понедельник, 30 сентября 2024 г.

99 ლექსი

          

"ცისკარი"

თბილისი

2024


რედაქტორი - ვახტანგ ბახტაძე


რედაქტორისაგან

 

წინამდებარე კრებულს უჩვეულო სათაური აქვს - "99 ლექსი ".

რატომ 99 და არა ასი? ასი ლექსი ხომ ლექსთა კრებულების გავრცელებული ფორმატია.

ვფიქრობ ეს ავტორის ჩვეული მოკრძალებულობის გამომხატველია.

ავტორმა ამ სათაურს ლექსიც კი უძღვნა:


უჩინარი მე-100

(ხუმრობა „99”-ის გამო)


რჩეული... რჩეული რაღაცის...

რჩეული - მე როგორც მესმის...

რჩეული არ-ასის, არ-ასის, -

99 ლექსის!


ის ერთი - მეასე - სად არის?

რატომ ვერ მომიძღვნა თავი?

იქნებ ჯერ შექმნილი არც არის?..

რა ვიცი... რა ვიცი.... რა ვი...


რჩეული - 99,

სულის წვის და გულის ბზარვის...

მეასე - ღვთიური - სად არის?

სად არის?.. თუ - არსად არის?..


ამ ლექსის სარედაქტორო წინასიტყვაში შეტანით, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კრებულში მაინც ასი ლექსია წარმოდგენილი!

კრებული, რა თქმა უნდა, ძველი კრებულებიდან ამოკრებილ რჩეულ ლექსებთან ერთად ახალ ლექსებსაც შეიცავს, რომლებიც კრებულის ბოლოშია.

ვუსურვებ ავტორს, რომელიც ხანშესულობის მიუხედავად, მხნედ განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას, კიდევ მრავალი ლექსითა და სხვა ჟანრის ნაწარმოებებით გაეხარებინოს თავისი მკითხველი.

ამასთან მკითხველს შევახსენებ, რომ ანზორ აბჟანდაძე არა მხოლოდ პოეტია, არამედ რუსთველოლოგიც (ორი მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური ნაშრომის ავტორი), პოეზიისა და პროზის მთარგმნელიც, პუბლიცისტური წერილების ავტორიც.

იგი ჯერ კიდევ შორსაა შემოქმედებითი დუმილისაგან.

ამ წინასიტყვას კი მისივე ერთი ლექსის სტრიქონით დავასრულებ:

"დუმილი - გალობით დაღლილი ბულბულის გედის სიმღერაა."

                                                                          ვახტანგ ბახტაძე

                                                                         ჟურნალისტი, პუბლიცისტი



ოთხმოცი ფუთი მარილი 

ხუმრობისებური

         

ეჰ, ოთხმოცისა შევსრულდი... მოდის უკუნი ღამე...

მეყოფა, - უკვე ოთხმოცი ფუთი მარილი ვჭამე....


ოთხმოცი ფუთი მარილი შენს შეცნობაზე ვხარჯე,

წუთისოფელო, და მაინც ამაოდ გავისარჯე.


ოთხმოცი ფუთი მარილი - ოთხმოცი წელი მძიმე...

ძილში წყურვილი მახრჩობდა... არ კი მესიზმრა ვინმე...


ხან ზეცის გახსნას ვეცადე, ხან ბედისწერა ვწურთე,

ფეხი ხან ნოხზე წავადგი, ხან მდუღარეში ვდურთე...


 ...აწ კი მიხმობენ: „გეყოფა! აქ ჯობიაო, წამო!“

არა!.. კიდევ მსურს ოთხმოცი ფუთი მარილი ვჭამო!


კიდევ ოთხმოცი... და მერე გულმშვიდად დავიძინებ, 

რომ ძილში მკლავდეს წყურვილი...

რომ დამესიზმროს ვინმე...


2021





როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.

როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.

სიტკბო იყო, სიტკბო იყო დიდი,

ეჭვი იყო, ეჭვი იყო ცოტა...


თუ რამ გვინდა, სამუდამოდ გვინდა.

სამუდამოდ... სამუდამოდ... ჰოდა -

როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.

როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.


1966




დიდო ნაღველო -

სპარსო, მონღოლო,


სევდავ მზარავო -

თურქო, არაბო,


რას გიშავებდათ მიწა მტკაველა,

ეჩუქურთმა და ერუსთაველა,


ეგალობა და ეჭირნახულა,

ვაზი ეფურჩქნა ოქრომტევნება...


მაინც არ სძულხართ...

მაინც არ სძულხართ...

ღვთაებრივია მტრის მიტევება.


1968




მე გაოცებით შევყურებ ამ ხეს,

დედა მიწის გულზე ამოზრდილს.


შენი ნაჯახი მე არ მაოცებს.


1972





გაუგებარი

და იდუმალი,

როგორც დაღლილი თვალებისთვის

მოალერსე წყვილის ზეიმი,

მიედინება წუთისოფელი.


იმას რა ძალა ააშენებს,

რაც სიყვარულს დაუნგრევია?


1973



უხმოდ ნატირალი


ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო, -

თვალს არ მაცილებს მტერი ხშირიო,

ცრემლიც არ მამხელს, -

გაშრა ცრემლიო,

მინდა გიშველო, - ვერას გშველიო,

მინდა მძლავრობდე, - არ მაქვს ძალაო...

ვამე, ბევრი გყავს ჩემისთანაო...

ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო.


1973




მე მიმატოვა ჩემმა სატრფომ,

სხვაგან წევს ახლა.

მე მუხის მძიმე კუბოში ვწევარ.


არ სურდა მიწას ჩემი მიღება,

როგორც ჯიუტ ბავშვს მსუყე ფაფის,

მაგრამ კაცებმა რკინის ნიჩბებით

გაუხსნეს ყბები და მოუკუმეს.


სიბრძნით და სიმხნით სავსე სხეული

თანდათან მიწად გადამექცა,

ჯერ კი არცერთი ბალახის თესლი

არ დამცემია.


1973


დაჰკლეს ქათამი,

ახალწლის სუფრას

მისი ძვლებიც რომ არ ჰკლებოდა.


მზრუნველობა და სიყვარული

არ მოჰკლებია მოაქჟამამდე,

და თავწაწყვეტილს

თვისი სისხლი რომც დაენახა,

არ ირწმუნებდა არასდიდებით...


და მშვიდად იდო იგი ტაფაზე...


ხოლო გარეთ კი

მისი სისხლი ისე მოსჩანდა,

გამოსდენოდა თითქოსდა მიწას.


თოვლის მახინჯმა ფანტელებმა დაჰფარეს ისიც.


1974



ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება,

მუდამ უბრალოდ შემოსილი,

თან სასაცილოდ აგდებული

ნაირ-ნაირი სამოსელით მოკაზმულთაგან,

დადის მარტოკა

და დაეძებს თვის მსგავს მარტოსულს,

ხან სასახლეში,

ხან ბნელ სენაკში შეეხეტება...


მაგრამ ვერსად პოულობს სადგურს.


1974





ხენეში ეჭვი


„ყოველმან ხემან, რომელმან

არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოე-

კუეთოს და ცეცხლსა დაედვას“.

      მათე, 3,10


გიზგიზებს ცეცხლი -

იმ ხისათვის,

ხენეშ ნაყოფს ისხამს რომელიც.


მაგრამ ხენეშ თვალს

კეთილი ხე უჩანს ხენეშად...


უფალი განსჯის!..


მაგრამ უფალსაც

ხენეში ეჭვის ჰფარავს ღრუბელი...


1974





ბევრი რამ იყო გაუგებარი...


დიოდა ჩემი ფიქრების ნისლი

იმედების და სურვილების ღობე-ყორეში...


ბევრი რამ იყო გაუგებარი!


ახლა კი, როცა დამეძენძა ხორცი და სული,

ახლა კი, როცა საფლავიღა დავტოვე ქვეყნად,

ახლა კი, როცა ბალახებმა წარხოცეს ისიც,


ყველაფერი გასაგებია.


1974



თვალთ რომ შემაშრა,

იმ ცრემლებით მორწყულა ყანა, -

დამწიფებულა პური არსობის.


თვალთ რომ შემაშრა,

ის ცრემლები ქცეულა წლებად,

დამცხრალა და გაცივებულა.


თვალთ რომ შემაშრა,

იმ ცრემლებმა

მზის ფერადები გაიყოლია.


1974





მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

ჩვენთვის სხვაგვარად ბრუნავს სამყარო.


მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

ჩვენთვის,

ვით ძველად,

მზე ჯერ „ამოდის“, მერე კი „ჩადის“.


მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -

სხვა თეორია სულ ამაოა.


1975




ინტელექტუალური კომედია


რასაც ერთ დროს უსიტყვოდ ვგრძნობდით,

იმდენი სიტყვით განმარტეს და ჩააწიკწიკეს,

ვეღარა ვგრძნობთ უკვე უსიტყვოდ,

და,

მგონი,

უკვე ვეღარცა სიტყვით.


1976



ის ნებიერი ბედნიერება!..


არავინ უწყის -

რა გზით დადის,

რა ზრახვა აქვს, რა ადათ-წესი,

რომელ აკვანთან დაყოვნდება,

ვის სხეულში ჩაიძირება.


უწყალოა მისი კომპასი.

დადის,

გულებში ტკივილების ყვავილებს თესავს.


1976



მას სურს

ძვირფასი განიძარცვო სამოსელი,

დახიო და ფეხით გათელო,

თვალ-მარგალიტი დააპნიო,

დაათხიო მსუყე ჭამადი...


სასტიკი არის მიჯნური შენი -

ჭეშმარიტება.


1977






როგორც ნაძვის ხე

საახალწლო ფერად ბურთებით, -

დახუნძლული ხარ

ულამაზესი მოგონებებით.


ზოგჯერ კი,

ზოგჯერ

უცნაური ნატვრაც გეწვევა,

როგორც ცოცხალი ჩიტის ჭიკჭიკი.


1978



ვერ მოვიხელთე,

ვერ ავხსენი -

რას ნიშნავს სევდა,

ხანდისხან გულში

აღდგომის ბატკნის ტკივილივით

წამიერად აყვავებული.


1978




არ ბერდება სულის მშვენება,

არ იძარცვება,

ზეციურია და წარუვალი...


და მაინც... მაინც...

თლილი ღაწვები ჭკნებიან ოდეს,

სულის მშვენება

თავის იდუმალ სალოცავში

დამარცხებას თვისას დასტირის.


1979



ფრაგმენტი


თვალი მოვკარი:

ულამაზესი ჭაბუკის წინ

შეუხედავი იდგა ასული

და ჭაბუკს - ერთხელ მაკოცეო, -

ევედრებოდა.


მე ჩავიარე,

და არ ვიცი,

რა მოხდა შემდეგ.


1979



რამდენ დანაკარგს,

რამდენ ტკივილს და მწუხარებას

იტევ შენ,

გამოცდილებავ!


არც ერთ მემკვიდრეს არ არგიხარ,

არც ერთ ანდერძში არა ზიხარ,

დაჰყვები ყველას

საკუთარი თეთრი ძვლებივით.


1980








დამთმე, სევდავ


ზოგჯერ სევდით მოვიწყვლები:

თუმც საამო იყო როდი -

მაინც მიყვარს ყრმობის წლები,

როს ოცნების მეპყრა ტოტი,

როს ოცნების მეპყრა ტოტი

და იმ ტოტზე ჩიტი სტვენდა!..

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


გაჰქრა ის დრო...

არსობისა პურის ძებნამ შუბლი დახნა,

იმედები გაიცრიცა

და ოცნების ტოტი გახმა.

უმოწყალოდ დაითოფა,

იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


აწ სხვას მივსდევ გზას და შარას,

აწ ცოცხალ ვარ სულ სხვა ძალით.

აწ ეჭვების ჟანგი ჰფარავს,

ჭეშმარიტი თუ რამ ვსცანი.

აწ ხსოვნაშიც ინისლება,

იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...

დამთმე, სევდავ,

ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.


1981





ქება ბავშვის თვალებს


არ დაეჯერება მხცოვანს:

გამოცდილებით შემცდარია,

იმ წყეული გამოცდილებით.


ის ურევს გზა-კვალს.

ფარდასავით წინ ეფარება.

მზერას უხშობს თანდათანობით.


არ დაეჯერება მხცოვანს:

აღარა აქვს ბავშვის თვალები.


1981




ძველებური დარდიანი


ეს ცხოვრება სიზმარია,

გინდ გვეძინოს, გინდ არა.

გულში მუდამ სიმწარეა,

გინდ ვილხინოთ, გინდ არა.


ბედმა ზურგი შეგვაქცია,

დრომ ფუჭად ჩაიარა,

ხელში არაფერი დაგვრჩა,

სულში - დაგვრჩა იარა.


გაუსაძლისს რომ გავუძლოთ,

ღვინო ვსვათ, ჩაი - არა,

გვათრობს, მაგრამ დარდებს ვერ ჰკლავს,

რის ღვინო, - ჩაია რა!


მაშ, დავლიოთ, - სულ ერთია,

გინდ დავლიოთ, გინდ არა.

წინ რომ გველის - სულეთია,

გინდ ვერიდოთ, გინდ არა.


1982




ბრწყინავს ალმასი, ბროლი...

ნამი ციმციმებს დილის...

მაგრამ -

გონჯდება ყოვლი,

ოდეს სიკეთე სტირის.


ვსასოობთ ნათელს ულევს...

გვრწამსცა ნათლისაც მცირის...

მაგრამ -

ურჩდება გული,

ოდეს სიკეთე სტირის.


გვჯერა, გვეგულვის, ვხედავთ...

გვმოსავს, გვიფარავს, გვივლის...

მაგრამ -

რადა გვცდის ნეტავ,

ოდეს სიკეთე სტირის?


1982





ეს სოფელი სამსალაა,

ფუჭი გაგორება ნარდის...

სული, სული დაიღალა

ზიდვით უბოლოო ნატვრის.


ზოგს წინ ბედი წაემძღვარა,

ზოგი დაისეტყვა ავდრით...

გული, გული გაიბზარა

მუდამ კამათელის ნატვრით.


ზოგმა ყოვლი მოათავა, -

შესვა სასუმელი ნაღვლის...

ჟამმა, ჟამმა მოატანა

ხილვის შეუწველი მაყვლის.


ვინ იხილავს? ვინ დაიხსნის

სოფელს? გზაარეულ ნახირს?..

სული, სული დაიღალა,

ძილი მეუფლება დაღლილს.


1982




შევეგუები შენს დაკარგვას.

შეგუება

ჩემი ძველი მეგობარია.

ჩემს ბილიკზე

ისევ იგი მოჩხრიკავს ეკლებს,

ჩემს სარკმელზე

ისევ იგი დააკაკუნებს.


1983



ანალიზი


აჰა, ინებეთ, -

ჭეშმარიტების შედგენილობა

ასეთი გახლავთ:


ათი პროცენტი - სიტკბო,

ოთხმოცდაათი - სიმწარე.


ესეც ასე.

ხელის მოწერა...

მრგვალი ბეჭედი...


მაგრამ გაფრთხილებთ:

არაფერში გამოგადგებათ.


1984


ფიროსმანი


როცა მოძღვრავდნენ,

არიგებდნენ,

საყვედურობდნენ:

საქმეს სწეოდა,

ეხეირა,

ეთხოვა ცოლი...

მამაპაპური მოეხადა იმასაც ვალი, -


იგი, ალბათ, უმწეოდ დუმდა.


1984





დავალ, დავბზუი, როგორც ფუტკარი...

ჭეშმარიტების ფიჭა სად არი?..

ვაი, რამდენჯერ დავრჩი გულმკვდარი...

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


სამი-ოთხია - ყველა განძია,

ყველა ნაღდია, ყველა გამტანი.

ერთს - სხვა ფიქრი აქვს...

ერთს - სხვა აზრი აქვს...

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


ნუთუ წყვდიადი ასე მწარეა,

ნუთუ არია ყველას გზა-კვალი!..

მერე როგორი კარგნი არიან!..

ვინ არს მტყუანი?

ვინ არს მართალი?


1984





ადვილია შენი შეყვარება, უფალო,

 შენ – ძლიერი ხარ.


შეყვარებით

განწმენდა ხდება ყოვლის, უფალო,

შენ – წმინდა ხარ უამისოდაც.


მუხლზე დაცემა ადვილია შენს წინ, უფალო,

ვიდრე მწვირის მოწმენდა მოყვასის სულზე:

ბინძურდება თეთრი ხელთათმანები.


თეთრი ხელთათმანები მიიღე მსხვერპლად, უფალო,

თეთრი ბატკნების მაგიერ.


1985




ვაი, კრულო ბედისწერავ,

ნეტავ ერთი შენი კლანჭი

ავგაროზად გულს მეკიდოს.


ვაი, კრულო ბედისწერავ,

ჩვენთვის კარგი რა გიქნია?

სამოთხის გზა ჩაგიკეტავს,

ფართო კარი განგიხვნია

ჯოჯოხეთის ბაღნარების...


1986




ხუმრობა ჯონის

საყვარელ თემაზე


მეგობრული შეხუმრება

ასტროლოგ ჯონი ტუხაშვილს


საქართველოში 400 ათასი შინაბერაა.

ცხადია, საქმე კარგად ვერაა.

რატომ არ თხოვდებიან, ვის ელიან?

(უმეტესობა მათ შორის თბილისელია).

ასე თუ გაგრძელდა,

გაუთხოვარი კიდევ ბევრი დარჩება.

ყველა ელოდება წარმოსადეგ,

სიმპატიურ მამაკაცს,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!

ეჰ, ქალის ჭკუა!

ტვინის ნაცვლად თავში აქვთ თოვლის გუნდა!

განა ფიქრობენ, რომ ერს გამრავლება უნდა!

მალე თბილისი სომხებს დარჩება,

ესენი კი ელიან მამაკაცს,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!


400 ათასი შინაბერა!

ვერ არის საქმე კარგად, ვერა!

ვინ შეამცირებს ამ ასტრონომიულ ციფრს?

ვის ელოდებიან, ვის?

ვინ არის წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი,

ვარსკვლავებს რომ ეთამაშება?..


ვარსკვლავებსო?..


უი! უი! დამიდგეს თვალები!

მივხვდი, მგონი!

რა თქმა უნდა - ჯონი!


1986



აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით,

თუ ღმერთს სურდა, ჩემი წილი

დამყვებოდა ფრთები ალბათ.


აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით, -

ბევრსა ჰფრენენ, მაგრამ მაინც

ვერ სწყდებიან ცოდვილ მიწას.


იმათ ვუცქერ ახლა შურით,

ვინც შლეგია, ვინც ბრძენია,

ვინც უცქერის ჩიტებს შურით.


1986





ქება ჩიტს


თუკი რწმენა ღვივის უფლის,

რამ შეაკრთოს? -

მამაცია ჩიტის გულიც.


თუ სასურველ შორეთს ელტვის,

რამ დაღალოს? -

ძლიერია ჩიტის ფრთებიც.


ერთურთს თუ შევიყვარებდით,

ჩიტის საკენკს,

ჩიტის ბუდეს ვიკმარებდით.


ვმადლობ უფალს, - დიდის ლხენის

მიზეზია ზოგჯერ სმენა

ჩიტის სტვენის...

...

ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო,

ხორცო,

ერთო ფიორაო...


1991




სინანული

ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას



ისევ ვსვამთ...

ისევ მისდევენ დღეები დღეებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


ისიც არ გვწყალობს -

ღვთივ-სასურველი სინანული...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


უმწეო არის ისიც - კურცხალი,

ვერც ცას სწვდება,

ვერც მალამოდ ედება ფესვებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


ისევ ვსვამთ...

ისევ მისდევენ დღეები დღეებს...

ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.


1991






ქება უიმედობას


უიმედობის ყვავილებო,

ფიქრში ღივდება თქვენი თესლი,

დიდხანსაც ჰყვავით დაუჭკნობლად.


მე ვთვრები თქვენი სურნელებით,

როცა უღმერთოდ ვიხლართები

სადმე, იმედთა ეკალ-ბარდში.


1992



საქართველოვ

საქართველოს ჰიმნის პროექტი


საქართველოვ, კერა შენი

ჩაუმქრალი კანდელია,

ხიბლით ბრწყინავ იდუმალით დღესაც;

სვე შენი და ბედი შენი

მძიმეა და ნათელია, -

საქართველოვ, ბედს მიჰყევი შენსას!


ქედუხრელი მოდგმა შენი

უკვდავ განძთა მფლობელია,

ერსა შენსა მაცხოვარი მწყემსავს;

მზე შენი და ზეცა შენი

ოქროს შუქთა მთოველია, -

საქართველოვ, მზეს მიჰყევი შენსას!


კურთხეულ არს მიწა შენი,

კურთხეულ არს ენა შენი,

ცა სწყალობდეს ყანის შენის მთესვარს;

ღმერთსა შენსა მიენდე და

უგალობე წმინდა რწმენით, -

საქართველოვ, ღმერთს მიჰყევი შენსას!


1996





არ ვემდურები ბედს


ამქვეყნად მოსვლა მომეზღო, -

რას ვისურვებდი მეტს?..

ხომ იყო რაღაც!.. ხომ იყო!.. -

არ ვემდურები ბედს.


რაც იქნება და რაც იყო,

ყოვლის მხილველი წყვეტს...

ჰო, ზოგჯერ ზეცაც გამეღო! -

არ ვემდურები ბედს.


გმადლობთ!.. სხვა, აბა, ვთქვა რაღა? -

მაღლით უფალი გვჭვრეტს...

ცოოოტა ხო-მაინც მალაღა, -

არ ვემდურები ბედს.


2001 


მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს


ეჰ, სამოცს გადავაბიჯეთ, უფრო მეტისაც ვხდებით,

ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.

მუხლები მოგვიფამფალდა, გვზაფრავს სიბერის ჭირი,

ხან ფიქრებში ვართ ჩანთქმული, ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.

ზოგს გული გვტკივა, ზოგს - სული,  ზოგს გვიკანკალებს ხელი,

ღვინოს ვეღარ ვსვამთ, ჭიქაში ჩაი გვისხია ცხელი.

გავთეთრდით, დაგვინაოჭდა ლოყები, ერთ დროს თლილი,

ზოგს თმა გაგვცვივდა მთლიანად, ზოგს - თითქმის ყველა კბილი,

თვალს მხედველობა დაგვაკლდა, გულს - სიყვარულის ალი,

მშვიდად ვუცქერით, რაზედაც გვებრიცებოდა თვალი,

სურვილიც უკვე ხშირად გვაქვს ლოგინში მარტო წოლის,

ზოგს არ გვყავს, ზოგს - რამდენიმე,  ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.


დღეს ასე ვცხოვრობთ... არ ვიცით,  ხვალ რას გვიმზადებს ბედი...

მეც თქვენი ჭირი მაწუხებს და ბარეორჯერ მეტი.

ჩამოვრჩი ყველა ქარავანს ყველა გზასა და შარას,

დღეს რა მაქვს, მაგრამ იმასაც ხვალე მტაცებს და მპარავს.

ხვალ - დავიძინებ მარადის,  დღეს - ძლივძლივობით მძინავს,

დღეს უფანჯრო მაქვს, ხვალ მელის უკარ-უფანჯრო ბინა.

დღეს რომ ღია მაქვს ყოველთვის,  ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,

ჰოდა, ხვალ ნუღარ გადასდებთ, დღესვე მესტუმრეთ ბარემ.

თუ პურმარილსაც მოიტანთ, მაგრა დაგიწყებთ ქებას,

ღვინოს, მწვადს, გოჭს და წიწილას...  პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…

...მაშ, მოდით, თორემ დრო გარბის, სამოცზე მეტის ვხდებით,

ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.


2002




ხუთი ლექსის ბალადა


              ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი ჩემს

              გულშემატკივრებს  (ბ-ნ გურამ სოსელიას პასუხად).


მისაყვედურეს: „ბოლო ხანს ლექსებს არ სწერო რატომ?..

იქნებ გაგიცვდა კალამი, ან დაგიჟანგდა მთლად?..“

„რა გითხრათ-მეთქი? - ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,

თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, -  არად ვარგივარ სხვად...“


დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! -  ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...

ოთხია წმინდა, ღვთიური... ოთხი გამიხსნის ცას!..

აჯობებს, ოთხჯერ დამედოს რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,

ოთხჯერ გავაღო გული და ოთხჯერ შემოვკრა ზარს...


მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - რა ვი, - ბევრია, მგონი...

ვინ უწყის ნება განგების?.. უწყალოდ მიჰქრის დროც!..

სწრაფია ბედის მდინარე... ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...

გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, ბევრიც გამქირდონ რომც.


სამს?.. არა, ორი სჯობია!.. კი, - ორი მინდა სწორედ!

ორი - სიცოცხლის წყაროა, ერთი ბუდე აქვს ორს...

სინათლეც ორთავ თვალისა გაედევნება შორეთს

და მაინც სადღაც იპოვის თავის მეორეს - სწორს...


ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... სახე ყოვლისა ტანის...

უცნაური და უთქმელი... სასოება და ხსნა...

ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა დათრგუნვად მე სატანის,

თუკი, უბრალოდ, კარგია, და... არაფერი სხვა...


მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, რა გასაქანი მივცე?..

ირგვლივ სუსხია... ზამთარი უკვე მომადგა კარს...

ხომ არ სჯობს, დავწვა, რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,

თუ - ამ გაძარცულ ტოტებში გავასაუბრო ქარს?


2009



შეუცნობელი, იდუმალი საწუთრო ბრუნავს,

ღმერთი აშენებს, დაანგრია სატანამ რაიც...

ჰო, ბოროტებას სიკეთე სძლევს, სიკეთე თრგუნავს,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც.


ღვინო ღვინოა, რამდენი რამ უმისოდ გვათრობს,

რა შეედრება იმ განწყობებს, იმ ღვთიურ ხალისს...

ჰო, სიხარული ჩვენთანაა, ჩვენს გულებს ათბობს,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც.


ღამდება, ვატყობ, და თანდათან ჩამოდის ბინდი,

და სინანულით ვეგებები გარდუვალ დაისს...

ჰო, სიცოცხლეო, კარგი იყავ, და ვამბობ - ღირდი,

ხანდახან მაინც,

               ზოგჯერ მაინც,

                              დროდადრო მაინც...


2010



რაც რაიმე გვიშრომია,

მიწად, ნაცრად ქმნილ არს...

სულ მწარეა, სულ შხამია

საღამოც და დილაც.


რაც რაიმე გვინატრია,

დაგვრჩა ნატვრად მხოლოდ...

გვირაბის წინ სინათლეა,

სიბნელეა ბოლოს.


სულ ფუჭია, სულ ფარსია,

სულ ჭირი და ქატო...

მაგრამ მაინც... ლამაზია...

მაგრამ მაინც... გმადლობთ...


2010


რაღაც სხვა


გული გამძლეა,

          ის არაა სუსტი, სნეული, -

არც „ამღვრეული“,

          არც „დამწვარი“,

                    არც „დამსხვრეული“.


სულ ცარიელი სიტყვებია - მერე რამდენი -

„გულგატეხილი“,

          „გულმოკლული“

                    თუ „გულნატკენი“.


ჰო, უცნაური ეს ცხოვრება ტანჯვის ზღვა არი.

გული გამძლეა.

          რაც ვერ უძლებს, რაღაც სხვა არი.


2010





ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს


რა ქვა ვიხალოთ? რა ვიღონოთ

წავიდეთ სადა? -

სამშობლოსათვის

კათოლიკედ თავი სცნო საბამ...


რა ხელი ჰქონდა ინგილო ქალს

ერეკლეს ქუდთან? -

არც მეფე იყო ბედნიერი,

არც მეფეს სურდა...


ყაენის კარზე

რას უქადდა, იცოდა, მისვლა, -

მეფე დემეტრემ თავი დადო,

ქვეყანა იხსნა...


და ასე შემდეგ..

და სხვა... და სხვა...

და ასე მუდამ...

მეტს აღარაფერს გაგახსენებთ. -

დავდუმდე უნდა...


2010







ჩემი ოცდამეერთე


ჩემი ოცდამეერთე: წინ - უცნობი შორეთი,

ჩემი წილი, ახალი გრძელი ათასწლეულის,

ბოლო, უკანასკნელი ამოსუნთქვა პოეტის, -

სასტიკ მეოცისაგან ძლივ-ძლივ თავდაღწეულის.


ჩემი ოცდამეერთე: შემოდგომის ფერებით

მოჩითული ცხოვრების ბოლო აღმართ-დაღმართი...…

დაგმანული კარიბჭე იდუმალი მშვენების,

და ბოლო გაჩერება დაქანცული საათის.


ჰო, ეს ჩემი ხვედრია, - ჩემი ოცდამეერთე,

ათი წელი - ახალი გრძელი ათასწლეულის,

ჰო, ეს ჩემი ბედია ერთი ჩუმი პოეტის,

უდაბნოში ამაო მღაღადებლად ქცეულის.


2010




ანა კალანდაძე


მახსოვს, როდესაც პირველად

მე წავიკითხე ანა,

რა შუქმა შემომანათა,

რა უნაზესმა ცამა!


რა კდემა იყო, რა კრძალვა,

რა სინატიფე ზენა!

რა სათნოების ზღვა იყო,

რა ვარსკვლავების ცვენა!


რა ბროლი იყო, რა ლალი,

რა ბადახში და მინა!..

დღესაც თვალებს მჭრის,

იმ წიგნმა

ისეთი შუქი მფინა.


2011





ცხოვრება დები იშხნელებისა


სცენაზე ანგელოსები,

თუ გოგონები იდგნენ? -

ცრემლი სდიოდა აკაკის,

ისე კარგები იყვნენ!

მის ლამაზ ლექსებს მღეროდნენ,

ბულბულებივით ხმობდნენ,

მღეროდნენ, მაგრამ მორცხვობდნენ, -

მგოსნის წინაშე კრთოდნენ...


მერე, როდესაც სასტიკი

ქარტეხილები ჰქუხდნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ,

თუმც ჰგლოვობდნენ და სწუხდნენ.

მერე, როდესაც ავსულნი

ქვეყანას სისხლში ჰბანდნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ, -

სევდიან ფრესკებს ჰგვანდნენ.


წყვდიადში ნათელ-სხიობდნენ

და სანთლებივით ენთნენ,

მოდიოდნენ და მღეროდნენ, -

წყლულებს მალამოდ ედვნენ.

მოდიოდნენ და მღეროდნენ,

და... ამაყები იყვნენ!…

მერე გარდავლეს სოფელი

და - სანთლებივით მიქრნენ.


2011



ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება


ზურაბზე წვერი მოვუშვი... მერე - დავტოვე ასე.

მითხრეს: არ შეიძლებაო, - შეწუხდებაო იქ!

ვთქვი: ჩემი წვერის მოშვება იქ იმოქმედებს რაზე? -

დაეჭვებული მივყევი სინანულსა და ფიქრს.


ეჰ, ნეტავ წვერის მოშვება მართლა შველოდეს რამეს!

რა შეუძლია სინანულს? რა შეუძლია წვერს? -

იგი წავიდა. აქ დარჩა აღუსრულები საქმე...

იგი წავიდა... კაცის ბედს ბედის მწერალი წერს...


2011



მამიდა


არა, მძიმე ბავშვობის გახსენებაც არ მინდა,

მაგრამ... რადგან თვით უკუნს სულ პატარა სხივიც შლის,

მე ვიგონებ ჩემს გამზრდელს, ჩემს საყვარელ მამიდას.

(რობაქიძის - გრიგოლის მკვიდრ მამიდაშვილისშვილს).


წლები იყო სასტიკი, ცხოვრება - უმძიმესი,

მაგრამ მაინც - მამიდას მზრუნველობით გამთბარი:

ჭადი გაფიცხებული, დაწობილი მარილზე,

და ძილის წინ - ლამაზი „ტოტ-იაშოს“ ზღაპარი...


არ უვლია სკოლაში, - პირობები არ ჰქონდა, -

წერა-კითხვას ძლივს ფლობდა, კეთილი და ალალი,

ბავშვებს გვეფერებოდა... ნაღვლიანად ამბობდა:

„ჩემისთანა საწყალი ხეში მატლი არ არი...“


ჩუმი სევდით სტანჯავდა უიღბლობაც თავისი, -

ავ ხალხს გამოჰქცეოდა - ქმარს და აშარ დედამთილს...

და ცხოვრობდა ისევ აქ, მამისეულ კერაზე,

და გვივლიდა ძმისშვილებს დილით-დაღამებამდის.


მერე ხელი სხვამ თხოვა, (უკვე - კარგმა ბიძიამ!), -

ქვრივი იყო, სამოცის, შვილიშვილთა პატრონი...

წაიყვანა მამიდა და მიჰგვარა მისიანთ,

მერე ცალკე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ მარტონი.


ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, სტუმრები უხაროდათ,

მეც ვსტუმრობდი, ვლხინობდით მე და მისი ქმარიკო...

ჩემი კარგი მამიდა იქ სუყველას უყვარდა, -

იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.


ჰკრეფდნენ ყურძენს, უვლიდნენ ძროხებს, წიწილ-ვარიებს...

კარგი იყო მამიდა - დედის, ბებოს ნაცვალიც...

რაც კი ჰქონდათ, გასცემდნენ, მოჰმადლოდათ ორივეს

სიკეთის ქმნა - ამქვეყნად ულეველი საგძალი.


ასე განვლეს ცხოვრების ოცდაათი მათ წელი...

მერე ქმარმა დასტოვა, - სული ზეცამ წარიღო...

მერე წაჰყვა მამიდაც, სიყვარულით მოცული...

იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.


2011



ქართველ ემიგრანტებს


ჰო, თქვენ მანდ ხართ, მანდ ცხოვრობთ, -  

                                                  აწყობილ სამყაროში,

მანდ ქალაქიც კარგია და სოფლის იდილიაც...

აქ - ყველაფერს ჰყიდიან! იყიდება ნამუსიც...

თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?


მანდ წყნარია ხმაურიც, მანდ ხიბლი აქვს ქაოსსაც...

აქ - ჩონგურის სიმებიც უღმერთოდ აშლილია...

აქ - აღარ კითხულობენ ღვთიურ „ვეფხისტყაოსანს“...

თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?


ალბათ ხშირად დამტკბარხართ წარმატებით, დიდებით...

ალბათ ასეც მომხდარა, - უგზო-უკვლოდ გივლიათ...

ალბათ ზოგჯერ ფანჯრის წინ უნებურად რინდდებით...

ჰო... მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია.


2011







       თუ გახსოვს შენ?

          

          რუსლან ღონღაძის ხსოვნას


„თუ გახსოვს შენ - თეთრი ვარდების ბაღი“? -

რუსლანის სიმღერა - სევდიანი და ლაღი?*


თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, - ამაყი, ახოვანი?

მომლხენი, მოყვარული, უზადო იერ-სახოვანი?


თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, მუდამ იმედით მაცქერალი?

ერთგული ერისშვილი, რეჟისორი და მწერალი?


თუ გახსოვს შენ, - მისი გიორგი, უსაყვარლესი პირმშო ვაჟი?

სიმართლისათვის  თავგანწირული, 

                                             გმირად შერაცხული უკრაინაში?


მისი სიკვდილის არ მომსწრები,  

                                            რუსლანიც უდროოდ წასული?

მისი ლამაზი ცხოვრების მოულოდნელი დასასრული?


თუ გახსოვს შენ, - მის საფლავთან მდგარი მწუხარე ხალხი?

თუ გახსოვს შენ,  რუსლანის სიმღერა - 

                                             „თეთრი ვარდების ბაღი“?


„თეთრი ვარდების ბაღი, სად სიყვარულის დიოდა დღენი“?

თუ გახსოვს შენ, რუსლანი - კაი ყმა,  რუსლანი - ჩვენი?


"ცისფერი მთები

და მწვანე მდელო, 

ყვითელი ზვინი, 

თაკარა მზე, -

თუ გახსოვს შენ?

თუ გახსოვს შენ?"


2011










  შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი


1982 წელი იყო. ლიტერატურის მუზეუმში

გურამ რჩეულიშვილის, ფილიპე ბერიძის,  

ყარამან კიკვიძის და შოთა ჩანტლაძის ხსოვნის 

საღამო გაიმართა... ამ დროისათვის შოთა ჩანტლაძის 

ერთადერთი მომცრო პოეტური კრებული იყო           

გამოქვეყნებული და ორიოდე საჟურნალო პუბლიკაცია, 

ისიც სიკვდილის შემდეგ...


შოთას ხსოვნის საღამოზე მორიდებით გამოვედი,

წრფელად დავახასიათე, როგორც კაცი და პოეტი.


მომიწონეს, ტაში დაჰკრეს, მადლობა და ქება მითხრეს;

წიგნიც რამე მისახსოვრეს; „იცნობდიო შოთას?“ - მკითხეს.


არ ვიცნობდი; - მეგობართა გადმოცემით გავიცანი,

რომელთათვის პოეტი და კაცი იყო საფიცარი.


საბჭოური იდგა ჟამი, - ჟამი სუკ-ის და ცეკასი,

იმ ყიამეთს აბრწყინებდა თურმე შოთას მასტერ-კლასი.


ბაღში უნივერსიტეტის ჯგროდ ახლდნენო მოწაფენი, -

მისი ლექსის მწარე რითმის, წრფელი სიტყვის მოწადენი.


ჰო, დრო იყო საბჭოური, უძრაობა გაგანია...

პოეზიის გენერლებიც მიიმალნენ რა ხანია...


რაც ხდებოდა, ისევ მოხდა: მოკვდა კაცი და დაფასდა...

ახლა მისი წიგნთა-წიგნი იბეჭდება დასტა-დასტა.


მაგრამ დარჩა  სინანულად დიდი პოეტი და კაცი,

მისი წიგნი - მისი განძი, მისი ბაღის მასტერ-კლასი.


2011



 ჩიტები ცაში კვდებიან


ჩიტები ცის შვილებია

და ფრთებად ცის ნაჭრები აქვთ,

ჩიტები ცაში კვდებიან

და მკვდარნიც ცაში რჩებიან,

ცის მოყვარული გული აქვთ,

ცით მობერილი გონი აქვთ,

ჩიტები ცაში კვდებიან...

ასე მსურს... ასე მგონია...


2011











   70 წელი

  ხუმრობისებური


დაუკარ, ჩემო ჩანგურო,

ამაიღე ხმაო, -

სამოცდაათს მივადექი,

ეხლა რაღა ვქნაო?


შენ რას მეტყვი, მეგობარო,

ძმობილო თუ ძმაო?

შენ, მიხვეულ-მოხვეულო,

სად მიგყავარ, გზაო?


შენ სად მიხმობ, სად მეძახი,

იდუმალო ხმაო?

შენ რას დაჰფლავ, რას დაჰფარავ,

მძიმე, ცივო ქვაო?.. 


დაუკარ, ჩემო ჩანგურო,

ამაიღე ხმაო, 

სამოცდაათს მივადექი, -

ახლო არის ხსნაო...


2011






ზინა კვერენჩხილაძე

         მცირე მოგონება


მარჯანიშვილის ხიდზე

       გადავდიოდი ერთხელ,

ქალი შევნიშნე ერთი

       ხიდის იქითა თავში,

მოჰქონდა კარგა დიდი

       ორკაპიანი ჯოხი,

და თეთრი, გრძელი  შარფი

       უფრიალებდა ქარში.


დამინახა და უცებ

       მაღლა შემართა ჯოხი,

მემუქრებოდა, ხელით

       ყელზე იხვევდა შარფსაც.

ვიფიქრე: „აი, შარი!

       ვაითუ კიდეც მომცხოს!“ -

და დავაპირე ხიდის

       იქეთ-მხარეზე გაცლა.


მაგრამ ვიცანი უცებ:

       ღმერთო!  - ეს იყო ზინა!

კვერენჩხილაძე! - დიდი

       მსახიობი და ბავშვი!

ჯოხს მიღერებდა, თანაც

       იღიმებოდა თბილად,

და მხიარული სხივი

       უთამაშებდა თვალში.


მე მივესალმე კრძალვით...

       მიმიხვდა - კითხვა მსურდა, -

რისთვის მიჰქონდა ჯოხი

       ასე ამაყად, ლაღად?

„ეს ჯოხი, ჩემო კარგო,

       დარისპანისთვის მინდა,

აქამდე - შეშა იყო,

       ახლა - სცენაზე ნახავთ...“


...ასეთი იყო ზინა, -

       უბრალოცა და დიდიც...

(დმანისელთათვის იგი

       მაშინ „დარისპანს“ დგამდა);

თვალს აყოლებდა ხალხი

       სიყვარულით და რიდით, -

მარჯანიშვილის ხიდი

       ერთწამს დიდ სცენას ჰგავდა.


2012



ჭამე, სანჩო!

  

„- ჭამე, ჩემო მეგობარო სანჩო, ჭამე, შენს სიცოცხლეს 

ხელი შეუწყვე. შენი სიცოცხლე შენთვის უფრო საჭიროა, 

ვიდრე ჩემთვის ჩემი სიცოცხლე... მე იმისათვის  

გავჩნდი ამქვეყნად, რომ სიკვდილით ვიცოცხლო,  

შენ კი  იმისთვის დაბადებულხარ, პირში ლუკმაგაჩრილი 

მოკვდე.“

                სერვანტესი, „დონ კიხოტი“


მე და ჩემი როსინანტი მზაკვარ ბედზე ვსტირით,

შენ კი ტკბები ამ ცხოვრებით, მარჩენალი ვირით.

გმადლობთ, სანჩო, რომ არსებობ!.. ან რა გითხრა სხვა მე?

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ამქვეყნად სამართალი დავამყარო, მინდა...

თუ მშვიდად ვარ, მხოლოდ შენი აქ ყოფნით ვარ მშვიდად.

თუ რამე მაქვს, მხოლოდ შენი გარჯითა მაქვს რამე...

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ზეციურ დულსინეას ვეძებ სულთქმით, გაჭრით,

შენ - მიწაზე გიდგას ფეხი, უძილობაც არ გჭირს.

მე - დღე ვარდებს შევციცინებ, ვარსკვლავებს ვჭვრეტ ღამე...

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


მე ვაღამებ და ვათენებ საწუთროზე ოხვრით,

შენ - ქვას ქვაზე ალაგებ და აშენებ და თოხნი...

ალალ იყოს ლუკმა შენი!.. მარად იყავნ!.. ამენ!

ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!


2012



წუთისოფელო, დავზავდეთ


ხან ტკბილი იყავ, ხან მწარე,

ხან ჯილდო, ხანაც სასჯელი...

წუთისოფელო, დავზავდეთ, -

არც შენი იყოს, არც ჩემი!


გამოჩნდა ჩემი საძვალე,

სივრცე ორიოდ საჟენი...

ჰო, მე ვერაფრით დაგძალე,

შენც უკვალოდ ვერ წამშალე, -

არც შენი არის, არც ჩემი!


2012


           დ ე დ ა


უზრუნველი ბავშვობა... სიხალისე ულევი...

ქვრივი დედის ალერსი წამოჩიტულ და-ძმის...

გიმნაზია... ცეკვები... გართობები... ბალები...

მამის დანატოვარი - ოქრო-ვერცხლი... განძი...


მაგრამ - უცებ დაბნელდა: ჯოჯოხეთმა წითელმა

უზრუნველი ბავშვობა უმოწყალოდ მოჰკლა, -

მამის განძი წარსტაცეს, გადაჯიჯგნეს ოჯახი...

და - დასრულდა ლამაზი ფოქსტროტი და პოლკაც...


მერე - ფეხზე დადგომა... სტუდენტობა... თბილისი...

(მეგობარი ძვირფასი - ლაზარიდი ანი)...

ესეც წარსულს მიჰბარდა... დარჩა ქმარი... წვრილშვილი...

ჭაპანწყვეტა სოფლური... სიღატაკე ლამის...


სახლში - დედის, სკოლაში - მასწავლებლის ჭაპანი,

დღიურები... წიგნები... გზა სკოლისკენ დილით...

მერე - ცეცხლთან, ბუხრის წინ, - რვეულები... აკვანი...

კეცზე - ჭადი დამწვარი... ნასესხები ფქვილი...


ჰო, დიოდნენ მტანჯველი, ნაცრისფერი დღეები...

არ გახუნდა წარსული, არც ოცნება მოკვდა...

გვასწავლიდა ჩვენც ზოგჯერ, დაკოჟრილი ხელებით,

ბავშვობაში  შეწყვეტილ ფოქსტროტსა და პოლკას...


დრო დიოდა... როგორღაც დავფრთიანდით შვილები,

დავიფანტეთ, ჩვენ-ჩვენი მიმოვძებნეთ გზები...

მის გულში კი ბავშვობა მაინც ფეთქდა იდუმლად, -

გიმნაზია... ცეკვები... უზრუნველი წლები...


მერე - დადგა სიბერე, - საბოლოოდ მსახვრალი...

მერე - სული მოიცვა უცნაურმა ლტოლვამ...

და დასრულდა ხილვებში, გულის ბოლო ფართქალით,  

შორს, წარსულში შემწყდარი ფოქსტროტი და პოლკა.


2012




 


რა ვიცი!                     

   

ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება  

ხოლმე, „რა ვიცი“ აღარ გამაგონო, ყოველთვის 

„ვიცი“ თქვიო.


სულ პირზე მადგას „რა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -

ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!


რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;

რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;


რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;

რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;


რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;

რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;


რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..

ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...


2013




განადგურებული

ლექსი სტალინზე


თერთმეტი წლის ვიყავი, -

              უმეცარი ჩერჩეტი, -

ხალხთა დიდი ბელადი

              სტალინი რომ მოკვდა,

ყველა ისე სტიროდა,

                თითქოს ჩაჰკლეს იმედი!

თითქოს კაცობრიობის

                კატასტროფა მოხდა!


მეც დავწერე, რეგვენმა,

               ლექსნი გულმდუღარენი,

რომ ის იყო უდრეკი,

               კლდე ვითარცა სალი!

რომ უმისოდ ამქვეყნად

               რაღა გაგვახარებდა!

რომ სულ გვეხსომებოდი,

               საყვარელო სტალინ!


ათი წელი გავიდა...

              ჩემს დას გადაენახა,

სიამაყით მაჩვენა,

              როგორც რამე განძი;

წამსვე მივხი-მოვხიე,

              გადვირიე კინაღამ,

ნაცარტუტად ვაქციე,

              უმოწყალოდ დავწვი.


ახლა ვნანობ... იგი ხომ

              მთელი გრძნობით დავწერე,

როგორც ხალხის ნაწილმა,

              არა შტერმა ხიხომ...

ახლა ვნანობ... სამხილი

              რა უჭკუოდ გავწირე! –

ის ხომ დროის ხატი და

              ისტორია იყო...


2013



P.S. (ისევ ათი წლის მერე)

(ხუმრობისებური)


გავხდით თავისუფალი... 

მერე წლები გავიდა...

ვნახე ხელისუფლება - 

              ერთი... ორი... სამი...

სიკარგეში არ ჰგავდნენ,

                სიცუდეში კი ჰგავდნენ 

ცუდშიც,  კარგშიც გენიოსს - 

                ქართველ კობას, სტალინს.


და, ასე ვთქვათ, საქმენი 

               მისნი გადავაფასე, -

ცუდშიც, კარგშიც სხვებს სჯობდა, 

               ცოცხალიც და მკვდარიც...


და რა ლექსიც დავწერე 

               იმ სამხილის დაწვაზე - 

ისიც დროის ხატი და 

               ისტორია არის...


2023






ჰო, ეს საქართველოა


ჰო, ეს საქართველოა, -

          მხარე გასაოცარი:

თვისტომს - ეკლით ჯიჯგნიან,

          სხვისთვის - ვარდებს ჰკრეფენ...

ყველა ბრძენთა-ბრძენია,

          ყველა მგოსანთ-მგოსანი,

ყველა მებრძოლთ-მებრძოლი,

          ყველა მეფეთ-მეფე...


ჰო, ეს  საქართველოა, -

          სულ არ ფიქრობს ხვალისთვის,

ისე ფლანგავს თავის განძს,

          ლალს, ბადახშს თუ მინას…

ისე თრგუნავს თავის თავს,

          ისე კორტნის თავის ღვიძლს, -

შაჰ-აბასსაც, ჩინგისსაც

          უშფოთველად სძინავს.


2014




საწუთროს სამდურავი



ეჰ, რამდენი დაგვიგროვდა

          საწუხარი, სათქმელი...

არ გვიმართლებს იმედები,

          არც სჭრის სანთელ-საკმელი;

ხან - გვღალატობს მეგობარი,

          ხან - გული და ხან - თვალი;

ხმა დაჰკარგეს ბულბულებმა, -

          ფრენენ ყრანტალ-ყრანტალით;

გულის სითბო გარდიკარგა

          ცხრა გორაკს თუ ბორცვს იქით,

დახეიბრდა სიყვარული,

          დადის ბორძიკ-ბორძიკით;

მბრძანებლებად გადაიქცნენ

          მამონათა მონები...


ეჰ. რა ვუთხრა ამ საწუთროს, -

სისხლს გვწოვს დაგემოვნებით.


2014




სიხარულის ლექსის ბალადა

ხუმრობისებური


       ბ-ნმა გურამ სოსელიამ მირჩია, - სევდა-ნაღველს

       მოეშვი, მხოლოდ სიხარულზე და სიყვარულზე წერეო.

                                                                               

მეგობარმა მირჩია, -

               სიხარულზე ვწერო,

სიყვარულზე ვიმღერო,

               წყალობაზე ცის...

სული დავაიმედო,

               გული დავაჯერო,

რომ სიცოცხლე კარგია!

               რომ ცხოვრება ღირს!


დავჯე წერად... გავრინდდი... 

               ფრთა ავიღე ბატის...

ლამაზ რითმებს მოვუხმე,

               მეტაფორებს ღრმას...

შევურიე სტრიქონებს

               შარბათი და ყანდი,

ყვავილების სურნელი,

               ბულბულების ხმა!..


და დავწერე ზენარი

               სიხარულის ოდა,

სიყვარულის ოსანა,

               შესხმა-ხოტბა მზის...

ყოველ სტრიქონს

               ციური ელვარება ჰქონდა,

ყოველ რითმას -

               სურნელი სათნოების ზღვის...

                            

და შემოკრბენ ყოველგნით

               ნადირნი და თევზნი,

წყლით ქვანიცა გამოსხდნენ

               და მფრინველნი სხვა...

ისმენდიან, დაბნდიან

               ხელთუქმნელი ლექსით...

გავამაყდი,

               მომიცვა ნეტარების ზღვამ...


...


უცებ... გამომაღვიძეს:

               „ჩქარა ადე  ზეო!

დენი გადაგიჭრესო!

               ვალი გაქვსო წყლის!..“


ჩემო გურამ,

               აბა რა სიხარულზე  ვწერო,

რომელ სიყვარულზე და

                წყალობაზე ცის?


2014



„ვითაამ?“


სტუდენტური მოგონება

                              ვუძღვნი ომარ ტყაბლაძეს


იდგა მახინჯი დრო საბჭოური,

          უჭკვოდ, უაზროდ მკაცრი,

იდევნებოდა ოდნავ სხვაგვარიც

          სიტყვა, საქმე თუ აზრი.


ეჰ, გვასწავლიდნენ რამდენ სიბრიყვეს,

          რამდენ ბრუნდსა თუ მართალს!..

განსაკუთრებით თავგადაკლული

          ერთი ლექტორი გვყავდა.


ერთ დღეს, როდესაც გვიქადაგებდა,

          ავშენდებითო მალე,

დამყარდებაო კეთილდღეობა,

          ზეგ კი არაო, ხვალე,


უსმენდა მშვიდად ჩვენი ომარი,

          მოხდენილი და ზრდილი,

კაი ბუნების, კაი განწყობის,

          კაი ოჯახის შვილი.


უსმინა ამ ჩვენს ენამჭევრ ლექტორს,

          არც დაახანა დიდხანს,

და შორაპნული კილო-კავურით

          წამოიძახა: „ვითაამ?“


აბა, იქ იყო მაშინ სიცილი!..

          ლექტორს ელდისგან დასცხა,

წახთა, დეიბნა, ენა დაება,

          თლათ დეიკარქა საცხა...


…ახლა, საკმაოდ ხანში შესულნი,

          ვზივართ, ტელე-ყუთს ვუმზერთ, -

გვიჟღურტულებენ ტკბილ მომავალზე,

          მალამოს გვცხებენ გულზე...


არჩევნებია... ყველა გვატყუებს

          ალბათ გაჩენის დღიდან...

არჩევნებია... ვუსმენთ, ვიცინით,

          და გვახსენდება: „ვითაამ?“


2014



მაწანწალა


სადაური სით მოსულა,

          ქუჩის პირას წასწრებია ძილი...

ნეტავ, თუ ჰყავს ან მშობელი,

           ან მოკეთე... მახლობელი... შვილი?..


სადაური სით მოსულა,

          არყით არის, თუ წუხილით, მთვრალი?

სუნთქავს, ფეთქავს, - ცოცხალია,

          თუმცა, იქნებ, უჯობს, იყოს მკვდარი?


სადაური სით მოსულა,

          სადით, ვისით აღმოფხვრია ძირი?

წუთისოფლის ლექი არის,

          თუ შექსპირის ტრაგედიის გმირი?


2014








ლეგენდა ჩემს გვარზე


              ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ

         განუკურნავს დავით აღმაშენებელი ავშანდაძის

        (აბჟანდაძის) გვარის კაცს, გადმოცემულია

        მე-15 საუკუნეში განახლებულ, დავით

        აღმაშენებლის დროინდელ ე. წ. „ავშანდაძის

        სიგელში“.

              

რა ლამაზი ლეგენდაა!

               სიამაყით მავსებს! -

ჩემი გვარის წინაპარი

               მოქცეულა ასე:


ერთხელ თურმე დავით მეფე

               გელათს სტუმრებია,

გალავნიდან გადახედვა

               მოუსურვებია;

მერე, ალბათ, უცაბედად,

               ფეხი დასცდენია,

დაბლა ჩამოვარდნილა და

               სიპ ქვას დასცემია;

დიდ მეფეს დაშავებია

               ღვთაებრივი ტანი,

ბევრსა ცდილან, ვერ უნახავთ

               განკურნების გზანი.


მაგრამ მერე გამოსულა

               ერთი ვინმე ბრძენი,

კრძალვით უთქვამს - მე ვიციო

               მკურნალობა ძველი:

ირმის რძეში განბანაო

               მეფეს გადაარჩენს,

ვილოცოთო მეფისათვის,

               ვავედროთო გამჩენს...


ერთ კაცს, გვარად ავშანდაძეს,

               ჯოგი ჰყოლებია, -

ირმის ჯოგი, - წუთით არცკი

               დაუყოვნებია,

მოუღია რძე მეფისთვის

               სიყვარულით, კრძალვით,

მორჩენილა მართლაც მეფე

               მშვენიერი წამლით:


დიდი მეფე ირმის რძეში

               უბანავებიათ,

ნება-ნება სულ ჩვილივით

               უნანავებიათ...


მეფეს ავშანდაძისათვის

               მადლი მიუძღვნია,

და სწორედ ის მამულები

               მისთვის მიუცია,

სადაც დღესაც, იმის შემდეგ,

               ცხოვრობს ჩვენი გვარი, -

იმ ბედნიერ ავშანდაძის

               მოდგმა-მონაგარი...


ჰო, ლამაზი ლეგენდაა! -

               სიამაყით მავსებს!..

თუმც, ცხადია, უფალს ვმადლობთ,

               ვიდრე ავშანდაძეს...


2014






მგელი


ერთ ჩემს ზღაპარში,

ერთ ჩვეულებრივ დღეს,

ბალახის ძოვა დავაწყებინე

მგელს.


მგელს, რა თქმა უნდა,

არ მოეწონა ეს,

არ მოეწონა

და გზას დაადგა ძველს.


და მსუქან ცხვარზე

ისევ ოცნებობს დღეს,

თუმც ეჭვიანად

ზოგჯერ ბალახსაც წყვეტს...


...


ჰე, ღმერთო, მგლობა

შეუნარჩუნე მგელს!..

ღმერთო, ულხინე

გამგონებელს და მთქმელს!


2014




ორი ლექსი სიმბაზე


1. სიმბა


        სიმბა – მხატვარ დათო ხიდაშელის სერბერნარი

          

სიმბა - ჩვენი საყვარელი, დახატული სერბერნარი,

მშვენიერი დრუნჩ-პირით და ღონიერი თათებით,

ძაღლი კია, მაგრამ მაინც არის რაღაც-სხვანაირი,

სხვანაირად საზრიანი, სხვანაირად გამგები.


სიმბა ადრე თავის პირველ პატრონს მიუტოვებია...

რა მწარეა ეს ღალატი ძაღლისთვის (გინდ კაცისთვის)!

სიმბას ისე ნაღვლიანი, მრავლისმთქმელი თვალები აქვს,

რომ გიცქერის, თითქოს რაღაც დანაშაულს განიცდი.


სიმბა დინჯი, ფიქრიანი, გულწრფელი და ერთგულია,

(კაცს ვინა ჰყავს ძაღლისთანა მეგობარი მარადი?)

თან საბრალოდ ჭკვიანია, თან უჭკუოდ კეთილია, -

თითქოს ადამიანია, უიმედოდ ნანატრი.


2011



2. სიმბა მოკვდა

          

სიმბა მოკვდა,

მისი დღენი გათავდა და გაილია,

იქ დამარხეს,

სად ცხოველთა დასამარხი ადგილია, –

ერთ გორაკზე, უდაბურზე,

სადღაც – ზეცის სიახლოვეს,

ბუჩქებს შორის,

სად ჩიტები გალობენ და ფრთხიალობენ.

იქ დამარხეს, ბუჩქებს შორის...

თეთრი შურით ვითრგუნები, –

სიმბა მოკვდა,

მის საფლავზე ფრთხიალობენ ჩიტუნები.


2014







ბალადა ბატონი გურამის

ახალ რჩევაზე

            ხუმრობისებური


ბრძენ ბატონ გურამს ყოველთვის

          უყვარს რჩევების გაცემა,

(რჩევის გაცემას რა უნდა?

          მიღება არის ძნელი!).

მე მის რჩევათა პასუხად

          დამჩემდა ლექსთა დაწერა,

და უკვე ბევრიც დავწერე,

          ხან მოკლე, ხანაც გრძელი.


ბოლოს ბატის ფრთამ მიმტყუვნა,

          (მუზა ჩემზე თუ განრისხდა!),

ვერ შევძელ ლექსთა მორევში

          მშვიდად ჩაშვება ღუზის,

ხან ლექსის თემა ვერ ვპოვე...

          ხანაც რითმები გამისხლტა...

და ბატონ გურამს მივადექ

          ისევ ძებნაში მუზის:


„ბატონო გურამ, რჩევები

          რომ მომცეთ, მისთვის მოვედი,

ურჩევოდ ლექსებს ვეღარ ვწერ

          და აღარც მუზა მომდის;

მე თქვენი ბრძნული რჩევების

          ვარ გამლექსველი პოეტი,

ვარ თქვენი კარის მგოსანი,

          თქვენი შემსხმელი ხოტბის.


 რა ფრთა გავშალო ოცნების?

          რა გზას დავადგე? - მირჩიეთ!

დავდივარ ქვეყნად, ვითარცა

          გზააბნეული მგზავრი;

ჩემი ცხოვრება

          მინდორში  აგორებული გირჩია,

არ მივის ცოლი და შვილი,

          არ მაქვს სახლი და კარი.  

     

ციცქნა ბინა მაქვს, იმაშიც

          წყალი ჩამოსდის სახურავს,

(ჰო, დიდხანს წყალიც არ მქონდა,

          არც ცივი, არცა ცხელი),

არ მაქვს არც ჭკუვა, არც გონი,

          არც ფული, არც სამსახური,

არა მყავს არცა პატრონი,

          რომ მიჯიკავოს ხელი.


ვინ მოთვლის, ამ ქვეყანაზე

          რა უგზო-უკვლოდ მივლია!

რამდენი აზრი მომსვლია,

          ჭეშმარიტი თუ მცდარი...

 ვის დავუჯერო? - ჩემსავ თავს?

          თუ ნიცშეს? თუ ჩვენს ილიას?

რომელ პარტიას მივენდო?

          ვის დავუჭირო მხარი?


ამქვეყნის ორომტრიალში

          რა გული დამიმშვიდდება?

არა, საშველი არ არის

          და არც იქნება, მგონი!..       

ბატონო გურამ, ეჭვი მაქვს, -

          იმდენი რჩევა მჭირდება,

რომ გამომივა ლექსების

          ვეებერთელა ტომი...“


ბრძენმა ბატონმა გურამმა

          სათნო ღიმილით მისმინა,

მერე თვალები მოწკურა,

          ჭეშმარიტების მკვესი:

„ეჰ, ჩემო ანზორ, რა გითხრა? -

          გირჩევ, მიადგე ბიძინას!

თუ რამე გამოგივიდა,

          რა ჩემ ყ-დ გინდა ლექსი?“              


2015  



სამოცდათხუთმეტი

ხუმრობისებური


აჰა, შენც მოხვედი,

                   მსუბუქო სიმძიმევ, -

სამოცდათხუთმეტო წელო!

გიხსენებ

                 ხან მწარე, ხან ტკბილო სიცილო,

ხან მწარე, ხან ტკბილო ცრემლო...


კვლავ მინდა, ამ უკუნ მზიანეთს ვუყურო...

იმ მარადს 

                   ეს მიჯობს ბინა...

რის ბინა! -

                   ბუნაგი!.. სენაკი!.. ფუღურო!..   

სადაც ვსვამ, ლექსებს ვწერ, მძინავს...


რის ბინა! -

                  საკნის და ზეცის სიმბიოზი!..          

უზღუდო ოცნების ზღუდე!..

ფიქრების საძვალე!.. დარდების ოფისი!..

ყვავის თუ ბულბულის ბუდე!..


რაც არის, ეს არის!..

                   ხენეშიც, სპეტაკიც, -

ბევრი რამ მიმყვება დარდად...

და ვნანობ: 

                  მთავრდება ცხოვრების სპექტაკლი!..

აბა, მარშ!.. –

ეშვება ფარდა!..


2016




77 წელი

ხუმრობისებური


აჰა, ორი შვიდიანიც!

რა დროს პანაშვიდი არის, -

          ერთი შვიდიც მელოდება კიდევ!..

კვლავ მსურს ქვეყნად ხეტიალი...

მაგრამ ის ოხერ-ტიალი

          ცრუ საწუთრო უკვე წითელს მინთებს. 


აჰა, ორი შვიდიანიც!

სული ისე მშვიდი არის,

          თითქოს წინ მაქვს კიდევ ორი შვიდი...

(ისე, ეჭვი კი გამიჩნდა:

რაღაც ცუდად შემომიჩნდა

          ეს ოხერი სიტყვა „პანაშვიდი“).


აჰა, ორი შვიდიანიც!

რა დროს პანაშვიდი არის? -

          სამი-ოთხი შვიდი მინდა კიდევ!..


მო, რქა მომე ღვინიანი -

იქნებ ბოლო ლხინი არი! -

          და უფლის წილ სანთელს მომიკიდე...


2018







ქება ენჯეოებს

ხუმრობისებური


            „ცხოვრება ცირკია“ - ხალხური გამონათქვამი.


უჰ, რამდენი ენჯეოა, ამერია თავგზა, -

დასაცავს თუ არ-დასაცავს, ყველასა ჰყავს დაცვა:


ვინ - ქალს იცავს, ვინ - ელჯიბიტს, იეღოველს, შავებს,

მასაც - ვინც არას აშავებს, მასაც - ვინც აშავებს:


ვინ - პატიმარს, ვინ - ნარკომანს, ვინ - კურდღელს და მხეცსაც,

ვინ - მცენარეს, ვინ - მცონარეს, პატიოსანს, მეძავს...


უჰ, მეძავზე გამახსენდა! - რად არ გვახსოვს გველი? -

პლასტიური, მისტიური, დაკლაკნილი, ჭრელი?


სირცხვილია, - ის საბრალო ჯერ არ დაგვიცვია, -

სახეზეა ბულინგი და დისკრიმინაცია:


რად არგუნეს იმ საცოდავს საუკუნო წყევა? -

სულ ჭორი და ტყუილია, რომ აცდუნა ევა!


ქალს ვერასგზით აცდუნებდა გველი, ჩემის ფიქრით, -

ქალი ისე მაცდურია, გველს აცდუნებს იქით...


ერთი სიტყვით, აწ ვაარსებ მე ენჯეოს - ასეთს:

„ვიცავ გველებს“!- და ცირკის წინ გიწვევთ აქციაზე!


2018







  ჰე, ღმერთო ერთო...

   


ჰე, ღმერთო ერთო, რომელმან ესე სამყარო შეჰქმენ,

დაგვლოცე, ანუ დალოცე გზა, მომავალი შენკენ;


დაგვლოცე, ანუ  დაგვტუქსე - აღარ ვიაროთ მრუდედ,

რაც გინდ სატანამ გვაცდუნოს, კვლავ შენს წიაღში ვბრუნდეთ.


გზა ჭეშმარიტი შენს ცდომილ ქმნილებებს აპოვიე,

მოთმენის და არმოთმენის ღვთიური ნიჭი მიე. 


არ დაგიჯეროთ, - სიკეთის გარდმოგვიჭირე სახრე,

სულ სიყვარულით დაგვსაჯე, სულ სათნოებით გვსახვრე.


ჰე, ღმერთო ერთო, რომელმან ესე სამყარო შეჰქმენ,

განგვაძლიერე, დაგვლოცე, გზა გაგვიკვლიე შენკენ.


2019






ვედრება საქართველოსთვის

ღმრთისა მიმართ


ღმერთო, შენი საქართველო მიჯნურია, -

შმაგობს, ხელობს, გაჭრილია ველად,

დაჭრილია, გულში ლახვარ-გაჩრილია,

სისხლის ცრემლს ღვრის...

               გონთ არ არის...

                                   ღელავს...


ნუ გაკიცხავ, ნუ მოუვლენ მძიმე სასჯელს, 

თუ ვერ მისდევს შენს ღვთაებრივ სიტყვას,

აპატიე, - 

                არა უწყის, რასა სჩადის, -

შენ ხომ შენი საქართველო გიყვარს.


ჰო, უფალო, მიჯნურია საქართველო,

სისხლის ცრემლს ღვრის...

                გონთ არ არის...

                                  ღელავს...

დაუყვავე, აარიდე განსაცდელი,

ხელქმნილ მიჯნურს ვერ ასწავლი ვერას! 


2020




რას გვემართლება საწუთრო?


რას გვემართლება საწუთრო, რა გვჭირს მართლა და მართლა?

მტერს მოყვარეში რად ვურევთ, მწიკვლს რად მივიჩნევთ მადლად?


ყვავს რატომ ჰბაძავს ბულბული, არწივი ჭიუხს რად თმობს?

მდედრი მამრობას, მამრი კი მდედრობას რატომ ნატრობს?


სულით მახინჯი რად ჩრდილავს სულით მშვენიერ მზექალს?

შხამს თაფლის გემო რატომ აქვს, ვარდის ხავერდი - ეკალს?..


...რა ამაოდ ვსვამ ამ კითხვებს! პასუხს სად ვპოვებ ნეტა?

რომელ წერილში სწერია, რომელ ჩინს ქვასა ზედა?


2020




გამოთხოვება ცხენებთან 


სხვა დრო დადგა: კაცთა მოდგმას სხვა ვნებები ათრობს... 

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო! -


უხსოვარ დროს გამოგტაცეს თქვენს მშობლიურ სტეპებს,

და გმოსავდათ სიყვარულით მონაცა და მეფეც.


და თქვენც ამოდ მსახურებდით ორთავ - ყმას და ბატონს...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო.


შავო ცხენო, როსინანტო, მერანო თუ შავრავ,

ხიბლი ახლდა საოცარი თქვენს ბიბინა ფაფარს.


ერთგულების შუქი გფენდათ, სილამაზე გჭირდათ...

იყო ასეც, - მეფე თავის სამეფოში გცვლიდათ.


აწ შეგცვალათ თვითმფრინავმა, რაკეტამ თუ ავტომ...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო.


გიღალატათ კაცთა მოდგმამ და წარგკვეთათ ფრთები,

და ამ გონჯი საწუთროდან მიდიხართ და ჰქრებით...


მალე უგრძნობ პიედესტალს შემორჩებით მარტო...

ჰე, ცხენებო, სიყვარული არ ყოფილა სანდო...


2020




სამოცდაცხრამეტი

ხუმრობისებური


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

წლებს ვჩივი - განა დავბერდი!

მო, კიდევ ერთხელ დავლიოთ,

თასი ამივსეთ „მწვანეთი“.


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

ვერც აქ ვძლებ, ვერც იქ წავედი;

აქ ხომ მწარეა ცხოვრება,

არც იქ იქნება კანფეტი...


აჰა, სამოცდაცხრამეტი...

ერთია იქეთ-აქეთი...


კაი, დავრჩები პაწა ხანს, -

რა ვქნა, არა მაქვს გზა მეტი...


2020







                 ●

რა გვინდოდა? რას ველოდით?

                რად ვე-რქა-გრე-ხი-ლე-ბო-დით

ბუნებას და სამყაროს და უფალს?

რას ველტვოდით? 

               რად დავტოვეთ გზა, რომელსაც მივყვებოდით,

 და გავყევით გზას უცნობს და უვალს?..


დილით მზე „ამოდიოდა“, საღამოს კი „ჩადიოდა“,

დავდიოდით ურმითა თუ ცხენით.

წერილებიც თვიდან თვემდე ძლივ-ძლივობით მოგვდიოდა,

ვსასოობდით იმედით და რწმენით. 


ბუნებასთან თანხმობა და ჰარმონია გვქონდა სრული...

ბეჩავ ხარს ვათრევინებდით გუთანს...

არა გვქონდა რაკეტა და ინტერნეტი, მაგრამ სული,

სული გვქონდა ჯანსაღი და სუფთა...


რა გვინდოდა? რას ველოდით?

                     რად ვე-რქა-გრე-ხი-ლე-ბო-დით

ბუნებას და სამყაროს და უფალს?

რას ვერჩოდით, - 

                      ყოფილიყო დედამიწა ისევ ბრტყელი!..

სამწუხაროდ - მრგვალია და ბრუნავს...


2020 



მგზავრული არსაით


დაჰფარფატებს მსოფლიოს სატანური აჩრდილი:

სიკვდილს ებრძვის ზნეობა, შიგ გულშია დაჭრილი;


შეშლილ თავისუფლებას აუწყვიტავს აღვირი; 

სძულს მოწაფეს მოძღვარი; მგლისკენ მირბის ნახირი; 


გზა დაებნა სიყვარულს; ეჭვით კვდება მიჯნური;

ბულბულს ვარდი შესძულდა... ჟამი დადგა გიჟური...


ცისქვეშეთი აივსო ბიწით, ბოღმით, ფლიდობით...

. . .

ზესტაფონო, გშორდებით, 

შორს მივდივართ, მშვიდობით!


2020





უფრო სწორად

ხუმრობისებური


საიდუმლოდ გეტყვით, თუმცა

ჩემზე უკეთ იცით, -

ქვეყნად სუფევს სათნოება,

უფროს სწორად - ბიწი;


ნეტარებით აღსავსეა

ბოროტების ბუდე...

სამართალი მართლად დავალს,

უფრო სწორად - მრუდედ...


ჰო, სიძულვილს სიკეთე შობს, 

სიყვარულს კი - შიში...

მადლის მქმნელი ჭკვიანია,

უფრო სწორად - გიჟი;


ახლა, როცა დრო განვლიე

და დასასრულს ველი, -

ყველაფერი ნათელია!

უფრო სწორად - ბნელი...


2020





ეჰ, ხანი მემატება,

იმედები - მაკლდება!


ის წლები მენატრება,

ჩიტის ფრთებს რომ ვნატრობდი,

ყველაფერს რომ ვდარდობდი,

ის წლები მედარდება.


ის წლები მენატრება,

ტკბილ-მწარედ დაფერილი.

ჩიტივით გაფრენილი,

ის წლები მედარდება...


ჩიტი ხელში მაკვდება.

იმედები მაკლდება.


2021





ხუმრობისებური


ბედ-იღბალს რომ ვუჩიოდით,

ბედ-იღბალი არ ყოფილა;

შემთხვევით რომ გავჩნდით ქვეყნად,

შემთხვევითი არ ყოფილა;


შემთხვევითი არ ყოფილა,

მე რომ მე ვარ, შენ რომ შენ ხარ,

მე რომ ჯოჯოხეთში წავალ,

შენ რომ სამოთხეში შეხვალ...


ჰო, ამბობენ - ვის რა ელის,

ბედისმწერელს უწერია...

(სიზმრად ვნახე - ის ნაწერი

ცარიელი ფურცელია).


2021





ჩემი არამეცნიერული ლექსიკონი

(ხუმრობისებური)


1. ნატვრა


ნატვრა - ოცნების ქვესახეობაა.

ნატვრა - ფრთამოტეხილი იმედია.

ნატვრა - შორს გადაკარგული აღტაცებაა.


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი გულგრილად სწერია:

„ნატვრა - დიდი სურვილი რისამე“.


2. სითბო


სითბო - გულის იდუმალი თვისებაა.

სითბო - სიძულვილის ჯალათია.

სითბო - ანტი სიკვდილია.


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი ცივად სწერია:

„სითბო - საშუალო ტემპერატურა სიცივესა და სიცხეს შორის“.



3. ჩიტი


ჩიტი - არსებაა, რომელიც

აჰკენკავს მიწაზე დაყრილ ნამცეცებს,

მერე აფრინდება და ხის ტოტზე დასკუპდება.

ხანდახან თავის დარდსა და სიხარულს ამოიჭიკჭიკებს.


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი მშრალად სწერია:

„ჩიტი - პატარა გარეული ფრინველი.“



4. ცხოვრება


ცხოვრება - ვისთვის მამა-ბიძინაა, 

ვისთვის - დედა-გიული.


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი ბუნდოვნად სწერია:

„ცხოვრება - არსებობა, სიცოცხლე.“



5. ბრძენი


ბრძენი - ბრძნულად განვმარტე:


"აი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

პატარა შვილიკოთი... 


რა შეიძლება იყოს ამქვეყნად 

ამაზე მშვენიერი?" –


ჰკითხეს ბრძენს.


მისი პასუხი ვერ გავიგონე.

ალბათ რაღაც სისულელე თქვა."


აი, ასე განვმარტე...


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი არაბრძნულად სწერია:

"ბრძენი - დიდი ჭკუის, დიდი ცოდნისა და 

გამოცდილების მქონე."



6. ლომი

ლომი - უძლეველი ნადირია, რომელსაც ტარიელი კატასავით ხოცავდა. ("ვით კატასა, ვხოცდი ლომსა.")


-----

მეცნიერულ ლექსიკონში კი ლომი  ჩამოკატებულია: 

"ლომი - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის."



7. დუმილი


დუმილი - გალობით დაღლილი ბულბულის 

გედის სიმღერაა.


