понедельник, 30 сентября 2024 г.

 ანზორ აბჟანდაძე


   ჩიტი ხელში მაკვდება



                     ლექსები

                           ●

                     ზღაპარი


თბილისი

2022


ამ კრებულის გამოცემაში თანადგომისათვის მადლობას ვუხდი გამომცემლობა "თამარიონს", აგრეთვე მარიკა ავაზაშვილს, ლუკა ავაზაშვილს და არტემ ჰომჩაკს. 


რედაქტორი ვახტანგ ბახტაძე

ყდის დიზაინი ანზორ აბჟანდაძე


წიგნი დაბეჭდილია შპს "თამარიონი 2002"-ის სტამბაში.

მისამართი: თბილისი, ვახტანგ ნინუას  №3

ელფოსტა: tamarionitamarioni@yahoo.com


ISBN: 978-9941-8-5366-1 






                       რედაქტორისაგან


ეს კრებული 2021 წელს უნდა გამოცემულიყო,  როდესაც ანზორ აბჟანდაძეს 80 წელი შეუსრულდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მისი დასტამბვა მხოლოდ წელს მოხერხდა, - ცოტა დაგვიანებით 

დაგვიანება, შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრებისეული ხვედრია!

დაგვიანებით გაეცნო მკითხველი ანზორ აბჟანდაძის ლექსების კრებულებსაც: „ქება ჩიტს“ (2010), „მე და ჩემი ძმა“ (2010), „აჰა, ინებეთ“ (2011), „თქვენ სულ აქა ხართ“ (2014),  „ჩემი რჩეული“ (2016).

მინდა, გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც ავტორს მისი ბოლო კრებულის სარედაქტორო წინასიტყვაში მივუძღვენი:

"მკითხველს, რომელიც ანზორ აბჟანდაძის ლექსებს პირველად გაეცნობა, უთუოდ გააოცებს მისი კრებულების დაგვიანებით გამოცემის ფაქტი. მაგრამ ამას, ბუნებრივია, აქვს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.

საბჭოთა პერიოდში,  იმ დროს, როდესაც მისი შემოქმედებითი საქმიანობა ყველაზე ინტენსიური იყო, რასაც, წესით, რეალური შედეგებიც უნდა მოჰყოლოდა პუბლიკაციის თვალსაზრისით, იგი მუდმივად აწყდებოდა КГБ-ს მიერ მის მიმართ შექმნილ ხელოვნურ ბარიერებს მისი დაუფარავი ანტისაბჭოთა, დისიდენტური აზროვნებისა და ისეთი საქმიანობის გამო, როგორიცაა დისიდენტური ლიტერატურის გავრცელება, პატრიარქ ილია 11-ის ლოცვა-კურთხევით გამოცემული, სასულიერო სემინარიისათვის განკუთვნილი  ჟურნალის "საღვთისმეტყველო კრებულის“ სარედაქციო ლიტერატურული ჯგუფის წევრობა (ჟურნალი დააარსა ედიშერ გიორგაძემ - ზვიად გამსახურდიას აქტიური თანადგომით;  ჟურნალში იმდროინდელი თავისუფლად მოაზროვნე სამეცნიერო-ლიტერატურული ელიტის დიდი ნაწილი იყო წარმოდგენილი), სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და შეკრებებში მონაწილეობა და სხვა. 

საერთოდ, კომუნისტები დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ დისიდენტურ საქმიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა დისიდენტი შემოქმედი ადამიანი იყო. 

გარდა ამ მთავარი ობიექტური მიზეზისა გარკვეულ როლს თამაშობდა სუბიექტური მიზეზიც - მისი პიროვნული ხასიათი - ჩვეული მორიდებულობა და ნაკლებად აქტიურობა  საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნების მცდელობის თვალსაზრისით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იგი აქტიურობით თავს არ აბეზრებდა გამომცემლობებსა და ლიტერატურული  ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს...

ამ ორი მიზეზის თანხვედრის გამო ისე მოხდა, რომ მის პოეზიას დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მისი მეგობრები - ჭეშმარიტი პოეზიის დამფასებლები - იცნობდნენ.

მერე კი, მურმან ლებანიძის  თქმისა არ იყოს - „რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი“ – ლექსებისათვის „ვეღარ მოიცალა“ - 80-იანი წლების შუა პერიოდიდან აქტიურად ჩაება ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პროცესში, იყო პირველი ლეგალური არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების  წევრი, შემდგომში ამ საზოგადოების გამგეობის წევრი 1993 წლამდე.  სხვათა შორის, მე საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანის - „მრგვალი მაგიდის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია, - მეგობრებად დავრჩით დღემდე.

სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ მისი ლექსების პირველი „გამომცემელიც“ მე გახლდით: 80-იან წლების დასაწყისში „გამოვეცი“ მისი  კრებული თვითგამოცემისეულ სტილში, სადაც მის ლექსებს „ზნეობრივი და სიკეთით აღსავსე, მაღალი და შეძრწუნებული სინიდისის პოეზია“ ვუწოდე.

ამ აზრისა ვარ დღესაც."

კრებულში ბოლო წლების გამოუქვეყნებელ ლექსებთან ერთად ადრე გამოქვეყნებული ლექსებიცაა შეტანილი. ამდენად მისი ლექსები აქ თითქმის სრულადაა წარმოდგენილი.

კრებულში ავტორმა  თავისი ზღაპარიც შეიტანა, რადგან, მისივე სიტყვით, პოეზიას და ზღაპარს ბევრი რამ აქვს საერთო, თანაც იგი ალეგორიულად ეხმიანება საქართველოს ისტორიის ისეთი უმნიშვნელოვანესი პერიოდის მოვლენებს, როგორიც იყო 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ზღაპარში, როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად მთავრდება.

ჩემის მხრივ დავუმატებ, რომ ეს ლამაზი ზღაპარი კრებულს გვირგვინივით ადგას. უფრო სწორად, მისი ლოგიკური წერტილია.

რაც შეეხება წიგნის სათაურს - "ჩიტი ხელში მაკვდება", იგი მისი ერთ-ერთი ლექსის სტრიქონს წარმოადგენს. ავტორის თქმით, მისთვის ჩიტი თავისუფლების, ერთგულების, სიცოცხლისადმი აღვლენილი გალობის, ზეცასთან სიახლოვის სიმბოლოა... 


                                                            ვახტანგ ბახტაძე

                                                                           ჟურნალისტი, პუბლიცისტი





                  1


ბოლო წლების ლექსები


ოთხმოცი ფუთი მარილი 

ხუმრობისებური

         

ეჰ, ოთხმოცისა შევსრულდი... მოდის უკუნი ღამე...

მეყოფა, - უკვე ოთხმოცი ფუთი მარილი ვჭამე....


ოთხმოცი ფუთი მარილი შენს შეცნობაზე ვხარჯე,

წუთისოფელო, და მაინც ამაოდ გავისარჯე.


ოთხმოცი ფუთი მარილი - ოთხმოცი წელი მძიმე...

ძილში წყურვილი მახრჩობდა... არ კი მესიზმრა ვინმე...


ხან ზეცის გახსნას ვეცადე, ხან ბედისწერა ვწურთე,

ფეხი ხან ნოხზე წავადგი, ხან მდუღარეში ვდურთე...


 ...აწ კი მიხმობენ: „გეყოფა! აქ ჯობიაო, წამო!“

არა!.. კიდევ მსურს ოთხმოცი ფუთი მარილი ვჭამო!


კიდევ ოთხმოცი... და მერე გულმშვიდად დავიძინებ, 

რომ ძილში მკლავდეს წყურვილი...

რომ დამესიზმროს ვინმე...


2021




ქარი


როდის ყოფილა ბედნიერება მყარი?

ქარის მოტანილს ისევ წაიღებს ქარი...


ბედნიერება დადის უფსკრულის პირზე...

ქარს მოაქვს იგი,

მერე ქარს მიაქვს ისევ.


მიჰქრის სიცოცხლეც, ბედაურივით ჩქარი...

ქარის მოტანილს ისევ წაიღებს ქარი.


ქარს წუთისოფლის მიკიბ-მოკიბულ გზაზე 

იმედიც მოაქვს  

და მერე ისევ გვტაცებს...


დავდივარ, როგორც გზააბნეული მგზავრი...

საით გავსწიო, 

საით გაფრინდა ქარი?


2022





ამაო სარჩელი


ბევრსა ვცდილობდით, ბევრსა ვწვალობდით, 

თუ რამ გვაქვს, მხოლოდ უფლის წყალობით,

არა ეშმასთან მაწანწალობით...

       მაგრამ ერთი გვაქვს ყველას სასჯელი:

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


ეშმა გვაცდუნებს, ღმერთი გვარიგებს,

სასუფევლისთვის გვათადარიგებს,

იგია ცოდვა-მადლის განმრიგე

       და ერთმანეთზე გადამჯაჭველი...

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


გავჩნდით, - უფალმა ასე ინება!

გვმართებს ართმენაც და მოთმინებაც...

მაგრამ ფუჭია გულმოდგინება,

       ამაო არის ყოვლი სარჩელი, -

       ერთნაირი გვაქვს ყველას სასჯელი:

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


2022






დანომრეს მშობლები, დაზომბეს შვილები,

დაგვადეს ულევი ვალი...

მომრავლდა სასტიკი დანაშაულები...

კაცს კაცი, ქალს არ ჰგავს ქალი.


ცოდო-მადლს ვერ ჰფარავს ბრწყინვალე თაღები.

სატანის მონები ვხდებით...

არ გვშია პური  თუ ძეხვი თუ ნაღები, -

ზნეობის შიმშილით ვკვდებით.


2022



ბალადა ლექსსა და ღვინოზე

ხუმრობისებური


ერთმა პოეტმა მირჩია: 

                    „თუ ხარ ნამდვილი პოეტი,

შეძლებ ყოველთვის მიუძღვნა 

                    ლექსი ყოველგვარ თემას..."

მწარედ დავეჭვდი... მეგონა - 

                    და დღემდეც ამ გზით მოვედი, -

ლექსს მუზა მაწერინებდა, 

                     და სულ ველოდი მე მას.


დავჯექი წერად... გავრინდდი... 

                    შუბლზე მივიწყვე თით ები,

მერე კი ლეპტოპს დავაცხრი - 

                     ბატის ფრთით წერის ნაცვლად;

ვეძებე მეტაფორები, 

                    რითმების მარგალიტები...

მაგრამ არც თემა, არც ლექსი 

                    არა, არ ჩანდა არსად.


ვიწვალე, ტვინი ვიჭყლიტე, 

                    დავწერე ვერც ვერაფერი,

ერთი სტრიქონიც არ გაკრთა 

                    არც გულში, არცა თავში.

საშველად ბახუსს მივმართე, 

                    ცოტათი კიდეც შევთვერი,

არ გამოვიდა აფერი, 

                     მართლაც ამაოდ დავშვრი.

ამაოდ  დავშვრი... დავჭმუნდი... 

                    მერე კი ასე განვსაჯე:

არა, არა ვარ პოეტი, 

                     ცოცხალი ვარ თუ მკვდარი...

ჯერ ლექსებს დავემშვიდობე, 

                    დაწერილსა თუ დასაწერს,

მერე კი უხმოდ ვიტირე 

                    მშრალი ცრემლების ღვარით.

ჰო, ასე იყო... ღვთიური 

                    ლექსი ვერა და ვერ ვშობე...

მო, მუზავ, ისევ შენ მოდი, 

                    შენ ჩემო ჩიტო-გვრიტო!

ისევ შენ დაგელოდები! 

                     ტვინის ჭყლეტას კი აჯობებს,

რომ ღვთაებრივი ქვევრისთვის 

                    ყურძნის მტევნები ვჭყლიტო!

2022





თვისი ავით თუ კარგითა,

          თვისი შხამით თუ თაფლითა,

წავიდა მთელი ცხოვრება,

          სადღაც ფიქრს იქით გაფრინდა.


არ მიპასუხა კითხვაზე  

          (პასუხი თან გაიყოლა):

ნამდვილი იყო, რაც იყო?

          თუ - მართლა არა იყო რა?


2022




ცხენთა შეჯიბრებაზე

ხუმრობისებური


"ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!

ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!"   

                                                    გალაკტიონი   


გენიოსებშიც პირველი - 

                    რუსთველი გასაკვირველი, 

(ვინ უწყის, მშობელ ქვეყნიდან 

                    გარდაიხვეწა რატომ...)

გურამიშვილი დავითი - 

                    ღვთიურ ხილვათა მხილველი...

ბესიკი - ლექსთა მიჯნური... 

                     ბარათაშვილი ტატო...


ვაჟა, ილია, აკაკი, - 

                    თერგდალეულნი, უკვდავნი... 

ლექსთა ნაღველი - ტერენტი... 

                    ლექსთა ტიტანი - გალა...

ლადო და მირზა - ჭაბუკნი... 

                    შოთა ჩანტლაძე - ბუნტარი...

მურმან და მუხრან ბატონნი, 

                    მათი დაიკო - ანა…


„ჩვენ სადღა ვართო?“ - მკითხავენ 

                    პოეტნი, მართლა კარგები,

მესმის, რომ მათგან მართალი 

                    საყვედურები მესმის...

აუ, რამდენი გამომრჩა 

                    ღირსნი... ვერ შევძელ, ამდენი

რომ ღირსეულად ჩამესვა 

                    რითმებში ამა ლექსის...


(ისე კი - თუა პოეტი, 

                    ის უნდა იყოს პირველი!

ვით სიყვარული პირველი! 

                    გრძნობა, რწმენა და სასო!..)


ჰოი, ვინ დათვლის პოეტებს, 

                    ანდა ზეცაში ვარსკვლავებს!..

ამ ურიცხვ მელექსეებში 

                    მერამდენე ხარ, ანზორ?


2022





სიზმრად ვნახე იქ წასული მეგობარი 

სიზმარ-ცხადის აბლაბუდა ბადედან;

მითხრა: „შენი აქ წამოსვლის ჟამი არის,

იქნებ რამე წამომიღო მანდედან?“


მისმა ხილვამ მე სიმშვიდე დამირღვია, -

რაღაც დამაფიქრებელი მაცნობა...

მაგრამ მაინც, მაგრამ მაინც მიხარია,

რომ ის მახსოვს,

რომ იმასაც ვახსოვარ.


2022





ქება დილას


როცა თენდება, ცისკიდური როცა ირთვება,

სიბნელე კვლავაც სინათლეში როცა ინთქმება,

და იმ პატარა, უცოდველი ჩიტუნას ენით

„ღმერთო, ეს დილაც გამითენდა!“ - როცა ითქმება,


ნათელი ხდება სიბნელეზე ნათლის მძლეობა,

და ამ ძლევაში ყოვლის არსის მონაწილეობა!

მადლობა, ღმერთო! - რა ღვთიური საჩუქარია

დღისა და ღამის ეს მარადი მონაცვლეობა...


2022





ვაჰ, თუ...


შენ - ვინც გაგწირა პუტინმა, ბაიდენმა თუ ნატომ,

შენ - ვინც მიწაში ჩაგდეს და, ვერც კი გაიგე, რატომ.

შენ - მეომარო, პოეტო, მეცნიერო თუ გლეხო,

შენ - ყმაწვილო თუ მხცოვანო, ციცქნა მიწა რომ გეყო,

შენ - ვინც კუბოში ჩაგჭედეს, და ვერც გაიგე, რატომ, 

შენ - ვინც გაგწირა პუტინმა, ბაიდენმა თუ ნატომ,

შენ - მდიდარო თუ ღარიბო, გენიოსო თუ ბრიყვო, 


ვაჰ, თუ შენც ასე გასწირავ, მათ ადგილზე რომ იყო...


2022





ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს


                                                  "ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს..."

                                                                                             აკაკი


ილია თუ აკაკი თუ შოთა...

რაოდენი მოწიწება გვქონდა...

ყველაფერი ფარსი გახდა დღეს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


აირია მსოფლიოც და ერიც,

არ დაინდეს წმინდა არაფერი,

ვეღარ ვარჩევთ მოყვარეს და მტერს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


ვაგლახ, - ბულბულს აღარ უყვარს ვარდი, 

მწარე გახდა შარბათი და ყანდი,

          ვჭვრეტთ შარბათში შხამს და ვარდში გველს...

          ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.

 სიყვარული გიზგიზებდა გულში,

 ღმერთს ვესავდით და ვმონებდით გუშინ,

გიჟი თავისუფალია დღეს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


2022



ვინ არის გიორგი?

ხუმრობისებური

სთქუა ლელამან კაკულიამან:

„ვხედავ - ბრწყინდება მიწა ქართული!

მას განაბრწყინებს ვინმე გიორგი, 

აღარ ვიქნებით ბნელში ჩანთქმული.


ის დაგვიბრუნებს მიწებს დაკარგულს,

კვლავ შევიქნებით მტრისთვის უძლევი...“


მჯერა ლელასი! – 

ყველა გიორგის

იმედიანი ეჭვით ვუცქერი.


2022






იმიტომ

ხუმრობისებური


იმ ცოდვის ვაშლიდან

ამ ბირთვულ ბომბამდე,

რატომ გვსჯის უფალი,

რა მივბლანდ-მოვბლანდეთ?


გვსჯის მართლა... ნამდვილად...   

ყველას... ულიმიტოდ...

რატომ გვსჯის? 

რატომ გვსჯის?

რატომ და... იმიტომ.


2022





დასავლეთი


დასავლეთმა სიცრუით და

ორპირობით დაგვაშტერა!..

იქ მზე ჩადის...

იქ მზე ჩადის... 

დასავლეთის არა მჯერა.


სიბრძნის ჭურად თავი მოაქვს,

მაგრამ იქცა საგიჟეთად...

სიბრძნემ აღმოსავლეთი შვა, 

დასავლეთი - ტვინის ჭყლეტამ.


2022





დრო მოვიდა ისეთი,

          უკან წასვლა - წინსვლაა:

წინ - სიბნელე მატულობს,

          უკან - სინათლის გზაა...

წინ - მყრალი ტბა, უკან კი

          სასუფეველის ზღვაა...


ამას სატანა შვება,

          თუ - ეს ღმერთის რისხვაა? 


2022 


სჩცცჩჩჩჩა, რომელიც ქირაობს Facebook ანგარიშებს. ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობითა და პატიოსან ანაზღმმნნჰჯჰჰგფფფფფფფგგჰჰჯჰჯაურებით ვართ დაიქვენგან            




მძიმე ფრთებია ფიქრი

ხუმრობისებური


მძიმე ფრთებია ფიქრი, 

მძიმე ჯვარია გზა,

რომლითაც ფიქრი მიჰქრის,

მიჰქრის ქვესკნად თუ ცად,

მიჰქრის ყველაფრის იქით,

მიჰქრის ახლოს თუ შორს...


რა საჭიროა ფიქრი?

დაუფიქრებლად სჯობს…


2022




მსოფლიოს - შეშლილსა და გზასაცდენილს,

არა და არ დაადგა საშველი, -

არა და არ აფიქრებს განსაცდელი,

არც მოსალოდნელი სასჯელი.


დრტვინავენ მეომრები, პოეტები,

მხცოვნები, პატარები, დიდები, 

მდიდრები, ღარიბები, ბოროტები,

მშიშრები, უშიშრები, მშვიდები...


დრტვინავენ... ედარდებათ...ენანებათ...

უღირსი დასასრული არ უნდათ, -

გამრუდდა ზნეობრივი კანონები

და სულიც უსაშველოდ გამრუდდა...


და ვფიქრობ: შეშლილსა და გზასაცდენილ

მსოფლიოს დაადგება საშველი?

კი! -

მოვა სიყვარული - განსაცდელი, -

ვითარცა ზეციური სასჯელი...


2022





ორი სატანის ომი


ესე საწუთრო ბრძოლაა 

                     კეთილისა და ბოროტის,

მაგრამ განგება დროებით 

                     ამარჯვებინებს ბოროტს.

თუმცა განგება სიკეთეს 

                    არასდროს სწირავს ბოლომდის,

და გამარჯვება, შოთას თქმით, 

                     სიკეთეს რჩება ბოლოს.


მაგრამ სულ სხვაა ომი და 

ქიშპობა ორი სატანის,

იქ გამარჯვების სიხარულს 

ვერ მოესწრება ვერვინ,

მისგან გასწორდეს ყოველი - 

                    სუსტიც და ძალგულოვანიც,

სტამბულიცა და ჩიკაგოც, 

                    მოსკოვიცა და ბერნიც,


მაშრიყნიცა და მაღრიბნიც, 

                    უხორცოც, ხორციელანიც, 

მტყუანნიცა და მართალნიც, 

                    ავის თუ კარგის მდომნიც, -

არყოფნის რეალობაში 

                    შევიკრიბებით ყველანი,

ორი სატანის ქიშპობით,

                    ორი სატანის ომით.


გაქრება შოთას პოემაც, 

                    გურულ-კახური ჰანგებიც...

გაქრება განძი ულევი -

                    მემფისის, ლუვრის, რომის...

არყოფნის რეალობაში 

                    უკვალოდ დავიკარგებით

ორი სატანის ქიშპობით,

                    ორი სატანის ომით.


2022






ლელას პროგნოზები

ხუმრობისებური


რუსეთიც გაიმარჯვებს, ევროპაც;

ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვეყოფა;


ცით ჰუმანოიდები ჩამოვლენ;

მიხეილს შეიწყალებს სალომე;


ბიძინა ქვაწვიობას დაიწყებს;

ჯორჯიას გიორგი გააბრწყინებს;


უამრავს დავიჯერებთ სიბრიყვეს;

ნატოც და ევროსახლიც მიგვიღებს;


მსოფლიოს კვლავ ქართველი დააწყობს;

სიკვდილთან ჩვენც ვერაფერს გავაწყობთ...

...

გიყვებით სრულ სიმართლეს, გახსოვდეთ! -

პირდაპირ კოსმოსიდან მაცნობეს...


2022




აბჟანდაძეების ქება

გავიგე, აბჟანდაძეებს გადაუწყვეტიათ საგვარეულო დღესასწაულის

ჩატარება, რასაც ამ ლექსით ვეხმაურები.


რომ არა ვთქვა, არ იქნება,

აბჟანდაძეების ქება:


არ გვაშინებს მომავალი,

რადგან გვიცავს ღმრთისა ძალი,

ჩვენი კერის ნაღვერდალი

არასოდეს გაცივდება...

არც არასდროს მოგვწყინდება

აბჟანდაძეების ქება!


სასახელო გვაქვს წარსული,

გვაქვს კეთილშობილი სული,

ნაარმალი არ გვსურს ფული,

არც ნაარმალი დიდება...

არც არასდროს მოგვწყინდება

აბჟანდაძეების ქება!


ჩვენ არ ვეძებთ მილიარდებს, -

რაში გვარგებს ისეც კარგებს?

მოგვიმატებს მხოლოდ დარდებს,

არც ღამე დაგვეძინება...

არც არასდროს მოგვწყინდება

აბჟანდაძეების ქება!


დედამიწა დამშვიდდება,

საქართველო გაბრწყინდება...

არც არასდროს მოგვწყინდება

აბჟანდაძეების ქება!


2022



ქება ალტ-ინფოს

ხუმრობისებური

"იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა...

დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა."

                  "ვეფხისტყაოსანი" - ქაჯეთის ციხის აღება


შემოკრბნენ ზრდილნი მოყმენი!

               ნატიფნი მანდილოსანნი!                   

ყველაი ბრძენთა საქებნი! 

               ყველაი გმირთა დარია!.. 

იღვწიან, ბოროტს ებრძვიან, 

               ავს გმობენ, უფალს ესავენ...

გაიმარჯვებენ, თუმც უკვე 

               გამარჯვებულნი არიან. 


2022




ხუმრობისებური


ეჰ, ოთხმოცსაც გადავცილდი,

აწ როგორღა გავიხარო?

ღმერთო, ღმერთო, მაპატიე, -

მინდა ძილში გავიპარო,

მინდა დამწვან და დამფერფლონ,

საფლავი არ გამითხარონ,

ნიავს ფერფლად გამატანონ, -

ბუჩქნარებში შთავიყარო,

ამ ლამაზი სურვილისთვის

შემინდონ და თავი ხარონ...


არ მსურს მიწა...


მინდა ცის ქვეშ

გავითენო, დავიღამო.


2022






ქება ბედს

ხუმრობისებური


მსურს, შენი ქება დავწერო,

ბედო, წყლით სავსე საცერო! -


ზოგს წამიერად აავსებ, 

ზოგს წამიერად აქცევო...


შენა ხარ, რაც ხარ!..

სულ სხვაა 

სიავე, სიკარგკაცეო.


2022



ცუდები ცოდონი არიან


კვლავ დავწერ, რაც დამიწერია,

მივქარავ, რაც მიმიქარია:

კარგები უზომოდ ბევრია,

ცუდები ცოტანი არიან.


ცუდები ცოტანი არიან...

მათი გზა საწუთრომ არია...

გვიყვარდეს, გვიყვარდეს ისინი, -

ცუდები ცოდვილნი არიან.


ცუდები ცოდვილნი არიან...

მათი გზა საწუთრომ არია...

გვიყვარდეს, გვიყვარდეს ისინი, -

ცუდები ცოდონი არიან.


2022



უფალს განუდგა საწუთრო

 (მოკლე პოლიტიკური მიმოხილვა)


მოკვდა საბჭოთა კავშირი,

მარქსისტულ გეგმებ-ჩაშლილი,

ამერიკა კი კვლავ ზეობს,

სვავივით მადააშლილი,

მას ჰმონებს ევროკავშირი,

უსჯულოებით დასჯილი...


უფალს განუდგა საწუთრო,

დაძრწის სატანის აჩრდილი...


უფსკრულის პირზე ქანაობს     

მსოფლიო ჭკუა-აშლილი.


2022




მადლობა ნანის

(ხუმრობისებური)


ვუძღვნი ნანი (ნუნუ) ცხადაძეს - 

ჩემი მეგობრის - ომარ ტყაბლაძის მეუღლეს.


პოლიტიკაში ვრჩებოდი 

გულუბრყვილო და ხამი,

რომ არა ომარ-ბატონის სათნო მეუღლე ნანი.


ეს ასე მოხდა: 

მიშამ რომ ხელში ჩაიგდო ტახტი,

მე გამეხარდა უზომოდ, მისი მეხოტბე გავხდი.


ნანი აღშფოთდა: 

"როგორ თუ მოგწონს ეგ გარეწარი,

უსინდისობას ვინ ჩივის, გადარეულიც არი!.."


მე ვუპასუხე: 

"რა მოხდა, გიჟი თუა და ანცი,

ნახავ, დრო მოვა, ქვეყნისთვის ალბათ თავს დადებს კაცი..."


გავიდა ხანი... 

ვესტუმრე ნანის, მოვკაკვე თითი,

ვუთხარი: 

"პოლიტიკაში შტერი ვყოფილვარ დიდი.


იმ გიჟმა ამ ჩვენს ქვეყანას ლამის მოუღოს ბოლო...

გპირდები, აწ და მარადის შენ დაგიჯერებ მხოლოდ!


ახლა კი მე და ომარჩიკს, გთხოვ, სუფრა გაგვიშალე,

და ყანწით, უშველებელით, შენს სადღეგრძელოს დავლევ..."


მადლობა ნანის! -

მეფური მან სუფრა გაგვიშალა,

და მე და ომარ-ბატონმა წავუქეიფეთ წყნარად...

 

2022





ვგმობ საწუთროს


ვგმობ საწუთროს, - მის ბრუნდ-მართალს,

მის ბრმად მავალ ქარავანს, -

სულ ყველაფერს ისე ხლართავს,

ბაიბურშიც არა ვართ.

რომ გვგონია, ვესავთ ღმერთსა,

თურმე ეშმას კერძი ვართ,

რომ გვგონია, მთებსაც შევძრავთ,

თურმე კენჭსავ ვერ ვზიდავთ.


რომ გვგონია, მამულს ვიცავთ,

თურმე მტრის გულს ვახარებთ,

თურმე ვყიდით წმინდა მიწას,

მშობლებს რომ დავაყარეთ...


ჰო, საწუთრო ისე გვმართავს,

ბაიბურშიც არა ვართ...

ვაი მას და მის სამართალს,

მის ბრმა რკინის ქალამანს...


2022





სულ ცრემლის მოწმენდა 

სჭირდება


რამაც ჩვენ ღვთისხატად  გვაქცია,

რაც სამი ღვთიური განძია,

ზეციდან რომ ჩამოაღწია,

და მუდამ სამოთხეს გვპირდება:

სიყვარულს, სიმართლეს, სიკეთეს,

სულ ფერებ-ფერება სჭირდება.


სამივე გრძნობა ძლიერია,

სამივე გულზე გვაწერია,

უმათოდ სულ არაფერია

ცხოვრება, - მძიმდება, ჭირდება...

სიყვარულს, სიმართლეს, სიკეთეს, 

სულ თბილი ნიავი სჭირდება.


სულ მათკენ მივილტვით, დავეძებთ,

დავეძებთ  მათ ლამაზ საცეცებს,

 და ავი თვალი რომ არ ეცეს, -

(რაც, ვეჭვობთ, სულ უფრო ხშირდება) -

სიყვარულს, სიმართლეს, სიკეთეს,

სულ ტკბილი შელოცვა სჭირდება.


საწუთრო სულ უფრო აფთრდება, -

ვინ იცის, სად გაგვიავდრდება,

სატანა სად ჩაგვისაფრდება,

მოთმენა სად გაგვიჭირდება...

სიყვარულს, სიმართლეს, სიკეთეს,

სულ ცრემლის მოწმენდა სჭირდება...


2022






მცირე ეპოპეა  ვაჩნაძიანში


(მოგონება სევდანარევი ღიმილით)


   1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში გაჩაღებული 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, სამწუხაროდ, 

გამოირჩეოდა ეროვნულ ძალებს შორის მწვავე დაპირისპირებით.

დაპირისპირების ცენტრში, უმთავრესად, ილია ჭავჭავაძის 

საზოგადოება იყო (ამ საზოგადოების წევრი ვიყავი).

    1989 წლის ზაფხულში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აქტიურმა 

წევრმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა ვაჩნაძიანში მიგვიწვია. 

მიწვეულთა შორის იყვნენ მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. 

    ეს ლექსი ვაჩნაძიანში მომხდარ ინციდენტს ეძღვნება. 


დგებოდა ჟამი ეროვნული გამოღვიძების, -

თავისუფლების,- საუკუნო მიზნის მიღწევის...

იყვნენ ოცნების აღსრულებით ფრთაშესხმულები, 

ერის წყლულებთან არად უჩნდათ თავის წყლულები...


მაგრამ მათ შორის  - იუდასთან ნაზიარებნიც 

                                  იყვნენ მრავალნი - ავყიები, ავზნიანები...

ყველაზე მეტად ჩვენ გვხვდებოდა მათგან ტალახი,

მაგრამ ვითმენდით, - ჭირი გვქონდა გარდასალახი...

ზოგჯერ გაზეთით ვპასუხობდით ენამჭევრები, 

მაგრამ ამაოდ, - ენამყრალებს ვერ ვაჩერებდით.


გვმოძღვრავდა მერაბ: "ჩემო ძმებო, უნდა მენდოთო, -

ცილისმწამებლებს ცხვირში მუშტი უნდა ბეთქოთო,

როცა არა სჭრის მოთმინება, შეგონებაო,

სხვა გზა არა გაქვთ... დაიჯერეთ ჩემი მცნებაო..."


ჩვენ პატივს ვცემდით მის ამაყ და ნათელ გონებას

და... ხუმრობაში გადაგვქონდა ეს შეგონება!..


...ერთხელ, ზაფხულში, მიგვიწვიეს ვაჩნაძიანში,

იყო მიტინგი, გალაღება ხალხის წიაღში...

მერე კი სუფრა გაგვიშალეს, მეფურ-ზღაპრული,

უხვი კახური პურმარილით გადაყათრული! 

თამადად დადგა დინჯი თენგიზ მოსემღვდლიშვილი,

ენამზიანი, ღვთისნიერი, სიბრძნე-მისჯილი...


გაჩაღდა ლხინი... მაგრამ ერთი გამოერია

მასპინძელთ შორის, ალბათ ღვინოც თუ მოერია,

ძველ, კომუნისტურ ნაავკაცარს ჰგავდა ჩინოსანს,

მან უზრდელური სიტყვა ჰკადრა ჩვენს მანდილოსანს...

აჩერებდნენ და არ გაჩერდა... წამოდგა ზურა

და თავხედს ცხვირში მუშტი ხეთქა მამაპაპურად...


სუფრა, ცხადია, აირია... აღშფოთდა მერაბ,

ზურაზე გაწყრა, - რა ხდებოდა, ვერ მიხვდა ჯერა.

მერე აუხსნეს, ყველაფერი გააგებინეს, -

ზურას კიცხვაზე უმალ ხელიც ააღებინეს...


და სთქვა მერაბმან: "როგორც იქნა, დამიჯერეთო, -

საცემს სცემეთო!.. საკმარისი არის ჯერეთო!

თუ სიტყვა არ სჭრის, მუშტი უნდა გაისარჯოსო!

გამოღვიძებას, ძმებო, თქვენსას, გაუმარჯოსო!.."


...ჰო, დავუჯერეთ ჩვენს ბრძენ მერაბს ბოლოს და ბოლოს:

თუ სიტყვა არ სჭრის, სათქმელს ამბობს იქ მუშტი მხოლოდ...


მერე დავგეგმეთ: მასპინძლის და ღვთის შემწეობით,

ყოველ წელს, ამ დღეს, ვაჩნაძიანს ისევ ვწვეოდით...


