როდესაც ვლაპარაკობთ „ვეფხისტყაოსანში“ ქართული ყოფიერების ასახვაზე, ცხადია, აქ იგულისხმება, რომ პოემაში ასახულია ქართული სამართალიც, როგორც ქართული ყოფიერების განუყოფელი ნაწილი. პოემის სრულყოფილი შემეცნებისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი ცოდნაც.
ძველი ქართული სამართალი არ ამოიწურება მხოლოდ ჩვენამდე მოღწეული სამართლებრივი დოკუმენტებით. სამართლის ზოგიერთი დებულების დადგენა შესაძლებელია სხვადასხვა სახის ისტორიული წყაროების მიხედვითაც. ეს კარგად ჩანს ივ. ჯავახიშვილის ნაშრომში „ქართული სამართლის ისტორია“. მაგრამ სამართლის დებულებათა ასეთი წესით დადგენა ზოგჯერ მეტად გაძნელებულია წყაროების სიმცირის ან ბუნდოვანების გამო, და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ზოგიერთი ისეთი ისტორიული მოვლენა მივიჩნიოთ სამართლის გამოვლინებად, რომელიც სინამდვილეში სულ სხვა რამის შედეგი იყო. სწორედ ასეთი შესაძლებელი ცდომილებანი უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც სამართლის ამ დებულებებს ვიყენებთ „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სადავო საკითხის გარკვევისათვის.
ქართული სამართლის ამა თუ იმ დებულების პოემაში არაზუსტი სახით მოხვედრა მხატვრული თვალსაზრისით არაფრით არ შეიძლება იქნას გამართლებული, თუკი, რა თქმა უნდა, საქმე არ გვექნება ავტორის შეგნებულ ნაბიჯთან, მის პოლემიკურ მიზანდასახულობასთან, მის გაცნობიერებულ პოზიციასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება, თუ რას უპირისპირდება ავტორი, თუ რა დებულება არის მისთვის მიუღებელი. ეს კი იმაში დაგვარწმუნებს, რომ პოეტი ამ დებულებას იცნობდა, და რომ ეს დებულება ქართულ სინამდვილეში ნამდვილად არსებობდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ისიც დასაშვები უნდა იყოს, რომ თუკი სამართლის რომელიმე დებულების არსებობა ისტორიული წყაროებით არასაკმარისადაა დასაბუთებული, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ მონაცემები ამ დებულების არსებობას ეწინააღმდეგება, მაშინ უპირატესობა „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენებას უნდა მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პოემის ესა თუ ის ეპიზოდი მცდარად იქნას გააზრებული.
ქვემოთ სწორედ ასეთ შემთხვევას განვიხილავთ.
ივ. ჯავახიშვილი ქართული სახელმწიფო სამართლის კვლევის შედეგად ადგენს, რომ „ქართული სახელმწიფო სამართალი და წესი მეფეებს ნებას არ აძლევდა, თავისივე ქვეშევრმდომი ქალი შეერთოთ. მას უნდა თანამეცხედრედ მეზობელ მეფეთა ასული მოეყვანა, ამასთანავე საქართველოს მეფეთ-მეფეთა გვარეულობის რძლობის ღირსი“. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, 111, გვ. 31; იხ. აგრეთვე ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი სამართლის ისტორია, წ.11, ნაკვეთი 11, გვ. 188). ასევე უცხოელ უფლისწულებზე უნდა გათხოვილიყვნენ ქართველ მეფეთა ასულებიც.
საქართველოს სახელმწიფო სამართალი ამ დებულების შესახებ ისტორიულ წყაროებში პირდაპირი მითითება არ არსებობს, ხოლო ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების გაანალიზება სამართლის ამ დებულების არსებობას საქართველოში ეჭვქვეშ აყენებს.
ივ. ჯავახიშვილი ეყრდნობა იმ ფაქტებს, რომ XIII საუკუნემდე ყველა ცნობილ შემთხვევაში ქართველ მეფეთა შვილები გარეშე ქვეყნის მეფეთა შვილებზე ქორწინდებოდნენ: „ბაგრატ IV-ის დედა ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა…“, მისმა შვილმა კი ბერძენთა მეფის რომანოზის ასული ელენე მოიყვანა ცოლად, ხოლო როცა დაქვრივდა, მეორე ცოლად ოვსთა მეფის ასული ბორენა, დურღულელის და, შეირთო. დავით აღმაშენებელმა თავისი ერთი ქალი შირვანშას მიათხოვა, მეორე კატაჲ საბრძნეთში მისცა რძლად“. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი სამართლის ისტორია, წ.11, ნაკვეთი 11, გვ 188).
ეს ფაქტები ივ. ჯავახიშვილმა ქართული სახელმწიფო სამართლის გამოვლინებად მიიჩნია და ეს ასეცაა მიღებული თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში.
ქვემოთ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ქართველი მეფეების უცხო სამეფო დინასტიებთან დანათესავების მიზეზად საგულვებელია არა სახელმწიფო სამართალი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი.
პოლიტიკურ თვალსაზრისს რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ასეთ დროს, ეს კარგად აქვს დასაბუთებული ივ. ჯავახიშვილს. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
1. ბაგრატ IV-ის მეფობის დროს საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან გამწვავებული იყო. ამის გამო დედამისი მარიამ დედოფალი კონსტანტინეპოლში წავიდა. მან სხვა საქმეებთან ერთად ბაგრატის დაქორწინების საკითხიც მოაგვარა და მას თანამეცხედრედ ბერძენთა კეისრის ასული მოჰგვარა, რითაც, ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, „ქვეყანას მშვიდობა მოუტანა“. „დაწიოკებული და ხშირის ომებით მოქანცული ქვეყნისთვის კეისრის მოყვრობა და მეგობრობა ნამდვილი სალბუნი იყო“. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, 111, გვ.139).
2. ბაგრატ IV-ის აქტიური ჩარევით მისი დისშვილი (სომეხთა მეფის ასული) სულტან ალფ არსლანის მეუღლე გახდა, ხოლო მანამდე ბაგრატმა თავისი ასული მართა ბერძენთა მეფეს მიათხოვა. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, „სპარსეთის სულტნისა და ბიზანტიის კეისრის ბაგრატ მეფესთან დამოყვარებას საქართველოსათვის მშვიდობიანობა და მყუდროება უნდა მოეტანა და ძლიერ მეზობელ სახელმწიფოთა შემოსევებისაგან უნდა უზრუნველეყო“. (იქვე).
3. დავით აღმაშენებელმა თავისი უფროსი ასული თამარი შირვანშას მიათხვა, უმცროსი კი საბერძნეთის მეფის რძლად გაგზავნა. „ორსავე შემთხვევას საქართველოს პოლიტიკურს მდგომარეობაზე ძალიან კარგად უნდა ემოქმედა: შირვანის და საბერძნეთის მხრით საქართველო უზრუნველყოფილი იქნებოდა და დავით აღმაშენებელს შეეძლო მთელი თავისი ძალღონე სამეფოს შინაური საქმეებისთვის, თურქების განდევნისა და საქართველოს საბოლოო გაერთიანებისთვის მოეხმარებინა“. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, 11, გვ.198).
4. დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა მუდმივი ლაშქრის შექმნა და ამისთვის საქართველოში ყივჩაღები ჩამოასახლა, რადგან „მისი მეუღლე გურანდუხტ დედოფალი იყო ასული ყივჩაღთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის-ძისა“ და ამის გამო ისინი მისი ერთგული იქმნებოდნენ. (იქვე, გვ. 199).
ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ მეზობელი ქვეყნების სამეფო დინასტიებთან დანათესავების დროს პოლიტიკურ თვალსაზრისს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა, რადგან ასეთი ქორწინებები დადებითად მოქმედებდა ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
მაგრამ იყო თუ არა ეს ქორწინებები სახელმწიფო სამართლის გამოვლინებაც?
ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული სახელმწიფო სამართლის ამ დებულებას საფუძვლად ედო ის, რომ „საქართველოს მეფეებს თავიანთი საგვარეულო დიდ და მაღალ მეფეთა ჩამომავლად მიაჩნდათ. ამიტომ, რასაკვირველია, თავის „სამეფო სახლს“ ღირსებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისა და პატივის მქონებლად თვლიდნენ. ამისდა გვარად არამცთუ ადგილობრივი, ყოველი უცხოელი, მეფური ჩამომავლობის ბატონიშვილიც კი თავისი სახლის ღირსად არ მიაჩნდათ“. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი სამართლის ისტორია, წ.11, ნაკვეთი 11, გვ. 187).
მართალია, ქართველი მეფეები თავიანთ საგვარეულოზე მაღალი წარმოდგენისა იყვნენ და, ალბათ, მართლაც არ თვლიდნენ ყველა სამეფო დინასტიას თავისი გვარის ღირსად. მაგრამ, პრაქტიკულად, როგორც ჩანს, ამას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პოლიტიკურ თვალსაზრისთან შედარებით. ეს იქიდან ჩანს, რომ ქართველ მეფეებს სხვადასხვა დროს თავისი გვარის ღირსად მიუჩნევიათ თითქმის ყველა მეზობელი სახელმწიფოს სამეფო დინასტია: ბიზანტიის, ოვსეთის, სპარსეთის, სომხეთის, ყივჩაღეთის, შირვანის და ა. შ., ხოლო ერთ დროს კი (თამარის საქმროს შერჩევის დროს) თითქმის ყველა მათი წარმომადგენელი დაუწუნებიათ: „ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი“, (ქართლის ცხოვრება, 11, გვ.42), „სულტან ყიზილ-არსლანის შვილთაგანი ერთი“, (იქვე), მუტაფრადინ, სალდუხის ძის ძე, (იქვე, გვ.43), შარვანშა აღსართან. (იქვე, გვ. 44).
ასე რომ, თავის საგვარეულოზე ქართველი მეფეების მაღალი შეხედულება სახელმწიფო სამართლის ზემოაღნიშნული დებულების არსებობის მყარ საბუთად ვერ ჩაითვლება. ისტორიულ-ლიტერატურულ წყაროებში არის რიგი ფაქტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ სახელმწიფო სამართლის ამ დებულების არსებობას საქართველოში.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მეფეთა ოჯახის წევრების დაქორწინებათა შესახებ ერთეული მაგალითებია ცნობილი. ხშირად არა ჩანს, ვისზე იყო დაქორწინებული ესა თუ ის მეფე, თავი რომ დავანებოთ მეფეთა ოჯახის ყველა წევრს.
ჩვენთვის უცნობი ეს ქორწინებები რომ ყოველთვის უცხო სამეფო სახლთან დანათესავებას არ წარმოადგენდა, ამას თითქოს ადასტურებს დემნა უფლისწულის მაგალითი. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, დემნას ცოლად ჰყავდა მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ივანე ორბელის ასული. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ამ ცნობას გვაწვდის არა ქართული, არამედ სომხური წყარო. დემნას ქორწინება იმიტომ გამხდარა სტეფანოს ორბელიანის ყურადღების საგანი, რომ დემნა იყო სიძე ამბოხების მეთაურისა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ამბოხების მოწყობაში. ქართველ მემატიანეებს ამ მნიშვნელოვანი გარემოების გამოც კი არა აქვთ მოხსენიებული ეს ქორწინება. და რა არის გასაკვირი, რომ სხვა ქორწინებებისთვისაც დუმილით აევლოთ გვერდი. სავარაუდებელია, რომ ამ უცნობ ქორწინებათა უმრავლესობა ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო.
დემნა უფლისწულის დაქორწინებას ქვეშევრდომზე ივ. ჯავახიშვილი იმით ხსნის, რომ დემნას სამეფოდ არ ამზადებდნენ. ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, 11, გვ.243, სქოლიო) მაგრამ ხომ შეიძლება იგი მეფედ გამხდარიყო, თუ გიორგი III მოულოდნელად გარდაიცვლებოდა (დემნას მამაც ხომ ექვსი თვის მეფობის შემდეგ გარდაიცვალა), სხვა მემკვიდრე კი არ არსებობდა, რადგან გიორგი III-ს მცირეწლოვანი ასული ჰყავდა მხოლოდ. ამასთანავე, სამეფო ტახტი სამართლით სწორედ დემნას ეკუთვნოდა და არა გიორგი III-ს (და მის მემკვიდრეებს, თუკი ასეთები დაიბადებოდნენ), რადგან დემნა იყო შვილი დემეტრე მეფის უფროსი შვილისა.
დემნას რომ მეუღლედ ქვეშევრდომის ქალი ჰყავდა, ეს სრულებითაც არ აფიქრებდათ ამბოხებულ დიდებულებს, რომელთაც დემნას გამეფება სურდათ. მართალია, გამეფების შემდეგ შეიძლებოდა „აღედგინათ სამართალი“ და მისთვის რაიმე გზით სხვა, მეფური ჩამომავლობის, ქალი შეერთოთ, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხულია: დემნას სიმამრი ხომ ამბოხების მეთაური იყო.
ახლა განვიხილოთ შემდეგი ისტორიულად ცნობილი ფაქტი.
როდესაც უცოლო მეფემ ლაშა გიორგიმ ველისციხელი გათხოვილი ქალი „თვისად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად“, მას წინ აღუდგნენ ტახტის ბედით დაინტერესებული უმაღლესი ქართველი მოღვაწენი. მაგრამ ლაშასთვის სახელმწიფო სამართალი კი არ შეუხსენებიათ, არამედ მხოლოდ რელიგიური ბრალდება წაუყენეს: „არა ჯერ არს, რათა მხევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული პირი ქრისტესი პავლე: „ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ, ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან“. (ქართლის ცხოვრება, 11, გვ. 156).
როგორც ცნობილია, ლაშა გიორგი სარწმუნოებრივ საკითხში მაინცა და მაინც არ იზღუდავდა თავს, ამიტომ საერო და სასულიერო ხელისუფალთათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მასზე ზემოქმედების მოსახდენად არ იკმარებდა მხოლოდ რელიგიური მცნების შეხსენება და უეჭველად სახელმწიფო სამართლის დარღვევაშიც ამხელდნენ, ამის საბაბი რომ ჰქონოდათ.
გარეშე ქვეყნის მეფეთა შვილებზე ქორწინება რომ სახელმწიფო სამართალი ყოფილიყო, ეს კარგად ეცოდინებოდა ლაშა გიორგისაც – იგი ხომ თავის დას, რუსუდანს, შირვანის შაჰზე ათხოვებდა – და თავისი დაქორწინების საკითხში აღარ შეეცდებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც მიუღებელი იყო როგორც ზნეობრივი (რელიგიური), ისე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ლაშას, როგორც ჩანს, მიაჩნდა, რომ ამ ერთი წინააღმდეგობის (რელიგიურის) გადალახვას შეძლებდა და ველისციხელ ქალს ცოლად მოიყვანდა. (როგორც ცნობილია, ამ ქალის წაგვრის შემდეგ ლაშამ ცოლის შერთვა ვეღარ მოასწრო, ისე გარდაიცვალა).
XIII საუკუნის შუახანებიდან ცნობები ქართველ მეფეთა ქვეშევდომებზე დაქორწინების შესახებ უფრო მრავლად ჩანს.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, დავით ნარინის პირველი ცოლი, ემენელას-ძის ასული თამარი, იყო ქართველი. (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ქართველი ერის ისტორია, 111, გვ.149; ემენელას-ზე ივ. ჯავახიშვილს მიაჩნიადამახინჯებულ ფორმად ამანელის-ზისა, რომელიც ცნობილია თამარის დროს). მის ქართველობას იგი იმით ამტკიცებს, რომ ერთ სიგელში თამარი ამბობს - დავით მეფის ცოლობამ სახელოვან-მყოო. (შეწირულობის დაწერილი დავით ნარინის მეუღლისთამარ დედოფლისა გელათისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, 11, გვ. 75).
ჯავახიშვილის აზრით, თამარი ასე იმიტომ ამბობს, რომ მისი, როგორც ადგილობრივი მკვიდრის, მეფეზე გათხოვება არ შეიძლებოდა. მაგრამ მეფის დაქორწინება ქვეშევრდომზე საერთოდ ჩვეულებრივი მოვლენაც რომ ყოფილიყო, თამარს მაინც შეეძლო ასე ეთქვა, რადგან მისი გადედოფლება, ცხადია, მაშინაც „სახელოვან-ყოფა“ იქნებოდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდგომ შემთხვევებში, როდესაც ქართველი მეფეები ქართველ ქალებს ირთავენ, ჯავახიშვილი სამართლის ამ დებულებას უკვე აღარ ახსენებს, შეიძლებოდა ვიგულისხმოთ, რომ სამართლის ამ დებულების არსებობის ზღვრად მას სწორედ ეს შემთხვევა მიაჩნდა.
ამის შემდეგ პარალელურად გრძელდება ქართველი მეფეების ქორწინებები როგორც უცხოელ მეფეთა ასულებზე, ისე ადგილობრივ მკვიდრებზე. (მივაქციოთ ყურადღება: პარალელურად გრძელდება!)
ულუ დავითის პირველი ცოლი იყო ჯიგდა-ხათუნი, (ქართლის ცხოვრება, 11, 229-230), მეორე – ქართველი, ივანე ათაბაგის ქვრივი, რაჭის ერისთავის ასული გვანცა, (იქვე, გვ.237), მესამე კი მონღოლი, ესუქნი. (იქვე, გვ.251)
ნარინ დავითს პირველ ცოლად ზემოთ ხსენებული თამარი ჰყავდა (ივ. ჯავახიშვილის გამორკვევით), მეორე ცოლად კი საბერძნეთის მეფის პოლიალოღოსის ასული. (იქვე, გვ.2261, 295).
დიმიტრი თავდადებულს (ულუ დავითის შვილს) სამი ცოლი ჰყავდა: ტრაპიზონის მეფის ასული, „თათრის ასული“ და მესამე – ქართველი, ბექას ასული ნათელი. (იქვე, გვ. 285).
ვახტანგ II-ს (დავით ნარინის ძეს) ცოლად ჰყავდა ყაენის და ოლჯათი, (იქვე, გვ.289, 293, 297), რომელიც შემდეგ ცოლად ჰყავდა დიმიტრი თავდადებულის შვილს დავით VIII-ს. (იქვე, გვ. 297, 309).
ვახტანგ III-ს ცოლად ჰყავდა შაბურის-ძის ასული. (იქვე, გვ.308).
გიორგი VII-ს (გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილს) – ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია, (იქვე, გვ.472). მის შვილიშვილს ვახტანგ IV-ს -- ფანასკერტელის ასული (იქვე, გვ.475) და ა. შ.
როგორც ვხედავთ, ზოგი მეფე უცხოელ მეფის ასულზე ქორწინდებოდა, ზოგი კი ადგილობრივი დიდებულის ასულზე. ეს პარალელური ქორწინებები იმის მაჩვენებელია, რომ მეფეთა ქორწინებებს მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი ედო საფუძვლად და არა სახელმწიფო სამართალი. (პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება მეფე ქვეშევრდომის ასულზეც დაქორწინებულიყო, მაგალითად, განდგომილი საერისთაოს მშვიდობიანი შემორიგების მიზნით და ა. შ.) საყურადღებოა ისიც, რომ როცა ქართველი მეფეები ქართველ ქალებს ირთავენ ან ცდილობენ შერთვას (ლაშა გიორგი), არაფერი არ არის თქმული სახელმწიფო სამართლის დარღვევის შესახებ.
მოყვანილი არგუმენტები, მართალია, სავსებით ვერ უარყოფენ სამართლის განსახილველი დიდებულების არსებობას საქართველოში, მაგრამ ეჭვს ქვეშ აყენებენ. „ვეფხისტყაოსნის“ ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ არც არაბეთსა და არც ინდოეთში სამართლის ამ დებულების არსებობა არა აქვს ნაგულისხმევი პოემის ავტორს, რაც, უეჭველად, საქართველოში არსებული ვითარების გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. მკვლევარები არაბეთისა და ინდოეთის სიტუაციებს სამართლის ამ დებულების გათვალისწინებით განიხილავენ, რის შედეგად პოემის ზოგიერთი ეპიზოდი არასწორად და ხელოვნურად გამოდის გააზრებული. ეს განსაკუთრებით ითქმის ინდოეთის რთული სიტუაციის შესახებ, რადგან სწორედ იქ წარმოიშვა კონფლიქტი უცხოელი უფლისწულის მოწვევის გამო.
არაბეთისა და ინდოეთის სიტუაციათა ვრცელი ანალიზი მოცემული აქვს მკვლევარ ივ. სურგულაძეს ნაშრომში „ტახტის მემკვიდრეობის საკითხი ვეფხისტყაოსნის მიხედვით“.
ივ. სურგულაძის შეხედულებით, ქართული სახელმწიფო სამართლიდან არაბეთის შემთხვევაში ორ გადახვევას აქვს ადგილი: 1. ვაჟის მაგიერ ქალია ტახტზე, 2. ზედსიძედ მოყვანილია სახელმწიფოს ქვეშევრდომი და არა გარეშე სახელმწიფოს უფლისწული. (ი. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე, ტახტის მემკვიდრეობის საკითხი ვეფხისტყაოსნის მიხედვით, საიუბილეო კრებული „შოთა რუსთველს“, 1966, გვ. 94)
განვიხილოთ, სწორია თუ არა ეს შეხედულება.
ქალის გამეფება მართლაც სახელმწიფო სამართლის დარღვევა იყო არაბეთში, ამიტომ მეფე როსტევანმა ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად და თვითნებურად კი არ გადადგა, არამედ წინასწარ მოეთათბირა თავის ვაზირებს. ამ თათბირის აღწერით რუსთველი წარმოადგენს როსტევანს როგორც ბრძენ, სამართლიან, ამოდ მოუბარ და თავმდაბალ მეფეს:
მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბარნია. (34,3-4)
უბრძანა: „გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბნაროსა,
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უთენაროსა. (35)
მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია,
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია. (36)
.
ვაზირები მეფის გადაწყვეტილებას თინათინის გამეფების შესახებ ეთანხმებიან, მაგრამ ეთანხმებიან, არა მხოლოდ მეფისადმი მორჩილებისა და პატრონყმური მოვალეობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ თინათინის გამეფება მათაც სწორ საქციელად მიაჩნიათ:
ვაზირები მეფის გადაწყვეტილებას თინათინის გამეფების შესახებ ეთანხმებიან, მაგრამ ეთანხმებიან, არა მხოლოდ მეფისადმი მორჩილებისა და პატრონყმური მოვალეობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ თინათინის გამეფება მათაც სწორ საქციელად მიაჩნიათ:
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია,
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია, (39,2-3)
აცხადებენ ისინი. გარდა იმისა, რომ თინათინმა „იცის მეფობა“ და მისი საქმენიც მზის შუქის მსგავსია, ვაზირები მის გამეფებას სხვა, ზოგადი არგუმენტებითაც ამართლებენ:
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია…
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია. (39, 1, 4)
ერთი სიტყვით, როსტევანი თინათინის გამეფების შესახებ (ე. ი. სამართლის დარღვევის შესახებ) თავის ვაზირებს მოეთათბირა და მათი სრული და შეგნებული მხარდაჭერაც მიიღო.
გავიხსენოთ, - საქართველოშიც თამარის გამეფება ასევე მოხდა, სახელმწიფო მოღვაწეთა წინასწარი თათბირით: „განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა… თანადგომათა ყოველთა პატრიარქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა“. (ქართლის ცხოვრება, 11, გვ. 21).
როგორც საქართველოში, ისე – პოემის მიხედვით – არაბეთში, ქალის გამეფებასთან დაკაშირებული თათბირის ჩატარება, როგორც ჩანს, იმის გამო იყო საჭირო, რომ ქალის გამეფება სახელმწიფო სამართლის დარღევას წარმოადგენდა.
როსტევანი რომ ამ შემთხვევაში ვაზირებს ეთათბირება, ამაზე ივ. სურგულაძე საგანგებო ყურადღებას ამახვილებს, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აღარ ეთათბირება ვაზირებს როსტევანი, როდესაც თავის ასულს ქვეშევრდომზე აქორწინებს, თუკი ესეც სახელმწიფო სამართლიდან გადახვევა იყო.
გავიხსენოთ, როგორ აცხადებს როსტევანი ავთანდილს თინათინის ქმრად და არაბეთის მეფედ (თინათინის თანამეფედ):
მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:
ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე, ვითა სნება,
ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება. (1532).
ხოლო ადრე ტარიელს ასე ეუბნება:
მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა. (1512, 1)
როგორც აქედან ჩანს, როსტევანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნებით წყვეტს თინათინის ქვეშევრდომზე დაქორწინების საკითხს და არა ვაზირთა თანადგომით და თანხმობით. თუკი ამ მოქმედებას სამართლის დარღვევად ჩავუთვლით როსტევანს, მაშინ გაუგებარია, რამ შეცვალა იგი ასე მოულოდნელად. თუკი თინათინის გამეფების დროს სამართლის დარღვევა თავის ვაზირებს შეუთანხმა, თავმდაბლურად „გვერდსა დაისხნა“ ისინი და „ამო საუბრით“ გაანდო თავისი განზრახვა, რატომ ასევე არ მოიქცა იგი თინათინის ქვეშევრდომზე დაქორწინების შემთხვევაში?
საინტერესოა ვაზირების პოზიციაც ამ ორ ეპიზოდში. თუ წინათ მათ გადაწყვეტილება თინათინის გამეფების შესახებ სხვადასხვა არგუმენტით გაამაგრეს, ახლა მხოლოდ პატრონყმური სიხარულით შეხვდნენ თინათინის ავთანდილზე დაქორწინების ამბავს:
ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
მოახსენეს: „მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს“. (1533)
ამ სიტყვებში არავითარი არგუმენტები არა ჩანს ამ ქორწინების გასამართლებლად. აქ რომ სამართლის დარღვევას ჰქონოდა ადგილი, ალბათ, ახლაც მოიშველიებდნენ რაღაც არგუმენტებს, როგორც წინა შემთხვევაში. თუ მაშინ თქვეს თინათინზე – „თუცა ქალია“, მაგრამ მეფობის ღირსი არისო, და მოიყვანეს სათანადო არგუმენტები, ახლაც ამგვარად შეეძლოთ ეთქვათ ავთანდილზეც – თუმცა გარეშე ქვეყნის უფლისწული არ არის, მაგრამ თინათინის ქმრობის ღირსი არისო და მოიყვანდნენ სათანადო არგუმენტებს.
აღსანიშნავია, რომ არც თინათინი და ავთანდილი ხედავენ სამართლის რაიმე დარღვევას მათ ქორწინებაში. როდესაც თინათინი ავთანდილს უცხო მოყმის მოსაძებნად გზავნის, ეუბნება:
შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე…
მერმე მოდი, ლომო, მზესა, შეგეყრები, შემეყარე. (130, 1, 4)
ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, -
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი!
შენი მკვლიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქნარი. (132).
თინათინს მათი შეუღლების გზაზე ერთადერთ წინააღმდეგობად მიაჩნია სიყვარულის გაქრობა და არა სხვა რამ, კერძოდ სამართალი. ამიტომ იგი ფიცს დებს, რომ ავთანდილს არასოდეს უღალატებს. თუ მან სხვა ქმარი შეირთო, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისივე ბრალი იქნება და ღალატისთვის ღირსი იქნება „ქვესკნელს იყოს დასანთქმარი“.
გავიხსენოთ აგრეთვე, როგორ გულმშვიდად ანდობს ავთანდილი შერმადინს, რომ თინათინი ცოლობას შეჰპირდა, სამართლის ამ მოსალოდნელ დარღვევას არც შერმადინი შეუშფოთებია.
კიდევ ერთი ეპიზოდი: ფრიდონი ქორწილს უხდის ნესტანსა და ტარიელს. ავთანდილის უანგარო დახმარებით მიზანი უკვე მიღწეულია. ახლა უკვე ტარიელი სთავაზობს დახმარებას ავთანდილს, თუკი მას თინათინზე დაქორწინებაში რაიმე წინააღმდეგობა შეხვდება და ამის გამო საჭირო გახდება „ტკბილი სიტყვა“ ან „ხრმალი“. „თუ შენ შენს ცოლსა ვერ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები“, (1458, 4) – ამბობს იგი. ავთანდილმა ეს რომ მოისმინა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა,
თქვა თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა.
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა. (1459, 2-4)
ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ, რასაცა თნებითა? (1460)
ქვეშევრდომზე დაქორწინება რომ სახელმწიფო სამართლის დარღვევა ყოფილიყო არაბეთში, ავთანდილს, როგორც ქვეშევრდომს, ოდნავ მაინც შეეპარებოდა ეჭვი მისი მიზნის რეალობაში. მაგრამ ავთანდილის სიტყვებში სრული გულდამშვიდება ჩანს.
ამგვარად, მოყვანილი მაგალითები მოწმობს, რომ სახელმწიფო სამართლის განსახილველი დებულება არაბეთში არ არსებობდა. ამიტომ თინათინის დაქორწინება ავთანდილზე სამართლის დარღვევად არ შეიძლება ჩათვალოს.
●
არაბეთთან შედარებით ძალზე რთულია ვითარება ინდოეთში, სადაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადახლართული მოქმედ გმირთა სურვილები, უფლებანი და ვნებანი, ეს კი აძნელებს იმის გარკვევას, რაც პირდაპირ არ არის თქმული და კონტექსტშია საძიებელი. გარდა ამისა, მთელი რიგი ეპიზოდები და გამონათქვამები სხვადასხვაგვარადაა მკვლევართაგან გააზრებული, რის გამოც მიღებულია ისეთი საკითხების სხვადასხვაგვარი გააზრება, როგორიცაა ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებები, ფარსადანის შეხედულება ქალის გამეფებასა და ზედსიძის უფლებებზე და სხვა.
ინდოეთში დრამატული ამბები ნესტანის ქმრად უცხოელი უფლისწულის მიწვევამ გამოიწვია. რა იყო უცხოელი უფლისწულის მოწვევის მიზეზი?
ინდოეთის სიტუაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ ორი დასკვნა:
1. უცხოელი უფლისწულის მოწვევას საფუძვლად დაედო პოლიტიკური თვალსაზრისი, კერძოდ, ეს იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რათა განხორციელებულიყო ფარსადანის დინასტიური სურვილები.
2. უცხოელი უფლისწულის მოწვევა არ წარმოადგენდა სახელმწიფო სამართლის გამოვლინებას. სახელმწიფო სამართლის ასეთი დებულება ინდოეთში არ არსებობდა.
განვიხილოთ ინდოეთში არსებული ვითარება.
ინდოეთის მეფემ, ფარსადანმა, რადგან მას შვილი არ ჰყავდა, შვილობილად მოიყვანა ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს ყოფილი მეფის შვილი, ტარიელი. ასულის შეძენის შემდეგ, როდესაც ტარიელი 12 წლის შეიქნა, ხოლო ნესტანი შვიდისა, ფარსადანმა გადაწყვიტა თავისი ასული გაეზარდა სამეფოდ, ამიტომ მან ტარიელი მისსავე მშობლებს დაუბრუნა.
მეფე ქალსა ვით ხედვითა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამასავე ხელთა მიმცეს, (321, 2, 3) –
იგონებს ტარიელი. მაგრამ ტარიელი მაინც სამეფო კარზე იზრდებოდა, ინდოეთის მეფე და დედოფალი მას შვილივით ზრდიდნენ:
თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა, ვითა შვილსა,
დღისით ვიყავ მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა” (325, 1-2)
მამის გარდაცვალების შემდეგ ტარიელს აძლევენ ამირბარის თანამდებობას.
მიუხედავად ასეთი სიახლოვისა სამეფო კართან და გამორჩეულობისა, ფარსადანს სრულიადაც არ მიაჩნია იგი ინდოეთის მომავალ მეფედ. ფარსადანს თავისი ასულის გამეფება აქვს გადაწყვეტილი. „რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული“, - ეუბნება იგი თავის მეუღლეს. ეს ჩანს იქიდანაც, რომ მშობლები ნესტანს სახელმწიფო საქმეებში რევენ, სამეფოდ წვრთნიან. სწორედ ნესტანის დავალებით გაილაშქრა ტარიელმა ხატაელთა წინააღმდეგ. ნესტანმაც კარგად იცის, რომ იგი ინდოეთის მეფე უნდა გახდეს:
ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა (520, 1-2) –
ამბობს იგი.
მაგრამ ინდოეთის ტახტზე პრეტენზიები აქვს ტარიელს. თავის მემკვიდრეობით უფლებებს იგი ფარსადანს ასე უსაბუთებს (ხვარაზმშას შვილის მოკვლის შემდეგ):
იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! –
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, -- ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია! (557)
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?! (558)
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვფხვრიდე.
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე! (559)
როგორც ვხედავთ, ტარიელი მეტად კატეგორიული ტონით აყალიბებს თავის უფლებებს. ამჯერად ჩვენი საკითხისათვის არ არის მთავარი, რა უდევს საფუძვლად ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს. მთავარი ისაა, რომ ტარიელს ნამდვილად აქვს მემკვიდრეობითი უფლებანი. ეს კარგად იცის ნესტანმაც. იგი ტარიელის ამ უფლებებს „სამართლიანს“ უწოდებს. გავიხსენოთ, როგორ არიგებს იგი ტარიელს ხვარაზმშას შვილის მოკვლის დავალების მიცემისას:
იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა…“
ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა“. (537)
ისმება კითხვა: იცოდა თუ არა ფარსადანმა ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ? იგი ხომ არსად არ ამჟღავნებს ამას, უფრო მეტიც, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდოეთში ტახტის მემკვიდრე არავინაა.
ცხადია, თუკი ნესტანმა იცოდა ამის შესახებ, მით უფრო უნდა სცოდნოდა ფარსადანს. გარდა ამისა, ინდოეთში ტახტის პრობლემა ისე მწვავედ იდგა ვაჟი მემკვიდრის არარსებობის გამო, რომ შეუძლებელია მეფე-დედოფალს შორის არ ყოფილიყო მსჯელობა, თუ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე საფუძველი პრეტენზიების წამოყენებისათვის ინდოეთის ტახტზე. შეუძლებელია მათ მხედველობიდან გამორჩენოდათ ტარიელი, რომელსაც ადრე სამეფოდაც კი ზრდიდნენ. ცხადია, ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებანი ნაკლები იურიდიული ძალისა იყო, ვიდრე პირდაპირი მემკვიდრისა. ამ თვალსაზრისით, იგი შეიძლება ითქვას, ჩრდილში იდგა. სწორედ ამის გამო მის უფლებებზე თვალის არიდება ფარსადანს თავისუფლად შეეძლო მანამდე, სანამ თვით ტარიელი ან მისი მომხრენი ამის შესახებ ოფიციალურად არ განაცხადებდნენ. საერთოდ კი ტარიელი არც წამოაყენებდა თავის პრეტენზიებს ინდოეთის ტახტზე, ფარსადანს რომ ნესტანის საქმროდ უცხოელი უფლისწული არ მოეწვია. ამ მომენტამდე არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა ამ უფლებათა წამოყენება, რადგან ნესტანზე დაქორწინება ტარიელს ისედაც გახდიდა ინდოეთის მეფედ. ამ ქორწინების იმედი კი ტარიელსაც ჰქონდა და ნესტანსაც. ნესტანმა და ტარიელმა ერთადერთი გამოსავლი მემკვიდრეობითი უფლებების წამოყენებაში დაინახეს.
ტარიელმაც კარგად იცოდა (ან შემდეგ მიხვდა), რომ ფარსადანი თვალს არიდებდა მის უფლებებს. ამიტომ ამბობს იგი ფარსადანის მიმართ მწარე ირონიით:
მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა. (527)
როგორც ვხედავთ, ფარსადანი უგულვებელყოფდა ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს, თვალს არიდებდა, ოფიციალურად „არ იცოდა“ ამის შესახებ. სწორედ ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის დეტალი ინდოეთის სიტუაციაში, რაზედაც მკვლევარებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ.
მაგრამ ფარსადანი არა მარტო ამას არიდებდა თვალს, არამედ ნესტან-ტარიელის მიჯნურობასაც, როგორც ეს შენიშნული აქვთ მთელ რიგ მკვლევარებს (მაგალითად, ალ. ბარამიძეს), და ესეც გადამწყვეტი მნიშვნელობის დეტალია ინდოეთის ვითარებაში.
ახლა ამ ორი დეტალის გათვალისწინებით ვნახოთ, თუ რატომ მაინცდამაინც უცხო უფლისწული მოიწვია ფარსადანმა ნესტანის საქმროდ.
ივ. სურგულაძე ასახელებს სამ მიზეზს, რომელთა გამო ტარიელი ვერ გახდებოდა ნესტანის ქმარი: 1. ამ შეხედულებას ხელს უშლიდა სახელმწიფო სამართალი. 2. მორალის თვალსაზრისით მათი შეუღლება მიუღებელი იყო, რადგან ტარიელი, როგორც ფარსადანის შვილობილი, ნესტანს ძმად ერგებოდა. ამავე დროს ისინი, როგორც ჩანს, ნათესავებიც იყვნენ. 3. „ფარსადანს ტარიელი იმიტომაც არ ენდომებოდა სიძედ, რომ იგი პრეტენზიას აცხადებდა ინდოეთის ტახტზე, ფარსადანის სურვილი იყო ინდოეთის ტახტის უცილებელი მფლობელი მისი შვილი ყოფილიყო“. (ი. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე, დასახ. ნაშრომი, გვ, 99,100).
უპირველეს ყოვლისა, გამოსარიცხია მეორე მიზეზი, რომლის მიხედვით ტარიელის დაქორწინება ნესტანზე მიუღებელი იყო მორალის თვალსაზრისით. გამოსარიცხია იმიტომ, რომ შეუძლებელია რუსთველს თავისი საყვარელი გმირები ასეთი, მორალურად მიუღებელი საქციელის ჩამდენად გამოეყვანა. ნესტანი და ტარიელი ბოლოს ხომ მაინც შეუღლდნენ. (შდრ. ა. ბ ა რ ა მ ი ძ ე, ნარკვევები, V, გვ. 107).
სწორია ივ. სურგულაძის მესამე თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ფარსადანს იმიტომ არ უნდოდა ტარიელი სიძედ, რომ მას ინდოეთის ტახტზე მემკვიდრეობით უფლებანი ჰქონდა. ერთი შენიშვნაც: ტარიელი პრეტენზიას არ აცხადებდა, როგორც სურგულაძე წერს. პრეტენზიის გაცხადება გვიანდელი ამბავია, როგორც ეს ბარამიძემ აღნიშნა ამასთან დაკავშირებით. (იქვე, გვ.117).
მართლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფარსადანი აპირებდა თავისი ასულის გამეფებას, ამიტომ იგი თვალს არიდებდა ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტარიელი სასურველი სასიძო არ იყო მისთვის.
არსებობს მოსაზრება (ალ. ფოცხიშვილი, ნ. მელიქიშვილი), რომ ტარიელი ფარსადანისათვის სასურველი სასიძო იყო. ეს დასკვნა გამოაქვთ იმ ნადიმის ეპიზოდიდან, რომელიც ფარსადანმა გაუმართა ხატაეთიდან გამარჯვებით დაბრუნებულ ტარიელს. ფარსადანი დედოფალს ეუბნება, რომ „ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურვალიაო“, და რატომღაც დედოფალს ნადიმზე ნესტანის მოყვანას ავალებს. რათა ტარიელმა ის ნახოს: „რადგან ქალია ჩვენგანვე სამეფოდ სახელდებული, ვინცაღა ნახავს, მან ნახოს, აჰა, ხე, ედემს ხებული“. ისე ჩანს, თითქოს მეფეს უნდა თავისი ასული ტარიელს ანახოს და მოაწონოს. ნადიმის დროს ნესტანის პირდაპირ დასვეს ტარიელი. როგორც ალ. ფოცხიშვილი აღნიშნავს, „ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მეფე-დედოფალი (ნესტან-დარეჯანის მშობლები) ზედმეტადაც კი ირჯებიან, რათა ტარიელს თავიანთი ქალიშვილი მოაწონონ: პირდაპირ უსვამენ მას… შიგადაშიგ კომპლიმეტებსაც არ იშურებენ ტარიელის მიმართ“. (ა. ფ ო ც ხ ი შ ვ ი ლ ი, ვეფხისტყაოსნის ზოგი სადაო საკითხის გარშემო, 1991, გვ. 90).
ტარიელისადმი ფარსადანის ასეთ კეთილგანწყობას თუ დავუშვებთ, მაშინ გამოდის, რომ სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რამ ხდება ნესტანის საქმროს შესარჩევად მოწვეულ თათბირზე. ხსენებული მკვლევარების აზრით, ფარსადანი მოელოდა, რომ ტარიელი ნესტანის ხელს ითხოვდა ამ თათბირზე. როგორც ნ. მელიქიშვილი წერს, „ფარსადანმა მისცა შანსი ტარიელს თავისი ხვაშიადის გასამჟღავნებლად…“ (ნ. მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი, ტარიელისა და ფარსადანის კონფლიქტი ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, 1987, N 1-4, გვ. 308). ტარიელმა „ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა“. (იქვე, გვ. 306). ხოლო ალ. ფოცხიშვილი წერს: „ფარსადანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტარიელს ნესტანი მოსწონებოდა. უფრო მეტიც, იგი ერთ წუთსაც არ ჰკარგავს – ტარიელს მეორე დღესვე (წინა დღის შთაბეჭდილებებით გაბრუებულს) იწვევს სათათბიროდ, რათა ნესტანის საქმრო შეარჩიონ, და დარწმუნებულია, ტარიელი თვითონ გამოითხოვს ნესტანის ხელს, მაგრამ ეს არ მოხდა, რის გამოც მეფე-დედოფალი იძულებულნი არიან არჩევანი, მათი აზრით საუკეთესო კანდიდატზე – ხვარაზმშას შვილზე -- შეაჩერონ“. (ა. ფ ო ც ხ ი შ ვ ი ლ ი, დასახ. ნაშრომი, გვ. 91).
პატივცემული მკვლევარები ტარიელის ასე მოქცევის მიზეზს არ იკვლევენ. „ახლა ნუ შევუდგებით იმის კვლევა-ძიებას, რატომ მოიქცა ასე ტარიელი“. (იქვე, გვ, 98). არც კვალიფიკაციას აძლევენ მის საქციელს, რა იყო ეს – მორიდება, შეცდომა თუ სხვა რამ. თავად ტარიელი კი ამას სხვანაირად ხსნის: „რომე პირველვე დაესკვნათ, მათ ესე შეეტყვებოდა, ერთმანეთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა, ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა“. „შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რადგან თვით იყო მნდომელი“. ტარიელის გელწრფელობაში ან მის მიერ სიტუაციის შეფასების უნარში ეჭვის შეტანა სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ ალ. ფოცხიშვილს ტარიელის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს: „მოდით, იმის გარკვევასაც ნუ შევუდგებით, რამდენად გულწრფელია ტარიელი, როცა ამბობს: „შევატყვე, წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი ხვარაზმშას შვილის სასიძოდ მოწვევა და დაშლას აზრი არ ჰქონდაო“. (იქვე, .გვ.99). ხოლო ნ. მელიქიშვილს მიაჩნია, რომ ტარიელი ამ შემთხვევაში აშკარად ცდებოდა: „ტარიელი… რატომღაც დარწმუნებულია, რომ მეფესა და დედოფალს წინასწარ აქვთ ყველაფერი გადაწყვეტილი“. (ნ. მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი, დასახ. ნაშრომი, გვ. 306).
სინამდვილეში ტარიელის მიერ გამოთქმული აზრი გაცილებით ლოგიკურია და, შეიძლება ითქვას, რეალური ვითარების გამომხატველიც, ვიდრე ის, რომ მორიდებისა თუ დაბნეულობის გამო წამიერად შეყოყმანებულ ტარიელს ფარსადანმა ფაქტიურად გონს მოსვლა არ აცალა (აკი მისი სასურველი სასიძო იყო!), და იმწამსვე გადაწყვიტა ხვარაზმშას შვილის მოწვევა სასიძოდ, კაციც კი აფრინა დაუყონებლივ მის მოსაწვევად. ისიც დაუჯერებელია, რომ ასეთი მცირე გაუგებრობა – თათბირზე ტარიელის წამიერი დაბნეულობით გამოწვეული – რუსთველს ტარიელისა და ფარსადანის დიდი კონფლიქტის მიზეზად დაესახა. მათ კონფლიქტს, ცხადია, ეს უბრალო ყოფითი დეტალი კი არა, ღრმა და სერიოზული მიზეზი აქვს (თუ პოემას კარგად დავუკვირდებით), რაც რუსთველისათვის ცნობილი მძაფრი ისტორიული მოვლენის გამოძახილი უნდა იყოს.
რაც შეეხება ნადიმის ეპიზოდს, სადაც მეფე-დედოფალმა ნესტანი და ტარიელი წინასწარგანზრახულად შეახვედრეს ერთმანეთს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მეფის განზრახვა, თათბირის წინ თავისი თვალით ეხილა ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულება და ამის გათვალისწინებით გადაედგა შემდგომი ნაბიჯი. ასეა თუ ისე, ნადიმის ეპიზოდს ისეთი გააზრება სჭირდება, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა მოვლენათა შემდგომ განვითარებასთან, კერძოდ, გაუგებარსა და არალოგიკურს არ გახდის თათბირზე ფარსადანისა და ტარიელისა ქცევას, ხოლო ფარსადანისა და ტარიელის კონფლიქტს არ გააუბრალოებს და ოდენ ყოფით მიზეზზე არ დაიყვანს.
ცხადია, ფარსადანის საქციელს საფუძვლად უდევს დინასტიური ზრახვები. იგი ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს თვალს არიდებს, რაც გვიჩვენებს, რომ ტარიელი სასურველი სასიძო არაა მისთვის.
ამ შემთხვევაში ფარსადანი იგივე სურვილით მოქმედებდა, როგორც გიორგი III საქართველოში. დემნას ამბოხების ჩახშობის შემდეგ გიორგი III-მ დემნას თვალები დასთხარა და გამოასაჭურისა, რომ შთამომავლობა აღარ გასჩენოდა (დემნა, მართალია, ცოლიანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, შვილები ჯერ კიდევ არ ჰყავდა, რადგან მისი შთამომავალი არავინ გამოჩენილა შემდეგში, როდესაც პოლიტიკური კრიზისები დგებოდა საქართველოში). დემნა კი ერთადერთი მამაკაცი იყო გიორგი III-ის შემდეგ ბაგრატიონთა ოჯახში. აქედან კარგად ჩანს გიორგი III-ის სურვილი: მას სურდა თავის ასულს, თამარს, ვერავინ შედავებოდა ტახტზე და დინასტია საკუთრივ მისივე ხაზით გაგრძელებულიყო.
მაგრამ დავუბრუნდეთ ინდოეთის ვითარების განხილვას.
როგორც ვთქვით, ტარიელი სასურველი სასიძო არ იყო ფარსადანისათვის დინასტიური მოსაზრების გამო. მაშ ვინ უნდა შეერჩია მას ნესტანის საქმროდ? ცხადია, ერთ-ერთი ინდოელი დიდებული, რომელიც ვერ შეეცილებოდა ნესტანს სუვერენობაში, ან გარეშე ქვეყნის უფლისწული, რომელიც ამავე პირობით უნდა მიეღოთ. ფარსადანი გარეშე ქვეყნის უფლისწულს მართლაც ასეთ პირობებს უყენებს:
შესთვალეს: „გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდევ-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“. (507, 2-4).
ე. ი. ფარსადანს ხვარზმშას შვილი უნდოდა მხოლოდ ნესტანის ქმრად („სამისოდ“) და არა ინდოეთის მეფედ. ამის იმედი ხვარაზმშას არ უნდა ჰქონოდა („სხვასა ნუღარას მოელი“).
ინდოეთში ნესტანის შესაფერი საქმრო მხოლოდ ტარიელი იყო, რადგან მას ყოველგვარი ღირსებანი ჰქონდა, ფარსადანის ქვეშევრდომებს ყველას სჯობდა, ამასთანავე მეფურად იყო აღზრდილი. მაგრამ თუ ამას არ გაუწევდა ანგარიშს ფარსადანი და ნესტანის ქმრად სხვა ინდოელ დიდებულს ამოირჩევდა, ეს იქნებოდა ძალზე გამომწვევი მოქმედება ტარიელის მიმართ და ამას შეიძლება მეტად უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდა, რადგან ამით ფარსადანი აშკარად გათელავდა ფეხქვეშ ტარიელის არა მარტო მემკვიდრეობით უფლებებს, არამედ მის გრძნობებსაც.
ერთი სიტყვით, ასეთი გზა ფარსადანისათვის არ იყო ხელსაყრელი. ამიტომ მან გადაწყვიტა ისეთი გზის გამონახვა, რომლითაც გვერდს აუვლიდა ტარიელს ზედმეტი ხიფათის გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, უკან დასახევადაც გამოდგებოდა.
ეს გზა იყო უცხოელი უფლისწულის მოწვევა.
ვაჩვენოთ, საიდან ჩანს ეს.
როდესაც ფარსადანი თათბირს მართავს ნესტანის გათხოვების შესახებ, ამბობს, ნესტანის ქმარი ინდოეთის პატრონი და ტახტის მფლობელი უნდა იყოსო:
აწ ჩვენისა ქალისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ. (502, 1- 3)
სინამდვილეში, ფარსადანს ნესტანის ქმარი ინდოეთის პატრონად და ტახტის მფლობელად კი არ უნდა, არამედ მხოლოდ უბრალო ზედსიძედ, ნესტანის თანამეფედ, ისევე, როგორც არაბეთში როსტევანს ავთანდილი უნდოდა, ხოლო საქართველოში თამარის ქმარი იყო.
სუვერენ ხელმწიფედ ფარსადანს განზრახული აქვს ნესტანი დასვას (როგორც არაბეთსა და საქართველოში). ფარსადანის ეს განზრახვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარგად ჩანს ხვარაზმშასადმი მისი შენათვალიდან.
ერთი სიტყვით, ფარსადანს რაც გულში აქვს, თათბირზე იმის საწინააღმდეგოს ამბობს.
რატომ სჭირდება ფარსადანს ასეთი არაგულწრფელი დიპლომატია?
თათბირზე ფარსადანის მსჯელობის აზრი ასეთია: ტახტის ვაჟი მემკვიდრე არ არსებობს, ხოლო ქალის გამეფება სამართლით არ შეიძლება. ამიტომ უნდა მოიყვანონ ზედსიძე, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას. ზედსიძედ კი უმჯობესი იქნება ხვარაზმელთა ძლიერი სახელმწიფოს უფლისწული, რადგან ასეთი დაკავშირება ინდოეთს პოლიტიკურად გააძლიერებს.
ასეთი მსჯელობა მისაღები უნდა ყოფილიყო ტარიელისათვის, როგორც სახელმწიფო მოღვაწისა და დიდი ვაზირისათვის, და მიუღებელი უნდა ყოფილიყო, როგორც ტახტზე უფლებების მქონე პირისა და ნესტანის მიჯნურისათვის. ფარსადანმა კი, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, არც ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებანი „იცოდა“ ოფიციალურად და არც მისი მიჯნურობა, ე. ი. ფარსადანი ტარიელთან ფორმალურად მართალი იყო.
თათბირის დროს ტარიელს შეეძლო ასე მოქცეულიყო: ან წამოეყენებინა თავისი მემკვიდრეობით უფლებანი, ან ნესტანის ხელი თვითონ ეთხოვა, ან – ორივე ერთად. მაგრამ ფარსადანს იმედი აქვს, რომ ტარიელისათვის ასე მოქცევა უხერხული იქნება. ფარსადანის ვერაგული ზრახვა დასაწყისში მართლდება. სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი, ფარსადანი ასე რომ ჩქარობს ხვარაზმშას შვილის ჩამოყვანას, სანამ ტარიელი გონს მოვიდოდეს და გზას იპოვიდეს:
კვლა გაგზავნეს სვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
დავედრეს თუ: „ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად“. (509, 1-2)
საინტერესოა, რომ ასევე იჩქარეს თამარის საქმროს, გიორგი რუსის ჩამოყვანაც საქართველოში. ზანქან ზორაბაბელმა „მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წამოიყვანა და მოიყვანა უწინარეს პაემნისა“. (ქართლის ცხოვრება, 11, გვ. 37).
ტარიელს რომ თავისი უფლებანი წამოეყენებინა, ან ნესტანის ხელი ეთხოვა, ფარსადანს უკან დახევა შეეძლო. იგი ტარიელს ეტყოდა, მე არ ვიცოდი ეს, თორემ შენზე უკეთეს სასიძოს ვის ვიპოვიდიო. ფარსადანი მართლაც ასე ამბობს, ოღონდ უკვე ხვარაზმშას შვილის მოკვლის შემდეგ:
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? (555,2)
ფარსადანის არაგულწრფელობა ამ სიტყვებშიც კარგად ჩანს: მან ადრეც კარგად იცოდა, რომ ტარიელს „მისი ქალი უნდოდა“.
ფარსადანს, მართალია, შეეძლო ამ შემთხვევაში უკან არ დაეხია და უარეყო ტარიელის მოთხოვნები, მაგრამ ეს აშკარა მტრობას ჩამოაგდებდა მათ შორის, რაც ფარსადანისათვის არ იყო ხელსაყრელი.
ერთი სიტყვით, ფარსადანის დიპლომატიურმა ფანდმა მიზანს მიაღწია: მას იმედი ჰქონდა, რომ ტარიელი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ხოლო თუ გაუწევდა, უკან დახევაც შეეძლო საქმის გამწვავების გარეშე.
ფარსადანი თათბირის დროს ტარიელს სიმართლეს უმალავს: მას სურს თავისი ასულის სუვერენობა, თათბირზე კი ამბობს, ინდოეთის ტახტი ხვარაზმშას შვილს უნდა გადაეცესო. ფარსადანს რომ თათბირზე სიმართლე ეთქვა, ნესტანი სუვერენი ხელმწიფე იქნება მის მეუღლედ ხვარაზმშის შვილის გახდომის შემდეგაცო, მაშინ ტარიელს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა თავისი უფლებების წამოუყენებლადაც, ეთქვა, რომ ქალის გამეფება არ შეიძლება, რომ ქალი ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას, (საკითხავია, შეეძლო თუ არა ვაზირს, კერძოდ ტარიელს, თათბირზე მეფის წინააღმდეგ გამოსვლა. როგორც ჩანს, შეეძლო, რადგან თათბირის შედეგი რომ შეიტყო, ნესტანი საშინლად განრისხდა ტარიელზე, რომელმაც წინააღმდეგობა არ გაუწია მეფეს. ტარიელს ვრცელი განმარტება დასჭირდა, რათა ნესტანისათვის აეხსნა ამის მიზეზი). ამით წინააღმდეგობა გაეწეოდა ნესტანის ქმრად ხვარაზშას შვილის მოწვევასაც, რადგან, თუკი ნესტანის სუვერენობაზე არ დაეთანხმებოდნენ ფარსადანს, მით უმეტეს ფარსადანი არ ისურვებდა ხვარაზმშას შვილის სუვერენობას. ტარიელისათვის ასეთი წინააღმდეგობის გაწევა უხერხული არ იქნებოდა, რადგან საკუთარ თავზე არ ექნებოდა ლაპარაკი. ცხადია, ფარსადანს აქაც შეეძლო უკან დაეხია (რაც მის გეგმას ჩაშლიდა ნესტანის სუვერენობის შესახებ), ან უარეყო ტარიელის არგუმენტები (რაც მის დამოკიდებულებას გაამწვავებდა ტარიელთან), მაგრამ ფარსადანისათვის უმჯობესი იყო ტარიელის მოტყუება, რადგან ამით მას ზოგად სათქმელს წაართმევდა, ხოლო ტარიელისაგან წინააღმდეგობის გაწევა თავისი უფლებების წამოყენებით და თავისი მიჯნურობის გამჟღავნებით ნაკლებმოსალოდნელი იყო.
ფარსადანის ვარაუდი პირველად გამართლდა, - ტარიელმა მართლაც ვერ ჰკადრა წინააღმდეგობის გაწევა. („ვთქვი: ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია“; „ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა“, „შეცილებამცა ვინ ჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი“; „დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა“). როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ჩქარობს ფარსადანი სასიძოს ჩამოყვანას, სანამ ტარიელი გონს მოეგებოდეს და გზას იპოვიდეს. ფარსადანს იმედი აქვს, რომ ნესტანის დაქორწინების შემდეგ ტარიელი ბედს შეურიგდება.
ფარსადანისაგან ტარიელის ასეთი მოტყუების მიზეზის გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ რატომ არ გაამეფა ფარსადანმა ნესტანი წინასწარ, დაქორწინებამდე, როგორც ეს როსტევანმა გააკეთა არაბეთში და გიორგი III-მ საქართველოში.
ამგვარად, უცხო უფლისწულის მოწვევა ფარსადანს სჭირდებოდა იმისათვის, რომ გზიდან ჩამოეცილებინა ტარიელი, როგორც ინდოეთის ტახტზე უფლებების მქონე პირი. მართალია, არც ეს გზა იყო მაინცადამაინც საიმედო, მაგრამ სხვა გზას, კერძოდ, ნესტანის დაქორწინებას სხვა ინდოელ დიდებულზე, რომელიც ნესტანს ვერ შეეცილებოდა სუვერენობაში, - გაცილებით სჯობდა, რადგან ტარიელის წინააღმდეგობის შემთხვევაში უკან დასახევი მშვიდობიანი გზა მაინც რჩებოდა.
ერთი სიტყვით, ხვარაზმშას შვილის ზედსიძედ მოწვევა ფარსადანისათვის აუცილებელი ნაბიჯი იყო (რათა არ ჩაშლოდა დინასტიური გეგმები), და ამ ნაბიჯს იგი მაშინაც გადადგამდა, თუ მივიჩნევთ, რომ უცხო უფლისწულზე ქორწინება არ იყო სახელმწიფო სამართლის გამოვლინება.
ახლა ვაჩვენოთ, რომ ხვარაზმელი უფლისწულის ზედსიძედ მოწვევა სახელმწიფო სამართლის გამოვლინება არ იყო და რომ ფარსადანს შეეძლო ნესტანი ტარიელზე დაექორწინებინა სამართლის ყოველგვარი დარღვევის გარეშე.
დავიწყოთ ნესტანის შეხედულებით.
ნესტანს სრულიადაც არ ჰგონია, რომ მისი ტარიელზე დაქორწინება სამართლის დარღვევაა. თავის პირველ წერილში იგი ტარიელს ასე სწერს:
შენგან ჩემისა ქმრობისა წინაცა ვიყავ მნდომია. (371, 1)
სხვა წერილში იგი ამგვარადვე ამბობს:
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა. (487, 4)
ნესტანის ასეთი თვითდაჯერებული სიტყვები იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეშევრდომზე მისი დაქორწინება სახელმწიფო სამართლის დარღვევას არ წარმოადგენდა.
როდესაც ფარსადანი ხვარაზმელი უფლისწულის მოკვლას შეიტყობს, იგი ტარიელს უთვლის:
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? (555, 2)
ივ. სურგულაძის აზრით, ფარსადანი ამას იმ განზრახვით ამბობს, რომ „ტარიელმა კარგად შეიგნოს თავისი მოქმედების სიმძიმე და ტარიელმა და ნესტანმა იფიქრონ, თითქოს შესაძლებელი იყო მათი ქორწინების მშვიდობიანი მოგვარება“. (ი. ს უ რ გ უ ლ ა ძ ე, დასახ. ნაშრომი, გვ. 102). აქ ი. სურგულაძე გულისხმობს, რომ ფარსადანს შეეძლო სამართალი „მშვიდობიანად“ დაერღვია.
ფარსადანს რომ ეს სამართლის დარღვევად მიეჩნია, იგი ზემოთ მოყვანილ სიტყვებთან ერთად ტარიელს უეჭველად აგრძნობინებდა, რომ უცხო უფლისწული სამართლის თანახმად იყო მოწვეული, რათა ტარიელს კიდევ უფრო კარგად შეეგნო „თავისი მოქმედების სამძიმე“.
ივ. სურგულაძის აზრით, ტარიელი და ნესტანი იმიტომ არ ამხელენ თავის გრძნობებს, რომ მათ არა აქვთ შეუღლების იმედი (სამართლის თანახმად). „ნესტანისა და ტარიელის დუმილი… გამოწვეული იყო მათი უიმედობით. (იქვე).
არც ეს არის სწორი: ჯერ ერთი, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებით ჩანს, ნესტანს არავითარი უიმედობა არ ემჩნევა; მეორეც, მიჯნურობის გაუცხადებლობა რუსთველის მიჯნურობის კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია; მესამეც, არაბეთში სწორედ ასევე მალავდნენ მიჯნურობას ავთანდილი და თინათინი, თუმცა უიმედობა არც მათ ეტყობოდათ.
როდესაც ნესტანი და ტარიელი თათბირობენ, თუ როგორ დააღწიონ თავი შექმნილ მდგომარეობას, ნესტანი ურჩევს, რომ ტარიელმა მოითხოვოს მხოლოდ ინდოეთის ტახტი, ხოლო ნესტანის სიყვარული არ ახსენოს:
ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა (538, 1-2)
ივ. სურგულაძის აზრით, ნესტანი ასე იმიტომ ურჩევს ტარიელს, რომ მათ შეუღლების იმედი „სამართლით“ არა აქვთ, რადგან ტარიელი ინდოეთის ქვეშევრდომია. (იქვე, გვ. 99).
ნესტანის სიტყვების აზრის ასახსნელად გავიხსენოთ: იგი გამოთქმულია ტარიელის ფარსადანთან თათბირის შემდეგ. ნესტანი და ტარიელი ახლა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ფარსადანი თვალს არიდებს ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს, და, ცხადია, იმასაც მიხვდნენ, რომ სწორედ ამის გამო არ სურს ფარსადანს სასიძოდ ტარიელი.
ნესტანის რჩევის აზრი ასეთია: თუ ტარიელი ნესტანის ხელს ითხოვს, ფარსადანი მას უარს ეტყვის, რადგან ტარიელის სიძობა ხელს არ აძლევს. ფარსადანის დადანაშაულება, როგორც მამისა, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. ამიტომ ტარიელმა მხოლოდ თავისი უფლებანი უნდა წამოაყენოს, ტახტი მოითხოვოს, რაც მოხსნის ნესტანის გამეფების შესაძლებლობას, ან სხვა ზედსიძის მოყვანას. ტარიელმა უნდა მოითხოვოს ნესტანის წესისამებრ გათხოვება. ხოლო როცა ტარიელი გამეფდება, ფარსადანი მას, პირიქით, შემოეხვეწება ნესტანის შერთვას:
ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა (538, 3-4)
თუ ტარიელი ერთდროულად მოითხოვს ინდოეთის ტახტს და ნესტანის ხელს, არც ეს იქნება სწორი, რადგან მაშინ გამოდის, რომ იგი ურიგდება ნესტანის დარჩენას მამის სახლში, ე. ი. იმას, რომ ნესტანი არის „საძეო“, ძის მოვალეობის შემსრულებელი, ტახტის მემკვიდრე. ერთი სიტყვით, ტარიელის ასეთი მოთხოვნა გამოვა წინააღმდეგობის შემცვლელი. რაც საქმეს გაართულებს. უმჯობესია მხოლოდ ინდოეთის ტახტის მოთხოვნა.
ნესტანის რჩევის აზრი გასაგებია უცხო უფლისწულზე ქორწინების „სამართლის“ გარეშეც.
განვიხილოთ შემდეგი არგუმენტი, რომელიც ნათლად ცხადყოფს სამართლის ამ დებულების არარსებობას ინდოეთში. ნესტანი დარწმუნებული იყო, რომ იგი უნდა გამხდარიყო სუვერენი მეფე. მშობლები მას სამეფოდ ამზადებდნენ („რათგან ქალია ჩვენგანვე სამეფოდ სახელდებული“). მაგრამ როდესაც ხვარაზმელი უფლისწულის მოწვევას გაიგებს, იგი აღშფოთდება. მას ჰგონია, რომ ეს გამოიწვევს სპარსთა გაბატონებას ინდოეთში, სპარსთა მიერ „ინდოეთისა ჭამასა“. „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“, -- ამბობს იგი.
საკითხავია, თუკი უფლისწულის მოწვევა სახელმწიფო სამართლის მიხედვით ხდებოდა, რატომ გაუჩნდებოდა ნესტანს ასეთი ეჭვი? სამართლის მიხედვით ხომ ისიც ცნობილი იქნებოდა, რომ უცხო უფლისწულის მოწვევა ამ თვალსაზრისით საშიშარი არ უნდა ყოფილიყო. ნესტანის ეჭვი სპარსთა გაბატონების შესახებ იმას გვიჩვენებს, რომ უცხო უფლისწულის მოწვევა მისთვის მოულოდნელი იყო.
ი. სურგულაძე შეხედულებით, ნესტანი განზრახ შავად ხატავს მდგომარეობას, რათა სასიძოს მოკვლა გაამართლოს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნესტანი ამ შემთხვევაში შავი ფერებით ხატავს სურათს: თუკი ნესტანი სუვერენი იქნებოდა, ხვარაზმშას შვილის სიძეობა არ გამოიწვევდა უცხოელების ინდოეთში გაბატონებას, ისე, როგორც დავით სოსლანის მეფობას არ გამოუწვევია უცხოელების ბატონობა საქართველოში. კიდევ მეტი: ჩამოსიძებული მირიანი (IV საუკუნე, ასფაგურის ქალის ქმარი) თვითონ იყო სუვერენი, მაგრამ მის მეფობასაც არ გამოუწვევია სპარსელების გაბატონება. პირიქით: თვითონ მირიანი გაქართველდა“. (იქვე, გვ. 97).
დავუშვათ, ეს ასეა, მაგრამ საკითხავია, როგორ შეეძლო ნესტანს განზრახ შავად დაეხატა ყველასთვის ნათელი ამბავი, რომ უცხო უფლისწულის მიწვევა სამართლის მიხედვით არაფერს ცუდს არ გამოიწვევდა? და ამ არასწორი, ფაქტიურად თვალთმაქცური არგუმენტით გაემართლებინა დიდი დანაშაული?
„შავად დახატვა“ ნესტანს მხოლოდ მაშინ შეეძლო, თუ ხვარაზმშას შვილის მოწვევას სახელმწიფო სამართალი კი არ ედო საფუძვლად, არამედ მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი.
მაგრამ იქნებ ამით ნესტანმა სახელმწიფო სამართლის წინააღმდეგ გაილაშქრა, მისი გადასინჯვა მოითხოვა? ასეთი დაშვება შეუძლებელია, რადგან იგი და ტარიელი, პირიქით, ფარსადანს სდებენ ბრალს საერთოდ სამართლის დარღვევაში, ე. ი. საერთოდ სამართლის დამცველებად გამოდიან.
ნესტანის აზრით, ფარსადანის წინააღმდეგ მათი ამბოხება არის „ქმნა მართლისა სამართლისა“. ხოლო ტარიელი ფარსადანს სამართლის დარღვევას უსაყვედურებს:
მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა. (556, 3)
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია. (558, 1)
და ა. შ.
და ბოლოს, თუკი უცხო უფლისწულის მოწვევა სახელმწიფო სამართალს წარმოადგენდა, მაშინ საკითხავია, როგორ მოხდა, რომ იქ, სადაც ეს სამართალი დაირღვა, ე. ი. არაბეთში, ამ საქმეს თავმდაბალი მეფე წყვეტს სრულიად სუბიექტურად, ხოლო სადაც არ დარღვეულა, ე. ი. ინდოეთში, იქ ამ საკითხზე თათბირს მართავს ქედმაღალი მეფე?
ეს წინააღმდეგობა ადვილად მოიხსნება, თუ დავუშვებთ, რომ სამართალი არც ერთგან დარღვეულა და არც მეორეგან აღსრულებულა; რომ ასულისათვის საქმროს შერჩევა სამართალს საერთოდ არ განეკუთვნებოდა და ამ საკითხს თვით მშობლები წყვეტდნენ, რა თქმა უნდა, ძირითადად პოლიტიკური თვალსაზრისით. უფრო კი ისაა სავარაუდებელი, რომ თათბირი იმ შემთხვევაში იმართებოდა ძირითადად, როცა მეზობელი ქვეყნის სამეფო ოჯახთან დანათესავება უნდა გადაწყვეტილიყო (რაზეც მის პოლიტიკურ სარგებლიანობას განიხილავდნენ), მით უმეტეს მაშინ, როდესაც ზედსიძეს იწვევდნენ, რომელსაც არსებული სამეფო დინასტია უნდა გაეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში, ეს ასე მოხდა თამარის დაქორწინებისას საქართველოში, ხოლო პოემის მიხედვით – ნესტანისა ინდოეთში. თუმცა ამ ორივე შემთხვევაში თათბირი გამოწვეული იყო აუცილებლობით: საქართველოში იმით, რომ თამარს მშობლები ცოცხალი არ ჰყავდა, ხოლო ინდოეთში ფარსადანი ფარულ ბრძოლას აწარმოებდა ტარიელის წინააღმდეგ და ეს თათბირი ფაქტიურად მხოლოდ დიპლომატიური ფანდი იყო.
მართალია, ფარსადანი, პოემის მიხედვით, კეთილად არის განწყობილი ტარიელისადმი და ამიტომ თითქოს მოულოდნელია ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ იგი ფარულად ბრძოლას აწარმოებდა ტარიელის წინააღმდეგ, მაგრამ აქ საქმე ეხება ტახტის მემკვიდრეობის საკითხს, ეს კი ფეოდალურ საზოგადოებაში უდიდეს მტრობასა და სისხლისღვრას იწვევდა უფრო ახლობელ ადამიანთა – ძმათა და მამაშვილთა შორისაც კი. გავიხსენოთ თუნდაც დემეტრესა და მისი შვილის დავითის, გიორგი III-ისა და მისი ძმისშვილის დემნას მაგალითები.
ამგვარად, როგორც ინდოეთისა და არაბეთის სიტუაციების განხილვამ დაგვარწმუნა, რუსთველს არ ჰქონია ნაგულისხმევი ამ ქვეყნებში სახელმწიფო სამართლის ზემოთ განხილული დებულების არსებობა, რაც, უეჭველია, ქართული ყოფიერების ანარეკლს უნდა წარმოადგენდეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ, სახელმწიფო სამართლის თანახმად, ქართველ მეფეებს მეზობელი ქვეყნის მეფეთა ასულები უნდა შეერთოთ, ქართველ მეფეთა ასულები კი მეზობელი ქვეყნების უფლისწულებზე უნდა გათხოვილიყვნენ. „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარები უშვებენ, რომ ხვარაზმელი უფლისწულის მოწვევა ინდოეთში სამართლის ამ დებულების თანახმად მოხდა, ასეთი დაშვება კი, ცხადია, ინდოეთის სიტუაციის არასწორ გააზრებას იწვევს.
1973, 1992