ეს სათაური, ალბათ, ბევრს გაახსენებს ცნობილ ეპიზოდს ნანა მჭედლიძის ფილმიდან ”იმერული ესკიზები”.
მასწავლებლის კითხვაზე, ბავშვებო, აბა კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალსო, ალბათ ყველას ახსოვს ერთი ჩამორჩენილი მოწაფის პასუხიც.
მაგრამ ხუმრობა იქით იყოს! სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე, - ჩვენი ხელისუფლება ლამის ყოველდღიურად იმდენ ახალ-ახალ სისაძაგლეებს, დანაშაულებს და სიგიჟეებს სჩადის, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაც უნდა კ ა რ გ ი ოპოზიცია გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და ხელისუფლებაშიც მოვიდეს, ისიც ვეღარაფერს გახდება ქვეყნის გადასარჩენად და ასაღორძინებლად.
დრო არ ითმენს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ცაიტნოტშია!
არჩევნების გზით დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის თუნდაც იოტისოდენა იმედს საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაციონალების მიერ პარლამენტში ”განსახილველად” ახალი საარჩევნო კოდექსის შეტანამ. თუ რა მზაკვრული სიახლეებია ამ ახალ კოდექსში, ამაზე სპეციალისტებმა უკვე იმსჯელეს და ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. ხოლო როგორი ”განხილვა” ჩატარდება პარლამენტში, ეს ყველამ კარგად ვიცით!
არც ე.წ. ”რევოლუციური” გზაა პერსპექტიული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მოქალაქეების სისხლისღვრასაც არ ერიდება, იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ამ ყოვლად უგუნური და დამნაშავე ხელისუფლების შესაცვლელად ცარიელი ხელებით (თუნდაც ჯოხებითა და ”რაგატკებით”) იბრძვიან.
გამოდის, რომ ხელისუფლების შეცვლის ორივე გზა უვარგისია.
მაგრამ არსებობს გამოსავალი. ეს ისევ არჩევნების გზაა, ოღონდ ერთი პირობით: არჩევნებში მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ალბათ ყველას კარგად ახსოვს, ბოლო არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიები თუ როგორ მოუწოდებდნენ (ლამის ერთხმად) ამომრჩევლებს, მაქსიმალურად გამოსულიყვნენ არჩევნებზე და თუნდაც ყველა პარტია გადაეხაზათ, რათა ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა არ მისცემოდა, ან მინიმუმამდე შემცირებოდა.
ამ ხვეწნა-მუდარამ და ოქროპირობამ არ გაჭრა - პირიქით მოხდა, - ოპოზიციისადმი უნდობლობის თუ სხვა რამ მიზეზების გამო არჩევნებზე გამოცხადდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მხოლოდ მცირე (მგონი 15%-მდე) ნაწილი, ხოლო ხელისუფლებამ თავისი მომხრე მოსახლეობის (25-30%) მ ა ქ ს ი მ ა ლ უ რ ი მობილიზება მოახდინა ე.წ. ”კოორდინატორი ქალების” დახმარებით, რის შედეგადაც თავისი მომხრე 25-30% გადააქცია ლამის 80%-ად, რის საფუძველზეც დემაგოგიური მტკიცების საშუალებაც მიეცა - მოსახლეობის 80% გვიჭერს მხარსო. (ეს დაადასტურა თელავში ახლახან ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმაც, სადაც ნაციონალებმა ზუსტად იმავე ”მეთოდით” გაიმარჯვეს, რაგორც თვითმმართველობის არჩევნების დროს).
ცხადია, ყველას კარგად ესმის, რომ ამომრჩევლის არჩევნებზე მაქსიმალურად გამოცხადება, ერთის მხრივ, მოსახლეობის განწყობილების რეალურ სურათს გვიჩვენებს, ხოლო მეორეს მხრივ, გაყალბების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება და, შესაბამისად, გამარჯვების რეალური შანსის მომცემია.
მაგრამ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, არჩევნებზე ხალხს მასობრივად ამჯერადაც ვერავინ გამოიყვანს, რაც არ უნდა ქადაგად დავარდნენ და ხვეწნა-მუდარა გააჩაღონ თუნდაც ყველა ტელეარხით. (ამას ოპოზიციაზე ვამბობ, თორემ ხელისუფლება თავისი მომხრეების მაქსიმალურად გამოყვანას დაშინებითა და შანტაჟითაც ადვილად ახერხებს კოორდინატორი ქალების არმიის დახმარებით).
არჩევნებზე მოსახლეობის მაქსიმალურად გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობით.
ეს იდეა ლეიბორისტებსა და მწვანეებს ეკუთვნის და სრულიად გაუგებარია, ჩვენი დანარჩენი ოპოზიციონერები რატომ არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას ამ ძალიან საინტერესო (უფრო სწორად, აქამდე გამოთქმულთაგან ყველაზე საინტერესო და ეფექტის მომცემ) წინადადებას.
ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია იმის დასაბუთება, თუ რაოდენ დიდია არჩევნებზე ხალხის მაქსიმალურად გამოსვლის მნიშვნელობა. მე მხოლოდ იმ არგუმენტებს შევეხები, რომლებიც ამ წინადადების საწინააღმდეგოდ იქნა გამოთქმული, ან შესაძლოა, გამოითქვას.
1. არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების დარღვევა იქნებაო.
რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტის შესახებ?
ცხადია, ეს ადამიანის უფლებებს გარკვეულად შეზღუდავს, მაგრამ ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანის უფლებები ყოველთვის და ყველა სფეროში ირღვევა, ეს კონკრეტული ”დარღვევა” კი (თუ ის მართლა დარღვევაა), სხვა დარღვევებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის აუცილებლად კარგ შედეგს მოიტანს.
მეორეც, თუ ფორმალურად მივუდგებით, ეს შეიძლება მართლა დარღვევა იყოს, მაგრამ თავისი არსით, თავისი შედეგით, სრულიად ზნეობრივი და სწორია. ლოგიკურად სრულიად გამართლებულია, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრებს ვალდებულება დაეკისროს, გამოიყენოს თავისი უფლება ხელისუფლების ასარჩევად.
თანაც სავალდებულო ამ ქვეყანაში უამრავი რამაა, იმ ყბადაღებული ”ერთიანი ქვითარის” ჩათვლით. არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღება კი (თუნდაც მხოლოდ ამ ეტაპზე) ლოგიკურადაც და ზნეობრივადაც სრულიად სწორი და გამართლებული იქნება.
საერთოდაც, ადამიანები სრულიად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ათასგვარი კანონებით არიან რეგლამენტირებულები და შეზღუდულები (გადასახადების გადახდა, ზოგადად - კანონმორჩილება, სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, მაგალითად, სასჯელი რასისტული გამონათქვამებისათვის და სხვა). თუ, მაგალითად, გადასახადის გადახდის სავალდებულობა არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა რატომ უნდა ჩაითვალოს არადემოკრატიულად? ბოლოს და ბოლოს, ხომ ფაქტია, რომ ამომრჩეველი ირჩევს ხელისუფლებას, რომელმაც სწორედ ამომრჩეველთა გადასახადებისაგან შემდგარი ბიუჯეტი უნდა გადაანაწილოს ქვეყნის სამართავად.
აქედან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა, პირიქით - ამ უფლებების რეალიზების ძალიან სწორი და ლოგიკური საშუალებაა!
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თითქოსდა მას უჭერს მხარს, ძალიან გაუჭირდება ამ წინადადებაზე არგუმენტირებული უარის თქმა!
2. ზოგის აზრით, ხელისუფლება ისედაც ჯარიმებზეა გადასული და ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და კიდევ ერთ ახალ ჯარიმას დაუწესებს ხალხსო.
რაც შეეხება ამ არგუმენტს, ხელისუფლებას იმდენად არ აწყობს არჩევნებზე ხალხის მასობრივი გამოსვლა (რაც მისი მარცხის ტოლფასი იქნება), რომ, ჯერ ერთი, ამ წინადადებას მიღებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, და მეორეც, თუ მიიღო, ჯარიმებს ან საერთოდ არ დააწესებს, ან იმდენად მცირეს, რომ არავის შეეშინდეს არჩევნებზე გამოუსვლელობა.
3. ამბობენ, რომ ხალხის ის მასა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ნეიტრალურია და მისთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაშიო.
ასეთი ხალხი, ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, ალბათ, ძალზე მცირე პროცენტი უნდა იყოს. უმეტესობა კი ან არც ერთს არ უჭერს მხარს (არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას), რაც, ცხადია, ნეიტრალობას არ ნიშნავს, ან, უბრალოდ, ხმის მისაცემად წასვლა ეზარება და ფიქრობს, რომ მისი ერთი ხმა არაფერს ნიშნავს (არადა, ასეთმა ”ერთმა ხმამ” შეიძლება ათიათასობით ან ასიათასობით ადამიანი შეადგინოს). არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა სწორედ ამ ორი კატეგორიის ადამიანების გასააქტიურებლად იქნება ძალიან საჭირო და ეფექტის მომცემი. ამომრჩეველმა თუნდაც ყველა გადახაზოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების შედეგების ობიექტურობის თვალსაზრისით.
4. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა წასული, მაგრამ სიებში მაინც რჩებიან, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა არაფერს შეცვლისო.
ცხადია, ამის თავიდან ასაცილებლად სიების დაზუსტება და ბიომეტრიის გამოყენებაა საჭირო, რის მისაღწევადაც ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ კიდევაც რომ დაზუსტდეს სიები და ბიომეტრიის გამოყენებაც დაიშვას, თუ ამომრჩეველი მასობრივად არ გამოვიდა არჩევნებზე, ესეც არაფერს უშველის. ამომრჩევლის მასობრივად გამოსვლა კი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობით მიიღწევა
.
5. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაჯანული მოსახლეობა მთლიანად ხელისუფლებას აძლევს ხმას და ამასთან ვერაფერს გავაწყობთ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღებითო.
ცხადია, ხელისუფლების საარჩევნო ”ოქროს მარაგი” მართლაც ეს მოსახლეობაა, მაგრამ მათგან მიღებული პროცენტები საგრძნობლად შემცირდება, თუ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა იქნება შემოღებული.
6. თუ მართლაც ამდენი ღირსებები აქვს არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობას, ამის მიღებას ხელისუფლება არაფრით არ დაუშვებსო, - მეტყვიან.
სწორია! ის კი არა და, ხელისუფლება ფარისევლურად იმასაც იტყვის, ეს არადემოკრატიული იქნება და ადამიანების უფლებებს შელახავსო. თითქოს თავად არ არღვედნენ ყველგან, ყველა სფეროში და ყოველთვის ადამიანის უფლებებს!
ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამის მისაღებადაა საჭირო ბრძოლა, ცხადია, მშვიდობიანი, კონსტიტუციური საშუალებებით.
7. ყველაზე მძიმე არგუმენტი ამ იდეის განხორციელების წინააღმდეგ არის შემდეგი:
საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერზე არ ზრუნავს - არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არც ეკონომიკის განვითარებაზე, არც ხალხის სოციალურ დაცვაზე, არც დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე და ა.შ. ხელისუფლების ერთადერთი სერიოზული საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ მიზნით ხარჯავს მთელ თავის ფინანსურ თუ ”შემოქმედებით” რესურსებს. ესაა ხელისუფლების ერთადერთი სერიოზული საფიქრალი. ამიტომ, თუ ასეთი წესის შემოღებას მივაღწევთ, ცხადია, ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლადაც მოიფიქრებს რაიმე მაქინაციას. ამ მიმართებით ხელისუფლება ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის!
მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ წესის შემოღებით ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება უკვე ძალიან გაუჭირდება და ეს დიდ თანხებთანაც იქნება დაკავშირებული (რასაც ისევ ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღებს), მაგრამ არჩევნების შედეგები ნამდვილად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. სულ ცოტა, ერთპარტიულობის აღმოფხვრას მაინც მივაღწევთ, რათა სახელისუფლებო უმრავლესობამ ყოველგვარი უმსგავსი და დანაშაულებრივი საქმიანობა ძველებური თავგასულობით ვეღარ გააგრძელოს და ქვეყნის განვითარება თუ არა, გადარჩენა მაინც მოხერხდეს.
ერთი სიტყვით, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღებას ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია და ამ წინადადების მისაღებად მართლაც ღირს ბრძოლა. ვიმეორებ, ხელისუფლებასაც ვერავითარი სერიოზული არგუმენტი ვერ ექნება ამ წინადადების საწინააღმდეგოდ - აკი ამტკიცებს, მოსახლეობის უმეტესობა ჩვენ გვიჭერს მხარსო. ჰოდა თუ უჭერს, მთელი მოსახლეობა რომ გამოვა არჩევნებზე, ეს მხარდაჭერა უფრო უკეთ არ გამოჩნდება?
მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არჩევნების მომხრე ოპოზიციურ პარტიებს მთავარ პრობლემად მიაჩნიათ არა ამ წინადადების მიღება, არამედ საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესება, აგრეთვე რეალური საერთაშორისო მხარდაჭერა.
რა თქმა უნდა, რაც უფრო გაუმჯობესდება საარჩევნო კოდექსი და გარემო, აგრეთვე საერთაშორისო მხარდაჭერა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობას, დღევანდელ ეტაპზე მაინც, რადგან დღეს იმდენად გულგატეხილი და იმედგაცრუებულია ხალხი, რომ თუნდაც მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი (რაც ძალიან საეჭვოა), ეს არჩევნებში მონაწილეთა პროცენტს მაინცდამაინც დიდად არ გაზრდის.
P.S. მწვანეების ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ”კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების სავალდებულობა არსებობს მსოფლიოს რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, და რაც საგანგებოდ აღსანიშნავია, ჩვენი ხელისუფლების სამაგალითო ს ი ნ გ ა პ უ რ შ ი ც!
Комментариев нет:
Отправить комментарий