამწვარია“, ხოლო მისი განშორების შემდეგ იგი აღარაა „დამწვარი“.
ახლა კი მეგობრის დასახმარებლად გამგზავრებულ ავთანდილს დავუბრუნდეთ.
აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.
მიდის ავთანდილი, მაგრამ მისი გული მაინც სატრფოსთან არის, მას უჭვრეტს, მას ესაუბრება. განშორების სევდისაგან თავის მოკვლის სურვილიც კი უჩნდება, მაგრამ იცის, რომ ამით თავის სატრფოს დაამწუხრებს.
„მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა.“
ავთანდილი ისევ და ისევ მზეს ევედრება, მალე შეჰყაროს თავის მიჯნურს:
იტყვის: „ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.
ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი,
მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი.“
ამ სტროფებში ფრაზები - „მზიანი ღამე“, „ერთარსება ერთი“, „უჟამო ჟამი“ ნიშნავს ღმერთს, რომლის ხატად „ფილოსოფოსნი წინანი“ მზეს მიიჩნევდნენ.
საერთოდ, „ვეფხისტყაოსანში“ ნათლად ჩანს რუსთველის ღრმა განსწავლულობა ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ამის შესახებ უამრავი ნაშრომია შექმნილი. „ვეფხისტყაოსანთან“ მიახლოვებამ, მისმა მეტ-ნაკლები სისრულით შემეცნებამ, რასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, იმ ნაშრომების გაცნობის სურვილიც შეიძლება აღგიძრას. მათში შენ უამრავ საინტერესო რამეს შეიტყობ და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რუსთველის სახით რა უდიდეს გენიოსთან გვაქვს საქმე.
მაგრამ ისევ ავთანდილთან დავბრუნდეთ.
მას მზეც, მთვარეც, ვარსკვლავებიც თავის სატრფოს აგონებს, მათ ევედრება, მათ თხოვს მიჯნურთან მალე შეყრას.
მთვარესა ეტყვის: „იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!“
აღსანიშნავია, რომ ავთანდილს ამ მაღალი განცდების გადმოცემასთან ერთად რუსთველი იყენებს სრულიად რეალისტურ შტრიხებს. მას არ ავიწყდება, რომ ადამიანს, თუნდაც ავთანდილივით უზენაესი ფიქრებით შეპყრობილს, ჭამა სჭირდება.
და, აი, ავთანდილიც, მაღალ მატერიებზე ფიქრს ცოტა ხნით თავს ანებებს, ასე ვთქვათ, მიწაზე ეშვება, ჰკლავს თხას, წვავს მის ხორცს და, ალბათ, გემრიელადაც მიირთმევს:
მარტო მოსთქმიდის, ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის, პირ-მზე, გულ-მარიხიანი.
ამ ყოვლად ჩვეულებრივი საქმის შესრულების, მდაბიურად რომ ვთქვათ, დანაყრების შემდეგ ავთანდილს ისევ ამაღლებული გრძნობები ეუფლება:
იტყვის: „დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!“
ამ მგზავრობის დროს ავთანდილის ფიქრები და განცდები რუსთველს, რა თქმა უნდა, ულამაზესი სტრიქონებით აქვს გადმოცემული, მაგრამ ეს მაინც არ აკმაყოფილებს და ეცოტავება:
აწ ვერ ვიტყვი მაშინდლისა მე მის ყმისა ნაუბარსა,
მიუბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
და, აი, ავთანდილი იმ გამოქვაბულს მიადგა, სადაც ტარიელი და ასმათი ეგულებოდა.
ასმათს ძალიან გაუხარდა მისი მოსვლა, მაგრამ ავთანდილს ტირილით უთხრა, რომ ტარიელი გაიჭრა, რადგან აქ ყოფნა გაუჭირდა, მას შემდეგ კი აღარ დაბრუნებულაო.
ავთანდილმა ეს რომ მოისმინა, თითქოს გულში ლახვარი ჰკრესო. იგი ტარიელის საქციელმა მეტისმეტად გააკვირვა:
ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა უთხრა: „აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა?
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?
მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი, რა მივსცილდი? რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავი ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!“
ასმათი ავთანდილს დაეთანხმა, მაგრამ ტარიელი იმით გაამართლა, რომ ფიცის შესრულებას გული უნდა, ტარიელს კი გული მკვდარი აქვსო.
„შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბო ცნობილსა?
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.
ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია:
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.“
როცა მიდიოდა, ვკითხე, - ეუბნება ასმათი ავთანდილს, - ავთანდილი რომ მოვა, რა ჰქნას, სად გნახოს-მეთქი. მან მიპასუხა, ფიცს არ გავტეხ, დაველოდები, ამ არემარეს არ მოვცილდები. თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თუ ცოცხალი დავხვდე, გაუკვირდესო.
„ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია.“
ყმამან უთხრა: „უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად,
გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვლი სად.
ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.
. . .
ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არ ვუტყუვე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.
დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო,
წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო.
თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვკადრო!“
ასეთი მძაფრი, დასაბუთებული საყვედურები გამოთქვა ავთანდილმა ტარიელის მიმართ, მაგრამ რა გაეწყობოდა, უნდა შერიგებოდა ბედს და მოეძებნა იგი, რადგან იცოდა, რომ ტარიელი უსაზომო ტანჯვის გამო იყო გაჭრილი, და არა იმიტომ, რომ ფიცის გამტეხი და მატყუარა იყო.
საერთოდ, პოემაში დიალოგები უაღრესად დახვეწილი და ლოგიკურია, და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ოსტატობითაა გადმოცემული. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით მომდევნო თავში ტარიელის და ავთანდილის შეხვედრისას.
ავთანდილი ტარიელის საძებრად წავიდა.
პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა
სამი დღის ამაო ძებნის შემდეგ ავთანდილი ერთ ქედს რომ გადაადგა, ველზე, შამბნართან ტარიელის შავი ცხენი შენიშნა. „რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა.“
დაუკვირდი სიტყვებს: „გაუფეთქნა, გაუნათდა“. ავთანდილის სიხარულს განა სხვა სიტყვები ასე ზუსტად გადმოსცემდა?
ავთანდილმა სწრაფად ჩაირბინა და დაინახა უგონოდ მწოლი ტარიელი. ერთ მხარეს მოკლული ლომი და სისხლიანი ხმალი ეგდო, მეორე მხარეს კი მიწაზე დანარცხებული მკვდარი ვეფხვი.
ავთანდილმა უხმო, მაგრამ ტარიელს არაფერი ესმოდა.
ეტყვის: „ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?“
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.
ავთანდილმა მაინც მოახერხა მისი გონზე მოყვანა.
ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!
ტარიელი იმდენად იყო სასოწარკვეთილი, რომ ავთანდილს თხოვა, ისევ მარტო დაეტოვებინა:
უთხრა: „ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე,
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე.“
ახლა ავთანდილის პასუხი მოვისმინოთ. ეს არის სიბრძნის, სიკეთის, რკინისებური ლოგიკის, მიჯნურობის ქებათაქების უბრწყინვალესი თაიგული:
ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ? რად მოიკლავ ნებით თავსა?
თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა არბევ, რას წადილსა აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
ვარდსა ჰკითხეს: „ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?“
მან თქვა: „ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად.
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.“
რათგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო?
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?
ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!“
როგორც ვხედავთ, ავთანდილის სიტყვები სიბრძნის ულამაზეს ჩანჩქერს წარმოადგენს. ვინ შეიძლება, არ დაიმონოს, არ დაიმორჩილოს, არ შეძრას უსაზღვრო სიკეთითა და თანაგრძნობით გამთბარმა ამ ბრწყინვალე შეგონებებმა? არადა, ასეთი ადამიანი სწორედ ტარიელი აღმოჩნდა. მან გულთან სულაც არ მიიტანა ავთანდილის ეს მხურვალე ღაღადისი და გაქირდა კიდეც იგი - სხვისი ტანჯვა რა ადვილი გასაძლები გგონიაო.
მან უთხრა: „ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა,
რად ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა?
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
. . .
ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა,
ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა.“
ავთანდილმა კვლავ დაუწყო შეგონება „სიტყვითა მრავალფერითა“, მაგრამ ტარიელს ახლაც ვერაფერი შეასმინა.
ამჯერად ავთანდილმა უკვე სხვა ხერხი იხმარა. კარგი, რახან სიკვდილი გინდა, აღარ შეგაწყენ ჩემი შეგონებებით, მაგრამ ერთი რამ მაინც შემისრულე: მე შენი გულისათვის ჩემი მიჯნური დავტოვე, მეფეც მოვიმდურე, უკან ნუ გამგზავნი გულმოკლულს, ერთხელ მაინც დამენახე ცხენზე შემჯდარი, მერე წავალ, შენ კი, როგორც ისურვებ, ისე მოიქეციო. ავთანდილმა იცოდა, რომ ცხენზე შეჯდომა ტარიელს სევდას გაუქარვებდა.
ტარიელმა მართლაც შეუსრულა ეს თხოვნა და ცხენზე შეჯდა. ცოტა რომ გაიარეს, ტარიელს მართლაც მომჯობინება დაეტყო. საუბარს რომ შეყვნენ, ავთანდილმა სიტყვა ჩამოუგდო ნესტანის მიერ ნაჩუქარ სამხრეზე, - „რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირსო“.
მან უთხრა: „სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა,
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა.“
- მინდოდა ეგ გეთქვა, - უთხრა ავთანდილმა, - და რადგან თქვი, ახლა მომისმინე: ეგ სამხრე უსულო ნივთია, მაგის შელევა არ გინდა, ასმათი კი, შენი დობილი, შენი და ნესტანისთვის გადამკვდარი, არ გინდა ნახოო.
მან უბრძანა: „რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად.“
დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი;
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
ავთანდილმა ისევ დაუწყო შეგონება, - სიბრძნე რად გინდა, თუ არ გამოიყენებ; შეჭირვებით და დარდით ვერაფერს მიაღწევ; ბედი უნდა ცადო და, თუ ღმერთს უნდა, გაგამარჯვებინებსო.
ტარიელი დაეთანხმა, მაგრამ ისევ თავისი ტანჯვა გაახსენა მას.
მოახსენა: „ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს,
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, -
მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?“
ტარიელისა და ავთანდილის ეს მართლაც რომ ბრწყინვალე დიალოგი ერთგვარი კამათია გულსა და გონებას შორის. ტარიელის განსჯა გულიდან, გრძნობიდან მოდის, ავთანდილისა კი - გონებიდან.
ჩვენ ადრე ვნახეთ, თუ როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს როსტევან მეფის გონებისმიერი და ავთანდილის გულისმიერი სიმართლე.
აქაც ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე - ერთმანეთს უპირისპირდება ტარიელის გულისმიერი და ავთანდილის გონებისმიერი სიმართლე. მართალია, ავთანდილიც გონიერია და ტარიელიც, ავთანდილიც მიჯნურია და ტარიელიც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ავთანდილს თავისი მიჯნური სამშობლოში ჰყავს, განცხრომაში მყოფი, მხოლოდ მისგან სიშორე სტანჯავს, ტარიელის მიჯნური კი დაკარგულია, განსაცდელში მყოფი. ტარიელს შესაძლებლობაც კი არა აქვს, მის დასაბრუნებლად იბრძოლოს, რადგან საერთოდ არ იცის, სად არის მისი მიჯნური. ამიტომ სჯაბნის მის მსჯელობაში გული გონებას.
სწორედ ამიტომ არის ასეთი გულისშემძვრელი ავთანდილისა და ტარიელის ეს დიალოგი, - გონებისა და გულის, ორი სიბრძნის, ორი სიმართლის პაექრობა.
მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
საკმაოდ დამშვიდებული ტარიელი ეუბნება ავთანდილს, - გიამბობ, რაც შემემთხვა და მერე შენ განმსაჯე შენი ბრძენი გულითო.
შენს მოლოდინში გამოქვაბულში ვეღარ გავძელი, მინდვრად ცხენით გავლა მომინდა. დავინახე ერთად მყოფი ლომი და ვეფხი, რომლებიც საყვარლებივით ექცეოდნენ ერთმანეთს. მათი ყურება მესიამოვნა. ჯერ ილაღობეს, შემდეგ კი წაიჩხუბნენ და ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეს კი ვეღარ მოვითმინე.
„ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვჰკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა,
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა.
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე,
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე.
სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!“
ახლა მცირე კომენტარი გავუკეთოთ ტარიელის მონათხრობს.
ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ რუსთველი ამა თუ იმ სიტუაციის აღწერისას არ სცილდება რეალობის, სინამდვილის ჩარჩოებს. რამდენად ზის ამ ჩარჩოებში ლომ-ვეფხის დახოცვის ეპიზოდი?
ლომის ხმლით მოკვლა, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, მით უფრო, თუ მისი ჩამდენი ისეთი ძლიერი და ბრძოლებში გამოწრთობილი ვაჟკაცია, როგორიცაა ტარიელი.
რაც შეეხება ვეფხის ხელით შეპყრობას და მის მოკვლას მიწაზე დანარცხებით (და არა დახრჩობას, როგორც ჰგონიათ „ვეფხისტყაოსნის“ ძალიან ზერელედ მცოდნეებს), აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
საერთოდ, ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდია მთელ პოემაში. რუსთველის პოეტური ფანტაზია აქ, შეიძლება ითქვას, მწვერვალს აღწევს. ტარიელმა ვეფხვში თავისი მიჯნური, თავისი მზე, თავისი ცეცხლთა მომდები ნესტან-დარეჯანი წარმოიდგინა და მისი კოცნა მოინდომა. (გავიხსენოთ, ერთხელ ტარიელმა განრისხებული ნესტანი ვეფხვს შეადარა - „იწვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“).
ახლა ცოტა იუმორით შევხედოთ ამ სურათს.
მიუხედავად ტარიელის ამ ულამაზესი ხილვისა თუ წარმოდგენისა, ვეფხვს რეალობის გრძნობა სრულიადაც არ ჰქონდა დაკარგული, ამიტომ მან თავი, ცხადია, ნესტან-დარეჯანად არ ჩათვალა და ტარიელში თავისი მიჯნური კი არა, მოსისხლე მტერი დაინახა, რომელმაც იგი ხელით შეიპყრო, ხოლო როცა მას ტარიელმა კოცნაც დაუპირა, იფიქრა - შეჭმას თუ კბენას მიპირებსო, და ღრენითა და ბრჭყალების გამოყენებით სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მას. ტარიელმა, რა თქმა უნდა, ვერაფრით დაარწმუნა ვეფხვი თავის ლამაზ განზრახვაში, ამიტომ გაგულისებულმა მიწაზე დააწყვიტა იგი და სული გააფრთხობინა.
ვეფხის სახით თავისი მიჯნურის წარმოდგენა და მისი კოცნის მცდელობა გრძნობამორეული ტარიელისაგან ისე ბუნებრივად გვეჩვენება, რომ არაფერს შეუძლებელს არ ვხედავთ ვეფხვის ხელით შეპყრობაშიც და მის მოკვლაშიც მიწაზე დანარცხებით. აქ უმაღლესი პოეზიითაა გამართლებული და განამდვილებული ადამიანის მიერ ასეთი მოქმედების ცოტა არ იყოს დაუჯერებელი სურათი.
აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და
ასმათის ნახვა
ტარიელი და ავთანდილი ასმათის სანახავად წავიდნენ. ასმათმა ღმერთს გულმხურვალე მადლობა შესწირა მათი დაბრუნების გამო.
ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“
ამ სტროფში ასმათის პირით რუსთველი გამოთქვამს რთულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ თვალსაზრისს ღმერთის შესახებ, რაზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ რუსთველოლოგთა ნაშრომებში რუსთველის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით.
ტარიელმა, ავთანდილმა და ასმათმა მოიგონეს თავსგადახდენილი ჭირ-ვარამი, ერთმანეთს უთანაგრძნეს, შემდეგ მწვადი შეწვეს, ივახშმეს და დაიძინეს.
დილით ტარიელმა უთხრა ავთანდილს, - რაც ჩემთვის გააკეთე, ღმერთი გადაგიხდის ამ სიკეთეს, მაგრამ ჩემს ცეცხლს შენ ვერ დაშრეტ, შენც დაგწვავს იგი, ამიტომ სჯობს დაბრუნდე შენს ქვეყანაში და შენს მზეს დაუბრუნდეო.
„ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად,
რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ მეცა ვიყავ მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად.“
ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე, თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?“
განა არ იცი, - ეუბნება ავთანდილი, - რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია შენი წყლულების განკურნება, თქვენი შეყრა? განა არ იცი, რომ მიჯნურებს ფათერაკები სდევს? მამაცი ჭირს არ უნდა შეუდრკეს.
„ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.“
მე ჩემს მზეს დავეთხოვე შენი გულისათვის და უკან რომ დავბრუნდე, რა ვუთხრა, რით ვიმართლო თავი?
„მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!“
გთხოვ, - ეუბნება ავთანდილი, - ერთი წელი დამელოდე, მე ყველგან გავიკითხავ და გავიგებ შენი მზის ამბავს. ერთი წლის თავზე, როცა ვარდები აყვავდებიან, თუ არ მოვედი, ესე იგი ცოცხალი აღარ ვიქნები. ამის შემდეგ კი რაც გწადდეს, იგი ჰქმენო.
„აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი,
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი.“
ტარიელმა პირობა მისცა.