---

მეცნიერულ ლექსიკონში კი 

არაფრისმთქმელი სიტყვები სწერია:

„დუმილი -  ჩუმად ყოფნა, არაფრის თქმა.“



8. ორჯერ ორი

ორჯერ ორი ხანდახან ოთხია.

----

მეცნიერულ გამრავლების ტაბულაში კი მტკიცედ სწერია:


2 Х 2 = 4

2021-24






ქარი


როდის ყოფილა ბედნიერება მყარი?

ქარის მოტანილს ისევ წაიღებს ქარი...


ბედნიერება დადის უფსკრულის პირზე...

ქარს მოაქვს იგი,

მერე ქარს მიაქვს ისევ.


მიჰქრის სიცოცხლეც, ბედაურივით ჩქარი...

ქარის მოტანილს ისევ წაიღებს ქარი.


ქარს წუთისოფლის მიკიბ-მოკიბულ გზაზე 

იმედიც მოაქვს  

და მერე ისევ გვტაცებს...


დავდივარ, როგორც გზააბნეული მგზავრი...

საით გავსწიო, 

საით გაფრინდა ქარი?


2022





ამაო სარჩელი


ბევრსა ვცდილობდით, ბევრსა ვწვალობდით, 

თუ რამ გვაქვს, მხოლოდ უფლის წყალობით,

არა ეშმასთან მაწანწალობით...

       მაგრამ ერთი გვაქვს ყველას სასჯელი:

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


ეშმა გვაცდუნებს, ღმერთი გვარიგებს,

სასუფევლისთვის გვათადარიგებს,

იგია ცოდვა-მადლის განმრიგე

       და ერთმანეთზე გადამჯაჭველი...

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


გავჩნდით, - უფალმა ასე ინება!

გვმართებს ართმენაც და მოთმინებაც...

მაგრამ ფუჭია გულმოდგინება,

       ამაო არის ყოვლი სარჩელი, -

       ერთნაირი გვაქვს ყველას სასჯელი:

გინდ ქოხი გვქონდეს, გინდ ცათამბჯენი,

ამქვეყნად არვინ არ ვართ დამრჩენი.


2022







ბალადა ლექსსა და ღვინოზე

ხუმრობისებური


ერთმა პოეტმა მირჩია: 

                    „თუ ხარ ნამდვილი პოეტი,

შეძლებ ყოველთვის მიუძღვნა 

                    ლექსი ყოველგვარ თემას..."

მწარედ დავეჭვდი... მეგონა - 

                    და დღემდეც ამ გზით მოვედი, -

ლექსს მუზა მაწერინებდა, 

                     და სულ ველოდი მე მას.


დავჯექი წერად... გავრინდდი... 

                    შუბლზე მივიწყვე თითები,

მერე კი ლეპტოპს დავაცხრი - 

                     ბატის ფრთით წერის ნაცვლად;

ვეძებე მეტაფორები, 

                    რითმების მარგალიტები...

მაგრამ არც თემა, არც ლექსი 

                    არა, არ ჩანდა არსად.


ვიწვალე, ტვინი ვიჭყლიტე, 

                    დავწერე ვერც ვერაფერი,

ერთი სტრიქონიც არ გაკრთა 

                    არც გულში, არცა თავში.

საშველად ბახუსს მივმართე, 

                    ცოტათი კიდეც შევთვერი,

არ გამოვიდა აფერი, 

                     მართლაც ამაოდ დავშვრი.

ამაოდ  დავშვრი... დავჭმუნდი... 

                    მერე კი ასე განვსაჯე:

არა, არა ვარ პოეტი, 

                     ცოცხალი ვარ თუ მკვდარი...

ჯერ ლექსებს დავემშვიდობე, 

                    დაწერილსა თუ დასაწერს,

მერე კი უხმოდ ვიტირე 

                    მშრალი ცრემლების ღვარით.

ჰო, ასე იყო... ღვთიური 

                    ლექსი ვერა და ვერ ვშობე...

მო, მუზავ, ისევ შენ მოდი, 

                    შენ ჩემო ჩიტო-გვრიტო!

ისევ შენ დაგელოდები! 

                     ტვინის ჭყლეტას კი აჯობებს,

რომ ღვთაებრივი ქვევრისთვის 

                    ყურძნის მტევნები ვჭყლიტო!

2022







ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს


                                                  "ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს..."

                                                                                             აკაკი


ილია თუ აკაკი თუ შოთა...

რაოდენი მოწიწება გვქონდა...

ყველაფერი ფარსი გახდა დღეს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


აირია მსოფლიოც და ერიც,

არ დაინდეს წმინდა არაფერი,

ვეღარ ვარჩევთ მოყვარეს და მტერს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


ვაგლახ, - ბულბულს აღარ უყვარს ვარდი, 

მწარე გახდა შარბათი და ყანდი,

          ვჭვრეტთ შარბათში შხამს და ვარდში გველს...

          ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.

 სიყვარული გიზგიზებდა გულში,

 ღმერთს ვესავდით და ვმონებდით გუშინ,

გიჟი თავისუფალია დღეს...

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს.


2022







მადლობა ნანის

(ხუმრობისებური)


ვუძღვნი ნანი (ნუნუ) ცხადაძეს - 

ჩემი მეგობრის - ომარ ტყაბლაძის მეუღლეს.


პოლიტიკაში ვრჩებოდი 

გულუბრყვილო და ხამი,

რომ არა ომარ-ბატონის სათნო მეუღლე ნანი.


ეს ასე მოხდა: 

მიშამ რომ ხელში ჩაიგდო ტახტი,

მე გამეხარდა უზომოდ, მისი მეხოტბე გავხდი.


ნანი აღშფოთდა: 

"როგორ თუ მოგწონს ეგ გარეწარი,

უსინდისობას ვინ ჩივის, გადარეულიც არი!.."


მე ვუპასუხე: 

"რა მოხდა, გიჟი თუა და ანცი,

ნახავ, დრო მოვა, ქვეყნისთვის ალბათ თავს დადებს კაცი..."


გავიდა ხანი... 

ვესტუმრე ნანის, მოვკაკვე თითი,

ვუთხარი: 

"პოლიტიკაში შტერი ვყოფილვარ დიდი.


იმ გიჟმა ამ ჩვენს ქვეყანას ლამის მოუღოს ბოლო...

გპირდები, აწ და მარადის შენ დაგიჯერებ მხოლოდ!


ახლა კი მე და ომარჩიკს, გთხოვ, სუფრა გაგვიშალე,

და ყანწით, უშველებელით, შენს სადღეგრძელოს დავლევ..."


მადლობა ნანის! -

მეფური სუფრა გაგვიწყო ჩქარა,

და მე და ომარ-ბატონმა წავუქეიფეთ წყნარად...


2022




მცირე ეპოპეა  ვაჩნაძიანში


(მოგონება სევდანარევი ღიმილით)


   1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში გაჩაღებული 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, სამწუხაროდ, 

გამოირჩეოდა ეროვნულ ძალებს შორის მწვავე დაპირისპირებით.

დაპირისპირების ცენტრში, უმთავრესად, ილია ჭავჭავაძის 

საზოგადოება იყო (ამ საზოგადოების წევრი ვიყავი).

    1989 წლის ზაფხულში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აქტიურმა 

წევრმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა ვაჩნაძიანში მიგვიწვია. 

მიწვეულთა შორის იყვნენ მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. 

    ეს ლექსი ვაჩნაძიანში მომხდარ ინციდენტს ეძღვნება. 


დგებოდა ჟამი ეროვნული გამოღვიძების, -

თავისუფლების,- საუკუნო მიზნის მიღწევის...

იყვნენ ოცნების აღსრულებით ფრთაშესხმულები, 

ერის წყლულებთან არად უჩნდათ თავის წყლულები...


მაგრამ მათ შორის  - იუდასთან ნაზიარებნიც 

                                 იყვნენ მრავალნი - ავყიები, ავზნიანები...

ყველაზე მეტად ჩვენ გვხვდებოდა მათგან ტალახი,

მაგრამ ვითმენდით, - ჭირი გვქონდა გარდასალახი...

ზოგჯერ გაზეთით ვპასუხობდით ენამჭევრები, 

მაგრამ ამაოდ, - ენამყრალებს ვერ ვაჩერებდით.


გვმოძღვრავდა მერაბ: "ჩემო ძმებო, უნდა მენდოთო, -

ცილისმწამებლებს ცხვირში მუშტი უნდა ბეთქოთო,

როცა არა სჭრის მოთმინება, შეგონებაო,

სხვა გზა არა გაქვთ... დაიჯერეთ ჩემი მცნებაო..."


ჩვენ პატივს ვცემდით მის ამაყ და ნათელ გონებას

და... ხუმრობაში გადაგვქონდა ეს შეგონება!..


...ერთხელ, ზაფხულში, მიგვიწვიეს ვაჩნაძიანში,

იყო მიტინგი, გალაღება ხალხის წიაღში...

მერე კი სუფრა გაგვიშალეს, მეფურ-ზღაპრული,

უხვი კახური პურმარილით გადაყათრული! 

თამადად დადგა დინჯი თენგიზ მოსემღვდლიშვილი,

ენამზიანი, ღვთისნიერი, სიბრძნე-მისჯილი...


გაჩაღდა ლხინი... მაგრამ ერთი გამოერია

მასპინძელთ შორის, ალბათ ღვინოც თუ მოერია,

ძველ, კომუნისტურ ნაავკაცარს ჰგავდა ჩინოსანს,

მან უზრდელური სიტყვა ჰკადრა ჩვენს მანდილოსანს...

აჩერებდნენ და არ გაჩერდა... წამოდგა ზურა

და თავხედს ცხვირში მუშტი ხეთქა მამაპაპურად...


სუფრა, ცხადია, აირია... აღშფოთდა მერაბ,

ზურაზე გაწყრა, - რა ხდებოდა, ვერ მიხვდა ჯერა.

მერე აუხსნეს, ყველაფერი გააგებინეს, -

ზურას კიცხვაზე უმალ ხელიც ააღებინეს...


და სთქვა მერაბმან: "როგორც იქნა, დამიჯერეთო, -

საცემს სცემეთო!.. საკმარისი არის ჯერეთო!

თუ სიტყვა არ სჭრის, მუშტი უნდა გაისარჯოსო!

გამოღვიძებას, ძმებო, თქვენსას, გაუმარჯოსო!.."


...ჰო, დავუჯერეთ ჩვენს ბრძენ მერაბს ბოლოს და ბოლოს:

თუ სიტყვა არ სჭრის, სათქმელს ამბობს იქ მუშტი მხოლოდ...


მერე დავგეგმეთ: მასპინძლის და ღვთის შემწეობით,

ყოველ წელს, ამ დღეს, ვაჩნაძიანს ისევ ვწვეოდით...


მაგრამ, ვაი რომ, ჩაგვისაფრდა ბედი ვერაგი:

სამი თვის შემდეგ დაგვეღუპა ჩვენი მერაბი...

მას მიჰყვა ზურა, - ჭავჭავაძის გვარის სანთელი...

რამდენი რამე გაიყოლეს საქმე, სათქმელი...

იღვაწეს... იყვნენ ერის განძნი და საუნჯენი, 

კაცნი მართალნი და ზნეობის დიდი ბურჯები!


2022



ვერ გავუგეთ ვერაფერი

          (ხუმრობისებური)


          "ჩემი ცოდვამც მისცემია

          ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!"

                    დავით გურამიშვილი


ვერ გავუგეთ ვერაფერი

წუთისოფლის ბრუნდს და მართალს:

რა წაღმაა, რა უკუღმა;

ვინ რას მუხთლობს, ვინ რას ხლართავს...


მტერი მოყვრად მიგვაჩნია,

მოყვრის სიყვარული არ გვაქვს... 

ტვინი გვაქვს და, - ჭკუა არ გვაქვს,

ჭკუა გვაქვს და, - აზრი არ გვაქვს.  


ფუტკარი გვყავს, - თაფლი არ გვაქვს,

სანთელი გვაქვს, - ხატი არ გვაქვს.

ბუხარი გვაქვს, - შეშა არ გვაქვს,

შეშა გვაქვს, - ასანთი არ გვაქვს.     


თუ ფული გვაქვს, - გული არ გვაქვს,

თუ გული გვაქვს, - ფული არ გვაქვს...

თუ ღვინო გვაქვს, - დარდი არ გვაქვს,

თუ დარდი გვაქვს, - ღვინო არ გვაქვს...


სხვის დაკრულზე დავჯირითებთ, -

ვინ სად სთესავს, ვინ სად ჰბარავს...

ზეცა ლაჟვარდისფერი გვაქვს,

მაგრამ სულ ღრუბელი ჰფარავს.


ტკბილ ნანინას გვიმღერიან,

მწარე სინამდვილე გვზარავს...

