суббота, 23 апреля 2011 г.

სარკეშიც ჩავიხედოთ...

 

      სრულიად ბუნებრივია, რომ ხშირად იხსენებენ ჩვენს უახლოეს წარსულს - ეროვნული მოძრაობის ტრაგიკულ პერიპეტიებს. სამწუხაროდ, შეფასებები მეტწილად ცალმხრივი და ტენდენციურია.
      ამასთან დაკავშირებით მინდა მცირეოდენი ზოგადი შენიშვნები გავაკეთო.
      80-იანი წლების დასასრულის და 90-იანის დასაწყისის ეროვნული მოძრაობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ყველაფერი   მ ხ ო ლ ო დ   რუსეთს არ უნდა დავაბრალოთ. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ, ეს რომ ვიცოდით (და ვიცით), მით უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოგვეჩინა. ერთი არაკისა არ იყოს - ”ჩვენს თავზე რომ დავიხედოთ, მე ვგონებ, ის აჯობებსო”, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება უფრო ადვილია, ვიდრე გარეშე უზარმაზარი და ურცხვი სახელმწიფოს ინტრიგებისაგან თავის დაღწევა.
      არადა, მტრების გასახარად, ეროვნულ მოძრაობაში თავიდანვე (1988 წლის დასაწყისიდან) სრულიად არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება დამყარდა. 1987 წლის ბოლოს შექმნილი პირველი არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - რომელშიდაც თავიდანვე ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდა, რამდენიმე თვეშივე დაიშალა. პირველი განხეთქილება 1988 წლის მარტის დასაწყისში მოხდა, ირაკლი წერეთლის ბინაში გამართულ კრებაზე. გავიხსენებ მხოლოდ ერთ ძალიან ნიშანდობლივსა და საყურადღებო შეფასებას. კრებას ესწრებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი ქართველი ადამიანი, მწერალი და მრავალმხრივი ნიჭის მქონე პიროვნება (სხვათა შორის, ცნობილი წამლის ”კოლხური მალამოს” შემქმნელი), ზვიადისა და მერაბის მეგობარი, აწ განსვენებული ვიტალი დარსანია. კრების დასრულების შემდეგ მან მითხრა - ”ეს ხალხი ორ-სამ წელიწადში ერთმანეთს ყუმბარებს დაუშენსო”. მე ვუპასუხე, - რას ამბობ, მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხყვეს ერთმანეთი, ყუმბარების სროლამდე საქმე როგორ მივა-მეთქი. მან ისევ გაიმეორა თავისი აზრი. ბ-ნი ვიტალი წინასწარმეტყველი არ ყოფილა, მას, უბრალოდ, სწორი პოლიტიკური ანალიზის უნარი ჰქონდა.
      საერთოდ, ვისაც იმდროინდელი მოვლენების სწორი შეფასება სურს, ყურადღებით უნდა გაეცნოს იმდროინდელ არაფორმალურ პრესას (მოგვიანებით ოფიციალურსაც), აგრეთვე შემორჩენილ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს (1988 წლიდან მოყოლებული). მაშინ დარწმუნდება, რომ   ო რ ი ვ ე   დაპირისპირებულმა მხარემ  უამრავი   ა რ ა ს წ ო რ ი  საქციელი ჩაიდინა. (რუსეთის აგენტობა აქ   თ ი თ ქ მ ი ს   არაფერ შუაშია, ყველანი გულმხურვალე, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად უმწიფარი პატრიოტები იყვნენ). იმასაც გაარკვევს, რომელი მხარე იყო დაპირისპირების მიზეზი და დამწყები.
      ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, რომ რაც მოხდა, იმის მიზეზი უპირველესად ჩვენივე თავში უნდა ვეძებოთ. რუსეთი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ მისი გასაკეთებელი შავბნელი საქმე, ასე ვთქვათ, მას ჩვენ თვითონ ხონჩით მივართვით. რუსეთმა  კი, რა თქმა უნდა, ჩვენივე  (ვგულისხმობ   ო რ ი ვ ე   მხარეს)  უგუნურებით მშვენივრად   ი ს ა რ გ ე ბ ლ ა.
      ასე რომ, ტენდენციურ აზროვნებას, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევეშვათ და ორივე მხარის ბრალეულობები ობიექტურად შევაფასოთ.
      მაგრამ რახან ეს ძნელი მისაღწევია, ალბათ აჯობებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობაზე   მ ო რ ა ტ ო რ ი უ მ ი   გამოვაცხადოთ მანამდე, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებანი არ დამკვიდრდება, რაც საზოგადოებაში ობიექტური ცნობიერების დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.
     ეს კი ეროვნული მთლიანობისა და თანხმობის საფუძველთა საფუძველია და სავსებით შეესაბამება ქრისტიანულ მოძღვრებას:
    ”1. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, 2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. 3.ანუ რასა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა  და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? 4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო  წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა! 5. ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.” 
     ამინ.



понедельник, 18 апреля 2011 г.

