воскресенье, 10 марта 2019 г.

რატომ არ აღვნიშნავთ "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავს? ძველი წერილია (2012), მაგრამ...


        

    წელს (2012) შესრულდა ვახტანგ მეექვსის მიერვეფხიტყაოსნისპირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს წელს საქართველოსთან ერთად იუნესკოც აღნიშნავს, რაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.
    მაგრამვეფხისტყაოსანთანდაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი: შევარდნაძის ხელისუფლების დადგენილებით  ვეფხიტყაოსნისშექმნის 800 წლისთავი უნდა აღნიშნულიყო 2000 წელს. მიუხედავად ამ დადგენილებისა, იუბილე არ აღინიშნა.
    ამ საკითხზე გაზეთ "დილის გაზეთში" (3.09. 2001) გამოქვეყნდა ჩემი წერილი - "ვის და რატომ დაავიწყდა "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავის აღნიშვნა".
    იმედი არა მაქვს, რომ ვინმე გამოიდებს თავს იმ გაზეთის მოსაძებნად. ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით, მოკლედ გადმოგცემთ იმ წერილის შინაარსს.
    როგორც ყველასათვის ცნობილია, "ვეფხისტყაოსნის" პირველი იუბილე - 750 წლისთავი 1937 წელს ჩატარდა, ხოლო შოთა რუსთველის დაბადებიდან 800 წლისთავი - 1966 წელს. (ორივე თარიღი, რა თქმა უნდა, მიახლოებითი იყო).
განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია 1966 წლის იუბილემ მთელ მსოფლიოში.
     ორივე ეს იუბილე კომუნისტურ პერიოდში ჩატარდა, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური მარწუხების პირობებში.
     მოსალოდნელი იყო, ამდენი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ვეფხისტყაოსნის" მორიგი იუბილე გაცილებით ფართოდ, გაცილებით საზეიმოდ ჩატარდებოდა და "ვეფხისტყაოსანი" კიდევ უფრო დიდ აღიარებას მოიპოვებდა მსოფლიოში.
     1996 წლის 19-26 აპრილის გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოვაქვეყნე წერილი - "ვეფხისტყაოსნის"  800 წლისთავისათვის". ამ წერილში აღვნიშნავდი, რომ რამდენადაც რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში საყოველთაოდ გაზიარებული აზრით "ვეფხისტყაოსანი" შექმნილია X11-X111 საუკუნეთა მიჯნაზე, ამდენად სწორედ XX-XX1 საუკუნეთა მიჯნაზე მოდიოდა პოემის შექმნის 800 წლისთავი. წინადადება წამოვაყენე, გამოცხადებულიყო `"ეფხისტყაოსნის" ათწლეული იუბილის უკეთ მოსამზადებლად (1996-2005 წწ), ხოლო დამაგვირგვინებელი საიუბილეო ზეიმი გამართულიყო 2005 წელს.
ეს წინადადება ძირითადად გაზიარებულ იქნა და იმავე წელს გამოვიდა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის განკარგულება "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავის აღნიშვნის შესახებ, ოღონდ 2000 წელს.
     პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, რაღაც რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, ან პოზიტიური, ან ნეგატიური...
     უკეთეს შემთხვევაში, უნდა დაწყებულიყო ეტაპობრივი მზადება იუბილისათვის, თუნდაც წინა ორი იუბილის გამოცდილების გათვალისწინებით. საიუბილეო კომისიას, ბუნებრივია, უნდა განესაზღვრა, თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი იუბილის მოსამზადებლად და ჩასატარებლად.
     ალბათ უპრიანი იქნებოდა, საიუბილეოდ დაბეჭდილიყო "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მომზადებული მრავალწლიანი მუშაობის მასალები, სხვა საიუბილეო გამოცემები;
     საიუბილეო ღონისძიებებისათვის უნდა გამონახულიყო სახსრები ბიუჯეტიდან, მოზიდულიყო საერთაშორისო ფონდებიდან;
     იუბილის აღნიშვნის საკითხი უნდა დასმულიყო იუნესკოში...
     მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გაკეთებულა, არანაირი სამზადისი არ ჩატარებულა! იუბილის ჩატარება თუნდაც ძალზე ფორმალურად და ძალზე მცირე მასშტაბითაც კი არავის გახსენებია! გრანდიოზულ აღნიშვნას ვინ დაეძებს, სიტყვაც არავის დაუძრავს იუბილის შესახებ, თუნდაც მომავალში, თუნდაც უკეთეს დროს გადატანის თვალსაზრისით!..
     რა უნდა ითქვას ამ, რბილად რომ ვთქვათ, საკვირველი მოვლენის შესახებ?
თუ "ვეფხისტყაოსნის" იუბილის ჩატარება საჭიროდ არ მიგვაჩნდა (ზოგიერთი იტყვის - რა გვეიუბილება და გვეზეიმებაო!), მაშინ საერთოდ უარი უნდა გვეთქვა სხვა, ყოველგვარ იუბილეზეც. არადა, იმ დროიდან, როდესაც ამ იუბილის ჩატარების დადგენილება გამოიცა, უამრავი იუბილე ჩატარდა - ბევრი ღირსეული მოღვაწისაც და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენისაც. არ ჩატარდა მხოლოდ "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავის იუბილე!
     თუ არასწორად მიგვაჩნდა ამ იუბილის 2000 წელს აღნიშვნა, მაშინ ამაზეც უნდა თქმულიყო და უფრო შესაფერისი თარიღი შერჩეულიყო.
     არც ეს მოხდა.
     ცხადია, ყველას დააინტერესებს, ვის არ გაახსენდა "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავის აღნიშვნა.
     საქართველოს იმდროინდელი პირველი პირით დავიწყოთ.
     შევარდნაძეს არ გაახსენდა საკუთარი განკარგულების შესრულება!
     მას უნდა დაებარებინა შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელები, მუშტების ბრახუნით გაეხსენებინა მათთვის მოახლოებული იუბილე და ებრძანებინა საიუბილეო ღონისძიებების დროულად დაგეგმვა და განხორციელება; უნდა დაებარებინა ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და მუშტების ბრახუნით ებრძანებინა მათთვის რუსთველოლოგიური წერილების გამოქვეყნება რუბრიკით: "ვეფხისტყაოსნის 800 წლისთავისათვის". აბა, თავისით ამას ვინ მიხვდებოდა! ის კი არა და, შეიძლებოდა თავადაც ქე დაეწერა ორი-სამი რუსთველოლოგიური წერილი, მაგალითად, ასეთი: "ხატაეთისა და ინდოეთის ურთიერთობისათვის", ან "როსტევანისა და ფარსადანის საკადრო პოლიტიკა", ანდა "გაეროს ჩანასახი ვეფხისტყაოსანში".
     არაფერი ეს არ გააკეთა!..
     დიახაც დამნაშავეა, მაგრამ იმას ხომ საქართველო არ უყვარს, და, ამდენად, არც შოთა რუსთველი! ამიტომ მისთვის არც უნდა გვეყურებინა!
     იმას არ უყვარს, მაგრამ ჩვენ ხომ გვიყვარს! სად ვიყავით ჩვენ?
     ახლა ვნახოთ, ჩვენმა მწერლობამ როგორ აღნიშნა `ვეფხისტყაოსნის~ დაგეგმილი იუბილე.
     სრული დუმილით!
     თითქოს 800-წლოვანი "ვეფხისტყაოსნის" კი არა, 30-იანი წლების რომელიმე ბოლშევიკი "პოეტის" იუბილე ყოფილიყო!
     მწერლობას, რა თქმა უნდა, არც სხვები ჩამორჩნენ.
     "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავის დაგეგმილი იუბილის აღნიშვნა დაავიწყდათ:
     - ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს!
     - "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიას!
     - ჩვენს პირველ უნივერსიტეტს!
     - ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს!
     - ფილოსოფიის ინსტიტუტს!
     - რუსთაველის საზოგადოებას!
     - კულტურის სამინისტროს!
