ავტორისაგან
სამოცდათხუთმეტის შევსრულდი.
ამ, რიგით მეხუთე კრებულით,
მინდა თვალი გადავავლო ჩემი პოეტური შემოქმედების
გზას.
კრებული სამ ნაწილადაა
გაყოფილი: „ჩემი ოცდამეერთე“, „ჩემი მეოცე“ და „ჩემი თარგმანები (პოეზია)“.
ასეთ დაყოფასთან დაკავშირებით
მინდა მცირე განმარტება გავაკეთო.
ისე მოხდა, რომ მეორე
და მესამე ათასწლეულის გასაყარი, რაც ორი საუკუნის გასაყარსაც წარმოადგენდა, ჩემთვისაც
გარკვეული მიჯნა აღმოჩნდა: მეოცე და ოცდამერთე საუკუნეში დაწერილი ლექსები საკმაოდ
მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან - სტილისტურადაც და შინაარსობრივადაც. რჩეულის
ამგვარი დაყოფით სწორედ ამ მიჯნის დაფიქსირება მსურდა.
ამასთან, „ჩემი ოცდამეერთე“
ლექსების დათარიღების გარეშეა წარმოდგენილი, ხოლო „ჩემი მეოცე“ იმითაცაა განსხვავებული, რომ მასში
ლექსები დათარიღებულია, რასაც გარკვეული ინფორმაციული
დანიშნულება აქვს.
„ჩემი რჩეული“ თარგმანებითაც
შევავსე, რადგან ისინი ჩემი პოეტური შემოქმედების ორგანულ ნაწილად მიმაჩნია.
რედაქტორისაგან
ამ კრებულის ავტორზე უნდა ვილაპარაკო, როგორც
მხოლოდ პოეტზე, თუმცა იგი, როგორც ცნობილია, რუსთველოლოგიცაა, პუბლიცისტიც და მხატვრული
ლიტერატურის - პოეზიისა და პროზის - მთარგმნელიც.
საყურადღებოა, რომ მისი
ლექსების კრებულები მხოლოდ ბოლო წლებში გამოიცა: „ქება ჩიტს“ (2010), „მე და ჩემი ძმა“
(2010), „აჰა, ინებეთ“ (2011), „თქვენ სულ აქა ხართ“ (2014), და ახლა - „ჩემი რჩეული“.
მკითხველს, რომელიც ანზორ
აბჟანდაძის ლექსებს პირველად გაეცნობა, უთუოდ გააოცებს მისი კრებულების ასე დაგვიანებით
გამოცემის ფაქტი. მაგრამ ამას, ბუნებრივია, აქვს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური
მიზეზები.
საბჭოთა პერიოდში, იმ დროს, როდესაც მისი შემოქმედებითი საქმიანობა
ყველაზე ინტენსიური იყო, რასაც, წესით, რეალური შედეგებიც უნდა მოჰყოლოდა პუბლიკაციის
თვალსაზრისით, იგი მუდმივად აწყდებოდა КГБ-ს მიერ მის მიმართ შექმნილ ხელოვნურ ბარიერებს მისი
დაუფარავი ანტისაბჭოთა, დისიდენტური აზროვნებისა და ისეთი საქმიანობის გამო, როგორიცაა
დისიდენტური ლიტერატურის გავრცელება, არაოფიციალური ჟურნალის „საღვთისმეტყველო კრებულის“
(რომელშიც იმდროინდელი თავისუფლად მოაზროვნე სამეცნიერო-ლიტერატურული ელიტის დიდი ნაწილი
იყო წარმოდგენილი) სარედაქციო-ლიტერატურული
ჯგუფის წევრობა, სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და შეკრებებში მონაწილეობა და სხვა.
მაგრამ ამ ობიექტურ მიზეზთან ერთად გარკვეულ როლს თამაშობდა სუბიექტური მიზეზიც - მისი
პიროვნული ხასიათი - ჩვეული მორიდებულობა და ნაკლებად აქტიურობა საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნების მცდელობის თვალსაზრისით.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იგი აქტიურობით თავს არ აბეზრებდა გამომცემლობებსა და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს...
ამ ორი მომენტის თანხვედრის
მიზეზით ისე მოხდა, რომ მის პოეზიას დიდი ხნის
განმავლობაში მხოლოდ მისი მეგობრები - ჭეშმარიტი პოეზიის დამფასებლები - იცნობდნენ.
