რუსეთმა მხარი დაუჭირა სეპარატიზმს ჩვენს ქვეყანაში და მიითვისა ჩვენი ტერიტორიების 22%, სადაც დღეს რუსული სამხედრო ბაზები დგას და ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება.
თურქეთმა, სომხეთმა და აზერიბაიჯანმაც ასევე მიისაკუთრა ჩვენი მიწები.
არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ არ აჟღერებენ ამ ყველაფერს ჩვენი მედასავლეთე პოლიტიკოსები და მედიები?
იმიტომ, რომ შეერთებული შტატები არ არის დაპირისპირებული თურქეთთან, სომხეთთან და აზერიბაიჯანთან, შეერთებული შტატები დაპირისპირებულია რუსეთთან და სწორედ რუსეთის გინებაში იხდის აქ ფულს.
რატომ არ ვამბობთ იმას, რომ თურქეთი იყო არის და ყოველთვის იქნება საქართველოს დაუძინებელი მტერი? რატომ არ ვამბობთ იმას, რომ რომ არა ანგლო-საქსების წინააღმდეგობა სტალინი თურქეთს გააწითლებდა და ტაო-კლარჯეთს დაუბრუნებდა საქართველოს?
იმიტომ, რომ ავტორიტარული თურქეთი დღეს ნატოს წევრია და პროდასავლური კურსის მიმდევრებს ამ ყველაფრის თქმა არ აწყობთ, ან იმიტომ აქვთ პირში წყალი ჩაგუბებული, რომ თურქის ფულებზე არიან გაყიდულები.
ჩვენ თავს უნდა დავუსვათ მარტივი კითხვები, გვსურს თუ არა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, ანუ ეს საქართველოს წაადგება თუ დააზარალებს? თუ გვსურს, რატომ გვსურს? გვსურს თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება? თუ გსურთ, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
არსებობს ტერიტორიების დაბრუნების ორი გზა: 1. სამხედრო და 2. დიპლომატიური. სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს.
სამხედრო გზით არავითარი შანსი არ გვაქვს, რადგან ჩვენ მცირერიცხოვანი ჯარი და შეიარაღება გვაქვს, მოსახლეობითაც 50-ჯერ ნაკლები ვართ და, რაც ყველაზე მთავარია, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო და ყოველთვის იქნება. რაც არ უნდა ძლიერი ჯარი გვყავდეს და ბირთვული იარაღიც რომ შევქმნათ, ვერ დავიწყებთ რუსეთთან ომს, რადგან მათაც აქვთ ბირთვული იარაღი და ამ შემთხვევაში გავნადგურდებით ორივე.
ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრებ ხალხს რომც მოვერიოთ, ომი არ უნდა დავუწყოთ, რადგან მათთან ჩვენ გვსურს მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში.
ბოლო 30 წლიანი აბსურდული წარმოდგენები, რომ ნატო დაშლის და გაანადგურებს რუსეთს და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და გავბრწყინდებით, არის ბოდვა. რატომ? იმიტომ, რომ ნატო ვერ დაშლის რუსეთს, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და თუ მისი დაშლისკენ წავიდა პროცესები, იგი გამოიყენებს ამ იარაღს.
ბევრი ამბობს, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა და ტყუილად იჭრება სხვის მიწებზე, რომ რუსეთს სურს ჩვენი დაპყრობა. და მაშინ რატომ არ გვიპყრობს დღეს ბოლომდე? რა გვიცავს? რა აკავებს? ის, რომ ჩვენ ნატოსკენ მივისწრაფვით? უკრაინაც მიისწრაფოდა ნატოსკენ, მაგრამ ნატომ ვერ და არ დაიცვა. ჩვენ რომ ნატოსკენ მივისწრაფვით, ეს არ ავალდებულებს ნატოს, რომ ჩვენ დაგვიცვას. მეტიც, ჩვენ რომ ნატოს წევრი ვიყოთ და რუსეთი შემოიჭრას საქართველოში, ნატო მაინც ვერ/არ დაგვიცავს, რადგან ეს იქნება ბირთვული ომი რუსეთსა და ნატოს შორის, რომელიც ორივე ამ მხარეს გაანადგურებს და საქართველოს გულისთვის ამას არავინ დაუშვებს,
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ნატოს მე-5 პუნქტს. საერთაშორისო სამართლის პრინციპით კი არ იმოქმედებს ნატო, არამედ საკუთარი თვითგადარჩენის ინსტინქტით.