მაგრამ, ვაი რომ, ჩაგვისაფრდა ბედი ვერაგი:

სამი თვის შემდეგ დაგვეღუპა ჩვენი მერაბი...

მას მიჰყვა ზურა, - ჭავჭავაძის გვარის სანთელი...

რამდენი რამე გაიყოლეს საქმე, სათქმელი...

იღვაწეს... იყვნენ ერის განძნი და საუნჯენი, 

კაცნი მართალნი და ზნეობის დიდი ბურჯები!


2022



ეჰ, ხანი მემატება,

იმედები - მაკლდება!


ის წლები მენატრება,

ჩიტის ფრთებს რომ ვნატრობდი,

ყველაფერს რომ ვდარდობდი,

ის წლები მედარდება.


ის წლები მენატრება,

ტკბილ-მწარედ დაფერილი.

ჩიტივით გაფრენილი,

ის წლები მედარდება...


ჩიტი ხელში მაკვდება.

იმედები მაკლდება.


2021




ხუმრობისებური


სამოციდან ოთხმოცამდე აღმავალო ჭირო,

სიამენო - იშვიათო, სიავენო - ხშირო,


ოთხმოციდან თავდაღმართში დაშვებულო ხორცო,

სულით - ბავშვო მიამიტო, სხეულით კი - ხრონცო,


არ მოდუნდე, არ დადუმდე, არ დაბრძენდე მხოლოდ! -

იქნებ გელის სასწაული ბეწვის ხიდის ბოლოს...


2021



აწ უკვე დროა


აფსუს, წყალს გაჰყვა რამდენი მსხვერპლი, ბრძოლა და შრომა, -

ერთის მონობას დავუსხლტით, გავხდით მეორის მონა.


ერეკლე,  დავით,  ნიკოლოზ... აწ უკვე დროა, რომა -

არ ვიყოთ არც იმ ერთის და

არც ამ მეორის მონა.


სხვისი არ გვინდა, - ჩვენიც გვაქვს, სამყოფი ჭირშიც, ლხინშიც,

ზნეობა, სარწმუნოება, ენა, მამული, ჯიში.


ნოშრევან, ცოტნე, სოლომონ... -  აწ უკვე დროა, რომა,

ნანატრი თავისუფლება ნახოს საქართველომა.


2021



თანამეინახე მეგობრებს

ხუმრობისებური


ამა სოფელს ვშორდები და

იმას - ვუახლოვდები,

სევდავ, სულ მიგრძელდები და 

ლხენავ, სულ მიმოკლდები.


ხან მგონია, ზეცისა ვარ, 

ხან მიწაზე ვვარდები,

არსაით რომ არ მივყავარ, 

იმ გზით მივემართები...


ვერც ვერაფერს მივაღწიე,

ვერც დრო-ჟამს დავეწიე...

ჰოდა, სულს ნუ გამიციებთ, -

უფრო ხშირად მეწვიეთ,


გელით, - ღვინის წრუპვის გარდა 

ჯამბაზადაც ვარგივარ:

ბეწვის ხიდით მოვდივარ და

ბეწვის ხიდზე გავდივარ...


2021



ხუმრობისებური


ბედ-იღბალს რომ ვუჩიოდით,

ბედ-იღბალი არ ყოფილა;

შემთხვევით რომ გავჩნდით ქვეყნად,

შემთხვევითი არ ყოფილა;


შემთხვევითი არ ყოფილა,

მე რომ მე ვარ, შენ რომ შენ ხარ,

მე რომ ჯოჯოხეთში წავალ,

შენ რომ სამოთხეში შეხვალ...


ჰო, ამბობენ - ვის რა ელის,

ბედისმწერელს უწერია...

(სიზმრად ვნახე - ის ნაწერი

ცარიელი ფურცელია).


2021



პასუხი იმ ერთ კითხვაზე

ხუმრობისებური


პასუხი იმ ერთ კითხვაზე,

რომელსაც ყველა ეძებს,

ჰოროზონტს იქით მეგონა, - თურმე ყოფილა გვერდზე.


თურმე სულ ახლოს ყოფილა, მე რომ მეგონა შორი, -

იმ სოფელივით ნამდვილი, 

ბარის ტარივით სწორი...


2021




განთიადი რომ გვეგონა,

საღამოის ბინდი არის;


ფართო შარა რომ გვეგონა,

სუსტი ბეწვის ხიდი არის;


აღმავალი რომ გვეგონა,

დაღმავალი გზაი არის...


ზეცისაკენ რომ მივყავართ, 

ფართო იწრო გზაი არის.


2021



ოდა მოდას

ხუმრობისებური


რა ჰქნას ყვავმა მიჯნურმა, 

არ შესჩხავლოს სატრფოს,

როცა მის გულს ნეტარი სიყვარული ატკბობს?


რა ჰქნას ვირმა საბრალომ, 

არ უმატოს ყროყინს,

როცა მის გულს მტანჯველი მიჯნურობა ჰკორტნის?


დრო იცვლება... შევაქოთ...

ვატყობ, მოვა დრო და -

ჩხავილიც და ყროყინიც დამკვიდრდება მოდად...


2021



მიდის ესე ცხოვრება

ხუმრობისებური


მიდის ესე ცხოვრება, -

          ხან თაფლი და ხან შხამი;

გრძელი წუთისოფელი -

          თვალის ერთი ხამხამი;


ხელგაშლილიც, პურძვირიც;

          ფერად - ათასფერადიც;

უცნაურად მოყვარეც;

          საცნაურად ვერაგიც;


ზნეობაზე - აცრილი;

          მადლზე - ალერგიული;

ვისთვის - მამა-ბიძინა;

          ვისთვის - დედა-გიული...


თავის ავან-ჩავანით,

          თავის პავლე-სავლეთი,

მიდის ესე ცხოვრება...

          მოდის მოუსავლეთი...


2021






ადვილად იმარჯვებ, ბოროტებავ,

ღვთის მსჯავრიც ადვილად შეგეხება:

რაც წაგირთმევია - წაგერთმევა,

ურყევი რაც გეგონა - შეგერყევა...

ჰო, შენ დამარცხდები, ბოროტებავ, 

სიკეთის სნება შეგეყრება...  


2021



ხუმრობისებური


ოთხმოცს გადავაბიჯე,

აღარა ვარ ჯეელი...

მაგრამ არსი ცხოვრების

დამრჩა განსასჯეელი.


წარსულს გადაეფარა

ავთა ფიქრთა ვუალი,

სად ვერაფერს ვეწიე,

სად დამიდგა თუალი.


ახლა კი, როცა ლამის

სული ხორცს გაეყარა,

როგორ შემეგებების

იქითა ქუეყანა?


2021




საყვედურები ხალხურად

ხუმრობისებური


ქვეყნად რამდენი ვიყეფე,

ქარავნები კი დიანო...

ქვას მაინც ანდე სიკეთე,

შე კაი ადამიანო!


თუ ზეცა დაგემხო თავზე,

და რა ჰქნა, - ვერა ჰგებულობ,

წინაპრებს მაინც მიჰბაძე,

შე მამაგანათლებულო!


თუ შრომა-გარჯა დაგზარდა

და ზნეობითაც შიმშილობ,

შვილები მაინც დაზარდე,

შე კაი დედმამიშვილო!


ტაძარს თუ ციხე-სიმაგრეს,

საფიხვნოს თუ საკრებულოს,

თუ არ აშენებ, ნუ ანგრევ,

შე ოჯახაშენებულო!


2022



ფარდობითობა

ხუმრობისებური


რომ ბოროტებაც, სიკეთეც

          ყოველთვის ფარდობითია;

რომ სწორი ხაზის სისწორეც

          მიამიტური მითია;

რომ რაც მიგვაჩნდა გრძელ ჟამად,

          ორიოდ წამში ილევა;

რომ სამის გარდა არსებობს

          მეოთხე განზომილება;

რომ დრო და სივრცე მრუდდება;

          რომ ნეხვი ოქროდ ფასდება, -


ისეც ვიცოდით...

           რა მოგვცა აინშტაინის დასკვნებმა?


2021



ჩემი არამეცნიერული ლექსიკონი


1. ნატვრა


ნატვრა - ოცნების ქვესახეობაა.

ნატვრა - ფრთამოტეხილი იმედია.

ნატვრა - შორს გადაკარგული აღტაცებაა.


მეცნიერულ ლექსიკონში კი გულგრილად სწერია:

„ნატვრა - დიდი სურვილი რისამე“.


2. სითბო


სითბო - გულის იდუმალი თვისებაა.

სითბო - სიძულვილის ჯალათია.

სითბო - ანტი სიკვდილია.


მეცნიერულ ლექსიკონში კი ცივად სწერია:

„სითბო - საშუალო ტემპერატურა სიცივესა და სიცხეს შორის“.



3. ჩიტი


ჩიტი - არსებაა, რომელიც

აჰკენკავს მიწაზე დაყრილ ნამცეცებს,

მერე აფრინდება და ხის ტოტზე დასკუპდება.

ხანდახან თავის დარდსა და სიხარულს ამოიჭიკჭიკებს.


მეცნიერულ ლექსიკონში კი მშრალად სწერია:

„ჩიტი - პატარა გარეული ფრინველი.“



4. ცხოვრება


ცხოვრება - ვისთვის მკაცრი დედაა, 

ვისთვის - თვალთმაქცი დედინაცვალი.


მეცნიერულ ლექსიკონში კი ბუნდოვნად სწერია:

„ცხოვრება - არსებობა, სიცოცხლე.“


5. დუმილი


დუმილი - გალობით დაღლილი ბულბულის 

გედის სიმღერაა.


მეცნიერულ ლექსიკონში კი 

არაფრისმთქმელი სიტყვები სწერია:

„დუმილი -  ჩუმად ყოფნა, არაფრის თქმა.“


2021




აია იი?

ხუმრობისებური


როგორ მოვტყუვდით!..

როგორ გვეგონა,

დაგვიდგებოდა ცხოვრება კაი...


გურულს შევჩივლე: 

- აია იი?

მან მიპასუხა: 

- იია აი!


2021




უსაფრთხოების ღვედი


მიჰქრის მანქანა... იწყება 

               გიჟური თავდავიწყება...

სისწრაფე გვინდა! სისწრაფე! -

               უფრო მეტი და მეტი!..

და გვახსოვს ღმერთი... და მაინც

               ხანდახან თუ გვავიწყდება,

გვახსოვს პატარა იმედი - 

               უსაფრთხოების ღვედი.


მიჰქრის და იპყრობს სივრცეებს 

               ადამის მოდგმის პლანეტა...

სისწრაფე გვინდა! სისწრაფე! -

               უფრო მეტი და მეტი!..

ჰქრება ღვთის რწმენა... 

               და რჩება ადამიანის იმედად

პოეტის ცრემლი, ვითარცა 

                უსაფრთხოების ღვედი.


სად მიგვაქროლებს საწუთრო? 

               რა მოსდის კაცობრიობას?

რად გვეფერება სატანა? 

               რად გვირისხდება ღმერთი?..

უკვე ახლოა უფსკრული...

               უკვე სულს ღაფავს ზნეობა...

და შრება ცრემლიც პოეტის - 

               უსაფრთხოების ღვედი.


2021




მე რა ვქნა, - რითმა მკარნახობს

ხუმრობისებური


(„ქრიშობა“ – „ქრისტეშობის“ ხალხური ვარიანტია)


ქრიშობისთვეა… გვეწვია

          ახალწლობა და ქრიშობა,

იწყება ლხინი, ნადიმი,

          სტუმრობა და მეჯლიშობა,

ოჯახის, ჭერის დალოცვა,

          ადათს მიყოლა, ჯიშობა...


ღმერთს ვესავდეთ და გვახსოვდეს, -

          ქრისტე ჩვენს გულშიც იშობა;

ცუდნი - ცოტა ვართ,

          კარგ ყმათა - არა აქვს ანგარიშობა;

ცუდ კაცს  მტრის ყოლა აშინებს,

          კარგს - მტრის არა აქვს შიშობა...


(მე რა ვქნა, - რითმა მკარნახობს:

          მთავრობა რეებს გვიშობა!)


2021




ვედრება საქართველოსთვის

ღმრთისა მიმართ


ღმერთო, შენი საქართველო მიჯნურია, -

შმაგობს, ხელობს, გაჭრილია ველად,

დაჭრილია, გულში ლახვარ-გაჩრილია,

სისხლის ცრემლს ღვრის...

               გონთ არ არის...

                                   ღელავს...


ნუ გაკიცხავ, ნუ მოუვლენ მძიმე სასჯელს, 

თუ ვერ მისდევს შენს ღვთაებრივ სიტყვას,

აპატიე, - 

                არა უწყის, რასა სჩადის, -

შენ ხომ შენი საქართველო გიყვარს.


ჰო, უფალო, მიჯნურია საქართველო,

სისხლის ცრემლს ღვრის...

                გონთ არ არის...

                                  ღელავს...

დაუყვავე, აარიდე განსაცდელი,

ხელქმნილ მიჯნურს ვერ ასწავლი ვერას! 


2020




რას გვემართლება საწუთრო?


რას გვემართლება საწუთრო, რა გვჭირს მართლა და მართლა?

მტერს მოყვარეში რად ვურევთ, მწიკვლს რად მივიჩნევთ მადლად?


ყვავს რატომ ჰბაძავს ბულბული, არწივი ჭიუხს რად თმობს?

მდედრი მამრობას, მამრი კი მდედრობას რატომ ნატრობს?


სულით მახინჯი რად ჩრდილავს სულით მშვენიერ მზექალს?

შხამს თაფლის გემო რატომ აქვს, ვარდის ხავერდი - ეკალს?..


...რა ამაოდ ვსვამ ამ კითხვებს! პასუხს სად ვპოვებ ნეტა?

რომელ წერილში სწერია, რომელ ჩინს ქვასა ზედა?


2020




გამოთხოვება ცხენებთან 


სხვა დრო დადგა: კაცთა მოდგმას სხვა ვნებები ათრობს... 

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო! -


უხსოვარ დროს გამოგტაცეს თქვენს მშობლიურ სტეპებს,

და გმოსავდათ სიყვარულით მონაცა და მეფეც.


და თქვენც ამოდ მსახურებდით ორთავ - ყმას და ბატონს...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო.


შავო ცხენო, როსინანტო, მერანო თუ შავრავ,

ხიბლი ახლდა საოცარი თქვენს ბიბინა ფაფარს.


ერთგულების შუქი გფენდათ, სილამაზე გჭირდათ...

იყო ასეც, - მეფე თავის სამეფოში გცვლიდათ.


აწ შეგცვალათ თვითმფრინავმა, რაკეტამ თუ ავტომ...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო.


გიღალატათ კაცთა მოდგმამ და წარგკვეთათ ფრთები,

და ამ გონჯი საწუთროდან მიდიხართ და ჰქრებით...


მალე უგრძნობ პიედესტალს შემორჩებით მარტო...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო...


2020




სამოცდაცხრამეტი

ხუმრობისებური


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

წლებს ვჩივი - განა დავბერდი!

მო, კიდევ ერთხელ დავლიოთ,

თასი ამივსეთ „მწვანეთი“.


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

ვერც აქ ვძლებ, ვერც იქ წავედი;

აქ ხომ მწარეა ცხოვრება,

არც იქ იქნება კანფეტი...


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

ერთია იქეთ-აქეთი...


კაი, დავრჩები პაწა ხანს, -

რა ვქნა, არა მაქვს გზა მეტი...


2020







                 ●

რა გვინდოდა? რას ველოდით?

                რად ვე-რქა-გრე-ხი-ლე-ბო-დით

ბუნებას და სამყაროს და უფალს?

რას ველტვოდით? 

               რად დავტოვეთ გზა, რომელსაც მივყვებოდით,

 და გავყევით გზას უცნობს და უვალს?..


დილით მზე „ამოდიოდა“, საღამოს კი „ჩადიოდა“,

დავდიოდით ურმითა თუ ცხენით.

წერილებიც თვიდან თვემდე ძლივ-ძლივობით მოგვდიოდა,

ვსასოობდით იმედით და რწმენით. 


ბუნებასთან თანხმობა და ჰარმონია გვქონდა სრული...

ბეჩავ ხარს ვათრევინებდით გუთანს...

არა გვქონდა რაკეტა და ინტერნეტი, მაგრამ სული,

სული გვქონდა ჯანსაღი და სუფთა...


რა გვინდოდა? რას ველოდით?

                     რად ვე-რქა-გრე-ხი-ლე-ბო-დით

ბუნებას და სამყაროს და უფალს?

რას ვერჩოდით, - 

                      ყოფილიყო დედამიწა ისევ ბრტყელი!..

სამწუხაროდ - მრგვალია და ბრუნავს...


2020 



ძლივს მილასლასებს ცხოვრება

ხუმრობისებური


როგორ დაბერდნენ!..დახრონცდნენ!..

ძალა დააკლდათ მუხლში!..

ძლივ-ძლივსღა მილასლასებენ, რომ ნავარდობდნენ გუშინ: 


ძლივს მილასლასებს მწერლობა, მიათრევს მძიმე წიგნებს...

ძლივს მილასლასებს თეატრი, გზას ვაი-ვიშით იკვლევს...


ძლივს მილასლასებს მუსიკა, ცდილობს გადასხმას სისხლის, -

ბულბულთა ნაცვლად ყვავების „ავე მარია“ ისმის...


ძლივს მილასლასებს სინემა... 

და სხვა... 

და ასე შემდეგ...

ძლივს მილასლასებს... იმ ვაშლის იმკის ნაყოფს და შედეგს...


ძლივს მილასლასებს ცხოვრება... ყავარჯნით ადის ტრაპზე...

და მდიდრულ სალონს ხრინწით და საყვედურებით ავსებს...


2020



ქება ღამის ლექსებს

ხუმრობისებური


არა ცისკრის ჟამს, დღის სინათლეზე, მზეზე, -

სხვა  შუქი ახლავს ღამით დაწერილ ლექსებს.


არა ბაღჩაში, ბროწეულების ჩრდილში, -

სხვა არის ლექსი, ბნელში რომელიც იშვის...


რა სჯობს გატეხილ ძილს და წამების წამებს!..

რა სჯობს ლექსთ-შობის ბნელ და უკუნეთ ღამეს!..


2020




ლექსი გრძნობის ლამპარია,

ზეციურ სივრცეებს სწვდება,

ლექსი გაუმაძღარია, -

სიყვარულით ვერა ძღება.


სიძულვილით სავსე ლექსი

პოეზიის ღალატია, 

ზიზღი - ლექსის კიბო არის, 

ბოღმა - ლექსის ჯალათია.


2020



მგზავრული არსაით


დაჰფარფატებს მსოფლიოს სატანური აჩრდილი:

სიკვდილს ებრძვის ზნეობა, შიგ გულშია დაჭრილი;


შეშლილ თავისუფლებას აუწყვიტავს აღვირი; 

სძულს მოწაფეს მოძღვარი; მგლისკენ მირბის ნახირი; 


გზა დაებნა სიყვარულს; ეჭვით კვდება მიჯნური;

ბულბულს ვარდი შესძულდა... ჟამი დადგა გიჟური...


ცისქვეშეთი აივსო ბიწით, ბოღმით, ფლიდობით...

. . .

ზესტაფონო, გშორდებით, 

შორს მივდივართ, მშვიდობით!


2020




გამომშვიდობება


მშვიდობით, ჩემო ჯერ კიდევ დაუწერელო ლექსო,

გაუკვალავო ბილიკო, დაუტოტველო ფესვო,


მოუწვეველო სტუმრებო, გადადებულო ლხინო,

შეუმუსვრელო დარდებო, შეუსმეველო ღვინოვ,


მუხთალო წუთისოფელო, საწუთროს ტკბილო შხამო,

უუსასრულო სამყაროს სასრულო სიგრძე-განო,


ნაგვემ-ნატანჯო ხმელეთო, ცრემლებით სავსე ზღვაო,

მიუწვდომელო მიწაო, მისაწვდომელო ცაო,


სატანის  ედემ-ბაღნარო, სიკეთის ეკალ-ბარდო...

გემშვიდობები, ცხოვრებავ...

ყველაფრისათვის გმადლობთ...


2020



ამაოდ დავშვრი

ხუმრობისებური


სახელოვანი ჩემი ბოსტანი,

ვით ეს საწუთრო, არის მომსპარი:


რაც რამე დავრგე, რაც რამე ვთესე,

ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე.


არა მაქვს ჭური, არცა მარანი...

გამიტყდა ბარი... გაცვდა კალამი...


რაც რამე ვთესე, 

რაც რამე ვლექსე, -

ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე.


2020




უფრო სწორად...

ხუმრობისებური


საიდუმლოდ გეტყვით, თუმცა

ჩემზე უკეთ იცით, -

ქვეყნად სუფევს სათნოება,

უფროს სწორად - ბიწი;


ნეტარებით აღსავსეა

ბოროტების ბუდე...

სამართალი მართლად დავალს,

უფრო სწორად - მრუდედ...


ჰო, სიძულვილს სიკეთე შობს, 

სიყვარულს კი - შიში...

მადლის მქმნელი ჭკვიანია,

უფრო სწორად - გიჟი;


ახლა, როცა დრო განვლიე

და დასასრულს ველი, -

ყველაფერი ნათელია!

უფრო სწორად - ბნელი...


2020



            იმედი


იმედი, - ჩემი ქიმერა, ჩემი სიმღერა გედის, -

ხან მცირეოდენს სჯერდება, ხან მიუწვდომელს ელტვის.


სულ აქეთ-იქით აწყდება, ფორიაქობს და ღელავს, -

ვერსად პოულობს სადგურს და სავანესა და სენაკს.


მერე ცხრება და სულს მიმღვრევს უძილო სიზმარივით,

და მტოვებს, და შორს მიფრინავს... სადღაც, - ჰორიზონტს იქით...


2020




როგორ გავანაწყენე ბატონი ნიკო ჭავჭავაძე


ერთხელ გამოკვლევა დავწერე რუსთველზე,

(„ვეფხისტყაოსანი“ ყველაფერია ჩემთვის!)

მეგონა, რუსთველოლოგები რომ წაიკითხავენ,

ცოცხლად გამატყავებენ-მეთქი.


მთელი ოცი წელი ასეთ შიშში გავატარე,

ჩრჩილმა -  ხელნაწერი, მე კი - ლამის ეჭვებმა შემჭამა,

დაბეჭდვის შანსიც არ იყო არავითარი,

თუნდაც რომ შემეძრა ქვეყანა.


მერე სხვა დრო დადგა -  წიგნების დაბეჭდვა გაადვილდა,

და მეც ამეშალა საღერღელი...

ერთხელაც გავბედე და ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს

ვთხოვე წაეკითხა, - თავზე ავიღე ხელი. 


ვთხოვე, არ დავეზოგე, სიმართლე ეთქვა,

ალბათ ბევრი იქნება-მეთქი მასში იაღლიში...

წაიკითხა და ძალიანაც მომიწონა,

სულ გააცამტვერა ჩემი შიში.


მითხრა, მშვენიერიაო, ყველაფერი რიგზეაო,

მე ვურედაქტორებო, მახარა, ამ წიგნს...

მე კი მაინც მეშინოდა და უარი ვუთხარი...

ეჰ, გავანაწყენე ეს ღვთიური კაცი!


ვუთხარი, რუსთველოლოგები დაუნდობლები არიან,

თქვენც გაგლანძღავენ- მეთქი, როგორც რედაქტორს,

ვერ ავიტან-მეთქი ჩემს გამო თქვენს გალანძღვას,

დაე, გავილანძღო-მეთქი - მე მარტო...


ნათელი დაადგეს  ბატონი ნიკოს სულს!..

უარი რომ ვუთხარი, გულნატკენი იყო...

ეჰ, როგორ შევცდი! (სულ მორიდება მღუპავს!) - 

ნაგვიანევ ბოდიშს გიხდით, ბატონო ნიკო!


2020





ფოთოლცვენა ქუჩაში


ლამაზია შემოდგომის ფოთოლცვენა, -

მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ ფოთლებს ფრენა,

               ფარფატებენ და ჰფარავენ მიწას;

მოდის ავი მეეზოვე, ნაგავს ხვეტავს,

ამ ფოთლების სილამაზეს ვერა ჰხედავს,

               იგი მისთვის ნაგავია იმ წამს!


ნაგავს ხვეტავს მეეზოვე, - საქმე იცის,

ფოთლები კი - ნაკუწები ცის და მიწის -

              ერთხელ ფრენენ... ბედი გულცივია...

ლამაზია შემოდგომის ფოთოლცვენა...

მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ ფოთლებს ფრენა,

               და მაშინაც ნაგვად იქცევიან...


2020



ჩემთან მოპაექრეებს

ხუმრობისებური


მტყუანი ნათელშიც სიბნელეს ხედავს,

მართალი წყვდიადშიც სინათლეს ჭვრეტს.


მტყუანი ყვირის და ყვირის და ყვირის,

მართალი დუმილით მეტყველებს მეტს.


მტყუანი, მტყუანი, მტყუანი თქვენ ხართ,

მართალი, მართალი, მართალი - მე!


2020






ჩემი ბოსტანი  

ხუმრობისებური


ჩემს პაწაწინა ბოსტანში, ბაღჩად რომ თვლიან სხვები,

სადღეგრძელოთა საფრქვევად და სასაუბროდ ვსხდებით.


ეს არის დიდი სამყაროს უუმცირესი წვეთი,

და როგორც ყველგან, ყოველთვის, - აქაც იგრძნობა ღმერთი:


მზე დაჩახჩახებს ტოტებს და ყვავილებსა და კვირტებს,

თითო ფოთოლი რაოდენ იდუმალებას იტევს!


მიწიდან მოსჩქეფს სიცოცხლე, ციდან იღვრება მადლი...

ჩვენ კი ვზივართ და სამყაროს ვზომავთ ჩვენივე ადლით, 


ქვეყნის საქმეებს ვარჩევთ და სადღეგრძელოებს ვქარგავთ...


ჰოდა, ამ ქვეყნის ცხოვრება იმიტომ მიდის კარქათ...


2020



  ჰე, ღმერთო ერთო...

   


ჰე, ღმერთო ერთო, რომელმან ესე სამყარო შეჰქმენ,

დაგვლოცე, ანუ დალოცე გზა, მომავალი შენკენ;


დაგვლოცე, ანუ  დაგვტუქსე - აღარ ვიაროთ მრუდედ,

რაც გინდ სატანამ გვაცდუნოს, კვლავ შენს წიაღში ვბრუნდეთ.


გზა ჭეშმარიტი შენს ცდომილ ქმნილებებს აპოვიე,

მოთმენის და არმოთმენის ღვთიური ნიჭი მიე. 


არ დაგიჯეროთ, - სიკეთის გარდმოგვიჭირე სახრე,

სულ სიყვარულით დაგვსაჯე, სულ სათნოებით გვსახვრე.


ჰე, ღმერთო ერთო, რომელმან ესე სამყარო შეჰქმენ,

განგვაძლიერე, დაგვლოცე, გზა გაგვიკვლიე შენკენ.


2019




ქება გაქცევას

(სიზმარში დაწერილი)


ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, 

რაშიგან ხარ, რაშიგ? -

ბედს ვერსაით გავექცევი,

თუნდ ფრთოსანი რაშით.


ჩემს თავს ვერსად გავექცევი, -

დავბრუნდები უკან...

მოყვასს ვერსად გავექცევი,

ვერც ვერსაით ვუგან...


ვერა, ვერსად გავიქცევი...

ვზი და მდინდის ცრემლი...

არ-გაქცევა ადვილია,

გაქცევაა ძნელი.


2019



მიძღვნა „ვეფხისტყაოსნისა"


„იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქია.“

                                        შოთა რუსთველი


შემოკრბენ დიდებულები, შეშფოთებულნი ფრიად, -

ყმა-მიჯნურს მეფე-ქალისთვის წიგნი რამ მიუძღვნია,

მერე გაჭრილა, გასცლია მშობლიურს არე-მარეს...

მეფე-ქალი კი საკნითგან არ გამოდისო გარეთ,

იმ წიგნს ჰკითხულობს, თან სდისო შეუშრობილი ცრემლი,

კითხვა აშეთებს... სახმილი სჭირს, ჭირთა უფრო ძნელი…


მოყმე კი გარდახვეწილა, წუთისოფელის შვილი...

შფოთავენ დიდებულები, არ ეკარებათ ძილი.


2019




ბეწვის ხიდი, ანუ

ძველებური დარდიანი - 2

ხუმრობისებური


ძველებური დარდიანი

ისევ გულში ხმიანებს,

ხან იმედებს აღვიძებს და

ხან მორჩენილ იარებს...

ხან უმიზნო მიზანი ვარ,

ხან უნაღვლო დარდი ვარ...

სიხარულს და ნაღველს შორის

ბეწვის ხიდზე დავდივარ.


მო, დავლიოთ... მზის ნაჟური

ღვინით მზეს ვეზიაროთ...

სიხარულს და ნაღველს შორის   

სულ იმ ხიდზე ვიაროთ...  

მო, დავლიოთ... გასაგზავნი

უკვე ამანათი ვარ...

მო, დავლიოთ - იმქვეყნისკენ

ბეწვის ხიდზე გავდივარ.


 2019




სულ ერთმანეთის ჭამაში

გადის ცხოვრება ერის,

და კიდევ უფრო ბინდდება

სოფელი ბინდისფერი...


ვახ, რა ვაგლახად წრიალებ,

ატროვებულო ერო!..


(არავის ესმის, -

თუნდაც რომ

ჩინს ქვასა ზედა ვწერო...)


2019




საქმე ისე ცუდადაა...

ხუმრობისებური


მუხლში ძალა, მკლავში ღონე, თვალში სხივი მიქრება,

თმა და კბილი, ღამით ძილი, დღისით ფული მიქრება,

მიქრება - რაც მიწერია, მითქვამს და მიყბედია...

საქმე ისე ცუდადაა, რომ იმედი მიქრება.


მე კი არა, ეს ქვეყანაც უნუგეშოდ ბერდება,

უფსკრულისკენ მიიჩქარის, აღარ ესმის ვედრება,

წუთისოფლის ქარბორბალას ყოვლი წარუხვეტია...

საქმე ისე ცუდადაა, რომ იმედი მიქრება.


ჰო, წინ ნუღარ ვიყურებით - უკან-უკან ვიყუროთ,

უკუ-იმედებით ვიყოთ, წინ სარკმელი მივხუროთ...

მაგრამ უკუ-იმედებიც, ვხედავ, ცრუ იმედია... 

საქმე ისე ცუდადაა, რომ იმედი მიქრება.


2018




77 წელი

ხუმრობისებური


აჰა,ორი შვიდიანიც!

რა დროს პანაშვიდი არის, -

          ერთი შვიდიც მელოდება კიდევ!..

კვლავ მსურს ქვეყნად ხეტიალი...

მაგრამ ის ოხერ-ტიალი

          ცრუ საწუთრო უკვე წითელს მინთებს. 


აჰა, ორი შვიდიანიც!

სული ისე მშვიდი არის,

          თითქოს წინ მაქვს კიდევ ორი შვიდი...

(ისე, ეჭვი კი გამიჩნდა:

რაღაც ცუდად შემომიჩნდა

          ეს ოხერი სიტყვა „პანაშვიდი“).


აჰა, ორი შვიდიანიც!

რა დროს პანაშვიდი არის? -

          სამი-ოთხი შვიდი მინდა კიდევ!..


მო, რქა მომე ღვინიანი -

იქნებ ბოლო ლხინი არი! -

          და უფლის წილ სანთელს მომიკიდე...


2018




ქება ყვავს

ხუმრობისებური


სანამ გულში ძველებური ოცნებები ჰყვავის, -

მიყვარს ჩიტი, ჩიტთა შორის უარესი - ყვავიც.


მერე რა, რომ შავი არის, - მე მშურს თეთრი შურით

მისი ფრენა, მისი ფრთების შორი შარიშური.


ყვავს არც დიდად არ სჭირდება საკვებისთვის ზრუნვა,

დიდხანს ცოცხლობს, არ აწუხებს წუთისოფლის ბრუნვა.


მერე რა, რომ უშნოდ ჩხავის, - არა სწყალობს სმენა, -

კაცმა რომ თქვას, არც შეჰფერის ბულბულივით სტვენა!..


ჰოდა, ასე, - სანამ გულში ოცნებები ჰყვავის,

მიყვარს ჩიტი, ჩიტთა შორის უარესი - ყვავიც.


2018




ქება ენჯეოებს

ხუმრობისებური


            „ცხოვრება ცირკია“ - ხალხური გამონათქვამი.


უჰ, რამდენი ენჯეოა, ამერია თავგზა, -

დასაცავს თუ არ-დასაცავს, ყველასა ჰყავს დაცვა:


ვინ - ქალს იცავს, ვინ - ელჯიბიტს, იეღოველს, შავებს,

მასაც - ვინც არას აშავებს, მასაც - ვინც აშავებს:


ვინ - პატიმარს, ვინ - ნარკომანს, ვინ - კურდღელს და მხეცსაც,

ვინ - მცენარეს, ვინ - მცონარეს, პატიოსანს, მეძავს...


უჰ, მეძავზე გამახსენდა! - რად არ გვახსოვს გველი? -

პლასტიური, მისტიური, დაკლაკნილი, ჭრელი?


სირცხვილია, - ის საბრალო ჯერ არ დაგვიცვია, -

სახეზეა ბულინგი და დისკრიმინაცია:


რად არგუნეს იმ საცოდავს საუკუნო წყევა? -

სულ ჭორი და ტყუილია, რომ აცდუნა ევა!