რუსთველი ასეთ „კომენტარს“ უკეთებს ტარიელისა და ავთანდილის ამ განშორებას:
ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია.
დილით ავთანდილი ასმათს გამოეთხოვა, ტარიელმა კი მთელი დღე მასთან იარა და ზღვის პირამდე მიაცილა. ავთანდილმა თხოვა, ფრიდონის გზა ესწავლებინა, რათა მისგან დაეწყო ნესტანის კვალის ძებნა. იმ ღამით ერთად იყვნენ.
თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა;
მას ღამესა ერთგან იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
ცისკრისას ადგნენ, ერთმანეთს გადაეხვივნენ და გამოემშვიდობნენ.
წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
ეს თავი იწყება სტროფით, რომელიც თავისთავად, პოემის გარეშეც, ლირიკული პოეზიის ჭეშმარიტ შედევრს წარმოადგენს.
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი, სადათ ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
აქ, უეჭველია, რუსთველი თავის თავზე, თავის განცდებზე ლაპარაკობს. შესაძლოა, იგი ამ დროს არაა საქართველოში, - შეიძლება მოგზაურობს, შეიძლება რაღაც სახელმწიფო დავალებითაა წასული, შეიძლება განდევნილია... მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მასში აშკარად ჩანს პოეტის საკუთარი გულისტკივილი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებასთან, მის თანამედროვე საზოგადოებასთან. შოთა რუსთველი გენიოსი იყო, ხოლო გენიოსთა ცხოვრება თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულია, - ან გაღმერთება, ან შერისხვა, ან ორივე ერთად, - აი, ხშირ შემთხვევაში გენიოსის ხვედრი, მისი თანამედროვე საზოგადოებიდან მიღებული.
ახლა გავყვეთ ავთანდილს და ვნახოთ, სად მიჰყავს იგი „სოფელს“, ბედს, განგებას.
მიდის ავთანდილი ნესტანის საძებრად და იგონებს თავის მიჯნურს. იგი კოსმიურ სამყაროს, კოსმიურ ძალებს თხოვს დახმარებას, რათა მიჯნურმა არ გასწიროს, მას ისევ შეჰყაროს. ეს არის გასაოცარი ღაღადისი ლამის მთელი სამყაროს მიმართ.
პირველად იგი მზეს ევედრება:
მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
„აჰა, მზეო, გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!“
შემდეგ ავთანდილი მიმართავს ზუალს, ანუ თანამედროვე დასახელებით - პლანეტა სატურნს:
„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.
შემდეგ ავთანდილი ევედრება მუშთარს, ანუ პლანეტა იუპიტერს:
„ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?“
შემდეგ ავთანდილი მიმართავა მარიხს, ანუ პლანეტა მარსს:
„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.“
ავთანდილის შემდეგი ვედრება მიმართულია ასპიროზისადმი, ანუ პლანეტა ვენერასადმი:
„მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა,
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.“
შემდეგ ავთანდილი მიმართავს ოტარიდს, ანუ პლანეტა მერკურს:
„ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა,
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.“
მნათობებისადმი ვედრებას ავთანდილი ამთავრებს მთვარისადმი მიმართვით:
„მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები,
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.“
ზემოთმოყვანილი სტროფებიდან კარგად ჩანს რუსთველის დიდი განსწავლულობა ასტრონომიაში. უფრო მეტიც, ცნობილი მეცნიერი, ასტრონომი გიორგი თევზაძე ასაბუთებს, რომ რუსთველმა ასტრონომიაში იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე იმ დროს იყო ცნობილი. აი, რას სწერს იგი:
„ვეფხისტყაოსანში“ მოცემული ყოველი ასტრალური მოვლენა აღწერილია დეტალურად და შეუცდომლად, სწორედ იმგვარი თანმიმდევრობით, როგორადაც სინამდვილეში მიმდინარეობენ ეს მოვლენები; ამავე დროს პოემაში ნაჩვენებია ციური მოვლენების ისეთი სფეციფიკური დეტალები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს თუ შეიძლებოდა ჰქონოდა. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსანში“ ვლინდება ბუნების მოვლენათა არსის ისეთი ღრმა ცოდნა, რომ მის ავტორს უთუოდ თვით უნდა ეწარმოებინა უშუალო დაკვირვებები ამ მოვლენებზე. და ბოლოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ „ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით და სხვაგან არსად სამყაროს აგებულების ამ ორიგინალურ გეო-ჰელიოცენტრულ სისტემას, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიწამოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელი ამ დიდი ასტრონომიული მიღწევების ავტორადაც მივიჩნიოთ. ამგვარად, რუსთველი გვესახება არა მარტო შეუდარებელ მხატვრად, არამედ ისეთ ბუმბერაზ მეცნიერადაც, რომლის ბადალი თოთხმეტი საუკუნის მანძილზე კაცობრიობის ისტორიამ არ იცის.“
აქ ნახსენებ თოთხმეტ საუკუნეში იგულისხმება პერიოდი მე-2 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე. მე-2 საუკუნეში პტოლომეოსმა შექმნა გეოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ცენტრი დედამიწაა, რომლის ირგვლივ ბრუნავენ მზე და დანარჩენი პლანეტები. ეს შეხედულება დამკვიდრებული იყო მე-16 საუკუნემდე, როდესაც კოპერნიკმა შექმნა ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ცენტრია მზე, მზის ირგვლივ კი ბრუნავენ დედამიწა და სხვა პლანეტები. ამ სისტემის ჩამოყალიბებიდან 50 წლის შემდეგ მეცნიერმა ტიხო დე ბრაჰემ ერთმანეთს შეუხამა პტოლომეუსის და კოპერნიკის სისტემები და შექმნა გეო-ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც დედამიწის ირგვლივ მოძრაობს მთვარე, დანარჩენი პლანეტები მოძრაობენ მზის ირგვლივ, ხოლო მზე, მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებთან ერთად ბრუნავს დედამიწის გარშემო.
აი, სწორედ ეს სისტემაა დადასტურებული 400 წლით ადრე დაწერილ „ვეფხისტყაოსანში“. ამის შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ გიორგი თევზაძის წიგნში „რუსთაველის კოსმოლოგია“.
ახლა თავი დავანებოთ ასტრონომიას და ისევ ავთანდილთან დავბრუნდეთ.
ავთანდილის ვედრება ციური მნათობებისადმი იწყება სტროფით, რომლის პირველი ტაეპი ასეთია: „მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა“, ეი. მზეს ესაუბრება, ელაპარაკებაო. მაგრამ ციურ მნათობებთან „საუბარი“ ისეთი ბრწყინვალე მხატვრული ოსტატობით აქვს გადმოცემული პოეტს, რომ აღარ გვიკვირს, როდესაც ამ ვედრებას პოეტი ბულბულის მღერას უწოდებს, თანაც ისე ტკბილს, რომ მის ხმასთან შედარებით ბულბულის სტვენა ბუს კივილს ჰგავდა.
მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.
ასეთ ღიმილიან, იუმორნარევ შედარებებს რუსთველი ძალიან ხშირად იყენებს.
ავთანდილის „მღერის“ სასმენად ტყიდან მხეცები გამოვიდნენ, წყლიდან კი ქვები:
რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან,
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
ავთანდილი სამოცდაათი დღე მიუყვებოდა ზღვის ნაპირს. მენავეებისაგან შეიტყო, რომ ფრიდონის ქვეყანაში იმყოფებოდა. მენავეებს თხოვა, გზა ესწავლებინათ მისთვის. მათ ასწავლეს, თან ავთანდილის სიმშვენიერე შეაქეს. ავთანდილს გულში ესიამოვნა ეს შექება და შეიფერა კიდეც - ახლა რა ვარ, ზამთრის ფერნაკლულ ვარდს ვგავარ, თქვენ ადრე უნდა გენახეთო!
„თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ საპყრულნი!
ჩვენნი მჭვრეტნი დავამშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი.“
ავთანდილი მისწავლებული გზით წავიდა. ვინც კი გზად შეხვდა, ყველა მისი თაყვანისმცემელი გახდა.
მულღაზანზარს რომ მიაღწია, დაინახა უამრავი მონადირე, რომელთაც ალყა შეეკრათ და ნადირობდნენ.
კაცი ემთხვია, მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: „ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?“
მან უთხრა: „ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა.“
ავთანდილმა იქ მყოფნი მისვლისთანავე გააოგნა თავისი სიჩაუქით:
მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა,
ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
მონადირეებმა სროლას თავი დაანებეს, ალყა მოშალეს და ავთანდილს აღტაცებით დაუწყეს ცქერა. ფრიდონმა რომ დაინახა, ალყა მოშალესო, ძალიან გაწყრა და მათთან მონა გაგზავნა.
ფრიდონ მონა გამოგზავნა: „წა, ნახენო ისი სპანი,
რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?“
მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
ავთანდილი მიხვდა, რომ ის კაცი ფრიდონისგან იყო მოგზავნილი და უთხრა, - წადი, შენს პატრონს გადაეცი, რომ ტარიელის ძმადნაფიცი მოვიდა-თქო. მონა წავიდა და დანაბარები ფრიდონს მოახსენა. ფრიდონმა რომ „ტარიელი“ გაიგონა, მყისვე გულზე მოეშვა და გახარებული სასწრაფოდ გამოეშურა ავთანდილთან.
ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა,
რა შეხედნა, მან ესე თქვა: „თუ არ მზეო, ისი ვინ-ა?“
მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;
ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ;
თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ.
შემდეგ ფრიდონის სასახლეში წავიდნენ.
ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.
დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სვრასა,
ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა,
თქვეს: „ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?“
ავთანდილი ყველაფერს მოუყვა ფრიდონს და თხოვა, ერჩია მისთვის, საიდან დაეწყო ნესტან-დარეჯანის ძებნა.
„გამომირჩივე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,
მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.“
ავთანდილი რამდენიმე დღე დარჩა ფრიდონთან. ფრიდონმა ოთხი მონა გააყოლა და იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მან ზღვის პირას ნავში მჯდომი ნესტან-დარეჯანი დაინახა. შემდეგ ისინი გამოეთხოვნენ ერთმანეთს და ავთანდილი მხლებლებთან ერთად გზას გაუდგა.
წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და
ქარავანთა შეყრა
ავთანდილი ნესტან-დარეჯანის საძებრად წავიდა, თუმცა არც იცოდა, სად და როგორ ეძებნა იგი. ერთადერთი მიმანიშნებელი ის ზღვისპირა ადგილი იყო, სადაც ფრიდონმა მას უკანასკნელად მოჰკრა თვალი.
მიდის ავთანდილი და ისევ თინათინზე მოგონებით სულდგმულობს.
იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.“
ავთანდილი ნესტანის შესახებ ყველას ეკითხებოდა, ვინც კი ზღვის პირას ნახა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.
ერთ დღეს მან დაინახა აქლემების ქარავანი. მოქარავნენი ზღვის პირას შეფიქრიანებულები და სასოწარკვეთილები იდგნენ. ავთანდილი მიესალმა მათ და შეჭირვების მიზეზი ჰკითხა. ქარავნის მეთაურმა უსამმა ავთანდილს უამბო, _ ჩვენ ბაღდადელი ვაჭრები ვართ, მაჰმადიანები; ზღვათა მეფის ქალაქში სავაჭროდ მივდივართ და დიდძალი საქონელი მიგვაქვს. ერთი მომაკვდავი კაცი ვნახეთ, მოვაბრუნეთ და ამბავი გამოვკითხეთ. მან გვითხრა, ეგვიპტიდან მოვდიოდით სავაჭროდ, მაგრამ მეკობრეები დაგვესხნენ თავს, ყველაფერი წაგვართვეს და ყველა დახოცეს. მე როგორ გადავრჩი, არც კი ვიციო. ჩვენც იმ მეკობრეების გვეშინია, რადგან ბრძოლა არ შეგვიძლია, ამიტომ ზღვაში ვერ გავდივართ და არ ვიცით, რა ვქნათო.
ავთანდილი დახმარებას დაჰპირდა მათ და გახარებულ მოქარავნეებს წინ წაუძღვა. მალე მეკობრეებიც დაინახეს, რომლებიც ხმაურითა და მუქარით მიდიოდნენ.
კიოდეს და მოვიდოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი,
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახეთ მონაღვარნი.“
მოდით, აქ შევწყვიტოთ შინაარსის თხრობა და დავუკვირდეთ, რას ამბობს ავთანდილი ვაჭრებზე.
იგი ვაჭრებს ჯაბანებს, მშიშრებს უწოდებს, რომლებმაც ომი არ იციან. შეიძლება ითქვას, დასცინის კიდეც მათ.
როგორც ზემოთ მრავალჯერ აღვნიშნეთ, „ვეფხისტყაოსანში“ მხატვრულადაა ასახული საქართველოს ისტორიული ყოფიერება.
საქართველო კი ისეთ ერებს მიეკუთვნება, რომელთაც, ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ვაჭრობა მაინც და მაინც არ ეხერხებოდათ, მეტიც, ზოგიერთი ერისაგან განსხვავებით, ეთაკილებოდათ კიდეც. ჩვენ, ქართველები, უპირატესად მეომარი, მიწადმოქმედი, შემოქმედი ხალხი ვიყავით, ვაჭრობას იშვიათად მივდევდით. სწორედ ეს ჩანს ზემოთმოყვანილ ეპიზოდშიც, სადაც ავთანდილის პირით რუსთველი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ვაჭართა მიმართ. ეს დამოკიდებულება აშკარად ქედმაღლურია და, რა თქმა უნდა, ქართულ სინამდვილეს ასახავს.
ვაჭრობისადმი ასეთი დამოკიდებულება, ერთის მხრივ, ერის გარკვეულ მაღალზნეობრივ თვისებებზე მეტყველებს, მეორეს მხრივ კი რაციონალიზმის, პრაგმატულობის ნაკლებობაზე, რაც ხშირ შემთხვევებში ერს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა, თუნდაც ადგილობრივი ბაზრის სხვათათვის გულარხეინი დათმობის თვალსაზრისით, რის გამოც ჩვენი ქონება სხვათა ხელში გადადიოდა ხოლმე. ბაზარს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ახლა გავაგრძელოთ შინაარსის თხრობა.
ავთანდილმა
ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა,
მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა,
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
მეკობრეებმა ავთანდილის ნავს ძელი აძგერეს, რომლის წვერზე სახნისი იყო წამოგებული, მაგრამ ავთანდილმა რკინის კეტი ჰკრა და დალეწა. მეკობრეები შეშინდნენ და გაქცევა სცადეს, მაგრამ ავთანდილს ვერავინ გადაურჩა.
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა,
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა,
ერთმანერთსა შემოსტყორცნის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა,
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
როგორც ვხედავთ, რუსთველს თანამედროვე ჰოლივუდური კინოფილმის „ბოევიკური“ ეპიზოდის მზამზარეული სცენარი აქვს მოცემული, თუმცა იმ კინოფილმებისაგან განსხვავებით, სიტუაცია აშკარად იუმორნარევია, თუ წარმოვიდგენთ რვა და ცხრა კაცის ერთმანეთზე შემოტყორცნას და მკვდრებს შორის შიშით განაბულ დაჭრილებს.
ავთანდილის გამარჯვება მეკობრეებზე, რა თქმა უნდა, ღმერთის ნება იყო:
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
ავთანდილს მცირე ჭრილობა ჰქონდა მიღებული.
შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.
გახარებულ მოქარავნეებს ავთანდილმა მეკობრეთა მთელი ნაალაფარი უბოძა, მოქარავნეებმა კი ასე უპასუხეს:
„რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა.“
ავთანდილმა მათ მადლობა უთხრა და თხოვა, იგი დროებით მათთან დაემალათ ვაჭრის ტანსაცმლით, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა და ისე მოქცეულიყვნენ, ვითომ მათი პატრონი იყო. (ავთანდილის ვარაუდით, მას ასე უფრო გაუადვილდებოდა ნესტანის კვალის ძებნა). მოქარავნეები დიდი სიხარულით დათანხმდნენ.
ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია,
მოვიდეს და თაყვანი-სცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე იაჯ დია,
მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია.“
ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
მოქარავნეებმა ზღვა გაიარეს და მიადგნენ მშვენიერ ქალაქს. ავთანდილმა ვაჭრის სამოსელი ჩაიცვა. სავაჭრო საქონელი ბაღის პირას გადმოტვირთეს.
ავთანდილმა, რომელიც ვითომ ვაჭრების მეთაური იყო, მებაღეს ჰკითხა, რომელ ქვეყანაში იყვნენ.
მებაღემ უპასუხა, რომ ეს იყო ზღვათა სამეფოს დედაქალაქი გულანშარო. მეფეა მელიქ სურხავი. ამ ქალაქში მუდამ მხიარულება და გართობა სუფევს. ზამთარ-ზაფხულ ყვავილები ჰყვავიან. ვაჭრები ყველაზე მეტად აქ ნახულობენ მოგებას. მათხოვრებიც კი ერთ თვეში მდიდრდებიან. ვაჭართა უხუცესია უსენი. იგი პირველი ნახულობს ყოველგვარ საქონელს. დიდვაჭრები პირველად მას სტუმრობენ და ძღვენს სძღვნიან. ყველაზე უკეთესს მეფისათვის გადადებენ. თქვენისთანა საპატიო სტუმრებთან უსენი გამოდის და თავის მსახურებს ავალებს, ვინ სად დააყენონ. ამჟამად აქ არ არის, ამიტომ მისი ცოლი, ფატმანი გიმასპინძლებთო.
