воскресенье, 6 марта 2011 г.

აპოლოგია მუშტისა


                      
ადამიანებს შორის ცივილიზებულ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც არ შეეფერება უხეში ფიზიკური ძალის, მუშტის, იარაღის გამოყენება...
მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვა გზა არც არსებობს... სამწუხაროა, მაგრამ ასეა... 
გავიხსენოთ ერთი ინცინდენტი, რომელიც ტელეკომპანია `კავკასიის~ ღია ეთერში სულ ახლახან მოხდა ნაციონალების წარმომადგენელს გიორგი კანდელაკსა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს კოკა გუნცაძეს შორის დებატების მიმდინარეობისას. როდესაც ისინი შარშანდელ აგვისტოს ომს შეეხნენ, კოკა გუნცაძემ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ არაგონივრული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. კანდელაკმა უპასუხა, რომ ასე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ და ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს ახორციელებსო. (ეს ის დრო იყო, როცა ხელისუფლება ყოველნაირად, თუმცა უშედეგოდ, ცდილობდა, ოპოზიციისათვის ცილი დაეწამებინა, რომ თითქოსდა მათ რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებდნენ). ამის საპასუხოდ კოკა გუნცაძემ  კანდელაკს გაუქანა და ერთი ლაზათიანად თხლიშა... ღია ეთერი შეწყდა...
შემდეგ ზოგიერთები კოკა გუნცაძეს ამტყუნებდნენ, ასე არ უნდა მოქცეულიყოო.
აბა, როგორ უნდა მოქცეულიყო?
თავის მართლება დაეწყო, რუსეთის აგენტი არა ვარო?
თუ სასამართლოში ეჩივლა ცილისწამებისათვის? მაგრამ რომელ სასამართლოში, _ კანდელაკისა და მისი პარტიული ამხანაგების მონა-მორჩილ სასამართლოში?
თუ კანდელაკისათვის ის ემტკიცებინა, რაც თავად კანდელაკმა (და ტელემაყურებელმაც) ისედაც კარგად იცოდა?   
კოკა გუნცაძემ, მართალია, არაცივილიზებული, მაგრამ მოკლე, ადექვატური, ზუსტი, მრავლისმეტყველი პასუხი გასცა. სხვა გზით ამ ცილისწამებას იგი ადექვატურ პასუხს ვერ გასცემდა. ამის საშუალებას არ მისცემდა დღევანდელი რეალობა.
კიდევ ერთ ნიშანდობლივ შემთხვევას გავიხსენებ.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრი აღმავლობის პერიოდში, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ მოძრაობაში წარმოშობილ განხეთქილებაში განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის წინააღმდეგ ძალიან ხშირად გამოდიოდნენ ინსინუაციებითა და ცილისწამებებით. ეროვნულ მოძრაობაში ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრების დაუოკებელი მსურველი მერაბ კოსტავა ამ გამოხდომებს ძალზე მწვავედ განიცდიდა და ყოველნაირად ცდილობდა ამის აღკვეთას და მოგვარებას.
ცილისწამებებსა და თავდასხმებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები პასუხობდნენ საკუთარი არაფორმალური პრესის _ ჯერ ჟურნალ `ივერიის~, ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების გაზეთის საშუალებით, რასაც თითქმის არავითარი შედეგი არ მოჰქონდა, _ ძველებურად გრძელდებოდა ცილისწამებები და თავდასხმები, რაც, ცხადია, ეროვნულ მოძრაობას დიდ ზიანს აყენებდა.
საინტერესოა ის ფაქტი, მერაბ კოსტავა ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერებს რჩევას აძლევდა, გაზეთით კი არ ეპასუხათ ცილისმწამებელთათვის, არამედ დახვედროდნენ და ერთი მაგრად დაეჟეჟათ ისინი... თითქოსდა საოცარია, მაგრამ ასეთ რჩევას იძლეოდა მერაბ კოსტავა _ ეროვნული მოძრაობის ზნეობრივი სინდისი, უაღრესად მაღალზნეობრივი, რაინდული სულის მქონე პიროვნება, _ რადგან ხედავდა, რომ ცივილიზებულ მეთოდს _ სიტყვიერ პასუხს _ შედეგი არ მოჰქონდა.
