ჩემი მეოცე
ჯერ შორია
შემოდგომის ფოთოლს
ვემგვანები ოდეს
და ბებერი მთვარე
შეეხება თმას,
იმ კაცივით, ეზოს
რომ უკეთებს ღობეს,
შევიჭმუხნი შუბლს და
გავიმკაცრებ ხმას.
იმ კაცივით, აგერ
დაცინვით რომ უმზერს
მეოცნებე ყმაწვილს,
მეოცნებე თვალს,
მეც გავხდები ალბათ
ეჭვიანი კაცი,
მეც დავცინებ ალბათ
ოცნებებით მთვრალს...
ჯერ კი ასე თბილი
მზე დაჰნათის მთა-ველს!
ჯერ შორია ის დრო...
ჯერ შევხარი მას -
ჩემს გაზაფხულს -
ალალ ოცნებათა მთოველს,
ჩემს გაზაფხულს -
ზღაპრის კარიბჭესთან მდგარს.
1962
●
გული თქვი, თორემ
ტირილი ნერვებს აწყნარებს
მხოლოდ.
გული თქვი, თორემ
ტკივილი ვნებას აცხარებს
მხოლოდ.
გული თქვი, თორემ
დარდების შუბლზე კვალია
მხოლოდ.
გული თქვი, თორემ
რა არის ცრემლი? - წყალია
მხოლოდ.
1962
●
როცა წვიმდა, სულ საამოდ
წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად
თოვდა.
სიტკბო იყო, სიტკბო იყო
დიდი,
ეჭვი იყო, ეჭვი იყო ცოტა...
თუ რამ გვინდა, სამუდამოდ
გვინდა.
სამუდამოდ... სამუდამოდ...
ჰოდა -
როცა წვიმდა, სულ საამოდ
წვიმდა.
როცა თოვდა, სულ ლამაზად
თოვდა.
1966
●
ექიმო, მოდი, სხვა რამ ახსენი,
ჭეშმარიტების განაღე ბჭენი, -
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი!
მიმქრალ იმედთა გასინჯე პულსი,
ფიქრების წნევით უწყალოდ ჩქარი, -
რას ეძებ სისხლში, რას ნახავ კუნთში,
რას მიგახვედრებს ძარღვების ჩქამი!
სხვა უჩინარი სიმი შესძარი,
სხვა იდუმალი განაღე ბჭენი,
გულში ჩამიდე სევდის საზომი,
კაეშნის პულსი გასინჯე ჩემი.
1968
●
დიდო ნაღველო -
სპარსო, მონღოლო,
სევდავ მზარავო -
თურქო, არაბო,
რას გიშავებდათ მიწა მტკაველა,
ეჩუქურთმა და ერუსთაველა,
ეგალობა და ეჭირნახულა,
ვაზი ეფურჩქნა ოქრომტევნება...
მაინც არ სძულხართ...
მაინც არ სძულხართ...
ღვთაებრივია მტრის მიტევება.
1968
●
სდუმან ხენი, უძრავნი და მოწყენილნი,
დღე დამწიფდა, ცა შედედდა, ათაკარდა.
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი.
რამოდენი სურვილები გარდაქარდა.
რამოდენმა იმედებმა გამაწბილა.
რამოდენმა ოცნებებმა გაიარეს...
გრილ ბალახზე ლერწივით ვარ გაწოლილი
და ვიშუშებ გაზაფხულის ნაიარევს.
1970
●
მე გაოცებით შევყურებ
ამ ხეს,
დედამიწის გულზე ამოზრდილს.
შენი ნაჯახი მე არ მაოცებს.
1972
პური
მსხვერპლი სჭირდება ღმერთს:
ულამაზესი ასულის ან
უმამაცესი ვაჟკაცის დაკვლა.
მსხვერპლი სჭირდება ღმერთს:
უფაქიზესი ბატკანის ან
უდანაშაულო კურატის დაკვლა.
ადამიანებო,
რატომ გააღმერთეთ პური?
–
მსხვერპლი სჭირდება ღმერთს...
1972
●
გაუგებარი
და იდუმალი,
როგორც დაღლილი თალებისთვის
მოალერსე წყვილის ზეიმი,
მიედინება წუთისოფელი.
იმას რა ძალა აუშენებს,
რაც სიყვარულს დაუნგრევია?
1973
●
ვაი ჩვენდა! – ის ფიალა,
ძმრით და ნაღვლით ავსებული,
ძმრით და ნაღვლით ავსებული,
ძმრით და ნაღვლით ავსებული,
ახლა ყველამ უნდა შევსვათ,
ახლა ყველამ უნდა შევსვათ,
ახლა ყველამ უნდა შევსვათ,
–
ძეი აღარ განკაცდება.
1973
●
ხეო, შენი სიმწვანე შემაშურე,
მზის და მიწის მადლით
შენი დანაყრება,
შენი გაფრენილი ფოთლები
შემაშურე,
შენი მარადიული განახლება,
შენი ბუდეები შემაშურე,
შენი ფესვების გაღვიძება,
შენი სიკვდილი შემაშურე,
შენი საამური დანაკვერცხლება.
1973
უხმოდ ნატირალი
ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო, -
თვალს არ მაცილებს მტერი ხშირიო,
ცრემლიც არ მამხელს, -
გაშრა ცრემლიო,
მინდა გიშველო, - ვერას გშველიო,
მინდა მძლავრობდე, - არ მაქვს ძალაო...
ვამე, ბევრი გყავს ჩემისთანაო...
ვმღერივარ, მაგრამ უხმოდ გტირიო.
1973
შემოდგომის დღე
ფოთოლი ტოტზე დატორტმანებს,
თავს ვერ იკავებს,
მოსწყდება,
მიწა მიიზიდავს, მკერდში ჩაიკრავს...
შემოვალ შინ და
დავეყრდნობი მუშტებს ნიკაპით
შენზე საფიქრად.
1973
●
შენი ჯიუტი იმედი კვებავს
ჩემს კარგ რწმენას,
გულმოცახცახეს.
ხანდახან ხდება -
დამიფრთხება რწმენა შველივით...
შენი იმედი მომაშველე,
შენი იმედი გადამადე
მხარზე ხელივით.
1973
●
არა სიმართლე,
არა სიცრუე,
არა სიბრძნე და
არა სიშლეგე, -
უსაგნოდ თქმული მგონია ფრაზა:
„არარაობა არის ყოველი“.
ო, რა სწორია,
როდესაც იგი
შეყვარებულის ბაგეებს წყდება!
1973
●
მე მიმატოვა ჩემმა სატრფომ,
სხვაგან წევს ახლა.
მე მუხის მძიმე კუბოში ვწევარ.
არ სურდა მიწას ჩემი მიღება,
როგორც ჯიუტ ბავშვს მსუყე ფაფის,
მაგრამ კაცებმა რკინის ნიჩბებით
გაუხსნეს ყბები და მოუკუმეს.
სიბრძნით და სიმხნით სავსე სხეული
თანდათან მიწად გადამექცა,
ჯერ კი არცერთი ბალახის თესლი
არ დამცემია.
1973
●
დაჰკლეს ქათამი,
ახალწლის სუფრას
მისი ძვლებიც რომ არ ჰკლებოდა.
მზრუნველობა და სიყვარული
არ მოჰკლებია მოაქჟამამდე,
და თავწაწყვეტილს
თვისი სისხლი რომც დაენახა,
არ ირწმუნებდა არასდიდებით...
და მშვიდად იდო იგი ტაფაზე...
ხოლო გარეთ კი
მისი სისხლი ისე მოსჩანდა,
გამოსდენოდა თითქოსდა
მიწას.
თოვლის მახინჯმა ფანტელებმა
დაჰფარეს ისიც.
1974
●
ო, ეს საწყალი ჭეშმარიტება,
მუდამ უბრალოდ შემოსილი,
თან სასაცილოდ აგდებული
ნაირ-ნაირი სამოსელით
მოკაზმულთაგან,
დადის მარტოკა
და დაეძებს თვის მსგავს
მარტოსულს,
ხან სასახლეში,
ხან ბნელ სენაკში შეეხეტება...
მაგრამ ვერსად პოულობს
სადგურს.
1974
ხენეში ეჭვი
„ყოველმან ხემან, რომელმან
არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოე-
კუეთოს და ცეცხლსა დაედვას“.
მათე, 3,10
გიზგიზებს ცეცხლი -
იმ ხისათვის,
ხენეშ ნაყოფს ისხამს რომელიც.
მაგრამ ხენეშ თვალს
კეთილი ხე უჩანს ხენეშად...
უფალი განსჯის!..
მაგრამ მის ხილვას
ხენეში ეჭვის გვიშლის
ღრუბელი...
1974
●
„ფართო არს გზაი,
რომელს მიჰყავს წარსაწყმედელად“.
სხვაა - ბილიკი ეკლიანი!..
შემინდე, ღმერთო:
ზოგჯერ მგონია,
რომ ეკლები სულსაც კაწრავენ.
1974
●
ბევრი რამ იყო გაუგებარი...
დიოდა ჩემი ფიქრების ნისლი
იმედების და სურვილების
ღობე-ყორეში...
ბევრი რამ იყო გაუგებარი!
ახლა კი, როცა დამეძენძა
ხორცი და სული,
ახლა კი, როცა საფლავიღა
დავტოვე ქვეყნად,
ახლა კი, როცა ბალახებმა
წარხოცეს ისიც,
ყველაფერი გასაგებია.
1974
●
თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებით მორწყულა ყანა, -
დამწიფებულა პური არსობის.
თვალთ რომ შემაშრა,
ის ცრემლები ქცეულა წლებად,
დამცხრალა და გაცივებულა.
თვალთ რომ შემაშრა,
იმ ცრემლებმა
მზის ფერადები გაიყოლია.
1974
●
რა შეუმჩნევლად ღამდები, ღამევ!
რა შეუმჩნევლად გეღება ბჭენი!
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.
ღელეებივით მიერთდებიან
ფიქრები, ჩემი მდიდარი ხვედრი.
გამორიყული იმედებია,
განა თმებია, - ღერები თეთრი.
დღეები კვდება და სულის გლოვას
ხავსივით ღრღნიან ფიქრები მშვიდი.
და ვეგუები იმედთა ქრობას
და მავიწყდება რაღაცა დიდი...
და მეუფლება რაღაც ახალი,
ყოვლისმომცველი, გრილი და ჩუმი...
დაღამებაში, ხანდახან, ღამევ,
გეხმარებიან ფიქრები ჩემი.
1974
კაცობრიობის წყურვილი
კაცობრიობას სწყურია ფიქრი,
ფიქრით დაოსდა
და ისევ ფიქრი სწყურია.
კაცობრიობას სწყურია ხორცი,
ხორცს ემონება
და ისევ ხორცი სწყურია.
კაცობრიობას სწყურია იგი,
რომელსაც ნაღვლით ნაზავი
ძმარი
სწყურია.
1974
●
სიცოცხლეო, მუდამ გვშივხარ,
თუმც კი ხშირად არად ღირხარ...
ვინ შეგიცნოს – და არ
დაგგმოს?
სიცოცხლეო, ამის გარდა,
შენდა ქებად რაც უნდა
ვთქვა,
მას პატარა ჩტიც ამბობს.
1975
●
მეცნიერები ნუ გვიწყენენ
და -
ჩვენთვის სხვაგვარად ბრუნავს
სამყარო.
მეცნიერები ნუ გვიწყენენ
და -
ჩვენთვის,
ვით ძველად,
მზე ჯერ „ამოდის“, მერე
კი „ჩადის“.
მეცნიერები ნუ გვიწყენენ
და -
სხვა თეორია სულ ამაოა.
1975
●
ოდეს იხილავ ალისფერ სახეს,
დროსტარებით გაცისკროვნებულს,
ნუ ეტყვი იმას, ნუ მოასმენ
გურამიშვილის მწარე მოთქმას:
„სულ ბნელია, რასაც ელავსო“.
ნუ ეტყვი, თორემ -
მაგ ერთადერთ შენს სიმდიდრესაც
წაგართმევს ალბათ,
და ცხოვრებას თვისას ალისფერს
შეამკობს იმით,
როგორც სატრფოს
ბრილიანტის საყურეებით.
1975
●
ვიხილე, ვიცანი:
ვარდი არ, - ეკლები ჩანდა...
და სულში სიცივე,
და გულში ნაღველი ჩადგა.
რამდენი ლამაზი ოცნება ოცნებად რჩება...
რამდენი ყვავილი
მოთიბულ თივაში ჭკნება...
1975
●
ატირდა ბავშვი, -
პატარა წყენამ აატირა...
მე წავედი და
ამ პატარა ლექსში ავტირდი.
არც-ვინ ჩანდა, ნუგეში ეცა.
1975
ინტელექტუალური კომედია
რასაც ერთ დროს უსიტყვოდ
ვგრძნობდით,
იმდენი სიტყვით განმარტეს
და ჩააწიკწიკეს,
ვეღარა ვგრძნობთ უკვე
უსიტყვოდ,
და,
მგონი,
უკვე ვეღარცა სიტყვით.
1976
●
გულის დაწყვეტა რა ბედენაა,
როს საშველი არ არის არსით!..
შენს თავში თუღა ჩაღრმავდები,
რომ იქ იობის მოთმინებით
საკუთარი სხივი ეძიო.
1976
●
ის ნებიერი ბედნიერება!..
არავინ უწყის -
რა გზით დადის,
რა ზრახვა აქვს, რა ადათ-წესი,
რომელ აკვანთან დაყოვნდება,
ვის სხეულში ჩაიძირება...
უწყალოა მისი კომპასი.
დადის,
გულებში ტკივილების ყვავილებს თესავს.
1976
●
კარგი დღე იყო!
მეგობრებთან გავისეირნე.
მერე - დავლიეთ...
როგორც ჯამბაზი
ბაგირზე მოარული,
ისე დაოსტატდა ჩემი სიხარული.
1977
●
ეს დღეც, უკვალო დღეც, წარსულს მიანებე,
ზიხარ ფანჯარასთან სევდამოწოლილი.
შენი სიმარტოვის უკან იმალება
ტანი ელვასავით, თვალი კოცონივით.
მერე ოცნებები ძილში შეგატოკებს,
როცა ღამე მოვა სიზმრით დანაღმული.
ო, რა მძიმე არის შენი სიმარტოვე,
ჩემი სევდიანი თვალით დანახული.
1977
●
მას სურს
ძვირფასი განიძარცვო სამოსელი,
დახიო და ფეხით გათელო,
თვალ-მარგალიტი დააპნიო,
დაათხიო მსუყე ჭამადი...
სასტიკი არის მიჯნური
შენი -
ჭეშმარიტება.
1977
●
შავად სუნთქავს მოთმინება...
სამართალი სუსტი არის
თოთო ბავშვის სუნთქვასავით...
მაინც გვჯერა, ღმერთო,
შენი! –
ჩვენს ნაწვალევ სულს და
სხეულს,
ზოგჯერ ფრთებიც ესიზმრება.
1977
●
განათებულხარ სიყვარულით!
–
წმინდა ნათელს ღვრის
ხორცგაძარცული წინაპარი...
ო, აგემღვრევა რამდენჯერ
ხორცი,
სანამ შენსა და მომავალს
შორის
ცამლმხრივ გამჭვირვალე
მინასავით
ჟამი ჩადგება.
1978
●
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
გულმხურვალე სიყვარული
სიძულვილად იქცევა.
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
განუყრელი მეგობარი
მძვინვარე მტრად იქცევა.
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
შუბლზე მიბჯენილი თითი
მბზინავ ლულად იქცევა.
1978
●
გულს მიწყლავს სევდა... და რომ გაგანდო,
თბილი და წრფელი მადლით ამავსებ.
არც დაიძინებ,
მე რომ სიზმრები გამილამაზდეს.
მაგრამ შენს სულში ატირებული
ჩემზე ნაღველი არ მომასვენებს...
და არ გაგანდობ;
რა გაეწყობა - დამრჩეს ასევე.
მაგრამ თუ ვცდები... და გულგრილობით
და უგულობით თუ გამაოცებ,
შენზე კი არა,
გული დამწყდება მთელ სამყაროზე.
და ვიგრძნობ
მეც იმ ამაოებას,
დასაბამითგან რითაც იწვოდნენ...
მაშ, არა ჩემს დარდს, -
ხელი ჩემს ლხენას გამოუწოდე.
1978
ქეიფი,
მოწყენილი ქალი
ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...
ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...
ოდნავ შეახო ტუჩები სასმისს
და ისევ დადგა...
ბოლომდე იჯდა.
1978
●
ეს ბალახები,
ეს ჩიტები,
ეს ვარსკვლავები,
გაკვირვებულნი
ალბათ რაღაცას გვანიშნებენ...
დაგვიჟანგდა შეგრძნების
ნიჭი,
უმოქმედოდ ვითარცა ხრმალი.
1978
●
როგორც ნაძვის ხე
საახალწლო ფერად ბურთებით, -
დახუნძლული ხარ
ულამაზესი მოგონებებით.
ზოგჯერ კი,
ზოგჯერ
უცნაური ნატვრაც გეწვევა,
როგორც ცოცხალი ჩიტის ჭიკჭიკი.
1978
●
ვერ მოვიხელთე,
ვერ ავხსენი -
რას ნიშნავს სევდა,
ხანდისხან გულში
აღდგომის ბატკნის ტკივილივით
წამიერად აყვავებული.
1978
უკანასკნელი სიტყვა ურმულს
განწირული ხარ,
როგორც ყვავილი,
შორი მინდვრიდან გადმორგული
რკინის ქოთანში.
იქ, -
ლურჯი მინდვრის სიმარტოვეში,
მიინავლა შენი ზეიმი.
აქ -
გელოდება ურჩხულის ხახა..
1978
იავნანა რა იქნა?
იავნანა რა იქნა?
აღარ ჰყვავის იგი აკვანთან.
იავნანა რა იქნა?
გაუტაცნიათ უცნობ ქვეყანაში.
იავნანა რა იქნა?
დარდით თვალები ამოღამებია.
1978
●
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
გულმხურვალე სიყვარული
სიძულვილად იქცევა.
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
განუყრელი მეგობარი
მძვინვარე მტრად იქცევა.
რა არ ხდება ქვეყანაზე!
–
შუბლზე მიბჯენილი თითი
მბზინავ ლულად იქცევა.
1978
●
არ ბერდება სულის მშვენება,
არ იძარცვება,
ზეციურია და წარუვალი...
და მაინც... მაინც...
თლილი ღაწვები ჭკნებიან
ოდეს,
სულის მშვენება
თავის იდუმალ სალოცავში
დამარცხებას თვისას დასტირის.
1979
ფრაგმენტი
თვალი მოვკარი:
ულამაზესი ჭაბუკის წინ
შეუხედავი იდგა ასული
და ჭაბუკს - ერთხელ მაკოცეო, -
ევედრებოდა.
მე ჩავიარე,
და არ ვიცი,
რა მოხდა შემდეგ.
1979
●
რამდენ დანაკარგს,
რამდენ ტკივილს და მწუხარებას
იტევ შენ,
გამოცდილებავ!
არც ერთ მემკვიდრეს არ
არგიხარ,
არც ერთ ანდერძში არა
ზიხარ,
დაჰყვები ყველას
საკუთარი თეთრი ძვლებივით.
1980
●
რაა ამქვეყნად საკვირველი?
მზისქვეშეთი
უთვალავი ფერით მოცულა...
დაილოცოს განგების ძალა!
მაგრამ მაინც, -
უძლურია როცა სიკეთე,
ვის სცდის უფალი?
1980
სხვა საწყაულით
ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ქვეყნის სიკეთის სჯეროდა
რადგან.
ნუ განიკითხავთ...
დამარცხდა იგი,
ფეხი ვერავინ აუწყო რადგან.
ნუ განიკითხავთ.
რაითა არა განიკითხნეთ
და
არცა მოგეწყოთ სხვა საწყაულით.
1980
დამთმე, სევდავ
ზოგჯერ სევდით მოვიწყვლები:
თუმც საამო იყო როდი -
მაინც მიყვარს ყრმობის წლები,
როს ოცნების მეპყრა ტოტი,
როს ოცნების მეპყრა ტოტი
და იმ ტოტზე ჩიტი სტვენდა!..
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.
გაჰქრა ის დრო...
არსობისა პურის ძებნამ შუბლი დახნა,
იმედები გაიცრიცა
და ოცნების ტოტი გახმა.
უმოწყალოდ დაითოფა,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.
აწ სხვას მივსდევ გზას და შარას,
აწ ცოცხალ ვარ სულ სხვა ძალით.
აწ ეჭვების ჟანგი ჰფარავს,
ჭეშმარიტი თუ რამ ვსცანი.
აწ ხსოვნაშიც ინისლება,
იმ ტოტზე რომ ჩიტი სტვენდა...
დამთმე, სევდავ,
ლამაზი დღე გამეპარა ზედიზედა.
1981
●
ვცოცხლობთ რისთვისაც,
რა არის იგი?
იგი არა ჩანს,
მაგრამ იგრძნობა,
ვითარცა ლექსში გამორჩენილი
ერთი სტრიქონი.
1981
ქება ბავშვის თვალებს
არ დაეჯერება მხცოვანს:
გამოცდილებით შემცდარია,
იმ წყეული გამოცდილებით.
ის ურევს გზა-კვალს.
ფარდასავით წინ ეფარება.
მზერას უხშობს თანდათანობით.
არ დაეჯერება მხცოვანს:
აღარა აქვს ბავშვის თვალები.
1981
ქება სიკეთეს
დებილს ჰგავხარ, სიკეთევ:
შენც ვერასოდეს ვერაფერს
სწავლობ!
მხოლოდ და მხოლოდ
თავისი თავის შეცნობა
იცი.
1981
ხუმრობა ხმაურზე
ეგ,
რომ ხმაურობს,
ხორცი არის
და არა სული.
სული კი, სული,
სული ისე უხმაუროა,
იმქვეყნიდან ჩქამიც არ
ისმის.
1981
ქება შავ სათვალეს
ჭეშმარიტება მზეა.
მზე კი ისეთი კაშკაშაა,
მხოლოდ და მხოლოდ
შავი სათვალით თუ დაინახავ.
1982
●
ბრწყინავს ალმასი, ბროლი...
ნამი ციმციმებს დილის...
მაგრამ -
გონჯდება ყოვლი,
ოდეს სიკეთე სტირის.
ვსასოობთ ნათელს ულევს...
გვრწამსცა ნათლისაც მცირის...
მაგრამ -
ურჩდება გული,
ოდეს სიკეთე სტირის.
გვჯერა, გვეგულვის, ვხედავთ...
გვმოსავს, გვიფარავს,
გვივლის...
მაგრამ -
რადა გვცდის ნეტავ,
ოდეს სიკეთე სტირის?
1982
ძველებური დარდიანი
ეს ცხოვრება სიზმარია,
გინდ გვეძინოს, გინდ არა.
გულში მუდამ სიმწარეა,
გინდ ვილხინოთ, გინდ არა.
ბედმა ზურგი შეგვაქცია,
დრომ ფუჭად ჩაიარა,
ხელში არაფერი დაგვრჩა,
სულში - დაგვრჩა იარა.
გაუსაძლისს რომ გავუძლოთ,
ღვინო ვსვათ, ჩაი - არა,
გვათრობს, მაგრამ დარდებს
ვერ ჰკლავს,
რის ღვინო, - ჩაია რა!
მაშ, დავლიოთ, - სულ ერთია,
გინდ დავლიოთ, გინდ არა.