ავთანდილმა უთხრა, ისე მოქცეულიყო, როგორც საჭიროდ მიაჩნდა.
გახარებული მებაღე გაიქცა და ფატმან ხათუნს მიახარა, დიდი ქარავანის დიდვაჭარი მოდის, მთვარის სადარი, საროსავით ნაზარდი ჭაბუკიო.
ფატმან ხათუნი ამ ამბავმა ძალიან გაახარა.
ავთანდილის სანახავად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. განსაკუთრებით ვაჭრების ცოლები უცქერდნენ ვნებიანად, ქმრებს სულაც არ ერიდებოდნენ. ფატმანსაც ძალიან მოეწონა ავთანდილი, - ავთანდილი ხომ მშვენიერი ჭაბუკი იყო, ფატმანი კი სწორედ ასეთებზე გიჟდებოდა.
ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
ნაკვთად კარგი, შავგვრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი,
დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.
იმ ღამეს ფატმანმა ავთანდილს მეტად კარგად უმასპინძლა. ავთანდილმაც მშვენიერი ძღვენი მიართვა.
ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
ფატმანი ვნებასაყოლილი ტურფა ქალი იყო და რადგან მაინც და მაინც პირმშვენიერი ქმარი არ ჰყავდა, მას ხშირად ღალატობდა მიმზიდველ მამაკაცებთან. „მზე“ და „ლომი“ ავთანდილი ფატმანს, რა თქმა უნდა, დანახვისთანავე მოეწონა და მის მიმართ ტრფობის ცეცხლი მოედო.
ჯერ პირველი სტროფი განვიხილოთ, რომელშიც რუსთველი „დიაცს“ ახასიათებს:
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის,
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ითხრობის.
თანამედროვე ქართულით ამ სტროფის შინაარსი ასეთია:
სჯობს დიაცისაგან, რაც შეიძლება, შორს დავიჭიროთ თავი. ის პირფერულად დაგიახლოვდება და თავს შეგაყვარებს, მიგინდობს და მოგენდობა, მაგრამ მოულოდნელად გიღალატებს, მოიკვეთს შენს გულთან დამაკავშირებელ ძაფებს. ამიტომ დიაცთან არავითარი საიდუმლოს თქმა არ შეიძლება.
ამ სტროფში იმდენად მძიმე ბრალდებებია ჩამოთვლილი „დიაცის“ მიმართ, რომ თუ „დიაცში“ ზოგადად ქალს ვიგულისხმებთ, იგი სრულიად არ მიესადაგება მთელი პოემის სულისკვეთებას, სადაც ქალები უმაღლესი ზნეობით გამოირჩევიან.
მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ „დიაცი“ არ ნიშნავს ზოგადად ქალს, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს, არამედ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. თუ დავაკვირდებით იმ სტროფებს, სადაც ნახსენებია „დიაცი“, დავრწმუნდებით, რომ ამ სიტყვას რუსთველი იყენებს ან უარყოფითი მნიშვნელობით, ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალის (ამ შემთხვევაში ფატმანის) მიმართ.
ამდენად, დიაცის, ანუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ზემოთმოყვანილი დახასიათება სრულიად რეალისტურია და სინამდვილეს შეესაბამება. მართლაც, ასეთი ქალი წუთიერ ვნებებს უმორჩილებს ყველაფერს, მათ შორის ერთგულებასაც.
ქვემოთ ვნახავთ, რომ პოემაში ფატმანი დადებით ადამიანად არის გამოყვანილი, მაგრამ ის რეალურად მაინც „დიაცია“, ანუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი - „მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი“. მან, ქმრიანმა ქალმა, ქმრის ღალატი ამჯერად ავთანდილთან განიზრახა:
ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირსა ვერ მალვიდა.
იტყვის: „რა ვქმნა, რა მერგების?“ აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.
„მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს,
თუ არა ვთქვა, რაგვარ გავძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს,
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს,
მას მკურმალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.“
იყოყმანა, იყოყმანა ფატმანმა, ტრფობის ცეცხლის დამალვაც კი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, დაჯდა და ავთანდილს სამიჯნურო წერილი მისწერა.
ზემოთ ხშირად აღვნიშნავდით, რომ მიჯნურობა ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი სახეა, მხოლოდ უმაღლეს, არისტოკრატიულ წრეებში დამკვიდრებული. მიჯნურობას არავითარი საერთო არა აქვს სიძვასთან. მიჯნურობასა და სიძვას „შუა უზის დიდი მზღვარი“.
ამ შემთხვევაში კი ფატმანის სურვილი და ნდომა ავთანდილთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებისა (ფაქტობრივად სიძვა) რუსთველს მოხსენებული აქვს, როგორც „მიჯნურობა“. როგორ უნდა ავხსნათ ეს შეუსაბამობა?
საქმე ისაა, რომ რუსთველს ამ შემთხვევაში სიტყვა „მიჯნურობა“ გამოყენებული აქვს აშკარა ირონიით და არა მისი ნამდვილი მნიშვნელობით. მართლაც, ფატმანის მიერ ავთანდილისადმი წერილის მიწერის ეპიზოდი იუმორით არის სავსე:
დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი, შემარხეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი.
აქ თითქმის ყოველი სიტყვა იუმორითაა გაჟღენთილი, განსაკუთრებით ბოლო სტრიქონი.
ცხადია, აქ ნახსენები „მიჯნურობაც“ არაა ის მიჯნურობა, რაც პოემის მთავარ ძარღვს წარმოადგენს.
ახლა ვნახოთ, როგორი გულისშემძვრელი წერილი გაუგზავნა ფატმანმა ავთანდილს, - „უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი“: შენ მზე ხარო; ვინც შენ დაგშორდება, ჭირი შეეყრება და ლხინი მიატოვებს; მზესავით სწვავ და ცეცხლს უკიდებ ყველას, ვინც ახლოს გნახავსო.
„შენ გტრფიალებენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან,
სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.
ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა!
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა.
მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს.“
ვნების ალმურით დამწვარი ქალის ამ გულმხურვალე ღაღადისმა ავთანდილს არათუ გული აუჩუყა და აუთრთოლა, არამედ, მე მგონი, ბევრიც აცინა (თუმცა ეს იქ არ წერია). ყოველ შემთხვევაში, ისეთი შედარება მოუვიდა თავში, ეს რომ ფატმანს გაეგო, თავბედს დაიწყევლიდა. ავთანდილმა ფატმანი, არც მეტი, არც ნაკლები, ყვავს შეადარა, ხოლო მის „სამიჯნურო“ წერილს ჩმახვა უწოდა:
თქვა: „ყვავი ვარდსა რას აქმნევს ანუ რა მისი ფერია,
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“
მაგრამ ავთანდილი ბრძენი იყო და გულში თქვა: ამხელა გზაზე წამოვსულვარ ნესტანის საძებრად. აქ ჩემი შემწე არავინაა, ეს ქალი კი უამრავი ადამიანის მნახველია, ვინ იცის, შეიძლება, რამე გზა მომანახინოსო.
თქვა: „დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განღა სამე ვსცნობ საქმესა დაფარულსა.“
აქ ავთანდილი ისევ „დიაცზე“ ლაპარაკობს, რომელიც აუგსა და სირცხვილს არად აგდებს და ვნებასაყოლილი თავის საყვარელს ყველაფერს უყვება. ავთანდილს სწორედ დიაცის ამ თვისებების იმედი აქვს ახლა, მაგრამ გული კი სინანულითა და სევდით ევსება.
კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების,
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“
წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
ავთანდილიც, ჩვენს შორის დარჩეს და, კაი მატყუარა ყოფილა! ერთხელ როსტევან მეფე მოატყუა, - სამეფო საქმეებზე მივდივარო, არადა უცხო მოყმის საძებნელად წავიდა, ახლა საბრალო ფატმანს ატყუებს - შენ დამასწარი თქმა, თორემ მე უფრო ვგიჟდები შენზეო.
მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება,
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება.“
ფატმანს გაეხარდა, მაგრამ რა გაეხარდა! მაშინვე შეუთვალა - ჩქარა მოდი, ჩქარა მოდი, თორემ ვეღარ ვითმენო:
ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!
მიუწერა: „კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,
აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე,
მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე.“
ავთანდილიც, როგორც კი დაღამდა, მაშინვე გაეშურა ფატმანთან. მაგრამ გზაში ფატმანის მონა შემოხვდა, რომელმაც ფატმანის დანაბარები გადასცა, ამაღამ ნუ მოხვალ, ვითარება შეიცვალაო.
ავთანდილი გაბრაზდა, - ეს დიაცი რა წადი-მოდის მეთამაშებაო, გაფრთხილება არად ჩააგდო და ფატმანთან მივიდა. ფატმანს ფერ-ფური წაუვიდა, მაგრამ არ შეიმჩნია ავთანდილის შიშითა და რიდით.
ავთანდილი და ფატმანი სასიყვარულო განცხრომას რომ მიეცნენ, ამ დროს მოულოდნელად თავს წამოადგათ ფატმანის ძველი საყვარელი, - ერთი კოხტაპრუწა და კუნთმაგარი ჯეელი, რომელიც ავთანდილის დანახვამ შეაკრთო, ფატმანი კი მთლად დაფეთდა:
ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა,
უთხრა: „არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა;
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!
გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად;
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“
ეს თქვა ფატმანის ძველმა საყვარელმა, ბრაზით ლამის წვერი დაიგლიჯა და გავარდა. ფატმანმა თავში ხელები შემოიკრა და ლოყების ხოკვა დაიწყო.
მოსთქვამს: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,
გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!
ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი.“
ავთანდილს ძალიან გაუკვირდა ფატმანის ეს ვაი-ვიში და ჰკითხა - რატომ დაგემუქრა ის კაცი, ვინ იყო და რა უნდოდაო.
დიაცმან უთხრა: „ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა,
დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა,
თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.“
ყველაფერი ჩემი ბრალია, ენაჭარტალა ვარ, უჭკუო, შმაგი და რეტი, მაგრამ ნურაფერს მკითხავ, თუ ჩემი დახმარება გინდა, ის კაცი ამ ღამითვე მოჰკალი, თორემ თუ მეფესთან მიმასწრო მისვლა, შვილებს საკუთარი კბილებით დამაჭმევს, თუ არა და ამ ღამითვე აქაურობას გაეცალე შენი ტვირთით, თორემ შენც უბედურებას გადაეყრებიო.
ავთანდილს შეებრალა სასოწარკვეთილი ფატმანი და უთხრა - კაცი გამაყოლე, გზა რომ მიმასწავლოს, იმ კაცს მე მოვუვლი, შენ წყნარად იყავიო. ფატმანმა მონა გააყოლა და ავთანდილს თხოვა, თუ იმ კაცს მოკლავ, ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი უკეთია თითზე და ის მომიტანეო.
ავთანდილი მეგზურმა მთელი ქალაქი გაატარა და ზღვის პირას მდებარე მშვენიერ სასახლესთან მიიყვანა, რომელიც ფატმანის საყვარელს ეკუთვნოდა, და მიუთითა, სად იძინებდა იგი. ავთანდილმა ორ დარაჯს სული გააფრთხობინა და მის საწოლ ოთახში შევიდა.
იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;
ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;
ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა თუ, ვერცა ვცანითა,
ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.
ავთანდილმა ბეჭდიანი თითი მოკვეთა და ისე წამოვიდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ფატმანს ბეჭდიანი თითი აჩვენა და ჰკითხა, რატომ ემუქრებოდა ის კაცი..
„აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაჰშმაგდი ისრე რეტად?
რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად.“
ფატმან ფერხთა მოეხვია: „არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად!
გამიმრთელდა გული წყლული, აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.“
რახან გადავრჩი, ახლა ყველაფერს მოგიყვებიო, - უთხრა ავთანდილს.
აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
- ამ ქალაქში ასეთი წესია, - მოუთხრობს ფატმანი ავთანდილს, - ნავროზობის დღეს ვაჭრობა წყდება და ყველა დღესასწაულობს. ჩვენ, დიდვაჭრები, მეფის სასახლეში მივდივართ და დიდი ძღვენი მიგვაქვს. ჩემი ქმარი, უსენი, დიდვაჭრებს მიუძღვება, მე კი - მათ ცოლებს.
ერთ ასეთ დღეს, როდესაც დედოფალს ძღვენი მივართვით და შინ მხიარულები დავბრუნდით, საღამოხანს ბაღში ჩავედი და იქ გავაგრძელეთ მხიარულება, შემდეგ ბაღში მდგარ სასახლეში გავაგრძელეთ ნადიმი.
უცებ რაღაც უგუნებობა მომერია. ეს რომ შემატყვეს, ყველა წავიდა და მარტო დავრჩი. კაეშნის გასაქარვებლად სარკმლიდან ზღვისაკენ ვიყურებოდი. უცებ დავინახე, რომ ზღვის ნაპირს ნავი მოუახლოვდა, რომელშიც ორი შავი კაცი იჯდა. მათ ნავი გადმოსცალეს, თან აქეთ-იქით იყურებოდნენ.
როცა დარწმუნდნენ, არავინ გვიყურებსო, ნავიდან კიდობანი გადმოიტანეს, კიდობანიდან კი ქალი გადმოსვეს, რომელსაც შავი რიდე ებურა. ჩემკენ რომ მობრუნდა, დავინახე, რომ იგი აუწერლად მშვენიერი იყო.
ჩემს მონებს ვუბრძანე, წასულიყვნენ მათთან და ის ქალი გამოესყიდათ, ხოლო თუ არ დაეთანხმებოდნენ, დაეხოცათ და ქალი აქ მოეყვანათ.
მონები ჩავიდნენ მათთან, მაგრამ როცა დავინახე, რომ უარს ამბობდნენ ქალის გამოსყიდვაზე, მონებს ვუბრძანე, დაეხოცათ ისინი. მათ მართლაც დახოცეს და ქალი ჩემთან მოიყვანეს.
ქალი არაჩვეულებრივად ლამაზი იყო. ვკითხე ვინაობა, სად მიყავდათ იმ ზანგებს, მაგრამ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ცხარე ცრემლები გადმოჰყარა. რახან არ მოვეშვი, ბოლოს ხმა ამოიღო, მაგრამ ღმერთი დამაფიცა, არაფერი მეკითხა მისთვის.
მითხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!“
მე მართლაც ვამჯობინე, აღარ შემეწუხებინა იგი, აჩქარება არ იყო საჭირო. სახლში ავიყვანე და ერთ-ერთ ოთახში დავმალე. ეს ამბავი არავის ვუთხარი. ქალს ერთი ზანგი მივუჩინე მსახურად და მეც ფარულად ვნახულობდი ხოლმე.
იგი განუწყვეტლივ ტიროდა. მის დამშვიდებას რომ შევეცდებოდი, მხოლოდ ერთი წამით შეჩერდებოდა. ერთხელაც კი ვერ მოვახერხე, გამომეკითხა მისი ამბავი. არ წვებოდა, მუდამ რიდე ებურა და ყაბაჩა ეცვა. ეს რიდე და ყაბაჩა საკვირველი ქსოვილისა იყო. `სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა~. ხანდახან მკლავზე დადებდა თავს წასათვლემად. ხვეწნა-ვედრებით ძლივს ვაჭმევდი ცოტ-ცოტას.
ქმარს მის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, ვიცოდი, გამამჟღავნებდა მეფესთან. მაგრამ ისიც მაფიქრებდა, რომ ქმარი თუ შემიტყობდა, ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი. მერე გადავწყვიტე, დამეფიცებინა უსენი, რომ არ გამამჟღავნებდა.
მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,
მერმე ვუთხარ: „გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,
არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე“.
ფიცი მომცა საშინელი: „თავიცაო კლდეთა ვიცე!
რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,
არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა.“
უსენს ვანახე მშვენიერი უცხო ქალი. ახლა ერთად ვკითხეთ ვინაობა, სადაურობა, მაგრამ ისევ არაფერი გვიპასუხა, ისევ ატირდა და გვითხრა, თავი დამანებეთო. ძლივს დავაწყნარეთ. იმ დღეებში ხშირად დავდიოდით მასთან და ვანუგეშებდით.
ერთ დღეს უსენმა მითხრა, მეფეს ძღვენი უნდა მივართვაო. მე შევევედრე, იმ ქალის ამბავი არავის უთხრა-მეთქი. მან ისევ შემომფიცა.
უსენი მივიდა მეფესთან და ძღვენი მიართვა.
რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,
კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი,
დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
მართლა თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.“
მთვრალ უსენს მეფემ უთხრა, საიდან მოგაქვს ასე ძვირფასი მარგალიტები და ლალები, მე რაღა უნდა გიძღვნა სამაგიეროდო. უსენმა უპასუხა, - ეს რაა, თქვენთვის ისეთი კარგი ძღვენი მაქვს მოსართმევი, უეჭველად დიდად დამიმადლებთო, და უამბო ჩვენი ქალის შესახებ. მეფეს ძალიან ესიამოვნა ეს და ბრძანა, სასახლეში მოეყვანათ ჩვენი მშვენიერი ქალი.
ჩემთვის ვიჯექი სახლში, როცა მეფის გამოგზავნილი სამოცი კაცი მოვიდა. მითხრეს, იმ ქალის წასაყვანად მოვედით, რომელიც დღეს უსენმა მეფეს უძღვნაო. მე ვიუარე, ვინ ქალი-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იძულებული გავხდი, ქალისთვის მეთქვა ეს ამბავი.