მერე კი, პოეტის ერთი
ცნობილი სტრიქონისა არ იყოს - „რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი“ – ლექსებისათვის
„ვეღარ მოიცალა“ - 80-იანი წლების შუა პერიოდიდან აქტიურად ჩაება ეროვნული მოძრაობის
აღმავლობის პროცესში, იყო პირველი ლეგალური არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების
- ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი, შემდგომში
ამ საზოგადოების გამგეობის წევრი 1993 წლამდე.
სხვათა შორის, მე საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანის
- „მრგვალი მაგიდის“ პრესსამსახურის
ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია, - მეგობრებად
დავრჩით დღემდე.
სიამოვნებით მინდა ვთქვა,
რომ მისი ლექსების პირველი „გამომცემელიც“ მე გახლდით: 80-იან წლების დასაწყისში „გამოვეცი“
მისი კრებული თვითგამოცემისეულ სტილში, სადაც
მის ლექსებს „ზნეობრივი და სიკეთით აღსავსე, მაღალი და შეძრწუნებული სინიდისის პოეზია“
ვუწოდე.
ამ აზრისა ვარ დღესაც.
ვახტანგ ბახტაძე
ჩემი ოცდამეერთე
●
შეუცნობელი, იდუმალი საწუთრო ბრუნავს,
ღმერთი აშენებს, დაანგრია სატანამ რაიც...
ჰო, ბოროტებას სიკეთე სძლევს, სიკეთე თრგუნავს,
ხანდახან მაინც,
ზოგჯერ მაინც,
დროდადრო მაინც.
ღვინო ღვინოა, რამდენი რამ უმისოდ გვათრობს,
რა შეედრება იმ განწყობებს, იმ ღვთიურ ხალისს...
ჰო, სიხარული ჩვენთანაა, ჩვენს გულებს ათბობს,
ხანდახან მაინც,
ზოგჯერ მაინც,
დროდადრო მაინც.
ღამდება, ვატყობ, და თანდათან ჩამოდის ბინდი,
და სინანულით ვეგებები გარდუვალ დაისს...
ჰო, სიცოცხლეო, კარგი იყავ, და ვამბობ - ღირდი,
ხანდახან მაინც,
ზოგჯერ მაინც,
დროდადრო მაინც...
სამოცდათხუთმეტი
(ხუმრობისებური)
აჰა, შენც მოხვედი,
მსუბუქო სიმძიმევ, -
სამოცდათხუთმეტო წელო!
გიხსენებ
ხან მწარე, ხან ტკბილო სიცილო,
ხან მწარე, ხან ტკბილო ცრემლო...
კვლავ მინდა, ამ უკუნ მზიანეთს ვუყურო...
იმ მარადს
ეს მიჯობს ბინა...
რის ბინა! -
ბუნაგი!.. სენაკი!.. ფუღურო!..
სადაც ვსვამ, ლექსებს ვწერ, მძინავს...
რის ბინა! -
საკნის და ზეცის სიმბიოზი!..
უზღუდო ოცნების ზღუდე!..
ფიქრების საძვალე!.. დარდების ოფისი!..
ყვავის თუ ბულბულის ბუდე!..
რაც არის, ეს არის!..
ხენეშიც, სპეტაკიც, -
ბევრი რამ მიმყვება დარდად...
და ვნანობ:
მთავრდება ცხოვრების სპექტაკლი!..
აბა, მარშ!.. –
ეშვება ფარდა!..
●
რაც რაიმე გვიშრომია,
მიწად, ნაცრად ქმნილ არს...
სულ მწარეა, სულ შხამია
საღამოც და დილაც.
რაც რაიმე გვინატრია,
დაგვრჩა ნატვრად მხოლოდ...
გვირაბის წინ სინათლეა,
სიბნელეა ბოლოს.
სულ ფუჭია, სულ ფარსია,
სულ ჭირი და ქატო...
მაგრამ მაინც... ლამაზია...
მაგრამ მაინც... გმადლობთ...
არ ვემდურები ბედს
ამქვეყნად მოსვლა მომეზღო, -
რას ვისურვებდი მეტს?..
ხომ იყო რაღაც!.. ხომ იყო!.. -
არ ვემდურები ბედს.
რაც იქნება და რაც იყო,
ყოვლის მხილველი წყვეტს...
ჰო, ზოგჯერ ზეცაც გამეღო! -
არ ვემდურები ბედს.
გმადლობთ!.. სხვა, აბა, ვთქვა რაღა? -
მაღლით უფალი გვჭვრეტს...
ცოოოტა ხო-მაინც მალაღა, -
არ ვემდურები ბედს.