ზურაბ ჭავჭავაძე ასეთ რჩევაზე მხოლოდ იცინოდა, ხოლო თამარ ჩხეიძე ხელებს ასავსავებდა და აღშფოთებული გაიძახოდა, _ რას ამბობ, მერაბ, ცემა როგორ შეიძლებაო. ერთი სიტყვით, მერაბ კოსტავას რჩევას არ იზიარებდნენ.
ერთხელ, 1989 წლის ივნისში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლები _ დაახლოებით 15 კაცი, მათ შორის მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ტარიელ ღვინიაშვილი და სხვები, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში წაგვიყვანა საზოგადოების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა, ადგილობრივი ორგანიზაციის დასაფუძნებლად და იქაურ საზოგადოებრიობასთან შესახვედრად.
სოფლის ცენტრში გამართული მიტინგის, ისტორიული ძეგლების მონახულებისა და ადგილობრივი განყოფილების დაფუძნების შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მიგვიწვიეს ბარაქიან კახურ პურმარილზე სოფლის განაპირას არსებულ ფანჩატურში, საიდანაც ალაზნის ულამაზესი ველი მოჩანდა...
დაახლოებით 4-5 სადღეგრძელო იქნებოდა შესმული, რომ მოულოდნელად ზურაბ ჭავჭავაძე ადგილიდან წამოფრინდა და მაგიდის ერთ-ერთ წევრს (სხვათა შორის, დაუპატიჟებლად, მოგვიანებით მოსულს) მუშტი უთავაზა. მაგიდა აირია. მერაბ კოსტავა ვერ მიხვდა ჩხუბის მიზეზს, ზურაბს საყვედურითაც შეუყვირა, მაგრამ მაინც აქტიურად შეუდგა გაშველებას. მალე ის პიროვნება, რომელსაც ზურაბი დაესხა თავს, იქაურობას გააშორეს და სუფრაც მალე დაშოშმინდა.
როგორც შემდეგ გამოირკვა, ის პიროვნება იყო ეროვნულ მოძრაობაზე დაბოღმილი ყოფილი საბჭოთა თანამდებობის პირი, რომელიც მიტინგის დროს იქედნურ, პროვოკაციულ რეპლიკებს ისროდა, ხოლო მაგიდაზე ასევე რამდენიმე უტაქტო რეპლიკით მიმართა ერთ-ერთ სტუმარს, რამაც მოთმინების ფიალა აუვსო ზურაბს.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად მერაბ კოსტავა ზურაბს ამტყუნებდა ჩხუბის ატეხვისათვის, მაგრამ შემდეგ, გზაში, როდესაც თანდათან ყველაფერში გაერკვა, აღტაცებით შესძახა: `გაუმარჯოს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამოღვიძებას!~ ამ ფრაზაში მან, რა თქმა უნდა, იგულისხმა ის, რომ აქამდე `მძინარე~ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ მის რჩევებს, ბოლოს და ბოლოს, დაუჯერა მუშტის გამოყენების შესახებ...
სხვათა შორის, ზურაბის მოქმედება იმდენად სამართლიანი და ვაჟკაცური იყო და ისე ასიამოვნა ყველა იქ დამსწრე, რომ ჩვენმა მასპინძელმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ჩხუბის აღსანიშნავად ყოველწლიურად ამავე დღეს და ამავე შემადგენლობით ჩავეყვანეთ ვაჩნაძიანში (სამწუხაროდ, უკვე ზურაბისა და მერაბის გარეშე), რასაც, სანამ ეს შესაძლებელი იყო, ასრულებდა კიდეც...
მაგრამ ისევ ჩვენს დღევანდელობას დავუბრუნდეთ.
ოპოზიციური მოძრაობის განსაკუთრებული აღმავლობა 2007 წლის შემოდგომაზე დაიწყო. როგორც ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები თავიდანვე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდნენ, ეს მოძრაობა უაღრესად მშვიდობიანი იქნებოდა და ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა, ერთი მინაც არ ჩაიმსხვრეოდა. ეს მართლაც ასე ხდებოდა მთელი ორი წლის განმავლობაში.
მაგრამ შედეგად რა მიიღო ოპოზიციამ, მიუხედავად მიტინგების მრავალრიცხოვნებისა? არაფერი! ფაქტობრივად, არაფერი! თუ მხედველობაში არ მივიღებთ არაპირდაპირ შედეგებს _ ხელისუფლების ზოგიერთ უკანდახევას ოპოზიციური მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერების შიშით.
2007 წლის 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, იგრძნო რა ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება, ძალოვან სტრუქტურებს დაარბევინა ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ტელეკომპანია `იმედიც~ კი, რამაც მსოფლიოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ამან ხელისუფლებას `ჭკუა ასწავლა~ და 2009 წლის საპროტესტო მიტინგები აშკარად და მსოფლიოს დასანახავად კი აღარ დაარბია, არამედ შეფარულად, შენიღბულად, პარტიზანულად, აქაოდა, ჩვენ არაფერს ვერჩით საპროტესტო მიტინგებს, ეს დარბევა კი არა, რაღაც ინცინდენტები არისო. თუმცა ამ `ინცინდენტებში~ დაზარალებულები და დასჯილები მხოლოდ აქციის მონაწილეები რჩებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ახალ, მზაკვრულ ტაქტიკას წარმოადგენდა ოპოზიციის წინააღმდეგ, თუმცა ამ ტაქტიკის არსი აბსოლუტურად იგივე იყო, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს.
ხელისუფლების ამ ახალი, მზაკვრული ტაქტიკის წყალობით უამრავი ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების რიგებიდან, თუმცა მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, კანონის ფარგლებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გარდა. (ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ აქციაში მონაწილეებს მართლაც დაერღვიათ კანონები, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები სჩადიოდნენ და დღესაც სჩადიან!).
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ პოლიტპატიმართა განთავისუფლებისთვისაც ცივილიზებულ მეთოდებს მიმართავდნენ _ სასამართლოებს, გასაჩივრებებს, აგრეთვე მოლაპარაკებებს (ე.წ. `დიალოგებს~!) სააკაშვილთან, მერაბიშვილთან... ხვდებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს (ამ უკანასკნელთა მიერ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით)...
შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნულის ტოლი აღმოჩნდა!
ახლა ამის გათვალისწინებით გავიხსენოთ 2009 წლის 6 მაისი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოწყობილი `სირცხვილის დერეფნის~ გამო განაწყენებული და გააფთრებული ჟურნალისტის ნიკა ავალიანის ცემისათვის დაკავებული სამი ახალგაზრდა ოპოზიციონერის განთავისუფლების მოთხოვნით `უცნობმა~ _ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგზე შეკრებილი ხალხი ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან წაიყვანა, თვითონ კი ცარიელი ხელებით სამმართველოს ღობეზე გადაძვრა და სამმართველოს ეზო ერთი ფარატინა ქაღალდის ფრიალით `დაარბია~. ამას პოლიციელების მხრიდან `უცნობის~ დაუზოგავი ცემა და `მიშა, მიშას~ ძახილით ხალხისათვის პლასტიკური და რეზინის ტყვიების დაშენა მოჰყვა, რის შედეგადაც ბევრი პროტესტანტი დასისხლიანდა, ხოლო ორმა ახალგაზრდა ადამიანმა უმძიმესი ტრამვა მიიღო _ ცალი თვალი დაჰკარგა (თუნდაც მხოლოდ ამის გამოა აუცილებელი  სროლის ბრძანების გამცემი პირების უმკაცრესად დასჯა, თუმცა ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთოდ არ დასჯილან).
მაგრამ, რაც მთავარია და რაც ძალიან საგულისხმოა, ამ აქციამ მიზანს მიაღწია: სამივე დაკავებული მეორე დღესვე გაათავისუფლეს!
სხვა ოპოზიციონერი დაკავებულები კი დღესაც ციხეში სხედან, მიუხედავად ათასგვარი საჩივრებისა და მოლაპარაკებებისა... და ეს მაშინ, როდესაც გულუხვად იწყალებენ მართლაც კრიმინალებს და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს...
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე აქედან?
ის, რომ ჩვენი დღევანდელი  ხელისუფლება არავითარ ანგარიშს არ უწევს მშვიდობიან პროტესტებს, მაგრამ დიდ ანგარიშს უწევს ოპოზიციის მხრიდან ძალის გამოყენებას. ამიტომაც იყო, რომ სრულიად უშედეგო აღმოჩნდა 200-250 ათასიანი მშვიდობიანი მიტინგები, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის `თავდასხმა~ თბილისის პოლიციის სამმართველოზე. ფაქტია, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის, გარდა ძალადობის, `მუშტის~ ენისა.
როგორც ჩანს, არაცივილიზებული, არაკანონიერი მეთოდებით მოქმედ ხელისუფლებასთან მხოლოდ `მუშტის~ პოლიტიკით დაპირისპირება თუ მოიტანს  შედეგს!
ამას განაპირობებს ის, რომ, როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, როცა ქვეყანაში კანონებს თავად ხელისუფლება თელავს ფეხქვეშ, როცა ყოველივე ამაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობა სხვადასხვა მიზეზის გამო ან ძალიან მორიდებულად, ან სრულიად არ რეაგირებს, _ მაშინ სხვა გამოსავალი მართლაც არ არსებობს `მუშტის~ პოლიტიკის გამოყენების გარდა.
ვფიქრობ, ეს უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა ოპოზიციამ და ან უნდა შეწყვიტოს თავის მოწონება _ ჩვენ მხოლოდ კანონიერების ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენს საპროტესტო მიტინგებზე ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა და ერთი მინაც არ ჩამსხვრეულაო, ან თავი უნდა დაანებოს საპროტესტო მიტინგებს და დასჯერდეს გულის მოსაოხებელ, მაგრამ სრულიად უშედეგო დებატებს ხელისუფლებასთან, რაც კიდევ დიდხანს გააგრძელებს ქვეყნის სავალალო მდგომარეობას არსებული ხელისუფლების ხელში...
მაგრამ მოვლენები შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარდეს.
დღევანდელი ოპოზიცია თავისი ინტელიგენტური, ცივილიზებული, `მუშტის~ უარმყოფელი პოლიტიკით, ალბათ, ვერაფერს მიაღწევს, ამიტომ ხალხის ნდობას დაკარგავს და აქტიურობას შეწყვეტს. მაგრამ ხალხში ხომ პროტესტის უზარმაზარი მუხტი რჩება! ეს მუხტი, შესაძლოა, გამოიყენოს ვინმე ახლადგამოჩეკილმა ავანტიურისტმა, რომელიც `ფოთოლსაც ჩამოაგდებს~ და `მინებსაც ჩაამსხვრევს~, სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს და საქართველოს მოევლინება `მეორე მიშად~, ან უფრო უარეს დესპოტად...
ამ შემთხვევაში მიშას ხელისუფლებასაც და მთელ საქართველოსაც ნამდვილად სანატრელი გაუხდება დღევანდელი მშვიდობიანი ოპოზიცია, რომლის რიგებში რიგით `ჯარისკაცებად~ დგანან ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, გოგი ქავთარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვანი და სხვანი _ ჩვენი სასახელო მამულიშვილები!.. 
ასე რომ, ეს წერილი არის ხელისუფლების გაფრთხილება: შესაძლო უფრო დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად ის ვალდებულია, ნორმალურად, ცივილიზებულად, სამართლიანად მოექცეს  დღევანდელ მშვიდობიან ოპოზიციას. ისტორიიდან უამრავი მაგალითია ცნობილი, რომ როდესაც ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება არაფერს თმობს, ის ადრე თუ გვიან ყველაფერს კარგავს.
ჩვენ კი, ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ სულკურთხეული მერაბ კოსტავა უაღრესად მაღალზნეობრივი, სამართლიანი, ჭეშმარიტად რაინდული ბუნების მქონე ეროვნული მოღვაწე გახლდათ, რომელიც `მუშტის~ აპოლოგეტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა მისი მნიშვნელობა, თუკი სამართლის მისაღწევად ცივილიზებული მეთოდები აღარ სჭრიდა...
                                                    ანზორ აბჟანდაძე
                                                                                            
                                                         23.09.2009
    
პ.ს. ამ ბოლო დღეებში ოპოზიციამ დაიწყო ლაპარაკი ხელისუფლების წინააღმდეგ `კომბლების~ გამოყენების შესახებ.
მერაბ კოსტავას სიტყვებს რომ დავესესხოთ _ ოპოზიცია, როგორც ჩანს,  `იღვიძებს~.
თუმცა დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის კომისიის ახლახან გამოქვეყნებულმა დასკვნამ, შესაძლოა, ამის გარეშეც მოიტანოს სასურველი შედეგები...                                                                                                                              
                                                                                       7.10.2009

Комментариев нет:

Отправить комментарий