воскресенье, 22 сентября 2019 г.

"ვთქვათ გალობანი სინანულისანი", ნაწილი 5


                 პოლიტიკური იუმორი


                და დაუბუშტნა თუალი მარჯუენე
                     (ნაწყვეტი „უახლესი ქართლის ცხოვრებიდან“)

და შეკრიბა დარბაზი თვითმპყრობელმან ჭავჭავაძისა საზოგადოებისამან პირმზემან თამარ, გარნა ვაგლახად პირდაღრეჯილმან მარცხისა და შერცხუენისაგან არჩევნებსა შინა. და წარსდგა წინაშე წარჩინებულთა და დარბაზისერთა მისთა, და ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან, ხმა-ყო მძვინვარე და საზარო და საშინელი, ჰნერწყვიდა და და ჰდორბლიდა თანამბრძოლთა თვისთა ოტებისათვის საარჩევნო სპათაგან ედუარდ ხანისა. და იყო ტყებაი და გოდებაი და გლოვაი დარბაზისერთა, ფხურანი თმათა და წვერთაი.
ამას ესევითარსა უნუგეშობასა შინა იყუნეს, ხოლო თამარმან, გუარად ჩხეიძემან,- გარნა ვიეთნი ბერბიჭაშვილადცა უხმობენ, რომელ იყო მომაკუდინებელი წმიდისა ილია მართლისა ჭავჭავაძისაი, - უფრორე უმატა კიცხვასა წარჩინებულთა მისთა.
და იყუნეს მუნ:
მწიგნობართუხუცესი რაულ. ესე რაულ არს, რომელმან განათლება დანაბნელა და ამისათუის კუპრობით უხმობენ;
მსტოვართუხუცესი კახაისძე კახაბერ და მეჯინიბეთუხუცესი ნიკოლაისშვილი გელა, უგუარონი და უჩინონი, გარნა მსახურებისათვის თამარისათა აღმაღლებულნი;
ამირსპასალარისა სახელოისა მაძიებელი ბორის, გარნა ამაოდ დამაშურალი და მოღორებული, რამეთუ ვერ შეკრიბნა სპაი, - ესე არს კაკუბავა, რომელსა ვიეთნი კაკუბად იხსენიებენ და ეჭუთა უცხოთა და საზართა გამოთქუამენ საქმეთა მისთა გამო;
მანდატურთუხუცესი თემურ, ლომად წოდებული, გარნა თამარისათვის ხელქმნილი და ცნობაგარდასული;
მეჭურჭლეთუხუცესი ნანა, ასული კაკაბაძისაი, გემოთმოყუარე და მკლავ-ღონიერი, ჩანთათა დიდთა, ნამცხუართაგან სავსეთა, სუბუქად მატარებელი.
და იყუნეს მუნ სხუანიცა წარჩინებულნი და უჩინონი. 
რისხვანი პირგამეხებულისა თამარისანი პირველ მიხუდა მწიგნობართუხუცესსა რაულს. ხოლო რაულ დუმნა.
მერმე შერისხნა თამარმან მსტოვართუხუცესი კახაისძე კახაბერ მძინარებისათვის ზეზეულად, გარნა შეურაცხყოფილმან კახაბერმან სიტყუანი მცირედნი ჰკადრნა, ხოლო მსმენელმან ამისმან თვითმპყრობელმან თამარ განრისხებულმან ხელ-ყო ყანყრატო კახაბერისი და დაჰკაწრნა. და იხსნა საბრალო იგი მონაი კახაბერ მუნ მდგომმან ლომმან თემურმან, გარნა გმირობასა ამას შესწირნა სათუალე თვისი და დარჩა ესრეთ.
კუალად თამარმან შეჰრისხნა ასული კაკაბაძისაი, მეჭურჭლეთუხუცესი ნანა, რამეთუ მან ცთომილებასა შინა შთააგდო საზოგადოება და დააკარგვინა ურიცხუნი დოლარნი და ლარნი, რომელნი დივიდენდებისათვის ფრიად დიდისა მიაბარებინა ბანკსა ცრუთა კაცთასა, ხოლო ისი კაცნი გაიპარნეს უცხოითა გზითა და წარიღეს დოლარნი იგი. ესე დოლარნი მოპოვებული აქუნდა ჩხეიძესა თამარს უკეთურითა გზითა, რამეთუ გაჰყიდნა სრანი საზოგადოებისანი და ოთახი სამუზეუმო მოყმისა მის უკუდავისა და სულნათელისა ზურაბისი. მიზეზისაგან ამათ ყოველთა საზოგადოება დაშთა ულაროდ და არღარა აქუნდა სხუაი ღონე, თვინიერ ძუელთა პლაკატთა გამოყენებისა, ხოლო პლაკატნი ედუარდ ხანისა და სხუათაცა ახალნი და ურიცხუნი იყუნეს. ჰკიცხვიდა და ჰნერწყვიდა პირდაღრეჯილი იგი თამარ მეჭურჭლეთუხუცესსა ნანას, ხოლო ნანა დუმნა, რამეთუ პირი სავსე აქუნდა ნამცხუართა ნაჭერთაგან დიდთა.
ეჰა ისმინეთ, ვითარ საქმენი არაწმიდანი შთააგდებენ კაცთა გეენასა და მიამთხუევენ რისხუასა ღუთისასა!
ცოფქმნილმან და უგონოქმნილმან თამარ განაყრევინა ნამცხუარნი იგი პირისაგან ნანასა, რომელმან მეტისა სიმწარისაგან წარაქცივნა და დაამხუა მიწასა ზედა თვითმპყრობელი იგი თამარ, ვითარმედ აღემატოდა მას ღონითა და სისხოითა მკლავთასა, და დაუბუშტნა თუალი მარჯუენე.
და იქმნა მუნ ბრალებაი და ცემა-ტყებაი დარბაზისერთა ურთიერთას ესევითარი, რომე არაოდეს ვის ეხილვა.
აჰა იცნობიეთ ბოლო ყოველთა უკეთურთა საქმეთანი, რამეთუ დიდ არს სამართალი ღუთისა ჩუენისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1995




     „იბერია-სპექტრელი“ მანდილოსნის სტუმრობა გაზეთ
                        „დურუჯის“ რედაქციაში

 ერთ მშვენიერ დღეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ყვარლის განყოფილების გაზეთ „დურუჯის“ რედაქციაში სრულიად შემთხვევით მოხვდა გაზეთ „იბერია-სპექტრის“ თანამშრომელი ჟურნალისტი, ქ-ნი ელეონორა (სახელი შეცვლილია).
„დურუჯის“ რედაქტორმა ბ-ნმა ალეკომ იქვე მდგომ პასუხისმგებელ მდივანს ბ-ნ ანზორს მოუხმო.
- გაიცანი, „იბერია-სპექტრის“ თანამშრომელია.
- ძალიან სასიამოვნოა, - თქვა ბ-ნმა ანზორმა და თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი.
ბ-ნმა ალეკომ ქ-ნ ელეონორას ილია ჭავჭავაძის საზოგადოების საქმიანობის შესახებ  დაუწყო საუბარი და თავაზიანად მიართვა გაზეთ „დურუჯის“ რამდენიმე ნომერი.
ქ-ნმა ელეონორამ თვალი მოჰკრა თუ არა ერთ-ერთ ნომერში სათაურს - „რატომ დუმხარ, ბატონო მუხრან?“, ხელის ელეგანტური მოძრაობით განიშორა გაზეთები და ზრდილობიანად განაცხადა, რომ ამ უხამსობას არ წაიკითხავდა.
- თქვენი ნებაა, - დააცანცარა წვერი ბ-ნმა ანზორმა, - მე, მაგალითად, თქვენს გაზეთს მთლიანად ვკითხულობ. იქნებ სჯობდა, თქვენც ასე მოქცეულიყავით?
ქ-ნმა ელეონორამ უდრტვინველად აიტანა ეს შეურაცხყოფა და მორჩილად შეუდგა წერილის კითხვას, თან სახეზე მწარე ღიმილი დასთამაშებდა. დაამთავრა კითხვა და გაზეთი გვერდზე გადასდო.
- პარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებდი, - თქვა მან და თვალებში სევდა ჩაუდგა, - მე კარგი შთაბეჭდილება მრჩებოდა თქვენს საზოგადოებაზე. თურმე ვცდებოდი. თქვენც იმ მთავრობის მხარეზე ხართ, ყაჩაღებით რომ აავსო ქვეყანა.
- როგორც ეროვნული მოძრაობა დაკნინდა, მთავრობაც ისეა დაკნინებული, - ჩაურთო ობიექტურმა ალეკომ.
„იბერია-სპექტრელმა“ მანდილოსანმა ზრდილობიანად მიუგო:
- ჩვენ არ დავკნინებულვართ, ეს - თქვენ დაკნინდით!
ბ-ნმა ალეკომ ამ შექებას უტიფრად აარიდა ყური, ხოლო ბატონმა ანზორმა ასევე უტიფრად დაიწყო წარსულის ქექვა:
- ბ-ნი ზვიადის დროს ოპოზიცია არ აფეთქებდა ხიდებს და რკინიგზებს!
- რუსთაველი აბა ვინ დაანგრია? - ხათრიანად შენიშნა ქ-ნმა ელეონორამ.
- რუსთაველი ბ-ნი ზვიადის ყოფილმა მეგობრებმა დაანგრიეს, არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალების“ ნახევარმა! - თავხედურად გაახსენა ბ-ნმა ანზორმა.
ამის გაგონებით მძიმედ შეურაცხყოფილ მანდილოსანს ღაწვები შეუფაკლდა.
- ისინი მოღალატეები და კრემლის აგენტები აღმოჩნდნენ, თქვენსავით, - თქვა მან მოკრძალებით.
- აი, ეგეთ იარლიყებს რომ არიგებდით, იმიტომაც აღმოჩნდით მაგ დღეში! - ნიშნი მოუგო ბოროტმა ანზორმა.
- ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით ვებრძვით ამ სისხლიან ხელისუფლებას, - გადმოღვარა თაფლი ქ-ნმა ელეონორამ.
- ხიდებს რომ აფეთქებთ და რკინიგზებს რომ ანგრევთ, ესაა პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა? - გადმოანთხია შხამი ბ-ნმა ანზორმა.
ქ-ნმა ელეონორამ ალალად შეანათა თვალები და დაშაქრული ხმით ჰკითხა:
- თქვენ ეს გჯერათ?
ამ შეკითხვამ ბ-ნი ანზორი ისე დააბნია, რომ თვალები ააპარპალა და შეწუხებულმა აიჩეჩა წვერი. მას ნივთმტკიცების სახით არც აფეთქებული ხიდი ჰქონდა ხელთ და არც აყრილი რკინიგზა. თანაც, მასაც დაუჯერებლად და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ქართველთა ერთი ნაწილის ასე დაცემა და გათახსირება.
- თქვენ ეს გჯერათ? - მთლად დადნა ქ-ნი ელეონორა.
...აი, ასეთი ურთიერთგაგების ატმოსფეროში მიმდინარეობდა საუბარი ნახევარ საათზე მეტ ხანს.
- სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, - თქვა ბოლოს „იბერია-სპექტრელმა“ გულწრფელმა მანდილოსანმა და წამოდგა.
- გაზეთები გრჩებათ, - შეახსენა რაინდმა ალეკომ.
ქ-ნი ელეონორა ცოტა შეყოყმანდა, კეკლუცად გაიღიმა, თავი ოდნავ გადახარა გვერდზე, მერე ორი თითით დასწვდა გაზეთებს და ჩანთაში ჩაუშვა...