ხუთი ლექსის ბალადა
ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი ჩემს
გულშემატკივრებს (ბ-ნ გურამ
სოსელიას პასუხად).
მისაყვედურეს: „ბოლო ხანს ლექსებს არ სწერო რატომ?..
იქნებ გაგიცვდა კალამი, ან დაგიჟანგდა მთლად?..“
„რა გითხრათ-მეთქი? - ამ მწარე საყვედურისთვის
გმადლობთ,
გმადლობთ,
თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, -
არად ვარგივარ სხვად...“
არად ვარგივარ სხვად...“
დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! -
ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...
ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...
ოთხია წმინდა, ღვთიური... ოთხი გამიხსნის ცას!..
აჯობებს, ოთხჯერ დამედოს რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,
ოთხჯერ გავაღო გული და ოთხჯერ შემოვკრა ზარს...
მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - რა ვი, - ბევრია, მგონი...
ვინ უწყის ნება განგების?.. უწყალოდ მიჰქრის დროც!..
სწრაფია ბედის მდინარე... ვაჰ, დრონი... დრონი... დრონი...
გადაწყდა: სამ ლექსს ვიკმარებ, ბევრიც გამქირდონ რომც.
სამს?.. არა, ორი სჯობია!.. კი, - ორი მინდა სწორედ!
ორი - სიცოცხლის წყაროა, ერთი ბუდე აქვს ორს...
სინათლეც ორთავ თვალისა გაედევნება შორეთს
და მაინც სადღაც იპოვის თავის მეორეს - სწორს...
ჰო, მაგრამ... ღმერთი ერთია... სახე ყოვლისა ტანის...
უცნაური და უთქმელი... სასოება და ხსნა...
ჰო, ერთი ლექსიც მეყოფა დათრგუნვად მე სატანის,
თუკი, უბრალოდ, კარგია, და... არაფერი სხვა...
მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც, რა გასაქანი მივცე?..
ირგვლივ სუსხია... ზამთარი უკვე მომადგა კარს...
ხომ არ სჯობს, დავწვა, რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,
თუ - ამ გაძარცულ ტოტებში გავასაუბრო ქარს?
ჰო,
ეს საქართველოა
ჰო, ეს საქართველოა, -
მხარე
გასაოცარი:
თვისტომს - ეკლით ჯიჯგნიან,
სხვისთვის
- ვარდებს ჰკრეფენ...
ყველა ბრძენთა-ბრძენია,
ყველა
მგოსანთ-მგოსანი,
ყველა მებრძოლთ-მებრძოლი,
ყველა
მეფეთ-მეფე...
ჰო, ეს საქართველოა,
-
სულ
არ ფიქრობს ხვალისთვის,
ისე ფლანგავს თავის განძს,
ლალს,
ბადახშს თუ მინას…
ისე თრგუნავს თავის თავს,
ისე
კორტნის თავის ღვიძლს, -
შაჰ-აბასსაც, ჩინგისსაც
უშფოთველად
სძინავს.
ჭამე, სანჩო!
„- ჭამე, ჩემო მეგობარო სანჩო, ჭამე, შენს სიცოცხლეს
ხელი შეუწყვე. შენი სიცოცხლე შენთვის უფრო საჭიროა,
„- ჭამე, ჩემო მეგობარო სანჩო, ჭამე, შენს სიცოცხლეს
ხელი შეუწყვე. შენი სიცოცხლე შენთვის უფრო საჭიროა,
ვიდრე ჩემთვის ჩემი სიცოცხლე... მე იმისათვის
გავჩნდი ამქვეყნად, რომ სიკვდილით ვიცოცხლო,
შენ კი იმისთვის დაბადებულხარ, პირში
ლუკმაგაჩრილი მოკვდე.“
გავჩნდი ამქვეყნად, რომ სიკვდილით ვიცოცხლო,
შენ კი იმისთვის დაბადებულხარ, პირში
ლუკმაგაჩრილი მოკვდე.“
სერვანტესი,
„დონ კიხოტი“
მე და ჩემი როსინანტი მზაკვარ ბედზე ვსტირით,
შენ კი ტკბები ამ ცხოვრებით, მარჩენალი ვირით.
გმადლობთ, სანჩო, რომ არსებობ!.. ან რა გითხრა სხვა მე?
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!
მე ამქვეყნად სამართალი დავამყარო, მინდა...
თუ მშვიდად ვარ, მხოლოდ შენი აქ ყოფნით ვარ მშვიდად.
