ლაპარაკი, იცოცხლეთ, ყველას კარგად ეხერხება.
აი, რაც შეეხება საქმეს...
საქმე ამ დახვეწილი პოლიტიკურ-ინტელექტუალური მჭერმეტყველების შედეგად სულ უფრო და უფრო უკან მიდის, თუნდაც იმიტომ, რომ ურთიერთ ბრალდებების გამო ოპოზიციური პარტიები სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს და მოსახლეობაში ნიჰილიზმს და ოპოზიციისადმი უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებენ.
არადა, ლაპარაკია სრულიად მარტივ ჭეშმარიტებაზე.
საქმე ის გახლავთ, რომ რამდენადაც ორივე გზის მომხრეებს საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის ადამიანები ემხრობიან, ყოველგვარი ანალიზებისა და მსჯელობის გარეშე შეიძლება დავუშვათ, რომ როგორც ერთ, ისე მეორე გზას აქვს გარკვეული პლიუს-მინუსები. უბედურება ისაა, რომ იმის მაგივრად, ერთმანეთის პლიუს-მინუსები აღიარონ და ერთმანეთს შეუჯერონ, ორივე მხარე ძალიან მჭერმეტყველურად ცდილობს, თავის მხარეს მხოლოდ პლიუსები დაინახოს, მეორე მხარეს - მხოლოდ მინუსები.
ასე არაფერი გამოვა.
ცხადია, ყველაფერს აჯობებდა, ორივე მხარეს თავ-თავისი პლიუსები გაეძლიერებინათ ერთმანეთის დახმარებით, ერთმანეთთან დაახლოებით.
როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო მოვლენები, ეს სასწაული მართლაც რომ მომხდარიყო?
ცხადია, მთელი ოპოზიციური სპექტრი ან ერთი, ან მეორე იდეის გარშემო შეიკრიბებოდა. (ოპოზიციურ სპექტრში არ ვგულისხმობ თორთლაძეს, რომელიც თავის თავს ოპოზიციონერს უწოდებს, მაგრამ ფაქტობრივად გავარვარებული ნაციონალია).
ისიც სრულიად ცხადია, რომ იმ იდეას, რომლის გარშემო შეიკრიბებოდა ამ ორი იდეის მომხრე ოპოზიციური პარტიები, გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვიდრე ცალ-ცალკე მცდელობით შეიძლება მოჰყვეს.
სხვა საკითხია, რომელი იდეის გარშემო ჯობდა გაერთიანება მიზნის მაქსიმალურად მიღწევის თვალსაზრისით.
ჯერ ვნახოთ, რა სავარაუდო შედეგს გამოიღებდა ოპოზიციის გაერთიანებული ძალისხმევა საარჩევნო გზის იდეის გარშემო.
სავარაუდოა, რომ ხელისუფლება დაინახავდა რა ოპოზიციის ერთობლივ ძალისხმევას და ამ პროცესისადმი საერთაშორისო მხარდაჭერასაც, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებდა და ოპოზიციას თითქმის ყველაფერში დაეთანხმებოდა საარჩევნო კოდექსის (გინდ გარემოს) შესაცვლელად.
მაგრამ რა გამოვიდოდა აქედან?
ხელისუფლება ამ ახალ და ოპოზიციისათვის მისაღებ საარჩევნო კოდექსს ისევ არხეინად დაარღვევდა, როგორც დღემდე არღვევს ყოველგვარ კანონს. მაგალითად, სიტყვით მოახდენდა პოლიციის დეპოლიტიზაციას, (შეიძლება სტრუქტურაც შეეცვალა), საქმით კი ისევ იგივე პოლიცია დარჩებოდა, მაგალითად, საარჩევნო პროცესში ჩაერეოდა თუნდაც წესრიგის დაცვის საბაბით (წესრიგიც ხომ საჭიროა!), და ა.შ. ვერც სასამართლოში მიაღწევდი რამეს ამის აღსაკვეთად, რადგან სასამართლო სიტყვით კი იქნებოდა დამოუკიდებელი (ახლაც ასეა), მაგრამ... და ა.შ. და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას საარჩევნო გარემოს სხვა კომპონენტებზეც.
სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, სიტყვით ერთს ამბობს (კარგ რამეებს), საქმით კი სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს, ხოლო ყველაფერ ამას ისე ოსტატურად ფუთავს, რომ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და კეთილმსურველებს მშვენიერად აჯერებს. სააკაშვილი ამის დიდოსტატია! ამის შემდეგ საერთაშორისო მხარდაჭერაც ოპოზიციისადმი საპნის ბუშტივით გასკდებოდა - რა ვქნათო, გაასავსავებდნენ ხელებს, აგე, სააკაშვილი ყველაფერზე დაგეთანხმათ, მაგრამ მაინც მან გაიმარჯვაო!
ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლა (გინდ გარემოს სიტყვით შეცვლა და არა საქმით) ვერაფერს შეცვლის ხელისუფლების პოლიტიკური ნების შეცვლის გარეშე. მთავარი - პოლიტიკური ნებაა!
ახლა ის ვიკითხოთ: შეცვლის კი ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას?
არ შეცვლის, რადგან ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. დღეს ხშირად ისმის ხელისუფლებისადმი სრულიად სამართლიანი და ბუნებრივი მუქარები - ადრე თუ გვიან ციხეში აღმოჩნდებითო. სრულიად წარმოუდგენელია, სააკაშვილის ხელისუფლებამ ციხეში წასასვლელად პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ნ ე ბ ა გამოავლინოს!
შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციური ძალების ერთობლივი ძალისხმევა საარჩევნო იდეის გარშემო სასურველ შედეგს არ გამოიღებდა ხელისუფლების ცივილიზებული გზით შეცვლის თვალსაზრისით. ერთადერთი რამ, რისი მიღწევაც იქნებოდა შესაძლებელი, ესაა ნორმალური საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც იდესმე მართლა გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას, ოღონდ სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემდეგ.
ახლა იმაზე ვიმსჯელოთ, რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა ოპოზიციური ძალების გაერთიანებას მეორე იდეის გარშემო.
(აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გზას ”რევოლუციურს” უწოდებენ, ჩემი აზრით, სრულიად არასწორად, თვით ამ გზის თავგამოდებული მიმდევრებიც კი, ეტყობა, ”ვარდების რევოლუციის” გავლენით. თუმცა ხელისუფლება დღეს ”რევოლუციაში” ვარდებს კი აღარ ხედავს, არამედ იმ საშინელ, გამანადგურებელ ”რაგატკებს”).
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია ოპოზიციის ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებისა, ან, უბრალო ენით თუ ვიტყვით - ოპოზიციის გაერთიანებისა. ეს გასაგებიცაა - 2007 წელს, როცა ოპოზიცია ნაწილობრივ მაინც იყო გაერთიანებული, ხელისუფლებას დიდი ჭაპანწყვეტა და უამრავი კანონდარღვევა დასჭირდა დამარცხების თავიდან ასაცილებლად (საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად).
სწორედ ამიტომ იყო, რომ მოსახლეობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ოპოზიციის გაერთიანების იდეა, რაც ოპოზიციამ ვერა და ვერ გამოიყენა. პირიქით. ამის და სხვა წარუმატებლობათა წყების ფონზე ხალხში ოპოზიციური პარტიების მიმართ საკმაოდ ძლიერი ნიჰილიზმი გაჩნდა და, შესაბამისად, ერთიანობის იდეამაც თანდათან ფასი და ხიბლი დაჰკარგა.
დღეს ყველა აღიარებს, რომ ხალხში უდიდესი საპროტესტო მუხტია დაგროვილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოპოზიციური პარტიების მოწოდებებზე ხალხი პრაქტიკულად საპროტესტო აქციებზე აღარ გამოდის.
ამ საქმეს ცარიელი მოწოდებებით არ ეშველება. არც ძალზე მჭერმეტყველური ახსნა-განმარტებებით.
ამ საქმეს ეშველება საქმით, ანუ გონივრული გაერთიანებით, რასაც ხალხი ნამვილად დააფასებს.
ასეთი გონივრული ნაბიჯი იქნებოდა გაერთიანება მეორე, ე.წ. ”რევოლუციური” გზის გარშემო, რაც ნამდვილად შეაშინებდა ხელისუფლებას. (”საარჩევნო” გზის გარშემო გაერთიანებისა არ ეშინია).
ოპოზიციისადმი ნდობის აღდგენა და მის მოწოდებაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება ალბათ მხოლოდ ასეთი გონივრული გაერთიანების წყალობით მოხერხდებოდა.
აქ, სხვათა შორის, შეიძლებოდა ულტიმატუმის ენის გამოყენებაც (რაც ასე არ უყვარს ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას მხოლოდ ძალადობის ენით ელაპარაკება). ხელისუფლებას არაორაზროვნად უნდა განეცხადოს: ან გადადექი, ან უკვე ”ფოთლებსაც” ჩამოვაგდებთ! (ხომ გახსოვთ 2007-2009 წლებში ოპოზიციის ხელმძღვანელთა ფიცი-მტკიცი - აქციებზე ფოთოლსაც არ ჩამოვაგდებთო, რასაც პირნათლად ასრულებდნენ კიდეც, რის გამოც ამით დაიმედებული სააკაშვილი არავითარ დათმობაზე არ წავიდა).
ამ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დარბევას ხელისუფლება ვერც გაბედავდა და ვერც შეძლებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე შედეგს მიიღებდა, რაც არაბულ სამყაროში ხდება (საერთაშორისო მხარდაჭერის ჩათვლით).
ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ალბათ მეორე გზით წასვლა უფრო ეფექტური იქნებოდა.
მაგრამ, ასეა თუ ისე, ოპოზიციის გაერთიანება ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი შედეგების მომტანია, ვიდრე დღევანდელი დაქსაქსულობა, რაც არ უნდა მჭერმეტყველებით გავამართლოთ იგი. ეს ის შემთხვევაა, როცა მჭერმეტყველება ნამდვილად მავნებელია.
(ზოგიერთი ოპოზიციონერი გაერთიანებას რაღაცნაირად ქედმაღლურად უყურებს და ხალხს მოძღვრავს, - გაერთიანება არაფერს იძლევა, ხალხს არჩევანის დიდი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რათა ყველამ ის პარტია აირჩიოს, რომლის პროგრამა და საქმიანობა მოსწონსო. ეს სწორია, მაგრამ სწორია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილი, გაუყალბებელი არჩევნები ჩატარდება, და არა დღეს, როდესაც ნამდვილ არჩევნებამდე მისასვლელი გზა დღევანდელი ხელისუფლების მიერაა ჩახერგილი).
დღეს კი, ოპოზიციის ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დაქსაქსულობით დაიმედებული სააკაშვილი არხეინად განაგრძობს უზრუნველ ცხოვრებას და თუ ზოგჯერ საქვეყნო სააქმეებზეც ფიქრობს, ეს იმის იქით არ მიდის, რომ, მაგალითად, უშბა გაანათოს და ამით გარეთ მტერს დაუყენოს თვალები, შინ კი მოყვარეს.
12
ივნისი, 2011
Комментариев нет:
Отправить комментарий