ქალს ვერასგზით აცდუნებდა გველი, ჩემის ფიქრით, -

ქალი ისე მაცდურია, გველს აცდუნებს იქით...


ერთი სიტყვით, აწ ვაარსებ მე ენჯეოს - ასეთს:

„ვიცავ გველებს“!- და ცირკის წინ გიწვევთ აქციაზე!


2018



თხოვნა, 

არც ისე სასაცილო


არა, არ მინდა იქ, ცივს მიწაში! -

იქ სიჩუმეა... 

იქ წყვდიადია...

იქ ჭიებია...

იქ უძრავია დრო...


დამწვით და ფერფლი

ქარს გაატანეთ…

ცისქვეშ დამტოვეთ…

გთხო-ო-ო-ო-ო-ო-ო-ო-ვთ!


2018




ნუ იხმაურებ, 

როცა არა გაქვს სათქმელი,

ნურც დადუმდები, -

გულის გააღე სარკმელი.


წყნარად იყავი, 

როცა არა ხარ მართალი,

სიტყვას ნუ ფანტავ,

სხვა რაა - სიტყვის ბადალი!..


სიტყვით დაღუპვას

თოფით დაღუპვა სჯობია...

(ჰომოფობიაც ჰკლავს,

ანტი-ჰომოფობიაც...)


ეჰ, აღსასრული 

გვიახლოვდება, ეტყობა...

ვილაპარაკოთ...

დუმილი იქაც გვეყოფა.


2018




ჭოლა ლომთათიძე


ჭოლა ლომთათიძე (1879-1915) „ყველაზე საინტერესო

ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში“.

                                                            ტიციან ტაბიძე


მომეახლე, სატრფოვ! განმეშორე, სევდავ!

ცა ზეიმობს... ვუცქერ  ვარსკვლავების ციმციმს...

ჰორიზონტზე ლამაზ საქართველოს ვხედავ...

მაგრამ ავი ქარი მავთულებში წივის.


ერთმანეთში ვაწნავ ოცნებებს და დარდებს,

მოსჩქეფს სიტყვა - ჟღერა ღვთაებრივის სიმის.

მიჯნური ვარ, ვკოცნი რუსთაველის ვარდებს...

მაგრამ ავი ქარი მავთულებში წივის.


თუმც ბრძოლებში განვლო სიჭაბუკის წლებმა, 

ვერ ვიხილე მოსრვა ბოროტების ძირის... 

განისვენა ტრფობით დასეტყვილმა ძვლებმა...

ხოლო ავი ქარი ისევ წივის... წივის...


2018



ანზორ-ინფოს განცხადება

ხუმრობისებური


იყო ერთი „ამხანაგი გენერალისიმუსი“,

ჰქონდა ცოტა პლიუსი და უამრავი მინუსი,

ზოგს ეგონა იესუსი, ზოგსაც - სატანიუსი,

ზოგს უყვარდა...

ზოგს არ ქონდა მისი ატანიუსი...


მაგრამ ისე შეიცვალა ადამიანიუსი,

და დაჰკარგეს მთავრობებმაც სვინდის-ნამუსიუსი,

რომ ის ჩვენი „ამხანაგი გენერალისიმუსი“,

ბევრს გაუხდა სანატრელი, თუ სანატრელიუსი...


ამას ამბობს ანზორ-ინფო, ობიექტურიუსი.


2018



როცა წავალ, და გავხდებით იძულებით უბრები,

თუ ისურვებ, - ამ ლექსებით სულ გაგესაუბრები.

ვერ გავიგებ, ვერ შევიგრძნობ, რაც ჩემს მერე მოხდება,

რა ნათელი გაბრწყინდება, რა ზღვა აბობოქრდება,

რა ვნებები გადალახავს საზღვრებსა და სამანებს...

მაგრამ მაინც, თუ ეწვევი ამ ლექსების სავანეს,

ვისაუბრებთ, - მაგრამ ოდენ ამ ლექსების პწკარებით,

წარსულის და მომავალის ერთმანეთში არევით...

მერე ისევ დავშორდებით... ვართ საწუთროს სტუმრები...

თუ ისურვებ, - ამ ლექსებით სულ გაგესაუბრები.


2018





 უკუზღაპარი   


რაღა დროის ჯადო არის, ან მფრინავი ხალიჩა? - 

ზღაპრული და საოცარი არაფერი დაგვირჩა!


მარტოდმარტო ზნეობაა, რაიც არ ვითარდება,

სად მანქანა ვითარდება, იქ ზნეობა მთავრდება.


ზღაპრის თემად ისღა დაგვრჩა, რომ უკუსვლით ვიაროთ,

ანუ ზნეობრივნი გავხდეთ, - არ ვიადამიანოთ. 


ასე მივალთ ზღაპრის მერნით ადამამდე, ევამდე,

ანუ თვით მამა-ღმერთამდე, ანუ დაბადებამდე.


2018




ჯაყოს ხიზნებზე


თეიმურაზ - ხევის თავი... 

ჯაყო - ყუმი და ხის თავი...

ჯაყოს მარგო ისე ერგო,

როგორც გლახას ტახის თავი...


ხევისთავის „ნაშინდარი“

არის დღეის ნიშან-დარი. 


2018



ავი მეზმანა სიზმარი...


(რომელიღაც ტელევიზიაში ვნახე ახალგაზრდების გამოკითხვა,

თუ რას ისურვებდნენ, სიკვდილმისჯილები რომ ყოფილიყვნენ და

ბოლო ერთი სურვილის შესრულებას დაპირებოდნენ. რამდენიმემ 

მარიხუანას მოწევის სურვილი გამოთქვა)


ავი მეზმანა სიზმარი, ვითომ ღმერთი გვსჯიდა

დიდთა ცოდვათა ჩვენთათვის (მაგრამ, თურმე, გვცდიდა).


მოსპობით გვემუქრებოდა, ქუხდა რისხვა მისი:

„არა ხართო ქვეყანაზე არსებობის ღირსი!


ჯოჯოხეთის კუპრიაო, ვატყობ, თქვენი ბოლო!

შეგისრულებთ უკანასკნელ ერთ სურვილსო მხოლოდ!"


რა იცოდა, გავანდობდით, უფალს, - ჩვენთვის ურვილს, -

მარიხუანას მოწევას - უკანასკნელ სურვილს...


ჰო, ვნახე ავი სიზმარი, ვითომ ღმერთი გვსჯიდა,

მოსპობით გვემუქრებოდა (მაგრამ, თურმე, გვცდიდა!).


2018



უჩინარი მეასე

ხუმრობისებური


ერთხელ, სერია „100  ლექსის“ ანალოგიით, 

კრებული „99 ლექსი“ შევადგინე და 

მისი გამოცემა დავაპირე...


რჩეული... რჩეული რაღაცის...

რჩეული - მე როგორც მესმის...

რჩეული - არ ასის, ასის, -

ოთხმოცდაცხრამეტი ლექსის!


ის ერთი - მეასე - სად არის?

რატომ ვერ მომიძღვნა თავი?

იქნებ ჯერ შექმნილი არც არის?..

რა ვიცი... რა ვიცი.... რა ვი...


რჩეული - ოთხმოცდაცხრამეტის,

სულის წვის და გულის ბზარის...

მეასე - ღვთიური - სად არის?

სად არის?.. თუ - არსად არის?..


2018



მიმწუხრის ალოგიკური ფიქრები - 2018-2022


ღმერთო, 

ნუ მისცემ უფლებას უგუნურ მეცნიერებს,

გამოიგონონ 

სიზმრის სიცხადედ მქცევი მანქანა.


დავუტოვოთ სიზმრები 

ჩვენს გაღატაკებულ სულებს.



ჩემი მშვენიერი,

მოხდენილი ხე! –

ის ყოველ გაზაფხულზე 

ძველმოდურ სამოსელში გამოწყობილი მენახვება.



მიფრინავენ... 

და სადღაც შორს, 

იდუმალ სილაჟვარდეში იკარგებიან

ჩიტები და

თვითმფრინავები.



ჩემი ნაკუწ-ნაკუწი ღრუბლები,-

ანუ ალოგიკური ფიქრები, 

და კიდევ უამრავი უსარგებლო რამ -

ისე ჰფარავენ ჭეშმარიტებას,

ანუ მზეს,

როგორც ცვალებადი მოღრუბლულობის დროსაა, -

როდესაც არ მოდის წვიმა,

რომელმაც უნდა დაარწყულოს მცენარეები,

რომლებიც მზისკენ მიისწრაფიან.



ისევ შეიმოსა ვაშლის ხე

მომხიბვლელი ფოთლებითა და ყვავილებით.

აქა-იქ კი ხმელი ტოტებიც მოუჩანს,

რომლებიც შარშან ჩამოუტყდა.

დახუნძლულობის დროს.



უკვე მიჭირს ასვლა ამ აღმართზე.

აღმართი, ვფიქრობ, განგებ მღლის, 

რადგან შურს ჩემი,

რომ მასაც ჩემსავით არა აქვს გული,

რომელიც აღმართზე ასვლით დაეღლება.



ჰარმონიის ნიმუშია ეს ტაძარი,

რომელიც ბრმა, 

უგრძნობელი ქვებით არის აშენებული,

და რომელშიც გრძნობამორეული ადამიანები

ფართოდ გახელილი თვალებით

ეძებენ უფალს.



შემდეგ რაა?

ყველამ ვიცით, 

რომ არ ვიცით.

ეს კი, 

თუ სოკრატეს დავერწმუნებით,

უდიდესი ფილოსოფიური ცოდნაა.

მაგრამ სოკრატე ამ ცოდნას იყენებდა.

ჩვენ - ვერ ვიყენებთ.



ლექსი,

რომელიც ავტორს ოცდაათ ვერცხლზე ჰყიდის,

ალბათ ყველა პოეტთანაა.

მაგრამ ყველას სჭირდება,

როგორც საკუთარი ჯვარი.



სასწორი ჰკარგავს თავის თავს, -

პინა ხშირად 

მჩატის მხარეზე იხრება.



თავისუფალ ლექსს 

მაგარი შუბლი აქვს, - 

იგი კლდეებს მიანგრევს. 



საშინელი წყევლის გუნებაზე დავდექი:


თქვენ არ მეისპეთ ბოროტებო, უკეთურებო,

ავაზაკებო, გარეწრებო, ნაძირალებო...


დრო დადგება და

აუტანლად დაიტანჯებით. 


რამდენ ტრაგედიებს იტევს

ერთი სიტყვა - „მიტოვებული“!

თუნდაც - მიტოვებული ძაღლი.


ძაღლმა დაგლიჯა ჩემი ფუმფულა ფისო.

ძალიან ვუყვარდი.

ბოლო მოფერება გავაყოლე.


მგონია, რომ ჩიტს სევდიანი ნისკარტი აქვს,

იმიტომ, რომ ყველგან დაფრინავს,

და ამიტომ ჩვენზე მეტი იცის,

და ამიტომ ზემოდან დაგვყურებს,

და ამიტომ სევდიანი ნისკარტი აქვს.


ასე ვფიქრობდი წუხელ ძილ-ბურანში.


მერე გამეღვიძა და ჩემს თავს ვუთხარი:

„შეეშვი ამ ჩიტებს.“


სიყვარული წამალია.

ზედმეტი წამალი - საწამლავია.


ზოგიერთს არა სჯერა.


ძაღლები და კატები 

პირდაპირ თვალებში გვიყურებენ.

არა ფეხებში, ან მუცელზე, 

არამედ პირდაპირ თვალებში.

ასე მგონია,

ჩვენს თვალებში შეუძლიათ ჩვენი სურვილების აღქმა. 


ადამიანებს კი ეს არ შეუძლიათ.



ჩიტი მოჭრილ ტოტზე დაჯდა.

ტოტი იცნო და 

ძალიან გაუკვირდა.


დრო იყო

          ცოდვით-დაცემის.

დრო არის

          ცოდვით-აღზევების.


ადრე:

ხელოვნება 

ხელოვანისაგან 

მოითხოვდა მსხვერპლს.


ახლა:

ხელოვანი 

ხელოვნებისგან 

მოითხოვს მსხვერპლს.



ვისაც შეუძლია წყალზე გავლა,

მისთვის ძნელია მიწაზე გავლა.


რა საოცრებაა მიწა!


რაც უფრო დაბლა მდებარეობს იგი -

ცისაგან შორს - 

მით უფრო მეტ სიბინძურეს, სიდამპლეს, გახრწნილებას

შთანთქავს, 

მერე განწმენდს მათ და 

სიცოცხლედ და მშვენიერებად აღმოაცენებს.


მწვერვალებზე კი, ცასთან ახლოს,

მარადიულ მყინვარებში,

მიწა სპეტაკია,

მაგრამ არაა სიცოცხლე იქ.


იქ მხოლოდ მშვენიერებაა.


„აი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

პატარა შვილიკოთი... 


რა შეიძლება იყოს ამქვეყნად 

ამაზე მშვენიერი?“ –


ჰკითხეს ბრძენს.


მისი პასუხი ვერ გავიგონე.

ალბათ რაღაც სისულელე თქვა.


2018-2022



არეული წუთისოფელი


ისე არეულია

     ესე წუთისოფელი,

ისე მოგვიახლოვდა

     დღე აპოკალიფსის, -

ალბათ დამნაშავეა 

     იგი - ლეღვის ფოთოლი,

ალბათ შეცდომა იყო 

     აფარება მისი.


გზა, რომლითაც წავედით

     და დავშორდით ღვთის მცნებას,

ის გზა ჩიხში შევიდა,

     უიმედოდ მცდარი,     

ახლა ყველა საკუთარ 

     სიბრძნეებში იხრწნება,

ახლა ყველა საკუთარ

     სხეულშია მკვდარი.


ბრძენთა-ბრძენობს ვინ აღარ

     და რას არ გვეუბნება,

სიბრძნე იშვიათია,

     სირეგვნეა ხშირი,

რაც მეტი გზა არსებობს, 

     თავგზა უფრო გვებნევა,

რაც მეტია წამალი, 

     მით მეტია ჭირი.


ჰო, ბუნებას ვაჯობეთ, -

     თოფიც, ლექსიც შევქმენით,

გვშველის კომპიუტერიც,

     არ გვჭირდება ფიქრი...

მწარედ რომ მოგვიზღავდა,

     ვერა, ვერ შევიგენით,

და ზნეობის დაცემაც,

     რა თქმა უნდა, გვიკვირს!


და კვლავ არეულია

     ესე წუთისოფელი,

და სულ გვიახლოვდება

     დღე აპოკალიფსის, -

ჰო, იგია მიზეზი -

     იგი - ლეღვის ფოთოლი!

ალბათ შეცდომა იყო

     აფარება მისი.


2017



ვაგლახ, ყველაფერი 

     როგორ შეიცვალა, -

ქვეყანა უგნურების 

     მწიკვლით შეისვარა.


კარო, იდუმალო, 

     როდის გამეღები?

მომაქვს იმედების 

     ნამსხვრევ-ნატეხები.


2017




საწუთრო


საწუთრო უცნაურად, 

          მარტივად რთულია,

ავ-კარგით, ცოდო-მადლით 

          სუ დატვირთულია.


და მაინც - ჩვენია, 

          ჩვენი წილხვედრია,

მის იქით უარესი

          შავი მიღმეთია.


2017



ირაკლის ფიქრები პაემნის წინ


ეძღვნება ირაკლის და გვანცას


ჰო, გელი! მალე გიხილავ! ოცი წუთიღა დარჩა!

ვერ გავძელ, ადრე მოვედი, კვლავ ამიჩქარდა მაჯა,

კვლავ მღელვარებამ მომიცვა, სანეტარომ და ტკბილმა,

კვლავ ძველებურად მაღელვებს, ძვირფასო, შენი ხილვა!

მოხვალ და თვალებს მომაპყრობ და მომეყრდნობი მკერდზე,

და ისეთ ძალას შემმატებ, ქვეყნად ყველაფერს შევძლებ!

მწამს, მუდამ ერთად ვიქნებით მთელი ცხოვრების გზაზე,

ლამაზი ბუდე გვექნება, ბედნიერებით სავსე, 

და მივეცემით უსაზღვროს ჩვენ  ნეტარებას ზენას!

რა ზღაპრულ ბაღებს ვიხილავთ! რა ვარსკვლავების ცვენას!.. 

შორს ჩვენგან დარდი ყოველი, უიმედობა, შფოთი...  


ვაიმე!..  ერთ წუთს გადასცდა!.. სად ხარ ამდეხან!.. მოდი!!!!!!!


2015



იმედი და ოცნება


ერთ მილიარდერს

       იმედი ჰქონდა „იმედის“,

მეორეც ასე - 

       „ოცნებას“ გაჰყვა ფრთამალს...

თუმც ეს სიტყვები

       ვერ მოიხელთა ვერავინ, -

არ მორჩილებენ 

       არცერთ საზღვარს და სამანს;


ეს ორი სიტყვა, -

         მფლობი უვრცელეს არეთა, -

მიუწვდომელი,

         უკიდეგანო ზღვაა...        

ეს ორი სიტყვა

         სიმდიდრე არის ღარიბთა,

ამ ორ სიტყვასთან

         მილიარდები რაა?


2015


  


ევთანაზია


ევთანაზია, -

ეს უნდა იყოს ზეიმი,

როგორც ოდესღაც მსხვერპლთშეწირვა;

ამაღლებული, როგორც სოკრატეს აღსასრული;

ღვთაებრივი, როგორც ხსნა.


ევთანაზია, -

ეს უნდა იყოს 

არა მორცხვი გაქცევა

რაღაც ყოფითი ტანჯვისაგან,

ან უხერხული თავისმართლება,

არამედ სიცოცხლესთან გამოთხოვების 

დიდებული, პოეტური, თვალისმომჭრელი რიტუალი.


ევთანაზია, -

ეს უნდა იყოს სევდიანი ნადიმი,

როგორსაც მეგობრები უწყობენ ადამიანს,

რომელიც შორეულ ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად

და უკან  აღარასოდეს დაბრუნდება. 


ევთანაზია, -

ეს უნდა იყოს ის განწყობილება,

რომელიც სოკრატესთან სუფევდა, 

რომელმაც მეგობრების წრეში დალია საწამლავი 

და მათთან საუბრისას დალია სული.


ევთანაზია, -

ეს უნდა იყოს სევდიანი ზეიმი.


2014



რაღა დროს

ხუმრობისებური


ამას წინათ მწერალთა კავშირში შესვლა

              შემთავაზეს. ამის საპასუხოდ.


წინ მელის ბინა, ოთხიოდე არშინიანი,

რაღა დროს ჩემი კავშირი არი!


ძარღვები თითქმის ჩაშლილი და დაშლილი არი,

რაღა დროს ჩემი კავშირი არი!


ჰო, მელის ბინა, სულ ოთხიოდ არშინიანი...

რაღა დროს, თორემ... არ ვარ ურჩი, არც ჯინიანი...


2010




                2


ძველი კრებულებიდან:

„ქება ჩიტს“, „მე და ჩემი ძმა“, „აჰა, ინებეთ“,

„თქვენ სულ აქა ხართ“, „ჩემი რჩეული“



ჯერ შორია


შემოდგომის ფოთოლს

ვემგვანები  ოდეს

და ბებერი მთვარე

შეეხება თმას,

იმ კაცივით, ეზოს

რომ უკეთებს ღობეს,

შევიჭმუხნი შუბლს და

გავიმკაცრებ ხმას.


იმ კაცივით, აგერ

დაცინვით რომ უმზერს

მეოცნებე ყმაწვილს,

მეოცნებე თვალს,

მეც გავხდები ალბათ

ეჭვიანი კაცი,

მეც დავცინებ ალბათ

ოცნებებით მთვრალს...


ჯერ კი ასე თბილი

მზე დაჰნათის მთა-ველს!

ჯერ შორია ის დრო...

ჯერ შევხარი მას -

ჩემს გაზაფხულს -

ალალ ოცნებათა მთოველს,

ჩემს გაზაფხულს -

ზღაპრის კარიბჭესთან მდგარს.


1961



გული თქვი, თორემ

ცრემლები ნერვებს აწყნარებს მხოლოდ.


გული თქვი, თორემ

ტკივილი ვნებას აცხარებს მხოლოდ.


გული თქვი, თორემ

დარდების შუბლზე კვალია მხოლოდ.


გული თქვი, თორემ

რა არის ცრემლი? - წყალია მხოლოდ.


1962



როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.

როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.

სიტკბო იყო, სიტკბო იყო დიდი,

ეჭვი იყო, ეჭვი იყო ცოტა...


თუ რამ გვინდა, სამუდამოდ გვინდა.

სამუდამოდ... სამუდამოდ... ჰოდა -

როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.

როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.


1966



ექიმო, მოდი, სხვა რამ ახსენი,

ჭეშმარიტების განაღე ბჭენი, -

გულში ჩამიდე სევდის საზომი,

კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი!


მიმქრალ იმედთა გასინჯე პულსი,

ფიქრების წნევით უწყალოდ ჩქარი, -

რას ეძებ სისხლში, რას ნახავ კუნთში,

რას მიგახვედრებს ძარღვების ჩქამი!


სხვა უჩინარი სიმი შესძარი,

სხვა იდუმალი განაღე ბჭენი,

გულში ჩამიდე სევდის საზომი,

კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი.


1968



დიდო ნაღველო -

სპარსო, მონღოლო,


სევდავ მზარავო -

თურქო, არაბო,


რას გიშავებდათ მიწა მტკაველა,

ეჩუქურთმა და ერუსთაველა,


ეგალობა და ეჭირნახულა,

ვაზი ეფურჩქნა ოქრომტევნება...


მაინც არ სძულხართ...

მაინც არ სძულხართ...

ღვთაებრივია მტრის მიტევება.


1968



სდუმან ხენი, უძრავნი და მოწყენილნი,

დღე დამწიფდა, ცა შედედდა, ათაკარდა.

გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი.

რამოდენი სურვილები გარდაქარდა.

რამოდენმა იმედებმა გამაწბილა.

რამოდენმა ოცნებებმა გაიარეს...

გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი

და ვიშუშებ გაზაფხულის ნაიარევს.


1970



მე გაოცებით შევყურებ ამ ხეს,

დედა მიწის გულზე ამოზრდილს.


შენი ნაჯახი მე არ მაოცებს.


1972



პური


მსხვერპლი სჭირდება ღმერთს:

ულამაზესი ასულის ან

უმამაცესი ვაჟკაცის დაკვლა.


მსხვერპლი სჭირდება ღმერთს:

უფაქიზესი ბატკანის ან

უდანაშაულო კურატის დაკვლა.


ადამიანებო,

რატომ გააღმერთეთ პური? –

მსხვერპლი სჭირდება ღმერთს...


1972



გაუგებარი

და იდუმალი,

როგორც დაღლილი თვალებისთვის

მოალერსე წყვილის ზეიმი,

მიედინება წუთისოფელი.


იმას რა ძალა ააშენებს,

რაც სიყვარულს დაუნგრევია?


1973


ვაი ჩვენდა! – ის ფიალა,

ძმრით და ნაღვლით ავსებული,

ძმრით და ნაღვლით ავსებული,

ძმრით და ნაღვლით ავსებული,

ახლა ყველამ უნდა შევსვათ,

ახლა ყველამ უნდა შევსვათ,

ახლა ყველამ უნდა შევსვათ, –

ძეი აღარ განკაცდება.


1973



ხეო, შენი სიმწვანე შემაშურე,

მზის და მიწის მადლით შენი დანაყრება,

შენი გაფრენილი ფოთლები შემაშურე,

შენი მარადიული განახლება,

შენი ბუდეები შემაშურე,

შენი ფესვების გაღვიძება,

შენი სიკვდილი შემაშურე,

შენი საამური დანაკვერცხლება.


1973



უხმოდ ნატირალი


ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო, -

თვალს არ მაცილებს მტერი ხშირიო,

ცრემლიც არ მამხელს, -

გაშრა ცრემლიო,

მინდა გიშველო, - ვერას გშველიო,

მინდა მძლავრობდე, - არ მაქვს ძალაო...

ვამე, ბევრი გყავს ჩემისთანაო...

ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო.


1973



შემოდგომის დღე


ფოთოლი ტოტზე დატორტმანებს,

თავს ვერ იკავებს,

მოსწყდება,

მიწა მიიზიდავს, მკერდში ჩაიკრავს...


შემოვალ შინ და

დავეყრდნობი მუშტებს ნიკაპით

შენზე საფიქრად.


1973



შენი ჯიუტი იმედი კვებავს

ჩემს კარგ რწმენას,

გულმოცახცახეს.

ხანდახან ხდება -

დამიფრთხება რწმენა შველივით...

შენი იმედი მომაშველე,

შენი იმედი გადამადე

მხარზე ხელივით.


1973



არა სიმართლე,

არა სიცრუე,

არა სიბრძნე და

არა სიშლეგე, -

უსაგნოდ თქმული მგონია ფრაზა:

„არარაობა არის ყოველი“.


ო, რა სწორია,

როდესაც იგი

შეყვარებულის ბაგეებს წყდება!


1973



მე მიმატოვა ჩემმა სატრფომ,

სხვაგან წევს ახლა.

მე მუხის მძიმე კუბოში ვწევარ.


არ სურდა მიწას ჩემი მიღება,

როგორც ჯიუტ ბავშვს მსუყე ფაფის,

მაგრამ კაცებმა რკინის ნიჩბებით

გაუხსნეს ყბები და მოუკუმეს.


სიბრძნით და სიმხნით სავსე სხეული

თანდათან მიწად გადამექცა,

ჯერ კი არცერთი ბალახის თესლი

არ დამცემია.


1973


დაჰკლეს ქათამი,

ახალწლის სუფრას

მისი ძვლებიც რომ არ ჰკლებოდა.


მზრუნველობა და სიყვარული

არ მოჰკლებია მოაქჟამამდე,

და თავწაწყვეტილს

თვისი სისხლი რომც დაენახა,

არ ირწმუნებდა არასდიდებით...


და მშვიდად იდო იგი ტაფაზე...


ხოლო გარეთ კი

მისი სისხლი ისე მოსჩანდა,

გამოსდენოდა თითქოსდა მიწას.


თოვლის მახინჯმა ფანტელებმა დაჰფარეს ისიც.


1974



ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება,

მუდამ უბრალოდ შემოსილი,

თან სასაცილოდ აგდებული

ნაირ-ნაირი სამოსელით მოკაზმულთაგან,

დადის მარტოკა

და დაეძებს თვის მსგავს მარტოსულს,

ხან სასახლეში,

ხან ბნელ სენაკში შეეხეტება...


მაგრამ ვერსად პოულობს სადგურს.


1974





ხენეში ეჭვი


„ყოველმან ხემან, რომელმან

არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოე-

კუეთოს და ცეცხლსა დაედვას“.

      მათე, 3,10


გიზგიზებს ცეცხლი -

იმ ხისათვის,

ხენეშ ნაყოფს ისხამს რომელიც.


მაგრამ ხენეშ თვალს

კეთილი ხე უჩანს ხენეშად...


უფალი განსჯის!..


მაგრამ მის ხილვას

ხენეში ეჭვის გვიშლის ღრუბელი...


1974



„ფართო არს გზაი,

რომელს მიჰყავს წარსაწყმედელად“.


სხვაა - ბილიკი ეკლიანი!..


შემინდე, ღმერთო:

ზოგჯერ მგონია,

რომ ეკლები სულსაც კაწრავენ.


1974



ბევრი რამ იყო გაუგებარი...


დიოდა ჩემი ფიქრების ნისლი

იმედების და სურვილების ღობე-ყორეში...


ბევრი რამ იყო გაუგებარი!


ახლა კი, როცა დამეძენძა ხორცი და სული,

ახლა კი, როცა საფლავიღა დავტოვე ქვეყნად,

ახლა კი, როცა ბალახებმა წარხოცეს ისიც,


ყველაფერი გასაგებია.


1974



თვალთ რომ შემაშრა,

იმ ცრემლებით მორწყულა ყანა, -

დამწიფებულა პური არსობის.


თვალთ რომ შემაშრა,

ის ცრემლები ქცეულა წლებად,

დამცხრალა და გაცივებულა.


თვალთ რომ შემაშრა,

იმ ცრემლებმა

მზის ფერადები გაიყოლია.


1974



რა შეუმჩნევლად ღამდები, ღამევ!

რა შეუმჩნევლად გეღება ბჭენი!

დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,

გეხმარებიან ფიქრები ჩემი.


ღელეებივით მიერთდებიან

ფიქრები, ჩემი მდიდარი ხვედრი.

გამორიყული იმედებია,

განა თმებია, - ღერები თეთრი.


დღეები კვდება და სულის გლოვას

ხავსივით ღრღნიან ფიქრები მშვიდი.

და ვეგუები იმედთა ქრობას

და მავიწყდება რაღაცა დიდი...


და მეუფლება რაღაც ახალი,

ყოვლისმომცველი, გრილი და ჩუმი...

დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,

გეხმარებიან ფიქრები ჩემი.


1974



კაცობრიობის წყურვილი


კაცობრიობას სწყურია ფიქრი,

ფიქრით დაოსდა

 და ისევ ფიქრი სწყურია.


კაცობრიობას სწყურია ხორცი,

ხორცს ემონება

და ისევ ხორცი სწყურია.


კაცობრიობას სწყურია იგი,

რომელსაც ნაღვლით ნაზავი ძმარი

სწყურია.


1974



სიცოცხლეო, მუდამ გვშივხარ,

თუმც კი ხშირად არად ღირხარ...

ვინ შეგიცნოს – და არ დაგგმოს?


სიცოცხლეო, ამის გარდა,

შენდა ქებად რაც უნდა ვთქვა,

მას პატარა ჩიტიც ამბობს.


1975



მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

ჩვენთვის სხვაგვარად ბრუნავს სამყარო.


მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

ჩვენთვის,

ვით ძველად,

მზე ჯერ „ამოდის“, მერე კი „ჩადის“.


მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

სხვა თეორია სულ ამაოა.


1975


ოდეს იხილავ ალისფერ სახეს,

დროსტარებით გაცისკროვნებულს,

ნუ ეტყვი იმას, ნუ მოასმენ

გურამიშვილის მწარე მოთქმას:

„სულ ბნელია, რასაც ელავსო“.

ნუ ეტყვი, თორემ -

მაგ ერთადერთ შენს სიმდიდრესაც

წაგართმევს ალბათ,

და ცხოვრებას თვისას ალისფერს

შეამკობს იმით,

როგორც სატრფოს

ბრილიანტის საყურეებით.


1975


ვიხილე, ვიცანი:

ვარდი არ, - ეკლები ჩანდა...

და სულში სიცივე,

და გულში ნაღველი ჩადგა.


რამდენი ლამაზი ოცნება ოცნებად რჩება...

რამდენი ყვავილი

მოთიბულ თივაში ჭკნება...


1975



ატირდა ბავშვი, -

პატარა წყენამ აატირა...

მე წავედი და

ამ პატარა ლექსში ავტირდი.

არც-ვინ ჩანდა, ნუგეში ეცა.


1975



ინტელექტუალური კომედია


რასაც ერთ დროს უსიტყვოდ ვგრძნობდით,

იმდენი სიტყვით განმარტეს და ჩააწიკწიკეს,

ვეღარა ვგრძნობთ უკვე უსიტყვოდ,

და,

მგონი,

უკვე ვეღარცა სიტყვით.


1976


გულის დაწყვეტა რა ბედენაა,

როს საშველი არ არის არსით!..


შენს თავში თუღა ჩაღრმავდები,

რომ იქ იობის მოთმინებით

საკუთარი სხივი ეძიო.


1976


ის ნებიერი ბედნიერება!..


არავინ უწყის -

რა გზით დადის,

რა ზრახვა აქვს, რა ადათ-წესი,

რომელ აკვანთან დაყოვნდება,

ვის სხეულში ჩაიძირება.


უწყალოა მისი კომპასი.

დადის,

გულებში ტკივილების ყვავილებს თესავს.


1976



კარგი დღე იყო!

მეგობრებთან გავისეირნე.

მერე - დავლიეთ...


როგორც ჯამბაზი

ბაგირზე მოარული,

ისე დაოსტატდა ჩემი სიხარული.


1977



ეს დღეც, უკვალო დღეც, წარსულს მიანებე,

ზიხარ ფანჯარასთან სევდამოწოლილი.

შენი სიმარტოვის უკან იმალება

ტანი ელვასავით, თვალი კოცონივით.


მერე ოცნებები ძილში შეგატოკებს,

როცა ღამე მოვა სიზმრით დანაღმული.

ო, რა მძიმე არის შენი სიმარტოვე,

ჩემი სევდიანი თვალით დანახული.


1977


მას სურს

ძვირფასი განიძარცვო სამოსელი,

დახიო და ფეხით გათელო,

თვალ-მარგალიტი დააპნიო,

დაათხიო მსუყე ჭამადი...


სასტიკი არის მიჯნური შენი -

ჭეშმარიტება.


1977



შავად სუნთქავს მოთმინება...

სამართალი სუსტი არის

თოთო ბავშვის სუნთქვასავით...


მაინც გვჯერა, ღმერთო, შენი! –

ჩვენს ნაწვალევ სულს და სხეულს,

ზოგჯერ ფრთებიც ესიზმრება.


1977



განათებულხარ სიყვარულით! –

წმინდა ნათელს ღვრის

ხორცგაძარცული წინაპარი...


ო, აგემღვრევა რამდენჯერ ხორცი,

სანამ შენსა და მომავალს შორის

ცამლმხრივ გამჭვირვალე მინასავით

ჟამი ჩადგება.


1978



რა არ ხდება ქვეყანაზე! –

გულმხურვალე სიყვარული

სიძულვილად იქცევა.


