ჩემი თარგმანები (გაგრძელება)
ა ლ ი
ლურჯ მდინარეში სცურავდა ალი, -
შუქი მთვარისა ემოსა მკრთალი, -
და აჩქეფებდა ტალღას ტალღაზე,
და ცას სტყორცნიდა შხეფთა ალმასებს.
წყალი კი წყნარად მიდუდუნებდა
და მიარწევდა ლანდებს ღრუბელთა.
მღეროდა ალი და ხმა მგზნებარე
ეფინებოდა მთელს არემარეს.
„აჰა,
იხილეთ, - ჩემი წიაღი
სავსეა ზეცის ბრწყინვა-ციაგით,
დაჰქრიან ოქროს თევზთა დასები,
ელავენ ირგვლივ ბროლ-ალმასები.
აქ ერთ ჭაბუკსაც საწოლზე ქვიშის
სძინავს მდუმარედ ლერწმების ჩრდილში;
ეჭვიან ტალღის არის ნადავლი.
არავინ არის მისი ბადალი.
მის ოქროს ქოჩორს, დასილულს ლამით,
ჩვენ ვუალერსებთ, ჩვენ ვვარცხნით ღამით.
ბევრჯერ დავფარეთ კოცნით მდაგველით
მისი შუბლი და ტურფა ბაგენი.
მაგრამ ფუჭია კოცნა ყოველი, -
ცივია იგი და უგრძნობელი.
წევს მდუმარი და თვალდახუჭული,
არ ისმის მისი ტკბილი ჩურჩული...“
ასე მღეროდა წყლის პირას ალი,
გაუგებარი ნაღველით მთვრალი...
და მოისმოდა დუდუნი ჭავლთა...
და ლურჯ ტალღებში ღრუბლები ჩანდა...
1832
●
ნუ სჩხრიკავ გარდასრულს! არ გინდა! მოეშვი!
არ მსურდა, ჩემს ბედზე გენანა!
უფრო რომ მოგხიბლო - იმ გამქრალ დღეებში
ვაი რომ, ვერ ჰპოვებ ვერარას!..
მე ვიცი, გიყვარვარ! - მიგრძვნია ათასჯერ!
მაგრამ რომ შემიცნო - ნუ გინდა!
მომძულდა სიცოცხლე... და ბოღმა დამახრჩობს
გული რომ გაგიხსნა წუთითაც.
არა მსურს - ეგ რწმენა, ეგ გრძნობა გაგიქრო,
გულისთქმა გაგანდო დამწველი:
რომ ახლა სიცოცხლე არ მიღირს არაფრად,
რომ ღირსი არა ვარ მაგ რწმენის!
რომ გულში განძივით რასაც ვატარებდი,
დღეს ვარქმევ შხამსა და საწამლავს,
რომ ტანჯვა მატკბობს და არა ნეტარება,
არც სხვა რამ ძვირფასი, რაცა მაქვს...
მომთხოვე სიცოცხლე ალერსის სანაცვლოდ, -
ის შენთვის არ დამენანება!
მაგრამ, ო, ძვირფასო, ნუ მომთხოვ გარდასრულს, -
ვერ დავთმობ, - სულს მიტკბობს წამება...
1832
●
სნებას მოუცავს ჩემი გული, ვერარა ჰკურნავს,
ვჭკნები უდროოდ, ობლად შთენილი;
რა ვქნა! - მე არ ვარ მიწიერთა სიტკბოთა მონა,
არც სხვათა დარად ვარ გაჩენილი.
არსებამ ერთმა, ოდენ ერთმა, დამიპყრო გული,
ვაგლახ, - სხვადასხვა გზა ვჰპოვეთ ქვეყნად;
გაგვყარა ბედმა სამუდამოდ, და ცის სურვილით
კუბოს კართანაც არ გველის შეყრა.
გავცქერ მდუმარი: დასალიერს ცეცხლად ედება
წითლად ელვარის მზის ჩაბრწყინება;
მსურს გავყვე მის გზას, - როგორ შევძლო, იცის, ეგება,
დღის გარდასულის აღორძინება.
იქნებ დავბრმავდე ცეცხლოვანი მისი ნათელით
და დავივიწყო დროებით თუნდა,
თვალნი გრძეულნი და ამბორი უკანასკნელი,
განუყრელად რომ დამდევენ მუდამ.
1832
რჩევა
დარდს, მეგობარო, რად ეძალები?
რად, შავი ფიქრით რად ხარ მდიდარი?
ნუ სჭმუნავ! - ყოველს წარიღებს წლები,
გაიღიმე და გამოიდარე.
