воскресенье, 28 сентября 2025 г.

ხუმრობანარევი ლექსები, რომლებიც დავწერე ბ-ნ გურამ სოსელიას რჩევების პასუხად


ბ-ნი გურამი არის არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი. იგი გახლავთ საბჭოეთის პერიოდის რეპრესირებულთა უფლებების დაცვის საზოგადოება „მემორიალის“ თავჯდომარე.

 

 

ხუთი ლექსის ბალადა

 

              ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი ჩემს

              გულშემატკივრებს 

 

(ბ-ნ გურამ სოსელიას პასუხად, რომელმაც მისაყვედურა, ბოლო ხანს ლექსებს რატომ არ წერო).

 

მისაყვედურეს: „ბოლო ხანს 

               ლექსებს არ სწერო რატომ?..

იქნებ გაგიცვდა კალამი, 

               ან დაგიჟანგდა მთლად?..“

„რა გითხრათ-მეთქი? - 

               ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,

თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, -  

               არად ვარგივარ სხვად...“

 

დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! -  

               ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...

ოთხია წმინდა, ღვთიური... 

               ოთხი გამიხსნის ცას!..

აჯობებს, ოთხჯერ დამედოს 

               რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,

ოთხჯერ გავაღო გული და 

               ოთხჯერ შემოვკრა ზარს...

 

მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - 

               რა ვი, - ბევრია, მგონი...

ვინ უწყის ნება განგების?.. 

               უწყალოდ მიჰქრის დროც!..

სწრაფია ბედის მდინარე... 

               ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...

გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, 

               ბევრიც გამქირდონ რომც.

 

სამს?.. არა, ორი სჯობია!.. 

               კი, - ორი მინდა სწორედ!

ორი - სიცოცხლის წყაროა, 

               ერთი ბუდე აქვს ორს...

სინათლეც ორთავ თვალისა 

               გაედევნება შორეთს

და მაინც სადღაც იპოვის 

               თავის მეორეს - სწორს...

 

ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... 

               სახე ყოვლისა ტანის...

უცნაური და უთქმელი... 

               სასოება და ხსნა...

ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა 

               დათრგუნვად მე სატანის,

თუკი, უბრალოდ, კარგია, 

               და... არაფერი სხვა...

 

მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, 

               რა გასაქანი მივცე?..

ირგვლივ სუსხია... 

               ზამთარი უკვე მომადგა კარს...

ხომ არ სჯობს, დავწვა,

               რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,

თუ - ამ გაძარცულ ტოტებში 

               გავასაუბრო ქარს?

 

2009

 

 

რა ვიცი!                    

 (ხუმრობისებური)  

ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება 

ხოლმე, „რა ვიცი“ აღარ გამაგონო, ყოველთვის

„ვიცი“ თქვიო.

 

სულ პირზე მადგას „რა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -

ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!

 

რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;

რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;

 

რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;

რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;

 

რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;

რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;

 

რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..

ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...

 

2013

 

 

სიხარულის და სიყვარულის ლექსის ბალადა

(ხუმრობისებური)

 

       ბ-ნმა გურამ სოსელიამ მირჩია, - სევდა-ნაღველს

       მოეშვი, მხოლოდ სიხარულზე და სიყვარულზე სწერეო.

                                                                              

მეგობარმა მირჩია, -

               სიხარულზე ვწერო,

სიყვარულზე ვიმღერო,

               წყალობაზე ცის...

სული დავაიმედო,

               გული დავაჯერო,

რომ სიცოცხლე კარგია!

               რომ ცხოვრება ღირს!

 

დავჯე წერად... გავრინდდი...

               ფრთა ავიღე ბატის...

ლამაზ რითმებს მოვუხმე,

               მეტაფორებს ღრმას...

შევურიე სტრიქონებს

               შარბათი და ყანდი,

ყვავილების სურნელი,

               ბულბულების ხმა!..

 

და დავწერე ზენარი

               სიხარულის ოდა,

სიყვარულის ოსანა,

               შესხმა-ხოტბა მზის...

ყოველ სტრიქონს

               ციური ელვარება ჰქონდა,

ყოველ რითმას -

               სურნელი სათნოების ზღვის...

                           

და შემოკრბენ ყოველგნით

               ნადირნი და თევზნი,

წყლით ქვანიცა გამოსხდნენ

               და მფრინველნი სხვა...

ისმენდიან, დაბნდიან

               ხელთუქმნელი ლექსით...

გავამაყდი,

               მომიცვა ნეტარების ზღვამ...

 

...

 

უცებ... გამომაღვიძეს:

               „ჩქარა ადე  ზეო!

დენი გადაგიჭრესო!

               ვალი გაქვსო წყლის!..“

 

ჩემო გურამ,

               აბა რა სიხარულზე  ვწერო,

რომელ სიყვარულზე და

                წყალობაზე ცის?

 

2014

 

 

ღვთაებრივი სიმშვიდე

(ხუმრობისებური)

 

ჩემმა მეგობარმა, ბ–ნმა გურამ სოსელიამ მითხრა:  შენ უმთავრესად „შინაარსიან“ ლექსებს წერ. მაგრამ კარგი იქნება, ისეთი „უშინაარსო“ ლექსები წერო, როგორიცაა, მაგალითად, ტერენტი გრანელის „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.

 

 

ჰო, ის საღამო ღვთაებრივად ყოფილა მშვიდი!