რა არ ხდება ქვეყანაზე! –

განუყრელი მეგობარი

მძვინვარე მტრად იქცევა.


რა არ ხდება ქვეყანაზე! –

შუბლზე მიბჯენილი თითი

მბზინავ ლულად იქცევა.


1978



გულს მიწყლავს სევდა... და რომ გაგანდო,

თბილი და წრფელი მადლით ამავსებ.

არც დაიძინებ,

მე რომ სიზმრები გამილამაზდეს.


მაგრამ შენს სულში ატირებული

ჩემზე ნაღველი არ მომასვენებს...

და არ გაგანდობ;

რა გაეწყობა - დამრჩეს ასევე.


მაგრამ თუ ვცდები... და გულგრილობით

და უგულობით თუ გამაოცებ,

შენზე კი არა,

გული დამწყდება მთელ სამყაროზე.


და ვიგრძნობ

მეც იმ ამაოებას,

დასაბამითგან რითაც იწვოდნენ...


მაშ, არა ჩემს დარდს, -

ხელი ჩემს ლხენას გამოუწოდე.


1978




ქეიფი,

მოწყენილი ქალი


ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს

და ისევ დადგა...


ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს

და ისევ დადგა...


ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს

და ისევ დადგა...


ბოლომდე იჯდა.


1978



ეს ბალახები,

ეს ჩიტები,

ეს ვარსკვლავები,

გაკვირვებულნი

ალბათ რაღაცას გვანიშნებენ...


დაგვიჟანგდა შეგრძნების ნიჭი,

უმოქმედოდ ვითარცა ხრმალი.


1978



როგორც ნაძვის ხე

საახალწლო ფერად ბურთებით, -

დახუნძლული ხარ

ულამაზესი მოგონებებით.


ზოგჯერ კი,

ზოგჯერ

უცნაური ნატვრაც გეწვევა,

როგორც ცოცხალი ჩიტის ჭიკჭიკი.


1978



ვერ მოვიხელთე,

ვერ ავხსენი -

რას ნიშნავს სევდა,

ხანდისხან გულში

აღდგომის ბატკნის ტკივილივით

წამიერად აყვავებული.


1978



უკანასკნელი სიტყვა ურმულს


განწირული ხარ,

როგორც ყვავილი,

შორი მინდვრიდან გადმორგული

რკინის ქოთანში.


იქ, -

ლურჯი მინდვრის სიმარტოვეში,

მიინავლა შენი ზეიმი.


აქ -

გელოდება ურჩხულის ხახა..


1978



იავნანა რა იქნა?


იავნანა რა იქნა?

აღარ ჰყვავის იგი აკვანთან.


იავნანა რა იქნა?

გაუტაცნიათ უცნობ ქვეყანაში.


იავნანა რა იქნა?

დარდით თვალები ამოღამებია.


1978



არ ბერდება სულის მშვენება,

არ იძარცვება,

ზეციურია და წარუვალი...


და მაინც... მაინც...

თლილი ღაწვები ჭკნებიან ოდეს,

სულის მშვენება

თავის იდუმალ სალოცავში

დამარცხებას თვისას დასტირის.


1979



ფრაგმენტი


თვალი მოვკარი:

ულამაზესი ჭაბუკის წინ

შეუხედავი იდგა ასული

და ჭაბუკს - ერთხელ მაკოცეო, -

ევედრებოდა.


მე ჩავიარე,

და არ ვიცი,

რა მოხდა შემდეგ.


1979



რამდენ დანაკარგს,

რამდენ ტკივილს და მწუხარებას

იტევ შენ,

გამოცდილებავ!


არც ერთ მემკვიდრეს არ არგიხარ,

არც ერთ ანდერძში არა ზიხარ,

დაჰყვები ყველას

საკუთარი თეთრი ძვლებივით.


1980





რაა ამქვეყნად საკვირველი?

მზისქვეშეთი

უთვალავი ფერით მოცულა...


დაილოცოს განგების ძალა!


მაგრამ მაინც, -


უძლურია როცა სიკეთე,

ვის სცდის უფალი?


1980



სხვა საწყაულით


ნუ განიკითხავთ...

დამარცხდა იგი,

ქვეყნის სიკეთის სჯეროდა რადგან.


ნუ განიკითხავთ...

დამარცხდა იგი,

ფეხი ვერავინ აუწყო რადგან.


ნუ განიკითხავთ.

რაითა არა განიკითხნეთ და

არცა მოგეწყოთ სხვა საწყაულით.


1980




დამთმე, სევდავ


ზოგჯერ სევდით მოვიწყვლები:

თუმც საამო იყო როდი -

მაინც მიყვარს ყრმობის წლები,

როს ოცნების მეპყრა ტოტი,

როს ოცნების მეპყრა ტოტი

და იმ ტოტზე ჩიტი სტვენდა!..

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


გაჰქრა ის დრო...

არსობისა პურის ძებნამ შუბლი დახნა,

იმედები გაიცრიცა

და ოცნების ტოტი გახმა.

უმოწყალოდ დაითოფა,

იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


აწ სხვას მივსდევ გზას და შარას,

აწ ცოცხალ ვარ სულ სხვა ძალით.

აწ ეჭვების ჟანგი ჰფარავს,

ჭეშმარიტი თუ რამ ვსცანი.

აწ ხსოვნაშიც ინისლება,

იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


1981



ვცოცხლობთ რისთვისაც,

რა არის იგი?


იგი არა ჩანს,

მაგრამ იგრძნობა,

ვითარცა ლექსში გამორჩენილი

ერთი სტრიქონი.


1981




ქება ბავშვის თვალებს


არ დაეჯერება მხცოვანს:

გამოცდილებით შემცდარია,

იმ წყეული გამოცდილებით.


ის ურევს გზა-კვალს.

ფარდასავით წინ ეფარება.

მზერას უხშობს თანდათანობით.


არ დაეჯერება მხცოვანს:

აღარა აქვს ბავშვის თვალები.


1981



ქება სიკეთეს


დებილს ჰგავხარ, სიკეთევ:

შენც ვერასოდეს ვერაფერს სწავლობ!


მხოლოდ და მხოლოდ

თავისი თავის შეცნობა იცი.


1981



ხუმრობა ხმაურზე


ეგ,

რომ ხმაურობს,

ხორცი არის

და არა სული.


სული კი, სული,

სული ისე უხმაუროა,

იმქვეყნიდან ჩქამიც არ ისმის.


1981




ქება შავ სათვალეს


ჭეშმარიტება მზეა.

მზე კი ისეთი კაშკაშაა,

მხოლოდ და მხოლოდ

შავი სათვალით თუ დაინახავ.


1982



ბრწყინავს ალმასი, ბროლი...

ნამი ციმციმებს დილის...

მაგრამ -

გონჯდება ყოვლი,

ოდეს სიკეთე სტირის.


ვსასოობთ ნათელს ულევს...

გვრწამსცა ნათლისაც მცირის...

მაგრამ -

ურჩდება გული,

ოდეს სიკეთე სტირის.


გვჯერა, გვეგულვის, ვხედავთ...

გვმოსავს, გვიფარავს, გვივლის...

მაგრამ -

რადა გვცდის ნეტავ,

ოდეს სიკეთე სტირის?


1982



ძველებური დარდიანი


ეს ცხოვრება სიზმარია,

გინდ გვეძინოს, გინდ არა.

გულში მუდამ სიმწარეა,

გინდ ვილხინოთ, გინდ არა.


ბედმა ზურგი შეგვაქცია,

დრომ ფუჭად ჩაიარა,

ხელში არაფერი დაგვრჩა,

სულში - დაგვრჩა იარა.


გაუსაძლისს რომ გავუძლოთ,

ღვინო ვსვათ, ჩაი - არა,

გვათრობს, მაგრამ დარდებს ვერ ჰკლავს,

რის ღვინო, - ჩაია რა!


მაშ, დავლიოთ, - სულ ერთია,

გინდ დავლიოთ, გინდ არა.

წინ რომ გველის - სულეთია,

გინდ ვერიდოთ, გინდ არა.


1982



ეს სოფელი სამსალაა,

ფუჭი გაგორება ნარდის...

სული, სული დაიღალა

ზიდვით უბოლოო ნატვრის.


ზოგს წინ ბედი წაემძღვარა,

ზოგი დაისეტყვა ავდრით...

გული, გული გაიბზარა

მუდამ კამათელის ნატვრით.


ზოგმა ყოვლი მოათავა, -

შესვა სასუმელი ნაღვლის...

ჟამმა, ჟამმა მოატანა

ხილვის შეუწველი მაყვლის.


ვინ იხილავს? ვინ დაიხსნის

სოფელს? გზაარეულ ნახირს?..

სული, სული დაიღალა,

ძილი მეუფლება დაღლილს.


1982



აჰა, დაღამდა, ისევ დაღამდა.

ერთი ბნელი დღეც ისევ გავიდა.

ისევ დილა და

ისევ დაღლა და

ისევ ძილი და

ისევ თავიდან...


ისევ მოსაწყენ გზებზე ხეტება...

ისევ სიზმრებში გასეირნება...

ასე ღამდება, ასე თენდება,

წუთისოფელი ასე ილევა.


1983



შევეგუები შენს დაკარგვას.

შეგუება

ჩემი ძველი მეგობარია.

ჩემს ბილიკზე

ისევ იგი მოჩხრიკავს ეკლებს,

ჩემს სარკმელზე

ისევ იგი დააკაკუნებს.


1983


სიზმარი (დასაწყისი)


ერთხელ, როდესაც სამსალანასვამს

ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა,

სიზმრის უძირო ქაოსიდან

ამოიზარდა მახინჯი და ავხორცი ქალი,

შემდეგ მოირთო ულამაზესი სამკაულებით

და მშვენიერი ჭაბუკის გვერდით

საქორწინო სარეცელზე

განცხრომით დაწვა.


1983



კი!

წინ წავიდა პოეზია! -


ბედის სამზღვარის გარდასალახად

დღეს შეგვიძლია

მფრინავი თეფში გამოვიყენოთ.


1984



ქება კაცის გულს


ისე რთულია

კაცის გული,

არ გაემტყუნება ძაღლს

იმ სასაცილო ერთგულებისთვის.


1984



სულ ასე გვჯერა:

ბოლოს და ბოლოს

მოეკითხება ბოროტი ბოროტს.


ვცდებით,

თუ მწარედ დაგვცინის ბედი? -

ყოვლი სიავე ატყდება კეთილს.


არის კი სხვარიგ შესაძლებელი?

ამაოდ წვალობს ამის მჩხრეკელი.


1984



აუნაზღაურებელი

დანაკლისი


დირექტორები,

მღარავები,

კონსტრუქტორები,

იურისტები,

მკერავები...

სხვანი და სხვანი...

ღრმა მწუხარებით იუწყებიან,

რომ გარდაიცვალა

     დ რ ო

დილის 9 საათიდან

საღამოს 18 საათამდე.


1984



ანალიზი


აჰა, ინებეთ, -

ჭეშმარიტების შედგენილობა

ასეთი გახლავთ:


ათი პროცენტი - სიტკბო,

ოთხმოცდაათი - სიმწარე.


ესეც ასე.

ხელის მოწერა...

მრგვალი ბეჭედი...


მაგრამ გაფრთხილებთ:

არაფერში გამოგადგებათ.


1984


ფიროსმანი


როცა მოძღვრავდნენ,

არიგებდნენ,

საყვედურობდნენ:

საქმეს სწეოდა,

ეხეირა,

ეთხოვა ცოლი...

მამაპაპური მოეხადა იმასაც ვალი, -


იგი, ალბათ, უმწეოდ დუმდა.


1984



წვრილმანთა ღობე-ყორეში

ვხეტიალობდით ნიადაგ.

მოყვრებად შევიყარენით,

მტრებად დავშორდით ბოლოს...

და ამარიდა თვალები

და უბრად წინ ჩამიარა...

კბილით გავკვნიტე ფოთოლი.

ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?


ვაი, რა ბევრნი ვშორდებით

და რა ცოტანი ვერთდებით...

იმგვარად განვიკითხებით,

თვით განვიკითხავთ როგორც...

წვრილმანთა ღობე-ყორეში

რა უგზოდ დავეხეტებით...

...კბილით გავკვნიტე ფოთოლი.

ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?


1984



დავალ, დავბზუი, როგორც ფუტკარი...

ჭეშმარიტების ფიჭა სად არი?..

ვაი, რამდენჯერ დავრჩი გულმკვდარი...

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


სამი-ოთხია - ყველა განძია,

ყველა ნაღდია, ყველა გამტანი.

ერთს - სხვა ფიქრი აქვს...

ერთს - სხვა აზრი აქვს...

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


ნუთუ წყვდიადი ასე მწარეა,

ნუთუ არია ყველას გზა-კვალი!..

მერე როგორი კარგნი არიან!..

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


1984



ყვავილების მაღაზია

შავი სათვალიდან


მახინჯია ყვავილების მაღაზია.

მახინჯებია ლამაზი ლარნაკები.

მახინჯებია ლამაზი ყვავილები.

მახინჯებია ლამაზი გამყიდველები.

მახინჯებია ლამაზი მყიდველები.


ყვავილი –

მცენარის სასირცხო ადგილია.


1985



ადვილია შენი შეყვარება, უფალო,

 შენ – ძლიერი ხარ.


შეყვარებით

განწმენდა ხდება ყოვლის, უფალო,

შენ – წმინდა ხარ უამისოდაც.


მუხლზე დაცემა ადვილია შენს წინ, უფალო,

ვიდრე მწვირის მოწმენდა მოყვასის სულზე:

ბინძურდება თეთრი ხელთათმანები.


თეთრი ხელთათმანები მიიღე მსხვერპლად, უფალო,

თეთრი ბატკნების მაგიერ.


1985



აჰა, იზეიმე!

შენი დროა.

შენ ხარ ახლა თავად სიმართლე...

 ეგ თლილი სახე ცოდვა არის

იმ ბებერი სინანულისთვის.


1985



ვაი, კრულო ბედისწერავ,

ნეტავ ერთი შენი კლანჭი

ავგაროზად გულს მეკიდოს.


ვაი, კრულო ბედისწერავ,

ჩვენთვის კარგი რა გიქნია?

სამოთხის გზა ჩაგიკეტავს,

ფართო კარი განგიხვნია

ჯოჯოხეთის ბაღნარების...


1986



ისევ ჭეშმარიტების შესახებ


სასჯელად ჩვენდა

დაფარულია ისევ თვალთაგან, -

შემოსილია ხან ფლასით,

ხან პორფირ-ბისონით.


ისევ უსხლტება იგი სმენასაც, -

ხან ღრიალებს გამძვინვებული,

ხან ჩურჩულებს ძლივსგასაგონად.


მე და შენ კი

გულმშვიდად ვზივართ

და თავს ვიწონებთ.


1986



ხუმრობა ჯონის

საყვარელ თემაზე


მეგობრული შეხუმრება

ასტროლოგ ჯონი ტუხაშვილს


საქართველოში 400 ათასი შინაბერაა.

ცხადია, საქმე კარგად ვერაა.

რატომ არ თხოვდებიან, ვის ელიან?

(უმეტესობა მათ შორის თბილისელია).

ასე თუ გაგრძელდა,

გაუთხოვარი კიდევ ბევრი დარჩება.

ყველა ელოდება წარმოსადეგ,

სიმპატიურ მამაკაცს,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!

ეჰ, ქალის ჭკუა!

ტვინის ნაცვლად თავში აქვთ თოვლის გუნდა!

განა ფიქრობენ, რომ ერს გამრავლება უნდა!

მალე თბილისი სომხებს დარჩება,

ესენი კი ელიან მამაკაცს,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!


400 ათასი შინაბერა!

ვერ არის საქმე კარგად, ვერა!

ვინ შეამცირებს ამ ასტრონომიულ ციფრს?

ვის ელოდებიან, ვის?

ვინ არის წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება?..


ვარსკვლავებსო?..


უი! უი! დამიდგეს თვალები!

მივხვდი, მგონი!

რა თქმა უნდა - ჯონი!


1986



აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით,

თუ ღმერთს სურდა, ჩემი წილი

დამყვებოდა ფრთები ალბათ.


აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით, -

ბევრსა ჰფრენენ, მაგრამ მაინც

ვერ სწყდებიან ცოდვილ მიწას.


იმათ ვუცქერ ახლა შურით,

ვინც შლეგია, ვინც ბრძენია,

ვინც უცქერის ჩიტებს შურით.


1986


უფლის საქმეა დანარჩენი


კაცისმკვლელებო!

სულერთია - სულით თუ ხორცით! -

უწყოდეთ:

ახლოვდება სამსჯავრო საშინელი!

ვერ შეინანებთ

ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით, -

საქმით შეინანეთ! საქმით შეინანეთ! -

გეძახით დაჟინებით.


დასთმეთ ჩინ-მედლები,

კაცისმკვლელობისთვის უხვად ბოძებული,

კაცისმკვლელობისთვის,

სულერთია - სულით თუ ხორცით!

დასთმეთ კაბინეტები,

გაკრიალებულები, მაგრამ თქვენით ბინძურები, -

საქმით შეინანეთ,

არა ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით.


საქმით შეინანეთ:

სწმინდეთ ტუალეტები საზოგადოებრივი,

საწყალ ქოხმახებში გასცვალეთ

თქვენი „დვარეცები“...

იქნებ განიწმინდოთ,

იქნებ გაგეხსნათ თქვენც რამ ღვთაებრივი!

იქნებ მოგეტევოთ

საქმენი თქვენი გარეწრული.


საქმით შეინანეთ:

თქვენგან გათელილთა დაეცით ფერხთა წინ

და მათი ფერხთა მტვერი

ალოკეთ, ვითარცა წამალი გადამრჩენი...

იქნებ მოგეტევოთ -

საქმით შენანების იარეთ მწარე გზით!

თქვენ თქვენი ეცადეთ და -

უფლის საქმეა დანარჩენი.


1986





ხსნა


ჯერ ჭაობიდან ამოფორთხება,

მუხლზე დაცემა მერე გვმართებს.


ჯერ ლაფის ჩამორეცხვა,

ლოცვა-ვედრება მერე გვმართებს.


ჯერ ჰარმონიის დაუფლება,

გალობა მერე გვმართებს.


ხსნა მერე მოვა.


1987




ქება ჩიტს


თუკი რწმენა ღვივის უფლის,

რამ შეაკრთოს? -

მამაცია ჩიტის გულიც.


თუ სასურველ შორეთს ელტვის,

რამ დაღალოს? -

ძლიერია ჩიტის ფრთებიც.


ერთურთს თუ შევიყვარებდით,

ჩიტის საკენკს,

ჩიტის ბუდეს ვიკმარებდით.


ვმადლობ უფალს, - დიდის ლხენის

მიზეზია ზოგჯერ სმენა

ჩიტის სტვენის...

...

ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო,

ხორცო,

ერთო ფიორაო...


1991




სინანული

ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას



ისევ ვსვამთ...

ისევ მისდევენ დღეები დღეებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


ისიც არ გვწყალობს -

ღვთივ-სასურველი სინანული...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


უმწეო არის ისიც - კურცხალი,

ვერც ცას სწვდება,

ვერც მალამოდ ედება ფესვებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


ისევ ვსვამთ...

ისევ მისდევენ დღეები დღეებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


1991




არა, ხსნის გზა არ არის სხვა,

არც აგვცდება ზეცის რისხვა,

თუ ისევ არ დავაქციეთ

სინანულის ცრემლების ზღვა.


თუ ყურთ არ შევუშვით ძის ხმა,

თუ არ დავთმეთ შურის მიზღვა,

და თუ ისევ გადაგვძალა

სიყვარულის ნაცვლად ზიზღმა.


1992




ქება უიმედობას


უიმედობის ყვავილებო,

ფიქრში ღივდება თქვენი თესლი,

დიდხანსაც ჰყვავით დაუჭკნობლად.


მე ვთვრები თქვენი სურნელებით,

როცა უღმერთოდ ვიხლართები

სადმე, იმედთა ეკალ-ბარდში.


1992


ხილვები ყავის ჭიქაში


ვხედავ:

რაღაც მაღალია.

შესმა გიწევს ტკბილი მწარის.


ვხედავ:

რაღაც მსუბუქია.

ზიდვა გიწევს მძიმე ჯვარის.


ვხედავ:

რაღაც წერტილია,

შენსკენ ნელა მოიჩქარის.


1993



საქართველოვ

საქართველოს ჰიმნის პროექტი


საქართველოვ, კერა შენი

ჩაუმქრალი კანდელია,

ხიბლით ბრწყინავ იდუმალით დღესაც;

სვე შენი და ბედი შენი

მძიმეა და ნათელია, -

საქართველოვ, ბედს მიჰყევი შენსას!


ქედუხრელი მოდგმა შენი

უკვდავ განძთა მფლობელია,

ერსა შენსა მაცხოვარი მწყემსავს;

მზე შენი და ზეცა შენი

ოქროს შუქთა მთოველია, -

საქართველოვ, მზეს მიჰყევი შენსას!


კურთხეულ არს მიწა შენი,

კურთხეულ არს ენა შენი,

ცა სწყალობდეს ყანის შენის მთესვარს;

ღმერთსა შენსა მიენდე და

უგალობე წმინდა რწმენით, -

საქართველოვ, ღმერთს მიჰყევი შენსას!


1996


არ ვემდურები ბედს


ამქვეყნად მოსვლა მომეზღო, -

რას ვისურვებდი მეტს?..

ხომ იყო რაღაც!.. ხომ იყო!.. -

არ ვემდურები ბედს.


რაც იქნება და რაც იყო,

ყოვლის მხილველი წყვეტს...

ჰო, ზოგჯერ ზეცაც გამეღო! -

არ ვემდურები ბედს.


გმადლობთ!.. სხვა, აბა, ვთქვა რაღა? -

მაღლით უფალი გვჭვრეტს...

ცოოოტა ხო-მაინც მალაღა, -

არ ვემდურები ბედს.


2001 


მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს


ეჰ, სამოცს გადავაბიჯეთ, უფრო მეტისაც ვხდებით,

ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.

მუხლები მოგვიფამფალდა, გვზაფრავს სიბერის ჭირი,

ხან ფიქრებში ვართ ჩანთქმული, ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.

ზოგს გული გვტკივა, ზოგს - სული,  ზოგს გვიკანკალებს ხელი,

ღვინოს ვეღარ ვსვამთ, ჭიქაში ჩაი გვისხია ცხელი.

გავთეთრდით, დაგვინაოჭდა ლოყები, ერთ დროს თლილი,

ზოგს თმა გაგვცვივდა მთლიანად, ზოგს - თითქმის ყველა კბილი,

თვალს მხედველობა დაგვაკლდა, გულს - სიყვარულის ალი,

მშვიდად ვუცქერით, რაზედაც გვებრიცებოდა თვალი,

სურვილიც უკვე ხშირად გვაქვს ლოგინში მარტო წოლის,

ზოგს არ გვყავს, ზოგს - რამდენიმე,  ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.


დღეს ასე ვცხოვრობთ... არ ვიცით,  ხვალ რას გვიმზადებს ბედი...

მეც თქვენი ჭირი მაწუხებს და ბარეორჯერ მეტი.

ჩამოვრჩი ყველა ქარავანს ყველა გზასა და შარას,

დღეს რა მაქვს, მაგრამ იმასაც ხვალე მტაცებს და მპარავს.

ხვალ - დავიძინებ მარადის,  დღეს - ძლივძლივობით მძინავს,

დღეს უფანჯრო მაქვს, ხვალ მელის უკარ-უფანჯრო ბინა.

დღეს რომ ღია მაქვს ყოველთვის,  ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,

ჰოდა, ხვალ ნუღარ გადასდებთ, დღესვე მესტუმრეთ ბარემ.

თუ პურმარილსაც მოიტანთ, მაგრა დაგიწყებთ ქებას,

ღვინოს, მწვადს, გოჭს და წიწილას...  პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…

...მაშ, მოდით, თორემ დრო გარბის, სამოცზე მეტის ვხდებით,

ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.


2002


მიყვარს მერცხლები


მიყვარს მერცხლები, შავფრთიანები და თეთრგულები,

კუდმაკრატელები და ჭკვიანები,

დედალ-მამლები, სულ ერთმანეთის ერთგულები,

არა მოღალატეები და ეჭვიანები.


არა მსიძავნი, მემრუშენი და გზაარეულნი,

მხოლოდ საკუთარ მეწყვილეთა მოყვარენი,

ნამდვილ თავისუფლებას, 

                            ნამდვილ ბედნიერებას ზიარებულნი,

ნამდვილი გაზაფხულების აუცილებლად მომყვანები.


2003



სიცოცხლე უძილო ღამეა


„რატომ არ თენდება, რა ვიცი“.

ტანჯული ადამიანის, ივანე (გია) ჯავახიშვილის

ამოძახილი ძილის დროს.


სიცოცხლე - უძილო ღამეა,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

          რატომ არ თენდება, რა ვიცი.


სიცოცხლე - ხანგრძლივი წამია,

სიცოცხლე - უძალო შხამია,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

          რატომ არ თენდება, რა ვიცი.


სიცოცხლე - სულეთის ჩქამია,

სიცოცხლე - იმედთა ხრამია,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

          რატომ არ თენდება, რა ვიცი.


სიცოცხლე - უძილო ღამეა,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

სიცოცხლე - უძილო ღამეა,

          რატომ არ თენდება, რა ვიცი.


2003



შოთა რუსთველი


იგი ერთ დროს მინისტრი იყო,

მეჭურჭლეთუხუცესი,

წარმატებული ფრიად,

მორჩილებდნენ განძთა მცველნი,

ხარკთა ამკრებნი.


სპასპეტი იყო სადროშოსი,

მორჩილებდნენ სპანი მამაცნი.


პატრონი იყო რუსთავისა,

სხვათა და სხვათა,

მორჩილებდნენ ყმანი ურიცხვნი.


ეჰა იხილეთ:

მიწა და ნაცარ ქმნილ არს ყოველი.


ამაოდ დაშვრა, საწუხ არს ესე.


2008



დაგმანული კარიბჭე


არა,

პოეტს არა აქვს ფრთები, -


ვერ გადაუფრენს სიტყვების შამბნარს

მშვენიერების იდუმალი საუფლოსაკენ...


და გზას იკაფავს...

და ეკაწრება სული და ხორცი.


მაგრამ მაინც ბედნიერია...


თუმცა გზის ბოლოს

დაგმანული ხვდება კარიბჭე.


2009



ჰო, ისინი...


ჰო, ისინი, არა-ღირსნი,       

დაგვცქერიან ზეციური სივრცით...      

მედაშენ კი მივჩაქჩაქებთ,                                                  

დატვირთულნი ვირის კურტნით – სიბრძნით.      


ჰო, ისინი  დღეს ზეობენ,                       

ხვალ კი ზეცა მოუსკდებათ რისხვით...                        

მე და შენ კი მშვიდადა ვართ,                    

და სად მივალთ და რაცა ვართ – ვიცით...


მაგრამ ასე სანამ გავძლოთ? –    

კვლავ შორია სამართალი ზეცის...

პური გვიჭირს სულის საზრდოდ,

თორემ გვყოფნის ხორცის საზრდოდ –          

                                                                ლექსიც.

2009




ხუთი ლექსის ბალადა


              ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი ჩემს

              გულშემატკივრებს  (ბ-ნ გურამ სოსელიას პასუხად).


მისაყვედურეს: „ბოლო ხანს ლექსებს არ სწერო რატომ?..

იქნებ გაგიცვდა კალამი, ან დაგიჟანგდა მთლად?..“

„რა გითხრათ-მეთქი? - ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,

თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, -  არად ვარგივარ სხვად...“


დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! -  ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...

ოთხია წმინდა, ღვთიური... ოთხი გამიხსნის ცას!..

აჯობებს, ოთხჯერ დამედოს რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,

ოთხჯერ გავაღო გული და ოთხჯერ შემოვკრა ზარს...


მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - რა ვი, - ბევრია, მგონი...

ვინ უწყის ნება განგების?.. უწყალოდ მიჰქრის დროც!..

სწრაფია ბედის მდინარე... ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...

გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, ბევრიც გამქირდონ რომც.


სამს?.. არა, ორი სჯობია!.. კი, - ორი მინდა სწორედ!

ორი - სიცოცხლის წყაროა, ერთი ბუდე აქვს ორს...

სინათლეც ორთავ თვალისა გაედევნება შორეთს

და მაინც სადღაც იპოვის თავის მეორეს - სწორს...


ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... სახე ყოვლისა ტანის...

უცნაური და უთქმელი... სასოება და ხსნა...

ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა დათრგუნვად მე სატანის,

თუკი, უბრალოდ, კარგია, და... არაფერი სხვა...


მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, რა გასაქანი მივცე?..

ირგვლივ სუსხია... ზამთარი უკვე მომადგა კარს...

ხომ არ სჯობს, დავწვა, რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,

თუ - ამ გაძარცულ ტოტებში გავასაუბრო ქარს?


2009



შეუცნობელი, იდუმალი საწუთრო ბრუნავს,

ღმერთი აშენებს, დაანგრია სატანამ რაიც...

ჰო, ბოროტებას სიკეთე სძლევს, სიკეთე თრგუნავს,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც.


ღვინო ღვინოა, რამდენი რამ უმისოდ გვათრობს,

რა შეედრება იმ განწყობებს, იმ ღვთიურ ხალისს...

ჰო, სიხარული ჩვენთანაა, ჩვენს გულებს ათბობს,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც.


ღამდება, ვატყობ, და თანდათან ჩამოდის ბინდი,

და სინანულით ვეგებები გარდუვალ დაისს...

ჰო, სიცოცხლეო, კარგი იყავ, და ვამბობ - ღირდი,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც...


2010



რაც რაიმე გვიშრომია,

მიწად, ნაცრად ქმნილ არს...

სულ მწარეა, სულ შხამია

საღამოც და დილაც.


რაც რაიმე გვინატრია,

დაგვრჩა ნატვრად მხოლოდ...

გვირაბის წინ სინათლეა,

სიბნელეა ბოლოს.


სულ ფუჭია, სულ ფარსია,

სულ ჭირი და ქატო...

მაგრამ მაინც... ლამაზია...

მაგრამ მაინც... გმადლობთ...


2010



რაღაც სხვა


გული გამძლეა,

          ის არაა სუსტი, სნეული, -

არც „ამღვრეული“,

          არც „დამწვარი“,

                    არც „დამსხვრეული“.


სულ ცარიელი სიტყვებია - მერე რამდენი -

„გულგატეხილი“,

          „გულმოკლული“

                    თუ „გულნატკენი“.


ჰო, უცნაური ეს ცხოვრება ტანჯვის ზღვა არი.

გული გამძლეა.

          რაც ვერ უძლებს, რაღაც სხვა არი.


2010


გიფიქრიათ, -

ნეტავ, შოთა, რას დასწერდა დღეს?

გრძლად იტყოდა,

თუ სულ მოკლედ მოსჭრიდა სათქმელს?!


მაგრამ უწყის მან - განგებამ,

წინასწარ უწყის, -

ოქროს კალამს, ღვთიურ გზნებას

ვის როდის უძღვნის,


ვისი პირით იტყვის სათქმელს...

ჰო, ასეა ეს...

მაგრამ მაინც...

ნეტავ, შოთა რას დასწერდა დღეს?


2010


ჩემი ოთახი


                 ვახტანგ ბახტაძემ ჩემს ოთახში

                ყოფნისას აქეთ-იქით მიმოიხედა და თქვა:

               „ასე მგონია, ვაგონში ვარ!“

               გარეთ მატარებლის რახრახიც ისმოდა.


ასე მგონია, ვაგონში ვარ,

რომელიც დიდ მატარებელს გამოექცა,

იარა, უგზო-უკვლოდ იარა,

და ჩემს პატარა ბინად გადაიქცა.


ასე მგონია, ვაგონში ვარ,

რომელსაც უნდა -

კვლავ ახალი სივრცე მოსძებნოს,

მაგრამ ბორბლები დაუჟანგდა

და ახლა ფრთებზე ოცნებობს.


2010



ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს


რა ქვა ვიხალოთ? რა ვიღონოთ

წავიდეთ სადა? -

სამშობლოსათვის

კათოლიკედ თავი სცნო საბამ...


რა ხელი ჰქონდა ინგილო ქალს

ერეკლეს ქუდთან? -

არც მეფე იყო ბედნიერი,

არც მეფეს სურდა...


ყაენის კარზე

რას უქადდა, იცოდა, მისვლა, -

მეფე დემეტრემ თავი დადო,

ქვეყანა იხსნა...


და ასე შემდეგ..

და სხვა... და სხვა...

და ასე მუდამ...

მეტს აღარაფერს გაგახსენებთ. -

დავდუმდე უნდა...


2010



მწუხარებაც ლამაზია

და უთქმელი ურვაც,

იმ იარას რა ფასი აქვს,

დრო რომელსაც ჰკურნავს?..


ეს რა ფიქრი დამესია!..

შემძრა ელდამ შიშის...

შევჩერდე - უკეთესია,

შორს ნუ წავალ... ფიქრში...


2010


როგორ ვარ და - აბა, რა ვი...

გავსცქერ ჩემს გზას... წყნარად ვღელავ:

ვერც-სად ვპოვე მყუდრო ვანი,

ვერც გავიჭერ ველად, ხელად.


როგორ ვარ და - ბოლავს ნისლი,

სულში ქარაშოტი გმინავს,

დუღს საწუთროს ცივი სისხლი

და ცას უგულობა ჰყინავს.


როგორ ვარ და - ავმა ჟამმა

სული კაწრა, გული ბზარა!