თუ რამე მაქვს, მხოლოდ შენი გარჯითა მაქვს რამე...
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!
მე ზეციურ დულსინეას ვეძებ სულთქმით, გაჭრით,
შენ - მიწაზე გიდგას ფეხი, უძილობაც არ გჭირს.
მე - დღე ვარდებს შევციცინებ, ვარსკვლავებს ვჭვრეტ ღამე...
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!
მე ვაღამებ და ვათენებ საწუთროზე ოხვრით,
შენ - ქვას ქვაზე ალაგებ და აშენებ და თოხნი...
ალალ იყოს ლუკმა შენი!.. მარად იყავნ!.. ამენ!
ჭამე, სანჩო, ჩემო ნაღდო მეგობარო, ჭამე!
წუთისოფელო, დავზავდეთ
ხან ტკბილი იყავ, ხან მწარე,
ხან ჯილდო, ხანაც სასჯელი...
წუთისოფელო, დავზავდეთ, -
არც შენი იყოს, არც ჩემი!
გამოჩნდა ჩემი საძვალე,
სივრცე ორიოდ საჟენი...
ჰო, მე ვერაფრით დაგძალე,
შენც უკვალოდ ვერ წამშალე, -
არც შენი არის, არც ჩემი!
საწუთროს სამდურავი
ეჰ, რამდენი დაგვიგროვდა
საწუხარი,
სათქმელი...
არ გვიმართლებს იმედები,
არც
სჭრის სანთელ-საკმელი;
ხან - გვღალატობს მეგობარი,
ხან
- გული და ხან - თვალი;
ხმა დაჰკარგეს ბულბულებმა, -
ფრენენ
ყრანტალ-ყრანტალით;
გულის სითბო გარდიკარგა
ცხრა
გორაკს თუ ბორცვს იქით,
დახეიბრდა სიყვარული,
დადის
ბორძიკ-ბორძიკით;
მბრძანებლებად გადაიქცნენ
მამონათა
მონები...
ეჰ. რა ვუთხრა ამ საწუთროს, -
სისხლს
გვწოვს დაგემოვნებით.
სიხარულის ლექსის ბალადა
(ნახევრადხუმრობით)
ბ-ნმა გურამ სოსელიამ მირჩია,
- სევდა-ნაღველს
მოეშვი, მხოლოდ სიხარულზე და სიყვარულზე წერეო.
მეგობარმა მირჩია, -
სიხარულზე ვწერო,
სიყვარულზე ვიმღერო,
წყალობაზე ცის...
სული დავაიმედო,
გული დავაჯერო,
რომ სიცოცხლე კარგია!
რომ ცხოვრება ღირს!
დავჯე წერად... გავრინდდი...
ფრთა ავიღე ბატის...
ლამაზ რითმებს მოვუხმე,
მეტაფორებს ღრმას...
შევურიე სტრიქონებს
შარბათი და ყანდი,
ყვავილების სურნელი,
ბულბულების ხმა!..
და დავწერე ზენარი
სიხარულის ოდა,
სიყვარულის ოსანა,
შესხმა-ხოტბა მზის...
ყოველ სტრიქონს
ციური ელვარება ჰქონდა,
ყოველ რითმას -
სურნელი სათნოების ზღვის...
და შემოკრბენ ყოველგნით
ნადირნი და თევზნი,
წყლით ქვანიცა გამოსხდნენ
და მფრინველნი სხვა...
ისმენდიან, დაბნდიან
ხელთუქმნელი ლექსით...
გავამაყდი,
მომიცვა ნეტარების ზღვამ...
...
უცებ... გამომაღვიძეს:
„ჩქარა ადე ზეო!
დენი გადაგიჭრესო!
ვალი გაქვსო წყლის!..“
ჩემო გურამ,
აბა რა სიხარულზე ვწერო,
რომელ სიყვარულზე და
წყალობაზე ცის?
„ვითაამ?“
(სტუდენტური მოგონება)
ვუძღვნი ომარ ტყაბლაძეს
იდგა მახინჯი დრო საბჭოური,
უჭკვოდ,
უაზროდ მკაცრი,
იდევნებოდა ოდნავ სხვაგვარიც
სიტყვა,
საქმე თუ აზრი.
ეჰ, გვასწავლიდნენ რამდენ სიბრიყვეს,
რამდენ ბრუნდსა თუ მართალს!..
განსაკუთრებით თავგადაკლული
ერთი
ლექტორი გვყავდა.
