დღეს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გამოთქვამენ ნეგატიურ შეხედულებებს (რაც სრულიად გასაგებია, რადგან ხელისუფლების ხელშია ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი), არამედ ოპოზიციური პარტიებისა (ესეც გასაგებია) და, რაც მთავარია, ხალხის მიმართაც.
სანამ ძირითად თემაზე, ხალხზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე.
ხელისუფლების დახასიათებისათვის, ვფიქრობ, დიდი გარჯა არაა საჭირო. ხელისუფლების განუწყვეტელი ტრაბახის (მისი მორჩილი ტელევიზიების საშუალებით), საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული საეჭვო რეიტინგებისა თუ არჩევნებში გაჩალიჩებული მაღალი პროცენტების ერთადერთ და ყოვლისმომცველ პასუხად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქართული ხალხური გამონათქვამი: ”ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. ანუ ხალხის რეალური ცხოვრება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დახატულ წარმატებულ სურათს.
ოპოზიციის მიმართ გამოთქმული ზოგადი პრეტენზიებიც გასაგებია, რადგან ოპოზიციამ აქამდე ვერ მონახა ამ უვარგისი ხელისუფლების შეცვლის რეალური გზები. ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კონკრეტული ბრალდებები კი (შეცდომები, არასწორი საქციელი, პიროვნული თვისებები და ა.შ.), თუნდაც ეს ბრალდებები სწორი და სამართლიანი იყოს, მაინც არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამის გარეშე ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად მოხერხდებოდა.
არც ისაა სწორი, რომ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა დღევანდელი ოპოზიციით იგივე შედეგს გამოიღებს, რაც დღესაა. ეს საშიშროება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური, დღეს რომ ოპოზიციაში ერთადერთი ოპოზიციური ძალა იყოს, თანაც ერთადერთი და განუმეორებელი ბელადით თუ ”ვარსკვლავბიჭუნით”. მაგრამ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სულ სხვანაირია. აქ არის დაახლოებით ათამდე თითქმის ერთნაირი ძალის ოპოზიციური პარტია, თითქმის ერთნაირი რეიტინგის მქონე ლიდერებით. ამიტომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში მოვა რეალურად მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ერთი პარტიის ხელში არ იქნება გადაწყვეტილებათა მიღების, ქვეყნის მართვის ბერკეტები და ბუნებრივად განხორციელდება პარტიების ურთიერთკონტროლი. ამასთან ცალკეული ლიდერების პიროვნულ თვისებებს აღარ ექნება ისე დიდი მნიშვნელობა, როგორც ეს ერთპიროვნული მმართველობის და ერთპარტიული პარლამენტის პირობებში აქვს.
ასე რომ, ოპოზიციის მიმართ ნეგატიური შეხედულებების გამოთქმისას მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობაა საჭირო, თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიციისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ დღევანდელი უვარგისი ხელისუფლების ინტერესებშია და მის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
ახლა რაც შეეხება ხალხს.
ხშირად იმეორებენ ცნობილ ფრაზას - ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავსო. იგულისხმება, რომ ხალხი ისეთივე ხელისუფლებას წარმოშობს, როგორი პოლიტიკური კულტურის დონეც თვითონ აქვს. აქედან გამოდის, რომ რახან ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ცუდია, ჩვენი ხალხიც ცუდი ყოფილა.
ხალხის ლანძღვისას ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ, მაგალითად, ამბობს, - ჩვენი სოფლის მეურნეობის ასეთი კატასტროფული მდგომარეობის მიზეზი სოფლის მოსახლეობის სიზარმაცე და უქნარობა არისო. არადა პარლამანტში წლევანდელი გამოსვლისას პრეზიდენტმაც კი აღიარა (თუმცა ძალიან არ უყვარს ხოლმე შეცდომის და დანაშაულის აღიარება), - ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე სოფლის მეურნეობას ყურადღებას არ ვაქცევდით და გვეგონა, რომ იგი თავისთავად, დაფინანსების გარეშე განვითარდებოდაო! (პრეზიდენტი რომ ამას იტყვის!)
მაგრამ ისევ ხალხის პოლიტიკური კულტურის დონეს დავუბრუნდეთ.
გავიხსენოთ უახლოესი წარსული. პირველი პრეზიდენტი ხალხმა 90-ზე მეტი პროცენტით აირჩია, შემდეგ კი მათი უმრავლესობა გადაუდგა; მეორე პრეზიდენტიც თითქმის იგივე პროცენტით აირჩიეს, შემდეგ კი უმრავლესობა მასაც გადაუდგა; მესამე პრეზიდენტიც კიდევ უფრო პროცენტით აირჩიეს, შემდეგ კი, ე.ი. დღეს, უმრავლესობა მასაც გადაუდგა, გამოდის, რომ ხალხი არჩევანში ამ ოცი წლის მანძილზე ყოველთვის შეცდა. აქედან ის დასკვნა გამოდის, რომ ხალხის პოლიტიკური ცნობიერების დონე ვერ არის სათანადო დონეზე და სულ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, და თითქოს ხალხი მართლაც იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავს.
მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე.
ქართველი ერი რომ ერთ-ერთი ნიჭიერი, გონიერი და კულტურული ერია მსოფლიოში, ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის არაა სადაო. ამიტომ მისგან ასეთი პოლიტიკური უკულტურობა, ცოტა არ იყოს, გასაკვირველია, და, ცხადია, ამას რაღაც ახსნა უნდა მოეძებნოს.
ზოგიერთი ამის ახსნას ცდილობს იმით, რომ საქართველოს ბოლო ორასი წლის მანძილზე საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება არ ჰქონია. განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდმა იმოქმედა მძიმედ ხალხის პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით.
ეს უთუოდ ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენივე მსგავსი უახლოესი წარსულის ქვეყნებს, დავრწმუნდებით, ამ ფაქტორმა ზოგ ქვეყანაში იმოქმედა, ზოგში არა. კერძოდ, ზოგ ქვეყანაში ხალხის პოლიტიკური კულტურის დონე ლამის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებისას გაუთანაბრდა, ზოგან კი ლამის საბჭოთა დონეზე დარჩა.
შეიძლება ეს ზოგმა ეროვნული თავისებურებებით ახსნას, კერძოდ იმით, რომ ზოგი ქვეყანა კარგად ითვისებს, მაგალითად, დემოკრატიულ ღირებულებებს, ზოგი ცუდად. შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, მაგრამ არა მთავარი. მთავარი სხვაა.
ისევ ზემოთხსენებული გამონათქვამი გავიხსენოთ - ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავსო.
ვფიქრობ, ეს გულის მოსაფხანად ნათქვამი სიტყვები უფროა, ვიდრე რეალობის ამსახველი.
ისტორიამ იცის მრავალი შემთხვევა (ასეთი შემთხვევები ჩვენს დროსაც მომხდარა), როდესაც ხალხის მაღალი პოლიტიკური კულტურის დონე სწორედ ხელისუფლების მიზეზით დაცემულა, ზოგჯერ კატასტროფულადაც კი. ან პირიქით - ხელისუფლების დახმარებით ამაღლებულა.
მოვიყვანოთ ამის დამადასტურებელი მაგალითები.
გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორად გაიყო - ერთში, აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, მეორეში კი, დასავლეთ გერმანიაში - დემოკრატიული. მიუხედავად იმისა, რომ ორივეში ერთი ერის, ერთი ეროვნული თვისებების მქონე ხალხი - გერმანელები - ცხოვრობდნენ, დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები გერმანელები დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი გახდნენ, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ გერმანელებში დემოკრატიული ღირებულებები ლამის გაქრა. და ასე გრძელდებოდა, სანამ გერმანია არ გაერთიანდა და ხელისუფლებამ აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ გერმანელებშიც არ აღადგინა დემოკრატიული ღირებულებანი.
ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა დღესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში. ალბათ ყველას ახსოვს, თუ როგორ ტიროდა, ლამის ბღაოდა ჩრდილო-კორეელი ხალხი კომუნისტი დიქტატორის კიმ ირ სენის გარდაცვალების გამო, რომელმაც ლამის დაამონა და დააჩიავა ჩრდილო კორეელები. არადა, ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეიძლება სამხრეთ კორეაში, სადაც იგივე ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მაგრამ დემოკრატიული ხელისუფლების მმართველობის პირობებში.
სრულიად ცხადია, რომ როგორც ორად გაყოფილ გერმანიაში, ისევე ორად გაყოფილ კორეაში ხალხის პოლიტიკური ცნობიერების დონე ხელისუფლებამ განსაზღვრა - ერთი და იგივე ხალხის ერთ ნაწილში იგი აამაღლა, მეორეში დაამდაბლა.
ზემოთმოყვანილი ფრაზის მიხედვით კი ერთსა და იმავე ხალხს ორად გაყოფილი ქვეყნის ორივე ნაწილში ერთნაირი ხელისუფლებანი უნდა ჰყოლოდა!
ვფიქრობ, თუნდაც ეს ორი მაგალითი გერმანიისა და კორეისა ცხადად ადასტურებს იმ აზრის სიმცდარეს, რომ ყველა ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავს.
სწორედ ზემოთხსენებული ორი ქვეყნის მაგალითის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დონის საკითხიც, და თუ ეს დონე არ გვაკმაყოფილებს, ამისათვის ხალხს ნუკი ვლანძღავთ, პასუხი ჩვენს ყოვლად უგუნურსა და დანაშაულებრივ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий