вторник, 28 ноября 2017 г.

ჩემი რჩეული (ნაწილი მეხუთე)







ჩემი თარგმანები

                          

 ალექსანდრ პუშკინი


მე მახსოვს წამი, წამი გრძნეული, -
შენ მომევლინე, ვით ხილვა ცხადი,
ვით გაელვება ანაზდეული,
ვით სილამაზის უჭკნობი ხატი.

და მერე დიდხანს, როცა ნაღველში
და ფუჭ გნიასში დიოდნენ დღენი,
მე სიზმრად მდევდა ხმა უნაზესი
და საყვარელი ნაკვთები შენი.

მაგრამ ოცნება სიზმრისეული
გაჰქრა, მინავლდა ჟამთასვლის ქარში,
და დამავიწყდა ხმაც შენეული,
და სიზმარშიაც უშენოდ დავრჩი.

და უღიმღამოდ, უგზოდ, უმიზნოდ,
დრო გადიოდა გულგრილი, ნელი...
და გაჰქრა სადღაც ღვთიური გზნება,
და ლაღი ვნება,
და ნაზი ცრემლი...

მაგრამ - კვლავ დადგა წამი გრძნეული! -
კვლავ მომევლინე, ვით ხილვა ცხადი!
ვით გაელვება ანაზდეული!
ვით სილამაზის უჭკნობი ხატი!

და კვლავ აღმანთო ოცნებამ მწველმა,
კვლავ ნეტარება ვიგრძენი ძველი,
კვლავ დამიბრუნდა ღვთიური გზნება,
და ლაღი ვნება,
და ნაზი ცრემლი...

1825







 ზამთრის საღამო

თოვს... ქარბუქი ზეცას სწვდება,
ნამქრავს გზას თუ ბილიკს,
ხან მხეცივით აღმუვლდება,
ხან ბალღივით სტირის.
ხან სახურავს ფარღალალას
არბევს ზათქით, ზარით,
ხან სარკმელზე აკაკუნებს,
ვით გვიანი მგზავრი...

დგას ბებერი ჩვენი ქოხი,
ნაღვლიანი... ბნელი...
ძიძავ, რა ფიქრს წაუღიხარ,
ვის ნატრობ და ელი?
იქნებ ღმუილს უსმენ ქარის
და გიტირის გული?
თუ  ბზრიალში თითისტარის
მოგერია რული?

მო, გამზრდელო, მოგონებებს
მივყვეთ ბინდში ზამთრის,
მომე თასი - შევსვათ ღვინო,
დამრთგუნველი დარდის.
მო, მიმღერე ძველებურად
ჰანგი ჩიტი-გვრიტის;
მო, მიმღერე - რომ ასული
კოკით წყალზე მიდის...

თოვს... ქარბუქი ზეცას სწვდება,
ნამქრავს გზას თუ ბილიკს,
ხან მხეცივით აღმუვლდება,
ხან ბალღივით სტირის...
მო, გამზრდელო, მოგონებებს
მივყვეთ ბინდში ზამთრის,
მომე თასი - უებარი
დამთრგუნველი დარდის...

1825





ღამის ბინდ-ბუნდს მოუცავს
                                     საქართველოს მთაველი,  
ჩემს წინ მოჰქუხს არაგვი, ბანს აძლევენ კლდენი,
სევდა მმოსავს მსუბუქი, ლამაზი და ნათელი,
რადგან იგი სავსეა შენით, ოდენ შენით.

სევდა ჩემი ნაზია, სევდა ჩემი მშვიდია,
არაფერი არ ამღვრევს შენის ნათლით შემკულს,
გულში ჩაუქრობელი სიყვარული მინთია,
რადგან არ შეუძლია, არ უყვარდეს ჩემს გულს.

1829







 მიხაილ ლერმონტოვი

 სიმღერა

რად გამიღვიძე, წმინდა აჩრდილო
გარდასრულ დღეთა,
ვნებანი იგი, მიძინებული,
და ძველი სევდა?
თუმცა მიბრუნებ გაფრენილ წამებს
ვნებათა ტკბილთა,
მაგრამ სად ვპოვო ის ნეტარება
მშვიდი და წმინდა?
ვაგლახ, - მოყვასთა წრფელნო აღთქმანო,
ვერღარა გხედავთ!
ყოვლი სიკეთე რაგვარ გამქრალა
სრბოლაში წელთა!
ყმაწვილკაცური ღაწვები თლილი
გაფითრებულა,
გულში სიცივე და სიძულვილი
დამკვიდრებულა!

1829



ლოცვა

ნუ მამხილებ, გევედრები, უფალო,
ნუ დამატეხ სასჯელსა და რისხვას, -
რომ მიწა და მიწიერი ვნებანი
ასე მიყვარს, უსაშველოდ მიყვარს;
რომ ცხოველი შენმიერი სიტყვისთვის
შეუღწეველ, დახშულ ციხეს ვგავარ;
რომ ცდომილი გონებით და სინდისით
შენის გზიდან გადამცდარი დავალ;
რომ ამ გულში შთაგონება - ვულკანი
ბობოქრობს და ვერ ისვენებს მშვიდად;
რომ ველური, ამღვრეული ვნებანი
თვალში ჩამდის წყვდიადად და ბინდად;
რომ ქვეყანა ჩემთვის ვიწრო არეა,
ის დროც მაკრთობს, გეახლები როცა;
რომ ცოდვილი ლექსები მიმღერია,
შენდამი კი არ მითქვია ლოცვა.

მაგრამ თუ ცეცხლს, გულში დანთილს, ჩამიქრობ,
თავად ცეცხლო, ბრწყინვალეო, ზენავ,
გულის ნაცვლად მკერდში თუ ქვას ჩამიდებ
და მწყურვალეს დამიშრიტავ მზერას,
თუ სიმღერის სურვილს დაუოკებელს
დამითრგუნავ, შემოქმედო, ძალად,
მაშინ ხსნის გზას დავადგები უძნელესს,
მონანული შეგივრდები კვალად.

                   1829





 რომანსი

სიჭაბუკის ჟამს ვნებათა ბორგვას
სულით სპეტაკით თუ მოერიე,
, მეგობარო, შენ ძალგიძს რომ თქვა:
                  ვიყავ ბედნიერ!

ვინც ნაადრევად იგემა სიტკბო,
აწ კი მისტირის იმ დროს მშვენიერს,
ისიც, ძმობილო, ნამდვილად იტყვის:
                  ვიყავ ბედნიერ!

მე კი სასტიკმა ტანჯვამ დამღალა,
და წლებს, საზარლად მსრბოლავს, ვერ ვდიე;
ნუ დამიჯერებთ, რომ ვთქვა ამგვარად:
                  ვიყავ ბედნიერ!

 1829



 ბალადა

ზღვის პირად ზიან მიჯნურები, ალერსით მთვრალნი;
ჭაბუკს ეხვევა, სიყვარულით ეზრახვის ქალი:
ძვირფასო, იცი? ყელსაბამის გარეშე დავრჩი;
ამომიტანე, ჩამივარდა უეცრად ზღვაში.
მაშინ ვირწმუნებ, თუ გიყვარვარ, თუ მართლა მეტრფი!
და აუძგერდა ნეტარებით მზეჭაბუკს მკერდი.
ხოლო გულში კი უნებურმა ნაღველმა გაჰკრა,
და გადაეშვა იგი ზღვაში, და ქაფში გაჰქრა.
შავი უფსკრული ალმასისებრს ისროდა შხეფებს,
ლურჯი ზვირთები მიმოჰქროდნენ, ბორგავდნენ, ჰყეფდნენ,
ლოკავდნენ ნაპირს, მიილტვოდნენ უკანვე მარდად...
გამოჩნდებოდა მზეჭაბუკიც საცაა ალბათ.
და აჰა ისიც! უკვე მოჩანს! ცოცხალი, საღი!
ხელში უპყრია ყელსაბამი, მრუმე აქვს სახე;
მუხლი დაჰღლია, ეჭიდება კბოდეს ანაზდად,
სველნი კულულნი დასთამაშებს მხრებზე ლამაზად.
აჰა, მიიღე! სიყვარულიც ირწმუნე ჩემი!
მე ამისათვის გავიარე სიკვდილის ბჭენი.
შენის ბრძანებით ზღვის უფსკრულის მოლახვა შევძელ;
აჰა, მიიღე! მოვიძიე მარჯნების ველზე.
უთხრა და ასულს ნაღვლიანი მიაპყრო თვალი,
სულზე უტკბესად ესახვოდა ძვირფასი ქალი.
მიუგო ქალმა: თუ გიყვარვარ, თუ მართლა მეტრფი,
ამოიტანე ის მარჯანიც, ძვირფასო, ჩემთვის!
და გადაეშვა კვლავ ჭაბუკი მთლად ფერმიხდილი,
რომ მოეპოვა ან მარჯანი, ანდა სიკვდილი.
შავი უფსკრული ალმასისებრს ისროდა შხეფებს,
ლურჯი ზვირთები მიმოჰქროდნენ, ბორგავდნენ, ჰყეფდნენ,
ლოკავდნენ ნაპირს, მიილტვოდნენ უკანვე მარდად...
მაგრამ ჭაბუკი მშვენიერი აღარსად ჩანდა.

1829


         კავკასია

გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით...
გულში რომ დარჩე - შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
         , კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად...
და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, -
მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;
მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..
         , კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, - შენს მთად და ბარად!..
ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;
იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი...
მათ ვიგონებ და - აღმომხდება ლოცვისა დარად:
         , კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

 1830



          ვარსკვლავი

იციმციმე, შორეულო ვარსკვლავო,
ჩემად ლხენად არასოდეს დამცხრალო.
მკრთალის სხივით კვლავაც ბნელთან იომე,
და ეს სული ოცნებით დამიამე.
შენსკენ მოჰფრენს სული დაუდეგარი,
და ჩემს გულში შვება დგება ნეტარი...

მწვავდა ერთხელ მზერა, ცეცხლად დაგზნილი,
ვაგლახ, ჩემთვის აწ მარადის დავსილი!
მაინც ველტვი მას, როგორც შენ, ვარსკვლავო,
ჩემად ლხენად არასოდეს დამცხრალო.

1830


           ეპიტაფია

ის შვილი იყო თავისუფლების!
ის ფუჭ განცხრომას არ სთვლიდა არად!
უკვდავი აზრი დედაბუნების
გულში ემარხა საუნჯის დარად.

სწამდა მომავლის ჭვრეტა მისნური,
სწვავდა მარადის ტრფიალი მყარი...
უცხო სურვილთა იყო მიჯნური!
სძულდა სიცოცხლე დუნე და წყნარი!

ლაღი ვნებების იყო სავანე,
წამებაც მიჰყვა თვით ბოლო დღემდის...
ის მოკვდა, - აჰა მისი სამარე!
ის მოვლენილი არ იყო თქვენთვის!..

1830


ნუ, ნუ ჰფიქრობ, სიბრალულის ღირსი ვარ,
თუმცა ახლა სევდითა ვარ სავსე...
არა! ჩემი მარტვილობის სიმძიმე
ბედს მიქადის, უფრო მწარედ ნაგზნებს.

ყრმა ვარ ჯერეთ! გულში მიდუღს ჰანგები!
და ბაირონს გავუტოლდე, ვბედავ!
სულით მის დარს, მისებრ მქენჯნის განგება,
ბედიც მისი მექნებოდეს ნეტავ!

მარტოობას მეც შვებისთვის დავეძებ,
ყმაწვილს სული მეც მგზნებარე დამყვა,
მეც მაღელვებს ქარიშხლების თარეში
და მზის ჩასვლა მწვერვალების გაღმა.

სულის შვებას მეც ვერღარა მანიჭებს;
ვეხეტები... არსად არის შველა...
გავსცქერ წარსულს - საზარელი ბნელი ჩანს,
გავსცქერ მყობადს - იქაც უღვთოდ ბნელა!

1830



            გმადლობთ

გმადლობთ! - გუშინ არ მოგგვარა ღიმილი
ჩემმა წრფელმა და მწუხარე ლექსმა,
და თუმც შენს გულს კვლავ არარა ესმა,
მაინც - თითქოს რომ გესმოდა ყოველი, -
                         გმადლობთ!

, რარიგად მატყვევებდი დიდხანს!
სიტყვა შენი, მზერა შენი მდაღველი,
გულს დამრჩება, ვით მარადი ნაღველი...
მაგრამ არ მსურს, შენც პასუხად მითხრა:
                         გმადლობთ!

მე მწყურია ძებნა ბედნიერების, -
ვით ვემატო ბედკრულ მონებს შენსას!
არ ვისურვებ, რომ ოდესმე მესმას
შენგან - ნაცვლად გესლიანი ყვედრების -
                          გმადლობთ!

ცივმა მზერამ დამწვას შენმა - ეს მსურს,
მოსპოს იგი ოცნება და იმედი,
რასაც გულში მიელვებდი, მინთებდი...
მხოლოდ მაშინ აღმოხდება ჩემს სულს:
                          გმადლობთ!

1830


         წინასწარმეტყველება

დადგება ჟამი, რუსეთისთვის შავბნელი ჟამი, -
ხელმწიფის გვირგვინს წარიტაცებს უფსკრული შავი,
და ბრბო, დაღლილი თაყვანებით, აღვსილი ზიზღით,
სიკვდილის თესვით გაგიჟდება, გაძღება სისხლით;
მთლად უცოდველიც დაისჯება ბავშვი თუ ქალი,
განსჯა გაჰქრება, კანონების წარხდება ძალი;
მკვდრებს მოჰფენს ქვეყნად საშინელი სნება და ჭირი,
წარიხოცება, მოისრება სოფელი ხშირი;
ყოვლი სასახლე დაიქცევა, ვითარცა ქოხი;
მშიერი ხალხი დაოსდება ტანჯვით და ოხვრით;
სისხლის ტალღებით აქოჩრდება მდინარეც წყნარი...
და გამოჩნდება კაცი იგი, კუშტი და მძლავრი!..
შეჰხედავ იმ კაცს, , რუსეთო, და ზარი შეგშლის,
რამეთუ ხრმალი აღმართული ეპყრება ხელში!
ვაი შენ მაშინ! - შენს გოდებას, ხვეწნას და ფიცილს,
ის არად ჩათვლის, უმოწყალოდ დაიწყებს სიცილს!
და ჩაგიქრება დღის ნათელი, მოგიცავს ბნელი,
მისივ სულის და მოსასხამის მსგავსი და ფერი.

1830


        საღამო

ჩაესვენება ჰორიზონტს იქით
მზე დაქანცული და ოქროსფერი,
დაიყურსება სივრცე სიჩუმით,
ჩაიძირება ბინდში სოფელი...

მე კი ვოცნებობ პირმოქუშული
და უბოლოო ფიქრში ვინთქმები...
და მეუბნება ვიღაც ჩურჩულით:
- ბედნიერიო აღარ იქნები!..

და მზერა ჩემი ზეცას მიელტვის,
და ცად სიკეთე ჩანს საცნაური,
მაგრამ ზეცაშიც არ ხდება ჩემთვის
ჩვენ რომ შეგვყაროს - ის სასწაული.

ჩემთვის, ვინც ისე უგუნურია,
რომ თვალთა შენთა შორი ალერსი                                             
და გაღიმება შენი ჰგონია                                                  
ციურ ჯილდოზე უძვირფასესი.                                                  
                                                                          
1830-31      

                                               
                                                          

შენ არა, ბედმა მიმუხთლა, როცა
შენ მიღალატე; ბედია კრული!
მან შენ ქალური სიტურფე მოგცა,
მაგრამ ქალურიც ჩაგიდგა გული.

ოჰ, შენი გული! მასში ყოველი
მსწრაფლ ჰქრება, ზღვაში ვით ნავის კვალი;
გართობად უჩანს მას სიყვარული,
სევდაც სჩვევია - წამივით მალი.

მაგრამ ნეტარიც დადგება ჟამი:
დაგქენჯნის ტრფობა, გულისა მჭრელი!
მაშ მაპატიე! - დღეს დაგთმობ, წავალ, _-
დღეს განშორება აჯობებს ჩვენი!

მაშინ კი, მაშინ კვლავ მოვალ შენთან
და სიტყვა ჩემი აგწეწავს, აგშლის,
დაე, პასუხი მითხრა მშანთავი, -
არსით გექნება საშველი მაშინ.

ვერცრას გააწყობს შენი მშვენება;
არღა ექნება შეძლება ნუსხვის!
ყვედრება ჩემი აგედევნება,
სულში ჩაგწვდება, ვითარცა სუსხი.

და შურისგება (ამასაც შევძლებ)
ჩემს ბაგეებზე დააფენს სიცილს,
მაგრამ უმეტეს შენს მწარე ცრემლზე
იქნება იგი მომტანი სიმწრის.

1830-31







                ნატვრა

ვაგლახ, ჩიტი რად არა ვარ, ან ყორანი მინდვრის,
ზეცაში რომ დანავარდობს და შორეთში ილტვის?
რატომ მათებრ თავისუფლად არ დამბადა ზენამ?
ვაგლახ, რად არ შემიძლია მათებურად ფრენა!

დასავლეთში, დასავლეთში გავჩნდებოდი უმალ,
სადაც ჩემი წინაპრების სამარხები სდუმან,
სადაც ჰყვავის მინდორ-ველი, მიწა-წყალი მათი
და ნისლში ჩანს აწ ცარიელ ციხე-კოშკის ლანდი.

ძველს კედელზე დამხვდებოდა სამემკვიდრო ფარი,
იქვე ხრმალი ჟანგიანი, უმოქმედოდ მკვდარი;
ფრთის შეხებით მტვერს და ნაცარს
                         მოვაცლიდი ფარხმალს,
ძვირფას ფარხმალს, უშიშარი რაინდების ნახმარს.

შოტლანდიურ ქნარის სიმებს შევარხევდი ნელა
და ბნელ თაღებს აავსებდა საამური ჟღერა,
მარტოდ მყოფი მოვისმენდი ეულ ქნარის ბგერებს, -
როგორ ტკბილად იჟღერებდნენ, მისწყდებოდნენ მერე!..

მაგრამ, ვაგლახ, რა ამაოდ ამ ოცნებებს ველტვი! -
სასტიკია, სხვარიგ მიჰქრის წუთისოფლის ეტლი.
სამშობლოის შორ მთებამდე რა ძნელია გზანი,
რა უსაზღვროდ განფენილან ბობოქარი ზღვანი!

უკანასკნელ შთამომავალს სახელოვან გმირთა,
მაჭკნობს თოვლი უცხო ქვეყნის, შორს გავფრინდე მინდა,
მე აქ ვიშვი, მაგრამ სული სხვანაირად მითრთის...
ვაგლახ, ჩიტი რად არა ვარ, ან ყორანი მინდვრის!..

                                                       
1831




                   ქნარი

დავსტოვებ როდესაც უხანო ამ სოფელს
და მწვანე ბალახი ჩემს საფლავს დაჩრჩილავს;
როს მხოლოდ ბგერებად შევრჩები შენს ბაგეს,
გულში კი დაგრჩები მარტოდენ აჩრდილად;
როდესაც მოყვასთა ხსოვნაშიც გავქრები
და არვინ წაუქცევს თავს ღვინის ფიალას, -
შენ მაშინ, ძვირფასო, აიღე ეს ქნარი,
მეგობრად რომ მყავდა, ლხენად და ტრფიალად,

და ფრთხილად, , ფრთხილად დაჰკიდე სარკმლის წინ,
ნიავის შეხება რომ იგრძნოს სიმებმა;
მას მაინც მოესმას უწყნარეს პასუხად
გარდასრულ დღეების გამქრალი სიმღერა!
შენ, ვაგლახ,  იმ ჰანგებს ვერასგზით აღაგზნებ, -
მათ ქნარი თვის გულში მწუხარედ ჩარაზავს, -
რადგანაც, ვინც ტკბილად გიმღერდა ტრფობაზე,
ბალახთქვეშ მძინარი იქნება მარადჟამს...

1830-31



             ჩემი სახლი

ჩემი სახლია, სად ცა მხურავს და სად ჰანგების
მომჯადოები ხმა ძალმიძს ვიგრძნო,
ამ სახლში ცხოვრობს თუმც ყოველი ქმნილი განგების,
ის პოეტისთვის არ არის ვიწრო.

ვარსკვლავებს აღწევს სახურავი მისი მაღალი,
თვალშეუდგამი სრა არის სრული,
და სივრცის მისის უსაზღვრობას შეიგრძნობს მხოლოდ
არა თვალები, არამედ სული.

მარადიულის წმინდა მარცვლად გრძნობა სიმართლის
ღმერთს ჩაუსახავს გულებში კაცთა,
დროთა მსვლელობის და სამყაროს უსასრულობის
ერთ წამში ძალუძს იმ გრძნობას განცდა.

ყოვლადძლიერმა მე ასეთი ძვირფასი სახლი
იმ გრძნობის ბინად მიბოძა მხლოდ,
და მომისაჯა შიგ წამება ახალ-ახალი,
მშვიდადაც იქ ვარ ბოლოს და ბოლოს.

1830-31



ხანსაღა მცირეს წუთისოფლად დავრჩები, მჯერა,
და შეიძლება, ვერც ვიხილო აწ შენი მზერა,
ძვირფასი მზერა, სხვების მიმართ ნაზი და მწველი,
ვარსკვლავი ჩემთა მეტოქეთა, მზე - ჩემთვის ბნელი.
დე, მათ იხარონ! შენ კი, ვაგლახ, ტყუილად გყვედრი,
რომ არა ჩემთვის, მათთვისა ხარ ძვირფასი ხვედრი...
მაგრამ თუ ტრფობა დაგემალა შენ ჩემთვის, გსურდა,
თუ გსურდა ცივი მჩვენებოდი, გულგრილი მუდამ,
თუ ჩემთან მყოფი დასცინოდი სიყვარულს ჩემსას,
გულში კი, გულში იოკებდი სიმწრისას კვნესას, -
მაშინ პირქუშმა, დაე, მზერამ გიჩვენოს ჩემმა,
ვინ იყო უფრო დამნაშავე, ვინ უფრო ევნო.

1830-31


      
          მარტოობა

ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი! -
სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს...
ლხენა გაიყოს - მზადაა ყველა,
არავის არ სურს, დარდი გაიყოს!
მარტო ვარ, როგორც მეუფე ზეცის,
და გული სევდით მევსება ობოლს;
და ვხედავ, ვხედავ, - მორჩილნი ბედის
მიჰფრენენ წლები, სიზმრები როგორც.
მევლინებიან ისევე მერე
და ოცნებანი ჰშვენიან ფრთამალთ;
და ვხედავ კუბოს, რომელიც მელის...
რად ვალოდინო? ამქვეყნად რა მაქვს?..
მოვკვდები... ჩემთვის ვინ დაღვრის ცრემლებს?..
ზოგს კი - მოწამე არის გამჩენი, -
გაუხარდება უფრო უმეტეს,
ვიდრე ამქვეყნად მოვლენა ჩემი.

                   1830

   
     
სუსხიან სტეპზე დგება აისი.
ბარდნის... გარემო მოჰგავს სნებიანს...
ამ ზამთრის დილის სიმწუხარეში
მონასტრის ზარი მოგისმენიათ?
ზარის ხმა იგი მიმოაქვთ ქარებს
და ზარის ხმაზე ჰკვნესენ ქარებიც...
და მიდის მგზავრი, და უსმენს მწარედ
მაცნეს სიკვდილის თუ უკვდავების.

მე ძლიერ მიყვარს ზარი მონასტრის!
მე მას საფლავთა ვუწოდებ ყვავილს!
ის გულგრილია, ის არ განიცდის
კაცთა მიწიერ ტანჯვას და ხალისს.
ის მარტო არის, უფალი როგორც,
მაღალი კოშკის კუშტი მფლობელი,
ის ცას და მიწას აუწყებს ყოველს,
თუმცა უცხოა მისთვის ყოველი.

1831


              პორტრეტი

ხედავ ამ სახეს? ხელოვნებით ის არნახულით
ტილოზე არის ლაღი ფუნჯით გამოსახული;
ანარეკლია თითქოს აზრის არმიწიერის,
არც უსულოა, არც სიცოცხლის უჩანს იერი,
მისი თვალები არა გვხედავს, მაგრამ გვიცქერის, -
გვაოცებს მზერით,  ცივი მზერით, ცივად მბიძგველით;
ბაგე უტყვი აქვს, უნდა იყოს თუმცა მეტყველი, -
ბაგე ასეთი არ შობილა უტყვი ერთხელაც.
ხედავ? ძარღვებში სისხლი უჩქეფს თითქოს მფეთქავი,
ტილოს შორდება, გეგონება, შუბლი ფერმკრთალი,
და თუ არ ვკრთებით, არ ვუცქერით მას შეძრწუნებით,
ეს იმიტომ, რომ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით,
რომ ის არ ცოცხლობს, არ ათრთოლებს ვნება მბზარავი,
და რომ მის მკერდში გული არ სცემს, გრძნობა არ არის...
ღმერთო, ამქვეყნად  ადამიანს ვხვდებით რაოდენს,
ამ მკვდარ სურათთან შედარებით - არარაობას,
ვინც ცოცხალია, მაგრამ სული არ აქვს ცოცხალი,
თუმცა შვენება მოჰმადლია გასაოცარი.