ჭირმა - თავი, ლხინმა - ბოლო,

ჰფარა, მაგრამ ვერ დაჰფარა.


ვერა, ვერ ვატარე ნავი,

ვერც გიჟურად, ვერცა ფრთხილად...


მაშ, როგორ ვარ? - აბა, რა ვი...

აჰა, ფარდაც...

მორჩა.

მივალ.


2010



უფალი გწყალობს


შენ, ჩემო საწყალო ხორცო და ძვალო,

ამაოდ ჯახირობ, ამაოდ წვალობ, -


შენც ისე, როგორც სხვებს, გამოგხრავს ჭია,

რომელსაც შენსავით ცივა და შია...


და მაინც, რომ გაჩნდი, უფალი გწყალობს,

შენ, ჩემო საწყალო ხორცო და ძვალო.


2010



აღმოსავლური ელეგია


ეს არაკიც ჩინს ქვაზედა, ალბათ, სწერია:

რაც რაიმე საამოა,

წუთიერია.


თუცა გული სიკეთეთა ყოვლთა მნდომია,

რაც რაიმე ძვირფასია,

მიუწვდომია.


გაცამტვერდეს, დასამარდეს, დაჭკნეს - ბრალია,

რაც რაიმე ლამაზია,

წარმავალია.


ჰო, საწუთრო სულ ბოროტთა, ავთა მქმნელია,

განშორება, და-ცა-თმობა

მაინც ძნელია.


2010




   ქება „უნდა“-ს


  უნდა პურით

      განგვაძღოს მიწამ;

  უნდა ზეცამ

      მანანა გვიძღვნას;


  უნდა მოყვასი

      გულში გვესვას;

  უნდა მოსისხლეს

      შევუნდოთ მტერსაც;


  უნდა უფალს

       მივსდიოთ წმინდას;

  უნდა სატანამ

      შიშთვილ იბას...


  და სხვა... და სხვა...

     და, რა თქმა უნდა, -

  „უნდა“ ყოველთვის

     რჩება „უნდად“.


2010    




ერეტიკული ხუმრობისებური


ღმერთს მარტოობა, ალბათ, მისჭირდა,

ამა ქვეყანას სანამ შექმნიდა...

ზოგი დაჰბადა ღვთიურ ფიქრიდან,

ზოგი თიხიდან, ზოგი ნეკნიდან...


ნეტავ, თუ ნანობს ბედის მწერალი?

ყოვლი გაცხადდა, რაც დრო გავიდა, _…

რაღაც ვერ არის...

რაღაც ვერ არის...

დასაწყებია, ალბათ, თავიდან...  

 

2010   



ჩემი ოცდამეერთე


ჩემი ოცდამეერთე: წინ - უცნობი შორეთი,

ჩემი წილი, ახალი გრძელი ათასწლეულის,

ბოლო, უკანასკნელი ამოსუნთქვა პოეტის, -

სასტიკ მეოცისაგან ძლივ-ძლივ თავდაღწეულის.


ჩემი ოცდამეერთე: შემოდგომის ფერებით

მოჩითული ცხოვრების ბოლო აღმართ-დაღმართი...…

დაგმანული კარიბჭე იდუმალი მშვენების,

და ბოლო გაჩერება დაქანცული საათის.


ჰო, ეს ჩემი ხვედრია, - ჩემი ოცდამეერთე,

ათი წელი - ახალი გრძელი ათასწლეულის,

ჰო, ეს ჩემი ბედია ერთი ჩუმი პოეტის,

უდაბნოში ამაო მღაღადებლად ქცეულის.


2010



მოგონებანი


სულ გვდევენ მოგონებანი, -

ხან შფოთვენ, ხან წყნარდებიან,

ხან გვეჯარვიან ღრუბლებად,

ხან მზეებრ გაბრწყინდებიან,


ხან გვქენჯნენ, ხან გვამშვიდებენ,

ხან ყელში ბურთად ხვდებიან,

ხან ასოვლებენ წამწამებს,

ხან დოქის ტუჩზე სხდებიან.


2011



ანა კალანდაძე


მახსოვს, როდესაც პირველად

მე წავიკითხე ანა,

რა შუქმა შემომანათა,

რა უნაზესმა ცამა!


რა კდემა იყო, რა კრძალვა,

რა სინატიფე ზენა!

რა სათნოების ზღვა იყო,

რა ვარსკვლავების ცვენა!


რა ბროლი იყო, რა ლალი,

რა ბადახში და მინა!..

დღესაც თვალებს მჭრის,

იმ წიგნმა

ისეთი შუქი მფინა.


2011



რასაც გული კარნახობდათ


              „ჩვენი თაობის“ მწერლების ფოტოს ხილვისას


ვუცქერთ ფოტოს; რა ძვირფასი სახეები გვიცქერიან!

ჭაბუკებად დარჩენილებს დღემდის სევდით ვიგონებთ, -

ცის მკვიდრთ - ლადო ასათიანს, გელოვანს თუ საჯაიას...

მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს.


ტრიალებდა დრო სატანის, ლამის ძმა ძმას ღალატობდა...

ისინი კი პოეზიის წმინდა ალით იწვოდნენ.

წერდნენ, რასაც ჭაბუკური ცხელი გული კარნახობდათ,

მამულისთვის ჭეშმარიტი პოეზიით იღვწოდნენ.


მოკვდნენ... თითქოს არც წასულან,  

                                           თითქოს ისევ აქ ლაღობენ,

თითქოს ალალ პურმარილზე ძველებურად ლხინობენ...

რა წუხილი დააბერებს, რა სიბერე გაახუნებს

მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს?


2011



ცხოვრება დები იშხნელებისა


სცენაზე ანგელოსები,

თუ გოგონები იდგნენ? -

ცრემლი სდიოდა აკაკის,

ისე კარგები იყვნენ!

მის ლამაზ ლექსებს მღეროდნენ,

ბულბულებივით ხმობდნენ,

მღეროდნენ, მაგრამ მორცხვობდნენ, -

მგოსნის წინაშე კრთოდნენ...


მერე, როდესაც სასტიკი

ქარტეხილები ჰქუხდნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ,

თუმც ჰგლოვობდნენ და სწუხდნენ.

მერე, როდესაც ავსულნი

ქვეყანას სისხლში ჰბანდნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ, -

სევდიან ფრესკებს ჰგვანდნენ.


წყვდიადში ნათელ-სხიობდნენ

და სანთლებივით ენთნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ, -

წყლულებს მალამოდ ედვნენ.

მოდიოდნენ და მღეროდნენ,

და... ამაყები იყვნენ!…

მერე გარდავლეს სოფელი

და - სანთლებივით მიქრნენ.


2011



ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება


ზურაბზე წვერი მოვუშვი... მერე - დავტოვე ასე.

მითხრეს: არ შეიძლებაო, - შეწუხდებაო იქ!

ვთქვი: ჩემი წვერის მოშვება იქ იმოქმედებს რაზე? -

დაეჭვებული მივყევი სინანულსა და ფიქრს.


ეჰ, ნეტავ წვერის მოშვება მართლა შველოდეს რამეს!

რა შეუძლია სინანულს? რა შეუძლია წვერს? -

იგი წავიდა. აქ დარჩა აღუსრულები საქმე...

იგი წავიდა... კაცის ბედს ბედის მწერალი წერს...


2011



მამიდა


არა, მძიმე ბავშვობის გახსენებაც არ მინდა,

მაგრამ... რადგან თვით უკუნს სულ პატარა სხივიც შლის,

მე ვიგონებ ჩემს გამზრდელს, ჩემს საყვარელ მამიდას.

(რობაქიძის - გრიგოლის მკვიდრ მამიდაშვილისშვილს).


წლები იყო სასტიკი, ცხოვრება - უმძიმესი,

მაგრამ მაინც - მამიდას მზრუნველობით გამთბარი:

ჭადი გაფიცხებული, დაწობილი მარილზე,

და ძილის წინ - ლამაზი „ტოტ-იაშოს“ ზღაპარი...


არ უვლია სკოლაში, - პირობები არ ჰქონდა, -

წერა-კითხვას ძლივს ფლობდა, კეთილი და ალალი,

ბავშვებს გვეფერებოდა... ნაღვლიანად ამბობდა:

„ჩემისთანა საწყალი ხეში მატლი არ არი...“


ჩუმი სევდით სტანჯავდა უიღბლობაც თავისი, -

ავ ხალხს გამოჰქცეოდა - ქმარს და აშარ დედამთილს...

და ცხოვრობდა ისევ აქ, მამისეულ კერაზე,

და გვივლიდა ძმისშვილებს დილით-დაღამებამდის.


მერე ხელი სხვამ თხოვა, (უკვე - კარგმა ბიძიამ!), -

ქვრივი იყო, სამოცის, შვილიშვილთა პატრონი...

წაიყვანა მამიდა და მიჰგვარა მისიანთ,

მერე ცალკე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ მარტონი.


ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, სტუმრები უხაროდათ,

მეც ვსტუმრობდი, ვლხინობდით მე და მისი ქმარიკო...

ჩემი კარგი მამიდა იქ სუყველას უყვარდა, -

იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.


ჰკრეფდნენ ყურძენს, უვლიდნენ ძროხებს, წიწილ-ვარიებს...

კარგი იყო მამიდა - დედის, ბებოს ნაცვალიც...

რაც კი ჰქონდათ, გასცემდნენ, მოჰმადლოდათ ორივეს

სიკეთის ქმნა - ამქვეყნად ულეველი საგძალი.


ასე განვლეს ცხოვრების ოცდაათი მათ წელი...

მერე ქმარმა დასტოვა, - სული ზეცამ წარიღო...

მერე წაჰყვა მამიდაც, სიყვარულით მოცული...

იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.


2011



ქართველ ემიგრანტებს


ჰო, თქვენ მანდ ხართ, მანდ ცხოვრობთ, -  

                                                  აწყობილ სამყაროში,

მანდ ქალაქიც კარგია და სოფლის იდილიაც...

აქ - ყველაფერს ჰყიდიან! იყიდება ნამუსიც...

თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?


მანდ წყნარია ხმაურიც, მანდ ხიბლი აქვს ქაოსსაც...

აქ - ჩონგურის სიმებიც უღმერთოდ აშლილია...

აქ - აღარ კითხულობენ ღვთიურ „ვეფხისტყაოსანს“...

თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?


ალბათ ხშირად დამტკბარხართ წარმატებით, დიდებით...

ალბათ ასეც მომხდარა, - უგზო-უკვლოდ გივლიათ...

ალბათ ზოგჯერ ფანჯრის წინ უნებურად რინდდებით...

ჰო... მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია.


2011



ვზივართ, ფანჯარაში ვიყურებით, -

თეთრით იმოსება სამყარო;

იქნებ ზენაარი გვეფერება

და სურს, სისპეტაკით დაგვფაროს? 


თითქოს ყველაფერი ცამ განბანა...

ვზივართ ფანჯარასთან, ვსაუბრობთ...

რა მშვენიერია ეს ქვეყანა!

როგორ ამახინჯებს საწუთრო!


2011



       თუ გახსოვს შენ

          

          რუსლან ღონღაძის ხსოვნას


„თუ გახსოვს შენ - თეთრი ვარდების ბაღი“? -

რუსლანის სიმღერა - სევდიანი და ლაღი?


თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, - ამაყი, ახოვანი?

მომლხენი, მოყვარული, უზადო იერ-სახოვანი?


თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, მუდამ იმედით მაცქერალი?

ერთგული ერისშვილი, რეჟისორი და მწერალი?


თუ გახსოვს შენ, - მისი გიორგი, უსაყვარლესი პირმშო ვაჟი?

სიმართლისათვის  თავგანწირული, 

                                             გმირად შერაცხული უკრაინაში?


მისი სიკვდილის არ მომსწრები,  

                                            რუსლანიც უდროოდ წასული?

მისი ლამაზი ცხოვრების მოულოდნელი დასასრული?


თუ გახსოვს შენ, - მის საფლავთან მდგარი მწუხარე ხალხი?

თუ გახსოვს შენ,  რუსლანის სიმღერა - 

                                             „თეთრი ვარდების ბაღი“?


„თეთრი ვარდების ბაღი, სად სიყვარულის დიოდა დღენი“?

თუ გახსოვს შენ, რუსლანი - კაი ყმა,  რუსლანი - ჩვენი?


2011




ასტეროიდი მოდისო, თქვეს,

დგებაო აღსასრულის ჟამი...

გაქრება ადამიანიო, თქვეს...

გაქრება „ვეფხისტყაოსანი”...


თქვეს, - ასტეროიდიო გაგვსრესს,

თქვეს, ახლოს  არისო ჟამი...

იმდენი ცოდვები გვაძევს,

ლამის დავიჯერო, ლამის.


2011



 ფიროსმანის ძეგლთან


დიდი მხატვარი მუხლმოყრილი დასცქერის ბატკანს,

მკერდზე მიუკრავს სააღდგომო თეთრი ბატკანი...

ეს არის კაცი

               ერთადერთი

                            მილიონთაგან,

მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -

                                                         ერთი მათგანი.


იდუმალია განგებანი უფლისა რადგან,

შესაწირია ისიც, როგორც  თეთრი ბატკანი,

გამორჩეული

                     ერთი კაცი

                                         მილიონთაგან,

მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -

                                                           ერთი მათგანი. 

 

2011             



ნეტავ იმას


რა ნაზი და ლამაზია

ჩიტის ფრთების პაწაწინა სითბო!

ცაში ფრენით განბანილი

და ბუდეში ჩაფენილი თითქო.


ჰო, ბარტყები, აქ გაზრდილნი,

სწორედ ცაში დაიწყებენ ნავარდს...

ნეტავ იმას, ნეტავ იმას,

ვისაც ცა და ცაში ფრენა განბანს!


2011



ინოლა


        „იქნებ ღრუბლებად იქეც,

         იქნებ ნამი ხარ ველის?..“

                        ინოლა გურგულია


შექმნა... იმღერა...  გვიძღვნა

ჰანგთა ძვირფასთა წნული...

ქარი კვლავ არხევს სიმებს

მისი ლამაზი სულის.


და რაც უთქმელი დარჩა,

წმინდა გალობა ცრემლის, -

ალბათ ღრუბლებად იქცა,

ალბათ ნამია ველის...


2011



  შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი


1982 წელი იყო. ლიტერატურის მუზეუმში

გურამ რჩეულიშვილის, ფილიპე ბერიძის,  

ყარამან კიკვიძის და შოთა ჩანტლაძის ხსოვნის 

საღამო გაიმართა... ამ დროისათვის შოთა ჩანტლაძის 

ერთადერთი მომცრო პოეტური კრებული იყო           

გამოქვეყნებული და ორიოდე საჟურნალო პუბლიკაცია, 

ისიც სიკვდილის შემდეგ...


შოთას ხსოვნის საღამოზე მორიდებით გამოვედი,

წრფელად დავახასიათე, როგორც კაცი და პოეტი.


მომიწონეს, ტაში დაჰკრეს, მადლობა და ქება მითხრეს;

წიგნიც რამე მისახსოვრეს; „იცნობდიო შოთას?“ - მკითხეს.


არ ვიცნობდი; - მეგობართა გადმოცემით გავიცანი,

რომელთათვის პოეტი და კაცი იყო საფიცარი.


საბჭოური იდგა ჟამი, - ჟამი სუკ-ის და ცეკასი,

იმ ყიამეთს აბრწყინებდა თურმე შოთას მასტერ-კლასი.


ბაღში უნივერსიტეტის ჯგროდ ახლდნენო მოწაფენი, -

მისი ლექსის მწარე რითმის, წრფელი სიტყვის მოწადენი.


ჰო, დრო იყო საბჭოური, უძრაობა გაგანია...

პოეზიის გენერლებიც მიიმალნენ რა ხანია...


რაც ხდებოდა, ისევ მოხდა: მოკვდა კაცი და დაფასდა...

ახლა მისი წიგნთა-წიგნი იბეჭდება დასტა-დასტა.


მაგრამ დარჩა  სინანულად დიდი პოეტი და კაცი,

მისი წიგნი - მისი განძი, მისი ბაღის მასტერ-კლასი.


2011



 ჩიტები ცაში კვდებიან


ჩიტები ცის შვილებია

და ფრთებად ცის ნაჭრები აქვთ,

ჩიტები ცაში კვდებიან

და მკვდარნიც ცაში რჩებიან,

ცის მოყვარული გული აქვთ,

ცით მობერილი გონი აქვთ,

ჩიტები ცაში კვდებიან...

ასე მსურს... ასე მგონია...


2011



ჩიტმა ამბავი მოიტანა


                 ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გამო

                 პოლიტიკურ ასპარეზზე


ჩიტმა ამბავი მოიტანა, - მალამო გულის დადაგულის, -

მალე არწივი მოფრინდებაო, აქამდის ჩუმი და განაბული.


სვავები, ყორნები აწრიალდნენ,  

                                     სულმთლად აერიათ თავგზა,

დაიწყეს ყრანტალი და ყიამყრალობა, -  

                                    არა სურთ დათმობაზე წასვლა.

     

არწივმა მიიხედ-მოიხედა, ბულბულებს, ნიბლიებს უხმო,

ისურვა, სიმართლე მოესმინა, - არავინ განეკითხა უღვთოდ,


ყველას მიკუთვნოდა თავ-თავისი, - 

                                    პური თუ სული თუ ფრთები...

განემშვენებინა წყალი და ხმელეთი,  

                                    ველი და ბარი და მთები...


სვავები, ყორნები აყრანტალდნენ, -  

                                    აქედან გავაგდებთო არწივს,

აქ ჩვენი არისო ყველაფერი,  

                                   არ დავთმობთ ფრჩხილისოდენ ნაწილს;


ჩვენი კერძიაო ეს ქვეყანა,  გვინდაო ბოლომდე ვყვლიფოთ...

ჩიტმა ამბავი მოიტანა...

- ოქროს ნისკარტი, ჩიტო!


  2011, ოქტომბერი



ძუნწად - სიკეთის მთოველი,

უხვად - ჭირის და სახადის, -

განვლიე წუთისოფელი,

გარდამხდა გარდასახადი.


მესიზმრებიან წასულნი, -

იწყება დიდი აღმართი :

მიდის - ლამაზი და ცრუი,

მოდის - ნაღდი და მარადი.


2011



 ისევ


ისევ თენდება;

                   ზეცას თბილი ფერები ჰფარავს;                         

ისევ ცრემლივით ლამაზია ცვარ-ნამი დილის,

ისევ ისეა სიხარული -

                   ახლოც და შორიც;

ისევ გულშია მოგონება -

                    მწარეც და ტკბილიც.


ისევ მირაჟი:

                     სულის ნაცვლად ანათებს ხორცი;

ისევ იწროა გზა სიმართლის,

                     შენთვის თუ ჩემთვის...

ისევ უმწეო მოლოდინით  

                     ხვალის დღეს ვუცქერთ,

ისევ გვირაბის ბოლოსაა

                     სინათლის წვეთი.


2011




ცხოვრების სადღეგრძელო

რუსიკოს ლუდით


ვინ არ მხვდება... ვინ არ დაეხეტება...

მათხოვარიც შემომტირებს უცებ,

მაგრამ არ მაქვს გროში გასამეტები

და ჯამს უხმო თანაგრძნობით ვუვსებ.


მანქანებიც რა უაზროდ დაჰქრიან, -

ალბათ ფუჭი ელოდებათ საქმე.

ამ სულელურ ფაცი-ფუცში რა ჰყრია? -

სჯობს, სალუდეს მივაკითხო სადმე.


მაგრამ იქაც სიძვირეა უზომო,

ჩემი ჯიბე ვერ აიტანს ამდენს...

ჰო, შინ წავალ ცივი ლუდის უსმელად

და ქაღალდზე ცხელს დავაფრქვევ სათქმელს...


მაგრამ არა! - ეზოში ზის რუსიკო

და წინ კაი ცივი ლუდი უდევს,

და ქაფქაფა სასმისს მაწვდის უსიტყვოდ...

(ვახ, ცხოვრებავ, გაგიმარჯოს, მრუდევ!)


2011



სიმბა


        სიმბა – მხატვარ დათო ხიდაშელის სერბერნარი

          

სიმბა - ჩვენი საყვარელი, დახატული სერბერნარი,

მშვენიერი დრუნჩ-პირით და ღონიერი თათებით,

ძაღლი კია, მაგრამ მაინც არის რაღაც-სხვანაირი,

სხვანაირად საზრიანი, სხვანაირად გამგები.


სიმბა ადრე თავის პირველ პატრონს მიუტოვებია...

რა მწარეა ეს ღალატი ძაღლისთვის (გინდ კაცისთვის)!

სიმბას ისე ნაღვლიანი, მრავლისმთქმელი თვალები აქვს,

რომ გიცქერის, თითქოს რაღაც დანაშაულს განიცდი.


სიმბა დინჯი, ფიქრიანი, გულწრფელი და ერთგულია,

(კაცს ვინა ჰყავს ძაღლისთანა მეგობარი მარადი?)

თან საბრალოდ ჭკვიანია, თან უჭკუოდ კეთილია, -

თითქოს ადამიანია, უიმედოდ ნანატრი.


2011




      იქნებ


ეს საცოდავი პეპელა

              იქნებ პაემანზე მიდის?

იქნებ ჩვენსავით აწუხებს

              მასაც წუთისოფლის ბინდი?


ამ კალიებს, ჭიანჭველებს

              იქნებ დიდი წარსული აქვთ?

იქნებ ჩვენსავით კეთილი

              და მგრძნობიარე გული აქვთ?


ან რა ვიცით, - ფუტკრები რომ

              თაფლზე მიეშურებიან,

იქნებ მიჯნურნი არიან,

              სატრფოს ემსახურებიან?


რად არ ვუცქერთ მათ ისეთი

             სიყვარულითა და რიდით,

როგორც მაღლით ჩვენ დაგვცქერის

            იგი, - უსასრულოდ დიდი?


2011



   70 წელი

  ხუმრობისებური


დაუკარ, ჩემო ჩანგურო,

ამაიღე ხმაო, -

სამოცდაათს მივადექი,

ეხლა რაღა ვქნაო?


შენ რას მეტყვი, მეგობარო,

ძმობილო თუ ძმაო?

შენ, მიხვეულ-მოხვეულო,

სად მიგყავარ, გზაო?


შენ სად მიხმობ, სად მეძახი,

იდუმალო ხმაო?

შენ რას დაჰფლავ, რას დაჰფარავ,

მძიმე, ცივო ქვაო?.. 


დაუკარ, ჩემო ჩანგურო,

ამაიღე ხმაო, 

სამოცდაათს მივადექი, -

ახლო არის ხსნაო...


2011



წუთისოფელი


ესაა წუთისოფელი -

                 კეთილიცა და ბოროტიც,

ხან სიხარული პატარა,

                ხან სინანული დიდი...

რა მძიმე არის  ლამაზი

                 მოგონებების ტარება!

რა სუბუქია დუხჭირი

                მოგონებების ტვირთი!


მაგრამ რაც არის, ეს არის, -

                 წუთია წუთისოფელი,

ასპარეზია ყოველი

                 სიმართლისა თუ ჭორის,

მარტვილობაა აქყოფნის,

                 სიხარულია ცადყოფნის,               

ანარეკლია სამოთხის, -

                 ახლოც არის და შორიც.


2012





გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას


სიცოცხლე, სივრცე, სიმხნევე,           

სუფრა, სიმღერა უყვარდა...

შეიყრებოდნენ მოყმენი, -

„სად წავიდეთო?” –

„გურამთან“!..


...როდესაც მამულს უჭირდა

და ცოდვის კალო ბრუნავდა,

იქაც მას გაჰყვნენ, - ომშიდაც

ადვილი იყო გურამთან...


...ხვამლს - მის ზენაარ ოცნებას, -

იდუმალება ჰბურავდა...

ხვამლიც მიენდო მის ნებას:

გული გააღო გურამთან...


წავიდნენ ყმანი ნარჩევნი...

ჰო, ღმერთს ყველანი უყვარდა...

ჩვენც წავალთ - აქ არ დავრჩებით,

იქ შევიყრებით... გურამთან...


2011 



                   ჯერ ოცი წლისაც არ იყო


            აფხაზეთის ომში დაღუპულ

           თემურ სამხარაძის ხსოვნას


ვაი, შენ, წუთისოფელო,

          რად  გვეკიდები მტრადა?

ვაი, რა კაი ვაჟები

          რა რჩეულები გვყავდა!

როგორ უყვარდა სიცოცხლე!

          რა ნეტარებას გვრიდა!..

ჯერ ოცი წლისაც არ იყო,

          ფრთებს ეს-ესაა შლიდა...


ტაძრის აგებას ფიქრობდა;

          ქვეყნის ტკივილი სწვავდა;

მკლავი და გული ერჩოდა,

          გამარჯვებისა სწამდა.

წინ მწვერვალები ელოდა...

          ბედი კი... სხვარიგ სჯიდა...

ჯერ ოცი წლისაც არ იყო,

          ფრთებს ეს-ესაა შლიდა...


იმ ძველ თოროსან მეომარს, -

          იმ ძველ ვაჟაის ჰგავდა;

ნეტა იმ ქალას, მშვენიერს,

          ვინც გულის სწორად ჰყავდა!..

ახლა - ანგელოსთ დასშია!

          ახლა - დაგვცქერის ციდან!..

ჯერ ოცი წლისაც არ იყო,

          ფრთებს ეს-ესაა შლიდა...


2011





ხუმრობა ჩემს ლექსებზე


              ჩემი ლექსების კრებულების რედაქტორმა

              ზურაბ კალანდაძემ მითხრა,, რომ ჩემი

              ლექსები რაღაც უფრო ნათელი გახდა..


ვერ მოვასწარი  რამდენი რამ,

ვერა და ვერა!

დრო მიდის… მიდის...

დახლართულად აღარ მსურს წერა.


ჰო, ჩემი ლექსი რაღაც უფრო ნათელი გახდა,

ჩანს, სულ ახლოს ვარ იდუმალთან, -

ყველაზე ნაღდთან.


რაც მშვენიერი და შორია,

ის არის ნაღდი...


(უი, მე მგონი, რაღაც ისევ დახლართულად ვთქვი!)


 2012



რომ სიცოცხლეზე უარისთქმის მონახო ძალა,

გმირობა არის,

რომელს, ვიცით, უფალი კრძალავს.


თუ

ეს შიშია?

ან უმწეო თავის მართლება? -

ფიქრში ეჭვების ციმციმია: ჰქრება... ნათდება...


2012



აპოლოგია „ვეფხისტყაოსნისა“


ჩვენი წიგნის თაროები

სულ პირთამდე ავსილია...

ვგმობთ უწიგნურ „რუსთავ-2“-ს თუ „იმედს“, -

მათ შოუებს,

რეალითებს,

სერიალებს ბრაზილიურს,

ფეშენ-ფართებს, ეროტიულ ფილმებს...


ჰო, წიგნები უხვადა გვაქვს

არიგებ-ჩარიგებული,

არჩევანიც გვაქვს-მცა უამრავი:

ქართული და,  რუსული და,

ამერიკულ-ევროპული,

დედანი თუ, თარგმანი თუ, რა ვი...


რომანი და, ნოველა და,

ლექსები თუ, ნაშრომები...

რამდენი რამ დაგვიგროვდა, ღმერთო...

ნეტავ იმ დროს, როცა ქართველს

სხვა არ ჰქონდა არჩევანი,

და წინ მხოლოდ შოთას წიგნი ედო!


2012



ზინა კვერენჩხილაძე

         მცირე მოგონება


მარჯანიშვილის ხიდზე

       გადავდიოდი ერთხელ,

ქალი შევნიშნე ერთი

       ხიდის იქითა თავში,

მოჰქონდა კარგა დიდი

       ორკაპიანი ჯოხი,

და თეთრი, გრძელი  შარფი

       უფრიალებდა ქარში.


დამინახა და უცებ

       მაღლა შემართა ჯოხი,

მემუქრებოდა, ხელით

       ყელზე იხვევდა შარფსაც.

ვიფიქრე: „აი, შარი!

       ვაითუ კიდეც მომცხოს!“ -

და დავაპირე ხიდის

       იქეთ-მხარეზე გაცლა.


მაგრამ ვიცანი უცებ:

       ღმერთო!  - ეს იყო ზინა!

კვერენჩხილაძე! - დიდი

       მსახიობი და ბავშვი!

ჯოხს მიღერებდა, თანაც

       იღიმებოდა თბილად,

და მხიარული სხივი

       უთამაშებდა თვალში.


მე მივესალმე კრძალვით...

       მიმიხვდა - კითხვა მსურდა, -

რისთვის მიჰქონდა ჯოხი

       ასე ამაყად, ლაღად?

„ეს ჯოხი, ჩემო კარგო,

       დარისპანისთვის მინდა,

აქამდე - შეშა იყო,

       ახლა - სცენაზე ნახავთ...“


...ასეთი იყო ზინა, -

       უბრალოცა და დიდიც...

(დმანისელთათვის იგი

       მაშინ „დარისპანს“ დგამდა);

თვალს აყოლებდა ხალხი

       სიყვარულით და რიდით, -

მარჯანიშვილის ხიდი

       ერთწამს დიდ სცენას ჰგავდა.


2012



ჭამე, სანჩო!

  

„- ჭამე, ჩემო მეგობარო სანჩო, ჭამე, შენს სიცოცხლეს 

ხელი შეუწყვე. შენი სიცოცხლე შენთვის უფრო საჭიროა, 

ვიდრე ჩემთვის ჩემი სიცოცხლე... მე იმისათვის  

გავჩნდი ამქვეყნად, რომ სიკვდილით ვიცოცხლო,  

შენ კი  იმისთვის დაბადებულხარ, პირში ლუკმაგაჩრილი 

მოკვდე.“

                სერვანტესი, „დონ კიხოტი“


მე და ჩემი როსინანტი მზაკვარ ბედზე ვსტირით,

შენ კი ტკბები ამ ცხოვრებით, მარჩენალი ვირით.

გმადლობთ, სანჩო, რომ არსებობ!.. ან რა გითხრა სხვა მე?

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ამქვეყნად სამართალი დავამყარო, მინდა...

თუ მშვიდად ვარ, მხოლოდ შენი აქ ყოფნით ვარ მშვიდად.

თუ რამე მაქვს, მხოლოდ შენი გარჯითა მაქვს რამე...

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ზეციურ დულსინეას ვეძებ სულთქმით, გაჭრით,

შენ - მიწაზე გიდგას ფეხი, უძილობაც არ გჭირს.

მე - დღე ვარდებს შევციცინებ, ვარსკვლავებს ვჭვრეტ ღამე...

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ვაღამებ და ვათენებ საწუთროზე ოხვრით,

შენ - ქვას ქვაზე ალაგებ და აშენებ და თოხნი...

ალალ იყოს ლუკმა შენი!.. მარად იყავნ!.. ამენ!

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


2012



წუთისოფელო, დავზავდეთ


ხან ტკბილი იყავ, ხან მწარე,

ხან ჯილდო, ხანაც სასჯელი...

წუთისოფელო, დავზავდეთ, -

არც შენი იყოს, არც ჩემი!


გამოჩნდა ჩემი საძვალე,

სივრცე ორიოდ საჟენი...

ჰო, მე ვერაფრით დაგძალე,

შენც უკვალოდ ვერ წამშალე, -

არც შენი არის, არც ჩემი!


2012



           დ ე დ ა


უზრუნველი ბავშვობა... სიხალისე ულევი...

ქვრივი დედის ალერსი წამოჩიტულ და-ძმის...

გიმნაზია... ცეკვები... გართობები... ბალები...

მამის დანატოვარი - ოქრო-ვერცხლი... განძი...


მაგრამ - უცებ დაბნელდა: ჯოჯოხეთმა წითელმა

უზრუნველი ბავშვობა უმოწყალოდ მოჰკლა, -

მამის განძი წარსტაცეს, გადაჯიჯგნეს ოჯახი...

და - დასრულდა ლამაზი ფოქსტროტი და პოლკაც...


მერე - ფეხზე დადგომა... სტუდენტობა... თბილისი...

(მეგობარი ძვირფასი - ლაზარიდი ანი)...

ესეც წარსულს მიჰბარდა... დარჩა ქმარი... წვრილშვილი...

ჭაპანწყვეტა სოფლური... სიღატაკე ლამის...


სახლში - დედის, სკოლაში - მასწავლებლის ჭაპანი,

დღიურები... წიგნები... გზა სკოლისკენ დილით...

მერე - ცეცხლთან, ბუხრის წინ, - რვეულები... აკვანი...

კეცზე - ჭადი დამწვარი... ნასესხები ფქვილი...


ჰო, დიოდნენ მტანჯველი, ნაცრისფერი დღეები...

არ გახუნდა წარსული, არც ოცნება მოკვდა...

გვასწავლიდა ჩვენც ზოგჯერ, დაკოჟრილი ხელებით,

ბავშვობაში  შეწყვეტილ ფოქსტროტსა და პოლკას...


დრო დიოდა... როგორღაც დავფრთიანდით შვილები,

დავიფანტეთ, ჩვენ-ჩვენი მიმოვძებნეთ გზები...

მის გულში კი ბავშვობა მაინც ფეთქდა იდუმლად, -

გიმნაზია... ცეკვები... უზრუნველი წლები...


მერე - დადგა სიბერე, - საბოლოოდ მსახვრალი...

მერე - სული მოიცვა უცნაურმა ლტოლვამ...

და დასრულდა ხილვებში, გულის ბოლო ფართქალით,  

შორს, წარსულში შემწყდარი ფოქსტროტი და პოლკა.


2012



ისე - კარგად ვარ სხვაით...

