понедельник, 27 января 2020 г.

დათვური სამსახური

                         

ამას წინათ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა საპირველაპრილო (ცხადია, სახუმარო)„ბრძანებები“. ერთი „ბრძანება“, რომელიც ეკუთვნოდა „კარვის ქალთა საბჭოს“, დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო: „რომან „დათა თუთაშხიას“ ავტორად დამტკიცდეს ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ხოლო რომან „ვაზის ყვავილობის“ ავტორად - ჭაბუა ამირეჯიბი“.
ჩემის აზრით, ეს არის პოლიტიკური სატირის მშვენიერი ნიმუში. იგი ჩვენი ტრაგიკომიკური რეალობის ანარეკლს წარმოადგენს.
ამჯერად ასეთი, ერთობ სასაცილო მოვლენის „მსხვერპლი“ მე გავხდი (თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ვწერ ამ წერილს).
გაზეთში „ძველი სახლი“ (1995 წ. 10 მარტი) სარედაქციო წინათქმით გამოქვეყნდა შუა საუკუნეების გერმანელი მისტიკოსის მაისტერ ეკჰარტის ერთ-ერთი ქადაგება „ტანჯვისათვის“, მთარგმნელი ზვიად გამსახურდია. იგივე მასალა განმეორებით გამოქვეყნდა ერთ-ერთ პერიოდულ კრებულში („ძველი სახლი“, ეზოთერული კრებული, 1996 წ. №1). გაზეთისა და კრებულის სახელწოდებათა იგივეობა გვაფიქრებინებს, რომ ერთი და იგივე გამომცემელთან გვაქვს საქმე.
ამ წერილის დაწერა საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგ შემეძლო, მაგრამ თავი შევიკავე, მეგონა, პუბლიკაციის ავტორი გონს მოეგებოდა. განმეორებითი პუბლიკაციის შემდეგ იძულებული ვარ, გამოვეხმაურო მას, რადგან ავკაცობაზე გაჩუმება ზოგჯერ ავკაცობის წამქეზებელია. „ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ“.
ზემოხსენებული პუბლიკაციის სარედაქციო წინათქმა (უფრო სწორად, ანონიმური „წინათქმა“), რომელშიც მოკლედაა მოთხრობილი მაისტერ ეკჰარტის შესახებ, ასე მთავრდება (ავტორის საკმაოდ ორიგინალური სტილი დაცულია):
„ამა ყოველს, რაც გახლავთ კომპენდიუმი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ (დარჩენილია მხოლოდ 1 ცალი, ხოლო 2 ეგზემპლარი დაიწვა კოლხურ კოშკში) პირველ ქართულ თეოლოგიურ ჟურნალში („საღვთისმეტყველო კრებული“) დაბეჭდილი ზვიად გამსახურდიას მიერ თარგმნილი მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა წინათქმიდან, გავასრულებთ ერთი მოგონებით.
„საღვთისმეტყველო კრებულის“ ძალზე კომპეტენტურ სარედაქციო კოლეგიაში დიდად საჩინო ადგილი ეჭირა ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს, ზვიად გამსახურდიას. ერთ დღეს მან რედაქციაში მოიტანა მეწამული ფერის ყდაში ჩასმული მომცრო წიგნი, რომლის გარეკანზეც შუა საუკუნეთა ჟამინდელი (ჟურნალის მუშაკთათვის იმჟამად უცნობი) მოაზრის სილუეტი იყო გამოსახული. ეს გახლდათ მაისტერ ეკჰარტის „ქადაგებანი“. ბ-ნმა ზვიადმა ვრცლად ისაუბრა ამ სასულიერო მოღვაწის არსსა და მნიშვნელობაზე და შემოგვთავაზა ჟურნალში დაგვებეჭდა რამდენიმე ქადაგება. მყის შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით მოამზადა ამ სასულიერო მოღვაწის ქადაგებათა ქართული თარგმანი. როგორც აღვნიშნეთ, ამ თარგმანის სამუშაოს ლომის წილი ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას. მაგრამ „საღვთისმეტყველო კრებულის“ ამ ნომერში, სადაც ეს ნამუშევარი დაიბეჭდა, ვერ მოხერხდა მისი გვარის მოხსენიება, რადგან მის სახელს ოფიციალური ხელისუფლების მიერ მკაცრზე მკაცრი ტაბუ ედო. ამჟამად, ხელახლა ვანიჭებთ რა ამ თარგმანს ბეჭდურ სიცოცხლეს, აღვადგენთ კიდეც ლიტერატურულ სამართლიანობას და კუთვნილ პატივს მივაგებთ იმ პიროვნებას, ვინც პირველმა აზიარა ქართველი მკითხველი მაისტერ ეკჰარტის დიდად მნიშვნელოვან ნააზრევს.“
მკითხველი ამას რომ წაიკითხავს, უთუოდ უღრმესი მადლიერებითა და პატივისცემით განიმსჭვალება ლიტერატურული სამართლიანობის აღმდგენლის მიმართ. მართლაცდა, რა სჯობს სამართლიანობის აღდგენას! თანაც როგორი ტრაგიკული სურათია დახატული! თურმე ბოლო ორი ეგზემპლარი დამწვარა კოლხურ კოშკში და გადარჩენილი ყოფილა მხოლოდ ერთადერთი ცალი. ქადაგების სათაურიც რა სიმბოლურია -„ტანჯვისათვის“!
ზოგიერთ გულაჩუყებულ მკითხველს შეიძლება მწველი და უიმედო სურვილიც აღეძრას იმ ერთადერთი ეგზემპლარის, ნამდვილი ისტორიული რელიქვიის, წმინდა ნაწილის ხილვისა და მის წინ მუხლებზე დაცემისა!
უნდა დავამშვიდო აფორიაქებული და აღელვებული მკითხველი: ნუ ღელავთ, „გადარჩენილია“ არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი! და ეს კარგად იცის ანონიმმა ავტორმა! უბრალოდ, ტყუის, - ტრაგიკული სურათის დახატვა უნდა! (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ). ასე რომ, იმ თვითგამოცემითი ჟურნალის ხილვა არ არის მაინც და მაინც ძნელი. კონკრეტულად, „საღვთისმეტყველო კრებულის“ ეს ნომერი ალბათ სარედაქციო კოლეგიის ქვემოთ დასახელებულ წევრთაგან რამდენიმე მათგანის ბიბლიოთეკაში მაინც იქნება. აი, ისინიც (თანმიმდევრობა დაცულია ჟურნალის მიხედვით):
„სასულიერნო პირნი: მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი კონსტანტინე.
საერო პირნი (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწენი): ნოდარ ნათაძე, მიხეილ ქავთარია, გიორგი ცინცაძე, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ჩხენკელი, ზვიად გამსახურდია, ირაკლი ჯანდიერი, ბესიკ ადეიშვილი, ნოდარ გაფრინდაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, ბორის სოხვაძე, რარა ნაკაშიძე, ლაურა გრიგოლაშვილი, გულნარა კალანდარიშვილი.
მთავარი რედაქტორი: ედიშერ გიორგაძე. მხატვარი: ზურაბ კალანდაძე. ტექნიკური რედაქტორი: თამარ ცეცხლაძე.
სარედაქციო ჯგუფი: ნუგზარ პაპუაშვილი, ანზორ აბჟანდაძე, მირდატ ბერძული, მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე, ნანა ცანავა, კამარ ტიელიძე, ნორა ქართველიშვილი,  რუსუდან დაუშვილი, დარეჯან ჯიბლაძე,  ვენერა ვაჩეიშვილი, ციცინო არზიანი, ლეილა ფანჯიკიძე.
ფოტოილუსტრაციები პეტრე მაჭავარიანისა.“
მეც, ამ პირთაგან ერთ-ერთს, მაქვს ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი და სიამოვნებით ვაჩვენებ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.
ახლა გადავშალოთ „საღვთისმეტყველო კრებულის“ ეს ნომერი (1980წ .№5). იქ შავით თეთრზე წერია: „მაისტერ ეკჰარტი, ბიოგრაფია, მოძღვრება, ქადაგებანი. თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ“.
ეს ანზორ აბჟანდაძე მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი!
რა გამოდის? „ძველი სახლის“ ანონიმი ავტორის მტკიცებით, ქადაგებანი უთარგმნია ზვიად გამსახურდიას, ხოლო ჟურნალში მთარგმნელად ჩემი სახელი და გვარი მიუწერიათ, მე კი ამაზე უსირცხვილოდ დავთანხმებულვარ, ფაქტობრივად, მიმითვისებია „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთი სვეტის“ ნამუშევარი. ან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ რამეს საკუთარი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას გარეშე არ ჩაიდენდნენ, გამოდის, რომ „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“, ზვიად გამსახურდიას თავისი ნამუშევარი ჩემი სახელისა და გვარის ქვეშ ამოუფარებია.
რა მეთქმის! ახალი დიონისე არეოპაგელი ვყოფილვარ და აქამდე არ ვიცოდი!
„ძველი სახლის“ ანონიმი ავტორი „მინდობს“- ჩემს სახელსა და გვარს არ ახსენებს, „თავს არ მჭრის“ საქვეყნოდ, თანაც საქმეს ისე ხატავს, თითქოს ის არაფერ შუაში იყო, ზვიად გამსახურდიას სახელს ტაბუ ედო და იმიტომ მოხდა ასეო. ახლა ვითომ „ლიტერატურული სამართლიანობა“ აღადგინა!
დალოცვილო ანონიმო ავტორო! თუ თვითგამოცემისეულ ჟურნალ „საღვთისმეტყველო კრებულის“ სარედაქციო კოლეგიაში ზვიად გამსახურდიას გამოჭიმვა არ იყო საშიში, თარგმანზე მისი სახელის მიწერა ვითომ რატომ უნდა ყოფილიყო? პირიქით - ხელისუფლება სწორედ ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიებში არ აჭაჭანებდა ზვიად გამსახურდიას, თორემ თარგმანებს უპრობლემოდ უბეჭდავდნენ, მათ შორის რელიგიურსაც (თუ, რა თქმა უნდა, მის თარგმანებს კომუნისტებისათვის მიუღებელი პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავდა).
მკითხველისათვის რომ ნათელი გავხადო ყველაფერი, იძულებული ვარ, დაწვრილებით გავიხსენო, რა და როგორ მოხდა.
წინასწარ უნდა აღვნიშნო შემდეგი: მე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, „მაისტერ ეკჰარტის დიდად მნიშვნელოვანი ნააზრევის ქართველი მკითხველისათვის პირველად მზიარებლის პატივი“ დავიჩემო. არც იმას ვაპირებ, „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“, ზვიად გამსახურდიას გავეჯიბრო. არც ხსენებული თარგმანები მიმაჩნია მთარგმნელობითი ხელოვნების დიდ მიღწევად არც საერთოდ და არც ჩემს მთარგმნელობით პრაქტიკაში; არც მაინც და მაინც დიდ დანაკლისად მივიჩნევ, მისი ავტორობა რომ ჩამომართვან და „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“ კი არა, თუნდაც „ჩხირს“ გადასცენ. მე მხოლოდ ლიტერატურული ეთიკის აღმაშფოთებელი დარღვევა და ჩემი საავტორო უფლებების შეურაცხმყოფელი შელახვა მალაპარაკებს.
საქმე ასე იყო: მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა რუსული გამოცემა მართლაც ზვიად გამსახურდიამ მოიტანა „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქციაში და მისი თარგმნისა და კრებულში შეტანის წინადადება დააყენა. წიგნი სათარგმნელად მე გადმომცეს.
როდესაც თარგმნა დავასრულე, მისი რედაქტირება ზვიად გამსახურდიამ ითავა. მე მოველოდი, რომ ზვიად გამსახურდია საკმაოდ ბევრ ცვლილებას შეიტანდა ჩემს, როგორც „ახალბედა თეოლოგის“ თარგმანში. მაგრამ ჩემდა გასაოცრად და გასახარად, ძალზე ცოტა შესწორება შეიტანა მასში (უმთავრესად სტილისტური).
ამის შემდეგ ჩემს თარგმანებს რედაქტირება გაუკეთა კრებულის მთავარმა რედაქტორმა („ძველი სახლის“ ანონიმმა ავტორმა!). მან ლამის სანახევროდ შეცვალა ჩემი თარგმანი, მეტიც, ზვიად გამსახურდიას ბევრი შესწორებაც კი უკუაგდო!!! ასე რომ, ზვიად გამსახურდიას ისედაც მცირე რაოდენობის შესწორებანი კიდევ უფრო შემცირდა ამ ბოლო რედაქტირების შემდეგ, და, ამდენად, მას არათუ „ლომის წილი” უდევს ხსენებულ თარგმანში, არამედ სრულიად პირიქით - მეტისმეტად მცირე. (თარგმანები წაიკითხა და რამდენიმე სარედაქციო კომენტარი დაურთო ბ-ნმა ნუგზარ პაპუაშვილმა).
ეჭვიანი მკითხველი შეიძლება არ ენდოს ჩემს სიტყვას და პირიქით იფიქროს - ალბათ ზვიად გამსახურდიამ ძალიანაც ბევრი რამ შეცვალა თარგმანში, ფაქტობრივად, ალბათ ხელახლა თარგმნა და ამიტომ ჩათვალეს მის თარგმანადო.
არა, ჩემო ძვირფასო მკითხველო, სიტყვაზე ნდობას არა გთხოვ. ჯარისკაცის მამის, გიორგი მახარაშვილის თქმისა არ იყოს, „დაკუმენტები“ მაქვს ხელში!
საქმე ისაა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზვიად გამსახურდიამ ძალზე ცოტა შესწორება შეიტანა ჩემს თარგმანებში. სამაგიეროდ მთავარმა რედაქტორმა შეიტანა ბევრი, მათ შორის, ჩემი მისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ზოგი ჩემთვის მიუღებელიც (ზოგი წინადადება საერთოდ ამოაგდო, ზოგიც თავისებურად შეცვალა). არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ასეთი რედაქტორული ჩარევა ჩემთვის მიუღებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ საქმე გვქონდა შუა საუკუნეების ავტორთან. ზვიად გამსახურდია აღარ ჩარეულა, რადგან რაღაც სხვა საქმით იყო დაკავებული და ყურადღება აღარ მიუქცევია. ასეა თუ ისე, მთარგმნელი მე ვიყავი და ასეც დაიწერა ჟურნალში, მაგრამ ძალიან კი შევფიქრიანდი - ვინმე დაინტერესებულმა პირმა რომ რუსულ დედანს შეუდაროს თარგმანი და დედნიდან გადახვევის გამო მისაყვედუროს, რა უნდა ვუპასუხო-მეთქი. ამიტომ, რათა ასეთ შემთხვევაში თავი მემართლებინა, მე რედაქციიდან წამოვიღე და ჩემს ბინაში საგულდაგულოდ შევინახე ჩემი, საკუთარ საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი დედნები, რომლებშიც, რაც მთავარია, აშკარად ჩანს რედაქტორული მუშაობის ყველა კვალი - ზვიად გამსახურდიას ჩასწორებანი (მელნით) და მთავარი რედაქტორისა (ფანქრით). წინდახედულებამ გამიმართლა, თუმცა უკვე სხვა მიზეზის გამო.
აი, ეს დედნები მაქვს ხელთ და შემიძლია ვუჩვენო ყველა დაინტერესებულ პირს, თუნდაც ყველაზე ეჭვიან მკითხველს.
ისმება კითხვა: რისთვის დასჭირდა ანონიმ პუბლიკატორს ჩემი თარგმანების მიწერა ზვიად გამსახურდიასთვის?
საქმე ის გახლავთ, რომ ამას აქვს არა ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური ახსნა: მე და ანონიმი პუბლიკატორი სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებით - ის ზვიადისტია, მე კი არა ვარ ზვიადისტი (არავისტი არა ვარ). ჰოდა, სძლია კაცს ცდუნებამ ბატონი ზვიადის „ერთგულებისა და სიყვარულის“ დასამტკიცებლად! აი, ასე ჩააყენა ჩვენმა ანონიმმა პუბლიკატორმა უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში ზვიად გამსახურდიას სახელი!
ახლა არ ვიცი, „კარვის ქალთა საბჭო“ ვის დაამტკიცებს ჩემი თარგმანების ავტორად - მე თუ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია სხვა რამ:
სწორედ ამგვარმა და სხვა გაცილებით მნიშვნელოვანმა „მიწერებმა“ დაღუპა ზვიად გამსახურდია (ფიზიკურ დაღუპვას არ ვგულისხმობ). მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ წელიწადნახევრიანი პატიმრობა და გადასახლება 26 წლამდე გაუზარდეს -„დღეს ზვიად გამსახურდიას 51 წელი შეუსრულდა, კაცს, რომელსაც ცხოვრების ნახევარზე მეტი (ე.ი. მინიმუმ 26 წელი. ა.ა.) პატიმრობასა და გადასახლებაში აქვს გატარებული“. (გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 31.03.90 წ.). სწორედ ამ გზითა და საშუალებებით ხდება ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის კერპად ქცევა და ხელოვნური გაბუქვ-გაბერვა. ასეთი პოლიტიკური მოღვაწე, როგორც წესი, თანდათან მაღლდება და მაღლდება და შემდეგ ერთბაშად ენარცხება ძირს. ეს კანონზომიერი მოვლენაა და მსგავსი მაგალითები ბევრი იცის ისტორიამ. მაგრამ აქ  რომ მხოლოდ ერთ პიროვნებას ეხებოდეს საქმე, არა უშავდა რა. სამწუხაროდ, ასეთი პიროვნებების მოღვაწეობას სისხლის ტბორები ახლავს ხოლმე... დამნაშავენი კი მათთან ერთად მათი განმადიდებელნი და კერპადმქცეველნიც არიან.
ნორმალურ, სამართლებრივ ქვეყანაში საავტორო უფლებების დარღვევისა და პიროვნული შეურაცხყოფის საქმეს სასამართლო არჩევს და სათანადოდ სჯის დამნაშავეს. ამ ვითარებამდე ალბათ ჯერ კიდევ დიდი გზა გვიძევს წინ. ამას წინათ ერთმა ჩვენმა პარლამენტარმა რომელიღაც გაზეთის ჟურნალისტს უჩივლა სასამართლოში და პიროვნული შეურაცხყოფისათვის 200 ათასი დოლარი მოითხოვა მისგან. სასამართლო, რამდენადაც ვიცი, არ შედგა. მეც, ცხადია, შემეძლო მეჩივლა ზემოხსენებული პუბლიკაციის ავტორისათვის და 200 ათასი დოლარი არა, მაგრამ 57 ათასი დოლარი მომეთხოვა მისთვის (იმ წელს ზვიად გამსახურდიას 57 წელი შეუსრულდა, ა.ა.). ამ საქმეს, რა თქმა უნდა, მოვიგებდი. მაგრამ არ ვუჩივლებ, - სად ექნება იმ გაჭირვებულს 57 ათასი დოლარი? 57 ათასი კი არა, 57-იც არ ექნება (არც მე მაქვს). ამიტომ დიდი სიამოვნებით ვბაძავ გულუხვსა და ხელგაშლილ ფრანსუა ვიიონს და საზეიმოდ ვაცხადებ: იმ რეალურად მოსაგებ, მაგრამ არარსებულ 57 ათას დოლარს ვჩუქნი „ლიტერატურული სამართლიანობის“ ამ ვაი-აღმდგენელს, ბატონი ზვიადისათვის დათვური სამსახურის გამწევ ანონიმ ავტორს!
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს! ამინ.