პოეტიც ალბათ! –

                    გადაფრინდა როცა ის ჩიტი!

როცა სიმშვიდემ ის მღელვარე ლექსი დაჰბადა,

როცა დიდ პოეტს აღმაფრენა ეწვია დიდი.

 

დიდება იმ წამს, – ლექსის შობის იმ ტკბილ სამსალას, –

როცა იმ ჩიტმა პოეტის წინ ფრთები გაშალა!..

 

ეჰ, ჩემო გურამ, გეთანხმები, – მშურს მე იმ ლექსის,

მაგრამ სიმშვიდე ღვთაებრივი ვინ მომაშავა?

 

2014

 

 

 

ხუმრობა პოლიტიკურ ლექსებზე

 

ბ-ნმა გურამ სოსელიამ მითხრა, -"მე ბევრჯერ გირჩიე,

რომ პოლიტიკისთვის თავი დაგენებებინა და

მხოლოდ ლექსები გეწერა, მაგრამ რახან არ იშლი და

პოლიტიკას არ ეშვები, ერთმანეთს მაინც შეუთავსე და

პოლიტიკური ლექსები სწერეო.

 

 

ღვინის კურთხეულ მხარიდან

                         იმ დღეს ძმობილი მეწვია,

წუთისოფელის,  სამყაროს

                         განსჯა–განკითხვის მიზნით;

იცოდა, ტიკს რომ ვნატრობდი,

                         მამაპაპურს და პეწიანს,

ცხადია, სავსეს პირთამდე

                         ვაზის ცრემლით თუ სისხლით...

 

ნატვრა ამიხდა:  მან „პოლზე“

                         ის ტიკი შემომიცურა!..

მერე ვსვით... მერე ბიძინა

                         ხან ვკიცხეთ, ხანაც ვლოცეთ...

არადა, იმ დღეს მინდოდა

                         პოლიტ–ლექსები მეწერა...

ჰო, პოლიტიკას ტიკი სჯობს,

                         გაგორებული „პოლზე“.

 

2014

 

 

 

 

ბალადა ბატონი გურამის

ახალ რჩევაზე

           (ხუმრობისებური)

 

ბრძენ ბატონ გურამს ყოველთვის

          უყვარს რჩევების გაცემა,

(რჩევის გაცემას რა უნდა?

          მიღება არის ძნელი!).

მე მის რჩევათა პასუხად

          დამჩემდა ლექსთა დაწერა,

და უკვე ბევრიც დავწერე,

          ხან მოკლე, ხანაც გრძელი.

 

ბოლოს ბატის ფრთამ მიმტყუვნა,

          (მუზა ჩემზე თუ განრისხდა!),

ვერ შევძელ ლექსთა მორევში

          მშვიდად ჩაშვება ღუზის,

ხან ლექსის თემა ვერ ვპოვე...

          ხანაც რითმები გამისხლტა...

და ბატონ გურამს მივადექ

          ისევ ძებნაში მუზის:

 

„ბატონო გურამ, რჩევები

          რომ მომცეთ, მისთვის მოვედი,

ურჩევოდ ლექსებს ვეღარ ვწერ

          და აღარც მუზა მომდის;

მე თქვენი ბრძნული რჩევების

          ვარ გამლექსველი პოეტი,

ვარ თქვენი კარის მგოსანი,

          თქვენი შემსხმელი ხოტბის.

 

 რა ფრთა გავშალო ოცნების?

          რა გზას დავადგე? - მირჩიეთ!

დავდივარ ქვეყნად, ვითარცა

          გზააბნეული მგზავრი;

ჩემი ცხოვრება

          მინდორში  აგორებული გირჩია,

არ მივის ცოლი და შვილი,

          არ მაქვს სახლი და კარი. 

    

ციცქნა ბინა მაქვს, იმაშიც

          წყალი ჩამოსდის სახურავს,

(ჰო, დიდხანს წყალიც არ მქონდა,

          არც ცივი, არცა ცხელი),

არ მაქვს არც ჭკუვა, არც გონი,

          არც ფული, არც სამსახური,

არა მყავს არცა პატრონი,

          რომ მიჯიკავოს ხელი.

 

ვინ მოთვლის, ამ ქვეყანაზე

          რა უგზო-უკვლოდ მივლია!

რამდენი აზრი მომსვლია,

          ჭეშმარიტი თუ მცდარი...

 ვის დავუჯერო? - ჩემსავ თავს?

          თუ ნიცშეს? თუ ჩვენს ილიას?

რომელ პარტიას მივენდო?

          ვის დავუჭირო მხარი?

 

ამქვეყნის ორომტრიალში

          რა გული დამიმშვიდდება?

არა, საშველი არ არის

          და არც იქნება, მგონი!..      

ბატონო გურამ, ეჭვი მაქვს, -

          იმდენი რჩევა მჭირდება,

რომ გამომივა ლექსების

          ვეებერთელა ტომი...“

 

ბრძენმა ბატონმა გურამმა

          სათნო ღიმილით მისმინა,

მერე თვალები მოწკურა,

          ჭეშმარიტების მკვესი:

„ეჰ, ჩემო ანზორ, რა გითხრა? -

          გირჩევ, მიადგე ბიძინას!

თუ რამე გამოგივიდა,

          რა ჩემ ყ-დ გინდა ლექსი?“             

 

2015 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий