ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ
1. ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მიზეზი
მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20
წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის
ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური
რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და
მართალ სიტყვას დანატრებულებს.
მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად
ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და
ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.
დასავლეთის ამ პროპაგანდისტული რადიოსადგურებიდან დასავლეთზე მხოლოდ დადებითი გვესმოდა (უარყოფითს
მორცხვად გვიმალავდნენ), ხოლო საბჭოეთზე (რუსეთზე) - მხოლოდ უარყოფითი (დადებითზე
მორცხვად დუმდნენ), რაც ძალიან გვსიამოვნებდა!
ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის უდიდესი მარცხი
დასავლური პროპაგანდის წინაშე. "აი, სწორედ ამიტომ არ გვიშვებენ
საზღვარგარეთ, რომ ჩვენი თვალით არ ვიხილოთ დასავლური სამოთხე!" - ვამბობდით
ჩვენ.
რა შედეგი მოჰყვა მილიარდობით დაფინანსებული და
უმძლავრესი საინფორმაციო საშუალებებით განხორციელებული დასავლური პროპაგანდის ამ
გამარჯვებას?
მოჰყვა ის,
რომ კომუნისტური რეჟიმის, ანუ საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
აზვირთდა, არამედ ჩვენში დაინერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობია, რუსეთის წინააღმდეგ უკიდურესად მტრული განწყობილება.
და რა მოჰყვა ამას?
მოჰყვა ის,
რომ როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქა, რუსეთმა, რომლის მიმართ უკვე უკიდურესი სიძულვილით ვიყავით განწყობილნი, ბუნებრივია, აფხაზი და ოსი სეპარატისტების მ ხ ა რ ე დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.
(ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ადამიანი ჩხუბობს, ერთი მისი მეგობარი, მეორე კი მისი მტერი, ცხადია, თავის მეგობრის მხარეს დაიკავებს, რაც არ უნდა ტყუოდეს ის.)
რუსეთის ასეთმა იმპერიალისტურმა
ქმედებამ (თუმცა ამჯერად ჩვენი უკიდეგანო რუსოფობიით გამოწვეულმა) კიდევ უფრო
გაამძაფრა დასავლეთის მიერ ჩვენში ისედაც წარმატებით დანერგილი საშინელი
რუსოფობია.
ეს გახლავთ ჩვენს თვალწინ მომხდარი ფაქტები!
და რა დასკვნა გამოდის ამ ფაქტებიდან?
ის, რომ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების ლომის
წილი დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის მიერ შობილი რუსოფობიის ლოგიკური შედეგია!
2.
ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყო, როგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?
მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნები, მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგო. ესე იგი, გვითხრეს, ჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთო. ეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია"
(ანუ ბრძანება), რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.
ცხადია, ჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობ, თორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არა, არანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათ, მაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენ, ან, თუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენ, სამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი.
არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგი, რაც დღესა გვაქვს.
სხვათა შორის, დღესაც კი, როდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადია, ესეც საჭიროა. მით
უმეტეს, მათაც სჭირდებათ!).
მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობ, მათთვის არ ენანებათ სახსრები!
არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არა, ჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიან, თუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგ. ისრაელი, სამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიან" ფინანსებით, რომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენ, მაგალითად, რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებით! გამოჩნდა კიდეც აშკარად!
3. ჩვენი შეზღუდული
სუვერენიტეტის მიზეზი
საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდა, ეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი. ეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს
დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.
რა მივიღეთ?
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს შეუძლებელია. ყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებით. რაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანი, მით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.
მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლები, რაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
30 წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორები" არც საგარეო, არც საშინაო პოლიტიკაში. ეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები -რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვა, მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებსაც, აქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).
დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აი, ეს მივიღეთ დასავლეთისაგან.
მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯეს, ხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.
რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმა) ამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?
გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...
მიუხედავად ამისა, დღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. რა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზე, რომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებს? ცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!
ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობების" ჩარჩოებში ვერ ჯდება.
●
სამწუხარო დასკვნა: ალბათ
"სტოკჰოლმის სინდრომი" შეგვეყარა, რადგან ჩვენი დამღუპველებისაკენ ხბოს
აღტკინებით მივისწრაფვით...
2024
Комментариев нет:
Отправить комментарий