ღალატი ქალის, ღალატი მწველი,
გაბედითება ამაო მიზნის, -
ო, მეგობარო, ძნელია, ძნელი,
მაგრამ წუხილის როდია ღირსი.
ეკრძალე მღვრიე ვნებების მორევს,
ანკარა ჩქერებს მიჰყე ხალისით,
და სიხარული ეძებე, თორემ
სევდა? ოჰ, სევდა გპოვებს თავისით!
გწამდეს, გიყვარდეს მოყვასი შენი,
ხალხს ნუ უცქერი ზიზღით ფარულით,
ნუ ფიქრობ, შენ ხარ მხოლოდ რჩეული,
და შეემსჭვალვი მას სიყვარულით.
გული კრულია, მაგრამ გულითაც
ხომ შეიძლება გაძლება კაცის!
და მღვრიე ვნების, წრეგადასულის
დამორჩილება ხომ ისევ ძალგვიძს!..
შესაბრალები მხოლოდ ის არის,
მონა-მორჩილი სევდის და ურვის, -
ბედნიერებას ვინც ჰპოვებს, მაგრამ
ბედნიერების დაჰკარგავს წყურვილს.
1830
●
მინდა ვცოცხლობდე ტანჯვით ჯვარცმული,
განცხრომისა და ტრფობის ჯინაზე.
გაანებივრეს მათ ჩემი სული
და აღმიბეჭდეს შუბლზე სინაზე!..
აჰა, დამქენჯნეთ! - თქვენმა თარეშმა
სიმშვიდის ჯანღი მსურს ამიშალოს!
რაა პოეტი ტანჯვის გარეშე,
ან ოკეანე უქარიშხალოდ?
არარად უღირს წამება პოეტს, -
ცხოვრებას იმით უხდის საფასურს!
ზეციურ ჰანგებს ტანჯვაში ჰპოვებს, -
მუქთი დიდება პოეტს არა სურს.
1832
ლოცვა
ღვთისმშობელო დედაო, შენი წმინდა ხატის წინ
მუხლმოყრილი მხურვალედ გიხმობ, შემოგღაღადებ;
ოჰ, შეწევნას როდი გთხოვ ძნელ ბრძოლაში წასვლის წინ,
ცოდვებს როდი გიმჟღავნებ წარსულსა და ახლანდელს;
არცა ჩემს სულს გააჯებ, ცარიელს და განძარცულს,
წუთისოფლის შამბნარში მარად ობლად მოარეს! -
ღვთისმშობელო, უმანკოს მე გავედრებ ნაზ ასულს,
მეოხ ექმენ, - სიავე სულს ნუ დაუიარებს!
მოეც ბედნიერება! ნუმც მოაკლდეს ხალისი!
ღირსეული, ძვირფასი თანამგზავრი აღირსე;
ყვავილობა უკურთხე, ჭკნობა მოეც ფაქიზი,
სათნო გული შვებით და ნეტარებით აღუვსე.
მიეც ძალი, - საწუთრო მშვიდად გარდაიაროს,
და როდესაც, დაღლილი, გზით მარადით წარვიდეს,
ღვთისმშობელო დედაო, უსათნოეს იმის სულს
შენგნით მივლინებული ანგელოსიმც ჰფარვიდეს!
1837
მეზობელი
შენ, მწუხარე მეზობელო, ვინა ხარ?
ო, არ ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარხარ,
ვით
ძვირფასი მეგობარი ყრმობის!
ციხის კედლით დღეს გვაშორებს განგება,
მალე სულმთლად გაგვყრის იდუმალება,
გაგვყრის
ბედი, გამთიშველი ყოვლის.
მწუხრის ჟამად, მზე როდესაც ჩასვლისას
სხივებს სტყორცნის ჩემს ფანჯარას საკნისას
და
მიმცხრალით მესალმება სხივით,
როს გუშაგიც, დაყრდნობილი იარაღს,
ფიქრით განვლის წარსულისას იალაღს
და
ნელინელ ეკიდება ძილი;
მივეყრდნობი მაშინ შუბლით ცივ კედელს,
და ნაღვლიანს შენსას ვუსმენ სიმღერებს,
გარშემო
კი სიჩუმეა... ბნელა...
ო, არ ვიცი, რას წუხს ეგ სიმღერები,
მაგრამ წყნარი, მომხიბვლელი ბგერები,
ვით
ცრემლები, იღვრებიან ნელა.
და ჩემს სულში უნებურად ცოცხლდება
ის ტრფიალი, იმედი და ოცნება...
და
საამოდ გულში რაღაც მტკივა...
გარდასრულზე ფიქრებით ვიბანგები,
და ცრემლები, როგორც შენი ჰანგები,
იღვრებიან,
იღვრებიან ტკბილად.
1837
პოეტის სიკვდილი
მოჰკლეს პოეტი! - ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...
და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება?
ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების?
ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? -
ოჰ, გვიანია მდურვა განგების!
ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ
მისი დიადი, ელვარე ნიჭი!
ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ
ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი!
მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია,
აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც:
ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის,
დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.
ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა!
არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!..
თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა,
რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი!
მაგრამ რად გვიკვირს? - ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა,
ვით ათასობით მოდიან სხვანიც, -
ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა...
ალბათ განგების ერია ძალიც...
ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა
თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით,
და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, -
როს სისხლიანი აღმართა ხელი.
ვაგლახ! რად დასთმო მეგობარნი მან საკუთარი!
რად ამჯობინა მაღალი წრე, ცრუ და მუხთალი!
იქ რას ჰპოვებდა მისი გული უმხურვალესი?
რად მიიკარა, რად ირწმუნა ყალბი ალერსი?
რად მისცა ხელი მათ, რომელთაც დასწამეს ცილი? -
კაცთა ავ-კარგი ხომ სიყრმითვე ჰქონდა განცდილი!
ძველი წაართვეს, თავს ახალი დასდგეს გვირგვინი,
დაფნის რტოებით, ოქროს კიანთით, -
მაგრამ ეკლებმა, მის ფოთლებში დამალულებმა,
დაუიარეს შუბლი დიადი.
მოსშხამეს მისი ამოსუნთქვა უკანასკნელი
ენით მქირდავით, გესლად დაღვრილით,
და მოკვდა იგი შურისგებით გულანაგზნები
და იმედების მსხვრევით დაღლილი.
მისწყდნენ ბგერები საოცარის მისი ჰანგების,
წყარო ანკარა უკვე არა დის...
ბინა პოეტის მიწაშია უკვე ნაგები,
ბაგეც შეკვრია აწ და მარადის...
თქვენ კი, ო, თქვენ კი, მზვაობარო მემკვიდრეებო,
ღვარძლით, სიბილწით განთქმულ მამების,
მონური ქუსლით რომ დასწიხლეთ, რომ გადასთელეთ
აწ დაჩაგრულნი მსხვერპლნი განგების;
თქვენ, ჯალათებო ნიჭისა და თავისუფლების,
ურცხვად რომ დაძრწით ტახტის გარშემო,
დღეს სამართალიც და სამსჯავროც თქვენთვის სუფევენ
და არვინ არის, რომ შეგაჩვენოთ;
მაგრამ უწყოდეთ: ზეციური გელით სამსჯავრო! -
იქ მიგეგებათ მისაგებელი!
ფუჭად ეცდებით, ოქროებით რომ გადასძალოთ
იგი - ზენარი შურისმგებელი!
ფუჭად ეცდებით! - ვერა! თავი ვერ დაიძვრინოთ
ბილწთა ენათა ავად სხმარტალით! -
მურდალი სისხლით ვერ წარხოცოთ, ვერ გადასწონოთ
დიდი პოეტის სისხლი მართალი!
1837
ტუსაღი
განმიხვენით ციხის კარი,
განმიბრწყინეთ დღენი, -
შავთვალება ყმაწვილ-ქალით,
შავფაფარა ცხენით.
შავთვალებას გადავკოცნი
ცეცხლიანის ბაგით,
შავფაფარას გავაქროლებ
მხიარულის ჰანგით.
მაგრამ ციხე მაღალია,
დახშულია კარი,
შავთვალება შორით არი
მდიდრულ კოშკში მჯდარი.
შავფაფარა უაღვიროდ
ველებს სერავს გაშლილს,
დანავარდობს და ფაფარი
უბიბინებს ქარში.
მე კი მარტო, უნუგეშო,
ცივს კედლებში ვგმინავ,
და მიმქრალი ლამპრის შუქი
უღიმღამოდ ბრწყინავს.
და ჩამესმის თანაბარი
ნაბიჯის ხმა ნელი, -
დადის ღამის სიჩუმეში
უსულგულო მცველი.
1837
●
არა, არა მსურს, უწყოდნენ რამე
ამბავი ჩემი იდუმალ ბედის!
როგორ მიყვარდა, როგორ ვეწამე,
განსჯის სინდისი და ოდენ ღმერთი!
მხოლოდ მათ ეტყვის იდუმალს გული,
თან სინანულის იქნება მჩენი.
დაე, მისგანვე ვიყო დასჯილი,
ვინც მიზეზია წამების ჩემის!
ბრბოის ქილიკით, უმეცართ კიცხვით,
მაღალი სული არ წუხს, არ ილტვის,
დაე, გრგვინავდეს ზვირთები რისხვით -
არ დაიმსხვრევა კბოდე გრანიტის.
ის აწვდილია ღრუბლებზე მაღლა
და ორ სტიქიონს სწვდება პირქუში,
და ქარიშხალთა და მეხთა გარდა,
არავინ უწყის, რა უძევს გულში.
1837
ბოროდინო
- მო, ბიძაჩემო, მოგვითხრე კვალად,
ადვილად დავთმეთ მოსკოვი განა,
გადაბუგული ცეცხლით?
ხომ გვწვავდა ბრძოლის ჟინი და გზნება!
ხომ იყო უმძვინვარესი რკენა!
თუ - გამარჯვების
დავკარგეთ რწმენა
და ბრძოლის
ველზე შევრცხვით?
- ეჰ, რა ვთქვა!.. იყვნენ გოლიათები!
განა თქვენ გგავდნენ ის სულმნათები!
ჰქონდათ გზნება
და ძალა!
მზე ჩაესვენა იმ დღეს რამდენის!
ჯავრი წაიღეს განა ფრანგების...
არ ყოფილიყო ნება განგების,
მოსკოვს დავთმობდით
განა!
ჯერ ის იყო და - უკან ვიხევდით,
წუხილს და წყენას გულში ვიხვევდით,
ჭარმაგებს ჰკლავდათ ბოღმა:
„რასა ჰგავს ესა? სად ვეშურებით?
რას უყურებენ მეთაურები?
დროა, დაფხრიწოს მტრის მუნდირები
ჩვენმა ხიშტმა
და თოფმა!“
ბოლოს ვიპოვეთ გაშლილი ველი,
საასპარეზო დიდი და ვრცელი,
გათხრა დავუწყეთ
სანგრებს,
ასი მოვისხით ყური და თვალი,
და როცა დილამ მოიცა ძალი,
ტყისპირს სილურჯე შევნიშნეთ მკრთალი, -
თვალები ვჰკიდეთ
ფრანგებს.
მაშინ ქვემეხში ჩავდე ყუმბარა,
ვთქვი: „გიმასპინძლებ
ამით, სტუმარო!
მოდი, მუსიე,
ძამა!
სამშობლოს მკერდით ავეფარებით!
მანდ რომ ეშმაკობთ და ესაფრებით,
დაიცათ, მალე თქვენი სანგრები
სულ რია-რია წავა!“
ორ დღეს ვისროდით ჟამიდან ჟამზე,
და მესამე დღეს ველოდით ასე;
ტყუილი გარჯა
გვწყინდა,
ისმოდა შმაგი ყველგან წადილი:
„დროა, დავიწყოთ ბრძოლა ნამდვილი!“
და, ჰა, მრისხანე ბრძოლის ადგილი
ღამის დაჰფარა
ბინდმა.
ქვემეხს მივუწექ რულმორეული,
თუმც ღამე ჰქონდა გაყრუებული
ფრანგთა დაფსა
და ზურნას;
ჩვენ კი წყნარად და მშვიდად ვიყავით,
ვინ თოფ-იარაღს წმენდდა იმ ღამით,
ვინ ხიშტს ლესავდა ბოღმით მრისხანით,
თან გრძელს
იკვნეტდა ულვაშს.
და გარიჟრაჟი როცა მომძლავრდა,
ყველა აჩქამდა და ამოძრავდა,
რაზმი რაზმს
მიჰყვა წინა;
ჩვენ პოლკოვნიკი გვყავდა ქებული,
მებრძოლთა მამა, მეფის ერთგული...
ვაგლახ, განგმირეს მისი მხნე გული! -
აწ შავს
მიწაში სძინავს.
მან ანთებულით მოგვმართა თვალით:
„ძმებო,
სამშობლოს შევსწიროთ თავი!
გავხდეთ დიდების
ღირსი!
მოვკვდეთ, ვითარცა მამა-პაპანი!“
და ბოროდინო, სისხლში ნაბანი,
მოწმეა ჩვენგან მტკიცედ ნათქვამი
და აღსრულებულ
ფიცის.
უჰ, რა დღე იყო! ფრანგები მაშინ
დაიძრნენ, როგორც ღრუბლები ქარში,
ჩვენსას მოადგნენ
სანგრებს;
დაიძრა ჩვენი ჯარიც ულევი,
და ულანები, და დრაგუნები,
წინ გამოიჭრნენ დარაზმულები,
და ჩვენ
დავუხვდით ფრანგებს!
ვინღა იხილავს კვეთებას ისეთს!
ჰქროდნენ დროშები, და მოგიზგიზე
ცეცხლი ჯოჯოხეთს
ჰგვანდა!
წივილი ტყვიის ზარავდა სმენას,
დაგვღალა ჩეხვამ მტერიც და ჩვენაც,
თვით ყუმბარებსაც უშლიდა ფრენას
მთები სისხლიან
გვამთა.
ოხ! მტერმა კარგად იგემა მგონი,
რას ნიშნავს ჩვენი რუსული ომი,
ხელჩართული და ძნელი!
ვით ჩვენი მკერდი, მიდამო ძგერდა,
და იყო ჯგლეთა კაცთა და ცხენთა,
და ქვემეხებიც გრგვინავდნენ ერთად,
და ქუხდა
ბრძოლის ველი!
მერმე დაღამდა... და მოლოდინიც
ჩვენ მოუთმენლად დავიწყეთ დილის,
დამაშვრალებმა მართლაც;
ნელ-ნელა მიწყდა ხმა დაფდაფების,
სანგრებში ჩაწვნენ ბუსურმანებიც,
ჩვენც შევუდექი ნახანჯლარების
და მეგობრების
დათვლას...
მაშ! იყვნენ ჩვენს დროს გოლიათები!
განა თქვენ გგავდნენ ის სულმნათები!
ჰქონდათ გზნება და ძალა!
მზე ჩაესვენა იმ დღეს რამდენის!
ჯავრი წაიღეს განა ფრანგების...
არ ყოფილიყო ნება განგების,
მოსკოვს დავთმობდით
განა!..
1837
●
ჩვენ დავშორდით, სახება კი შენი
არ მშორდება, კვლავაც გულში მიძევს.
აწ მარტოდენ მოგონება მშველის, -
სახე შენი აცისკროვნებს იმ წლებს.
ტრფობას შენსას სხვა გრძნობებზე გავცვლი,
ვერ კი შევძლებ - დავიწყებას მივსცე.
დასთმობ ტაძარს? - ტაძარია მაინც!
დაჰგმობ უფალს? - უფალია ისევ!
1837
ხანჯალი
მიყვარხარ, ჩემო ხანჯალო, ცივო, ელვარე ფოლადო,
ხარ მეგობარი ერთგული, მართალი და უზაკველი!
თავისუფალი ჩერქეზი ბრძოლის წყურვილით გფერავდა,
შურის საზღველად
გაწრთობდა
ფიქრში წასული ქართველი.
ფიქრში წასული ქართველი.
ნატიფი ხელით ჩემს ხელში ძვირფას სახსოვრად აღმოჩნდი,-
გაყრის წუთებში მიგიღე ათრთოლებული თითებით;
და სისხლის ნაცვლად პირველად
ოდენ ცრემლები დაგაჩნდა,
ოდენ ცრემლები დაგაჩნდა,
ცრემლები განშორებისა - წუხილის
მარგალიტები.
გამოუთქმელი ნაღველით და მწუხარებით სავსენი,
მშვენიერები, შავები, მიცქერდნენ მაშინ თვალები;
როგორც შენ ბრწყინავ, კიაფობ
ცეცხლის მთრთოლვარე სხივებზე,
ცეცხლის მთრთოლვარე სხივებზე,
იბინდებოდნენ, ბრწყინავდნენ
იმ ქრობით, იმ ბრწყინვალებით.
იმ ქრობით, იმ ბრწყინვალებით.
აწ თანამგზავრად დამყვები,
ტრფობის საწინდრად მოძღვნილი,
ტრფობის საწინდრად მოძღვნილი,
და მეც, ყარიბი, ვიქნები შენი მბაძველი ბოლომდის:
შენებრ ბასრი და უდრეკი, შენებრ მკაცრი და უცვლელი,
ერთგულო ჩემო ხანჯალო, ჩემო ძმობილო ფოლადის.
1837-38
●
მწვავდა წარსულში სევდა მტანჯველი;
მყობადშიც, ალბათ, მომელის იგივ...
და სიკვდილის წინ ვით დასასჯელი,
მეგობარს, მოყვასს დავეძებ ირგვლივ.
ნუთუ მოძღვარი გაჩნდება არსით,
რომ განმირკვიოს ცხოვრების აზრი,
მიზანი
რწმენის, სწრაფვის, დაცხრომის?!
მამცნოს, უფალმა რა განმიმზადა,
რად, ასე მწარედ რად გამიფანტა
ზრახვანი
ჩემის ყმაწვილკაცობის?..
აღსრულდა... მიწის აღარ მაქვს ვალი.
ყოვლი ვიგრძენი, ყველაფერს მივწვდი.
აწ სხვა ცხოვრების დამდგარა ჟამი,
აჰა, მზადა ვარ: ვდუმვარ და ვიცდი.
ქვეყნად არ მრჩება მოძმე არავინ...
ცივი წყვდიადით გულშემზარავით
ავსილა ჩემი სული დაღლილი;
დამჭკნარა ბედით განაწამები,
როგორც ნაყოფი ფერნაცვალები,
ქარში,
არმურში მიწას დახლილი.
1837-38
ფიქრი
დაჭმუნვებული ვაკვირდები თაობას ჩემსას! -
ო, როგორ გვაჭკნობს ფუჭი სწავლა და იმედები!
ბნელში გაგვიქრა სიყმაწვილე, ბნელში ვართ დღესაც
და უმოქმედოდ ბნელშივ ვბერდებით.
ჩვენ ვართ მდიდარნი, აკვნიდანვე ჩვენ ვართ მდიდარნი
მამათა ჩვენთა შეცდომებით, ჩლუნგი აზრებით,
გვღლის და გვაოსებს ცხოვრების გზა მდორედ მდინარი,
და წინ უმიზნოდ მივიზლაზნებით.
ბრძოლა არ ძალგვიძს, ვერც ასპარეზს ვიპყრობთ
გონებით,
ბოროტს და კეთილს ვეღარ ვარჩევთ, ვეღარ ვერკვევით,
საშიშროებას გავურბივართ, როგორც მონები,
დამმონებლებს კი ფეხთქვეშ ვეგებით.
გინახავთ ხილი, ნაადრევად მწიფობს რომელიც?
უფერ-უგემო - ის ხატია ჩვენის მომავლის! -
ირგვლივ ბრწყინავენ ყვავილები, ხარობს ყოველი,
ის კი ვარდება გულგამომპალი...
ფუჭით, ურგებით გამოვიშრეთ ტვინი განსწავლით,
შორს განვირიდეთ, მოვიშორეთ ვნებანი ლაღი!
გავაუხამსეთ, გავამასხრეთ წრფელნი განცდანი,
ურწმუნოების დავასვით დაღი.
ყმაწვილკაცური სიტკბოება - ასე ნეტარი,
ოდნავ ვიგემეთ, - დაბერებას ვერ ავცდით მაინც!
ყოველ სიამეს ამოვწუწნეთ მხოლოდ ნექტარი,
მოგვბეზრდა რაიც!
არც პოეზია, ხელოვნება აღარც მაღალი
აღარ გვაღელვებს, ღვთაებრივით არ გვავსებს განცდით,
დავგმანეთ გულში გრძნობის ნაშთი და ნატამალი,
ყოვლად ურგები ვითარცა განძი.
თუ გვიყვარს - გვიყვარს სხვათა შორის!
გვძულს - სხვათა შორის!
გვძულს - სხვათა შორის!
არ შეგვიწირავს არცერთისთვის გრძნობა რამ მწველი,
და სუფევს სულში სიცივე და თოში საზარი,
თუმცა ძარღვებში სისხლი ჩქეფს ცხელი.
აღარ გვიზიდავს არც განცხრომა მამაპაპური,
მოგვწყინდა ხილვა წინაპართა ბავშვური ლხენის...
მწარედ ვიცინით: წინ სამარე ჩანს განახვნული,
უკან - უნდილად განვლილი დღენი...
და, ჰა, სულ მალე დავიწყებას შევერთვით შავბნელს!
გავქრებით ქვეყნად, როგორც ჰქრება ბრბო უსახური...
ვაგლახ, არც აზრი არ დაგვრჩება, არც რამე საქმე,
უკვდავ გენიის ნიშნით დაღული...
და მოვა იგი! - მომავალი! - მსაჯული მკაცრი!
ჩვენს სივაგლახეს იგი იტყვის მსახვრალ ლექსებად;
და გულგამწყრალი, გულგამტყდარი შვილების ღვარძლი
თვით საფლავებში შთამოგვეგზნება.
1838
●
ყრმას ახალშობილს, ნაზს და საყვარელს,
ნაგვიანევით მსურს მივესალმო ლექსით.
დაე, ჰფარვიდეს აწ და მარადის
ანგელოსები დედამიწის და ზეცის;
ღმერთმა დედისებრ ჰქმნას საყვარელი,
გამოჰყოლოდეს ყოვლი ღირსება მამის;
სული ჰქონოდეს აუმღვრეველი,
ქერუბიმივით წრფელი ჰქონოდეს გზანი;
ნუ მოსშხამავდეს თავის ჟამამდე
ტრფობის წამება, გინა გრძნობები ხარბი;
ნუმც მოჰხიბლავდეს, ნუმც შემსჭვალავდეს
ყალბი ალერსი, ან ბრწყინვალება ყალბი;
თავისი ლხენის, სხვათა ვნებების,
ნუმც ეძიებდეს, რაა მიზეზი მწველი,
და მაღალი წრის უღრანებიდან
სული გამოჰყვეს უზაკველი და წრფელი.
1839
ნუ ერწმუნები
რა გვესაქმება ჩვენ, ბოლოს და
ბოლოს, იმ მყვირალა შარლატანებთან,
პათოსით მოვაჭრეებთან, გაბღენძილობის
ოსტატებთან და სხვა ტაკიმასხარებთან,
ფრაზებით რომ კეკლუცობენ?
ა.ბარბიე
ნუ ერწმუნები, მეოცნებევ, ოცნებას შენსას, -
ზეშთაგონება წყლულია, წყლული!
გონების შენის მიმსჭვალულის გმინვა და კვნესა,
ბორგნა-ბოდება სნებიან სულის!..
ზენარი სხივი, ნუ გგონია, ხელმწიფებს მასში,
ეგ _ ძალა გავსებს და გიდუღს სისხლი.
საწუთრო გარჯით გაათრიე, - გირჩევნის ასე, -
შხამიან სასმელს ერიდე ზიზღით.
ოდეს იხილო - დიდებული და საოცარი,
აქამდის ჩუმი და ხილვად ძნელი, -
აუმღვრეველი, შენსავ სულში, ანკარა წყარო,
აღმოვსებული ჰანგებით მწველით, -
მყისვე სუდარა დავიწყების გარდააფარე,
ნუ სდევ იმ ჰანგებს, ო, გირჩევ გაცლას, -
ამაოდ ცდილობ: ქვეყნიერი სიტყვის არტახით
ვერ დაიურვებ შვენებას მათსას.
შეგეპარება მწუხარება როდესაც სულში,
ან მოიცვები ვნების ქარიშხლით, -
ნუ გაერევი მოზიმზიმე ხალხში - ღრეულში,
ნუ გამოაჩენ ძვირფას ქალიშვილს.
გრძნობები შენი დააოკე, - ნუ დამცირდები,
შენ ხომ გრძნობათა ვაჭარი არ ხარ!
ნუ გააოცებ მიამიტ ბრბოს შენის წამებით,
ნუ შეახარბებ წყლულსა და ბალღამს.
წუხილი შენი, ტანჯვა შენი რისთვის გვჭირდება?
რას გვარგებს ხილვა წყლულის მალულის?
ბავშვობის შენის იმედების გაბედითებამ
რისთვის აგვავსოს აწ სინანულით?
ხედავ? - ბრბო მიდის ბედნიერი და უდარდელი,
წინ შეჩვეული გზა უძევს გრძელი,
სახეებს მათსას უზრუნველი მოსავს ნათელი,
არ სდის არავის წყეული ცრემლი.
და მერე იცი? არვინ არის ერთიც მათ შორის,
არ დაეგესლოს ცხოვრებას ასპიტს!
არ ჰქონდეს შუბლზე ნაოჭები, მძიმედ მიჯრილი!
არ გაეთელოს დანაკარგს სასტიკს!..
სასაცილოა შენი ტანჯვა მათთვის, მერწმუნე,
ცრემლებიც შენი და სიტყვაც მწყრალი, -
ვით ტრაგიკოსი მსახიობი, რისხვით მოცული,
ხელთ რომ უპყრია მუყაოს ხრმალი.
1839
კაზაკური იავნანა
დაიძინე, დედის თვალო,
ნანავ,
შვილო, ნანაო,
ხედავ? - შუქიც ბადრი მთვარის
გიჭვრეტს
სარკმლიდანაო,
გიმღერ, დედა გენაცვალოს,
ზღაპარს
გეტყვი თანაო,
მაშ, მილულე შენაც თვალი,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
მოგუგუნებს კლდე-ღრეებში,
მოსჩქეფს
თერგი არჯალი,
იქ ჩეჩენი ესაფრება,
ელავს
მისი ხანჯალი...
შენს გმირ მამას, ომში ნაწრთობს,
ის
შეაკრთობს განაო!..
დაიძინე, დედის განძო,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
შენც კაზაკის მძიმე გარჯას
დრო
მოვა და - გაიგებ,
ფეხს გაუყრი კოხტად ავჟანდს,
თოფსაც
ხელში აიღებ.
მე უნაგირს მოგიქარგავ,
ღმერთს
შეგვედრებ თანაო...
დაიძინე, ჩემო კარგო,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
წახვალ, გიწინამძღვრებს ღმერთი,
ქცეულს
მძლე გოლიათად,
გეტყვი, გაგაცილებ-მეთქი,
ხელს
ჩაიქნევ ზვიადად...
ო, რამდენ ცრემლს გადმოვაქცევ
იმ
დღეს კერასთანაო...