ის, რომ რუსეთი დღეს არ იჭრება ჩვენს ტერიტორიებზე, ნიშნავს იმას, რომ შეიძლებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის ომების თავიდან არიდება.
დავუშვათ, რუსეთი დაიშალა, რა ხდება მაგ შემთხვევაში? დაგვიბრუნდება ჩვენი ტერიტორიები და გავბრწყინდებით? არა. მაგ შემთხვევაში თურქეთი პირდაპირ შეიერთებს საქართველოს და დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას.
ბევრი ამბობს, რომ აზრი არ აქვს რუსეთთან საუბარს, გადაგვაგდებენ. და მაშინ რატომ არსებობს დიპლომატია და მოლაპარაკებები? რატომ სწავლობენ ქართველი სტუდენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე? ანუ რატომ ზრდის ჩვენი ქვეყანა დიპლომატიურ კადრებს? თუ აზრი არ აქვს საუბარს, მოდი ჩვენ დაველაპარაკოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის, და თუ შედეგი მაინც იგივე იქნება, როგორც ვცხოვრობდით, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება.
ბევრი მავნებელი ამბობს, რომ რუსეთს თუ მოუნდა, მაინც შეგვიერთებსო, ჰოდა, ამიტომ არგაღიზიანების პოლიტიკას აზრი არ აქვსო, სინამდვილეში ამით ირიბად ამბობენ, რომ გააღიზიანეთ და შეასკდით რუსებსო. მოდი ჩვენ არ გავაღიზიანოთ და თუ მაინც შეტევაზე გადმოვა, მერე ვიომოთ.
ბევრი ამბობს, რომ რუსეთთან საქართველო მარტო არ უნდა დაჯდეს მაგიდაზე დასავლელებთან ერთად უნდა ელაპარაკოსო. ტყუილია ეს. დასავლეთს არ სურს რუსეთსა და საქართველოს ჰქონდეთ ნორმალური ურთიერთობა და სწორედ ამაში ხარჯავს ამ ქვეყანაში ბოლო 30 წელია მილიონებს. რომც სურდეს, მაინც მარტო უნდა წავიდეთ, რადგან ეს მათ და რუსებს არ ეხებათ, ეს გვეხება ჩვენ და რუსებს. ჩვენზე უკეთ ჩვენს ინტერესს სხვა ვერ და არ დაიცავს.
სანამ დიალოგზე წავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წითელი ხაზები, რაც არ ექვემდებარება ვაჭრობას და რაზე შეგვიძლია ვივაჭროთ.
ბევრი იმასაც ამბობს, ჯერ დაგვიბრუნონ ტერიტორიები და მერე დაველაპარაკოთო, რაც სისულელეა, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.
ზოგი იმასაც ამბობს, თვითონ გადმოდგან პირველი ნაბიჯიო. თავად პირველ ნაბიჯს არ გადმოდგამს, რადგან იგი არაფერს კარგავს, მას აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და არა პირიქით, რომც გადმოდგას, შეერთებული შტატები არ მისცემს საკუთარ კოლონიას რუსეთთან დიალოგის საშუალებას და ყველანაირად ეცდება ამის ჩაშლას.
და რატომ ვერ ხერხდება ჩვენი დიალოგი? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კოლონია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება, ეს უფლება წართმეული გვაქვს ბოლო 30 წელია, გვმართავენ დასავლეთის მიერ აქ დასმული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ინფორმაციას ვიღებთ დასავლეთის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებებიდან, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში დედას აგინებენ რუსეთს, ანუ რუსოფობია მათ აქციეს ფულის შოვნის საშუალებად და თუ საქართველო რუსეთთან დალაგდა, ისინი დარჩებიან ფულის გარეშე. ამიტომ როდესაც ადამიანი ოდნავ სკეპტიკურად შეხედავს პროდასავლურ კურსს, ეს უზრდელი, გაყიდული და იდეოლოგიურად გამოთაყვანებული ნაგავი ეგრევე რუსეთუმედ და კრემლის აგენტად მონათლავს მას. ამიტომ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, რომ ამ თავხედებს ენები დავუმოკლოთ,
ასევე უნდა მივიღოთ კანონი იმის შესახებ, რომ არცერთი გარე ქვეყნიდან არ ხდებოდეს პოლიტიკოსების, მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რადგან გარე ქვეყანები აქ ფულს ხარჯავენ საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ამას აკეთებენ საკუთარი ქვეყნის გამყიდველი ქართველების ხელით.
