ეს წერილი 1988 წლის დეკემბერშია დაწერილი, მაგრამ მაშინ არ გამომაქვეყნებინეს - ვიღაც-ვიღაცეებს ეწყინებათო.
(1988 წლის ნოემბერში მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენების გამო)
კიდევ დიდხანს დარჩება განსჯისა და დავის საგნად 22-29 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენები.
იქ, იმ დღეებში, თითქმის ყოველდღიურად ვხედავდით ეროვნული გრძნობებით აღტკინებული ხალხის უზარმაზარ მასას. ტარდებოდა მიტინგები, იყო მგზნებარე გამოსვლები, იმართებოდა ქუჩაში მსვლელობები.
როდესაც ასეთ აზვირთებულ მასას ვუყურებთ ხოლმე, თავისთავად იბადება კითხვები: ვის დაძახილზე შეიყარა ხალხი? ვის მოწოდებებს მიჰყვება? რა მიზანი ამოძრავებთ მათ ხელმძღვანელებს ამ გარკვეულ მომენტში და საერთოდაც?
მარტო ორატორთა გამოსვლები, ცხადია, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ იძლევა. ამისათვის ყველაფრის ღრმად გაანალიზებაა საჭირო.
ფაქტია, რომ დღეს საქართველოში არსებობს ოპოზიციური მოძრაობა, რომლის აღმავლობას ძლიერი ბიძგი მისცა დემოკრატიისა და საჯაროობის ნელმა, მაგრამ საიმედო პროცესმა. ეს მოძრაობა ჩვენში მკვეთრად გამოხატული ეროვნული ხასიათის მქონეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპოზიციურ მოძრაობაში წამყვან როლს ასრულებენ არაფორმალური გაერთიანებები, რომელთაც გარკვეული პროგრამები, მიზნები და მისწრაფებები აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ვლინდება. მათ აქვთ თავიანთი გამოცემები ჟურნალ-გაზეთების სახით, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, შეზღუდული ტირაჟებით გამოდის და მოსახლეობის მცირე ნაწილამდე თუ აღწევს. ამდენად, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ დღეებში მთავრობის სახლის წინ შეგროვილ უზარმაზარ მასაში ცოტა ვინმე თუ იყო ბოლომდე გარკვეული ამ მოძრაობის ჭეშმარიტ სახესა და ხასიათში, უმეტესობას კი, ალბათ, საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამაზე.
მაინც რა ხდებოდა იმ დღეებში?
როგორც ცნობილია, რამდენიმე არაფორმალურმა გაერთიანებამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიის დღისათვის, 23 ნოემბრისათვის, დაგეგმა საპროტესტო მიტინგის ჩატარება მთავრობის სახლის წინ. წინა საღამოს კი (22 ნოემბერს) ერთ-ერთმა არაფორმალურმა გაერთიანებამ - „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, მოშიმშილეთა დიდი ჯგუფი დასვა მთავრობის სახლის წინა კიბეებზე. შემდგომ დღეებში ყოველივე ამას მოჰყვა გრანდიოზული, უაღრესი ემოციური დატვირთვის მქონე მიტინგები 29 ნოემბრამდე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო დღე, როდესაც შიმშილობის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საზეიმოდ გამოაცხადა: „კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!“ ამან უაზარმაზარი ეფექტი მოახდინა: იგრიალმა ტაშმა, ატყდა აღფრთოვანებული ყვირილი, მაღლა აფრინდნენ ქუდები... ეს მართლაც დიდებული სანახაობა იყო, მაგრამ...
მასობრივი ექსტაზის ამ წუთებში, ალბათ, ბევრი არავინ დაფიქრებულა, რაში დაიხია უკან „კრემლმა“, მოშიმშილეთა რა მოთხოვნები დააკმაყოფილა. ორგანიზატორებმა ამის დაკონკრეტებას თავი აარიდეს. თავი აარიდეს, რადგან, როგორც ჩანს, კონკრეტული სათქმელი არაფერი ჰქონდათ, ხოლო მიტინგი და საერთოდ შიმშილობის აქცია უნდა დამთავრებულიყო (მოშიმშილეთა შორის უკვე აუტანელი სიტუაცია იყო შექმნილი, რადგან თავიდან დამჯდარ რამდენიმე ათეულ მოშიმშილეს შემდეგ შეუერთდა რამდენიმე ასეული, სავსებით მოუმზადებელი ადამიანი, ზოგიერთი არაჯანმრთელიც კი), თანაც აქცია უნდა დამთავრებულიყო ლამაზად, აპოთეოზით.
კრემლმა ნაწილობრივ მართლაც უკან დაიხია (იგულისხმება 108 და 119 მუხლებში ცვლილებების შეტანა), მაგრამ ეს იმ მიტინგზე (29 დეკემბერს) არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდა, რადგან უკვე ორი დღის წინ იყო ცნობილი, და, რაც მთავარია, მოშიმშილეებს (უფრო სწორად, ამ აქციის ორგანიზატორებს), როგორც თავად განაცხადეს, არ აკმაყოფილებდათ (ვისაც აკმაყოფილებდა, ისინი საქართველოს მოღალატეებად გამოცხადდა!), მეტიც, კრემლის ეს უკანდახევა ჯერ არც კი იყო სესიაზე დამტკიცებული, იგი მხოლოდ 1 დეკემბერს, ამ დამაგვირგვინებელი მიტინგიდან ორი დღის შემდეგ დამტკიცდა!
ერთი სიტყვით, მოშიმშილეთა მოთხოვნებსა და მოქმედებებში მრავალი წინააღმდეგობრივი მომენტი შეინიშნებოდა:
თუკი მოშიმშილეებმა გამარჯვებად მიიჩნიეს კანონპროექტის ორ მუხლში ცვლილებების შეტანა, მაშინ მათ შიმშილობის აქცია უნდა შეეწყვიტათ ორი დღით ადრე, ე. ი. მაშინ, როდესაც ამ ცვლილებების შესახებ გამოცხადდა.
თუ მოშიმშილეებს ეეჭვებოდათ, რომ ამ შეცვლილ მუხლებს სესია არ დაამტკიცებდა, მაშინ მათ შიმშილობა უნდა გაეგრძელებინათ მინიმუმ სესიის დამთავრებამდე, ე. ი. 1 დეკემბრამდე, და შემდეგ გაეგრძელებინათ, ან არ გაეგრძელებინათ, ცხადია, სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თუ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიაზე უნდოდათ ზემოქმედების მოხდენა, მაშინ შიმშილობა უნდა დაეწყოთ ამ სესიის დაწყებამდე.
თუ მოშიმშილეებმა გამარჯვებად მიიჩნიეს ორი მუხლში შესატანი ცვლილება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ მოეწონათ მათ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მეტს მოითხოვდა, და რატომ გამოაცხადეს ერის მოღალატეებად ისინი, ვინც იგი მოიწონა, კერძოდ ბ-ნი აკაკი ბაქრაძე?
ეს წინააღმდეგობანი გვაფიქრებინებს, რომ აქციის ორგანიზატორთა მთავარი მიზანი ან სხვა რამ გახლდათ, ან ელემენტარული შეცდომები დაუშვეს თავიანთ მოთხოვნებსა და მოქმედებებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიმშილობის ერთკვირიანი აქცია შთამბეჭდავი, მაგრამ ყალბი აპოთეოზით დამთავრდა: „კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!“ ამან კი უზარმაზარი ეფექტი მოახდინა.
რა თქმა უნდა, შეიძლება მივუტევოთ აქციის ორგანიზატორებს ასეთი „ლამაზი“ ტყუილის თქმა (ამის მეტი რა გვინახავს 70 წლის მანძილზე!), მაგრამ საქმე მარტო ეს არაა. მთავარია იმის გაანალიზება, რა სტრატეგიისა და ტაქტიკის ელემენტია ეს ტყუილი, რა ძალებმა ჩაატარეს ეს აქცია, რას ემსახურებოდა იგი და საით მივდივართ ჩვენ.
წინასწარ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველამ დაინახა და აღიარა შიმშილობის აქციის წარმმართველთა დიდი ენერგია, ორგანიზებულობა, გაბედულება და სიტუაციის გამოყენების შესაშური უნარი.
აშკარად ჩანდა, რომ სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე.
რა ძალა იყო ეს?
სანამ ამაზე ჩემს აზრს გამოვთქვამდე, მოვიყვან ნაწყვეტებს 2 დეკემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნებული წერილიდან „ერთიანობა“, რომლის ავტორია გია ნოდია. წერილი ეძღვნება 22-29 დეკემბრის მოვლენების განხილვას. ავტორი მსჯელობს დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობაზე საქართველოში და წერს:
„არადემოკრატიული საზოგადოება ოპოზიციასაც არადემოკრატიულს წარმოშობს... კაცობრიობის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა თავისუფლების დროშას ამოფარებული ოპოზიცია თავისი სულისკვეთებით მთავრობაზე გაცილებით უფრო ანტიდემოკრატიული აღმოჩენილა, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უფრო ტოტალიტარული წყობა დაუმყარებია, ვიდრე ის, რომლისგანაც ხალხი „გაანთავისუფლა“. რეპრესიული რეჟიმი თავის „ამობრუნებულ“ ტყუპისცალს ბადებს. დღევანდელი ოპოზიციონერები მონუსხულებივით იმეორებენ აზროვნების იმ წესს, რომელმაც 20-30-იანი წლების სახელმწიფო ტერორამდე მიგვიყვანა. ახლადგამომცხვარი ლიდერები ზუსტად ისევე მიაკერებენ „საქართველოს მოღალატის“ იარლიყს ყველას, ვინც მათ უკანასკნელ მითითებას ნახევარ სანტიმეტრზე მეტად გადაუხვევს, როგორც ოცდაათიან წლებში „ხალხის მტრად“ ცხადდებოდა ის, ვინც ბელადს დროზე არ დაუკრავდა ტაშს. განსხვავება მხოლოდ გამოცხადებულ მიზნებშია... საკუთარი მეტოქეების ერის მტრებად გამოცხადება ტოტალიტარული მოძრაობის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. სტალინისეულ „ხალხის მტერსა“ და ახალ იარლიყს - „საქართველოს მოღალატეს“ შორის ჩემი აზრით არავითარი განსხვავება არ არის.“
აქ, ჩემი აზრით, ყველაფერი სწორია,მაგრამ ერთი რამ არაა ნათქვამი. საქმე ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობაში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალები არ არიან. მასში დემოკრატიული ძალებიცაა. მაგრამ თუ უფრო ანტიდემოკრატიული ძალები ჩანან, ამას თავისი მიზეზები აქვს, ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზები.
ვინც ყურადღებით გადახედავს ამ ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციური ძალების მიერ გამოცემულ არაფორმალურ ჟურნალ-გაზეთებს და მათ პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობასაც გაადევნებს თვალს, თვალნათლივ დარწმუნდება, რომ დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობა ორ მიმართულებად იყოფა - დემოკრატიულად და არადემოკრატიულად (თუმცა ყველა დემოკრატიულობაზე დებს თავს!). საქართველოში ასეთივე ვითარება იყო 1917 წლის რევოლუციის წინა წლებში. ასეთივე ვითარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს დღესაც.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არადემოკრატიული ძალები უფრო ენერგიულები არიან, ვიდრე დემოკრატიული ძალები. ეს კანონზომიერიცაა, თუ გავითვალისწინებთ დემოკრატიულისა და არადემოკრატიულის ბუნებას.
დემოკრატი ყოველთვის აღიარებს - და იცავს კიდეც ამ პრინციპს, - რომ ყველას აქვს უფლება, მისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს. დემოკრატს, რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული მიზანი აქვს, თავის კონკრეტულ აზრს მიიჩნევს სწორად და სამართლიანად, მაგრამ თავისი მიზნის მისაღწევად არ იყენებს იმ გზებსა და საშუალებებს, რაც სხვათა კანონიერ უფლებებს შეზღუდავდა. ის ყოველთვის აოკებს თავის ენერგიას იქ, სადაც ეს სხვათა კანონიერი უფლების შეზღუდვას გამოიწვევს. ამის გამოა, რომ დემოკრატიული ბუნების მქონე ადამიანი, თავისთავად რაგინდ ენერგიული არ უნდა იყოს, მაინც ნაკლებ ენერგიულად მოქმედებს. მისი ენერგიის დამამუხრუჭებელია სინდისი და კანონი.
არადემოკრატთან ყველაფერი ეს პირიქითაა. იგი არავის კანონიერ უფლებას არ ცნობს, თუმცა ამას არ აღიარებს და კარგადაც იცის, რომ ეს დანაშაულია. იგი მთელ თავის ენერგიას სრულად მიმართავს თავისი მიზნისაკენ და თავის მოქმედებებს საფუძვლად უდებს დემაგოგიურ დევიზს: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მის ენერგიას, ფაქტობრივად, აღარაფერი ამუხრუჭებს. ამიტომაც ადვილი გასაგებია, რატომაა არადემოკრატიული ბუნების ადამიანი ენერგიული და აქტიური.
ახლა ამის გათვალისწინებით შევხედოთ 22-29 დეკემბრის მოვლენებს.
როგორც ცნობილია, შიმშილობის აქცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. ეს პარტია ჩამოყალიბდა პირველი არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გამოყოფილი ნაწილის - 1V დასის ბაზაზე. მისი ლიდერია გია ჭანტურია. მისი საპროგრამო წერილი „ახალი ძალა“გამოქვეყნდა მეოთხე დასელთა არაფორმალურ ჟურნალ „მოამბის“ მე-6 ნომერში. ამ წერილიდან თვალნათლივ ჩანს, როგორი მიმართულებისაა ეს არაფორმალური გაერთიანება - დემოკრატიულის თუ არადემოკრატიულის.
მოვიყვან ნაწყვეტებს ამ საპროგრამო წერილიდან (თუმცა აჯობებდა, ვიმეორებ, იგი მთლიანად გამოქვეყნებულიყო ოფიციალურ პრესაში!):
„70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა... ან კი როგორ შეიძლება ეროვნული მოძრაობა... ჩვენში ყოფილიყო, როდესაც ქართული პატრიოტიზმი პოლიტიკურ მიმდინარეობად არასდროს ჩამოყალიბებულა...
მრავალი ქართველი პატრიოტი ჯერ მარტო იმიტომ ვერ გახდებოდა ეროვნული პოლიტიკოსი, რომ ყალბი, პლაკატური სიკეთით იყო დაბრმავებული და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ამ უკანასკნელს აყენებდა.
ნიკოლო მაკიაველი წერს:
„როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავიწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.“
გია ჭანტურია აგრძელებს:
„ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის აპოლოგიას. უბრალოდ, დიდს, ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიც. „თეთრხელება“ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებია ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით ბევრი რამ წაუხდენიათ. (1918-21 წწ ქართველი „პოლიტიკოსების“ გახსენებაც კმარა).
...ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ საჭიროა პერმანენტული, ყოველდღიური ბრძოლა...
დღეს ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდა... მეოთხე დასი არ ელოდება მომენტსა და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალღონითა და ენერგიით.“
შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია მსჯელობს იმაზე, თუ ვის უნდა დაეყრდნოს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია:
„გლეხს? მუშას? ინტელიგენტს? ჩვენ ვიტყვით: არც ერთს...
ხალხმა უნდა იმოქმედოს... არა დამოუკიდებლად, არამედ ბელადთა, ანუ, როგორც ხშირად წერს მაძინი, ახალგაზრდების ხელმძღვანელობით.
მაძინის ლექსიკონში „ახალგაზრდობა“ იმდენად არა ასაკობრივი ცნებაა, რამდენადაც მორალური, ხოლო საბოლოო ჯამში, სოციალური“ (კიროვი, ჯუზეპე მაძინის ცხოვრებას).
მაძინისეული ახალგაზრდა საქმისათვის ყოველნაირად შეუცვლელია: „უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგან ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს. ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე“ (მაკიაველი, მთავარი).“
მე კომენტარს არ გავუკეთებ ამ ნაწყვეტებს. ვინც ადამიანებზე კარგი წარმოდგენისაა, ალბათ, ზემოხსენებული სტატიის ავტორსა და მის მიმდევრებზე ცუდს არ იფიქრებს, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ ისინი დაბნეულები არიან ზნეობის საკითხში (მეტიღა გინდათ? მორალი მეორეხარისხოვან რამედ უნდა მივიჩნიოთ და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიცო!). სწორედ ამ დაბნეულობიდან მოდის, როგორც ჩანს, მათი არადემოკრატიული პოზიციაც. ძალზე სასურველია, მათ დროზე მოიშორონ ეს ზნეობრივი დაბნეულობა, რომელიც არც მათ მოუტანს საბოლოოდ სიკეთეს და არც ქვეყანას. კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უზნეო საშუალებებით ზნეობრივი საქმე არ კეთდება. (ჩემთვის საპირისპირო მაგალითებიც მოუყვანიათ, მაგრამ გაანალიზების შემდეგ აღმოჩენილა, რომ ან საშუალება იყო ზნეობრივი, ან შედეგი არაზნეობრივი).
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ დღეს ეს პარტია არადემოკრატიულ პოზიციაზე დგას (არადა თავის თავს „დემოკრატიულს“ უწოდებს! გავიხსენოთ კომუნისტური ქვეყნები, რომლებშიც დემოკრატიის ნასახი არაა, მაგრამ თავის თავს „სახალხო-დემოკრატიულს“ უწოდებენ!). ხსენებული საპროგრამო წერილის მიხედვით (რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ დამოკიდებულებაზე ზოგიერთი სხვა არაფორმალური გაერთიანების მიმართ) ეს პარტია აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც არადემოკრატის დამახასიათებელია. ამდენად, გასაგებია, თუ რატომ გამოავლინა მან იმ დღეებში ასე დიდი ენერგია, ორგანიზებულობა, გაბედულება და სიტუაციის შექმნისა და გამოყენების შესაშური უნარი, ე. ი. ყველაფერი ის, რაც, საერთოდ, გამარჯვებისთვისაა აუცილებელი.თუ გავიხსენებთ დემოკრატისა და არადემოკრატის დამახასიათებელ თვისებებს, შეიძლება დავასკვნათ:
დემოკრატის არაენერგიულობა, „უხერხემლობა“ მისი ნაკლოვანება კი არა, ღირსებაა. მაგრამ, ვაი რომ, ეს ღირსება გამარჯვებისთვის ნაკლებ გამოსადეგია.
არადემოკრატის ენერგიულობის მიზეზი კი მისი ზნეობრივი ნაკლოვანებიდან მომდინარეობს, მაგრამ, ვაი რომ, გამარჯვებისთვის გამოსადეგი სწორედ ეს ნაკლოვანებებია.
მაშ, სადაა საშველი? გზა ორია: ან დემოკრატებმა უნდა მოიშორონ მათთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები, ან არადემოკრატიულმა ძალებმა უნდა დაიცხრონ თავიანთი არადემოკრატიული ვნებანი და შეიგნონ, რომ გამარჯვების მიუხედავად, ისტორიას მათთვის საბოლოოდ ყოველთვის სასტიკი განაჩენი გამოაქვს და თავის სანაგვეზე ჰყრის.
თუ საქართველოში დღევანდელი ოპოზიციური ძალების არადემოკრატიულმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო (და, როგორც ჩანს, მათ ძალზე უჭირთ ამის შეგნება), მაშინ ჩვენ იმის მოწმენი გავხდებით, რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიღწეული იქნება, შინაპოლიტიკურ ბრძოლაში სწორედ ისინი - არადემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ (ეყოფათ ენერგია ამისათვის!), რომლებიც სტალინურ-ჰიტლერულის მსგავს ტერორს გააჩაღებენ (ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა მათგან თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ „საქართველოს მოღალატის“ იარლიყის მიკერება, აქედან კი მათ დასჯამდე ერთი ნაბიჯია), და კიდევ დიდხანს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ ყოფას.
ცხადია, ეს საშიშროება აგვცილდება, თუკი ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან დემოკრატიულ, ცივილიზებული საზოგადოების შესაფერის ურთიერთობას დაამყარებენ და კოორდინირებულად, ურთიერთ შეთანხმებით იმოქმედებენ.
მაშინ ის ენერგია, რომელიც დღეს ოპოზიციურ ძალებს შორის თავდასხმებს და თავდასხმების მოგერიებას ხმარდება, მართლაც რომ ეროვნული საქმისათვის იქნება გამოყენებული.
ერთი სიტყვით, გამოსავალი არსებობს, მაგრამ... ავმაღლდებით კი აქამდე?
1988, დეკემბერი
Комментариев нет:
Отправить комментарий