вторник, 28 ноября 2017 г.

ჩემი რჩეული (ნაწილი მესამე)

მამიდა

არა, მძიმე ბავშვობის გახსენებაც არ მინდა,
მაგრამ... რადგან თვით უკუნს სულ პატარა სხივიც შლის,
მე ვიგონებ ჩემს გამზრდელს, ჩემს საყვარელ მამიდას.
(რობაქიძის - გრიგოლის მკვიდრ მამიდაშვილისშვილს).

წლები იყო სასტიკი, ცხოვრება - უმძიმესი,
მაგრამ მაინც - მამიდას მზრუნველობით გამთბარი:
ჭადი გაფიცხებული, დაწობილი მარილზე,
და ძილის წინ - ლამაზიტოტ-იაშოს“ ზღაპარი...

არ უვლია სკოლაში, - პირობები არ ჰქონდა, -
წერა-კითხვას ძლივს ფლობდა, კეთილი და ალალი,
ბავშვებს გვეფერებოდა... ნაღვლიანად ამბობდა:
ჩემისთანა საწყალი ხეში მატლი არ არი...“

ჩუმი სევდით სტანჯავდა უიღბლობაც თავისი, -
ავ ხალხს გამოჰქცეოდა - ქმარს და აშარ დედამთილს...
და ცხოვრობდა ისევ აქ, მამისეულ კერაზე,
და გვივლიდა ძმისშვილებს დილით-დაღამებამდის.

მერე ხელი სხვამ თხოვა, (უკვე - კარგმა ბიძიამ!), -
ქვრივი იყო, სამოცის, შვილიშვილთა პატრონი...
წაიყვანა მამიდა და მიჰგვარა მისიანთ,
მერე ცალკე დასახლდნენ და ცხოვრობდნენ მარტონი.

ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, სტუმრები უხაროდათ,
მეც ვსტუმრობდი, ვლხინობდით მე და მისი ქმარიკო...
ჩემი კარგი მამიდა იქ სუყველას უყვარდა, -
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.

ჰკრეფდნენ ყურძენს, უვლიდნენ ძროხებს, წიწილ-ვარიებს...
კარგი იყო მამიდა - დედის, ბებოს ნაცვალიც...
რაც კი ჰქონდათ, გასცემდნენ, მოჰმადლოდათ ორივეს
სიკეთის ქმნა - ამქვეყნად ულეველი საგძალი.

ასე განვლეს ცხოვრების ოცდაათი მათ წელი...
მერე ქმარმა დასტოვა, - სული ზეცამ წარიღო...
მერე წაჰყვა მამიდაც, სიყვარულით მოცული...
იმისთანა საწყალი ხეში მატლიც არ იყო.





ქართველ ემიგრანტებს

ჰო, თქვენ მანდ ხართ, მანდ ცხოვრობთ, -  
                                                  აწყობილ სამყაროში,
მანდ ქალაქიც კარგია და სოფლის იდილიაც...
აქ - ყველაფერს ჰყიდიან! იყიდება ნამუსიც...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

მანდ წყნარია ხმაურიც, მანდ ხიბლი აქვს ქაოსსაც...
აქ - ჩონგურის სიმებიც უღმერთოდ აშლილია...
აქ - აღარ კითხულობენ ღვთიურვეფხისტყაოსანს“...
თუ - მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია?

ალბათ ხშირად დამტკბარხართ წარმატებით, დიდებით...
ალბათ ასეც მომხდარა, - უგზო-უკვლოდ გივლიათ...
ალბათ ზოგჯერ ფანჯრის წინ უნებურად რინდდებით...
ჰო... მანდედან მამულის მწარე კვამლიც ტკბილია.





ვზივართ, ფანჯარაში ვიყურებით, -
თეთრით იმოსება სამყარო;
იქნებ ზენაარი გვეფერება
და სურს, სისპეტაკით დაგვფაროს? 

თითქოს ყველაფერი ცამ განბანა...
ვზივართ ფანჯარასთან, ვსაუბრობთ...
რა მშვენიერია ეს ქვეყანა!
როგორ ამახინჯებს საწუთრო!










       თუ გახსოვს შენ
          
                                     ჩვენი მეგობრის,
                                    რუსლან ღონღაძის ხსოვნას

თუ გახსოვს შენ - თეთრი ვარდების ბაღი“? -
რუსლანის სიმღერა - სევდიანი და ლაღი?

თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, - ამაყი, ახოვანი?
მომლხენი, მოყვარული, უზადო იერ-სახოვანი?

თუ გახსოვს შენ, - რუსლანი, მუდამ იმედით მაცქერალი?
ერთგული ერისშვილი, რეჟისორი და მწერალი?

თუ გახსოვს შენ, - მისი გიორგი, უსაყვარლესი პირმშო ვაჟი?
სიმართლისათვის  თავგანწირული
                                             გმირად შერაცხული უკრაინაში?

მისი სიკვდილის არ მომსწრები,  
                                            რუსლანიც უდროოდ წასული?
მისი ლამაზი ცხოვრების მოულოდნელი დასასრული?

თუ გახსოვს შენ, - მის საფლავთან მდგარი მწუხარე ხალხი?
თუ გახსოვს შენ,  რუსლანის სიმღერა
                                             „თეთრი ვარდების ბაღი“?

თეთრი ვარდების ბაღი, სად სიყვარულის დიოდა დღენი“?
თუ გახსოვს შენ, რუსლანი - კაი ყმა,  რუსლანი - ჩვენი?



ასტეროიდი მოდისო, თქვეს,
დგებაო აღსასრულის ჟამი...
გაქრება ადამიანიო, თქვეს...
გაქრება „ვეფხისტყაოსანი”...

თქვეს, - ასტეროიდიო გაგვსრესს,
თქვეს, ახლოს  არისო ჟამი...
იმდენი ცოდვები გვაძევს,
ლამის დავიჯერო, ლამის.


 ფიროსმანის ძეგლთან

დიდი მხატვარი მუხლმოყრილი დასცქერის ბატკანს,
მკერდზე მიუკრავს სააღდგომო თეთრი ბატკანი...
ეს არის კაცი
               ერთადერთი
                            მილიონთაგან,
მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -
                                                         ერთი მათგანი.

იდუმალია განგებანი უფლისა რადგან,
შესაწირია ისიც, როგორც  თეთრი ბატკანი,
გამორჩეული
                     ერთი კაცი
                                         მილიონთაგან,
მაგრამ მკვიდრთაგან წუთისოფლის -
                                                           ერთი მათგანი.               



ნეტავ იმას

რა ნაზი და ლამაზია
ჩიტის ფრთების პაწაწინა სითბო!
ცაში ფრენით განბანილი
და ბუდეში ჩაფენილი თითქო.

ჰო, ბარტყები, აქ გაზრდილნი,
სწორედ ცაში დაიწყებენ ნავარდს...
ნეტავ იმას, ნეტავ იმას,
ვისაც ცა და ცაში ფრენა განბანს!






ინოლა

        იქნებ ღრუბლებად იქეც,
         იქნებ ნამი ხარ ველის?..“
                        ინოლა გურგულია

შექმნა... იმღერა...  გვიძღვნა
ჰანგთა ძვირფასთა წნული...
ქარი კვლავ არხევს სიმებს
მისი ლამაზი სულის.

და რაც უთქმელი დარჩა,
წმინდა გალობა ცრემლის, -
ალბათ ღრუბლებად იქცა,
ალბათ ნამია ველის...


      



  შოთა ჩანტლაძის მასტერ-კლასი

1982 წელი იყო. ლიტერატურის მუზეუმში
გურამ რჩეულიშვილის, ფილიპე ბერიძის,  
ყარამან კიკვიძის და შოთა ჩანტლაძის ხსოვნის 
საღამო გაიმართა... ამ დროისათვის შოთა ჩანტლაძის 
ერთადერთი მომცრო პოეტური კრებული იყო           
გამოქვეყნებული და ორიოდე საჟურნალო პუბლიკაცია
ისიც სიკვდილის შემდეგ...

შოთას ხსოვნის საღამოზე მორიდებით გამოვედი,
წრფელად დავახასიათე, როგორც კაცი და პოეტი.

მომიწონეს, ტაში დაჰკრეს, მადლობა და ქება მითხრეს;
წიგნიც რამე მისახსოვრეს; „იცნობდიო შოთას?“ - მკითხეს.