დაიძინე, ანგელოზო,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
დარდს და უნუგეშო ლოდინს
გულში
ვეღარ დავატევ,
დღისით დავიღლები ლოცვით,
ღამეს
ფიქრში გავათევ.
შორს წასულს რომ დაგიგულვებ,
დამამშვიდოს
რამაო?..
დაიძინე, შემოგევლე,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
გზაში წმინდა ხატს გაგატან,
დე,
გფარვიდეს ზენარი,
განუყრელად თან ატარე,
ლოცვები
თქვი მგზნებარი.
და ბრძოლის წინ დედაშენიც
გაიხსენე
ხანაო...
დაიძინე,
თვალისჩინო,
ნანავ,
შვილო, ნანაო.
1840
ოდენ წუხილი
ოდენ წუხილი... არსადაა ნუგეში თბილი,
როს
კაეშანი სულს შხამავს მწველი...
სურვილი?.. ვაგლახ! - რა ფუჭია ყოვლი სურვილი!..
წლები
მიჰფრენენ - ძვირფასი წლები...
მიყვარდეს მინდა... მაგრამ ღირს-კი?!. ვინ შევიყვარო? -
მუდმივ
ტრფობაზე ფუჭია ფიქრიც...
სულში ჩავღრმავდე? - იქ წარსული გაჰქრა უკვალოდ,
ამაოებით
აღვსილა იგიც...
ვნებას მივნებდე? - მისი სიტკბოც ადრე თუ გვიან
გაჰქრება
მღვრიე ფიქრების ქარში...
ვაგლახ, - ცხოვრებას უსულგულო ხუმრობა ჰქვია,
უკეთუ
მწარე სიმართლით განსჯი.
1840
მადლობა
მსურს მადლობა ყველაფრისთვის გიძღვნა:
რომ მაგემე ტანჯვა განუშორები,
მწარე ცრემლი, შხამიანი კოცნა,
მტერთა დევნა, მეგობართა ჭორები.
სულის ცეცხლი რომ ამაოდ ვაგზნე,
რომ იმედთა იავარქმნამ დამაზრო...
ო, აწ მაინც მომექეცი ისე,
რომ მადლობა აღარ გითხრა არასდროს.
1840
●
როს ოქროსფრად მოელვარე ღელავს ყანა
და ნორჩ ტყეში იდუმალი შრიალია;
და ლურჯ ბაღში დაბინდული ხენი დგანან,
და ფოთლებში ქლიავები იმალვიან;
როს გარშემო განთიადის გრილი ცვარის
საამური, საკვირველი ციმციმია;
როს ვერცხლისფრად მოსირმული შროშანები
ბუჩქებიდან გულითადად მიცინიან;
როს ხევ-ხუვში მოდუდუნე ნაკადულიც
მატყვევებს და რაღაც უცხო ფიქრში მძირავს,
და ჩურჩულით ლამაზს მანდობს საიდუმლოს,
თუ რა ხდება, რომ დასტოვა, იმ მთის ძირას, -
მაშინ შუბლზე მე მშორდება ყოვლი სევდა!
ნეტარებაც ახლოა და ხილულია!..
და ზეცაში ნათლით მოსილ ღმერთსაც ვხედავ...
და ქვეყანაც ღვთიურია...
ტყვე რაინდი
საკნის სარკმელს მივყრდნობივარ ჩუმად,
და ნაჭერი მტრედისფერი სივრცის
მე მიჩვენებს მონავარდე ჩიტებს,
ვუსმენ მათ და - ვგრძნობ ტკივილს და სირცხვილს.
მწარე წყევლა ჩემს ბაგეებს არ სურს,
ვერც-რა ვპოვე ტრფიალების ჰანგში,
მე ვიგონებ ოდენ ბრძოლებს წარსულს,
მსურს შეჭურვა ხმლით და რკინის ჯავშნით.
მაგრამ, ვაგლახ, - ქვის ჯავშანში ჩანთქმულს,
ქვის ჩაჩქანი აწ მიოსებს ძვალ-რბილს,
ფარიც, ხმალიც გამიქარჩხა ჯადომ,
ცხენი ჩემი უაღვიროდ დარბის.
მძიმე ჭერი თავს მარქვია ჩაჩქნად,
ცხენად მივის მოთარეშე ჟამი,
ყრუ კედლები მომჯარვია ჯავშნად,
ფარს - საკნის კარს - არ გაუდის ჩქამი.
გასწი, გასწი, მაშ, ფრთამალო დროო,
სულთქმა მიჭირს, მეწურება გული,
დე, სიკვდილმა დამცეს საბოლოოდ
და წარმტაცოს საჭურველი კრული.
1840
Комментариев нет:
Отправить комментарий