(ეს წერილი გამოქვეყნდა გაზ. ”რეზონანსში” 2008 წლის იანვარში (20-დან 25-მდე, ზუსტად არ მახსოვს)
გაზეთ “რეზონანსში” (12.01.2008) გამოქვეყნდა წერილი “ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში 17%-იანი ცდომილება აღმოჩნდა”.
წერილში აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებას ეგზიტპოლის მიხედვით ხმა მისცა 61%-მა. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს რიცხვი რეალურად 78% ყოფილა. დაგვეთანხმებით, საკმაოდ დიდი სხვაობაა – 17%!
წერილში გამოთქმულია ეჭვი, რომ ამგვარი ცდომილება, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატების ხმების დათვლის დროსაც გაპარულიყო.
როგორც ქვევით დავინახავთ, ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ამას შეცდომა კი არ ჰქვია, არამედ... (მაგრამ ამაზე ქვემოთ).
ამ “ცდომილებასთან” დაკავშირებით “რეზონანსის” შეკითხვაზე ეგზიტპოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტრატეგიულ-პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, თემურ იაკობაშვილი პასუხობს: “ინფორმაცია, რომ დათვლისას სერიოზული ცდომილება მოხდა, მეც დღეს გავიგე. ჩვენ გასაგები მიზეზის გამო უფრო პირველ შეკითხვაზე ვაკეთებდით აქცენტს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამიტომ მთელი ყურადღება აქეთკენ იყო მიმართული”.
კარგად დავიმახსოვროთ თემურ იაკობაშვილის ეს აღიარება – მთელი ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ იყო მიმართულიო.
როგორც სჩანს, ეს მართლაც ასე იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ დანარჩენ ორ კითხვაზე ხმების მონაცემებში ეგზიტპოლის ორგანიზატორებმა თავიანთი დანაშაულებრივი მანიპულაციების კვალი უნებურად დატოვეს.
ყველაფერი რომ ნათელი გახდეს, დავეყრდნოთ ინტერნეტში გამოქვეყნებულ მონაცემებს (წწწ.არცჰევნები.გე):
გამოკითხვაში სულ მონაწილეობა მიუღია 9 846 ადამიანს.
შეკითხვაზე (საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ) პასუხი გაუცია 7 102 გამოკითხულს.
დანარჩენს, ანუ 28%-ს, პასუხი არ გაუცია.
ცხადია, ეგზიტპოლის კითხვებზე პროცენტების გამოთვლა ამ მაჩვენებლების მიხედვით ხდება.
არსებობს პროცენტების გამოთვლის ორი წესი:
პირველი წესის თანახმად, პროცენტების გამოთვლა ხდება გამოკითხულთა საერთო რაოდენობის მიხედვით. გამოთვლების შედეგებში, ცხადია, შედის იმ გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც პასუხისაგან თავი შეიკავეს.
მეორე წესის თანახმად, პროცენტების გამოთვლა ხდება გამოკითხულთა იმ რაოდენობის მიხედვით, რომლებმაც კითხვაზე პასუხი გასცეს. გამოთვლის ამ წესით მიღებულ შედეგებში, ცხადია, არ შედის იმ გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც პასუხისაგან თავი შეიკავეს.
ამ ორი წესიდან თუ რომელს უფრო მეტი სიზუსტე ახასიათებს, გამოკითხვის რეალური შედეგების თვალსაზრისით, ამაზე ამ წერილის ბოლოს ვიმსჯელებთ.
მანამდე კი ვნახოთ, რომელი წესით გამოთვალეს პროცენტები ამ ჩვენი ეგზიტპოლის ორგანიზატორებმა.
გავიხსენოთ 5 იანვრის საღამოს ეგზიტპოლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბატონ იაკობაშვილის გამოსვლა ტელევიზიით, როდესაც მან გამოაცხადა ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები (ამის ხილვაც ინტერნეტში შეგიძლიათ).
აი, როგორი პროცენტები გამოაცხადა მან:
საპრეზიდენტო არჩევნები: გაჩეჩილაძე – 28,3%, პატარკაციშვილი – 6,2%; გამყრელიძე – 3,6%, ნათელაშვილი – 5,6%, სააკაშვილი – 53,8%, მაისაშვილი – 0,9% და სარიშვილი – 0,4%.
მან აქვე აღნიშნა, რომ პასუხების გაცემა არ ისურვა გამოკითხულთა 28%-მა, რაც გამოკითხვის შედეგებში არ იქნა შეტანილიო.
საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება: თანახმა – 63%, უარი – 15,6%. პასუხისაგან თავი შეიკავა 20,8%-მა.
ნატოს წევრობის სურვილი: თანახმა – 61%, უარი – 17%, პასუხისაგან თავი შეიკავა 21,3%-მა.
გამოდის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების პროცენტების გამოთვლა რატომღაც მოუხდენიათ მეორე წესის თანახმად, ხოლო დანარჩენ ორ კითხვაზე – პირველი წესის თანახმად.
