„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.“
შოთა რუსთველი
საქართველო გათიშულია უკიდურესობებით.
საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი ერთ უკიდურესობაში გადავარდნილი, მეორე დიდი ნაწილი - მეორე უკიდურესობაში.
ერთ უკიდურესობაში მყოფნი მეორე უკიდურესობაში მყოფთ არც უსმენენ, არც რაიმე საერთოს გამონახვა სურთ ერთმანეთთან, არც კომპრომისი ხდება მათ შორის, ერთმანეთის აზრი აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს უვიცებს, ჩამორჩენილებს, ქვეყნის მოღალატეებსა და დამაქცევრებს უწოდებენ და ა. შ. და ა. შ.
უკიდურესობაში გადავარდნილები სამყაროს ორ ფერში აღიქვამენ - შავად და თეთრად, სამყარო კი - „გვაქვს უთვალავი ფერითა“.
ყველა ხვდება, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს დამღუპველია ქვეყნისათვის, მაგრამ იმ მოჯადოებული მდგომარეობიდან ვერ გამოდიან, რასაც უკიდურესობებში გადავარდნა ჰქვია; ძალა არ ჰყოფნით ამისათვის, შეიძლება ზნეობაც, და, რაც მთავარია, არ ჰყოფნით დემოკრატიული ღირებულებების გათავისების ხარისხი.
უკიდურესობებში გადავარდნა რომ მანკიერი მოვლენაა, ეს რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ფილოსოფიურად ჩამოაყალიბა უდიდესმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ თავის ფილოსოფიურ თხზულებაში „ნიკომაქეს ეთიკა“. მან დაასაბუთა, რომ ადამიანური ქმედებების საუკეთესო გამოვლინება არის „საშუალი“ ორ უკიდურესობას შორის, რომელთაგან თითოეული მათგანი - ორივე უკიდურესობა - არის ნაკლი, ზადი, ბიწი. (არისტოტელეს „საშუალი“ ნიშნავს „საუკეთესოს“ ორ უკიდურესობას შორის, და არა საშუალოს ცუდსა და კარგს შორის).
რა თქმა უნდა, აქ არისტოტელეს ციტირებას არ დავიწყებ. შევეცდები კონკრეტული მაგალითების მოყვანით ვაჩვენო უკიდურესობებში გადავარდნის მანკიერი ბუნება.
უკიდურეს გამოვლინებებს შორის „საშუალი“, ანუ საუკეთესო გამოვლინებანი, საერთოდ ბუნების ერთ-ერთი მთავარი კანონზომიერებაა.
ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვან: ცხადია, თავისთავად, მზიანი ამინდებიც კარგია და წვიმიანი ამინდებიც, მაგრამ უ კ ი დ უ რ ე ს ი გამოვლინებანი - გვალვა და წარღვნა (ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვ.) ცუდი და გამანადგურებელია. „საშუალს“, ანუ საუკეთესოს, წარმოადგენს ზომიერად მზიანი და ზომიერად წვიმიანი ამინდები და მათი მუდმივი მონაცვლეობა, რომელიც კი არ აზიანებს, არამედ ხელს უწყობს ცოცხალი ბუნების განვითარებასა და არსებობას.
ბუნების უნივერსალური კანონი - არსებობისათვის ბრძოლა, - სწორედ უკიდურესობათა შორის არსებულ „საშუალს“, ანუ ყველაზე საუკეთესო, დარეგულირებულ, დაბალანსებულ ბუნებრივ პროცესებს გულისხმობს, რაც, ზოგადად თუ ვიტყვით, ბუნებაში სიცოცხლის არსებობის გარანტს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლე დიდი ხნის წინ მოისპობოდა ჩვენს პლანეტაზე, ან განვითარების უდაბლეს საფეხურზე დარჩებოდა.
მაგრამ ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, სადაც, სხვათა შორის, ბუნების საწინააღმდეგო ბევრი პროცესი მიმდინარეობს (რაც, საბოლოოდ, ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება).
უკიდურესობებში გადავარდნის მძიმე შედეგები უამრავი მაგალითებით დასტურდება და, რაც მთავარია, იგი შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებსაც სიტყვით კი ვაღიარებთ, მაგრამ საქმით - საწინააღმდეგოდ ვიქცევით, როდესაც უკიდურესობაში ვვარდებით.
უკიდურესობებში გადავარდნას ჩვენი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროში აქვს ადგილი, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ცხოვრების სხვა სფეროებზეც უდიდეს გავლენას ახდენს.
მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს.
სიტყვის თავისუფლებით დავიწყებ (რითაც მეც ვსარგებლობ).
სამწუხაროდ, აქაც უკიდურესობებში გადავარდნას აქვს ადგილი. ტოტალიტარულ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლება უკიდურესად შეზღუდულია, რაც, ცხადია, სიმართლის თქმის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ საქართველოში სიტყვის თავისუფლების საკითხში მეორე უკიდურესობაში ვართ დაგავარდნილი - ესაა ყველაფრის თქმის თავისუფლება (ანუ, „მეცნიერულად“ თუ ვიტყვით - „გამოხატვის თავისუფლება“). ოქროს შუალედი, ანუ საუკეთესო ვარიანტი, ცხადია, აქაც არსებობს - ესაა სიმართლის თქმის თავისუფლება, ადამიანის ღირსების შელახვის დაუშვებლობა, ნორმალური ადამიანური ურთიერთობანი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - ზნეობა.
ყველაფრის თქმის შეუზღუდავი თავისუფლებით დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ჟურნალისტები სარგებლობენ, უმეტესად - ბოროტად. ვერც შენიშვნას მისცემ - წამსვე „გამოხატვის თავისუფლებას“ აგაფარებენ თვალებზე. არადა, ჩვენი ხალხი ამბობს: „პირზე მომდგარსა სიტყვასა განა ყველაფერს თქმა უნდა!“ და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს აზრის თავისუფლად გამოხატვის შ ე ზ ღ უ დ ვ ი ს მოთხოვნებს... შ ე ზ ღ უ დ ვ ე ბ ი შეიძლება დაწესდეს შემდეგ უფლებათა დასაცავად:
- სხვების რეპუტაციის და/ან უფლებების;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების;
- საზოგადოების სიჯანსაღის ან მორალის;
- ეროვნული უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის;
- უწესრიგობის ან დანაშაულობების თავიდან ასაცილებლად;
- კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურების თავიდან ასაცილებლად;
- სასამართლო ორგანოების მიუკერძოებლობისა და ავტორიტეტის მხარდასაჭერად.“
სიტყვის თავისუფლების კანონით დადგენილი ეს შ ე ზ ღ უ დ ვ ე ბ ი რატომღაც ავიწყდებათ ჩვენში „გამოხატვის თავისუფლების“ უკიდურესი გაგების მომხრეებს!
ახლა სხვა სფეროებს შევეხოთ.
უკიდურესობებში გადავარდნას ჰქონდა ადგილი ჩვენი ორი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი ან უკიდურესად უყვარდათ, ან უკიდურესად სძულდათ. არადა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიყვარულიც და სიძულვილიც - ორივე სიმახინჯეა. პოლიტიკური ლიდერების მიმართ დამოკიდებულების საუკეთესო გამოვლინებაა მათი მოღვაწეობის ობიექტური შეფასება - მათ კარგი საქმეები უნდა დავუფასოთ, ხოლო ცუდი - დავუგმოთ, შეცდომები და გადაცდომები - გავუკრიტიკოთ, ხოლო არჩევნების დროს - „ცოდვა-მადლი“ ავუწონოთ და ამის მიხედვით მივცეთ ხმა.
უკიდურესობებში გადავარდნის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს საზოგადოების დამოკიდებულება „ლგბტ“-ს წარმომადგენელთა მიმართ. ერთი უკიდურესობაა მათი ცემა, სამსახურში მიუღებლობა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებები, ხოლო მეორე უკიდურესობას ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება წარმოადგენს. ოქროს შუალედი, ცხადია, აქაც არსებობს - ესაა მათი ხელშეუხებლობა, თუ თავისთვის ცხოვრებენ, თავიანთი ცხოვრების წესის აშკარად გამომწვევ პროპაგანდას არ ეწევიან და ანტიბუნებრივი მოთხოვნილებების ოფიციალურ დაკანონებას არ მოითხოვენ.
სრულიად აშკარად გამოხატულ უკიდურესობაში გადავარდნას აქვს ადგილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხში. საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთს ან უნდა ეომო, (უფრო სწორად, მის მიმართ მუდმივად საომარ მდგომარეობაში უნდა იყო), ან უნდა „შეუძვრე“. სხვა, შუალედური მდგომარეობა ამ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ. შუალედური დამოკიდებულება ჩვენთან აღიქმება ღალატად, „შეძრომად“ (მართლა „შეძრომაზე“ რომ არაფერი ვთქვათ). არადა, რუსეთთან სწორედ შუალედური დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას (მათ შორის, მის მოსაზღვრე ქვეყნებსაც). რა სიკეთე მოგვიტანა რუსეთთან უკიდურესმა დამოკიდებულებამ, ამას ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა (ოკუპირებული ტერიტორიების სახით) მოწმობს.
მეტყვიან, რუსეთს თავიდანვე (ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდანვე) მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიმართო. კი, ჰქონდა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მძაფრად მაშინ სწორედ ჩვენ დავუპირისპირდით რუსეთს. ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ ჩვენ ყოველნაირად უკიდურესად ვაღიზიანებდით რუსეთს. მახსოვს, გორბაჩოვმა რამდენჯერმე გაგვაფრთხილა ტელევიზიით, - ასე თუ გააგრძელებთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაკარგავთო! ყურად ვიღეთ ეს გაფრთხილება? არა! გავაგრძელეთ „ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის“ ძახილი, 9 აპრილი მოვუწყვეთ და რუსეთს მსოფლიოში თავი მოვჭერით. კი, რუსეთი ყველაფრის ღირსი იყო, მაგრამ ახლა ნუღარ ვწუწუნებთ! მუშტი ისე უნდა შემოიქნიო, რომ საკუთარ ცხვირში არ მოირტყა! საბჭოთა კავშირის დანგრევა რომ გარდაუვალი იყო, ეს ჯერ კიდევ 1985 წელს გამოჩნდა სრულიად რეალურად (თუმცა სიმპტომები ადრეც ჩანდა). რად უნდოდა ამას 9 აპრილი და უკიდურესად გამაღიზიანებელი ლოზუნგები? ესეც ერთი-ერთი თვალსაჩინო მაგალითია უკიდურესობაში გადავარდნის დამღუპველი შედეგების.
რუსეთს, მოდით, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხიც მოვაყოლოთ.
ეს რეგიონები რომ „ფარული ნაღმები“ იყო, ყველამ ვიცოდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კამიკაძური თავგანწირვით დავადგით ფეხი!
აქაც უკიდურესობებში გადავარდნას ჰქონდა ადგილი, თუნდაც მათი სტატუსის თვალსაზრისით.
იმ ხანებში აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ყოველგვარი კომპრომისი გამოვრიცხეთ, - მათი „ავტონომიური“ სტატუსი არ მოგვწონდა (ცხადია, სამართლიანად) და მის გაუქმებას მოვითხოვდით (ერთი უკიდურესობა). ისინი კი დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ (მეორე უკიდურესობა). იმ ხანებში ხომ წარმოუდგენელი იყო „ფედერაციაზე“ თუ „კონფედერაციაზე“ ლაპარაკი! დღეს ესეც სანატრელი გაგვიხდა! იმიტომ, რომ უკიდურესობაში გადავვარდით და ანგარიში არ გავუწიეთ იმას, რომ, ფაქტობრივად, საქმე გვქონდა არა აფხაზ და ოს სეპარატისტებთან, არამედ რუსეთთან - ტიპიურ იმპერიალისტურ უძლიერეს სახელმწიფოსთან!
როდემდე უნდა ვიტეხოთ კისერი უკიდურესობებში გადავარდნით?
უკიდურესობაში გადავარდნის იმდენი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რამდენი პრობლემაცაა საქართველოში, მათ შორის დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აქეთ-იქით უკიდურესობაში გადავარდნილები ერთმანეთს არც უსმენენ, არც რაიმე საერთოს გამონახვა სურთ ერთმანეთთან, არც კომპრომისი ხდება მათ შორის, ერთმანეთის აზრი აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს უვიცებს, ჩამორჩენილებს, ქვეყნის მოღალატეებსა და დამაქცევრებს უწოდებენ და ა. შ. და ა. შ. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი შეფასებები მართლაც სწორია და სინამდვილეს ასახავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ეს მხოლოდ გულის მოსაფხანი ლანძღვა და ცილისწამებაა, რომლის ამოცნობა და სინამდვილისგან გარჩევა მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდი მასშტაბები აქვს მიღებული ასეთ დამოკიდებულებებს.
ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება ძალიან შორს დგას დემოკრატიული ღირებულებებისაგან.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით ცხოვრება კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხორციელდება იდეალური სახით, და რაღა უნდა ვთქვათ ჩვენს რეალობაზე, რომელიც მემკვიდრეა ანტიდემოკრატიული საბჭოთა სისტემის? ცხადია, სრულიად არაა საკვირველი, რომ შორს ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისაგან, მაგრამ ეს აღიარება ჩვენს პრობლემებს რას შველის?
იმითღა უნდა ვინუგეშოთ თავი, რომ როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ დემოკრატიისაკენ, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ გავემიჯნებით უკიდურესობებს, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლით ურთიერთმოსმენას, ურთიერთკომპრომისს, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ ამოვავსებთ იმ უფსკრულს, რომელიც უკიდურესობებს შორისაა განხმული და, ბოლოს და ბოლოს, მივალთ ჩვენი უამრავი პრობლემის მოგვარებამდეც.
უკიდურესობებში გადავარდნა იწვევს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებათა დაუსრულებელ ესკალაციას, რომელიც ხელს უშლის ყველა იმ საქმის კეთებას, რომელსაც საზოგადოების ერთიანობა, თანხმობა სჭირდება; ხელს უშლის ქვეყნის აღმშენებლობას და ზოგჯერ სისხლისღვრითაც მთავრდება, რასაც, ბუნებრივია, კიდევ სხვა მრავალი უბედურება მოსდევს და რასაც მშვენივრად იყენებს ჩვენი ყოველი ჯურის მტერი. სამწუხაროდ, ამის მჭერმეტყველი მაგალითი ჩვენი უახლოესი ისტორიაა. (აქ მხედველობაში მაქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველი გარეშე ძალები არ არიან ჩარეულნი და რომელთა მოგვარება ჩვენვე შეგვიძლია, თუმცა ეროვნული ერთიანობა არც ერთ შემთხვევაში არაა ცუდი).
უკიდურესობებში გადავადნილთა შორის დაპირისპირება ხშირად მეტისმეტად მძაფრდება და, როგორც აღვნიშნეთ, ზოგჯერ სისხლისღვრამდეც კი მიდის. მაგრამ, რაც მთავარია, დაპირისპირებულთა შორის ყოველთვის იმარჯვებს ის მხარე (თუნდაც დროებით), რომელიც ძლიერია, და არა უეჭველად ის, ვინც მართალია. (სამწუხაროდ, უმეტესად ასეა).
(სხვათა შორის, უკიდურესობებში გადავარდნილთა საყვარელი ფორმულაა: „ან ყველაფერი, ან არაფერი“. ეს, ერთი შეხედვით, მიმზიდველი (უფრო სწორად - მაღალფარდოვანი) ფორმულა პრაქტიკულად მხოლოდ იმათ სასარგებლოდ მუშაობს, ვინც ძლიერია. სასაცილოა, როდესაც ამ დევიზს სუსტი მისდევს, - მას თითქმის ყოველთვის ხელში „არაფერი“ რჩება).
დაპირისპირებულთა შორის დემოკრატიული, კომპრომისული ურთიერთობები შედარებით უფრო სამართლიანად, მშვიდობიანად გვარდება, თუნდაც მათ არათანაბარი ძალები ჰქონდეთ. და სწორედ ესაა დემოკრატიის მთავარი ხიბლი!
სამწუხაროდ, უკიდურესობებში გადავარდნა უმეტესად სულიერ თუ ფიზიკურ ტრაგედიებს იწვევს, და, რაც მთავარია, დემოკრატიული ღირებულებებისაგან ძალიან შორს დგას.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა ამ ჩვენი მთავარზე მთავარი პრობლემის შესახებ, მაგრამ რა გამოვა ამით?
სრულიად არაფერი!
ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!
აგვისტო, 2015
Комментариев нет:
Отправить комментарий