1996



среда, 22 января 2020 г.

ოპოზიციური მოძრაობის დამაფიქრებელი პერსპექტივები


ეს წერილი 1988 წლის დეკემბერშია დაწერილი, მაგრამ მაშინ არ გამომაქვეყნებინეს - ვიღაც-ვიღაცეებს ეწყინებათო.
(1988 წლის ნოემბერში მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენების გამო)

კიდევ დიდხანს დარჩება განსჯისა და დავის საგნად 22-29 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენები.
იქ, იმ დღეებში, თითქმის ყოველდღიურად ვხედავდით ეროვნული გრძნობებით აღტკინებული ხალხის უზარმაზარ მასას. ტარდებოდა მიტინგები, იყო მგზნებარე გამოსვლები, იმართებოდა ქუჩაში მსვლელობები.
როდესაც ასეთ აზვირთებულ მასას ვუყურებთ ხოლმე, თავისთავად იბადება კითხვები: ვის დაძახილზე შეიყარა ხალხი? ვის მოწოდებებს მიჰყვება? რა მიზანი ამოძრავებთ მათ ხელმძღვანელებს ამ გარკვეულ მომენტში და საერთოდაც?
მარტო ორატორთა გამოსვლები, ცხადია, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ იძლევა. ამისათვის ყველაფრის ღრმად გაანალიზებაა საჭირო.
ფაქტია, რომ დღეს საქართველოში არსებობს ოპოზიციური მოძრაობა, რომლის აღმავლობას ძლიერი ბიძგი მისცა დემოკრატიისა და საჯაროობის ნელმა, მაგრამ საიმედო პროცესმა. ეს მოძრაობა ჩვენში მკვეთრად გამოხატული ეროვნული ხასიათის მქონეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპოზიციურ მოძრაობაში წამყვან როლს ასრულებენ არაფორმალური გაერთიანებები, რომელთაც გარკვეული პროგრამები, მიზნები და მისწრაფებები აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ვლინდება. მათ აქვთ თავიანთი გამოცემები ჟურნალ-გაზეთების სახით, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, შეზღუდული ტირაჟებით გამოდის და მოსახლეობის მცირე ნაწილამდე თუ  აღწევს. ამდენად, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ დღეებში მთავრობის სახლის წინ შეგროვილ უზარმაზარ მასაში ცოტა ვინმე თუ იყო ბოლომდე გარკვეული ამ მოძრაობის ჭეშმარიტ სახესა და ხასიათში, უმეტესობას კი, ალბათ, საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამაზე.
მაინც რა ხდებოდა იმ დღეებში?
როგორც ცნობილია, რამდენიმე არაფორმალურმა გაერთიანებამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიის დღისათვის, 23 ნოემბრისათვის, დაგეგმა საპროტესტო მიტინგის ჩატარება მთავრობის სახლის წინ. წინა საღამოს კი (22 ნოემბერს) ერთ-ერთმა არაფორმალურმა გაერთიანებამ - „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, მოშიმშილეთა დიდი ჯგუფი დასვა მთავრობის სახლის წინა კიბეებზე. შემდგომ დღეებში ყოველივე ამას მოჰყვა გრანდიოზული, უაღრესი ემოციური დატვირთვის მქონე მიტინგები 29 ნოემბრამდე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო დღე, როდესაც შიმშილობის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საზეიმოდ გამოაცხადა: „კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!“ ამან უაზარმაზარი ეფექტი მოახდინა: იგრიალმა ტაშმა, ატყდა აღფრთოვანებული ყვირილი, მაღლა აფრინდნენ ქუდები... ეს მართლაც დიდებული სანახაობა იყო, მაგრამ...
მასობრივი ექსტაზის ამ წუთებში, ალბათ, ბევრი არავინ დაფიქრებულა, რაში დაიხია უკან „კრემლმა“, მოშიმშილეთა რა მოთხოვნები დააკმაყოფილა. ორგანიზატორებმა ამის დაკონკრეტებას თავი აარიდეს. თავი აარიდეს, რადგან, როგორც ჩანს, კონკრეტული სათქმელი არაფერი ჰქონდათ, ხოლო მიტინგი და საერთოდ შიმშილობის აქცია უნდა დამთავრებულიყო (მოშიმშილეთა შორის უკვე აუტანელი სიტუაცია იყო შექმნილი, რადგან თავიდან დამჯდარ რამდენიმე ათეულ მოშიმშილეს შემდეგ შეუერთდა რამდენიმე ასეული, სავსებით მოუმზადებელი ადამიანი, ზოგიერთი არაჯანმრთელიც კი), თანაც აქცია უნდა დამთავრებულიყო ლამაზად, აპოთეოზით.
კრემლმა ნაწილობრივ მართლაც უკან დაიხია (იგულისხმება 108 და 119 მუხლებში ცვლილებების შეტანა), მაგრამ ეს იმ მიტინგზე (29 დეკემბერს) არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდა, რადგან უკვე ორი დღის წინ იყო ცნობილი, და, რაც მთავარია, მოშიმშილეებს (უფრო სწორად, ამ აქციის ორგანიზატორებს), როგორც თავად განაცხადეს, არ აკმაყოფილებდათ (ვისაც აკმაყოფილებდა, ისინი საქართველოს მოღალატეებად გამოცხადდა!), მეტიც, კრემლის ეს უკანდახევა ჯერ არც კი იყო სესიაზე დამტკიცებული, იგი მხოლოდ 1 დეკემბერს, ამ დამაგვირგვინებელი მიტინგიდან ორი დღის შემდეგ დამტკიცდა!
ერთი სიტყვით, მოშიმშილეთა მოთხოვნებსა და მოქმედებებში მრავალი წინააღმდეგობრივი მომენტი შეინიშნებოდა:
თუკი მოშიმშილეებმა გამარჯვებად მიიჩნიეს კანონპროექტის ორ მუხლში ცვლილებების შეტანა, მაშინ მათ შიმშილობის აქცია უნდა შეეწყვიტათ ორი დღით ადრე, ე. ი. მაშინ, როდესაც ამ ცვლილებების შესახებ გამოცხადდა.
თუ მოშიმშილეებს ეეჭვებოდათ, რომ ამ შეცვლილ მუხლებს სესია არ დაამტკიცებდა, მაშინ მათ შიმშილობა უნდა გაეგრძელებინათ მინიმუმ სესიის დამთავრებამდე, ე. ი. 1 დეკემბრამდე, და შემდეგ გაეგრძელებინათ, ან არ გაეგრძელებინათ, ცხადია, სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თუ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიაზე უნდოდათ ზემოქმედების მოხდენა, მაშინ შიმშილობა უნდა დაეწყოთ ამ სესიის დაწყებამდე.
თუ მოშიმშილეებმა გამარჯვებად მიიჩნიეს ორი მუხლში შესატანი ცვლილება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ მოეწონათ მათ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მეტს მოითხოვდა, და რატომ გამოაცხადეს ერის მოღალატეებად ისინი, ვინც იგი მოიწონა, კერძოდ ბ-ნი აკაკი ბაქრაძე?
ეს წინააღმდეგობანი გვაფიქრებინებს, რომ აქციის ორგანიზატორთა მთავარი მიზანი ან სხვა რამ გახლდათ, ან ელემენტარული შეცდომები დაუშვეს თავიანთ მოთხოვნებსა და მოქმედებებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიმშილობის ერთკვირიანი აქცია შთამბეჭდავი, მაგრამ ყალბი აპოთეოზით დამთავრდა: „კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!“ ამან კი უზარმაზარი ეფექტი მოახდინა.
რა თქმა უნდა, შეიძლება მივუტევოთ აქციის ორგანიზატორებს ასეთი „ლამაზი“ ტყუილის თქმა (ამის მეტი რა გვინახავს 70 წლის მანძილზე!), მაგრამ საქმე მარტო ეს არაა. მთავარია იმის გაანალიზება, რა სტრატეგიისა და ტაქტიკის ელემენტია ეს ტყუილი, რა ძალებმა ჩაატარეს ეს აქცია, რას ემსახურებოდა იგი და საით მივდივართ ჩვენ.
წინასწარ უნდა ხაზგასმით  აღვნიშნოთ, რომ ყველამ დაინახა და აღიარა შიმშილობის აქციის წარმმართველთა დიდი ენერგია, ორგანიზებულობა, გაბედულება და სიტუაციის გამოყენების შესაშური უნარი.
აშკარად ჩანდა, რომ სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე.
რა ძალა იყო ეს?
სანამ ამაზე ჩემს აზრს გამოვთქვამდე, მოვიყვან ნაწყვეტებს 2 დეკემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნებული წერილიდან „ერთიანობა“, რომლის ავტორია გია ნოდია. წერილი ეძღვნება 22-29 დეკემბრის მოვლენების განხილვას. ავტორი მსჯელობს დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობაზე საქართველოში და წერს:
„არადემოკრატიული საზოგადოება ოპოზიციასაც არადემოკრატიულს წარმოშობს... კაცობრიობის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა თავისუფლების დროშას ამოფარებული ოპოზიცია თავისი სულისკვეთებით მთავრობაზე გაცილებით უფრო ანტიდემოკრატიული აღმოჩენილა, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უფრო ტოტალიტარული წყობა დაუმყარებია, ვიდრე ის, რომლისგანაც ხალხი „გაანთავისუფლა“. რეპრესიული რეჟიმი თავის „ამობრუნებულ“ ტყუპისცალს ბადებს. დღევანდელი ოპოზიციონერები მონუსხულებივით იმეორებენ აზროვნების იმ წესს, რომელმაც 20-30-იანი წლების სახელმწიფო ტერორამდე მიგვიყვანა. ახლადგამომცხვარი ლიდერები ზუსტად ისევე მიაკერებენ „საქართველოს მოღალატის“ იარლიყს ყველას, ვინც მათ უკანასკნელ მითითებას ნახევარ სანტიმეტრზე მეტად გადაუხვევს, როგორც ოცდაათიან წლებში „ხალხის მტრად“ ცხადდებოდა ის, ვინც ბელადს დროზე არ დაუკრავდა ტაშს. განსხვავება მხოლოდ გამოცხადებულ მიზნებშია... საკუთარი მეტოქეების ერის მტრებად გამოცხადება ტოტალიტარული მოძრაობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. სტალინისეულ „ხალხის მტერსა“ და ახალ იარლიყს - „საქართველოს მოღალატეს“ შორის ჩემი აზრით არავითარი განსხვავება არ არის.“
აქ, ჩემი აზრით, ყველაფერი სწორია,მაგრამ ერთი რამ არაა ნათქვამი. საქმე ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობაში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალები არ არიან. მასში დემოკრატიული ძალებიცაა. მაგრამ თუ უფრო ანტიდემოკრატიული ძალები ჩანან, ამას თავისი მიზეზები აქვს, ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზები.