1831





დადგება ჟამი, და ბრბოსაგან შენაჩვენები,
ჩემსავ მხარეში უცხოდ მარები,
მე დავისჯები... და ამაყი სულის მშვენებით
გულცივ უკუნეთს მივებარები...
დე, ბრბოსთან მქონდეს, შენთან არ მაქვს ბრალი, გახსოვდეს!
სასჯელს არც ველი სასომიხდილი,...
რაა სიკვდილი?.. ვერ გაგვთიშავს ის ვერასოდეს!
ოღონდ გიყვარდე! - რაა სიკვდილი...
არის ქვეყანა, - გულქვა ენა იქ ვერ მოგვწვდება!
იქ არ ჩაქრება ჩვენი ტრფიალი!
იქ დაგვინდობენ, იქ არასდროს არ შეგვეცვლება
ბედნიერება სიმწრის ფიალით!..
...და როს ამბავი მოფრინდება ფრთასისხლიანი, -
რომ მოვკვდი, და რომ მომკლეს წამებით;
და როცა ხალხი სიხარულის დაფით, ზრიალით,
როკვას დაიწყებს აღფრთოვანებით, -
თვალთა შენთაგან მონაწური ცრემლით განბანე
ჩემი მდუმარი, ცივი სხეული! -
მე შენს თვალებში მესახვოდა - შიგვე გამქრალი -
ნატვრა, ოცნება სიყრმისეული.
მე მაგ თვალთა წინ გადავშალე გრძნობებით სავსე,
ოცნებით სავსე სული ყმაწვილის...
აწ დამიტირე დაცემული საწუთროს გზაზე,
მათგან გვემული და განაწირი...
 მაგრამ თუ ყოველს დაივიწყებ, და ნეშტს დაშრეტილს
შენც სხვებთან ერთად სიცილს დააყრი,
ცილისწამებას თუ დაატეხ ნაღვლიან აჩრდილს
და საყვედურებს გულქვად დაახლი, -
მეც არ დაგინდობ! – მე უწყალოდ ჩაგწვდები სულში!
დაგქენჯნი, როგორც მატლი სამარის!
და ყოვლი სიტკბო და სიამე გახდება შენთვის
ამაზრზენი და გულშემზარავი.
თავს ვერ დაიხსნი! საამო და ნეტარი დღენი
ოდენ ხსოვნაში ჩაგეფერფლება!..
და დიდხანს, დიდხანს გაგრძელდება სიცოცხლე შენი,
თუ იმ სიცოცხლეს ფასი ექნება...

 1831


   

 
ბედნიერი ვარ: ძარღვებს შხამავს ცეცხლი ფარული!
მალე სასტიკი სნებით დავიწვი...
, გმადლობ, ღმერთო! - არც წამება, არც სიყვარული
მკვდარმა არ იცის!..

წარხდება ყოვლი!.. დავიწყება შავ ფრთას შემახებს
სამარადჟამოდ საფლავში შთენილს,
არ შეიმღვრევა არც დიდებით და არც შენი ხმით
სიმშვიდე ჩემი...

1832



მეგონა, მოაქვს სატრფოს ამბორებს
ბედნიერება გაუბზარავი;
მაგრამ დამღალა ბედნიერებამ
და აღარ მიყვარს ახლა არავინ.

ამბოხებული მეგონა სული,
ოდეს ცრემლებით ღაწვებს ვღარავდი;
ეს იმიტომ, რომ მიყვარდა წრფელად...
ახლა კი აღარ მიყვარს არავინ!

და გასხლტნენ წლები უანგარიშოდ,
მათ დავიწყებამ ფრთა ჰკრა უძლევი.
მეც ყოველივე დავმარხე გულში
და მარადიულ ბნელს მივუძღვენი.

