воскресенье, 10 февраля 2013 г.

მიზეზი, შედეგი და პრევენცია


                    
8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება მსჯელობის საგნად.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებებს, მოდი, დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ, რამდენადაც ორივე მხარე თავს იმართლებდა, და ობიექტური, სამართლიანი მოქალაქის პოზიციიდან განვსაჯოთ, ისეთი მოქალაქისა, რომელსაც არც რაიმე თანამდებობა აქვს და არც უნდა, უბრალოდ, სურს ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.
ადვილია იმის თქმა, რომ მომხდარის მიზეზი არის ყოფილი, მაგრამ სანახევროდ ძალაუფლების მქონე ხელისუფლება, რომელმაც ამ 9 წლის განმავლობაში ძალადობის რეკორდები დაამყარა, ადამიანები საშინლად გაამწარა, და, მიუხედავად ამისა, მისი ნარჩენი წარმომადგენლები დღესაც ყელყელაობენ, მორალს გვიკითხავენ და კიდევ უფრო აღიზიანებენ მათ მიერვე გამწარებულ ხალხს.
ადვილია იმის თქმაც, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ გამოჩენილი ძალადობაც უნდა დაიგმოს, რათა ახალ ხელისუფლებას ცდუნება არ გაუჩნდეს, კვლავ ძალადობა გამოიყენოს თუნდაც სასწრაფოდ და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემების გადაჭრისათვის.
მოდით, უფრო ძ ნ ე ლ ა დ სათქმელი ვთქვათ, კერძოდ: რამ შეიძლება გაუჩინოს ძალადობის გამოყენების ცდუნება დღეს მოქმედ ხელისუფლებას (თუნდაც ზოგადად იმ ხელისუფლებას, რომელსაც ძალადობის გამოყენების სურვილი მაინცდამაინც არა აქვს)?
დავიწყოთ 8 თებერვლის მოვლენების შეფასებებით.
გასაგებია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს ადანაშაულებს. ხელისუფლება ოპოზიციას მოვლენების პროვოცირებაში სდებს ბრალს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ადანაშაულებს არასაკმარის მოქმედებაში უსაფრთხოების დასაცავად, მეტიც, ხალხის წაქეზებაში ოპოზიციის წინააღმდეგ. ორივე მხარის არგუმენტები მეტნაკლებად საფუძვლიანია.
მაგრამ, მე მგონი, აქ უფრო საყურადღებოა „შუაშისტების“ (აქ ამ სიტყვას ძალიან პირობითად ვხმარობ) შეფასება, რაც დაახლოებით ასეთია: ცხადია, ძველი ხელისუფლება საშინლად მოძალადე იყო, მაგრამ დღეს სხვა ხელისუფლებაა და თუ მას რაიმე ძალადობა შევარჩინეთ და ახლავე მკაცრად არ დავგმეთ, შეიძლება ხვალ ისიც ძველ ხელისუფლებას დაემსგავსოსო.  
მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ დღევანდელ ხელისუფლებაში მოსული კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით მათი ხელმძღვანელი, და ვილაპარაკოთ ზოგადად ახალ ხელისუფლებაზე, რომელსაც, ვთქვათ, ძალადობის გამოყენების სურვილი მაინცდამაინც არა აქვს.
ჩვენსავით ჩამოუყალიბებელ, ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას, სანამ ძალაუფლებას ფლობს, ძალადობის გამოყენებისა თუ სხვა რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მაინცდამაინც არც კრიტიკის ეშინია და არც დასჯის. დასჯით ვერ დავსჯით (თავის თავს ხომ არ დაისჯის), კრიტიკით  კი ვერაფერს დავაკლებთ, რადგან, სულ მცირე, იგნორირებას გაუწევს, ყურს არ ათხოვებს.
ასეთ ნახევრად დემოკრატიულ პირობებში ხელისუფლებას იმის მაინც უნდა ეშინოდეს, რომ მას მომავალი, ხვალინდელი დღე დასჯის. მაგრამ დასჯაში მარტო არჩევნებში წაგება არ უნდა ვიგულისხმოთ, რადგან არჩევნების წაგებით ხშირად კარგი ხელისუფლებაც „ისჯება“. დამნაშავე ხელისუფლება, უპირველესად, სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა დაისაჯოს.
რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?
ამ კითხვას აღარ განვავრცობ, რადგან ყველამ კარგად იცის, რაც ხდებოდა და რაც დღეს ხდება.
„შუაშისტების“ შეფასებას დავუბრუნდეთ.
მათი კეთილშობილური მიზანი, რომ ხელისუფლების გადაგვარების შესაძლებლობა პრევენციული საშუალებებით გამოირიცხოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლების გადაგვარების საშიშროებას ქმნის. და, აი, რატომ.
სახეზე გვაქვს 8 თებერვლის უსიამოვნო მოვლენა. შეიძლება ითქვას, ეს არის შედეგი. მაგრამ ამ შედეგს ხომ მიზეზიც აქვს.
ყველა თანხმდება (ყველაში ნაციონალებს არ ვგულისხმობ), რომ მიზეზს წარმოადგენს ყოფილი ხელისუფლების არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და ამის გამო ხალხის უკიდურესი გაღიზიანება ნაციონალების მიმართ, მით უფრო, რომ ისინი დღესაც ყელყელაობენ და მორალს გვიკითხავენ, დასჯით კი, ფაქტობრივად, არავინ ისჯება. (როგორც ჩანს, ამავე მიზეზით ხდება ინციდენტები თვითმმართველობებთან დაკავშირებით).
საყოველთაოდ ცნობილი აზრია, რომ შედეგს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ მიზეზს.
„შუაშისტების“ შეფასებაში კი აქცენტირება ხდება არა მიზეზზე, არამედ შედეგზე, რამდენადაც, მათი აზრით, ეს შედეგი შეიძლება მომავალში თავად იქცეს მიზეზად ახალი ხელისუფლების გადაგვარებისა. მაგრამ იმას აღარ უფიქრდებიან, რომ მიზეზზე ასეთი „ხელის დაფარებით“  მათდაუნებურად უბიძგებენ ხელისუფლებას, მომავალში მათაც დაუსჯელობის იმედი ჰქონდეთ და მომავლის შიშის გარეშე ძალადობაზეც უშიშრად წაუცდეთ ხელი. (სხვა საქმეა, რომ ბიძინა ივანიშვილის „მეორე მიშად“ ქცევა პრაქტიკულად გამორიცხულია).
შედეგზე აქცენტირება და მიზეზზე „ხელის დაფარება“ კი მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯა პრაქტიკულად არ ხდება, ვფიქრობ, არაადექვატური საქციელია.
ასეა თუ ისე, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობაზე ისეთი მოთხოვნაა, როგორიც, ალბათ არასოდეს ყოფილა, თუმცა სამართლიანობის აღდგენა დიდი ბორძიკ-ბორძიკით მიმდინარეობს.
სამართლიანობის ერთ-ერთი გამოვლინება ისიც იქნება, თუ 8 თებერვლის უსიავნო მოვლენის შეფასებისას აქცენტირება გაკეთდება არა შედეგზე, არამედ მიზეზზე.
ეს კი, უპირველეს ყოვლისა, პრევენციისთვის იქნება კარგი.

10.02.2013





понедельник, 13 августа 2012 г.

ტრაგიკული ფიჩხი "ნაციონალური" ინკვიზიციის კოცონზე


         
იან ჰუსის კოცონზე დაწვისას ერთმა გულუბრყვილო ქალმა ცეცხლს ფიჩხი დაუმატა, - ფიქრობდა, სამართლიან საქმეს ჩავდივარო.
სწორედ ეს მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ გულშემატკივრულ კრიტიკას ვკითხულობ. (არაგულშემატკივრულ, აშკარად მტრულ კრიტიკას ამჯერად არ ვეხები).
თუ რატომ მახსენდება ეს, მოგვიანებით ვიტყვი, ჯერ კი ორიოდ სიტყვა კრიტიკისადმი დამოკიდებულების, კრიტიკის საჭიროების შესახებ
შეიძლება ვცდები, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი საქმიანად, გამგებიანად, გაუღიზიანებლად ეკიდება გულშემატკივრულ კრიტიკას - ზოგს ღებულობს (ცხადია, მისი თვალსაზრისით მისაღებს), ზოგს - არა (ცხადია, მისი თვალსაზრისით მიუღებელს და არასწორს). ესეც ბუნებრივია: ზოგი კრიტიკოსი ბიძინაზე უკეთესად აანალიზებს მოვლენებს, ზოგიც - უარესად.  ბუნებრივია ისიც, რომ ზოგჯერ შეიძლება შეცდეს კიდეც - არასწორი კრიტიკა მიიღოს, სწორი კი - არა.
ზედმეტია იმის მტკიცება, რომ საქმიანი, გულშემატკივრული კრიტიკა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს იმისათვის, რომელსაც განზრახული აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს და სხვა ადამიანების, ქვეყნის ცხოვრება განაგოს. ეს მით უფრო გასათვალისწინებელია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურის მიმართ საზოგადოებამ ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა. ამ შეცდომებმა განსაკუთრებული სიფრთხილის მოთხოვნილება წარმოშვა საზოგადოებაში.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილი მართლაც სასტიკი, დაუნდობელი კრიტიკის ღირსი იქნებოდა, რომ საერთოდ გულშემატკივრული, საქმიანი კრიტიკა აღიზიანებდეს და არ ითვალისწინებდეს. მაგრამ, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ყველაფერი ასე თუ ისე რიგზეა.
მაშ, რაში ვხედავ პრობლემას? რატომ მახსენდება იმ ტრაგიკული ფიჩხის ამბავი?
ეს გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ყოვლად ბარბაროსულ, აბსურდულ, ამაზრზენ, მართლაც ჯოჯოხეთურ, ყოველგვარი სამართლიანობის და კანონიერების ჩარჩოდან გამოსულ წინასაარჩევნო ვითარებას, რაც ნაციონალებმა შექმნეს საქართველოში, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ.
ამის აღწერას აღარ შევუდგები, რადგან ისედაც ყველასათვის ცნობილია.
ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი (იმედია, უმრავლესობა) ისე მყარად უჭერს მხარს ივანიშვილს, რომ მასზე ხელისუფლების მხრიდან წარმოებული აღვირახსნილი კამპანია და ძალადობა ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს, უფრო პირიქით - მომხრეებს უმრავლებს ივანიშვილს.
გარკვეული ნაწილი კი, - ვუწოდოთ მას ფრთხილი, ეჭვიანი, ნეიტრალური, თუნდაც ობიექტური... - მერყეობს და ივანიშვილის მიმართ გამოთქმული, თუნდაც ძალზე ობიექტური და გულშემატკივრული კრიტიკის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, „შეჩვეული ჭირის“ პრინციპით საარჩევნო ყუთთან ისევ ნაციონალების მხარდამჭერი აღმოჩნდეს, ან საერთოდ არ გამოცხადდეს არჩევნებზე.
დღეს, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დამოკიდებულების ერთადერთ ფორმად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აირჩია და უხეში ძალადობის ყოველგვარი ბერკეტი აამოქმედა, ვფიქრობ, ივანიშვილის მიმართ გამოთქმული თუნდაც ძალზე გულშემატკივრული კრიტიკისას მეტი დაფიქრებაა საჭირო, რადგან ეს, შესაძლებელია, ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა გამოგვივიდეს, კერძოდ, ივანიშვილს დავაკარგვინოთ თუნდაც თითო-ოროლა ხმა.
თუ მაინცდამაინც არ შეგვიძლია კრიტიკული შენიშვნების გამოთქმისაგან თავის შეკავება და მართლაც გვსურს, რომ ჩვენი კრიტიკით ივანიშვილს კეთილი სამსახური გავუწიოთ,  ის მაინც მოვახერხოთ, რომ, იმ მერყევი ამომრჩევლის გათვალისწინებით, საჯარო სივრცეში ნუკი დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკას (უმეტესად - საკუთარი სიბრძნის წარმოსაჩენად), არამედ  პირადად მივაწვდინოთ ხმა ივანიშვილს, ან მის გარემოცვას, რომელსაც შეუძლია ამ კრიტიკის მასთან მიტანა.
ნუ დავდებთ  ტრაგიკულ „ფიჩხს“ ნაციონალური ინკვიზიციის მიერ დანთებულ კოცონზე!

12.08.2012

воскресенье, 25 марта 2012 г.

ბორითის ავარია და შტრიხები თამარ ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტისათვის

ეს წერილი გამოქვეყნდა გაზ. "ლიტერატურულ საქართველოში", 1994 წლის ნოემბერ-დეკემბრის ნომრებში.
აქ წარმოდგენილია წერილის მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელშიც ბორითის ავარიასთან დაკავშირებულ დეტალებია ასახული, რაც დღესაც ინტერესის საგანია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მასში ასახული საკითხები აღარაა პოლიტიკურად აქტუალური და მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევართათვის შეიძლება იყოს საყურადღებო.


ნაწილი 1

ბორითის ავარიამ, რომელმაც შეიწირა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორი უთვალსაჩინოესი ლიდერი და ზნეობრივი ბურჯი მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე, მეტისმეტად ტრაგიკული კვალი დააჩინა საქართველოს ეროვნულ მოძრაობას, მის პოლიტიკურ გეზს. საქართველოსთვის იგი გაცილებით საბედისწერო იყო, ვიდრე, მაგალითად, ამერიკისათვის ჯონ კენედის მკვლელობა, რომლის გამოძიება, სხვათა შორის, დღესაც გრძელდება (განსხვავებით საქართველოსაგან). მაგრამ რამდენადაც წინამდებარე წერილს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ თამარ ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტი წარმოაჩინოს, ბორითის ავარიასაც მხოლოდ ამ თვალსაზრისით ვეხები, რადგან ბორითის ავარიამ და მის შემდგომ განვლილმა წლებმა ყველაზე უკეთ და რელიეფურად გამოკვეთა თამარ ჩხეიძის ზნეობრივი სახე, მისი პოლიტიკური პორტრეტი.
ჯერ მინდა, ორიოდე სიტყვით ზოგადად დავახასიათო თამარ ჩხეიძე, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი.
თამარ ჩხეიძეზე, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ გახმაურებულ ფიგურაზე, საქართველოში არაერთგვაროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია დამკვიდრებული. მისი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ცხადია, ობიექტურ მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რაზე აკეთებენ აქცენტს - მის დადებით თუ უარყოფით თვისებებზე. ცალმხრივი, ტენდენციური მიდგომა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებამდე ვერ მიგვიყვანს. საჭიროა ობიექტურად იქნას გაანალიზებული მისი პოლიტიკური საქმიანობა მის პიროვნულ თვისებებთან კავშირში. ამ კავშირს ყველა ხედავს, ოღონდ ამას სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას ანიჭებს...
თამარ ჩხეიძისათვის დამახასიათებელია (ამას ყველა აღიარებს) არადემოკრატიული ბუნება, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა, უხეში, არაეთიკური დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებებისადმი (განურჩევლად იმისა, ვინ არიან ისინი - მეგობრები, ოპონენტები, თვით მისი მხრივ საპატივცემლო ადამიანები), ყოველგვარ ზღვარს გადასული ჭირვეულობა და პატივმოყვარეობა და ა.შ. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ამ თვისებების მქონე ადამიანს როგორი უარყოფითი განწყობილებისა და სულიერი დისკომფორტის შეტანა შეუძლია იმ წრეში, სადაც ის მოქმედებს. საერთოდ, ასეთი უარყოფითი თვისებები მით უფრო ტრაგიკული და მძიმე შედეგების მომტანია, რაც უფრო დიდია ასეთი პიროვნების მოქმედების მასშტაბი.
ეს უარყოფითი თვისებები რომ არა, თამარ ჩხეიძისაგან ალბათ ურიგო პოლიტიკოსი არ დადგებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამის საფუძველს იძლევა მისი გარკვეული ნიჭიერება, მიზანსწრაფულობა, გაბედულება და, რაც მთავარია, პოლიტიკისადმი ფანატიკური სიყვარული. შევჩერდეთ ამ უკანასკნელზე.
თამარ ჩხეიძეს თავისი ცხოვრების ერთადერთ აზრად მიაჩნია პოლიტიკური საქმიანობა. შეიძლება ითქვას, პოლიტიკა მისთვის თვითმიზანს წარმოადგენს. პოლიტიკა აინტერესებს პოლიტიკისათვის და არა ადამიანისათვის, ხალხისათვის. სხვათა შორის, სწორედ ამის შედეგია, რბილად რომ ვთქვათ, მისი ზნეობრივი დაბნეულობაც..
იგი ყველაფერზე მაღლა პოლიტიკას აყენებს, თვით მეგობრობაზეც, სიყვარულზეც კი. ამის გამოა მისი ხშირი, დაუზოგავი კონფლიქტები მცირე პოლიტიკური უთანხმოების გამოც კი უახლოეს მეგობრებთან, რაც ხშირად სამუდამო განშორებით, უფრო მეტიც, მტრობითაც კი მთავრდება. აქ ის ნამდვილად გულწრფელია. მას ვერ წარმოუდგენია, რომ არავითარი პოლიტიკური პოზიცია არ ღირს იმად, რომ თუნდაც ორ მეგობარს შორის ჩატყდეს ხიდი, გაუარესდეს დამოკიდებულება. არადა, ეს არათუ დემოკრატიის, არამედ პოლიტიკის ჭეშმარიტი მიზნის უგულებელყოფაა და არა ერთგულება. მაგრამ ამას ვერ გაიგებს პოლიტიკაზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი, რადგან ფანატიზმის არსია ასეთი.
თამარ ჩხეიძისათვის უცხოა, უფრო სწორად, არაარსებითია, მეორეხარისხოვანია ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები, თუ გნებავთ, ადამიანური სისუსტეები. ამიტომ ღიზიანდება სხვებზე, რომლებიც მასავით პოლიტიკას არ აყენებენ ყველაფერზე წინ, რომლებიც, ვთქვათ, რაიმე პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის ნაცვლად მეგობრის ქორწილში ან შეყვარებულთან პაემანზე მიდიან, ნათესავის დაკრძალვას ესწრებიან, მამისთვის ექიმი მოჰყავთ და ა.შ. გასაგებია მისი ასეთი პოლიტიკური მაქსიმალიზმი, მაგრამ მას ავიწყდება (ფანატიზმი ავიწყებს), რომ ასეთია რეალური ადამიანი, ასეთია ცხოვრების რეალობა და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს. სწორედ ესაა პოლიტიკური რეალიზმი, რისგანაც მოწყვეტა არა მხოლოდ პოლიტიკური მარცხის წინაპირობაა, არამედ დანაშაულიც - იმ ხალხის, იმ ადამიანების ღალატი, რომელთა წინამძღოლობის პრეტენზიაც ასეთ პოლიტიკოსს აქვს.
საერთოდ, უარყოფითი პიროვნული ხასიათის მქონე პოლიტიკოსთა მოღვაწეობა, რასაკვირველია, არც ისე საშიშია ნორმალური, დაწყობილი, სტაბილური ქვეყნისათვის. მაგრამ ჩვენში, სადაც პოლიტიკური სიტუაცია უაღრესად დაძაბულია, სადაც უფსკრულზე გაბმულ ბეწვის ხიდებზე დავდივართ, სადაც ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ნაღმს გადააწყდე, სადაც უკიდურესი სიფრთხილე და ათასჯერ გაზომილი მოქმედებაა საჭირო, სადაც მოუზომავმა, დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება ცეცხლზე ნავთი დაასხას, - ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთი თვისებების მქონე პოლიტიკოსთა აქტიურმა მოღვაწეობამ. ადვილი წარმოსადგენია-მეთქი, ვამბობ, მაგრამ რაღა წარმოდგენა ამას უნდა - სამწუხაროდ, ყველაფერი სახეზეა, ყველაფერს პრაქტიკულად ვხედავთ.
ამგვარ პოლიტიკოსთა უშუალო მიზეზით წარმოშობილი შინააშლილობა გამოიყენა ჩვენმა ყოველი ჯურის მტერმა. რატომაც არ გამოიყენებდა? მტერი იმისი მტერია, შენი უგნურება გამოიყენოს და მოგერიოს. არაფერი საკვირველი და საოცარი ამაში არ არის. საკვირველი და საოცარი ისაა, რომ პოლიტიკოსს უწოდებ თავს და ასეთი მარტივი ჭეშმარიტება არ გესმის...

საქართველოს თანამდროვე პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი საბედისწერო მომენტი იყო ბორითის ავტოავარია. ეს შემთხვევა ჯერ კიდევ არ განხილულა ჯეროვნად, არ გაანალიზებულა. გამოძიებაც ზედაპირულად და არაობიექტურად ჩატარდა. დრო იყო ძალზე არეული. ჭირისუფლებმაც დიდი კეთილშობილება და სულგრძელობა გამოიჩინეს...
არადა, ეროვნულ მოძრაობას გამოეთიშა ორი დიდი ფიგურა.
ზვიად გამსახურდია, მისთვის ჩვეული მეთოდით, ავარიის მოწყობას აბრალებდა რევაზ ჩხეიძეს, ჩხეიძეების ოჯახს (მამა-შვილს), რომლებმაც, მისი თქმით, „სუკ-ის დავალებით“ მოაწყვეს ეს ავარია. ზვიადის მიმდევარი „კარვის ქალები“ პირდაპირ თამარ ჩხეიძეს სდებდნენ ბრალს ავარიის სპეციალურად მოხდენაში. ეს ბრალდებები, ცხადია, ყოვლად აბსურდული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო, იმდენად აბსურდული, რომ თამარ ჩხეიძეს საშუალება მისცა, სრულიად ადვილად ემტკიცებინა, რომ მის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, რომ ავარიის გამოძიებას ტენდენციურად წარმართავდნენ და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებდნენ. ამდენად, ზვიად გამსახურდიას ცილისმწამებლურმა, აბსურდულმა გამოხდომებმა, ფაქტობრივად, იხსნა თამარ ჩხეიძე. მან ადვილად შეძლო ავარიის საკითხისათვის პოლიტიკური ელფერი მიეცა, პოლიტიკური დევნის დამაჯერებელი სურათი დაეხატა.
თამარ ჩხეიძეც სუკ-ს აბრალებდა ავარიის მოწყობას, ოღონდ ზვიად გამსახურდიას უშუალო ჩარევით თუ მის სასარგებლოდ.
ასეა თუ ისე, რაც მთავარია, ავარიები მხოლოდ ვინმეს მოწყობით არ ხდება. ავარიები უმეტესად შემთხვევით ხდება, მეტწილად გაუთვალისწინებელი საავარიო სიტუაციის მიზეზით.
რა თქმა უნდა, უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბორითის ავარია მოწყობილი იყო თუ შემთხვევითი.
წინასწარ ვიტყვი: ბორითის ავარია მოწყობილი არ იყო. იგი სხვა მიზეზით მოხდა.
წინასწარ ვიტყვი იმასაც, რომ შემთხვევითი ავარიის შედეგად, როდესაც მძღოლს ახლობელი ადამიანები ეღუპება, სრულიად არ მიმაჩნია, რომ მძღოლი უნდა დაისაჯოს. არც ერთ მძღოლს არ სურს ავარია, მით უფრო ახლობლების დაღუპვა. ეს ყოველი მძღოლისათვის ენითაუწერელი ტრაგედიაა. არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორ სჯიან, ან საერთოდ სჯიან თუ არა ასეთ მძღოლებს. მე ამის მორალური მხარე მაინტერესებს მხოლოდ. ახლობლების დაღუპვაზე მეტი სასჯელი არ არსებობს იმ მძღოლისათვის, რომლის მიზეზითაც ისინი დაიღუპნენ. ცხადია, მძღოლის დანაშაული (და, ალბათ, სასჯელი) იმის მიხედვით განისაზღვრება, რა წესები დაარღვია მან, ჰქონდა თუ არა იმ მომენტში მართვის უნარი, იყო თუ არა ნასვამი, დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები, წესრიგში ჰქონდა თუ არა მანქანა და ა.შ. ალბათ, სასჯელსაც ამის მიხედვით უსადაგებენ. მაგრამ, ვიმეორებ, ვერავითარი სასჯელი ვერ შეედრება ასეთი მძღოლის სულიერ ტრავმას, პიროვნულ ტრაგედიას.
ბორითის ავარია მე ამჯერად თამარ ჩხეიძის პოლიტიკური თუ სულიერი პორტრეტის წარმოსაჩენად მაინტერესებს და არა იმისათვის, რომ მისი დასჯის საკითხი დავაყენო.
რას ეფუძნება ჩემი არგუმენტები, რომ ავარია შემთხვევით მოხდა?
თუ იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ, სრულიად ბუნებრივია დავუშვათ, რომ მანქანაში მყოფი სამი პოლიტიკური ფიგურის თავიდან მოშორებით ნამდვილად იყვნენ დაინტერესებულნი. ამას თუნდაც ავარიისშემდგომი მოვლენები ადასტურებს (საკმაოდ დაგვიანებული რეაგირება ხელისუფლების მხრიდან დაშავებულთა გადასარჩენად; მერაბ კოსტავას გვამის ექსპერტიზაზე უარის თქმა ზვიად გამსახურდიას მიერ; ზურაბ ჭავჭავაძისათვის რეანიმაციის განყოფილებაში ბოტკინის დაავადების შეყრა სისხლის გადასხმის შედეგად და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ავარია მაინცდამაინც მოწყობილი იყო: ავარიის შემდგომი მოვლენების თავიანთ სასარგებლოდ წარმართვა გაცილებით ადვილად შეეძლოთ ამ ადამიანთა თავიდან მოშორების მსურველებს, ვიდრე თვით ავარიის მოწყობა იმ სახით, როგორც ის მოხდა.
ავარია მოხდა ისეთ სიტუაციაში, რომ ავარიის შანსიც და მანქანაში მსხდომთა დაღუპვის შანსიც პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, თუკი მძღოლს მართვის უნარი ექნებოდა.
დავუკვირდეთ:
ავარია მოხდა გზის სწორ მონაკვეთზე, მანქანების არაინტენსიური მოძრაობის დროს (ერთადერთი შემხვედრი მსუბუქი მანქანა).
თამარ ჩხეიძეს არ ახსოვს, რამ გადაურბინა წინ მანქანას, - ძაღლმა, ხბომ თუ საბურავმა. დაჯახების თავიდან აცილების მიზნით მან მკვეთრად მოუხვია და დაამუხრუჭა, რამაც გამოიწვია მანქანის რამდენჯერმე გადაყირავება, რის შემდეგ იგი დაეჯახა შემხვედრ მსუბუქ მანქანას.
ახლა განვსაჯოთ, ამგვარი საავარიო სიტუაციის შექმნაში რამდენად შესაძლებელია სუკ-ის ხელი ერიოს.
სუკ-ს, ვინ იცის, რამდენი საშინელი ავარია და ტერორისტული აქტი მოუწყვია, მისი გამოცდილება უზარმაზარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ხელი აქ ნამდვილად არ ჩანს, იმდენად უმნიშვნელო იყო ალბათობა ავარიის „წარმატებით“ დამთავრების თვალსაზრისით.
თუკი ავარია სუკ-მა მოაწყო, გამოდის, რომ სუკ-ის ვინმე წარმომადგენელი ჩასაფრებული იყო გზის პირას და მანქანის მოახლოების დროს მანქანის წინ გამოუშვა ძაღლი თუ ხბო, ან საბურავი გამოაგორა.
მაგრამ აქ წამოიჭრება კითხვა: რა გარანტია იყო, რომ ძაღლი თუ ხბო მაინცდამაინც მანქანას გადაურბენდა წინ და გზის გასწვრივ არ გაიქცეოდა?
საბურავისათვის, ცხადია, შეიძლებოდა პირდაპირ მიეცათ გეზი.
მაგრამ მოდით, დავუშვათ, რომ ძაღლი თუ ხბო გაწვრთვნილი იყო და აუცილებლად შეასრულებდა სუკ-ის დავალებას - მანქანას წინ გადაურბენდა.
კი ბატონო! მაგრამ მანქანის წინ ძაღლის თუ ხბოს გადარბენა, ან საბურავის გამოგორება რა ისეთი საბედისწერო საავარიო სიტუაციის შემქმნელია? განა სუკ-ს ავარიის მოსაწყობად მეტი „არსენალი“ არ გააჩნია? ანდა, განა მძღოლმა ასეთ ელემენტარულ საავარიო სიტუაციას თავი ვერ უნდა გაართვას?
ამ სიტუაციაში ავარია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ მანქანა ძალზე დიდი, დაუშვებელი სიჩქარით მოდიოდა, ან მძღოლი იყო გამოთიშული.
რაში შეიძლება გამოხატულიყო ამ ორივე შემთხვევაში სუკ-ის როლი?
თუ მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა, აქ, ცხადია, სუკ-ი არაფერ შუაშია და აშკარად მძღოლია დამნაშავე.
თუ მძღოლი გამოთიშული იყო, მაშინ ისაა გასარკვევი, რის გამო იყო გამოთიშული.
არსებობს აზრი, რომ შეიძლებოდა მძღოლი სუკ-ს გამოეთიშა შორიდან „დასხივებით“. (ასეთი აზრი გამოთქვა იმ ხანებში გაზეთმა „მამულმა“, რომლის რედაქტორი მაშინ ტარიელ ჭანტურია იყო).
ეს აზრიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მა-გრამ თუ ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ ამ შემთხვევას აქ ადგილი არ ჰქონია.
ჯერ ერთი, სუკ-ს რომ შორიდან გამოთიშვის მეთოდი გამოეყენებინა, იგი ამას მოაწყობდა არა გზის სწორ მონაკვეთზე, არამედ სადმე მოსახვევში, ხრამის პირას (ასეთი ადგილი ამ გზაზე უამრავია), რათა გამოთიშულ მძღოლს მოსახვევი ვერ შეენიშნა და მანქანა პირდაპირ ხრამში გადაჩეხილიყო, რაც მანქანაში მსხდომი სამივე ადამიანის დაღუპვის რეალურ შესაძლებლობას შექმნიდა, და არც ძაღლი, ხბო თუ საბურავი იქნებოდა საჭირო საავარიო სიტუაციის შესაქმნელად.
მეორეც, ავარიის მომენტში მძღოლი მთლად გამოთიშული არ ყოფილა, რადგან რაღაცის შემჩნევა, სწრაფად მოხვევა და დამუხრუჭება შეძლო. რომელ სუკ-ს შეეძლო წარმოედგინა, რომ მძღოლი მაინცდამაინც ასეთ, ყველაზე უარეს რეაქციას მისცემდა და ასეთი კატასტროფული ავარიის მოხდენას „მოახერხებდა“?
მესამეც, დავუშვათ, რომ სუკ-მა ასეთი წარმოუდგენელი რამის წარმოდგენაც შეძლო, მაგრამ ის როგორღა უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ავარიის მომენტში მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე ჩაძინებულნი იქნებოდნენ? არადა, ისინი რომ ჩაძინებულნი არ ყოფილიყვნენ, მანქანის გადაყირავებისას ალბათ მოასწრებდნენ რაიმესთვის ხელის ჩაჭიდებას და მთელი სიმძიმით არ მიენარცხებოდნენ ჭერსა და იატაკს, და, შესაბამისად, არც მძიმე ტრავმებს მიიღებდნენ.
ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით სრულიად დაუჯერებელია ის აზრი, რომ თამარ ჩხეიძე შორიდან „დასხივებით“ გამოთიშა სუკ-მა.
არადა, ავარიის მომენტში თამარ ჩხეიძე ნამდვილად რაღაცნაირად გამოთიშული იყო. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ მას კარგად არ ახსოვს, რამ გადაურბინა წინ - ძაღლმა, ხბომ თუ საბურავმა (რომ აღარაფერი ვთქვათ მოუხერხებელ, არასწორ რეაქციაზე).
რას შეეძლო, იგი ასე გამოეთიშა?
ბუნებრივად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იგი შეეძლო გამოეთიშა ჩვეულებრივ, ადამიანურ, „მამა-პაპურ“ მყისიერ ჩათვლემას (ჩათვლემა ხომ სიფხიზლისა და ძილის საზღვარზეა).
ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა მძღოლების პრაქტიკაში. (თამარ ჩხეიძეს შეუძლია ეს აზრი შეამოწმოს თუნდაც მისსავე თანარაზმელ, ექიმ თემურ ლომაიასთან, რომელიც ჩათვლემის თავიდან ასაცილებლად საჭესთან ჯდომისას განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ან, თუ მოსაუბრე არ ჰყავს, მღერის... თამარ ჩხეიძესაც იმ მომენტში მოსაუბრე არ ჰყავდა - მერაბი და ზურაბი ჩაძინებულნი იყვნენ, სიმღერა კი მან არ იცის... ეს - ხუმრობით, თუმცა რა გვეხუმრება!..)
ახლა ის ვიკითხოთ, რატომ უნდა მორეოდა თამარ ჩხეიძეს თვლემა? იყო თუ არა ამისათვის რაიმე ობიექტური წინაპირობა?
ვაი რომ, იყო!
საქმე ის გახლავთ, რომ თამარ ჩხეიძეს წინა ღამით ერთი წუთითაც არ დაუძინია!..
ახლა ისიც ვიკითხოთ: რატომ არ დაუძინია? იქნებ რაღაც ისეთი გადაუდებელი პოლიტიკური საქმე ჰქონდა, რომ დაძინება არ შეიძლებოდა?
ვაი რომ, არა! სრულიად არავითარი!
აი, სწორედ აქ გახლავთ, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული!
მისი უძილობის მიზეზი გახლდათ თამარ ჩხეიძისათვის დამახასიათებელი უარყოფითი პიროვნული თვისებები - ავადმყოფური ჭირვეულობა, პატივმოყვარეობა, სიჯიუტე, თავისნათქვამობა, სხვათა სურვილების უგულებელყოფის ხარჯზე საკუთარი სურვილის შესრულების მძაფრი, ავადმყოფური მოთხოვნილება...
ეს თვისებები, ცხადია, პოლიტიკოსისათვის სრულიად მიუღებელი და დამღუპველია, მაგრამ, ვაი რომ, ამ შემთხვევაში სწორედ ეს თვისებები გახდა უშუალო მიზეზი ბორითის საშინელი ტრაგედიისა.
სანამ მკითხველს მოვუთხრობდე, რა მოხდა ავარიის წინა ღამეს, რა იყო მიზეზი, რომ თამარ ჩხეიძეს მთელი ღამე არ დაუძინია, წინასწარ შევნიშნავ, რომ, როგორც არ უნდა გაამართლოს თავისი იმღამინდელი უძილობა თამარ ჩხეიძემ, მას უნდა გამოეჩინა იმდენი წინდახედულება, უფრო სწორად, პასუხისმგებლობა (მაშ, რიღასი პოლიტიკოსია!), და დილით საჭესთან არ უნდა დამჯდარიყო გამოძინების, დასვენების გარეშე (მას ხომ ეროვნული მოძრაობის ორი გამოჩენილი ლიდერი მოჰყავდა!), რადგან გრძელ გზაზე შეიძლება თვლემა მოერიოს დასვენებულ, გამოცდილ მძღოლსაც, არათუ მთელი ღამის უძინარ და ნერვიულობით დაღლილ ცუდ მძღოლს. (ცუდი მძღოლი რომ იყო, ეს ყველასათვის ცნობილია, ვისაც მისი მძღოლობა უნახავს. ამასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ მას რამდენჯერმე მოუვიდა ავარია, თუმცა ყოველთვის ადვილად გადარჩა. არ დამავიწყდება თბილისიდან ქუთაისში წასვლის წინ ზურაბ ჭავჭავაძის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი: თამრიკოს რომ საჭეზე ვსვამ, თვითმკვლელობაზე მივდივარო; საჭეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაჯენ, როდესაც ვერ ვხედავ, როგორ მიჰყავსო, ე.ი. ან როცა მთვრალი ვარ, ან როცა მძინავსო. ეს იყო ზურაბ ჭავჭავაძის ყველაზე დიდი შეცდომა. იგი საერთოდ თამარ ჩხეიძესთან ერთ მანქანაში არ უნდა დამჯდარიყო. ამას, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობითაც ვამბობ. ზურაბ ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, აპირებდა ამ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა).
დიახ, თამარ ჩხეიძემ ვერც წინდახედულება გამოიჩინა და ვერც პასუხისმგებლობა, როდესაც დილით საჭესთან დაჯდა გამოძინების, დასვენების გარეშე. შეიძლება ითქვას, ეს უპასუხისმგებლობაა თამარ ჩხეიძის რეალური დანაშაული, თუმცა ამჯერად მის ამ უპასუხისმგებლობას მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ვეხები. მას, რა თქმა უნდა, გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ პიროვნული უარყოფითი თვისებები იწვევენ მის უპასუხისმგებლო ქმედებებს. ამის ნათელი დადასტურებაა ავარიის წინა ღამის მოვლენები.
გადავალ მათ აღწერაზე.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრები 12 ოქტომბერს ქუთაისის საზოგადოებრიობასთან შესახვედრად იყვნენ მიწვეულნი. რადგან ასეთი შეხვედრების სული და გული ყოველთვის ზურაბ ჭავჭავაძე იყო, თამარ ჩხეიძის დაჟინებული მოთხოვნით (რბილად რომ ვთქვათ) ზურაბი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნაავადმყოფარი იყო და ჯერ კიდევ არ იყო გამოშუშებული, მაინც დათანხმდა ქუთაისში წასვლაზე. ჩვენთან ერთად ქუთაისში წამოვიდა მერაბ კოსტავა, რათა შეხვედროდა წმინდა ილია მართლის ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში შიმშილობის აქციას მართავდნენ საბჭოთა არმიაში სამხედრო სამსახურის საპროტესტოდ.
გზაში, ქუთაისამდე დაახლოებით 30 კმ დაშორებით, ბენზინი გაგვითავდა. იმ ხანებში ბენზინის შოვნა რატომღაც ჭირდა, ამიტომ მთელი საათი მოგვიწია დგომამ. ბოლოს მერაბ კოსტავას ნაცნობმა ავტოინსპექტორმა გვიშოვა ბენზინი. ქუთაისში დაგვიანებით ჩავედით. შეკრებილი ხალხი უკვე დაშლილიყო. ხელახლა შეკრებამაც კარგახანს გასტანა. შეხვედრის შემდეგ მასპინძლებმა რესტორანში მიგვიწვიეს. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ცხადია, არავითარი კრიმინალი არაა იმაში, რომ მაგიდაზე სასმელი მოიტანეს.
თამარ ჩხეიძემ ზურაბ ჭავჭავაძეს ადრევე მოსთხოვა, რომ თბილისში იმ დღესვე დაბრუნებულიყვნენ. მიზეზი მეტისმეტად ბანალური იყო - თამარ ჩხეიძეს არ უყვარდა სხვის სახლში ღამის გათევა. ვერც სხვების ქეიფის ყურებას იტანდა.
მაგრამ აქ საქმეში ჩაერია ობიექტური გარემოება - ბენზინი არ გვქონდა. ერთ-ერთი მასპინძელი მის საშოვნელად წავიდა, მაგრამ საკმაოდ გვიან იყო და ვერ იშოვა. თამარ ჩხეიძე ცოტათი შეზარხოშებულ ზურაბს შეუჩნდა, რომ თვითონ წასულიყო და ეშოვა ბენზინი. ზურაბმა უპასუხა, რომ რახან მასპინძლებმა ვერ იშოვეს, თვითონ მით უმეტეს ვერ იშოვიდა. თამარმა კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ერთი მისი ნაცნობი მოენახა. ზურაბმა აუხსნა, რომ ის კაცი ძალიან შორეული ნაცნობი იყო, მისამართიც კი არ იცოდა და კიდეც რომ სცოდნოდა, უხერხული იყო ასეთ უდროო დროს მისი შეწუხება, და ისიც საკითხავია, იშოვიდა თუ არა ბენზინს. თამარ ჩხეიძემ საყვედურები დაუწყო, რომ მას ქეიფი უნდოდა და ამიტომ არ ცდილობდა ბენზინის შოვნას. ამაზე საკმაოდ მძაფრად შელაპარაკდნენ. მასპინძლები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და კვლავ გაგზავნეს კაცი ბენზინისათვის. ისიც ხელცარიელი დაბრუნდა. დაძაბულობა თანდათან იზრდებოდა. თამარი წამდაუწუმ გაანჩხლებული საყვედურობდა, რომ ბენზინი სასწრაფოდ ეშოვნა სადმე, რადგან აქ ღამის გათევა არ სურდა. სუფრაზე ყველას ხასიათი წაუხდა.
მონახეს მერაბ კოსტავა და მას სთხოვეს, იქნებ მის ხალხს ეშოვა ბენზინი. მერაბმაც, როგორც იტყვიან, დაატრიალა თავისი ხალხი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თამარ ჩხეიძე სულ უფრო და უფრო ანჩხლდებოდა, ასევე სულ უფრო და უფრო ჰკარგავდა მოთმინებას ზურაბი. ღამის 2 საათისათვის ქალაქის ცენტრში თამარ ჩხეიძის გააფთრებული წივილ-კივილი და ლანძღვა-გინება ისმოდა. მას ვერაფრით აოკებდნენ. ეს იყო უაღრესად სამარცხვინო სანახაობა.
მე ვეღარ ავიტანე ამ საზიზღრობის ყურება და მოშორებით მდგარ მანქანაში ჩავჯექი. ცოტა ხნის შემდეგ ზურაბიც მოვიდა და საშინლად გაღიზიანებულმა და წონასწორობიდან გამოსულმა, როგორც იტყვიან, „მრავალსართულიანი“ გინება გაუშვა, - აწი მაგასთან ერთად სადმე წამსვლელისო...
მე წინადადება წამოვაყენე, იქნებ როგორმე დაგვეყოლიებინა თამარი, რომ ჩემი დის ოჯახში წამოსულიყო (ჩემს დისშვილს იცნობდა) და იქ დალოდებოდა, თუ ბენზინს იშოვიდნენ. გააფთრებული თამარი ძლივს დაითანხმეს ამაზე. მერაბ კოსტავა სადღაც იყო გასული. მის ხალხს დავუტოვეთ მისამართი და ზურაბმა თამარის მანქანით მიგვიყვანა ჩემი დის სახლთან. როგორც კი მე და თამარი ბინაში შევედით, ზურაბი უმალვე გატრიალდა უკან, მეორე მანქანაში ჩაჯდა და გიზო თავაძესთან ერთად წავიდა (გიზო თავაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო). თამარი საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. დაწოლაზე უარი განაცხადა. იჯდა და იცდიდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მერაბ კოსტავამ დაიძახა. თამარი სასწრაფოდ გაიჭრა გარეთ და მერაბს გაჰყვა. ღამის 4 საათი იქნებოდა.
ახლა თვით თამარ ჩხეიძისა და ჩვენი ქუთაისელი მეგობრების მონათხრობის მიხედვით გავაგრძელებ ამ ამბის გადმოცემას.
თამარ ჩხეიძის გასვლის შემდეგ ჩემი დის ბინიდან ის და მერაბ კოსტავა წასულან მერაბ გვაზავასთან (ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. თამარმა იცოდა მისი მისამართი), მაგრამ იგი შინ არ დახვედრიათ. გიზო თავაძის მისამართი არ იცოდნენ. გათენებამდე უცდიათ მერაბ გვაზავას სახლთან, მის დაბრუნებამდე. აღმოჩნდა, რომ თურმე ზურაბი და მერაბ გვაზავა გიზო თავაძის ბინაში ყოფილან. თამარ ჩხეიძის ზღვარს გადასული ჭირვეულობით გაღიზიანებული და წონასწორობიდან გამოსული ზურაბი ბოღმის მოსაკლავად თურმე დილამდე სვამდა მათთან ერთად. ასე მიუგნიათ ზურაბისათვის. გაუღვიძებიათ. ზურაბს უთხოვია, მის გარეშე წასულიყვნენ თბილისში, ცოტა წაძინებისა და დასვენების შემდეგ თვითმფრინავით წამოვალო, უთქვამს. თამარი არ მოშვებია და დაახლოებით დილის 9 საათისათვის გამოსულან ქუთაისიდან. (ჩემთან არ გამოუვლიათ, რადგან იცოდნენ, რომ ქუთაისში ვრჩებოდი). ზურაბს, ცხადია, მანქანის მართვის თავი არ ჰქონდა. ის და მერაბი ჩაძინებულნიც კი ყოფილან ავარიის მომენტში.
ერთი სიტყვით, თამარ ჩხეიძეს იმ ღამით ერთი წუთითაც არ დაუძინია მისივე უსაზღვრო ჭირვეულობის მიზეზით! სხვის სახლში ღამის გათევა არ სურდა, სურვილიც ვერ შეუსრულეს, თუმცა ბევრს ეცადნენ. ობიექტურ მიზეზსაც - რომ ბენზინი ვერავინ იშოვა - არ გაუწია მან არავითარი ანგარიში!
ყველაზე საყურადღებო და ნიშანდობლივი ამ ამბავში მაინც ის არის, რომ თამარ ჩხეიძეს თანდაყოლილი (თუ შემდეგ შეძენილი) პატივმოყვარეობის გამო არ შეუძლია საკუთარი, თუნდაც წვრილმანი სურვილების დათმობა, თუნდაც ამან უკიდურესად მწვავე კონფლიქტის სახე მიიღოს თავისივე მეგობრებთან და თანამებრძოლებთან. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, - დაღლილ, ნაავადმყოფარ, ამდენი ცილისწამებით ნერვებდაწყვეტილ ზურაბს უნდა მიეტოვებინა სასიამოვნო სიტუაცია, ანგარიში არ გაეწია მაგიდის წევრებისათვის, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ ზურაბს, უნდა შეწუხებულიყო თვითონაც (თანაც უაზროდ) და უნდა შეეწუხებინა ისინიც, ვისაც ბენზინისათვის მიადგებოდა (ან ვის უნდა მიდგომოდა? ან თუ მიადგებოდა, უშოვნიდნენ კი?). და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თამარ ჩხეიძე არ შეწუხებულიყო სხვის ოჯახში ღამის გათევით. რა ისეთ სიძნელეს წარმოადგენდა თამარ ჩხეიძისათვის სხვის ოჯახში ღამის გათევა? იგი ხომ ორ წელიწადს ათევდა ღამეს არათუ სხვის სახლში, არამედ ციხეშიც კი! მაგრამ მისთვის, ცხადია, მთავარი იყო არა ის, რომ სხვის ოჯახში მოუწევდა ღამის გათევა, არამედ ის, რომ სურვილს არ უსრულებდნენ!!! აი, ეს არის პატივმოყვარეობა, თორემ ნებისმიერ უცნაურ სურვილს შეიძლება გაუგოს კაცმა.
თამარ ჩხეიძემ ახლა შეიძლება თქვას - არა, სხვა მიზეზი იყოო (მოიგონებს რამეს), მაგრამ სულერთია, - მეგობრებთან დამოკიდებულების პრინციპი ხომ იგივე რჩება!
რა კავშირშია ყოველივე ეს პოლიტიკასთან? - შეიძლება იკითხოს ვინმემ.
თუნდაც იმ კავშირშია, რომ ყოველივე ეს გახდა მიზეზი (სულერთია - პირდაპირი თუ არაპირდაპირი) ეროვნული მოძრაობის უდიდესი დანაკლისისა, ორი დიდი მამულიშვილის დაღუპვისა.
მაგრამ თუნდაც ეს ტრაგიკული შემთხვევა არ მომხდარიყო, მთავარი აქ მაინც სხვაა - ესაა ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობათა მწვავე დეფიციტი ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენს პოლიტიკურ არენაზე, რაც „უხასიათო“ პოლიტიკოსების მიერაა შექმნილი. ცხადია, რაც უფრო „უხასიათოა“ პოლიტიკოსი, მით უფრო დიდია მისი „ღვაწლიც“ ამ თვალსაზრისით.
თამარ ჩხეიძის მიერ გამოწვეული ის სკანდალი და კონფლიქტი, რაც ავარიის წინა ღამით ქუთაისში მოხდა, უბრალო ყოფითმა პრობლემამ გამოიწვია. ახლა მკითხველმა წარმოიდგინოს, რა კონფლიქტების გამოწვევა შეეძლო თამარ ჩხეიძეს პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოებისას (მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ხომ პოლიტიკაა), ეროვნული მოძრაობის ტაქტიკურ გზებში მისგან განსხვავებულ შეხედულებებთან შეჯახებისას. სწორედ ამგვარმა უგვანმა ურთიერთობებმა გამოიწვია ეროვნულ მოძრაობაში ესოდენ ტრაგიკული განხეთქილებანი, დაპი-რისპირებანი, რაც ბოლოს იარაღის გამოყენებამდე, სამოქალაქო ომამდე, სისხლისღვრამდე მივიდა. ვინ იცის, რამდენი ოჯახი გააუბედურა, რამდენი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ „უხასიათო“ პოლიტიკოსთა „ურთიერთობების გარკვევამ“. ეს ყველაფერი ძალზე მოხერხებულად და ჭკვიანურად გამოიყენა ჩვენმა სხვადასხვა ჯურის მტერმა...
შესაძლოა, პოლიტიკოსს ეპატიოს, როცა ვერ განჭვრეტს, თუ რა ტრაგიკული შედეგი შეიძლება მოჰყვეს თავისივე „უხასიათობის“ გამო მთელი ღამის უძილობის შემდეგ გრძელ გზაზე მანქანის მართვას, მაგრამ ის კი ნამდვილად არ ეპატიება, როცა ვერ განჭვრეტს, თუ რამდენი მსხვერპლი და სისხლისღვრა, რამდენი ნგრევა და უბედურება შეიძლება გამოიწვიოს მის და მის მსგავსთა „უხასიათობებმა“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დიდი პოლიტიკური გარდატეხების გრძელსა და რთულ გზაზე...

1994 წლის ავისტო-ოქტომბერი

გვიანდელი მინაწერი (შემოკლებით)

ავარიის მიზეზად მე მიმაჩნდა მძღოლის, თამარ ჩხეიძის ჩათვლემა წინა ღამის უძილობის, ნერვიულობის და გადაღლილობის მიზეზით. ეს მოსაზრება დასაზუსტებელი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ რადიოთი მოვისმინე გადაცემა მძღოლების, მოძრაობის წესებისა და საგზაო შემთხვევების შესახებ. იქ ითქვა, რომ სტატისტიკის თანახმად საავტომობილო ავარიების 3% მოდის ჰალუცინაციაზე. კერძოდ, ამ დროს მძღოლს მოულოდნელად ეჩვენება, რომ წინ რაღაცამ თუ ვიღაცამ გადაურბინა, იგი უხერხულად, უაზროდ ამუხრუჭებს, რაც ავტოავარიის მიზეზი ხდება. გადაცემის ავტორმა განმარტა, რომ ასეთ ჰალუცინაციას ადგილი აქვს მძღოლის გადაღლილობის, გამოუძინებლობის, გადატანილი ნერვიულობის გამო.
რადიოგადაცემის ავტორს თუ ვენდობით (პირადად მე სპეციალური ლიტერატურა არ გადამიმოწმებია), გამოდის, რომ ბორითის ავარიის შემთხვევაშიც ასეთ მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე. მართლაც, თამარ ჩხეიძის მტკიცებით, წინ ძაღლმა თუ ხბომ გადამირბინა, ან საბურავი გამოაგორესო, ზუსტად ემთხვევა იმ ჰალუცინაციებს, რომელთა მიზეზითაც ავტოავარიის 3% ხდება. ასეთი დამთხვევა, თანაც ასეთი ბუნდოვანი გახსენება, გვაფიქრებინებს, რომ ბორითის ავარიის მიზეზიც ასეთი ჰალუცინაცია გახდა. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ რადიოგადაცემის ავტორის მიერ ჰალუცინაციის მიზეზად დასახელებული წინაპირობებიც ზუსტად ემთხვევა იმ წინაპირობებს, რაც თამარ ჩხეიძის შემთხვევაში იყო - გადაღლილობა, გამოუძინებლობა, გადატანილი ნერვიულობა.
ამ დაზუსტებით კიდევ უფრო ნათელი ხდება ბორითის ავარიის ჭეშმარიტი მიზეზი.
ხოლო ეროვნული მოძრაობის უტყუარი ისტორიის შექმნისათვის აუცილებელია იმდროინდელი მოვლენების ობიექტური, მიუკერძოებელი დანახვა.

2008 წ.

суббота, 17 декабря 2011 г.

ქართული პოლიტიკა ასიმილაციის საკითხში და მაჰმადიანი მესხები

ტერიტორიული მთლიანობა დღეს საქართველოში უპირველესი პრობლემაა.
ამიტომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პრობლემას უკავშირდება, გულდასმით და დაკვირვებით განხილვის ღირსია.

ერთი ასეთი საკითხია ასიმილაცია.

საინტერესოა დავუკვირდეთ, ასიმილაციის მიმართ როგორი პოლიტიკა აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და როგორი გვაქვს ჩვენ, ქართველებს.
 
ჯერ სხვების პოლიტიკა გავიხსენოთ, რომლისგანაც რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი, ქართული პოლიტიკა.

დავიწყოთ აფხაზებით (ეს ეთნიკური ტერმინი აქ გამოყენებულია დღევანდელი, და არა ისტორიული გაგებით).

დღეს აფხაზური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული წარმოშობისაა. ესენია საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქ მოუწიათ ცხოვრებამ.

ამ ქართველთა გააფხაზებას, ანუ აფხაზებად ასიმილირებას, ხელი შეუწყო გარკვეულმა პრივილეგიებმაც, რომელთაც აფხაზების მიმართ აწესებდა ხელისუფლება. მაგრამ, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, გააფხაზების ამ პროცესს მიესალმებოდნენ და ხელს უწყობდნენ თვით ეთნიკური აფხაზები, რადგან ამით თავიანთ დემოგრაფიულ ხვედრით წილს იმაღლებდნენ რეგიონში.

ახლა სომხური პოლიტიკა გავიხსენოთ.

რუსული ცარისტული რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკის წყალობით ქართული სამღვდელოებისაგან დაცლილ ბევრ ქართულ რეგიონში სომეხი გრიგორიანელი მღვდლები ქართველ ბავშვებს არა მარტო გრიგორიანელებად ნათლავდნენ, არამედ, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სომხურ გვარ-სახელს აძლევდნენ, რაშიც აშკარად ჩანს მათი მისწრაფება - ამ გზით ქართული მოსახლეობა სომხურ მოსახლეობად შერაცხულიყო და სომხური ხვედრითი წილი გაზრდილიყო რეგიონში. ასე გაასომხეს მათ უამრავი ქართველი. (საბედნიეროდ, ჩვენი ეროვნული მოღვაწეების ძალისხმევით, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით 1980-იანი წლებიდან მოყოლებული 200 ათასამდე ასეთმა “სომეხმა” დაიბრუნა ქართული გვარები, გარკვეული წრეების წინააღმდეგობის მიუხედავად).

ასეთივე ასიმილატორულ პოლიტიკას ეწევა აზერბაიჯანიც.

აზერბაიჯანელებმა საინგილოს ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გაააზერბაიჯანელა. ამ ნაწილს არა მხოლოდ რელიგია შეუცვალეს, არამედ, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა, გვარ-სახელებიც. აქაც აშკარაა მიზანი.
 
ახლა რუსული პოლიტიკის შესახებ.

რუს იმპერიალისტებს ქართველებისათვის სარწმუნოების შეცვლა არ დასჭირვებიათ, მაგრამ ქართველებს აიძულებდნენ რუსული ცხოვრების წესით ეცხოვრათ, რუსულ ენაზე ელაპარაკათ, რუსულ ყაიდაზე გადაეკეთებინათ გვარები. ასე მივიღეთ, მაგალითად, ერისტოვი, ჭავჭავაძევი და ა.შ. ისინი სრულიად გამიზნულად ახორციელებდნენ რუსიფიკაციის პროცესს (თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს) თვით ბოლო ხანებამდე. (ასევეა ჩრდილოეთ კავკასიაშიც).

როგორც აშკარად ჩანს, სახეზე გვაქვს ჩვენი მეზობლების სრულიად გამიზნული, კარგად გაცნობიერებული და დაგეგმილი ეროვნული პოლიტიკა: დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობის განმტკიცება სხვა ერების (კერძოდ, ჩვენი ერის) ასიმილირების ხარჯზე.
 
ახლა ვნახოთ. როგორ პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ამ თვალსაზრისით.

სრულიად საწინააღმდეგოს!

ჩვენ არათუ იმას ვცდილობთ, ქართველობა ძალდატანებით მივაღებინოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ არაქართველებს (როგორც ამას ჩვენს მიმართ აკეთებენ), არამედ იმათაც კი სასტიკად ვეწინააღმდეგებით, რომელთაც თავისი ნებით გაუჩნდებათ ამის სურვილი. მეტიც, - რაც მართლაც რომ უკიდურესად გასაოცარია, - ქართველობის დაბრუნებაში ვეწინააღმდეგებით წარმოშობით ქართველებსაც კი! სხვათა მიერ ძალადობრივად ასიმილირებულ ქართველებს!

ამასთან, თითქოს ძალიან ბევრნი ვიყოთ ქართველები, ქართველის სახელსაც კი ვართმევთ სხვა სარწმუნოების ქართველებს: გრიგორიანელ ქართველს “სომეხს” ვეძახით, კათოლიკე ქართველს - “ფრანგს”, მუსულმან ქართველს - “თათარს”, “თურქს” და ა. შ., და ამით ქართველების რაოდენობას ხელოვნურად ვამცირებთ, თუნდაც მხოლოდ პირობითად, საზოგადოების თვალში.
 
აი, ასეთია ჩვენი პოლიტიკა! უკიდურესად მცდარი პოლიტიკა!

არადა, ჩვენი დემოგრაფიული, პოლიტიკური, ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, სწორედ ჩვენ გვმართებდა იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები (ჩვენში კი აფხაზები) ჩვენს მიმართ მიმართავენ. (ბუნებრივი მატებითაც თითქმის ყველას ჩამოვრჩებით).

ახლა ზნეობის თვალსაზრისით შევხედოთ ამ მოვლენას. იქნებ ზნეობრივი გამართლება მაინც აქვს ჩვენს პოლიტიკას?

ეთნიკური ჯგუფის ასიმილირების შემთხვევა ორი სახისაა: 1. როცა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს თავის ისტორიულ ტერიტორიაზე, მაგრამ შედის სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში (მაგალითად ტაო-კლარჯეთში და საინგილოში მცხოვრები ქართველები...); 2. როცა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს სხვის ისტორიულ ტერიტორიაზე (მაგალითად საქართველოში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანლები, ოსები... სხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით მცხოვრები ქართველები).
 
ორივე შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ასიმილირება არაა მაინც და მაინც ზნეობრივი საქციელი, მაგრამ როგორც ყოველთვის, აქაც სხვადასხვა დონის არაზნეობრიობასთან გვაქვს საქმე.

მაგალითად, სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი, მაგრამ თავის ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ასიმილირება გაცილებით არაზნეობრივი საქციელია, ვიდრე სხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ასიმილირება.
 
უფრო რომ დავაკონკრეტოთ სათქმელი, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე - ტაო-კლარჯეთსა და საინგილოში მცხოვრები ქართველების ასიმილირება (ან ასიმილირების მცდელობა) გაცილებით არაზნეობრივი საქციელია, ვიდრე ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები, სხვა ქვეყნებიდან მოსული არაქართველების ასიმილირება.

მეტიც, თუკი დავყვებოდით ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები არაქართველების უმრავლესობის სურვილს გაქართველების (ქართული გვარების მიცემის) შესახებ, ეს აბსოლუტურად ზნეობრივი საქციელი იქნებოდა. არადა, ასეთი სურვილი გარკვეულ პერიოდში მათ მართლაც ჰქონდათ და როცა ერთეულ შემთხვევებში ასეც ხდებოდა ხოლმე, ეს იწვევდა საზოგადოებრიობის დიდ აღშფოთებას. აი, სწორედ ეს აღშფოთებაა ჩვენი სრულიად არასწორი პოლიტიკის მაჩვენებელი!

მაგრამ ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ.

ასიმილირების პოლიტიკური მნიშვნელობა - რეგიონში პოლიტიკური „წონის“ ამაღლება - ძალიან კარგად ესმით იმ ერებს, რომლებიც სხვათა ასიმილაციას, ძალადობრივსაც კი, ხელს უწყობენ.
 
ასიმილირების პოლიტიკური მნიშვნელობა აბსოლუტურად არ გვესმის ჩვენ, ქართველებს, რადგან არათუ ხელს ვუწყობთ სხვა ერების გაქართველებას (ძალადობრივზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!), არამედ, ძირითადად, გააფთრებით ვეწინააღმდეგებით ამის ნებაყოფლობით მსურველებსაც კი!

სრულიად ცხადია: საქართველოში მცხოვრები არაქართველების ასიმილირებისათვის ხელი რომ შეგვეწყო (ან თუნდაც ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა არ გაგვეწია), დღეს, შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აღარ გვქონოდა და ამის პოტენციური საშიშროებაც გამორიცხულიყო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, ეთნიკური ჯგუფები აღარ გახდებოდა რუსეთის საყრდენი ძალა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან ისინი გაქართველებულები იქნებოდნენ.

ამაზე ლაპარაკი დღეს, რა თქმა უნდა, გვიანია. ამის შანსი პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ. (თუმცა თეორიული შესაძლებლობა, ალბათ, არსებობს).

მაშ, რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს?

აქვს!

საქმე ისაა, რომ თუკი დავინახავთ, როგორ დაგვაზარალა ჩვენმა მცდარმა პოლიტიკამ ასიმილაციასთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, იქნებ სამომავლოდ მაინც გავითვალისწინოთ ეს, - იმ პრობლემის გადაწყვეტისას, რომელიც ასევე ასიმილაციას უკავშირდება.

მხედველობაში გვაქვს 1944 წელს საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის პრობლემა.

. . .

ჩვენს საზოგადოებაში მაჰმადიანი მესხების გამო, სამწუხაროდ, მძაფრი დაპირისპირება არსებობს. ეს დაპირისპირება რომ გამოირიცხოს, ან თუნდაც შემცირდეს, აუცილებელია საერთო შეხების წერტილის, საერთო ნიადაგის გამონახვა, რაც, ალბათ, შესაძლებელია.
რა შეიძლება გამოგვადგეს საერთო ნიადაგად?

ისევ დავუბრუნდეთ ასიმილაციის პრობლემას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოვლენისადმი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს სრულიად განსხვავებული პოლიტიკა გვაქვს.

ორივე პოლიტიკა - ჩვენი მეზობლებისაც და ჩვენიც - არაბუნებრივია, მეტიც - არაზნეობრივია.

არაბუნებრივი და არაზნეობრივია ის, რომ ერმა თავისი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობა გაიუმჯობესოს სხვა ერების ძალადობრივი ასიმილირების ხარჯზე (ჩვენი მეზობლების პოლიტიკა).
 
არაბუნებრივი და არაზნეობრივია ისიც, რომ ერმა თავისი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უარი თქვას სხვა ერების მიერ ძალადობით ასიმილირებული საკუთარი ხალხის უ კ უ ა ს ი მ ი ლ ი რ ე ბ ი ს ხარჯზე! (ჩვენი პოლიტიკა).

სრულიად ბუნებრივია ის, რომ ყოველმა ერმა თავისი დაკარგული შვილები, სხვადასხვა მიზეზით სხვათა მიერ ასიმილირებულები, თავისი სისხლი და ხორცი, თავისი ჯიში - დაიბრუნოს თავის წიაღში, მოახდინოს მათი უ კ უ ა ს ი მ ი ლ ი რ ე ბ ა.
 
უკუასიმილირება - სხვათა მიერ ძალადობრივად ასიმილირებული მოსახლეობის ბუნებრივ, საკუთარ ეროვნულ მდგომარეობაში დაბრუნებაა.

განა შეიძლება, გონიერი ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს?

სხვათა მიერ ასიმილირებული ქართველების უკუასიმილირება წარმოადგენს ჭეშმარიტად მაღალზნეობრივ მეთოდს ჩვენი დემოგრაფიულ-პოლიტიკურ-ტერიტორიული მდგომარეობის განსამტკიცებლად, განსხვავებით სხვათა ასიმილირებისა, რასაც ამავე პოლიტიკური მიზნით მიმართავენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები.

ვფიქრობ, სწორედ ეს მაღალზნეობრივი მეთოდი - უკუასიმილირება - შეიძლება გამოდგეს იმ საერთო ნიადაგად, რომლის საფუძველზეც მესხეთიდან გასახლებული მაჰმადიანი ქართველების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უნდა ჩამოვაყალიბოთ.
 
ცხადია, უკუასიმილირება შეეხებათ მხოლოდ იმ მაჰმადიან მესხებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ქართული ცნობიერება და თურქობენ, ხოლო იმათ, რომელთაც შენარჩუნებულუი აქვთ ქართული ცნობიერება, უკუასიმილირება შეეხებათ მხოლოდ ფორმალურად - გვარებისა და ეროვნების აღდგენის თვალსაზრისით.

თუკი უკუასიმიმილირების დიდი სიკეთის გაცნობიერების საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ ჩვენს დამოკიდებულებას მაჰმადიან მესხთა მიმართ, ეს აუცილებლად იქცევა იმ კეთილსასურველ ფონად, რაც საშუალებას მოგვცემს მათი ჩამოსახლების რთული და მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამის მოვლენად ვაქციოთ.

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ უკუასიმილირების მაღალზნეობრივი მეთოდი ზედმიწევნით შეესაბამება მაცხოვრის სიტყვებს:

“როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცხდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.” (მათე, 18, 12-13).
 
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე ზემოთქმულიდან?

როგორც აღვნიშნეთ, ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრი ასიმილაციის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში უაღრესად მცდარია.

როგორ შეიძლება ის სწორი იყოს მეორე საკითხში - მაჰმადიანი მესხების საკითხში?
როგორც ვთქვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ასიმილაციის გამოყენების შანსი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ.
 
მაგრამ მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ასიმილაციის გამოყენების შანსი, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს. ეს არის გათურქებული მაჰმადიანი მესხების ქართველებად ასიმილირება, ანუ მათი უ კ უ ა ს ი მ ი ლ ი რ ე ბ ა.

რაც შეეხება ქართველობა-შენარჩუნებულ მაჰმადიან მესხებს, მათ, ცხადია, ეს პროცესი არ სჭირდებათ.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრი ძირითადად ქართველობა-შენარჩუნებულ მაჰმადიან მესხებსაც "თურქებს" უწოდებს და მშობლიურ ქართულ წიაღში მათ დაბრუნებაზე უარს ამბობს.

ამაზე მეტი არასწორი პოლიტიკა კი ყოვლად წარმოუდგენელია!
 
დროა, შეცდომებზე ვისწავლოთ!

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ხომ "ბრწყინვალედ" გვაქვს მოგვარებული!
ასევე “ბრწყინვალედ” მოვაგვარებთ მაჰმადიანი მესხების პრობლემასაც, თუ დროულად არ გამოვფხიზლდებით და გავაგრძელებთ უკიდურესად არასწორ პოლიტიკას ასიმილაციის საკითხში, ანუ არ გამოვიყენებთ უ კ უ ა ს ი მ ი ლ ი რ ე ბ ი ს მაღალზნეობრივსა და უაღრესად სწორ პოლიტიკურ მეთოდს.

არადა, მაჰმადიანი მესხების პრობლემის მოგვარება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგვიწევს...


2006

пятница, 14 октября 2011 г.

”ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას” (გამოხმაურება გულბაათ რცხილაძის ინტერვიუზე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების შესახებ მასმედიის ობიექტურობის თემისადმი)

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გაზ. ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
”მინდა, ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადების იმ ნაწილს შევეხო, რომელმაც ვნებათაღელვა „მაესტროს“ და „კავკასიის“ მფლობელებსა და ჟურნალისტებში გამოიწვია. ბევრს არ მოეწონა ის ტონი და არც შინაარსი, რომლითაც ბატონმა ბიძინამ მათ მიმართა. მაგრამ ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო, რა დგას ამ სიტყვების მიღმა, რა იკითხება სტრიქონებს შორის. საერთოდ, ნებისმიერ დამწყებ პოლიტიკოსს თუ პოლიტიკაში მოსვლის მსურველს პროფესიონალები უპირველეს ყოვლისა მასმედიასთან, ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ურჩევენ. უაღრესად წამგებიანია მასმედიასთან პოლიტიკოსის დაპირისპირება ამ პოლიტიკოსისთვის. ქართულ რეალობაში ამან გამოიწვია ის, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ჟურნალისტებს ემლიქვნელებიან, ქათინაურებს ეუბნებიან, ლამის ფამილარული საუბარი მიდის პირდაპირ ეთერში… ამ ფონზე მე, და ვფიქრობ, ხალხის დიდ ნაწილს, მოეწონა კიდეც ივანიშვილის განსხვავებული მიდგომა. არ იქნება სწორი, თუ ჟურნალისტები ახლა „ჟურნალისტური სოლიდარობის“ გამოცხადებაზე დახარჯავთ დროს და ენერგიას. არ ჩანს ივანიშვილი ის პიროვნება, ვინც თავისუფალი აზრის ჩახშობას აპირებს. მწარე სიტყვები კი, კეთილი ინებონ და, ჟურნალისტებმაც მოისმინონ თავიანთი მისამართით. აღიქვან ეს კრიტიკად და არა „კახპასთან ლაპარაკად“. კახპებად ისინი ხელისუფლებამ აქცია, როდესაც დაარბია და შემდეგ უკანონოდ გაასხვისა „იმედი“, დააშინა და მოქრთამა მისი ჟურნალისტები, ნაციონალურ არხებზე ტოტალური კონტროლი დაამყარა და იქაურ ჟურნალისტებს ისე „ამღერებს“, როგორც მოესურვება. „კახპად“ იქცა ყველა ის მედიასაშუალება, რომელსაც აგვისტოს ომის დროს კი არა, ომიდან კარგა ხნის შემდეგაც სიმართლის თქმისა შეეშინდა…
ახლა მივუბრუნდეთ „მაესტროს“ და „კავკასიას“. ამ არხების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან „ოპოზიციური არხები“. ივანიშვილის განცხადებაში სწორედ ასეთი ფორმულირება იყო. კეთილი და პატიოსანი, ფორმალურად „მაესტრო“ და „კავკასია“ მართლები არიან, ტელევიზია არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო და ოპოზიციური, ტელევიზია ობიექტური უნდა იყოს. მაგრამ არ შეიძლება ამ კონტექსტში სიტყვა „ოპოზიციურის“ აღქმა, როგორც არაობიექტურობის მოთხოვნისა. „ოპოზიციური“ ამ შემთხვევაში არ ნიშნავს „პარტიულს“, „ოპოზიციური ტელევიზია“ კი – პარტიების სამსახურში დგომას. საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლება ფლობს პროპაგანდის მძლავრ საშუალებებს – ძირითად ტელეარხებს. დააკვირდით იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ისინი საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც გარკვეული პოლიტიკური სისტემის ნაწილს, პოლიტიკური პროცესის განმახორციელებელ რაღაც რგოლს. ისინი მომართულნი არიან ჯარისკაცებივით, მათში დევს ფანატიზმის არც თუ მცირე დოზა. ისინი, რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ, მაგრამ ამავე დროს იდეურად ემსახურებიან რეჟიმს.
ამისთანა პროპაგანდისტულ მანქანას ვერ დაუპირისპირებ ბოლომდე ობიექტურ, უფრო ზუსტად ვთქვათ – არატენდენციურ ტელევიზიას. მე მგონი, „მაესტროს“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელებს ლატენტურად უფრო „იმედის“ დარბევის ფაქტი აშინებთ, მათ მეხსიერებაში ეს დევს და ამიტომაც გაურბიან ოპოზიციონერობას და აქცენტს „ობიექტურობაზე“ აკეთებენ. არადა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას, ასეთ ვითარებაში კი ტენდენციურობის გარეშე წინააღმდეგობა არ გამოვა. უფრო გარკვევით: ობიექტურობა კი, მისაღებია, მაგრამ საჭიროა ტენდენციურობაც. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. დავუშვათ, მოხდა რაღაც ფაქტი, ხელისუფლებისთვის მომგებიანი. ამ ფაქტს არ მალავ, მაგრამ არ აშუქებ ფართო მასშტაბით, ნაკლებად იწვევ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუდიაში… არ არის ეს არაობიექტურობა, მაგრამ არის ტენდენციურობა, ანუ რაღაც ტენდენციას ასახავს, ტყუილის თქმისა და ფაქტების დამალვის გარეშე. სახელისუფლებო არხები ამაზე ბევრად შორს მიდიან ხოლმე, მოგეხსენებათ, ავრცელებენ სიცრუეს, ჭორებს, ცალკეული პიროვნებების მიმართ აგორებენ შავ პიარს და კიდევ სხვა სიბინძურეებს სჩადიან. ხალხი კი ხვდება ამას, მაგრამ ეს იმდენად ტოტალურად და დამთრგუნველად კეთდება, რომ თავის ეფექტს მაინც ახდენს. ხალხი ითრგუნება და ორიენტირებს კარგავს, მათი შემხედვარე.
მცირებიუჯეტიანი, ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველი და თან პოლიტიკურად „რბილი“ ტელევიზიები, „ობიექტურობაზე“ მომართულნი, ვერ ანეიტრალებენ ამ ვითარებას.”
ვფიქრობ, ძალიან სწორი ანალიზი და ძალიან დროულად ნათქვამი სიტყვაა, მით უმეტეს, რომ ”ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას” და მისთვის ოპოზიცია საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტს კი არ წარმოადგენს, არამედ თავის მოსისხლე მტერს.
ასე რომ, ოპოზიციას საქმე აქვს არა კეთილშობილ, პოლიტიკურ ”ომში” საომარი ზნეობის დამცველ ძალასთან, არამედ ყველაფრის მკადრებელ, უსამართლო, ყოველგვარი იარაღით აღჭურვილ მტერთან. ამ პირობებში ჟურნალისტების ობიექტურობა - ოპოზიციის ობიექტური ლანძღვა, რაც ხალხში კიდევ უფრო ზრდის ნიჰილიზმსა და აპათიას - იმავე ობიექტურობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან გამარჯვებული უზნეო ხელისუფლება სწორედ ობიექტურობას ამარცხებს და ასამარებს.
ამასთან დაკავშირებით მინდა შეგთავაზოთ ერთი ნაწყვეტი ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან ”ვეფხიტყაოსანი შენთან ერთად”, რომელიც, მართალია, თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ანალოგიისათვის ნამდვილად გამოდგება:

”ქაჯეთის ციხის ასაღებად საბრძოლო გეგმის განხილვა უმნიშვნელოვანესი მომენტია პოემისა, რადგან პოემის გმირები მთავარი მიზნის – ნესტანის ქაჯთაგან გამოხსნის ამოცანის წინაშე დგანან. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა პოემის გმირებისათვის. ამ დროს მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს მათი საბრძოლო და ინტელექტუალური ღირსებანი. და თუ ჩვენ პოემაში ვხედავთ მხატვრულად გარდასახულ საქართველოს ისტორიულ ყოფიერებას, აუცილებელია ეს მომენტიც ამ თვალსაზრისით გავიაზროთ, ე.ი. უნდა დავაკვირდეთ პოემის გმირების (ანუ ქართველი ადამიანების, ქართველი მებრძოლების) ხასიათის გამოვლინებებს მის წინაშე მდგარი სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრისას.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, პოემის ამ მომენტშიც ვლინდება ქართველი ადამიანის ის ხასიათი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, გარკვეულწილად, საქართველოს ბედიც განსაზღვრა.
მაშ, ჯერ გავეცნოთ, რა გეგმას სთავაზობს ფრიდონი თავის მეგობრებს ქაჯეთის ციხის ასაღებად.
ფრიდონის თქმით, იგი უცდომელ გეგმას სთავაზობს თავის მეგობრებს. ჩვენ ცოტანი ვართო, ამბობს იგი, ქალაქის აღებას კი დიდი ძალები სჭირდება, პირისპირ ომში ვერაფერს გავხდებით, ხოლო თუ კარს დაგვიხშავენ, ათას წელსაც ვერ შევუვალთ. ამიტომ ასეთ ხერხს მივმართოთ: ყმაწვილობაში ჯამბაზობაში მწრთვნიდნენ, თვალის უსწრაფესად გავდიოდი თოკზე. მოდით, ერთ ბურჯზე თოკი შევტყორცნოთ და გამოვაბათ, მე მასზე ისე გავირბენ, როგორც მინდორზე, შიგ შევალ და იქ ყველას დავხოცავ, შემდეგ კარებს გავაღებ და თქვენც იქით წამოდით, სადაც ბრძოლის ხმა შემოგესმებათო.
ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:
ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერნი ივაგლახ-ივიან,
მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!“
თოკზე გასვლის დროს შენი აბჯრის ხმას გაიგონებენო, ეუბნება ავთანდილი, თოკს გადაჰკვეთენ და ვერაფერს მიაღწევ, ეგ გეგმა არ ვარგაო. ჩემი გეგმა კი ასეთია: თქვენ მოფარებულ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად შევიმოსები, ერთ ჯორზე იარაღს გადავკიდებ, ისინი ვაჭრებს თავისუფლად უშვებენ, მაგრამ სამივე ვერ შევალთ, რამეს იეჭვებენ, მე მარტო შევალ, იქ ფარულად ჩავიცვამ აბჯარს და შიგ სისხლის რუებს დავაყენებ, თქვენ კი გარედან შეუტიეთ კარებს, რომელთა კლიტეებს მე დავლეწავ და გავაღებო.
ტარიელმა მეგობრებს უთხრა: მე ვიცი, რომ გმირთაგმირები ხართ, თქვენი გეგმები თქვენსავე ძალგულოვნებას შეეფერება, ვიცი, რომ ფიცხელი ბრძოლა გწადიათ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით: თქვენი ბრძოლის ხმაზე ჩემმა მიჯნურმა რომ გადმოიხედოს და მე ვერ დამინახოს, ეს ხომ ჩემი დიდი სირცხვილი იქნებაო.
„მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა,
ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა?
თქვენ გქონდეთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?
ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.“
ამას სჯობს, გავინაწილოთ ას-ასი კაცი და გამთენიისას ერთდროულად შევუტიოთ, მათ ვემცრობით და შეგვებრძოლებიან, ჩვენ კი ჩვენი ხრმალის სიძლიერე ვანახოთ. ერთ-ერთი შევაღწევთ, დანარჩენები კი გარედან ვიბრძოლებთო.
ტარიელს ყველა დაეთანხმა. გაიყვეს ას-ასი მეომარი და საბრძოლველად მოემზადნენ...

...რამდენადაც „ვეფხისტყაოსანში“ საქართველოა „შეფარვით“ ასახული, ხოლო მისი გმირები ასევე „შეფარვით“ ქართველები არიან, ამიტომ ქაჯეთის ციხის აღებისათვის ჩვენი გმირების გეგმაშიც ქართული ხასიათი, ქართული საბრძოლო ეთიკა უნდა იყოს გამოხატული, რაც კარგად შენიშნა რუსთველოლოგმა გიორგი მჭედლიშვილმა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ტარიელმა ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები დაიწუნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის დაწყებისთანავე ის ბრძოლაში არ იქნებოდა ჩაბმული, და ნესტანს იგი უომრად რომ დაენახა, ამით მის თვალში ჩრდილი მიადგებოდა. „თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა“. ტარიელის ეს მოტივი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა ტარიელის თავმოყვარეობას, მიჯნურის წინაშე შეურცხვენლობას.
ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი რეალურ ცხოვრებაში რომ წარმოვიდგინოთ, ტარიელის გეგმის თანახმად შეიძლება დამარცხებულიყვნენ კიდეც ჩვენი გმირები, რადგან პირდაპირი იერიში უნდა მიეტანათ ციხეზე. საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა გმირებმა გაიმარჯვეს, მაგრამ რუსთველი რეალისტი პოეტია და ამიტომაცაა, რომ ჩვენმა გმირებმა ძალზე დიდი დანაკლისი განიცადეს, რაც საგანგებოდ აღნიშნეს კიდეც, – მათ სამასი მეომრადან მხოლოდ ას სამოცი შემორჩათ.
როგორც ვხედავთ, ტარიელის გეგმა განსაზღვრა მორალის, სახელის, თავმოყვარეობიs ფაქტორმა და არა გამარჯვებისათვის საჭირო ხერხების გამოყენების აუცილებლობამ.
როგორც რუსთველოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, ასეთი მოტივირება იმდროინდელი საქართველოს საბრძოლო პრაქტიკაშიც იყო დამკვიდრებული, რაც აშკარად გამოვლინდა უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, მონღოლთა ლაშქრობების ხანაში.
მონღოლების წარმატებული ლაშქრობები ქვეყნების დასაპყრობლად მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ბრძოლის გარკვეულმა ხერხებმა, კერძოდ ხაფანგში მტრის შეტყუების მეთოდმა თვალთმაქცური უკანდახევის გზით. ამ მეთოდით დაუმარცხებიათ მათ ლაშა გიორგის ლაშქარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ხერხი ქართველებისათვის მაინც მიუღებელი აღმოჩენილა, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ქართველი ადამიანის რაინდულ ხასიათს.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ისტორიული ეპიზოდი.
როდესაც საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, ისინი ქართველ მეფეებს აიძულებდნენ მათ ლაშქრობებში ჯარით მიეღოთ მონაწილეობა და მონღოლთა სარდლობას დაქვემდებარებოდნენ.
ერთ-ერთ ბრძოლაში ნოინის განკარგულებით ქართველებს მონღოლებთან ერთად უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ქარTველთა მეფეს განუცხადებია – ჩვენ, ქართველებს, წესად არა გვაქვს, ჩვენსკენ მომავალი მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი მოგველოდესო. მონღოლებს გაჰკვირებიათ ასეთი პასუხი, გამწყრალან და მეფისთვის უთქვამთ – რას სჩადიხართ, როგორ ბედავთ აბაღას გარეშე მტერთან შებმასო; თქვენ, ქართველები, უმეცარნი ხართ და არ იცით ბრძოლის ხერხებიო.
მონღოლებს ჯერ უთხოვიათ ქართველებისათვის, შემდეგ დამუქრებიან, მაგრამ ისინი მაინც მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრის დასახვედრად დაწყობილან. მონღოლებს ქართველების თვითნებობა აბაღა ყაენისათვის უცნობებიათ. აბაღა ყაენი სასწრაფოდ გამომართულა ბრძოლის ველისაკენ და ქართველთა მეფისათვის საყვედური უთქვამს: მე ვიცი, რომ ქართველები მხნე და შმაგი მებრძოლები ხართ, მაგრამ ასეთი რამ რომელიმე ნოინს რომ ჩაედინა, სიკვდილით დავსჯიდი, მაგრამ არ გადანაშაულებთ, რადგან არ იცით ჩვენი წესები; ახლა იქ დადექით, სადაც გიბრძანებთო. ამის პასუხად „მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყუანისცა და ჰრქუა: დიდო ყაენო! არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოსო“.
როგორც ვხედავთ, ქართველ მეფესაც ამ ისტორიულ ეპიზოდში, და ტარიელსაც პოემის მიხედვით, თავმოყვარეობის დაცვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გამარჯვების მიზნით ბრძოლის არარაინდული, მაგრამ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენება.
ქართველების მიერ ბრძოლის დროს რაინდული წესების ასეთი თავგამოდებული დაცვა რომ არა, როგორც გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, საქართველოს ისტორიის განვითარებაც ნაკლებ კატასტროფულად წარმართულიყო.”

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გულბაათ რცხილაძის ძალიან სწორ ფრაზას: ”ხელისუფლება როგორც ომს, ისე აწარმოებს პროპაგანდას”...

вторник, 4 октября 2011 г.

რა სარგებლობას მოიტანს არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა?

ეს სათაური, ალბათ, ბევრს გაახსენებს ცნობილ ეპიზოდს ნანა მჭედლიძის ფილმიდან ”იმერული ესკიზები”.

მასწავლებლის კითხვაზე, ბავშვებო, აბა კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალსო, ალბათ ყველას ახსოვს ერთი ჩამორჩენილი მოწაფის პასუხიც.

მაგრამ ხუმრობა იქით იყოს! სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე, - ჩვენი ხელისუფლება ლამის ყოველდღიურად იმდენ ახალ-ახალ სისაძაგლეებს, დანაშაულებს და სიგიჟეებს სჩადის, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაც უნდა კ ა რ გ ი ოპოზიცია გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და ხელისუფლებაშიც მოვიდეს, ისიც ვეღარაფერს გახდება ქვეყნის გადასარჩენად და ასაღორძინებლად.

დრო არ ითმენს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ცაიტნოტშია!

არჩევნების გზით დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის თუნდაც იოტისოდენა იმედს საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაციონალების მიერ პარლამენტში ”განსახილველად” ახალი საარჩევნო კოდექსის შეტანამ. თუ რა მზაკვრული სიახლეებია ამ ახალ კოდექსში, ამაზე სპეციალისტებმა უკვე იმსჯელეს და ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. ხოლო როგორი ”განხილვა” ჩატარდება პარლამენტში, ეს ყველამ კარგად ვიცით!

არც ე.წ. ”რევოლუციური” გზაა პერსპექტიული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მოქალაქეების სისხლისღვრასაც არ ერიდება, იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ამ ყოვლად უგუნური და დამნაშავე ხელისუფლების შესაცვლელად ცარიელი ხელებით (თუნდაც ჯოხებითა და ”რაგატკებით”) იბრძვიან.

გამოდის, რომ ხელისუფლების შეცვლის ორივე გზა უვარგისია.

მაგრამ არსებობს გამოსავალი. ეს ისევ არჩევნების გზაა, ოღონდ ერთი პირობით: არჩევნებში მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, ბოლო არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიები თუ როგორ მოუწოდებდნენ (ლამის ერთხმად) ამომრჩევლებს, მაქსიმალურად გამოსულიყვნენ არჩევნებზე და თუნდაც ყველა პარტია გადაეხაზათ, რათა ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა არ მისცემოდა, ან მინიმუმამდე შემცირებოდა.

ამ ხვეწნა-მუდარამ და ოქროპირობამ არ გაჭრა - პირიქით მოხდა, - ოპოზიციისადმი უნდობლობის თუ სხვა რამ მიზეზების გამო არჩევნებზე გამოცხადდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მხოლოდ მცირე (მგონი 15%-მდე) ნაწილი, ხოლო ხელისუფლებამ თავისი მომხრე მოსახლეობის (25-30%) მ ა ქ ს ი მ ა ლ უ რ ი მობილიზება მოახდინა ე.წ. ”კოორდინატორი ქალების” დახმარებით, რის შედეგადაც თავისი მომხრე 25-30% გადააქცია ლამის 80%-ად, რის საფუძველზეც დემაგოგიური მტკიცების საშუალებაც მიეცა - მოსახლეობის 80% გვიჭერს მხარსო. (ეს დაადასტურა თელავში ახლახან ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმაც, სადაც ნაციონალებმა ზუსტად იმავე ”მეთოდით” გაიმარჯვეს, რაგორც თვითმმართველობის არჩევნების დროს).

ცხადია, ყველას კარგად ესმის, რომ ამომრჩევლის არჩევნებზე მაქსიმალურად გამოცხადება, ერთის მხრივ, მოსახლეობის განწყობილების რეალურ სურათს გვიჩვენებს, ხოლო მეორეს მხრივ, გაყალბების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება და, შესაბამისად, გამარჯვების რეალური შანსის მომცემია.

მაგრამ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, არჩევნებზე ხალხს მასობრივად ამჯერადაც ვერავინ გამოიყვანს, რაც არ უნდა ქადაგად დავარდნენ და ხვეწნა-მუდარა გააჩაღონ თუნდაც ყველა ტელეარხით. (ამას ოპოზიციაზე ვამბობ, თორემ ხელისუფლება თავისი მომხრეების მაქსიმალურად გამოყვანას დაშინებითა და შანტაჟითაც ადვილად ახერხებს კოორდინატორი ქალების არმიის დახმარებით).

არჩევნებზე მოსახლეობის მაქსიმალურად გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობით.

ეს იდეა ლეიბორისტებსა და მწვანეებს ეკუთვნის და სრულიად გაუგებარია, ჩვენი დანარჩენი ოპოზიციონერები რატომ არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას ამ ძალიან საინტერესო (უფრო სწორად, აქამდე გამოთქმულთაგან ყველაზე საინტერესო და ეფექტის მომცემ) წინადადებას.

ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია იმის დასაბუთება, თუ რაოდენ დიდია არჩევნებზე ხალხის მაქსიმალურად გამოსვლის მნიშვნელობა. მე მხოლოდ იმ არგუმენტებს შევეხები, რომლებიც ამ წინადადების საწინააღმდეგოდ იქნა გამოთქმული, ან შესაძლოა, გამოითქვას.

1. არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების დარღვევა იქნებაო.

რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტის შესახებ?

ცხადია, ეს ადამიანის უფლებებს გარკვეულად შეზღუდავს, მაგრამ ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანის უფლებები ყოველთვის და ყველა სფეროში ირღვევა, ეს კონკრეტული ”დარღვევა” კი (თუ ის მართლა დარღვევაა), სხვა დარღვევებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის აუცილებლად კარგ შედეგს მოიტანს.

მეორეც, თუ ფორმალურად მივუდგებით, ეს შეიძლება მართლა დარღვევა იყოს, მაგრამ თავისი არსით, თავისი შედეგით, სრულიად ზნეობრივი და სწორია. ლოგიკურად სრულიად გამართლებულია, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრებს ვალდებულება დაეკისროს, გამოიყენოს თავისი უფლება ხელისუფლების ასარჩევად.

თანაც სავალდებულო ამ ქვეყანაში უამრავი რამაა, იმ ყბადაღებული ”ერთიანი ქვითარის” ჩათვლით. არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღება კი (თუნდაც მხოლოდ ამ ეტაპზე) ლოგიკურადაც და ზნეობრივადაც სრულიად სწორი და გამართლებული იქნება.

საერთოდაც, ადამიანები სრულიად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ათასგვარი კანონებით არიან რეგლამენტირებულები და შეზღუდულები (გადასახადების გადახდა, ზოგადად - კანონმორჩილება, სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, მაგალითად, სასჯელი რასისტული გამონათქვამებისათვის და სხვა). თუ, მაგალითად, გადასახადის გადახდის სავალდებულობა არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა რატომ უნდა ჩაითვალოს არადემოკრატიულად? ბოლოს და ბოლოს, ხომ ფაქტია, რომ ამომრჩეველი ირჩევს ხელისუფლებას, რომელმაც სწორედ ამომრჩეველთა გადასახადებისაგან შემდგარი ბიუჯეტი უნდა გადაანაწილოს ქვეყნის სამართავად.
აქედან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა, პირიქით - ამ უფლებების რეალიზების ძალიან სწორი და ლოგიკური საშუალებაა!

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თითქოსდა მას უჭერს მხარს, ძალიან გაუჭირდება ამ წინადადებაზე არგუმენტირებული უარის თქმა!

2. ზოგის აზრით, ხელისუფლება ისედაც ჯარიმებზეა გადასული და ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და კიდევ ერთ ახალ ჯარიმას დაუწესებს ხალხსო.

რაც შეეხება ამ არგუმენტს, ხელისუფლებას იმდენად არ აწყობს არჩევნებზე ხალხის მასობრივი გამოსვლა (რაც მისი მარცხის ტოლფასი იქნება), რომ, ჯერ ერთი, ამ წინადადებას მიღებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, და მეორეც, თუ მიიღო, ჯარიმებს ან საერთოდ არ დააწესებს, ან იმდენად მცირეს, რომ არავის შეეშინდეს არჩევნებზე გამოუსვლელობა.

3. ამბობენ, რომ ხალხის ის მასა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ნეიტრალურია და მისთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაშიო.

ასეთი ხალხი, ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, ალბათ, ძალზე მცირე პროცენტი უნდა იყოს. უმეტესობა კი ან არც ერთს არ უჭერს მხარს (არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას), რაც, ცხადია, ნეიტრალობას არ ნიშნავს, ან, უბრალოდ, ხმის მისაცემად წასვლა ეზარება და ფიქრობს, რომ მისი ერთი ხმა არაფერს ნიშნავს (არადა, ასეთმა ”ერთმა ხმამ” შეიძლება ათიათასობით ან ასიათასობით ადამიანი შეადგინოს). არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა სწორედ ამ ორი კატეგორიის ადამიანების გასააქტიურებლად იქნება ძალიან საჭირო და ეფექტის მომცემი. ამომრჩეველმა თუნდაც ყველა გადახაზოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების შედეგების ობიექტურობის თვალსაზრისით.

4. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა წასული, მაგრამ სიებში მაინც რჩებიან, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა არაფერს შეცვლისო.

ცხადია, ამის თავიდან ასაცილებლად სიების დაზუსტება და ბიომეტრიის გამოყენებაა საჭირო, რის მისაღწევადაც ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ კიდევაც რომ დაზუსტდეს სიები და ბიომეტრიის გამოყენებაც დაიშვას, თუ ამომრჩეველი მასობრივად არ გამოვიდა არჩევნებზე, ესეც არაფერს უშველის. ამომრჩევლის მასობრივად გამოსვლა კი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობით მიიღწევა
.
5. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაჯანული მოსახლეობა მთლიანად ხელისუფლებას აძლევს ხმას და ამასთან ვერაფერს გავაწყობთ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღებითო.

ცხადია, ხელისუფლების საარჩევნო ”ოქროს მარაგი” მართლაც ეს მოსახლეობაა, მაგრამ მათგან მიღებული პროცენტები საგრძნობლად შემცირდება, თუ არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობა იქნება შემოღებული.

6. თუ მართლაც ამდენი ღირსებები აქვს არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობას, ამის მიღებას ხელისუფლება არაფრით არ დაუშვებსო, - მეტყვიან.

სწორია! ის კი არა და, ხელისუფლება ფარისევლურად იმასაც იტყვის, ეს არადემოკრატიული იქნება და ადამიანების უფლებებს შელახავსო. თითქოს თავად არ არღვედნენ ყველგან, ყველა სფეროში და ყოველთვის ადამიანის უფლებებს!

ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამის მისაღებადაა საჭირო ბრძოლა, ცხადია, მშვიდობიანი, კონსტიტუციური საშუალებებით.

7. ყველაზე მძიმე არგუმენტი ამ იდეის განხორციელების წინააღმდეგ არის შემდეგი:

საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, არაფერზე არ ზრუნავს - არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არც ეკონომიკის განვითარებაზე, არც ხალხის სოციალურ დაცვაზე, არც დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე და ა.შ. ხელისუფლების ერთადერთი სერიოზული საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ მიზნით ხარჯავს მთელ თავის ფინანსურ თუ ”შემოქმედებით” რესურსებს. ესაა ხელისუფლების ერთადერთი სერიოზული საფიქრალი. ამიტომ, თუ ასეთი წესის შემოღებას მივაღწევთ, ცხადია, ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლადაც მოიფიქრებს რაიმე მაქინაციას. ამ მიმართებით ხელისუფლება ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის!

მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ წესის შემოღებით ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება უკვე ძალიან გაუჭირდება და ეს დიდ თანხებთანაც იქნება დაკავშირებული (რასაც ისევ ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღებს), მაგრამ არჩევნების შედეგები ნამდვილად იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. სულ ცოტა, ერთპარტიულობის აღმოფხვრას მაინც მივაღწევთ, რათა სახელისუფლებო უმრავლესობამ ყოველგვარი უმსგავსი და დანაშაულებრივი საქმიანობა ძველებური თავგასულობით ვეღარ გააგრძელოს და ქვეყნის განვითარება თუ არა, გადარჩენა მაინც მოხერხდეს.

ერთი სიტყვით, არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობის შემოღებას ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია და ამ წინადადების მისაღებად მართლაც ღირს ბრძოლა. ვიმეორებ, ხელისუფლებასაც ვერავითარი სერიოზული არგუმენტი ვერ ექნება ამ წინადადების საწინააღმდეგოდ - აკი ამტკიცებს, მოსახლეობის უმეტესობა ჩვენ გვიჭერს მხარსო. ჰოდა თუ უჭერს, მთელი მოსახლეობა რომ გამოვა არჩევნებზე, ეს მხარდაჭერა უფრო უკეთ არ გამოჩნდება?

მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არჩევნების მომხრე ოპოზიციურ პარტიებს მთავარ პრობლემად მიაჩნიათ არა ამ წინადადების მიღება, არამედ საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესება, აგრეთვე რეალური საერთაშორისო მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, რაც უფრო გაუმჯობესდება საარჩევნო კოდექსი და გარემო, აგრეთვე საერთაშორისო მხარდაჭერა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულობას, დღევანდელ ეტაპზე მაინც, რადგან დღეს იმდენად გულგატეხილი და იმედგაცრუებულია ხალხი, რომ თუნდაც მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი (რაც ძალიან საეჭვოა), ეს არჩევნებში მონაწილეთა პროცენტს მაინცდამაინც დიდად არ გაზრდის.

P.S. მწვანეების ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ”კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების სავალდებულობა არსებობს მსოფლიოს რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, და რაც საგანგებოდ აღსანიშნავია, ჩვენი ხელისუფლების სამაგალითო ს ი ნ გ ა პ უ რ შ ი ც!

понедельник, 26 сентября 2011 г.

აჰა, ინებეთ

ანზორ აბჟანდაძე



გამომცემლობა “მთაწმინდა”
2011


რედაქტორ-შემდგენელი ზურაბ კალანდაძე


შემდგენლისაგან

ანზორ აბჟანდაძე (1941) შემოქმედთა იმ უკომპრომისო ნაწილს ეკუთვნის, რომელსაც არასოდეს უცდია იაფფასიანი კონფორმისტული ნაწარმოებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 1980-იანი წლებიდან იგი პროფესიონალურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა, როგორც პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის მკვლევარი. მასვე ეკუთვნის თანამედროვე საზოგადოების სატკივარით განპირობებული პუბლიცისტური წერილები.
წინამდებარე კრებული ანზორ აბჟანდაძის პოეტური ნაწარმოებების მესამე კრებულია. იგი დაყოფილია თემატურ რკალებად; თითოეული რკალი კი შედგენილია ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით. კრებულის ასეთი შედგენილობა საშუალებას მისცემს მკითხველს, ადვილად აღიქვას ნაწარმოებთა თემატიკის განვითარება, დროსთან თანაფარდობაში მიმდინარე ცვლილებანი.
ანზორ აბჟანდაძის ლირიკა რაინდულ გაგებაზე და ქრისტიანულ მორალზეა დაფუძნებული. მისი პოეტური ნაწარმოებების კითხვისას, რომელთა თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია (პატრიოტიზმი, ეპოქალური წუხილები, ცხოვრებისეული ტკივილების განზოგადება და ა. შ.), ნელ-ნელა იკვეთება მისი, როგორც პოეტისა და მოქალაქის პორტრეტი:
დაფიქრებული, ალალი, მეგობრის გარდაცვალების გამო გაშვებული წვერით, ოცნებებში სამშობლოს ბედნიერების მხილველი, გაუტეხელი ქართველი კაცი.


ჩემი
ოცდამეერთე




არ ვემდურები ბედს

ამქვეყნად მოსვლა მომეზღო, -
რას ვისურვებდი მეტს?..
ხომ იყო რაღაც!.. ხომ იყო!.. -
არ ვემდურები ბედს.

რაც იქნება და რაც იყო,
ყოვლის მხილველი წყვეტს...
ჰო, ზოგჯერ ზეცაც გამეღო! -
არ ვემდურები ბედს.

გმადლობთ!.. სხვა, აბა, ვთქვა რაღა? -
მაღლით უფალი გვჭვრეტს...
ცოოოტა ხო-მაინც მალაღა, -
არ ვემდურები ბედს.

2002





მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს

ეჰ, სამოცს გადავაბიჯეთ, უფრო მეტისაც ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.
მუხლები მოგვიფამფალდა, გვზაფრავს სიბერის ჭირი,
ხან ფიქრებში ვართ ჩანთქმული, ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.
ზოგს გული გვტკივა, ზოგს - სული, ზოგს გვიკანკალებს ხელი,
ღვინოს ვეღარ ვსვამთ, ჭიქაში ჩაი გვისხია ცხელი.
გავთეთრდით, დაგვინაოჭდა ლოყები, ერთ დროს თლილი,
ზოგს თმა გაგვცვივდა მთლიანად, ზოგს - თითქმის ყველა კბილი,
თვალს მხედველობა დაგვაკლდა, გულს - სიყვარულის ალი,
მშვიდად ვუცქერით, რაზედაც გვებრიცებოდა თვალი,
სურვილიც უკვე ხშირად გვაქვს ლოგინში მარტო წოლის,
ზოგს არ გვყავს, ზოგს - რამდენიმე, ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.

დღეს ასე ვცხოვრობთ... არ ვიცით, ხვალ რას გვიმზადებს ბედი...
მეც თქვენი ჭირი მაწუხებს და ბარეორჯერ მეტი.
ჩამოვრჩი ყველა ქარავანს ყველა გზასა და შარას,
დღეს რა მაქვს, მაგრამ იმასაც ხვალე მტაცებს და მპარავს.
ხვალ - დავიძინებ მარადის, დღეს - ძლივძლივობით მძინავს,
დღეს უფანჯრო მაქვს, ხვალ მელის უკარ-უფანჯრო ბინა.
დღეს რომ ღია მაქვს ყოველთვის, ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,
ჰოდა, ხვალ ნუღარ გადასდებთ, დღესვე მესტუმრეთ ბარემ.
თუ პურმარილსაც მოიტანთ, მაგრა დაგიწყებთ ქებას,
ღვინოს, მწვადს, გოჭს და წიწილას... პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…
...მაშ, მოდით, თორემ დრო გარბის, სამოცზე მეტის ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.

2003



მიყვარს მერცხლები

მიყვარს მერცხლები, შავფრთიანები და თეთრგულები,
კუდმაკრატელები და ჭკვიანები,
დედალ-მამლები, სულ ერთმანეთის ერთგულები,
არა მოღალატეები და ეჭვიანები.

არა მსიძავნი, მემრუშენი და გზაარეულნი,
მხოლოდ საკუთარ მეწყვილეთა მოყვარენი,
ნამდვილ თავისუფლებას, ნამდვილ ბედნიერებას ზიარებულნი,
ნამდვილი გაზაფხულების აუცილებლად მომყვანები.

2003



*

“რატომ არ თენდება, რა ვიცი.”
ტანჯული ადამიანის, ი. ჯ.-ს
ამოძახილი ძილის დროს.

სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - ხანგრძლივი წამია,
სიცოცხლე - უძალო შხამია,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - სულეთის ჩქამია,
სიცოცხლე - იმედთა ხრამია,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
სიცოცხლე - უძილო ღამეა,
რატომ არ თენდება, რა ვიცი.

2003



შოთა რუსთველი

იგი ერთ დროს მინისტრი იყო,
მეჭურჭლეთუხუცესი,
წარმატებული ფრიად,
მორჩილებდნენ განძთა მცველნი,
ხარკთა ამკრებნი.

სპასპეტი იყო სადროშოსი,
მორჩილებდნენ სპანი მამაცნი.

პატრონი იყო რუსთავისა,
სხვათა და სხვათა,
მორჩილებდნენ ყმანი ურიცხვნი.

ეჰა იხილეთ:
მიწა და ნაცარ ქმნილ არს ყოველი.

ამაოდ დაშვრა, საწუხ არს ესე.

2008



დაგმანული კარიბჭე

არა,
პოეტს არა აქვს ფრთები, -

ვერ გადაუფრენს სიტყვების შამბნარს
მშვენიერების იდუმალი საუფლოსაკენ...

და გზას იკაფავს...
და ეკაწრება სული და ხორცი.

მაგრამ მაინც ბედნიერია...

თუმცა გზის ბოლოს
დაგმანული ხვდება კარიბჭე.

2009


ხუთი ლექსის ბალადა

ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი
ჩემს გულშემატკივრებს

მისაყვედურეს: “ბოლო ხანს ლექსებს არ სწერო რატომ?..
იქნებ გაგიცვდა კალამი, ან დაგიჟანგდა მთლად?..”
“რა გითხრათ-მეთქი? - ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,
თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, - არად ვარგივარ სხვად...”

დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! - ყურს ცუდად ხვდება “ხუთი”...
ოთხია წმინდა, ღვთიური... ოთხი გამიხსნის ცას!..
აჯობებს, ოთხჯერ დამედოს რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,
ოთხჯერ გავაღო გული და ოთხჯერ შემოვკრა ზარს...

მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - რა ვი, - ბევრია, მგონი...
ვინ უწყის ნება განგების?.. უწყალოდ მიჰქრის დროც!..
სწრაფია ბედის მდინარე... ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...
გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, ბევრიც გამქირდონ რომც.

სამს?.. არა, ორი სჯობია!.. კი, - ორი მინდა სწორედ!
ორი - სიცოცხლის წყაროა, ერთი ბუდე აქვს ორს...
სინათლეც ორთავ თვალისა გაედევნება შორეთს
და მაინც სადღაც იპოვის თავის მეორეს - სწორს...

ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... სახე ყოვლისა ტანის...
უცნაური და უთქმელი... სასოება და ხსნა...
ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა დათრგუნვად მე სატანის,
თუკი, უბრალოდ, კარგია, და... არაფერი სხვა...

მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, რა გასაქანი მივცე?..
ირგვლივ სუსხია... ზამთარი უკვე მომადგა კარს...
ხომ არ სჯობს, დავწვა, რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,
თუ - ამ გაძარცულ ტოტებში გავასაუბრო ქარს?

2009





*
“რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ”, -
გვასწავლის ბრძენი შოთა.
მაგრამ არ ვუსმენთ მე და შენ,
ვეურჩებით და ვშფოთავთ.

რაცა გვწადია, მას ვშვრებით,
წადილთ მიყოლა გვიყვარს.
მიტომაც არ გვაქვს საშველი,
და ვგმობთ ბედსა და იღბალს...

ჰო, არასოდეს დადიან
რუსთველის ამა თქმულზე...

იქ წასვლა არა მწადიან,
მაგრამ ამ ერთხელ... ვუსმენ...

2010


*
გიფიქრიათ, -
ნეტავ, შოთა, რას დასწერდა დღეს?
გრძლად იტყოდა,
თუ სულ მოკლედ მოსჭრიდა სათქმელს?!

მაგრამ უწყის მან - განგებამ,
წინასწარ უწყის, -
ოქროს კალამს, ღვთიურ გზნებას
ვის როდის უძღვნის,

ვისი პირით იტყვის სათქმელს...
ჰო, ასეა ეს...
მაგრამ მაინც...
ნეტავ, შოთა რას დასწერდა დღეს?

2010




წვეთი

მგონია ასე:
ერთი წვეთი დავაკელ იმ თასს,
რომელსაც მხოლოდ მაშინ აქვს აზრი,
როცაა სავსე.

მაგრამ ეს ფიქრი მამშვიდებს თითქო:
ის წვეთი იქნებ შხამისა იყო?

2010


ჩემი ოთახი

ვახტანგ ბახტაძემ ჩემს ოთახში
ყოფნისას აქეთ-იქით მიმოიხედა და თქვა:
“ასე მგონია, ვაგონში ვარ!”
გარეთ მატარებლის რახრახიც ისმოდა.

ასე მგონია, ვაგონში ვარ,
რომელიც დიდ მატარებელს გამოექცა,
იარა, უგზო-უკვლოდ იარა,
და ჩემს პატარა ბინად გადაიქცა.

ასე მგონია, ვაგონში ვარ,
რომელსაც უნდა -
კვლავ ახალი სივრცე მოსძებნოს,
მაგრამ ბორბლები დაუჟანგდა
და ახლა ფრთებზე ოცნებობს.

2010




რაღაც სხვა

გული გამძლეა, ის არაა სუსტი, სნეული, -
არც “ამღვრეული”, არც “დამწვარი”, არც “დამსხვრეული”.

სულ ცარიელი სიტყვებია - მერე რამდენი -
“გულგატეხილი”, “გულმოკლული” თუ “გულნატკენი”.

ჰო, უცნაური ეს ცხოვრება ტანჯვის ზღვა არი.
გული გამძლეა. რაც ვერ უძლებს, რაღაც სხვა არი.

2010








ღია წერილი ჩვენს პოლიტიკოსებს

რა ქვა ვიხალოთ? რა ვიღონოთ
წავიდეთ სადა? -
სამშობლოსათვის
კათოლიკედ თავი სცნო საბამ...

რა ხელი ჰქონდა ინგილო ქალს
ერეკლეს ქუდთან? -
არც მეფე იყო ბედნიერი,
არც მეფეს სურდა...

ყაენის კარზე
რას უქადდა, იცოდა, მისვლა, -
მეფე დიმიტრიმ თავი დადო,
ქვეყანა იხსნა...

და ასე შემდეგ..
და სხვა... და სხვა...
და ასე მუდამ...
მეტს აღარაფერს გაგახსენებთ. -
დავდუმდე უნდა...

2010



ქება ოპოზიციას

ეს ქვეყანა დალაგდება? –
ეჭვი შემომეჩვია.
არც როდის რომ მართლდებოდა,
ის იმედი მერჩია.

2010



*
მწუხარებაც ლამაზია
და უთქმელი ურვაც,
იმ იარას რა ფასი აქვს,
დრო რომელსაც ჰკურნავს?..

ეს რა ფიქრი დამესია!..
შემძრა ელდამ შიშის...
შევჩერდე - უკეთესია,
შორს ნუ წავალ... ფიქრში...

2010



რა უზალთუნი გაახსენებს?

უკანასკნელი გროში აკრიფა.
ქუდი დაფერთხა.
ადგა.
ლამაზი წყვილი შენიშნა.
მათკენ წავიდა მოწყალებისთვის.

ერთხელ... ოდესღაც...
ისიც... ასევე...

მაგრამ იმ წუთებს
რა უზალთუნი გაახსენებს?

2010



*
როგორ ვარ და - აბა, რა ვი...
გავსცქერ ჩემს გზას... წყნარად ვღელავ:
ვერც-სად ვპოვე მყუდრო ვანი,
ვერც გავიჭერ ველად, ხელად.

როგორ ვარ და - ბოლავს ნისლი,
სულში ქარაშოტი გმინავს,
დუღს საწუთროს ცივი სისხლი
და ცას უგულობა ჰყინავს.

როგორ ვარ და - ავმა ჟამმა
სული კაწრა, გული ბზარა!
ჭირმა - თავი, ლხინმა - ბოლო,
ჰფარა, მაგრამ ვერ დაჰფარა.

ვერა, ვერ ვატარე ნავი,
ვერც გიჟურად, ვერცა ფრთხილად...

მაშ, როგორ ვარ? - აბა, რა ვი...
აჰა, ფარდაც...
მორჩა.
მივალ.

2010



აღმოსავლური ელეგია

ეს არაკიც ჩინს ქვაზედა, ალბათ, სწერია:
რაც რაიმე საამოა,
წუთიერია.

თუცა გული სიკეთეთა ყოვლთა მნდომია,
რაც რაიმე ძვირფასია,
მიუწვდომია.

გაცამტვერდეს, დასამარდეს, დაჭკნეს - ბრალია,
რაც რაიმე ლამაზია,
წარმავალია.

ჰო, საწუთრო სულ ბოროტთა, ავთა მქმნელია,
განშორება, და-ცა-თმობა
მაინც ძნელია.

2010



*
რაც რაიმე გვიშრომია,
მიწად, ნაცრად ქმნილ არს...
სულ მწარეა, სულ შხამია
საღამოც და დილაც.

რაც რაიმე გვინატრია,
დარჩა ნატვრად მხოლოდ...
გვირაბის წინ სინათლეა,
სიბნელეა ბოლოს.

სულ ფუჭია, სულ ფარსია,
სულ ჭირი და ქატო...
მაგრამ მაინც... ლამაზია...
მაგრამ მაინც... გმადლობთ...

2010



*
შეუცნობელი, იდუმალი საწუთრო ბრუნავს,
ღმერთი აშენებს, დაანგრია სატანამ რაიც...
ჰო, ბოროტებას სიკეთე სძლევს, სიკეთე თრგუნავს,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც.

ღვინო ღვინოა, რამდენი რამ უმისოდ გვათრობს,
რა შეედრება იმ განწყობებს, იმ ღვთიურ ხალისს...
ჰო, სიხარული ჩვენთანაა, ჩვენს გულებს ათბობს,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც.

ღამდება, ვატყობ, და თანდათან ჩამოდის ბინდი,
და სინანულით ვეგებები გარდუვალ დაისს...
ჰო, სიცოცხლეო, კარგი იყავ, და ვამბობ - ღირდი,
ხანდახან მაინც, ზოგჯერ მაინც, დროდადრო მაინც...

2010


ჩემი ოცდამეერთე

ჩემი ოცდამეერთე: წინ - უცნობი შორეთი,
ჩემი წილი, ახალი გრძელი ათასწლეულის,
ბოლო, უკანასკნელი ამოსუნთქვა პოეტის, -
სასტიკ მეოცისაგან ძლივ-ძლივ თავდაღწეულის.

ჩემი ოცდამეერთე: შემოდგომის ფერებით
მოჩითული ცხოვრების ბოლო აღმართ-დაღმართი...…
დაგმანული კარიბჭე იდუმალი მშვენების,
და ბოლო გაჩერება დაქანცული საათის.

ჰო, ეს ჩემი ხვედრია, - ჩემი ოცდამეერთე,
ათი წელი - ახალი გრძელი ათასწლეულის,
ჰო, ეს ჩემი ბედია ერთი ჩუმი პოეტის,
უდაბნოში ამაო მღაღადებლად ქცეულის.

2010

მოგონებანი

სულ გვდევენ მოგონებანი, -
ხან შფოთვენ, ხან წყნარდებიან,
ხან გვეჯარვიან ღრუბლებად,
ხან მზეებრ გაბრწყინდებიან,

ხან გვქენჯნენ, ხან გვამშვიდებენ,
ხან ყელში ბურთად ხვდებიან,
ხან ასოვლებენ წამწამებს,
ხან დოქის ტუჩზე სხდებიან.

2011


ანა კალანდაძე

მახსოვს, როდესაც პირველად
მე წავიკითხე ანა,
რა შუქმა შემომანათა,
რა უნაზესმა ცამა!

რა კდემა იყო, რა კრძალვა,
რა სინატიფე ზენა!
რა სათნოების ზღვა იყო,
რა ვარსკვლავების ცვენა!

რა ბროლი იყო, რა ლალი,
რა ბადახში და მინა!..
დღესაც თვალებს მჭრის,
იმ წიგნმა
ისეთი შუქი მფინა.

2011


რასაც გული კარნახობდათ

”ჩვენი თაობის” მწერლების
ფოტოზე მინაწერი

ვუცქერთ ფოტოს; რა ძვირფასი სახეები გვიცქერიან!
ჭაბუკებად დარჩენილებს დღემდის სევდით ვიგონებთ, -
ცის მკვიდრთ - ლადო ასათიანს, მირზასა თუ საჯაიას...
მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს.

ტრიალებდა დრო სატანის, ლამის ძმა ძმას ღალატობდა...
ისინი კი პოეზიის წმინდა ალით იწვოდნენ.
წერდნენ, რასაც ჭაბუკური ცხელი გული კარნახობდათ,
მამულისთვის ჭეშმარიტი პოეზიით იღვწოდნენ.

მოკვდნენ... თითქოს არც წასულან, თითქოს ისევ აქ ლაღობენ,
თითქოს ალალ პურმარილზე ძველებურად ლხინობენ...
რა წუხილი დააბერებს, რა სიბერე გაახუნებს
მათ ფერმიხდილ ფოტოებს და ყაყაჩოსფერ სტრიქონებს?

2011


ცხოვრება დები იშხნელებისა

სცენაზე ანგელოსები,
თუ გოგონები იდგნენ? -
ცრემლი სდიოდა აკაკის,
ისე კარგები იყვნენ!
მის ლამაზ ლექსებს მღეროდნენ,
ბულბულებივით ხმობდნენ,
მღეროდნენ, მაგრამ მორცხვობდნენ, -
მგოსნის წინაშე კრთოდნენ...

მერე, როდესაც სასტიკი
ქარტეხილები ჰქუხდნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ,
თუმც ჰგლოვობდნენ და სწუხდნენ.
მერე, როდესაც ავსულნი
ქვეყანას სისხლში ჰბანდნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ, -
სევდიან ფრესკებს ჰგვანდნენ.

წყვდიადში ნათელ-სხიობდნენ
და სანთლებივით ენთნენ,
მოდიოდნენ და მღეროდნენ, -
წყლულებს მალამოდ ედვნენ.
მოდიოდნენ და მღეროდნენ,
და... ამაყები იყვნენ!…
მერე გარდავლეს სოფელი
და - სანთლებივით მიქრნენ.

2011



ზურაბ ჭავჭავაძის გახსენება

ზურაბზე წვერი მოვუშვი... მერე - დავტოვე ასე.
მითხრეს: არ შეიძლებაო, - შეწუხდებაო იქ!
ვთქვი: ჩემი წვერის მოშვება იქ იმოქმედებს რაზე? -
დაეჭვებული მივყევი სინანულსა და ფიქრს.

ეჰ, ნეტავ წვერის მოშვება მართლა შველოდეს რამეს!
რა შეუძლია სინანულს? რა შეუძლია წვერს? -
იგი წავიდა. აქ დარჩა აღუსრულები საქმე...
იგი წავიდა... კაცის ბედს ბედის მწერალი წერს...

2011



მამიდა

არა, მძიმე ბავშვობის გახსენებაც არ მინდა,
მაგრამ... რადგან თვით უკუნს სულ პატარა სხივიც შლის,
მე ვიგონებ ჩემს გამზრდელს, ჩემს საყვარელ მამიდას.
(რობაქიძის - გრიგოლის მკვიდრ მამიდაშვილისშვილს).

წლები იყო სასტიკი, ცხოვრება - უმძიმესი,
მაგრამ მაინც - მამიდას მზრუნველობით გამთბარი:
ჭადი გაფიცხებული, დაწობილი მარილზე,
და ძილის წინ - ლამაზი “ტოტ-იაშოს” ზღაპარი...

არ უვლია სკოლაში, - პირობები არ ჰქონდა, -
წერა-კითხვას ძლივს ფლობდა, კეთილი და ალალი,
ბავშვებს გვეფერებოდა... ნაღვლიანად ამბობდა:
“ჩემისთანა საწყალი ხეში მატლი არ არი...”

ჩუმი სევდით სტანჯავდა უიღბლობაც თავისი, -
ავ ხალხს გამოჰქცეოდა - ქმარს და აშარ დედამთილს...
და ცხოვრობდა ისევ აქ, მამისეულ კერაზე,
და გვივლიდა ძმისშვილებს დილით-დაღამებამდის.

მერე ხელი სხვამ თხოვა, (უკვე - კარგმა ბიძიამ!), -
ქვრივი იყო, სამოცის, შვილიშვილთა პატრონი...
წაიყვანა მამიდა და მიჰგვარა მისიანთ,
მერე ცალკე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ მარტონი.

ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, სტუმრები უხაროდათ,
მეც ვსტუმრობდი, ვლხინობდით მე და მისი ქმარიკო...
ჩემი კარგი მამიდა იქ სუყველას უყვარდა, -
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.

ჰკრეფდნენ ყურძენს, უვლიდნენ ძროხებს, წიწილ-ვარიებს...
კარგი იყო მამიდა - დედის, ბებოს ნაცვალიც...
რაც კი ჰქონდათ, გასცემდნენ, მოჰმადლოდათ ორივეს
სიკეთის ქმნა - ამქვეყნად ულეველი საგძალი.

ასე განვლეს ცხოვრების ოცდაათი მათ წელი...
მერე ქმარმა დასტოვა, - სული ზეცამ წარიღო...
მერე წაჰყვა მამიდაც, სიყვარულით მოცული...
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.

2011


ხუმრობისებური

დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო, -
სამოცდაათს მივადექი,
ეხლა რაღა ვქნაო?

შენ რას მეტყვი, მეგობარო,
ძმობილო თუ ძმაო?
შენ, მიხვეულ-მოხვეულო,
სად მიგყავარ, გზაო?

შენ სად მიხმობ, სად მეძახი,
იდუმალო ხმაო?
შენ რას დაჰფლავ, რას დაჰფარავ,
მძიმე, ცივო ქვაო?..

დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო,
სამოცდაათს მივადექი, -
ახლო არის ხ ს ნ ა ო...

2011





ქართველ ემიგრანტებს

ჰო, თქვენ მანდ ხართ,
მანდ ცხოვრობთ, -
აწყობილ სამყაროში,
მანდ ქალაქიც კარგია და სოფლის იდილიაც...
აქ - ყველაფერს ჰყიდიან! იყიდება ნამუსიც...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

მანდ წყნარია ხმაურიც, მანდ ხიბლი აქვს ქაოსსაც...
აქ - ჩონგურის სიმებიც უღმერთოდ აშლილია...
აქ - აღარ კითხულობენ ღვთიურ “ვეფხისტყაოსანს”...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

ალბათ ხშირად დამტკბარხართ წარმატებით, დიდებით...
ალბათ ასეც მომხდარა, - უგზო-უკვლოდ გივლიათ...
ალბათ ზოგჯერ ფანჯრის წინ უნებურად რინდდებით...
ჰო... მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია.

2011



ს ი მ ბ ა

სიმბა - ჩვენი საყვარელი, დახატული სერბერნარი,
მშვენიერი დრუნჩ-პირით და ღონიერი თათებით,
ძაღლი კია, მაგრამ მაინც არის რაღაც-სხვანაირი,
სხვანაირად საზრიანი, სხვანაირად გამგები.

სიმბა ადრე თავის პირველ პატრონს მიუტოვებია...
რა ძნელია ეს ღალატი ძაღლისთვის (გინდ კაცისთვის)!
სიმბას ისე ნაღვლიანი, მრავლისმთქმელი თვალები აქვს,
რომ მიცქერის, თითქოს რაღაც დანაშაულს განვიცდი.

სიმბა დინჯი, ფიქრიანი, გულწრფელი და ერთგულია,
(კაცს ვინა ჰყავს ძაღლისთანა მეგობარი მარადი?)
თან საბრალოდ ჭკვიანია, თან უჭკუოდ კეთილია, -
თითქოს ადამიანია, უიმედოდ ნანატრი.

2011


*
ძუნწად - სიკეთის მთოველი,
უხვად - ჭირის და სახადის, -
განვლიე წუთისოფელი,
გარდამხდა გარდასახადი.

მესიზმრებიან წასულნი, -
იწყება დიდი აღმართი:
მიდის - ლამაზი და ცრუი,
მოდის - ნაღდი და მარადი.

2002







ტკივილების
ყვავილები



ჯერ შორია

შემოდგომის ფოთოლს
ვემგვანები ოდეს
და ბებერი მთვარე
შეეხება თმას,
იმ კაცივით, ეზოს
რომ უკეთებს ღობეს,
შევიჭმუხნი შუბლს და
გავიმკაცრებ ხმას.

იმ კაცივით, აგერ
დაცინვით რომ უმზერს
მეოცნებე ყმაწვილს,
მეოცნებე თვალს,
მეც გავხდები ალბათ
ეჭვიანი კაცი,
მეც დავცინებ ალბათ
ოცნებებით მთვრალს...

ჯერ კი ასე თბილი
მზე დაჰნათის მთა-ველს!
ჯერ შორია ის დრო...
ჯერ შევხარი მას -
ჩემს გაზაფხულს -
ალალ ოცნებათა მთოველს,
ჩემს გაზაფხულს -
ზღაპრის კარიბჭესთან მდგარს.

1962




*
ქრის გარეთ ქარი...
მე შენზე ფიქრი მეწვია უცებ, -

ხან ტირის ქარი,
ხან მღერის ქარი,

შენ - რომელს უსმენ?

1963



*
ექიმო, მოდი, სხვა რამ ახსენი,
ჭეშმარიტების განაღე ბჭენი, -
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი!

მიმქრალ იმედთა გასინჯე პულსი,
ფიქრების წნევით უწყალოდ ჩქარი, -
რას ეძებ სისხლში, რას ნახავ კუნთში,
რას მიგახვედრებს ძარღვების ჩქამი!

სხვა უჩინარი სიმი შესძარი,
სხვა იდუმალი განაღე ბჭენი,
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი.

1968





*
დიდო ნაღველო -
სპარსო, მონღოლო,

სევდავ მზარავო -
თურქო, არაბო,

რას გიშავებდათ მიწა მტკაველა,
ეჩუქურთმა და ერუსთაველა,

ეგალობა და ეჭირნახულა,
ვაზი ეფურჩქნა ოქრომტევნება...

მაინც არ სძულხართ...
მაინც არ სძულხართ...
ღვთაებრივია მტრის მიტევება.

1968


*
სხვა არის ჩემი ნა და ჩაღანი,
სხვა - ამ ცხოვრების ავან-ჩავანი.

მწუხარე ფიქრი თითქოს ქვევრია
და მაჭარივით მასში ვღვინდები.
არა, სხვა ყოფა არ მიწერია,
ვერა, სხვა განძით ვერ გავმდიდრდები.

1969


*
სდუმან ხენი, უძრავნი და მოწყენილნი,
დღე დამწიფდა, ცა შედედდა, ათაკარდა.
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი.
რამოდენი სურვილები გარდაქარდა.
რამოდენმა იმედებმა გამაწბილა.
რამოდენმა ოცნებებმა გაიარეს...
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი
და ვიშუშებ გაზაფხულის ნაიარევს.

1970


თევდორე

1

ბერის ბაგეს გმინვა მოსწყდა,
მკერდზე შეტორტმანდა ჯვარი;
ხილვას - გუნდსა ანგელოსთა,
შეენაცვლა თათრის ჯარი.

“მეფეზედა წარგვიძეღო”, -
ხორცი დასწვა ლახტის ცემამ.
წამს იაზრა -
თათრებს ქედი
მოუდრიკა თევდორემან.

ბებერ მკერდქვეშ,
ქრისტეს ჯვართან,
ქრისტეს ტკბილი გული ძგერდა!
- წარვუძღვები, ხამს ვითარცა
მტერს წარვუძღვე მეფეზედა...

დე, ამკუწონ მტარვალებმა,
მტრებია და
არა ვრისხავ...
ო, სხეულის მწუხარებავ,
თვალში ბინდად არა ღირს ხარ!..

2

წმინდა ბერო, მტარვალთ გზები აუბნიე,
და გგონია, შენი მეფე დახსნილია!
არა, ბერო, გზა ვერც მეფეს გაუგნია
და შველამდე უსასრულო მანძილია.

შეცდომები განუსჯელად მეორდება -
მეფეს განსჯა ჭრილობებში გაბრჯენია!
ქართველია მეფე, თანაც მოკვდავია,
ეს კი დიდი, იდუმალი სასჯელია...

შეცდომები სწავლა არის, წურთნა არის,
აქ კი, ბერო, ტანჯვაა და სამარეა.
აქ სხვა არის სულ უბრალო ცოდო-ბრალიც, -
მეფეს, ბერო, საქართველო აბარია…

წმინდა ბერო, მტარვალთ გზები აუბნიე,
და გგონია, შენი მეფე დახსნილია!
არა, ბერო, გზა ვერც მეფეს გაუგნია
და შველამდე უსასრულო მანძილია...

1972

უხმოდ ნატირალი

ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო, -
თვალს არ მაცილებს მტერი ხშირიო,
ცრემლიც არ მამხელს, -
გაშრა ცრემლიო,
მინდა გიშველო, - ვერას გშველიო,
მინდა მძლავრობდე, - არ მაქვს ძალაო...
ვამე, ბევრი გყავს ჩემისთანაო...
ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო.

1973




შემოდგომის დღე

ფოთოლი ტოტზე დატორტმანებს,
თავს ვერ იკავებს,
მოსწყდება,
მიწა მიიზიდავს, მკერდში ჩაიკრავს...

შემოვალ შინ და
დავეყრდნობი მუშტებს ნიკაპით
შენზე საფიქრად.

1973


*
შენი ჯიუტი იმედი კვებავს
ჩემს კარგ რწმენას,
გულმოცახცახეს.
ხანდახან ხდება -
დამიფრთხება რწმენა შველივით...
შენი იმედი მომაშველე,
შენი იმედი გადამადე
მხარზე ხელივით.

1973



*
ცივს, ნაღვლიან ნიავს,
ნიავს შემოდგომის,
ცად ფოთოლი მიაქვს.
ცით ფანტელი მოდის.…
ის სიმშვიდეს მოჰფენს
ჩვენს წუხილს და წრიალს...
ცით ფანტელი მოდის,
ცას ფოთოლი მიაქვს.

1973




*
არა სიმართლე,
არა სიცრუე,
არა სიბრძნე და
არა სიშლეგე, -
უსაგნოდ თქმული მგონია ფრაზა:
“არარაობა არის ყოველი.”

ო, რა სწორია,
როდესაც იგი
შეყვარებულის ბაგეებს წყდება!

1973


*
მე მიმატოვა ჩემმა სატრფომ,
სხვაგან წევს ახლა.
მე მუხის მძიმე კუბოში ვწევარ.

არ სურდა მიწას ჩემი მიღება,
როგორც ჯიუტ ბავშვს მსუყე ფაფის,
მაგრამ კაცებმა რკინის ნიჩბებით
გაუხსნეს ყბები და მოუკუმეს.

სიბრძნით და სიმხნით სავსე სხეული
თანდათან მიწად გადამექცა,
ჯერ კი არცერთი ბალახის თესლი
არ დამცემია.

1973




*
თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებით მორწყულა ყანა, -
დამწიფებულა პური არსობის.

თვალთ რომ შემაშრა,
ის ცრემლები ქცეულა წლებად,
დამცხრალა და გაცივებულა.

თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებმა
მზის ფერადები გაიყოლია.

1974


*
რა შეუმჩნევლად ღამდები, ღამევ!
რა შეუმჩნევლად გეღება ბჭენი!
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.

ღელეებივით მიერთდებიან
ფიქრები, ჩემი მდიდარი ხვედრი.
გამორიყული იმედებია,
განა თმებია, - ღერები თეთრი.

დღეები კვდება და სულის გლოვას
ხავსივით ღრღნიან ფიქრები მშვიდი.
და ვეგუები იმედთა ქრობას
და მავიწყდება რაღაცა დიდი...

და მეუფლება რაღაც ახალი,
ყოვლისმომცველი, გრილი და ჩუმი...
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.

1974




თამარი

ჩრდილოეთიდან
მეფე თამარს მოჰგვარეს ქმარი.
ბრძანა მეფემან:
- ვით ეგების, კაცნო, ეგ საქმე?
არა ვიცით რა მისნი ზნენი,
უცხოა გვარით...

არა უსმინეს...
ზღაპარს ჰგავდა სამეფო კარი.
იყო ქორწილი.
“შენ ხარ ვენახს” გალობდა ჯარი...

მერე სასტიკმან დრომან დროსა
ჩამოჰკრა კვესად,
და ნაპერწკლებმა გაანათა
სურვილნი ქმრისა...

და იყო კვალად
მეფე თამარ
ქველი და წყნარი:
ვითარცა მტვერი,
ჩრდილოელი განაგდო ქმარი.

1974


*
ყოველ ნეტარებას დრო ჰკლავს,
ყოველ მწუხარებას დრო შველის...
მიკვირს.
ვაკვირდები.
ვბორგავ.
და მერე - ყველაფერს ვეჩვევი.

ნუთუ ვერ გავხდები ვერას!
ნუთუ სხვა საშველი არ არის!..

ფაფარი უბიბინებს მერანს,
მისჩხავის შეჩვევა საზარი.

1975


*
ვიხილე, ვიცანი:
ვარდი არ, - ეკლები ჩანდა...
და სულში სიცივე,
და გულში ნაღველი ჩადგა.

რამდენი ლამაზი ოცნება ოცნებად რჩება...
რამდენი ყვავილი
მოთიბულ თივაში ჭკნება...

1975


*
ატირდა ბავშვი, -
პატარა წყენამ აატირა...
მე წავედი და
ამ პატარა ლექსში ავტირდი.
არც-ვინ ჩანდა, ნუგეში ეცა.

1975


*
გულის დაწყვეტა რა ბედენაა,
როს საშველი არ არის არსით!..

შენს თავში თუღა ჩაღრმავდები,
რომ იქ იობის მოთმინებით
საკუთარი სხივი ეძიო.

1976

*
ის ნებიერი ბედნიერება!..

არავინ უწყის -
რა გზით დადის,
რა ზრახვა აქვს, რა ადათ-წესი,
რომელ აკვანთან დაყოვნდება,
ვის სხეულში ჩაიძირება...

უწყალოა მისი კომპასი.
დადის,
გულებში ტკივილების ყვავილებს თესავს.

1976


*
კარგი დღე იყო!
მეგობრებთან გავისეირნე.
მერე - დავლიეთ...

როგორც ჯამბაზი
ბაგირზე მოარული,
ისე დაოსტატდა ჩემი სიხარული.

1977


*
ეს დღეც, უკვალო დღეც, წარსულს მიანებე,
ზიხარ ფანჯარასთან სევდამოწოლილი.
შენი სიმარტოვის უკან იმალება
ტანი ელვასავით, თვალი კოცონივით.

მერე ოცნებები ძილში შეგატოკებს,
როცა ღამე მოვა სიზმრით დანაღმული.
ო, რა მძიმე არის შენი სიმარტოვე,
ჩემი სევდიანი თვალით დანახული.

1977


*
იყო დრო - ჩემი რწმენის ზეცაზე
ერთი პატარა,
ერთი საჩემო ვარსკვლავი ენთო.

მერე ნელ-ნელა და შეუმჩნევლად
ის გადაიქცა იჭვად და განსჯად
და იმედები შემაშრა თვალზე.

შემშრალ თვალებში მისი მიმცხრალი
და საბოლოო სხივებიც ჩაქრა
და მე სიცოცხლის გარდუვალობამ
შემაკრთო უცებ.

ზამთრის ქარივით ავობს ნაღველი
და მოპრიალე ბნელი ფანჯრიდან
ბალანაშლილი მგლის თვალებით
მიცქერის ღამე.

1977




*
გულს მიწყლავს სევდა...… და რომ გაგანდო,
თბილი და წრფელი მადლით ამავსებ.
არც დაიძინებ,
მე რომ სიზმრები გამილამაზდეს.

მაგრამ შენს სულში ატირებული
ჩემზე ნაღველი არ მომასვენებს...…
და არ გაგანდობ;
რა გაეწყობა - დამრჩეს ასევე.

მაგრამ თუ ვცდები... და გულგრილობით
და უგულობით თუ გამაოცებ,
შენზე კი არა,
გული დამწყდება მთელ სამყაროზე.

და ვიგრძნობ
მეც იმ ამაოებას,
დასაბამითგან რითაც იწვოდნენ...

მაშ, არა ჩემს დარდს, -
ხელი ჩემს ლხენას გამოუწოდე.

1978…



ქეიფი,
მოწყენილი ქალი

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...

ბოლომდე იჯდა.

1978




*
ვზივარ მინდორში, ჩრდილში ვისვენებ.
გრილ ბალახში მომცრო მწერები მიდი-მოდიან.
სადღაც ჩიტი სტვენს ხანგამოშვებით.
ლურჯი ზეცა დასცქერის მიწას.

ხედავ,
სამყარო რა უძიროა?
რას უნდა გასწვდეს საცოდავი ადამიანი?
ჩვენ ყველაფერი ცოტ-ცოტა ვიცით.

ჰაერის ნაცვლად
იქნებ ცოდნის ნაფლეთებს ვსუნთქავთ?
იქნებ ძარღვებშიც
იმ ნაფლეთების თრომბი გვაწამებს?
მუდამ რომ ვდაობთ,
იქნებ ერთმანეთს
იმ ნაფლეთებს ვაყრით თვალებში?
ჭეშმარიტებას,
ვინ უწყის, იქნებ
იმ ნაფლეთების გორები ჰფარავს?

ვზივარ მინდორში. ჩრდილში ვისვენებ.
გრილ ბალახში მომცრო მწერები მიდი-მოდიან.
სადღაც ჩიტი სტვენს ხანგამოშვებით.

1978



*
როგორც ნაძვის ხე
საახალწლო ფერად ბურთებით, -
დახუნძლული ხარ
ულამაზესი მოგონებებით.

ზოგჯერ კი,
ზოგჯერ
უცნაური ნატვრაც გეწვევა,
როგორც ცოცხალი ჩიტის ჭიკჭიკი.

1978




*
ვერ მოვიხელთე,
ვერ ავხსენი -
რას ნიშნავს სევდა,
ხანდისხან გულში
აღდგომის ბატკნის ტკივილივით
წამიერად აყვავებული.

1978




უკანასკნელი სიტყვა ურმულს

განწირული ხარ,
როგორც ყვავილი,
შორი მინდვრიდან გადმორგული
რკინის ქოთანში.

იქ, -
ლურჯი მინდვრის სიმარტოვეში,
მიინავლა შენი ზეიმი.

აქ -
გელოდება ურჩხულის ხახა..

1978




იავნანა რა იქნა?

იავნანა რა იქნა?
აღარ ჰყვავის იგი აკვანთან.

იავნანა რა იქნა?
გაუტაცნიათ უცნობ ქვეყანაში.

იავნანა რა იქნა?
დარდით თვალები ამოღამებია.

1978-98


*
ახალი წყობა - მარტოობა -
დამყარდა ქვეყნად,
ფოთოლს ფოთლის ზარავს შეხება,
კენტ-კენტად ჰფრენენ ფრინველები,
ყველა თავისთვის ჩაკეტილა,
ყვე;ლა ჩაფლულა
გულგრილობის და უსახურობის
სავარძლებში...

მეც მარტო ვარ.
ვიყურები მღვრიე ფანჯრიდან.

1978



ფრაგმენტი

თვალი მოვკარი:
ულამაზესი ჭაბუკის წინ
შეუხედავი იდგა ასული
და ჭაბუკს - ერთხელ მაკოცეო, -
ევედრებოდა.

მე ჩავიარე,
და არ ვიცი,
რა მოხდა შემდეგ.

1979


წვიმა

წვიმამ დასცხო მოულოდნელად,
ქუჩა სწრაფად დაიცალა,
სიმშრალეში უცხო ხალხი
ერთურთს მჭიდროდ ავეკარით.
წვიმამ თითქოს რაღაც ცუდი
და უგვანი ჩამოგვრეცხა,
და ყურები სათითაოდ
აგვიწია.

1980



დამთმე, სევდავ

ზოგჯერ სევდით მოვიწყვლები:
თუმც საამო იყო როდი -
მაინც მიყვარს ყრმობის წლები,
როს ოცნების მეპყრა ტოტი,
როს ოცნების მეპყრა ტოტი
და იმ ტოტზე ჩიტი სტვენდა!..
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

გაჰქრა ის დრო...
არსობისა პურის ძებნამ შუბლი დახნა,
იმედები გაიცრიცა
და ოცნების ტოტი გახმა.
უმოწყალოდ დაითოფა,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

აწ სხვას მივსდევ გზას და შარას,
აწ ცოცხალ ვარ სულ სხვა ძალით.
აწ ეჭვების ჟანგი ჰფარავს,
ჭეშმარიტი თუ რამ ვსცანი.
აწ ხსოვნაშიც ინისლება,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.

1981




*
ეს სოფელი სამსალაა,
ფუჭი გაგორება ნარდის...
სული, სული დაიღალა
ზიდვით უბოლოო ნატვრის.

ზოგს წინ ბედი წაემძღვარა,
ზოგი დაისეტყვა ავდრით...
გული, გული გაიბზარა
მუდამ კამათელის ნატვრით.

ზოგმა ყოვლი მოათავა, -
შესვა სასუმელი ნაღვლის...
ჟამმა, ჟამმა მოატანა
ხილვის შეუწველი მაყვლის.

ვინ იხილავს? ვინ დაიხსნის
სოფელს? გზაარეულ ნახირს?..
სული, სული დაიღალა,
ძილი მეუფლება დაღლილს.

1982



ვაჟა-ფშაველას ნიღბები

შეუწუხებიათ მისი ნეშტი -
სახიდან ნიღაბი აუღიათ.

მისი სიცოცხლეც შეუწუხებიათ
მის ლექსებს, -
ნიღბები აუღიათ.

1982



*
აჰა, დაღამდა, ისევ დაღამდა.
ერთი ბნელი დღეც ისევ გავიდა.
ისევ დილა და
ისევ დაღლა და
ისევ ძილი და
ისევ თავიდან...

ისევ მოსაწყენ გზებზე ხეტება...
ისევ სიზმრებში გასეირნება...
ასე ღამდება, ასე თენდება,
წუთისოფელი ასე ილევა.

1983




*
შევეგუები შენს დაკარგვას.
შეგუება
ჩემი ძველი მეგობარია.
ჩემს ბილიკზე
ისევ იგი მოჩხრიკავს ეკლებს,
ჩემს სარკმელზე
ისევ იგი დააკაკუნებს.

1983

*
ვ-ს

რა გვემართება?.. რა მოსდის გრძნობას,
რომელიც გულში ჩქროლავდა დიდხანს?..
რა ეშველება იმ ლამაზ ნდობას?..
ვინ უპასუხებს მირიად კითხვას?..

რა გაამართლებს უცნაურ ტანჯვას,
უნებურ ბორგვას - გონების მბინდავს?..
შენ ასამარებ შებღალულ განსჯას,
რამეთუ - ოდენ ლოცვაა წმინდა.

1983



სიზმარი (დასაწყისი)

ერთხელ, როდესაც სამსალანასვამს
ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა,
სიზმრის უძირო ქაოსიდან
ამოიზარდა მახინჯი და ავხორცი ქალი,
შემდეგ მოირთო ულამაზესი სამკაულებით
და მშვენიერი ჭაბუკის გვერდით
საქორწინო სარეცელზე
განცხრომით დაწვა.

1983




ფიროსმანი

როცა მოძღვრავდნენ,
არიგებდნენ,
საყვედურობდნენ:
საქმეს სწეოდა,
ეხეირა,
ეთხოვა ცოლი...
მამაპაპური მოეხადა იმასაც ვალი, -

იგი, ალბათ, უმწეოდ დუმდა.

1984


*
წვრილმანთა ღობე-ყორეში
ვხეტიალობდით ნიადაგ.
მოყვრებად შევიყარენით,
მტრებად დავშორდით ბოლოს...
და ამარიდა თვალები
და უბრად წინ ჩამიარა...
კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?

ვაი, რა ბევრნი ვშორდებით
და რა ცოტანი ვერთდებით...
იმგვარად განვიკითხებით,
თვით განვიკითხავთ როგორც...
წვრილმანთა ღობე-ყორეში
რა უგზოდ დავეხეტებით...
...კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?

1984



*
დავალ, დავბზუი, როგორც ფუტკარი...
ჭეშმარიტების ფიჭა სად არი?..
ვაი, რამდენჯერ დავრჩი გულმკვდარი...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

სამი-ოთხია - ყველა განძია,
ყველა ნაღდია, ყველა გამტანი.
ერთს - სხვა ფიქრი აქვს...
ერთს - სხვა აზრი აქვს...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

ნუთუ წყვდიადი ასე მწარეა,
ნუთუ არია ყველას გზა-კვალი!..
მერე როგორი კარგნი არიან!..
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?

1984


*
ქვეყნის დათმობა არ მენანება, -
ქვეყანა ცოდვის ზღვაა...
მაგრამ - როს კვდება აღფრთოვანება,
ის მწუხარება სხვაა...

ის მწუხარებაც მალე გაქრება,
ჟამიც ბევრ რამეს ჩანთქავს,
მაგრამ - რა წაშლის იმ გაოგნებას,
უცებ თვალებში ჩამდგარს...

მაგრამ მაინც ხომ მადლით ავსილი
თავზე დაგვნათის ზეცა...

მაშ, მოდი შევსვათ! -
დამრჩენ-წამსვლელის
ერთად ყოფნისა შევსვათ!

1985



ხუმრობა ჯონის
საყვარელ თემაზე

(მეგობრული შეხუმრება
ასტროლოგ ჯონის)

საქართველოში 400 ათასი შინაბერაა.
ცხადია, საქმე კარგად ვერაა.
რატომ არ თხოვდებიან, ვის ელიან?
(უმეტესობა მათ შორის თბილისელია).
ასე თუ გაგრძელდა,
გაუთხოვარი კიდევ ბევრი დარჩება.
ყველა ელოდება წარმოსადეგ,
სიმპატიურ მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!
ეჰ, ქალის ჭკუა!
ტვინის ნაცვლად თავში აქვთ თოვლის გუნდა!
განა ფიქრობენ, რომ ერს გამრავლება უნდა!
მალე თბილისი სომხებს დარჩება,
ესენი კი ელიან მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!

400 ათასი შინაბერა!
ვერ არის საქმე კარგად, ვერა!
ვინ შეამცირებს ამ ასტრონომიულ ციფრს?
ვის ელოდებიან, ვის?
ვინ არის წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება?..

ვარსკვლავებსო?..

უი! უი! დამიდგეს თვალები!
მივხვდი, მგონი!
რა თქმა უნდა - ჯონი!

1986



*
აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით,
თუ ღმერთს სურდა, ჩემი წილი
დამყვებოდა ფრთები ალბათ.

აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით, -
ბევრსა ჰფრენენ, მაგრამ მაინც
ვერ სწყდებიან ცოდვილ მიწას.

იმათ ვუცქერ ახლა შურით,
ვინც შლეგია, ვინც ბრძენია,
ვინც უცქერის ჩიტებს შურით.

1986




*
(სიზმარში ნანახი ლექსი)

ის რაში, რაზეც იჯდა,
მის წინ გაქროლდა,
მისი ქორი გამწყერდა,
წიწილა - გაქორდა.

ცხოვრება გაუსიზმრდა,
სიზმარი განუსხლტა,
მისი ლომი გაცხვარდა,
ცხვარი - განურისხდა.

და ზარმან იგუგუნა
და გზამან იგანა,
ორმოცდაათი წელი ზიდა
და ვეღარ ზიდა მან...

1986




უფლის საქმეა დანარჩენი

კაცისმკვლელებო!
სულერთია - სულით თუ ხორცით! -
უწყოდეთ:
ახლოვდება სამსჯავრო საშინელი!
ვერ შეინანებთ
ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით, -
საქმით შეინანეთ! საქმით შეინანეთ! -
გეზრახვით დაჟინებით.

დასთმეთ ჩინ-მედლები,
კაცისმკვლელობისთვის უხვად ბოძებული,
კაცისმკვლელობისთვის,
სულერთია - სულით თუ ხორცით!
დასთმეთ კაბინეტები,
გაკრიალებულები, მაგრამ თქვენით ბინძურები, -
საქმით შეინანეთ,
არა ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით.

საქმით შეინანეთ:
სწმინდეთ ტუალეტები საზოგადოებრივი,
საწყალ ქოხმახებში გასცვალეთ
თქვენი “დვარეცები”...
იქნებ განიწმინდოთ,
იქნებ გაგეხსნათ თქვენც რამ ღვთაებრივი!
იქნებ მოგეტევოთ
საქმენი თქვენი გარეწრული.

საქმით შეინანეთ:
თქვენგან გათელილთა დაეცით ფერხთა წინ
და მათი ფერხთამტვერი
ალოკეთ, ვითარცა წამალი გადამრჩენი...
იქნებ მოგეტევოთ -
საქმით შენანების იარეთ მწარე გზით!
თქვენ თქვენი ეცადეთ და -
უფლის საქმეა დანარჩენი.

1986





სინანული

ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას

ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

ისიც არ გვწყალობს -
ღვთივ-სასურველი სინანული...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

უმწეო არის ისიც - კურცხალი,
ვერც ცას სწვდება,
ვერც მალამოდ ედება ფესვებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.

1991



*
არა, ხსნის გზა არ არის სხვა,
არც აგვცდება ზეცის რისხვა,
თუ ისევ არ დავაქციეთ
სინანულის ცრემლების ზღვა.

თუ ყურთ არ შევუშვით ძის ხმა,
თუ არ დავთმეთ შურის მიზღვა,
და თუ ისევ გადაგვძალა
სიყვარულის ნაცვლად ზიზღმა.

1992



ქება უიმედობას

უიმედობის ყვავილებო,
ფიქრში ღივდება თქვენი თესლი,
დიდხანსაც ჰყვავით დაუჭკნობლად.

მე ვთვრები თქვენი სურნელებით,
როცა უღმერთოდ ვიხლართები
სადმე, იმედთა ეკალ-ბარდში.

1992


საქართველოვ*

საქართველოვ, კერა შენი
ჩაუმქრალი კანდელია,
ხიბლით ბრწყინავ იდუმალით დღესაც;
სვე შენი და ბედი შენი
მძიმეა და ნათელია, -
საქართველოვ, ბედს მიჰყევი შენსას!

ქედუხრელი მოდგმა შენი
უკვდავ განძთა მფლობელია,
ერსა შენსა მაცხოვარი მწყემსავს;
მზე შენი და ზეცა შენი
ოქროს შუქთა მთოველია, -
საქართველოვ, მზეს მიჰყევი შენსას!

კურთხეულ არს მიწა შენი,
კურთხეულ არს ენა შენი,
ცა სწყალობდეს ყანის შენის მთესვარს;
ღმერთსა შენსა მიენდე და
უგალობე წმინდა რწმენით, -
საქართველოვ, ღმერთს მიჰყევი შენსას!

1996

----
* (დაწერილია საქართველოს ჰიმნის კონკურსისათვის)





მიჯნური შენი -
ჭეშმარიტება


*
გული თქვი, თორემ
ტირილი ნერვებს აწყნარებს მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
ტკივილი ვნებას აცხარებს მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
დარდების შუბლზე კვალია მხოლოდ.

გული თქვი, თორემ
რა არის ცრემლი? - წყალია მხოლოდ.

1962


*
ხელჯოხით, ნელა მიმოდის ბაღში
მოხუცი კაცი, თეთრი თმაწვერით,
დაჯდება, ახალ გაზეთებს გაშლის,
წაიკითხავს და ქუჩას გასცქერის.

გასცქერის ხალხით გავსებულ ქუჩას,
თვალები უკრთის დამჭკნარ სახეზე,
და თითქოს მასში სათქმელიც უჩანს:
ვაი, სიბერევ, შე მგლის საკერძევ!

1962


*
როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.
სიტკბო იყო, სიტკბო იყო დიდი,
ეჭვი იყო, ეჭვი იყო ცოტა...

თუ რამ გვინდა, სამუდამოდ გვინდა.
სამუდამოდ... სამუდამოდ... ჰოდა -
როცა წვიმდა, სულ საამოდ წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად თოვდა.

1966



*
მე გაოცებით შევყურებ ამ ხეს,
დედამიწის გულზე ამოზრდილს.

შენი ნაჯახი მე არ მაოცებს.

1972



*
ხეო, შენი სიმწვანე შემაშურე,
მზის და მიწის მადლით შენი დანაყრება,
შენი გაფრენილი ფოთლები შემაშურე,
შენი მარადიული განახლება,
შენი ბუდეები შემაშურე,
შენი ფესვების გაღვიძება,
შენი სიკვდილი შემაშურე,
შენი საამური დანაკვერცხლება.

1973


*
დაჰკლეს ქათამი,
ახალწლის სუფრას
მისი ძვლებიც რომ არ ჰკლებოდა.

მზრუნველობა და სიყვარული
არ მოჰკლებია მოაქჟამამდე,
და თავწაწყვეტილს
თვისი სისხლი რომც დაენახა,
არ ირწმუნებდა არასდიდებით...

და მშვიდად იდო იგი ტაფაზე...

ხოლო გარეთ კი
მისი სისხლი ისე მოსჩანდა,
გამოსდენოდა თითქოსდა მიწას.

თოვლის მახინჯმა ფანტელებმა დაჰფარეს ისიც.

1974



*
ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება,
მუდამ უბრალოდ შემოსილი,
თან სასაცილოდ აგდებული
ნაირ-ნაირი სამოსელით მოკაზმულთაგან,
დადის მარტოკა
და დაეძებს თვის მსგავს მარტოსულს,
ხან სასახლეში,
ხან ბნელ სენაკში შეეხეტება...

მაგრამ ვერსად პოულობს სადგურს.

1974


ხენეში ეჭვი

“ყოველმან ხემან, რომელმან
არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოე-
კუეთოს და ცეცხლსა დაედვას”.

გიზგიზებს ცეცხლი -
იმ ხისათვის,
ხენეშ ნაყოფს ისხამს რომელიც.

მაგრამ ხენეშ თვალს
კეთილი ხე უჩანს ხენეშად...

უფალი განსჯის!..

მაგრამ მის ხილვას
ხენეში ეჭვის გვიშლის ღრუბელი...

1974



*
“ფართო არს გზაი,
რომელს მიჰყავს წარსაწყმედელად”.

სხვაა - ბილიკი ეკლიანი!..

შემინდე, ღმერთო:
ზოგჯერ მგონია,
რომ ეკლები სულსაც კაწრავენ.

1974


*
ბევრი რამ იყო გაუგებარი...

დიოდა ჩემი ფიქრების ნისლი
იმედების და სურვილების ღობე-ყორეში...

ბევრი რამ იყო გაუგებარი!

ახლა კი, როცა დამეძენძა ხორცი და სული,
ახლა კი, როცა საფლავიღა დავტოვე ქვეყნად,
ახლა კი, როცა ბალახებმა წარხოცეს ისიც,

ყველაფერი გასაგებია.

1974



*
მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
ჩვენთვის სხვაგვარად ბრუნავს სამყარო.

მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
ჩვენთვის,
ვით ძველად,
მზე ჯერ “ამოდის”, მერე კი “ჩადის”.

მეცნიერები ნუ გვიწყენენ და -
სხვა თეორია სულ ამაოა.

1975



*
ოდეს იხილავ ალისფერ სახეს,
დროსტარებით გაცისკროვნებულს,
ნუ ეტყვი იმას, ნუ მოასმენ
გურამიშვილის მწარე მოთქმას:
“სულ ბნელია, რასაც ელავსო”.
ნუ ეტყვი, თორემ -
მაგ ერთადერთ შენს სიმდიდრესაც
წაგართმევას ალბათ,
და ცხოვრებას თვისას ალისფერს
შეამკობს იმით,
როგორც სატრფოს
ბრილიანტის საყურეებით.

1975




ინტელექტუალური კომედია

რასაც ერთ დროს უსიტყვოდ ვგრძნობდით,
იმდენი სიტყვით განმარტეს და ჩააწიკწიკეს,
ვეღარა ვგრძნობთ უკვე უსიტყვოდ,
და,
მგონი,
უკვე ვეღარცა სიტყვით.

1976



*
მას სურს
ძვირფასი განიძარცვო სამოსელი,
დახიო და ფეხით გათელო,
თვალ-მარგალიტი დააპნიო,
დაათხიო მსუყე ჭამადი...

სასტიკი არის მიჯნური შენი -
ჭეშმარიტება.

1977


*
(ხალხურისებური)

სოფელი იდუმალია,
ვერ შეგვიცვნია ცქერითა,
ვერცა გავმძღარვართ სიცოცხლით,
ტიალის გულის ძგერითა,
არც-რო გვარგია, ერთმანეთს
მაშინაც ვკოდავთ ენითა...
ვაითუ სოფელს ვამშვენებთ
ერთმანეთისა წყენითა...

1978



*
აი, ამ ფართო, ლამაზ ქუჩაზე,
სად თავისუფლად ეტევა ყველა,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები,
მიდი-მოდიან გოგო-ბიჭები
და ერთმანეთს უმზერენ იჭვით.

1978




*
ეს ბალახები,
ეს ჩიტები,
ეს ვარსკვლავები,
გაკვირვებულნი
ალბათ რაღაცას გვანიშნებენ...

დაგვიჟანგდა შეგრძნების ნიჭი,
უმოქმედოდ ვითარცა ხრმალი.

1978


*
რამდენ დანაკარგს,
რამდენ ტკივილს და მწუხარებას
იტევ შენ,
გამოცდილებავ!

არც ერთ მემკვიდრეს არ არგიხარ,
არც ერთ ანდერძში არა ზიხარ,
დაჰყვები ყველას
საკუთარი თეთრი ძვლებივით.

1980




*
რაა ამქვეყნად საკვირველი?
მზისქვეშეთი
უთვალავი ფერით მოცულა...

დაილოცოს განგების ძალა!

მაგრამ მაინც, -

უძლურია როცა სიკეთე,
ვის სცდის უფალი?

1980


*
რახან პრობლემაა კაი ოდა-ფაცხა...
კაი დიბა-ფარჩა... კაი სასუსნავი...
როგორ დაგვამონა ხორცისათვის გარჯამ!
როგორ დავივიწყეთ სულის საზრუნავი!

ნუთუ მონად-მყოფნი წავალთ იმქვეყანას,
გულგვამს გვიტრიალებს ბოღმა დასანთხევი...
გვრჩება ნარ-ეკალით დაცოფილი ყანა,
მწიფე მოსავალი გვრჩება ასაღები.

1981




სხვა საწყაულით

ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ქვეყნის სიკეთის სჯეროდა რადგან.

ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ფეხი ვერავინ აუწყო რადგან.

ნუ განიკითხავთ.
რაითა არა განიკითხნეთ და
არცა მოგეწყოთ სხვა საწყაულით.

1980



*
ვცოცხლობთ რისთვისაც,
რა არის იგი?

იგი არა ჩანს,
მაგრამ იგრძნობა,
ვითარცა ლექსში გამორჩენილი
ერთი სტრიქონი.

1981





ქება ბავშვის თვალებს

არ დაეჯერება მხცოვანს:
გამოცდილებით შემცდარია,
იმ წყეული გამოცდილებით.

ის ურევს გზა-კვალს.
ფარდასავით წინ ეფარება.
მზერას უხშობს თანდათანობით.

არ დაეჯერება მხცოვანს:
აღარა აქვს ბავშვის თვალები.

1981



მუსიკა...… მუსიკა...

როკავს მუსიკა, -
გაშიშვლებული საყვარელი...
ის
პირველივე ნაოჭის შემდეგ
ადგილს უთმობს ახალ საყვარელს...

ხოლო ამქვეყნად ისევ არიან
ერთგული ცოლები და ერთგული ქმრები,
ერთგული შეყვარებულებიც,
რომლებიც ყაყაჩოსავით ჰყვავიან და
თოვლივით თეთრდებიან.

1981



*
ბრწყინავს ალმასი, ბროლი...
ნამი ციმციმებს დილის...
მაგრამ -
გონჯდება ყოვლი,
ოდეს სიკეთე სტირის.

ვსასოობთ ნათელს ულევს...
გვრწამსცა ნათლისაც მცირის...
მაგრამ -
ურჩდება გული,
ოდეს სიკეთე სტირის.

გვჯერა, გვეგულვის, ვხედავთ...
გვმოსავს, გვიფარავს, გვივლის...
მაგრამ -
რადა გვცდის ნეტავ,
ოდეს სიკეთე სტირის?

1982


ძველებური დარდიანი

ეს ცხოვრება სიზმარია,
გინდ გვეძინოს, გინდ არა.
გულში მუდამ სიმწარეა,
გინდ ვილხინოთ, გინდ არა.

ბედმა ზურგი შეგვაქცია,
დრომ ფუჭად ჩაიარა,
ხელში არაფერი დაგვრჩა,
სულში - დაგვრჩა იარა.

გაუსაძლისს რომ გავუძლოთ,
ღვინო ვსვათ, ჩაი - არა,
გვათრობს, მაგრამ დარდებს ვერ ჰკლავს,
რის ღვინო, - ჩაია რა!

მაშ, დავლიოთ, - სულ ერთია,
გინდ დავლიოთ, გინდ არა.
წინ რომ გველის - სულეთია,
გინდ ვერიდოთ, გინდ არა.

1982




*
კი!
წინ წავიდა პოეზია! -

ბედის სამზღვარის გარდასალახად
დღეს შეგვიძლია
მფრინავი თეფში გამოვიყენოთ.

1984



ქება კაცის გულს

ისე რთულია
კაცის გული,
არ გაემტყუნება ძაღლს
იმ სასაცილო ერთგულებისთვის.

1984



*
სულ ასე გვჯერა:
ბოლოს და ბოლოს
მოეკითხება ბოროტი ბოროტს.

ვცდებით,
თუ მწარედ დაგვცინის ბედი? -
ყოვლი სიავე ატყდება კეთილს.

არის კი სხვარიგ შესაძლებელი?
ამაოდ წვალობს ამის მჩხრეკელი.

1984



აუნაზღაურებელი დანაკლისი

დირექტორები,
მღარავები,
კონსტრუქტორები,
იურისტები,
მკერავები...
სხვანი და სხვანი...
ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ გარდაიცვალა
დ რ ო
დილის 9 საათიდან
საღამოს 18 საათამდე.

1984



*
აჰა, ინებეთ!

ჭეშმარიტების შედგენილობა
ასეთი გახლავთ:

ათი პროცენტი - სიტკბო,
ოთხმოცდაათი - სიმწარე.

ესეც ასე.
ხელის მოწერა...
მრგვალი ბეჭედი...

მაგრამ გაფრთხილებთ:
არაფერში გამოგადგებათ.

1984


ჭაობი

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაგენანოს:
თუ კლდე ვერ ჰპოვა,
ზოგჯერ არწივსაც ეღლება ფრთები.

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაიტირო:
თუ ჭაობია,
ცრემლით მაინც იყოს დამბალი.

ნუ განიკითხავ ჭაობში დასვრილს...
სჯობს დაიცადო:
თუ ცრემლი შრება,
ცრემლით დაშრეს ეგებ ჭაობიც.

1985


ისევ ჭეშმარიტების შესახებ

სასჯელად ჩვენდა
დაფარულია ისევ თვალთაგან, -
შემოსილია ხან ფლასით,
ხან პორფირ-ბისონით.

ისევ უსხლტება იგი სმენასაც, -
ხან ღრიალებს გამძვინვებული,
ხან ჩურჩულებს ძლივსგასაგონად.

მე და შენ კი
გულმშვიდად ვზივართ
და თავს ვიწონებთ.

1986



ხსნა

ჯერ ჭაობიდან ამოფორთხება,
მუხლზე დაცემა მერე გვმართებს.

ჯერ ლაფის ჩამორეცხვა,
ლოცვა-ვედრება მერე გვმართებს.

ჯერ ჰარმონიის დაუფლება,
გალობა მერე გვმართებს.

ხსნა მერე მოვა.

1987



ქება ჩიტს

თუკი რწმენა ღვივის უფლის,
რამ შეაკრთოს? -
მამაცია ჩიტის გულიც.

თუ სასურველ შორეთს ელტვის,
რამ დაღალოს? -
ძლიერია ჩიტის ფრთებიც.

ერთურთს თუ შევიყვარებდით,
ჩიტის საკენკს,
ჩიტის ბუდეს ვიკმარებდით.

ვმადლობ უფალს, - დიდის ლხენის
მიზეზია ზოგჯერ სმენა
ჩიტის სტვენის...
...
ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო,
ხორცო,
ერთო ფიორაო...

1991