ხუმრობისებური 


დაბადების დღეს ვიხდი

მხოლოდ პატარა ლხინით, -

პურით, პრასით და ღვინით...

მოკლედ - რაცა მაქვს, იმით;

ვსარგებლობ რუსოს ბინით, -

პატარა არის ჩემი, -

სადღეგრძელოებს ვუსმენ

ყიფურ-ამაყად, ჯგიმვით.


ჰო, წლები მიდის წინ-წინ,

მე კი მივდივარ საით?

რა იდუმალი სწრაფვით,

რა ოღრო-ჩოღრო გზაით?

მადლობელი ვარ უფლის,

თუმც არაფერი არ მაქვს,

თუმც ყორიფელი მინდა...


(ისე - კარგად ვარ სხვაით)...


2012



პატრიარქის ჩაბრძანება დმანისში

                             

                                1982 წელს არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანის

                                ინიციატივით საქართველოს პატრიარქი დმანისს ეწვია.

                               1987 წელს დმანისის სიონი ამოქმედდა.


გადადო საქმე,

                        არც არაფრად ჩააგდო დაღლა,

წინაპართ კვალის გარდავლება ისურვა თვალის;

მიმოიხილა, მოილოცა, აკურთხა, ნახა...

ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.


ნაშთნი, ნაშალნი სასახლეთა, ციხეთა, ბაღთა,

ნახა დიდების ნამუსრევი, გამქრალი ლამის;

წმინდა ტაძარი ცხვარ-ძროხათა სადგომად დახვდა...

ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.


და იყო ბრძოლა სატანასთან, წყვდიადთან, ჯანღთან...

ხუთი წლის ბრძოლა...

                           აღსრულება ღვთიურის ვალის...

ტაძარი ღვთისა შეიმოსა, გაბრწყინდა, აღდგა...


ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.


2013  


რა ვიცი!                     

   

ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება  

ხოლმე, „რა ვიცი“ აღარ გამაგონო, ყოველთვის 

„ვიცი“ თქვიო.


სულ პირზე მადგას „რა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -

ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!


რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;

რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;


რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;

რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;


რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;

რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;


რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..

ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...


2013




განადგურებული

ლექსი სტალინზე


თერთმეტი წლის ვიყავი, -

              უმეცარი ჩერჩეტი, -

ხალხთა დიდი ბელადი

              სტალინი რომ მოკვდა,

ყველა ისე სტიროდა,

                თითქოს ჩაჰკლეს იმედი!

თითქოს კაცობრიობის

                კატასტროფა მოხდა!


მეც დავწერე, რეგვენმა,

               ლექსნი გულმდუღარენი,

რომ ის იყო უდრეკი,

               კლდე ვითარცა სალი!

რომ უმისოდ ამქვეყნად

               რაღა გაგვახარებდა!

რომ სულ გვეხსომებოდი,

               საყვარელო სტალინ!


ათი წელი გავიდა...

              ჩემს დას გადაენახა,

სიამაყით მაჩვენა,

              როგორც რამე განძი;

წამსვე მივხი-მოვხიე,

              გადვირიე კინაღამ,

ნაცარტუტად ვაქციე,

              უმოწყალოდ დავწვი.


ახლა ვნანობ... იგი ხომ

              მთელი გრძნობით დავწერე,

როგორც ხალხის ნაწილმა,

              არა შტერმა ხიხომ...

ახლა ვნანობ... სამხილი

              რა უჭკუოდ გავწირე! –

ის ხომ დროის ხატი და

              ისტორია იყო...


2013



თქვენ სულ აქა ხართ


იყო იმედი, იყო სწრაფვა, იყო ზეიმი,

იყო ნაღველი, იყო ფიქრი, იყო ცხოვრება,

იყო დღეები - უფერულიც,  მწარეც, საამოც,

რაც არასოდეს, არასოდეს განმეორდება.


მაგრამ თუ უკვე საყუდარი ჰპოვეს ვნებებმა,

მოგონებების ბიბინებენ კვლავაც კორდები!

ჰო, თქვენ აქა ხართ, სულ აქა ხართ, მოგონებებო,

და უამრავჯერ, უამრავჯერ განმეორდებით...


2013



ისევ ჩემს ოთახში


ისევ აქ ვარ, აქ ვხვდები

                 სამოცდამეთორმეტეს,

ამ კედლებს კი გაწევა

                არ ეღირსათ განზე.

თუმც-კი შეჩვეული ვარ

                 ამ სენაკს, მით უმეტეს,

 სამახსოვრო დღეების            

                 ნამცვრევებით სავსეს.


ჰო, აქ ახლა მძლავრობენ

                 შემოდგომის ფერები...

აქ დამჭკნარან ფიქრები

                  და ღაწვები თლილი...

აქ ყოფილან ზურაბი,

                ზვიადი თუ მერაბი,

აქ ყოფილან რუსლანი,

                 ვიტალი თუ ლილი...


აწ ისინი იმქვეყნის,

                ზეცის მკვიდრნი არიან,

მე ჯერ ისევ ამქვეყნის

                ოთხ კედელში ვრჩები...

ჰო, საწუთრო ტკბილია

                 და იმავ დროს მწარეა,

და ძირს ჰყრია უწყალოდ

                  წარკვეთილი ფრთები.


და კვლავ აქ ვარ, აქ ვხდები

                 სამოცდამეთორმეტეს,

და არ ვიცი, ვლხინობ თუ

                 სინანული მავსებს:


მინდა ამ ოთხ კედელში

                 „ზღვა ხალხი“ ეტეოდეს,

მაგრამ, რა ვქნა,  - კედლები

                არ იწევა განზე...


2013



გული


რამდენ განცდას უძლებს  გული! -

ზოგჯერ სულიც ემძიმება;

არ სჯერდება მისაწვდომელს,

მიუწვდომელს ეწვდინება;


ერკინება წუთისოფელს,

სანამ არის ზეცის ნება, -

სანამ სულ მთლად არ დაცხრება,

სულ მთლად არ მიეძინება.


2013



ჰო, ეს საქართველოა


ჰო, ეს საქართველოა, -

          მხარე გასაოცარი:

თვისტომს - ეკლით ჯიჯგნიან,

          სხვისთვის - ვარდებს ჰკრეფენ...

ყველა ბრძენთა-ბრძენია,

          ყველა მგოსანთ-მგოსანი,

ყველა მებრძოლთ-მებრძოლი,

          ყველა მეფეთ-მეფე...


ჰო, ეს  საქართველოა, -

          სულ არ ფიქრობს ხვალისთვის,

ისე ფლანგავს თავის განძს,

          ლალს, ბადახშს თუ მინას…

ისე თრგუნავს თავის თავს,

          ისე კორტნის თავის ღვიძლს, -

შაჰ-აბასსაც, ჩინგისსაც

          უშფოთველად სძინავს.


2014




საწუთროს სამდურავი



ეჰ, რამდენი დაგვიგროვდა

          საწუხარი, სათქმელი...

არ გვიმართლებს იმედები,

          არც სჭრის სანთელ-საკმელი;

ხან - გვღალატობს მეგობარი,

          ხან - გული და ხან - თვალი;

ხმა დაჰკარგეს ბულბულებმა, -

          ფრენენ ყრანტალ-ყრანტალით;

გულის სითბო გარდიკარგა

          ცხრა გორაკს თუ ბორცვს იქით,

დახეიბრდა სიყვარული,

          დადის ბორძიკ-ბორძიკით;

მბრძანებლებად გადაიქცნენ

          მამონათა მონები...


ეჰ. რა ვუთხრა ამ საწუთროს, -

სისხლს გვწოვს დაგემოვნებით.


2014




სიხარულის ლექსის ბალადა

ხუმრობისებური


       ბ-ნმა გურამ სოსელიამ მირჩია, - სევდა-ნაღველს

       მოეშვი, მხოლოდ სიხარულზე და სიყვარულზე წერეო.

                                                                               

მეგობარმა მირჩია, -

               სიხარულზე ვწერო,

სიყვარულზე ვიმღერო,

               წყალობაზე ცის...

სული დავაიმედო,

               გული დავაჯერო,

რომ სიცოცხლე კარგია!

               რომ ცხოვრება ღირს!


დავჯე წერად... გავრინდდი... 

               ფრთა ავიღე ბატის...

ლამაზ რითმებს მოვუხმე,

               მეტაფორებს ღრმას...

შევურიე სტრიქონებს

               შარბათი და ყანდი,

ყვავილების სურნელი,

               ბულბულების ხმა!..


და დავწერე ზენარი

               სიხარულის ოდა,

სიყვარულის ოსანა,

               შესხმა-ხოტბა მზის...

ყოველ სტრიქონს

               ციური ელვარება ჰქონდა,

ყოველ რითმას -

               სურნელი სათნოების ზღვის...

                            

და შემოკრბენ ყოველგნით

               ნადირნი და თევზნი,

წყლით ქვანიცა გამოსხდნენ

               და მფრინველნი სხვა...

ისმენდიან, დაბნდიან

               ხელთუქმნელი ლექსით...

გავამაყდი,

               მომიცვა ნეტარების ზღვამ...


...


უცებ... გამომაღვიძეს:

               „ჩქარა ადე  ზეო!

დენი გადაგიჭრესო!

               ვალი გაქვსო წყლის!..“


ჩემო გურამ,

               აბა რა სიხარულზე  ვწერო,

რომელ სიყვარულზე და

                წყალობაზე ცის?


2014



„ვითაამ?“


სტუდენტური მოგონება

                              ვუძღვნი ომარ ტყაბლაძეს


იდგა მახინჯი დრო საბჭოური,

          უჭკვოდ, უაზროდ მკაცრი,

იდევნებოდა ოდნავ სხვაგვარიც

          სიტყვა, საქმე თუ აზრი.


ეჰ, გვასწავლიდნენ რამდენ სიბრიყვეს,

          რამდენ ბრუნდსა თუ მართალს!..

განსაკუთრებით თავგადაკლული

          ერთი ლექტორი გვყავდა.


ერთ დღეს, როდესაც გვიქადაგებდა,

          ავშენდებითო მალე,

დამყარდებაო კეთილდღეობა,

          ზეგ კი არაო, ხვალე,


უსმენდა მშვიდად ჩვენი ომარი,

          მოხდენილი და ზრდილი,

კაი ბუნების, კაი განწყობის,

          კაი ოჯახის შვილი.


უსმინა ამ ჩვენს ენამჭევრ ლექტორს,

          არც დაახანა დიდხანს,

და შორაპნული კილო-კავურით

          წამოიძახა: „ვითაამ?“


აბა, იქ იყო მაშინ სიცილი!..

          ლექტორს ელდისგან დასცხა,

წახთა, დეიბნა, ენა დაება,

          თლათ დეიკარქა საცხა...


…ახლა, საკმაოდ ხანში შესულნი,

          ვზივართ, ტელე-ყუთს ვუმზერთ, -

გვიჟღურტულებენ ტკბილ მომავალზე,

          მალამოს გვცხებენ გულზე...


არჩევნებია... ყველა გვატყუებს

          ალბათ გაჩენის დღიდან...

არჩევნებია... ვუსმენთ, ვიცინით,

          და გვახსენდება: „ვითაამ?“


2014



ღვთაებრივი სიმშვიდე

ხუმრობისებური


ჩემმა მეგობარმა, ბ–ნმა გურამ სოსელიამ მითხრა: 

                                    შენ უმთავრესად „შინაარსიან“ ლექსებს წერ, 

                                    კარგი იქნება, ისეთი „უშინაარსო“, მაგრამ 

                                    ლექსები წერო, როგორიცაა, მაგალითად, 

ტერენტი გრანელის „გაზაფხულის 

                                    საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.



ჰო, ის საღამო ღვთაებრივად ყოფილა მშვიდი!

პოეტიც ალბათ! –

                    გადაფრინდა როცა ის ჩიტი!

როცა სიმშვიდემ ის მღელვარე ლექსი დაჰბადა,

როცა დიდ პოეტს აღმაფრენა ეწვია დიდი.


დიდება იმ წამს, – ლექსის შობის იმ ტკბილ სამსალას, –

როცა იმ ჩიტმა პოეტის წინ ფრთები გაშალა!..


ეჰ, ჩემო გურამ, გეთანხმები, – მშურს მე იმ ლექსის,

მაგრამ სიმშვიდე ღვთაებრივი ვინ მომაშავა?


2014



ჩვენ უგნურნი ვართ ყოველთვის

           

       „არს გზა ვიწრო, ორმო-ხნარცვი მოგანიარეო...“

                                                      დავით გურამიშვილი

    

        „ღმრთად ნუ გწამს გამობერილი დასია, ბილ და გონია,

        ის გწამდეს, ვინც რომ დაგბადა, მოგცა ჭკუვა და გონია.“

                                                           დავით გურამიშვილი


„ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი“, -

                          დიდმა აკაკიმ ბრძანა,

ჩვენ უგნურნი ვართ ყოველთვის,

                          ბრძენნი კი - არცა „ხანა“:


როგორც კი თავისუფლება

                           ოდნავ დავლანდეთ შორით,

ვიხუვლეთ, სულ დაგვავიწყდა

              ვერაგი დათვის ტორი;


სიფრთხილე სულ მთლად დავკარგეთ, -

                             ვირტყით მუშტი და მჯიღი;

გზა რომ ტაძრისკენ გვეგონა,

                             შეგვრჩა ხნარცვი და ჩიხი;


ღმერთს არ მივყევით - მივართვით

                              კერპებს სკიპტრა და ტახტი;

ერთმანეთს ვმტრობდით... არც მტერი

                               გვაკლდა - ყალბი თუ ნაღდი...


და ერთმანეთი დავჭამეთ

                               და დავუყენეთ თვალი...

ეს - ერთმანეთის ძვალია

                               ყელში გაჩრილი ძვალი...


...ო, ღმერთო, აღარაფერი

                              არ გვეშველება, მგონი,

სანამ არ დაგვიბრუნდება

                               ყველას „ჭკუვა და გონი“.


2014



მაწანწალა


სადაური სით მოსულა,

          ქუჩის პირას წასწრებია ძილი...

ნეტავ, თუ ჰყავს ან მშობელი,

           ან მოკეთე... მახლობელი... შვილი?..


სადაური სით მოსულა,

          არყით არის, თუ წუხილით, მთვრალი?

სუნთქავს, ფეთქავს, - ცოცხალია,

          თუმცა, იქნებ, უჯობს, იყოს მკვდარი?


სადაური სით მოსულა,

          სადით, ვისით აღმოფხვრია ძირი?

წუთისოფლის ლექი არის,

          თუ შექსპირის ტრაგედიის გმირი?


2014








როგორც ვაჟა ბრძანებდა


რა ცოტა გვაქვს სიამენი! -

          არც განძი გვაქვს, არც ფული…

სივაგლახე-სიმწარეში

          პირთამდე ვართ ჩანთქმული.


მივდგებით თუ, მოვდგებით თუ, -

          არსად არის საშველი...

ჰო, სიცოცხლე ჯილდოც არის

          და სასტიკი სასჯელიც.


ჰო, სიცოცხლეს ვიხალისებთ

          ერთმანეთის ძვირის თქმით,

ერთმანეთის ცოცხლად ჭამით,

          ერთმანეთის ძირის თხრით...


მგრამ იგი, - თუმც მწარეა

          უმწარესზე მწარედაც, -

„მაინც-კი ლამაზი არის“,

          როგორც ვაჟა ბრძანებდა.


2014




ლეგენდა ჩემს გვარზე


              ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ

         განუკურნავს დავით აღმაშენებელი ავშანდაძის

        (აბჟანდაძის) გვარის კაცს, გადმოცემულია

        მე-15 საუკუნეში განახლებულ, დავით

        აღმაშენებლის დროინდელ ე. წ. „ავშანდაძის

        სიგელში“.

              

რა ლამაზი ლეგენდაა!

               სიამაყით მავსებს! -

ჩემი გვარის წინაპარი

               მოქცეულა ასე:


ერთხელ თურმე დავით მეფე

               გელათს სტუმრებია,

გალავნიდან გადახედვა

               მოუსურვებია;

მერე, ალბათ, უცაბედად,

               ფეხი დასცდენია,

დაბლა ჩამოვარდნილა და

               სიპ ქვას დასცემია;

დიდ მეფეს დაშავებია

               ღვთაებრივი ტანი,

ბევრსა ცდილან, ვერ უნახავთ

               განკურნების გზანი.


მაგრამ მერე გამოსულა

               ერთი ვინმე ბრძენი,

კრძალვით უთქვამს - მე ვიციო

               მკურნალობა ძველი:

ირმის რძეში განბანაო

               მეფეს გადაარჩენს,

ვილოცოთო მეფისათვის,

               ვავედროთო გამჩენს...


ერთ კაცს, გვარად ავშანდაძეს,

               ჯოგი ჰყოლებია, -

ირმის ჯოგი, - წუთით არცკი

               დაუყოვნებია,

მოუღია რძე მეფისთვის

               სიყვარულით, კრძალვით,

მორჩენილა მართლაც მეფე

               მშვენიერი წამლით:


დიდი მეფე ირმის რძეში

               უბანავებიათ,

ნება-ნება სულ ჩვილივით

               უნანავებიათ...


მეფეს ავშანდაძისათვის

               მადლი მიუძღვნია,

და სწორედ ის მამულები

               მისთვის მიუცია,

სადაც დღესაც, იმის შემდეგ,

               ცხოვრობს ჩვენი გვარი, -

იმ ბედნიერ ავშანდაძის

               მოდგმა-მონაგარი...


ჰო, ლამაზი ლეგენდაა! -

               სიამაყით მავსებს!..

თუმც, ცხადია, უფალს ვმადლობთ,

               ვიდრე ავშანდაძეს...


2014




უიმედო ნატვრა


მეგობრისგან, სატრფოსგან

                     მოწერილი ბარათი,

მოდიოდა თვეობით,

                    კვირეებით, წლობით,

სავსე  გრძნობით, სინაზით,

                    ერთგულებით, ღალატით...

ვკითხულობდით, ვტიროდით,

                    ვსასოობდით, ვთრთოდით.


კვირეები, თვეები

                    წუთად გვეჩვენებოდა,

ვმორჩილებდით, ვიცავდით

                    ძირძველ ადათ–წესებს,

მგზავრობაში, ლოდინში

                    სანთლებივით ვდნებოდით,

ხან უდროოდ ვჭკნებოდით,

                    ხან ვკვდებოდით ზეზე.


ახლა ის ბარათები

                    გაყვითლდა და დაძველდა,

ნაფტალინიც ვერ შველის, -

                    მოეკიდა შმორი,

მოლოდინი დამოკლდა,

                    სიცოცხლე კი დაგრძელდა...

დაიტვირთა წუთები,

                     გზა შემცირდა შორი.


ღმერთს დიდება, რომ მოგვცა

                    სკაიპი თუ ტვიტერი,

არც სიშორე გვაშფოთებს,

                    არც ლოდინი მწარე,

და ამ გიჟურ მარათონს

                    სურნელი აქვს იმფერი,

მსხვერპლთ-შეწირვის კოცონზე

                    თითქოს დრო-ჟამს სწვავენ.


და აირ-დაირია

                    კეთილი და ბოროტი,

მსახური და ბატონი,

                    მეტოქე და სატრფო...

და იმ ძველ დროს, - იმ შორ გზებს,

                    იმ ხანგრძლივ მოლოდინებს,

იმ ლამაზ იდილიებს

                    უიმედოდ ვნატრობთ.


2014




 სამი ფერიის დედა

   ნანა ჯიხვიშვილი-გაბისკირიას ხსოვნას


ყველგან ღიმილს და სითბოს აფრქვევდა,

          მშვენიერ ფრესკას ჰგავდა...

სიმხნედ, იმედად და სიყვარულად

          სამი ფერია ჰყავდა.


ირგვლივ სიკეთის და სათნოების

          იდუმალ სხივებს ჰფენდა;

დაფარფატებდა ჰაეროვანი, -

          სამი ფერიის დედა.


მტკიცეც იყო და დიდსულოვანიც,

          ლმობიერიც და მკაცრიც,

იცოდა თავის სამი ფერიის

          და თავის თავის ფასიც...


და დაეღალა გული, მის სულს კი

          არ დასტყობია დაღლა, -

აქ დაგვიტოვა სამი ფერია,

          თავად ცის ბილიკს გაჰყვა.


2014





თქვი, რომელი გირჩევნია


თქვი, რომელი გირჩევნია,

          რა საუნჯე-განძი:

სათნოების სიმწარე თუ

          სიტკბოება ღვარძლის?


სიყვარულის ცრემლები თუ

          სიძულვილის ღიმი?

მშვენიერი ნაღველი თუ

          უსახური ლხინი?


გატანჯული სიცოცხლე თუ

          განსვენება მშვიდი?

ზესთასოფლის ნათელი თუ

           წუთისოფლის ბინდი?


2014




მეორე მოსაწვევი ბარათი

       თანაკურსელებს


ოი, რა დრო გასულა, რა უჟამო ჟამი! -

მოგონებებს ტკბილ-მწარეს ვერ ველევით  წამით...

          მო, დავლიოთ ერთხელაც, თორემ ყელი გაშრა! 

          გავუსინჯოთ ერთმანეთს სევდის პულსი, მაჯა.


მერე რა, რომ გვეწვია ჟამი ფოთოლცვენის! -

ზოგს ჭაღარა, ზოგს კიდევ შვილთაშვილი გვშვენის.

          ძლივ-ძლივ გვძინავს, ფიქრებსაც ბოლო აღარ უჩანს...

          მო, ვაჩუქოთ ერთმანეთს  ფიქრი თითო ბღუჯა.


ო, რამდენი დაგვშორდა ღვთის ნებით თუ ძალით!

ვიხსენებთ და სასმისსაც პირს წავუქცევთ კრძალვით...

          მაშ, ვილხინოთ, - მოწყენა წაუღია ჭირსაც, -

          წავუქციოთ ერთურთსაც ცრემლი თითო სირჩა...


2014



მგელი


ერთ ჩემს ზღაპარში,

ერთ ჩვეულებრივ დღეს,

ბალახის ძოვა დავაწყებინე

მგელს.


მგელს, რა თქმა უნდა,

არ მოეწონა ეს,

არ მოეწონა

და გზას დაადგა ძველს.


და მსუქან ცხვარზე

ისევ ოცნებობს დღეს,

თუმც ეჭვიანად

ზოგჯერ ბალახსაც წყვეტს...


...


ჰე, ღმერთო, მგლობა

შეუნარჩუნე მგელს!..

ღმერთო, ულხინე

გამგონებელს და მთქმელს!


2014



ზენაარო, მადლი შენდა!


ვინც თიხისგან შეიქმნა თუ

განმრავლდა თუ აღმოცენდა, –

არყოფნიდან მათი ხსნისთვის,

ზენაარო, მადლი შენდა!


ვინც ზეციურ ჰანგებს ჰქმნიდა,

ვინც „ვეფხისტყაოსანს“ სწერდა, –

ამ სოფელს რომ მოევლინნენ,

ზენაარო, მადლი შენდა!


ვაგლახ, – იყვნენ ავსულებიც

ვინც სისხლს გვწოვდა...

ვინც ზარს გვცემდა...

ოჰ, შენ უწყი ყოველივე...

ზენაარო, მადლი შენდა!


2014





ტიპმა დამბლოკა „ფბ“-ზე

               

ტიპმა დამბლოკა „ფბ“-ზე,

               პოლიტ-აზრების გამო:

„ნაც-მოძრაობა მიშასი

               რამ შეგაძულა, რამო?“


ჰე, ჩემო უცნობ-ნაცნობო,

               მეგობარო თუ ფრენდო,

კაი იქნება, მერწმუნო,

               დამიჯერო და მენდო:


ეგება სჯობდა დაბლოკვას,

               მივმსხდარიყავით სადმე,

ღვინო გვქონოდა სუფრაზე,

               ხაშლამა... პრასი... რამე...


გვემსჯელა, გვემუსაიფა,

               მხოლოდ მიშაზე თუნდაც,

იქ დაგვედგინა, ვინ არის

               კაი მოყმეც და ცუდაც.


ღვინო ხალისსაც მოგვგვრიდა,

               გულს გაგვიხსნიდა სუფრა,

აზრს გავუცვლიდით ერთმანეთს,

               არ დავრჩებოდით უბრად,


და ერთმანეთის გაგება,

               იქნებ, გვქონოდა სრული!..

შენ კი უგულოდ დამბლოკე

               და მოიოხე გული!..


ჰო, ჩემო უცნობ-ნაცნობო,

               მეგობარო თუ ფრენდო,

კაი იქნება, მერწმუნო,

               დამიჯერო და მენდო...


2014



წყურვილი


კარგი არის წყურვილი, -

               როცა მხნე და ჯანმრთელი

წყაროს დაეწაფები,

               ნეტარებით დალევ;

დარწყულდები, სიამის

               დაგივლის ჟრუანტელი,

გულსაც გაიგრილებ და

               სულსაც დაიწყნარებ...


კარგი არის წყურვილი...

               ეჰ, წლები გაილია,

ახლა სხვა დრო დაგვიდგა,

               მეგობარო ჩემო!

თუმცა პირი გვიშრება, -

               ხანში შესვლის ბრალია, -

მაგრამ მოკვლას წყურვილის

               აღარა აქვს გემო.


2014



სიმბა მოკვდა

          

სიმბა მოკვდა,

მისი დღენი გათავდა და გაილია,

იქ დამარხეს,

სად ცხოველთა დასამარხი ადგილია, –

ერთ გორაკზე, უდაბურზე,

სადღაც – ზეცის სიახლოვეს,

ბუჩქებს შორის,

სად ჩიტები გალობენ და ფრთხიალობენ.

იქ დამარხეს, ბუჩქებს შორის...

თეთრი შურით ვითრგუნები, –

სიმბა მოკვდა,

მის საფლავზე ფრთხიალობენ ჩიტუნები.


2014



ბატონი ვახუშტის ჩიჩილაკი


ბატონი ვახუშტის მშვენიერ სავანეში

უამრავი რელიქვია იყო,

მაგრამ ერთი ვეება ჩიჩილაკი

თვალებში გხვდებოდა თითქო.


ჩიჩილაკს გრძელი, თეთრი თმები ჰქონდა

და ლამის იატაკს უწვდენდა კულულებს,

იგი მიეძღვნათ ბატონი ვახუშტისთვის

გურულებს...


...მერე კი ქართველები ერთმანეთს დაერივნენ,

ბატონი ვახუშტის სახლიც გადაიწვა,

და ფერფლად იქცა ყველაფერი, ის დიდი ჩიჩილაკიც,

წიგნებიც, ნაშრომებიც ფერფლად იქცა...


ბატონი ვახუშტის მშვენიერ სავანეში

ყველაფერი მშვენიერი გახლდათ,

მაგრამ იმ ჩიჩილაკის ჩამოშლილი თეთრი თმები

რატომღაც თვალწინ მიდგას ახლაც.


2014



ხუმრობა პოლიტიკურ ლექსებზე


ბ-ნმა გურამ სოსელიამ მითხრა, -"მე ბევრჯერ გირჩიე,

რომ პოლიტიკისთვის თავი დაგენებებინა და

მხოლოდ ლექსები გეწერა, მაგრამ რახან არ იშლი და

პოლიტიკას არ ეშვები, ერთმანეთს მაინც შეუთავსე და

პოლიტიკური ლექსები სწერეო.



ღვინის კურთხეულ მხარიდან

                         იმ დღეს ძმობილი მეწვია,

წუთისოფელის,  სამყაროს

                         განსჯა–განკითხვის მიზნით;

იცოდა, ტიკს რომ ვნატრობდი,

                         მამაპაპურს და პეწიანს,

ცხადია, სავსეს პირთამდე

                         ვაზის ცრემლით თუ სისხლით...


ნატვრა ამიხდა:  მან „პოლზე“ 

                         ის ტიკი შემომიცურა!..

მერე ვსვით... მერე ბიძინა

                         ხან ვკიცხეთ, ხანაც ვლოცეთ...

არადა, იმ დღეს მინდოდა

                         პოლიტ–ლექსები მეწერა...

ჰო, პოლიტიკას ტიკი სჯობს,

                         გაგორებული „პოლზე“.


2014



ქართული სოფელი


„საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა             

 კონკურენტუნარიანი. ამიტომ ფეხზე 

 დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, 

 თავისით  გადარჩეს, თუ არა და, დაიღუპოს,

არაა პრობლემა... სოფელში მცხოვრები 

მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, 

ქალები კი – მეძავებად. ეს არაა ჩემი პრობლემა...“

                                   კახა ბენდუქიძე

                                    

1.

ვინც რა უნდა თქვას, 

                         რაც არ უნდა იწვევდეს ღიმილს, –

სოფელი ცოცხლობს –

                         ძაღლიც ყეფს და მამალიც ჰყივის.


დღეს, რა თქმა უნდა, ძნელად ვხვდებით 

                         მთოხნელს თუ მბარავს,

და ცარიელი, დაკეტილი სახლებიც გვზარავს,


ჰო, მაგრამ, მაინც, – ძაღლიც ჰყეფს და მამალიც ჰყივის, –

და – ზოგთა ზარის დასაცემად – ხმაც ისმის ლხინის...

სოფელი ცოცხლობს!

                                      ვინც არ იცის, – იცოდეს სხვიმის!..


2.

დათოვლილი ხეები, დათოვლილი სახლი;

სიცივეში, ეზოში აბუზული ძაღლი;


გაწყობილი მაგიდა – გლეხკაცური, სადა;

თბილ ღუმელქვეშ შემძვრალი გატრუნული კატა;


შემომჯდარი კუნელზე მოჭახჭახე შაშვი;

თოვლში ამოგანგლული ორი–სამი ბავშვი...


...და ეს გინდა, არყოფნის შთანთქას ხარბმა ხახამ? 

არ ეგების – კახავ!


2014




შიში


ჰო, კარგი არის, როცა

                 ვეალერსებით საფლავს,

მოგონებებით, სევდით

                 და სიყვარულით გამთბარს...

ჰო, კარგი არის, როცა

                 ვგრძნობთ იმ-სოფელთან კავშირს,

როცა სევდას და სითბოს

                 ვდებთ ცივ და უგრძნობ ქვაშიც...


მაგრამ, ვინ უწყის, იქნებ

                 ცის სასაფლაო სჯობდეს?

ანუ იმქვეყნის კარებს

                 მივუკაკუნებთ ოდეს,

ფერფლად გვაქციონ, მერე

                 ციურ ხომალდში ჩაგვდონ,

და კოსმოსისკენ, ჰერი, -

                 უსაზღვროებას გვანდონ?


სული სულეთში, ხორცი

                 მოხვდეს კოსმიურ ზღვაში,

იქ შევერწყმებით კოსმოსს,

                 უკიდეგანოდ გაშლილს.

მიწა არ შეგვჭამს შავი,

                 იქ გაგვტყორცნიან თუკი,

ჭია-ღუათა ნაცვლად

                 გვშთანთქავს ვარსკვლავთა შუქი!


მერე, როდესაც ღამით

                 მაღლა ავხედავთ ზეცას,

მბრწყინავ  ვარსკვლავთა შორის

                 ფერფლსაც ვიგულვებთ ჩვენსას...

და მერე იქნებ ნებით

                უცხო ძალის თუ ზენის,

იქ ისე აღვდგეთ ფერფლით

                ვითარ სჩვევია ფენიქსს?..


...ასე ვფიქრობდი წუხელ

                 ჩვეულ შფოთიან ძილში,

რამ დამასიზმრა, რა ვი...

                 ალბათ ეს იყო შიში...


2014



  

დროშა


კომუნისტურ „პარადზე“

                     როცა მოვხვდი პირველად,

(აღნიშნავდნენ ოქტომბერს,

                    თუ მაისის პირველს),

დროშა მატარებინეს, -

                     სიამაყე იმხელა

დამეუფლა, თითქოსდა

                    ცის წყალობა მფინეს... 

                 

ბავშვი ვიყავ, დგებოდა

                     ვარდ-ფურცლობის ნიშანი...

საყმაწვილო სენისგან

                    მეც მალევე მოვრჩი...

ღმერთო, აღარასოდეს

                    დაგვდგომოდეს ის ჟამი,

რომ ვინმესთვის დაგვჭირდეს

                    შეჩეჩება დროშის!


2014



ბალადა ბატონი გურამის

ახალ რჩევაზე

            ხუმრობისებური


ბრძენ ბატონ გურამს ყოველთვის

          უყვარს რჩევების გაცემა,

(რჩევის გაცემას რა უნდა?

          მიღება არის ძნელი!).

მე მის რჩევათა პასუხად

          დამჩემდა ლექსთა დაწერა,

და უკვე ბევრიც დავწერე,

          ხან მოკლე, ხანაც გრძელი.


ბოლოს ბატის ფრთამ მიმტყუვნა,

          (მუზა ჩემზე თუ განრისხდა!),

ვერ შევძელ ლექსთა მორევში

          მშვიდად ჩაშვება ღუზის,

ხან ლექსის თემა ვერ ვპოვე...

          ხანაც რითმები გამისხლტა...

და ბატონ გურამს მივადექ

          ისევ ძებნაში მუზის:


„ბატონო გურამ, რჩევები

          რომ მომცეთ, მისთვის მოვედი,

ურჩევოდ ლექსებს ვეღარ ვწერ

          და აღარც მუზა მომდის;

მე თქვენი ბრძნული რჩევების

          ვარ გამლექსველი პოეტი,

ვარ თქვენი კარის მგოსანი,

          თქვენი შემსხმელი ხოტბის.


 რა ფრთა გავშალო ოცნების?

          რა გზას დავადგე? - მირჩიეთ!

