ამ ოცდაათი წლის განმავლობაში უამრავჯერ მომისმენია ასეთი კითხვა: „როდის
გვეშველება?“
მე ყოველთვის ასე ვპასუხობდი: „როდესაც ობიექტურ აზროვნებას ვისწავლით!“
რატომ გამახსენდა - არათავმდაბლურად რომ ვთქვა - ეს ჩემი ბრძნული პასუხი?
J
ამ ბოლო ხანს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს
იმ ნაწილმა, სადაც ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საზღვარგარეთის ქვეყნებთან
საქართველოს მოქალაქეების იქ ლეგალური დასაქმების შესახებ. ბევრის აზრით, ეს გამოიწვევს
საქართველოდან ახალგაზრდობის დიდ გადინებას და რომ ბიძინას - საქართველოს ამ „უბოროტეს
მტერს“ - სურს საქართველოს დაცლა ქართველებისაგან.
სანამ ამ ინიციატივას კონკრეტულად შევეხებოდე, „ბიძინისტობის“ იარლიყი
რომ არ მომაკერონ („იარლიყების მიკერება“ ჩვენს საზოგადოებაში აზროვნების ყველაზე პრიმიტიული
ფორმაა), ჯერ იმას ვიტყვი, რა პრეტენზიები მაქვს ივანიშვილთან. პრეტენზიები კი ძალიან
ბევრი მაქვს.
ორი მთავარი პრეტენზია (საიდანაც გამომდინარეობს სხვა დანარჩენი) მდგომარეობს
შემდეგში:
1. კოჰაბიტაციის დაშვება ნაციონალურ მოძრაობასთან;
2. დასავლეთის მიმართ სრული მორჩილება და მათი მოთხოვნების უპირობო შესრულება
ჩვენი ეკონომიკის და, საერთოდ, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
კოჰაბიტაციის შესახებ იმდენი ითქვა, გამეორება აღარ ღირს, თანაც ხელისუფლებამაც
აღიარა, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო (ჩემის აზრით, არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დიდი
შეცდომა და დანაშაული).
ახლა რაც შეეხება დასავლეთს.
იმის მაგივრად, რომ 90-იან წლებში ჩვენი ტრაგიკული უთავბოლობით დანგრეულ
საქართველოსთვის რეალური დახმარება გაეწია, ანუ ჩვენი ეკონომიკური განვითარების სწორ
წარმართვაში დაგვხმარებოდა, დასავლეთმა მოგვცა ყოვლად დამღუპველი რჩევები და ლამის
იძულებული გაგვხადა, შეგვესრულებინა ისინი. (ცხადია, მაინც და მაინც ჩვენი დაღუპვა
კი არ სურდა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, დასავლეთი საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებდა
პირველ რიგში).
რა იყო ეს რჩევები? ჩვენთვის, თურმე, კარგი იყო, ყველაფერი ჯართში ჩაგვებარებინა
და სამრეწველო ქვეყნის ნაცვლად ვქცეულიყავით მომხმარებელ ქვეყნად (ანუ პროდუქციის შექმნისათვის
თავი დაგვენებებინა და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია შეგვეძინა). ამის გამართლება,
დასავლელ „მრჩევლებს“ ცხადია, არ გაუჭირდებოდათ, რადგან ჩვენი მრეწველობა ტექნოლოგიურად
ძალიან ჩამორჩენილი იყო და თანაც ძალიან დამოკიდებული დანგრეული საბჭოთა კავშირის სამრეწველო
სისტემაზე. მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში რომ აღმოვჩნდით, სწორედ ამიტომ იყო დახმარება
საჭირო, რათა ჩვენი მრეწველობის ტექნოლოგიური გადაიარაღება მომხდარიყო. მათ კი რაც
გვქონდა, ისიც თითქმის გაგვანადგურებინეს.
ეკონომისტი არა ვარ და ამ საკითხის ღრმად განხილვაში ვერ შევალ, მაგრამ
ის კი მახსოვს, რომ დასავლეთის ამ დამოკიდებულების შესახებ პროტესტი ბევრჯერ გამოთქვა
მრეწველმა გოგი თოფაძემ.
სხვათა შორის, დასავლეთის ასეთი დამოკიდებულების შესახებ „დიდმა მედასავლეთემ“
მიშა სააკაშვილმაც კი აღიარა უკრაინაში - ბრიუსელიდან დირექტივებს ვღებულობდით, წარმოება-დაწესებულებანი
არ გაგვეხსნაო; საქართველოს და უკრაინას კოლონიებივით ექცევიანო...
მიშას ბევრი არაფერი დაეჯერება, მაგრამ „დიდი მედასავლეთე“ რომ ამას ამბობს,
საყურადღებოა...
ასეა თუ ისე, შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე დასავლეთის „რჩევებს“ მორჩილად
(ფაქტობრივად, მონურად) ვასრულებთ. რუსეთის მონობა დასავლეთის მონობაზე გავცვალეთ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის განვითარებაში
მაინც გვეხმარებოდა... მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს...
ერთი სიტყვით, დღეს რომ სამუშაო ადგილების მწვავე პრობლემა გვაქვს და ხალხი
საზღვარგარეთ გარბის, ამის მიზეზი რომელიმე ხელისუფლება კი არაა, არამედ დასავლეთის
სრულიად არამეგობრული დამოკიდებულება ჩვენი ეკონომიკური განვითარების მიმართ.
უფრო რომ
დავაზუსტოთ სათქმელი, დამნაშავეა ყველა ხელისუფლება, შევარდნაძიდან დაწყებული ივანიშვილით
დამთავრებული, რადგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, რომ დასავლეთის „რჩევებს“, ფაქტობრივად,
ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, წინ აღდგომოდა!
ახლა ვინმე ძაან „მოაზროვნე“ გამოხტება და მეტყვის: აბა რუსეთი გინდაო?
არა, ბატონო, არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი, არც ერთის მონობა მინდა
და არც მეორის. თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ! ძალიან კი გაგვიჭირდება, მაგრამ ახლა არ
გვიჭირს? გავიჭირვოთ დიდი მიზნისთვის - ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის! დავით გურამიშვილის
თქმისა არ იყოს, - ჯერ მწარე ვჭამოთ, მერე ტკბილი!
მაგრამ თუ გვიწერია, რომ მაინც და მაინც მონა უნდა ვიყოთ, რატომ უნდა ვიყოთ
მაინც და მაინც დასავლეთის ან რუსეთის მონა? ვიყოთ, ვთქვათ, იაპონიის, რომელიც უაღრესად
მაღალი ზნეობის მქონე და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა!
მაგრამ ძაან „მოაზროვნეების“ გასაგონად კიდევ გავიმეორებ: არც რუსეთის
მონობა მინდა, არც დასავლეთის და, კაი ბატონო, არც იაპონიის! ჩვენ ჩვენი სამშობლოს
„მონა“ უნდა ვიყოთ, ისეთი „მონა“, როგორზედაც აკაკი წერეთელი ამბობს თავის მშვენიერ
ლექსში:
მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!
მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!
ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა;
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჩანგითა.
გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
მოხიბლა, შეაცდინა...
ძალიან დამაფიქრებელი ლექსია!.. დღესაც ძალიან აქტუალური!..
ახლა, ამხელა შესავლის შემდეგ, დავუბრუნდები ბიძინა ივანიშვილის
ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელმაც ასეთი აღშფოთება გამოიწვია ბევრში.
ბიძინამ გულწრფელად აღიარა, რომ საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა
საქართველოში ჯერჯერობით შეუძლებელია (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამაში მთავარი დამნაშავეა
ჩვენი ახალი „გაიძვერა მოყვარე“ და არა
მხოლოდ ესა თუ ის ხელისუფლება), ამიტომ, რახან საზღვარგარეთ ბევრი მიდის სამუშაოდ,
იმათ მაინც შევუქმნათ ღირსეული პირობები, ანუ, ლეგალურად მუშაობის პირობებიო.
აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს საზღვარგარეთ
წამსვლელთა რაოდენობის გაზრდა და საქართველოს ფაქტობრივი დაცარიელება.
ახლა ეს საკითხი განვიხილოთ.
უახლოეს საბჭოთა წარსულში საზღვარგარეთ არათუ სამუშაოდ წასვლა,
ტურისტად წასვლაც კი სრულიად მიუწვდომელი იყო მოსახლეობის აბსოლუტური
უმრავლესობისათვის (საბჭოურად ძაან სანდო ცალკეული პიროვნებების გარდა).
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა სრულიად
გაადვილდა და ბევრიც წავიდა, მაგრამ მათ მიმართ ყველა ხელისუფლებას ყოველთვის
ასეთი პოზიცია ეჭირა: წადით და თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთო (ანუ, მდაბიურად
რომ ვთქვათ, - წადით და კისერიც გიტეხიათო).
ცხადია, ეს არის ორი უკიდურესობა, ორივე მახინჯი და არასწორი.
ბიძინას წინადადება კი სწორედ რომ ოქროს შუალედია, ანუ ყველაზე სწორი გამოსავალი
ორ არასწორ უკიდურესობას შორის: ხალხი საზღვარგარეთ მაინც გარბის და იქ ღირსეულად,
ანუ ლეგალურად მაინც იმუშაონ და იცხოვრონ, სამშობლოშიც შეიძლება დაბრუნდნენ და
ისევ უკან წავიდნენ რამდენჯერაც მოუნდებათ, განსხვავებით არალეგალურად
მომუშავეებისაგან.
რაა ამაში ცუდი?
თუ ასეთი მიდგომა ხალხის გადინების გაზრდას გამოიწვევს და ეს აშკარად
გამოჩნდება, ამის შეჩერებაზე ადვილი რაა? ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ლეგალური
მუშაობის უფლების მოპოვება, რასაც ივანიშვილი ცდილობს მათთვის.
არ მეგონა, თუ ამის თარგმანებაც დამჭირდებოდა!..
ერთი სიტყვით, ნუ გადავვარდებით უკიდურესობებში!
ვისწავლოთ ობიექტური აზროვნება, მოვლენების ობიექტური შეფასება.
მხოლოდ მაშინ გვეშველება!
2019
Комментариев нет:
Отправить комментарий