ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გაზ. ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
”მინდა, ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადების იმ ნაწილს შევეხო, რომელმაც ვნებათაღელვა „მაესტროს“ და „კავკასიის“ მფლობელებსა და ჟურნალისტებში გამოიწვია. ბევრს არ მოეწონა ის ტონი და არც შინაარსი, რომლითაც ბატონმა ბიძინამ მათ მიმართა. მაგრამ ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო, რა დგას ამ სიტყვების მიღმა, რა იკითხება სტრიქონებს შორის. საერთოდ, ნებისმიერ დამწყებ პოლიტიკოსს თუ პოლიტიკაში მოსვლის მსურველს პროფესიონალები უპირველეს ყოვლისა მასმედიასთან, ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ურჩევენ. უაღრესად წამგებიანია მასმედიასთან პოლიტიკოსის დაპირისპირება ამ პოლიტიკოსისთვის. ქართულ რეალობაში ამან გამოიწვია ის, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ჟურნალისტებს ემლიქვნელებიან, ქათინაურებს ეუბნებიან, ლამის ფამილარული საუბარი მიდის პირდაპირ ეთერში… ამ ფონზე მე, და ვფიქრობ, ხალხის დიდ ნაწილს, მოეწონა კიდეც ივანიშვილის განსხვავებული მიდგომა. არ იქნება სწორი, თუ ჟურნალისტები ახლა „ჟურნალისტური სოლიდარობის“ გამოცხადებაზე დახარჯავთ დროს და ენერგიას. არ ჩანს ივანიშვილი ის პიროვნება, ვინც თავისუფალი აზრის ჩახშობას აპირებს. მწარე სიტყვები კი, კეთილი ინებონ და, ჟურნალისტებმაც მოისმინონ თავიანთი მისამართით. აღიქვან ეს კრიტიკად და არა „კახპასთან ლაპარაკად“. კახპებად ისინი ხელისუფლებამ აქცია, როდესაც დაარბია და შემდეგ უკანონოდ გაასხვისა „იმედი“, დააშინა და მოქრთამა მისი ჟურნალისტები, ნაციონალურ არხებზე ტოტალური კონტროლი დაამყარა და იქაურ ჟურნალისტებს ისე „ამღერებს“, როგორც მოესურვება. „კახპად“ იქცა ყველა ის მედიასაშუალება, რომელსაც აგვისტოს ომის დროს კი არა, ომიდან კარგა ხნის შემდეგაც სიმართლის თქმისა შეეშინდა…
ახლა მივუბრუნდეთ „მაესტროს“ და „კავკასიას“. ამ არხების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან „ოპოზიციური არხები“. ივანიშვილის განცხადებაში სწორედ ასეთი ფორმულირება იყო. კეთილი და პატიოსანი, ფორმალურად „მაესტრო“ და „კავკასია“ მართლები არიან, ტელევიზია არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო და ოპოზიციური, ტელევიზია ობიექტური უნდა იყოს. მაგრამ არ შეიძლება ამ კონტექსტში სიტყვა „ოპოზიციურის“ აღქმა, როგორც არაობიექტურობის მოთხოვნისა. „ოპოზიციური“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს „პარტიულს“, „ოპოზიციური ტელევიზია“ კი – პარტიების სამსახურში დგომას. საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლება ფლობს პროპაგანდის მძლავრ საშუალებებს – ძირითად ტელეარხებს. დააკვირდით იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ისინი საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც გარკვეული პოლიტიკური სისტემის ნაწილს, პოლიტიკური პროცესის განმახორციელებელ რაღაც რგოლს. ისინი მომართულნი არიან ჯარისკაცებივით, მათში დევს ფანატიზმის არც თუ მცირე დოზა. ისინი, რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ, მაგრამ ამავე დროს იდეურად ემსახურებიან რეჟიმს.
ამისთანა პროპაგანდისტულ მანქანას ვერ დაუპირისპირებ ბოლომდე ობიექტურ, უფრო ზუსტად ვთქვათ – არატენდენციურ ტელევიზიას. მე მგონი, „მაესტროს“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელებს ლატენტურად უფრო „იმედის“ დარბევის ფაქტი აშინებთ, მათ მეხსიერებაში ეს დევს და ამიტომაც გაურბიან ოპოზიციონერობას და აქცენტს „ობიექტურობაზე“ აკეთებენ. არადა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას, ასეთ ვითარებაში კი ტენდენციურობის გარეშე წინააღმდეგობა არ გამოვა. უფრო გარკვევით: ობიექტურობა კი, მისაღებია, მაგრამ საჭიროა ტენდენციურობაც. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. დავუშვათ, მოხდა რაღაც ფაქტი, ხელისუფლებისთვის მომგებიანი. ამ ფაქტს არ მალავ, მაგრამ არ აშუქებ ფართო მასშტაბით, ნაკლებად იწვევ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუდიაში… არ არის ეს არაობიექტურობა, მაგრამ არის ტენდენციურობა, ანუ რაღაც ტენდენციას ასახავს, ტყუილის თქმისა და ფაქტების დამალვის გარეშე. სახელისუფლებო არხები ამაზე ბევრად შორს მიდიან ხოლმე, მოგეხსენებათ, ავრცელებენ სიცრუეს, ჭორებს, ცალკეული პიროვნებების მიმართ აგორებენ შავ პიარს და კიდევ სხვა სიბინძურეებს სჩადიან. ხალხი კი ხვდება ამას, მაგრამ ეს იმდენად ტოტალურად და დამთრგუნველად კეთდება, რომ თავის ეფექტს მაინც ახდენს. ხალხი ითრგუნება და ორიენტირებს კარგავს, მათი შემხედვარე.
მცირებიუჯეტიანი, ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი და თან პოლიტიკურად „რბილი“ ტელევიზიები, „ობიექტურობაზე“ მომართულნი, ვერ ანეიტრალებენ ამ ვითარებას.”
ვფიქრობ, ძალიან სწორი ანალიზი და ძალიან დროულად ნათქვამი სიტყვაა, მით უმეტეს, რომ ”ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას” და მისთვის ოპოზიცია საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტს კი არ წარმოადგენს, არამედ თავის მოსისხლე მტერს.
ასე რომ, ოპოზიციას საქმე აქვს არა კეთილშობილ, პოლიტიკურ ”ომში” საომარი ზნეობის დამცველ ძალასთან, არამედ ყველაფრის მკადრებელ, უსამართლო, ყოველგვარი იარაღით აღჭურვილ მტერთან. ამ პირობებში ჟურნალისტების ობიექტურობა - ოპოზიციის ობიექტური ლანძღვა, რაც ხალხში კიდევ უფრო ზრდის ნიჰილიზმსა და აპათიას - იმავე ობიექტურობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან გამარჯვებული უზნეო ხელისუფლება სწორედ ობიექტურობას ამარცხებს და ასამარებს.
ამასთან დაკავშირებით მინდა შეგთავაზოთ ერთი ნაწყვეტი ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”ვეფხიტყაოსანი შენთან ერთად”, რომელიც, მართალია, თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ანალოგიისათვის ნამდვილად გამოდგება:
”ქაჯეთის ციხის ასაღებად საბრძოლო გეგმის განხილვა უმნიშვნელოვანესი მომენტია პოემისა, რადგან პოემის გმირები მთავარი მიზნის – ნესტანის ქაჯთაგან გამოხსნის ამოცანის წინაშე დგანან. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა პოემის გმირებისათვის. ამ დროს მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს მათი საბრძოლო და ინტელექტუალური ღირსებანი. და თუ ჩვენ პოემაში ვხედავთ მხატვრულად გარდასახულ საქართველოს ისტორიულ ყოფიერებას, აუცილებელია ეს მომენტიც ამ თვალსაზრისით გავიაზროთ, ე.ი. უნდა დავაკვირდეთ პოემის გმირების (ანუ ქართველი ადამიანების, ქართველი მებრძოლების) ხასიათის გამოვლინებებს მის წინაშე მდგარი სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრისას.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, პოემის ამ მომენტშიც ვლინდება ქართველი ადამიანის ის ხასიათი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, გარკვეულწილად, საქართველოს ბედიც განსაზღვრა.
მაშ, ჯერ გავეცნოთ, რა გეგმას სთავაზობს ფრიდონი თავის მეგობრებს ქაჯეთის ციხის ასაღებად.
ფრიდონის თქმით, იგი უცდომელ გეგმას სთავაზობს თავის მეგობრებს. ჩვენ ცოტანი ვართო, ამბობს იგი, ქალაქის აღებას კი დიდი ძალები სჭირდება, პირისპირ ომში ვერაფერს გავხდებით, ხოლო თუ კარს დაგვიხშავენ, ათას წელსაც ვერ შევუვალთ. ამიტომ ასეთ ხერხს მივმართოთ: ყმაწვილობაში ჯამბაზობაში მწრთვნიდნენ, თვალის უსწრაფესად გავდიოდი თოკზე. მოდით, ერთ ბურჯზე თოკი შევტყორცნოთ და გამოვაბათ, მე მასზე ისე გავირბენ, როგორც მინდორზე, შიგ შევალ და იქ ყველას დავხოცავ, შემდეგ კარებს გავაღებ და თქვენც იქით წამოდით, სადაც ბრძოლის ხმა შემოგესმებათო.
ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერნი ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!“
თოკზე გასვლის დროს შენი აბჯრის ხმას გაიგონებენო, ეუბნება ავთანდილი, თოკს გადაჰკვეთენ და ვერაფერს მიაღწევ, ეგ გეგმა არ ვარგაო. ჩემი გეგმა კი ასეთია: თქვენ მოფარებულ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად შევიმოსები, ერთ ჯორზე იარაღს გადავკიდებ, ისინი ვაჭრებს თავისუფლად უშვებენ, მაგრამ სამივე ვერ შევალთ, რამეს იეჭვებენ, მე მარტო შევალ, იქ ფარულად ჩავიცვამ აბჯარს და შიგ სისხლის რუებს დავაყენებ, თქვენ კი გარედან შეუტიეთ კარებს, რომელთა კლიტეებს მე დავლეწავ და გავაღებო.
ტარიელმა მეგობრებს უთხრა: მე ვიცი, რომ გმირთაგმირები ხართ, თქვენი გეგმები თქვენსავე ძალგულოვნებას შეეფერება, ვიცი, რომ ფიცხელი ბრძოლა გწადიათ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით: თქვენი ბრძოლის ხმაზე ჩემმა მიჯნურმა რომ გადმოიხედოს და მე ვერ დამინახოს, ეს ხომ ჩემი დიდი სირცხვილი იქნებაო.
„მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა,
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა?
თქვენ გქონდეთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.“
ამას სჯობს, გავინაწილოთ ას-ასი კაცი და გამთენიისას ერთდროულად შევუტიოთ, მათ ვემცრობით და შეგვებრძოლებიან, ჩვენ კი ჩვენი ხრმალის სიძლიერე ვანახოთ. ერთ-ერთი შევაღწევთ, დანარჩენები კი გარედან ვიბრძოლებთო.
ტარიელს ყველა დაეთანხმა. გაიყვეს ას-ასი მეომარი და საბრძოლველად მოემზადნენ...
...რამდენადაც „ვეფხისტყაოსანში“ საქართველოა „შეფარვით“ ასახული, ხოლო მისი გმირები ასევე „შეფარვით“ ქართველები არიან, ამიტომ ქაჯეთის ციხის აღებისათვის ჩვენი გმირების გეგმაშიც ქართული ხასიათი, ქართული საბრძოლო ეთიკა უნდა იყოს გამოხატული, რაც კარგად შენიშნა რუსთველოლოგმა გიორგი მჭედლიშვილმა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ტარიელმა ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები დაიწუნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის დაწყებისთანავე ის ბრძოლაში არ იქნებოდა ჩაბმული, და ნესტანს იგი უომრად რომ დაენახა, ამით მის თვალში ჩრდილი მიადგებოდა. „თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა“. ტარიელის ეს მოტივი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა ტარიელის თავმოყვარეობას, მიჯნურის წინაშე შეურცხვენლობას.
ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი რეალურ ცხოვრებაში რომ წარმოვიდგინოთ, ტარიელის გეგმის თანახმად შეიძლება დამარცხებულიყვნენ კიდეც ჩვენი გმირები, რადგან პირდაპირი იერიში უნდა მიეტანათ ციხეზე. საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა გმირებმა გაიმარჯვეს, მაგრამ რუსთველი რეალისტი პოეტია და ამიტომაცაა, რომ ჩვენმა გმირებმა ძალზე დიდი დანაკლისი განიცადეს, რაც საგანგებოდ აღნიშნეს კიდეც, – მათ სამასი მეომრადან მხოლოდ ას სამოცი შემორჩათ.
როგორც ვხედავთ, ტარიელის გეგმა განსაზღვრა მორალის, სახელის, თავმოყვარეობიs ფაქტორმა და არა გამარჯვებისათვის საჭირო ხერხების გამოყენების აუცილებლობამ.
როგორც რუსთველოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, ასეთი მოტივირება იმდროინდელი საქართველოს საბრძოლო პრაქტიკაშიც იყო დამკვიდრებული, რაც აშკარად გამოვლინდა უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, მონღოლთა ლაშქრობების ხანაში.
მონღოლების წარმატებული ლაშქრობები ქვეყნების დასაპყრობლად მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ბრძოლის გარკვეულმა ხერხებმა, კერძოდ ხაფანგში მტრის შეტყუების მეთოდმა თვალთმაქცური უკანდახევის გზით. ამ მეთოდით დაუმარცხებიათ მათ ლაშა გიორგის ლაშქარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ხერხი ქართველებისათვის მაინც მიუღებელი აღმოჩენილა, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ქართველი ადამიანის რაინდულ ხასიათს.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ისტორიული ეპიზოდი.
როდესაც საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, ისინი ქართველ მეფეებს აიძულებდნენ მათ ლაშქრობებში ჯარით მიეღოთ მონაწილეობა და მონღოლთა სარდლობას დაქვემდებარებოდნენ.
ერთ-ერთ ბრძოლაში ნოინის განკარგულებით ქართველებს მონღოლებთან ერთად უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ქარTველთა მეფეს განუცხადებია – ჩვენ, ქართველებს, წესად არა გვაქვს, ჩვენსკენ მომავალი მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი მოგველოდესო. მონღოლებს გაჰკვირებიათ ასეთი პასუხი, გამწყრალან და მეფისთვის უთქვამთ – რას სჩადიხართ, როგორ ბედავთ აბაღას გარეშე მტერთან შებმასო; თქვენ, ქართველები, უმეცარნი ხართ და არ იცით ბრძოლის ხერხებიო.
მონღოლებს ჯერ უთხოვიათ ქართველებისათვის, შემდეგ დამუქრებიან, მაგრამ ისინი მაინც მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრის დასახვედრად დაწყობილან. მონღოლებს ქართველების თვითნებობა აბაღა ყაენისათვის უცნობებიათ. აბაღა ყაენი სასწრაფოდ გამომართულა ბრძოლის ველისაკენ და ქართველთა მეფისათვის საყვედური უთქვამს: მე ვიცი, რომ ქართველები მხნე და შმაგი მებრძოლები ხართ, მაგრამ ასეთი რამ რომელიმე ნოინს რომ ჩაედინა, სიკვდილით დავსჯიდი, მაგრამ არ გადანაშაულებთ, რადგან არ იცით ჩვენი წესები; ახლა იქ დადექით, სადაც გიბრძანებთო. ამის პასუხად „მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყუანისცა და ჰრქუა: დიდო ყაენო! არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოსო“.
როგორც ვხედავთ, ქართველ მეფესაც ამ ისტორიულ ეპიზოდში, და ტარიელსაც პოემის მიხედვით, თავმოყვარეობის დაცვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გამარჯვების მიზნით ბრძოლის არარაინდული, მაგრამ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენება.
ქართველების მიერ ბრძოლის დროს რაინდული წესების ასეთი თავგამოდებული დაცვა რომ არა, როგორც გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, საქართველოს ისტორიის განვითარებაც ნაკლებ კატასტროფულად წარმართულიყო.”
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გულბაათ რცხილაძის ძალიან სწორ ფრაზას: ”ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას”...
Комментариев нет:
Отправить комментарий