1993


            ჭიანჭველების საპროტესტო მიტინგი

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ჭადრის ძირში, გაიმართა ჭიანჭველების მრავალმილიონიანი საპროტესტო მიტინგი. იგი მიეძღვნა ერთ-ერთი პარლამენტარის გამოსვლას პარლამენტის სხდომაზე წინადღით.
ამ პარლამენტარმა სხდომაზე განაცხადა, რომ იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის მილოშევიჩის ოჯახი იუგოსლავიაში ისევ პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრობს დიდის პატივით, მიუხედავად იმისა, რომ თვით მილოშევიჩს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ასამართლებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვისო, ხოლო საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახს არავითარი ყურადღება არ ექცევა, მაშინ, როდესაც ბატონ ზვიადს ჭიანჭველისთვისაც კი არ უწყენინებიაო.
მიტინგზე გამოსული ჭიანჭველები აღშფოთებას გამოთქვამდნენ პარლამენტარის  მიმართ, რომელმაც, მათი თქმით, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ჭიანჭველებს.
ჯერ ერთიო, - ცხარობდნენ ისინი, - რა იცის მაგან, ყველაფრის ცოდნას რომ იჩემებს, რამდენი ჩვენი საცოდავი თანამოძმე გაჭყლიტა ბატონმა ზვიადმაო.
მეორეცო, მისი სიტყვით ისე გამოდის, თითქოს ჩვენ, ჭიანჭველები, ყველაზე მეტად წყენინების ღირსნი ვართ და რაკი ზვიად გამსახურდიას თითქოსდა ჩვენთვისაც კი არ უწყენინებია, აქაოდა, სხვებს მით უფრო არ აწყენინებდაო. ვითომ რატომ ვართ ყველაზე მეტად წყენინების ღირსნი, მეხიც კი დავაყარეთ მაგასაო.
მესამეცო, მართალია, ჭიანჭველებისათვის ბატონ ზვიადს, შეიძლება, მართლაც არ უწყენინებია, მაგრამ თვალები და ყურები ჩვენცა გვაქვს და რაც ბატონი ზვიადი პრესაში, ტელევიზიაში და მიტინგებზე თავის ოპონენტებს, თვით თავის ყოფილ მეგობრებსაც კი სუკის აგენტებს, მოღალატეებსა და ერის მტრებს ეძახდა, ეგ, მაგის აზრით, წყენინება არ არისო? მაგ სიმართლით იაროს მაგანო.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბ-ნ პარლამენტარს, რომლისგანაც სხვა დროსაც გაგვიგია, თუ როგორ უდიერად იხსენიებს ჭიანჭველებს და უტაქტო შედარებებისათვის იყენებსო. აბა რასა ჰგავს მაგის ნათქვამი - იეღოველები საქართველოში ჭიანჭველებივით მრავლდებიანო. იეღოველებისა არა ვიცით რა, მაგრამ ჩვენ რას გვერჩის, ქა, ეგ დანელებულიო.
 ჭიანჭველების ბელადმა მოუწოდა პარლამენტარს, ბოდიში მოუხადოს ჭიანჭველებს და ყველას, ვისაც ბატონმა ზვიადმა აწყენინა.
ჭიანჭველების მიტინგი დაარბია და გარეკა მამა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მრევლმა.

2001


                    ტყე შეუნახე შვილებსა
                    (სცენარი ანიმაციური ფილმისათვის)