ხალხი

         
დღეს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გამოთქვამენ ნეგატიურ შეხედულებებს (რაც სრულიად გასაგებია, რადგან ხელისუფლების ხელშია ქვეყნის  მართვის ყველა ბერკეტი), არამედ ოპოზიციური პარტიებისა (ესეც გასაგებია) და, რაც მთავარია, ხალხის მიმართაც.
სანამ ძირითად თემაზე, ხალხზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე.
ხელისუფლების დახასიათებისათვის, ვფიქრობ, დიდი გარჯა არაა საჭირო. ხელისუფლების განუწყვეტელი ტრაბახის (მისი მორჩილი ტელევიზიების საშუალებით), საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული საეჭვო რეიტინგებისა თუ არჩევნებში გაჩალიჩებული მაღალი პროცენტების ერთადერთ და ყოვლისმომცველ პასუხად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქართული ხალხური გამონათქვამი: ”ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. ანუ ხალხის რეალური ცხოვრება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დახატულ წარმატებულ სურათს.
ოპოზიციის მიმართ გამოთქმული ზოგადი პრეტენზიებიც გასაგებია, რადგან ოპოზიციამ აქამდე ვერ მონახა ამ უვარგისი ხელისუფლების შეცვლის რეალური გზები. ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კონკრეტული ბრალდებები კი (შეცდომები, არასწორი საქციელი, პიროვნული თვისებები და ა.შ.), თუნდაც ეს ბრალდებები სწორი და სამართლიანი იყოს, მაინც არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ  ამის გარეშე ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად მოხერხდებოდა.
არც ისაა სწორი, რომ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა დღევანდელი ოპოზიციით იგივე შედეგს გამოიღებს, რაც დღესაა. ეს საშიშროება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური, დღეს რომ ოპოზიციაში ერთადერთი ოპოზიციური ძალა იყოს, თანაც ერთადერთი და განუმეორებელი ბელადით თუ ”ვარსკვლავბიჭუნით”. მაგრამ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სულ სხვანაირია. აქ არის დაახლოებით ათამდე თითქმის ერთნაირი ძალის ოპოზიციური პარტია, თითქმის ერთნაირი რეიტინგის მქონე ლიდერებით. ამიტომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში მოვა რეალურად მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ერთი პარტიის ხელში არ იქნება გადაწყვეტილებათა მიღების, ქვეყნის მართვის ბერკეტები და ბუნებრივად განხორციელდება პარტიების ურთიერთკონტროლი. ამასთან ცალკეული ლიდერების პიროვნულ თვისებებს აღარ ექნება ისე დიდი მნიშვნელობა, როგორც ეს ერთპიროვნული მმართველობის და ერთპარტიული პარლამენტის პირობებში აქვს.
ასე რომ, ოპოზიციის მიმართ ნეგატიური შეხედულებების გამოთქმისას მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობაა საჭირო, თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიციისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ დღევანდელი უვარგისი ხელისუფლების ინტერესებშია და მის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
ახლა რაც შეეხება ხალხს.
ხშირად იმეორებენ ცნობილ ფრაზას - ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავსო. იგულისხმება, რომ ხალხი ისეთივე ხელისუფლებას წარმოშობს, როგორი პოლიტიკური კულტურის დონეც თვითონ აქვს. აქედან გამოდის, რომ რახან ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ცუდია, ჩვენი ხალხიც ცუდი ყოფილა.
ხალხის ლანძღვისას ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ, მაგალითად, ამბობს, - ჩვენი სოფლის მეურნეობის ასეთი კატასტროფული მდგომარეობის მიზეზი სოფლის მოსახლეობის სიზარმაცე და უქნარობა არისო. არადა პარლამანტში წლევანდელი გამოსვლისას პრეზიდენტმაც კი აღიარა (თუმცა ძალიან არ უყვარს ხოლმე შეცდომის და დანაშაულის აღიარება), - ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე სოფლის მეურნეობას ყურადღებას არ ვაქცევდით და გვეგონა, რომ იგი თავისთავად, დაფინანსების გარეშე განვითარდებოდაო! (პრეზიდენტი რომ ამას იტყვის!)   
მაგრამ ისევ ხალხის პოლიტიკური კულტურის დონეს დავუბრუნდეთ.
გავიხსენოთ უახლოესი წარსული. პირველი პრეზიდენტი ხალხმა 90-ზე მეტი პროცენტით აირჩია, შემდეგ კი მათი უმრავლესობა გადაუდგა;  მეორე პრეზიდენტიც თითქმის იგივე პროცენტით აირჩიეს, შემდეგ კი უმრავლესობა მასაც გადაუდგა; მესამე პრეზიდენტიც კიდევ უფრო პროცენტით აირჩიეს, შემდეგ კი, ე.ი. დღეს, უმრავლესობა მასაც გადაუდგა, გამოდის, რომ ხალხი არჩევანში ამ ოცი წლის მანძილზე ყოველთვის შეცდა. აქედან ის დასკვნა გამოდის, რომ ხალხის პოლიტიკური ცნობიერების დონე ვერ არის სათანადო დონეზე და სულ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, და თითქოს ხალხი მართლაც იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავს.
მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე.
ქართველი ერი რომ ერთ-ერთი ნიჭიერი, გონიერი და კულტურული ერია მსოფლიოში, ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის არაა სადაო. ამიტომ მისგან ასეთი პოლიტიკური უკულტურობა, ცოტა არ იყოს, გასაკვირველია, და, ცხადია, ამას  რაღაც ახსნა უნდა მოეძებნოს.
ზოგიერთი ამის ახსნას ცდილობს იმით, რომ საქართველოს ბოლო ორასი წლის მანძილზე საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება არ ჰქონია. განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდმა იმოქმედა მძიმედ ხალხის პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით.
ეს უთუოდ ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენივე მსგავსი უახლოესი წარსულის ქვეყნებს, დავრწმუნდებით, ამ ფაქტორმა ზოგ ქვეყანაში იმოქმედა, ზოგში არა. კერძოდ, ზოგ ქვეყანაში ხალხის პოლიტიკური კულტურის დონე ლამის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებისას გაუთანაბრდა, ზოგან კი ლამის საბჭოთა დონეზე დარჩა.
შეიძლება ეს ზოგმა ეროვნული თავისებურებებით ახსნას, კერძოდ იმით, რომ ზოგი ქვეყანა კარგად ითვისებს, მაგალითად, დემოკრატიულ ღირებულებებს, ზოგი ცუდად. შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, მაგრამ არა მთავარი. მთავარი სხვაა.
ისევ ზემოთხსენებული გამონათქვამი გავიხსენოთ - ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავსო.
ვფიქრობ, ეს გულის მოსაფხანად ნათქვამი სიტყვები უფროა, ვიდრე რეალობის ამსახველი.
ისტორიამ იცის მრავალი შემთხვევა (ასეთი შემთხვევები ჩვენს დროსაც მომხდარა), როდესაც ხალხის მაღალი პოლიტიკური კულტურის დონე სწორედ ხელისუფლების მიზეზით დაცემულა, ზოგჯერ კატასტროფულადაც კი. ან პირიქით - ხელისუფლების დახმარებით ამაღლებულა.
მოვიყვანოთ ამის დამადასტურებელი მაგალითები.
გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორად გაიყო - ერთში, აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, მეორეში კი, დასავლეთ გერმანიაში - დემოკრატიული.  მიუხედავად იმისა, რომ ორივეში ერთი ერის, ერთი ეროვნული თვისებების მქონე ხალხი - გერმანელები - ცხოვრობდნენ,  დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები გერმანელები დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი გახდნენ, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ გერმანელებში დემოკრატიული ღირებულებები ლამის გაქრა. და ასე გრძელდებოდა, სანამ გერმანია არ გაერთიანდა და ხელისუფლებამ აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ გერმანელებშიც არ აღადგინა დემოკრატიული ღირებულებანი.   
 ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა დღესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში. ალბათ ყველას ახსოვს, თუ როგორ ტიროდა, ლამის ბღაოდა ჩრდილო-კორეელი ხალხი კომუნისტი დიქტატორის კიმ ირ სენის გარდაცვალების გამო, რომელმაც ლამის დაამონა და დააჩიავა ჩრდილო კორეელები. არადა, ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეიძლება სამხრეთ კორეაში, სადაც იგივე ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მაგრამ დემოკრატიული ხელისუფლების მმართველობის პირობებში.
სრულიად ცხადია, რომ როგორც ორად გაყოფილ გერმანიაში, ისევე ორად გაყოფილ კორეაში ხალხის პოლიტიკური ცნობიერების დონე ხელისუფლებამ განსაზღვრა - ერთი და იგივე ხალხის ერთ ნაწილში იგი აამაღლა, მეორეში დაამდაბლა.
ზემოთმოყვანილი ფრაზის მიხედვით კი ერთსა და იმავე ხალხს ორად გაყოფილი  ქვეყნის ორივე ნაწილში ერთნაირი ხელისუფლებანი უნდა ჰყოლოდა!
ვფიქრობ, თუნდაც ეს ორი მაგალითი გერმანიისა და კორეისა ცხადად ადასტურებს იმ აზრის სიმცდარეს, რომ ყველა ხალხი იმ ხელისუფლების ღირსია, რომელიც ჰყავს.
      სწორედ ზემოთხსენებული ორი ქვეყნის მაგალითის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დონის საკითხიც, და თუ ეს დონე არ გვაკმაყოფილებს, ამისათვის ხალხს ნუკი ვლანძღავთ, პასუხი ჩვენს ყოვლად უგუნურსა და დანაშაულებრივ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ.

четверг, 17 марта 2011 г.

"ავნებს ხორცსა, მერმე სულსა"


                                  

    ბოლოხანს ხშირად ლაპარაკობენ ეკლესიაზე.
    ვიცნობ რამდენიმე ადამიანს (ფეისბუქიდანაც), რომლებიც, საერთოდ, ეკლესიის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, და, ამავე დროს, ხელისუფლების ნეგატიური ქმედებების შესახებ გაგონებაც არ უნდათ.
    არიან ისეთნიც, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც.
    ცხადია, ეს კრიტიკა გულისხმობს იმას, თუ რა გავლენას ახდენს ერთიცა და მეორეც ჩვენს სულიერ თუ მატერიალურ მდგომარეობაზე, ჩვენს ყოფიერებაზე, ჩვენს ქვეყანაზე.
    ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის მ თ ა ვ ა რ ი პრობლემა დღეს ხელისუფლებაა და არა ეკლესია, თუნდაც მასში მართლაც ხდებოდეს გარკვეული ნეგატიური მოვლენები (ალბათ ხდება, როგორც ყველგან).
    საქმე ისაა, რომ რელიგიის საკითხში ადამიანი თავისუფალია: მას შეუძლია დაუჯეროს ეკლესიას, შეუძლია არ დაუჯეროს, შეუძლია მძაფრადაც აკრიტიკოს, შეუძლია სხვა რელიგიის მიმდევარი გახდეს, ან სულაც ათეისტი. (რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ, მართლმადიდებელი დარჩეს). ამის გამო მას არც არავინ დაიჭერს, არც ჯარიმას გამოუწერს, არც სამსახურიდან გაანთავისუფლებს (თუ იმ რელიგიურ დაწესებულებაში არ მსახურობს, რომლის წინააღმდეგიცაა, მაგრამ იქ, ალბათ, არც თავად გაჩერდება), და ა.შ.
    რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი ყოველი მოქმედება - ნეგატიურიც და პოზიტიურიც, - ყ ვ ე ლ ა ს ეხება, განურჩევლად ”ამისა, იმისა” (გაიხსენეთ ჩამონათვალი), მატერიალურადაც და სულიერადაც. მოგვწონს თუ არა, ჩვენ, ყველას გვეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებები, მისი რეალური ქმედებების შედეგები, მაგალითად, გაზრდილი ტარიფები, გაძვირებული ტრანსპორტი, ხელისუფლების მორჩილი სასამართლო (სადაც სამართალს ვერ იპოვით, თუ რამენაირად ეს ხელისუფლებას ეხება), გაყალბებული არჩევნები, დანგრეული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები და ა.შ.
    ჩვენს ეკლესიას (თუმცა პრობლემები მასაც აქვს) არ დაუნგრევია ეკონომიკა, არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ გაუზრდია ტარიფები, არავინ დაუპატიმრებია (მით უმეტეს უსამართლოდ), არ გვართმევს ყველაზე უმნიშვნელოვანეს უფლებებს - არჩევნებისას, სიცოცხლისას, სამართლის პოვნისას, და ა.შ. და ა.შ.
    ასე რომ, მ თ ა ვ ა რ ი პრობლემა დღეს ხელისუფლებაა და არა ეკლესია.
    და როდესაც დღეს მხოლოდ ეკლესიას აკრიტიკებენ და არა ხელისუფლებას (ან თუნდაც ორივეს ერთად), ამით, ნებსით თუ უნებლიედ, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვა ხდება.
    ასეთი გადაფარვა კი მხოლოდ ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანს (თუ უკვე არ მიგვიყვანა!), და, ადრე თუ გვიან, ”ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

                                                                                     18.03.2011




четверг, 10 марта 2011 г.

ვაუჩერჩეტი ხელისუფლება


      ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტარიფების ზრდის, ჯარიმების დაწესების, მგზავრობის გაძვირების და სხვა არადამიანური ღონისძიებების ფონზე ვაუჩერების დარიგება ხელისუფლების უკიდეგანო ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
      მათ ცინიზმს კარგა ხანია შეჩვეულნი ვართ, მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ, ვაუჩერები ღარიბ-ღატაკი მოსახლეობისათვის მცირეოდენად და მცირე დროით, მაგრამ მაინც რაღაც სულის მოთქმის საშუალებას იძლევა. უბედურება ისაა, რომ ეს მეტისმეტად უმნიშვნელო დახმარებაც ხელისუფლებამ სრულიად უაზროდ, უგუნურად, ბრიყვულად, მართლაც ჩერჩეტულად გააკეთა.
      გავიხსენოთ ხელისუფლების მიერ წინა წლებში გატარებული ზოგიერთი ღონისძიება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ.
      შევარდნაძის დროს და სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში მოქმედებდა შეღავათებები და დახმარებები საზოგადოების გარკვეული ფენებისათვის (პენსიონერები, ინვალიდები, მარტოხელები, ვეტერანები, რეპრესირებულები და სხვა). ამაზე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის გარკვეული სახსრები მიდიოდა.
      ”ვარდების” ხელისუფლება დაფიქრდა, როგორ შეემცირებინა ეს ხარჯები და ასეთი ”სიბრძნე” მოიფიქრა: აქაოდა, ეს შეღავათები და დახმარებები ისეთ ადამიანებზეც ვრცელდება, რომელთაც არ სჭირდებათო (მაგალითად მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების წევრ პენსიონერებს და სხვა ზემოთდასახელებული კატეგორიის ხალხს), ამიტომ საერთოდ გააუქმეს შეღავათები და დახმარებები და მოიგონეს ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს - ”სოცალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია”, რომლის მიხედვითაც დახმარება უნდა მიეცეთ ყველაზე ღატაკ, ანუ დაბალქულიან ოჯახებს. (თუ როგორ ”გამართულად” მოქმედებს ეს სისტემა, ყველასათვის ცნობილია - დახმარებას, უმეტესად, ნაციონალების მხარდამჭერებს აძლევენ, თუნდაც მაინც და მაინც არ სჭირდებოდეთ. მაგრამ ეს სხვა საკითხია).
      ხელისუფლების ამ ”ბრძნული” გადაწყვეტილების დემაგოგიურობა აშკარაა.
      შეღავათები და დახმარებები ვისაც მართლაც არ სჭირდებოდა, ისინი, ჯერ ერთი, არც იწუხებდნენ თავს მათ მისაღებად; მეორეც, ასეთი ხალხი, დიდი-დიდი 10-20% არის, და მათთვის რომ არ მიეცათ, ამისათვის დასაჯეს 80-90% - აღარც მათ მისცეს, მცირეოდენი გამონაკლისის - დაბალქულიანების გარდა (ისიც რამდენად სამართლიანად, ეს სხვა საკითხია. და სამართლიანადაც რომ ხდებოდეს, მაინც დიდი უგუნურებაა. მართლაც, დღეს თბილისში დახმარებას იღებენ ისინი, რომელთაც 70 000-ზე ნაკლები ქულა აქვთ, მაგრამ ვისაც, ვთქვათ, 70 001 აქვს, ის, რა, ღატაკი არ არის? დახმარება არ სჭირდება?).
      მაგრამ დავუშვათ, რომ სწორი და სამართლიანია ეს სისტემა დახმარებების მხოლოდ ღარიბ-ღატაკებისათვის მიცემის შესახებ (რითაც, ვიმეორებ, უამრავი მართლაც გაჭირვებული ადამიანი დარჩა დახმარებების გარეშე), მაშინ ასეთივე პრინციპი რატომ არ გამოიყენეს ვაუჩერების შემთხვევაშიც? რად უნდოდა ვაუჩერი, მაგალითად, გიგი წერეთელს, გიგი უგულავას და მისნაირებს?
      რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ასეთ ვაჟბატონებს ზარ-ზეიმით და ტელეკამერების თანხლებით გადაეცათ იგი რომელიმე გაჭირვებულისთვის (სავარაუდოდ, მათივე მხარდამჭერისთვის), და ამით ეჩვენებინათ, რა კეთილები და მზრუნველები არიან ხალხის მიმართ. ეს თითქოს ჭკვიანური პიარ-აქცია იყო, მაგრამ...
      მაგრამ სასაცილო ის არის, რომ სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს: ხალხს ამ სიუჟეტების ხილვაზე გული ერეოდათ, (დარწმუნებული ვარ, ნაცების მომხრეებსაც). ცხადია, ვაუჩერების ამ პრინციპით დარიგება ამ თვალსაზრისითაც უჭკუობა, სიბრიყვე, სიჩერჩეტე იყო.
      შეიძლება ვინმემ მკითხოს, - აბა რა პრინციპით უნდა დაერიგებინათო.
      ჩემის აზრით, ძალიან ადვილად შეიძლებოდა ამ საკითხის მარტივად, სამართლიანად, საქმისათვის სასარგებლოდ გადაწყვეტა: უნდა დაეფარათ მოსახლეობის დავალიანებები დენის, წყლისა და დასუფთავებისა (მეტ-ნაკლებად იგივე სახსრები ეყოფოდა). ამით, ჯერ ერთი, დახმარება გაეწეოდათ მართლაც გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც გადასახადების გადახდა რეალურად უჭირთ და ამიტომაც აქვთ დავალიანებები; მეორეც, ამის შემდეგ მართლაც გაადვილდებოდა ერთიანი ქვითრის შემოღება და მოსახლეობა ნორმალურად გააგრძელებდა გადასახადების გადახდას. (ვის სიამოვნებს დავალიანებების დაგროვება?).
მაგრამ ამას ხომ მოფიქრება სჭირდებოდა!
      ჩვენი ბედნიერი მთავრობა კი მხოლოდ საკუთარ ჯიბეებზე და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის გამიზნულ პიარ-აქციებზე ფიქრობს და არა ხალხზე.