1832



მე შენს წინ აღარ მოვიდრეკ მუხლთა;
ჩემს სულში ნუღარ გეგულვის ტახტი;
ვერ იხელმწიფებ აწ მასში უღვთოდ, -
ამერიდან უცხონი გავხდით.
შენ გავიწყდება - ჩემს ლაღ სურვილებს
ვერ დაატყვევებს ტრფიალი მწველი,
მაგ თვალებისთვის, მაგ ღიმილისთვის
ისეც მრავალი გავწირე წელი.
გაჰქრა ის წლები - ამაოდ გაჰქრა, -
როს მესახვოდი ნუგეშად ყრმობის,
ვთმობდი ყველაფერს ამქვეყნად, რათა
შენ მყვარებოდი უმეტეს ყოვლის.
ოჰ, ის წუთები, როს შენს წინ მდაბლად
წმინდა თაყვანით მე მუხლებს ვხრიდი,
მე შთაგონებას მოვსტაცე ალბათ,
შენ კი, , შენ კი მომიზღე რითი?
ვინ იცის, იქნებ ღვთიურის განცდით,
ზეშთაგონებით ყოველის-მჭვრეტის,
უჭკნობი მეძღვნა კაცთათვის განძი,
მათ კი დიდება მოეძღვნათ ჩემთვის?
რატომ აღმითქვი, რომ ამ დიდებას
შესცვლიდა წმინდა ტრფიალი შენი?
რად მიორგულე - ის შარავანდი
რად აღარ გმოსავს, რად აღარ გშვენის?..
მე ამაყი ვარ! მაშ, მაპატიე!
აწ სხვისი ტრფობით მიჰბნიდე გონი.
მე კი არ ვმონებ არას მიწიერს,
შორსაა ჩემგან ბუნება მონის.
და თუმც განგება აწ შორს გამრიყავს,
თუმც შორს წამიყვანს სამხრეთის გზანი, -
არ გაყუჩდება ის გრძნობა სულში,
არ განქარდება ის გულისთქმანი...
და მე თავს მივსცემ ვნებათ სიამეს,
გულებს დავნაცრავ მხურვალის ფიცით!
ვერვინ იხილავს ჩემს ცრემლებს მწარეს,
ყველგან გამქირდველს დავიწყებ სიცილს!
გულს სიყვარულით არ გავაწვალებ,
სატრფოს სიცრუის დავდაღავ ალით...
შენ - ანგელოსმაც - თუკი გამცვალე,
ვითღა ვიწამო საერთოდ ქალის?..
გახსოვს? მზად ვიყავ, მიწაც და ზეცაც
დამეთმო, ყოვლი დამეთმო ლამის,
რომ ეგ თითები თითებში მეგრძნო
(ჰოი, სიგიჟევ!) კვლავ ერთის წამით.
ვით ვიფიქრებდი, გამცვლიდი ასე,
როს სული ჩემი გიძღვენი კრძალვით.
ამგვარის სულის უწყოდი ფასი?
უწყოდი ალბათ... მე კი ვერ გცანი.

1832



თქვენ მართალი ხართ! - გიჟი ვარ, გიჟი!
რის უკვდავება! რაა დიდება, -
თქვენი ცხოვრება როცა ნაგავშიც,
ვხედავ, განცხრომით მიედინება!
ამაოდ ვსცადე რწმენათა თქვენთა
ლაღის აზრებით აქარიშხლება!
ამაოდ ვსცადე მქენჯნავი ცეცხლის
მე პოეზიის ალად მიჩნევა!
არა! პოეტის არ მაქვს თვისება!
ვხედავ, მოვტყუვდი! ალბათ ღირსიც ვარ!
თუმცა უცხო ვარ მეც მიწისათვის,
მაგრამ უცხო ვარ - ვაგლახ - ცისთვისაც!
ვიცი, სევდით ჟღერს ჩემი ჰანგები,
, თქვენ არ ძალგიძთ მათი გაგება,
გულიდან ვიგლეჯ მათ ნეტარებით,
რომ წარიტაცონ ჩემი წამება.
არა! თქვენს შორის არ ღირს დიდება!
თუმცაღა იგი ბედმა მაკუთვნა!
ავმაღლდე თქვენზე - რისთვის მჭირდება,
ვერ გავექცევი თუ თავს საკუთარს!
ვერ დავივიწყებ თუ მკვდარ სიყვარულს!
გამქრალ ოცნებას! დამზრალ შვენებას!
ან ყოველივეს - მჯეროდა რისიც
და ვეღარ ვბედავ კვლავ დაჯერებას!

                   1832

Комментариев нет:

Отправить комментарий