შევარდნაძე (ნაჯახით ხეებს ჭრის და მღერის) -
ხეებს ნუ ჰკაფავ, ძმობილო,
ტყე დაიცლება, ბრალია,
ის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია.
ტყეს ნუ ეპყრობი მტრულადა,
მოყვრულად მოიხმარია,
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია.
პუუმ-პუუმ-პუუმ!
შოკოლად!
(შემოდის მამუკა გიორგაძე - მონადირე).
მამუკა გიორგაძე (ყვირის) - რატომ ჭრი ამ ხეებს,კაცო, შენ! ტყეს რომ ანადგურებ, სად ვინადირო მე აქ? ნადირი და ფრინველი სულ გადაიხვეწება სხვა ქვეყნებში.
შევარდნაძე - მამუკა, შენ მე ნუ მასწავლი, რას ვჭრი და რას ვკერავ! ჯერ ერთი, ამ ხეებს მაშრიყ-მაღრიბში გავყიდი და ჩვენს დამშეულ ხალხს დავაპურებ. მეორეც, ტყე რომ აღარ იქნება, ვეღარც ყაჩაღები და ციხიდან გაქცეულები დაიმალებიან შიგ. დღეს ასეა საჭირო და მომავალში ისევ გავაშენებ. გაიგე ახლა? მითხარი, სხვანაირად როგორ ვუშველო ქვეყნის გაჭირვებას და მერე მელაპარაკე.
მამუკა გიორგაძე - ქვეყნის გაჭირვება არ ვიცი მე, ჩემი გაჭირვება მეყოფა! ხან ვის მივადგები ხელგაწვდილი და ხან ვის!
შევარდნაძე - ხელგაწვდილი სიარული ჩემი მოგონილია. მაგრამ გააჩნია, ვის მიადგები. კი უნდა იცოდე აწი ამდენი.
(შემოდის ელენე თევდორაძე)
თევდორაძე - რატომ დავობთ, ბიჭებო? მაგას ჯობია, ერთად ვიმღეროთ. (მღერის) ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.
შევარდნაძე - ლენოჩკა, მომაცილე, გეთაყვა, ეს კაცი! მაგისგან არაფერი გამოვა! არ იმღერებს მაგი ჩვენთან! დამეხმარე, თუ ქალი ხარ.
თევდორაძე - დაგეხმარო? მერედა, შენ პატიმარი ხარ?
შევარდნაძე - ჯერ არა, მაგრამ არც ვიქნები. კი უნდათ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას.
თევდორაძე - აბა, მაშინ ვერ დაგეხმარები. ჯერ დაგაპატიმრონ და მერე ვილაპარაკოთ. ჰა-ჰა-ჰა...
შევარდნაძე - ლენოჩკა, შენც მიღალალატე, არა?.. რას იზამ, მოგობრობის კანონი არ კანონობს ამ ტყეში.
(შემოდის ირინა სარიშვილი)
სარიშვილი - ნაჯახის კაკუნი გავიგონე. ვინ აკაკუნებდა აქ?
შევარდნაძე - რა გინდა? მორები?
სარიშვილი - მორებს რა თავში ვიხლი! მე ის მინდა გავიგო, მორები ვის უნდა.
შევარდნაძე - მაგი არაა შენი საქმე. აქ ტყის მცველი შენ კი არა ხარ, კახაა თარგამაძე.
სარიშვილი - კახა რომაა, იმიტომაც მინდა დავადგინო, ვის მიაქვს მორები. ჩემი გაუგებელი არაფერი რჩება.
შევარდნაძე - ირინა, მამაშვილურად გეუბნები, მოეშვი ამ მორებს. შენ აგერ იმას მიხედე, მამუკა რომ ნადირობს და ფაუნას ანადგურებს.
სარიშვილი - მამუკა არ მაინტერესებს. ეგ სათვალავში ჩასაგდები არაა, არც სროლა იცის და არც დამიზნება. თანაც არც იარაღი აქვს და არც მიზანი.
შევარდნაძე - ირინა, გულწრფელად მითხარი, მართლა გაინტერესებს მორების ამბავი?
სარიშვილი - მაინტერესებს, აბა, არ მაინტერესებს?
შევარდნაძე - ჰოდა, მაშინ გეტყვი. ასე შემოგითვალა მორების სოვდაგარმა, თავი დამანებოს და ყოველი სამი მორიდან ერთს მივართმევო.
სარიშვილი - არა ვარ თანახმა. სამიდან ერთი ცოტაა. არ მაკმაყოფილებს.  მე ბევრი მინდა.
(შემოდის ლანა ღოღობერიძე)
ლანა ღოღობერიძე - ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! ბულონის ტყეში რაც ვისიამოვნე, სულ აქ ჩამშხამდა! ვინ ჭრის ამ მშვენიერ ხეებს?
შევარდნაძე - ჩემო ლანა, ნაჯახი მე მიჭირავს, მაგრამ ისე ყველა ვჭრით.
ლანა ღოღობერიძე - მუსიე ედუარდ, ბულონის ტყის მთავარი ტყისმცველისაგან საპატიო მეტყევის სიგელი ჩამოგიტანეთ.
შევარდნაძე - მადლობას მოვახსენებ ბულონის ტყის მთავარ ტყისმცველს. მე სიამოვნებით ვიღებ ამ ჯილდოს. შეიძლება, ბულონის ტყეც გაჩეხილიყო, მე და ჩემი თანამოაზრეები რომ არ ვყოფილიყავით.
(სააკაშვილი და შაკიაშვილი გაჩანაგებულ ტყეში დადიან).
სააკაშვილი - რა უბედურებაა! ისე გაუკაფიათ ყველაფერი, ერთი ხეც არაა, რომ ამოვეფაროთ. აქ მართლა ევროპა კი არაა, დაგვინახავენ და თავი მოგვეჭრება.
შაკიაშვილი - დაგვინახონ რა!.. დღეს არავის არ რცხვენია არაფრის და ჩვენ რისა უნდა შეგვრცხვეს. ევროპას კიდენა თვალიც დასდგომია!
შევარდნაძე - მიშიკო, ლუიზა, მოდით აქ. რას დაეხეტებით ამ ტყეში, სახლ-კარი არა გაქვთ?
შაკიაშვილი - უი, ქა! ამ კაცმა როდის უნდა დაგვანებოს თავი!
სააკაშვილი - ძია ედუარდ, ვინ გაკაფა ეს ხეები? ვის წაართვით ეგ ნაჯახი?
შევარდნაძე - შენ კაი ბიჭი ხარ, მიშიკო, კაი კითხვებს იძლევი. მაგრამ ჯერ ვერ გიპასუხებ. რაც შეეხება ნაჯახს, ხეს უთქვამს, ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემი ტარი რომ არ ჰქონდესო. ჰა-ჰა-ჰა...
ასლან აბაშიძე (დურბინდიდან იყურება) - როგორც ვატყობ, ეს კაცი ჩემს ზონაში გადმოსვლას აპირებს. არაფერი გამოუვა! ჩემი ზონიდან ერთ ნაფოტსაც არ გავატან. ღმერთს მადლობა უთხრას, რომ, პირიქით, მის  ზონაში გადასვლაზე უარი განვაცხადე.
(შემოდის თემურ შაშიაშვილი).
შაშიაშვილი - ამ ქვეყანაში სულ არეულ-დარეულია ყველაფერი. ვინ ჭრის ხეებს და ვინ ნებართვას იძლევა, ეშმაკი ვერ გაიგებს!
შევარდნაძე - თემურ, რა არის აქ გაუგებარი! ხეებსაც მე ვჭრი და ნებართვასაც მე ვიძლევი.
შაშიაშვილი - მერე მე რა დავაშავე, რატომ არ მაძლევ ნებართვას? ჩემი მეზობელი რომაა, ის კაცი არავის ნებართვას არ უყურებს, ისე კაფავს ჭოროხის ტყეებს და არც არავინ არაფერს ეუბნება. მე კი ამდენი ხანია პატიოსნად ვიცდი. ჩემი შეგროვებული ფიჩხით გაცილებით მეტი შემაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, ვიდრე იმას მთელი თავისი მორების ქარავანით.
შევარდნაძე - თემურ, იმ კაცმა ძალიან შემაწუხა და იმიტომ მივეცი უნებართვო ჭრის ნებართვა. შენ კაი კაცი ხარ და შენ მაინც ნუ შემაწუხებ.
შაშიაშვილი - აჯამეთის ტყეში რამდენიმე გამხმარი მუხაა და მისი მოჭრის ნებართვა მაინც მომეცი.
შევარდნაძე - არ გრცხვენია, თემურ? რატომ გაახმე ის მუხები? ამას ველოდი შენგან?
შაშიაშვილი - მაშინ ერთი თხოვნა მაინც შემისრულე. აი, ის, შარშანწინ რომ გთხოვე...
შევარდნაძე - კაი ახლა, დამასვენეთ ცოტა, ნუ ამომხადეთ სული. ცოტა ხანში თათბირი მეწყება ჩვენი ტყის მთავარ ყაჩაღებთან. თემა ასეთია: „ღარიბს ართმევს, მდიდარს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა“. თუ პირიქითაა...  ჰა-ჰა-ჰა... ერთი სიტყვით, როგორც არის. მთავარი მომხსენებელია არსენა, მეტსახელად გია. არსენა, როგორც იტყვიან, კეთილი მთავარი ყაჩაღია. კარგი ვქენი, ის რომ დავნიშნე ყაჩაღების უფროსად. ბოროტ მთავარ ყაჩაღებს ჯერჯერობით ვერაფერს ვუხერხებ, მაგრამ არსენამ, მეტსახელად გიამ, ახალი გრძელი არშინი გამოთალა და იმისი იმედი მაქვს. ასე რომ, შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოთმინებას იჩენს. ნათქვამია, „ვინც მოიგებს, ის მოითმენსო“. თუ პირიქითაა, არ მახსოვს... ჰა-ჰა-ჰა... ერთი სიტყვით, ახლა დამასვენეთ ცოტა.
აკაკი ასათიანი - დაისვენე, ვინ გიშლის. მაგას გეხვეწებით ამდენი ხანია. შენც დაისვენე, ჩვენც დაგვასვენე. უფრო სწორად, შენ დაისვენე, ჩვენ ვიმუშავებთ.
შევარდნაძე - ვერ იმუშავებ, კაკო. კი მუშაობდი ერთხელ, მაგრამ გულმა შეგაწუხა. ისევ მე მირჩევნია ვიმუშავო. მე მაგარი გული მაქვს, თქვენი შემყურე.
გია არსენიშვილი - მეც მაგარი გული მაქვს. ყველა მორი, აი, ამ გრძელი არშინით უნდა გაიზომოს და ვინც მისხალს დააკლებს, ვაი დედიმისის ღმერთსა!..
ლანა ღოღობერიძე - მუსიე არსენ-გია, ძალიან კარგი იქნება, თუ ბულონის ტყეს ეწვევით. მინდა იქ შეგხვდეთ. მე ძალიან მომწონს თქვენი გრძელი არშინი.
გია არსენიშვილი - ვნახოთ, სადამდე წავალ ჩემი არშინით. მე მგონი, შორს ვერ წავალ.
შევარდნაძე - ჩემო არსენ, ჩემი იმედი გქონდეს. პირადად მე შორს წავედი და უკან დახევას არ ვაპირებ. ეს კარგად იცოდეს ყველამ. მე ჩემი ტყის ინტერესებს მომავალშიც ძველებური ენერგიით დავიცავ.
(შემოდის პუტინი).
პუტინი - თქვენს ტყეში რუსეთს თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს. რუსული ტყე ნადგურდება და იგი რომ გადავარჩინოთ, გვინდა თქვენგან გავიტანოთ მორები.
შევარდნაძე - ჩვენ გაგებით ვეკიდებით ჩვენი დიდი მეზობლის ინტერესებს. იმედია, რუსეთი არ დაგვრჩება ვალში და საქართველოს მოაწვდის ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროდუქციას, როგორიცაა ჩაი, ღვინო და ლობიო.
პუტინი - იმედია, წარმატებით მოვილაპარაკებთ.
აკაკი ასათიანი - მე წინადადება შემომაქვს, აეკრძალოს ედუარდ ბაბუას ხეები ჭრა და ჩამოერთვას ნაჯახი.
თევდორაძე - ვის ჩავაბაროთ მერე! შენ ჩაგაბაროთ?.. შენ ნაჯახს კი არა, დანა-ჩანგალს ვერ განდობს კაცი!
შევარდნაძე - მე, მეგობრებო, თქვენზე მეტად მაწუხებს ამ ხეების ჭრა. რამდენსაც ხეს ნაჯახს შემოვკრავ, იმდენი თითქოს მე ჩამარტყეს ფერდში. ბაღნობაში მე ერთი ფოთოლიც არ მომიწყვეტია. მამათში რაც ხეებია, ჩემი დარგულია ნახევარი. მე ეს ნაჯახი იმიტომ კი არ დავიჭირე ხელში, რომ მაინც და მაინც ხეების ჭრა მიხაროდა. მაგრამ სხვა საშველი არ იყო, შიმშილი გვემუქრებოდა. ჩვენ კი ყველა ერთმანეთს ვებრძოდით და ქვეყანას ვანგრევდით. მოდით, გავერთიანდეთ, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ. მაშინ ტყეც გადაგვირჩება და ჩვენც გადავრჩებით სუყველა. არ ვამბობ მართალს?
შაკიაშვილი - უი, ქა, ამ კაცმა სიმართლის თქმისათვის ჩამაჯინა ციხეში და ვითომ ახლა გამოსწორდა?
თევდორაძე - ახლა რაღაი ყველა ერთ აზრზე მოვედით, მოდით, ერთად ვიმღეროთ.
შევარდნაძე (ნაჯახით ხეების ჭრას აგრძელებს და მღერის) -
ხეებს ნუ ჰკაფავ, ძმობილო,
ტყე დაიცლება, ბრალია,
ის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია.
ტყეს ნუ ეპყრობი მტრულადა,
მოყვრულად მოიხმარია,
ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია.
ყველა (არეულ-დარეულად) -
მამა ხარ, შენი ვალია!
მამა ხარ, შენი ვალია!
შევარდნაძე - ჰო, ჰო, მართალი ხართ, მამა ვარ, ჩემი ვალია. მამა ვარ, ჩემი ვალია...
(აგრძელებს ხეების ჭრას).