ვინც ყურადღებით გადახედავს ამ ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციური ძალების მიერ გამოცემულ არაფორმალურ ჟურნალ-გაზეთებს და მათ პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობასაც გაადევნებს თვალს,  თვალნათლივ დარწმუნდება, რომ დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობა ორ მიმართულებად იყოფა - დემოკრატიულად და არადემოკრატიულად (თუმცა ყველა დემოკრატიულობაზე დებს თავს!). საქართველოში ასეთივე ვითარება იყო 1917 წლის რევოლუციის წინა წლებში. ასეთივე ვითარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს დღესაც.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არადემოკრატიული ძალები უფრო ენერგიულები არიან, ვიდრე დემოკრატიული ძალები. ეს კანონზომიერიცაა, თუ გავითვალისწინებთ დემოკრატიულისა და არადემოკრატიულის ბუნებას.
დემოკრატი ყოველთვის აღიარებს - და იცავს კიდეც ამ პრინციპს, - რომ ყველას აქვს უფლება, მისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს. დემოკრატს, რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული მიზანი აქვს, თავის კონკრეტულ აზრს მიიჩნევს სწორად და სამართლიანად, მაგრამ თავისი მიზნის მისაღწევად არ იყენებს იმ გზებსა და საშუალებებს, რაც სხვათა კანონიერ უფლებებს შეზღუდავდა. ის ყოველთვის აოკებს თავის ენერგიას იქ, სადაც ეს სხვათა კანონიერი უფლების შეზღუდვას გამოიწვევს. ამის გამოა, რომ დემოკრატიული ბუნების მქონე ადამიანი, თავისთავად რაგინდ ენერგიული არ უნდა იყოს, მაინც ნაკლებ ენერგიულად მოქმედებს. მისი ენერგიის დამამუხრუჭებელია სინდისი და კანონი.
არადემოკრატთან ყველაფერი ეს პირიქითაა. იგი არავის კანონიერ უფლებას არ ცნობს, თუმცა ამას არ აღიარებს და კარგადაც იცის, რომ ეს დანაშაულია. იგი მთელ თავის ენერგიას სრულად მიმართავს თავისი მიზნისაკენ და თავის მოქმედებებს საფუძვლად უდებს დემაგოგიურ დევიზს: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მის ენერგიას, ფაქტობრივად, აღარაფერი ამუხრუჭებს. ამიტომაც ადვილი გასაგებია, რატომაა არადემოკრატიული ბუნების ადამიანი ენერგიული და აქტიური.
ახლა ამის გათვალისწინებით შევხედოთ 22-29 დეკემბრის მოვლენებს.
როგორც ცნობილია, შიმშილობის აქცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. ეს პარტია ჩამოყალიბდა პირველი არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გამოყოფილი ნაწილის - 1V დასის ბაზაზე. მისი ლიდერია გია ჭანტურია. მისი საპროგრამო წერილი „ახალი ძალა“გამოქვეყნდა მეოთხე დასელთა არაფორმალურ ჟურნალ „მოამბის“ მე-6 ნომერში. ამ წერილიდან თვალნათლივ ჩანს, როგორი მიმართულებისაა ეს არაფორმალური გაერთიანება - დემოკრატიულის თუ არადემოკრატიულის.
მოვიყვან ნაწყვეტებს ამ საპროგრამო წერილიდან (თუმცა აჯობებდა, ვიმეორებ, იგი მთლიანად გამოქვეყნებულიყო ოფიციალურ პრესაში!):
„70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა... ან კი როგორ შეიძლება ეროვნული მოძრაობა... ჩვენში ყოფილიყო, როდესაც ქართული პატრიოტიზმი პოლიტიკურ მიმდინარეობად არასდროს ჩამოყალიბებულა...
მრავალი ქართველი პატრიოტი ჯერ მარტო იმიტომ ვერ გახდებოდა ეროვნული პოლიტიკოსი, რომ ყალბი, პლაკატური სიკეთით იყო დაბრმავებული და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ამ უკანასკნელს აყენებდა.
ნიკოლო მაკიაველი წერს:
„როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავიწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.“
გია ჭანტურია აგრძელებს:
„ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის აპოლოგიას. უბრალოდ, დიდს, ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიც. „თეთრხელება“ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებია ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით ბევრი რამ წაუხდენიათ. (1918-21 წწ ქართველი „პოლიტიკოსების“ გახსენებაც კმარა).
...ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ საჭიროა პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლა...
დღეს ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდა... მეოთხე დასი არ ელოდება მომენტსა და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალღონითა და ენერგიით.“
შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია მსჯელობს იმაზე, თუ ვის უნდა დაეყრდნოს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია:
„გლეხს? მუშას? ინტელიგენტს? ჩვენ ვიტყვით: არც ერთს...
ხალხმა უნდა იმოქმედოს... არა დამოუკიდებლად, არამედ ბელადთა, ანუ, როგორც ხშირად წერს მაძინი, ახალგაზრდების ხელმძღვანელობით.
მაძინის ლექსიკონში „ახალგაზრდობა“ იმდენად არა ასაკობრივი ცნებაა, რამდენადაც მორალური, ხოლო საბოლოო ჯამში, სოციალური“ (კიროვი, ჯუზეპე მაძინის ცხოვრებას).
მაძინისეული ახალგაზრდა საქმისათვის ყოველნაირად შეუცვლელია: „უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგან ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს. ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე“ (მაკიაველი, მთავარი).“
მე კომენტარს არ გავუკეთებ ამ ნაწყვეტებს. ვინც ადამიანებზე კარგი წარმოდგენისაა, ალბათ, ზემოხსენებული სტატიის ავტორსა და მის მიმდევრებზე ცუდს არ იფიქრებს, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ ისინი დაბნეულები არიან ზნეობის საკითხში (მეტიღა გინდათ? მორალი მეორეხარისხოვან რამედ უნდა მივიჩნიოთ და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიცო!). სწორედ ამ დაბნეულობიდან მოდის, როგორც ჩანს, მათი არადემოკრატიული პოზიციაც. ძალზე სასურველია, მათ დროზე მოიშორონ ეს ზნეობრივი დაბნეულობა, რომელიც არც მათ მოუტანს საბოლოოდ სიკეთეს და არც ქვეყანას. კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უზნეო საშუალებებით ზნეობრივი საქმე არ კეთდება. (ჩემთვის საპირისპირო მაგალითებიც მოუყვანიათ, მაგრამ გაანალიზების შემდეგ აღმოჩენილა, რომ ან საშუალება იყო ზნეობრივი, ან შედეგი არაზნეობრივი).
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ დღეს ეს პარტია არადემოკრატიულ პოზიციაზე დგას (არადა თავის თავს „დემოკრატიულს“ უწოდებს! გავიხსენოთ კომუნისტური ქვეყნები, რომლებშიც დემოკრატიის ნასახი არაა, მაგრამ თავის თავს „სახალხო-დემოკრატიულს“ უწოდებენ!). ხსენებული საპროგრამო წერილის მიხედვით (რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ დამოკიდებულებაზე ზოგიერთი სხვა არაფორმალური გაერთიანების მიმართ) ეს პარტია აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც არადემოკრატის დამახასიათებელია. ამდენად, გასაგებია, თუ რატომ გამოავლინა მან იმ დღეებში ასე დიდი ენერგია, ორგანიზებულობა, გაბედულება და სიტუაციის შექმნისა და გამოყენების შესაშური უნარი, ე. ი. ყველაფერი ის, რაც, საერთოდ, გამარჯვებისთვისაა აუცილებელი.თუ გავიხსენებთ დემოკრატისა და არადემოკრატის დამახასიათებელ თვისებებს, შეიძლება დავასკვნათ:
დემოკრატის არაენერგიულობა, „უხერხემლობა“ მისი ნაკლოვანება კი არა, ღირსებაა. მაგრამ, ვაი რომ, ეს ღირსება გამარჯვებისთვის ნაკლებ გამოსადეგია.
არადემოკრატის ენერგიულობის მიზეზი კი მისი ზნეობრივი ნაკლოვანებიდან მომდინარეობს, მაგრამ, ვაი რომ, გამარჯვებისთვის გამოსადეგი სწორედ ეს ნაკლოვანებებია.
მაშ, სადაა საშველი? გზა ორია: ან დემოკრატებმა უნდა მოიშორონ მათთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები, ან არადემოკრატიულმა ძალებმა უნდა დაიცხრონ თავიანთი არადემოკრატიული ვნებანი და შეიგნონ, რომ გამარჯვების მიუხედავად, ისტორიას მათთვის საბოლოოდ ყოველთვის სასტიკი განაჩენი გამოაქვს და თავის სანაგვეზე ჰყრის.
თუ საქართველოში დღევანდელი ოპოზიციური ძალების არადემოკრატიულმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო (და, როგორც ჩანს, მათ ძალზე უჭირთ ამის შეგნება), მაშინ ჩვენ იმის მოწმენი გავხდებით, რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიღწეული იქნება, შინაპოლიტიკურ ბრძოლაში სწორედ ისინი - არადემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ (ეყოფათ ენერგია ამისათვის!), რომლებიც სტალინურ-ჰიტლერულის მსგავს ტერორს გააჩაღებენ (ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა მათგან თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ „საქართველოს მოღალატის“ იარლიყის მიკერება, აქედან კი მათ დასჯამდე ერთი ნაბიჯია), და კიდევ დიდხანს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ ყოფას.
ცხადია, ეს საშიშროება აგვცილდება, თუკი ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან დემოკრატიულ, ცივილიზებული საზოგადოების შესაფერის ურთიერთობას დაამყარებენ და კოორდინირებულად, ურთიერთ შეთანხმებით იმოქმედებენ.
მაშინ ის ენერგია, რომელიც დღეს ოპოზიციურ ძალებს შორის თავდასხმებს და თავდასხმების მოგერიებას ხმარდება, მართლაც რომ ეროვნული საქმისათვის იქნება გამოყენებული.
ერთი სიტყვით, გამოსავალი არსებობს, მაგრამ... ავმაღლდებით კი აქამდე?

1988, დეკემბერი



пятница, 17 января 2020 г.

"ვთქვათ გალობანი სინანულისანი", ნაწილი 3





                   ვთქვათ გალობანი სინანულისანი
           (1991-92 წლების მოვლენების პოლიტიკური შეფასებისათვის)

„არს სინანული, ნუვინ წარიკუეთთ სასასოებასა!“ - ამბობს იოანე ოქროპირი.
სწორედ ამ ოპტიმისტური განწყობილებითაა გაჯერებული ეს წერილი, რომელიც ეძღვნება ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ აქტიურ პოლიტიკოსებს - 1991-92 წლების მოვლენების მეტ-ნაკლებად წარმმართველთ, - დღეისათვის კი ხელისუფლებაში მყოფთაც, ოპოზიციონერებსაც, ზვიადისტებსაც, ანტიზვიადისტებსაც, მემარჯვენეებსაც, მემარცხენეებსაც, ცენტრისტებსაც, მემარჯვენე-ცენტრისტებსაც, მემარცხენე-ცენტრისტებსაც, მემარჯვენე-მემარცხენეებსაც, მემარცხენე-მემარჯვენეებსაც და ა. შ. (ეს ფანტასტიკურად მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში, სამწუხაროდ, გვაძლევს ერთ ფერს - შავს)...
ჯერ მოკლედ შევეხები „პერესტროიკის“ წლებში არნახულად გააქტიურებულ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში შექმნილ ვითარებას იმ დროისათვის.
1988 წლიდანვე ეროვნული მოძრაობა ე. წ. „რადიკალობის“ ნიშნით გაითიშა. მართალია, ეროვნული მოძრაობის საერთო მიზანი სრულიად ნათელი და რადიკალური იყო - დამოუკიდებლობა, დემოკრატია - მაგრამ ამ მოძრაობაში ჩართულმა გარკვეულმა ძალებმა მაინც თავიანთი თავი გამოაცხადეს ე. წ. „რადიკალებად“ და რადიკალური აქციების ჩატარება რატომღაც ერთადერთ სწორ გზად დასახეს. ეროვნული მოძრაობის უმეტესი ნაწილი ამ სამიტინგო, „საშიმშილო“ რადიკალიზმის გზას გაჰყვა და თავისუფლებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, მომავალი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში პოლიტიკური ქულების მოპოვების ასპარეზად აქცია.
„რადიკალებმა“ თავიდანვე ძალზე აგრესიული და მტრული პოზიცია დაიკავეს, ასე ვთქვათ, „არარადიკალთა“ მიმართ, რომელთაც, ცხადია, იგივე რადიკალური მიზანი ჰქონდათ - დამოუკიდებლობა, დემოკრატია - მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ზოგჯერ მიზანშეუწონლად და, გარკვეულ შემთხვევებში, პროვოკაციულადაც მიაჩნდათ რადიკალური აქციები. მათი თვალსაზრისით, ბრძოლის სხვადასხვა საშუალების დროული, გონივრული გამოყენება წარმოადგენდა სწორედ ჭეშმარიტ რადიკალიზმს და დამოუკიდებლობის მიღწევის რეალურ გზას. (აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი ჭეშმარიტი რადიკალიზმით მიაღწია გამარჯვებას ბალტიისპირულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელსაც ჩვენი „რადიკალები“ იმ ხანებში მოღალატურ მოძრაობად აცხადებდნენ, რადგან მათი გზისაგან განსხვავდებოდა).
„რადიკალთა“ მხრიდან ცალმხრივი ინიციატივით მომხდარმა გათიშვამ და, საერთოდ, მცდარმა რადიკალიზმმა ეროვნული მოძრაობა, რა თქმა უნდა, ჩიხში შეიყვანა.
მეტიც, სწორედ ამ „რადიკალთა“ შორის შემდგომში წარმოშობილმა მწვავე დაპირისპირებამ (ჯერ „რადიკალთა“ მიერ შექმნილი „ეროვნული ფორუმის“ დაშლამ, შემდეგ კი არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალი მაგიდის“ გახლეჩამ) მიიყვანა საქართველო სამოქალაქო ომამდე (რაც მშვენივრად გამოიყენა რუსეთმა)...
სამოქალაქო ომმა კი უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს.
ყოველივე ამის უფრო კონკრეტულად წარმოჩენა, იმ წლებში დაგროვილი ზღვა მასალის გაანალიზების საფუძველზე, ჩვენი უახლესი ისტორიის სპეციალისტთა საქმეა.
ახლა რაც შეეხება ზემოთხსენებულ პოლიტიკოსებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ის „რადიკალებია“.
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც საკუთარ ცოდვებს აღიარებდეს 1988-90 წლების ეროვნული მოძრაობის გათიშვა-დაქსაქსულობაში, ან 1991-92 წლების სამოქალაქო ომში?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში თავის დამსახურებაზე და, საერთოდ, საკუთარ უშეცდომობაზე არ ლაპარაკობდეს?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც თავის გულმხურვალე ქრისტიანობას არ ამტკიცებდეს?
გინახავთ რომელიმე მათგანი, რომელიც სახელმწიფო მოღვაწის იდეალად, სათაყვანებელ პიროვნებად დავით აღმაშენებელი არ მიაჩნდეს?
ალბათ, არ გინახავთ.
მოდით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ვცადოთ ზემოთხსენებული ჩვენი პოლიტიკოსების ზოგადი პოლიტიკური სილუეტის მოხაზვა.
სად ეს ჩვენი პოლიტიკოსები და სად დავით აღმაშენებელი!..
მაგრამ მაინც დავით აღმაშენებლის გახსენებით დავიწყოთ.
მსოფლიოში, ალბათ, არც ერთ ხელმწიფეს არ შეუქმნია ისეთი ნაწარმოები, როგორიც დავით აღმაშენებელმა შექმნა - „გალობანი სინანულისანი“.
ცხადია, ეს ნაწარმოები დავით აღმაშენებლისათვის სახელმწიფო საქმეებიდან რაღაც პოეტური გადახრა და წუთშესვენება კი არა, არამედ მისი მონოლითური პიროვნების განუყოფელი ნაწილია.
ეს ნაწარმოები, მოცულობით არც თუ ისე დიდი, მაგრამ არც თუ ისე პატარა, მაგრამ მნიშვნელობით ნამდვილად დიდი, თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია უმძაფრესი სინანულის გრძნობით უამრავ ცოდვათა გამო. სხვა საქმეა, რას წარმოადგენს ეს ცოდვები, - იქნებ ზოგიერთი სულაც არ არის ცოდვა, - მაგრამ აქ მთავარია, რომ მასში ჩანს საქართველოს ყველაზე დიდი და სახელოვანი ხელმწიფის დიდებული სულიერი პორტრეტი.
ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მკვლევარი ზურაბ ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ იმ ცოდვათაგან, რომლებზეც დავით აღმაშენებელი ლაპარაკობს, მხოლოდ ორია ნამდვილი, რეალურად ჩადენილი (სხვა სახელმწიფოთა დაპყრობა და ასტრონომია-ასტროლოგიით გატაცება), დანარჩენი კი ზოგადქრისტიანული, ზოგადკაცობრიული ცოდვებია. ამასთან, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ცოდვად ითვლება არა მხოლოდ ჩადენილი ბოროტება, არამედ გაფიქრებულიც კი.
ასეა თუ ისე, აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ანა კალანდაძის ერთი სტრიქონი: „თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქმნან ცოდვილთ?“
ცხადია, აქ პოეტი გულისხმობს დავით აღმაშენებლის უზარმაზარ დამსახურებას საქართველოს წინაშე, რომელიც მის ყოველგვარ ცოდვას - ნამდვილსა თუ არანამდვილს - განუზომლად სჭარბობს.
რაც შეეხება მოყვანილი სტრიქონის ბოლო სიტყვას „ცოდვილთ“, მე მასში დიდის ბოდიშის მოხდით უნდა ვიგულისხმო ის პოლიტიკოსები, რომლებზეც წერილის დასაწყისში ვლაპარაკობდი...
მაგრამ ჯერ გავიხსენოთ, როგორი შემაძრწუნებელი სინანულით ლაპარაკობს ჩვენი ბრწყინვალე მეფე თავის ცოდვებზე, ნამდვილსა თუ არანამდვილზე:
ცოდვილთა შორისო, - ამბობს იგი, - „პირველი, საშუალი და დასასრული მე ვარ, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.“
„თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე.“
„ბოროტად გარდავხედ საზღვართა...“
„მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისა შენისათა და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა. და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი...“
„არა უხილავს მზესა ქალწული დედაჲ, თვინიერ შენსა, არცა ჩემოდნად ბრალეულსა - ნათელი მისი.“
„თაყუანისვეც ანგაჰრებისა მამონას...“
„სიტყუაჲ წმიდაჲ და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მელიქნეთა ძმაცული სივერაგე ვითნე და შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.“
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი არა შევიწყალე...“
ამ ციტატათა პარალელურად არ მოვიყვან ჩვენი ეროვნული მოძრაობის კონკრეტულ ლიდერთა გამონათქვამებს თავიანთ დამსახურებათა შესახებ - დავინდობ მათ!
არადა, ჭეშმარიტად საინტერესო სურათი დაიხატებოდა!
დავით აღმაშენებელი ლაპარაკობს საკუთარ ცოდვებზე, ჩვენი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ თავიანთ დამსახურებებზე!
დავით აღმაშენებელი არ ლაპარაკობს თავის დამსახურებებზე, ჩვენი პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვებზე!
ხომ საინტერესო  სურათია?
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი არა შევიწყალეო“, - ამაზე შემაძრწუნებელი აღსარება რაღა უნდა იყოს?
„ცრემლნი ქურივთანი და ობოლთა ბრგუნილი ტირილი“ არა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ წარსულში მოგვკლებია, არამედ ჩვენს დღევანდელობაშიც სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არა იმის გამო, რომ რომელიმე თემურ ლენგი დაგვესხა თავს, ან არაბთაგან თბილისის განთავისუფლებას შევწირეთ რჩეული ვაჟკაცები, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის რიხიანი „რადიკალი“ თავკაცების შეცდომათა და დანაშაულთა გამო ერთმანეთის გასაჟლეტად აღვმართეთ ხელი!
კრემლის მიერ ინსპირირების ძალიან დამაჯერებელი არგუმენტის გამოყენებით ვერ გავიმართლებთ თავს, რადგან თუ პოლიტიკოსის პრეტენზია გაქვს, ასეთი ინსპირირების ანკესზე არ უნდა წამოეგო! ხოლო თუ წამოეგები, უნდა აღიარო მაინც, რომ ცუდი პოლიტიკოსი ხარ! უნდა მოინანიო, უნდა თქვა გალობანი სინანულისანი!
დავით აღმაშენებელი გულისშემძვრელ აღსარებას ამბობს თითქმის არარსებულ ცოდვათა გამო, ჩვენ კი, რეალურ ცოდვათა ჩამდენნი, ვდუმვართ! მეტიც, უცოდველებად, უშეცდომოებად მოგვაქვს თავი!
შეცდომები, დანაშაულობანი ბევრი რომ მოხდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, ამას ყველა პოლიტიკოსი აღიარებს, ოღონდ ამას ლაპარაკობენ ს ხ ვ ე ბ ზ ე და არა საკუთარ თავზე. არადა, მათი იდეალი - დავით აღმაშენებელი სწორედ ს ა კ უ თ ა რ თავზე, ს ა კ უ თ ა რ ცოდვებზე ლაპარაკობს!
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის თავკაცები საკუთარ შეცდომებსაც აღიარებენ ხოლმე, მაგრამ ისეთნაირად, რომ ეს თავის ქებაზე უფრო მეტია.
მაგალითად, ხშირად მოისმენთ დაახლოებით ასეთ „თვითგვემას“: ჩემი შეცდომა და დანაშაული ისაა, რომ ვერ შევძელი ეროვნული მოძრაობა ჩემი, სწორი გზით წამეყვანაო.
უფრო შორს მიდიან ზვიადისტები („რადიკალთა“ დიდი ნაწილი). ისინი, მაგალითად, ბ-ნი ზვიადის შეცდომებზე ლაპარაკობენ, მაგრამ, მათი თქმით, ბ-ნი ზვიადის შეცდომები იმაში გამოიხატებოდა, რომ მან ერთიანად არ გაჟუჟა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები! მაშ! შეცდომის აღიარებაც ასეთი უნდა!..
სინანული არა მხოლოდ ღრმად სულიერი, განმწმენდელი პროცესია, არამედ იგი ობიექტურობის საფუძველიცაა, რადგან თავისთავად გულისხმობს ადამიანის ობიექტურ დამოკიდებულებას საკუთარი ცოდვა-ბრალისადმი, და, მით უფრო, სხვებისადმი. ჩვენს შემთხვევაში, ხსენებული პოლიტიკური მოვლენების განხილვისას, სწორედ ობიექტურობა გამოავლენს თეთრსაც და შავსაც, მართლაც უცოდველსა და უცდომელსაც (დარწმუნებული ვარ, ჩვენს პოლიტიკოსებში არიან ასეთნი!). ობიექტური დამოკიდებულების გარეშე ყოველგვარ აზრსა და ფასს ჰკარგავს თითოეული მათგანის მტკიცება საკუთარი უცოდველობის, უცდომელობის შესახებ.
სანამ ასეთი ობიექტურ დამოკიდებულებას ვერ ვისწავლით, საყოველთაო „უცოდველობისა“ და „უცდომელობის“ ფონზე ჭეშმარიტად სასაცილოა იმაზე ფიქრიც კი, რომ 1991-92 წლების მოვლენების ობიექტური შეფასება მოხერხდეს. ეს ხომ ნამდვილი წყლის ნაყვა იქნება, თუნდაც ამ წყალს ბრილიანტის ქვასანაყით ვნაყავდეთ ოქროს ქვიჯაში.
ამას წინათ ერთ გამოუქვეყნებელი მოთხრობა წავიკითხე. იგი 1991 წელსაა დაწერილი, ომამდე. ავტორია გელა ერაძე.
ამ ალეგორიულ მოთხრობაში, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტადაა შეფასებული ხსენებული მოვლენები.
მოთხრობის მთელ შინაარსს, ცხადია, არ მოვიყვან, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.
ნეტართა კუნძულზე (იგულისხმება საქართველო) პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთმა მხარემ დაირქვა „ექსკრემენტარები“, მეორემ - „ფალოსისტები“. მათი პოლიტიკური ბრძოლა და საბრძოლო „იარაღი“ სიმბოლურად შეესაბამება რეალურ საქართველოში დაპირისპირებულთა პოლიტიკურ ბრძოლასა და ბრძოლის იარაღს: „ექსკრემენტისტები“ „ფალოსისტებს“ მთელის მონდომებით“წარმოებულ“ ექსკრემენტს (განავალს) ესვრიან, ხოლო „ფალოსისტები“ „ექსკრემენტისტებს“ ასევე მთელი მონდომებით დაწნეხილ, ლუდის ჭარბი სმისაგან გაძლიერებულად გამოყოფილ შარდის მძლავრ ნაკადს უშენენ.
რაც მთავარია, მთელი ნეტართა კუნძული „საბრძოლო მასალის“ ნარჩენებით იფარება!
ეს, რა თქმა უნდა, ძალზე გამჭვირვალე სიმბოლიკაა.
დიახ, არსებითად მართლაც ასე იყო. და ეს ყველაფერი ხდებოდა ეროვნული მოძრაობის მიერ დამოუკიდებლობისათვის, დემოკრატიისათვის აღმართული წმინდა დროშის ქვეშ!
მიუხედავად ამ შემზარავი, არაესთეტიკური სურათისა, მოთხრობაში იმდენად მაღალმხატვრულადაა აღწერილი პოლიტიკური ბრძოლის „ბატალიები“, არა მგონია, მკითხველი რამდენჯერმე არ მიუბრუნდეს ამ ნაწარმოებს.
ფაქიზი ესთეტიკური გემოვნების მკითხველს ალბათ არ მოეწონება ეს მოთხრობა. მაგრამ არა უშავს, - მას შეუძლია გვერდზე გადადოს იგი. მაგრამ, სამწუხაროდ, გვერდზე ვერ გადადებს ცხოვრებას, რომელიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა უზნეო ბრძოლის ასპარეზი გახდა იმ ცნობილ წლებში და რომლის შედეგადაც მიღებული სულიერი თუ ფიზიკური იარები დღემდე ვერ მოგვიშუშებია.
დიახ, არც ერთი მხარე არ გამოიყურებოდა მაინცდამაინც მიმზიდველად საქართველოს იმ სამარცხვინო წლებში.
და, რაც მთავარია, საქართველო დაინგრა, დაკარგა ტერიტორიები, გაპარტახდა მატერიალურად, დაკნინდა სულიერად, ე. ი. მოხდა სწორედ ყოველივე იმის საწინააღმდეგო რამ, რისი აღსრულებაც დავით აღმაშენებლის უდიდეს დამსახურებად მიგვაჩნია.
და მაინც, ამ მოვლენების წარმმართველთა და მონაწილეთა შორის ვერავისგან მოისმენთ საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ დანაშაულზე ლაპარაკს, მონანიებას.
არადა, ყოველი მათგანი ამტკიცებს, რომ გულმხურვალე ქრისტიანია!
არადა, ყოველ მათგანს დიდი დავითი მიაჩნია ქართველი პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის იდეალად!
დავითს კი „გალობანი სინანულისანი“ აქვს ნათქვამი - საკუთარ ცოდვებზე უმძაფრესი გოდება და უღრმესი სინანული!
თურმე ჩვენი პოლიტიკოსები უცოდველები არიან, დავით აღმაშენებელი კი - ცოდვილთა შორის „პირველი, საშუალი და დასასრული, ვითარცა უფსკრული შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ“.
როგორია?..
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების კულმინაციას - სამოქალაქო ომს, ვერ მოესწრნენ ჩვენი ეროვნული მოძრაობის გამოკვეთილი ფიგურები, ზნეობრივი ბურჯები მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოსალოდნელ უბედურებას (საბედნიეროდ, მათ დაფიქსირებული დარჩათ თავიანთი პოზიციები) და ყველაფერს აკეთებდნენ ამის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ მათი შესაძლო მონაწილეობის მოაზრება იმ სამარცხვინო მოვლენებში, ცხადია, გამორიცხული და ყოვლად დაუშვებელია.
საბედნიეროდ, იყვნენ მათსავე პოზიციაზე მდგომნიც, მაგრამ ისინი ვერ ასრულებდნენ მოვლენათა წამყვანის ფუნქციას, - ზოგს ეს არ შეეძლო, ზოგს სურვილი არ ჰქონდა, - ამიტომ მათ, ფაქტობრივად, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს დაწყებულ პროცესებზე. ესეცაა, ნაკლებად აქტიური ადამიანი ნაკლებ შეცდომებს უშვებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ვერ ამართლებს.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას ისიც, რომ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ტრაგიკულ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა წამყვანი ეროვნული ძალების პოლიტიკურმა გამოუცდელობამ, რომელიც არა მარტო შეცდომების მიზეზი გახდა, არამედ დანაშაულობებისაც, რადგან შეცდომების შედეგად წარმოშობილმა განუკითხაობამ დანაშაულებანიც გაამრავლა. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ მეტისმეტი სიმკაცრე არაა მთლად გამართლებული. მაგრამ შეცდომათა აღიარებას, სინანულის განცდას, უფლის მიმართ გულწრფელ აღსარებას რაღა უდგას წინ? ესეც ხომ პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალი არ არის! მადლობა ღმერთს, ქრისტიანობის თითქმის ორიათასწლიანიტრადიცია და გამოცდილება გვაქვს.
სინანული განწმენდის, შეცდომათა და დანაშაულთა გამოსწორების საწინდარია.
მაშ, მოდით, მივბაძოთ ჩვენს სათაყვანებელ დავით აღმაშენებელს და ჩვენცა ვთქვათ გალობანი სინანულისანი! დავით აღმაშენებელივით ბრწინვალედ ვერ ვიტყვით, მაგრამ ვთქვათ ისე, როგორც შეგვიძლია, ოღონდ ვთქვათ გულწრფელად, მით უფრო, რომ ჩვენ, ცოდვებით დახუნძლულებს, ნამდვილად ბევრი რამ გვაქვს სასინანულო.
ვთქვათ გალობანი სინანულისანი!

1999



                     რატომ არ აღვნიშნავთ „ვეფხისტყაოსნის“
                                           800 წლისთავს?

წელს (2012) შესრულდა ვახტანგ მეექვსის მიერ „ვეფხიტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავი. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს წელს საქართველოსთან ერთად იუნესკოც აღნიშნავს, რაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.
მაგრამ „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი: შევარდნაძის ხელისუფლების დადგენილებით  „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის 800 წლისთავი უნდა აღნიშნულიყო 2000 წელს. მიუხედავად ამ დადგენილებისა, იუბილე არ აღინიშნა.
ამ საკითხზე გაზეთ „დილის გაზეთში“ (3.09. 2001) გამოქვეყნდა ჩემი წერილი - „ვის და რატომ დაავიწყდა „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის აღნიშვნა“.
იმედი არა მაქვს, რომ ვინმე გამოიდებს თავს იმ გაზეთის მოსაძებნად. ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით, მოკლედ გადმოგცემთ იმ წერილის შინაარსს.
როგორც ყველასათვის ცნობილია, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი იუბილე - 750 წლისთავი 1937 წელს ჩატარდა, ხოლო შოთა რუსთველის დაბადებიდან 800 წლისთავი - 1966 წელს. (ორივე თარიღი, რა თქმა უნდა, მიახლოებითი იყო).
განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია 1966 წლის იუბილემ მთელ მსოფლიოში.
ორივე ეს იუბილე კომუნისტურ პერიოდში ჩატარდა, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური მარწუხების პირობებში.
მოსალოდნელი იყო, ამდენი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ მორიგი იუბილე გაცილებით ფართოდ, გაცილებით საზეიმოდ ჩატარდებოდა და „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ უფრო დიდ აღიარებას მოიპოვებდა მსოფლიოში.
1996 წლის 19-26 აპრილის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოვაქვეყნე წერილი - „ვეფხისტყაოსნის 800 წლისთავისათვის“. ამ წერილში აღვნიშნავდი, რომ რამდენადაც რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში საყოველთაოდ გაზიარებული აზრით „ვეფხისტყაოსანი“ შექმნილია X11-X111 საუკუნეთა მიჯნაზე, ამდენად სწორედ XX-XX1 საუკუნეთა მიჯნაზე მოდიოდა პოემის შექმნის 800 წლისთავი. წინადადება წამოვაყენე, გამოცხადებულიყო „ვეფხისტყაოსნის“ ათწლეული იუბილის უკეთ მოსამზადებლად (1996-2005 წწ), ხოლო დამაგვირგვინებელი საიუბილეო ზეიმი გამართულიყო 2005 წელს.
ეს წინადადება ძირითადად გაზიარებულ იქნა და იმავე წელს გამოვიდა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის განკარგულება „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის აღნიშვნის შესახებ, ოღონდ 2000 წელს.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, რაღაც რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, ან პოზიტიური, ან ნეგატიური...
უკეთეს შემთხვევაში, უნდა დაწყებულიყო ეტაპობრივი მზადება იუბილისათვის, თუნდაც წინა ორი იუბილის გამოცდილების გათვალისწინებით. საიუბილეო კომისიას, ბუნებრივია, უნდა განესაზღვრა, თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი იუბილის მოსამზადებლად და ჩასატარებლად.
ალბათ უპრიანი იქნებოდა, საიუბილეოდ დაბეჭდილიყო „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მომზადებული მრავალწლიანი მუშაობის მასალები, სხვა საიუბილეო გამოცემები;
საიუბილეო ღონისძიებებისათვის უნდა გამონახულიყო სახსრები ბიუჯეტიდან, მოზიდულიყო საერთაშორისო ფონდებიდან;
იუბილის აღნიშვნის საკითხი უნდა დასმულიყო იუნესკოში...
მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გაკეთებულა, არანაირი სამზადისი არ ჩატარებულა! იუბილის ჩატარება თუნდაც ძალზე ფორმალურად და ძალზე მცირე მასშტაბითაც კი არავის გახსენებია! გრანდიოზულ აღნიშვნას ვინ დაეძებს, სიტყვაც არავის დაუძრავს იუბილის შესახებ, თუნდაც მომავალში, თუნდაც უკეთეს დროს გადატანის თვალსაზრისით!..
რა უნდა ითქვას ამ, რბილად რომ ვთქვათ, საკვირველი მოვლენის შესახებ?
თუ „ვეფხისტყაოსნის“ იუბილის ჩატარება საჭიროდ არ მიგვაჩნდა (ზოგიერთი იტყვის - რა გვეიუბილება და გვეზეიმებაო!), მაშინ საერთოდ უარი უნდა გვეთქვა სხვა, ყოველგვარ იუბილეზეც. არადა, იმ დროიდან, როდესაც ამ იუბილის ჩატარების დადგენილება გამოიცა, უამრავი იუბილე ჩატარდა - ბევრი ღირსეული მოღვაწისაც და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენისაც. არ ჩატარდა მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის იუბილე!
თუ არასწორად მიგვაჩნდა ამ იუბილის 2000 წელს აღნიშვნა, მაშინ ამაზეც უნდა თქმულიყო და უფრო შესაფერისი თარიღი შერჩეულიყო.
არც ეს მოხდა.
ცხადია, ყველას დააინტერესებს, ვის არ გაახსენდა „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის აღნიშვნა.
საქართველოს იმდროინდელი პირველი პირით დავიწყოთ.
შევარდნაძეს არ გაახსენდა საკუთარი განკარგულების შესრულება!
მას უნდა დაებარებინა შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელები, მუშტების ბრახუნით გაეხსენებინა მათთვის მოახლოებული იუბილე და ებრძანებინა საიუბილეო ღონისძიებების დროულად დაგეგმვა და განხორციელება; უნდა დაებარებინა ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და მუშტების ბრახუნით ებრძანებინა მათთვის რუსთველოლოგიური წერილების გამოქვეყნება რუბრიკით: „ვეფხისტყაოსნის 800 წლისთავისათვის“. აბა, თავისით ამას ვინ მიხვდებოდა! ის კი არა და, შეიძლებოდა თავადაც ქე დაეწერა ორი-სამი რუსთველოლოგიური წერილი, მაგალითად, ასეთი: „ხატაეთისა და ინდოეთის ურთიერთობისათვის“, ან „როსტევანისა და ფარსადანის საკადრო პოლიტიკა“, ანდა „გაეროს ჩანასახი ვეფხისტყაოსანში“.
არაფერი ეს არ გააკეთა!..
დიახაც დამნაშავეა, მაგრამ იმას ხომ საქართველო არ უყვარს, და, ამდენად, არც შოთა რუსთველი! ამიტომ მისთვის არც უნდა გვეყურებინა!
იმას არ უყვარს, მაგრამ ჩვენ ხომ გვიყვარს! სად ვიყავით ჩვენ?
ახლა ვნახოთ, ჩვენმა მწერლობამ როგორ აღნიშნა „ვეფხისტყაოსნის“ დაგეგმილი იუბილე.
სრული დუმილით!
თითქოს 800-წლოვანი „ვეფხისტყაოსნის“ კი არა, 30-იანი წლების რომელიმე ბოლშევიკი „პოეტის“ იუბილე ყოფილიყო!
მწერლობას, რა თქმა უნდა, არც სხვები ჩამორჩნენ.
„ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავის დაგეგმილი იუბილის აღნიშვნა დაავიწყდათ:
- ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს!
- „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიას!
- ჩვენს პირველ უნივერსიტეტს!
- ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს!
- ფილოსოფიის ინსტიტუტს!
- რუსთაველის საზოგადოებას!
- კულტურის სამინისტროს!
- განათლების სამინისტროს!
- შემოქმედებით ორგანიზაციებს!
-  „მნათობს“, „ცისკარს“, სხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს!
- რადიოებს, ტელევიზიებს!
- გამომცემლობებს!
- პარლამენტს!..
უჰ, პარლამენტზე გამახსენდა!
წლების განმავლობაში იქ ერთი ვაი-უშველებელი იყო ატეხილი პასპორტებში ეროვნების ჩაწერა-არჩაწერის შესახებ - ქართველობას გვაკარგვინებენო!
არადა, თუ დღეს „ვეფხისტყაოსნის“ იუბილეს დავივიწყებთ, ხვალ შესაძლოა, თავად „ვეფხისტყაოსანი“ დავივიწყოთ, ჩვენი კულტურა, ტრადიციები დავივიწყოთ... და მაშინ, შესაძლოა, ძალიან მსხვილი შრიფტითაც გვეწეროს პასპორტებში ეროვნება „ქართველი“, მაგრამ სულიერად აღარ ვიქნებით ქართველები!
ზემოთ არასრულად ჩამოვთვალეთ, ვის არ გაახსენდა „ვეფხისტყაოსნის“ იუბილის აღნიშვნა. დამეთანხმებით, მეტად სამწუხარო სურათი მივიღეთ.
შედარებისათვის მინდა გავიხსენო 1966 წელს ჩატარებული იუბილის ერთი დეტალი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მაშინ ეს იუბილე იმათაც კი არ დავიწყნიათ, რომელთაც ყველაზე ნაკლებად, ან სულაც არ ევალებოდათ დიდი პოეტის იუბილის აღნიშვნა.
მაგალითად ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკა“, რომელიც ტექნიკური მიმართულებისა იყო, ჩვეულებრივ სულ ტრაქტორებზე, ჩარხებზე და მისთანებზე წერდა. შოთა რუსთველის საიუბილეო ნომერში კი ის ტრაქტორები და ჩარხები გვერდზე მოიტოვა და, აი, ასეთი წერილები დაბეჭდა:
გ. ჯიბლაძე - ადამიანისა და სიკეთის ცნებები „ვეფხისტყაოსანში“;
ვ. ბერიძე - რუსთაველის ეპოქის ხელოვნების ძეგლები;
ი. სურგულაძე - რუსთაველის პოლიტიკური შეხედულებანი;
ბ. გორდეზიანი - „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებანი... და ა.შ.
აი, ასეთი წერილები გამოაქვეყნა მაშინ ტექნიკური მიმართულების ჟურნალმა! აღარას ვამბობ იმდროინდელ ლიტერატურულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ ჟურნალ-გაზეთებზე, ყოველდღიურ პრესაზე, რომლებიც ლამის წალეკა რუსთველისადმი მიძღვნილმა წერილებმა.
და ეს ხდებოდა გავარვარებული საბჭოთა იმპერიალისტური რეჟიმის პირობებში!
დღეს კი დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ! და დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ჟურნალ-გაზეთს, თვით ლიტერატურულებსაც კი, არ გაახსენდათ პოემის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული წერილების დაბეჭდვა!
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით...
კიდევ ერთ ნიშანდობლივ დეტალზე მინდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
გაზეთ „ჩვენი მწერლობის“ 2001 წლის 1 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ბ-ნ გურამ ალექსანდრიას შენიშვნა საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ რუსი პოეტის ათანას ფეტის დაბადების 180 წლისთავის აღნიშვნის შესახებ. ბატონი გურამი გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ გამოიდო თავი საქართველოს მწერალთა კავშირმა რუსი პოეტის არც თუ ისე მრგვალი თარიღის აღსანიშნავად, როდესაც იმავე წელს არ აღუნიშნავს ქართველი პოეტის, ბესიკის მართლაც მრგვალი თარიღი - დაბადების 250 წლითავი, აგრეთვე იოსებ დავითაშვილის დაბადების 150 წლისთავი. სავსებით ვეთანხმებით ბატონ გურამს, მაგრამ, სამწუხაროდ, მასაც გამორჩენია მხედველობიდან, რომ პრეზიდენტის დადგენილებით იმავე წელს უნდა აღნიშნულიყო „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავი. ეს ფაქტიც მოწმობს, თუ რა სამარისებური დუმილი იყო გამეფებული ამ იუბილის ირგვლივ.
და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: 2004 წლის 21 ივლისს ქართველმა მწერლებმა ფოთში მოაწყვეს ჰემინგუეის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი  „ლიტერატურული თევზაობა“ და ლიტერატურული კითხვა. ძალიან კარგია, რომ გვახსოვს ჰემინგუეის 105 წლისთავი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არ გვახსოვს „ვეფხისტყაოსნის“ 800 წლისთავი!
და, აი, ჩემს მთავარ სათქმელს მივადექი.
„ვეფხისტყაოსნის“ იუბილის ფართო, მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა იქნებ ყველაზე მეტად დღევანდელ დუხჭირ ვითარებაში იყო საჭირო, ჩვენი მინავლებული ეროვნული ღირსების, სიამაყის, სიმხნევის გასაძლიერებლად, ასაღორძინებლად. დღეს ხშირად გაისმის მოთქმა დასავლური ღირებულებების აგრესიული შემოჭრის, თავსმოხვევის, წამლეკავი გავლენის შესახებ. ნეტამც მართლა ასე იყოს და დასავლეთი მართლაც ძალდატანებით ცდილობდეს ჩვენი ეროვნულობის ხელყოფას! მაშინ იქნებ რაღაც უკურეაქცია აღძრულიყო ჩვენში, როგორც ეს კომუნისტების დროს ხდებოდა. არა, დასავლური ღირებულებები ჩვენში ძალდაუტანებლად შემოდის, თავსმოხვევის, მტრული მიზნების გარეშე, რადგან ჩვენ თავად ვივიწყებთ საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს და ამით ჩვენ თავად ვუთავისუფლებთ მათ ადგილს. „ვეფხისტყაოსნის“ 800-წლოვანი იუბილის დავიწყება ამ სამწუხარო ტენდენციის გამოვლინებაა.
და კიდევ ერთიც:
თუ გავითვალისწინებთ წინა ორი იუბილის შედეგებს, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, მორიგი იუბილის ჩატარება ასე სამარცხვინოდ რომ არ დაგვვიწყებოდა და იგი რიგიანად, მასშტაბურად ჩაგვეტარებინა, შოთა რუსთველის სახელს კიდევ ერთხელ მძლავრად შევახსენებდით მთელ მსოფლიოს და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მისი ფრესკის ხელყოფის ამბავიც უფრო მეტსა და მძაფრ პროტესტს გამოიწვევდა. მეტიც, შესაძლოა, ვეღარც კი გაებედათ ვანდალებს ფრესკისათვის ხელის ხლება. არაა გამორიცხული, რეალური, ქმედითი მხარდაჭერაც აღმოგვჩენოდა საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების თვალსაზრისითაც, თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მონასტრის დღევანდელი ვაი-პატრონები - ჩვენი ბერძენი მართლმადიდებელი ძმები - აშკარა დანაშაულს ჩადიან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე და ქართველების მონასტრიდან ყოველგვარი ქართული კვალის წაშლას ცდილობენ.
ერთი სიტყვით, სადაო არ უნდა იყოს, რომ უკიდურესად გაჯერებული კულტურული „ბაზრის“, კულტურათა მძლავრი კონკურენციის პირობებში „ვეფხისტყაოსნის“ იუბილის ჩატარება იუნესკოს ეგიდით უეჭველად დადებითი შედეგების მომტანი იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოსათვის. ჩვენი დიდი კულტურა და განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანი“ ასეთი იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

2004, 2012



ყოჩაღ, ყოჩაღ, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტო!  

               (რატომ იგდებს აბუჩად ჩვენი პარლამენტი საქართველოს  
  დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ყოფილ საბჭოთა პოლიტპატიმრებს?)

დღეს რომ მერაბ კოსტავა ცოცხალი ყოფილიყო, იგი, როგორც საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ყოფილი პოლიტპატიმარი, მიიღებდა იმაზე გაცილებით ნაკლებ პენსიას, ვიდრე ჩვეულებრივი პენსიონერები იღებენ.
მეტიც, - დღეს მერაბ კოსტავას ჯალათები - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მუშაკები - ღებულობენ რამდენჯერმე მეტ პენსიასაც და შეღავათებსაც.
ასეა გადაწყვეტილი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის მიერ!
ცხადია, მერაბ კოსტავა იმიტომ ვახსენე, რომ პარადოქსი გამემძაფრებინა, - იგი ხომ ყველაზე ცნობილი, ყველაზე აღიარებული ქართველი დისიდენტი იყო, სიკვდილის შემდეგ ეროვნულ გმირად რომ შერაცხეს.
მაგრამ, მოდით, ემოციები გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებით განვსაჯოთ, თუ რა ხდება ამ თვალსაზრისით საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებთან დაკავშირებით.
თავის დროზე მომატებული ოდენობის პენსიები და შეღავათები დაუდგინდათ რამდენიმე კატეგორიის პირებს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ყოფილ მუშაკებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს და მათი ოჯახის წევრებს.
მსჯელობის გამარტივებისათვის, ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანები დავყოთ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გავაერთიანოთ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულები, მათ შორის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ყოფილი პოლიტპატიმრები, ხოლო მეორე ჯგუფში - ყველა დანარჩენი, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მუშაკები.
საქართველოს პარლამენტს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კატეგორიისათვის დაწესებული ჰქონდა გარკვეული პენსიები და შეღავათები, მაგრამ 1999 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ეს შეღავათები მნიშვნელოვნად შეამცირა.
მეორე ჯგუფელებმა (მათ შორის სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მუშაკებმა) პარლამენტის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც 2002 წლის 18 აპრილს დააკმაყოფილა მათი სარჩელი და პარლამენტს დაავალა, აღედგინა მათთვის შეღავათები. პარლამენტმა საკმაოდ დროულად (7 თვის შემდეგ) შეასრულა ეს დავალება და მეორე ჯგუფელებს (მათ შორის სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მუშაკებს) აღუდგინა შეღავათები, თანაც საკმაოდ დიდი გადაჭარბებითაც კი. 
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პარლამენტს შეეძლო და მორალურადაც ვალდებულიც იყო, შეღავათები აღედგინა არა მხოლოდ იმ ჯგუფისათვის, რომელმაც სარჩელი შეიტანა, არამედ ყველასათვის, რომელთაც მანამდე ერთად შეუმცირა შეღავათები. ეს იურიდიულადაც სწორი იქნებოდა და, ცხადია, მორალურადაც.
მაგრამ პარლამენტმა ეს არ გააკეთა. მან ფორმალურად აღასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მორალი დაივიწყა...
ამის შემდეგ პირველი ჯგუფიც იძულებული გახდა, მეორე ჯგუფის მსგავსად შეეტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი სარჩელიც (2003 წლის 31 ოქტომბერს) და პარლამენტს დაავალა, პირველი ჯგუფისთვისაც (მათ შორის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ყოფილი პოლიტპატიმრებისთვისაც) აღედგინა შეღავათები მეორე ჯგუფელების (მათ შორის, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მუშაკების) მსგავსად.
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მეორე გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ პარლამენტს იგი ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
არადა, ამ მეორე შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეწუხება სულაც არ იყო საჭირო, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პარლამენტს სრულიად თავისუფლად შეეძლოსაკონსტიტუციო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება გაევრცელებინა პირველ ჯგუფზეც.
გამოდის, რომ რუსული იმპერიული ბრჭყალებისაგან თავდახსნილი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი წითელ კოჭებს უგორებს წითელი იმპერიის ყველაზე თავგამოდებულ მსახურებს - სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მუშაკებს (მეორე ჯგუფის სხვა წარმომადგენლებს ნებისმიერი შეღავათი ღმერთმა შეარგოთ!), ხოლო იმპერიული სახელმწიფო უშიშროების მუშაკთა მიერ რეპრესირებულებს, - მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულად მებრძოლ ყოფილ საბჭოთა პოლიტპატიმრებს, - აბუჩად იგდებს.
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ერთის მხრივ, ქართველ დისიდენტებს, ხოლო მეორეს მხრივ, მათ ჯალათებს, თავიანთი საქმიანობა დაუფასდათ ასე:
ხალხის მხრიდან - დისიდენტებს პატივისცემა და სიყვარული ერგოთ, ხოლო მათ ჯალათებს - სიძულვილი და რისხვა!
საქართველოს პარლამენტის მხრიდან - დისიდენტებს უპატივცემლობა და აბუჩად აგდება, ხოლო მათ ჯალათებს - პატივისცემა და ყოველგვარი შეღავათი!
ყოჩაღ, ყოჩაღ, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტო!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პარლამენტი შეგნებულად არ იქცევა ასე. ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა დგას, ყოველიამ პრობლემის უკან ადამიანები დგანან. ყველას მიაჩნია, რომ პირველ რიგში მისი პრობლემაა გადასაწყვეტი. ეს ჩვენი ცხოვრების რეალობაა.
დიახ, უამრავი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოუგვარებელი პრობლემების წიაღშია ჩაკარგული ის პრობლემაც, რომელზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება. მაგრამ ეს ხომ არამხოლოდ იურიდიული (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილების აღსრულება), არამედ ზნეობრივი მოვალეობის აღსრულების საკითხია იმ მცირე რაოდენობის ადამიანების წინაშე, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უკიდურესი თავგანწირვის ფასად იბრძოდნენ ჯოჯოხეთური საბჭოთა რეჟიმის პირობებში.
აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ქართველ დისიდენტ პატრიოტებს პრივილეგიებისა და შეღავათებისათვის არასოდეს უბრძოლიათ. (მათი ბრძოლის შედეგებით სწორედ სხვები სარგებლობენ!). მათთვის მთავარია არა საკუთარი, არამედ ქვეყნის კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა. მათ თავიანთი ცხოვრებით ნათლად დაადასტურეს ეს. დიახ, აქ პენსიები და შეღავათები არაა მთავარი. მთავარია ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი პარლამენტის დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა მათ მიმართ, რაც, სამწუხაროდ, ზნეობის ჩარჩოებში არ ჯდება და რაც გულგრილობაში, უმადურებასა და უპასუხისმგებლობაში გამოიხატება. (რად ღირს თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მხოლოდ მათ მიმართ!..). პარლამენტის ეს მორალური სახე კი, სამწუხაროდ, ვინ იცის, რამდენ სხვა მნიშვნელოვან პრობლემასთან მიმართებაშიც ნეგატიურად იჩენს თავს!
ზოგიერთჲ პარლამენტარის „მტკიცებით“, რეპრესირებულები და მათი ოჯახის წევრები ისე ბევრნი არიან, რომ მათ მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტსო.
რატომღაც ბიუჯეტის ეს ტვირთი ჩვენს „ბიუჯეტის გულშემატკივარ“ პარლამენტარებს უშიშროების ყოფილი მუშაკების შემთხვევაში არ ანაღვლებთ! მხოლოდ რეპრესირებულების შემთხვევაში ეთანღრებათ გული!
ზემოთ, პირველ და მეორე ჯგუფებზე მსჯელობისას რეპრესირებულების ჯგუფიდან გამოვყავი ყოფილი პოლიტპატიმრები, ხოლო მეორე ჯგუფიდან - უშიშროების ყოფილი მუშაკები, რათა ის საოცარი პარადოქსი მეჩვენებინა, რაც გამოიხატება პარლამენტის დამოკიდებულაში მათ მიმართ.
ალბათ ძალიან სამართლიანი და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ პარლამენტსაც ორივე ჯგუფიდან ცალ-ცალკე გამოეყო ყოფილი პოლიტპატიმრები და უშიშროების ყოფილი მუშაკები და მათთვის ყველა დანარჩენისაგან განსხვავებული პენსიები და შეღავათები დაეწესებინა, კერძოდ, ყოფილ პოლიტპატიმრებს სიმბოლურად თუნდაც ერთი ლარით მეტი პენსია ჰქონოდათ მათ დამსჯელ უშიშროების ყოფილ მუშაკებზე!
პარლამენტი, ალბათ, ამ ბრალდებებზე თავს გაიმართლებს. რატომაც არა! პარლამენტში ხომ უამრავი იურისტია. იურისტებს კი, მოქნილი ენის წყალობით, შეუძლიათ მშვენივრად დაასაბუთონ, რომ თეთრი თეთრია, შავი კი შავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთივე წარმარტებით შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ თეთრი შავია, შავი კი თეთრი!..
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება:
დღეს რომ საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ცოცხალი ყოფილიყო, იგი, როგორც ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი, მიიღებდა ჩველებრივი, რიგითი ადამიანების პენსიაზე ნაკლებს, მაშინ როდესაც მისი ჯალათები - საბჭოთა უშიშროების ყოფილი მუშაკები - რამდენჯერმე მეტ პენსიას ღებულობენ...
ყოჩაღ, ყოჩაღ, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტო!

2005

მ ი ნ ა წ ე რ ი: ეს წერილი ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა დაწერილი. ქართული ოცნება უკვე მეექვსე წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ ამ საკითხს ძვრა არა აქვს - არც იურიდიულად და არც მორალურად! საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებას 2002 წლიდან ამაოდ ელის!..

 2017



           ქართული პოლიტიკა ასიმილაციის საკითხში

ტერიტორიული მთლიანობა დღეს საქართველოში უპირველესი პრობლემაა.
ამიტომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პრობლემას უკავშირდება, გულდასმით და დაკვირვებით განხილვის ღირსია.
ერთი ასეთი საკითხია ასიმილაცია.
საინტერესოა დავუკვირდეთ, ასიმილაციის მიმართ როგორი პოლიტიკა აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და როგორი გვაქვს ჩვენ, ქართველებს.
ჯერ სხვების პოლიტიკა გავიხსენოთ, რომლისგანაც რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი, ქართული პოლიტიკა.
დავიწყოთ აფხაზებით (ეს ეთნიკური ტერმინი აქ გამოყენებულია დღევანდელი, და არა ისტორიული გაგებით).
დღეს აფხაზური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული წარმოშობისაა. ესენია საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქ მოუწიათ ცხოვრებამ.
ამ ქართველთა გააფხაზებას, ანუ აფხაზებად ასიმილირებას, ხელი შეუწყო გარკვეულმა პრივილეგიებმაც, რომელთაც აფხაზების მიმართ აწესებდა ხელისუფლება. მაგრამ, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, გააფხაზების ამ პროცესს მიესალმებოდნენ და ხელს უწყობდნენ თვით ეთნიკური აფხაზები, რადგან ამით თავიანთ დემოგრაფიულ ხვედრით წილს იმაღლებდნენ რეგიონში.
ახლა სომხური პოლიტიკა გავიხსენოთ.
რუსული ცარისტული რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით ქართული სამღვდელოებისაგან დაცლილ ბევრ ქართულ რეგიონში სომეხი გრიგორიანელი მღვდლები ქართველ ბავშვებს არა მარტო გრიგორიანელებად ნათლავდნენ, არამედ, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სომხურ გვარ-სახელს აძლევდნენ, რაშიც აშკარად ჩანს მათი მისწრაფება - ამ გზით ქართული მოსახლეობა სომხურ მოსახლეობად შერაცხულიყო და სომხური ხვედრითი წილი გაზრდილიყო რეგიონში. ასე გაასომხეს მათ უამრავი ქართველი. (საბედნიეროდ, ჩვენი ეროვნული მოღვაწეების ძალისხმევით, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით 1980-იანი წლებიდან მოყოლებული 200 ათასამდე ასეთმა სომეხმა“ დაიბრუნა ქართული გვარები, გარკვეული წრეების წინააღმდეგობის მიუხედავად).
ასეთივე ასიმილატორულ პოლიტიკას ეწევა აზერბაიჯანიც..
აზერბაიჯანელებმა საინგილოს ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გაააზერბაიჯანელა. ამ ნაწილს არა მხოლოდ რელიგია შეუცვალეს, არამედ, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, გვარ-სახელებიც. აქაც აშკარაა მიზანი.
ახლა რუსული პოლიტიკის შესახებ.
რუს იმპერიალისტებს ქართველებისათვის სარწმუნოების შეცვლა არ დასჭირვებიათ, მაგრამ ქართველებს აიძულებდნენ რუსული ცხოვრების წესით ეცხოვრათ, რუსულ ენაზე ელაპარაკათ, რუსულ ყაიდაზე გადაეკეთებინათ გვარები. ასე მივიღეთ, მაგალითად, ერისტოვი, ჭავჭავაძევი და .. ისინი სრულიად გამიზნულად ახორციელებდნენ რუსიფიკაციის პროცესს თვით ბოლო ხანებამდე. (ასევეა ჩრდილოეთ კავკასიაშიც).
როგორც აშკარად ჩანს, სახეზე გვაქვს ჩვენი მეზობლების სრულიად გამიზნული, კარგად გაცნობიერებული და დაგეგმილი ეროვნული პოლიტიკა: დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობის განმტკიცება სხვა ერების (კერძოდ, ჩვენი ერის) ასიმილირების ხარჯზე.
ახლა ვნახოთ. როგორ პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ამ თვალსაზრისით.
სრულიად საწინააღმდეგოს!
ჩვენ არათუ იმას ვცდილობთ, ქართველობა ძალდატანებით მივაღებინოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ არაქართველებს (როგორც ამას ჩვენს მიმართ აკეთებენ), არამედ იმათაც კი სასტიკად ვეწინააღმდეგებით, რომელთაც თავისი ნებით გაუჩნდებათ ამის სურვილი. მეტიც, - რაც მართლაც რომ გასაოცარია, - ქართველობის დაბრუნებაში ვეწინააღმდეგებით წარმოშობით ქართველებსაც კი! სხვათა მიერ ძალადობრივად ასიმილირებულ ქართველებს!
ამასთან, თითქოს ძალიან ბევრნი ვიყოთ ქართველები, ქართველის სახელსაც კი ვართმევთ სხვა სარწმუნოების ქართველებს: გრიგორიანელ ქართველს სომეხს“ ვეძახით, კათოლიკე ქართველს - ფრანგს“, მუსულმან ქართველს - თათარს“, თურქს“ და . ., და ამით ქართველების რაოდენობას ხელოვნურად ვამცირებთ, თუნდაც მხოლოდ პირობითად, საზოგადოების თვალში.
აი, ასეთია ჩვენი პოლიტიკა! ძალიან მცდარი პოლიტიკა!
არადა, ჩვენი დემოგრაფიული, პოლიტიკური, ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, სწორედ ჩვენ გვმართებდა იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები (ჩვენში კი აფხაზები) ჩვენს მიმართ მიმართავენ. (ბუნებრივი მატებითაც თითქმის ყველას ჩამოვრჩებით).
ახლა ზნეობის თვალსაზრისით შევხედოთ ამ მოვლენას. იქნებ ზნეობრივი გამართლება მაინც აქვს ჩვენს პოლიტიკას!
ეთნიკური ჯგუფის ასიმილირების შემთხვევა ორი სახისაა: 1. როცა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს თავის ისტორიულ ტერიტორიაზე, მაგრამ შედის სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში (მაგალითად ტაო-კლარჯეთში და საინგილოში მცხოვრები ქართველები...); 2. როცა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს სხვის ისტორიულ ტერიტორიაზე (მაგალითად საქართველოში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანლები, ოსები... სხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით მცხოვრები ქართველები)
ორივე შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ასიმილირება არაა მაინც და მაინც ზნეობრივი საქციელი, მაგრამ როგორც ყოველთვის, აქაც სხვადასხვა დონის არაზნეობრიობასთან გვაქვს საქმე.
მაგალითად, სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი, მაგრამ თავის ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ასიმილირება გაცილებით არაზნეობრივი საქციელია, ვიდრე სხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ასიმილირება.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ სათქმელი, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე - ტაო-კლარჯეთსა და საინგილოში მცხოვრები ქართველების ასიმილირება (ან ასიმილირების მცდელობა) გაცილებით არაზნეობრივი საქციელია, ვიდრე ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები, სხვა ქვეყნებიდან მოსული არაქართველების ასიმილირება. მეტიც, თუკი დავყვებოდით ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები არაქართველების უმრავლესობის სურვილს გაქართველების (ქართული გვარების მიცემის) შესახებ, ეს აბსოლუტურად ზნეობრივი საქციელი იქნებოდა. არადა, ასეთი სურვილი გარკვეულ პერიოდში მათ მართლაც ჰქონდათ და როცა ერთეულ შემთხვევებში ასეც ხდებოდა ხოლმე, ეს იწვევდა საზოგადოებრიობის დიდ აღშფოთებას. აი, სწორედ ამ აღშფოთებას შეიძლება ვუწოდოთ უზნეობა!
მაგრამ ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ.
ასიმილირების პოლიტიკური მნიშვნელობა - რეგიონში პოლიტიკურიწონისამაღლება - ძალიან კარგად ესმით იმ ერებს, რომლებიც სხვათა ასიმილაციას, ძალადობრივსაც კი, ხელს უწყობენ.
ასიმილირების პოლიტიკური მნიშვნელობა აბსოლუტურად არ გვესმის ჩვენ, ქართველებს, რადგან არათუ ხელს ვუწყობთ სხვა ერების გაქართველებას (ძალადობრივზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!), არამედ, ძირითადად, გააფთრებით ვეწინააღმდეგებით ამის ნებაყოფლობით მსურველებსაც კი!
სრულიად ცხადია: საქართველოში მცხოვრები არაქართველების ასიმილირებისათვის ხელი რომ შეგვეწყო (ან თუნდაც ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა არ გაგვეწია), დღეს, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აღარ გვქონოდა და ამის პოტენციური საშიშროებაც გამორიცხულიყო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, ეთნიკური ჯგუფები აღარ გახდებოდა რუსეთის საყრდენი ძალა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან ისინი გაქართველებულები იქნებოდნენ.
ამაზე ლაპარაკი დღეს, რა თქმა უნდა, გვიანია. ამის შანსი პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ. (თუმცა თეორიული შესაძლებლობა, ალბათ, არსებობს).
მაშ, რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს?
აქვს!
საქმე ისაა, რომ თუკი დავინახავთ, როგორ დაგვაზარალა ჩვენმა მცდარმა და უგუნურმა პოლიტიკამ ასიმილაციასთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, იქნებ სამომავლოდ მაინც გავითვალისწინოთ ეს, - იმ პრობლემის გადაწყვეტისას, რომელიც ასევე ასიმილაციას უკავშირდება.
მხედველობაში გვაქვს 1944 წელს საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის პრობლემა.


ჩვენს საზოგადოებაში მაჰმადიანი მესხების გამო, სამწუხაროდ, მძაფრი დაპირისპირება არსებობს. ეს დაპირისპირება რომ გამოირიცხოს, ან თუნდაც შემცირდეს, აუცილებელია საერთო შეხების წერტილის, საერთო ნიადაგის გამონახვა, რაც, ალბათ, შესაძლებელია.
რა შეიძლება გამოგვადგეს საერთო ნიადაგად?
ისევ დავუბრუნდეთ ასიმილაციის პრობლემას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოვლენისადმი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს სრულიად განსხვავებული პოლიტიკა გვაქვს.
ორივე პოლიტიკა - ჩვენი მეზობლებისაც და ჩვენიც - არაბუნებრივია, მეტიც - არაზნეობრივია.
არაბუნებრივი და არაზნეობრივია ის, რომ ერმა თავისი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობა გაიუმჯობესოს სხვა ერების ძალადობრივი ასიმილირების ხარჯზე (ჩვენი მეზობლების პოლიტიკა).
არაბუნებრივი და არაზნეობრივია ისიც, რომ ერმა თავისი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობა არ გაიუმჯობესოს სხვა ერების ძალადობით ასიმილირებული საკუთარი ხალხის უკუ-ასიმილირების ხარჯზე! (ჩვენი პოლიტიკა).
სრულიად ბუნებრივია ის, რომ ყოველმა ერმა თავისი დაკარგული შვილები, სხვადასხვა მიზეზით სხვათა მიერ ასიმილირებულები, თავისი სისხლი და ხორცი, თავისი ჯიში - დაიბრუნოს თავის წიაღში, მოახდინოს მათი უკუ-ასიმილირება.
უკუ-ასიმილირება - სხვათა მიერ ძალადობრივად ასიმილირებული მოსახლეობის ბუნებრივ, საკუთარ ეროვნულ მდგომარეობაში დაბრუნებაა.
განა შეიძლება, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს?
სხვათა მიერ ასიმილირებული ქართველების უკუ-ასიმილირება წარმოადგენს ჭეშმარიტად მაღალზნეობრივ მეთოდს ჩვენი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობის განსამტკიცებლად, განსხვავებით სხვათა ასიმილირებისა, რასაც ამავე პოლიტიკური მიზნით მიმართავენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები.
ვფიქრობ, სწორედ ეს მაღალზნეობრივი მეთოდი - უკუ-ასიმილირება - შეიძლება გამოდგეს იმ საერთო ნიადაგად, რომლის საფუძველზეც მესხეთიდან გასახლებული მაჰმადიანი ქართველების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უნდა ჩამოვაყალიბოთ.
ცხადია, უკუ-ასიმილირება შეეხებათ მხოლოდ იმ მაჰმადიან მესხებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ქართული ცნობიერება და თურქობენ, ხოლო იმათ, რომელთაც შენარჩუნებულუი აქვთ ქართული ცნობიერება, უკუ-ასიმილირება შეეხებათ მხოლოდ ფორმალურად - გვარებისა და ეროვნების აღდგენის თვალსაზრისით.
თუკი უკუ-ასიმიმილირების დიდი სიკეთის გაცნობიერების საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ ჩვენს დამოკიდებულებას მაჰმადიან მესხთა მიმართ, ეს აუცილებლად იქცევა იმ კეთილსასურველ ფონად, რაც საშუალებას მოგვცემს მათი ჩამოსახლების რთული და მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამის მოვლენად ვაქციოთ.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ უკუ-ასიმილირების მაღალზნეობრივი მეთოდი ზედმიწევნით შეესაბამება მაცხოვრის სიტყვებს:
როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცხდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია. (მათე, 18, 12-13).
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე ზემოთქმულიდან?
როგორც აღვნიშნეთ, ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრი ასიმილაციის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში უაღრესად მცდარი და უგუნურია.
როგორ შეიძლება ის სწორი და გონივრული იყოს მეორე საკითხში - მაჰმადიანი მესხების საკითხში?
როგორც ვთქვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ასიმილაციის გამოყენების შანსი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ.
მაგრამ მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ასიმილაციის გამოყენების შანსი, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს. ეს არის გათურქებული მაჰმადიანი მესხების ქართველებად ასიმილირება, ანუ მათი უკუ-ასიმილირება.
რაც შეეხება ქართველობა-შენარჩუნებულ მაჰმადიან მესხებს, მათ, ცხადია, ეს პროცესი არ სჭირდებათ.
სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრი ძირითადად ქართველობა-შენარჩუნებულ მაჰმადიან მესხებსაც თურქებს“ უწოდებს და მშობლიურ ქართულ წიაღში მათ დაბრუნებაზე უარს ამბობს.
ამაზე მეტი უგუნურება კი ყოვლად წარმოუდგენელია!
დროა, შეცდომებზე ვისწავლოთ!
ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ხომ ბრწყინვალედ“ გვაქვს მოგვარებული!
ასევე ბრწყინვალედ“ მოვაგვარებთ მაჰმადიანი მესხების პრობლემასაც, თუ დროულად არ გამოვფხიზლდებით და გავაგრძელებთ ყოვლად უგუნურ პოლიტიკას ასიმილაციის საკითხში, ანუ არ გამოვიყენებთ უკუ-ასიმილირების მაღალზნეობრივსა და უაღრესად სწორ პოლიტიკურ მეთოდს.
არადა, მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოგვარება აუცილებლად მოგვიწევს, თუნდაც ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების გამო...


2006




ოპოზიციის როლი ხელისუფლების გადაგვარებაში

ვარდების რევოლუციას პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად შეხვდა, გაცილებით დიდი ნაწილი კი - იმედითა და სასოებით. დღეს ფაქტია, რომ ამ უკანასკნელებს დიდი იმედგაცრუება ხვდათ წილად. ვარდების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისათვის. ხოლო ისინი, რომლებიც თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი ვარდების“ ხელისუფლების მიმართ, დღეს ამაყად და ნიშნის მოგებით აცხადებენ: აი, ხომ გეუბნებოდითო!.. ქვეტექსტი ნათელია: მაშინ არ დაგვიჯერეთ, აწი მაინც დაგვიჯერეთო...
აქ საქმე რომ ეხებოდეს,  ერთის მხრივ, პოლიტიკურ ელიტას, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავ ადამიანებს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მაგრამ ორივე ზემოთხსენებულ პოზიციაზე მდგომთა შორის იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკაში საერთოდ გაუცნობიერებელნი, არამედ პოლიტიკაში ღრმად ჩახედულებიც კი!
მაშ, რაშია საქმე? ვინ რა შეცდომა დაუშვა პოლიტიკურ პროგნოზებში, ანალიზებში, თეორიულ და პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში?
ამის გასარკვევად, მოდით, ჯერ ელემენტარული ჭეშმარიტებები გავიხსენოთ.
პოლიტიკურ ცხოვრებას საერთოდ, ხოლო კერძოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას  შორის ურთიერთდამოკიდებულებას, გარკვეული კანონზომიერებები ახასიათებს, რომელთა საფუძველზე შეიძლება აიხსნას ბევრი ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით გაუგებარი ჩანს.
ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფაქტორებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ხელისუფლების ფაქტორი, საერთოდ, ცხადია, უდიდესია, რამდენადაც იგი ძალაუფლების ძირითად ბერკეტებს ფლობს.  მაგრამ სწორედ ამის გამო იგი ყოველთვის დგება ცდუნების წინაშე, ბოროტად გამოიყენოს ეს ბერკეტები, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესაძლებლობა კი ყოველთვის აქვს, თუკი არ არსებობს მისი შემზღუდველი, შემაჩერებელი ძალები. (ამ თვალსაზრისით კარგი კანონები საკმარისი არაა, რადგან ცუდ ხელისუფლებას მათი დარღვევაც შეუძლია). აქვე უნდა გავიხსენოთ საყოველთაოდ აღიარებული ცნობილი გამონათქვამი, რომ ძალაუფლება ხელისუფალს რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. (ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნებას უძლებს, იშვიათი გამონაკლისია, ამიტომ ქვემოთ არა ასეთ გამონაკლისებზე, არამედ ჩვეულებრივ“ ხელისუფლებაზე ვილაპარაკებთ).
ამის გათვალისწინებით, კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების კონკურენტი ძალის, ოპოზიციის ლეგალური დამკვიდრება, მისი როლის აღიარება ქვეყნის წინსვლის საქმეში, ოპოზიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების მინიჭება, მათ შორის იმის უფლებისა, რომ მან არჩევნების გზით (იგულისხმება სამართლიანი არჩევნები), მშვიდობიანად შეძლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს უფლებები წარმოადგენს იმ ბერკეტებს ოპოზიციის ხელში, რომლითაც იგი აიძულებს ხელისუფლებას, სწორად მართოს ქვეყანა, ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება, არ დაარღვიოს კანონები და .., წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამხილოს იგი და მოსახლეობა მისი შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს. (თავისთავად იგულისხმება, რომ ოპოზიციას თავისი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და .. ალტერნატიული პროგრამა უნდა ჰქონდეს). ოპოზიცია მით უფრო კარგად ასრულებს თავის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რაც უფრო სამართლიანი, ძლიერი და კონკურენტუნარიანია იგი. სწორედ ასეთ ოპოზიციას უწევს ანგარიშს ხელისუფლება და არჩევნებში დამარცხების თავიდან ასაცილებლად ცდილობს, ოპოზიციას არ მისცეს კრიტიკის საბაბი.  ეს კი, ცხადია, ქვეყნისთვისაა სასარგებლო.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციონერებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და მისია.
რადგან ხელისუფლებაში მშვიდობიანი მოსვლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს, უფრო სწორად, არჩევნების უფლების მქონე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აუცილებელია გავიაზროთ ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის დონე, მისი განწყობილება, მისი შეხედულებები და მისწრაფებები, და, აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება (ნდობის თვალსაზრისით) ხელისუფლებასთან და მის კონკურენტ ოპოზიციურ ძალებთან. თუ რამდენად არის მდგომარეობა ნორმალური ამ თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებული რეალობის გათვალისწინება, ცხადია, აუცილებელია, რათა ნაკლებად იქნას დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომები პოლიტიკური ელიტის მხრიდან.
ჩვენისთანა მცირე პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყნისათვის (დღევანდელი მდგომარეობით) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გავლენიანი დიდი სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი, კერძოდ მათ მორალურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას არსებული ხელისუფლებისადმი მისი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ან  ოპოზიციისადმი, მისი ხელისუფლებაში მოსვლაში დახმარების მიზნით. ცხადია, ეს ქვეყნის დალხინებული ყოფის მაჩვენებელი არ არის, მით უფრო, თუ ეს მხარდაჭერა ფინანსურადაც გამოიხატება, მაგრამ ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. (თუმცა ისიც უნდა ითქვას, გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური ელიტისაც და მოსახლეობისაც ეს  დასაშვებად მიაჩნია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას).
ახლა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განვიხილოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე, კერძოდ, როგორ მოხდა, რომ გამართლდა თავიდანვე გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ვარდების ხელისუფლებისადმი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილისა (მათ შორის იმათიც კი, რომლებიც პოლიტიკაში ძალიან ცუდად ერკვეოდნენ, - ასეთებიც ხომ იყვნენ უარმყოფლებში“!), ხოლო არ გამართლდა  ვარდებისადმი“ დადებითად განწყობილთა პოზიცია, მათ შორის პოლიტიკაში ღრმად ჩახედული პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაზე.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამის ახსნა შესაძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების, ოპოზიციის, მოსახლეობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვმსჯელობდით.


ვარდების რევოლუციას“ წინ უძღოდა მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, რაც, სხვადასხვა მანიპულაციების წყალობით, კარგად გამოიყენა ეგრეთ წოდებულმა ქარიზმატულმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გარე ძალების მხარდაჭერით. შევარდნაძის მიმართ უარყოფითი მუხტი ისე ძლიერი იყო (ამის მიზეზებზე მსჯელობა ამ შემთხვევაში საჭირო არაა), მოსახლეობა უკვე ვეღარ ითმენდა მის ხელისუფლებას, მით უფრო, რომ მისი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა ისახებოდა.
ამიტომ შევარდნაძის დროზე ადრე მშვიდობიან გადადგომას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი (მით უფრო, რომ ხელისუფლების დროზე ადრე შეცვლის პრეცედენტი უკვე არსებობდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, თანაც გაცილებით ტრაგიკული და სისხლიანი, და ამდენად ყოვლად მიუღებელი, ვიდრე მშვიდობიანი გადადგომა).
ძალიან საყურადღებოა, რომ ვარდების რევოლუციას“ მხარი დაუჭირა არა მხოლოდ ამ რევოლუციის საზღვარგარეთელმა ხელშემწყობებმა, არამედ თითქმის მთელმა მსოფლიომ.
ახლა ვნახოთ, როგორი იყო პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ვარდების“ ხელისუფლებისადმი.
„მოქალაქეთა კავშირი“ საერთოდ გაქრა პოლიტიკური სცენიდან.
რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს, მათგან ერთი - ახალ პარლამენტში მოხვედრილი მემარჯვენეები“ არსებული ხელისუფლების ძალადობრივი, თუნდაც მშვიდობიანი შეცვლის კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე და ამის გამო მძაფრად აკრიტიკებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.
მეორე - პარლამენტს გარეთ დარჩენილი ლეიბორისტული პარტია თავად მოითხოვდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას, ოღონდ თავის სასარგებლოდ და არა სააკაშვილისა და მის თანაგუნდელთა სასარგებლოდ, რომლებიც, ლეიბორისტების საკმაოდ სამართლიანი თქმით, იგივე მოქალაქეთა კავშირელები, შევარდნაძის გამოზრდილები იყვნენ.
დანარჩენი წვრილი პარტიები სურათს, ფაქტობრივად, არ ცვლიდა.
ფაქტია, რომ სააკაშვილის ოპოზიცია გაცილებით სუსტი იყო სააკაშვილის მომხრე ძალებთან (მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, საერთაშორისო მხარდაჭერა) შედარებით. ძალთა ეს დისბალანსი ძალიან უმნიშვნელოდ შეცვალა ოპოზიციის მხარეზე სააკაშვილის მომხრეთა ერთი ნაწილის გადასვლამ.
ძალთა ამ დისბალანსის გამო, ვეღარ გრძნობდა რა სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენციას ოპოზიციის მხრიდან, გაჩნდა სრულიად კანონზომიერი საფრთხე, ხელისუფლება დამდგარიყო ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე (მით უფრო, რომ შევარდნაძის დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საკმაო გამოცდილება ჰქონდათ; ვარდების რევოლუციაც“, ფაქტობრივად, არაკონსტიტუციური აქტი იყო).
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ოპოზიციის გაძლიერება, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
მაგრამ მოხდა პირიქით: ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ზემოთხსენებული საფრთხე.
რამ გამოიწვია ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება?
საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი. ოპოზიციამ სწორედ ეს ნდობა დაკარგა თანდათანობით (გარკვეულ დრომდე), ოპოზიციის ხშირად არასამართლიანი და არაობიექტური, ზოგჯერ კი სამართლიანი და ობიექტური, მაგრამ მოსახლეობისათვის გაუგებარი (ან ძნელად გასაგები) პოზიციის გამო.
დავუკვირდეთ, რა ხდებოდა ვარდების“ ხელისუფლების პირველ ხანებში და როგორ აღიქვამდა მას მოსახლეობა და ოპოზიცია.
სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას გრძნობდა თითქმის მთელი მოსახლეობისა და თითქმის მთელი მსოფლიოსაგან, მოკლე დროში  საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით): შეიცვალა აჭარის ხელისუფლება; გაძლიერდა ბიუჯეტის შევსება, რამაც მოაწესრიგა ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემისა და გაზრდის პრობლემა (შევარდნაძის დროს წლობით და თვეობით რომ გვიანდებოდა); მოწესრიგდა დენის პრობლემა, რომლის გამოც მოსახლეობა წლობით იყო გაწამებული; მკვეთრად გაუმჯობესდა ჯარის მდგომარეობა (შევარდნაძის დროს მცირეხელფასიანი ოფიცრობა, გამოუკვებავი, ჩაუცმელი, არადისციპლინირებული ჯარი); გაუქმდა საგზაო პოლიცია, რომელიც ასევე აწამებდა მოსახლეობას, და სხვა, და სხვა.
ამის პარალელურად ხდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები ხელისუფლების მხრიდან: არადემოკრატიული ცვლილებები კონსტიტუციაში; კანონების არად ჩაგდება კრიმინალების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; მეტწილად არასწორი რეფორმები მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში და სხვა; განსხვავებული აზრის იგნორირება პარლამენტშიც კი და .., საერთოდ, არადემოკრატიული ტენდენციები...
ამ უარყოფით ტენდენციებს, რომლებზეც ძალიან მწვავედ და სრულიად სამართლიანად რეაგირებდა ოპოზიცია, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ  ყურადღებას არ აქცევდა (ან ნაკლებ ყურადღებას აქცევდა) მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სოციალური პრობლემების მოგვარება, საერთოდ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუციაზე და სხვა პოლიტიკურ მაღალ მატერიებზე“ ფიქრი.
რას ისმენდა ამ დროს მოსახლეობა ოპოზიციისაგან?
ისმენდა ვარდების“ ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებს, რომელიც, ვიმეორებ, ძალიან სამართლიანი იყო ხელისუფლების მიერ კანონდარღვევების საკითხში, მაგრამ იმდენადვე ძალიან უსამართლო - ხელისუფლების მიღწევების საკითხში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკური მაღალი მატერიების შესახებ ფიქრისაგან შორს არის, ხოლო რამდენადაც ხელისუფლების მიღწევებით სოციალურ საკითხებში ძალიანაც კმაყოფილი იყო, ამიტომ იგი ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ კრიტიკას ასევე მკვეთრად უარყოფითად უყურებდა და ოპოზიციას აღიქვამდა, როგორც უსამართლოს, უმადურს, დაუნახავს, ინტრიგანს, მხოლოდ სკამებისათვის მებრძოლს და ..    
ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა ისიც, რომ, როდესაც რომელიმე ოპოზიციონერს ჩაეკითხებოდნენ, ნუთუ ვერაფერს ხედავ პოზიტიურს ხელისუფლების საქმიანობაშიო, იგი, როგორც წესი, პასუხობდა, - როგორ არა, ვხედავ. მაგალითად, შადრევნები გააკეთეს, სახლები შეღებეს... ეს, ცხადია, იყო ხელისუფლების გარკვეული მიღწევების არაობიექტური, ცინიკური შეფასება. (საერთოდ, ქართული ოპოზიცია ტრადიციულად ასეთია - უკიდურესობაში გადავარდნილი; ჩვენებური ოპოზიციისათვის დიდ სირცხვილად ითვლება ხელისუფლებაზე რაიმე დადებითის თქმა, თუნდაც ეს დადებითი ძალიან რეალური და აშკარა იყოს).
მოსახლეობა იმასაც ხედავდა, რომ ვარდების“ ხელისუფლებას თითქმის მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს (რასაც, თავის მიღწევებთან ერთად, ხელისუფლება ოსტატურად აპიარებდა).
ყოველივე ამის გათვალიწინებით, სრულიად არაა საკვირველი, რომ ოპოზიციამ სახელი გაიტეხა მოსახლეობაში და ნდობა დაკარგა, ამან კი მისი კიდევ უფრო მეტი დასუსტება გამოიწვია. (გავიხსენოთ, ოპოზიციის სიძლიერეს დიდწილად მოსახლეობის ნდობა განაპირობებს). 
ერთი სიტყვით, ოპოზიცია თავისივე არაობიექტურობამ დაასუსტა.
რამდენადაც სუსტი ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბერკეტების უკანონო გამოყენების შეჩერებას ვერ ახერხებს, სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების ნეგატიური ტენდენციებიც კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, - ამაყად და ქედმაღლურად აცხადებდნენ ისინი და ამას პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ.
ოპოზიციის დასუსტებით დაიმედებული თავგასული ხელისუფლება ახლა კონსტიტუციის ხელყოფას და სხვა პოლიტიკური მაღალი მატერიების“ სფეროს აღარ დასჯერდა და სოციალურ სფეროშიც უშიშრად და არხეინად დაიწყო მოსახლეობის შევიწროება: კერძო საკუთრების მასობრივი ხელყოფა; გარემოვაჭრეების დარბევა; ლტოლვილების ბარბაროსული გამოყრა წინა ხელისუფლების მიერ მათთვის გადაცემული შენობებიდან და მათი უსახლკაროდ დატოვება; სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაუქმება; მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრობის ღირებულების გაორმაგება; სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა დაწესებულებებისათვის მათი კუთვნილი შენობების წართმევა და სხვა და სხვა. ხელისუფლების თავგასულობამ პიკს 2007 წლის მეორე ნახევარში მიაღწია.
სრულიად ნათელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების პროგრესირებაში ოპოზიციის არაობიექტურობას (ანუ არაობიექტურობის მიზეზით დასუსტებას) მაპროვოცირებელი ღვაწლი“ მიუძღვის
მაგრამ ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, უკუპროცესი დაიწყო: მოსახლეობის უკმაყოფილების მკვეთრი ზრდის გამო  თითქმის ერთმანეთს დაემთხვა მოსახლეობისა და ოპოზიციის აზრი ხელისუფლების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში ოპოზიციისადმი ნდობის აღდგენა და კიდევ უფრო გაზრდა.
უკმაყოფილების აფეთქებაში 2007 წლის შემოდგომაზე ნაპერწკლის როლი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურმა განცხადებებმა ითამაშა.
დაიწყო ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო მიტინგები.
ხალხის მხარდაჭერასა და სუსტ ოპოზიციას შეჩვეული ხელისუფლება ძალიან დააბნია განრისხებული ხალხისა და გაძლიერებული ოპოზიციის ხილვამ. ამ დაბნეულობის ლოგიკური გამოვლინება იყო 7 ნოემბერი, რომლის შემდეგ საერთაშორისო აღშფოთებამ ცივი წყალი გადაასხა მსოფლიო მხარდაჭერით განებივრებულ ხელისუფლებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, გაძლიერებულ ოპოზიციას ხელისუფლებამ უკვე ანგარიში გაუწია და ბევრ მნიშვნელოვან საკითხში დაიხია უკან, სააკაშვილის პირიდან კი სულ თაფლმა და შაქარმა“ დაიწყო დენა.
აქედანაც კარგად ჩანს, რომ ცუდი გზით მავალი ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას, ძლიერ შემაკავებელ ძალებს შეუძლია.
ამასვე ადასტურებს შემდგომი მოვლენებიც.
5 იანვარს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც არნახული დარღვევების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილი. ხალხი აღშფოთდა, იყო უზარმაზარი საპროტესტო მიტინგები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არჩევნების შედეგებს გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით მხარი დაუჭირა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აშშ- (თუმცა იყო მძაფრი კრიტიკაც და ისეთი შენიშვნებიც კი, რომლის გათვალისწინება სრულიად საპირისპიროდ შეცვლიდა არჩევნების შედეგებს). ოპოზიციამ ვერც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება აიძულა ხელისუფლებას, ვერც ხმების გადათვლა, ვერც საარჩევნო კოდექსის შეცვლა... ერთადერთი რამ, რაც მოახერხა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა, თანაც არც ისე წარმატებით.
მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ოპოზიციამ არასწორად იბრძოლა, ამდენად მისადმი ნდობა ისევ შემცირდა (ამას ოპოზიციის დაქსაქსვამაც ძალიან შეუწყო ხელი), არსებულმა ხელისუფლებამ კი ისევ შეინარჩუნა საერთაშორისო მხარდაჭერა, თუმცა საკმაოდ შემცირებული და კრიტიკული.
თითქმის იგივე განმეორდა 21 მაისს საპარლემენტო არჩევნებზეც.
ხელისუფლებამ დაინახა, რომ კანონების დარღვევა კვლავ შერჩა, ხოლო ოპოზიცია ისევ დასუსტდა. მას იმედი გაუჩნდა, რომ ძველებურად არხეინად და უშიშრად შეეძლო ჩვეული დანაშაულებრივი მოღვაწეობის გაგრძელება.
ამის კანონზომიერი, ლოგიკური შედეგი იყო 2008 წლის აგვისტო...
დღეს ყველაფრიდან ჩანს, რომ ისევ მოსალოდნელია ოპოზიციისადმი მოსახლეობის ნდობის გაზრდა, მით უფრო, რომ ოპოზიციაში ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალები გადავიდა.
ღმერთმა ჰქნას, ამჯერად მაინც დამთავრდეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება...
მაგრამ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან?
რამდენადაც ხელისუფლება მეტწილად მიდრეკილია ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენებისაკენ;
რამდენადაც ხელისუფლების ეს მიდრეკილება უნდა გაანეიტრალოს, ხოლო ამის ყოველი გამოვლინება უნდა აღკვეთოს ძლიერმა ოპოზიციამ;
რამდენადაც ოპოზიციის სიძლიერეს განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ მოსახლეობის მხარდაჭერაც;
რამდენადაც ოპოზიციისადმი მოსახლეობის მხარდაჭერას განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ სიმართლე, ობიექტურობა (განსაკუთრებით მისი კონკურენტი ხელისუფლების მიმართ!);  პატიოსნება და გამჭრიახობა პოლიტიკურ ბრძოლებში; აგრეთვე არსებული რეალობის (თუნდაც მოსახლეობის განწყობილების) სწორი გათვალისწინება;
რამდენადაც ოპოზიციას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, თავისი უდიდესი მისია პოლიტიკურ ცხოვრებაში -
ამდენად სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობამ ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა...
  
მკითხველი უთუოდ შენიშნავს, რომ ამ წერილში მთავარი აქცენტები ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე კეთდებოდა (რის გამოც ბოდიშს ვუხდი ღრმათაღრმა ანალიზების მოყვარულებს).
მაგრამ ქვეყნისათვის გაცილებით ჯობდა, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს გუშინ მივყოლოდით, ვიდრე დღეს ხომ გეუბნებოდით“ გვეთქვა.
ხომ გეუბნებოდით“ წამხდარ საქმეს ვეღარ შველის...

 2008, დეკემბერი