წინ რომ გველის - სულეთია,
გინდ ვერიდოთ, გინდ არა.
1982
●
ეს სოფელი სამსალაა,
ფუჭი გაგორება ნარდის...
სული, სული დაიღალა
ზიდვით უბოლოო ნატვრის.
ზოგს წინ ბედი წაემძღვარა,
ზოგი დაისეტყვა ავდრით...
გული, გული გაიბზარა
მუდამ კამათელის ნატვრით.
ზოგმა ყოვლი მოათავა, -
შესვა სასუმელი ნაღვლის...
ჟამმა, ჟამმა მოატანა
ხილვის შეუწველი მაყვლის.
ვინ იხილავს? ვინ დაიხსნის
სოფელს? გზაარეულ ნახირს?..
სული, სული დაიღალა,
ძილი მეუფლება დაღლილს.
1982
●
აჰა, დაღამდა, ისევ დაღამდა.
ერთი ბნელი დღეც ისევ გავიდა.
ისევ დილა და
ისევ დაღლა და
ისევ ძილი და
ისევ თავიდან...
ისევ მოსაწყენ გზებზე ხეტება...
ისევ სიზმრებში გასეირნება...
ასე ღამდება, ასე თენდება,
წუთისოფელი ასე ილევა.
1983
●
შევეგუები შენს დაკარგვას.
შეგუება
ჩემი ძველი მეგობარია.
ჩემს ბილიკზე
ისევ იგი მოჩხრიკავს ეკლებს,
ჩემს სარკმელზე
ისევ იგი დააკაკუნებს.
1983
სიზმარი (დასაწყისი)
ერთხელ, როდესაც სამსალანასვამს
ბოლოს და ბოლოს ჩამეძინა,
სიზმრის უძირო ქაოსიდან
ამოიზარდა მახინჯი და ავხორცი ქალი,
შემდეგ მოირთო ულამაზესი სამკაულებით
და მშვენიერი ჭაბუკის გვერდით
საქორწინო სარეცელზე
განცხრომით დაწვა.
1983
●
კი!
წინ წავიდა პოეზია! -
ბედის სამზღვარის გარდასალახად
დღეს შეგვიძლია
მფრინავი თეფში გამოვიყენოთ.
1984
ქება კაცის გულს
ისე რთულია
კაცის გული,
არ გაემტყუნება ძაღლს
იმ სასაცილო ერთგულებისთვის.
1984
●
სულ ასე გვჯერა:
ბოლოს და ბოლოს
მოეკითხება ბოროტი ბოროტს.
ვცდებით,
თუ მწარედ დაგვცინის ბედი?
-
ყოვლი სიავე ატყდება კეთილს.
არის კი სხვარიგ შესაძლებელი?
ამაოდ წვალობს ამის მჩხრეკელი.
1984
აუნაზღაურებელი
დანაკლისი
დირექტორები,
მღარავები,
კონსტრუქტორები,
იურისტები,
მკერავები...
სხვანი და სხვანი...
ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ გარდაიცვალა
დ რ ო
დილის 9 საათიდან
საღამოს 18 საათამდე.
1984
ანალიზი
აჰა, ინებეთ, -
ჭეშმარიტების შედგენილობა
ასეთი გახლავთ:
ათი პროცენტი - სიტკბო,
ოთხმოცდაათი - სიმწარე.
ესეც ასე.
ხელის მოწერა...
მრგვალი ბეჭედი...
მაგრამ გაფრთხილებთ:
არაფერში გამოგადგებათ.
1984
ფიროსმანი
როცა მოძღვრავდნენ,
არიგებდნენ,
საყვედურობდნენ:
საქმეს სწეოდა,
ეხეირა,
ეთხოვა ცოლი...
მამაპაპური მოეხადა იმასაც ვალი, -
იგი, ალბათ, უმწეოდ დუმდა.
1984
●
წვრილმანთა ღობე-ყორეში
ვხეტიალობდით ნიადაგ.
მოყვრებად შევიყარენით,
მტრებად დავშორდით ბოლოს...
და ამარიდა თვალები
და უბრად წინ ჩამიარა...
კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?
ვაი, რა ბევრნი ვშორდებით
და რა ცოტანი ვერთდებით...
იმგვარად განვიკითხებით,
თვით განვიკითხავთ როგორც...
წვრილმანთა ღობე-ყორეში
რა უგზოდ დავეხეტებით...
...კბილით გავკვნიტე ფოთოლი.
ეჰ, რას ვერჩოდი ფოთოლს?
1984
●
დავალ, დავბზუი, როგორც ფუტკარი...
ჭეშმარიტების ფიჭა სად არი?..
ვაი, რამდენჯერ დავრჩი გულმკვდარი...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?
სამი-ოთხია - ყველა განძია,
ყველა ნაღდია, ყველა გამტანი.