უთუოდ იკითხავთ: რა არის ამ უცნაურობის მიზეზი?
მიზეზი სრულიად აშკარაა:
როგორც ირკვევა, პროცენტების გამოთვლა სამივე საკითხზე თავიდან მოუხდენიათ პირველი წესის თანახმად (რომელიც უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა, მაგრამ ამაზე ქვემოთ). ამ გამოთვლის შედეგად სააკაშვილი ღებულობდა 38,8%-ს. (7102-ის 53,8% არის 3820. ხოლო 3820 არის გამოკითხულთა საერთო რაოდენობის _ 9846-ის 38,8%).
ეგზიტპოლის ორგანიზატორები, როგორც ჩანს, საგონებელში ჩავარდნილან, სასწრაფოდ დაფაცურებულან და გახსენებიათ გამოთვლის მეორე წესი. და რადგანაც მთავარი ყურადღება პრეზიდენტობის კანდიდატებზე ჰქონიათ მიპყრობილი (იაკობაშვილის აღიარება გავიხსენოთ), ჯერ მათი პროცენტები გამოუთვლიათ, და მიუღიათ, რომ ამ წესის თანახმად, სააკაშვილი ღებულობდა 53,8%-ს!
ამ შედეგით ისე აღფრთოვანებულან, სიხარულისაგან დავიწყნიათ, რომ კიდევ ორ კითხვაზე იყო გადასათვლელი პროცენტები, და სააკაშვილის გამარჯვების სასწრაფოდ გამოცხადება გადაუწყვეტიათ!
აი, ასე აღმოჩნდა “მიუკერძოებელი” ეგზიტპოლის მაჩვენებლები სხვადასხვა წესით გამოთვლილი, ერთის მხრივ, საპრეზიდენტო კანდიდატების შემთხვევაში, და, მეორეს მხრივ, დანარჩენი ორი კითხვის შემთხვევაში.
სრულიად აშკარაა, რომ ეგზიტპოლის ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის მაღალი პროცენტის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი! მათ პროცენტები გამოთვალეს აშკარად ტენდენციურად. შეიძლება ითქვას, ამით დანაშაული ჩაიდინეს, ხოლო ამ დანაშაულის კვალის წაშლა სიჩქარეში დაავიწყდათ (ასეთი რამ დანაშაულის ჩამდენებს ხშირად მოსდით).
გარკვეული დროის შემდეგ, როგორც სჩანს, ეგზიტპოლის ორგანიზატორებმა შეამჩნიეს ეს “იაღლიში” და მის “გამოსწორებაზეც” იზრუნეს. ამჟამად ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ ეგზიტპოლის შედეგები, სადაც დანაშაულის კვალი უკვე წაშლილია – პროცენტები სამივე შემთხვევაში ერთნაირად, რა თქმა უნდა, მეორე წესის თანახმადაა შეცვლილი.
ასე გაჩნდა ის 17%-იანი ცდომილება, რომელზეც გაზეთი “რეზონანსი” წერდა.
ყოველივე ამის გაცნობიერება მკითხველს უსათუოდ მძიმე ხასიათზე დააყენებს. ამიტომ განსამუხტავად და გასამხიარულებლად ერთ პატარა დეტალსაც გავიხსენებთ:
ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში კომაროველი თემურ იაკობაშვილის ყოფილმა მათემატიკის მასწავლებელმა, აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ სინანული გამოთქვა – ჩემი ყოფილი მოწაფისათვის პროცენტების გამოთვლა ვერ მისწავლებიაო. ამაზე ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ მას ხუმრობით აკაკის “გამზრდელის” დამბაჩა გაახსენა...
მეორე დღეს იმავე ტელეკომპანიის ეთერში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, ბ-ნ ივანეს დამბაჩა არ სჭირდება, რადგან პროცენტები სწორად გახლავთ გამოთვლილიო.
ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ბ-ნ ივანეს – მას მართლაც არ სჭირდება დამბაჩა. მის მოწაფეს მშვენივრად სცოდნია პროცენტების გამოთვლა, მაგრამ მის მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ _ რა ექნა კაცს, სააკაშვილს ხომ მაღალი პროცენტები სჭირდებოდა, ამიტომ იგი და მისი თანამოძმეები, როგორც იტყვიან, ნემსის ყუნწში გაძვრნენ და გამოთვლის წესების მანიპულირებით მას სასურველი პროცენტი “გაუჩალიჩეს”. მართალია, ამ დანაშაულის კვალის წაშლა კი დაავიწყდათ, მაგრამ “მაი არაფერი!”
ერთი სიტყვით, ამ ჩვენი ეგზიტპოლის ფალსიფიკატორმა ორგანიზატორებმა შედეგების გაყალბება პროცენტების ორი წესის მანიპულირებით მოახერხეს, ამიტომაც ამ ორი წესის შესახებაც გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა.