არ ვიცნობდი; - მეგობართა გადმოცემით გავიცანი,
რომელთათვის პოეტი და კაცი იყო საფიცარი.

საბჭოური იდგა ჟამი, - ჟამი სუკ-ის და ცეკასი,
იმ ყიამეთს აბრწყინებდა თურმე შოთას მასტერ-კლასი.

ბაღში უნივერსიტეტის ჯგროდ ახლდნენო მოწაფენი, -
მისი ლექსის მწარე რითმის, წრფელი სიტყვის მოწადენი.

ჰო, დრო იყო საბჭოური, უძრაობა გაგანია...
პოეზიის გენერლებიც მიიმალნენ რა ხანია...

რაც ხდებოდა, ისევ მოხდა: მოკვდა კაცი და დაფასდა...
ახლა მისი წიგნთა-წიგნი იბეჭდება დასტა-დასტა.

მაგრამ დარჩა  სინანულად დიდი პოეტი და კაცი,
მისი წიგნი - მისი განძი, მისი ბაღის მასტერ-კლასი.




 ჩიტები ცაში კვდებიან

ჩიტები ცის შვილებია
და ფრთებად ცის ნაჭრები აქვთ,
ჩიტები ცაში კვდებიან
და მკვდარნიც ცაში რჩებიან,
ცის მოყვარული გული აქვთ,
ცით მობერილი გონი აქვთ,
ჩიტები ცაში კვდებიან...
ასე მსურს... ასე მგონია...




ოთხი ლექსი ბოლო წლების
პოლიტიკის შესახებ

1.          *
ეს რა ჭირი მოგვერია, -
    ვარდისფერი, უკურნები...
გადაიქცა ივერია
    საპარპაშოდ უგნურების,
სათარეშოდ თაღლითების,
    ხორცშესხმული სატანების,
ორპირების, უტიფრების,
    ჯალათების, ვანდალების...
დასხდებიან გაფუყულნი,
    სქელკისერა დებილები,
აღარ ახსოვთ დაღუპულნი...
    ღატაკები... დევნილები...
სხედან ისე არხეინად,
    პეწიანიგალსტუკებით“,
გეგონება, ჩვენ დაგვეპყროს
     იქით - ვლადივასტოკები...  
და ვართ ასე უსაშველოდ
      გაუბედურებულები...
და რომ ვიტანთ - ღირსები ვართ,
       ბედს ტყუილად ვემდურებით.…

2010

2.                *
რა არ გვესმის! რა სიცრუე! -
მიდებული, მოდებული!
კანონები - გათელილი,
ალიკაპ-ამოდებული.

ცხრა პირი აქვს ამ მთავრობას
საავყიოდ მოღებული...
როდის ვნახოთ ეს ქვეყანა
ამაყი, ამბოხებული?

2011   


3.    ჩიტმა ამბავი მოიტანა

                 (ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გამო
                 პოლიტიკურ ასპარეზზე)

ჩიტმა ამბავი მოიტანა, - მალამო გულის დადაგულის, -
მალე არწივი მოფრინდებაო, აქამდის ჩუმი და განაბული.

სვავები, ყორნები აწრიალდნენ,  
                                     სულმთლად აერიათ თავგზა,
დაიწყეს ყრანტალი და ყიამყრალობა, -  
                                    არა სურთ დათმობაზე წასვლა.
     
არწივმა მიიხედ-მოიხედა, ბულბულებს, ნიბლიებს უხმო,
ისურვა, სიმართლე მოესმინა, - არავინ განეკითხა უღვთოდ,

ყველას მიკუთვნოდა თავ-თავისი, - 
                                    პური თუ სული თუ ფრთები...
განემშვენებინა წყალი და ხმელეთი,  
                                    ველი და ბარი და მთები...

სვავები, ყორნები აყრანტალდნენ, -  
                                    აქედან გავაგდებთო არწივს,
აქ ჩვენი არისო ყველაფერი,  
                                   არ დავთმობთ ფრჩხილისოდენ ნაწილს;

ჩვენი კერძიაო ეს ქვეყანა,  გვინდაო ბოლომდე ვყვლიფოთ...
ჩიტმა ამბავი მოიტანა...
- ოქროს ნისკარტი, ჩიტო!

