ბულგარელი პროფესორის,
გეოლოგ ვენელინ ჟელევ ჟელევისა და გერმანელი პროფესორის, არქეოლოგ ალბრეხტ იოკენჰოველის
შუალედურ დასკვნაში საყდრის-ყაჩაღიანის პრობლემის თაობაზე, ყველაზე საყურადღებო, და,
ამასთან, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ყველაზე გასაგებ ადგილს წარმოადგენს შემდეგი ნაწილი:
„ორივე მხარე
(მადნის მომპოვებლები და არქეოლოგები) დაჟინებით მოითხოვს საყდრისი-ყაჩაღიანის
პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრას. ამისათვის არსებობს 3 გზა. პირველ
გზას წარმოადგენს ტერიტორიისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება; მეორე
გზა მადნის მოპოვების დაწყებაა, არსებული არქეოლოგიური მონაცემების ნაწილის
უგულვებელყოფით, ხოლო მესამე - კონსენსუსის მიღწევაა. ჩვენ
მიგვაჩნია, რომ ტერიტორიაზე განხორციელებული მონიტორინგის
შედეგად ჩვენი დასკვნებისა და ასევე, საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის ეკონომიკური,
სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით,
აგრეთვე მსგავსი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, (მაგალითად, ადა ტეპეს ოქროს
საბადო ბულგარეთში), ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის ყველაზე
რეალისტურ გზას წარმოადგენს ორივე მხარის მიერ გარკვეულ კომპრომისზე
წასვლა.“
ერთი სიტყვით,
უცხოელი ექსპერტები ურთიერთკომპრომისს გვთავაზობენ, და არა თუნდაც ცალმხრივ კომპრომისს.
ვფიქრობ, ამაოდ
გაისარჯნენ ხსენებული მეცნიერები, როდესაც ურთიერთკომპრომისი გვირჩიეს, როგორც ყველაზე
სწორი და რეალისტური გამოსავალი. ეს კეთილი რჩევა, სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში სრულიად უპერსპექტივოა!
თუ ჩვენს უახლოეს
ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს სინამდვილეში ყველაზე მწვავედ
სწორედ ურთიერთკომპრომისის დეფიციტი იგრძნობა. ესაა ყველა ჩვენი უბედურების ერთ-ერთი
მთავარი წყარო. იგი ვლინდება არა მხოლოდ საყდრისის საკითხში, არამედ თითქმის ყველა
საკითხში, რაც საქართველოში დღეს დგას, ან გასული 25 წლის განმავლობაში დამდგარა.
ჯერ კიდევ 80-იანი
წლების დასასრულს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, გამოჩენილი
ქართველი მოღვაწე აკაკი ბაქრაძე წერდა, რომ ეროვნული მოძრაობა თუ ამ გზით წავიდოდა,
აურაცხელ უბედურებებს გადავეყრებოდით. იგი გულისხმობდა ეროვნულ ძალებს შორის ერთმანეთის
აზრების შეუწყნარებლობას, რის საფუძველზე ეროვნულ მოძრაობაში დიდი განხეთქილება და
დაპირისპირება სუფევდა. ეს დაპირისპირება ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცილისწამებებში
გამოიხატა, მერე ერთმანეთს მუშტი მოუქნიეს, შემდეგ კი ყუმბარებიც ესროლეს. ამის შედეგებს
დღემდე ვიმკით და ამით ჩვენმა ყველა მტერმა ისარგებლა. აკაკის ბაქრაძის ვარაუდი გამართლდა.
არადემოკრატიული
აზროვნება, სხვათა აზრის უგულებელყოფა, ხისტი დამოკიდებულება, უკომპრისობა განსხვავებული
აზრის მიმართ, ქვეყნის დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია, რაც საბჭოთა კავშირის მძიმე
მემკვიდრეობას წარმოადგენს, რადგან იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა (ისევე როგორც სხვა საბჭოთა
რესპუბლიკები) ფაქტობრივად პოლიტიკის გარეთ იდგა.
მაგრამ, ცხადია,
ეს არ გვამართლებს. უსასრულოდ ხომ არ უნდა დავრჩეთ იმ პოლიტიკური კულტურის უდაბლეს დონეზე, რაც საბჭოეთმა
გვიანდერძა?
ზემოხსენებულმა
მეცნიერებმა ურთიერთკომპრომისისკენ მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს, რადგან, როგორც
უამრავი მაგალითი გვიჩვენებს, უკომპრომისობა (ან ცალმხრივი, იძულებითი კომპრომისი) არავითარ დადებით შედეგებს
არ იძლევა და პრობლემას ან საერთოდ ვერ წყვეტს, ან მხოლოდ დროებით.
დაპირისპირების
დროს ორივე მხარეს ამტკიცებს, რომ თვითონაა მართალი. ცხადია, არ შეიძლება ორივე მხარე
იყოს მართალი, - ან ერთი მხარე ტყუის (განზრახ თუ უნებურად, ან მეორე, ან ორივე. არადა,
ორივე მხარე ერთმანეთს არაგულწრფელობასა და ტყუილს აბრალებს.
აქ არც ის შეიძლება
ითქვას, რომ ორივე მხარეს „თავისი“ სიმართლე აქვს. „თავისი“ და „სხვისი“ სიმართლე არ
არსებობს - სიმართლე მხოლოდ ერთია (რომელსაც ორივე მხარე იჩემებს).
რაც მთავარია,
მხარეთა უკომპრომისო დაპირისპირების დროს (სიმბოლურად რომ ვთქვათ, „ან გამარჯვება,
ან სიკვდილი“) არც ერთი მხარე არ რჩება გამარჯვებული, თუმცა „იმარჯვებს“ ის მხარე, რომელსაც იმ მომენტში მეტი
ძალა აღმოაჩნდება.
გავიხსენოთ უკომპრომისობის
ზოგიერთი მაგალითი:
უკომპრომისო ზვიად
გამსახურდია დაამარცხა უკომპრომისო ოპოზიცამ - რა მივიღეთ?
უკომპრომისო შევარდნაძე
დაამარცხა უკომპრომისო სააკაშვილმა - რა მივიღეთ?
აგერ გვაქვს უკრაინის
მაგალითიც: უკომპრომისო „ევრომაიდნელებმა“ დაამხეს უკომპრომისო იანუკოვიჩი - რა მიიღეს?
ეს, ასე ვთქვათ,
„მსხვილი“ მაგალითებია. უფრო ნაკლები მასშტაბის მაგალითი ხომ უამრავია (მაგალითად პოლიტიკურ
პარტიებში განსხვავებულ აზრებთან უკომპრომისო ურთიერთშეუწყნარებლობის დროს ერთი მხარე
„იმარჯვებს“, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს პარტია ან ძლიერ სუსტდება, ან საერთოდ ქრება
პოლიტიკური ასპარეზიდან, და სხვა და სხვა).
ერთი სიტყვით,
უცხოელმა მეცნიერებმა მშვენიერი გამოსავალი შემოგვთავაზეს - ურთიერთკომპრომისი!
და არა თუნდაც
ცალმხრივი კომპრომისი!
სიტყვა მხარეებს
ეკუთვნის!..
Комментариев нет:
Отправить комментарий