იმის თქმა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ დავით გარეჯი საქართველოა, რომ ნამოხვან ჰესი არ უნდა აშენდეს, რომ თურქეთიც ოკუპანტია, ამ ყველაფერს რუსულ ნარატივსა და პროპაგანდას ეძახიან. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ნეოლიბერალურ ფაშიზმში, ნეოტოტალიტარულ კოლონიალურ სახელმწიფოში, სადაც კოლონიზატორის მიერ დაწესებული ჩარჩოებიდან გასული მოსაზრება, ითვლება მოღალატეობად, მისი მთქმელი კი მოღალატედ. ამ პროპაგანდამ დაარწმუნა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმ ზღაპრებში, რაც ზემოთ ვახსენე. შეერთებულ შტატებს სურს, რომ საქართველო იყოს მისი გავლენის სფერო და რომ საქართველო იყოს რუსეთთან დაპირისპირებული.
მეორე მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება ჩვენი და რუსების დიალოგი, არის რუსეთში არსებული ლიბერალური ფინანსური ელიტა, რომელსაც ასევე არ აწყობს ჩვენი დიალოგი.
ჩვენი და რუსების დიალოგი ასევე არ აწყობთ რუსეთში მოკალათებულ სომხურ და აზერბაიჯანულ ლობს, რადგან ჩვენ თუ რუსეთთან დავლაგდით, მაშინ იქ გაჩნდება ქართული ლობი, რომელიც მათთან კონკურენციაში იქნება. სომხებს ასევე არ სურთ აფხაზეთში დევნილების დაბრუნება და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, რატომ მოესურვებათ, თავად მოკალათდნენ იქ ბოლო 30 წელია.
ჩემი აზრით, საქართველოში არსებულ რუსოფობიურ პროპაგანდაში შეერთებული შტატების გარდა, ასევე საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. რატომ თურქეთი? იმიტომ, რომ თურქეთი მოიაზრებს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდ, იგი მოგვიაზრებს დიდი თურანის იდეაში, ერდოღანი თვლის რომ აჭარა და მესხეთი მათი ისტორიული მიწებია, რომლებიც ადრე თუ გვიან უნდა დაიბრუნოს, ლექსებს კითხულობს ამ ყველაფერზე. რატომ ხარჯავს აზერბაიჯანი და სომხეთი რუსოფობიურ პროპაგანდაში აქ თანხებს? იმიტომ, რომ თუ საქართველო დალაგდა რუსეთთან და შექმნა ძლიერი არმია, საქართველოს შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზიები საკუთარ ისტორიულ მიწებზე, რომლებიც ბრიტანელთა ბრძანებით მენშევიკებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს გადასცეს 100 წლის წინ. საუბარია ლორე-ტაშირზე სომხეთის შემთხვევაში და გარეჯსა და ჰერეთზე აზერბაიჯანის შემთხვევაში. თუ სომხეთსა და აზერიბაიჯანში მოვიდა ისეთი ხელისუფლებები, რომელთაც დაეძაბებათ ურთიერთობები რუსეთთან, ხოლო საქართველო იქნება სამხედრო ალიანსში რუსეთთან, მაშინ რუსეთი მათ დასჯის და შეატოვებს ქართულ ჯარს, ხოლო საქართველო დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს.
აი, ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. აზერიბაიჯანმა დაალაგა ურთიერთობები რუსეთთან და ასევე თურქეთთან, ამ წლების მანძილზე აძლიერებდა საკუთარ არმიას, ამავდროულად გონივრულად იყენებდა რუსეთში არსებულ აზერბაიჯანულ ლობს, სომხეთში ამ დროს სოროსის ხავერდოვანი რევოლუციით ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური ნიკოლო ფაშინიანი, რომელმაც მოისურვა ნატო-ევროკავშირში ინტეგრაცია, რის შედეგადაც დაეძაბა ურთიერთობები რუსეთთან. რუსეთმა ეს ყველაფერი აღიქვა ღალატად სომხეთის მიერ, რადგან მანამდე სომხეთი იყო რუსეთის სამხედრო მოკავშირე, ღალატისთვის სომხეთი რუსეთმა დასაჯა და აზერბაიჯანს მისცა ნება, ცეცხლი გაეხსნა სომხეთისთვის. სომხეთს ვერ უშველა რუსეთში, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში არსებულმა ფინანსურად ძლიერმა სომხურმა ლობმა. ალიევმა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა და სომხეთს წაართვა ყარაბახი.