2001



                       დიდი ქირურგი
              (სცენარი ანიმაციური ფილმისათვის)

სარიშვილი - ქალბატონო ელენე, კბილის ამოღება მინდა. კბილის ექიმთან გამიშვით.
თევდორაძე - მოითმინეთ ცოტა, ქალბატონო ირინა. ბატონი ედუარდი ძალიან დაკავებულია, ოპერაციებს აკეთებს.
სარიშვილი - რა შუაშია ბატონი ედუარდი, მე კბილის ამოღება მინდა.
თევდორაძე - კბილსაც ბატონი ედუარდი იღებს. საერთოდ ყოველგვარ ოპერაციას მხოლოდ ის აკეთებს: გული, ტვინი, კუჭი, ცხვირი, თვალები, საკეისრო და რა ვიცი.
სარიშვილი - რამდენ ხანში განთავისუფლდება? მკლავს კბილის ტკივილი.
თევდორაძე - არ ვიცი და არც არავინ იცის. რიგი დაიკავეთ. ძალიან ბევრი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.
სარიშვილი - ასე კარგი ქირურგია?
თევდორაძე - ძალიან კარგი ქირურგია. მართალია, ყველა ოპერაცია ტრაგიკულად მთავრდება, მაგრამ ეს პაციენტების ბრალია.
სარიშვილი - იქნებ ქირურგის ბრალია?
თევდორაძე - არა, არა, რას ამბობთ! ბატონი ედუარდი თავს არ ზოგავს მათთვინ. მათზე ფიქრით დღე და ღამე არ სძინავს.
სარიშვილი - ძალიან კარგი. ვნახოთ, როგორ ამომიღებს კბილს. ვაი, ვაი, ვაი...
შევარდნაძე (შემოდის) - უჰ, მოვკვდი კაცი!
თევდორაძე - ქალბატონო ირინა, ბედი გქონიათ! აგერ ბატონი ედუარდი მობრძანდა. ბატონო ედუარდ, განთავისუფლდით?
შევარდნაძე - არა, კაცო! ცოტა ხნით შემოვირბინე, ასლანს უნდა დავურეკო სასწრაფოდ. ბათუმელი კაკო ასატრიანი იყო ჩემთან ბუასილის ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ მე არ ვუკეთებ, ასლანთან ვაგზავნი.
სარიშვილი - ბატონო ედუარდ, კბილის ამოღება მინდა, ვკვდები ქალი. ასატრიანი მოითმენს, ჩემი ძველი მეგობარია. თქვენზე მითხრეს, რომ ძალიან კარგი ქირურგი ყოფილხართ.
შევარდნაძე - დიახ, კარგი ქირურგი ვარ, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა. შენც ახლავე დარწმუნდები. აბა, რომელი კბილი გაქვს ამოსაღები?
სარიშვილი - როგორ! ეს მე უნდა გითხრათ? მე ვარ ექიმი, თუ თქვენ?
შევარდნაძე (მოსინჯავს ერთკბილს) - ეს კბილია?
სარიშვილი - მე ვარ ექიმი, თუ თქვენ?
შევარდნაძე (იღებს საღ კბილს. სარიშვილი შეჰკივლებს) - ეს კბილი იყო?
სარიშვილი - მე ვარ ექიმი, თუ თქვენ?
შევარდნაძე (იღებს მეორე საღ კბილს. სარიშვილი შეჰკივლებს) - ეს კბილი იყო?
სარიშვილი - მე ვარ ექიმი, თუ თქვენ?
(ასე გრძელდება 31 კბილამდე, ჩქარი ტემპით).
შევარდნაძე - უკვე 31 კბილი ამოვიღე. დარჩა 32-ე. ეს კბილია?
(სარიშვილი კვნესის).
შევარდნაძე (იღებს 32-ე კბილს. სარიშვილი შვებით ამოიგმინებს) - ეს კბილი იყო?
სარიშვილი - ეს იყო. გმადლობთ, ბატონო ედუარდ! თქვენ მე მიხსენით.
შევარდნაძე - არაფრის, ჩემო ირინა. აბა, მე რისთვის ვარ აქ. ბოლოს და ბოლოს, ხომ მივაგენით მტკივან კბილს, ანუ, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტებას. რას იზამ, ჭეშმარიტების მიგნება ძნელი და მტკივნეული პროცესია... ახლა, ჩემო ირინა, ფული გადაიხადე. 32 კბილის ამოღება 320 ლარი ღირს, საბითუმო ფასით.
სარიშვილი - აჰა 400 ლარი, ხურდა არ მინდა.
შევარდნაძე - გმადლობთ, ჩემო ირინა. ამ ხურდას კულტურის დაცვის ფონდში გადავრიცხავ... კულტურაზე გამახსენდა, ასლანს უნდა დავურეკო. (ურეკავს) ასლან, როგორ გიკითხო, ჩემო ძმაო?
ასლან აბაშიძე - მე კარგად ვარ. ცუდად რატომ უნდა ვიყო?
შევარდნაძე - ასლან, კაცს გიგზავნი საოპერაციოდ. ასატრიანს უნდა გაუკეთო ბუასილის ოპერაცია. აქეთ არ ჩამოდიხარ და, რა გაეწყობა, დისტანციურად გიხელმძღვანელებ.
ასლან აბაშიძე - შენ რატომ არ უკეთებ? როდემდე უნდა ცდილობდეს ცენტრი ჩემს დაჩაგვრას?
შევარდნაძე - ასლან, მე ძალიან ბევრი პაციენტი მყავს. ეგ შენი კაცია და შენ მოუარე.
ასლან აბაშიძე - მაგის ოპერაციას ბევრი ფინანსები სჭირდება. ჯერ გადმომირიცხოს ცენტრმა და მერე ვილაპარაკოთ.
შევარდნაძე - კარგი. ოღონდ შენ ეგ ოპერაცია გააკეთე და ვეტყვი ნოღაიდელს, ეგება გაახერხოს რამე პენსიების ფონდიდან. (დებს ყურმილს) უჰ, დამღალა ამ კაცმა! მთელი მსოფლიოს ქირურგებთან მქონია საქმე და ასეთი არავინ შემხვედრია. ისედაც ძალიან დავიღალე. ყველა ოპერაციას მე არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ვინაა ჩემი შემცვლელი?
თევდორაძე - დღეს რამდენი ოპერაცია გააკეთეთ, ბატონო ედუარდ?
შევარდნაძე - დღეს სამი ბრმა ნაწლავის, შვიდი - კუჭის, ორი - ცხვირის, ერთი - ტვინის, რვა აბორტის, ექვსი - ტვინის და აბორტის ერთად, ოცდაშვიდ კაცს კბილი ამოვუღე.
თევდორაძე - შედეგები როგორია, ბატონო ედუარდ?
შევარდნაძე - კბილამოღებულებს არა უშავთ. დანარჩენები, სამწუხაროდ... პაციენტების ორგანიზმებმა ვერ გაუძლეს. თუმცა თავი არ დამიზოგავს მათ გადასარჩენად.
თევდორაძე - რას იზამ, ბატონო ედუარდ! დასუსტებულია ხალხი, ეკოლოგიურად მავნე პროდუქტებს ჭამენ.
შევარდნაძე - ეს არ მამართლებს. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. მაგრამ, იმედია, მომავალში ჯანმრთელი პაციენტები მეყოლება საოპერაციოდ. მე ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ მართლაც მსოფლიოში აღიარებული ქირურგი ვარ. მაგრამ მეც ადამიანი ვარ და შეცდომებსაც ვუშვებ ხოლმე. ამას წინათ გენერალურ პროკურორს გავუკეთე თვალების ოპერაცია, რომ კარგად გამოეხედა თვალებში, მაგრამ, მგონი, სულ ბრმავდება.
თევდორაძე - ბატონო ედუარდ, მამუკა გიორგაძე მოიყვანეს, კუჭი გასკდომია. სასწრაფო ოპერაციაა საჭირო.
შევარდნაძე - დღეს მუშაობა დავამთავრე. მაგრამ რა გაეწყობა. მომიმზადეთ საოპერაციოდ. მამუკას როგორ გავაწბილებ. (თავისთვის) ოჰო, ხომ ჩამივარდა ხელში! რაც მაგი წინა პარლამენტში მლანძღავდა, ახლა ვაჩვენებ სეირს! ისეთ ოპერაციას გავუკეთებ, ხვალ დილითვე სული გააცხოს!
(შემოჰყავთ მამუკა გიორგაძე საკაცით. შევარდნაძე უკეთებს ოპერაციას და გაჰყავთ).
შევარდნაძე - ჰო-ჰო, რა ეშმაკური ოპერაცია გავუკეთე! ისე გააცხებს სულს ხვალ დილას, რომ მიზეზს ვერავინ მიხვდება. ესეც ასე. ამაღამ მშვიდად დავიძინებ. (წამოწვება დასაძინებლად). ღმერთო, მაპატიე... ღმერთო, მაპატიე...
(დილაა. შემორბის თევდორაძე).
თევდორაძე - ბატონო ედუარდ, გილოცავთ, გილოცავთ! მამუკაზე მოგახსენებთ!
შევარდნაძე - ეჰ, რა მოსალოცი ეგაა... მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ...
თევდორაძე - ბატონო ედუარდ, რა დროს წუხილია! თქვენ ბრწყინვალე ოპერაცია გაგიკეთებიათ მამუკასთვინ! ამ დილით, გამთენიისას, უკვე ფეხზე გაიარა და ლუდიც მიირთვა ხინკალთან ერთად. თქვენ დიდი ქირურგი ხართ! თქვენ დიდი ქირურგი ხართ!
(შევარდნაძეს გული მისდის. თევდორაძე დაასხამს ერთ ვედრო წყალს და მოაბრუნებს).
შევარდნაძე - სადა ვარ!.. ვინა ხარ!.. ცუდად ვარ!..
თევდორაძე - მე ვარ, ბატონო ედუარდ, მე!.. აქა ხარ, აქა!.. რა დროს ცუდად ყოფნაა! პირიქით, პირიქით!..
შევარდნაძე - ჰო, შენა ხარ... აქა ვარ...უკვე გონს მოვდივარ... პირიქით, ჰო, პირიქით... მართალი ხარ, მართალი... ყველაფერი პირიქით გამომდის...
(შემოდის მამუკა გიორგაძე. ხელში ლუდით სავსე კათხა უჭირავს).
მამუკა გიორგაძე - ბატონო ედუარდ, დიდი მადლობა, რომ გადამარჩინეთ! აი, ხედავთ, ლუდის დალევაც კი შემიძლია! თქვენ გენაცვალეთ, ბატონო ედუარდ, თქვენი მარჯვენის ჭირიმე! აწი სულ თქვენს ქებაში ვიქნები! იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ, გაგიმარჯოთ!
(სვამს ლუდს).
                               დასასრული

2002




                  პოლიტიკური მინიატურები


                მომცრო პარტიების დასახმარებლად
          (ტიპობრივი განცხადება საარჩევნო პაემანისათვის)

ვარ პატარა, მიმზიდველი, პატიოსანი, ჭკვიანი პოლიტიკური პარტია. ვეძებ მსხვილ, გრძელი პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე ენერგიულ საარჩევნო პარტნიორს, რომელიც პარლამენტში მომახვედრებს. ასეთ პარტიასთან სიამოვნებით დავამყარებ ალიანსობრივ კავშირს. დასაშვებია მსოფლმხედველობითი შეუთავსებლობაც. ჩემი პირობითი სახელია „მეც ქე მინდა“.