     - განათლების სამინისტროს!
     - შემოქმედებით ორგანიზაციებს!
     -  "მნათობს", "ცისკარს", სხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს!
     - რადიოებს, ტელევიზიებს!
     - გამომცემლობებს!
     - პარლამენტს!..
     უჰ, პარლამენტზე გამახსენდა!
     წლების განმავლობაში იქ ერთი ვაი-უშველებელი იყო ატეხილი პასპორტებში ეროვნების ჩაწერა-არჩაწერის შესახებ - ქართველობას გვაკარგვინებენო!
     არადა, თუ დღეს "ვეფხისტყაოსნის" იუბილეს დავივიწყებთ, ხვალ შესაძლოა, თავად `ვეფხისტყაოსანი~ დავივიწყოთ, ჩვენი კულტურა, ტრადიციები დავივიწყოთ... და მაშინ, შესაძლოა, ძალიან მსხვილი შრიფტითაც გვეწეროს პასპორტებში ეროვნება "ქართველი", მაგრამ სულიერად აღარ ვიქნებით ქართველები!
     ზემოთ არასრულად ჩამოვთვალეთ, ვის არ გაახსენდა "ვეფხისტყაოსნის" იუბილის აღნიშვნა. დამეთანხმებით, მეტად სამწუხარო სურათი მივიღეთ.
შედარებისათვის მინდა გავიხსენო 1966 წელს ჩატარებული იუბილის ერთი დეტალი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მაშინ ეს იუბილე იმათაც კი არ დავიწყნიათ, რომელთაც ყველაზე ნაკლებად, ან სულაც არ ევალებოდათ დიდი პოეტის იუბილის აღნიშვნა.
     მაგალითად ჟურნალი "მეცნიერება და ტექნიკა", რომელიც ტექნიკური მიმართულებისა იყო, ჩვეულებრივ სულ ტრაქტორებზე, ჩარხებზე და მისთანებზე წერდა. შოთა რუსთველის საიუბილეო ნომერში კი ის ტრაქტორები და ჩარხები გვერდზე მოიტოვა და, აი, ასეთი წერილები დაბეჭდა:
     . ჯიბლაძე - ადამიანისა და სიკეთის ცნებები "ვეფხისტყაოსანში";
     . ბერიძე - რუსთაველის ეპოქის ხელოვნების ძეგლები;
     . სურგულაძე - რუსთაველის პოლიტიკური შეხედულებანი;
     . გორდეზიანი - "ვეფხისტყაოსნის" დასურათებანი... და ..
     აი, ასეთი წერილები გამოაქვეყნა მაშინ ტექნიკური მიმართულების ჟურნალმა! აღარას ვამბობ იმდროინდელ ლიტერატურულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ ჟურნალ-გაზეთებზე, ყოველდღიურ პრესაზე, რომლებიც ლამის წალეკა რუსთველისადმი მიძღვნილმა წერილებმა.
     და ეს ხდებოდა გავარვარებული საბჭოთა იმპერიალისტური რეჟიმის პირობებში!
     დღეს კი დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ! და დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ჟურნალ-გაზეთს, თვით ლიტერატურულებსაც კი, არ გაახსენდათ პოემის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული წერილების დაბეჭდვა!
     ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით...
     კიდევ ერთ ნიშანდობლივ დეტალზე მინდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
     გაზეთ "ჩვენი მწერლობის" 2001 წლის 1 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა - გურამ ალექსანდრიას შენიშვნა საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ რუსი პოეტის ათანას ფეტის დაბადების 180 წლისთავის აღნიშვნის შესახებ. ბატონი გურამი გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ გამოიდო თავი საქართველოს მწერალთა კავშირმა რუსი პოეტის არც თუ ისე მრგვალი თარიღის აღსანიშნავად, როდესაც იმავე წელს არ აღუნიშნავს ქართველი პოეტის, ბესიკის მართლაც მრგვალი თარიღი _ დაბადების 250 წლითავი, აგრეთვე იოსებ დავითაშვილის დაბადების 150 წლისთავი. სავსებით ვეთანხმებით ბატონ გურამს, მაგრამ, სამწუხაროდ, მასაც გამორჩენია მხედველობიდან, რომ პრეზიდენტის დადგენილებით იმავე წელს უნდა აღნიშნულიყო "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავი. ეს ფაქტიც მოწმობს, თუ რა სამარისებური დუმილი იყო გამეფებული ამ იუბილის ირგვლივ.
     და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: 2004 წლის 21 ივლისს ქართველმა მწერლებმა ფოთში მოაწყვეს ჰემინგუეის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი  "ლიტერატურული თევზაობა" და ლიტერატურული კითხვა. ძალიან კარგია, რომ გვახსოვს ჰემინგუეის 105 წლისთავი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არ გვახსოვს "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავი!
     და, აი, ჩემს მთავარ სათქმელს მივადექი.
     "ვეფხისტყაოსნის" იუბილის ფართო, მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა იქნებ ყველაზე მეტად დღევანდელ დუხჭირ ვითარებაში იყო საჭირო, ჩვენი მინავლებული ეროვნული ღირსების, სიამაყის, სიმხნევის გასაძლიერებლად, ასაღორძინებლად. დღეს ხშირად გაისმის მოთქმა დასავლური ღირებულებების აგრესიული შემოჭრის, თავსმოხვევის, წამლეკავი გავლენის შესახებ. ნეტამც მართლა ასე იყოს და დასავლეთი მართლაც ძალდატანებით ცდილობდეს ჩვენი ეროვნულობის ხელყოფას! მაშინ იქნებ რაღაც უკურეაქცია აღძრულიყო ჩვენში, როგორც ეს კომუნისტების დროს ხდებოდა. არა, დასავლური ღირებულებები ჩვენში ძალდაუტანებლად შემოდის, თავსმოხვევის, მტრული მიზნების გარეშე, რადგან ჩვენ თავად ვივიწყებთ საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს და ამით ჩვენ თავად ვუთავისუფლებთ მათ ადგილს. "ვეფხისტყაოსნის" 800-წლოვანი იუბილის დავიწყება ამ სამწუხარო ტენდენციის გამოვლინებაა.
    და კიდევ ერთიც:
     თუ გავითვალისწინებთ წინა ორი იუბილის შედეგებს, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, მორიგი იუბილის ჩატარება ასე სამარცხვინოდ რომ არ დაგვვიწყებოდა და იგი რიგიანად, მასშტაბურად ჩაგვეტარებინა, შოთა რუსთველის სახელს კიდევ ერთხელ მძლავრად შევახსენებდით მთელ მსოფლიოს და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მისი ფრესკის ხელყოფის ამბავიც უფრო მეტსა და მძაფრ პროტესტს გამოიწვევდა. მეტიც, შესაძლოა, ვეღარც კი გაებედათ ვანდალებს ფრესკისათვის ხელის ხლება. არაა გამორიცხული, რეალური, ქმედითი მხარდაჭერაც აღმოგვჩენოდა საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების თვალსაზრისითაც, თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მონასტრის დღევანდელი ვაი-პატრონები - ჩვენი ბერძენი მართლმადიდებელი ძმები - აშკარა დანაშაულს ჩადიან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე და ქართველების მონასტრიდან ყოველგვარი ქართული კვალის წაშლას ცდილობენ.
     ერთი სიტყვით, სადაო არ უნდა იყოს, რომ უკიდურესად გაჯერებული კულტურული "ბაზრის", კულტურათა მძლავრი კონკურენციის პირობებში "ვეფხისტყაოსნის" იუბილის ჩატარება იუნესკოს ეგიდით უეჭველად დადებითი შედეგების მომტანი იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოსათვის. ჩვენი დიდი კულტურა და განსაკუთრებით "ვეფხისტყაოსანი" ასეთი იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
     იმედია, დღევანდელი ხელისუფლება მაინც შეხედავს ჯეროვანი ინტერესით ქართული კულტურისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი იუბილის აღნიშვნას.


                                                                                        ანზორ აბჟანდაძე
                                                                                                   2004, 2012