                                                                           10.03.2011





вторник, 8 марта 2011 г.

არჩევნები თუ ჯანყი ჯორჯიაში

     უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ოპოზიციის მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა სრულებით არაა საკვირველი - საკუთარ დასაკლავ დანას ხომ არ გალესავენ! მაგრამ ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, რაც დღესაც გრძელდება.
     რა მაქვს მხედველობაში?
     გავიხსენოთ 2007 წლის ოქტომბრიდან დაწყებული მოვლენები. მაშინ ყველასაგან მოულოდნელად ძალზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებმა მაშინვე ლამის ხატზე დაიფიცეს, რომ აქციები მშვიდობიანი იქნებოდა და ერთ ფოთოლსაც არ ჩამოაგდებდნენ, ერთ მინასაც არ ჩაამსხვრევდნენ. ოპოზიციამ ამ წლებში ნამდვილად პირნათლად შეასრულა თავისი ეს მართლაც რომ უკეთილშობილესი დაპირება.
     მაგრამ რა დაუპირისპირა ხელისუფლებამ ოპოზიციის ამ კეთილ ნებას?
     სააკაშვილი, ალბათ, სიცილით კვდებოდა - ოპოზიცია ძალადობით არ ემუქრებოდა, სამაგიეროდ თავად დააბრალებდა ოპოზიციას რუსეთის აგენტობას, რუსული ფულების მიღებას, ვითომცდა საპროტესტო აქციების მიზეზით ეკონომიკის დანგრევას, და ა.შ., დააბრალებდა და ოპოზიციას თავის მართლების უსიამოვნო რეჟიმში ჩააყენებდა (ცნობილია, რომ ცილისწამებებს ადვილად იჯერებს ხალხი, ამ მეთოდით სახელის გატეხა ადვილი საქმეა). გამარჯვება გარანტირებული იყო, მით უფრო, რომ თავად ხელისუფლებას სრულიად ადვილად შეეძლო ყოველგვარი ძალადობა ოპოზიციის მიმართ, რა თქმა უნდა, კანონდარღვევებით,.
     ოპოზიციამ თავისი კეთილშობილური ტაქტიკით ვერ გაიმარჯვა, ხელისუფლებამ კი - თავისი უზნეო და ძალადობრივი ტაქტიკით - გაიმარჯვა. (ყველაფრის გახსენება საჭირო არაა).
     იგივე მეორდება დღესაც - ოღონდ ამჯერად საარჩევნო მოლაპარაკებების მაგიდაზე.
     მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიების უმრავლესობას ლამის ხატზე აქვთ დაფიცებული, რომ ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივ, რევოლუციურ გზას არავითარ შემთხვევაში არ მიმართავენ და მხოლოდ არჩევნების გზა არის მათთვის მისაღები. (რაც შეეხება რევოლუციური გზის მომხრე ოპოზიციურ პარტიებს, მათთვისაც, რა თქმა უნდა, არჩევნების გზაა უკეთესი, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში - გამორიცხული).
     კაი დაგემართოს, არჩევნები კაია, მაგრამ ის არაა კაი, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს და, მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიციის კეთილშობილური ფიცი-მტკიცით გულდამშვიდებული, დროს არხეინად წელავს.
     ვფიქრობ, საარჩევნო მოლაპარაკებებში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებისათვის უნდა მიემართათ შემდეგი წინადადებით:
     ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა არა რევოლუციური, არამედ სამართლიანი არჩევნების საშუალებით, ესე იგი ხალხის უმრავლესობის რეალური განწყობილების შესაბამისად. მაგრამ თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებაზე არ წავა, მაშინ ოპოზიციას დარჩება ერთადერთი გზა - რევოლუციური, ესე იგი ხალხის უმრავლესობის დღევანდელი რეალური განწყობილების გამომხატველი გზა. 
     ეს წინადადება ერთი შეხედვით ულტიმატუმის ფორმისაა, მაგრამ სინამდვილეში რეალურ ვითარებას ასახავს. (თუმცა, თუნდაც ულტიმატუმი იყოს, მაინც მისაღებია, რადგან სხვა ხმა, - უფრო კეთილშობილური და ცივილური, - ხელისუფლებას არ ესმის).
     რეალური ვითარება კი ისაა, რომ თუ ხელისუფლებამ ძველებურად განაგრძო არჩევნების გაყალბება და გასაყალბებელი ბერკეტების ფლობა, რევოლუციური პროცესები თვით ხალხიდან დაიწყება (როგორც არაბულ ქვეყნებში მოხდა), და ის ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებსაც ერთადერთ სწორ გზად არჩევნები მიაჩნიათ, თავისთავად გახდებიან ჩამბულნი რევოლუციურ პროცესებში.
     ყოველივე ამის გათვალისწინება ხელისუფლებას, ასე თუ ისე, შეაფიქრიანებდა...
     შეაფიქრიანებდა, რადგან რეალური არჩევნების შემთხვევაში მხოლოდ სახელისუფლებო სკამებს დაჰკარგავს, რევოლუციის შემთხვევაში კი - ყველაფერს.
     შეაფიქრიანებდა მსოფლიოს მხარდაჭერის შესაძლებლობაც, რაც კარგად გამოჩნდა არაბული ქვეყნების მაგალითზე: მსოფლიომ მხარი დაუჭირა აჯანყებულ ხალხს და არა მანამდე მხარდაჭერილ ხელისუფლებებს.
     შეაფიქრიანებდა და, იქნებ მომხდარიყო სასწაული - გონს მოსულიყო და მართლა წასულიყო საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებაზე!
     ერთი სიტყვით, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას: არჩევნები თუ ჯანყი ჯორჯიაში.

                                                           ანზორ აბჟანდაძე
                                                                 7.03.2011

воскресенье, 6 марта 2011 г.

მცირე განმარტებანი

                                                  მცირე განმარტებანი


   გაზეთში ”ყველა სიახლე” (2009წ. #12, 26 მარტი -1 აპრილი) გამოქვეყნებულია უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ბესიკ ალადაშვილის წერილი ”მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე - სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ”მართვადი ქაოსის” ორი მსხვერპლი”.
სამწუხაროდ, წერილში, - დარწმუნებული ვარ, უნებლიედ, - გაპარულია ერთი მნიშვნელოვანი უზუსტობა ჩემს ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითში მომხდარ ავტოავარიას.
   ავტორის სიტყვით, თითქოს მე მიმაჩნია, რომ ”მთელი ღამის უძინარ თამარ ჩხეიძეს ავტომობილი მაღალი სიჩქარით მიჰყავდა და იმ საბედისწერო ადგილთან, ალბათ, ჩაეძინა.”
   საქმე ისაა, რომ ავტომობილის სიჩქარესთან დაკავშირებით მე ასეთი აზრი ნამდვილად არ გამომითქვამს.
   ჩემს წერილში ”ბორითის ავარია და შტრიხები თამარ ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტისათვის”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში ”ლიტერატურული საქართველო” (1994 წლის ნოემბერ-დეკემბრის ნომრები) და რომელსაც ითვალისწინებს ავტორი, მე გამოვთქვამ თვალსაზრისს, რომ მანქანის წინ ძაღლის თუ ხბოს გადარბენა, ან საბურავის გამოგორება, ძნელი წარმოსადგენია, საბედისწერო საავარიო სიტუაციის შემქმნელი ყოფილიყო. ჩემის აზრით, საავარიო სიტუაცია ”შექმნა” წინა ღამით ქუთაისში განვითარებულმა მოვლენებმა.
   მოვიყვან ციტატას ჩემი წერილიდან:
   ”სუკ-ს, ვინ იცის, რამდენი საშინელი ავარია და ტერორისტული აქტი მოუწყვია, მისი გამოცდილება უზარმაზარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ხელი ნამდვილად არ ჩანს, იმდენად უმნიშვნელო იყო ალბათობა ავარიის ”წარმატებით” დამთავრების თვალსაზრისით.
   თუკი ავარია სუკ-მა მოაწყო, გამოდის, რომ სუკ-ის ვინმე წარმომადგენელი ჩასაფრებული იყო გზის პირას და მანქანის მოახლოების დროს მანქანის წინ გამოუშვა ძაღლი თუ ხბო, ან საბურავი გამოაგორა.
   მაგრამ აქ წამოიჭრება კითხვა: რა გარანტია იყო, რომ ძაღლი თუ ხბო მაინცდამაინც მანქანას გადაურბენდა წინ და გზის გასწვრივ არ გაიქცეოდა?
   საბურავისათვის, ცხადია, შეიძლებოდა პირდაპირ მიეცათ გეზი.
   მაგრამ დავუშვათ, რომ ძაღლი თუ ხბო გაწვრთნილი იყო და აუცილებლად შეასრულებდა სუკ-ის დავალებას - მანქანას წინ გადაურბენდა.
   კი ბატონო! მაგრამ მანქანის წინ ძაღლის თუ ხბოს გადარბენა, ან საბურავის გამოგორება რა ისეთი საბედისწერო საავარიო სიტუაციის შემქმნელია? განა სუკ-ს ავარიის მისაწყობად მეტი ”არსენალი” არ გააჩნდა? ანდა, განა მძღოლმა ასეთ ელემენტარულ საავარიო სიტუაციას თავი ვერ უნდა გაართვას?”
   ამ მსჯელობის შემდეგ (რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ლოგიკური და დამაჯერებელია), მე ვაკეთებ ასეთ დასკვნას:
   ”ამ სიტუაციაში ავარია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ მანქანა ძალზე დიდი, დაუშვებელი სიჩქარით მოდიოდა, ან მძღოლი იყო გამოთიშული.”
   ამ ორი შესაძლებლობიდან მე ჩემს წერილში სწორად მივიჩნიე მეორე - მძღოლის გათიშულობა. ასე რომ, ალადაშვილი არასწორად აღნიშნავს, თითქოს მე ვამბობდე, რომ მძღოლს მანქანა დიდი სიჩქარით მიჰყავდა. (ან საიდან უნდა მცოდნოდა ეს?).
შემეძლო ჩემი განმარტება აქვე დამემთავრებინა, მაგრამ რამდენადაც მძღოლის გათიშულობასთან დაკავშირებით ერთი ახალი დეტალი გახდა ჩემთვის ცნობილი, (რაც, ვფიქრობ, მკითხველისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული), ამიტომ ამ საკითხზე უფრო ვრცლად შევჩერდები.
   ჩემს ზემოთხსენებულ წერილში მე ვმსჯელობ იმის შესახებ, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა ყოფილიყო მძღოლი გათიშული.
   პირველ რიგში მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ მძღოლი გათიშულ იქნა შორიდან ”დასხივებით” (ასეთი ვარაუდი იმხანად გამოთქმული იყო გაზეთ ”მამულში”).
   მოვიყვან ციტატას ჩემი წერილიდან:
   ”სუკ-ს რომ შორიდან გამოთიშვის მეთოდი გამოეყენებინა, იგი ამას მოაწყობდა არა გზის სწორ მონაკვეთზე, არამედ სადმე მოსახვევში, ხრამის პირას (ასეთი ადგილი ამ გზაზე უამრავია), რათა მძღოლს მოსახვევი ვერ შეენიშნა და მანქანა პირდაპირ ხრამში გადაჩეხილიყო, რაც მანქანაში მსხდომი სამივე პირის დაღუპვის რეალურ შესაძლებლობას შექმნიდა, და არც ძაღლი, ხბო თუ საბურავი იქნებოდა საჭირო საავარიო სიტუაციის შესაქმნელად.”
   მქონდა მოყვანილი სხვა არგუმენტებიც, მაგრამ მათ ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.
   (სუკ-ის ავბედითი როლი უფრო სავარაუდოა ავარიის შემდგომ პერიოდში - მერაბ კოსტავასთვის საეჭვო ნემსის გაკეთებიდან ზურაბ ჭავჭავაძისათვის ვირუსული ჰეპატიტის საეჭვო შეყრამდე).
   თუ რას შეეძლო მძღოლის გათიშვა, ამის შესახებ ჩემს წერილში გამოთქმული მაქვს ასეთი ვარაუდი:
   ”ბუნებრივად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იგი შეეძლო გამოეთიშა ჩვეულებრივ, ადამიანურ, ”მამა-პაპურ” მყისიერ ჩათვლემას (ჩათვლემა ხომ სიფხიზლისა და ძილის საზღვარზეა).
   ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა მძღოლების პრაქტიკაში.”
შემდეგ აღვწერ იმ მოვლენებს, რომელიც ქუთაისში განვითარდა წინა ღამით და გამოიწვია თამარ ჩხეიძის უკიდურესი ნერვიულობა, მთელი ღამის უძილობა და, შესაბამისად, გადაღლილობა, რაც, ჩემის აზრით, იყო მისი ჩათვლემის წინაპირობა.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მოსაზრება დაზუსტებას საჭიროებს.
   საქმე ისაა, რომ წერილის გამოქვეყნებიდან დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ რადიოთი მოვისმინე გადაცემა მძღოლების, მოძრაობის წესებისა და საგზაო შემთხვევების შესახებ. გადაცემის ავტორმა თქვა, რომ სტატისტიკის თანახმად საავტომობილო ავარიების სამი პროცენტი მოდის ჰალუცინაციაზე. კერძოდ, ამ დროს მძღოლს მოულოდნელად ეჩვენება, რომ წინ რაღაცამ თუ ვიღაცამ გადაურბინა და იგი უხერხულად, უაზროდ ამუხრუჭებს, რაც ავტოავარიის მიზეზი ხდება. გადაცემის ავტორმა განმარტა, რომ ასეთ ჰალუცინაციას ადგილი აქვს მძღოლის გადაღლილობის, გამოუძინებლობის, გადატანილი ნერვიულობის შემთხვევაში.
    რადიოგადაცემის ავტორს თუ ვენდობით (პირადად მე სპეციალური ლიტერატურა არ გადამიმოწმებია. მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე გამომეხმაურება, ამ საქმის სპეციალისტი), გამოდის, რომ ბორითის ავარიის შემთხვევაშიც ასეთ მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე. გაზეთ ”ყველა სიახლის” ამავე ნომერში თამარ ჩხეიძე იხსენებს: ”ქუთაისიდან რომ ვბრუნდებოდით, ბორითთან, გზაზე შავმა რაღაცამ, ჩემი დაკვირვებით - საბურავმა, დიდი სისწრაფით გადაგვირბინა. ძაღლი მეგონა...” ეს ზუსტად ემთხვევა იმ ჰალუცინაციებს, რომელთა მიზეზითაც, ხსენებული რადიოგადაცემის ავტორის სიტყვით, ავტოავარიების სამი პროცენტი ხდება. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ რადიოგადაცემის ავტორის მიერ ჰალუცინაციის გამომწვევ მიზეზად დასახელებული წინაპირობები ზუსტად ემთხვევა იმ წინაპირობებს, რაც თამარ ჩხეიძის შემთხვევაში იყო - გადაღლილობა, გამოუძინებლობა, გადატანილი ნერვიულობა.
   ეს ახალი დეტალი, ვფიქრობ, კიდევ უფრო აზუსტებს და ნათელს ხდის ბორითის ავარიის მიზეზს.
   ბ-ნ ალადაშვილის წერილთან დაკავშირებით კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს. იგი წერს:
”12 ოქტომბერს ”ნივით” გაემგზავრნენ თამარ ჩხეიძე (საჭესთან), მერაბ კოსტავა (მძღოლის გვერდით), ზურაბ ჭავჭავაძე, გიზო თავაძე და ანზორ აბჟანდაძე.”
   არ ვიცი, ანიჭებს თუ არა წერილის ავტორი რაიმე მნიშვნელობას იმას, თუ ვინ იჯდა საჭესთან თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე, ან ვინ მიაწოდა მას ასეთი ინფორმაცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც აღვნიშნავ, რომ საჭესთან იჯდა არა თამარ ჩხეიძე, არამედ ზურაბ ჭავჭავაძე. მე არასოდეს დამავიწყდება მგზავრობის დაწყებისას ზურაბ ჭავჭავაძის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი: თამრიკოს რომ საჭეზე ვსვამ, თვითმკვლელობაზე მივდივარო; საჭესთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაჯენ, როდესაც ვერ ვხედავ, როგორ მიჰყავსო (ამ სიტყვებზე გაიცინა), ე.ი. ან როცა ნასვამი ვარ, ან როცა მძინავსო. (ეს აღნიშნული მაქვს კიდეც ჩემს ზემოთხსენებულ წერილში).
   ამასვე არაპირდაპირ მოწმობს ისიც, რომ გაზეთ ”ყველა სიახლის” იმავე ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში თამარ ჩხეიძე ამბობს: ”როცა სადმე ერთად მივდიოდით, ზურა ჯდებოდა საჭესთან, მაგრამ ვინაიდან ნასვამი იყო, ჩემი ”ნივის” საჭეს მე მივუჯექი.” (ლაპარაკია 13 ოქტომბერზე).
   ასეთი დაზუსტება, შეიძლება, აუცილებელი არც იყოს, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის, მაინც საჭიროდ მივიჩნიე.

                                                                                                                აპრილი, 2009


ოპოზიციის როლი ხელისუფლების გადაგვარებაში



  
       “ვარდების რევოლუციას” პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად შეხვდა, გაცილებით დიდი ნაწილი კი _ იმედითა და სასოებით. დღეს ფაქტია, რომ ამ უკანასკნელებს დიდი იმედგაცრუება ხვდათ წილად. “ვარდების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისათვის. ხოლო ისინი, რომლებიც თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი “ვარდების” ხელისუფლების მიმართ, დღეს ამაყად და ნიშნის მოგებით აცხადებენ: აი, ხომ გეუბნებოდითო!.. ქვეტექსტი ნათელია: მაშინ არ დაგვიჯერეთ, აწი მაინც დაგვიჯერეთო...
აქ საქმე რომ ეხებოდეს,  ერთის მხრივ, პოლიტიკურ ელიტას, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავ ადამიანებს, ყველაფერი გასაგები იქნებოდა. მაგრამ ორივე ზემოთხსენებულ პოზიციაზე მდგომთა შორის იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკაში საერთოდ გაუცნობიერებელნი, არამედ პოლიტიკაში ღრმად ჩახედულებიც კი!
მაშ, რაშია საქმე? ვინ რა შეცდომა დაუშვა პოლიტიკურ პროგნოზებში, ანალიზებში, თეორიულ და პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში?
ამის გასარკვევად, მოდით, ჯერ ელემენტარული ჭეშმარიტებები გავიხსენოთ.
პოლიტიკურ ცხოვრებას საერთოდ, ხოლო კერძოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას  შორის ურთიერთდამოკიდებულებას, გარკვეული კანონზომიერებები ახასიათებს, რომელთა საფუძველზე შეიძლება აიხსნას ბევრი ისეთი რამ, რაც ერთი შეხედვით გაუგებარი ჩანს.
    ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფაქტორებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
    ხელისუფლების ფაქტორი, საერთოდ, ცხადია, უდიდესია, რამდენადაც იგი ძალაუფლების ძირითად ბერკეტებს ფლობს.  მაგრამ სწორედ ამის გამო იგი ყოველთვის დგება ცდუნების წინაშე, ბოროტად გამოიყენოს ეს ბერკეტები, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესაძლებლობა კი ყოველთვის აქვს, თუკი არ არსებობს მისი შემზღუდველი, შემაჩერებელი ძალები. (ამ თვალსაზრისით კარგი კანონები საკმარისი არაა, რადგან ცუდ ხელისუფლებას მათი დარღვევაც შეუძლია). აქვე უნდა გავიხსენოთ საყოველთაოდ აღიარებული ცნობილი გამონათქვამი, რომ ძალაუფლება ხელისუფალს რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. (ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნებას უძლებს, იშვიათი გამონაკლისია, ამიტომ ქვემოთ არა ასეთ გამონაკლისებზე, არამედ “ჩვეულებრივ” ხელისუფლებაზე ვილაპარაკებთ).
ამის გათვალისწინებით, კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების კონკურენტი ძალის, ოპოზიციის ლეგალური დამკვიდრება, მისი როლის აღიარება ქვეყნის წინსვლის საქმეში, ოპოზიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების მინიჭება, მათ შორის იმის უფლებისა, რომ მან არჩევნების გზით (იგულისხმება სამართლიანი არჩევნები), მშვიდობიანად Ыშეძლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს უფლებები წარმოადგენს იმ ბერკეტებს ოპოზიციის ხელში, რომლითაც იგი აიძულებს ხელისუფლებას, სწორად მართოს ქვეყანა, ბოროტად არ გამოიყენოს ძალაუფლება, არ დაარღვიოს კანონები და ა.შ., წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამხილოს იგი და მოსახლეობა მისი შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს. (თავისთავად იგულისხმება, რომ ოპოზიციას თავისი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ალტერნატიული პროგრამა უნდა ჰქონდეს). ოპოზიცია მით უფრო კარგად ასრულებს თავის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რაც უფრო სამართლიანი, ძლიერი და კონკურენტუნარიანია იგი. სწორედ ასეთ ოპოზიციას უწევს ანგარიშს ხელისუფლება და არჩევნებში დამარცხების თავიდან ასაცილებლად ცდილობს, ოპოზიციას არ მისცეს კრიტიკის საბაბი.  ეს კი, ცხადია, ქვეყნისთვისაა სასარგებლო.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციონერებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და მისია.
რადგან ხელისუფლებაში მშვიდობიანი მოსვლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს, უფრო სწორად, არჩევნების უფლების მქონე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, აუცილებელია გავიაზროთ ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის დონე, მისი განწყობილება, მისი შეხედულებები და მისწრაფებები, და, აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება (ნდობის თვალსაზრისით) ხელისუფლებასთან და მის კონკურენტ ოპოზიციურ ძალებთან. თუ რამდენად არის მდგომარეობა ნორმალური ამ თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებული რეალობის გათვალისწინება, ცხადია, აუცილებელია, რათა ნაკლებად იქნას დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომები პოლიტიკური ელიტის მხრიდან.
ჩვენისთანა მცირე პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყნისათვის (დღევანდელი მდგომარეობით) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გავლენიანი დიდი სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი, კერძოდ მათ მორალურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას არსებული ხელისუფლებისადმი მისი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ან  ოპოზიციისადმი, მისი ხელისუფლებაში მოსვლაში დახმარების მიზნით. ცხადია, ეს ქვეყნის დალხინებული ყოფის მაჩვენებელი არ არის, მით უფრო, თუ ეს მხარდაჭერა ფინანსურადაც გამოიხატება, მაგრამ ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. (თუმცა ისიც უნდა ითქვას, გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური ელიტისაც და მოსახლეობისაც ეს  დასაშვებად მიაჩნია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას).
ახლა ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განვიხილოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება “ვარდების რევოლუციიდან” დღემდე, კერძოდ, როგორ მოხდა, რომ გამართლდა თავიდანვე გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება “ვარდების” ხელისუფლებისადმი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილისა (მათ შორის იმათიც კი, რომლებიც პოლიტიკაში ძალიან ცუდად ერკვეოდნენ, _ ასეთებიც ხომ იყვნენ “უარმყოფლებში”!), ხოლო არ გამართლდა  “ვარდებისადმი” დადებითად განწყობილთა პოზიცია, მათ შორის პოლიტიკაში ღრმად ჩახედული პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაზე.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამის ახსნა შესაძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების, ოპოზიციის, მოსახლეობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვმსჯელობდით.

“ვარდების რევოლუციას” წინ უძღოდა მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, რაც, სხვადასხვა მანიპულაციების წყალობით, კარგად გამოიყენა ეგრეთ წოდებულმა ქარიზმატულმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გარე ძალების მხარდაჭერით. შევარდნაძის მიმართ უარყოფითი მუხტი ისე ძლიერი იყო (ამის მიზეზებზე მსჯელობა ამ შემთხვევაში საჭირო არაა), მოსახლეობა უკვე ვეღარ ითმენდა მის ხელისუფლებას, მით უფრო, რომ მისი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა ისახებოდა.
ამიტომ შევარდნაძის დროზე ადრე მშვიდობიან გადადგომას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი (მით უფრო, რომ ხელისუფლების დროზე ადრე შეცვლის პრეცედენტი უკვე არსებობდა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, თანაც გაცილებით ტრაგიკული და სისხლიანი, და ამდენად ყოვლად მიუღებელი, ვიდრე მშვიდობიანი გადადგომა).
ძალიან საყურადღებოა, რომ “ვარდების რევოლუციას” მხარი დაუჭირა არა მხოლოდ ამ რევოლუციის საზღვარგარეთელმა ხელშემწყობებმა, არამედ თითქმის მთელმა მსოფლიომ.
ახლა ვნახოთ, როგორი იყო პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება “ვარდების” ხელისუფლებისადმი.
“მოქალაქეთა კავშირი” საერთოდ გაქრა პოლიტიკური სცენიდან.
რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს, მათგან ერთი _ ახალ პარლამენტში მოხვედრილი “მემარჯვენეები” არსებული ხელისუფლების ძალადობრივი, თუნდაც მშვიდობიანი შეცვლის კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე და ამის გამო მძაფრად აკრიტიკებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.
მეორე _ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ლეიბორისტული პარტია თავად მოითხოვდა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლას, ოღონდ თავის სასარგებლოდ და არა სააკაშვილისა და მის თანაგუნდელთა სასარგებლოდ, რომლებიც, ლეიბორისტების საკმაოდ სამართლიანი თქმით, იგივე მოქალაქეთა კავშირელები, შევარდნაძის გამოზრდილები იყვნენ.
დანარჩენი წვრილი პარტიები სურათს, ფაქტობრივად, არ ცვლიდა.
   ფაქტია, რომ სააკაშვილის ოპოზიცია გაცილებით სუსტი იყო სააკაშვილის მომხრე ძალებთან (მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, საერთაშორისო მხარდაჭერა) შედარებით. ძალთა ეს დისბალანსი ძალიან უმნიშვნელოდ შეცვალა ოპოზიციის მხარეზე სააკაშვილის მომხრეთა ერთი ნაწილის გადასვლამ.
ძალთა ამ დისბალანსის გამო, ვეღარ გრძნობდა რა სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენციას ოპოზიციის მხრიდან, გაჩნდა სრულიად კანონზომიერი საფრთხე, ხელისუფლება დამდგარიყო ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე (მით უფრო, რომ შევარდნაძის დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი საკმაო გამოცდილება ჰქონდათ; “ვარდების რევოლუციაც”, ფაქტობრივად, არაკონსტიტუციური აქტი იყო).
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ოპოზიციის გაძლიერება, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
მაგრამ მოხდა პირიქით: ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ზემოთხსენებული საფრთხე.
რამ გამოიწვია ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება?
საქმე ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხი. ოპოზიციამ სწორედ ეს ნდობა დაკარგა თანდათანობით (გარკვეულ დრომდე), ოპოზიციის ხშირად არასამართლიანი და არაობიექტური, ზოგჯერ კი სამართლიანი და ობიექტური, მაგრამ მოსახლეობისათვის გაუგებარი (ან ძნელად გასაგები) პოზიციის გამო.
დავუკვირდეთ, რა ხდებოდა “ვარდების” ხელისუფლების პირველ ხანებში და როგორ აღიქვამდა მას მოსახლეობა და ოპოზიცია.
სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას გრძნობდა თითქმის მთელი მოსახლეობისა და თითქმის მთელი მსოფლიოსაგან, მოკლე დროში  საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით): შეიცვალა აჭარის ხელისუფლება; გაძლიერდა ბიუჯეტის შევსება, რამაც მოაწესრიგა ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემისა და გაზრდის პრობლემა (შევარდნაძის დროს წლობით და თვეობით რომ გვიანდებოდა); მოწესრიგდა დენის პრობლემა, რომლის გამოც მოსახლეობა წლობით იყო გაწამებული; მკვეთრად გაუმჯობესდა ჯარის მდგომარეობა (შევარდნაძის დროს მცირეხელფასიანი ოფიცრობა, გამოუკვებავი, ჩაუცმელი, არადისციპლინირებული ჯარი); გაუქმდა საგზაო პოლიცია, რომელიც ასევე აწამებდა მოსახლეობას, და სხვა, და სხვა.
ამის პარალელურად ხდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევები ხელისუფლების მხრიდან: არადემოკრატიული ცვლილებები კონსტიტუციაში; კანონების არად ჩაგდება კრიმინალების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; მეტწილად არასწორი რეფორმები მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში და სხვა; განსხვავებული აზრის იგნორირება პარლამენტშიც კი და ა.შ., საერთოდ, არადემოკრატიული ტენდენციები...
ამ უარყოფით ტენდენციებს, რომლებზეც ძალიან მწვავედ და სრულიად სამართლიანად რეაგირებდა ოპოზიცია, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ  ყურადღებას არ აქცევდა (ან ნაკლებ ყურადღებას აქცევდა) მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სოციალური პრობლემების მოგვარება, საერთოდ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუციაზე და სხვა პოლიტიკურ “მაღალ მატერიებზე” ფიქრი.
რას ისმენდა ამ დროს მოსახლეობა ოპოზიციისაგან?
ისმენდა “ვარდების” ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებს, რომელიც, ვიმეორებ, ძალიან სამართლიანი იყო ხელისუფლების მიერ კანონდარღვევების საკითხში, მაგრამ იმდენადვე ძალიან უსამართლო _ ხელისუფლების მიღწევების საკითხში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკური “მაღალი მატერიების” შესახებ ფიქრისაგან შორს არის, ხოლო რამდენადაც ხელისუფლების მიღწევებით სოციალურ საკითხებში ძალიანაც კმაყოფილი იყო, ამიტომ იგი ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიურ კრიტიკას ასევე მკვეთრად უარყოფითად უყურებდა და ოპოზიციას აღიქვამდა, როგორც უსამართლოს, უმადურს, დაუნახავს, ინტრიგანს, მხოლოდ სკამებისათვის მებრძოლს და ა.შ.    
ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა ისიც, რომ, როდესაც რომელიმე ოპოზიციონერს ჩაეკითხებოდნენ, ნუთუ ვერაფერს ხედავ პოზიტიურს ხელისუფლების საქმიანობაშიო, იგი, როგორც წესი, პასუხობდა, _ როგორ არა, ვხედავ. მაგალითად, შადრევნები გააკეთეს, სახლები შეღებეს... ეს, ცხადია, იყო ხელისუფლების გარკვეული მიღწევების არაობიექტური, ცინიკური შეფასება. (საერთოდ, ქართული ოპოზიცია ტრადიციულად ასეთია _ უკიდურესობაში გადავარდნილი; ჩვენებური ოპოზიციისათვის დიდ სირცხვილად ითვლება ხელისუფლებაზე რაიმე დადებითის თქმა, თუნდაც ეს დადებითი ძალიან რეალური და აშკარა იყოს).
მოსახლეობა იმასაც ხედავდა, რომ “ვარდების” ხელისუფლებას თითქმის მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს (რასაც, თავის მიღწევებთან ერთად, ხელისუფლება ოსტატურად აპიარებდა).
ყოველივე ამის გათვალიწინებით, სრულიად არაა საკვირველი, რომ ოპოზიციამ სახელი გაიტეხა მოსახლეობაში და ნდობა დაკარგა, ამან კი მისი კიდევ უფრო მეტი დასუსტება გამოიწვია. (გავიხსენოთ, ოპოზიციის სიძლიერეს დიდწილად მოსახლეობის ნდობა განაპირობებს). 
ერთი სიტყვით, ოპოზიცია თავისივე არაობიექტურობამ დაასუსტა.
რამდენადაც სუსტი ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბერკეტების უკანონო გამოყენების შეჩერებას ვერ ახერხებს, სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების ნეგატიური ტენდენციებიც კიდევ უფრო გაძლიერდა. “ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ”, _ ამაყად და ქედმაღლურად აცხადებდნენ ისინი და ამას პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ.
ოპოზიციის დასუსტებით დაიმედებული თავგასული ხელისუფლება ახლა კონსტიტუციის ხელყოფას და სხვა პოლიტიკური “მაღალი მატერიების” სფეროს აღარ დასჯერდა და სოციალურ სფეროშიც უშიშრად და არხეინად დაიწყო მოსახლეობის შევიწროება: კერძო საკუთრების მასობრივი ხელყოფა; გარემოვაჭრეების დარბევა; ლტოლვილების ბარბაროსული გამოყრა წინა ხელისუფლების მიერ მათთვის გადაცემული შენობებიდან და მათი უსახლკაროდ დატოვება; სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაუქმება; მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებებზე მგზავრობის ღირებულების გაორმაგება; სამეცნიერო, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა დაწესებულებებისათვის მათი კუთვნილი შენობების წართმევა და სხვა და სხვა. ხელისუფლების თავგასულობამ პიკს 2007 წლის მეორე ნახევარში მიაღწია.
სრულიად ნათელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გადაგვარების პროგრესირებაში ოპოზიციის არაობიექტურობას (ანუ არაობიექტურობის მიზეზით დასუსტებას) მაპროვოცირებელი “ღვაწლი” მიუძღვის. 
მაგრამ ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, უკუპროცესი დაიწყო: მოსახლეობის უკმაყოფილების მკვეთრი ზრდის გამო  თითქმის ერთმანეთს დაემთხვა მოსახლეობისა და ოპოზიციის აზრი ხელისუფლების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში ოპოზიციისადმი ნდობის აღდგენა და კიდევ უფრო გაზრდა.
უკმაყოფილების აფეთქებაში 2007 წლის შემოდგომაზე ნაპერწკლის როლი სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურმა განცხადებებმა ითამაშა.
დაიწყო ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო მიტინგები.
ხალხის მხარდაჭერასა და სუსტ ოპოზიციას შეჩვეული ხელისუფლება ძალიან დააბნია განრისხებული ხალხისა და გაძლიერებული ოპოზიციის ხილვამ. ამ დაბნეულობის ლოგიკური გამოვლინება იყო 7 ნოემბერი, რომლის შემდეგ საერთაშორისო აღშფოთებამ ცივი წყალი გადაასხა მსოფლიო მხარდაჭერით განებივრებულ ხელისუფლებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, გაძლიერებულ ოპოზიციას ხელისუფლებამ უკვე ანგარიში გაუწია და ბევრ მნიშვნელოვან საკითხში დაიხია უკან, სააკაშვილის პირიდან კი სულ “თაფლმა და შაქარმა” დაიწყო დენა.
აქედანაც კარგად ჩანს, რომ ცუდი გზით მავალი ხელისუფლების შეჩერება მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას, ძლიერ შემაკავებელ ძალებს შეუძლია.
ამასვე ადასტურებს შემდგომი მოვლენებიც.
5 იანვარს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც არნახული დარღვევების შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილი. ხალხი აღშფოთდა, იყო უზარმაზარი საპროტესტო მიტინგები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არჩევნების შედეგებს გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით მხარი დაუჭირა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აშშ-მ (თუმცა იყო მძაფრი კრიტიკაც და ისეთი შენიშვნებიც კი, რომლის გათვალისწინება სრულიად საპირისპიროდ შეცვლიდა არჩევნების შედეგებს). ოპოზიციამ ვერც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება აიძულა ხელისუფლებას, ვერც ხმების გადათვლა, ვერც საარჩევნო კოდექსის შეცვლა... ერთადერთი რამ, რაც მოახერხა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა, თანაც არც ისე წარმატებით.
მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ოპოზიციამ არასწორად იბრძოლა, ამდენად მისადმი ნდობა ისევ შემცირდა (ამას ოპოზიციის დაქსაქსვამაც ძალიან შეუწყო ხელი), არსებულმა ხელისუფლებამ კი ისევ შეინარჩუნა საერთაშორისო მხარდაჭერა, თუმცა საკმაოდ შემცირებული და კრიტიკული.
თითქმის იგივე განმეორდა 21 მაისს საპარლემენტო არჩევნებზეც.
ხელისუფლებამ დაინახა, რომ კანონების დარღვევა კვლავ შერჩა, ხოლო ოპოზიცია ისევ დასუსტდა. მას იმედი გაუჩნდა, რომ ძველებურად არხეინად და უშიშრად შეეძლო ჩვეული დანაშაულებრივი მოღვაწეობის გაგრძელება.
ამის კანონზომიერი, ლოგიკური შედეგი იყო 7 აგვისტო...
დღეს ყველაფრიდან ჩანს, რომ ისევ მოსალოდნელია ოპოზიციისადმი მოსახლეობის ნდობის გაზრდა, მით უფრო, რომ ოპოზიციაში ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალები გადავიდა.
ღმერთმა ჰქნას, ამჯერად მაინც დამთავრდეს ყველაფერი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება...
   მაგრამ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან?
რამდენადაც ხელისუფლება მეტწილად მიდრეკილია ძალაუფლების ბერკეტების ბოროტად გამოყენებისაკენ;
   რამდენადაც ხელისუფლების ეს მიდრეკილება უნდა გაანეიტრალოს, ხოლო ამის ყოველი გამოვლინება უნდა აღკვეთოს ძლიერმა ოპოზიციამ;
რამდენადაც ოპოზიციის სიძლიერეს განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ მოსახლეობის მხარდაჭერაც;
რამდენადაც ოპოზიციისადმი მოსახლეობის მხარდაჭერას განაპირობებს არა მხოლოდ კარგი ალტერნატიული პროგრამა, არამედ სიმართლე, ობიექტურობა (განსაკუთრებით მისი კონკურენტი ხელისუფლების მიმართ!);  პატიოსნება და გამჭრიახობა პოლიტიკურ ბრძოლებში; აგრეთვე არსებული რეალობის (თუნდაც მოსახლეობის განწყობილების) სწორი გათვალისწინება;
   რამდენადაც ოპოზიციას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, თავისი უდიდესი მისია პოლიტიკურ ცხოვრებაში _
   ამდენად სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობამ ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა...
  
   მკითხველი უთუოდ შენიშნავს, რომ ამ წერილში მთავარი აქცენტები ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე კეთდებოდა (რის გამოც ბოდიშს ვუხდი ღრმათა-ღრმა ანალიზების მოყვარულებს).
   მაგრამ ქვეყნისათვის გაცილებით ჯობდა, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს გუშინ მივყოლოდით, ვიდრე დღეს “ხომ გეუბნებოდით” გვეთქვა.
“ხომ გეუბნებოდით” წამხდარ საქმეს ვეღარ შველის...

                                                       ანზორ აბჟანდაძე
                                                                 დეკემბერი, 2008