დავდივარ ქვეყნად, ვითარცა

          გზააბნეული მგზავრი;

ჩემი ცხოვრება

          მინდორში  აგორებული გირჩია,

არ მივის ცოლი და შვილი,

          არ მაქვს სახლი და კარი.  

     

ციცქნა ბინა მაქვს, იმაშიც

          წყალი ჩამოსდის სახურავს,

(ჰო, დიდხანს წყალიც არ მქონდა,

          არც ცივი, არცა ცხელი),

არ მაქვს არც ჭკუვა, არც გონი,

          არც ფული, არც სამსახური,

არა მყავს არცა პატრონი,

          რომ მიჯიკავოს ხელი.


ვინ მოთვლის, ამ ქვეყანაზე

          რა უგზო-უკვლოდ მივლია!

რამდენი აზრი მომსვლია,

          ჭეშმარიტი თუ მცდარი...

 ვის დავუჯერო? - ჩემსავ თავს?

          თუ ნიცშეს? თუ ჩვენს ილიას?

რომელ პარტიას მივენდო?

          ვის დავუჭირო მხარი?


ამქვეყნის ორომტრიალში

          რა გული დამიმშვიდდება?

არა, საშველი არ არის

          და არც იქნება, მგონი!..       

ბატონო გურამ, ეჭვი მაქვს, -

          იმდენი რჩევა მჭირდება,

რომ გამომივა ლექსების

          ვეებერთელა ტომი...“


ბრძენმა ბატონმა გურამმა

          სათნო ღიმილით მისმინა,

მერე თვალები მოწკურა,

          ჭეშმარიტების მკვესი:

„ეჰ, ჩემო ანზორ, რა გითხრა? -

          გირჩევ, მიადგე ბიძინას!

თუ რამე გამოგივიდა,

          რა ჩემ ყ-დ გინდა ლექსი?“              


2015  



სამოცდათხუთმეტი

ხუმრობისებური


აჰა, შენც მოხვედი,

                   მსუბუქო სიმძიმევ, -

სამოცდათხუთმეტო წელო!

გიხსენებ

                 ხან მწარე, ხან ტკბილო სიცილო,

ხან მწარე, ხან ტკბილო ცრემლო...


კვლავ მინდა, ამ უკუნ მზიანეთს ვუყურო...

იმ მარადს 

                   ეს მიჯობს ბინა...

რის ბინა! -

                   ბუნაგი!.. სენაკი!.. ფუღურო!..   

სადაც ვსვამ, ლექსებს ვწერ, მძინავს...


რის ბინა! -

                  საკნის და ზეცის სიმბიოზი!..          

უზღუდო ოცნების ზღუდე!..

ფიქრების საძვალე!.. დარდების ოფისი!..

ყვავის თუ ბულბულის ბუდე!..


რაც არის, ეს არის!..

                   ხენეშიც, სპეტაკიც, -

ბევრი რამ მიმყვება დარდად...

და ვნანობ: 

                  მთავრდება ცხოვრების სპექტაკლი!..

აბა, მარშ!.. –

ეშვება ფარდა!..


2016




                         3


                ზ ღ ა პ ა რ ი




  ზეციდან გამოგზავნილი ბარათის საიდუმლო * 


სქოლიოში: * ამ ზღაპრის მიხედვით ქუთაისის თოჯინების თეატრში 1990 წელს დაიდგა თოჯინური სპექტაკლი "გიყვარდეთ ერთმანეთი".

                        

                   

ერთი მშვენიერი სოფლის ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა სამი მეგობარი - ძაღლი მურია, კატა ხატაურა და მშვენიერი, კეთილი  გოგონა ნინუცი.

სოფლის მახლობლად გაუვალი, ბაძაძგნარი ტყე იყო, რომელშიც მშიერი მგელი და ბოროტი ჯადოქარი ცხოვრობდნენ.

მგელს სიმღერა უყვარდა. როდესაც შიმშილი მოეძალებოდა, აიღებდა თავის საყვარელ გიტარას, ბებერ ხეს მიეყრდნობოდა, თვალებს ცად აღაპყრობდა, გიტარას გულამოსკვნით ააკვნესებდა და სევდიანად ამღერდებოდა, განსაკუთრებით მთვარიან ღამით.

ბოროტი ჯადოქარი კი ბოროტი იყო. იგი არავის უყვარდა და მარტოობაში ატარებდა თავის წუთისოფელს. გვერდით ყოველთვის განუყრელი ცოცხი ედო, მთელი დღე-ღამე ტელეფონზე ლაპარაკობდა, გამუდმებით ეწეოდა სიგარეტს, ყავაზე მკითხაობდა, კარტს შლიდა და კონიაკს სვამდა.

ერთი სიტყვით, ყველა თავისთვის ცხოვრობდა - სოფელშიც და ტყეშიც, სანამ ერთი საოცარი შემთხვევა არ მოხდა.

ყველაფერი ძაღლის და კატის ჩხუბით დაიწყო.

ძაღლი და კატა ხშირად  ჩხუბობდნენ ხოლმე, როგორც ძაღლებს და  კატებს ჩვევიათ. ჩხუბის საბაბსაც ძალიან ადვილად პოულობდნენ. ნინუცი კი სულ იმას ცდილობდა, შეერიგებინა თავისი საყვარელი მეგობრები.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებრივ, ისევ წაიჩხუბნენ. თუ რა მოჰყვა  ამჯერად მათ  ჩხუბს, ახლავე გიამბობთ.

ერთმანეთს სრულიად უბრალო რამეზე გაუნაწყენდნენ, ზურგი შეაქციეს ერთმანეთს და ყურები დაცქვიტეს, - აბა, ეგ არამზადა რას  იტყვის ჩემზეო.

ბოლოს მურიამ გულში ვეღარ დაიტია მოწოლილი ბრაზი და  აღშფოთებულმა დაკრიჭა კბილები:

- ღრრრრ...  ეს  ვინ  ყოფილა!..  ეს  ვის  გადავეყარე!..  ღრრ...  

კატამ  ნელა მოაბრუნა თავი მისკენ.

- თუ შეიძლებოდეს, ცოტა ზრდილობიანად ილაპარაკე!.. და  საერთოდ, ნუ მელაპარაკები... - უთხრა მკვახედ და ისევ შეაქცია ზურგი. - თავხედი! 

- არც მიფიქრია შენთან ლაპარაკი!.. ღრრ... - უპასუხა ძაღლმა, -  ეჰ,  გუშინ არ უნდა მეპატიებინა შენთვის, გუშინ!..  დიახ, დიახხ!..  ღრრრრ...

- შენ არ უნდა გეპატიებინა?..  ჰა-ჰა-ჰა, - ნაძალადევად გაიცინა  კატამ, - გუშინ სწორედ მე გაპატიე და მწარედაც შევცდი. ახია ჩემზე... მიაუ!

- უსინდისო ხარ, რა უნდა გელაპარაკო!.. ღრრრ... - ჩაიღრინა მურიამ.

- მე ვარ უსინდისო? - გაწიწმატდა კატა, - უზრდელი!

მოთმინებადაკარგული მურია გაცეცხლებული მოუტრიალდა და  ყველა კბილი ერთად გამოაჩინა:

- ღრრრრ!.. ჰამ, ჰამ, ჰამ!..

- ძალიან არ შემაშინო!.. მიაუ! - ხატაურამ შეუპოვრად აპრიხა კუდი.

ერთმანეთს გაბრაზებული მიაჩერდნენ.

- ჩაგიგდებ ხელში და ვნახოთ მერე, - დაექადნა ძაღლი და კუდი  ბრაზით გააქან-გამოაქანა.

- ძალიან გთხოვ, კუდს ნუ აქნევ. ნერვები მეშლება! - მიუგო კატამ და თვითონაც დაიწყო კუდის ქნევა.

- რას მეუბნები! მინდა და ვაქნევ!.. ღრრ... - მურიამ ჯიბრზე კიდევ  უფრო ძალიან გააქან-გამოაქანა კუდი.

ერთმანეთზე მუქარით წაიწიეს.  

არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ამ დროს, ბედად, ნინუცი შემოვიდა. ხელში რაღაც მბრწყინავი ფურცელი ეჭირა. 

ძაღლმა და კატამ სასწრაფოდ შეაქციეს ზურგი ერთმანეთს.

     - ისევ წაიჩხუბეთ? - უსაყვედურა მათ ნინუციმ, - თქვენ ხომ ერთი  წუთით ვერ მოგაშორებთ თვალს!

     ძაღლი სწრაფად შემობრუნდა და საწყლად შესჩივლა ნინუცის:

     - რა  ვქნა, ნინუცი, შენი ჭირიმე, ჩემი ბრალი არაა.

     კატა დარბაისლურად შემოტრიალდა და ღრმად ამოიოხრა:

     - ე-ეჰ, ჩემო ნინუცი!.. მეტს არაფერს ვიტყვი...

     - მაინც რა მოხდა? - მკაცრად იკითხა ნინუციმ.

     - რა მოხდა და... ჩემთვის ვიწექი... ჩემთვის!.. - ისევ აღშფოთდა  ძაღლი, - მოვიდა და პირდაპირ ცხვირწინ გამიარა!..  წარმოგიდგენია?..  ღრრრრ...

     - სადაც მსურს, იქ  გავივლი!.. - ამაყად თქვა კატამ, - ეგღა მაკლია, მაგან მასწავლოს, სად გავიარო და სად არა... მიაუ!..

     - ოი, ღმერთო, რა ტყუილად ჩხუბობთ სულ!.. - წყენით თქვა  ნინუციმ,  - არა  გრცხვენიათ? მე კი ისეთი საოცარი ამბავი მინდოდა  მეთქვა თქვენთვის.

     - საოცარი ამბავი? რა? რა?

     - რა და, საოცარი სიზმარი ვნახე, - დაიწყო ნინუციმ, - ვითომ  ანგელოზი ჩამოფრინდა ზეციდან. სულ მზესავით ბრწყინავდა!..  ჩამოჯდა ჩემს საწოლზე, მომცა ხელში რაღაც ფურცელი და მითხრა: ნინუცი, ეს ბარათი ზეციდან ჩამოგიტანე. აქ ისეთი საიდუმლო  სწერია, რომელიც დედამიწაზე ბედნიერებას დაამკვიდრებსო. ოღონდ შენ  თვითონ უნდა წაიკითხო და ამცნო ყველასო. მითხრა და ისევ ცაში  გაფრინდა. მე მაშინვე გამეღვიძა და რას ვხედავ: ხელში მართლაც ეს  მბრწყინავი ფურცელი მეჭირა... აი, ნახეთ!

     - მაჩვენე, მაჩვენე, - ახლოს მიიჭრა მურია და მბრწყინავ ფურცელს  უყნოსა, - კი, ცის სურნელება აქვს!.. ნამდვილად ზეციდან არის ჩამოტანილი.

     - მართლაც საოცარი ამბავია, - ფიქრიანად თქვა კატამ და მცირე  დუმილის შემდეგ დაუმატა, - ნინუცი, გეხვეწები, ჩუმად მითხარი, რა  სწერია შიგ?  მე, ხომ იცი, ციურ საქმეებში კარგად ვერკვევი... ჩემი  დღე  და მოსწრება ხეებზე და სახურავებზე მაქვს გატარებული... მარტო მე  მითხარი. მაგას არ უთხრა, მაგ საზიზღარს.

     - აბა, რა გითხრა, ჩემო ფისო, - მიუგო ნინუციმ, - მე ხომ ჯერ კითხვა  არ ვიცი. ვისწავლი კითხვას და მარტო შენ კი არა, ყველას ვამცნობ  ბედნიერების დამამკვიდრებელ საიდუმლოს. სწორედ ასე მითხრა ანგელოზმა სიზმარში. - და მერე საყვედურით დაუმატა, - თქვენ კი ამ  დროს ტყუილად ჩხუბობთ აქ! არა გრცხვენიათ?

     - რა ვქნა, ჩემო ნინუცი, - თავი მოისაწყლა კატამ, - ხომ იცი, რა ხეპრე  და უზრდელია! დღე და ღამე მოსვენება არა მაქვს მაგისგან.

     ამის გაგონებაზე მურიას აღშფოთებისაგან ენა ჩაუვარდა და  მხოლოდ ესღა აღმოხდა:

     - ღრრრრ...

     - მაინც რას გიშავებს? - ჰკითხა ნინუციმ.

     - რა ვიცი, რაღას არ მიშავებს...  უამრავ რამეს... - ცოტა არ იყოს, დაიბნა კატა.

     - მაინც? მაინც? - ჩაჰკითხა ნინუციმ.

     - რა ვიცი, რაღას არა... მაგალითად...  მაგალითად... ჰო! სულ  უმიზეზოდ და უაზროდ ყეფს სულელივით.          

     - შენა ხარ სულელი! - აღშფოთდა  მურია, - მე იმიტომ ვყეფ, რომ  მტრებს ვაშინებ. გაიგე?..  ღრრ...

     - ჰმ, მტრებს! - ტუჩები აიბზუა კატამ, - სად არის, ნეტავი, მტრები!  ჩემს სიცოცხლეში თვალით არ დამინახავს...

     - კარგი, კარგი, გეყოფათ, - გაჯავრდა ნინუცი, - მომეცით თათები და ახლავე შერიგდით!

     ნინუციმ თავისი მბრწყინავი ფურცელი ძირს  დადო, შემდეგ  შეეცადა, რომ მურიას და ხატაურას თათები ჩამოერთმიათ  ერთმანეთისათვის.

     ნინუცი ძალიან უყვარდათ, მისი დიდი  ხათრიც ჰქონდათ, მაგრამ რა ექნათ, შერიგება არ უნდოდათ, ამიტომ  აქეთ-იქით  გაიწივნენ. ის კი არა, მურიამ კბილებიც კი  გამოაჩინა, რა თქმა უნდა, კატის მისამართით.

     ამ დროს, სად იყო და სად არა, ამოვარდა ქარი. ამოვარდა, მაგრამ რა  ამოვარდა! ხეების ტოტები სულ აქეთ-იქით მიაწყდნენ. ჰაერში ფოთლები არიალდნენ. ერთი ფოთოლი დაღრჭენილ კბილებშიც კი  გაეჩხირა მურიას. ნინუცის ფოფიალა კაბის კალთებმა სულ ტკაცა-ტკუცი დაიწყეს. ხატაურას მტვერი შეეყარა თვალებში და წამწამები ააფახულა.

     მაგრამ ამას, აბა, ვინღა ჩიოდა!  - ქარმა ანგელოზის ბარათი აიტაცა  და ფრიალ-ფრიალით გააქანა ხეებს შორის, ტყისაკენ. 

გოგონა გამოედევნა, მაგრამ რას დაეწეოდა! ბარათი თვალს მიეფარა.

     - ვაიმე, დაიკარგა! - შეჰყვირა ნინუციმ, - რაღა ვქნა ახლა!.. სულ  თქვენი ბრალია, სულ! თქვენი ჩხუბის გამო დავკარგე ანგელოზის  ბარათი... ვაიმე, ვაიმე!

     ძაღლი და კატა დაბნეულები იდგნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. ეტყობოდათ, ძალიან ეცოდებოდათ ნინუცი.

     - ეჰ, რა გაეწყობა, - თქვა სლუკუნით ნინუციმ, - უნდა წავიდეთ  საძებნელად. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

     მურია და ხატაურა ხმას არ იღებდნენ.

     - რაო, არ მომყვებით? - გაუკვირდა ნინუცის.

     მურიამ და ხატაურამ ერთმანეთისაკენ მალულად გაიხედეს, მაგრამ  თვალი შეასწრეს ერთმანეთს და სასწრაფოდ იბრუნეს პირი. მურიამ ასეც  კი თქვა:

     - ღრრრ...

     - აჰა, მივხვდი, - თქვა ნინუციმ, - ერთად წამოსვლა არ გინდათ, ხომ? რა გაეწყობა, არც მე მსურს თქვენი ჩხუბის ყურება. კარგი, რომელი  წამომყვებით?

     - მე! მე! - მყისვე მიუგო მურიამ და გოგონას სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო, - მე წამოვალ! მე გაპოვნინებ!

     - კარგი, წამოდი.

     ხატაურამ კაბაზე დაჰქაჩა ნინუცის.

     - ნინუცი!  ჩემო საყვარელო! ეგ არ წაიყვანო, უჭკუო და ტრაბახაა, აბა, რაში გამოგადგება! მე წამიყვანე, მე ჭკვიანი და მოხერხებული ვარ... თუ  არ წამიყვან, ძალიან დამწყდება გული, ნაღველი მომიღებს  ბოლოს, დარდი მომკლავს...

     ნინუცი კეთილი და სათნო გოგონა იყო. შეეცოდა კატა და  სიყვარულით მიეფერა:

     - კარგი, ჩემო ფისო, შენ წამოდი.

     გოგონამ და კატამ ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და ეზოდან  გავიდნენ.

     - ოხ!.. გასკდა ეს გული!.. - ამოიგმინა მურიამ.



 ● 


    ბოროტი ჯადოქარი იმ დღეს რატომღაც ძალიან მხიარული იყო და  ლაპარაკის საღერღელი ჰქონდა აშლილი, მაგრამ მოსაუბრე, რა თქმა  უნდა, არავინ ჰყავდა და ისევ თავის თავს ელაპარაკებოდა.

     - ჰა-ჰა-ჰა-ჰა!.. ო, რა კარგ ხასიათზე ვარ!.. ო, რამდენი ვიცინე!.. ხომ  მოვტაცე  ნინუცის  ის  საზიზღარი  ბარათი, ჩემმა მოსისხლე მტერმა  ანგელოზმა  რომ  ჩამოიტანა  ზეციდან!  გოგონას  მეგობრები  რომ  ჩხუბობდნენ,  ძაღლი  და  კატა,  სწორედ  მაშინ  ვიხელთე  დრო  და  ჩემი  ჯადოქრობით  ის  ბარათი  ქარს  გავატაცებინე... ჰმ!  ბედნიერების  დამყარება  მომინდომეს  ქვეყნად!.. ამას  როგორ  დავუშვებ! არავითარ  შემთხვევაში! ბედნიერება  რომ  დამყარდეს, ხომ  მაშინვე  მოვკვდები! ის  კი  არა  და, ანგელოზი  რომ  დავინახე, მაშინაც  კინაღამ  მოვკვდი, ისეთი  წელკავი  დამეტაკა. მხოლოდ  იმან  გადამარჩინა, რომ  ძაღლი  და  კატა  წაიჩხუბნენ  და  ბარათის  მოტაცება  მოვახერხე. ჰა-ჰა-ჰა-ჰა!.. ჩემი  კარგად  ყოფნა  და  სიხარული  ისაა, როცა  ქვეყნად  ჩხუბი  და  ქიშპობაა  გამეფებული. ჯერჯერობით  კარგად  მიდის  ჩემი  საქმე. ბედნიერების  მომტანი  ბარათი  დაკარგულია. ძაღლი  და  კატა  წაჩხუბებულია. გოგონა  და  კატა  მიდიან  ბარათის  მოსაძებნად, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჰა-ჰა-ჰა-ჰა!.. მე  ბოროტი  ჯადოქარი  არ  ვიყო, მაგათ  თუ  ის  ბარათი  ჩაიგდონ  ხელში... აბა, ერთი,  ჩემს  მეგობარ  მგელს  დავურეკო... ალო, ალო, მგელი  ხარ? ვერ  მიცანი? ჰა-ჰა-ჰა-ჰა!.. შენი  კეთილისმსურველი  ვარ... ალო, მისმენ?.. ჰო... ვიცი, რომ  კუჭი  გიხმება  შიმშილით... ხომ  მივხვდი... ჰა-ჰა-ჰა... ჰოდა, მისმინე. აგერ, სოფლიდან  ჩვენი  ტყისაკენ  ერთი  ცუგრუმელა  გოგონა  და  კატა  მოდიან... გაიგე?.. აბა, კარგად  გაილესე  კბილები!.. ჰო, მართლა, დილით  კბილები  გამოიხეხე?.. არა?.. აი, შე  ზარმაცო!.. ჰო, კარგი. აბა, შენ  იცი, ჩემო  საყვარელო!.. მაინც  ვერ  მიცანი?.. შენი  კეთილისმსურველი  ვარ-მეთქი... ჯადოქარი  ვარ, ჯადოქარი, შე  ბრიყვო... ჰა-ჰა-ჰა-ჰა...

     ბოროტმა  ჯადოქარმა  ყურმილი  დაკიდა, კონიაკი გადაჰკრა, ცოცხს  გადააჯდა  და  მათრახი  გადაუჭირა.

     - აჩუ, ცოცხო!

     - ტრახ-ტრახ-ტრახ, - ატკაცუნდა  ცოცხი  მოტოციკლეტის  ხმაზე  და  თავისი  ბოროტი  მხედარი  ტყის  სიღრმეში  გააქანა.



 ●


     ამ  დროს  კი  დაკარგული  ბარათის  საძებნელად  წასული  გოგონა  და  კატა  უფრო  და  უფრო  შორდებოდნენ  თავის  სახლს  და  ტყისაკენ  მიიწევდნენ.

     - მე  მგონი, სწორად  მივდივართ, - თქვა  ნინუციმ, - აქეთ  ქროდა  ქარი.

     - კი, კი, - უპასუხა  კატამ, - ქარმა  აქეთ  წააფრიალა. ნუ  გეშინია, ვიპოვით.

     - რომ  ვერ  ვიპოვოთ?.. ეჰ, იმის  გაგება  მაინც  მომესწრო, რა  ეწერა  შიგ. ანგელოზმა  მითხრა, ისეთი  საიდუმლო  წერია, რომელიც  დედამიწაზე  ბედნიერებას  დაამკვიდრებსო.

     - ნინუცი, რა  არის  ბედნიერება? - ჰკითხა  კატამ.

     - ბედნიერება  ალბათ  ისაა, რომ  ყველაფერი  იმ  ანგელოზივით  ბრწყინავს... როცა  ყველა  მხიარული  და  კეთილია...

     - ე-ეჰ, რა  ვიცი!.. - ამოიოხრა  კატამ, - მე  ბევრი  მივლია  ქვეყანაზე, კარგად  ვიცნობ  ცხოვრებას, რა  კუთხე-კუნჭულში  არ  შევმძვრალვარ... მაგრამ... ე-ეჰ...

     - ჰოდა, სწორედ  შენ  უნდა  იცოდე, რა  არის  ბედნიერება.

     - არ  ვიცი, ჩემო  ნინუცი, არ  ვიცი... ისე  კი  ძალიან  მინდა, ყველა  ბედნიერი  იყოს, არავინ  ერჩოდეს  ერთმანეთს, ყველა  მეგობრულად  ცხოვრობდეს...

     - ყველა? - გამომცდელად  შეეკითხა  გოგონა.

     - ყველა, აბა, რა! - უპასუხა  კატამ, - ადამიანებიც, კატებიც, თაგვებიც, მგლებიც, ჩიტებიც...

     - რა  კეთილი  ხარ, ჩემო  ფისუნი, რა  მოყვარული  გული  გაქვს! აწი, ალბათ, აღარც  მურიკას  წაეჩხუბები.

     - აჰ, აჰ! - შეიცხადა  კატამ, - მაგის  სახელი  არ  გამაგონო!.. ეგ  უსინდისო, ეგ  თავხედი! ეგ... ეგ... ჰმ!.. მიაუ!

     - ჰო, კარგი, კარგი, დამშვიდდი. ოღონდ  შენ  ნუ  აღელდები... არა  გრცხვენია?..

   კატას  უნდოდა  რაღაც  ეპასუხა  ნინუცისათვის, მაგრამ  უცებ  ნინუციმ  შეჰყვირა:

     - ვაიმე, მგელი!

     - მგელი?.. სად  არის? - ელდა  ეცა  კატას, - არიქა, ჩქარა, ხეზე  ავძვრეთ.

     - შენ  კი  აძვრები, მაგრამ  მე, აბა, როგორ  ამოვძვრე!..

     კატა, ცოტა არ იყოს,  შეფიქრიანდა.

     - აბა, მაშინ  გავიქცეთ. ჩქარა, ჩქარა!

     ნინუციმ  და  კატამ  სწრაფად  მოკურცხლეს  უკან, შინისაკენ. 

     ეს  ის  მგელი  იყო, რომელსაც  ბოროტმა  ჯადოქარმა  დაურეკა. 

     მგელი  ძალზე  მშიერი  იყო. შიმშილისაგან  ზოგჯერ  თვალები  უბნელდებოდა, ზოგჯერ  კი   უჭრელდებოდა  და  ბუჩქი  ბატკნად  ეჩვენებოდა. ამიტომ  იყო, რომ  გოგონა  და  კატა  გვიან  დაინახა. რა  თქმა  უნდა, მაშინვე  გამოუდგა  მათ, მაგრამ  დააგვიანა - გოგონამ  და  კატამ  თავის  ეზოში  შესვლა  მოასწრეს. მგელი  პირში  ჩალაგამოვლებული  დარჩა.

     გაბრუნდა  უკან  კუდამოძუებული  მგელი. მიდიოდა  და  გულმოკლული  ლაპარაკობდა:

     - ვა-ვა, ვა-ვა, როგორ  გამისხლტნენ  ხელიდან! დღესაც  მშიერი  დავრჩი, დღესაც!.. მომკლა  ამდენმა  წანწალმა. არაქათი  გამომაცალა  კურდღლებისა  და  ბატკნების  დევნამ... თანაც  ყველა  გაეშმაკდა, ყველამ  ჭკუა  ისწავლა... უბედურებაა  ნამდვილი!.. გაძნელდა  ცხოვრება, გაძნელდა!.. ბოლო  ხანებში  რაღაც  უცნაური  ამბებიც  მემართება. წეღან, მაგალითად, რაღაც  მბრწყინავმა  ფურცელმა  ჩამიქროლა. ქარს  მიჰქონდა. უცებ  ისეთი  სურნელება  შემომეფრქვა, რომ  რატომღაც  ხორცის  ჭამის  სურვილი  გამიქრა. ბალახის  ძოვა  კინაღამ  დავიწყე... რა  იყო, ვერ  გამიგია... ეჰ, შიმშილის  ბრალია  ალბათ... ისე, ბაბუაჩემისაგან  გამიგონია, დედამიწაზე  ბედნიერება  რომ  დამკვიდრდება, თხა  და  მგელი  ერთად  დაიწყებენ  ბალახის  ძოვასო. მართლა  ხომ  არ  დგება, ნეტავი, ის  დრო?.. ეჰ, რაც  იქნება, იქნება, დადგეს!.. მომკლა  ამდენმა  წანწალმა...

     მგელი  შეჩერდა, ერთ  ბებერ  ხეს  მიეყრდნო, თვალები  ცისკენ  აღაპყრო, გიტარა  ააკვნესა  და  სევდიანად  ამღერდა:


     გული  მაქვს, გული, ავსილი

     მწარე  დარდებით,

     მთელი  დღე  მშიერ-მწყურვალი

     დავიარები.

     რა  მოვახერხო, არ  ვიცი,

     მხოლოდ  ოცნებით  ვხარობ...

     ეეხ,

     ცხვარო,

     ცხვარო,

     ჩემი  სიცოცხლის  წყაროვ!..


     რატომღაც  გული  მიგრძნობს  და

     ფიქრი  მერევა,

     რომ  დამყარდება  დღეს  თუ  ხვალ 

     ბედნიერება.

     მომიწევს, ვცოხნო  ბალახი

     და  ძირხვენები  ვთხარო...

     ეეხ,

     ცხვარო,

     ცხვარო,

     ჩემი  სიცოცხლის  წყაროვ!..


     ე-ეხ!..



 ●


     ჯავრიანი  გულის  მოსაოხებლად  და  დარდის  გასაქარვებლად  მურია  ეზოს  დასათვალიერებლად  იყო  წასული  - ემანდ  სადმე  ქურდი  და  მამაძაღლი  არ  იყოს  შემოპარულიო. ამიტომ  ნინუცისა  და  კატის  დაბრუნება  გვიან  შენიშნა.

     რა  თქმა  უნდა, მაშინვე  ნინუცის  მივარდა. კატა  ძაღლადაც  არ  ჩააგდო.

     - რა  ჰქენი, ნინუცი, იპოვე  ანგელოზის  ბარათი?

     - აბა, როგორ  ვიპოვიდი, - დარდიანად  თქვა  ნინუციმ, - გზაში  მგელი  შეგვხვდა, ძლივს  გამოვასწარით.

    - რაო? მგელიო?.. - მურიამ  თვალები  დააბრიალა, - ხომ  გეუბნებოდი, მე  წამიყვანე-მეთქი! სულ  კუდით  ქვას  ვასროლინებდი!.. ჰამ-ჰამ!.. ჰაი, დედასა, სად  ვიყავი!..

     - ეჰ, კარგი  იქნებოდა, შენც  იქ  ყოფილიყავი, მაგრამ...

     - არა  უშავს, ნინუცი, - დაამშვიდა  მურიამ, - ნუ  ნაღვლობ. ახლა  მე  წამოგყვები  და  ნურაფრის  შეგეშინდება. ეგ  კნავილა, აბა, რისი  მაქნისია! მშიშარა!

     ამის  გაგონებამ  კატა  ღრმად  შეურაცხჰყო.

     - თავხედი!.. მიაუ. - თქვა  მან  და  ორთავეს  ზურგი  შეაქცია.

     - ახლა  მაინც  წავიდეთ  ერთად, - თქვა  ნინუციმ, - ვინ  იცის, რა  გადაგვხდება  გზაში.

     - მაპატიე, ნინუცი, შენი  ჭირიმე, მაგრამ  მე  მაგის  გვერდით  ვერ  გავივლი, - თქვა ძაღლმა  და  ყველა  კბილი  ერთად  გამოაჩინა, - ღრრრრ...

     - მურიკა! როგორ  არ  გრცხვენია! - გაუჯავრდა  ნინუცი.

     - მაშინ  ისევ  ეგ  წაიყვანე! - აიმრიზა  ძაღლი, - მე  თავი  დამანებეთ.

     ნინუციმ  ხელი  ჩაიქნია  და  ამოიოხრა.

     - კარგი, კარგი, წამოდი. მთავარია, ის  ბარათი  ვიპოვოთ.

     გოგონა  და  გახარებული  მურია  ეზოდან  გავიდნენ.

     კატა  ეზოში  დარჩა, მათკენ  ზურგშექცეული. ფრიად  შეურაცხყოფილი  იყო, მაგრამ  რა  ექნა, - მართალი  იყო  ის  არამზადა  ძაღლი!



 ●


     ბოროტი  ჯადოქარი  ძალიან  აღელვებული  გახლდათ, ბოლთას  სცემდა  და  გულმოსული  დუდღუნებდა:

     - ოხ, ის  გამოშტერებული  მგელი! ოხ, ის  დოყლაპია!.. როგორ  გაუსხლტა  ხელიდან  გოგონა  და  კატა!.. ოხ, მგელო, მგელო, შენ  არ  გაიხარე  ჩემი  ცოდვით!.. რა  ვქნა  ახლა, რა  წყალში  ჩავვარდე! ისევ  მიდის  ნინუცი  იმ  ბარათის  მოსაძებნად. ახლა  ძაღლი  მიჰყავს... ისევ  მგელს  უნდა  დავურეკო, მეტი  გზა  არაა... ალო, ალო, მგელი  ხარ?.. ვინ  ვარ  და  შენი  სიკვდილი  და  არგადარჩენა!.. არ  დაკიდო  ყურმილი, არ  დაკიდო!.. მე  ვარ, ჰო, მე, შენი  კეთილისმსურველი...  მიცანი?..  მეხი კი დაგაყარე!..  შენი  იმედი  არ  უნდა  მქონდეს?.. ის  გოგონა  ისევ  წამოვიდა  ტყეში... გაიგე?.. ვისთან  ერთად  და  ძაღლ... არა, არა, ბატკანთან  ერთად, ბატკანთან!.. ჩქარა  გაიქეცი... გაიგე?.. ჰო... - ბოროტმა  ჯადოქარმა  ყურმილი  დაჰკიდა, - ახლა, მე  მგონი, ვეღარ  გადაურჩებიან  მგელს. შიმშილით  გამწარებული  მგელი  როგორ  ვერ  მოერევა  ხაჭაპურით  გამაძღარ  ძაღლს!..

     თავისი  საზრიანობით  კმაყოფილი  და  ცოტათი  დამშვიდებული  ბოროტი  ჯადოქარი  მოაჯდა  თავის  ცოცხს  და  სადღაც  გაფრინდა.



 ●


     ნინუცი  და  მურია  ანგელოზის  ბარათის  საძებნელად  მიდიოდნენ  და  თან  საუბრობდნენ.

     - ნინუცი!

     - რაო, მურიკა?

     - რა  წერია, ნეტავ, იმ  ბარათში? არ  იცი?

     - ეჰ, აბა, ეგ  რომ  ვიცოდე! მხოლოდ  ის  ვიცი, რაც  ანგელოზმა  მითხრა:  დედამიწაზე  ბედნიერებას  დაამკვიდრებსო.

      - რა  არის  ბედნიერება, ნინუცი?

      - ბედნიერება  ალბათ  ისაა, როცა  ყველაფერი  იმ  ანგელოზივით  ბრწყინავს, როცა  ყველა  მხიარული  და  კეთილია...

     - ჰო, ჰო, ნამდვილად  ეგრე  იქნება, ნამდვილად!.. - დაეთანხმა  მურია, - მეც  ძალიან  მინდა, რომ  ყველა  ბედნიერი  იყოს, არავინ  ერჩოდეს  ერთმანეთს, ყველა  მეგობრულად  ცხოვრობდეს!..

      - ყველა? - გამომცდელად  ჰკითხა  ნინუციმ.