  2011, ოქტომბერი





            4. მადლი კაია, მაგრამ...
ზოგი აქო და ადიდა,
ზოგიც ადგილზე მოსვა! –
მეხის გავარდნას მოჰგავდა
ბიძინაჩვენის მოსვლა.

იმსჯელა, გაზომ–განჭვრიტა
ამ ქვეყნის სიგრძე–განი,
მიფერთხ–მოფერთხა, მიჯირყნა
სულ ბოროტი და ავი.

რა ექნა, დიდად არ სურდა
ამ ტვირთის ზიდვა... ჰოდა,
ბევრი რამ სწორად აკეთა,
ბევრი თუ ცოტა - სცოდა...

მერე კი განდგა, განგვშორდა,
ვეღარ ვპოულობთ სანთლით...

მადლი კაია... ჰო, მაგრამ –
მარილმოყრილი მადლი!..

2014





ძუნწად - სიკეთის მთოველი,
უხვად - ჭირის და სახადის, -
განვლიე წუთისოფელი,
გარდამხდა გარდასახადი.

მესიზმრებიან წასულნი, -
იწყება დიდი აღმართი:
მიდის - ლამაზი და ცრუი,
მოდის - ნაღდი და მარადი.






ხუმრობა ჩემს ლექსებზე

              ჩემი ლექსების კრებულების რედაქტორმა
              ზურაბ კალანდაძემ მითხრა, რომ ჩემი
              ლექსები რაღაც უფრო ნათელი გახდა.

ვერ მოვასწარი  რამდენი რამ,
ვერა და ვერა!
დრო მიდის… მიდის...
დახლართულად აღარ მსურს წერა.

ჰო, ჩემი ლექსი რაღაც უფრო ნათელი გახდა,
ჩანს, სულ ახლოს ვარ იდუმალთან, -
ყველაზე ნაღდთან.

რაც მშვენიერი და შორია,
ის არის ნაღდი...

(უი, მე მგონი, რაღაც ისევ დახლართულად ვთქვი!)







რომ სიცოცხლეზე უარის თქმის მონახო ძალა,
გმირობა არის,
რომელს, ვიცით, უფალი კრძალავს.

თუ
ეს შიშია?
ან უმწეო თავის მართლება? -
ფიქრში ეჭვების ციმციმია: ჰქრება... ნათდება...






აპოლოგიავეფხისტყაოსნისა

ჩვენი წიგნის თაროები
სულ პირთამდე ავსილია...
ვგმობთ უწიგნურრუსთავ-2“- თუიმედს“, -
მათ შოუებს,
რეალითებს,
სერიალებს ბრაზილიურს,
ფეშენ-ფართებს, ეროტიულ ფილმებს...

ჰო, წიგნები უხვადა გვაქვს
არიგებ-ჩარიგებული,
არჩევანიც გვაქვს-მცა უამრავი:
ქართული და,  რუსული და,
ამერიკულ-ევროპული,
დედანი თუ, თარგმანი თუ, რა ვი...

რომანი და, ნოველა და,
ლექსები თუ, ნაშრომები...
რამდენი რამ დაგვიგროვდა, ღმერთო...
ნეტავ იმ დროს, როცა ქართველს
სხვა არ ჰქონდა არჩევანი,
და წინ მხოლოდ შოთას წიგნი ედო!




ზინა კვერენჩხილაძე
         (მცირე მოგონება)

მარჯანიშვილის ხიდზე
       გადავდიოდი ერთხელ,
ქალი შევნიშნე ერთი
       ხიდის იქითა თავში,
მოჰქონდა კარგა დიდი
       ორკაპიანი ჯოხი,
და თეთრი, გრძელი  შარფი
       უფრიალებდა ქარში.

დამინახა და უცებ
       მაღლა შემართა ჯოხი,
მემუქრებოდა, ხელით
       ყელზე იხვევდა შარფსაც.
ვიფიქრე: „აი, შარი!
       ვაითუ კიდეც მომცხოს!“ -
და დავაპირე ხიდის
       იქეთ-მხარეზე გაცლა.

მაგრამ ვიცანი უცებ:
       ღმერთო!  - ეს იყო ზინა!
კვერენჩხილაძე! - დიდი
       მსახიობი და ბავშვი!
ჯოხს მიღერებდა, თანაც
       იღიმებოდა თბილად,
და მხიარული სხივი
       უთამაშებდა თვალში.

მე მივესალმე კრძალვით...
       მიმიხვდა - კითხვა მსურდა, -
რისთვის მიჰქონდა ჯოხი
       ასე ამაყად, ლაღად?
ეს ჯოხი, ჩემო კარგო,
       დარისპანისთვის მინდა,
აქამდე - შეშა იყო,
       ახლა - სცენაზე ნახავთ...“

...ასეთი იყო ზინა, -
       უბრალოცა და დიდიც...
(დმანისელთათვის იგი
       მაშინდარისპანსდგამდა);
თვალს აყოლებდა ხალხი
       სიყვარულით და რიდით, -
მარჯანიშვილის ხიდი
       ერთწამს დიდ სცენას ჰგავდა.




     პატრიარქის ჩაბრძანება დმანისში
                             
                                1982 წელს არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანის
                                ინიციატივით საქართველოს პატრიარქი დმანისს ეწვია.
                               1987 წელს დმანისის სიონი ამოქმედდა.

გადადო საქმე,
                        არც არაფრად ჩააგდო დაღლა,
წინაპართ კვალის გარდავლება ისურვა თვალის;
მიმოიხილა, მოილოცა, აკურთხა, ნახა...
ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.

ნაშთნი, ნაშალნი სასახლეთა, ციხეთა, ბაღთა,
ნახა დიდების ნამუსრევი, გამქრალი ლამის;
წმინდა ტაძარი ცხვარ-ძროხათა სადგომად დახვდა...
ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.

და იყო ბრძოლა სატანასთან, წყვდიადთან, ჯანღთან...
ხუთი წლის ბრძოლა...
                           აღსრულება ღვთიურის ვალის...
ტაძარი ღვთისა შეიმოსა, გაბრწყინდა, აღდგა...

ოთხმოცდაორში პატრიარქი ჩაბრძანდა დმანისს.


          

უზრუნველი ბავშვობა... სიხალისე ულევი...
ქვრივი დედის ალერსი წამოჩიტულ და-ძმის...
გიმნაზია... ცეკვები... გართობები... ბალები...
მამის დანატოვარი - ოქრო-ვერცხლი... განძი...

მაგრამ - უცებ დაბნელდა: ჯოჯოხეთმა წითელმა
უზრუნველი ბავშვობა უმოწყალოდ მოჰკლა, -
მამის განძი წარსტაცეს, გადაჯიჯგნეს ოჯახი...
და - დასრულდა ლამაზი ფოქსტროტი და პოლკაც...

მერე - ფეხზე დადგომა... სტუდენტობა... თბილისი...
(მეგობარი ძვირფასი - ლაზარიდი ანი)...
ესეც წარსულს მიჰბარდა... დარჩა ქმარი... წვრილშვილი...
ჭაპანწყვეტა სოფლური... სიღატაკე ლამის...

სახლში - დედის, სკოლაში - მასწავლებლის ჭაპანი,
დღიურები... წიგნები... გზა სკოლისკენ დილით...
მერე - ცეცხლთან, ბუხრის წინ, - რვეულები... აკვანი...
კეცზე - ჭადი დამწვარი... ნასესხები ფქვილი...

ჰო, დიოდნენ მტანჯველი, ნაცრისფერი დღეები...
არ გახუნდა წარსული, არც ოცნება მოკვდა...
გვასწავლიდა ჩვენც ზოგჯერ, დაკოჟრილი ხელებით,
ბავშვობაში  შეწყვეტილ ფოქსტროტსა და პოლკას...

დრო დიოდა... როგორღაც დავფრთიანდით შვილები,
დავიფანტეთ, ჩვენ-ჩვენი მიმოვძებნეთ გზები...
მის გულში კი ბავშვობა მაინც ფეთქდა იდუმლად, -
გიმნაზია... ცეკვები... უზრუნველი წლები...

მერე - დადგა სიბერე, - საბოლოოდ მსახვრალი...
მერე - სული მოიცვა უცნაურმა ლტოლვამ...
და დასრულდა ხილვებში, გულის ბოლო ფართქალით,  
შორს, წარსულში შემწყდარი ფოქსტროტი და პოლკა.



               რა ვიცი!                     
   
ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება  
ხოლმე, რა ვიციაღარ გამაგონო, ყოველთვის 
ვიცითქვიო.

სულ პირზე მადგასრა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -
ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!

რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;
რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;

რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;
რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;

რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;
რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;

რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..
ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...



განადგურებული
ლექსი სტალინზე

თერთმეტი წლის ვიყავი, -
              უმეცარი ჩერჩეტი, -
ხალხთა დიდი ბელადი
              სტალინი რომ მოკვდა,
ყველა ისე სტიროდა,
                თითქოს ჩაჰკლეს იმედი!
თითქოს კაცობრიობის
                კატასტროფა მოხდა!

მეც დავწერე, რეგვენმა,
               ლექსნი გულმდუღარენი,
რომ ის იყო უდრეკი,
               კლდე ვითარცა სალი!
რომ უმისოდ ამქვეყნად
               რაღა გაგვახარებდა!
რომ სულ გვეხსომებოდი,
               საყვარელო სტალინ!

ათი წელი გავიდა...
              ჩემს დას გადაენახა,
სიამაყით მაჩვენა,
              როგორც რამე განძი;
წამსვე მივხი-მოვხიე,
              გადვირიე კინაღამ,
ნაცარტუტად ვაქციე,
              უმოწყალოდ დავწვი.

ახლა ვნანობ... იგი ხომ
              მთელი გრძნობით დავწერე,
როგორც ხალხის ნაწილმა,
              არა შტერმა ხიხომ...
ახლა ვნანობ... სამხილი
              რა უჭკუოდ გავწირე! –
ის ხომ დროის ხატი და
              ისტორია იყო...




გული

რამდენ განცდას უძლებს  გული! -
ზოგჯერ სულიც ემძიმება;
არ სჯერდება მისაწვდომელს,
მიუწვდომელს ეწვდინება;

ერკინება წუთისოფელს,
სანამ არის ზეცის ნება, -
სანამ სულმთლად არ დაცხრება,
სულმთლად არ მიეძინება.







         ბალადა ბატონი გურამის ახალ რჩევაზე
            (ხუმრობისებური)

ბრძენ ბატონ გურამს ყოველთვის
          უყვარს რჩევების გაცემა,
(რჩევის გაცემას რა უნდა?
          მიღება არის ძნელი!).
მე მის რჩევათა პასუხად
          დამჩემდა ლექსთა დაწერა,
და უკვე ბევრიც დავწერე,
          ხან მოკლე, ხანაც გრძელი.

ბოლოს ბატის ფრთამ მიმტყუვნა,
          (მუზა ჩემზე თუ განრისხდა!),
ვერ შევძელ ლექსთა მორევში
          მშვიდად ჩაშვება ღუზის,
ხან ლექსის თემა ვერ ვპოვე...
          ხანაც რითმები გამისხლტა...
და ბატონ გურამს მივადექ
          ისევ ძებნაში მუზის:

„ბატონო გურამ, რჩევები
          რომ მომცეთ, მისთვის მოვედი,
ურჩევოდ ლექსებს ვეღარ ვწერ
          და აღარც მუზა მომდის;
მე თქვენი ბრძნული რჩევების
          ვარ გამლექსველი პოეტი,
ვარ თქვენი კარის მგოსანი,
          თქვენი შემსხმელი ხოტბის.

 რა ფრთა გავშალო ოცნების?
          რა გზას დავადგე? - მირჩიეთ!
დავდივარ ქვეყნად, ვითარცა
          გზააბნეული მგზავრი;
ჩემი ცხოვრება
          მინდორში  აგორებული გირჩია,
არ მივის ცოლი და შვილი,
          არ მაქვს სახლი და კარი.  
     
ციცქნა ბინა მაქვს, იმაშიც
          წყალი ჩამოსდის სახურავს,
(ჰო, დიდხანს წყალიც არ მქონდა,
          არც ცივი, არცა ცხელი),
არ მაქვს არც ჭკუვა, არც გონი,
          არც ფული, არც სამსახური,
არა მყავს არცა პატრონი,
          რომ მიჯიკავოს ხელი.

