დათვური სამსახური
ამას წინათ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა საპირველაპრილო (ცხადია, სახუმარო)„ბრძანებები“. ერთი „ბრძანება“, რომელიც ეკუთვნოდა „კარვის ქალთა საბჭოს“, დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო: „რომან „დათა თუთაშხიას“ ავტორად დამტკიცდეს ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ხოლო რომან „ვაზის ყვავილობის“ ავტორად - ჭაბუა ამირეჯიბი“.
ჩემის აზრით, ეს არის პოლიტიკური სატირის მშვენიერი ნიმუში. იგი ჩვენი ტრაგიკომიკური რეალობის ანარეკლს წარმოადგენს.
ამჯერად ასეთი, ერთობ სასაცილო მოვლენის „მსხვერპლი“ მე გავხდი (თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ვწერ ამ წერილს).
გაზეთში „ძველი სახლი“ (1995 წ. 10 მარტი) სარედაქციო წინათქმით გამოქვეყნდა შუა საუკუნეების გერმანელი მისტიკოსის მაისტერ ეკჰარტის ერთ-ერთი ქადაგება „ტანჯვისათვის“, მთარგმნელი ზვიად გამსახურდია. იგივე მასალა განმეორებით გამოქვეყნდა ერთ-ერთ პერიოდულ კრებულში („ძველი სახლი“, ეზოთერული კრებული, 1996 წ. №1). გაზეთისა და კრებულის სახელწოდებათა იგივეობა გვაფიქრებინებს, რომ ერთი და იგივე გამომცემელთან გვაქვს საქმე.
ამ წერილის დაწერა საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგ შემეძლო, მაგრამ თავი შევიკავე, მეგონა, პუბლიკაციის ავტორი გონს მოეგებოდა. განმეორებითი პუბლიკაციის შემდეგ იძულებული ვარ, გამოვეხმაურო მას, რადგან ავკაცობაზე გაჩუმება ზოგჯერ ავკაცობის წამქეზებელია. „ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ“.
ზემოხსენებული პუბლიკაციის სარედაქციო წინათქმა (უფრო სწორად, ანონიმური „წინათქმა“), რომელშიც მოკლედაა მოთხრობილი მაისტერ ეკჰარტის შესახებ, ასე მთავრდება (ავტორის საკმაოდ ორიგინალური სტილი დაცულია):
„ამა ყოველს, რაც გახლავთ კომპენდიუმი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ (დარჩენილია მხოლოდ 1 ცალი, ხოლო 2 ეგზემპლარი დაიწვა კოლხურ კოშკში) პირველ ქართულ თეოლოგიურ ჟურნალში („საღვთისმეტყველო კრებული“) დაბეჭდილი ზვიად გამსახურდიას მიერ თარგმნილი მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა წინათქმიდან, გავასრულებთ ერთი მოგონებით.
„საღვთისმეტყველო კრებულის“ ძალზე კომპეტენტურ სარედაქციო კოლეგიაში დიდად საჩინო ადგილი ეჭირა ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს, ზვიად გამსახურდიას. ერთ დღეს მან რედაქციაში მოიტანა მეწამული ფერის ყდაში ჩასმული მომცრო წიგნი, რომლის გარეკანზეც შუა საუკუნეთა ჟამინდელი (ჟურნალის მუშაკთათვის იმჟამად უცნობი) მოაზრის სილუეტი იყო გამოსახული. ეს გახლდათ მაისტერ ეკჰარტის „ქადაგებანი“. ბ-ნმა ზვიადმა ვრცლად ისაუბრა ამ სასულიერო მოღვაწის არსსა და მნიშვნელობაზე და შემოგვთავაზა ჟურნალში დაგვებეჭდა რამდენიმე ქადაგება. მყის შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით მოამზადა ამ სასულიერო მოღვაწის ქადაგებათა ქართული თარგმანი. როგორც აღვნიშნეთ, ამ თარგმანის სამუშაოს ლომის წილი ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას. მაგრამ „საღვთისმეტყველო კრებულის“ ამ ნომერში, სადაც ეს ნამუშევარი დაიბეჭდა, ვერ მოხერხდა მისი გვარის მოხსენიება, რადგან მის სახელს ოფიციალური ხელისუფლების მიერ მკაცრზე მკაცრი ტაბუ ედო. ამჟამად, ხელახლა ვანიჭებთ რა ამ თარგმანს ბეჭდურ სიცოცხლეს, აღვადგენთ კიდეც ლიტერატურულ სამართლიანობას და კუთვნილ პატივს მივაგებთ იმ პიროვნებას, ვინც პირველმა აზიარა ქართველი მკითხველი მაისტერ ეკჰარტის დიდად მნიშვნელოვან ნააზრევს.“
მკითხველი ამას რომ წაიკითხავს, უთუოდ უღრმესი მადლიერებითა და პატივისცემით განიმსჭვალება ლიტერატურული სამართლიანობის აღმდგენლის მიმართ. მართლაცდა, რა სჯობს სამართლიანობის აღდგენას! თანაც როგორი ტრაგიკული სურათია დახატული! თურმე ბოლო ორი ეგზემპლარი დამწვარა კოლხურ კოშკში და გადარჩენილი ყოფილა მხოლოდ ერთადერთი ცალი. ქადაგების სათაურიც რა სიმბოლურია -„ტანჯვისათვის“!
ზოგიერთ გულაჩუყებულ მკითხველს შეიძლება მწველი და უიმედო სურვილიც აღეძრას იმ ერთადერთი ეგზემპლარის, ნამდვილი ისტორიული რელიქვიის, წმინდა ნაწილის ხილვისა და მის წინ მუხლებზე დაცემისა!
უნდა დავამშვიდო აფორიაქებული და აღელვებული მკითხველი: ნუ ღელავთ, „გადარჩენილია“ არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი! და ეს კარგად იცის ანონიმმა ავტორმა! უბრალოდ, ტყუის, - ტრაგიკული სურათის დახატვა უნდა! (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ). ასე რომ, იმ თვითგამოცემითი ჟურნალის ხილვა არ არის მაინც და მაინც ძნელი. კონკრეტულად, „საღვთისმეტყველო კრებულის“ ეს ნომერი ალბათ სარედაქციო კოლეგიის ქვემოთ დასახელებულ წევრთაგან რამდენიმე მათგანის ბიბლიოთეკაში მაინც იქნება. აი, ისინიც (თანმიმდევრობა დაცულია ჟურნალის მიხედვით):
„სასულიერნო პირნი: მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ეპისკოპოსი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი კონსტანტინე.
საერო პირნი (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწენი): ნოდარ ნათაძე, მიხეილ ქავთარია, გიორგი ცინცაძე, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ჩხენკელი, ზვიად გამსახურდია, ირაკლი ჯანდიერი, ბესიკ ადეიშვილი, ნოდარ გაფრინდაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, ბორის სოხვაძე, რარა ნაკაშიძე, ლაურა გრიგოლაშვილი, გულნარა კალანდარიშვილი.
მთავარი რედაქტორი: ედიშერ გიორგაძე. მხატვარი: ზურაბ კალანდაძე. ტექნიკური რედაქტორი: თამარ ცეცხლაძე.
სარედაქციო ჯგუფი: ნუგზარ პაპუაშვილი, ანზორ აბჟანდაძე, მირდატ ბერძული, მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე, ნანა ცანავა, კამარ ტიელიძე, ნორა ქართველიშვილი, რუსუდან დაუშვილი, დარეჯან ჯიბლაძე, ვენერა ვაჩეიშვილი, ციცინო არზიანი, ლეილა ფანჯიკიძე.
ფოტოილუსტრაციები პეტრე მაჭავარიანისა.“
მეც, ამ პირთაგან ერთ-ერთს, მაქვს ამ ჟურნალის ერთი ეგზემპლარი და სიამოვნებით ვაჩვენებ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.
ახლა გადავშალოთ „საღვთისმეტყველო კრებულის“ ეს ნომერი (1980წ .№5). იქ შავით თეთრზე წერია: „მაისტერ ეკჰარტი, ბიოგრაფია, მოძღვრება, ქადაგებანი. თარგმნა ანზორ აბჟანდაძემ“.
ეს ანზორ აბჟანდაძე მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი!
რა გამოდის? „ძველი სახლის“ ანონიმი ავტორის მტკიცებით, ქადაგებანი უთარგმნია ზვიად გამსახურდიას, ხოლო ჟურნალში მთარგმნელად ჩემი სახელი და გვარი მიუწერიათ, მე კი ამაზე უსირცხვილოდ დავთანხმებულვარ, ფაქტობრივად, მიმითვისებია „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთი სვეტის“ ნამუშევარი. ან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ რამეს საკუთარი ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას გარეშე არ ჩაიდენდნენ, გამოდის, რომ „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“, ზვიად გამსახურდიას თავისი ნამუშევარი ჩემი სახელისა და გვარის ქვეშ ამოუფარებია.
რა მეთქმის! ახალი დიონისე არეოპაგელი ვყოფილვარ და აქამდე არ ვიცოდი!
„ძველი სახლის“ ანონიმი ავტორი „მინდობს“- ჩემს სახელსა და გვარს არ ახსენებს, „თავს არ მჭრის“ საქვეყნოდ, თანაც საქმეს ისე ხატავს, თითქოს ის არაფერ შუაში იყო, ზვიად გამსახურდიას სახელს ტაბუ ედო და იმიტომ მოხდა ასეო. ახლა ვითომ „ლიტერატურული სამართლიანობა“ აღადგინა!
დალოცვილო ანონიმო ავტორო! თუ თვითგამოცემისეულ ჟურნალ „საღვთისმეტყველო კრებულის“ სარედაქციო კოლეგიაში ზვიად გამსახურდიას გამოჭიმვა არ იყო საშიში, თარგმანზე მისი სახელის მიწერა ვითომ რატომ უნდა ყოფილიყო? პირიქით - ხელისუფლება სწორედ ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო კოლეგიებში არ აჭაჭანებდა ზვიად გამსახურდიას, თორემ თარგმანებს უპრობლემოდ უბეჭდავდნენ, მათ შორის რელიგიურსაც (თუ, რა თქმა უნდა, მის თარგმანებს კომუნისტებისათვის მიუღებელი პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავდა).
მკითხველისათვის რომ ნათელი გავხადო ყველაფერი, იძულებული ვარ, დაწვრილებით გავიხსენო, რა და როგორ მოხდა.
წინასწარ უნდა აღვნიშნო შემდეგი: მე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, „მაისტერ ეკჰარტის დიდად მნიშვნელოვანი ნააზრევის ქართველი მკითხველისათვის პირველად მზიარებლის პატივი“ დავიჩემო. არც იმას ვაპირებ, „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“, ზვიად გამსახურდიას გავეჯიბრო. არც ხსენებული თარგმანები მიმაჩნია მთარგმნელობითი ხელოვნების დიდ მიღწევად არც საერთოდ და არც ჩემს მთარგმნელობით პრაქტიკაში; არც მაინც და მაინც დიდ დანაკლისად მივიჩნევ, მისი ავტორობა რომ ჩამომართვან და „ქართული თეოლოგიური აზრის ერთ-ერთ სვეტს“ კი არა, თუნდაც „ჩხირს“ გადასცენ. მე მხოლოდ ლიტერატურული ეთიკის აღმაშფოთებელი დარღვევა და ჩემი საავტორო უფლებების შეურაცხმყოფელი შელახვა მალაპარაკებს.
საქმე ასე იყო: მაისტერ ეკჰარტის ქადაგებათა რუსული გამოცემა მართლაც ზვიად გამსახურდიამ მოიტანა „საღვთისმეტყველო კრებულის“ რედაქციაში და მისი თარგმნისა და კრებულში შეტანის წინადადება დააყენა. წიგნი სათარგმნელად მე გადმომცეს.
როდესაც თარგმნა დავასრულე, მისი რედაქტირება ზვიად გამსახურდიამ ითავა. მე მოველოდი, რომ ზვიად გამსახურდია საკმაოდ ბევრ ცვლილებას შეიტანდა ჩემს, როგორც „ახალბედა თეოლოგის“ თარგმანში. მაგრამ ჩემდა გასაოცრად და გასახარად, ძალზე ცოტა შესწორება შეიტანა მასში (უმთავრესად სტილისტური).
ამის შემდეგ ჩემს თარგმანებს რედაქტირება გაუკეთა კრებულის მთავარმა რედაქტორმა („ძველი სახლის“ ანონიმმა ავტორმა!). მან ლამის სანახევროდ შეცვალა ჩემი თარგმანი, მეტიც, ზვიად გამსახურდიას ბევრი შესწორებაც კი უკუაგდო!!! ასე რომ, ზვიად გამსახურდიას ისედაც მცირე რაოდენობის შესწორებანი კიდევ უფრო შემცირდა ამ ბოლო რედაქტირების შემდეგ, და, ამდენად, მას არათუ „ლომის წილი” უდევს ხსენებულ თარგმანში, არამედ სრულიად პირიქით - მეტისმეტად მცირე. (თარგმანები წაიკითხა და რამდენიმე სარედაქციო კომენტარი დაურთო ბ-ნმა ნუგზარ პაპუაშვილმა).
ეჭვიანი მკითხველი შეიძლება არ ენდოს ჩემს სიტყვას და პირიქით იფიქროს - ალბათ ზვიად გამსახურდიამ ძალიანაც ბევრი რამ შეცვალა თარგმანში, ფაქტობრივად, ალბათ ხელახლა თარგმნა და ამიტომ ჩათვალეს მის თარგმანადო.
არა, ჩემო ძვირფასო მკითხველო, სიტყვაზე ნდობას არა გთხოვ. ჯარისკაცის მამის, გიორგი მახარაშვილის თქმისა არ იყოს, „დაკუმენტები“ მაქვს ხელში!
საქმე ისაა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზვიად გამსახურდიამ ძალზე ცოტა შესწორება შეიტანა ჩემს თარგმანებში. სამაგიეროდ მთავარმა რედაქტორმა შეიტანა ბევრი, მათ შორის, ჩემი მისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ზოგი ჩემთვის მიუღებელიც (ზოგი წინადადება საერთოდ ამოაგდო, ზოგიც თავისებურად შეცვალა). არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ასეთი რედაქტორული ჩარევა ჩემთვის მიუღებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ საქმე გვქონდა შუა საუკუნეების ავტორთან. ზვიად გამსახურდია აღარ ჩარეულა, რადგან რაღაც სხვა საქმით იყო დაკავებული და ყურადღება აღარ მიუქცევია. ასეა თუ ისე, მთარგმნელი მე ვიყავი და ასეც დაიწერა ჟურნალში, მაგრამ ძალიან კი შევფიქრიანდი - ვინმე დაინტერესებულმა პირმა რომ რუსულ დედანს შეუდაროს თარგმანი და დედნიდან გადახვევის გამო მისაყვედუროს, რა უნდა ვუპასუხო-მეთქი. ამიტომ, რათა ასეთ შემთხვევაში თავი მემართლებინა, მე რედაქციიდან წამოვიღე და ჩემს ბინაში საგულდაგულოდ შევინახე ჩემი, საკუთარ საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი დედნები, რომლებშიც, რაც მთავარია, აშკარად ჩანს რედაქტორული მუშაობის ყველა კვალი - ზვიად გამსახურდიას ჩასწორებანი (მელნით) და მთავარი რედაქტორისა (ფანქრით). წინდახედულებამ გამიმართლა, თუმცა უკვე სხვა მიზეზის გამო.
აი, ეს დედნები მაქვს ხელთ და შემიძლია ვუჩვენო ყველა დაინტერესებულ პირს, თუნდაც ყველაზე ეჭვიან მკითხველს.
ისმება კითხვა: რისთვის დასჭირდა ანონიმ პუბლიკატორს ჩემი თარგმანების მიწერა ზვიად გამსახურდიასთვის?
საქმე ის გახლავთ, რომ ამას აქვს არა ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური ახსნა: მე და ანონიმი პუბლიკატორი სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებით - ის ზვიადისტია, მე კი არა ვარ ზვიადისტი (არავისტი არა ვარ). ჰოდა, სძლია კაცს ცდუნებამ ბატონი ზვიადის „ერთგულებისა და სიყვარულის“ დასამტკიცებლად! აი, ასე ჩააყენა ჩვენმა ანონიმმა პუბლიკატორმა უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში ზვიად გამსახურდიას სახელი!
ახლა არ ვიცი, „კარვის ქალთა საბჭო“ ვის დაამტკიცებს ჩემი თარგმანების ავტორად - მე თუ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია სხვა რამ:
სწორედ ამგვარმა და სხვა გაცილებით მნიშვნელოვანმა „მიწერებმა“ დაღუპა ზვიად გამსახურდია (ფიზიკურ დაღუპვას არ ვგულისხმობ). მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ წელიწადნახევრიანი პატიმრობა და გადასახლება 26 წლამდე გაუზარდეს -„დღეს ზვიად გამსახურდიას 51 წელი შეუსრულდა, კაცს, რომელსაც ცხოვრების ნახევარზე მეტი (ე.ი. მინიმუმ 26 წელი. ა.ა.) პატიმრობასა და გადასახლებაში აქვს გატარებული“. (გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 31.03.90 წ.). სწორედ ამ გზითა და საშუალებებით ხდება ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის კერპად ქცევა და ხელოვნური გაბუქვ-გაბერვა. ასეთი პოლიტიკური მოღვაწე, როგორც წესი, თანდათან მაღლდება და მაღლდება და შემდეგ ერთბაშად ენარცხება ძირს. ეს კანონზომიერი მოვლენაა და მსგავსი მაგალითები ბევრი იცის ისტორიამ. მაგრამ აქ რომ მხოლოდ ერთ პიროვნებას ეხებოდეს საქმე, არა უშავდა რა. სამწუხაროდ, ასეთი პიროვნებების მოღვაწეობას სისხლის ტბორები ახლავს ხოლმე... დამნაშავენი კი მათთან ერთად მათი განმადიდებელნი და კერპადმქცეველნიც არიან.
ნორმალურ, სამართლებრივ ქვეყანაში საავტორო უფლებების დარღვევისა და პიროვნული შეურაცხყოფის საქმეს სასამართლო არჩევს და სათანადოდ სჯის დამნაშავეს. ამ ვითარებამდე ალბათ ჯერ კიდევ დიდი გზა გვიძევს წინ. ამას წინათ ერთმა ჩვენმა პარლამენტარმა რომელიღაც გაზეთის ჟურნალისტს უჩივლა სასამართლოში და პიროვნული შეურაცხყოფისათვის 200 ათასი დოლარი მოითხოვა მისგან. სასამართლო, რამდენადაც ვიცი, არ შედგა. მეც, ცხადია, შემეძლო მეჩივლა ზემოხსენებული პუბლიკაციის ავტორისათვის და 200 ათასი დოლარი არა, მაგრამ 57 ათასი დოლარი მომეთხოვა მისთვის (იმ წელს ზვიად გამსახურდიას 57 წელი შეუსრულდა, ა.ა.). ამ საქმეს, რა თქმა უნდა, მოვიგებდი. მაგრამ არ ვუჩივლებ, - სად ექნება იმ გაჭირვებულს 57 ათასი დოლარი? 57 ათასი კი არა, 57-იც არ ექნება (არც მე მაქვს). ამიტომ დიდი სიამოვნებით ვბაძავ გულუხვსა და ხელგაშლილ ფრანსუა ვიიონს და საზეიმოდ ვაცხადებ: იმ რეალურად მოსაგებ, მაგრამ არარსებულ 57 ათას დოლარს ვჩუქნი „ლიტერატურული სამართლიანობის“ ამ ვაი-აღმდგენელს, ბატონი ზვიადისათვის დათვური სამსახურის გამწევ ანონიმ ავტორს!
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს! ამინ.
1996
სიამაყე ქართველობით
თითქმის ორი საუკუნეა, ჩვენი ხალხი საკუთარ, ქართულ ჯარზე ოცნებობდა. და, აი, დღეს იგი უკვე გვყავს. ეს ჯარი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ არის სათანადო დონეზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ისტორიული გამოცდილება აქვს უმდიდრესი, რაც, უეჭველია, მისი აღორძინების მყარი საფუძველი გახდება.
ქართველი მეომარი, ისტორიულად, განსაკუთრებით მაღალი საბრძოლო თვისებებითა და რაინდული შემართებით გამოირჩეოდა, არა მხოლოდ საქართველოს ზეობის დროს, არამედ თვით უკიდურესი დაუძლურებისა და გაჭირვების ხანაშიც კი, სხვათა ომებშიც კი.
რა იყო ამის მიზეზი?
ცხადია, არა მხოლოდ სიმამაცე, რაც სხვა ქვეყნების მებრძოლებსაც არ აკლდათ;
არა მხოლოდ მამულის სიყვარული და მისი დაცვის მოვალეობის შეგნება, რაც, ალბათ, ყველა ქვეყნის მებრძოლს ახასიათებს;
არა მხოლოდ შეიარაღება და სამხედრო გაწრთვნილობა, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვაზე ნაკლები გვქონდა.
ამის მიზეზი იყო - სიამაყე ქართველობით.
სიამაყე ქართველობით, საბედნიეროდ, რეალურ საფუძვლებს ემყარება, კერძოდ, მეტად თავისებურ, რაინდულ ეროვნულ ბუნებას, ცხოვრების წესს, ისტორიულ ბედს, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, გამორჩეულად მაღალი დონის დახვეწილ კულტურას...
სწორედ ეს სიამაყეა იმის მიზეზიც, ასე მწვავედ რომ განვიცდით ჩვენსავე ნაკლსა და ხინჯსაც (ესეც საკმაოდ ბევრი გვაქვს)...
სიამაყე ქართველობით - ესაა რაღაც განსაკუთრებული, იდუმალი ხიბლის მქონე თვისება, ჩვენი მარადიული მხნეობის იდუმალი ელექსირი.
სიამაყე ქართველობით - ეს თვისება, მეტწილად, ქვეცნობიერადაა ჩაბუდებულ ქართველ ადამიანში.
იგი, უფრო ხშირად, ექსტრემალურ შემთხვევებში იჩენს თავს, განსაკუთრებით მძაფრად კი - მამულისათვის ბრძოლაში.
სწორედ ამ თვისების ჩაკვლას ცდილობდა ათასნაირი ხერხებითა და ხრიკებით ჩვენი ყოველი ჯურის მტერი, რომელიც ჩვენს დამარცხებას, დამონებას ესწრაფვოდა.
სწორედ ეს თვისება უნდა ავაღორძინოთ ქართველ მეომარში (ზოგადად, ყოველ ქართველ ადამიანში), რომ ღირსეულად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყოველი ჯურის მტერს.
ყველაზე უტყუარი, ნაცადი იარაღი ესაა, - უძველესიც და მარად ახალიც.
ამ იარაღის ძალამ უნდა ააღორძინოს საქართველო.
1997
Комментариев нет:
Отправить комментарий