ერთ დღეს, როდესაც გვიქადაგებდა,
ავშენდებითო
მალე,
დამყარდებაო კეთილდღეობა,
ზეგ
კი არაო, ხვალე,
უსმენდა მშვიდად ჩვენი ომარი,
მოხდენილი
და ზრდილი,
კაი ბუნების, კაი განწყობის,
კაი
ოჯახის შვილი.
უსმინა ამ ჩვენს ენამჭევრ ლექტორს,
არც
დაახანა დიდხანს,
და
შორაპნული კილო-კავურით
წამოიძახა:
„ვითაამ?“
აბა, იქ იყო მაშინ სიცილი!..
ლექტორს
ელდისგან დასცხა,
წახთა, დეიბნა, ენა დაება,
თლათ
დეიკარქა საცხა...
…ახლა, საკმაოდ ხანში შესულნი,
ვზივართ,
ტელე-ყუთს ვუმზერთ, -
გვიჟღურტულებენ ტკბილ მომავალზე,
მალამოს
გვცხებენ გულზე...
არჩევნებია... ყველა გვატყუებს
ალბათ
გაჩენის დღიდან...
არჩევნებია... ვუსმენთ, ვიცინით,
და
გვახსენდება: „ვითაამ?“
ღვთაებრივი სიმშვიდე
(ნახევრად–ხუმრობით)
ჩემმა მეგობარმა, ბ–ნმა გურამ სოსელიამ
მითხრა:
შენ უმთავრესად „შინაარსიან“ ლექსებს წერ,
კარგი იქნება, ისეთი „უშინაარსო“, მაგრამ
მაღალპოეტური ლექსები წერო, როგორიცაა,
შენ უმთავრესად „შინაარსიან“ ლექსებს წერ,
კარგი იქნება, ისეთი „უშინაარსო“, მაგრამ
მაღალპოეტური ლექსები წერო, როგორიცაა,
მაგალითად ტერენტი გრანელის „გაზაფხულის
საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
ჰო, ის საღამო ღვთაებრივად ყოფილა მშვიდი!
პოეტიც ალბათ! –
გადაფრინდა როცა ის ჩიტი!
როცა სიმშვიდემ ის მღელვარე ლექსი დაჰბადა,
როცა დიდ პოეტს აღმაფრენა ეწვია დიდი.
დიდება იმ წამს, – ლექსის შობის იმ ტკბილ სამსალას,
–
როცა იმ ჩიტმა პოეტის წინ ფრთები გაშალა!..
ეჰ, ჩემო გურამ, გეთანხმები, – მშურს მე იმ ლექსის,
მაგრამ სიმშვიდე ღვთაებრივი ვინ მომაშავა?
ჩვენ უგნურნი ვართ ყოველთვის
(პოეტურ-პოლიტიკური განსჯა
უახლოესი წარსულის შესახებ)
„არს გზა ვიწრო, ორმო-ხნარცვი მოგანიარეო...“
დავით გურამიშვილი
„ღმრთად ნუ გწამს გამობერილი დასია,
ბილ და გონია,
ის გწამდეს, ვინც რომ დაგბადა, მოგცა
ჭკუვა და გონია.“
დავით გურამიშვილი
„ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი“, -
დიდმა აკაკიმ
ბრძანა,
ჩვენ უგნურნი ვართ ყოველთვის,
ბრძენნი
კი - არცა „ხანა“:
როგორც კი თავისუფლება
ოდნავ დავლანდეთ შორით,
ვიხუვლეთ, სულ დაგვავიწყდა
ვერაგი დათვის ტორი;
სიფრთხილე სულ მთლად დავკარგეთ, -
ვირტყით
მუშტი და მჯიღი;
გზა რომ ტაძრისკენ გვეგონა,
შეგვრჩა ხნარცვი
და ჩიხი;
ღმერთს არ მივყევით - მივართვით
კერპებს
სკიპტრა და ტახტი;
ერთმანეთს ვმტრობდით... არც მტერი
გვაკლდა
- ყალბი თუ ნაღდი...
და ერთმანეთი დავჭამეთ
და დავუყენეთ
თვალი...
ეს - ერთმანეთის ძვალია
ყელში გაჩრილი
ძვალი...
...ო, ღმერთო, აღარაფერი
არ გვეშველება,
მგონი,
სანამ არ დაგვიბრუნდება
ყველას
„ჭკუვა და გონი“.
მაწანწალა
სადაური სით მოსულა,
ქუჩის
პირას წასწრებია ძილი...
ნეტავ, თუ ჰყავს ან მშობელი,
ან
მოკეთე... მახლობელი... შვილი?..
სადაური სით მოსულა,
არყით
არის, თუ წუხილით, მთვრალი?
სუნთქავს, ფეთქავს, - ცოცხალია,
თუმცა,
იქნებ, უჯობს, იყოს მკვდარი?
სადაური სით მოსულა,
სადით,
ვისით აღმოფხვრია ძირი?
წუთისოფლის ლექი არის,
თუ
შექსპირის ტრაგედიის გმირი?
ბულბული და ყვავი
(იგავისებური)
ბულბულს რა
აგალობებს,
ხალისი თუ ნაღველი? -
ისე ტკბილად
ჭიკჭიკებს,
ვითომც აქ არაფერი.
ხელთუქმნელი
ნიჭი აქვს,
ზეცით, ღვთით მონაბერი,
მაგრამ ისე
ჭიკჭიკებს,
ვითომც აქ არაფერი.
ხოლო ყვავმა
(რას ვერჩით?)
ლამის ტვინი წაიღოს, -
ისე ამაყად
ჩხავის,
თითქოს ყვავი არ იყოს.
როგორც ვაჟა ბრძანებდა
რა ცოტა გვაქვს სიამენი! -
არც
განძი გვაქვს, არც ფული…
სივაგლახე-სიმწარეში
პირთამდე
ვართ ჩანთქმული.
მივდგებით თუ, მოვდგებით თუ, -
არსად
არის საშველი...
ჰო, სიცოცხლე ჯილდოც არის
და
სასტიკი სასჯელიც.
ჰო, სიცოცხლეს ვიხალისებთ
ერთმანეთის
ძვირის თქმით,
ერთმანეთის ცოცხლად ჭამით,
ერთმანეთის
ძირის თხრით...
მგრამ იგი, - თუმც მწარეა
უმწარესზე
მწარედაც, -
„მაინც-კი ლამაზი არის“,
როგორც
ვაჟა ბრძანებდა.
ლეგენდა ჩემს გვარზე
ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ
განუკურნავს დავით აღმაშენებელი ავშანდაძის
(აბჟანდაძის) გვარის კაცს, გადმოცემულია
მე-15 საუკუნეში განახლებულ, დავით
აღმაშენებლის დროინდელ ე. წ. „ავშანდაძის
სიგელში“.
რა ლამაზი ლეგენდაა!
სიამაყით მავსებს! -
ჩემი გვარის წინაპარი
მოქცეულა ასე:
ერთხელ თურმე დავით მეფე
გელათს სტუმრებია,
გალავნიდან გადახედვა
მოუსურვებია;
მერე, ალბათ, უცაბედად,
ფეხი დასცდენია,
დაბლა ჩამოვარდნილა და
სიპ ქვას დასცემია;
დიდ მეფეს დაშავებია
ღვთაებრივი ტანი,
ბევრსა ცდილან, ვერ უნახავთ
განკურნების გზანი.
მაგრამ მერე გამოსულა
ერთი ვინმე ბრძენი,
კრძალვით უთქვამს - მე ვიციო
მკურნალობა ძველი:
ირმის რძეში განბანაო
მეფეს გადაარჩენს,
ვილოცოთო მეფისათვის,
ვავედროთო გამჩენს...
ერთ კაცს, გვარად ავშანდაძეს,
ჯოგი ჰყოლებია, -
ირმის ჯოგი, - წუთით არცკი
დაუყოვნებია,
მოუღია რძე მეფისთვის
სიყვარულით, კრძალვით,
მორჩენილა მართლაც მეფე
მშვენიერი წამლით:
დიდი მეფე ირმის რძეში
უბანავებიათ,
ნება-ნება სულ ჩვილივით
უნანავებიათ...
მეფეს ავშანდაძისათვის
მადლი მიუძღვნია,
და სწორედ ის მამულები
მისთვის მიუცია,
სადაც დღესაც, იმის შემდეგ,
ცხოვრობს ჩვენი გვარი, -
იმ ბედნიერ ავშანდაძის
მოდგმა-მონაგარი...
ჰო, ლამაზი ლეგენდაა! -
სიამაყით მავსებს!..
თუმც, ცხადია, უფალს ვმადლობთ,
ვიდრე ავშანდაძეს...
ოთხი
ლექსი, მიძღვნილი ჩემი
დაბადების დღისადმი
დაბადების დღისადმი
1.მოსაწვევი ბარათი თანაკურსელებს
(60 წლისთავისადმი)
ეჰ, სამოცს გადავაბიჯეთ, უფრო მეტისაც ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.