მან მითხრა: „დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია“.
თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,
ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი,
ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრეთვე ჭირად ჭირი,
მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა თავი, პირი.
ქალს ჩუმად უამრავი თვალ-მარგალიტი გავატანე, იქნებ სადმე დასჭირვებოდა. მეფის კაცებს იგი უხმოდ და წყნარად გაჰყვა.
მეფე განცვიფრდა მისი სილამაზით და ვინაობა გამოჰკითხა. მაგრამ ქალმა არაფერი უპასუხა.
მეფე ბრძანებს: „რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების?
ამა ორთა კიდეგანთა აზრი არ არ იქმნების:
ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,
მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.
ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.“
მეფემ გადაწყვიტა, ქალი თავისი ძისათვის შეერთო, რომელიც ახლა სალაშქროდ იყო წასული.
ქალი ძვირფასი სამოსელით შემოსეს და თავზე ლალის გვირგვინი დაადგეს. მეფისწულს საწოლი მოუკაზმეს, იქ მაღრიბული ოქროს ტახტი დადგეს და ზედ ქალი დასვეს, მცველად კი ცხრა მსახური მიუჩინეს. უსენი მეფემ უხვად დაასაჩუქრა ასეთი ძვირფასი ძღვენის გამო.
გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,
ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: „რა ბედი მიც ჩემი მკვლელი!
სადაური სად მოვსულვარ, ვის მივჰხდები ვისთვის ხელი!
რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!“
კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდსა ფერსა,
ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!“
ქალმა მცველები მოიხმო და უთხრა: გონზე მოდით, ტყუილად მდარაჯობთ, თქვენი პატრონი ტყუილად ცდილობს, მისი რძალი გავხდე; მე თქვენი დედოფალი არ გავხდები, ღმერთმა მაშოროს თქვენი მამაცი და მშვენიერი უფლისწული.
„არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!
სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია!
თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.
უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,
თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,
მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა.“
ქალმა მათ თვალ-მარგალიტი მისცა და გაპარება თხოვა. მცველებმა სიხარბე გამოიჩინეს და ქალის გაპარება გადაწყვიტეს.
მონათა მოიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,
დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,
გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.
ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
საგულისხმოა, რომ, მართალია, ნესტანის მცველებმა კეთილი საქმე გააკეთეს მისი გაპარებით, რუსთველი მაინც გმობს სიხარბესა და ოქროს სიყვარულს, როგორც ზოგადად მანკიერ მოვლენას:
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
ერთმა მცველმა ქალს თავისი ტანსაცმელი მისცა. იგი საიდუმლო კარით გააპარეს ნადიმის დროს. მცველებიც გაიპარნენ და გადაიხვეწნენ.
ქალმა კარებზე დამიკაკუნა და სახელი დამიძახა. გავედი, მოვეხვიე, გამიკვირდა მისი მოსვლა. შემოსვლა ვთხოვე, მაგრამ არ შემომყვა, მითხრა, შენი თვალ-მარგალიტებით თავი დავიხსენი, ღმერთმა სამაგიერო სიკეთე მოგიზღასო. აქ ვეღარ დავრჩები, ცხენი მომეცი, თორემ მეფის ხალხი დამეწევაო.
მე სასწრაფოდ შევუკაზმე ცხენი და ზედ შევსვი. „ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი“.
საღამოხანს გაიგეს მისი გაპარვა. მე მომაკითხეს, მაგრამ რაკი ვერ ნახეს, უკან წავიდნენ. მას აქეთ მეფე მწუხარებითაა მოცული.
ახლა გეტყვი, რატომ მემუქრებოდა ის კაცი. იგი ჩემი საყვარელი იყო.
„მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი,
კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.
მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.
ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი.
ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი.“
ერთხელ სისულელე ჩავიდინე და მას იმ ქალის ამბავი ვუამბე. იგი სწორედ ამის გამჟღავნებით მემუქრებოდა ადრეც ბევრჯერ დამმუქრებია, როცა რაიმეზე წავიჩხუბებოდით. როდესაც ჩემთან გიხმე, არ მეგონა, სახლში თუ იყო, მაგრამ თურმე დაბრუნებულიყო და შემომითვალა, მოვალო. მე მონა გამოგიგზავნე, ნუ მოხვალ-მეთქი, მაგრამ მაინც მოხვედი. ის რომ არ მოგეკლა, მეფესთან დამასმენდა, რომელიც მთელ ჩემს ოჯახს გაანადგურებდა, შვილებს დამაჭმევდა და ქვებით ჩამქოლავდა, - უთხრა ფატმანმა ავთანდილს.
ავთანდილმა ფატმანი დაამშვიდა, - ის უკვე ვერაფერს დაგაკლებსო.
ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.“
შენ ის მიამბე, იმ ქალის ამბავი ამის შემდეგ თუ გსმენიაო.
აღმოჩნდა, რომ ფატმანს გაეგო ნესტანის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ მომდევნო თავში შევიტყობთ.
ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
ფატმანი ავთანდილს უყვება თავის მძიმე განცდებზე მას შემდეგ, რაც ნესტანი ცხენზე შესვა და გაუშვა.
„სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა,
მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინოს ლულითა,
უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.“
- ერთხელ, საღამოს, როცა სარკმლიდან მგზავრთა ღამის გასათევს გადავყურებდი, მოვისმინე სამი მგზავრის საუბარი. მათ სასმელ-საჭმელი მოიტანეს და მოლხენა და საუბარი დაიწყეს. ერთმა მათგანმა ასეთი ამბავი მოყვა:
მე ვარო ქაჯთა მეფის მონა. მეფეს მძიმე სენი შეეყარა და მოკვდა. მის შვილებს - როსანს და როდიას - მისი და დულარდუხტი ზრდის. იგი ქაჯეთის ხელმწიფედ იწოდება.
დულარდუხტს და გარდაეცვალა ზღვის იქითა ქვეყანაში. ქაჯეთის ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა, როშაქმა, გვითხრა: სანამ აქ გლოვა იქნება, წავალ, ვიმეკობრებ, ალაფით ავივსები და იმასაც მოვასწრებ, მეფეს წავყვე დის დასატირებლადო. მან ასი კაცი შეგვკრიბა და საყაჩაღოდ წავედით. დღისითაც ვყაჩაღობდით და ღამითაც.
ერთხელ ღამით რაღაც დიდი სინათლე დავინახეთ ველზე. ზოგს ცისკარი გვეგონა, ზოგს მთვარე. როცა მივუახლოვდით, ხმა მოგვესმა.
„გვითხრა: „ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით,
გულანშაროთ მომავალი ქაჯეთს მივალ, მერიდენით!“
ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,
პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.“
მივხვდით, რომ ტყუოდა. იგი მონა არ იყო. როშაქმა შეატყო, რომ იგი ქალი იყო. აღარ გავუშვით. ვკითხეთ ვინაობა, მაგრამ არაფერი გვიპასუხა, მხოლოდ ცრემლები გადმოღვარა.
როშაქმა გვიბრძანა, აღარაფერი გვეკითხა მისთვის და მეფისთვის მიგვეგვარა, რადგან, რომ დაგვემალა და გავმჟღავნებულიყავით, მეფე დაგვსჯიდა. როშაქს დავეთანხმეთ. მე როშაქს ვთხოვე, გულანშაროში გამოვეშვი, რადგან აქედან საქონელი მაქვს წასაღები. წავიღებ და როშაქს ჩავასწრებ კიდეც ქაჯეთში, - დაასრულა თავისი ამბავი მან.
- ამ ამბის მოსმენამ ძალიან გამახარა, - უყვება ფატმანი ავთანდილს, - იმ კაცს ვუხმე და კიდევ მოვაყოლე ეს ამბავი. ორი ზანგი მონა მყავდა, გრძნეულების მცოდნენი, რომელთაც უჩინრად შეეძლოთ მიმოსვლა. ისინი გავგზავნე ქაჯეთში ქალის ამბავის გასაგებად. სამ დღეში დაბრუნდნენ და მომიყვნენ: ის ქალი მეფისთვის მიუგვრიათ, მეფეს კი როსანის საცოლედ დაუნიშნავს, მაგრამ გადაუწყვეტია, ჯერ დის დასატირებლად წასულიყო და დაბრუნების შემდეგ გადაეხადა მათი ქორწილი.
ქალისათვის ერთი მცველი მიუჩენიათ. მეფეს, ვინც კი ჯადოსნობის მცოდნე იყო, ყველანი წაუყვანია, რადგან გზაში შეიძლება მტერს გადაჰყროდნენ, ქალაქის დასაცავად კი მამაცი მეომრები დაუტოვებია. ალბათ დაბრუნება დააგვიანდებათ, რადგან ახლახან წასულანო, _ მაცნობეს ჩემმა მონებმა.
ფატმანს მისმა მონებმა აგრეთვე ნესტანის ზუსტი ადგილსამყოფელი და ქალაქის მდგომარეობა აცნობეს სამხედრო თვალსაზრისით:
„ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია,
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,
მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.
გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.“
ავთანდილმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაახარა ფატმანის მონათხრობმა და ნესტანის ადგილსამყოფელის აღმოჩენამ, ფატმანს ჯერ კიდევ არ გაუმხილა თავისი ვინაობა და ქაჯების შესახებ გამოჰკითხა - ქაჯი ყველა უხორცოა და რად უნდათ ხორციელი ქალიო. ფატმანმა განუმარტა - ქაჯები ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანები არიან, ოღონდ გრძნეულების, ჯადოსნობის უნარი აქვთ და ამით ამარცხებენ ყველას. ქაჯებს ამიტომ უწოდებენო.
„ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი,
კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი,
მათნი შემბმელნი წამოვლენ დაბრმალნი, დაწბილებულნი.
იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღსძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა, წმიდად დააშრობენ,
სწადდეს დღესა ბნელსა იქმან, სწადდეს - ბნელსა ანათობენ.
ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი.“
ახლა მცირე კომენტარი გავაკეთოთ ქაჯების შესახებ.
ჩვენ მრავალგზის აღვნიშნეთ, რომ რუსთველი რეალობის, სინამდვილის ზღვრებს არ სცილდება თავის პოემაში, რითაც დიდად განსხვავდება იმდროინდელი სადევგმირო ნაწარმოებებისაგან. ჯდება თუ არა პოემის ქაჯები რეალობის ჩარჩოებში?
ჩვენ ადრე ვმსჯელობდით დევებზე, რომლებიც ტარიელმა ამოწყვიტა. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები ჩანან, ოღონდ რაღაც ისეთით გამორჩეულნი, რომელიც ხალხს საბაბს აძლევდა, მათთვის დევები ეწოდებინათ. როგორც გვახსოვს, დევებს ჩვეულებრივი, მაგრამ მაღალი ხარისხის საჭურველი ჰქონდათ (ზომითაც) და ჩვეულებრივ საგანძურს აგროვებდნენ.
სწორედ ასეთივე ხორციელი ადამიანები არიან ქაჯებიც, ოღონდ დევებისაგან განსხვავებით, ისინი ბრძოლის ისეთ ხერხებს იყენებდნენ, სხვებმა რომ არ იცოდნენ. „ქაჯებს“ მათ უწოდებდნენ გარეშემო მცხოვრებნი, რომლებსაც, როგორც ჩანს, მათი ეშინოდათ ბრძოლის მათთვის უცნობი ხერხების გამოყენების გამო. რეალურ ვითარებაში რომ წარმოვიდგინოთ, ასეთი ხერხები როცა არ იციან, ჯადოსნობა ჰგონიათ. (მაგალითად, თოფიც თავიდან ჯადოქრობად მიაჩნდათ ველურ ტომებს). ამ „ჯადოსნობის’ შემსრულებლებს, ჩვენი პოემის მიხედვით, ქაჯებს ანუ ბოროტ სულებს უწოდებენ. გარდა ამისა, შიშს დიდი თვალები აქვს და, მაგალითად, ბრძოლის დროს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა - ქარის ამოვარდნაც, შიშის გამო შეიძლება ამ „ჯადოსნებისთვის“ მიეწერათ.
ერთი სიტყვით, ქაჯები პოემაში რაღაც ფანტასტიკურ არსებებს კი არ წარმოადგენენ, არამედ სხვადასხვა საიდუმლო საბრძოლო ხელოვნების მცოდნე ჩვეულებრივ ადამიანებს.
სხვათა შორის, ფარსადანის დასაც - დავარს - „ქაჯს“ უწოდებენ მისი ქაჯეთში გათხოვების გამო („მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის“), დავარი კი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო და, მგონი, არც რაიმე გრძნეულება იცოდა მაინც და მაინც.
ავთანდილი სიხარულით ღმერთს ადიდებდა ნესტანის ამბავის გაგების გამო, ფატმანს კი ეგონა, ავთანდილი მისი სიყვარულით იყო აღფრთოვანებული.
იმ ღამეს ფატმანმა ავთანდილთან წოლა-ლაღობით ისიამოვნა, თუმცა ავთანდილს სინდისი ქენჯნიდა და წამდაუწუმ თინათინი აგონდებოდა.
მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა,
ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,
ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
გული მხეც-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.
ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად.
შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად,
იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი ვინ, ვარდია ვისად,
უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად.“
მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;
გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;
ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია.
თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.
როგორც ამ სტროფებში ჩანს, რუსთველი იუმორით და ქირდვით ლაპარაკობს ფატმანზე - მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე, რომელსაც ხან ყვავს ადარებს, ხან ნეხვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც შემდეგ ვნახავთ, ფატმანი გამოყვანილია კეთილ ქალად, რომელიც დიდ სიკეთეს უკეთებს ავთანდილს, ნესტან-დარეჯანს, ტარიელს. ამით რუსთველი კვლავ და კვლავ წარმოგვიდგება, როგორც დიდი რეალისტი მოაზროვნე, რომლისთვისაც ადამიანი, როგორც ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს ნაწილი, „უთვალავი ფერის მქონეა“.
დილით ფატმანმა ავთანდილს უამრავი ძვირფასი სამოსი უძღვნა. ავთანდილმა გადაწყვიტა, დღეს გაემჟღავნებინა ყველაფერი, ვაჭრული ტანსაცმელი გაიხადა და რაინდულად ჩაიცვა, რითაც კიდევ უფრო მოემატა მშვენება და „მზეს დაემსგავსა“. ეს რომ ფატმანმა დაინახა, გაუკვირდა და სიცილით უთხრა - „ეგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად“. ავთანდილსაც ეღიმებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ეუბნებოდა არაფერს.
საღამოს ავთანდილმა თავისთან იხმო ფატმანი. ფატმანი მივიდა, თან მეტის ვნებისაგან ოხრავდა. ავთანდილმა გვერდით დაისვა და ყველაფერი უამბო.
„რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად,
მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად,
მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
გამცუდებელი თავისად, მის გულისა და ძალისად.“
ავთანდილმა ფატმანს დახმარება თხოვა ნესტანთან დასაკავშირებლად.
„მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა,
ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა,
ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,
ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.
მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,
ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული,
მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,
ღმერთმან ჰქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!“
ფატმანმა იხმო თავისი გრძნეული მონა, „შავი მართ ვითა ყორანი“, და ქაჯეთში სასწრაფოდ წასვლა უბრძანა. მონამ აღუთქვა, რომ ხვალვე მოიტანდა ამბავს.
საინტერესოა, რომ ადრე იმავე მონამ სამი დღე მოანდომა ქაჯეთში მისვლა-მოსვლას, ახლა კი ერთი დღე ჩათვალა საკმარისად.
ასე ჩქარი მიმოსვლა მართლაც დაუჯერებელი ელემენტია ჩვენს პოემაში, მაგრამ ავთანდილსა და ფატმანს ისე ეჩქარებოდათ ნესტანთან დაკავშირება, რომ პოეტმა, ეტყობა, მათ მოუთმენლობას გაუწია ანგარიში.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
თუმცა მკითხველი სრულიად ეთანხმება ფატმანს, რომელიც გრძნეულ მონას ასე აჩქარებს:
„ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა.“
წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
ფატმან წერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,
შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,
სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,
ბროლო და ლალო, - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!“
სანამ ფატმანის წერილის გაცნობას გავაგრძელებდეთ, ამ პირველ სტროფს დავუკვირდეთ.
ფატმანი სრულიად სამართლიანად უწოდებს ნესტანს მნათობს და მზეს, აგრეთვე მისგან შორს მყოფთა დამწველს, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ ფატმანი ნესტანს მიაწერს სიტყვა-მჭევრობას, ენაწყლიანობას და ლამაზენობას, რაც ნესტანს ფატმანთან ყოფნის დროს ნამდვილად არ გამოუჩენია, პირიქით, თითქმის სულ დუმდა და არაფერს უყვებოდა ფატმანს თავის შესახებ. ვერ არის კარგად ეს ფატმანი! მას ძალიან კარგად ახსოვდა ნესტანის ეს უბრობა. ის კი არა, ცოტა არ იყოს საყვედურითა და ნიშნის მოგებითაც კი ეუბნება ნესტანს, - მართალია, შენ არაფერი მიამბე, მაგრამ მე მაინც ყველაფერი გავიგე შენზეო.
„თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,
მე ეგრეცა ვცან ყოველი, მით გულსა მოვალხენიე.“
ფატმანი ისეთი ქალი არ არის, ნესტანის უბრობის გამო გულში წყენა ჩაედო. იგი ტარიელისა და ნესტანის შეხვედრას გულწრფელად ნატრობს:
„შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე!
ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე!“
ახლა წარმოიდგინეთ, ფატმანის წერილის კითხვისას ტარიელის ხსენებაზე რა დაემართებოდა ნესტანს!
ფატმანი აგრძელებს:
„მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,
ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,
სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული,
შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული!“
ფატმანი ძალიან გონიერი ქალია. იგი ნესტანს თხოვს, ყველაფერი აცნობოს ქაჯების სამხედრო შესაძლებლობებზე, რათა ქაჯეთიდან მისი დახსნა შეძლონ:
„ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?
მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა,
ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?
რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე,
მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე!“
ფატმანი წინდახედულიც აღმოჩნდა. მან ნესტანს ტარიელისთვის რაიმე ნიშანის გაგზავნა თხოვა, რათა ტარიელი დარწმუნებულიყო, რომ ნესტანის ადგილსამყოფელს ნამდვილად მიაგნეს.
ფატმანმა წერილი თავის გრძნეულ მონას მისცა. მონამ რაღაც მოსასხამი წამოისხა და „მასვე წამსა დაიკარგა, გარდაჰფრინდა ბანის-ბანსა.“
წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა,
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბუნდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა,
მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი.
გრძნეული მონის ეს მართლაც ჯადოქრული ქმედებანი - ლამის ფრენით წასვლა ქაჯეთში, უჩინრად გავლა მცველთა შორის და დახშულ კარში შესვლა - მართლაც დაუჯერებელია და სინამდვილის მიღმა დგას. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ არაპირდაპირი მნიშვნელობით - მონის ძალიან სწრაფად მისვლა-მოსვლის აღსანიშნავად. ჩვენც ხომ ვამბობთ ხოლმე - „იმწამსვე იქ გავჩნდიო“, რითაც იმის თქმა გვინდა, ამა და ამ ადგილზე ძალიან სწრაფად მივედიო.
ფატმანის მონას ამდენი გრძნეულება რომ შეძლებოდა, ფატმანის მონა კი არა, სულ მცირე, კაი დიდვაჭარი იქნებოდა თავისი გრძნეულების წყალობით!
საერთოდ, ფანტასტიკური ელემენტები პოემის რეალისტური სიუჟეტის განვითარებას ემსახურება მხოლოდ და მისი წილი პოემაში ძალზე მცირე და უმნიშვნელოა, განსხვავებით იმდროინდელი სადევგმირო-ფანტასტიკური ნაწარმოებებისაგან. ეს, როგორც ჩანს, რუსთველის მიერ ერთგვარ ხარკის მოხდას წარმოადგენს იმდროინდელი მკითხველი საზოგადოების ლიტერატურული გემოვნებისადმი.
მაგრამ დავუბრუნდეთ შინაარსს.
ნესტანი შეაკრთო ზანგის გამოჩენამ, მაგრამ ზანგმა დაამშვიდა და უთხრა, ფატმანისაგან ვარ გამოგზავნილიო.
პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,
ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა.
სულთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.
მონასა ჰკითხა: „მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?
ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“
მონა მოუყვა, თუ რა მძიმედ განიცდიდა ფატმანი მის დაკარგვას და თუ როგორ გამოჩნდა ვინმე მოყმე, რომელიც მისი მძებნელი აღმოჩნდა.
ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!
ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?
უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი.
მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი.“
წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
პირ-მზე წერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო.
აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები,
ერთსა მცავს მთელი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,
ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!“
ნესტანი ფატმანს თხოვს, არავინ დაუწყოს ძებნა, რადგან ამით არაფერი გამოვა. იგი თავის თავზე ნაკლებად ფიქრობს, იგი მხოლოდ თავის მიჯნურზე დარდობს, რომელიც შეიძლება მისი გამოხსნის მცდელობას შეეწიროს.
„მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა,
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.“
ნესტანი ფატმანის თხოვნას ასრულებს და ტარიელისთვის ნიშნად უგზავნის მისგან მოძღვნილი რიდის ერთ ნაჭერს.
„გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია.“
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
მიჯნურისათვის გაგზავნილი წერილი ყოველთვის უდიდესი ემოციური მუხტის მატარებელია, მით უფრო, თუ მიჯნურები რაიმე განსაცდელის წინაშე დგანან.
ამ თვალსაზრისით ნესტან-დარეჯანის წერილის ბადალი, ალბათ, მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათობას წარმოადგენს.
ეს არის უკიდეგანო სასიყვარულო ემოციის, უდიდესი სიბრძნის, მიჯნურისადმი უზომო ერთგულებისა და თავდადების სასწაულებრივი ნაზავი, რა თქმა უნდა, გენიალური პოეტის ჯადოსნური კალმით შესრულებული.
წერილს ნესტანი ნაღვლიანი სიმშვიდით იწყებს:
„ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!“
ამ ნაღვლიანი სიმშვიდის შემდეგ მომდევნო სტროფი წამსვე მძაფრი ტრაგიზმით იმუხტება:
„ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!“
ტრაგიზმი თანდათან ძლიერდება, იგი თითქოს რაღაც დიდებულ კულმინაციამდეა აღზევებული:
„ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.“
ამ სტროფის შესახებ ცნობილი მეცნიერი მოსე გოგიბერიძე წერს: „კითხულობ ამ ტაეპს და არ იცი, რა თქვა და რა ადიდო: კონტრაპუნქტით შესრულებული მუსიკა ლექსისა, სიბრძნე ბედისწერის გამგებელი გონებისა, უმტკიცესი სიყვარულით დამწვარი გული, თუ საზღვართან მისული გულწრფელობა შეყვარებულისა!“
მომდევნო სტროფებში თითქოს საშინელ განსაცდელში ჩავარდნილი შეყვარებული ქალის სევდიან თვალებს ვხედავთ წერილზე დახრილს:
„შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე,
ჩემი მეთქვა გარდასრულად სიცოცხლე და ყოვლი ღონე,
აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.
შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად.
ვზი მზრდელად სიყვარულისა მის, ჩემგან დანერგულისად.“
მომდევნო სტროფებში ნესტანი თავის ტანჯულ ყოფას აღწერს და ტარიელს ემუდარება, მის გამოხსნას არ შეეცადოს და ამით სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდოს. აქ ნესტანი უძლიერესი ნებისყოფის ქალად წარმოგვიდგება, რომელსაც თავისი გულისმიერი განცდები გონებისმიერი განსჯისათვის დაუმორჩილებია:
„სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა,
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შებმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!“
ნესტანი ნებისყოფის ამ უდიდეს დაძაბვას თითქოს ვეღარ უძლებს და იგი კვლავ ცრემლებად იღვრება:
„შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა,
ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი.
შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი.
სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.“
მომდევნო სტროფები ნესტანის გონებისმიერი და გულისმიერი განსჯის ერთმანეთში შერწყმაა თითქოს. იგი ლაპარაკობს თავის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, სადაც ის შეხვდება ტარიელს და მწარე სიცოცხლე ტკბილი სიკვდილით შეეცვლება:
„ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა,
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!“
ნესტანმა „გონებით“ იცის ასტროლოგიური თვალსაზრისი, რომ სიკვდილის შემდეგ, როცა ის დღეთა და ღამით „მზისა ელვათა კრთომას“ იხილავს სიკვდილის შემდეგ, იგი იხილავს ტარიელსაც, რადგან იგი „ლომია“, ხოლო ლომის „ეტლს“ (ანუ ზოდიაქოს, ანუ თანავარსკვლავედს) მზე აუცილებლად ეწვევა. (ასტროლოგიური თვალსაზრისი ეყრდნობა 12 თვის განმავლობაში მზის „გავლას“ 12 თანავარსკვლავედში, რომელთაგან ერთი ლომის თანავარსკვლავედია. ეს თანავარსკვლავედებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები).
ნესტანი არ არის გულის, გრძნობების მონა. იგი ამ უმძაფრესი განცდების დროსაც კი არ ივიწყებს თავის სამშობლოს - ინდოეთს, თავის მშობლებს, და ტარიელს მოუწოდებს, მათ დაეხმაროს, მათ მიხედოს:
„წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!“
წერილის ბოლო ორ სტროფში ნესტანი თითქოს ბედს შერიგებული ჩანს, მაგრამ მას მაინც ბედს შეურიგალ მტკიცე ნებისყოფის ქალად აღვიქვამთ:
„რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად,
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად.
აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა,
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.“
ნესტანის წერილში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი სრულიად ჩვეულებრივი სიტყვის შესახებ. ესაა „ჩემო“. რუსთველის ჯადოსნური კალამი ამ სიტყვას ისეთ ელვარებას ანიჭებს, რომ ყოვლად შეუძლებლად გვეჩვენება, მის მაგივრად სხვა სიტყვა ყოფილიყო გამოყენებული, თუნდაც „საყვარელო“, „ძვირფასო“ და ა.შ.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს სტრიქონები:
„ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები.“
. . .
„ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!“
. . .
„ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?“
. . .
„სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების.“
. . .
„ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა.“
. . .
„ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!“
. . .
„გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა.“
ნესტანმა წერილი და თავისი თავსაბურავიდან მოკვეთილი ნაწილი ტარიელისთვის გასაგზავნად ფატმანის მონას მისცა, რომელიც ამჯერად უკვე „წამ-ერთ“ დაბრუნდა ფატმანთან, „დღე იარა არ-მრავალი“.
ავთანდილმა ღმერთს მადლობა შესწირა საქმის ასე წარმართვისათვის, ფატმანს მხურვალე მადლობა გადაუხადა და წასასვლელად გაემზადა.
„წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი.“
ფატმანს მისი წასვლა ფრიად დაუმძიმდა:
ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,
თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების.“
ავთანდილმა ფრიდონის ყმებს მადლობა უთხრა გაწეული სამსახურისათვის, მეკობრეთაგან წართმეული ალაფი უბოძა მათ და ფრიდონთან წერილი გაატანა.
წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვესრულო მეფეთმეფეო
ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქმოიეფეო,
მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
უმცროსმა ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო!“
ავთანდილი ფრიდონს ნესტანის ამბავს ატყობინებს.
„იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
მუნ მისლვა მიმიჩს თამაშად, თუცა გზა საომარია.
ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.“
ავთანდილს იმედი აქვს, რომ ფრიდონი დაეხმარება ტარიელს და ამით ყოველი სიძნელე დაიძლევა. ფრიდონს შენდობას თხოვს, რომ მასთან ვერ შეიარა, რადგან ტარიელთან მიეჩქარებოდა; მადლობას ეუბნება მისი ყმების კარგი სამსახურისათვის.
„ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.“
ავთანდილმა ნავი მონახა, რომელიც მას ტარიელის სამყოფელისაკენ წაიყვანდა და გამოემართა, მაგრამ დამწუხრებული ფატმანის დატოვება უმძიმდა, რომელმაც ნესტანი აპოვნინა. ყველა მძიმედ განიცდიდა ავთანდილის წასვლას.
წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
ავთანდილი მოუთმენლად მოელოდა ტარიელთან შეხვედრას და მისთვის სასიხარულო ამბავის შეტყობინებას. სწორედ ის დრო იყო მოსული, რომელიც ავთანდილმა ტარიელს დაუთქვა.
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.
სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.
აქ ნათქვამია, რომ ის დრო იყო, როდესაც მზე „ეტლს“, ანუ ზოდიაქოს თანავარსკვლავედს იცვლის და ახალში შედის. ეს ახალი თანავარსკვლავედი იყო „სარატანი“, ანუ კირჩხიბი. ეს არის დრო 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. აქ, როგორც ჩანს, ლაპარაკია რომელიღაც მთაგორიან მხარეზე, სადაც ზაფხული გვიან დგება და ვარდიც გვიან იშლება. სწორედ ამ მხარეს მოადგა ავთანდილი და მისი ემოციებიც კიდევ უფრო მძაფრი და სასიამოვნო გახდა.
აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;
ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა,
უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,
მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა.“
მე-20 საუკუნის დასაწყისის მწერალი ჭოლა ლომთათიძე ასე სწერს ამ სტროფზე:
„თქვენ გგონიათ იქნება ეს ავთანდილმა აკოცა მართლა ვარდს თინათინის სანაცვლოთ! სრულიადაც არა, ეს თვითონ რუსთაველი იყო. გრგვინვა წამოესწრო მას სეირნობის დროს, სადმე ხის ძირში შეაფარა მან თავი ბროლის ცვრებს და სტიქიონის მძაფრი ღრიალის დროს გაახსენდა მას მისი მზეთა-მზე, მისი თამარ, გაახსენდა, დაიხარა ძირს და აკოცა ვარდს... ეს აუცილებლად ასე იყო, მენდეთ მე, იმიტომ რომ... იმიტომ რომ მეც მაგონდება ახლა ერთი ვინმე, მეც ხშირად ვკოცნი ხოლმე ყვავილებს, ვესაუბრები მათ და ვეუბნები: „მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“-მეთქი. ღმერთმანი, ასე ვიქცევი... და რა ფსიხოლოგიური სიმართლეა აქ! ცა გრგვინავს, ღრუბელი ცრის ბროლის ცვრებს, შენ კი გული სინაზით გევსება...“
ტარიელის სადგომამდის ავთანდილმა კიდევ დიდი გზა გაიარა, ძნელი და უდაბური:
რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი,
ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი,
უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,
სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
ბოლოს მიადგა ტარიელის სადგომ გამოქვაბულსაც.
ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: „იგი კლდენია,
სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;
ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო, რაცა მსმენია,
არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!“
ავთანდილმა გაიფიქრა, რომ ტარიელი შინ ნამდვილად არ დახვდებოდა და სადმე მინდვრად იქნებოდა გასული, ამიტომ პირდაპირ მინდვრებისაკენ გაემართა, ხან მხიარულად მღეროდა, ხან ტარიელს ეძახდა.
მალე ტარიელიც დაინახა, ლომი მოეკლა და შამბის პირას იდგა. ავთანდილის ხმა გაიგონა, იცნო და მისკენ გაექანა.
ავთანდილი ცხენიდან გადმოიჭრა და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ავთანდილმა სიცილით უთხრა, რაც შენ გაგახარებს, ის ამბავი გავიგეო. მაგრამ ტარიელმა არ დაიჯერა.
ტარიელ უთხრა: „ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,
ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, – ნახვა შენია;
სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია,
კაცმანცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!“
რახან ტარიელმა არ დაიჯერა, ავთანდილმა ვეღარ მოითმინა და ტარიელს ნესტანის თავსაბურავის ნაჭერი და წერილი აჩვენა, ტარიელმა ნესტანის რიდე იცნო, სახე შიგ ჩარგო და მეტისმეტი სიხარულისაგან გრძნობა დაკარგა. ავთანდილმა გრძნობაზე მოყვანა დაუწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. თავზარდაცემული ავთანდილი სასოწარკვეთილებას მიეცა თავისი არასწორი, დაუფიქრებელი საქციელის გამო.
პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა,
„რაცა ვქმენო, არ უქნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;
წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა.“
ავთანდილი წყლის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ ვერ იპოვა. აქ დავუკვირდეთ ერთ დეტალს: ავთანდილს წყალი სადმე ახლოს რომ ეპოვა, ამით, ცხადია, არაფერი დააკლდებოდა პოემის სიუჟეტს, ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. მაგრამ რუსთველის გენიალურმა კალამმა ავთანდილს ტარიელის მკერდზე წყლის ნაცვლად ტარიელისავე მოკლული ლომის სისხლი დაასხმევინა!
ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა,
ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,
თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.
ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქნაკრთომისა.
ტარიელს, როგორც ადრე ვნახეთ, მრავალჯერ დაჰკარგვია გრძნობა დიდი მწუხარებისაგან. ამჯერად კი მან დიდი სიხარულისაგან დაჰკარგა გრძნობა. დიდი მწუხარებისა და დიდი სიხარულის ზემოქმედებას ადამიანზე რუსთველი ასე ანზოგადებს:
ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, –
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.
აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,
მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
გრძნობაზე მოსულმა ტარიელმა ნესტანის წერილის კითხვა დაიწყო. ალბათ ყველა წარმოიდგენს ტარიელის უდიდეს განცდებს ამ წერილის კითხვისას. ეს განცდები რუსთველს ძალზე ლაკონურად და ზუსტად აქვს გადმოცემული:
ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა,
იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა,
დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
ტარიელის მთელი განცდები, შეიძლება ითქვას, კონცენტრირებულია ერთ სიტყვაში: „აშეთებს“.
ავთანდილმა, ჩვეულებისამებრ, ტარიელს ბრძნული შეგონება დაუწყო: ახლა არაფერი გვაქვს სატირალი, წავიდეთ, მოვძებნოთ შენი მზე, ქაჯეთიდან დავიხსნათო. ტარიელმაც უკვე საქმიანად დაიწყო ლაპარაკი, ავთანდილს მადლობა უთხრა და მისთვის სამაგიერო სიკეთის გადახდა ღმერთს მიანდო, თუ თავად ვერ მოახერხებდა. შემდეგ ცხენებზე შესხდნენ და ასმათთან წავიდნენ.
ასმათმა ისინი გამხიარებულები რომ დაინახა, ძალიან გაოცდა. ასმათს ახალი ამბავი მიახარეს. ავთანდილი ცხენიდან ჩამოხდა, ასმათს გადაეხვია და ნესტანის წერილი მისცა.
ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,
გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,
ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა,
იტყვის: „რა ვნახე, რა მესმის? არმსცა ამისი მრთელობა?!“
ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია,
ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
ქვაბს შევიდნენ მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.
ტარიელმა ავთანდილს უთხრა: ეს გამოქვაბული დევების საგანძურით არის სავსე, ვნახოთ, რა ძევს იქო. ორმოცი კარი შეამტვრიეს. ორმოცივე სათავსი აურაცხელი განძით იყო სავსე, ერთ-ერთ ოთახში, რომელშიც საბრძოლო აღწურვილობა ეწყო, ნახეს ერთი დაგმანული კიდობანი.
ზედა ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“
გახსნეს კიდობანი, შიგ ნახეს იარაღის სამი კომპლექტი. გამოსცადეს. ხრმალი რკინასა ჰკვეთდა, ჯაჭვ-მუზარადს კი ვერაფერი ვერას აკლებდა.
ეს კარგ ნიშნად მიიჩნიეს. იარაღის ერთი კომპლექტი ფრიდონისთვის შეკრეს, ოქროსა და თვალ-მარგალიტის ნაწილი წაიღეს, ორმოცივე კარი კვლავ დაგმანეს და ფრიდონის სამეფოში წასასვლელად მოემზადნენ.
აქ ისევ დევების საკითხს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთ ვთქვით, დევები, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანები იყვნენ, ოღონდ თავზეხელაღებული ყაჩაღები, რომელთაც დაუნდობლობისა და სიმამაცის გამო შეშინებულმა მოსახლეობამ „დევები“ შეარქვა. ამას მოწმობს თუნდაც მათი ადამიანური საბრძოლო იარაღი, რომელიც ჩვენს გმირებსაც კარგად მოერგოთ და გამოადგათ კიდეც შემდგომში. ჩვეულებრივი, გავრცელებული საჭურვლისაგან განსხვავებით მათი იარაღი ძალიან მაღალი ხარისხისა იყო და იმ შემთხვევისათვის იყო განკუთვნილი, თუ ქაჯებთან ბრძოლა მოუწევდათ. თავის მხრივ, როგორც გვახსოვს, ქაჯებიც ჩვეულებრივი, ხორციელი ადა მიანები იყვნენ, რომლებმაც რაღაც ისეთი უცნობი საბრძოლო ხერხები იცოდნენ, რაც ამ ხერხების უცოდინარ ადამიანებს თავზარს სცემდა და მათზე გრძნეულების შთაბეჭდილებას ახდენდა.
ერთი სიტყვით, პოემის დევები და ქაჯები ზღაპრულ არსებებს არ წარმოადგენენ და ამ მხრივაც პოემა რეალისტური ჩარჩოებიდან არ გამოდის.
ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
გათენებისას ჩვენი გმირები ფრიდონის სამეფოსაკენ გაემართნენ. თავიდან ასმათი ცხენზე უკან შემოისვეს, შემდეგ კი ცხენი იყიდეს მისთვის. (რუსთველს ასეთი რეალისტური დეტალიც არ ავიწყდება). ფრიდონის სამეფოში რომ შევიდნნენ, დაინახეს ჯოგი და მეჯოგეები. ტარიელმა ავთანდილს უთხრა, - მოდი, ფრიდონს გავეხუმროთ, ვითომ ჯოგი წავართვით, იგი საომრად წამოვა და ხელში ჩვენ რომ შევრჩებით, ძალიან ვიმხიარულებთო.
მართლაც, ფრიდონის საუკეთესო ცხენებს შეპყრობა დაუწყეს და მეჯოგეებს გამოუდგნენ. მეჯოგეები აყვირდნენ, გვიშველეთ, მეკობრეები დაგვესხნენო. ეს ამბავი ფრიდონს შეატყობინეს. ფრიდონი საბრძოლველად გაემზადა და რაზმთან ერთად „მეკობრეებს“ შეუტია, რომელთაც მუზარადები უფარავდათ პირს.
ტარიელმა ფრიდონი რომ დაინახა, მუზარადი აიხადა, გაიცინა და ფრიდონს უთხრა, ჩვენი მოსვლა რატომ გეწყინა, რა ავი მასპინძელი ყოფილხარო.
რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: „ვნახეო, ვინცა მინა.“
მუზარადი მოიხადა, გაიღიმნა, გაიცინა;
ფრიდონს უთხრა: „რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“
ფრიდონი ფიცხლად გადმოიჭრა ცხენიდან, ტარიელს თაყვანი სცა და ღმერთს უსაზომო მადლი შესწირა.
მივიდნენ ფრიდონის სასახლეში და ფრიდონს ის საკვირველი იარაღი უძღვნეს.
ფრიდონმა მათ უთხრა, ავი მასპინძელი არა ვარ, არც თქვენი სტუმრობა მომწყენია, მაგრამ აქ დაყოვნება არ ივარგებს, ქაჯეთს წავიდეთ, სანამ ქაჯები დაბრუნდებიან, რათა საქმე არ გაგვიძნელდესო.
მართლაც, სამასი კარგი მეომარი წაიყვანეს, ზღვა გადაიარეს და ქაჯეთს მიადგნენ, რომლის შესასვლელს ათი ათასი მცველი იცავდა.
გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.
მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია
თქვეს: „ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.“
თათბირი ნურადინ-ფრიდონისა
თათბირი ავთანდილისა
თათბირი ტარიელისა
ამ სამივე თავს ერთად განვიხილავთ. მაგრამ სანამ შინაარსს მივყვებოდეთ, წინასწარ უნდა ვთქვათ შემდეგი:
ქაჯეთის ციხის ასაღებად საბრძოლო გეგმის განხილვა უმნიშვნელოვანესი მომენტია პოემისა, რადგან პოემის გმირები მთავარი მიზნის – ნესტანის ქაჯთაგან გამოხსნის ამოცანის წინაშე დგანან. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა პოემის გმირებისათვის. ამ დროს მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს მათი საბრძოლო და ინტელექტუალური ღირსებანი. და თუ ჩვენ პოემაში ვხედავთ მხატვრულად გარდასახულ საქართველოს ისტორიულ ყოფიერებას, აუცილებელია ეს მომენტიც ამ თვალსაზრისით გავიაზროთ, ე.ი. უნდა დავაკვირდეთ პოემის გმირების (ანუ ქართველი ადამიანების, ქართველი მებრძოლების) ხასიათის გამოვლინებებს მის წინაშე მდგარი სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრისას.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, პოემის ამ მომენტშიც ვლინდება ქართველი ადამიანის ის ხასიათი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, გარკვეულწილად, საქართველოს ბედიც განსაზღვრა.
მაშ, ჯერ გავეცნოთ, რა გეგმას სთავაზობს ფრიდონი თავის მეგობრებს ქაჯეთის ციხის ასაღებად.
ფრიდონის თქმით, იგი უცდომელ გეგმას სთავაზობს თავის მეგობრებს. ჩვენ ცოტანი ვართო, ამბობს იგი, ქალაქის აღებას კი დიდი ძალები სჭირდება, პირისპირ ომში ვერაფერს გავხდებით, ხოლო თუ კარს დაგვიხშავენ, ათას წელსაც ვერ შევუვალთ. ამიტომ ასეთ ხერხს მივმართოთ: ყმაწვილობაში ჯამბაზობაში მწრთვნიდნენ, თვალის უსწრაფესად გავდიოდი თოკზე. მოდით, ერთ ბურჯზე თოკი შევტყორცნოთ და გამოვაბათ, მე მასზე ისე გავირბენ, როგორც მინდორზე, შიგ შევალ და იქ ყველას დავხოცავ, შემდეგ კარებს გავაღებ და თქვენც იქით წამოდით, სადაც ბრძოლის ხმა შემოგესმებათო.
ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერნი ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!“
თოკზე გასვლის დროს შენი აბჯრის ხმას გაიგონებენო, ეუბნება ავთანდილი, თოკს გადაჰკვეთენ და ვერაფერს მიაღწევ, ეგ გეგმა არ ვარგაო. ჩემი გეგმა კი ასეთია: თქვენ მოფარებულ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად შევიმოსები, ერთ ჯორზე იარაღს გადავკიდებ, ისინი ვაჭრებს თავისუფლად უშვებენ, მაგრამ სამივე ვერ შევალთ, რამეს იეჭვებენ, მე მარტო შევალ, იქ ფარულად ჩავიცვამ აბჯარს და შიგ სისხლის რუებს დავაყენებ, თქვენ კი გარედან შეუტიეთ კარებს, რომელთა კლიტეებს მე დავლეწავ და გავაღებო.
ტარიელმა მეგობრებს უთხრა: მე ვიცი, რომ გმირთაგმირები ხართ, თქვენი გეგმები თქვენსავე ძალგულოვნებას შეეფერება, ვიცი, რომ ფიცხელი ბრძოლა გწადიათ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით: თქვენი ბრძოლის ხმაზე ჩემმა მიჯნურმა რომ გადმოიხედოს და მე ვერ დამინახოს, ეს ხომ ჩემი დიდი სირცხვილი იქნებაო.
„მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა,
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა?
თქვენ გქონდეთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.“
ამას სჯობს, გავინაწილოთ ას-ასი კაცი და გამთენიისას ერთდროულად შევუტიოთ, მათ ვემცრობით და შეგვებრძოლებიან, ჩვენ კი ჩვენი ხრმალის სიძლიერე ვანახოთ. ერთ-ერთი შევაღწევთ, დანარჩენები კი გარედან ვიბრძოლებთო.
ტარიელს ყველა დაეთანხმა. გაიყვეს ას-ასი მეომარი და საბრძოლველად მოემზადნენ.
იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;
მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა;
დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:
რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
გამთენიისას ციხის კარებს მიადგნენ. შიგ მყოფებს უბრალო მგზავრები ეგონათ და უშფოთველოდ დახვდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ისინი საბრძოლველად იყვნენ მოსულნი, კარები გააღეს და იმედიანად შეებნენ.
მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა.
ტარიელი მედგრად იბრძოდა. მისი შემხედვარე მტერი იარაღის კვრის გარეშეც ესალმებოდა სიცოცხლეს. მეციხოვნეები მთლიანად ამოწყვიტეს.
ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს,
მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,
თქვეს: „ტარიელ რა იქნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
ციხის კართან უთვალავი მკვდარი მეციხოვნე და დამსხვრეული ხრმალ-აბჯარი ნახეს და მიხვდნენ, რომ აქ ტარიელს გაევლო ბრძოლით. მიჰყვნენ კვალს და ნახეს, რომ ტარიელს უკვე დაეხსნა ნესტანი.
გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
თითქოს თანამედროვე სასიყვარულო-საგმირო ფილმის კადრებს ვუყურებთ:
მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი,
კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთად პობილნი.
ავთანდილი და ფრიდონი მათ მიეახლნენ და ნესტანს მიესალმნენ.
მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,
აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა.
სამასი კაცისაგან მხოლოდ ასსამოცი დარჩენილიყო ცოცხალი. ფრიდონი წუხდა მათ გამო, მაგრამ გამარჯვება უხაროდა. უთვალავი განძი ჩაიგდეს ხელში და სამიათას ჯორ-აქლემს აჰკიდეს. სამოცი კაცი ციხის მცველად დასტოვეს და ზღვათა ქალაქისაკენ გამოსწიეს ფატმანის სანახავად და მისთვის სიკეთის სამაგიეროს მისაზღველად.
ახლა, როცა ჩვენი გმირების მთავარი მიზანი აღსრულდა, სანამ დანარჩენი ამბავის თხრობას გავაგრძელებდეთ, მომხდარ ბრძოლასთან დაკავშირებით მცირეოდენი კომენტარი და პატარა ისტორიული ექსკურსიც გავაკეოთ.
ქაჯეთის ციხის აღების წინ ჩვენმა გმირებმა თათბირი გამართეს და გამარჯვების მისაღწევი თავთავიანთი გეგმა გააცნეს ერთმანეთს. რამდენადაც „ვეფხისტყაოსანში“ საქართველოა „შეფარვით“ ასახული, ხოლო მისი გმირები ასევე „შეფარვით“ ქართველები არიან, ამიტომ ქაჯეთის ციხის აღებისათვის ჩვენი გმირების გეგმაშიც ქართული ხასიათი, ქართული საბრძოლო ეთიკა უნდა იყოს გამოხატული, რაც კარგად შენიშნა რუსთველოლოგმა გიორგი მჭედლიშვილმა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ტარიელმა ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები დაიწუნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის დაწყებისთანავე ის ბრძოლაში არ იქნებოდა ჩაბმული, და ნესტანს იგი უომრად რომ დაენახა, ამით მის თვალში ჩრდილი მიადგებოდა. „თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა“. ტარიელის ეს მოტივი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა ტარიელის თავმოყვარეობას, მიჯნურის წინაშე შეურცხვენლობას.
ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი რეალურ ცხოვრებაში რომ წარმოვიდგინოთ, ტარიელის გეგმის თანახმად შეიძლება დამარცხებულიყვნენ კიდეც ჩვენი გმირები, რადგან პირდაპირი იერიში უნდა მიეტანათ ციხეზე. საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა გმირებმა გაიმარჯვეს, მაგრამ რუსთველი რეალისტი პოეტია და ამიტომაცაა, რომ ჩვენმა გმირებმა ძალზე დიდი დანაკლისი განიცადეს, რაც საგანგებოდ აღნიშნეს კიდეც, – მათ სამასი მეომრადან მხოლოდ ას სამოცი შემორჩათ.
როგორც ვხედავთ, ტარიელის გეგმა განსაზღვრა მორალის, სახელის, თავმოყვარეობის ფაქტორმა და არა გამარჯვებისათვის საჭირო ხერხების გამოყენების აუცილებლობამ.
როგორც რუსთველოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, ასეთი მოტივირება იმდროინდელი საქართველოს საბრძოლო პრაქტიკაშიც იყო დამკვიდრებული, რაც აშკარად გამოვლინდა უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, მონღოლთა ლაშქრობების ხანაში.
მონღოლების წარმატებული ლაშქრობები ქვეყნების დასაპყრობლად მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ბრძოლის გარკვეულმა ხერხებმა, კერძოდ ხაფანგში მტრის შეტყუების მეთოდმა თვალთმაქცური უკანდახევის გზით. ამ მეთოდით დაუმარცხებიათ მათ ლაშა გიორგის ლაშქარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ხერხი ქართველებისათვის მაინც მიუღებელი აღმოჩენილა, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ქართველი ადამიანის რაინდულ ხასიათს.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ისტორიული ეპიზოდი.
როდესაც საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, ისინი ქართველ მეფეებს აიძულებდნენ მათ ლაშქრობებში ჯარით მიეღოთ მონაწილეობა და მონღოლთა სარდლობას დაქვემდებარებოდნენ.
ერთ-ერთ ბრძოლაში ნოინის განკარგულებით ქართველებს მონღოლებთან ერთად უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ქართველთა მეფეს განუცხადებია – ჩვენ, ქართველებს, წესად არა გვაქვს, ჩვენსკენ მომავალი მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი მოგველოდესო. მონღოლებს გაჰკვირებიათ ასეთი პასუხი, გამწყრალან და მეფისთვის უთქვამთ – რას სჩადიხართ, როგორ ბედავთ აბაღას გარეშე მტერთან შებმასო; თქვენ, ქართველები, უმეცარნი ხართ და არ იცით ბრძოლის ხერხებიო.
მონღოლებს ჯერ უთხოვიათ ქართველებისათვის, შემდეგ დამუქრებიან, მაგრამ ისინი მაინც მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრის დასახვედრად დაწყობილან. მონღოლებს ქართველების თვითნებობა აბაღა ყაენისათვის უცნობებიათ. აბაღა ყაენი სასწრაფოდ გამომართულა ბრძოლის ველისაკენ და ქართველთა მეფისათვის საყვედური უთქვამს: მე ვიცი, რომ ქართველები მხნე და შმაგი მებრძოლები ხართ, მაგრამ ასეთი რამ რომელიმე ნოინს რომ ჩაედინა, სიკვდილით დავსჯიდი, მაგრამ არ გადანაშაულებთ, რადგან არ იცით ჩვენი წესები; ახლა იქ დადექით, სადაც გიბრძანებთო. ამის პასუხად „მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყუანისცა და ჰრქუა: დიდო ყაენო! არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოსო“.
როგორც ვხედავთ, ქართველ მეფესაც ამ ისტორიულ ეპიზოდში, და ტარიელსაც პოემის მიხედვით, თავმოყვარეობის დაცვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გამარჯვების მიზნით ბრძოლის არარაინდული, მაგრამ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენება.
ქართველების მიერ ბრძოლის დროს რაინდული წესების ასეთი თავგამოდებული დაცვა რომ არა, როგორც გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, საქართველოს ისტორიის განვითარებაც ნაკლებ კატასტროფულად წარმართულიყო.
ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა
ზღვათა მეფეს ტარიელმა მახარობელი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ ქაჯეთიდან დახსნილი მიჯნური მოჰყავდა და მეფე უნდა ენახა, როგორც მამა და მშობელი.
ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია.“
იგი ზღვათა მეფეს ძღვნად ქაჯთა სამეფოს აძლევდა და რადგან ეჩქარებოდა, სთხოვდა მათ შესახვედრად წამოსულიყო და ფატმანიც წამოეყვანა ნესტანის სანახავად.
ზღვათა მეფეს ტარიელის მოციქული რომ მიუვიდა და ტარიელის დანაბარები მოახსენა, იგი მიხვდა, რომ იმ ქალზე იყო ლაპარაკი, რომელიც ფატმანს წაჰგვარა ერთ დროს. როცა გაიაზრა, თუ ვინ იყო ტარიელი, ზღვათა მეფეს შიშის ზარი დაეცა.
რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, –
წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა.
როცა დარწმუნდა, რომ ტარიელი არას ერჩოდა, პირიქით, ქაჯეთის სამეფოს უძღვნიდა, გული საგულეს ჩაუდგა. „მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა“. მაშინვე წავიდა მის შესახვედრად და ფატმანიც წაიყვანა. ფატმანისა და ნესტანის შეხვედრა, რა თქმა უნდა, ემოციებით იყო აღსავსე.
ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი.“
ზღვათა მეფემ ტარიელს და ნესტანს ქორწილი გადაუხადა. მეფემ და ჩვენმა გმირებმა ერთმანეთს უზომო ძღვენი უძღვნეს. ტარიელმა ფატმანს ქაჯეთიდან წამოღებული დიდი საგანძური უძღვნა.
ზღვათა მეფეს ხომალდი სთხოვეს და ფრიდონის სამეფოში გამოემართნენ, სადაც ასმათი ჰყავდათ დატოვებული.
აქ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი გმირების დიდი სულგრძელობისა და კეთილშობილების შესახებ ზღვათა მეფის მიმართ. ეს ხომ ის ზღვათა მეფე იყო, რომელმაც ფატმანს ნესტანი მოსტაცა, ხოლო ფატმანისაგან ნესტანის გაპარების შემდეგ, ფატმანს მისგან სიკვდილი და ოჯახის ამოწყვეტა ელოდა, თუკი ამას მეფე გაუგებდა. და ეს ყველაფერი არც კი გაუხსენეს მას ჩვენმა გმირებმა არც მეფეს და არც ფატმანის ქმარს უსენს, რომელმაც ნესტანი მეფეს ძღვენივით მიართვა.
საგულისხმოა, რომ რუსთველი ამ მიტევების შესახებ არაფერს ამბობს. ზღვათა მეფესთან შეხვედრის ამბავს ისე ჰყვება, თითქოს მეფეს და უსენს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ ნესტანის მიმართ. ჩვენი გმირების მიმტევებლური დუმილი აშკარად მოწმობს მათს დიდსულოვნებას, ქრისტიანულ სულგრძელობას. ეს, ცხადია, პოემის ავტორისთვისაც დამახასიათებელი იქნებოდა.
ახლა განვაგრძოთ შინაარსის თხრობა.
ფრიდონის სამეფოში დიდი სიხარული გამოიწვია მათმა მისვლამ. ასმათი კი ნესტანს, აი, ასე შეეგება: „ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები.“ ასმათმა ღმერთს მადლი მოახსენა, რომ ნესტანი ისევ იხილა. „სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.“ (აქ რუსთველი კიდევ ერთხელ გვახსენებს პატრონყმური ურთიერთობის დიდ სიკეთესა და ჰუმანურობას). ფრიდონის დიდებულებმაც თაყვანი სცეს სტუმრებს. ფრიდონმა მათ აუწყა ქაჯეთის აღებისას დაღუპული მეომრების შესახებ:
„თუცა მე მათი დახოცვა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია.“
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.
(აქაც სარითმო სიტყვა „იანვარია“ რაღაც ძალიან ფაქიზი იუმორით არის გამთბარი).
დაღუპულთა ახლობლებიც ატირდნენ, მაგრამ ისიც პატივად მიიღეს, რომ ფრიდონი და მისი მეგობრები ასე სწუხდნენ დაღუპულთა გამო:
„ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა.“
„რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა.
აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.
ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
ფრიდონმა ტარიელსა და ნესტანს დიდი ქორწილი გადაუხადა, რომელიც რვა დღე გრძელდებოდა.
ტარიელმა ფრიდონს სთხოვა, ავთანდილთან მოციქულობა გაეწია და მისთვის ტარიელის განზრახვა გადაეცა. ტარიელი მადლობას უხდიდა ავთანდილს გაწეული დიდი დახმარებისათვის და ახლა თავად სურდა, ავთანდილს დახმარებოდა:
უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.
აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები,
ტკბილით სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები.
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.“
საინტერესოა, რომ ტარიელი თავის სათქმელს თვითონ კი არ ეუბნება ავთანდილს, არამედ მასთან ფრიდონს აგზავნის. ესეც ზუსტი ფსიქოლოგიური დეტალია. საქმე ისაა, რომ ტარიელი ძალზე დაინტერესებულია იმით, რომ ავთანდილს სამაგიერო სიკეთე მიუზღოს, მაგრამ არ უნდა ავთანდილმა ამაში რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. მას კარგად ახსოვს, რომ ავთანდილმა კამათში ის ყოველთვის „დაჯაბნა“, რა თქმა უნდა, ტარიელის სასარგებლოდ. ახლაც ფრთხილობს, ისევ თავისი არ გაიტანოს ავთანდილმა და ამიტომ დასახმარებლად ფრიდონს უხმობს.
მართლაც, ტარიელმა მას ახლაც წინააღმდეგობა გაუწია.
რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა,
თქვა თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.
ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ, რასაცა თნებითა?“
ავთანდილი მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობით უსაბუთებს ფრიდონს, რომ ტარიელის დახმარება არაა საჭირო. იგი ტარიელს მადლობას უხდის დახმარების სურვილისათვის, მაგრამ ჯერ უნდა თავად იგი ნახოს ინდოეთში მორჭმულ მეფედ მჯდარი ნესტანთან ერთად.
„ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.“
მაგრამ ამჯერად ტარიელი მაგრად დაუხვდა ავთანდილს.
რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: „მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.
ვითა მან ჰპოვა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები,
„მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავრჩები;
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები.“
ტარიელი კატეგორიულად სთხოვს ავთანდილს, არაბეთში წავიდნენ და არაბთა მეფეს ავთანდილისათვის მისი ასულის ხელი სთხოვოს.
ავთანდილი ტარიელის ასეთმა კატეგორიულობამ შეაშფოთა და თავად წავიდა ტარიელთან შესახვეწად, ხელი აეღო ამ განზრახვაზე.
ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად,
ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.“
იგი როსტევანს ვერ ჰკადრებს, მისი ასულის ხელი სთხოვოს, მით უფრო, ძალადობა იხმაროს გამზრდელის მიმართ, ეს თინათინს გააჯავრებს.
ტარიელმა დაარწმუნა ავთანდილი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ავთანდილი დასძრახა კიდეც მეტისმეტი კრძალვისა და რიდის გამო.
„დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს განუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა,
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.“
ავთანდილიც, ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდა. ალბათ გულში გაუხარდა კიდეც, რომ ტარიელმა ამ დავაში „გაიმარჯვა“.
როგორც ვხედავთ, რუსთველს თავის გმირთა შორის დამოკიდებულება უაღრესი ფსიქოლოგიური სიზუსტით აქვს გადმოცემული.
ერთიც დავიმახსოვროთ ამ ეპიზოდიდან: ავთანდილი ერთგან ამბობს, რომ შეიძლება ტარიელს ინდოეთში მტრები დახვდნენო. ტარიელს ინდოეთი მართლაც მტრებისგან დაპყრობილი დახვდა, მაგრამ ამას მომდევნო თავებში გავიგებთ.
სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
ეს თავი იწყება სტროფით, რომელშიც კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს რუსთველის დიდი განსწავლულობა.
ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
აქ ნახსენები „ბრძენი დივნოსი“ არის ადრეული შუასაუკუნეების უდიდესი მოაზროვნე დიონისე არეოპაგელი, უფრო სწორად, ფსევდო დიონისე არეოპაგელი, როგორც მას უწოდეს მეცნიერებმა, როდესაც დაადგინეს, რომ 1 საუკუნის მოღვაწე დიონისე არეოპაგელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ თხზულებების ავტორი, რომელიც მე-5-6 საუკუნეებში შეიქმნა და მიეწერა დიონისე არეოპაგელს. ამ თხზულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს შუასაუკუნეების აზროვნებაზე და მძლავრი იმპულსი მისცეს მის განვითარებას. ამ თხზულებების ნამდვილ ავტორად ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია მე-5-6 საუკუნეების ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ქართველი ბერი პეტრე იბერი. (კერძოდ, ასეთი შეხედულება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოთქმული აქვთ ქართველ მეცნიერს შალვა ნუცუბიძეს და ბელგიელ ერნესტ ჰონიგმანს, რომელთა ეს მოსაზრება გაიზიარა მეცნიერთა დიდმა ნაწილმაც).
ჩვენმა გმირებმა ჯერ ტარიელის მიერ დევებისთვის წართმეულ გამოქვაბულში შეიარეს.
ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ვყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნით ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.“
მართლაც ასმათი მათ ირმის ხორცით გაუმასპინძლდა. იმხიარულეს და ილაღობეს, ღმერთს მადლობა შესწირეს ჭირის ლხინად შეცვლის გამო. ნახეს დევთა საგანძურები. ტარიელმა ეს ყველაფერი ფრიდონს უძღვნა.
შემდეგ ყველანი არაბეთისაკენ გაემართნენ.
ავთანდილი ისე ღელავდა, ისე იყო „გალეული“, როგორც მთვარე მზის შესაყრელად.
ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა,
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.“
თუ ტარიელმა ზღვათა მეფეს არც კი გაუხსენა ძველი ცოდვები, ამჯერად როსტევან მეფეს ახსენებს მათ პირველ შეხვედრას, რომელიც სამწუხარო შედეგით დამთავრდა. იგი როსტევანის მაშინდელ მოქმედებას – ტარიელის შეპყრობის მცდელობას სიავეს უწოდებს, მაგრამ მისი შეპყრობის მოწადინეთა დახოცვის გამო ბოდიშს უხდის და შენდობას თხოვს.
„მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია,
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია.“
როსტევან მეფეს რომ მახარობელი მიუვიდა, „ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა“, ხოლო „თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა“.
მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი,
ვისცა ესმის, მივიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი,
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,
თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენი მზანი.“
ავთანდილმა ტარიელს მათკენ მომავალი როსტევან მეფე შორიდანვე დაანახა და თხოვა, მასთან მე ვერ მივალ, მრცხვენია, შენ და ფრიდონი შეხვდითო.
„ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა,
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა.“
ტარიელმა ავთანდილს მეფისადმი ასეთი მოკრძალება მოუწონა:
ტარიელ უთხრა: „კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.
აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა.
მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,
ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა.“
ავთანდილი ადგილზე დარჩა, ხოლო ტარიელი და ფრიდონი როსტევან მეფის შესახვედრად გაემართნენ. როსტევანმა ტარიელს თაყვანი სცა, ტარიელმაც სამაგიერო პატივი მიაგო. ერთმანეთს გადაეხვივნენ, როსტევანმა ტარიელს ყელშიც კი აკოცა: „მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ“. შემდეგ საუბარი დაიწყეს. ტარიელმა მაშინვე ავთანდილზე ჩამოუგდო სიტყვა.
„ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,
გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,
ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა.“
ტარიელმა „დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.“ შემომხვეწელად ვარ მოსულიო, უთხრა როსტევან მეფეს, ავთანდილისთვის გეაჯები, რომელმაც დიდი დახმარება გამიწიაო; მაგრამ ეს გრძელი ამბავია, ახლა კი ხვეწნითა და მუდარით შემდეგს გკადრებთო:
„თქვენთა უყვართ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,
მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ ამათ ალსა, –
რომე მივსცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა.“
ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა,
ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა,
გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა.
ტარიელი რომ მუხლმოყრილი დაინახა, მეფე როსტევანი მეტად შეწუხდა, უკან დაიხია და თაყვანისცა ტარიელს:
რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,
შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,
მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა,
თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.“
რასაცა მთხოვთ, ყველაფერს შეგისრულებთ, ჩემი ქალი თუნდაც ტყვედ წაიყვანოთო, მით უფრო ავთანდილს თუ შევრთავთ, რომლის მსგავსს ჩემი ასული ვერსად იპოვის, ცამდის რომ გაფრინდესო.
„მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა,
თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა.“
ეს სტრიქონები ძალიან საინტერესოა. მასში აშკარად ჩანს საქართველოს ისტორიული სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“, მეფის ერთადერთი ასულის გამეფებასა და დაქორწინებასთან დაკავშირებით.
დავუკვირდეთ, – ამ სიტყვებს როსტევანი ამბობს საზეიმო მომენტში, რაც გამოწვეულია ავთანდილის დაბრუნებით, უცხო მოყმის საქმის მოგვარებით და საცოლესთან ერთად სტუმრობით. ექსტაზში მყოფი როსტევანი იმასაც კი ეუბნება ტარიელს, ჩემი ასული გინდაც ტყვედ წაიყვანო და მოკლა, იმასაც კი დაგთანხმდები, არათუ ავთანდილს შევრთოო. და აი, ასეთ საზეიმო მომენტში როსტევანი ზუსტად, საქმიანად, ცივი გონებით, შეიძლება ითქვას, იურიდიული პუნქტუალობითაც კი, განსაზღვრავს თინათინისა და ავთანდილის სტატუსს: მას შემდეგ, რაც ისინი შეუღლდებიან, ავთანდილი იქნება მხოლოდ სიძე, თინათინის ქმარი, ხოლო მეფე თინათინი იქნებაო.
ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტა. ასე არ მოხდა პოემის მიხედვით ინდოეთში, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. ასე არ მოხდა თავიდან (თამარის პირველი დაქორწინების დროს) საქართველოში, რამაც აგრეთვე ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია.
დავუბრუნდეთ შინაარსის გადმოცემას
ტარიელი ძალიან გაახარა როსტევანის სიტყვებმა და მდაბლად ეთაყვანა მას. ფრიდონი კი სასწრაფოდ გაეშურა ავთანდილთან, მიახარა მას ეს ამბავი და როსტევანთან წაიყვანა. როსტევანი დიდი სიხარულით შეეგება თავის გაზრდილს.
მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,
ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
როსტევანს ნესტანი წარუდგინეს. „გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა.“ შემდეგ ყველანი მეფის სასახლეში მივიდნენ, სადაც თინათინი ელოდათ.
შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა,
სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა.
ტარიელი და ნესტანი მდაბლად მიესალმნენ თინათინს, რომელმაც ისინი სამეფო ტახტზე დასაჯდომად მიიწვია, მაგრამ ტარიელმა მიუგო, რომ ტახტზე ჯდომა დღეს ყველაზე მეტად მას შეჰფეროდა ავთანდილთან ერთად.
„დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,
მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა.“
ავთანდილი გვერდზე დაუსვეს თინათინს. თინათინს შერცხვა, ფერი წაუვიდა და გულმა კრთომა დაუწყო, მაგრამ მეფემ დაამშვიდა, - ნუ გრცხვენია, რადგან „ბრძენთა უთქვამთ სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.“
„აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,
სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა!
თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!“
მეფემ ბრძანება გასცა, თაყვანი ეცათ ავთანდილისათვის და მას „მეფე“ უწოდა, თუმცა, როგორც ადრე განაცხადა, ავთანდილი მხოლოდ თანამეფე იყო თინათინისა, მისი ქმარი, და მხოლოდ ამდენად მეფე.
მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
„ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება,
ჩემად სწორად ჰმსახურებდეთ, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“
ავთანდილს „ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს“.
ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია,
მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია,
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, მჭვრეტელთა ამაზრზენია,
ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.
მოდით, ზოგიერთ სიტყვას დავუკვირდეთ ამ სტროფში. ტარიელს „სინაზენი“ ამშვენებს, ხოლო ნესტანი „მჭვრეტელთა ამაზრზენია“. ცხადია, „სინაზენი“ მანდილოსანს ამშვენებს და არა ლომივით ვაჟკაცს, ხოლო ნესტანი არა „ამაზრზენი“, არამედ მჭვრეტელთა აღმაფრთოვანებელი იყო, მაგრამ პოეტის ჯადოსნური კალმის წყალობით, ამ სიტყვების მოსმენა ტარიელისა და ნესტანის მიმართ სულაც არ გვეხამუშება, თუმცა ამ სიტყვებს რუსთველის დროსაც იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დღეს აქვს.
არაბთა მეფემ ავთანდილსა და თინათინს დიდი ქორწილი გადაუხადა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა.
ქორწილის შემდეგ ტარიელმა ავთანდილის პირით თხოვა როსტევანს, ნება მიეცა, სამშობლოში წასულიყო, რომელიც ალბათ მტრებს ჰქონდათ დაპყრობილი. როსტევანმა თანხმობა მისცა და შესთავაზა, ავთანდილიც გაეყოლებინა ლაშქართან ერთად.
ავთანდილმა შეჰყარა ლაშქარი, ოთხმოცი ათასი კაცი, და მეგობრები ლაშქრის თანხლებით ინდოეთისკენ დაიძრნენ.
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა,
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაბადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა
ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
სანამ ამ თავის განხილვაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ პოემის ამ ნაწილზე.
ამ წიგნის შესავალში მკითხველს ვთხოვდი, ესარგებლა სასკოლო „ვეფხისტყაოსანით“, რადგან იგი შეიცავს სიტყვებისა და ფრაზების განმარტებებს და ამასთან მასში შესულია ის თავები, რომელსაც პირობითად „ინდო-ხატაელთა ამბავს“ უწოდებენ. ახლა სწორედ ამ ეპიზოდის განხილვაზე გადავდივართ.