ერთს - სხვა ფიქრი აქვს...
ერთს - სხვა აზრი აქვს...
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?
ნუთუ წყვდიადი ასე მწარეა,
ნუთუ არია ყველას გზა-კვალი!..
მერე როგორი კარგნი არიან!..
ვინ არს მტყუანი?
ვინ არს მართალი?
1984
ყვავილების მაღაზია
შავი სათვალიდან
მახინჯია ყვავილების მაღაზია.
მახინჯებია ლამაზი ლარნაკები.
მახინჯებია ლამაზი ყვავილები.
მახინჯებია ლამაზი გამყიდველები.
მახინჯებია ლამაზი მყიდველები.
ყვავილი –
მცენარის სასირცხო ადგილია.
1985
●
ადვილია შენი შეყვარება,
უფალო,
შენ – ძლიერი ხარ.
შეყვარებით
განწმენდა ხდება ყოვლის,
უფალო,
შენ – წმინდა ხარ უამისოდაც.
მუხლზე დაცემა ადვილია
შენს წინ, უფალო,
ვიდრე მწვირის მოწმენდა
მოყვასის სულზე:
ბინძურდება თეთრი ხელთათმანები.
თეთრი ხელთათმანები მიიღე
მსხვერპლად, უფალო,
თეთრი ბატკნების მაგიერ.
1985
●
აჰა, იზეიმე!
შენი დროა.
შენ ხარ ახლა თავად სიმართლე...
ეგ თლილი სახე ცოდვა არის
იმ ბებერი სინანულისთვის.
1985
●
ვაი, კრულო ბედისწერავ,
ნეტავ ერთი შენი კლანჭი
ავგაროზად გულს მეკიდოს.
ვაი, კრულო ბედისწერავ,
ჩვენთვის კარგი რა გიქნია?
სამოთხის გზა ჩაგიკეტავს,
ფართო კარი განგიხვნია
ჯოჯოხეთის ბაღნარების...
1986
ისევ ჭეშმარიტების შესახებ
სასჯელად ჩვენდა
დაფარულია ისევ თვალთაგან,
-
შემოსილია ხან ფლასით,
ხან პორფირ-ბისონით.
ისევ უსხლტება იგი სმენასაც,
-
ხან ღრიალებს გამძვინვებული,
ხან ჩურჩულებს ძლივსგასაგონად.
მე და შენ კი
გულმშვიდად ვზივართ
და თავს ვიწონებთ.
1986
ხუმრობა ჯონის
საყვარელ თემაზე
მეგობრული შეხუმრება
ასტროლოგ ჯონის
საქართველოში 400 ათასი შინაბერაა.
ცხადია, საქმე კარგად ვერაა.
რატომ არ თხოვდებიან, ვის ელიან?
(უმეტესობა მათ შორის თბილისელია).
ასე თუ გაგრძელდა,
გაუთხოვარი კიდევ ბევრი დარჩება.
ყველა ელოდება წარმოსადეგ,
სიმპატიურ მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!
ეჰ, ქალის ჭკუა!
ტვინის ნაცვლად თავში აქვთ თოვლის გუნდა!
განა ფიქრობენ, რომ ერს გამრავლება უნდა!
მალე თბილისი სომხებს დარჩება,
ესენი კი ელიან მამაკაცს,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება!
400 ათასი შინაბერა!
ვერ არის საქმე კარგად, ვერა!
ვინ შეამცირებს ამ ასტრონომიულ ციფრს?
ვის ელოდებიან, ვის?
ვინ არის წარმოსადეგი, სიმპატიური მამაკაცი,
ვარსკვლავებს რომ ეთამაშება?..
ვარსკვლავებსო?..
უი! უი! დამიდგეს თვალები!
მივხვდი, მგონი!
რა თქმა უნდა - ჯონი!
1986
●
აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით,
თუ ღმერთს სურდა, ჩემი წილი
დამყვებოდა ფრთები ალბათ.
აღარ ვუცქერ ჩიტებს შურით, -
ბევრსა ჰფრენენ, მაგრამ მაინც
ვერ სწყდებიან ცოდვილ მიწას.
იმათ ვუცქერ ახლა შურით,
ვინც შლეგია, ვინც ბრძენია,
ვინც უცქერის ჩიტებს შურით.
1986
უფლის საქმეა დანარჩენი
კაცისმკვლელებო!
სულერთია - სულით თუ ხორცით! -
უწყოდეთ:
ახლოვდება სამსჯავრო საშინელი!
ვერ შეინანებთ
ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით, -
საქმით შეინანეთ! საქმით შეინანეთ! -
გეძახით დაჟინებით.
დასთმეთ ჩინ-მედლები,
კაცისმკვლელობისთვის უხვად ბოძებული,
კაცისმკვლელობისთვის,
სულერთია - სულით თუ ხორცით!
დასთმეთ კაბინეტები,
გაკრიალებულები, მაგრამ თქვენით ბინძურები, -
საქმით შეინანეთ,
არა ოდენ მუხლზე ხოხვით და ლოცვით.
საქმით შეინანეთ:
სწმინდეთ ტუალეტები საზოგადოებრივი,
საწყალ ქოხმახებში გასცვალეთ
თქვენი „დვარეცები“...
იქნებ განიწმინდოთ,
იქნებ გაგეხსნათ თქვენც რამ ღვთაებრივი!
იქნებ მოგეტევოთ
საქმენი თქვენი გარეწრული.
საქმით შეინანეთ:
თქვენგან გათელილთა დაეცით ფერხთა წინ
და მათი ფერხთა მტვერი
ალოკეთ, ვითარცა წამალი გადამრჩენი...
იქნებ მოგეტევოთ -
საქმით შენანების იარეთ მწარე გზით!
თქვენ თქვენი ეცადეთ და -
უფლის საქმეა დანარჩენი.
1986
ხსნა
ჯერ ჭაობიდან ამოფორთხება,
მუხლზე დაცემა მერე გვმართებს.
ჯერ ლაფის ჩამორეცხვა,
ლოცვა-ვედრება მერე გვმართებს.
ჯერ ჰარმონიის დაუფლება,
გალობა მერე გვმართებს.
ხსნა მერე მოვა.
1987
ჯვარი,
გაკრული ბედნიერებაზე
ო, რა ბედნიერ,
სალუქ მკერდზე გაკრულა
ჯვარი!
ჩვენთან არს ღმერთი.
1990
ქება ჩიტს
თუკი რწმენა ღვივის უფლის,
რამ შეაკრთოს? -
მამაცია ჩიტის გულიც.
თუ სასურველ შორეთს ელტვის,
რამ დაღალოს? -
ძლიერია ჩიტის ფრთებიც.
ერთურთს თუ შევიყვარებდით,
ჩიტის საკენკს,
ჩიტის ბუდეს ვიკმარებდით.
ვმადლობ უფალს, - დიდის
ლხენის
მიზეზია ზოგჯერ სმენა
ჩიტის სტვენის...
...
ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო,
ხორცო,
ერთო ფიორაო...
1991
სინანული
ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას
ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.
ისიც არ გვწყალობს -
ღვთივ-სასურველი სინანული...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.
უმწეო არის ისიც - კურცხალი,
ვერც ცას სწვდება,
ვერც მალამოდ ედება ფესვებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.
ისევ ვსვამთ...
ისევ მისდევენ დღეები დღეებს...
ზურაბ, ვერ გავათბეთ შენი საფლავი.
1991
●
არა, ხსნის გზა არ არის სხვა,
არც აგვცდება ზეცის რისხვა,
თუ ისევ არ დავაქციეთ
სინანულის ცრემლების ზღვა.
თუ ყურთ არ შევუშვით ძის ხმა,
თუ არ დავთმეთ შურის მიზღვა,
და თუ ისევ გადაგვძალა
სიყვარულის ნაცვლად ზიზღმა.
1992
ქება უიმედობას
უიმედობის ყვავილებო,
ფიქრში ღივდება თქვენი თესლი,
დიდხანსაც ჰყვავით დაუჭკნობლად.
მე ვთვრები თქვენი სურნელებით,
როცა უღმერთოდ ვიხლართები
სადმე, იმედთა ეკალ-ბარდში.
1992
ხილვები ყავის ჭიქაში
ვხედავ:
რაღაც მაღალია.
შესმა გიწევს ტკბილი მწარის.
ვხედავ:
რაღაც მსუბუქია.
ზიდვა გიწევს მძიმე ჯვარის.
ვხედავ:
რაღაც წერტილია,
შენსკენ ნელა მოიჩქარის.
1993
საქართველოვ
(საქართველოს ჩემეული
ჰიმნი)
საქართველოვ, კერა შენი
ჩაუმქრალი კანდელია,
ხიბლით ბრწყინავ იდუმალით დღესაც;
სვე შენი და ბედი შენი
მძიმეა და ნათელია, -
საქართველოვ, ბედს მიჰყევი შენსას!
ქედუხრელი მოდგმა შენი
უკვდავ განძთა მფლობელია,
ერსა შენსა მაცხოვარი მწყემსავს;
მზე შენი და ზეცა შენი
ოქროს შუქთა მთოველია, -
საქართველოვ, მზეს მიჰყევი შენსას!
კურთხეულ არს მიწა შენი,
კურთხეულ არს ენა შენი,
ცა სწყალობდეს ყანის შენის მთესვარს;
ღმერთსა შენსა მიენდე და
უგალობე წმინდა რწმენით, -
საქართველოვ, ღმერთს მიჰყევი შენსას!
1996
Комментариев нет:
Отправить комментарий