მუხლები მოგვიფამფალდა, გვზაფრავს სიბერის ჭირი,
ხან ფიქრებში ვართ ჩანთქმული,
ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.
ხან ვჯაჯღანებთ და ვყვირით.
ზოგს გული გვტკივა, ზოგს - სული,
ზოგს გვიკანკალებს ხელი,
ზოგს გვიკანკალებს ხელი,
ღვინოს ვეღარ ვსვამთ, ჭიქაში ჩაი გვისხია ცხელი.
გავთეთრდით, დაგვინაოჭდა ლოყები, ერთ დროს თლილი,
ზოგს თმა გაგვცვივდა მთლიანად,
ზოგს - თითქმის ყველა კბილი,
ზოგს - თითქმის ყველა კბილი,
თვალს მხედველობა დაგვაკლდა, გულს - სიყვარულის ალი,
მშვიდად ვუცქერით, რაზედაც გვებრიცებოდა თვალი,
სურვილიც უკვე ხშირად გვაქვს ლოგინში მარტო წოლის,
ზოგს არ გვყავს, ზოგს - რამდენიმე,
ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.
ზოგს - გაგვისუქდა ცოლი.
დღეს ასე ვცხოვრობთ... არ ვიცით,
ხვალ რას გვიმზადებს ბედი...
ხვალ რას გვიმზადებს ბედი...
მეც თქვენი ჭირი მაწუხებს და ბარეორჯერ მეტი.
ჩამოვრჩი ყველა ქარავანს ყველა გზასა და შარას,
დღეს რა მაქვს, მაგრამ იმასაც ხვალე მტაცებს და მპარავს.
ხვალ - დავიძინებ მარადის,
დღეს - ძლივძლივობით მძინავს,
დღეს - ძლივძლივობით მძინავს,
დღეს უფანჯრო მაქვს, ხვალ მელის უკარ-უფანჯრო ბინა.
დღეს რომ ღია მაქვს ყოველთვის,
ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,
ხვალ ვერ გაგიღებთ კარებს,
ჰოდა, ხვალ ნუღარ გადასდებთ, დღესვე მესტუმრეთ ბარემ.
თუ პურმარილსაც მოიტანთ, მაგრა დაგიწყებთ ქებას,
ღვინოს, მწვადს, გოჭს და წიწილას...
პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…
პრასი არ გინდათ - ქე მაქვს...…
...მაშ, მოდით, თორემ დრო გარბის,
სამოცზე მეტის ვხდებით,
სამოცზე მეტის ვხდებით,
ვბერდებით, და ერთმანეთის უკვე ქელეხში ვსხდებით.
2. ხუმრობისებური
(70 წლისთავისადმი)
დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო, -
სამოცდაათს მივადექი,
ეხლა რაღა ვქნაო?
შენ რას მეტყვი, მეგობარო,
ძმობილო თუ ძმაო?
შენ, მიხვეულ-მოხვეულო,
სად მიგყავარ, გზაო?
შენ სად მიხმობ, სად მეძახი,
იდუმალო ხმაო?
შენ რას დაჰფლავ, რას დაჰფარავ,
მძიმე, ცივო ქვაო?..
დაუკარ, ჩემო ჩანგურო,
ამაიღე ხმაო,
სამოცდაათს მივადექი, -
ახლო არის ხსნაო...
3. ისე - კარგად ვარ სხვაით...
ხუმრობისებური
(71 წლისთავისადმი)
დაბადების დღეს ვიხდი
მხოლოდ პატარა ლხინით, -
პურით, პრასით და ღვინით...
მოკლედ - რაცა მაქვს, იმით;
ვსარგებლობ რუსოს ბინით, -
პატარა არის ჩემი, -
სადღეგრძელოებს ვუსმენ
ყიფურ-ამაყად, ჯგიმვით.
ჰო, წლები მიდის წინ-წინ,
მე კი მივდივარ საით?
რა იდუმალი სწრაფვით,
რა ოღრო-ჩოღრო გზაით?
მადლობელი ვარ უფლის,
თუმც არაფერი არ მაქვს,
თუმც ყორიფელი მინდა...
(ისე - კარგად ვარ სხვაით)...
4. ისევ ჩემს ოთახში
(72
წლისთავისადმი)
ისევ აქ ვარ, აქ ვხვდები
სამოცდამეთორმეტეს,
ამ კედლებს კი გაწევა
არ
ეღირსათ განზე.