ჩემი აზრია, რომ რუსეთი არ დაიშლება და საქართველო ვერასოდეს შევა ნატოში, ამას არასოდეს დაუშვებს რუსეთი.
რაში სჭირდება საქართველოს რუსეთთან ნორმალური ურთერთობის ქონა? 1. უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, ჩვენ არ უნდა გვემუქრებოდეს იმის საფრთხე, რომ რუსეთი აქ შემოიჭრება. 2. თურქული გავლენებისა და ჩვენს მიმართ მათი ექსპანსიური მისწრაფებების დასაბალანსებლად. 3. ეკონომიკური განვითარებისთვის, რუსული ბაზარი უალტერნატივოა საქართველოსთვის, ევროკავშირთან და თურქეთთან ჩვენ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ უფრო მეტი თანხა გადის იქ, ვიდრე შემოდის აქ. რუსეთი დღეს თურქეთის შემდეგ არის ჩვენი მეორე ეკონომიკური პარტნიორი, რომელთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მივირთმევთ რუსეთიდან შემოსული ხორბლით დამზადებულ პურს, ვიყენებთ რუსულ ელექტროენერგიას, გაზს და ა.შ. არაფერს ვამბობ რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველზე, რომლებიც ყველაზე დიდ თანხას აგზავნიან საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით და აქ ოჯახებს ინახავენ.
საქართველო უნდა გადარჩეს, განვითარდეს და გამთლიანდეს, და თუ ეს გვინდა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია, სხვა ყველა გზა (ანტისაოკუპაციო წინდები, საზღვართან შარვლის ჩახდა და ა.შ.) ვცადეთ ბოლო 30 წელში და არ გაამართლა, ხოლო როდესაც ადამიანი ერთსა და იმავეს აკეთებს და განსხვავებულ შედეგს მოელის, ამას სიგიჟე ჰქვია. რუსეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მეზობელი, ისევე როგორც თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ობიექტური მოცემულობაა და ჩვენ ამ მოცემულობის შეცვლა კი არ უნდა მოვინდომოთ (რაც ჩვენს ძალებს აღემატება), ამ მოცემულობაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ჩვენი პოლიტიკა ისე უნდა ავაგოთ, რომ გადავრჩეთ და განვითარდეთ.
დაუსვით კითხვა თქვენს თავს, 14 მეზობლიდან, რაღა მაინცდამაინც საქართველოსა და უკრაინას შეექმნათ პრობლემები რუსეთთან, რატომ შემოვიდა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში და არა სხვა მეზობლებთან? რა შედეგი მოუტანა საქართველოს ბოლო 30 წლიანმა ისტერიულმა რუსოფობიამ? აჭარის მასობრივი თურქიზაცია, ტერიტორიის 22%-ის დაკარგვა, ქვეყნიდან ორი მილიონი ადამიანის გასვლა, რომლიდანაც 65% ქალია. რატომ ვიდღესასწაულეთ წაგებული ომი რუსთაველის გამზირზე ცეკვა-თამაშითა და ჯოს ჯოს ყვირილით, რატომ ვუსმენდით მაშინ ურაპატრიოტი თვალებგადმოკარკლული მოღალატე ბელადების ხავილს, როდესაც გარდაცვლილი ქართველი მეომრების ცხედრები ჯერ გაციებულიც არ იყო? რა მოიგო საქართველომ, ნიღაბი ჩამოხადა რუსეთს? და ეს გვეგონა ჩვენი გამარჯვება? სარკოზის, იუშენკოსა და კაჩინსკის ჩამოსვლა გაგვეხარდა და ის, რომ ე.წ. ცივილიზებული დასავლური სამყაროს ყურადღების ცენტრში მოვექეცით ხომ?