პოემის მკვლევართა დიდი ნაწილი „ინდო-ხატაელთა ამბავს“ რუსთველის დაწერილად არ მიიჩნევს და ამიტომ პოემის ბევრ გამოცემას ეს თავები აკლია.
თუ რატომ არ მიიჩნევენ „ინდო-ხატაელთა ამბავს“ რუსთველისეულად, ამის მიზეზი გახლავთ მეფე ვახტანგ VI-ის მერ ჩატარებული რედაქტორული ჩარევა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ ტექსტებში, რის საფუძველზეც მან გამოსცა პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“.
ვახტანგ VI დიდად განსწავლული პიროვნება იყო და, რა თქმა უნდა, დიდადაც აფასებდა „ვეფხისტყაოსანს. მან ღრმად შეისწავლა პოემის ხელნაწერები და რადგან მათში აშკარად ჩანდა სხვადასხვა ავტორთა ჩანამატი სტროფები და მთელი თავებიც კი, გადაწყვიტა, გაეწმინდა პოემა ამ ჩანართებისაგან და გამოეცა ისეთი ტექსტი, რომელიც მიახლოებული იქნებოდა იმ ტექსტთან, რომელიც რუსთველის ხელიდან გამოვიდა.
ვახტანგ VI-მ დიდი შრომა გასწია, რათა პოემა ჩანართების გარეშე დაებეჭდა. მიუხედავად ამ უაღრესად საჭირო საქმიანობისა და ძალიან კეთილშობილური მიზნისა, მან ერთი დიდი შეცდომაც დაუშვა - ჩანართად მიიჩნია და პოემას ჩამოაშორა ე. წ. „ინდო-ხატაელთა ამბავი“, რითაც დიდი ზიანი მიაყენა პოემას, რადგან მისი დასასრული აშკარად ხარვეზიანი გამოვიდა.
სხვათა შორის, ვახტანგ VI-მ, როგორც მეფემ, პოლიტიკურ ასპარეზზეც ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა, რა თქმა უნდა, გულმხურვალე პატრიოტი იყო და საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთე სურდა. სწორედ ამის გამო თქვა დიდი გულისტკივილით დავით გურამიშვილმა მასზე: „რაზედაც მისდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარეო“. ეს შეფასება „ვეფხისტყაოსნის“ მიმართაც მართებულია, რადგან ნამდვილი რუსთველური ტექსტის საკმაოდ დიდი ნაწილის ამოღება პოემიდან მართლაც რომ საქმის წახდენაა.
სამწუხაროდ, „ვეფხიტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემა გახდა საფუძველი თითქმის ყველა შემდგომი გამოცემისათვის. ეს ტრადიცია დაირღვა მხოლოდ 1934 წელს, როდესაც პოეტმა და რუსთველოლოგმა კონსტანტინე ჭიჭინაძემ „ინდო-ხატაელთა ამბავი“ ნამდვილ რუსთველისეულ ტექსტად მიიჩნია და „ვეფხისტყაოსანში“ შეიტანა.
მის შემდეგ ზოგმა რუსთველოლოგმა გაიზიარა „ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობა, ზოგმა არა, ამიტომაც ეს ეპიზოდი ზოგ გამოცემაში მოხვდა, ზოგში არა. მაგალითად 1937 წლის საიუბილეო გამოცემაში ეს ეპიზოდი არის, ხოლო 1966 წლის საიუბილეო გამოცემაში არ არის.
დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი რუსთველოლოგი ემხრობა „ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობას. ეს ნაწილობრივ „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამაც გაიზიარა, რომელმაც 1988 წლის გამოცემაში ეს ეპიზოდი განსხვავებული შრიფტით შეიტანა.
ასე რომ, თუ ხელთ გაქვთ პოემის ისეთი გამოცემა, რომელშიც არ არის ორი თავი - „ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა“ და „ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება“, გთხოვთ, იშოვოთ პოემის ისეთი გამოცემა, რომელშიც ეს თავები იქნება.
ახლა გავაგრძელოთ შინაარსის თხრობა და კომენტირება.
როგორც წინა თავიდან ვიცით, ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი არაბთა ოთხმოცი ათასიანი ლაშქრით სასადილოდ დასხდნენ მინდორზე.
ამ დროს დაინახეს დიდი ქარავანი. ადამიანებსაც და სახედრებსაც შავები ემოსათ. ტარიელმა ბრძანა, ისინი მათთან მოეყვანათ. მოიყვანეს. ჰკითხეს, ვინ ხართ, რატომ ხართ შავებშიო. მათ მოახსენეს, - ინდოეთიდან მოვდივართ, შავების ჩაცმა იქ არის დაწესებულიო.
ტარიელმა და მისმა მეგობრებმა თავიანთი ვინაობა არ გაამხილეს და მოქარავნეებს კვლავ ჰკითხეს, ინდოეთში რა ხდებაო.
მოქარავნეები მოჰყვნენ ტარიელისა და ნესტანის ამბავს. ნესტან-დარეჯანის დაკარგვის შემდეგ მეფე ფარსადანმა ვეღარ გაუძლო მწუხარებას და ამ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალაო, - ამცნეს მათ მოქარავნეებმა.
ახლა მცირე კომენტარი.
„ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობას ეს ეპიზოდიც ადასტურებს. მართლაც, რაც ტარიელმა ინდოეთი დასტოვა და ნესტანის ძებნა დაიწყო, პოემის ავტორს არაფერი აქვს ნათქვამი ფარსადანის შესახებ იმის შემდეგ, როდესაც მან ტარიელს მოციქულები გაუგზავნა მკაცრი საყვედურის სათქმელად და თავის დას დავარს სიკვდილით დაემუქრა. არადა, პოემის ავტორი, რომელიც ყოველ ეპიზოდს დიდი სიზუსტით და დაწვრილებით გადმოსცემს, შეუძლებელია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხს არ შეხებოდა, როგორც ფარსადანის რეაქცია იყო ნესტანისა და ტარიელის დაკარგვაზე. და, აი, ამას სწორედ მოქარავნეთა მონათხრობში ვგებულობთ.
ფარსადანის სიკვდილის ამბავის გაგებამ ნესტანსა და ტარიელს დიდი მწუხარება მოჰგვარა.
რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
ქალმან დიდნი დაიზახნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა,
ტარიელცა დაიზახნა, დაფარული გააცხადნა,
ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
მოქარავნეებმა თქვეს, რომ ინდოეთში ხატაელთა ლაშქარი იყო შემოჭრილი და სატახტო ქალაქი ალყაში ჰყავდათ. დედოფალი ჯერ ცოცხალია, მაგრამ ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვსო.
ტარიელმა და მისმა მეგობრებმა სასწრაფოდ აჰყარეს ლაშქარი და ინდოეთისკენ სამ დღეში სავალი სამ დღეში გაიარეს.
ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
ინდოეთში მისვლისას მათ დაინახეს ხატაელთა უზარმაზარი ლაშქარი. ტარიელმა თავის ძმადნაფიცებს ჰკითხა, მზად იყვნენ თუ არა ომისათვის. მათ დაუდასტურეს მზადყოფნა. Aამხედრდნენ საუკეთესო ცხენებზე და ხატაელთა ლაშქრისაკენ დაიძრნენ. წინ მავალებმა ხატაელთა დარაჯები შეიპყრეს და მოიყვანეს. ტარიელმა ისინი ხატაელთა მეფესთან გააბრუნა და რამაზ მეფეს შეუთვალა:
„უთხარით: „ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია;
ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრი შმაგო?
აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
ხრმალი ჩემო მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.“
დარაჯები სასწრაფოდ გაემართნენ ხატაელთა მეფესთან და ტარიელის დანაბარები მოახსენეს მას.
როდესაც ტარიელმა და მისმა ლაშქარმა ცოტა კიდევ წაიწიეს წინ, გამოჩნდა ხატაელთა ხუთასი ცხენოსანი რამაზ მეფესთან ერთად. ისინი უიარაღოდ იყვნენ და შეწყალებას ითხოვდნენ.
ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:
„ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“
ტარიელ დგას დაყმუვნებით, რამაზ წინა მოეფინა.
ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?
ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია;
„აღარ დაგხოცო“, უბრძანა, ძლეული შიშმან თუ ლია, -
წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;
„ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია.“
ქალაქში მყოფებმა დაინახეს ლაშქარი, რომელთაც ინდოეთის დროშა ჰქონდათ აღმართული, მაგრამ ეს ხატაელების ხრიკი ეგონათ.
მოეგებნიან ტარიელს, შორიშორ უსალამიან;
შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, აალამიან,
ვერ გამოენდვნენ ინდონი, თქვეს თუ: „ღალატსა ლამიან.“
არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
ტარიელმა პირადად უხმო ქალაქის დამცველებს, თქვენი მეფე, ტარიელი მოვედიო.
მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
სრულად მჭვრეტელთა აივსო ზღუდე და ბანისბანია;
ხმამაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდა სალმობანია,
აქამდის რისხვა მაღალმან, აწ მოგვცნა წყალობანია.“
კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი უჭვრეტდეს მუნ მჭვრეტენია;
ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
დიდებულებმა უთანაგრძნეს ნესტანსა და ტარიელს ფარსადანის გარდაცვალება. „ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა.“ დედოფალი გამოიჭრა ამბის გასაგებად და ყველაფერი შეიტყო. „ტარიელ ზედა მოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან“.
ავთანდილმა და ფრიდონმა მიუსამძიმრეს დედოფალს, რომელსაც ისინი ტარიელმა წარუდგინა.
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება;
ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება.“
დედოფალმა ბრძანება გასცა, გლოვა შეეწყვიტათ.
უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო.
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო.“
ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
დედოფალმა ტარიელი და ნესტანი სამეფო ტახტზე დასვა, შავები გაიხადა და ყველას საზეიმო სამოსი უბოძა.
ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი, -
შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი;
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.
გადაიხადეს დიდი ქორწილი, ყველა აავსეს საბოძვარით. ტარიელისა და ნესტანის თავგადასავალი ყველამ გაიგო.
ტარიელმა დედოფალს რამაზ მეფის შენდობა თხოვა. დედოფალმაც ლმობიერად შეუნდო მას.
ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,
უბრძანა: „ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია!“
მან თაყვანისსცა, პირისა ქვე მდაბლად დამდებარია,
წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.
ინდოელები ავთანდილსა და ფრიდონს მადლობას უხდიდნენ, ყოველნაირად სცემდნენ პატივს მათ მიერ გაწეული დიდი დახმარებისათვის.
ტარიელმა ასმათს დიდი ერთგულებისათვის ინდოეთის ერთი სამეფო უბოძა.
ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
„რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა,
ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა აპატრონე;
მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: „შენგან არის ჩემი ღონე,
მონებისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიპონე?“
ასმათისა და ტარიელის ეს დამოკიდებულება, ცხადია, საქართველოში იმ დროს არსებული პატრონყმური ურთიერთობის დამახასიათებელ მაგალითს წარმოადგენს.
სამივე ძმობილი დიდ ზეიმს და ლხინს განაგრძობდნენ, მაგრამ ავთანდილს შეეტყო, რომ თინათინი მოენატრა. ტარიელმა ეს იგრძნო და ავთანდილს ურჩია, სამშობლოში წასულიყო, თუმცა ძლიერ ეძნელებოდა მასთან განშორება. ტარიელს ფრიდონიც დაეთხოვა. იმედი გამოთქვეს, რომ ხშირად ინახულებდნენ ერთმანეთს. ნესტანმა თინათინს ძვირფასი ყაბაჩა და რიდე გაუგზავნა.
ავთანდილი არაბეთში დაბრუნდა და თინათინთან ერთად ხელმწიფედ დაჯდა. სამივე ძმობილს ერთმანეთთან დიდი მეგობრობა აკავშირებდათ და ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ.
მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანეთი არა სძულდეს,
ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ და-ვე-წყლულდეს,
მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
სამივე ქვეყანაში ბედნიერება და კეთილდღეობა დამკვიდრდა.
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს.
ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად ძოვდეს.
ასე დასრულდა ტარიელისა და მისი მეგობრების თავგადასავალი.
დასასრული
პოემის დასასრული ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს და პოემასაც ძალიან ლამაზად აგვირგვინებს, განსაკუთრებით მისი პირველი და ბოლო სტროფები. ამ სტროფებით თითქოს იმ ბრწყინვალე ტაძრის კარიბჭიდან გამოვდივართ, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.
გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა,
გარდახდეს, განვლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.
ეს სტროფი მთელი პოემის ლოგიკური წერტილია. ის ბუნებრივად მოსდევს იმ ბოლო სტროფებს, სადაც ჩვენი გმირების შემდგომდროინდელ ცხოვრებაზე ძალზე ლაკონურად და შთამბეჭდავად არის ნათქვამი.
ასევე ბრწყინვალეა ბოლო სტროფიც. იგი, გარდა იმისა, რომ მაღალი მხატვრული ოსტატობით არის დაწერილი, ამავე დროს გვაწვდის უნიკალურ ცნობებს ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის, ჩვენამდე მოღწეული თუ არმოღწეული ნაწარმოებების შესახებ.
ამირან დარეჯანის-ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულმესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა.
ჩვენამდე მოღწეულია მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“, - სადევგმირო-სათავგადასავლო პროზაული ნაწარმოები; იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ - სახოტბო პოეზიის შესანიშნავი ნიმუში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია სარგის თმოგველის რაღაც ნაწარმოებს, რომლის მთავარი გმირი დილარგეთი ყოფილა.
და ბოლოს, ამ სტროფში იხსენიება ტარიელი - „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირი, რომლის ქება მისთვის ცრემლ-შეუშრობელ რუსთველს დაუწერია.
ამ ბრწყინვალე პოემამ, საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია, რადგან მას ქართველი ხალხი ხელისხელ-საგოგმანები მარგალიტივით თაობიდან თაობას გადასცემდა.
იგი მუდამ განუზომელ აღტაცებას გვრიდა ქართველ მკითხველს, განუზომელ აღტაცებას გვრის დღესაც და ასე გაგრძელდება სამარადჟამოდ.
ბოლოთქმა
დასრულდა ეს წიგნიც.
არ ვიცი, მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს - მკითხველში პოემის უფრო ღრმად შეცნობის სურვილი აღეძრა.
შესაძლოა კი.
შესაძლოა არა.
შესაძლოა ნაწილობრივ.
მაგრამ მთავარი მაინც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტთან, რუსთველის გენიალურ მხატვრულ ნააზრევთან უშუალო ზიარებაა, და არა პოემის შესახებ შექმნილი ნებისმიერი ნაშრომი.
ამ თვალსაზრისით (და აგრეთვე დღევანდელი პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურული სავალალო ფონის გათვალისწინებით) გულწრფელი თვითირონიით ვამბობ (ვახდენ რა შოთა რუსთველის შესახებ XV111 საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, კათალიკოს ანტონ 1-ის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას):
ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე.
შ ი ნ ა ა რ ს ი
მოდი, შევთანხმდეთ
ვინ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“
სანამ დავიწყებდეთ
რას ვგებულობთ „ვეფხისტყაოსანის“ შესავალში
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მიწერილი
ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა
ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი
წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი
ტარიელის ტირილი და დაბნედა
წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი
რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ .და ტარიელისაგან მისი მოკლვა
ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
ამბავი ნურადინ-ფრიდონისა. ოდეს ტარიელს შეეყარა
შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა
დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი
ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე
ლოცვა ავთანდილისა
ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა
წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ
პოვნა ავთანდილასაგან დაბნედილის ტარიელისა
მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა
აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა
ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა, ტარიელს რომ გაეყარა
წასვლა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა
ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი
აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა
ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა
წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი
წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი
წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი
წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა
ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა
თათბირი ნურადინ-ფრიდონისა, თათბირი ავთანდილისა,
თათბირი ტარიელისა
ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან
სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა
დასასრული
ბოლოთქმა
„შვიდი საუკუნის მანძილზე იდგა ბნელში ქართული პოეზიის იგავმიუწვდომელი ორფეოსი, პოეტთა შორის ბრძენი უდიდესი, ბრძენთა შორის მოძღვართ-მოძღვარი.
არც ერთ სახლს ამშვენებს მისი სახელის მემორიული დაფა, არც რომელიმე აკადემიის წევრად აურჩევიათ იგი ოდესმე, არც თუ დაფნითა და მუხის ფოთლებით შეუმკიათ მისთვის შუბლი თანამედროვეთ.
იგი ხელიდან გასხლტომია მემატიანეთა ყურადღებას და ვინ იცის, ბიოგრაფები შესძლებენ თუ არა თარიღების სალტეში მოაქციონ ოდესმე მისი აქ მოსვლის და იდუმალი გაუჩინარების ამბავი, ხოლო ქმნილება მისი დღესაც სძევს ჩვენს წინაშე, როგორც უპირატესი თავკიდური ქართული პოეტური კულტურისა, მომდევნო თაობათა პოეტებისათვის გარდაუვალი ბარიერი, ენათმეცნიერთათვის თავსამტვრევი საგანი, ისტორიკოსთათვის გამოუცნობელი მეტეორიტი.“
კონსტანტინე გამსახურდია
„აპოლოგია რუსთაველისა“