თუმც-კი შეჩვეული ვარ
ამ
სენაკს, მით უმეტეს,
სამახსოვრო
დღეების
ნამცვრევებით
სავსეს.
ჰო, აქ ახლა მძლავრობენ
შემოდგომის
ფერები...
აქ დამჭკნარან ფიქრები
და
ღაწვები თლილი...
აქ ყოფილან ზურაბი,
ზვიადი
თუ მერაბი,
აქ ყოფილან რუსლანი,
ვიტალი
თუ ლილი...
აწ ისინი იმქვეყნის,
ზეცის
მკვიდრნი არიან,
მე ჯერ ისევ ამქვეყნის
ოთხ
კედელში ვრჩები...
ჰო, საწუთრო ტკბილია
და
იმავ დროს მწარეა,
და ძირს ჰყრია უწყალოდ
წარკვეთილი
ფრთები.
და კვლავ აქ ვარ, აქ
ვხდები
სამოცდამეთორმეტეს,
და არ ვიცი, ვლხინობ თუ
სინანული
მავსებს:
მინდა ამ ოთხ კედელში
„ზღვა
ხალხი“ ეტეოდეს,
მაგრამ, რა
ვქნა, - კედლები
არ
იწევა განზე...
2013
უიმედო ნატვრა
მეგობრისგან,
სატრფოსგან
მოწერილი ბარათი,
მოდიოდა
თვეობით,
კვირეებით, წლობით,
სავსე გრძნობით, სინაზით,
ერთგულებით, ღალატით...
ვკითხულობდით,
ვტიროდით,
ვსასოობდით, ვთრთოდით.
კვირეები,
თვეები
წუთად გვეჩვენებოდა,
ვმორჩილებდით,
ვიცავდით
ძირძველ ადათ–წესებს,
მგზავრობაში,
ლოდინში
სანთლებივით ვდნებოდით,
ხან უდროოდ
ვჭკნებოდით,
ხან ვკვდებოდით ზეზე.
ახლა ის
ბარათები
გაყვითლდა და დაძველდა,
ნაფტალინიც
ვერ შველის, -
მოეკიდა შმორი,
მოლოდინი
დამოკლდა,
სიცოცხლე კი დაგრძელდა...
დაიტვირთა
წუთები,
გზა შემცირდა შორი.
ღმერთს
დიდება, რომ მოგვცა
სკაიპი თუ ტვიტერი,
არც სიშორე
გვაშფოთებს,
არც ლოდინი მწარე,
და ამ გიჟურ
მარათონს
სურნელი აქვს იმფერი,
მსხვერპლთ-შეწირვის
კოცონზე
თითქოს დრო-ჟამს სწვავენ.
და
აირ-დაირია
კეთილი და ბოროტი,
მსახური და
ბატონი,
მეტოქე და სატრფო...
და იმ ძველ
დროს, - იმ შორ გზებს,
იმ ხანგრძლივ მოლოდინებს,
იმ ლამაზ
იდილიებს
უიმედოდ ვნატრობთ.
სამი ფერიის დედა
ნანა ჯიხვიშვილი-გაბისკირიას ხსოვნას
ყველგან ღიმილს და სითბოს აფრქვევდა,
მშვენიერ
ფრესკას ჰგავდა...
სიმხნედ, იმედად და სიყვარულად
სამი
ფერია ჰყავდა.
ირგვლივ სიკეთის და სათნოების
იდუმალ
სხივებს ჰფენდა;
დაფარფატებდა ჰაეროვანი, -
სამი
ფერიის დედა.
მტკიცეც იყო და დიდსულოვანიც,
ლმობიერიც
და მკაცრიც,
იცოდა თავის სამი ფერიის
და
თავის თავის ფასიც...
და დაეღალა გული, მის სულს კი
არ
დასტყობია დაღლა, -
აქ დაგვიტოვა სამი ფერია,
თავად
ცის ბილიკს გაჰყვა.
თქვი, რომელი გირჩევნია
თქვი, რომელი გირჩევნია,
რა
საუნჯე-განძი:
სათნოების სიმწარე თუ
სიტკბოება
ღვარძლის?
სიყვარულის ცრემლები თუ
სიძულვილის
ღიმი?
მშვენიერი ნაღველი თუ
უსახური
ლხინი?
გატანჯული სიცოცხლე თუ
განსვენება
მშვიდი?
ზესთასოფლის ნათელი თუ
წუთისოფლის
ბინდი?
Комментариев нет:
Отправить комментарий