ჩვენი ცოდვამც მისცემია

ჩვენს ამამთხრელს, ამამბზარავს!


2023



შე ბედშავო, შე საწყალო,

საქართველოს მიწა-წყალო,

რა მოგელის, ამ საშინელ

განსაცდელებს გადამწყდარო?

რა მოგელის, მშობლიურო

მდინარევ თუ მთაგრეხილო?

ხან ზეცისკენ ატყორცნილო,

ხან ზეციდან დამეხილო?

რა მოგელის, საქართველოვ,

მხნეო, არა თავდახრილო? 

ხან სიხარულს შემსკდარო და

ხან ვაებას გადაყრილო?

ხან მტრედივით უსუსურო,

ხან დიდ ჭირშიც უვნებელო?

მაგრამ მუდამ - დარდ-ვარამის 

ლხინად შემომბრუნებელო?


2023



"საბჭოთა კავშირს მისტირით?" - ხშირად გაგონილი ფრაზა.


(ხუმრობისებური)


ის - არ მოგვწონდა...

ვებრძოდით...

ვინ მოელოდა უარესს?

ჩვენ იმათ გადავუარეთ,

ამათ ჩვენ გადაგვიარეს...


თამაში მორჩა, დასრულდა...

გაიჭრა ყველა კოზირი...

თამაში მორჩა... 

წავაგეთ...

კი არ მივსტირით, 

მოვსტირით...


2023



(ხუმრობისებური)


ჩემო ნუგო, ჩემო თენგო, ჩემო თომა,

დღეს სამშობლო აღარ არის ლექსის თემა.


ლექსის თემა უკვე სხვაა, სხვა - რაც გინდა,

სხვა სახატე, სხვა წმინდა თუ არაწმინდა... 


ჩემო ინა, ჩემო თინა, ჩემო ემა,

დღეს სამშობლო აღარ არის ლექსის თემა...


2023




აჰა, ოთხმოცდაორი!

(ხუმრობისებური)


აჰა, ოთხმოცდაორი...

რა მელის? - ზეცა შორი,

თუ სამართალი მიწის,

ბარის ტარივით სწორი?..


აჰა, ოთხმოცდაორი... 

დასკვნა მივიღე მყარი:     

მიამიტია ყველა

ამ წუთისოფლის მყვარი;  


საწუთრო არის შარი,

ახლობელი კი - შორი,

ცხოვრება არის ჭირი,

ბედნიერება - ჭორი...   


აჰა, ოთხმოცდაორი...

კითხვები - ბარეორი  

იქ მიმაქვს, სადაც ყველა

პასუხი არის სწორი...

...

აჰა, ოთხმოცდაორი, -

ცა ახლოვდება შორი...


2023




ბრავო ლაშა შარუხიას


ჯოზეფ ბორელი: "ევროპა ბაღია... დანარჩენი მსოფლიო -

 ჯუნგლები.."


ბრავო ლაშა შარუხიას,

ქება ლაშა შარუხიას,

ამპარტავან ევროპელთა 

ის დროშა რომ ჩამოხია!

          ამაყია შარუხია!


დახევა არ უკმარნია, -

დაუწვავს და დაუფერფლავს,

ის ცოდვილი ვარსკვლავები

სულმთლად ცეცხლში შთაუყრია!

          ამაყია შარუხია!


ევრო-ბრიყვებს მისთვის ციხის

საკნის კარი ჩაუკეტავთ...

მას კი თავისუფლებისთვის

გულის კარი გაუღია!

          ამაყია შარუხია!


2023




იწვიან  ევროპის დროშები!

ჯოზეფ ბორელი: "ევროპა ბაღია.... დანარჩენი მსოფლიო -

ჯუნგლები."


ლაშა შარუხიას მხარდასაჭერად ევროკავშირის დროშებს

მასობრივად წვავდნენ,


რის ტოლერანტობა, რა ჰომოფობია? -

სნეულ ბაღს ჯანმრთელი ჯუნგლები სჯობია...

          მუსიე! - ჩვენ დიდი პარდონი!..

აქ ჩვენი სახლია! ეს ღმერთმა ინება!

არა გვსურს არც ერთი ბატონის მონობა, -

          ჩვენვე ვართ ჩვენივე პატრონი!


თურმე, ნუ იტყვით და, ჩვენ ვართ  მოძალადე,

არადა, აქეთ გვჩრით თქვენს ევრო-პარადებს,

          სანაცვლოდ ცოდვილი გროშების!..

გაგვიქრა იმედი თქვენი - არაღირსთა!..

ევროპავ, გაფრთხილდი, - ქართველი განრისხდა!..

           იწვიან ევროპის დროშები!


რწმენა გვაქვს ქრისტესი, ურღვევი, უცვლელი,

მიწა გვაქვს სამოთხის, ენა გვაქვს რუსთველის, 

          დიახ,  ვფლობთ ელექსირს მხნეობის!

თქვენ, სულით მახინჯნო, თქვენ, ჭკუით საწყალნო,

თქვენ, თავად უვიცნო, რა  უნდა გვასწავლოთ? 

          თქვენა ხართ მკვლელები ზნეობის! 


თქვენ გინდათ, ჩვენს  დედებს შვილები წაჰგვაროთ,          

ოჯახის მამები ციხეში ჩაჰყაროთ...

          მოგვბეზრდა ეგ თქვენი როშვები...

წაიღეთ ეგ თქვენი  გენდერი, სექსიზმი,

თქვენი კანონები, თქვენი ფემინიზმი!..

          იწვიან ევროპის დროშები!


თქვენ გამოგვიყენეთ, - მწარედ მოგვატყუეთ, 

დრო დაგვაკარგვინეთ, მთლად უკან დაგვხიეთ...

           მოსისხლე მტრებივით იქცევით!                 

მტერი და მოყვარე თქვენ აგვარევინეთ,

სისხლი და ცრემლები თქვენ დაგვაღვრევინეთ...

          ახლა კი შორიდან გვიცქერით...


რის ტოლერანტობა, რა ჰომოფობია?

სნეულ ბაღს ჯანმრთელი ჯუნგლები სჯობია!..

          ავად ვართ? - უთქვენოდ მოვრჩებით!..

არ დაგემონებით თქვენ - სულით ფაშისტთა!..

ევროპავ, გაფრთხილდი: ქართველი განრისხდა!.. 

          იწვიან ევროპის დროშები!


2023


უნაყოფო ყვავილები

ლამაზია გაზაფხული... ლამაზია...

გარეშემო ყვავილების ჯარია...

მაგრამ მათში უნაყოფო ყვავილები

რად მრავლობენ, რად ამდენნი არიან?


რა ფასი აქვთ, რა მისია აკისრიათ 

ცისქვეშეთის ღვთიურ სიდიადეში?..


ლამაზია გაზაფხული, ლამაზია -

უნაყოფო ყვავილების  კაეშნით...


2024








მე და ჩემი ძმა


(ლექსი-დუეტი, დაწერილია ექსპრომტად 

ზურაბ კალანდაძის და ანზორ აბჟანდაძის მიერ)


          ზ. კ.

ნანას უმღერს წამს ნიავი,

ჩიტი უწყობს ხმას,

ჩვენი სახლის აივნიდან 

ყველაფერი ჩანს.


          ა. ა.

ჩანს ვარდიც და ჩანს ეკალიც,

ჩანს ბინდიც და მზეც,

ჩანს მარადი საფიქრალით

მიწურვილი დღეც.


          ზ. კ.

წელთა ჯარი სინდისს იცავს

კაბადონზე ცის, -

თითოეულ ლურჯა ცხენზე

თითო წელი ზის.


          ა. ა.

თითო წელი თითო გულზე

თითოს სტოვებს ბზარს...

მაგრამ მაინც ზეცას ვუცქერთ,

მაგრამ მაინც გვწამს.


          ზ. კ.

ისევ ჟღერს და ისევ ზეობს

ტკბილქართული ხმა...

აივნიდან ვიმზირებით

მე და ჩემი ძმა.


2010






შ ი ნ ა ა რ ს ი


ოთხმოცი ფუთი მარილი

● როცა წვიმდა...

● დიდო ნაღველო...

● მე გაოცებით...

● გაუგებარი და იდუმალი...

უხმოდ ნატირალი

● მე მიმატოვა...

● დაჰკლეს ქათამი...

● ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება...

ხენეში ეჭვი

● ბევრი რამ იყო გაუგებარი...

● თვალთ რომ შემაშრა...

● მეცნიერები ნუ გვიწყენენ და...

ინტელექტუალური კომედია

● ის ნებიერი ბედნიერება...

● მას სურს...

● როგორც ნაძვის ხე...

● ვერ მოვიხელთე...

● არ ბერდება სულის მშვენება...

ფრაგმენტი

● რამდენ დანაკარგს...

დამთმე, სევდავ

ქება ბავშვის თვალებს

ძველებური დარდიანი

● ბრწყინავს ალმასი...

● ეს სოფელი სამსალაა...

● შევეგუები შენს დაკარგვას...

ანალიზი

ფიროსმანი

●დავალ, დავბზუი...

● ადვილია შენი შეყვარება...

● ვაი, კრულო ბედისწერავ...

ხუმრობა ჯონის საყვარელ თემაზე

● აღარ ვუცქერ...

ქება ჩიტს

სინანული

ქება უიმედობას

საქართველოვ

არ ვემდურები ბედს

მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს

ხუთი ლექსის ბალადა

● შეუცნობელი, იდუმალი...

● რაც რაიმე გვიშრომია...

რაღაც სხვა

ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს

ჩემი ოცდამეერთე

ანა კალანდაძე

ცხოვრება დები იშხნელებისა

ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება

მამიდა

ქართველ ემიგრანტებს

თუ გახსოვს შენ

შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი

ჩიტები ცაში კვდებიან

70 წელი

ზინა კვერენჩხილაძე

ჭამე, სანჩო!

წუთისოფელო, დავზავდეთ

დედა

რა ვიცი

განადგურებული ლექსი სტალინზე

ჰო, ეს საქართველოა

საწუთროს სამდურავი

სიხარულის ლექსის ბალადა

"ვითაამ?"

მაწანწალა

ლეგენდა ჩემს გვარზე

მგელი

ორი ლექსი სიმბაზე

     1. სიმბა

     2. სიმბა მოკვდა

ბალადა ბატონი გურამის ახალ რჩევაზე

სამოცდათხუთმეტი

77 წელი

ქება ენჯეოებს

ჰე, ღმერთო ერთო

ვედრება საქართველოსათვის ღმრთისა მიმართ

რას გვემართლება საწუთრო?

გამოთხოვება ცხენებთან

სამოცდაცხრამეტი

● რა გვინდოდა...

მგზავრული არსაით

უფრო სწორად

● ეჰ, ხანი მემატება...

● ბედ-იღბალს რომ ვუჩიოდით...

ჩემი არამენიერული ლექსიკონი

     1. ნატვრა

     2.სითბო

     3. ჩიტი

     4. ცხოვრება

     5. დუმილი

ქარი

ამაო სარჩელი

ბალადა ლექსსა და ღვინოზე

ხელოვნება აღარ ითხოვს მსხვერპლს

მადლობა ნანის

მცირე ეპოპეა ვაჩნაძიანში

ვერ გავუგეთ ვერაფერი

●შე ბედშავო...

● "საბჭოთა კავშირს მისტირით?"

● ჩემო ნუგო...

აჰა, ოთხმოცდაორი

ბრავო ლაშა შარუხიას

იწვიან ევროპის დროშები

ლამაზია გაზაფხული

მე და ჩემი ძმა





ყდის უკანა მხარეზე


ანზორ აბჟანდაძე - პოეტი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. 

გამოქვეყნებული აქვს:

ლექსების კრებულები: „ქება ჩიტს“, „მე და ჩემი ძმა“, „აჰა, ინებეთ“, „თქვენ სულ აქა ხართ“, „ჩემი რჩეული“, "ჩიტი ხელში მაკვდება". 

რუსთველოლოგიური ნაშრომები: „ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი“, „ვეფხისტყაოსანი შენთან ერთად“. 

თარგმანები: 

ნიკოლაი გოგოლის, ლეონიდ ანდრეევის, ვასილ შუკშინის, რიუნოსკე აკუტაგავას, ანრი ბერგსონის, კლოდ  სიმონის, მო იენის, ვიქტორ ეროფეევის პროზაული ნაწარმოებები; 

ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ნიკოლაი რერიხის, ევგენი ევტუშენკოს, ბულატ ოკუჯავას, იოსიფ ბროდსკის და სხვათა ლექსები. 


პუბლიცისტიკა: "ვთქვათ გალობანი სინანულისანი". 

თეატრმცოდნეობა: "დმანისის თეატრი".