ვინ მოთვლის, ამ ქვეყანაზე
          რა უგზო-უკვლოდ მივლია!
რამდენი აზრი მომსვლია,
          ჭეშმარიტი თუ მცდარი...
 ვის დავუჯერო? - ჩემსავ თავს?
          თუ ნიცშეს? თუ ჩვენს ილიას?
რომელ პარტიას მივენდო?
          ვის დავუჭირო მხარი?

ამქვეყნის ორომტრიალში
          რა გული დამიმშვიდდება?
არა, საშველი არ არის
          და არც იქნება, მგონი!..       
ბატონო გურამ, ეჭვი მაქვს, -
          იმდენი რჩევა მჭირდება,
რომ გამომივა ლექსების
          ვეებერთელა ტომი...“

ბრძენმა ბატონმა გურამმა
          სათნო ღიმილით მისმინა,
მერე თვალები მოწკურა,
          ჭეშმარიტების მკვესი:
„ეჰ, ჩემო ანზორ, რა გითხრა? -
          გირჩევ, მიადგე ბიძინას!
თუ რამე გამოგივიდა,
          რა ჩემ ყ-დ გინდა ლექსი?“              



 ისევ

ისევ თენდება;
                   ზეცას თბილი ფერები ჰფარავს;                         
ისევ ცრემლივით ლამაზია ცვარ-ნამი დილის,
ისევ ისეა სიხარული -
                   ახლოც და შორიც;
ისევ გულშია მოგონება -
                    მწარეც და ტკბილიც.

ისევ მირაჟი:
                     სულის ნაცვლად ანათებს ხორცი;
ისევ იწროა გზა სიმართლის,
                     შენთვის თუ ჩემთვის...
ისევ უმწეო მოლოდინით  
                     ხვალის დღეს ვუცქერთ,
ისევ გვირაბის ბოლოსაა
                     სინათლის წვეთი.



ცხოვრების სადღეგრძელო
რუსიკოს ლუდით

ვინ არ მხვდება... ვინ არ დაეხეტება...
მათხოვარიც შემომტირებს უცებ,
მაგრამ არ მაქვს გროში გასამეტები
და ჯამს უხმო თანაგრძნობით ვუვსებ.

მანქანებიც რა უაზროდ დაჰქრიან, -
ალბათ ფუჭი ელოდებათ საქმე.
ამ სულელურ ფაცი-ფუცში რა ჰყრია? -
სჯობს, სალუდეს მივაკითხო სადმე.

მაგრამ იქაც სიძვირეა უზომო,
ჩემი ჯიბე ვერ აიტანს ამდენს...
ჰო, შინ წავალ ცივი ლუდის უსმელად
და ქაღალდზე ცხელს დავაფრქვევ სათქმელს...

მაგრამ არა! - ეზოში ზის რუსიკო
და წინ კაი ცივი ლუდი უდევს,
და ქაფქაფა სასმისს მაწვდის უსიტყვოდ...
(ვახ, ცხოვრებავ, გაგიმარჯოს, მრუდევ!)

   





 წუთისოფელი

ესაა წუთისოფელი -
                 კეთილიცა და ბოროტიც,
ხან სიხარული პატარა,
                ხან სინანული დიდი...
რა მძიმე არის  ლამაზი
                 მოგონებების ტარება!
რა სუბუქია დუხჭირი
                მოგონებების ტვირთი!

მაგრამ რაც არის, ეს არის, -
                 წუთია წუთისოფელი,
ასპარეზია ყოველი
                 სიმართლისა თუ ჭორის,
მარტვილობაა აქყოფნის,
                 სიხარულია ცადყოფნის,               
ანარეკლია სამოთხის, -
                 ახლოც არის და შორიც.



თქვენ სულ აქა ხართ

იყო იმედი, იყო სწრაფვა, იყო ზეიმი,
იყო ნაღველი, იყო ფიქრი, იყო ცხოვრება,
იყო დღეები - უფერულიც,  მწარეც, საამოც,
რაც არასოდეს, არასოდეს განმეორდება.

მაგრამ თუ უკვე საყუდარი ჰპოვეს ვნებებმა,
მოგონებების ბიბინებენ კვლავაც კორდები!
ჰო, თქვენ აქა ხართ, სულ აქა ხართ, მოგონებებო,
და უამრავჯერ, უამრავჯერ განმეორდებით...






Комментариев нет:

Отправить комментарий