      - ყველა, ნინუცი, შენი  ჭირიმე, ყველა, აბა  რა!  ძაღლებიც, ადამიანებიც, მგლებიც, ცხვრებიც...

     - რა  კეთილი  ხარ, ჩემო  მურიკა, რა  მოყვარული  გული  გაქვს! - უთხრა  გოგონამ, - აწი, ალბათ, აღარც  ფისოს  წაეჩხუბები.

     ძაღლი  აღშფოთებული  შეჩერდა.

     - აჰ, აჰ, მაგის  სახელი  არ  გამაგონო!.. ეგ  უმაქნისი, ეგ  მშიშარა, ეგ  უსინდისო... ეგ... ეგ... ჰამ, ჰამ!.. ღრრრ...

     - ჰო, კარგი, კარგი, დაწყნარდი, - დაამშვიდა  ნინუციმ.

     გზა  განაგრძეს. მურია  უცებ  შედგა  და  ყურები  დაცქვიტა.

     - ნინუცი!.. მგლის  სუნი  მეცა!..

     - ვაიმე, მურიკა! სად  არის?..  აბა, შენ  იცი  ახლა!

     - ნახე, ნახე, სად  მიიძურწება!.. ღრრრ... ჰამ! ჰამ!..

     მურია  მგლისაკენ  გაექანა.

     მგელმაც  დაინახა  ისინი  და  ძალიან  გაუკვირდა:

     - აკი  ბატკანი  მოჰყვებაო?.. ბატკანი  კი  არა, ძაღლი  წამოუყვანია, ეგ  ჩვენი  ჯილაგის  მოღალატე, ეგა!.. ჩემკენ  მორბის... ეჰ, უნდა  გავეცალო  აქაურობას, მეტი  გზა  არაა. მაგრამ  რომ  მშია?.. რა  ვქნა, რა  წყალში  ჩავვარდე. მოდი, ვცდი  და  კაცურად  ვეტყვი  ერთ-ორ  სიტყვას. ნათესავები  ვართ, რაც  არ  უნდა  იყოს.

     ამის  თქმა  იყო  და  მურიაც  მოვარდა, შორიახლოს  შეჩერდა, სუყველა  კბილი  ერთად  გამოაჩინა  და  მგელს  შეუტია:

     - ღრრრრ... ჰამ, ჰამ!.. აბა, აქედან  მოუსვი! ჩქარა! ჩქარა!..

     - წავალ, ჰო, წავალ, - უთხრა  მგელმა  მშვიდობიანად, - მოიცა, რა  იყო, შე  კაი  კაცო! ჯერ  კაი  გამარჯობა  ვუთხრათ  ერთმანეთს. ნათესავები  ვართ, ბოლოს  და  ბოლოს. 

     მურიამ  ყურიც  არ  ათხოვა.

     - რაო?.. რის  გამარჯობა!.. რა  ნათესავები!.. აქედან  მოუსვი  ჩქარა, თორემ  კბილები  მექავება... წადი, სანამ  კუდი  მომიგლეჯია  შენთვის. მოუსვი  აქედან. ჰამ, ჰამ, ჰამ!..

     მგელი  ძლიერ  ნაწყენი  დარჩა  ნათესაური  გრძნობების  ასეთი  შეურაცხყოფის  გამო, მაგრამ  რა  ექნა, თავის  შეკავება  ამჯობინა.

      - მივდივარ, ჰო, მივდივარ, - თავი  მოისაწყლა  მან, - რა  დაგრჩენია, ნეტავ, მაგ  ბოროტ  ადამიანებთან. მაგათთან  ყოფნას  შიმშილი  სჯობია. წამოდი  ტყეში, თავისუფლად  ვინავარდოთ.    

     მურია  აღშფოთდა.

     - ჰამ, ჰამ!.. როგორ  მიბედავ!.. ეს  გოგონა  იცი  ვინ  არის? ბედნიერება  უნდა  დაამკვიდროს  დედამიწაზე!  სწორედ  ამ  საქმეზე  მივდივართ  ახლა... შენთან  სალაპარაკოდ  არ  მცალია... ჰამ, ჰამ!.. აბა, მოუსვი, მოუსვი  აქედან. ჰამ, ჰამ, ჰამ!

     - მართლა  ბედნიერების  დასამყარებლად  მიდიხართ?  აბა, მეც  წამიყვანეთ, მეგზურობას  გაგიწევთ, - უკანასკნელ  ხავსს  მოეჭიდა  მგელი, - დაგეხმარებით, სულ  დავლილი  მაქვს  ეს  არემარე... მეც  მინდა  ბედნიერება  დამყარდეს  დედამიწაზე... მეც  მინდა, ბალახი  ვძოვო  ცხვართან  ერთად... აღარ  მინდა  ძველებური  ცხოვრება... უნდა  გამოვიცვალო  ზნე... ბაბუაჩემი  მეუბნებოდა...

     ძაღლმა  ითმინა, ითმინა  და  ვეღარ  მოითმინა.

     - რაო, რაო?.. ჩვენთან  წამოსვლა  გინდა?.. ბალახის  ძოვა  გინდა?.. შენი  მოსატყუებელი  კბილი  დიდი  ხანია  მოვიცვალე!.. ჰამ, ჰამ!.. ეგ  ზღაპარი  ბაბუაშენს  უამბე!.. აბა, მოუსვი  აქედან,  ჩქარა,  ჩქარა!..  წადი  ბაბუაშენთან!.. ჰამ, ჰამ!.. აბა,  ჩქარა, მეტი  დრო  არა  მაქვს, მოთმინება  დამელია... ჰამ, ჰამ, ჰამ...

     მურიამ  მგლისაკენ  გაიწია. მგელი  შეშინდა, უკან-უკან  დაიხია, მერე  შებრუნდა  და  წაძუნძულდა.

     მურიამ  რომ  დაინახა, როგორ  მიძუნძულებდა  მშიერი მგელი, უცებ  რატომღაც  ძალიან  შეებრალა  იგი, შეჩერდა, ერთი-ორჯერ  დაუყეფა, ისე, ზრდილობის  გულისათვის, მერე  კი  უკან  გამოსწია  გოგონასთან.

     მგელმა  ცოტა  ხანს  იძუნძულა, მერე  მიხვდა, რომ  აღარ  მისდევდა  ძაღლი, შედგა, დაყუნტდა  და  დარდიანად  ალაპარაკდა:

     - ვაი  ჩემი  ბრალი!.. არც  ყური  მათხოვა, არც  არაფერი  დამიჯერა!.. ეჰ... ან  კი  ვინ  დაგიჯერებს, ბალახის  ჭამას  რომ  აპირებ, როცა  მთელი  სიცოცხლე  ხორცს  ჭამდი... რა  იქნებოდა, მეც  წავეყვანეთ, თუ  მართლა  ბედნიერების  დასამყარებლად  მიდიოდნენ!.. მოვრჩებოდი  მაინც  ამდენ  წანწალს... იქნებ  მართალი  იყო  ბაბუაჩემი, რომ  მეუბნებოდა, ოდესმე  ბედნიერება  დამყარდება  და  თხა  და  მგელი  ერთად  დაიწყებენ  ბალახის  ძოვასო... ბრძენი  იყო  ბაბუაჩემი, ბრძენი!.. ერთ  ბატკანს  კი  გადაჰყვა  უბედური...

     მგელმა  თვალებზე  მომდგარი  ცხარე  ცრემლები  მოიწმინდა  და  სევდიანად  ამღერდა:

   

     ეეხ,

     ცხვარო,

     ცხვარო,

     ჩემი  ოცნების  წყაროვ!..

     ე-ეხ!!!



 ●


     მურიამ  ნინუცისთან  მიირბინა  და  მიახარა:

     - გავაქციე... სულ  კუდით  ქვა  ვასროლინე! მაშ!.. ჩემი  მოტყუება  უნდოდა, წარმოგიდგენია?.. ბალახის  ძოვა  მინდაო... ნათესავები  ვართო...

     - გმადლობთ, ჩემო  მურიკა, ყოჩაღი  ხარ, - შეაქო  ნინუციმ.

     - აბა, იმ  კნავილას  კი  არ  ვგავარ! იმ  მშიშარას!.. იმ... იმ... ჰამ, ჰამ! ღრრრ...

     - ჰო, კარგი, კარგი, - დაამშვიდა  ნინუციმ, - წავიდეთ... ეჰ, არსად  ჩანს  ანგელოზის  ბარათი! სად  წაიღო, ნეტავ, ქარმა. არადა, შორიდანვე  გამოჩნდება, ისე  ბრწყინავს.

      - ვიპოვით, ვიპოვით, ნუ  გეშინია, - უთხრა  მურიამ, - ყნოსვითაც  მივაგნებ. ცის  სურნელება  აქვს  და  შორიდანვე  ვიგრძნობ.

     - უნდა  ვეძებოთ, სანამ  არ  ვიპოვით, - თქვა  ნინუციმ.

     გზა  განაგრძეს.

     უცებ  მურია  შედგა  და  ჰაერი  მოყნოსა.

     - ნინუცი!.. სადღაც  ახლოს  უნდა  იყოს! ცის  სურნელება  მომდის. აბა, კარგად  გაიხედ-გამოიხედე!

     გოგონამ  აქეთ-იქით  დაიწყო  ყურება  და  უეცრად  სიხარულით  შეხტა.

     - ვხედავ! ვხედავ! აგერ, იმ  მაღალი  ხის  კენწეროზეა... აუუ, სად  აუტანია  ქარს!

     - მეც  ვხედავ, მეც! - სიხარულით  ცას  ეწია  მურია.

     - კი  მაგრამ, როგორ  ჩამოვიტანოთ  იქიდან? - საგონებელში  ჩავარდა  ნინუცი, - რა  მაღალი  ხეა! კატა  მაინც  იყოს  აქ, ერთ  წუთში  ჩამოიტანდა.

     - კატა  კი  ჩამოიტანდა, ხომ  იცი, - თქვა  ძაღლმა.

     - აი, თქვენმა  ჩხუბმა როგორ  შეგვიშალა  ხელი, - საყვედურით  უთხრა  ნინუციმ, - რომ  არ  გეჩხუბათ, ისიც  ხომ  აქ  იქნებოდა. ხომ  ხედავ, უერთმანეთოდ  ვერაფერს  გავხდით.

     - რა  ვქნა, ნინუცი, ხომ  იცი, რანაირია...

     - რა  უნდა  ჰქნა  და  უნდა  უმეგობრო. შენ  კი  სულ  ეჩხუბები, თანაც  ტყუილად!

     - თვითონ  რომ  არ  მიწევს  მეგობრობას? - შეეკამათა  მურია, - ამას  წინათ  რამდენი  ვეხვეწე, ხეზე  ასვლა  მასწავლე-მეთქი  და  არ  მასწავლა. შენი  საქმე  არ  არის  ხეზე  ასვლაო. რომ  ესწავლებინა, ხომ  ჩამოვიტანდი  ახლა.

     - ნუ  სულელობ! - გაჯავრდა  ნინუცი, - სწორი  უთქვამს. სად  გინახავს, ხეზე  ძაღლი  ადიოდეს?.. ნუთუ  ვერა  გრძნობ  დანაშაულს, კატა  რომ  არ  წამომაყვანინე? 

     - ვგრძნობ, ვგრძნობ, - თავი ჩაქინდრა  მურიამ.

     - აწი  აღარ  წაეჩხუბები?

     - რა  ვიცი, ვნახოთ... ღრრრრ...

      - მურიკა! კიდევ  მაგას  ამბობ? -  აღშფოთდა  ნინუცი.

     - არა, არა, აღარ  წავეჩხუბები. მაპატიე.

     - წავიდეთ, აბა, წამოვიყვანოთ  კატა.

     - წავიდეთ.



 ●


     როდესაც  ნინუცი  და  მურია  სახლში  დაბრუნდნენ, კატა  ჩრდილში  მხართეძოზე  იყო  წამოწოლილი  და  ვითომ  ეძინა. რა  დააძინებდა - წეღანდელმა  წყენამ  არა  და  არ  გაუარა.

     ნინუცისა  და  მურიას  დანახვაზე  ვითომ  გაიღვიძა, ზარმაცად  წამოიწია, მურიასკენ  არც  კი  გაუხედავს - იგი  ძაღლადაც  არ  ჩააგდო, და  ნინუცის  ირონიულად  ჰკითხა:

     - რა  ჰქენი, ნინუცი, იპოვე  შენი  ბარათი?

     - ვიპოვეთ, ფისო, ვიპოვეთ, - მხიარულად  უთხრა  ნინუციმ, - მაგრამ  მაღალი  ხის  წვერზე  აუტანია  ქარს. ახლა  შენ  უნდა  წამოხვიდე  და  ჩამოიტანო  იქიდან.

     ხატაურამ  ულვაშებზე  გადაისვა  თათი.

     - ოო! მიაუ!.. მაგ  ვაჟბატონმა  ვერ  ჩამოიტანა?

     - ამ  ვაჟბატონმა  მგელს  ასროლინა  კუდით  ქვა... ახლა  შენი  ჯერია, შენ  ხის  კენწეროზე  უნდა  ახვიდე. ხომ  ხედავთ, უერთმანეთოდ  ვერაფერს  გავხდით. უნდა  შერიგდეთ   ახლავე.

     - ოოო... მიაუ... - კატამ  ქვეშ-ქვეშად  გაჰხედა  თავჩაქინდრულ  მურიას, - ე-ეჰ!..  კაა-რგი, კაა-რგი... რა  გაეწყობა... შენი  ხათრით, ჩემო  ნინუცი... და  ბედნიერების  ხათრით... შევურიგდები... მიაუ...

     კატამ  თათი  გაუწოდა  მურიას  და  პირი  მიიბრუნა.

     მურიამ  თათი  ჩამოართვა.

     შემდეგ  ერთმანეთი  გადაჰკოცნეს, სამჯერ, ჯვარედინად:

     - მწუ!.. მწუ!.. მწუ!..



     ●


     ბოროტი  ჯადოქარი  ხის  კუნძზე  იჯდა, თავი  მგლის  კუდით  ჰქონდა  შეხვეული  და  მწარედ  კვნესოდა:

     - ვაი, წელი!.. ვაი, გული!.. ვაი, თავი!.. ვაი, როგორ  ცუდად  ვარ!.. მიაგნეს  იმ  ბარათს, მიაგნეს!.. ძაღლი  და  კატა  შერიგდნენ  და  ერთად  მიდიან  მის  დასაბრუნებლად. უი, უი, რა  მეშველება! იმათმა  შერიგებამ  სულ  მთლად  გამომაცალა  ძალ-ღონე  და   ჯადოქრობის  უნარიც  წამართვა.   ქარის  ამოვარდნაც  აღარ  შემიძლია, რომ  ისევ  გადავკარგო  ის  ბარათი. არადა, თუ  მართლა  ბედნიერება  დამკვიდრდა, მე  იმწუთშივე  მოვკვდები... ის  ჩემი  ცოდვით  სავსე  მგელიც  მთლად  გამოთაყვანდა. რას  ბჟუტურობდა, ბალახის  ძოვა  უნდა  დავიწყოო. ვაი, ჩემს  მოსწრებას!.. მოდი  ერთი, ყავის  ჭიქაში  ჩავიხედო... უი, უი, აქაც  ის  საზიზღარი  ბარათი  მოჩანს... მეტი  გზა  არაა, უნდა  გადავიკარგო  სადმე, სადაც  ჩხუბი   და  უბედურება  ტრიალებს... ეჰ!..  აბა, ჩემო  ცოცხო, მოვცოცხოთ  აქედან, სანამ  ცოცხალი  ვარ...

     ბოროტი  ჯადოქარი  თავის  ცოცხს  გადააჯდა.

     - აჩუ!

     - ტრახ-ტრახ-ტრახ... - ათუხთუხდა  ცოცხი  და  მაშინვე  ჩაუქრა  ძრავა.

     - აჩუ, აჩუ! - დასძახა  ბოროტმა  ჯადოქარმა.

     - ტრახ-ტრახ... - ისევ  დაიძახა  ცოცხმა  და  ისევ  ჩაუქრა  ძრავა.

     ბოროტმა  ჯადოქარმა  აქედან  მოუარა, იქედან  მოუარა, აქედან  კრა  წიხლი, იქედან  კრა, მაგრამ,  შენც  არ  მომიკვდე, ცოცხი  ადგილიდან  არ  დაიძრა.

     - ფუჰ, გაგიწყდეს  გამომცემელი! - დასჭყივლა  გაბრაზებულმა  ბოროტმა ჯადოქარმა, კიდევ  ერთხელ  უთავაზა  წიხლი  ცოცხს  და  კივილით  გაიქცა.



 ●


     ნინუცი, მურია  და  ხატაურა  ისევ  გაემართნენ  ტყისაკენ. მიდიოდნენ  და  მხიარულად  ბაასობდნენ. იგონებდნენ  დღევანდელ  ჩხუბს, იცინოდნენ, მღეროდნენ.

     უცებ  ნინუციმ  შეჰყვირა:

     - ვაიმე, მგელი!

     მურიამ  და  ხატაურამ  ყურები  ცქვიტეს.

     - სად  არის? სად  არის? - თვალები  დააბრიალა  მურიამ.

     - აგერ  იქ...  ხედავთ? - თითი  გაიშვირა  ნინუციმ.

     ყველამ  დაინახა  მგელი, რომელიც  პატარა  მწვანე  მდელოზე  იდგა.

     - დახე, სად  ყოფილა! ახლავე  კუდით  ქვას  ვასროლინებ! ღრრრრ...

     მურიამ  მისკენ  გაქცევა  დააპირა, მაგრამ  ნინუციმ  შეაჩერა:

     - დაიცა, მურიკა!.. ხედავთ, რას  აკეთებს?

     გინდა  დაიჯერეთ  და  გინდ  არა - მგელი  ბალახს  ძოვდა!

     არა, მთლად  ცხვარივით  არა, მაგრამ  მაინც!

     მოჰგლეჯდა  ერთ  ბღუჯა  ბალახს, დაღეჭავდა, უსიამოვნოდ  დაიღრიჯებოდა  და  ისევ  გამოჰყრიდა  პირიდან.

     ასე  გაიმეორა  რამდენჯერმე.

      შემდეგ  კი, მძიმედ  დაფიქრებული, ნელი  ნაბიჯით  გასცილდა  მდელოს  და  ხშირ  ბუჩქებში  მიიმალა...

     მურია, ცხადია, აღარ  გამოჰკიდებია...

     ჩვენი  მეგობრები  კი  ისევ  გაუდგნენ  გზას. ეჩქარებოდათ. უნდოდათ, ჩქარა  დაებრუნებინათ  ანგელოზის  ბარათი, რომელშიც  ზეციური  საიდუმლო  ეწერა. 

     ბოლოს  მიაღწიეს.

     - ფისო, აი, იქაა... ხედავ? - უთხრა  ნინუციმ   და  ხის  კენწეროზე  გარჩენილი  მბრწყინავი  ბარათი  დაანახა.

     - აბა  სადა? - თათი  მოიჩრდილა  კატამ, - ჰო, ჰო... ვხედავ, ვხედავ... ახლავე  კენწეროზე  მოვექცევი.

     კატა  მარდად  აძვრა  ხეზე.

     მურია  აღტაცებული  შესცქეროდა, თუ   როგორ  მიიწევდა  კატა  ხის  კენწეროსაკენ...

     სადღაც  კი, უსიერ  შამბნარში, ბოროტი  ჯადოქარი  ჰკიოდა...



 ●


     აი, ასე  დაიბრუნეს  ერთიანი  ძალით  ნინუციმ, კატამ  და  ძაღლმა  დაკარგული  ბარათი, რომელშიც, როგორც  ნინუცის  უთხრა  ანგელოზმა, დედამიწაზე  ბედნიერების  დამამკვიდრებელი  საიდუმლო  ეწერა.

     ხომ  გინდათ, თქვენც  გაიგოთ  ეს  საიდუმლო?

     ნინუცისაც  ძალიან  უნდოდა, მაგრამ  რა  ექნა, კითხვა  არ  იცოდა.

    ამიტომ  დაჯდა, ბეჯითად  იმეცადინა  და  კითხვა  ისწავლა. შემდეგ  გაშალა  მბრწყინავი  ბარათი  და  შიგ, აი, რა  ამოიკითხა:


                         გ - ი - ყ - ვ - ა - რ - დ - ე - თ  

                         ე - რ - თ - მ - ა - ნ - ე - თ - ი


ო, რა  სიხარული  დაეუფლა  გოგონას! სასწრაფოდ  დაუძახა  თავის  მეგობრებს - ძაღლსა  და  კატას  და  პირველად  მათ  გაანდო  ეს  საიდუმლო. მათ  სიხარულსაც  საზღვარი  არა  ჰქონდა. შემდეგ  ერთმანეთს  ხელი  ჩასჭიდეს  და  ღვთის  მიმართ  აღვლენილ  ლოცვასავით  იმეორებდნენ: 


                          გი - ყვა - რდეთ    ერთ - მა - ნე - თი!

                          გი - ყვა - რდეთ    ერთ - მა - ნე - თი!



     ასე  დამთავრდა  ეს   ამბავი.

     გინდათ  იცოდეთ, ახლა  რას  აკეთებს  ის  გოგონა?

     ვერ  გეტყვით.

     ეს  მეც  აღარ  ვიცი.

     ალბათ  დადის  და  ანგელოზის  დავალებას  ასრულებს.



                             ლხინი  იქა, ლხინი  აქა, 

                             ფქვილი  იქა, ფქვილი  აქა.


1988












შინაარსი


რედაქტორისაგან


         1

ბოლო წლების ლექსები


ოთხმოცი ფუთი მარილი

ქარი

ამაო სარჩელი

* დანომრეს მშობლები

ბალადა ლექსსა და ღვინოზე

თვისი ავით თუ კარგითა

ცხენთა შეჯიბრებაზე

* სიზმრად ვნახე...

ვაჰ, თუ...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს

ორი სატანის ომი

ქება დილას

* თვისი ავით თუ კარგითა...

ვაჰ, თუ...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს

ვინ არის გიორგი?

იმიტომ

დასავლეთი

* დანომრეს მშობლები...

* დრო მოვიდა ისეთი...

მძიმე ფრთებია ფიქრი

* მსოფლიოს შეშლილსა და გზასაცდენილს...

ორი სატანის ომი

ლელას პროგნოზები

აბჟანდაძეების ქება

ქება ალტ-ინფოს

* ეჰ. ოთხმოცსაც გადავცილდი...

ქება ბედს

ცუდები ცოდონი არიან

უფალს განუდგა საწუთრო

მადლობა ნანის

ვგმობ საწუთროს

სულ ცრემლის მოწმენდა სჭირდება

მცირე ეპოპეა ვაჩნაძიანში

* ეჰ, წლები მემატება...

* სამოციდან ოთხმოცამდე...

აწ უკვე დროა

თანამეინახე მეგობრებს

*  ბედ-იღბალს რომ ვუჩიოდით... 

პასუხი იმ ერთ კითხვაზე

* განთიადი რომ გვეგონა...

ოდა მოდას

მიდის ესე ცხოვრება

* ადვილად იმარჯვებ, ბოროტებავ...

* ოთხმოცს გადავაბიჯე...

საყვედურები ხალხურად

ფარდობითობა

ჩემი არამეცნიერული ლექსიკონი

1. ნატვრა

2. სითბო

3. ჩიტი

4. ცხოვრება

5. დუმილი

აია იი?

უსაფრთხოების ღვედი

მე რა ვქნა, - რითმა მკარნახობს

ვედრება საქართველოსთვის ღმრთისა მიმართ

რას გვემართლება საწუთრო

გამოთხოვება ცხენებთან

სამოცდაცხრამეტი

* რა გვინდოდა?..

ძლივს მილასლასებს ცხოვრება

ქება ღამის ლექსებს 

* ლექსი გრძნობის ლამპარია...

მგზავრული არსაით

გამომშვიდობება

ამაოდ დავშვრი

უფრო სწორად

იმედი

როგორ გავანაწყენე ბატონი ნიკო ჭავჭავაძე

ფოთოლცვენა ქუჩაში

ჩემთან მოპაექრეებს

ჩემი ბოსტანი

ჰე, ღმერთო ერთო

ქება გაქცევას

მიძღვნა „ვეფხისტყაოსნისა“

ბეწვის ხიდი, ანუ ძველებური დარდიანი 2

* სულ ერთმანეთის ჭამაში...

საქმე ისე ცუდადაა...

77 წელი

ქება ყვავს

ქება ენჯეოებს

თხოვნა, არც ისე სასაცილო

* ნუ იხმაურებ...

ჭოლა ლომთათიძე

ანზორ-ინფოს განცხადება

* როცა წავალ...

უკუზღაპარი

ჯაყოს ხიზნებზე

ავი მეზმანა სიზმარი

უჩინარი მეასე

მიმწუხრის ალოგიკური ფიქრები

* ღმერთო, ნუ მისცემ უფლებას...

* ჩემი მშვენიერი, მოხდენილი ხე...

* მიფრინავენ... და სადღაც შორს...

 * ჩემი ნაკუწ-ნაკუწი ღრუბლები...

 * ისევ შეიმოსა ვაშლის ხე...

     * უკვე მიჭირს ასვლა ამ აღმართზე...

     * ჰარმონიის ნიმუშია ეს ტაძარი...

     * შემდეგ რაა?

     * ლექსი, რომელიც ავტორს...

     * სასწორი ჰკარგავს თავის თავს...

     * თავისუფალი ლექსს...

     * საშინელი წყევლის...

     * რამდენ ტრაგედიებს...

     * ძაღლმა დაგლიჯა ჩემი ფუმფულა ფისო...

     * მგონია, რომ ჩიტს სევდიანი ნისკარტი აქვს...

     * სიყვარული წამალია...

     * ძაღლები და კატები...

     * ჩიტი მოჭრილ ტოტზე...

     * დრო იყო...

     * ადრე: ხელოვნება...

     * ვისაც შეუძლია...

     * რა საოცრებაა მიწა...

     * „აი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი...

არეული წუთისოფელი

* ვაგლახ, ყველაფერი როგორ შეიცვალა...

საწუთრო

ირაკლის ფიქრები პაემნის წინ

იმედი და ოცნება

ევთანაზია

რაღა დროს



             2


ძველი კრებულებიდან:

„ქება ჩიტს“, „მე და ჩემი ძმა“, „აჰა, ინებეთ“,

„თქვენ სულ აქა ხართ“, „ჩემი რჩეული“


ჯერ შორია

* გული თქვი, თორემ...

* როცა წვიმდა...

* ექიმო, მოდი...

* დიდო ნაღველო...

* სდუმან ხენი...

* მე გაოცებით შევყურებ ამ ხეს...

პური

* გაუგებარი და იდუმალი...

* ვაი ჩვენდა! - ის ფიალა...

* ხეო, შენი სიმწვანე შემაშურე...

უხმოდ ნატირალი

შემოდგომის დღე

* შენი ჯიუტი იმედი...

* არა სიმართლე...

* მე მიმატოვა...

* დაჰკლეს ქათამი...

*, ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება...

ხენეში ეჭვი

* ფართო არს გზაი...

* ბევრი რამ იყო გაუგებარი...

* თვალთ რომ შემაშრა...

* რა შეუმჩნევლად ღამდები, ღამევ...

კაცობრიობის წყურვილი

* სიცოცხლეო, მუდამ გვშივხარ...

* მეცნიერები ნუ გვიწყენენ და...

* ოდეს იხილავ...

* ვიხილე, ვიცანი...

* ატირდა ბავშვი...

ინტელექტუალური კომედია

* გულის დაწყვეტა რა ბედენაა...

* ის ნებიერი ბედნიერება...

* კარგი დღე იყო...

* ის დღეც, უკვალო დღეც...

* მას სურს ძვირფასი განიძარცვო სამოსელი...

* შავად სუნთქავს მოთმინება...

* განათებულხარ სიყვარულით...

* რა არ ხდება ქვეყანაზე...

* გულს მიწყლავს სევდა...

ქეიფი, მოწყენილი ქალი

* ეს ბალახები...

* როგორც ნაძვის ხე...

* ვერ მოვიხელთე...

უკანასკნელი სიტყვა ურმულს

იავნანა რა იქნა?

* არ ბერდება სულის მშვენება...

ფრაგმენტი

* რამდენ დანაკარგს...

* რაა ამქვეყნად საკვირველი?

სხვა საწყაულით

დამთმე, სევდავ

* ვცოცხლობთ რისთვისაც...

ქება ბავშვის თვალებს

ქება სიკეთეს

ხუმრობა ხმაურზე

ქება შავ სათვალეს

* ბრწყინავს ალმასი...

ძველებური დარდიანი

* ეს სოფელი სამსალაა...

* აჰა დაღამდა...

* შევეგუები შენს დაკარგვას...

სიძმარი (დასაწყისი)

* კი! წინ წავიდა პოეზია!

ქება კაცის გულს

* სულ ასე გვჯერა...

აუნაზღაურებელი დანაკლისი

ანალიზი

ფიროსმანი

* წვრილმანთა ღობე-ყორეში...

* დავალ, დავბზუი...

ყვავილების მაღაზია შავი სათვალიდან

* ადვილია შენი შეყვარება, უფალო...

* აჰა, იზეიმე...

*ვაი, კრულო ბედისწერავ...

ისევ ჭეშმარიტების შესახებ

* აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით...

უფლის საქმეა დანარჩენი

ხსნა

ქება ჩიტს

სინანული

* არა, ხსნის გზა...

ქება უიმედობას

ხილვები ყავის ჭიქაში

საქართველოვ

არ ვემდურები ბედს

მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს

მიყვარს მერცხლები

სიცოცხლე უძილო ღამეა

შოთა რუსთველი

დაგმანული კარიბჭე

ჰო, ისინი

ხუთი ლექსის ბალადა

* შეუცნობელი...

* რაც რაიმე გვიშრომია...

რაღაც სხვა

* გიფიქრიათ...

ჩემი ოთახი

ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს

* მწუხარებაც ლამაზია...

* როგორ ვარ და...

უფალი გვწყალობს

აღმოსავლური ელეგია

ქება „უნდა“-ს

ერეტიკული ხუმრობისებური

ჩემი ოცდამეერთე

მოგონებანი

ანა კალანდაძე

რასაც გული კარნახობდათ

ცხოვრება დები იშხნელებისა

ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება

მამიდა

ქართველ ემიგრანტებს

* ვზივართ, ფანჯარაში ვიყურებით...

თუ გახსოვს შენ

* ასტეროიდი მოდისო, თქვეს...

ფიროსმანის ძეგლთან

ინოლა

შოთა ჩანტლაძის მასტერკლასი

ჩიტები ცაში კვდებიან

ჩიტმა ამბავი მოიტანა

* ძუნწად - სიკეთის მთოველი...

ისევ

ცხოვრების სადღეგრძელო რუსიკოს ლუდით

სიმბა

იქნებ

70 წელი

წუთისოფელი

გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას

ჯერ ოცი წლისაც არ იყო

ხუმრობა ჩემს ლექსებზე

* რომ სიცოცხლეზე უარის თქმის...

მიძღვნა „ვეფხისტყაოსნისა“

ზინა კვერენჩხილაძე

ჭამე, სანჩო!

წუთისოფელო, დავზავდეთ

დედა

ისე - კარგად ვარ სხვაით

პატრიარქის ჩაბრძანება დმანისში

რა ვიცი!

განადგურებული ლექსი სტალინზე

თქვენ სულ აქა ხართ

ისევ ჩემს ოთახში

გული

ჰო, ეს საქართველოა

საწუთროს სამდურავი

სიხარულის ლექსის ბალადა

„ვითაამ?“

ღვთაებრივი სიმშვიდე

ჩვენ უგნურნი ვართ ყოველთვის

მაწანწალა

როგორც ვაჟა ბრძანებდა

ლეგენდა ჩემს გვარზე

უიმედო  ნატვრა

სამი ფერიის დედა

თქვი, რომელი გირჩევნია

მეორე მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს

მგელი

ზენაარო, მადლი შენდა!

ტიპმა დამბლოკა „ფბ“-ზე

წყურვილი

სიმბა მოკვდა

ბატონი ვახუშტის ჩიჩილაკი

ხუმრობა პოლიტიკურ ლექსებზე

ქართული სოფელი

შიში

დროშა

ბალადა ბატონი გურამის ახალ რჩევებზე

სამოცდათხუთმეტი

მე და ჩემი ძმა


                        3

               ზ ღ ა პ ა რ ი


ზეციდან გამოგზავნილი ბარათის საიდუმლო





(ყდის უკანა მხარეზე)


ანზორ აბჟანდაძე - პოეტი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 

გამოქვეყნებული აქვს -

ლექსების კრებულები: „ქება ჩიტს“, „მე და ჩემი ძმა“, „აჰა, ინებეთ“, „თქვენ სულ აქა ხართ“, „ჩემი რჩეული“. 

რუსთველოლოგიური ნაშრომები: „ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი“, „ვეფხისტყაოსანი შენთან ერთად“; 

თარგმანები: ნიკოლაი გოგოლის, ლეონიდ ანდრეევის, ვასილ შუკშინის, რიუნოსკე აკუტაგავას, ანრი ბერგსონის, კლოდ  სიმონის, მო იენის, ვიქტორ ეროფეევის პროზაული ნაწარმოებები; ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ნიკოლაი რერიხის, ევგენი ევტუშენკოს, ბულატ ოკუჯავას, იოსიფ ბროდსკის და სხვათა ლექსები; 

პუბლიცისტიკა: "ვთქვათ გალობანი სინანულისანი". 

თეატრმცოდნეობა: "დმანისის თეატრი".