არ შეიძლება გონიერმა ხელისუფლებამ პოლიტიკა ააგოს სხვის სიძულვილზე, პოლიტიკა უნდა აიგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ოღონდ ჯერ უნდა იცოდე, თუ რაში მდგომარეობს ეს ინტერესები. დასავლეთს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ გვექნება მათთან მეგობრული და სტრატეგიული ურთერთობები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენს მეზობლებთან ჩვენი დაპირისპირების ხარჯზე. საქართველო არ უნდა იყოს ერთი იმპერიის უკან ამოფარებული მეორე იმპერიის მაგინებელი პროვოკატორი ქვეყანა. საქართველოს აუცილებლად სჭირდება დასავლეთთან კარგი ურთიერთობა, ისევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე,
დასავლეთში უამრავი კარგი რამ არის, რის არებობასაც ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ქართველებმა რაც წუმპე და ტალახი იყო, ის შემოიტანეს დასავლეთიდან მხოლოდ, რითაც საზოგადოებაში სწორედ მედასავლეთეებმა შეუწყვეს ხელი ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, შესაბამისად ირიბად გააკეთეს რუსული საქმე.
ზოგი ამბობს, ვინ ეკითხება რუსეთს ჩვენ სად შევალთ, არ აქვს უფლება დაგვიშალონ. რუსეთი თვლის, რომ ნატო არის მისი მტერი, რომელსაც სურს რუსეთის დაშლა-განადგურება და შესაბამისად ნატოს ბაზების არსებობა (ან ნატოში შესვლისკენ მისწრაფებას) მის სამეზობლოში ეგზისტენციალური საფრთხეა მისი უსაფრთხოებისთვის,
ბალტიისპირეთი სხვა რამეა და კავკასია და საქართველო მისთვის გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ლოკაციაა. ამ ყველაფერს იგი აღიქვამს მტკივნეულად და რეაგირებს აგრესიულად. ბოლო 30 წელში არსებულმა მარიონეტმა ხელისუფლებებმა საკუთარი უვიცობა, უვარგისობა და მოღალატეობა გახვიეს რუსოფობიურ ურაპატრიოტიზმში, რაშიც დიდი თანხებიც იშოვეს. ეს სიგიჟე იქამდე მივიდა, რომ 90-იან წლებში სამტრედიაში რკინიგზა გადავკეტეთ, რუსეთი უნდა დაგვეშალა, რამაც სასურსათო დეფიციტი გამოიწვია საქართველოში. იმის მაგივრად, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვეშენებინა, სხვისი ქვეყნის დანგრევა მოვისურვეთ, სინამდვილეში კი ჩვენი დავანგრიეთ.
ქართველს ეგონა, საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და დასავლეთი ფულებს დაგვაყრიდა, ბორჯომი და მანდარინი გვარჩენდა, მერე რუსეთი დაიშლებოდა, ნატო-ევროკავშირში შევიდოდით და გავბრწყინდებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევ საბჭოთა კავშირს ვებრძოდით, ფაბრიკა-ქარხნები დავშალეთ და თურქეთში ჩავაბარეთ ჯართად, კრიმინალურად ხდებოდა სახელმწიფო ქონების განკერძოება და საკუთარი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე გამდიდრდნენ ერთეული ადამიანები.
ურაპატრიოტულმა რუსოფობიამ საქართველო მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რაშიც დღეს იმყოფება. მიამიტობა და არარეალისტური წარმოდგენები, სიმპატია-ანტიპათიები, იდეოლოგიური ბოდვები პოლიტიკაში სასტიკად ისჯება. ცინიკური და დამამცირებელია პროდასავლური პოლიტიკოსების ვოიაჟები ბრიუსელსა და ვაშინგტონში და იმაზე საუბარი, რომ თურმე დღითიდღე ვუახლოვდებით ნატო-ევროკავშირს, ასევე მათი ბოდვები დემოკრატიის ინდექსზე, სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვაზე და ა.შ.
ჩაბრძანდით მოსკოვში და ილაპარაკეთ ქვეყნის დეოკუპაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ა.შ.
მედასავლეთეებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება ნატოსთან კავშირი, მით მეტად იქნება საქართველო დაცული რუსეთისგან, სინამდვილეში კი, რაც უფრო მეტად იყვირებს ქართველი ნატოს, მით უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს რუსში.
დიდი იმედი მაქვს, რუსეთი გაიწმინდება ლიბერალურ-გლობალისტური ელიტებისაგან, რომელთაც სძულთ თავიანთი ქვეყანა და ხელს უშლიან საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს, რუსეთმა აუცილებლად უნდა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ. თორემ თუ რუსს საკუთარი ქვეყანა უყვარს და მასზე ფიქრობს, შეუძლებელია, ვერ/არ მიხვდეს რომ კავკასიის გულთან, საქართველოსთან მტრობა მათაც ძალიან სერიოზულად აზარალებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий