вторник, 28 ноября 2023 г.

მოლოტოვის კოქტეილებით "გამარჯვება" ადვილია...

 марта 25, 2023

 

ახალგაზრდობამ გაიმარჯვა! ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! - სიხარულით ჭყლოპინებენ ის ადამიანები, რომელთა მიერ მართულმა, შეცდომაში შეყვანილმა ახალგაზრდობამ 7-8 მარტს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა პოლიციას და პარლამენტის შენობას.

ახალგაზრდობის ეს საქციელი გაამართლა ლიბერალების ოპოზიციურმა ფლანგმა - ნაცებმა და მათმა მიმდევრებმა, ხოლო ამერიკა-ევროკავშირმა ახალგაზრდობის ეს საქციელი "მშვიდობიან პროტესტად" შერაცხა.

ჰო, ახალგაზრდობამ გაიმარჯვა!

ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! - ეს ფრაზა მსოფლიოში კაცობრიობის წინსვლის პირობადაა მიჩნეული.

მაგრამ...

შუა საუკუნეებიდან დაწყებული, რაც უფრო ვითარდება ინფორმაციათა  საშუალებანი და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი, მით უფრო ხელშესახებად  ჩქარდება მოვლენები, ანუ, მით უფრო მეტი თვალსაჩინოებით დასტურდება ფრაზა: ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს.

რატომ ხდება ეს? 

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს იმან,  რომ ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს?

ვცადოთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

გამარჯვებაში ყოველთვის იკვეთება სულიერებისა და მატერიალურობის წილი.

მაგრამ სულიერება და მატერიალურობა სხვადასხვა განზომილებისანი არიან.

სულიერებისაგან განსხვავებით მატერიალურობა განვითარებადია, როგორც ტექნიკური ცივილიზაცია, რადგან იგი ეყრდნობა ძველს, უკვე მიღწეულს. აქ სიახლე ძველის განვითარებას წარმოადგენს..

სრულიად განსხვავებულია მორალის, სულიერების სფერო.

მორალი, სულიერება ტექნიკის პარალელურად და პროპორციულად არ ვითარდება და  არც შეიძლება განვითარდეს.

შეფასების კრიტერიუმებიც სრულიად განსხვავებულია: ტექნიკის პროდუქტი ხელშესახებია, გაზომვადია, აქ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია.  მორალის "პროდუქტი" კი მხოლოდ სუბიექტური შთაბეჭდილებებით "იზომება".

მორალი ვერ აუწყობს ნაბიჯს ტექნიკას, ვერ დაეწევა, მით უფრო - ვერ გადაუსწრებს.

მაგრამ ტექნიკის თავბრუდამხვევმა განვითარებამ შექმნა სრულიად მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მორალის, სულიერების განვითარება და წინსვლაც შესაძლებელია.

ეს მცდარი წარმოდგენა უმეტესად ახალგაზრდობას ახასიათებს.

ახალგაზრდობას ყოველთვის რაღაც ახალი სწყურია. მაგრამ არ იციან, რომ მორალის სფეროში ეს შეუძლებელია. 

ამიტომ მორალის, სულიერების სფეროში განვითარების, სიახლეების ძიება (განსხვავებით ტექნიკის სფეროსაგან), თუნდაც გარკვეული - ნამდვილი თუ მოჩვენებითი - მიღწევების შემდეგ, გარდაუვლად მიდის სიმახინჯეებამდე. და ეს ხდება ადრე თუ გვიან.  მორალის ყველა საკითხში... 

საერთოდ კი რეალობა ისაა,  რომ არაგანვითარებადი მორალის მქონე ადამიანები განაგებენ თავბრუდამხვევად განვითარებად ტექნიკას, რაც უდიდესი საფრთხის შემცველია.

ეს საფრთხე მით უფრო იზრდება, რაც უფრო ჩამოუყალიბებელნი არიან ასეთი ადამიანები ანუ ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობას, ჩველებისამებრ, ჩამოყალიბებულებად მიაჩნიათ  თავი და ისიც მიაჩნიათ, რომ მათი მორალიც  აიფონების პარალელურად და პროპორციულად არის წინ წასული...

ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს.

საუკუნეთა განმავლობაში თანდათან წარსულს ჩაჰბარდა უხუცესების, ხევისბერების დრო - მათ თანდათან ხელიდან გაუსხლტათ საზოგადოების - ქვეყნის, თემის, ოჯახის მართვის სადავეები. ისინი ქვეყანას, თემს, ოჯახს მყარი მორალის საფუძველზე მართავდნენ.

საზოგადოების მართვის სადავეები თანდათანობით ახალგაზრდობამ ჩაიგდო ხელში!

ჩაიგდო, რადგან ახალგაზრდობა, როგორც წესი, ყოველთვის იმარჯვებს...

ტექნიკასა და  მორალს შორის კი უფსკრული დღითიდღე კატასტროფულად იზრდება.

და ახალგაზრდობის გამარჯვებებიც კატასტროფულად მატულობს...

და კაცობრიობა თანდათან უახლოვდება დასასრულს...

------

არა, არ უნდა მივცეთ ახალგაზრდობას გამარჯვების მისაღწევად "მოლოტოვის კოკტეილები"!..

მათ მორალის სახელმძღვანელოები უნდა მივცეთ (სიმბოლურად ვამბობ) და სიმართლის პატივისცემა უნდა ვასწავლოთ!..

მათ მხოლოდ მორალის და სიმართლის საფუძველზე უნდა გაიმარჯვონ.

მოლოტოვის კოკტეილებით "გამარჯვება" ადვილია...

2023



Комментариев нет:

Отправить комментарий