1999


                            ვალიას ვალი

ოციოდე წლის წინ, მახსოვს, ჟურნალ „ნიანგში“ ერთი კალამბური თუ ენის გასატეხი გამოქვეყნდა, დაახლოებით ასეთი:
„ვალიას ბევრი ვალი აქვს. ვალიამ ვალიდოლი დალია. ვალია კარგი ქალია.“
ასეთ „ვალია“ ძალიან ბევრია საქართველოში. მათ ბევრი ვალი აქვთ, ერთის მხრივ, ერთმანეთის, მეორეს მხრივ, სახელმწიფოსი (წყლის, გაზის, დენის...).
სახელმწიფოსაც აქვს ვალი, ერთის მხრივ, „ვალიების“, ანუ საკუთარი მოსახლეობის (ხელფასები, პენსიები, დახმარებები...), მეორეს მხრივ, სხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების.
ვალის გადახდა რომ ძნელია, ეს კარგად იცის სახელმწიფომ, რომელსაც მსოფლიო ძალიან გრძელვადიან და მცირეპროცენტიან სესხებს აძლევს.
ვალის გადახდა რომ ძნელია, ეს კარგად იცის სახელმწიფომ, მაგრამ მაშინვე ავიწყდება, როდესაც ვალების გადახდას დაუყოვნებლივ სთხოვს „ვალიებს“, ანუ თავის მოსახლეობას, რომლის ვალი თავად აქვს და არ აძლევს, ან აძლევს დაგვიანებით.
ყველაფერი ეს, ალბათ, ძალიან კარგად დამთავრდება მომავალში.
ხოლო დღეს, ზემოთ მოყვანილი ენის გასატეხი მთავრდება გულის გასატეხად:
„ვალიას ბევრი ვალი ჰქონდა. ვალიამ ვალიდოლი ვეღარ დალია. ვალია კარგი ქალი იყო.“

1999



                                აშკარა ალიანსი

ჩვენში მთავრობის წინააღმდეგ ხშირად ტარდება შიმშილობის საპროტესტო აქციები, მასობრივებიც კი.
მისი მონაწილეებიარხეინად შიმშილობენ ათი, ოცი, ორმოცი, ოთხმოცი დღის განმავლობაში.
მათი აქციებით მტკიცდება, რომ ადამიანს შეუძლია დიდხანს იშიმშილოს ისე, რომ არაფერი დაემართოს.
აქედან გამომდინარე, მოშიმშილეთა აქციები სტიმულს აძლევს ჩვენს მთავრობას, ქვეყნის მწირ ბიუჯეტში შეამციროს ჭამისათვის განკუთვნილი ოდენობა მოსახლეობის ხელფასებში.
ერთი სიტყვით, მოშიმშილეებსა და მთავრობას შორის აშკარა ალიანსი შეიმჩნევა.

1999


                         ჰგავს?

ჰგავს თუ არა საქართველო დემოკრატიულ ქვეყანას?
პრესით ჰგავს? - ჰგავს!
მრავალპარტიულობით ჰგავს? - ჰგავს!
არჩევნებით ჰგავს? - ჰგავს!
ე. ი. ჰგავს.

1999


                                     ქება ქუჩას

ათიოდე წლის წინ ასეთი რამ ვთქვი:
ჩვენს ცხოვრებაში მძლავრად შემოიჭრა ქუჩა: მომრავლდნენ ქუჩის ბავშვები, ქუჩის ქალები, ქუჩის კაცები და ქუჩის პარტიები-მეთქი.
იმის შემდეგ გავიდა დრო.
ქუჩის ბავშვები დაიზარდნენ.
ქუჩის ქალებისა და ქუჩის კაცების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
ქუჩის პარტიები პარლამენტში არიან.

1999


                        კვირა დასვენების დღეა

ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან ცუდია, მაგრამ მაინც ძალიან საიმედოა.
ოთხშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან ცუდია, რაც ძალიან კარგია.
პარასკევის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობის კანდიდატი  ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან ცუდია, ამიტომ საქართველოში საჭიროა დაწესდეს კვირაში შვიდი პარასკევი.
კვირა დასვენების დღეა.

1999


                     დამეხმარეთ, კოლეგებო!

გართობა აუცილებელი მოთხოვნილებაა ადამიანისათვის.
ამ თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტი ფრიად საჭირო მისიის შემსრულებელია, რადგან მისი სხდომების უმეტესობა დიდად გასართობ სანახაობას წარმოადგენს.
ამ მართლაც განუმეორებელი სანახაობის პოპულარობა ისე დიდია, რომ, არაა გამორიცხული, მალე ჩვენს მეტროში სამათხოვროდ გამოსულმა პატარა გოგო-ბიჭებმა ტრადიციული „ბიძიებო და დეიდებოს“ ნაცვლად ასე მიმართონ მეტროს მგზავრებს:
- ბატონებო და ქალბატონებო! კოლეგებო! გთხოვთ დამეხმაროთ და შემავსებინოთ საოჯახო ბიუჯეტი!

1999


                         რას ვერჩით იაპონიას?

როგორც ცნობილია, გურიაში სოიოს ჰქვია „იაპონია“. ამის გამო ყოველ წელს ხდება გურულების მიერ „იაპონიის“ აღება.
კი, მაგრამ, რას ვერჩით იაპონიას? რა დაუშავებია ჩვენთვის, გარდა იმისა, რომ ერთხელ რუსეთი დაამარცხა?
ერთი სიტყვით, გურულების მიზეზით ამ ჩვენს მეგობარ იაპონიასთან თავი გვეჭრება.
ისიც არ გამოვა, რომ, ან სოიოს გადავარქვათ „იაპონია“, ან თავად იაპონიას.
რაღაც სხვა უნდა ვიღონოთ.
მოდით, იაპონიასთან ცოტათი მაინც რომ მოვიწმინდოთ პირი, ავდგეთ და, მაგალითად, ლობიოს დავარქვათ „რუსეთი“.
ამის შემდეგ ყოველ წელს ავიღებთ რუსეთს, მოვთხრით, დავფშვნით, გავანიავებთ, გავახმობთ, მოვხარშავთ, ამოვზელთ და შევსანსლავთ.

1999


                           აღარ მინდა მინისტრობა
        (ტიპობრივი განცხადება მინისტრების დასახმარებლად)

ვარ მინისტრი.
დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია.
აღარ მინდა მინისტრობა!
მინდა ოყიანი გრძელი თოხი, რათა ჩემთვის მშვიდად ვიმუშავო და მერე კაკლის ჩეროში წამოვწვე.
ნადზე ვეპატიჟები ყველა კოლეგას.

1999




              პარიკს ნამდვილი ქოჩორი სჯობია

ერთხელ ერთმა ჩვენმა პარლამენტარმა თქვა:
- ერთმანეთს პარლამენტში ვმტრობთ, გარეთ კი ნორმალური ურთიერთობა გვაქვსო.
ეს რამდენად მართალია, არ ვიცი. სიმართლეს კი ჰგავს.
ჰოდა, თუ მართალია, მაშინ ნამდვილად პირიქით სჯობდა.
ყოველ შემთხვევაში, ის პარლამენტარი ნამდვილი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდა, მაგალითად ასე:
- გარეთ ერთმანეთს ვმტრობთ, პარლამენტში კი ქვეყნის ინტერესებისათვის ნორმალური ურთიერთობა გვაქვსო.
ტყუილის თქმა პოლიტიკოსს ამშვენებს!
როგორც მელოტს პარიკი.
ისე კი, პარიკს ნამდვილი ქოჩორი სჯობია, თუნდაც თეთრი.

1999


                             ვამზადებ...
        (პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად)

ვარ დაწყებითჲ კლასების არითმეტიკის მასწავლებელი. ვამზადებ არითმეტიკაში პატარა და საშუალო სიდიდის პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს. მომზადების შემდეგ ისინი დაეუფლებიან იმის ცოდნას, თუ როგორ შეიძლება განაწილდეს 100 პროცენტი არჩევნებში მონაწილე 40-50 პარტიაზე 7 პროცენტიანი ბარიერის პირობებში. ამ მიზნით მათ შევასწავლი შეკრებას, გამოკლებას და გაყოფას 100-ის ფარგლებში. (გამრავლებას არ ვურჩევ).
რაც შეეხება ამოფესვას, მას არჩევნების შედეგებით ისწავლიან.

1999



                 ქება თეთრ ფულს

ახლა ხშირად ლაპარაკობენ ფულის გათეთრებაზე (ე. ი. შავი გზით ნაშოვნი ფულის კანონიერი საშუალებებით გამოყენებაზე).
ყორანის გათეთრება არ შეიძლება, ფულისა - კი.
ზოგიერთი პარტია ამუშავებს პროგრამას, რომლის საშუალებითაც ყორანი გათეთრდება, ფული - ვერა.
მაგრამ ეს იმათ იდარდონ, ვისაც შავი ფული აქვთ.
ჩვენ კი მხოლოდ თეთრი ფული გვაქვს (თეთრები).