საერთოდ, ყოველგვარი გამოკითხვა იმისათვის ტარდება, რომ რაც შეიძლება მეტი სიზუსტით გავიგოთ საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, გამოკითხვის ორგანიზატორებმა სიზუსტის ხარისხის გაზრდაზე უნდა იზრუნონ და არა შემცირებაზე.
გამოკითხვის შედეგების სიზუსტე გაცილებით მაღალია იმ შემთხვევაში, როდესაც პროცენტების გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა გამოკითხულის რაოდენობა, როგორც ამას პირველი წესი ითვალისწინებს.
თუ გამოკითხულთა რაოდენობიდან გარკვეულ რაოდენობას ამოვაგდებთ (კერძოდ, იმათ რაოდენობას, რომლებმაც პასუხისაგან თავი შეიკავეს), შედეგების სიზუსტის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება იმისდა მიხედვით, რამდენადაც დიდია მათი პროცენტული რაოდენობა.
ჩვენს შემთხვევაში ეს 28%-ია, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, თითქმის მესამედი საერთო რაოდენობისა.
მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ, რომ ეს რიცხვი რომელიმე გამოკითხვის შედეგად აღმოჩენილიყო 99%.
მეორე წესის თანახმად, ეს 99% უნდა “გადავაგდოთ” და გამოკითხულთა რაოდენობის დარჩენილი 1%-ით უნდა გამოვთვალოთ შედეგები, ე. ი. Yყოველი ასი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხი გავითვალისწინოთ.
დავუშვათ, იმ 1 კაცმა (100-ის 1%-მა) პასუხი გასცა ირინა სარიშვილის სასარგებლოდ (რომელსაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს), გამოდის, რომ ირინა სარიშვილს უნდა დავუწეროთ 100%, რადგან დარჩენილი “ყველა” (ანუ ერთი) ხმა მიიღო სწორედ ირინა სარიშვილმა. ასევე ითქმის ნებისმიერ კანდიდატზეც.
აი, ასეთი “ზუსტი” გახლავთ ის წესი, რომლის მიხედვითაც ჩატარებული გამოთვლებით სააკაშვილმა 53,8% მიიღო.
ახლა ეს მაქსიმალური ციფრები პირველი წესით შევამოწმოთ.
პირველი წესის თანახმად, პროცენტები ასე განაწილდება:
ირინა სარიშვილი (ან ნებისმიერი კანდიდატი) – 1%,
პასუხზე უარი თქვა 99%-მა.
ცხადია, ეს შედეგები გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, რადგან 99%-დან თითოეული კანდიდატისთვის შეიძლება ვიგულისხმოთ რაღაც პროცენტები, ხოლო მეორე წესის თანახმად 99% საერთოდ “გადაგდებულია” და ერთადერთი კანდიდატი “მყარად” ინარჩუნებს 100%-ს.
რა თქმა უნდა, ასეთი 99%-იანი შემთხვევა, ალბათ, არასოდეს შეგვხვდება, მაგრამ ეს იმის საჩვენებლად მოვიყვანეთ, თუ რაოდენ არაზუსტ შედეგებს იძლევა მეორე წესის მიხედვით პროცენტების გამოთვლა პირველ წესთან შედარებით.
საერთოდ, ეგზიტპოლების ჩატარების პრაქტიკის დამკვიდრება იმან გამოიწვია, რომ ეგზიტპოლის შედეგები დაახლოებით ემთხვევა რეალურ შედეგებს. განსხვავება სულ ორი-სამი პროცენტია ხოლმე.
ვინაიდან სააკაშვილის ნამდვილი შედეგი ეგზიტპოლის მიხედვით 38,8% აღმოჩნდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების შედეგიც ამ რიცხვთან მიახლოებული უნდა იყოს, დაახლოებით 35-42%-ის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ცესკოს შედეგები გაყალბებულია. ცხადია, ეს სხვა უამრავი მასალითაც დასტურდება, რაც ოპოზიციას აქვს ხელთ.
სხვათა შორის, როდესაც დამარცხებულ კანდიდატს ხელისუფლება ძალდატანებით ამარჯვებინებს, თვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროსაც გვახსოვს!
სააკაშვილის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, ცხადია, არაა საკვირველი, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ სტილს, დამყარებულს ძალადობაზე, უსამართლობაზე, საზოგადოების ყველა ფენის უკიდურეს გამწარებასა და ადამიანური ღირსების შელახვაზე... აგრეთვე თუ გავიხსენებთ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მეორე პირის _ ირაკლი ოქრუაშვილის უპასუხოდ დატოვებულ ბრალდებებს და განსაკუთრებით კი დაუვიწყარ 7 ნოემბერს...
და რა გასაკვირია, რომ გაუგონარი წინასაარჩევნო კამპანიის შედეგადაც კი, რაც უამრავი დარღვებით ჩაატარა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპროცენტო მაჩვენებელი რეალურად ძლივს აქაჩა 38%-მდე!..
ანზორ აბჟანდაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий