“ვარდების რევოლუციას” პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად შეხვდა, გაცილებით დიდი ნაწილი კი _ იმედითა და სასოებით. დღეს ფაქტია, რომ ამ უკანასკნელებს დიდი იმედგაცრუება ხვდათ წილად. “ვარდების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისათვის. ხოლო ისინი, რომლებიც თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი “ვარდების” ხელისუფლების მიმართ, დღეს ამაყად და ნიშნის მოგებით აცხადებენ: აი, ხომ გეუბნებოდითო!.. ქვეტექსტი ნათელია: მაშინ არ დაგვიჯერეთ, აწი მაინც დაგვიჯერეთო...
აქ საქმე რომ ეხებოდეს, ერთის მხრივ, პოლიტიკურ ელიტას, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავ ადამიანებს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მაგრამ ორივე ზემოთხსენებულ პოზიციაზე მდგომთა შორის იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკაში საერთოდ გაუცნობიერებელნი, არამედ პოლიტიკაში ღრმად ჩახედულებიც კი!
მაშ, რაშია საქმე? ვინ რა შეცდომა დაუშვა პოლიტიკურ პროგნოზებში, ანალიზებში, თეორიულ და პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში?
ამის გასარკვევად, მოდით, ჯერ ელემენტარული ჭეშმარიტებები გავიხსენოთ.
პოლიტიკურ ცხოვრებას საერთოდ, ხოლო კერძოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთდამოკიდებულებას, გარკვეული კანონზომიერებები ახასიათებს, რომელთა საფუძველზე შეიძლება აიხსნას ბევრი ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით გაუგებარი ჩანს.
ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფაქტორებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ხელისუფლების ფაქტორი, საერთოდ, ცხადია, უდიდესია, რამდენადაც იგი ძალაუფლების ძირითად ბერკეტებს ფლობს. მაგრამ სწორედ ამის გამო იგი ყოველთვის დგება ცდუნების წინაშე, ბოროტად გამოიყენოს ეს ბერკეტები, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესაძლებლობა კი ყოველთვის აქვს, თუკი არ არსებობს მისი შემზღუდველი, შემაჩერებელი ძალები. (ამ თვალსაზრისით კარგი კანონები საკმარისი არაა, რადგან ცუდ ხელისუფლებას მათი დარღვევაც შეუძლია). აქვე უნდა გავიხსენოთ საყოველთაოდ აღიარებული ცნობილი გამონათქვამი, რომ ძალაუფლება ხელისუფალს რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. (ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნებას უძლებს, იშვიათი გამონაკლისია, ამიტომ ქვემოთ არა ასეთ გამონაკლისებზე, არამედ “ჩვეულებრივ” ხელისუფლებაზე ვილაპარაკებთ).
ამის გათვალისწინებით, კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების კონკურენტი ძალის, ოპოზიციის ლეგალური დამკვიდრება, მისი როლის აღიარება ქვეყნის წინსვლის საქმეში, ოპოზიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების მინიჭება, მათ შორის იმის უფლებისა, რომ მან არჩევნების გზით (იგულისხმება სამართლიანი არჩევნები), მშვიდობიანად Ыშეძლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს უფლებები წარმოადგენს იმ ბერკეტებს ოპოზიციის ხელში, რომლითაც იგი აიძულებს ხელისუფლებას, სწორად მართოს ქვეყანა, ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება, არ დაარღვიოს კანონები და ა.შ., წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამხილოს იგი და მოსახლეობა მისი შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს. (თავისთავად იგულისხმება, რომ ოპოზიციას თავისი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ალტერნატიული პროგრამა უნდა ჰქონდეს). ოპოზიცია მით უფრო კარგად ასრულებს თავის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რაც უფრო სამართლიანი, ძლიერი და კონკურენტუნარიანია იგი. სწორედ ასეთ ოპოზიციას უწევს ანგარიშს ხელისუფლება და არჩევნებში დამარცხების თავიდან ასაცილებლად ცდილობს, ოპოზიციას არ მისცეს კრიტიკის საბაბი. ეს კი, ცხადია, ქვეყნისთვისაა სასარგებლო.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციონერებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და მისია.
რადგან ხელისუფლებაში მშვიდობიანი მოსვლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს, უფრო სწორად, არჩევნების უფლების მქონე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აუცილებელია გავიაზროთ ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის დონე, მისი განწყობილება, მისი შეხედულებები და მისწრაფებები, და, აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება (ნდობის თვალსაზრისით) ხელისუფლებასთან და მის კონკურენტ ოპოზიციურ ძალებთან. თუ რამდენად არის მდგომარეობა ნორმალური ამ თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებული რეალობის გათვალისწინება, ცხადია, აუცილებელია, რათა ნაკლებად იქნას დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომები პოლიტიკური ელიტის მხრიდან.
ჩვენისთანა მცირე პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყნისათვის (დღევანდელი მდგომარეობით) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გავლენიანი დიდი სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი, კერძოდ მათ მორალურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას არსებული ხელისუფლებისადმი მისი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ან ოპოზიციისადმი, მისი ხელისუფლებაში მოსვლაში დახმარების მიზნით. ცხადია, ეს ქვეყნის დალხინებული ყოფის მაჩვენებელი არ არის, მით უფრო, თუ ეს მხარდაჭერა ფინანსურადაც გამოიხატება, მაგრამ ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. (თუმცა ისიც უნდა ითქვას, გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური ელიტისაც და მოსახლეობისაც ეს დასაშვებად მიაჩნია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას).
ახლა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განვიხილოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება “ვარდების რევოლუციიდან” დღემდე, კერძოდ, როგორ მოხდა, რომ გამართლდა თავიდანვე გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება “ვარდების” ხელისუფლებისადმი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილისა (მათ შორის იმათიც კი, რომლებიც პოლიტიკაში ძალიან ცუდად ერკვეოდნენ, _ ასეთებიც ხომ იყვნენ “უარმყოფლებში”!), ხოლო არ გამართლდა “ვარდებისადმი” დადებითად განწყობილთა პოზიცია, მათ შორის პოლიტიკაში ღრმად ჩახედული პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაზე.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამის ახსნა შესაძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების, ოპოზიციის, მოსახლეობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვმსჯელობდით.
“ვარდების რევოლუციას” წინ უძღოდა მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, რაც, სხვადასხვა მანიპულაციების წყალობით, კარგად გამოიყენა ეგრეთ წოდებულმა ქარიზმატულმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გარე ძალების მხარდაჭერით. შევარდნაძის მიმართ უარყოფითი მუხტი ისე ძლიერი იყო (ამის მიზეზებზე მსჯელობა ამ შემთხვევაში საჭირო არაა), მოსახლეობა უკვე ვეღარ ითმენდა მის ხელისუფლებას, მით უფრო, რომ მისი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა ისახებოდა.
ამიტომ შევარდნაძის დროზე ადრე მშვიდობიან გადადგომას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი (მით უფრო, რომ ხელისუფლების დროზე ადრე შეცვლის პრეცედენტი უკვე არსებობდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, თანაც გაცილებით ტრაგიკული და სისხლიანი, და ამდენად ყოვლად მიუღებელი, ვიდრე მშვიდობიანი გადადგომა).
ძალიან საყურადღებოა, რომ “ვარდების რევოლუციას” მხარი დაუჭირა არა მხოლოდ ამ რევოლუციის საზღვარგარეთელმა ხელშემწყობებმა, არამედ თითქმის მთელმა მსოფლიომ.
ახლა ვნახოთ, როგორი იყო პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება “ვარდების” ხელისუფლებისადმი.
“მოქალაქეთა კავშირი” საერთოდ გაქრა პოლიტიკური სცენიდან.
რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს, მათგან ერთი _ ახალ პარლამენტში მოხვედრილი “მემარჯვენეები” არსებული ხელისუფლების ძალადობრივი, თუნდაც მშვიდობიანი შეცვლის კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე და ამის გამო მძაფრად აკრიტიკებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.
მეორე _ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ლეიბორისტული პარტია თავად მოითხოვდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას, ოღონდ თავის სასარგებლოდ და არა სააკაშვილისა და მის თანაგუნდელთა სასარგებლოდ, რომლებიც, ლეიბორისტების საკმაოდ სამართლიანი თქმით, იგივე მოქალაქეთა კავშირელები, შევარდნაძის გამოზრდილები იყვნენ.
დანარჩენი წვრილი პარტიები სურათს, ფაქტობრივად, არ ცვლიდა.
ფაქტია, რომ სააკაშვილის ოპოზიცია გაცილებით სუსტი იყო სააკაშვილის მომხრე ძალებთან (მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, საერთაშორისო მხარდაჭერა) შედარებით. ძალთა ეს დისბალანსი ძალიან უმნიშვნელოდ შეცვალა ოპოზიციის მხარეზე სააკაშვილის მომხრეთა ერთი ნაწილის გადასვლამ.
ძალთა ამ დისბალანსის გამო, ვეღარ გრძნობდა რა სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენციას ოპოზიციის მხრიდან, გაჩნდა სრულიად კანონზომიერი საფრთხე, ხელისუფლება დამდგარიყო ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე (მით უფრო, რომ შევარდნაძის დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საკმაო გამოცდილება ჰქონდათ; “ვარდების რევოლუციაც”, ფაქტობრივად, არაკონსტიტუციური აქტი იყო).
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ოპოზიციის გაძლიერება, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
მაგრამ მოხდა პირიქით: ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ზემოთხსენებული საფრთხე.
რამ გამოიწვია ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება?
საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი. ოპოზიციამ სწორედ ეს ნდობა დაკარგა თანდათანობით (გარკვეულ დრომდე), ოპოზიციის ხშირად არასამართლიანი და არაობიექტური, ზოგჯერ კი სამართლიანი და ობიექტური, მაგრამ მოსახლეობისათვის გაუგებარი (ან ძნელად გასაგები) პოზიციის გამო.
დავუკვირდეთ, რა ხდებოდა “ვარდების” ხელისუფლების პირველ ხანებში და როგორ აღიქვამდა მას მოსახლეობა და ოპოზიცია.
სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას გრძნობდა თითქმის მთელი მოსახლეობისა და თითქმის მთელი მსოფლიოსაგან, მოკლე დროში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით): შეიცვალა აჭარის ხელისუფლება; გაძლიერდა ბიუჯეტის შევსება, რამაც მოაწესრიგა ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემისა და გაზრდის პრობლემა (შევარდნაძის დროს წლობით და თვეობით რომ გვიანდებოდა); მოწესრიგდა დენის პრობლემა, რომლის გამოც მოსახლეობა წლობით იყო გაწამებული; მკვეთრად გაუმჯობესდა ჯარის მდგომარეობა (შევარდნაძის დროს მცირეხელფასიანი ოფიცრობა, გამოუკვებავი, ჩაუცმელი, არადისციპლინირებული ჯარი); გაუქმდა საგზაო პოლიცია, რომელიც ასევე აწამებდა მოსახლეობას, და სხვა, და სხვა.
ამის პარალელურად ხდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები ხელისუფლების მხრიდან: არადემოკრატიული ცვლილებები კონსტიტუციაში; კანონების არად ჩაგდება კრიმინალების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; მეტწილად არასწორი რეფორმები მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში და სხვა; განსხვავებული აზრის იგნორირება პარლამენტშიც კი და ა.შ., საერთოდ, არადემოკრატიული ტენდენციები...
ამ უარყოფით ტენდენციებს, რომლებზეც ძალიან მწვავედ და სრულიად სამართლიანად რეაგირებდა ოპოზიცია, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ყურადღებას არ აქცევდა (ან ნაკლებ ყურადღებას აქცევდა) მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სოციალური პრობლემების მოგვარება, საერთოდ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუციაზე და სხვა პოლიტიკურ “მაღალ მატერიებზე” ფიქრი.
რას ისმენდა ამ დროს მოსახლეობა ოპოზიციისაგან?
ისმენდა “ვარდების” ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებს, რომელიც, ვიმეორებ, ძალიან სამართლიანი იყო ხელისუფლების მიერ კანონდარღვევების საკითხში, მაგრამ იმდენადვე ძალიან უსამართლო _ ხელისუფლების მიღწევების საკითხში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკური “მაღალი მატერიების” შესახებ ფიქრისაგან შორს არის, ხოლო რამდენადაც ხელისუფლების მიღწევებით სოციალურ საკითხებში ძალიანაც კმაყოფილი იყო, ამიტომ იგი ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ კრიტიკას ასევე მკვეთრად უარყოფითად უყურებდა და ოპოზიციას აღიქვამდა, როგორც უსამართლოს, უმადურს, დაუნახავს, ინტრიგანს, მხოლოდ სკამებისათვის მებრძოლს და ა.შ.
ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა ისიც, რომ, როდესაც რომელიმე ოპოზიციონერს ჩაეკითხებოდნენ, ნუთუ ვერაფერს ხედავ პოზიტიურს ხელისუფლების საქმიანობაშიო, იგი, როგორც წესი, პასუხობდა, _ როგორ არა, ვხედავ. მაგალითად, შადრევნები გააკეთეს, სახლები შეღებეს... ეს, ცხადია, იყო ხელისუფლების გარკვეული მიღწევების არაობიექტური, ცინიკური შეფასება. (საერთოდ, ქართული ოპოზიცია ტრადიციულად ასეთია _ უკიდურესობაში გადავარდნილი; ჩვენებური ოპოზიციისათვის დიდ სირცხვილად ითვლება ხელისუფლებაზე რაიმე დადებითის თქმა, თუნდაც ეს დადებითი ძალიან რეალური და აშკარა იყოს).
მოსახლეობა იმასაც ხედავდა, რომ “ვარდების” ხელისუფლებას თითქმის მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს (რასაც, თავის მიღწევებთან ერთად, ხელისუფლება ოსტატურად აპიარებდა).
ყოველივე ამის გათვალიწინებით, სრულიად არაა საკვირველი, რომ ოპოზიციამ სახელი გაიტეხა მოსახლეობაში და ნდობა დაკარგა, ამან კი მისი კიდევ უფრო მეტი დასუსტება გამოიწვია. (გავიხსენოთ, ოპოზიციის სიძლიერეს დიდწილად მოსახლეობის ნდობა განაპირობებს).
ერთი სიტყვით, ოპოზიცია თავისივე არაობიექტურობამ დაასუსტა.
რამდენადაც სუსტი ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბერკეტების უკანონო გამოყენების შეჩერებას ვერ ახერხებს, სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების ნეგატიური ტენდენციებიც კიდევ უფრო გაძლიერდა. “ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ”, _ ამაყად და ქედმაღლურად აცხადებდნენ ისინი და ამას პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ.
ოპოზიციის დასუსტებით დაიმედებული თავგასული ხელისუფლება ახლა კონსტიტუციის ხელყოფას და სხვა პოლიტიკური “მაღალი მატერიების” სფეროს აღარ დასჯერდა და სოციალურ სფეროშიც უშიშრად და არხეინად დაიწყო მოსახლეობის შევიწროება: კერძო საკუთრების მასობრივი ხელყოფა; გარემოვაჭრეების დარბევა; ლტოლვილების ბარბაროსული გამოყრა წინა ხელისუფლების მიერ მათთვის გადაცემული შენობებიდან და მათი უსახლკაროდ დატოვება; სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაუქმება; მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრობის ღირებულების გაორმაგება; სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა დაწესებულებებისათვის მათი კუთვნილი შენობების წართმევა და სხვა და სხვა. ხელისუფლების თავგასულობამ პიკს 2007 წლის მეორე ნახევარში მიაღწია.
სრულიად ნათელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების პროგრესირებაში ოპოზიციის არაობიექტურობას (ანუ არაობიექტურობის მიზეზით დასუსტებას) მაპროვოცირებელი “ღვაწლი” მიუძღვის.
მაგრამ ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, უკუპროცესი დაიწყო: მოსახლეობის უკმაყოფილების მკვეთრი ზრდის გამო თითქმის ერთმანეთს დაემთხვა მოსახლეობისა და ოპოზიციის აზრი ხელისუფლების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში ოპოზიციისადმი ნდობის აღდგენა და კიდევ უფრო გაზრდა.
უკმაყოფილების აფეთქებაში 2007 წლის შემოდგომაზე ნაპერწკლის როლი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურმა განცხადებებმა ითამაშა.
დაიწყო ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო მიტინგები.
ხალხის მხარდაჭერასა და სუსტ ოპოზიციას შეჩვეული ხელისუფლება ძალიან დააბნია განრისხებული ხალხისა და გაძლიერებული ოპოზიციის ხილვამ. ამ დაბნეულობის ლოგიკური გამოვლინება იყო 7 ნოემბერი, რომლის შემდეგ საერთაშორისო აღშფოთებამ ცივი წყალი გადაასხა მსოფლიო მხარდაჭერით განებივრებულ ხელისუფლებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, გაძლიერებულ ოპოზიციას ხელისუფლებამ უკვე ანგარიში გაუწია და ბევრ მნიშვნელოვან საკითხში დაიხია უკან, სააკაშვილის პირიდან კი სულ “თაფლმა და შაქარმა” დაიწყო დენა.
აქედანაც კარგად ჩანს, რომ ცუდი გზით მავალი ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას, ძლიერ შემაკავებელ ძალებს შეუძლია.
ამასვე ადასტურებს შემდგომი მოვლენებიც.
5 იანვარს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც არნახული დარღვევების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილი. ხალხი აღშფოთდა, იყო უზარმაზარი საპროტესტო მიტინგები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არჩევნების შედეგებს გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით მხარი დაუჭირა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აშშ-მ (თუმცა იყო მძაფრი კრიტიკაც და ისეთი შენიშვნებიც კი, რომლის გათვალისწინება სრულიად საპირისპიროდ შეცვლიდა არჩევნების შედეგებს). ოპოზიციამ ვერც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება აიძულა ხელისუფლებას, ვერც ხმების გადათვლა, ვერც საარჩევნო კოდექსის შეცვლა... ერთადერთი რამ, რაც მოახერხა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა, თანაც არც ისე წარმატებით.
მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ოპოზიციამ არასწორად იბრძოლა, ამდენად მისადმი ნდობა ისევ შემცირდა (ამას ოპოზიციის დაქსაქსვამაც ძალიან შეუწყო ხელი), არსებულმა ხელისუფლებამ კი ისევ შეინარჩუნა საერთაშორისო მხარდაჭერა, თუმცა საკმაოდ შემცირებული და კრიტიკული.
თითქმის იგივე განმეორდა 21 მაისს საპარლემენტო არჩევნებზეც.
ხელისუფლებამ დაინახა, რომ კანონების დარღვევა კვლავ შერჩა, ხოლო ოპოზიცია ისევ დასუსტდა. მას იმედი გაუჩნდა, რომ ძველებურად არხეინად და უშიშრად შეეძლო ჩვეული დანაშაულებრივი მოღვაწეობის გაგრძელება.
ამის კანონზომიერი, ლოგიკური შედეგი იყო 7 აგვისტო...
დღეს ყველაფრიდან ჩანს, რომ ისევ მოსალოდნელია ოპოზიციისადმი მოსახლეობის ნდობის გაზრდა, მით უფრო, რომ ოპოზიციაში ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალები გადავიდა.
ღმერთმა ჰქნას, ამჯერად მაინც დამთავრდეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება...
მაგრამ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან?
რამდენადაც ხელისუფლება მეტწილად მიდრეკილია ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენებისაკენ;
რამდენადაც ხელისუფლების ეს მიდრეკილება უნდა გაანეიტრალოს, ხოლო ამის ყოველი გამოვლინება უნდა აღკვეთოს ძლიერმა ოპოზიციამ;
რამდენადაც ოპოზიციის სიძლიერეს განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ მოსახლეობის მხარდაჭერაც;
რამდენადაც ოპოზიციისადმი მოსახლეობის მხარდაჭერას განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ სიმართლე, ობიექტურობა (განსაკუთრებით მისი კონკურენტი ხელისუფლების მიმართ!); პატიოსნება და გამჭრიახობა პოლიტიკურ ბრძოლებში; აგრეთვე არსებული რეალობის (თუნდაც მოსახლეობის განწყობილების) სწორი გათვალისწინება;
რამდენადაც ოპოზიციას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, თავისი უდიდესი მისია პოლიტიკურ ცხოვრებაში _
ამდენად სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობამ ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა...
მკითხველი უთუოდ შენიშნავს, რომ ამ წერილში მთავარი აქცენტები ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე კეთდებოდა (რის გამოც ბოდიშს ვუხდი ღრმათა-ღრმა ანალიზების მოყვარულებს).
მაგრამ ქვეყნისათვის გაცილებით ჯობდა, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს გუშინ მივყოლოდით, ვიდრე დღეს “ხომ გეუბნებოდით” გვეთქვა.
“ხომ გეუბნებოდით” წამხდარ საქმეს ვეღარ შველის...
ანზორ აბჟანდაძე
დეკემბერი, 2008
Комментариев нет:
Отправить комментарий