1999


                     ცხრა ხმა და ცხრა ბოთლი ღვინო

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზოგიერთმა დამარცხებულმა პარტიამ გაცხარებული მტკიცება დაიწყო - ხმები ბევრი მივიღეთ, მაგრამ ოქმები გააყალბესო.
ალბათ ასეცაა.
ლეიბორისტებმა სტრასბურგშიც კი იჩივლეს.
ამასთან დაკავშირებით ერთ შემთხვევას მოგითხრობთ.
არჩევნების დღეს ხმის მისაცემად ერთად წავედით ცხრა მეზობელი. საარჩევნო უბანს რომ მივუახლოვდით, იქ მდგომმა ერთმა კაცმა ჩემი მეზობელი ნაცნობი ქალი - რუსიკო დაინახა, გვერდზე გაიხმო და თხოვა, ხმები ლეიბორისტებს მიეცითო. კარგიო, უთხრა რუსიკომ, მაგაზე როგორ გაწყენინებთო.
რა თქმა უნდა, მისი თხოვნის შესრულება აზრადაც არ მოგვსვლია. ყველამ იმ პარტიას მივეცით ხმა, რომელზეც ადრე ვფიქრობდით.
როცა გამოვდიოდით, რუსიკომ იმ კაცს დაუზახა და „მიახარა“ - ცხრავემ მოგეცით ხმაო. ის კაცი ძალიან კმაყოფილი დარჩა და დიდადაც გაიხარა. რუსიკომ კი სიცილით გვითხრა - მაგას ხვალ ცხრა ბოთლ ღვინოს ვაკისრებინებო. (რუსიკო კაი მომლხენია).
აი, ასეთი „ხმები“ დააგროვა ზოგიერთმა პარტიამ.
იმ კაცმა ცხრა ბოთლი ღვინო მართლაც იკისრა, რაზედაც ბევრი ვიცინეთ.
მაგრამ ამას სტრასბურგში ვინ დაიჯერებს!

2000


                    გაუმართლებელი უყაირათობა

1996-97 წლებში თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ „მეომარში“ ვმუშაობდი მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
ჩვენი შეფი - მინისტრის მოადგილე აღმზრდელობით დარგში - ყოველ შეხვედრაზე მაფრთხილებდა, წვერი მომეპარსა.
ვიფიქრე, ჩემი წვერით ქართულ ჯარს რაღაც ზიანს ვაყენებ-მეთქი და საერთოდ წამოვედი სამსახურიდან.
არადა, საქმე, შეიძლება ითქვას, სწორედ რომ პირიქითაა.
ჩემის აზრით, ქართულ ჯარში სწორედ წვერის გაპარსვა და მასზე დროის დახარჯვა უნდა აიკრძალოს, და, აი, რატომ:
ალბათ შენიშნული გექნებათ, რომ პატარა ბავშვებს ხშირად ეშინიათ წვერიანი კაცის. ეტყობა, წვერს აქვს შემაშინებელი რაღაც.
ამას ადასტურებს 80-ანი წლების ბოლოს გაჩაღებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მონაწილეთა უმეტესობა წვერიანი იყო, რამაც საშინლად დააფრთხო კომუნისტები.
მახსოვს, ერთხელ ჟურნალმა „ნიანგმა“ ეროვნულ მოძრაობას „წვეროვნული მოძრაობა“ უწოდა და სრულიად სამართლიანადაც.
ერთი სიტყვით, ჩვენი ჯარის მწირი ბიუჯეტისა და იარაღის ნაკლებობის პირობებში მტრების შესაშინებლად წვერის გამოყენებაზე უარის თქმა გაუმართლებელი უყაირათობაა.

2000


          ფეხსაცმელები და პრეზიდენტობის კანდიდატები

საბჭოთა კავშირის დროს წარმოება-დაწესებულებებში ასეთი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული: პროფკავშირებს მუშა-მოსამსახურეებისათვის მოჰქონდათ დეფიციტური იმპორტული საქონელი, მაგრამ მის განაწილებაზე ერთი ვაი-უშველებელი იყო ხოლმე, რადგან მსურველები ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მოტანილი საქონელი. მოიტანდნენ, ვთქვათ, 10 წყვილ ფეხსაცმელს, მსურველი კი იყო, ვთქვათ, 17. ამიტომ ასეთ გათამაშებას აწყობდნენ: 10 პატარა ქაღალდზე აწერდნენ „ფეხსაცმელს“, ხოლო დანარჩენ შვიდზე - „ხვიშტს“. ვისაც „ხვიშტი“ შეხვდებოდა, ის რჩებოდა უფეხსაცმელოდ.
ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკა უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა ოპოზიციონერმა  კანდიდატებმა საპრეზიდენტო არჩევნებში.
საქმე ისაა, რომ მათ ძალიან უნდათ შევარდნაძის დამარცხება, მაგრამ ამას ვერ აღწევენ, რადგან შევარდნაძეს ყველა ცალ-ცალკე უპირისპირდება. ყველა აღიარებს, რომ საჭიროა ოპოზიციამ ერთიანი შეთანხმებული კანდიდატი წარადგინონ არჩევნებზე, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან ყველა კანდიდატს მხოლოდ საკუთარი პერსონა მიაჩნია პრეზიდენტობის ღირსად.
მათ ვურჩევ, ზემოთხსენებული საბჭოური პრაქტიკა გამოიყენონ შემდეგნაირად: ვთქვათ, შევარდნაძის დამარცხების მსურველ კანდიდატთა რიცხვია 20. შეიკრიბონ ოცივე, ცხრამეტ ქაღალდზე დაწერონ „ხ“ (ხვიშტი), ხოლო ერთზე - „პრ“ (პრეზიდენტი). მერე ვისაც „პრ“ შეხვდება, ყველა „ხ“-მ იმ „პრ“-ს დაუჭიროს მხარი.
მხოლოდ ასე შეძლებს ოპოზიცია შევარდნაძის დამარცხებას.

მ ი ნ ა წ ე რ ი: ეს მინიატურა პრეზიდენტის უკანასკნელი არჩევნების წინ დავწერე, მაგრამ მაშინ არ გამომიქვეყნეს. ეჰ, ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ახლა ნამდვილად სხვა პრეზიდენტი გვეყოლებოდა! (მაგალითად, ის „პრ“).

2001


                   მართალი ყოფილა ნანული!

ცნობილი მწერალი და ეროვნულიმოღვაწე, აწ განსვენებული აკაკი ბაქრაძე ერთ დროს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი იყო. იგი ამ საზოგადოებიდან პროტესტის ნიშნად გავიდა.
პროტესტის მიზეზი ის იყო, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ქართველობა-შენარჩუნებული მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების მომხრე იყო, ბატონ აკაკი ბაქრაძეს კი ყველა მაჰმადიანი მესხი თურქად მიაჩნდა.
ბატონი აკაკის ამ ნაბიჯმა, და, საერთოდ, მისმა პოზიციამ მაჰმადიანი მესხების საკითხში, ძალიან დაწყვიტა გული ილია ჭავჭავაძის  საზოგადოების ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს.
ამ შემთხვევის შემდეგ საზოგადოების ოფისში მოვიდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები მაჰმადიანი მესხი, ცნობილი პიროვნება ხალილ გოზალიშვილი და დაგვიტოვა საკუთარი ლექსების ხელნაწერი კრებული. გვითხრა, დავხმარებოდით ამ კრებულის გამოცემაში, რათა იგი აზერბაიჯანში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებში გაევრცელებინა მათში ქართული ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ეს  ხელნაწერი ზურაბ ჭავჭავაძეს ვაჩვენეთ. მან გადაშალა კრებული, დაინახა აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი ლექსები, აუტყდა ხითხითი, თავში ხელი შემოიკრა და შესძახა:
- მართალი ყოფილა კაკო! მართალი ყოფილა კაკო!
ცხადია, ეს ხუმრობით თქვა, თორემ მაჰმადიანი მესხების შესახებ მას პოზიცია არასოდეს შეუცვლია.
რატომ გავიხსენე ეს შემთხვევა?
საქართველოს პირველი ლედის, ქ-ნ ნანული შევარდნაძეს ერთ-ერთ ტელეინტერვიუში უთქვამს, - პენსიები, მართალია, ძალიან მცირეა, მაგრამ პენსიონერები მაინც ახერხებენ თავის გატანასო.
არ ვიცი, მართლა ასე თქვა, თუ ნათქვამი გადაუსხვაფერეს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია:
ორ ადგილზევმუშაობდი. ერთგან 80 ლარს ვიღებდი, მეორეგან 30-ს.
თავი, ასე თუ ისე, გამქონდა.
შემდეგ ეს 80 ლარიანი სამსახური გაუქმდა და დავრჩი 30 ლარიანი ხელფასის ანაბარა.
თავი, ასე თუ ისე, ახლაც გამაქვს.
ერთი სიტყვით, სანამ კვლავ მეორე სამსახურს ვიშოვიდე, ისღა დამრჩენია, მეც თავში ხელი შემოვიკრა და შევძახო:
- მართალი ყოფილა ნანული! მართალი ყოფილა ნანული!

2001


                                ესეც ვცადოთ

ერთხელ ერთ ფულიან ნაცნობთან მივედი და ვუთხარი:
- ხალხის ყვლეფით და ქურდობით უამრავი ფული გაქვს ნაშოვნი. ორი წიგნი არა გაქვს წაკითხული. არამზადა და ბოროტმოქმედი ხარ. გადაგვარებული და ნაძირალა ხარ. 20 ლარი მჭირდება და მასესხე-მეთქი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სიმართლე ვუთხარი, იგი მაინც საშინლად გაბრაზდა და გარეთ გამომაგდო.
ჩემს საქციელს, ალბათ, ყველა გაამტყუნებთ - თუ ფულის სესხება გინდოდა, რაღას ლანძღავდიო.
სწორი ხართ.
მაგრამ საქმე ისაა, რომ მართლა ასე კი არ მოვქცეულვარ, ტყუილი მოვიგონე.
სამაგიეროდ, ზუსტად ასე იქცევიან ჩვენი ოპოზიციური პარტიები და ამ მთავრობით უკმაყოფილო მოსახლეობის უმრავლესობა.
უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, თათხავენ ხელისუფლებას და თან იმას თხოვენ, ცხოვრება გაგვიუმჯობესეო.
მასე სადაა!
შე დალოცვილო, ხომ ხედავ, ლანძღვა-გინებით არაფერი გამოდის. შენც ადექი და ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხარი.
იქნებ ტკბილმა სიტყვამ ქე მოულბოს გული იმ ჩვენი ცოდვით სავსეებს!

2001


      „ჩემი გული, შენი გული, ჯაჭვით არის გადაბმული“
ვუძღვნი N-ს

ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მოუგვარებელი საკითხია ოპოზიციურ პარტიებს შორის ალიანსის მიღწევა.
რადგანაც პოლიტიკურ ალიანსს ზოგჯერ „პოლიტიკურ ქორწინებად“ მოიხსენიებენ ხოლმე, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით, ამან აზრი გამიჩინა, ეს ტერმინი განმეხილა, ასე ვთქვათ, გადმოტანითი მნიშვნელობით.
ქორწინება, ცხადია, ოჯახის შექმნას ნიშნავს.
როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს პოლიტიკოსი?
თუ პოლიტიკოსი პირველ ადგილზე პოლიტიკას აყენებს, შემდეგ კი ოჯახს, სიყვარულს, მეგობრობას და ა. შ. (მაგ. ქ-ნი N.), მან, ცხადია, ოჯახის შექმნაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს.
ამ თვალსაზრისით შინაპარტიული ქორწინება ნამდვილ პოლიტიკურ სიბეცეს წარმოადგენს!
ასეთი პოლიტიკოსის ფასი კაპიკია!
ცხადია, პოლიტიკურად გამართლებული ქორწინება უნდა მოხდეს იმ პარტიების გავლენიან წევრებს შორის, რომლებსაც ალიანსში ყოფნა უნდათ.
თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ.
საქმე ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ყოველი ოპოზიციური პოლიტიკური ალიანსი მეტისმეტად სუსტი ძაფით არის შეკერილი. ოჯახური ქორწინება კი ამ ნაკლს გამოასწორებს - იმ სუსტ ძაფს ჯაჭვად აქცევს. აი, ისე, როგორც ერთ სიმღერაშია: „ჩემი გული, შენი გული, ჯაჭვით არის გადაბმული“.
ის კი არადა, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზედ სასურველია შინაპარტიული ოჯახების დანგრევა და მათ ნაცვლად ინტერპარტიული ოჯახების შექმნა.
მართალია, ოჯახის დანგრევა არაა კაი საქმე, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?
ეს ამ კეთილშობილური მიზნით ვთქვი, თორემ ოჯახების დანგრევის მოწოდებისაგან ღმერთმა დამიფაროს!

2001


ახალი ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამა - აეაპ
                                   (ჩემი ვარიანტი)

დღევანდელი სისხლის სამართლის კანონების თანახმად, ქურდი რაც უფრო დიდ ფულს მოიპარავს, მით უფრო დიდ სასჯელს ადებენ.
ეს კანონი უსამართლო, ამორალური და ქვეყნის დამაქცევარია.
თავად განსაჯეთ.
ავიღოთ, მაგალითად, ჯიბის ქურდები. ისინი, ჰა და ჰა, რამდენიმე ათეულ ლარს ჰპარავენ ხალხს, რომელთაც ეს საცოდავი ლარები დიდი ტანჯვა-წვალებით აქვთ ნაშოვნი და ხშირად მათი უკანასკნელი საარსებო წყაროა.
ასეთი ჯიბის ქურდები, ცხადია, უსასტიკესი სასჯელის ღირსნი არიან. კერძოდ, ვინც მარტოხელა პენსიონერს იმ საცოდავ პენსიას ამოაცლის ჯიბიდან, მას აუცილებლად სიკვდილით დასჯა უნდა მიესაჯოს.
ასეთი კანონის შემოღება, ცხადია, თავზარს დასცემს ჯიბის ქურდებს და ისინიც ხელს აიღებენ გაჭირვებული ხალხის გაქურდვაზე.
ახლა რაც შეეხება, ასე ვთქვათ, „ელიტარულ“ ქურდებს, რომლებიც კორუმპირებული, გაქსუებული ადამიანების გაქურდვაზე არიან დასპეციალებულნი.
კორუმპირებულებს, რა თქმა უნდა, თავიანთი დიდძალი ფული ხალხის გაყვლეფა-გაქურდვით აქვთ ნაშოვნი. და რადგანაც ჩვენს ბრძენ წინაპრებს უთქვამთ „ქურდის ქურდი ცხონებულიაო“, აქედან გამომდინარე, კორუმპირებულების გამქურდველები არათუ უნდა დავსაჯოთ, არამედ პირიქით - უნდა წავახალისოთ.
წახალისების ფორმებად შეიძლება გამოვიყენოთ სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოება, „საპატიო მოქალაქის“ ტიტულის მინიჭება და ა. შ., ხოლო მათი გარდაცვალების (განსაკუთრებით ქურდობის მომენტში დაღუპვის) შემთხვევაში - მათი ხსოვნის უიკვდავსაყოფად მემორიალური დაფების, ძეგლების დადგმა.
შეიძლება „საპატიო ცხონებულის“ წოდების დაწესებაც.
ასეთი კანონის შემოღება, ცხადია, თავზარს დასცემს კორუმპირებულებს და ისინიც ყოველგვარი ანტიკორუფციული კამპანიის გარეშე დასტოვებენ კორუფციის მოლიპულ გზას!

2001


სასამართლო ქრონიკა

მოქალაქე ანზორ აბჟანდაძემ სასამართლოში უჩივლა მოქალაქე ოთარ ავალიანს.
საქმე შემდეგში გახლდათ:
ისინი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ მეტროს ერთ-ერთ სადგურთან.
რადგან გარეთ ციოდა, მოქალაქე აბჟანდაძე სადგურის ვესტიბიულში იცდიდა, მაგრამ წესრიგის დამცველმა პოლიციელმა გარეთ გააძევა - აქ დგომა არ შეიძლებაო.
აბჟანდაძის შენიშვნაზე - ნეტავ ასე თავგამოდებით ქურდებს ებრძოდეთო - ახალგაზრდა პოლიციელმა ხანშესულ აბჟანდაძეს ხელჯოხი უჩვენა.
აბჟანდაძე იძულებული გახდა, გარეთ, სიცივეში დამდგარიყო.
მოქალაქე ავალიანმა 15 წუთით დააგვიანა, რის გამოც აბჟანდაძე გაცივდა.
აბჟანდაძე სასამართლოს თხოვს, მოქალაქე ავალიანს დაეკისროს აბჟანდაძისათვის გაციების საწინააღმდეგო წამლების შინ მიტანა მისივე ხარჯებით.

2001




რით ვუშველოთ ჩვენს მამაპაპურ ღვინოს?

ხალხო, განა სირცხვილი არაა, ჩვენს მამაპაპურ ღვინოზე ძვირი ღირდეს ლუდი, ბორჯომი ან კოკა-კოლა?
ამათი მწარმოებლები უმდიდრესი ადამიანები არიან. ელემენტარული ლოგიკის თანახმად, მათი გამდიდრების საფუძველი ისაა, რომ ლუდს, ბორჯომსა თუ კოკა-კოლას იმაზე გაცილებით მეტ ფასს ადებენ, ვიდრე სინამდვილეში უჯდებათ. წარმატებული ბიზნესმენებიც ჰქვიათ!
ჩვენი მამაპაპური ღვინის მწარმოებელი საცოდავი გლეხი კი ლამის მთელი წლის განმავლობაში თავს აკლავს ვენახს და მაინც ძლივს შოულობს ლუკმა-პურს.
რა არის ამ აშკარა უსამართლობის მიზეზი?
ლუდის, ბორჯომის თუ კოკა-კოლას მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ პროდუქციათა მაღალ ფასებს განსაზღვრავს მათ წარმოებაში ჩადებული ინვესტიციები.
ესარგუმენტი ისე ძლიერია, რომ ქვას ხეთქავს! ყველა მუნჯდება ამ არგუმენტის წინაშე!
საცოდავი გლეხი კი ყოველგვარი ინვესტიციების გარეშე, მთელი თავისი ოჯახით, დიდ-პატარიანა, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მუშაობს საკუთარ ვენახში. ის კი არა და, საჭმელსაც არ ყიდულობს. რა თქმა უნდა, ღვინის თვითღირებულებაც მცირეა და, შესაბამისად, ფასიც.
ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩვენს მევენახეებს ვთავაზობ შემდეგ ხერხს:
ვთქვათ, საკუთარი ვენახები აქვთ მიხოს, ვანოს, მიტოს და თედოს.
მიხომ ინვესტიცია უნდა ჩადოს ვანოს ვენახში, ვანომ - მიტოს ვენახში, მიტომ - თედოს ვენახში, თედომ კი ისევ მიხოს ვენახში (წრიული ინვესტიციები).
ამგვარად, ოთხივე ვენახში იქნება ჩადებული ინვესტიცია და ოთხივე გლეხს მორალური უფლება ექნება, გაზარდოს ღვინის ფასი ლუდის, ბორჯომისა და კოკა-კოლას ანალოგიით.
რას გამოიწვევს ეს?
რადგან ღვინო გაცილებით საჭიროა ქართული სუფრისათვის, ვიდრე ლუდი, ბორჯომი თუ კოკა-კოლა, ფასმომატებული ღვინოც, ცხადია, გასაღდება, ხოლო მოსახლეობის ხელმოკლეობის გათვალისწინებით, შემცირდება ლუდის, ბორჯომისა და კოკა-კოლას მოხმარება, რაც გამოიწვევს მათი ფასების კლებას.
ერთი სიტყვით, სამართალი პურს შესჭამს!
იყელყელაონ მერე ლუდის, ბორჯომის თუ კოკა-კოლას მწარმოებლებმა - წარმატებული ბიზნესმენები ვართო! მეხიც კი დაჰყრიათ, აჰა!

2001




საჭიროა ტაქტიკის შეცვლა

ამას წინათ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა მოაწყვეს შიმშილობის პერმანენტული აქცია პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე ადამიანმა 10-10 დღიანი შიმშილობით.
ახლა განვიხილოთ ამ აქციის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები
ნორმალური კვებისათვის ადამიანს დღეში სჭირდება საშუალოდ ნახევარი კგ პური, ნახევარი კგ კარტოფილი, 200 გრამი ხორცი, 100 გრამი ყველი, 50 გრამი კარაქი და ა. შ.
გამოდის, რომ აქციის პერიოდში ჩვენმა მოშიმშილეებმა დაზოგეს 5 ტონა პური, 5 ტონა კარტოფილი, 2 ტონა ხორცი, 1 ტონა ყველი, ნახევარი ტონა კარაქი და ა. შ., რამაც გამოიწვია ამ პროდუქტებზე მოთხოვნილების შემცირება და ფასების სტაბილურობა, შესაბამისად კი შევარდნაძის ხელისუფლების სტაბილურობაც.
საჭიროა ტაქტიკის შეცვლა.
შიმშილობის აქცია უნდა შეიცვალოს გაძლიერებული ჭამის აქციით - აქციის ყველა მონაწილემ ნორმაზე 5-6-ჯერ მეტი უნდა ჭამოს, რაც გამოიწვევს აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნილების მკვეთრ გაზრდას, მათზე ფასების მკვეთრ გაზრდასაც, ამის გამო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს და, შესაბამისად, შევარდნაძის ტახტის რყევას.

2001


„გააჟღერა“ ცუდად ჟღერს

ჩვენი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისაგან ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს:
„ეს ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა გააჟღერა“, ან - „ეს ინფორმაცია ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გააჟღერა“ და ა. შ.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ისეთი რამ თქვეს, რაც სხვებისათვის მანამდე არ იყო ცნობილი.
„გააჟღერა“, რაც მართალია, მართალია, ცუდად ჟღერს, ბევრს ყურსაც სჭრის და საქმის არსსაც ვერ გამოხატავს რიგიანად. „გააჟღერაო“ - თითქოს სერიოზულ პოლიტიკოსებზე კი არა, წვერგაჩეჩილ გიტარისტებზე იყოს ლაპარაკი!
მიუხედავად ამისა, ამ სიტყვას ვერა და ვერ ველევით.
მაშ, როგორ მოვიქცეთ?
მე მგონი, აჯობებს, ხელოვნების მაღალ ნიმუშებს დავესესხოთ და ისე შევიტანოთ კორექტივი ამ სიტყვის ხმარებაში.
მაგალითად, მშვენიერ კინოფილმში „ვერის უბნის მელოდიები“ მრეცხავი ვარდო, როდესაც მოპარულ ხორცს მიჰყიდის მედუქნეს, ასე ეუბნება მას:
„აბა შენ იცი, ეს ამბავი მთელ უბანში არ გააჟღარუნო“.
ჩემის აზრით, ამ მშვენიერი ფრაზის გათვალისწინებით, რომელიც ზედმიწევნით სწორად გამოხატავს საქმის არსს, ზემოთმოყვანილი ფრაზები, სჯობია, ასე გავაჟღეროთ:
„ეს ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა გააჟღარუნა“, „ეს ინფორმაცია ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გააჟღარუნა“, და ა. შ.
ხო კაი იდეა გავაჟღარუნე?

2004





რას ამბობს შოთა რუსთველი ჩვენს პოლიტიკოსებსა და
პოლიტიკურ ცხოვრებაზე

ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და სახალხო პარტიაზე, ოდეს გაიყარნეს:

გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით.

ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე:

იხოკს და იგლეჯს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა.

      პანტელეიმონ გიორგაძე რუსეთს:

შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა.

აჭარაზე:

ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილებს ვისსა სპასა?

ასლან აბაშიძეზე:

ჩემია მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა!

ელენე თევდორაძეზე:

გზა-გზა ყოფნა აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე.

უცხოეთიდან მიღებულ სესხებზე:

მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა.

ახალ პარლამენტზე:

მისნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

შევარდნაძე ტერაქტის შემდეგ:

სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია.

შევარდნაძე იგორ გიორგაძეზე:

იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

ირაკლი წერეთელზე:

თქვეს: ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?

თამარ ჩხეიძე
(როცა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში მარტო დარჩება):

მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომაწვა გულსა მურად.

თამარ ჩხეიძე და ნოდარ ნათაძე
არჩევნებში მათი ალიანსის 0,2 პროცენტის მიღების შემდეგ:

ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა,
იზახდიან, მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.

ნოდარ ნათაძის აზრი შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეზე:

შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად.

თემურ მღებრიშვილი ზვიადისტების მიტინგზე:

ერთმანერთსა შემოსტყორცნის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა.

ანზორ აბჟანდაძე თამარ ჩხეიძეზე:

მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღვრელითა.

ანზორ აბჟანდაძე თამარ ჩხეიძეს:

მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად.

შევარდნაძე:

სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

2001





ლეიბორისტული ლექსიკონი

(შალვა ნათელაშვილისა და სხვა ლეიბორისტების გამონათქვამების მიხედვით)*


როგორია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?

- არანორმალური, აღვირახსნილი, არასერიოზული, არაადეკვატური, ამაოხრებელი, არამზადა, ავაზაკი, არაკაცი, აფერისტი, ავანტიურისტი, ავადმყოფი, ავყია, აღამაჰმადხანი...

- ბოროტმოქმედი, ბანდიტი, ბარბაროსი, ბედოვლათი, ბოთე, ბოდიალა, ბნედიანი, ბრიყვი, ბაქია, ბრექია, ბჟუტურა...

- გათახსირებული, გაოხრებული, გახრწნილი, გარყვნილი, გაქნილი, გაუტანელი, გაქსუებული, გონებაჩლუნგი, გიჟი, გადარეული, გაუზრდელი...

- დამაქცევარი, დებილი, დეგენერატი, დაბდურა, დუნდუკი, დემაგოგი, დამნაშავე, დარტყმული, დაყრუებული, დაჩლუნგებული, დორბლიანი, დაფშტვენილი...

- ენაგატლეკილი, ეშმაკეული, ეგოისტი, ერთუჯრედიანი...

- ვანდალი, ვერაგი, ვიგინდარა, ვირეშმაკა, ვამპირი...

- ზნედაცემული, ზნეწამხდარი, ზერელე

- თავგასული, თავაწყვეტილი, თავზეხელაღებული, თავხედი, თაღლითი, თავმომჭრელი, თავლაფდასხმული, თვალთმაქცი, თავქუდმოგლეჯილი (ცხინვალიდან), თავქარიანი, თემურლენგი...

- იუდა, იდიოტი, იმბეცილი, იეზუიტი

- კაცთმოძულე, კაცისმკვლელი, კადნიერი, კანონდამრღვევი, კინტო...

- ლაზღანდარა, ლაქლაქა, ლაჩარი, ლაწირაკი, ლენჩი...

- მაიმუნი, მამაძაღლი, მავნებელი, მათხოვარი, მასხარა, მატრაბაზი, მატყუარა, მანქურთი, მოღალატე, მოყიალე, მეკობრე, მკვლელი, მრუში, მტარვალი, მტერი, მუქთახორა, მუხანათი, მყვლეფელი, მძარცველი, მხდალი, მხეცი...

- ნამუსგარეცხილი, ნამუსდაკარგული, ნავსი, ნაძირალა, ნაცარქექია...

- ობროდი, ორგული, ორპირი, ოსმალო, ოტროველა...

- პამპულა, პარანოიკი, პარაზიტი, პირგამტეხი, პირშავი, პირუტყვი...

- ჟინმორეული, ჟანდარმი, ჟულიკი...

- რეტიანი, რატრატა, რეციდივისტი, რეპტილია...

- სულელი, საცოდავი, სადისტი, საზიზღარი, სატანა, სამარცხვინო, სამასხარაო, სარკინოზი, სინდისგარეცხილი, სისხლიანი, სისხლისმსმელი, სისხლისმწოველი, სულმდაბალი, სქელშუბლიანი, საქონელი...

- ტუტუცი, ტინგიცა, ტარტაროზი, ტრაბახა, ტაკიმასხარა...

- უნამუსო, ურცხვი, უჭკუო, უპირო, უსაქციელო, უბადრუკი, უმაქნისი, უვარგისი, უვიცი, უგულო, უგუნური, უდარდელი, უთავბოლო, უკეთური, უკუღმართი, უმადური, უმეცარი, უჟმური, ურჩხული, უსულგულო, უტიფარი, უღმერთო, ურჯულო, უჯიშო, უზრდელი...

- ფარისეველი, ფლიდი, ფაფხურა, ფინაჩი, ფუქსავატი, ფორთხია...

- ქარაფშუტა, ქვებუდანი, ქვემძრომი, ქოსატყუილა, ქოფაკი, ქურდი...

- ღვარძლიანი, ღლაბუცა, ღორმუცელა...

- ყალთაბანდი, ყალბი, ყაჩაღი, ყიამყრალი, ყრუ, ყეყეჩი...

- შაჰაბასი, შერეკილი, შარიანი, შურიანი, შეუგნებელი, შეშლილი, შიზოიდი,, შტერი...

- ჩლუნგი, ჩანჩურა, ჩარჩი, ჩერჩეტი...

- ცინგლიანი, ცილისმწამებელი, ცნობადაკარგული, ცოფიანი, ცრუპენტელა, ცუღლუტი, ცხოველი, ცანცარა...

- ძუნწი, ძირმომპალი, ძაღლთაპირი...

- წუნკალი, წუწურაქი, წუწკი, წამხდარი, წინდაუხედავი, წანწალა, წურბელა...

- ჭკუასუსტი, ჭკუანაკლული, ჭკუათხელი...

- ხარბი, ხელმოცარული, ხელმრუდი, ხეპრე, ხონთქარი, ხუშტურა, ხორცმეტი...

- ჯამბაზი, ჯაბანი, ჯიბგირი...

- ჰალსტუხიჭამია...

------
* ასე ამკობდა ნათელაშვილი და მისი თანაპარტიელები მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის არჩევნებამდე. შემდეგ თანდათან აზრი შეიცვალეს.



Комментариев нет:

Отправить комментарий